|
უჯარმის ციხე–ქალაქი
(III–XVII სს).
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ქალაქი (ქვედა ციხე): გალავანი, კოშკები.
შიდა ციხე: სასახლე, კუთხური კოშკი, ეკლესია `ჯვარ-პატიოსანი~, დიდი შენობა, დიდი წყალსაცავი, მცირე წყალსაცავი, ჩრდილო-დასავლეთის კოშკი, გალავანი, კოშკები.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
სპარსელებთან ერთ–ერთი ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის შედეგად უჯარმის ციხე–ქალაქში 502 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მეფე: „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“.
უჯარმის ციხე-ქალაქისათვის ადგილის ბრწყინვალე შერჩევა და მისი საერთო კომპოზიცია, ნაგებობათა დიადი, სადა, ხალისიანი ფორმები, არქიტექტურული ფორმებისა და დეტალების ნახატის დახვეწილი გემოვნება და მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკა საფუძველს იძლევა უჯარმა საქართველოს ციხე-სიმაგრეთა მშენებლობის საუკეთესო და უაღრესად თავისებურ ძეგლად.
3. adgilmdebareoba
უჯარმის ციხე–ქალაქი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 22 კმ–ის დაშორებით, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას, საავტომობილო გზის პირას.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
პირველი ცნობა უჯარმის შესახებ მოგვეპოვება მატიანეში მესამე საუკუნის პირველი მეოთხედის ამბებთან დაკავშირებით – „და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ. მან აღაშენა ციხე – ქალაქი უჯარმა“. საუბარია არა ცარიელ ადგილზე ახალი პუნქტის შექმნაზე, არამედ უჯარმის, როგორც ციხე–ქალაქის დაფუძნებაზე. ეს ფაქტი კი განისაზღვრებოდა ივრის ხეობის ბუნებრივი და ეკონომიური პირობებით და თვით ციხე–ქალაქის მდებარეობით ძველი საქათველოს სამხედრო–ადმინისტრაციული საერისთაოების – კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის ოლქის საზღვართა მიჯნაზე.
უჯარმა სტრატეგიულად მნიშნელოვან ადგილზე მდებარეობდა. იგი დაკავშირებულია მთიან ზოლთან – ჟალეთსა და მთიანეთთან, ერწოსა და არაგვის ხეობასთან. უჯარმა ერთადერთი გამოსასვლელია ბარში – ხაშმის, გიორგიწმინდის, საგარეჯოს მხარეს და ამასთანავე კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომელიც აკავშირებდა ქართლს ახლო აღმოსავლეთთან. ეს გზა მდინარე ალაზნის გაყოლებით გადიოდა ჰერეთზე და შემდეგ ალბანეთსა და სომხეთზე. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებდა ამ გზაზე უჯარმის დაწინაურებას და შემდგომში მის გადაქცევას კახეთის პოლიტიკურ ცენტრად.
IV საუკუნეში ჰერეთის შემოერთების საქმე კიდევ უფრო წინ წაწეულა. ამას მოწმობს ცნობა მეფე მირიანის მოღვაწეობის შესახებ, მან „მისცა ზესსა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი და დასუა იგი უჯარმას. და ცხონდებოდეს იგინი უჯარმას“.
დაწყებული მეოთხე საუკუნიდან, უჯარმის შესახებ ჩნდება დამატებით ცნობები, ქართლში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით, მატიანეების მიხედვით, ნინოს მოღვაწეობა მცხეთის შემდეგ ძირითადად ვითარდება შიდა და გარე კახეთში (უჯარმა, ბოდბე, კაწრეთი) – „უბრძანა ნეტარმან ნინო: „წარიხუენით ორნი ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთას, სადა გამხილა ღმერთმან ზალი მისი და ერთიც მიეც სალომეს, მხევ ალსა ქრისტესსა, და აღმართოს უჯარმას ქალაქსა“. „ოდეს დასნეულდა იგი და ვიტარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე ცოლმან მიკსმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას მოვიდეს ნინოსა“.
ქრისტიანობის გავრცელება ნიშნავდა სათანადო კულტურის და ენის გავრცელებას, ესე იგი ქართლის სამეფოს გაბატონებას ჰერეთზე. ნინოს მიცვალებასთან დაკავშირებით უჯარმა იხსენიება მცხეთის გვერდით, როგორც ქართლის სამეფოს მეორე მნიშვლოვანი ცენტრი და, სავარაუდოდ, კახეთის უდიდესი ქალაქი – „მაშინ შეიძრნეს ორნივე ესე ქალაქნი: მცხეთა და უჯარმა და ყოველი ქართლი“. ამგვარად მეოთხე საუკუნეში ქართლის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში იქმნება მსხვილი პოლიტიკური ერთეული, რომლის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი უჯარმა.
განსაკუთრებული ღვაწლი უჯარმის მშენებლოუძღვის ვახტაგ გორგასალს, რომლის მეფობა ქართლში მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ პერიოდში ხდება ჰერეთის საერისთავოს საბოლოო შემოერთება, კამბეჩოვანის უბანში გამაგრება და გორგასალის გავლენის გავრცელება წუკეთამდე (ნუხის რაიონი).
ვახტანგ გორგასალმა ჰერეთის ტერიტორაზე გაშალა ფართო მშენებლობა, მან შექმნა ეპარქიები და დასვა ეპისკოპოსები – „ერთი ნინოწმინდას, უჯარმის კარსა, რომელი ვახტანგ აღაშენა, ერთი ჭერემს, მისივე აღშნებულსა, და მუნ ქნა ქალაქი ერთი შორის ორსავე ეკლესიათა, რომელი გიგ აღაშენა მანვე“.
უცნაურია, ის რომ ვახტანგ გორგასალმა საეპისკოპოსო ცენტრი შექმნა ნინოწმინდაში, უჯარმის კარსა და არა თვით უჯარმაში, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების ერთ–ერთ კერას წარმოადგენდა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული წმინდა ნინოსა და მისი მემატიანე სალომე უჯარმელის მოღვაწეობასთან. არსებობს მოსაზრება, რომ ვახტანგ გორგასალს ახალი სარწმუნოების გავრცელების გარდა სხვა მიზნებიც ამოძრავებდა. იგი უჯარმას დიდ პოლიტიკურ ამოცანებს აკისრებდა, ამიტომაც საეკლესიო ცენტრიც უჯარმის მოშორებით, ივრის ხეობის კარზე დააარსა და ამით თავისი მიზნების განხორციელებისათვის ნინოწმინდაში კიდევ ერთი დასაყრდენი პუნქტი შექმნა.
