Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

იშხანი
(VII-XI სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ტაძარი, მცირე ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება.
იშხანის მონასტერში 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. მისი ზომებია: სიმაღლე 51 სმ. ტარის სიმაღლე 31,3 სმ. ამჟამად ჯვარი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

3. adgilmdebareoba

იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის (Yusufeli) რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (იშჰან) (Işhan).

 

4. ruka

map

იშხანი ყოველთვის საეპისკოპოსო იყო, ვახუშტის თქმით: „აქ იჯდა... მწყემსი ისპირისა, თორთომის, ბაიბურდისა, ვიდრე ტრაპიზონის მთამდე“.
იშხანის კედლებზე პირვანდელი სამშენებლო წარწერა არ არის. ტაძარზე ცნობებს გვაწვდის გიორგი მერჩული თავის ხელნაწერში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“: „და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ...“. ამ ცნობებიდან ქართულ ისტორიულ  ლიტერატურაში ცნობილია, რომ VII საუკუნის 40–იან წლებამდე იშხანში ეპისკოპოს–ქალკედონიკის ნერსეს  მიერ იყო აშენებული ტაძარი. შემდგომში (642 წელს) ნერსე სასომხეთის კათალიკოსად იკურთხა, სახელით ნერსესი, სადაც ასეთივე ტიპის ტაძარი ააგო – ზვარტნოცი ვაგარშაფატში. ცნობილია, რომ ტაოს იმ ნაწილში, სადაც იშხანი მდებარეობს, ძირძველ ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობდნენ. გეგმაში იშხნის ტაძარი იყო ტეტრაკონქი შემოსავლელით. სავარაუდოდ ტაძარი არაბებმა მურვანის შემოსევის დროს დაანგრიეს. იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას (საბანი) მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომლიდანაც გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუქცევია ახალ შენობაში. საბა  გახდა იშხანის პირველი ქართველი ეპისკოპოსი, ამ ტაძრის ეპისკოპოსებს იშხნელებს ეძახდნენ. საეპისკოპოსო კათედრამ იშხანში XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.
იშხანის ტაძარმა, მიუხედავათ გადაკეთებებისა და ნგრევისა, მრავალი წარწერა შეინარჩუნა. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ვრცელია და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. მრავალრიცხოვანი წარწერები  შემორჩა აგრეთვე ფრესკების ფრაგმენტებზე. ამ წარწერებიდან ერთერთი განლაგებულია ჩრდილოეთის ეგვტერის სამხრეთ კედელზე. წარწერა გვაუწყებს, რომ  ტაოს მეფე ადარნასემ 917 წელს იშხანის ეპისკოპოსად დანიშნა ბასილი, რომელიც გარდაიცვალი ცხრამეტი წლის შემდეგ, უფრო ზუსტად კი 936 წლის 26 დეკემბერს. ე. თაყაიშვილმა დაადგინა, რომ წარწერა გაკეთებული იყო 945 ან 955 წელს. მეორე წარწერა, ისიც საკმაოდ ვრცელი, მოთავსებულია სამხრეთის კარის ტიმპანზე. მასში მოყვანილია ცნობები თვითონ ტაძარზე და მის რესტავრაციაზე. წარწერაში არ არის თარიღი, მაგრამ ნახსენებია ისტორიული პირები. ექვთიმე თაყაიშვილის ისტორიული ანალიზის მიხედვით ნახსენები წარწერაში გიორგი არის მეფე გიორგი I (1014–1027 წწ). ამის მიხედვით დღეს არ არსებული პორტიკი მიშენებული იყო ეპისკოპოს ანტონ იშხნელის მიერ 1014 – 1027 წლებს შორის.  