Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

qurmuxis
wm. giorgis taZari

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონში, ისტორიულ საინგილოში, კახიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 2 კმ–ში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ისტორიული  ჰერეთის   ტერიტორიაზე, თანამედროვე  კახის  რაიონული  ცენტრიდან  ორი  კილომეტრის  მოშორებით, მდინარე  ქურმუხის  ხეობაში    მდებარეობს   ქურმუხის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ეკლესია, რომელსაც  ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობისათვის  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს. ქართულ  და  უცხოურ  საისტორიო  წყაროებში    ტაძრის  აშენების  ზუსტი  თარიღი  ცნობილი  არ  არის.
თანამედროვე  ისტორიოგრაფიაში   ქურმუხის  ეკლესიის   აშენების, აღმშენებლის  და  დათარიღების  შესახებ  განსხვავებული   მოსაზრებები  არსებობს. 
ქართულ  საისტორიო  წყაროებში ქურმუხის  ეკლესია   პირველად  მოხსენიებულია  ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310  წლით  დათარიღებულ  მინაწერში. ამ  წყაროში   აღწერილია   საქართველოს  კათოლიკოს -პატრიარქ  ექვთიმეს მის  იურისდიქციაში  მყოფ   სხვადასხვა  ეპარქიაში   მოგზაურობა, მათ  შორის   გიშ-ქურმუხის   ეპარქიაშიც.  აღნიშნული  მოგზაურობის  დროს  პატრიარქმა  ექვთიმემ   მოინახულა  გიშ-ქურმუხის   ეპარქიის  ეკლესიები  და   ქურმუხის  მთავარეპისკოპოსს   კირილე  დონაურს   ყველა  ეკლესიისთვის  სახარების  გადაწერინება  დაავალა. როგორც  ვხედავთ  წყაროში  მოხსენიებულია  გიშ-ქურმუხის  მთავარეპისკოპოსი, რაც  იმას  ნიშნავს, რომ  ქურმუხის  ეკლესია   აღნიშნულ  პერიოდშიც  და  შემდგომ  საუკუნეებშიც  ერთ-ერთი  საეპისკოპოსო  კათედრა  იყო. ქურმუხის  ტაძრის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  წყალგაყვანილობის ძველი  სისტემა შეინიშნება. ეს ფაქტი  იმაზე  მეტყველებს, რომ  აქ  მონასტერი  იყო  და  ბერები  ცხოვრობდნენ. სხვა  შემთხვევაში  მთაში, საკმაოდ  რთულ  ადგილას  სასმელი  წყლის  გაყვანა აუცილებელი  არ  იქნებოდა. წყალგაყვანილობის სისტემის  მოშლა ქურმუხის  ტაძრის, როგორც  საეპისკოპოსო  კათედრის და  მონასტრის  ფუნქციის  დაკარგვამ  გამოიწვია, რაც  კახეთში  შაჰ–აბასის  1614–1617 წლებში  გამანადგურებელი შემოსევით და შემდგომ  შეცვლილი პოლიტიკური ვითარებით  იყო  გამოწვეული.
ლიტერატურის   ისტორიის   ცნობილი   ქართველი     მკვლევრის  ვ. კოტეტიშვილის  აზრით,   ქურმუხის  ეტიმოლოგია  მუხის კულტთან  არის დაკავშირებული: „მუხის თაყვანისცემა“  ბევრგან  იყო  გავრცელებული. „მუხის  ანგელოზი“  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში  დღესაც   იხსენიება, განსაკუთრებით   კახეთში, ფშავ–ხევსურეთში, ქართლის  ყრუ  ადგილებში  და  ჯავახეთში, გარე  კახეთში. ქურმუხის  ეკლესიის  მიმდებარე  ტერიტორიაზე   დღესაც  არსებული  მუხის  ხეები   იმაზე მიგვანიშნებს, რომ  ქრისტიანობამდე   ამ    ადგილს  საკულტო  დანიშნულება ჰქონდა  და  მუხას  სცემდნენ  თაყვანს. როგორც  საქართველოს  სხვა  კუთხეებში, ქრისტიანობის  გავრცელების  შემდეგ  მუხის  საკულტო  ადგილზე  ყველგან  ღვთისმშობლისა  და  წმინდა  გიორგის  სახელობის  ეკლესიები  შენდებოდა. ქურმუხის ეკლესიის აშენებაც  აღნიშნულ  მოვლენასთან  არის  დაკავშირებული. ამ   მოსაზრების  ჭეშმარიტებას მოწმობს  ის  ფაქტიც, რომ ტაძარი ჯერ  ღვთისმშობლის, შემდგომში  კი წმინდა  გიორგის  სახელობის იყო.   ქურმუხის  მიმდებარე  ტერიტორიაზე  არსებული მუხის ტყე   და ადგილობრივი ქართველების   ხალხურ  მეხსიერებაში  ღვთისმშობლისა  და  წმინდა  გიორგის  შესახებ შემორჩენილი  ლეგენდა–თქმულებებიც  ამაზე  მეტყველებს. 
ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ  ცნობა  შემონახულია  VIII  საუკუნის  ანონიმურ  მატიანეში, რომელიც  ჩართულია  ჯუანშერის  ქრონიკაში. ამ  ცნობის  თანახმად, ჰერეთის  აღმოსავლეთი  ნაწილი  შაქი  ანუ  შაკიხი   VIII  საუკუნის  შუა  ხანებში  ქართლის  ხელისუფალთა  მფლობელობის  ქვეშ  არის  მოქცეული. აქ  მოღვაწეობს  ქართლის  ერისმთავარი  არჩილი. ანონიმური  მატიანე  არჩილის  წუქეთში  მოღვაწეობის  შესახებ  წერს: „ არჩილ  დაჯდა  წუქეთს  და  აღაშენა  კასრი“. კასრის  ეკლესიის  ნანგრევები  დღემდე  შემორჩენილია. იგი  მდებარეობს  კახის  რაიონში, საყარაულოს  მთაზე. მანვე  „ აღაშენა  ციხე – ქალაქი  ნუხპატს – ორთა  წყალთა  შუა“. მონღოლების  მიერ  საქართველოს დაპყრობამდე  გიშის  საეპისკოპოსო  კათედრა  მხოლოდ  გიშში  იყო, როდესაც  მონღოლებმა  ეს  მხარე  დაიპყრეს  და  დასახლდნენ, მაშინ  „მთავარეპოსკოპოსთაც  თავისი   კათედრა  გადმოუტანიათ  სოფელ  კაკში, ქურმუხის  წმინდა  გიორგის  ეკლესიაზე, რის  გამო  ისინი  იწოდებოდნენ  ხან  გიშელ–ქურმუხელ   მთავარეპისკოპოსად, ხან  ქურმუხელ–გიშელად“.
დიდი  ზეწოლისა  და   საფრთხის  მიუხედავად  ადგილობრივი   ქართველები  ფარულად  ყოველთვის   ქრისტიანები  იყვნენ.   1860  წელს   „კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის   აღმდგენი  საზოგადოების“  წარმატებული  მისიონერული მოღვაწეობა  ზაქათალის  ოლქში.    1860–1863  წლებში  ზაქათალის  ოლქში   მართლმადიდებლურ  სარწმუნოებაზე კვლავ   მოქცეულთა   რიცხვმა   20  ათასს   მიაღწია. როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ფარულად ყოველთვის მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. აღნიშნული საზოგადოების აქტიურმა მხარდაჭერამ და  მფარველობამ ხელი შეუწყო    ღიად  ეღიარებინათ   მართლმადიდებლობა.