კახეთსა და ჰერეთს ამ პერიოდში ენიჭებოდათ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. V საუკუნეში იწყება სასანელთა ირანის შემოსევა საქართველოში. სომხეთის დაცემის შემდეგ სპარსეთის ჯარი მიიწევდა აღმოსავლეთის მხრიდან რუსთავის მიმართულებით თბილისისაკენ. კახეთის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი ყოფილა – „რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ“. ამიტომაც აქცია კახეთი და ჰერეთი ვახტანგ გორგასალმა ირანთან ბრძოლის ძირითად საყრდენად. მეფის ოჯახის თავს კახეთს აფარებდა – „ხოლო დაჩი მეფე და დისწული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ხევსა ლოხათისასა“, ხოლო „გორგასალმა ცოლი და შვილნი უჯარმის ხევსა, და წინასა ციხესა ქუეშე დგა“. ამასთან დაკავშირებით მეფემ თავისი რეზიდენციაც გადმოიტანა მცხეთიდან უჯარმაში, და მართალია მცირე დროით, მაგრამ უჯარმა ქართლის სამეფოს დედაქალაქი გახდა.
უჯარმის დედაქალაქად გადქცევას მოჰყვა დიდი მშენებლობა, რომელიც აქ ვახტანგ გორგასალს წამოუწყია – „და თვით ვახტანგ დაჯდა უჯარმასა, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა“. გორგასალი ასე მიმართავს პეტრე კათალიკოსს – „დადექ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელარს პალატსა შინა უჯარმოსასა, რომელი აღმიშენების, და ვეჭუ, ვითარმედ ქალაქნი გარემოს უჯარმოსა აძლივნენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით“. ეტყობა უჯარმა იყო შემოზღუდული მტკიცე გალავნით, „პალატსა შინა“ (სასახლესთან) იდგა ეკლესია. იგი უკვე მრავალრიცხოვანი ქალაქია, სადაც ცხოვრობენ ხელოსნები და ვაჭრები, მაღალი წოდების წარმომადგენლები და თვით მეფეც. აქვე, უჯარმაში, „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“ – 502 წელს.
ვახტანგ გორგასლის მემკვიდრის დაჩი უჯარმელის დროს უჯარმა ერთხანს რჩება სამეფო რეზიდენცია, მაგრამ მალე დაჩის მამის ანდერძის თანახმად რეზიდენცია თბილისში გადააქვს. ვახტანგის სიკვდილის შემდეგ მეფობამ ქართლში მხოლოდ ოციოდე წელიწადს გასტანა. ირანელებმა დაიპყრეს ქვეყანა – „და ვითარცა მეფობაი დაესრულა, ქართლსა შინა სპარსნი გაძლიერდეს და ჰერეთი და სომხითი დაიპყრეს“. ამ ფაქტმა საერთაშორისო სანქციაც კი მიიღო 532 წლის რომისა და ირანის საზავო ხელშეკრულებაში.
VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლი კვლავ მომაგრდა, ქვეყნის მმართველობას სათავეში ერისმთავარი ჩაუდგა – „შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ დიდი ესე იყო პირველი ერისთავი“. ასევე მოიპოვება ცნობები კახეთის საერისთავოზე, რომელშიც შედიოდა კახეთი, კუხეთი და ჰერეთი რეზიდენციით უჯარმაში – „და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისანი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს. დაიპყრეს კახეთი და ჰერეთი იორთაგან, და დასხდეს უჯარმოს და იყუნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისსა“.
VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქართლში ძლიერდება ბიზანტიის იმპერიის გავლენა, უჯარმა კვლავ იხსენიება თბილისისა და მცხეთის გვერდით, როგორც ქართლის მსხვილი ცენტრი, – „ჰერაკლემ ტფილისს და მცხეთს და უჯარმას განავლინნა ქალაქნი რაითა ყოველნი ქრისტიანენი ქალაქთა შინა შემოკრბენ“.
VII საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ქართლში შემოვიდნენ არაბები. ისინი კმაყოფილდებოდნენ ხარკის აღებით და რაც შეეხება სახელმწიფოს შიგა საქმეებს საქართველო ინარჩუნებს გარკვეულ დამოუკიდებლობას. VIII საუკუნის მეორე ნახევარში მდგომარეობა იცვლება. ჯერ ოცდაათიან წლებში ქვეყანა ააოხრა არაბთა სარდალმა მურვანმა, ხოლო ორმოცდაათიან წლებში აბასიანთი დინასტიის აღზევების დროს არაბთა ბატონობა განსაკუთრებით მძიმე შეიქმნა და გამოიწვია დაქვემდებარებული ქვეყნების ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა შემდგომში გადაიზარდა საქართველოს გართიანებისათვის ბრძოლაში. ამ პერიოდში უჯარმის შესახებ მოგვეპოვება მხოლოდ ცალკეული ცნობები. ასე მაგალითად, მურვან ყრუს მოახლოებასთან დაკავშირებით არჩილ მეფე მალავს სახელმწიფო საგანძურს კახეთში, და ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელს უჯარმის მახლობლად – „ხოლო არჩილ დაჰფლა საგანძური უფროსი კევსა კახეთისასა, ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და ვერცხლისანი ხევსა უჯარმოსასა“.
X საუკუნის დამდეგს არაბებმა უკანასკნელად სცადეს საქართველოს დამორჩილება. 914 წელს დიდიდ ჯარით შემოიჭრა სარდალი აბულ–კასიმი. იგი მოადგა უჯარმას და 300 მეციხოვნის შეუპოვარი ბრძოლის მიუხედავად აიღო უჯარმა და დაანგრია მისი ზღუდენი – „მოვიდა აბუსა ჯის ძე და მოადგა უჯარმას, შიგა იდგა სამასი კაცი და ჰბრძოლეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგმოდეს, დაადგეს ღამე და გარდაიხუეწნეს: რომელნიმე წსვიდეს, და რომელთავე ეწივნეს და დახოცნეს, ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხეონთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხუეწნეს, რაჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური, ციხე ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედვე, უჯარმის ზღუდენი დაარღვივნეს“, ამასთანავე სარკინოზნი „მხილველნი ბოჭორმასანი, იტყოდნენ: რომელი იყო ბაკი, ფიცხლად შებმა გვიყვეს, ხოლო ციხე უკაცური არს“.
ამ ცნობიდან ჩანს, რომ X საუკუნესთვის უჯარმა უკვე ჰკარგავს თავის პირვანდელ მნიშვნელობას და მხოლოდ ციხე–სიმაგრეს წარმოადგენს. თუმცა უჯარმის აღებამ გამიწვია გაცილებით ძლიერი ციხის ბოჭორმის დაცემაც. აფხაზთა მეფის გიორგის შემოსევაშიც, ძირითადი წარმატება უზრუნველყო მის მხარეზე უჯარმის ციხის გადასვლამ. მხოლოდ მაშინ აუღია გიორგი მეფეს სხვა ციხეებიც.
