Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ოპიზა
(X-XI სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი, სატრაპეზო, მართკუთხა ნაგებობა, სამრეკლო, საძვალე.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ოპიზა მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. ოპიზაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები და სხვანი.
აქ შეიქმნა მრავალი ხელნაწერი, მათ შორის 913 წლის ცნობილი სახარება და 1093 წლის პარაკლიტონი, რომელიც `დაიწერა… დიდებულსა ლავრასა შინა ოპიზას~.
ასევე ოპიზაში იყო საოქრომჭედლო სახელოსნო, რომლის წარმომადგენლები იყვნენ XII საუკუნის II ნახევრის ცნობილი ოსტატები ბეშქენ და ბექა ოპიზარები. ბეშქენი ბექას უფროსი თანამედროვე იყო. წარმოშობით ისინი უნდა ყოფილიყვნენ კლარჯეთიდან და მოღვაწეობით იყვნენ დაკავშირებული ოპიზასთან. ბექა ოპიზარი, დიდად მიღებული და დაფასებული ოსტატი იყო. დღემდე შემორჩენილია ბექას მხოლოდ ორი ნაწარმოები - ანჩისხატის ჩარჩოს მოჭედილობა და წყაროსთავის სახარების ყდა. არსებობს ცნობა, რომ მას უნდა მოეჭედა ანჩის სახარების ყდაც, მაგრამ ჩვენამდე მის ამ ნამუშევარს არ მოუღწევია. წყაროსთავის სახარების ყდა XII ს-ის ბოლოს ტბეთის ეპისკოპოსმა მოაჭედინა. ყდაზევეა ბექას ხელმოწერაც: "ქრისტე შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ". მიჩნეულია, რომ სახელგანთქმული ანჩისხატი, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა ჩამოიტანა. განსაკუთრებით პატივცემული ხატის მოჭედვა და შემკობა დიდად გამოცდილ და აღიარებულ ოსტატს მიანდეს, რასაც მოწმობს ხატის წარწერაც: "მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". მოგვიანებით მაცხოვრის ხატი სამცხის ათაბაგთა ოჯახის კუთვნილება გახდა, მაგრამ XVII საუკუნეში თბილისში ჩამოიტანეს და დაასვენეს ძველ ეკლესიაში, რომელსაც ამის შემდეგ ანჩისხატის ეკლესია ეწოდა. ამჟამად ანჩისხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, ხოლო წყაროსთავის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. რაც შეეხება ბეშქენ ოპიზარს, მისი ნამუშევარია ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა, რომელიც გელათის მონასტერში ინახებოდა (ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტშია). ყდის წარწერები მოგვითხრობს, რომ "ოქროპირისა ნივთითა მოიჭედა სახარებაჲ ესე", "მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისაჲთა".

3. adgilmdebareoba

ოპიზას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის  პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში,  შავშეთ–იმერხევის წყლის ხეობაში, სოფელ ოპიზას (ბაყჩილარ) (Bağçılar) მახლობლად.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ოპიზის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი კლარჯეთის უძველესი სავანეა. მონასტერი, ჯუანშერის მიხედვით, დაარსა ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა მხედართმთავარმა მურვან ყრუმ დააქცია შავშეთი და კლარჯეთი. არაბთა შემოსევას დაერთო ქოლერის ეპიდემია, დააცარიელა კლარჯეთი და, სავარაუდოდ ამის გამო იყო დანგრეული ოპიზა. 750-60-იან წლებში მონასტერი კვლავ აღდგა. VIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში აქ ქართლიდან მოვიდა მამა გრიგოლი და თავის მოწაფეებთან საბასთან, თეოდორესთან და ქრისტეფორესთან ერთად ორი წელი გაატარა. გიორგი მერჩულეს ცნობის თანახმად, როდესაც გრიგოლ ხანძთელი მოვიდა კლარჯეთში აქ მხოლოდ ოპიზა და ანჩა დახვდა. მისივე ცნობით, მოკლე დროში ამ მხარეში კიდევ თორმეთი მონასტერი აღაშენეს. აღდგენილ ოპიზის სავანეს სათავეში ამბა გიორგი ჩაუდგა.
