Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ჯვრის მონასტერი
(VIს-ის II ნახ )

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მცირე ეკლესია, მთავარი ტაძარი, გალავანი, კოშკის ნანგრევები და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

მცხეთის ჯვრის ტაძარი აგებულია წმინდა ნინოს მიერ აღმართული პატიოსანი ჯვრის გარშემო, როგორც ამ უნიკალური სიწმინდის ბუდე და სანაწილე (ა. ოქროპირიძე).

3. adgilmdebareoba

ჯვრის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთიდან 1.5 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მთაზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე, ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია). გარედან იგი ორფერდასახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (ერთი აფსიდითა და სამი სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

ა) ჯვრის მცირე ეკლესია მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. აგებულია VIO საუკუნის მეორე ნახევარში. მისასვლელი აქვს მხოლოდ აღმოსავლეთიდან. გეგმით ჯვრული, გარედან სწორკუთხა დარბაზული ნაგებობაა (8,3X5,5 მ). ნაშენია კარგად გათლილი მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და ინტერიერში მკაცრად არის დაცული. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: სახურავი და კამარა ჩანგრეულია, იატაკი – აყრილი, ფასადის კვადრები გამოქარული და ამოცვენილი.
ეკლესიის ცენტრალური კვადრატი უფრო მაღალია, ვიდრე შენობის დანარჩენი ნაწილები. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით (რაზეც მიგვანიშნებს შემორჩენილი ფრაგმენტები). ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმოსავლეთი და დასავლეთი მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი ბემით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ნიშებია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მოზრდილი სარკმლებია, ხოლო დანარჩენ ორ კედელში - ტიმპანებიანი გასასვლელები.
ნაგებობას სამხრეთით და ჩრდილოეთით ეკვრის კარიბჭეები. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძრებს აერთიანებს. იგი გეგმით ტრაპეციის მსგავსია, გადახურულია ჯვაროვანი კამარით (გადაკეთებულია დიდი ტაძრის მშენებლობის დროს). კარიბჭის შესასვლელს შეწყვილებული ნახევარსვეტები და მათზე დამყარებული თაღი აქვს. კარიბჭის დასავლეთით შემორჩენილია მინაშენის ფრაგმენტები. ჩრდილოეთის კარიბჭიდან ეკლესიაში შესასვლელი თაღოვანია. თარი კედლის სიბრტყიდან სამი მეოთხედით გამოწეულ სვეტებს ეყრდნობა. მოგვიანებით აღმოსავლეთიდან კარიბჭისათვის მოუშენებიათ აფსიდი. ამ სახით იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ეგვტერს, რომლის დასავლეთ კედელში სარკმელია.
კარიბჭეების ნახევარსვეტებსა და სამმეთხედ სვეტებს (შემორჩენილია ორ-ორი სვეტი ჩრდილოეთით და სამხრეთით) პროფილირებული ბაზისები და კოვზისებრი ორნამენტით შემკული კაპიტელები ამშვენებენ. კარიბჭეებს ქვის საზეიმო, მაღალი, ღია კიბეები ჰქონდა.
ეკლესიის დასავლეთ კედლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს თაღოვანი ნიშია განედლებული ჯვრის გამოსახულებით (დაზიანებულია). ვარაუდობენ, რომ აქ კათოლიკოსის ტახტი იდგა. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურითაა აწეული. აფსიდის კონქი მოზაიკით იყო შემკული, რასაც მოწმობს კონქის შუბლის ჩრდილოეთ ქუსლთან შემორჩენილი მოზაიკის მცირე ნაშთი. სატრაპეზო გამოკვეთილია ერთი მთლიანი ქვისგან. ეკლესია დგას მაღალ, თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმო იერს ანიჭებს. სუბსტრუქცია დასავლეთ მხარეს გახსნილია, ხოლო სამხრეთით მთლიანად დახურული. ეკლესიაში ოთხი სამარხია. მათგან უცვლელად მხოლოდ სამხრეთისამ მოაღწია. სამარხებში შესასვლელები მოგვიანებითაა გაჭრილი.

