Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ტბეთი
(X-XVI ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტბეთის საკათედრო ტაძარი, სტელა, სამრეკლო და სხვა ნაგებობები

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ტბეთის ეპისკოპოსთა შორის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე იყო: ჰაგიოგრაფი სტეფანე მტბევარი (პირველი ეპისკოპოსი), ჰიმნოგრაფი იოანე მტბევარი, ბაგრატ IV-ის აქტიური მხარდამჭერი, ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთი ხელმძღვანელი საბა მტბევარი და სხვანი. კათედრალს ჰქონდა თავისი სკრიპტორიუმი - ცნობილია სახარება, რომელიც 995 წელს გადაიწერა „საყდარსა შინა ტბეთისასა“. აქ არსებობდა მდიდარი წიგნთსაცავიც: XII საუკუნის ერთი ოთხთავის ანდერძის მიხედვით, „საყდარსა ტბეთისასა აქუნდა ძუელი წიგნნი მრავალნი“.

3. adgilmdebareoba

ტბეთის ტაძარის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში, ისტორიულ შავშეთში, სოფელი ტბეთში (ჯევიზლი) (Cevizli).

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

დიდი ეკლესიები შავშეთში ნაკლებია, ვიდრე კლარჯეთში. მათ შორის თავისი სულიერ, კულტურულ-ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობით გამოირჩევა ტბეთის კათედრალი. ის  სოფელ ტბეთის  შუაგულში დგას, გაშლილ ადგილას და დღესაც, დანგრეული და გაძარცული, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
სიძველეთმცოდნეობით ლიტერატურაში ტბეთი XIX საუკუნეში გახდა ცნობილი. უადრესი ცნობები ტბეთის ტაძრის შესახებ აქვთ გ. ყაზბეგს, დ. ბაქრაძეს და პრ. უვაროვას. ა. პავლინოვმა, მოკლე აღწერასთან ერთად, გამოაქვეყნა ტაძრის გეგმა, ჭრილი, სამხრეთ ფასადის ნახატი, არქიტექტურული დეტალების ნახატები და ოთხი ფოტოსურათი. ეს მასალა უძვირფასესი წყაროა ტაძრის არქიტექტურის შესასწავლად. ასევე განსაკუთრებით ღირებულია ნიკო მარის ძალზე დეტალური აღწერა (არა მხოლოდ თვით ტაძრისა, არამედ მის ირგვლივ ნანახი სიძველეებისაც) და ფოტოსურათები.
ტბეთი ძველი საეპისკოპოსო ცენტრია. სუმბატ დავითის-ძის მიხედვით, „აშოტ ერისთავთა-ერითავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოველთა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე“. ანალოგიურ ცნობას გვაწვდის ასევე „მატიანე ქართლისა“: „...აშოტ კუხი, რომელმან აღაშენა ტბეთი საეპისკოპოსო“. მოგვიანებით ამასვე ადასტურებს ვახუშტიც. აშოტ კუხი 918 წელს გარდაიცვალა და, შესაბამისად, ტბეთის საეპისკოპოსო კათედრის დაარსებისა და პირველი ტაძრის აგების დრო X საუკუნის დასაწყისით უნდა განისაზღვროს. ტბეთის ეპისკოპოსთა შორის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე იყო: ჰაგიოგრაფი სტეფანე მტბევარი (პირველი ეპისკოპოსი), ჰიმნოგრაფი იოანე მტბევარი, ბაგრატ IV-ის აქტიური მხარდამჭერი, ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთი ხელმძღვანელი საბა მტბევარი და სხვანი. კათედრალს ჰქონდა თავისი სკრიპტორიუმი - ცნობილია სახარება, რომელიც 995 წელს გადაიწერა „საყდარსა შინა ტბეთისასა“. აქ არსებობდა მდიდარი წიგნთსაცავიც: XII საუკუნის ერთი ოთხთავის ანდერძის მიხედვით, „საყდარსა ტბეთისასა აქუნდა ძუელი წიგნნი მრავალნი“.
X საუკუნის დასაწყისში აგებული ტაძარი შემდგომ რამდენჯერმე აღდგა თუ გადაკეთდა. საბოლოო სახით ის წარმოადგენდა ჯვრული გეგმის დიდ ნაგებობას ოთხ ბურჯზე დაყდრნობილი გუმბათით. ამ შენობამ კარგ მდგომარეობაში მოატანა XX საუკუნის დასაწყისამდე  და, როგორც ჩანს, შუახანებამდეც. 1961 წელს შავშათის კაიმაკამის წაქეზებით ნაგებობა სოფლელებმა ააფეთქეს, რის შედეგადაც ჩაინგრა გუმბათი და გუმბათქვეშა კონსტრუქცია ბურჯებითურთ, დასავლეთის მკლავი მთლიანად, ჩრდილოეთის მკლავის კამარა, პატრონიკე და კედლების ზედა მონაკვეთები, სამხრეთის მკლავის კამარის ნაწილი, საკურთხევლის აბსიდის კონქის ზედა ნაწილი. ყოველივე ეს ჩაქცეულია ინტერიერში, ნამსხვრევების გროვის სიმაღლე შუაში 3-4 მეტრს აღწევს. ჩრდილოეთის მკლავის შემორჩენილ კედლებზე შიგნით და ალაგ-ალაგ ფასადებზეც შემოძარცულია პერანგი. საკურთხევლის აფსიდი სარკმლის ქვემოთ უხეშად არის გარღვეული. ნგრევა გრძელდებოდა აფეთქების შემდეგაც: ჩამოიშალა აღმოსავლეთ მკლავის კარნიზის დიდი ნაწილი, 1968-1970 წლებში ჩაიქცა ჩრდილოეთის სამლოცველო და სხვა. სოფლის მოსახლეობა, რომელიც შავშეთის მცხოვრებთა შორის რელიგიური შეუწყნარებლობით გამოირჩევა, განსაკუთრებით ერჩის ჯვრებსა და ადამიანთა გამოსახულებებს. 