დასავლეთის მკლავის შუა სარკმელზე არის კიდევ ერთი საინტერესო წარწერა, რომელშიც მოყვანილია კონკრეტული ისტორიული ფაქტები. წარწერის მიხედვით 1032 წელს, ბაგრატ კურაპალატის მართველობის დროს ეპისკოპოს ანტონ იშხნელის ხელმძღვანელობით ხუროთმოძღვარმა ივანე მორჩაისძემ აღადგინა ტაძარი. სამწუხაროდ წარწერაში არ არის დაზუსტებული რა გაკეთდა ტაძრის აღდგენის და განახლებისათვის. იშხნის თაღის შიგნითა კედლები, როგორც ჩანს, მოხატული იყო X საუკუნის II ნახევარში. ამ ფრესკების მიხედვით, შემდგომ ოშკისა და ხახულის ტაძრები მოიხატა. სამწუხაროდ ეს ფრესკები განადგურებულია. როგორც ფრესკის ფრაგმენტული წარწერიდან ჩანს, იშხნის ტაძრის მომხატველი უნდა იყოს ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი (966 წ) და მისი ძმა, დავით მაგისტროსი, შემდგომში დავით დიდი, ტაოს კურაპალატი. მათ იშხნის ტაძარი მოხატეს X საუკუნის II ნახევარში, არა უგვიანეს 966 წლისა.
ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ მეფე დიმიტრი I იშხნის ტაძრისათვის დაუბრუნებია სოფელი ლოზნი, რომელიც ადრე ტაძრისათვის შეუწირავს დიმიტრის პაპას, მეფე გიორგი II და მის მამას, მეფე დავით აღმაშენებელს. ამ შემოწირულობების გამო იშხნის მთავარეპისკოპოს ეგნატეს განუჩენია მეფე დიმიტრისათვის აღაპი და ტაძარში დაუკიდია სამი კანდელი - დიმიტრი მეფის, მისი დის, თამარ დედოფლის (შირვან-შაჰის, აღსართანის მეუღლის) და დიმიტრის შვილების - მეფე დავითისა (1154-1155) და მეფე გიორგი III-სათვის (1155-1184). ეს წარწერა არის შესრულებული არაუგვიანეს 1155 წლისა. აგრეთვე იშხანის ტაძრის კედლებზე არის შემორჩენილი წარწერები, რომლებიც მომლოცველებმა გააკეთეს. ყველა ეს წარწერა არის შერულებილი მხედრულით, მაგრამ სხვადასხვა დროს.
იმ მრავალრიცხოვანი ნაგებობებიდან, რომლებიც სავარაუდოდ იშხანის გარშემო იყო, შემორჩენილია მხოლოდ მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. სამწუხაროდ ამ ეკლესიის შესახებ გვაქვს მხოლოდ ე. თაყაიშვილის 1917 წლის აღწერა და რამოდენიმე ფოტოგრაფია, რომელიც ერამაკოვმა 1874 წელს გადიღო, ვინაიდან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოაძრეს მოპირკეთების ქვები და აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადების დეკორი. ე. თაყაიშვილის მიერ გაშიფრული წარწერის მიხედვით  ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აღაშენა მეფე გურგენმა, რომელის მეფობდა 994–1008 წლებში. იგი იყო ბაგრატ II და ბაგრატ III მამა.
იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა სახარება, შემდგომში ე.წ. მესტიის სახარება. აქვე 973 წელს შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
იშხნის საეპისკოპოსო კათედრა მოღვაწეობას განაგრძობდა თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგაც და საბოლოოდ მხოლოდ XVII საუკუნეში გაუქმდა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