ბ) მთავარი ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა (20,2X16,5მ სიმაღლე–25 მ), თარიღდება 584–604 წწ–ებით. ფასადები და შიდა პირი ამოყვანილია ღია ვარდისფერი, ზოგან კი შედარებით მუქი კარგად გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. კედლის წყობის ჰორიზონტალური ნაკერებისსწორხაზოვნება ყველგან მკაცრადაა დაცული. ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით ორგანულად ერწყმის მთას და მთლიანად გარემოს.
ტაძარი აღმართულია მოსწორებულ სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი. დასავლეთით ებჯინება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გეგმაში წარმოადგენს ტეტრაკონქს, რომლის კომპოზიციური ცენტრია გუმბათქვეშა კვადრატი, და მასზე აღმართული სფერული გუმბათი. მისი რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი (დასავლეთის სარკმელი ამჟამად ამოქოლილია) ყელი, რომელიც ეყრდნობა აფსიდების შვერილებს. სწორკუთხედზე გადასვლა ხდება სამ წყებად განლაგებული ტრომპების მეშვეობით. გუმბათქვეშა კვადრატებიდან წრეზე გადასვლა ხდება სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით. ოთხი ძირითადი ტრომპის ზემოთ მცირე ტრომპების რიგებია. უკანასკნელი რიგით შექმნილი 32 წახნაგი გუმბათის წრის საფუძველია. გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში გამოსახულია რელიეფური ჯვარი, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს.
გუმბათქვეშა სივრცე ოთმხრივ გახსნილია აფსიდებით, რომლებიც გეგმაში ჯვარს ქმნიან. აფსიდების კონქები მეოთხედსფერულია. ჯვრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი წაგრძელებულია აფსიდებზე დამატებული ნახევარწრიული კამარებით გადახურული ბემებით.

fasadi

ტაძარში არის კუთხის ოთახები, რომლებიც ჯვრის მკლავებს შორის მოთავსებულ სივრცეებშია განთავსებული, თითოეული მათგანი ჯვრული კამარით არის გადახურული. ისინი ტაძრის ძირითად სივრცეს მცირე ზომის, წრის სამი მეოთხედის მოხაზულობის ნიშებით უკავშირდებიან. ყოველ ნიშში გაჭრილია ოთახში შესასვლელი.
საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებული ოთახები იყო სამკვეთლო და სადიაკვნე. სამხრეთ-დასავლეთის ოთახი „საქალებოა“ (მისი შესასვლელის თავზე ჭარწერაა: „ქ წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯოვარისაითა მე, თემესტია, მხევალმან ქრისტესმან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებლად სულისა ჩემისა თაყვანისსაცემელად დედათა“).
ტაძრის იატაკზე მოგებულია ქვის კვადრები. აღმოსავლეთის აფსიდი იატაკის დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის შუა ნაწილში, კედელთან დგას სატრაპეზო ქვა, რომლის ორივე მხარეს კედლის გაყოლებით ქვის ჩამოსაჯდომებია ეკლესიის მსახურთათვის. აღმოსავლეთის აფსიდში სამი სარკმელია გაჭრილი, სამხრეთისა და დასავლეთის აფსიდებში - თითო; ჩრდილოეთის აფსიდს სარკმელი არ აქვს.
ტაძრის ცენტრში დგას რვაწახნაგა, მოგვიანებით გადაკეთებული ნაგებობა (აქ იდგა ხის ჯვარი, რომლის გამო აიგო თვით დიდი ტაძარი). ნაგებობა წარმოადგენდა საკურთხევლის წინა ჯვრის პოსტამენტს, რომლის წყობაში ჩართული იყო წარწერიანი ქვა (ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). წარწერაში მოხსენიებული არიან ტაძრის კტიტორები.
გუმბათის ყელის სარკმლებიდან თანაზომიერად შემოსული შუქი, უხვად განათებული საკურთხეველი, შედარებით ნაკლებად განათებული დანარჩენი აფსიდები და ჩაბნელებული ნიშები ხელს უწყობს ინტერიერის მხატვრულ ორგანიზაციას და შიდა სივრცის ჰარმონიულ პროპორციების აღქმას.
თავდაპირველად ტაძარი მოუხატავი იყო (სავარაუდოა, რომ საკურთხევლის კონქი მორთული იყო მოზაიკით). მხატვრობის შემორჩენილი მცირე ფრაგმენტები მოწმობენ, რომ ტაძრის ინტერიერი მოგვიანებით მოუხატავთ.
დიდი ტაძრის გარეგანი ფორმები სავსებით შეესაბამება შიდა სივრცეს. აქაც კომპოზიციის წამყვანი, მაორგანიზებელი ელემენტია გუმბათქვეშა კვადრატი, რომელსაც მთელ პერიმეტრზე გასდევს სადა ლავგარდანი. გუმბათქვეშა კვადრატზე აღმართულია ფართო, შედარებით მცირე სიმაღლის რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია წვრილი თაღებით გაწყობილი ლავგარდნით. სახურავის პროფილი იმეორებს სფერული გადახურვის ფორმას. ოთხივე აფსიდი გარედან ჩაწერილია კედლის სიბრტყიდან წინ წამოწეულ სამწახნაგოვან შვერილებში, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე კუთხის ოთახების გარე კედლები. შვერილები გარე მასებში იმეორებენ ჯვაროვან გეგმას.