VIII საუკუნიდან დაწყებული თანდათანობით მიმდინარეობს უჯარმის, როგორც პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრის დაცემა. იგი აიხსნება თვით იმ ფაქტორების მოსპობით, რომლებმაც თავის დროზე განსაზღვრეს უჯარმის აღმოცენება და განვითარება. ჰერეთის განდგომასთან ერთად მოისპო ზამთრის საძოვრები და მესაქონლეობის განვითარება. სოფლის მეურნეობის და განსაკუთრებით მევენახეობის განვითარება შეუძლებელი იყო დაუმთავრებელი შემოსევების ვითარებაში. უჯარმაზე გამავალმა სავაჭრო გზამ თანდათან დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა. თვით უჯარმის მდებარეობა გამუდმებული ბრძოლების ზონაში, როდესაც იგი ხელიდან ხელში გადადიოდა, გამორიცხავდა ამ პოლიტიკური ცენტრის არსებობას. მართლაც, კახეთის პოლიტიკური ცენტრის როლი ეკისრება ჯერ უჯარმის ჩრდილოეთით მდებარე ბოჭორმას, შემდეგ თიანეთს და ბოლოს კი თელავს.
1068 წელს, როდესაც ბაგრატ მეფემ საქართველოს გაერთიანების მიზნით გაილაშქრა კახეთზე, მოულოდნელად ჰერეთში შემოიჭრა სპარსეთი სულთანი ალფარსლანი თავისი მოკავშირეებით და დაარბია ქვეყანა. შემდეგ მან აიღო თბილისი, რუსთავი და გადასცა განძის ამირას ფადლონს. მომდევნო წელს ბაგრატმა სასტიკად დაამარცხა ფადლონი, რომელმაც თავი კახეთის მეფეს აღსართანს შეაფარა. ბაგრატს შეეშინდა, კახეთის მეფემ ფადლონი არ გაანთავისუფლოსო და მოლაპარაკების შემდეგ აღსართანს – „მისცა ბოჭორმა და უჯარმა კახთა“. სამაგიეროდ ფადლონი ტყვედ წამოიყვანა.
შემდეგი ცნობა უჯარმის შესახებ დაკავშირებულია გიორგი III (1156–1184) მოღვაწეობასთან. მან კვლავ აღადგინა ციხე უჯარმა და შიგ ძვირფასეულობის საგანძური მოაწყო – „არამედ განიმრავლა საჭურჭლეცა და დასდვა ციხესა უჯარმასა“.
მონღოლთა გაბატონების შემდეგ უჯარმა თანდათან ინგრევა.
გვიან შუა საუკუნეებში ციხეს ფლობენ ივრის ხეობის ძლიერი თავადები ჩოლოყაშვილები. შემდეგ კი კვლავ გაუდაბურებულა და, როგორც სინანულით აცხადებს ვახუშტი – „აწ არს დაბა, რამეთუ შემდგომად განყოლფისა სამეფოთა მოოხრდა“.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
|
ujarmis cixe-qalaqis rekonstruqcia i. ciciSvilis mier |
ვახუშტის აღწერით – „კვალად ამ ხევს (სამების ხევი) ზეით არს იორსა ზედა უჯარმა ორთა მთათა შორის კახეთისა და კუხეთისასა“. ციხე–ქალაქი აგებულია ივრის მარჯვენა ნაპირას, იქ სადაც მდინარე მთიანი ხეობიდან ველზე გამოდის. ციხე–ქალაქი შედგება ორი ნაწილისაგან: მდინარის გასწვრივ 75 მეტრის სიმაღლეზე აღმართულ სერზე მდებარეობს შიდა ციხე, ხოლო ქვედა–ციხე ანუ ქალაქი ეკვრის შედაციხეს დამრეც კლდოვან ფერდობზე და ჩრდილოეთისაკენ თანდათანობით ვაკდება მდინარის ნაპირამდე.
გამოვლენილია ძეგლის მშენებლობის სამი ძირითადი პერიოდი. ციხე–ქალაქი აგებულია მეხუთე საუკუნის ბოლოს ერთიანი გეგმით. მეორე პერიოდში (X-XIII სს) ძირითადად აღუდგენიათ მორღვეული და დაზიანებული ზღუდე–კოშკები, აუგიათ საცხოვრებელი თუ სამეურნეო შენობები. დასასრულს, გვიან ფეოდალურ ხანაში (XVI-XVIII სს) წარმოებდა შიდა ციხის ნაგებობათა და კოშკების მცირე შეკეთება.
I. ქალაქი (ქვედა ციხე) ეკვრის შიდაციხეს და ჩადის მდინარის ნაპირამდე. მიუხედავად ძალზე რთული, დამრეცი რელიეფისა, უცდიათ მისთვის წესიერი სწორკუთხედის ფორმა მიეცათ. მისი გრძივი კედლების სიგრძეა 105 და 96 მეტრი, ხოლო განივი კედლისა (მდინარის გასწვრივ) 99 მეტრი. ქალაქის ტერიტორია ერთ ჰექტარს შეადგენს. მდინარისკენ მიმართულ ორივე გლავანს აქვს ოთხ–ოთხი კოშკი, კიდევ ერთი კოშკი მოთავსებულია მდინარის გასწვრივ მდებარე გალავნის ცენტრში. ყველა კოშკი და გალავნის უბნები მათ შორის აგებულია ადგილობრივი ქვის წესიერი კვადრებით. ქვების გარეპირი მოსწორებულია და ნაპირები წათლილი, რაც მათ მკვეთრ სწორკუთხოვან ფორმას ანიჭებს. ქვები დაწყობილია ზუსტ ჰორიზონტალურ რიგებად კირის დუღაბის თხელ ფენაზე. ქვების სიმაღლე იცვლება 12–18 სანტიმეტრამდე, მათი სიგრძე იცვლება 22–26 სანტიმეტრის ფარგლებში. უფრო იშვიათად, ძირითადად კუთხეების გადაბმის ადგილას, გვხვდება 50–70 სიგრძის კვადრებიც. უჯარმაში გვაქვს ელინისტური სამშენებლო ტექნიკის ე.წ. იზოდომის თვალსაჩინო მაგალითი.
|
|
qveda cixis dRevandeli Sesasvleli |
qveda cixis koSki |
ა) გალავნისა და კოშკების კედლების სისქე 140–145 სანტიმეტრია. კოშკები ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილითაა დაშორებული: დასავლეთის მხრიდან მონაკვეთი კოშკებს შუა შეადგენს 12.45, 19.47, 20.75 და 26 მეტრს, აღმოსავლეთის მხრიდან – 5.80, 14.60, 32.35 და 36 მეტრს. ხოლო ჩრდილოეთით – მდინარის პირას – 32.30 და 38.75 მეტრს.
ძველი თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობის წესის თანახმად, მანძილი კოშკებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 60 მეტრს, და არ უნდა იყოს 30 მეტრზე ნაკლები, რათა კოშკებს შორის არ გაჩენილიყო „მკვდარი“ სივრცე. მცირე მანძილი უჯარმის გრძივი კედლების კოშკებს შორის აიხსნება მეტად დამრეცი ფერდობით და რელიეფთან შეგუების აუცილებლობით. სამაგიეროდ, ქვედა ნაწილში, სადაც რელიეფი ამის საშუალებას იძლევა, მანძილი კოშკებს შორის ნორმებს უახლოვდება.