aRmosavleTis fasadi samxreTis fasadi

იშხანის კომპლექსის ირგვლივ ბევრი ნაგებობა იყო, მაგრამ  ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ მთავარი ტაძარი და მის ახლოს მდგომი მცირე ეკლესია.

gegma

იშხანის მთავარი ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა. ინტერიერში მკაფიოდ იკითხება ჯვრული კომპოზიცია. ჯვრის მკლავებიდან მხოლოდ გვერდითებია ერთნაირი სიგრძის. აღმოსავლეთის მკლავი შედარებით გვერდითა მკლავებთან და დასავლეთის მკლავთან თითქმის სამჯერ გრძელია. ჯვრის მკლავებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისა არის აფსიდალური ფორმის, დანარჩენი – სწორკუთხაა. ტაძრის საკურთხეველი, აფსიდის გარდა ორსართულიანია. ქვედა სართული წარმოადგენს უწყვეტ კოლონადას. მისი ნალისებრი თაღები ეყრდნობიან რვა სვეტს. სვეტებს სადა ბაზები და მდიდრულად ორნამენტირებული კაპიტელები აქვთ. თვითონ კოლონადა იწყება არა იატაკიდან, არამედ საკმაოდ მაღლა, რაც აძლიერებს მის დეკორატიულ ხასიათს. განაპირა თაღები დანარჩენებზე უფრო მაღალია, რაც პერსპეკტივის შთაბეჭდილებას ქმნის. საკურთხევლის მეორე სართულზე ორმაგი თაღები განლაგებულია ერთადერთი სარკმელის გვერდებზე. რაც შეეხება საერთო დონეს, თაღების ზედა ხაზი ემთხვევა სარკმელის თაღის ხაზს. პატრონიკეები განლაგებულია საკურთხევლის ორივე მხარეს და არ არის შეერთებული ერთმანეთთან. პატრონიკეებში მოხვედრა შეიძლებოდა მისადგმელი კიბით. მათი იატაკი არ არის ერთ დონეზე, ამიტომ თაღედიც სხვადასხვა დონეზეა.
აფსიდის ირგვლივ გალერეაა. ეს გალერეა არ არის ტიპიური, იგი ტაძრის გადაკეთების შედეგია. თაღედი ამ ეკლესიის ფრაგმენტია, რომელიც VII საუკუნის 30–იან წლებში იყო აშენებული. გალერეა გადახურულია ცილინდრული კამარით და ნათდება სამი სარკმელით. გალერეის უკან, პირველ სართულზე, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან განლაგებულია სადიაკვნე და სამკვეთლო. ვინაიდან იყო გამოყენებული შედარებით ძველი ნაწილი, ისინი უჩვეულოდ გრძელებია და აქვთ არატიპიური გეგმა. გეგმით ორივე ერთნაირია – თავში კვადრატული, შემდეგ კი გრძელი, აფსიდალური დაბოლოებით. თითოეულს აქვს შესასვლელი გალერეის მხრიდან. გრძელი და განიერი დასავლეთის მკლავი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობა თაღებ

aqsonometriuli Wrili

გუმბათი ეყრდნობა მასიურ პილონებს, რომლებიც წყვილ–წყვილად ერთნაირია: ერთნაირად არის გადწყვეტილი დასავლეთის პილონები და ერთნაირად აღმოსავლეთისა. აღმოსავლეთის პილონები მრავალკუთხაა, დასავლეთის რთული ფორმის, ოთხივე მხრიდან პილასტრები აქვთ. პილონებს მდიდრული მორთულობა აქვს და გუმბათქვეშა სივრციდან მთელ სიმაღლეზე ჩანან. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე ხდება აფრების დახმარებით. გუმბათის ყელში მოხვედრა შეიძლებოდა ხვრელიდან, რომელიც კონქის ქვეშ მოწყობილი სამალავიდან იწყებოდა. გუმბათის ყელის შიდა კედელი დამუშავებული იყო ექვსი თაღით. ყოველ მონაკვეთს თავისი სარკმელი ჰქონდა., მონაცვლეობით მრგვალი და გრძელი. თაყაიშვილის აზრით მრგვალი სარკმლები გაჭრილი იყო XI საუკუნის რესტავრაციის დროს, როდესაც გაფუჭებული იყო ადრეული ფრესკები. გუმბათს სფერული ფორმა ჰქონდა. ტაძრის შიდა კედლები აშენებული იყო სხვადასხვა ხარისხის თლილი ქვიდან.
ტაძარს ორი შესასვლელი ჰქონდა, რომლებიც განლაგებული იყო დასავლეთის მკლავში, ერთი დასავლეთის კედლის ცენტრში, მეორე კი – სამხრეთის. იშხანის ტაძრის გადაკეთებაზე მეტყველებს სარკმელების განლაგება. ტაძრის ცენტრალური ნაწილი განათებულია გუმბათში გაჭრილი და ჯვრის მკლავებში განლაგებული სარკმლებით თითო–თითო სარკმელია აფსიდში და დასავლეთ კეედელში, ორ–ორი გვერდითა მკლავებში. სარკმელები განლაგებულია ასიმეტრიულად.