ზაქათალის   ოლქში   აღნიშნულმა   საზოგადოებამ,  ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობის  მხარდაჭერით   აღადგინა  და  ააშენა   რამდენიმე  ეკლესია, რომელთა შორის   ერთ–ერთი  ქურმუხის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ტაძარი იყო.  აღნიშნული  ეკლესიის  აღდგენა   მკვიდრი ქართველების  დიდი  ხნის  სურვილი  იყო. ისინი   გარკვეული  დროის განმავლობაში    ტაძრის  აღსადგენად  ფულს  აგროვებდნენ, შეგროვილი  თანხა  600  მანეთზე  მეტი და  შემომწირველთა  სია      მღვდელ  მიხეილ  ყულოშვილთან ინახებოდა. ეს  მნიშვნელოვანი  დოკუმენტი   სამწუხაროდ  დაკარგულად  ითვლება. მოსახლეობის  მიერ  შეგროვილი  თანხის  გარდა   კავკასიაში  მართლმადიდებელი  ქრისტიანობის  აღმდგენმა  საზოგადოებამ  ტაძრის  აღსადგენად   3000  რუბლი  გამოყო. ეკლესიის  აღდგენის   პროექტი  შეადგინა   დასახელებული  ორგანიზაციის   არქიტექტორმა  ბილფელდმა. საქართველოს   ცენტრალურ  სახელმწიფო  საისტორიო არქივში  დაცულია  ქურმუხის   ეკლესიის   აღდგენასთან  დაკავშირებული  ყველა  მნიშვნელოვანი  დოკუმენტი. ტაძრის  აღდგენით  სამუშაოებზე  კონტროლი     საზოგადოების   ინსპექტორს   მისიონერ    ლეონიდ  ოქროპირიძეს დაევალა. ეკლესიის  მშენებლობა     1891  წელს  დაიწყო  და  1894  წელს  დასრულდა.
ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობისათვის  ქურმუხის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ეკლესიას  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს. მიუხედავად  ამისა, ტაძარი   დღეს  უმოქმედოა. გიორგობის  დღესასწაულის  გარდა, ადგილობრივ  ქართველებს სხვა  დროს    უფლება  არა  აქვთ  ამ  ეკლესიაში  წირვა–ლოცვა  აღავლინონ.
2004–2005  წლებში აზერბაიჯანის  კულტურის  სამინისტრომ  ქურმუხის  ტაძარს  სარესტავრაციო  სამუშაოები  ჩაუტარა. აღდგენილ  იქნა  ტაძრის  დამახინჯებული  გუმბათი, რესტავრაცია  გაუკეთდა ფანჯრებს, კედლებს  და  კარებს. ამ  დროს  მოხდა მნიშვნელოვანი  ფაქტი: რეტავრაციის  დაწყებამდე ტაძრის  გუმბათიდან  ჯვარი  ჩამოიღეს, რომელიც  აღდგენითი  სამუშაოების  დასრულების  შემდეგ  კვლავ  უნდა  აღმართულიყო, მაგრამ  რაიონის  ძეგლთა  დაცვის  ხელმძღვანელობამ ჯვრის  აღმართვაზე  უარი  თქვა. რამაც, ადგილობრივი  ქართველი მოსახლეობის  აღშფოთება  გამოიწვია. რამდენიმე  დღიანი  საპროტესტო  აქციის  შემდეგ  მართლმადიდებელმა  მოსახლეობამ ქურმუხის  ტაძარზე  საკუთარი  ძალებით  ჯვრის  აღმართვა მოახერხეს.
2005  წლის  ივლისში  აზერბაიჯანის  პრეზიდენტს  ბ–ნ ილჰამ  ალიევს  და  კულტურის  მინისტრს  ბ–ნ ფოლად  ბულბულოღლის ადგილობრივმა  მართლმადიდებელმა  მოსახლეობამ 1200 კაციანი  ხელმოწერით მიმართვა გაუგზავნა. ისინი    ქურმუხისა და  ალავერდის  ეკლესიებში წირვა–ლოცვის აღვლენის  ნებართვას  ითხოვდნენ, რაც  მათი  კონსტიტუციური  უფლებაა. ეს მიმართვები განხილულ  იქნა აზერბაიჯანის კულტურის  სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილებაში. მათი  პასუხი ადგილობრივი ქართველი  მოსახლეობისათვის შეურაცმყოფელი იყო. ისინი  ქურმუხის ტაძარს  „ალბანურ ფირს“ უწოდებენ.     იმავე  დროს  რაიონის  გამგეობამ გაავრცელა  ინფორმაცია ეკლესიის კონსერვაციისა და  მუზეუმად  გადაკეთების აუცილებლობის შესახებ. ეს  ადგილობრივ რაიონულ  გაზეთ შელალეში დაიბეჭდა. (შელალე, 2005, 17 სექტემბერი).