1970-იან წლებში გაქრა რელიეფური ჯვარი აღმოსავლეთ ფრონტონის კეხიდან, 1980-იან წლებში - წმინდანის ფიგურა სამხრეთ ფასადზე. 1993 წელს ამოტეხეს დიდი ფილა ჯვრის გამოსახულებითა და წარწერით ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთ ფასადზე. ბოლო ათწლეულებშივე დიდწილად მოისპო კედლის მხატვრობა.
ტბეთის ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდებოდა თუქების მიერ შავშეთის დაპყრობის შემდეგაც. საეპისკოპოსო კათედრა აქ XVII საუკუნის II ნახევრამდე მაინც არსებობდა. 1637 და 1650 წლებში იხსენიება მტბევარი გედეონ საფრიძე. მოგვიანებით კათედრა გაუქმდა და შენობას მუსლიმები დაეპატრონნენ. ჯამე ტაძარში 1880-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. რაიმე არსებითი რემონტი თურქებს არ ჩაუტარებიათ, შენობა მათ უცვლელად დატოვეს, მაგრამ დიდად დააზიანეს მისი მოხატულობა - 1860-იან წლებში შიგნით თივა მოაგროვეს და დიდი ცეცხლი დაანთეს, რათა ისინი გამოსახულებებს „არ ეცთუნებინა“. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ტაძარში ამის შემდეგაც მოუსვენრად გრძნობდნენ თავს და 1889 წელს სოფელში ჯამესთვის ახალი შენობა ააგეს. მისი ფასადები თითქმის მთლიანად ტაძრიდან ჩამოცვენილი ქვებით არის ამოყვანილი. 1961 წელს, როგორც ითქვა, ტაძარი ააფეთქეს, რამაც სოფლელებს მზა საშენი მასალის უზარმაზარი მარაგი შეუქმნა. დანგრეული ტაძრის პერანგის ქვები - მათ შორის ბევრი ჩუქურთმიანი - მათ საკუთარი სახლების მშენებლობაში გამოიყენეს. ასეთი ქვები მრავლად იყო აგრეთვე ტაძრის ეზოს შემომფარგლავ ზღუდეში.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) ტბეთის ტაძრის ნანგრევებსა და მის ძველ ფოტოსურათებზე დაკვირვებით თვალნათლივ ჩანს, რომ შენობა რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. მის უძველეს ნაწილს წარმოადგენს მოზრდილი ფრაგმენტი, რომელიც ჩართულია ჩრდილოეთის მკლავში და მის ჩრდილოეთ და ნაწილობრივ დასავლეთ კედლების ფუნქციას ასრულებს. ეს ნაშთი შეიცავს მეტ-ნაკლებად შემონახულ სამ წახნაგს. ამათგან შუა მიემართება ეკლესიის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძის პარალელურად, გვერდითები კი მასთან დაახლობით 157-158 გრადუსიან კუთხეებს ქმნიან. შუა, ყველაზე სრულად დაცული წახნაგის ცენტრში გაჭრილია დიდი სარკმელი (ის მოგვიანებით ამოუვსიათ, მაგრამ ამოვსების საპირე წყობა ჩამოცვენილია და ჩანს მხოლოდ შიდა დუღაბი, ასე, რომ სარკმლის მოხაზულობა იოლად იკითხება). მას აქვს  წახნაგის თითქმის მთელ სიგანეზე გადაჭიმული თავსართი დიდი რკალითა და შედარებით მოკლე გადანაკეცებით. თავსართის ორი სახის წნული ჩუქურთმა ამკობს. ამ სარკმლის ქვეშ უნდა იყოს კარი, რომელსაც ახსენებს ნიკო მარი, მაგრამ ახლა ის მთლიანად დაფარულია ნაყარი მიწით.
შუა, ჩრდილოეთზე ორიენტირებული წახნაგის მარჯვნივ შემოინახა ნაშთი მეორე წახნაგისა, რომლის ორიენტაციაა ჩრდილო-დასავლეთი. მისი მეტი ნაწილი უკავია სამკუთხედად შეჭრილ მაღალ და ღრმა ნიშას, 70 გრადუსიანი შიდა კუთხით. ნიშას ხურავს ნახევარკონუსური კამარა, რომლის შიდა ნაწილი ერთ დიდ ქვაშია ნაკვეთი და გაფორმებულია მარაოსებრ გაშლილი 12 რადიალური ღარით, რაც ნიჟარის ზედაპირის მსგავს სურათს იძლევა (ნიშაზე მოგვიანებით მიუშენებიათ ირეგულარული მოყვანილობის დაბრტყელებულკამარიანი სათავსი. ის დაბალია და ახლა თითქმის მთლიანად დაფარულია ნაყარი მიწით). შუა წახნაგის მარცხნივ ჩანს ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგის ვიწრო ზოლი - კედლის სიბრტყე ნიშამდე. დანარჩენს ფარავს ჩრდილოეთის მკლავზე მიდგმული ეკვდრის აფსიდი.