foto foto

ტაძარს კიდევ ერთი სათავსი აქვს, ჩრდილოეთ ეგვტერის სახით, რომელიც თითქმის არ მონაწილეობს ინტერიერის გადაწყვეტაში. ეგვტერს ერთადერთი შესასვლელი აქვს ტაძრის შიგნიდან და განათებულია მხოლოდ დასავლეთიდან ერთი სარკმელით.
ფასადებზე, ისევე როგორც ინტერიერში, ჩანს ბევრი ფენა. პირველ რიგში ეს შეიძლება ვთქვათ ჩრდილოეთის მინაშენზე და ფასადების სხვა ნაწილებზე, სადაც შეიმჩნევა დიდი კონტრასტი. მინაშენი მოპირკეთებულია მცირე ზომის ქვებით, და ყველა დანარჩენი ფასადი კი არაჩვეულებრივად თლილი ქვით. ამასთან ამ მინაშენის  გარდა ყველგან გამოყენებულია დეკორატიული თაღები. ძალიან ორიგინალურად არის გადაწყვეტილი აღმოსავლეთის ფასადი. ის გამოიყურება ორსართულიანად და ქვედა ნაწილი გავს მიშენებულს. სინამდვილეში ეს ორივე ნაწილი თანადროულია. ფასადის დათვალიერების დროს თვალში გვეცემა მისი ზედა ნაწილი, რომელიც დამუშავებულია სამი თაღით, რომელთაგან შუა უფრო განიერი და მაღალია, ვიდრე დანარჩენი. ცენტრალურ თაღში დიდი სარკმელია, რომელსაც განიერი ორნამენტირებული საპირე აქვს. ფასადის გამოწეული ნაწილი უფრო სადად არის გადაწყვეტილი, მასში გაჭრილია ხუთი სარკმელი.
საწინააღმდეგო დასავლეთის ფასადი ზოგადად იმეორებს აღმოსავლეთის ფასადის დეკორს. პირველ რიგში ეს არის ფასადის გაყოფა სამი თაღით. ძველი შენობის ფასადის მოპირკეთების დროს კარების წინ იყო მოწყობილი პორტიკი, რომლის ფრაგმენტი ჩვენამდე მოვიდა.

foto foto

სამხრეთის ფასადი ყველაზე პარადული იყო. აქ მთელი ფრონტონი ერთიანათ იკითხება. ფასადის გამოწეული ნაწილი დამუშავებულია სამი თაღით, თითოეულ თაღში სარკმელია, რომელთაგან შუა უფრო დიდია. ცანტრალური სარკმელი დაკორირებულია უფრო მდიდრულად, ვიდრე გვერდისა. მის თავზე, თაღის ქვეშ, მოწყობილია პატარა მრგავალი სარკმელი და თაღის ზევით კი ორნამენტირებული მაღალი ჯვარი. ფასადის მარცხენა მხარე დამუშავებულია სამი ერთნაირი თაღით. თაღებში თითო მდიდრულად ორნამენტირებული სარკმელია. შუა თაღის ქვედა ნაწილში განლაგებულია კარიბჭე მორთული პორტალით. ისტორიულ აღწერაში განხილულ ერთ წარწერას უკავია მთლიანად ამ შესასვლელის პორტალი, ხოლო მეორე მარჯვენა სარკმლის ირგვლივ არის განლაგებული.
ყველაზე სადა არის ჩრდილოეთის ფასადი. ფაქტიურად აქ დეკორირებული არის ფასადის გამოწეული ნაწილი. ფასადის მარჯვენა მხარეს იკავებს თითქმის მთლიანად ადრეული მინაშენი, რომელიც მოპირკეთებულია პატარა ზომის ქვებით. XI საუკუნის ოსტატმა ეს ნაწილი განახლების გარეშე დატოვა. დანარჩენი ფასადები მოპირკეთებულია კარგად თლილი დიდი კვადრებით. მთელ ნაგებობაში ყველაზე კარგად შეინახა გუმბათი, რომელიც მოპირკეთებულია კარგად თლილი ქვით და დამუშავებულია თაღედით. გუმბათი მდიდრულად დეკორირებულია. შიგნიდან გუმბათის ყელი თექვსმეტწახნაგაა. ყოველ მეორე წახნაგში გაჭრილია მრგვალი სარკმელები. ე.თაყაიშვილმა დაზიანებული ფრესკების საფუძველზე ეს ესე ახსნა: როდესაც საბამ ააშენა ადრეული ტაძარი, გუმბათს რვა მაღალი სარკმელი ჰქონდა, მაგრამ  XI საუკუნის რესტავრატორებმა კიდევ რვა მრგვალი სარკმელი გაჭრეს.  გუმბათის სარკმლები მდიდრულად ორნამენტირებულია. მეტად ორიგინალურია გუმბათის ყელის ზედა ნაწილის მორთვა. კარნიზის კბილანა ორნამენტი მის ქვედა ხაზზე კედელს მოწყვეტილია, ჰაერშია. ასეთი ორიგინალური კარნიზი ერთადერთია. ამ კარნიზს ქვემოთ ფრიზად გაჰყვება ფერადი წრეები.
გუმბათი გადახურულია წითელი და ლურჯი ფერის კრამიტით. ასევე იყო გადახურული მთელი შენობა და ეს ფერები სავარაუდოდ მკვეთრად გამოიყოფოდნენ მწვანე ლანდშაფტის ფონზე.