ბ) ზემო პირველი კოშკი მდებარეობს კლდოვან ფერდობზე შიდაციხის კოშკიდან 12,45 მეტრის მანძილზე. კოშკი თითქმის კვადრატული ფორმისაა, შიგა ზომებია 5.05X4.41 მ, გარე ზომებია 7.95X7.26 მ. კოშკის ქვედა სართულში დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან გაჭრილია თაღოვანი კარი (სიგანით 1.26 მ). სავარაუდოდ ამ კოშკში ქალაქის შესავლელი ყოფილა. კარების წირთხლების ორსავე მხარეს დარჩენილია ბუდეები ურდულის გასაყრელად. ქვედა სართულში დატოვებულია მხოლოდ გასასვლელი, დანარჩენი სივრცე კი სამხრეთის მხრიდან უკავია კლდეს, რომელზეც აგრბულია კოშკის კედელი. პირველივე კოშკი გვიჩვენებს დანარჩებნი კოშკების დაგეგმარების გარკვეულ სისტემას. ყველა კოშკი სამსართულიანი ყოფილა. მათი გარე კედლები ყრუ ყოფილა, ხოლო ქალაქისაკენ მიმართულ კედლებზე მოთავსებული ფართო კარ-სარკმლები. როგორც ჩანს, კარები გამოდიოდა შვერილ იავნებზე. სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებული ყოფილა ოთხკუთხა ფორმის ხის მძლავრი კოჭები, რისთვისაც კედლებში დატანებულია სათანადო ბუდეები. ყველა კოშკისაგან განსხვავებით პირველი კოშკის მხოლოდ ჩრდილოეთის კედლეშია დატანებული ასეთი ბუდეები, სამხრეთისაზე კი კედელი გამოწეულია და შექმნილია თარო, რომელსაც ეყრდნობოდა კოჭები. კოშკების მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელია და განკუთვნილი იქნებოდა მეციხოვნე ჯარისათვის. კოშკებს ჰქონია კრამატით დახურული ბანური სახურავი, რასაც ადასტურებს კრამიტის ნატეხების დიდი რაოდენობა ყველა კოშკში. ბანის პერიმეტრზე აღმართული ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან დატოვებულია დერეფანი-გასასვლელი.
სავარაუდოა, რომ თავდაცვის ასეთი სისტემა ვრცელდებოდა მთელ გალავანზე. მისი სისქე (140-145 სანტიმეტრი) საშუალებას იძლეოდა მოეწყოთ როგორც 40 სანტიმეტრის სისქის ქონგურები, ასევე ერთი მეტრის სიგანის აუცილებელი დერეფანიც. კოშკების თაღ-სარკმელები თაღოვანი მოხაზულობისაა, ყველა თაღი მკვეთრი ნალისებრი ფორმისაა.
გ) ქალაქის ქვედა მხარეს, მდინარის გასწვრივ გაშლილი გალავნის ცენტრში იმყოფება მეხუთე კოში. ეს წყლის კოშკი სხვა კოშკებისაგან განსხვავდება. იგი წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ოთხკუთხედს ზომებით – 9,85 და 6,40 მ. კოშკი სამსართულიანია და ამასთანავე აქვს სარდაფის სართულიც. მიწის დონეზე მდებარე სართულში გაჭრილია განიერი (1,80მ) კარი, რომელიც მდინარეზე გადიოდა და ურდულით იკეტებოდა. სარდაფის სართული სამ ნაწილადაა გაყოფილი მძლავრი კედლებით. ამის შედეგად გვერდებზე შექმნილია ვიწრო სათავსები, რომელთაც განაპირა კოშკებთან დაკავშირების მიზნით დამოუკიდებელი შესასვლელები ჰქონია. აქ ყოფილა ჰორიზონტალურად გადახურვა. შუა ოთახში ყოფილა მდინარეზე გასასვლელი, რომელიც შემდგომში ამოქოლილია და ამოქოლილ კედელში გაჭრილია სათვალთვალო სარკმელი – სათოფური. კოშკის ზედა სართული განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისთვის. კოშკს შემონახული აქვს პირვანდელი ქონგურები. შიგნით კოშკი სავსე იყო უძველესი ფორმის ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის ნატეხებით, ეს კრამიტი მცხეთის (ბაგინეთის) ნიმუშების ტიპისაა.
გარედან კოშკის მთავარი კარის ორივე მხარეს თანაბარ მანძილზე მოთავსებულია ორი კონტრფორსი და მათ შორის შექმნილია ბაქანი, რომელსაც სავარაუდოდ გზა ადგებოდა. აღმოსავლეთის კონტრფორსის ხაზზე კედელი საფეხურისებრივ გასქელებულია, სამაგიეროდ შიგნიდან იგი შემცირებულია სისქეში და კედელი ჯამში პირვენდელი სისქისა გამოდის.
მიუხედევად კოშკების და გალავნის დაზიანებისა, ქალაქის დაცვის მთელი სისტემა ამჟღავნებს სამშენებლო ხელოვნების ბრწყინვალე დონესს. ციხე სიმაგრეთა საერთო კომპოზიცია, კედლების შესანიშნავი წყობა, ფართო და მაღალი საზეიმო ხასიათის ნალისებური ფორმის კარ-სარკმლები განსაცვიფრებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნაგებობათა მკვეთრი ფომები მონუმენტურია და ამასთანავე იმპოზანტური. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ციხე-ქალაქი დინჯად და აუჩქარებლადაა ნაშენი.
II. შიდაციხე. შიდა ციხე გაშენებულია მაღალი სერის შედარებით სწორ პლატოზე, რომლის სიგრძე 140 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე მერყეობს 17-31 მეტრის ფარგლებში.
ა) სასახლე. შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში აგებულია შედარებით დიდი ზომის შენობა, რომელიც კუთხური კოშკის როლს ასრულებს, ამასთანავე სრულიად განსხვავდება სხვა კოშკებისაგან. შენობაში, რომლის ზომებია – 10,6X11,8 მეტრი, ჩრდილოეთის მხარეს, პირველ და მეორე სართულებში მოთავსებულია ორ-ორი მცირე ზომის ოთახი (ზომით 4,75X3,40მ და 2,50X3,40 მ), ხოლო სამხრეთით დიდი ოთახი (ზომით 8,10X4,52 მ). პირველ სართულზე მცირე ოთახები ერთმანეთთან დაკავშირებულია კარის საშუალებით, დიდი ოთახიდანაც გადის კარი ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთახში. ამას გარდა, დასავლეთის ოთახსა და დიდ ოთახს აქვს გასასვლელი ეზოში. ორივე მცირე ოთახს ჰქონია თაღოვანი სარკმლები. დასავლეთის მხარეს მეორე სართული მთლიანად მორღვეულია. დიდ ოთახში დასავლეთის მხარეს და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში ჩამარხული ყოფილა მოზრდილი ქვევრები, კირის დუღაბის გარსში, ქვისა და კერამიკის ნატეხების დამატებით. საყურედღებოა, რომ ქვევრები ჩაშვებულია არა შენობის იატაკის დონიდან, არამედ 1,5 მეტრით უფრო მაღლა, რაც მათი გვიანდელი წარმოშობის მაჩველებელია. ამ ქვევრების დონეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა – დმანური კერამიკა და წითელი, XI-XIII საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კერამიკა მეორე სამშენებლო პერიოდის თანადროულია, ხოლო ქვედა ფენის ლეგა კერამიკა და კრამიტის უამრავი ნატეხები კი გორგასლის ეპოქისაა.