IX საუკუნიდან ოპიზა კლარჯეთის `ათორმეტ უდაბნოთა~ შორის მოიხსენიება, მაგრამ მის განსაკუთრებულ სიძველეს არ ივიწყებენ. `ამათ ყოველთა უდაბნოთა უწინარეს აღშენებულ არს ოპიზაი, და არა განვაგებ ოპიზასა ზედა.~ - ამბობს თვით გრიგოლ ხანძთელი, როცა ოპიზის წინამძღვრისადმი გამორჩეული დამოკიდებულების მიზეზს ეკითხებიან.
ხამხრეთ ფასადზე, `ძალზე გამოსაჩენ ადგილას~, გ. ყაზბეგმა 1874 წელს ნახა ცნობილი საქტიტორო რელიეფი, რომელიც ახლა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მკვლევარების უმეტესობა (ე. თაყაიშვილი, ვ. ბერიძე და სხვა) სტილისტური ნიშნებით ოპიზის რელიეფს IX საუკუნით ათარიღებს. ამ მოსაზრებით იგი ასახავს აშოტ I კურაპალატს ეკლესიით ხელში იესო ქრისტეს წინაშე, ხოლო მეორე მხარეს – დავით წინასწარმწტყველს, ბაგრატიონთა ბიბლიურ წინაპარს. შესაბამისად მისი შექმნის თარიღი შემოიფარგლება 813-826 წლებით. რამდენადაც აშოტ კურაპალატი წარმოდგენილია როგორც ქტიტორი, ცხადია, რომ მას ოპიზაში რაღაც სამუშაო ჩაუტარებია. სავარაუდოდ მან ოპიზაში ააშენა დიდი ეკლესია, ვინაიდან გიორგი მერჩულის მოწმობით, აშოტის კლარჯეთში დამკვიდრების წინა ხანებში ოპიზაში მხოლოდ მცირე ეკლესია იყო. განსხვავებული აზრით (ნ. შოშიაშვილი, პ. ზაქარაია) ამ რელიეფზე წარმოდგენილი ქტიტორი არის აშოტ კურაპალატი, ადარნასე, ქართველთა მეფის ძე. ხოლო `დავითი~ არის მისი უფროსი ძმა დავით მაგისტროსი, ქართველთა მეფე 923-937 წლებში.
აშოტ I მიერ ეკლესიის აშენებიდან ათეული წლის შემდეგ დადგა ახალი, უფრო დიდი საეკლესიო შენობის საჭიროება. მისი აგება ითავა აშოტოს ძემ გუარამ მამფალმა. `მატიანე ქართლისაის~ ცნობით, `გუარამ ძე აშოტისი, და დამარხეს ოპიზას, მეორედ მისგან აღშენებულსა~. როგორც ბაგრატ IV-ის სიგელიდან ჩანს, გუარამს ოპიზის მონასტრისათვის მამულებიც უბოძებია.
გუარამ მამფალისაა ის შენობა, რომლის ნანგრევებიც დღემდე შემოინახა. მისი გეგმა და საერთო სივრცობრივ-მოცულობითი კომპოზიცია უნდა უკავშირდებოდეს სწორედ IX საუკუნის II ნახევარში ჩატარებულ მშენებლობას.
ოპიზის ეკლესიის აღმშენებლობის ისტორია ამით არ დასრულებულა. მისი არქიტექტურა მოწმობს, რომ კიდევ ერთი დიდი სამშენებლო პერიოდი X საუკუნის შუახანებში იყო, როდესაც სატრაპეზოც აიგო. სავარაუდოდ ამ პერიოდში ეკლესია მოიხატა, ვინაიდან ე. თაყაიშვილმა დაზიანებულ ფრესკებზე წარწერები გაარჩია, რომლებშიც იხსენიებოდნენ ბაგრატ მაგისტროსი, მისი ძე ადარნასე კურაპალატი და ამ უკანასკნელის ძე ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი. ნ. მარმა ასევე ნახა და ჩაიწერა აწ უკვე გამქრალი წარწერა: `აშოტ კურაპალატი მეორედ მაშენებელი ოპიზისაი და წ(მიდ)ისა ამის ს(ა)ყდრისაი.~ კიდევ ერთი წარწერა ნ. მარმა ნახა სატრაპეზოს ერთ-ერთ თაღში: `ესემე ა(შო)ტმ(ა)ნ 4 წელს ა გ(ა)ვა(სრულე)~.
აქ მოხსენიებული აშოტი უნდა იყოს აშოტ IV, ადარნასე ქართველთა მეფის ძე, რომელიც კურაპალატი გახდა მამის სიკვდილის შემდეგ, 923 წელს. მას უნდა ეკუთვნოდეს ეკლესიის რეკონსტრუქციაც და სატრაპეზოს აშენებაც.