წახნაგების ზღვარზე შექმნილ წიბოებს მსუბუქი შეწყვილებული ნახევარსვეტები აუყვება. მათ აქვთ საერთო მაღალი კაპიტელები, რომელთა ნატიფი, ჰაეროვანი ფორმა შორეულად ეხმიანება კორინთულ ორდერს. ფოთლოვან ნაწილს აგვირგვინებს ცერობი და თაროს სახის აბაკა. კაპიტელებზე გადადიოდა ფართო სარტყლით გამოყვანილი თაღნარი, რომელიც მთელ შენობას შემოწერდა. თაღი თითქმის სრულად შემორჩა ჩრდილოეთის წახნაგზე და დაახლოებით 1/3 - ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთისაზე.
უადრესი შენობის ამ ნაშთს გარედან მოსავს მეტწილად მოწითალო-მონარინჯისფრო (ალაგ-ალაგ უფრო ღია-ქვიშისფერი და მუქი მოშავო-წითელიც ურევია) ქვიშაქვის დიდი კვადრების პერანგი. წყობა მაღალხარისხიანია, მისი ჰორიზონტალური რიგები მკაცრადაა დაცული და, როგორც წესი, წახნაგიდან წახნაგზე გადადის. შიდა პერანგი ჩრდილოეთის მკლავში მთლიანად შემოძარცულია. გამქრალი ქვების ბუდეების არსებობით, წყობა აქაც სუფთა და აკურატული უნდა ყოფილიყო.
შემორჩენილი ფრაგმენტი საშუალებას გვაძლევს ზოგადად წარმოვიდგინოთ ნაგებობა, რომელსაც ის ეკუთვნოდა - ეს იყო ცენტრალური სტრუქტურა რადიალურად განლაგებული მკლავებით. მკლავების განლაგება უეჭველად მოწმობს, რომ მათი რიცხვი რვა უნდა ყოფილიყო. ამასვე ადასტურებს წახნაგების ურთიერთმიმართების კუთხეც - რვამკლავიანი ნაგებობა გარედან თექვსმეტწახნაგას უნდა წარმოადგენდეს, ხოლო რეგულარული თექვსმემტწახნაგას კუთხე სწორედ 157,5 გრადუსიანია, რაც შეესაბამება შემორჩენილი კუთხეების ზომას. სიგანე სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძზე 18,5-19 მეტრს აღწევდა. რაც შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძს, საფიქრებელია, რომ აქ ძირითად პოლიგონალურ კორპუსს ემატებოდა ძლიერ შვერილი საკურთხევლის მოცულობა. როგორც ჩანს, ის ემთხვეოდა ახლანდელ აფსიდს და ბემას. ამგვარ რეკონსტრუქციას საფუძველს უმაგრებს ახლანდელი პასტოფორიუმების არასწორი კონფიგურაცია - მათი აფსიდთან მომიჯნავე კედლები ირიბად მიდის, თითქოს აფსიდის წრიული მოხაზულობის ანგარიშგაწევით. ეს კედლები, ალბათ, თავიდან წარმოადგენდა აფსიდის გარე კედლებს. შემდგომ, როცა გაკეთდა პასტოფორიუმები, ისინი ამ უკანასკნელთა ინტერიერში მოექცა.