|
nangrevebi |
ეს შენობა აგებულია იმავე წესიერი წყობით, როგორც ციხის კოშკები. კედლები ეყრდნობა 20-25 სანტიმეტრით გამოწეულ ზეძირკველს, რომლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. ქვემოთ კი უფრო უხეში ფლეთილი ქვის წყობით ამოყვანილია 70 სმ სიმაღლის საძირკველი, რომელიც უშუალოდ კლდეზეა დაფუძნებული. მცირე ოთახების ქვეშ გამოვლინდა სარდაფი, რომელიც ორი მცირე ზომის ოთახისგან შედგება. ამათგან პირველი გადახურულია ჰორიზონტალურად ხის კოჭებით, მეორე კი კარგად გათლილი შირიმის ბლოკებით ამოყვანილი კამარით, რომლის ზემოთ მოწყობილია დუღაბის იატაკი. სარდაფში დასავლეთის მხრიდან, ეზოდან ჩადის რვა საფეხურიანი ქვის კიბე. კარი, რომელიც აკავშირებს სარდაფის ორ სათავსოს, გადახურულია არქიტრავულად შირიმის დიდი კვადრებით, კლიტის ქვით. სარდაფის გარე კედელში დაყოლებულია 12 სმ დიამეტრის სადრენაჟო მილები წყლის გასაყვანად.
მკვლევარების ვარაუდით უჯარმის ციხე-ქალაქში არც ერთი სხვა შენობა თავისი ადგილმდებარეობითა და გეგმარებით ისე არ უპასუხებს სასახლის დანიშნულებას, როგორც ეს შენობა. მართლაც, შენობა მდებარეობს შიდა ციხის განაპირას – მყუდრო ადგილას, მისი საკმაოდ დიადი არქიტექტურა, დიდი დარბაზი და დამხმარე ოთახები, ფართო, საზეიმო კარ-სარკმლები, ზემო სართულში საძინებელი ოთახები კიდული აივნებით და წარმტაცი ხედით ივრის ხეობასა და გარემო ლანდშაფტზე, სამეურნეო დანიშნულების სარდაფი იძლევა სარწმუნო მიზეზს ამ შენობის სასახლედ მიჩნევისათვის.
ბ) კუთხური კოშკი. სასახლის სამხრეთით, შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში ოთხი მეტრის მანძილზე დგას ამავე პერიოდის დიდი კოშკი. ეს კოშკი ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ მისი ერთი კედელი, რომელიც განსაზღვრავს კოშკის კონკრეტულ ზომებს – შიგნიდან 5,5 მ, გარედან – 8,4 მ. საფიქრებელია, რომ მონაკვეთი სასახლიდან ამ კოშკამდე გალავნით იყო შემოზღუდული, ეს გალავანი კი კოშკის ცენტრს ებჯინებოდა. კოშკის ქვედა სართულში გაჭრილია ორი, ლამაზად ნაწყობი თაღოვანი შესასვლელი. ერთი შესასვლელით კოშკში შედიოდნენ – მეორედან კი გალავნის გარეთ გადიოდნენ, სათვალთვალო კოშკამდე. ეს კოშკი წარმოადგენდა გასასვლელს აღმოსავლეთის მხარეს. კოშკში გავლის გარეშე შიდაციხის ამ მონაკვეთზე მოხვედრა შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, სავარაუდოდ მეორე პერიოდში, მონაკვეთი სასახლესა და კოშკს შორის ამოიქოლა კედლით, რომელიც ამოყვანილია ამავე კვადრებით (ძველი წყობიდან) მაგრამ გაცილებით უხეში წყობით. ამასთანავე ეს ახალი კედელი ირიბად მიემართება სასახლის კუთხიდან კოშკის გარე კუთხემდე და მთლიანად ფარავს გარეთ გასასვლელ კარს. ამგვარად კოშკის პირვანდელი ფუნქცია გაუქმებულია და აღმოსავლეთის მხრიდან შიდაციხეს შესასვლეოლი აღარ ჰქონია.
თვით კოშკი ორი ან სამსართულიანი ყოფილა. მისი ქვედა სართული მთლიანად პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. მოგვიანებით კოშკის ქვედა სართული შეავსეს ქვიტკირით, შესასვლელები გააუქმეს, და ამ მასიურ საფუძველზე აგებულია მაღალი ოთხკუთხა კოშკი წრიული ბურჯებით გარე კუთხეებში. ახალი კოშკის შიდა კედლებში საკმაოდ კარგად ჩანს სართულშუა გადახურვის მრგვალი ბუდეები და მათში ხის კოჭების ნაშთებიც. კოშკის წყობა საკმაოდ წესიერია, ფლეთილი ქვისა, მაგრამ აშკარად გამოირჩევა ძველი წყობისაგან.
|
|
koSki |
koSki |
გ) ეკლესია ჯვარ-პატიოსანი. ეკლესიამ გამოიწვია მკვლევართა აზრთა სხვადასხვაობა. აკად. შ. ამირანაშვილი თვლის, რომ ტაძრის პირველი სართული წარმოადგენს შენობის ძველ ნაწილს, იგი მიშენებულია ჩრდილოეთიდან ისეთივე ტიპის ოთხკუთხა ბურჯზე, როგორიც მოთავსებულია ქვედა ციხის გალავანში. ტაძრის აგებისას კოშკში შესასვლელი კარი დატოვებული იყო, ხოლო შუა საუკუნეებში, როდესაც ტაძარზე მეორე სართული ააგეს, იგი ნაწილობრივ დაიფარა. ეკლესიის ქვედა სართულის ძირითადი ნაწილის არქიტექტურის ფორმათა მიხედვით V საუკუნეს უნდა მივაკუთვნოდ, იგი წარმოადგენდა მცირე ეკლესიას და ბურჯთან ყოფილა დაკავშირებული. აკად. გ. ჩუბინაშვილი რამდენადმე სხვაგვარად ხსნის ამ ორ ნაგებობის ურთიერთობას. იგი მიიჩნევს, რომ ეკლესია უფრო ადრეული ნაგებობაა, ვიდრე თვით ციხის გალავანი.