ornamenti jvris eklesia ornamenti

აღმოსავლეთ, ჩრდილოეთი და სამხრეთი ფასადები ერთნაირია: ცენტრში წახნაგა აფსიდის შვერილია, გვერდებზე - კუთხის სათავსების გლუვი კედლები და მათი დამაკავშირებელი ბრტყელი თაღოვანი ნიშები. ტაძრის დასავლეთის ფასადი, რომლის აღქმა ახლო წერტილიდან არ შეიძლება, მოცემულია საერთო მასებში, ყოველგვარი მორთულობისა და ნიშების გარეშე. მოურთველია ჩრდილოეთის ფასადიც, რომლის დიდ ნაწილს ჯვრის მცირე ეკლესია ფარავს, სამხრეთის ფასადზე, ცენტრალურ შვერილში არსებულ შესასვლელს ეკვროდა კარიბჭე (შემორჩენილია მისი დასავლეთის კედლის ნაშთი).
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთი ფასადის ორგანიზაციას და დეკორს. ამ ფასადის ცენტრალური შვერილის ყოველ წახნაგზე თითო სარკმელია. სამივე სარკმელი გაერთიანებულია საერთო, მოჩუქურთმებული სათაურით: სარკმლების თავზე კტიტორთა სამი რელიეფური გამოსახულებაა.
აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადზე ჩარჩოებით შემოფარგლული რელიეფებია. თითეულ რელიეფში მოქცეულია კომპოზიციურად დასრულებული, გაწონასწორებული ფიგურები და ასომთავრული წარწერები. წარწერები კომპოზიციაში მხატვრული ელემენტების როლს ასრულებენ. ჯვრის დიდი ტაძრის წარწერები ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ძეგლია.
აღმოსავლეთ ფასადზე, შუაში, გამოსახულია ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზი - ქართლის პატრიკიოსი (წარწერა: „ჯუარო მაცხოვრისაო სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე“), მარცხნივ - დემეტრე (წარწერა: წმიდაო მიქაელ მთავარანგელოზო, დემეტრეს ვპატოსსა მეოხ ხეყავ“), მარჯვნივ - ადარნესე, თავისი შვილით ქობულით (წარწერა: „წმიდაო, გაბრიელ მთავარანგელოზო ადრნერსეს ვპატოსს მეოხ ვყავ“). ადარნერსესა და დემეტრეს ფიგურებს ზემოთ მფრინავი მთავარ ანგელოზები - გაბრიელი და მიქელია გამოსახული. სამხრეთის ფასადზე შსასვლელის ტიმპანი მორთულია რელიეფით, რომელზედაც ჯვრის ამაღლების სცენაა ასახული. რელიეფს ზემოთ, სარკმლის თავზე გამოსახულია სტეფანე დიაკვნის წინ მუხლმოდრეკილი ერისმთავრის ოჯახის წევრი ქობულსტეფანოზი გუმბათის ყელზე კი, სამხრეთის მხარეს, მუხლმოდრეკილი ფიგურაა (სავარაუდოა, ტაძრის ხუროთმოღძვარი). რელიეფები დაზიანებულია. რელიეფების ოდნავ გასარჩევი კვალი შემორჩენილია სამხრეთის ფასადის ნიშებში.
ჯვრის დიდი ტაძრის რელიეფები ქართულ ქანდაკებაში ადამიანის გამოსახულების ადრეული ნიმუშია. რელიეფებს ახასიათებს, ერთი მხრივ ელინისტური ხანიდან შემორჩენილი პლასტიკურობა, მეორე მხრივ, პირობითობა, შებოჭილობა ადამიანთა ფიგურების გადმოცემისას. აქ ადამიანის გამოსახვა არ არის დამოუკიდებელი ამოცანა - იგი საერთო დეკირატიული გადაწყვეტის ნაწილია. რელიეფები მთლიანობაში მხოლოდ არქიტექტურასთან ერთად აღიქმება, როგორც საჭირო მხატვრული აქცენტები.