ჟამთააღმწერლის ცნობით ოპიზის მონასტერში ინახებოდა ძვირფასი რელიკვია – წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხორხი. მემატიანე მოგვითხრობს, რომ ოპიზის დასანგრევად მოსულ მონღოლთა ლაშქარს წმინდა იოანე ნათლისმცემელმა საშინელი ქარიშხალი მოუვლინა და ასე იხსნა მონასტერი განადგურებისაგან (`მოხედნა წყალობით სამკვდრეველსა თვსსა.~).
XVI საუკუნეში კლარჯეთის ოსმალთა მიერ დაპყრობის შემდეგ ოპიზა დაცარიელდა. ვახუშტის თქმით, ნათლისმცემლის მონასტერში `აწცა დიდ-მშენებულებანი, არამედ უქმ-ცარიელ არს~.
1874 წელს გ. ყაზბეგს ეკლესიის დასავლეთის მკლავის კამარა უკვე მთლიანად ჩაქცეული დახვდა. 1959 წლისათვის ნ. და ჟ.–მ. ტიერების მოწმობით, ჩანგრეული იყო სხვა მკლავების გადახურვაც და ასევე კედლების ზედა ნაწილები, თუმცა გუმბათი ჯერ კიდევ მყარად იდგა. 1965 წელს სოფლის გზის გაყვანისას ეკლესია ააფეთქეს, რის შედეგადაც მთლიანად მოისპო გუმბათი და საკურთხევლის ნაწილი. ამჟამად შენობისაგან გადარჩენილია სამხრეთის მკლავი, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელი და დასავლეთის კედლის ნაწილი, ჩრდილოეთის მკლავის კედლების მეტი ნაწილი. ამიტომ, სამწუხაროდ, ეკლესიის არქიტექტურულ სახეზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ დაყრდნობით ძველ ავტორთა მონაცემებზე. განსაკუთრებით ღირებულია ა. პავლინოვის აღწერა და ნახაზები, ნ. მარის აღწერა, აგრეთვე იმავე ა. პავლინოვის, დ. ერმაკოვისა, ნ. და ჟ.-მ. ტიერების ფოტოსურათები.
ოპიზა მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. აქ შეიქმნა მრავალი ხელნაწერი, მათ შორის 913 წლის ცნობილი სახარება და 1093 წლის პარაკლიტონი, რომელიც `დაიწერა… დიდებულსა ლავრასა შინა ოპიზას~. ასევე ოპიზაში იყო საოქრომჭედლო სახელოსნო, რომლის წარმომადგენლები იყვნენ XII საუკუნის II ნახევრის ცნობილი ოსტატები ბეშქენ და ბექა ოპიზარები.
ოპიზის ისტორიაში ყურადღებას იქცევს აქაური ბერების წვლილი საეკლესიო მშენებლობაში საკუთარი მონასტრის გარეთ. 780-იან წლებში ისინი დაეხმარნენ გრიგოლს ხანძთის პირველი ეკლესიის აშენებაში.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილას V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ააგო წმ. ჯვრის ეკლესია, რომელსაც „გოლგოთა“ ეწოდებოდა.

7. arqiteqturuli aRwera

 

ოპიზის მონასტერი გაშენებულია დამრეც ფერდობზე, ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც ნაშენი სუბსტრუქციების მეშვეობით ტერასებად არის დავაკებული. 1874 წელს, როცა ის გ. ყაზბეგმა ინახულა, შენობები უკვე ძლიერ დაზიანებული იყო, მაგრამ მათი უმეტესობა ჯერ კიდევ იდგა და მთლიანად კომპლექსი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა – გ. ყაზბეგმა ის ქალაქს შეადარა. მონასტერს ერტყა გალავანი, რომლითაც შემოფარგლული იყო დაახლოებით 90X50 მეტრი ტერიტორია. სოფლელთა საცხოვრებელი სახლები მის გარეთ იყო. გალავნის მორღვევის შემდეგ სოფელმა, რომლის ამჟამინდელი სახელწოდებაა ბაღჯილარი, თვით ნამონასტრალიც დაიკავა, რამაც დიდად დააჩქარა მისი განადგურება. მონასტრის მთავარი ეკლესია დგას კომლექსის ცენტრში. რელიეფის თავისაბურების გამო სიგრძეში გაჭიმული შენობის სწორად ორიენტირება ეტყობა ვერ მოხერხდა – მისი გრძივი ღერძი აცდენილია დაახლოებით 60 გრადუსით დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძს და საკურთხეველი მიმართულია ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ.