2006  წლის  სექტემბერში   აზერბაიჯანის   კულტურის  სამინისტრომ  საქართველოს   კულტურის  სამინისტროსთან   და  საპატრიარქოსთან  შეთანხმების  გარეშე   ქურმუხის  წმინდა  გიორგის  ტაძრის  ტერიტორიაზე არქეოლოგიური  გათხრები  დაიწყო. გათხრილ  იქნა  ტაძრის  საძირკველი, დაახლოებით  ერთ   მეტრ  სიღრმეზე  და  ხუთ  მეტრ სიგრძეზე. აღნიშნული   არქეოლოგიური  გათხრების  დეტალური   ანგარიში   არ  არის  გამოქვეყნებული. გათხრების  შედეგად  „ცნობილი“ გახდა, რომ   ტაძარი   VIII  საუკუნემდე  მოქმედი  იყო.   ჩვენ    ქართულ  და  უცხოურ  წერილობით  წყაროებზე  დაყრდნობით   დავასაბუთეთ, რომ   აღნიშნული  დასკვნა  სინამდვილეს  არ  შეესაბამება.
ქურმუხის  ტაძარს   ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობისთვის  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  აქვს. სამწუხაროდ,  მართლმადიდებელი  მოსახლეობის   სურვილის  მიუხედავად   დღემდე წირვა–ლოცვის  აღვლენა  იკრძალება.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ქურმუხის ეკლესიის,  ღვთისმშობლისა  და  წმინდა  გიორგის შესახებ ადგილობრივი ქართველების მეხსიერებაში  რამდენიმე ლეგენდა–თქმულება  შემონახულია.
 გადმოცემის  თანახმად, წელიწადში ერთხელ – აღდგომა  დღეს  მარიამ  დედა (ღვთისმშობელს  ასე  მიმართავენ  საინგილოში) აღებს  ხოლმე  ტაძრის  ქვემოთ  არსებულ  გამოქვაბულის  კარებს, გამოდის  გარეთ  და  ოქროს  სავარცხლით  თმას  ივარცხნის. ამავე  დროს  გამოფრინდება  ხოლმე  შიგნიდან  ოქროს  მამალი  და  ყივილს  დაიწყებს, ბანს  აძლევენ  მახლობელი  სოფლის  მამლები. ერთხელ, როცა  ჩვეულებისამებრ  გამოვიდა  მარიამ  დედა   და  ნაწნავების  ვარცხნა  დაიწყო, თათარი  მიეპარა  და  დაჭერვა  მოუნდომა, მაგრამ   ხელი მაშინვე  გაუშეშდა. ღვთისმშობელი  კი  სასწრაფოდ  შევიდა  გამოქვაბულში  და  კარები  დაიხშო. თათარი  შეევედრა  ღვღისმშობელს  და  წმინდა  გიორგის, განიკურნა  და  ქრისტიანობა  მიიღო.
ერთ  ურწმუნო ვაჭარს თავისი ქარავნით ქურმუხის ეკლესიისაკენ გამოუვლია და ტაძრისთვის შესაბამისი პატივი არ მიუგია. რის გამოც წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემების ქარავანიც გაუქვავებია.

 

7. arqiteqturuli aRwera

წმინდა გიორგის ქურმუხის ტაძარი აგებულია ე.წ. კანგარის –კანგარაკის მთის ტყით დაფარულ კლდოვან თხემზე. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველების გადმოცემით, ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ძველი საყდრის ადგილზეა აგებული და სახელიც აქედან აქვს შემორჩენილი. წმინდა გიორგის ძველი ტაძარი აგებული ყოფილა უზარმაზარი სიდიდის ერთ მთლიან ლოდზე. XX საუკუნის 40–იან წლებში ზ. ედილს დაუთვალიერებია აღნიშნული ძველი ტაძრის ნაშთები; მაშინ კარგად ჩანდა ძველი ნაგებობის კონტურის კვალი. ზ. ედილი აღნიშნავდა, რომ ძველი საყდრის საძირკველის და კედლების ნანგრევები დღესაც მოჩანსო. ამჟამადაც გამოირჩევა დუღაბში ჩაკირული რამდენიმე დიდი ზომის ქვა, რომელთა შესახებაც ხალხური გადმოცემა რომ არ არსებობდეს, ყურადღებას არავინ მიაქცევდა.