თანამედროვე მონაცემებით გალავნის მშენებლობა წინ უსწრებს არსებული ეკლესიის მშეენებლობას. აქ ეკლესიის აგებამდე აშენებული იყო კოშკი, რომლის შემორჩენილი კედლის შიგა სიგრძე 5,0 მეტრია, კედლის სისქე კი – 1,4 – 1,48 მეტრი. ეკლესიის ქვედა სართული წარმოადგენს შენობის უძველეს ნაწილს, იგი მიშენებული იყო კოშკზე ისე, რომ კოშკის შესასვლელი თავისუფალი რჩებოდა. ეკლესია ცალნავიანია განიერი აფსიდით, რომელიც დამალულია კედლების სწორკუთხედში. ეკლესიას ჰქონია ჩრდილოეთიდან შესასვლელი. შ. ამირანაშვილის აზრით, ეს შესასვლელი ძველად კარიბჭშის მაგვარ შენობაში გადიოდა, რომელიც შემდეგ განადგურებულა, ხოლო სამხრეთით, კოშკის მხარეს დიდი კამარით იხსნებოდა. ეკლესიის ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარა, კონქის თაღი და სამხრეთის (კოშკისა და ეკლესიის გამყოფი) თაღი ნალისებური ფორმისაა. შიგნიდან კედლები შემოსილია მსხვილი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით და ემსგავსება ციხის კოშკების წყობას. ამგვარად არსებული ეკლესია თავისი ფორმებით უძველეს ნაგებობას წარმოადგენს და აგებულია გალავნის კოშკის შემდეგ, შესაძლებელია იმავე V საუკუნეში.
|
|
jvarpatiosnis eklesia |
jvarpatiosnis eklesia |
უჯარმის ეკლესიის გორგასლის ეპოქაზე ადრინდელ ხანას მიკუთვნება წერილობითი წყაროების მიხედვით ხდება. წმინდა ნინოს ცხოვრების თხრობაში პატიოსანი ჯვრიდან ორი ვარსკლავის ამოსვლა და უჯარმაში „ჯვრის აღმართვის“ შესახებ არის ლაპარაკი. გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, რომ ეკლესიაში აღმართული იყო ერთი, ნინოს დროს შექმნილი სამი ჯვრიდან. ეს ჭედური ჯვარი 1924 წლამდე იმყოფებოდა სოფელ ახმეტაში.
მატიანეს მიხედვით IV საუკუნეში მეფის ძის რევის ცოლმა სალომემ უჯარმაში აღმართა ჯვარი. პლ. იოსელიანის აზრით, სალომემ ჯვრის ნაცვლად ააგო ეკლესია, რომელიც ვახტანგ გორგასალმა განაახლა. არის ვარაუდი, რომ ეს ჯვარი აღმართული იყო სალომეს მიერ ახლანდელ ეკლესიის ადგილას IV საუკუნეში. შემდეგ V სუკუნეში ვახტანგ გორგასალის მიერ შიდა-ციხის მშენებლობის დროს ჯვრის მახლობლად გადაწყვიტეს კოშკის აშენება და ამით გაამდიდრეს ეს ადგილი. ხოლო VI საუკუნეში, შესაძლებელია მცხეთის ჯვრის მშენებლობის გავლენით, აქაც ააგეს ეკლესია ხის ჯვრის ადგილას, თვით ჯვარი კი აღმოჩნდა საკურთხევლის წინ. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გორგასალი პეტრე კათალიკოსის უჯარმაში გამგზავრებისას არ ახსენებს „ჯვარ-პატიოსანს“, არამედ რაჟდენ წმინდის ეკლესიას. რაჟდენი ვახტანგის ცოლის მამამძუძუ იყო, „მან მოკლა მრავალნი გოლიათნი და მხნედ იბრძოდა. ამას აიძულებენ უარყოფად ქრისტესი და იწამა მათ მიერ ქრისტესათვის“. ეს მოხდა უჯარმის მშენებლობის პერიოდში. სპარსელების მიერ ჯვარზე წამებული რაჟდენი წმინდანად აღიარეს. მისი გვამი ქართველებმა ნიქოზში დაასაფლავეს. რაჟდენის საფლავსა ზედა ვახტანგმა ტაძარი ააგო და ეპისკოპოსიც დასვა.
როგორც ჩანს, პირვანდელი ეკლესიის აშენება ჯვართან იყო დაკავშირებული. თუკი ეს ადგილი არ იყო ღირშესანიშნავი, რა აუცილებლობა მოითხოვდა, რომ იგი მაინც და მაინც კოშკის წინ აეგოთ და დაეფარათ მისი სარკმლები, როცა თავისუფალი ადგილი მოიპოვებოდა გალავნის გასწვრივ, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით. ცხადია, ამ ადგილას ეკლესიის აშენებას მიზეზი უნდა ჰქონოდა. სავარაუდოდ IX-X საუკუნეების მიჯნაზე ნაცვლად ახალი შენობის მშენებლობისა რომ ხდება ეკლესიის გაფართოება და დაშენება ესეც „ჯვარ-პატიოსანის“ და „წმინდა რაჟდენის“ ტრადიციით აიხსნება.
დ) ამ პერიოდში ძველ ეკლესიას დააშენეს საკმაოდ მაღალი ცალნავიანი ეკლესია სარკმლებით აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს და კანკელით (კანკელი შემორჩენილი კვალის მიხედვით დაბალი ყოფილა და ჰქონია პროფილირებული ცოკოლი). ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან ყოფილა, მაღალი თაღოვანი კარის სახით. სამხრეთის მხარეს – კოშკისაკენ ეკლესია კვლავ გახსნილი იყო ორი თაღით, რომლებიც მრგვალ სვეტს ეყრდნობოდა. ეკლესიის კედლები აგებულია ქვის მსხვილი ფილებით და ნაწილობრივ ძველი წყობის ბადრებით სქელ დუღაბზე. აღმოსავლეთის ფასადზე მეორე სართულის სარკმელს აქვს X-XIII საუკუნეებისათვის დამახასიათებელი პროფილირებული მოჩარჩოება.