foto

ა) ტაძარი ნაგებია შერეული მასალით, კედლების შიდა წყობა შედგება უხეშად დამუშავებული მორუხო ქვებისგან. ისინი თანაბარზომიერად და ძალიან წესიერად არის დალაგებული სწორ რიგებად. კონსტრუქციული ნაწილები თლილი ფოროვანი ქვებითაა გამოყვანილი. შესრულების ხარისხი ჩანს გუმბათქვეშა კუთხეებში და დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილ იმპოსტებზე. საფასადო მოპირკეთება თითქმის მთლიანად განადგურებულია, დარჩენილია მხოლოდ 4-5 ქვა.
ოპიზის ტაძარი ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპის ორიგინალური ნიმუშია და აქვს უჩვეულოდ დაგრძელებული დასავლეთის მკლავი. ძირითად ჯვრულ კორპუსს ემატება საკურთხევლის ორივე მხარეს დამხმარე სათავსები – პასტოფორიუმები. ისინი უფრო მოკლეა, ვიდრე აღმოსავლეთის მკლავი და ამის გამო საკურთხეველი მართკუთხა მოცულობის სახით წინ არის გამოშვერილი აღმოსავლეთის ფასადზე. პასტოფორიუმები გეგმით მართკუთხაა, უაფსიდო. ისინი თითო კარით უკავშირდება შესაბამის განივ მკლავებს. ჩრდილოეთის სათავსიდან (სამკვეთლოდან) თითქოს იყო ვიწრო გასასვლელი უშუალოდ საკურთხეველშიც. აფსიდში იყო ოთხი სარკმელი: სამი ზემოთ (ამათგან ერთი ამოქოლილი), ერთი ქვემოთ, ასევე ამოქოლილი. ქვედა სარკმლის ორივე მხარეს იყო თითო მაღალი და ვიწრო, კონქით გადახურული აფსიდური ნიშა.
დასავლეთის მკლავის სიგრძე 5,5 ჯერ აღემატება განივ მკლავებს. გრძივ კედელზე მას ჰქონდა ძლერშვერილი სამსაფეხურიანი პილასტრი (ნაწილობრივ შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელზე), რომელთა უკანა საფეხურს კედლის თაღები ეყრდნობოდა, წინას – კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ მკლავს ჰქონდა ექვსი სარკმელი. შემორჩენილია ერთი და ყურადღებას იპყრობს ძალიან დიდი ზომით: ფასადზე მისი სიგანე 0,8 მეტრია, შიგნით – 1,7 მეტრი. ჩრდილოეთიდან ეკლესიას სარკმლები არა აქვს, ვინაიდან ამ მხარეს შენობა უშუალოდ ეკვრის დამრეც ფერდობს, რომელიც ამოშენებული იყო. ახლა ეს მხარე მთლიანად ნაყარი მიწით არის ამოვსებული.

gegma

შესასვლელი ტაძარს დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელში აქვს. მის წინ იყო კარიბჭე, რომლის ჩრდილოეთ ნაწილი არის შემორჩენილი. მკლავების კუთხეებს შენობის შუაში ლილვები აუყვება. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე აფრა-ტრომპების საშუალებით ხორციელდებოდა. ტრომპებს ნახევრადკონუსური მოყვანილობა ჰქონდა და ორსაფეხურიანი თაღები შემოწერდა. ძირითადი ტრომპების ზემოთ გაკეთებული იყო ორ-ორი მცირე ტრომპი. გარდამავალ კონსტრუქციას ასრულებდა რთული კონფიგურაციის აფრული სეგმენტები. გუმბათის ყელს შიგნიდანაც და გარედანაც თორმეტწახნაგა ფორმა ჰქონდა. მასში გაჭრილი იყო ექვსი დიდი სარკმელი. გარედან გუმბათის ყელს თორმეტმალიანი თაღნარი ევლებოდა. თაღები ეფუძნებოდა შეწყვილებულ მსუბუქ ნახევარსვეტებს, რომელთა კაპიტელები მცენარეული მოტივებით იყო შემკული. გუმბათს ჰქონდა ნახევრადგაშლილი ქოლგის ფორმის სახურავი, რომელიც ყოველი წახნაგის თავზე ფრონტონს ქმნიდა. კარნიზი ორი მაღალი თაროსაგან შედგებოდა. ძირითადი კორპუსი გარედან საკმაოდ სადა იყო. ტაძრის დასავლეთ მკლავს სამხრეთიდან ეკვროდა მომცრო დარბაზული ეგვტერი აღმოსავლეთის აფსიდით. ის ახლა მთლიანად დანგრეულია და ნაყარი ქვებითა და მიწით არის ამოვსებული. შესასვლელი ეგვტერს დასავლეთიდან, კარიბჭედან ჰქონდა. ეგვტერის ეკლესიაზე მოგვიანებით უნდა მიეშენათ – მან დაფარა დასავლეთის მკლავის სარკმლები.