foto foto foto


gegma

მცირე დარბაზული ეკლესია  შედგება დარბაზის და აფსიდისაგან. დარაბზი გადახურული იყო მრავალცენტრიანი კამარით. კამარა ცენტრში ეყრდნობა საყრდენ თაღს, რომელიც დაკავშირებულია პილასტრებთან. ორსაფეხურიანი პილსტრები შესამჩნევად გამოშვერილებია, რაც დამახასიათებელია X-XI საუკუნის დასაწყისისათვის. ამავე ეპოქაზე მიუთითებენ აგრეთვე გვერდითა კედლების თაღები. ეკლესიის ინტერიერის კედლებზე შემორჩენილია ფრესკების ნაშთები. ეკლესია განათებულია აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, შესასვლელი კი ერთი აქვს – ჩრდილოეთიდან. ქართულ ეკლესიებში ჩრდილოეთის შესასვლელი კეთდებოდა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. აქ ეს აიხსნება იმით, რომ მთავარი ტაძარი უკვე აშენებული იყო, როდესაც ეკლესიას აშენებდნენ. ის ტაძრის სამხრეთით არის და მოხერხებულობისათვის  შესასვლელი ერთმანეთის პირისპირ განალაგეს. ეკლსიის ფასადები მოპირკეთებული იყო კარგად თლილი ქვით, პროფილირებული კარნიზი ორნამენტირებული იყო. ფასადები მდიდრულად დეკორირებული იყო, მორთული იყო სამივე ღიობი. სარკმელებს სამი მხრიდან ორნამენტირებული საპირეები ჰქონდა. აღმოსავლეთის ფასადის თავზე მაღალი აყვავებული ჯვარი იყო. მთელი დეკორი განლაგებული იყო ოდნავ ამოწეულ სიბრტყეზე. ორნამენტი მთლიანად გეომეტრიულია და შედგება წნულებისაგან. წნულების თავისუფალი ადგილები შევსებულია ფრინველების და ცხოველების რელიეფებით. მათ გამოსახულებებს არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა,  ისინი ასრულებენ მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას. კარების დეკორის მთავარი დეტალი არის ქუდი, რომელიც გარშემორტყმულია ნახევრადწრიულ დეკორირებულ ტიმპანზე. ტიმპანზე მოთავსებულია წარწერა, რომლის მიხედვით ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია აღაშენა მეფე გურგენმა (მეფობის წლები 994 – 1008).

foto foto foto

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

იშხანის კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, 2000წ.
2. პ. ზაქარაია –  "Зодчество Тао-Кларджети", 1990წ.
3. ვ. ბერიძე– "Архитектура Тао-Кларджети", 1981წ.
4. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება.

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxy.ge

http://www.diaspora.gov.ge

http://tao.110mb.com

http://skola13.blogspot.com/

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016