გვიანფეოდალურ ხანაში ეკლესიას ჩრდილოეთის მხრიდან მიუშენეს სათავსო, რომელიც ამავე დროს კარიბჭის როლს ასრულებდა. იგი უაბსიდოა, დახურულია შეისრული კამარით და აქვს ერთი სარკმელი ჩრდილოეთის მხარეს, შესასვლელი მოწყობილია დასავლეთის მხარეს. მინაშენი აგებულია მდარე წყობით. კარის წირთხლები აგურითაა ამოყვანილი. შესასვლელის თაღი შეისრულია და აქვს გვიანფეოდალური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ჩაღრმავებული ჩარჩო, როგორც ეს დამახასიათებელია XVII-XVIII საუკუნეების ძეგლებისთვის. ამ სუბსტრუქციაზე დაშენებულია არსებული ეკლესიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილები ისე, რომ მან სამეკლესიანი ბაზილიკის ფორმა მიიღო. სამხრეთის მხარეს გამოიყენეს უკვე გადაკეთებული და ამოვსებული კოშკი და მის საფუძველზე შექმნილია მცირე ეკლესია ფრიად ორიგინალური ფორმის აბსიდით. ცენტრალურ ნავს ამ გვერდითი მიშენებული ნაწილისაგან ჰყოფს ფართო თაღი, აგებული მტკიცე ქვიშაქვის კვადრებით, რომელიც დაყრდნობილია პროფილირებულ იმპოსტებზე. კედლები აგებულია ფლეთილი ქვით, საკმაოდ მდარედ. ჩრდილოეთის მხრიდან ცენტრალურ ეკლესიაზე მიუშენებიათ კიდევ ერთი ეკლესია ან ერთი ნავი. მას ახლავს განსხვავებული ფორმის ოხკუთხა სარკმელი აღმოსავლეთით და კარი ჩრდილოეთის მხრიდან. ამ ადგილას შიდა-ციხეში მიწის დონე ეკლესიის მეორე სართულის დონეს უსწორდება და ამიტომ პირდაპირ მოეწყო ეკლესიაში თაღზე დაყრდნობილი ბოგირის სახის შესასვლელი.
დასავლეთის ფასადზე მკვეთრად ჩანს კოშკის ნაკერი და მისი ძველი წყობა. ახალი ეკლესია აგებულია უსწორმასწორო ქვების წყობით, რომელიც გარედან ბათქაშით ყოფილა შელესილი. ფასადის თითქმის ცენტრში ამოყვანილია ნახევარწრიული ბურჯი კედლის გასამაგრებლად. ეკლესია გადახურულია ორკალთიანი სახურავით, რომელსაც გააჩნია მარტივი პროფილის ქვიშაქვის კვადრებით ნაწყობი კარნიზი.
ეკლესიისთვის ერთიანი სახის მინიჭების მიზნით ქვედა და ზედა სართულების ყველა სათავსი კომპოზიციურად გაუერთიანებიათ. ამისათვის ქვედა სართულის აღმოსავლეთის ფასადს მიუშენეს 90 სმ სისქის შეისრული თაღი, რომელმაც დაფარა ძველი ეკლესიის ფასადი. თაღმა თითქმის ბოლომდე ამოქოლა კოშკის კარი, რომელიც ამ დროისთვის კარგავს თავის მნიშვნელობას. თაღის ზემოთ, სარკმლის ორთავე მხარეს მოწყობილია თითო სამკუთხა ფორმის ნიში თაღოვანი ზედნადებით.
ე) გვიანფეოდალურ ხანას უნდა მიეკუთვნოს ეკლესიის ირგვლივ აგებული ფლეთილი ქვის გალავანი, რომლის სიმაღლე ალაგ-ალაგ 2 მეტრია. აქ აღმოჩენილია 6 ქვევრი საზედაშე, თონე და საფლავები. დასავლეთის ეს ყველაზე მოზრდილი უბანი აღმოსავლეთის მხარეს შემდგომში გაუმაგრებიათ სქელი გალავნით შიდა-ციხის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებს შორის, ამ გალავანში შესასვლელი იყო მოწყობილი შუა უბნიდან და შემორჩენილია ქვის საფეხურები.
დიდი შენობა ამ გალავნის მახლობლად ჩრდილოეთის კედელზე მიდგმულია დიდი ოთხკუთხა ფორმის შენობა ზომებით 5,05X10,5 მეტრი. იგი მეტად ცუდადაა შემონახული და მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოდ, რომ საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც უშუალოდ ეკლესიის პირდაპირ მდებარეობს. პირველ სართულში აღმოჩნდა მიწაში ჩაფლული ქვევრები და მრავალი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ამ ნაგებობის სიძველის მაუწყებელია.
ვ) დიდი წყალსაცავი აღნიშნული შენობის ჩრდილოეთით მდებარეობს წყალსაცავი ზომით 16,10X6,60 მეტრი. მისი ჩრდილოეთის კედელი ამავე დროს წარმოადგენდა შიდაციხის გალავანს, ხოლო დასავლეთის კედელი – კოშკის კედელს. წყალსაცავი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობა სამ ნალისებურ მოხაზულობის გამბრჯენ თაღს. თაღები ამოყვანილია შირიმის თლილი კვადრებით და აქვთ მცირე პროფიოლირებული იმპოსტები. სავარაუდოდ პირვანდელი გრძელი შენობა შემდგომში გადაუკეთებიათ. მასში მოაწყვეს ორი აუზი – ერთი დიდი (3,72X6მ,90 მეტრი), მეორე შედარებით მომცრო (3,72X4,27 მეტრი), მათ შორის კი დატოვებულია 2 მეტრი სისქის კედელი-ზღუდარი. აუზის გვერდები 0,5 მეტრის სისქის აგურითაა ამოყვანილი და შიგნიდან შეოლესილი ვარდისფერი ჰიდრავლური ხსნარით, კირში კერამიკული დანამატებით. მცირე აუზის კედელში შეყვანილია კერამიკული წყალსადენი მილი. მისი მიმართულება კედელში ტეხილია, თითქოს ცდილობდნენ კედლის განგრევას ორივე მხრიდან მილის ჩასაწყობად. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლები ქმნიან ქალაქში გასასვლელ ღია დერეფანს, თავისებურ დრომოსს, რომელიც შემდგომში ამოუქოლავთ.
ზ) მცირე წყალსაცავი კიდევ ერთი წყალსაცავი მოწყობილია დიდი წყალსაცავის დასავლეთის მხრიდან მომიჯნავე კოშკის ქვედა სართულში. ეს კოშკი ამთავრებდა ციხე-ქალაქის დასავლეთის გალავნის ხაზს და აკავშირებდა მას შიდა-ციხესთან. კოშკი სავარაუდოდ ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფიოლიყო, მაგრამ შემორჩენილია მხოლოდ მისი პირველი სართული, რომელშიც შუა ფეოდალრ ხანაში მოეწყო წყალსაცავი. ამისათვის ძველი კოშკის შიგა კედლები შემოსიოლია აგურით, ასევე აგურისაა ნახევარწრიული კამარა. კედლებში დაცულია ძველი გადახურვის კოჭების ბუდეები. აუზის შიდა ზომებია 3,95X4,04 მეტრი, სიმაღლე – 4,65 მეტრი. კამარის თავზე დატანებულია კერამიკული მილი წყლის ჩასაშვებად.