ქურმუხის ტაძრის ხუროთმოძღვრების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ხელშესახები მასალა არ მოიპოვება. ქართულ მატიანეში იგი ცნობილია, როგორც მამათა მონასტერი. ქურმუხის ტაძრის გარშემო ტყით დაფარულ ტერასებზე, სამონასტრო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი შენობათა ნანგრევების ნაშთები შეინიშნება, მაგრამ ტყეს და ჯაგნარს ისე დაუფარავს ქვები, რომ მისგან გამოსუფთავების გარეშე რაიმეს თქმა მათ შესახებ შეუძლებელია.
ქურმუხის ტაძრის გეგმა  წარმოადგენს ჩაწერილი ჯვრის ტიპს გარე კედლების სწორკუდხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი ხაზგასმულია კედელთა მსუბუქი განტეხვით, ხოლო დასავლეთის, ყველაზე ფართო შესასვლელთან კიბე და მცირე ბაქანია მოწყობილი.  ტაძრის გარე პერიმეტრზე კედლებს არავითარი ღრმა ჩაჭრები ან გამოწეული სივრცობრივი ფორმა არ გააჩნია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიმეტრიის ღერძების გასწვრივ (ოთხივე მხარეზე) ოდნავ წინ გამოწეულ კედლის სიბრტყეებს (10 სმ), რომლებიც სივრცეში ანაწევრებენ ტაძრის დამუშავებულ დიდ სიბრტყეებს.
სწორკუთხედის შიდა სივრცე სამი ნაწილისაგან შედგება; გეგმარების მოდელად აქ გამოყენებულია კვადრატი, რომლის გვერდები (კედლების სიბრტყეებს შორის) 3,5 მეტრს უდრის.
ტაძრის შუა ნავი სამი ასეთი კვადრატისაგან შედგება და აღმოსავლეთით მკთავრდება ნახევარწრიული მოხაზულობის საკურთხევლით.
შუა ნავის მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე სივრცეები კედლის სიბრტყიდან გრძივი კედლის ღერძებამდე იგივე ზომის კვადრატის ნახევრებისაგანაა შედგენილი; რვაწახნაგა გუმბათი ეყრდნობა გეგმაში მკვეთრად დაგრძელებული დასავლეთის მკლავის მქონე ბურჯებს და აფსიდის კუთხეებს. ბურჯების გასწვრივ დასავლეთის კედლიდან გამოზიდული ტიხრები გამოაცალკევებენ სამხრეთ და ჩრდილო–დასავლეთ ოთახებს. ეს ოთახები ძირითად სივრცეს უკავშირდებიან აღმოსავლეთით არსებულ გასასვლელების მეშვეობით. აფსიდა ნახევარწრიულია, მასში სარკმლის აქეთ–იქით ორი ნიშაა გამართული (სამხრეთის – სწორკუთხა, ჩრდილოეთისა – ნახევარწრიული). ჩრდილოეთის პასტოფორიუმი კარების მეშვეობით გახსნილია, როგორც საკურთხევლისაკენ, ისე დარბაზში. სამხრეთისაში მოხვედრა კი მხოლოდ საკურთხევლიდანაა შესაძლებელი. სადიაკვნეც და სალაროც დასავლეთ–აღმოსავლეთის ღერძზე მკვეთრად წაგრძელებულ სათავსებს წარმოადგენენ.
ქურმუხის ტაძარი აშენებულია კარგად გამომწვარი წითელი აგურისაგან, კირის დუღაბზე. კედლებში გამოყენებულია აგრეთვე ქვებიც; ფრონტონები და გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. ძირითადი სამშენებლო ერთეული კვადრატის მოხაზულობის თხელი აგურია (ზომები 22X22 სმ, სისქე 4 სმ).
მკლევარების აზრით და ძეგლების შედარებითი ანალიზის მიხედვით ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი შეიძლება XIII საუკუნის დასასრულით და XIV საუკუნის I ნახევრით დათარიღდეს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ილია ადამია – „ქართული ხალხური ხურითმოძღვრება“, წიგნი მესამე, საინგილო, 1979წ.
2. გიორგი მარჯანიშვილი –  „ჰერეთი“.
3. მაია ბარიხაშვილი, თემურ ტარტარაშვილი – „ქურმუხის ეკლესია, ძველი და თანამედროვე ვითარება“.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://hereti.webnode.com

http://infohereti.ge

http://www.saunje.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016