დიდი ტაძრის არქიტექტურაში დასრულებული სახით არის წარმოდგენილი ქართული ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტურობა, შენობის ცალკეული ნაწილების ურთიერთშერწყმა, პროპორციების დახვეწილობა; მშვიდი შეწონასწორებული, სტატიკური კომპოზიცია; სადა და მახვილი ფორმები; მასიური, მაგრამ არა მძიმე პროპორციები; შესანიშნავად შესრულებული კედლის წყობა; ზომიერი დეკორატიული მორთულობა და არქიტექტურასთან ორგანული შერწყმა; შიდა სივრცისა და გარეგნული სახის სრული მხატვრული შესატყვისობა; ორგანული ურთიერთობა გარემოსთან; კონსტრუქციული, გადაწყვეტის ლოგიკურობა.
ჯვრის დიდი ტაძრის არქიტექტურამ სათავე დაუდო „ჯვრის ტიპის“ ტაძრების მშენებლობას საქართველოში (მარტვილის ტაძარი, ატენის სიონი, ძველი შუამთის დიდი ეკლესია).
ჯვრის ტაძარი არის კლასიკური სტილის ნაწარმოები, ნიმუში ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურის განვითარების პირველი მაღალი ეტაპის (წრომი, ბანა) მხატვრულად სავსებით დასრულებული ნაწარმოებისა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული არქიტექტურის საერთო ევოლუციაში.
გ) კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ერტყა. მისგან მოაღწია XVI-XVII საუკუნეების მეტად მცირე ფრაგმენტმა. გალავანი (51,4X78,6 მ) მთის რთულ რელიეფს მიჰყვება და გეგმით არაწესიერი მრავალგვერდაა.
გალავნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი კოშკიდან შემორჩენილია სამი სართული, აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი კედელი. კოშკი ნაგებია ყორე ქვით (ზოგან ჩატარებულია სხვა ნაგებობებიდან მოტანილი თლილი ქვა) და გეგმით ტრაპეციას წარმოადგენს. გარედან კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. ჩანს სართულშუა კოჭოვანი გადახურვის ნაშთები. პირველი სართულის კედლებში სამი სათოფურია, მეორე სართულზე კი - ორი სარკმელი და ორი ოთკუთხა ნიში. ამ სართულზე, აღმოსავლეთით პატარა სათავსია, რომელსაც კამაროვანი გადახურვა და ერთი სარკმელი აქვს. სათავსის კარის შეისრული თაღი და კამარა აგურითაა ნაგები. მესამე სართულიდან მხოლოდ 1 მ სიმაღლის კედლებია შემორჩენილი.
დიდი ტაძრის აღმოსავლეთით გაურკვეველი დანიშნულების კედელია (სისქე 2 მ). მისგან სამხრეთით კი, ოცოდე მ-ზე, არის შესასვლელი (სიგრძე 2 მ), რომლის დასავლეთით კოშკის ნანგრევებია. შემორჩენილია კოშკის ორი სართული, ქვედა სართული ცილინდრულია, ზედა - ოთკუთხა.
ჯვრის კომპლექსის სამხრეთით შეიმჩნევა მეორე გალავნის კვალი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

მცხეთის ჯვრის კომპლექსი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

www.orthodoxy.ge

http://ka.wikipedia.org

http:www.monument.ge

http://burusi.wordpress.com

 


megobari saitebi

   

08.05.2016