ოპიზის მოხატულობაზე, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად განადგურებულია, მხოლოდ ძველ ავტორთა მონაცემებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ ისინიც ძალიან მწირია – უკვე გ. ყაზბეგის მოგზაურობის დროს მხატვრობის დიდ ნაწილი ჩამოცვენილი იყო. ნ. მარის ცნობით გუმბათის ყელში გამოსახულნი იყვნენ წინასწარმეტყველები. დღემდე შემორჩენილია მცენარეული ორნამენტი სარკმელში.
ბ) სატრაპეზო ეკლესიის დასავლეთით დგას, რომელიც ამ ტიპის ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესოდ ნაშენი ნაგებობაა საქართველოში. ის ჯერ კიდევ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე, თუმცა უკვე ჩამონგრეული იყო გადახურვის დიდი ნაწილი. ამჟამად შენობისაგან მხოლოდ გარე კედლების ფრაგმენტებიღაა გადარჩენილი (ყველაზე მეტად – 4-5 მეტრის სიმაღლემდე – სამხრეთისა). მათში ჩაშენებულია საცხოვრებელი სახლი და სკოლა. იქვეა 1964 წელს აგებული ჯამე.
ფერდობი სატრაპეზოს ასაშენაბლად ვრცელი სუბსტრუქციით არის მოსწორებული. სუბსტრუქციის სამმეტრიანი სამხრეთ კედელი ახლაც ჩანს. სატრაპეზოს და ეკლესიას შორის იდგა სამი სათავსისაგან შემდგარი დიდი ნაგებობა (შუა სათავსი 9,3X6,7 მ ზომისა გადახურული იყო უყელო გუმბათით აფრებზე), ახლა თითქმის მთლიანად განადგურებული. ამ ნაგებობას სატრაპეზოსგან ჰყოფდა 2,1 მეტრის სიგანის გრძელი კამაროვანი დერეფანი. მისი სამხრეთ ბოლო ახლაც ჩანს, დანარჩენი მიწით და ნანგრევით არის ამოვსებული. სატრაპეზო ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძზე წაგრძელებული ნაგებობაა, აქვს მართკუთხა ფორმის გეგმა. მისი სივრცე თაღების ორი მწკრივით სამ ნავად იყოფოდა. თითო მწკრივში იყო ხუთი თაღი. რომელიც ეყრდნობოდა ოთხ-ოთხ კვადრულ გეგმის ბურჯს და განივ კედლებზე მიდგმულ მრგვალ ნახევარსვეტებს. ნავებს ცილინდრული კამარები ხურავდა. მათზე გაკეთებული იყო საერთო ორფერდა სახურავი. შესასვლელები იყო დასავლეთიდან (კოლოსალური ზომის 320X55 სმ – შიდა არქიტრავით) და აღმოსავლეთიდან, დერეფნიდან. შენობას ჰქონდა სამი სარკმელი დასავლეთის კედელში და ხუთი სამხრეთისაში: თითო გვერდით ნავებში და სამი შუაში. ამათგან ერთი – ძალიან დიდი ქვემოთ და ორი, შედარებით მცირე, შეწყვილებული, ერთმანეთისაგან მართკუთხა სვეტით გაყოფილი – მის თავზე.
შენობაში შემოყვანილი იყო წყალი. ნ. მარმა დასავლეთის ნავის ჩრდილოეთ ბოლოში, კედლის ძირში ნახა პატარა თაღოვანი აუზი, რომელშიც ადრე წყაროს წყალი მოედინებოდა. სატრაპეზოს კედლები ნაგებია უხეშად დამუშავებული დიდი ქვებით. სამხრეთ კედლის შემორჩენილ ქვედა ნაწილზე საფასადო წყობას შეადგენს უზარმაზარი პირგათლილი ლოდები. კამარები, თაღები, ბურჯები და პილასტრები თლილი ქვით იყო ამოყვანილი, ზოგი ბურჯი მშენებლებს ერთი მთლიანი ქვისაგან გამოუთლიათ.