თ) წყალსაცავის თავზე გვიანფეოდალურ ხანაში კვლავ აუგიათ ოთხკუთხა კოშკი (ზომით 4,12X5,18 მეტრი), რომლის კედლები ფლეთილი ქვისაა, ხოლო კარ-ფანჯრების წირთხლები აგურისა. უნდა აღინიშნოს, რომ პატარა წყლსაცავის შემცველი ძველი კოშკი და ეკლესიის უკან მდებარე კოშკი ერთ ხაზზეა განლაგებული და აგრძელებენ ქვედა ქალაქის დასავლეთის გალავნის ხაზს. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ოთხკუთხა მოხაზულობის ყოფილა და დარჩენილი კედლების ფრაგმენტები გორგასლის პერიოდის წყობითაა აგებული. როგორც ჩანს, კოშკი თითქმის მთლიანად დაუნგრევიათ და უკვე X-XI საუკუნეებში მის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში აუგიათ მომრგვალო გოდოლი, რომლის დიამეტრია 9 მეტრი, ხოლო სიმაღლე 17 მეტრი. გვიანფეოდალურ ხანაში (XVI-XVII სს) სამხრეთის მხრიდან კოშკი გაუმაგრებიათ კედლითა და ბურჯით. კოშკის სამხრეთით 11 მეტრის მანძილზე მეორე კოშკის ნანგრევია, სადაც შეიმჩნევა V საუკუნის ნაგებობისათვის დამახასიათებელი წყობით ამოყვანილი კუთხე. დანგრევის შემდეგ კოშკი გაუმაგრებიათ ნახევარწრიული ბურჯებით.
უჯარმის ციხე-ქალაქის შესწავლამ დაადასტურა წერილობითი წყაროების ცნობები და გამოავლინა ამ მნიშვნელოვანი ძეგლის ხანგრძლივი ცხოვრების სამი ძირითადი საფეხური. უძველესი პერიოდის ნაგებობები თვალნათლივ გამოირჩევა მომდევნი პეიოდის ნაგებობებისაგან. ისინი აგებულია თანაბარი სიმაღლის სწორკუთხოვანი მოყვანილობის, წყობაში გულდასმით გადაბმული კვადრებით, დუღაბის ძუნწი გამოყენებით. ყველა ნაგებობის კედლის სისქე თანაბარია (140-145 სანტიმეტრი), ფართო კარ-სარკმლები ნალისებურ თაღიანია. შენობები დახურულია დიდი ზომის ბრტყელი და ღარისბრი კრამიტით. ამ პერიოდის კულტურული ფენა წარმოდგენილია V-VI საუკუნეთა კერამიკით, მინით, სამკაულებით და აგრეთვე პეროზ მეფის (V საუკუნე) სასანური მონეტით. უჯარმის ციხე-ქალაქის დაგეგმარების სისტემა გარკვეულად ემსგვსება რომაულ კასტელებს. უძველეს ნაგებობებს მიეკუთვნება შიდაციხის და ქვედა ციხის გალავანი ოთხკუთხა კოშკებით, შიდაციხის სასახლე, წყალსაცავი და ეკლესია. უჯარმის ციხე-ქალაქის დაგეგმარების სისტემა და მისი სამშენებლო ტექნიკა, არქეოლოგიური მასალა და აგრეთვე წერილობითი წყაროები მიგვანიშნებენ ამ ნაგებობათა მშენებლობაზე ვახტანგ გორგასოლის ეპოქაში – V საუკუნის მეორე ნახევარში და ნაწილობრივ მომდევნო წლებში.
მეორე პერიოდში შიდა-ციხეში აღუდგენიათ და ბურჯებით გაუმაგრებიათ მორღვეული ზღუდე-კოშკები. შიდაციხის კედლებს შორის შექმნილია ახალი ზღუდეები უბნების გამაგრების მიზნით. აგებულია საცხოვრებელი და დამხმარე შენობები, განახლებულია წყალსაცავი, შექმნლია ახალი აუზები, არსებულ ეკლესიაზე დაშენებულია მეორე სართული. ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა გვიხატავს მეციხოვნე ჯარისა და მათი ოჯახების ხანგრძლივ ცხოვრებას. ჩნდება მარნები, კერები, თონეები, ქვევრები. მრავალფეროვანია თავისებული მოჭიქული ჭურჭელი, მინის ჭურჭელი, სამაჯურები, თამარისა და რუსუდანის მონეტები. კედლები აგებულია ზოგან მოზრდილი და ზოგან მცირე ზომის ბუნებრივი ფორმის ქვების წყობით კირის დუღაბის ჭარბი გამოყენებით. წყობაში არ ჩანს მკაცრი სისტემა და რიგების ჰორიზონტალურობაც არაა დაცული. ნაკლებად, მაგრამ ნახმარია აგური (ეკლესიის დასავლეთით შეკეთებული გალავანი, წყალსაცავის აუზები, ახალი ბურჯის შესასველის თაღისა სხვა), რომლის ზომებია 24X24X5 სანტიმეტრი და 24,5X24,5X4 სანტიმეტრი. ყველა კოშკი და ბურჯი უკვე მრგვალი კვეთისა და კონუსისებური მოყვანილობისაა – ზემოთკენ დავიწროებულია. მეორე პერიოდის მშენებლობა მოიცავს დროის მონაკვეთს VIII საუკუნიდან XII საუკუნის მერე ნახევრამდე.
მესამე პერიოდი ემთხვევა გვიანფეოდალურ ხანას. ამ დროს გრძელდება მორღვეული ზღუდე-კოშკების შეკეთება, შენდება ახალი ოთხკუთხა კოშკი წყალსაცავის თავზე, იჭრება კარი გალავანში სასახლის მოპირდაპირე კედელში, ეწყობა გალავანში სათოფურეები, ამოქოლილია უსაფრთხოების მიზნით ძველი შესასვლელები, შენდება ეკლესიის ქვედა სართულის ჩრდილოეთის სათავსო და მეორე სართულის ეკლესიას გვერდებზე ემატება კიდევ თითო სათავსო (ნავი), იგება ეკლესიის გალავანი. სავარაუდოდ გვიანფეოდალურ ხანაში ცხოვრება ძირითადად ამ უბნით შემოიფარგლა.
კედლები აგებულია ფლეთილი და რიყის ქვით. გალავანში გვხვდება ქვისა და აგურის შერეული წყობა. გაცილებით მეტადაა გამოყენებული აგური, რომლისგანც შენდება ეკლესიის კარი (22X22X4,5 სმ), ეკლესიის თაღი, ეკლესის მეორე სართულის ჩრდილოეთის კარის წირთხლი, ახალი ოთხკუთხა კოშკი (22X22X2,5 სმ). კარის წირთხლები გალავანში სასახლის უბანზე (23X23X5 სმ), შიდაციხის კუთხის კოშკის ზემო ნაწილები (22X22X4 სმ). უჯარმის მესამე პერიოდი განისაზღვრება XVI-XVII საუკუნეებით, როდესაც უჯარმა ეჭირათ ივრის ხეობის გამგებელ ფეოდალებს.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
უჯარმის ციხე–ქალაქი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi
1. ირაკლი ციციშვილი – `უჯარმა~, 1982 წ.
2. გეგმა აღებულია – www.saunje.ge-დან.
3. ფოტოების ავტორი -
გიორგი კიღურაძე.
10. marSruti
დადგინდება.
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://saunje.ge
http://dzeglebi.com
http://temple.ge
http://novators.ge
|