აღმოსავლეთის რიგის ჩრდილოეთიდან პირველ ბურჯზე ნ. მარმა ნახა ამოკვეთილი ტოლმკლავა ჯვარი, ამავე რიგის სამხრეთიდან მყოფ თაღში – წარწერა. წარწერის დიდი ღრმად ნაკვეთი ასოები შიგნით წითლად იყო დაფერილი. ამჟამად წარწერა არ იძებნება.
გ) დიდი მართკუთხა ნაგებობა ეკლესიის აღმოსავლეთით იდგა, რომლისგანაც დღესდღეობით მცირე ნაშთები დარჩა. გ. ყაზბეგის დაკვირვებით ნაგებობა შიდა კედლებით ოთხ–ოთახად იყო გაყოფილი და ამათგან ორი ისე ჩაიხერგა ხეებითა და ქვებით, რომ შეღწევა ვერ ხერხდება. ნ. მარის მიხედვით, შენობის საერთო შიდა სივრცე იყო (დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე) 17,75 მ, სიგანე – 12,95 მ. ის შედგენილია სამი სათავსისაგან, რომელთაგან ერთი – სამხრეთისა – ხეობისაკენ მართკუთხა ბურჯებზე დაყრდნობილი ხუთი თაღით იყო გახსნილი და ერთგვარი გალერიეს სახე ჰქონდა. შიდა სათავსთაგან ერთი, აღმოსავლეთით მდებარე გადახურული იყო გუმბათით აფრებზე.
დ) სამრეკლო ოშკის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით დგას, რომელიც სხვა შენობათა მსგავსად, აშენებულია სუბსტრუქციაზე. სამრეკლოს ქვედა კორპუსი შედარებით უკეთესად შემოინახა, ჩაქცეული აქვს მხოლოდ კამარის ნაწილი. მისი დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები გახსნილია თაღებით, რაც მოწმობს, რომ იგი გასასვლელის (კარიბჭის) როლს ასრულებდა. საფასადო წყობას წარმოადგენს სხვადასხვა ზომისა და ფორმის გათლილი ქვები. შიგნით კედლები შელესილი იყო. კამარა და თაღები თლილი შირიმის კვადრებისაა. ქვედა კორპუსს აგვირგვინებს პროფილირებული კარნიზი. ზემოდან მასზე იდგა ფანჩატური – საკუთრივ სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ ძირი შემორჩა. სამრეკლო XIII საუკუნის II ნახევარში ან XIV საუკუნის I ნახევარში უნდა აშენებულიყო.
სუბსტრუქცია სამონასტრო ნაგებობათა აღმოსავლეთ ჯგუფის – ეკლესიის, სამრეკლოსა და ოთხკუთხა ნაგებობის ქვეშ წარმოადგენს ერთიან მასივს, რომლის წინა (სამხრეთ) კედელი დაახლოებით 50 მ-ზეა გადაჭიმული. ამ კედლის ქვედა ნაწილში გვხვდება კოლოსალური ზომის (2-2,5 მ სიგრძის) ლოდები.
ე) მონასტრის საძვალე ეკლესიის ქვეშ სუბსტრუქციაშია მოწყობილი. კარი მას, ბუნებრივია სამხრეთიდან აქვს. საძვალე წარმოადგენს სათავსთა კომპლექსს, რომელიც მოიცავს წინკარსა და მასთან დაკავშირებულ ოთხ მოზრდილ დასაკრძალავ ოთახს. ყველა ოთახი მართკუთხა გეგმისაა, კამაროვანი, სრულიად ბნელი კედლები და კამარები ყველგან ნატეხი ქვისაა, გარდა ერთი, შესასვლელის პირდაპირ მდებარე ოთახისა, სადაც თლილი ქვის კვადრებია გამოყენებული. ოპიზის საძვალეს მასშტაბები ცხადყოფს, რომ ეს სამონასტრო სასაფლაოა და არა გამორჩეულ სასულიერო თუ საერო პირთა საძვალე.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ოპიზას სამონასტრო კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი –"ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", 2000წ.
2. პ. ზაქარაია– „Зодчество Тао-Кларджети“, 1990წ.
3. ვ. ბერიძე – „Архитектура Тао-Кларджети“, 1981წ.
4. მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ www.virtualtao-klarjeti.com - დან.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://tao-klarjeti.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016