gegma Wrili gegma

ამრიგად, თავისი არსებობის ადრეულ ეტაპზე ტბეთის კათედრალი იყო მოზრდილი რვამკლავიანი შენობა, ცენტრში დიდი გუმბათით, რომელიც კედლების კუთხეებს ეყრდნობოდა. გარედან მკლავებს ერთმანეთისგან ყოფდა სამკუთხა ნიშები. აღმოსავლეთის მკლავს ეკვროდა ღრმა ბემიანი საკურთხეველი. დანარჩენი მკლავები, როგორც ჩანს, მართკუთხა უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მათ აფსიდები ჰქონოდა. მართალია ახლანდელი ტაძრის ჩრდილოეთ მკლავი უაფსიდოა, მაგრამ შესაძლოა მისი აფსიდი რეკონსტრუქციისას გაქრა - წრიული კედელი მართკუთხად ამოთალეს და ხელახლა მოაპირკეთეს. ამ საკითხის საბოლოოდ გარკვევა შენობის გაუწმენდავად შეუძლებელია.
სხვა ტაძრების არქიტექტურის თავისებურებების გათვალისწინებით ტბეთის რვამკლავიანი ეკლესიის აგების ხანა X საუკუნის II ნახევრით, უფრო კი 960-70-იანი წლებით უნდა განისაზღვროს. ამდენად. ის არ შეიძლება გაიგივდეს აშოტ კუხის თაოსნობით აგებულ პირველ ტაძართან, რომელიც, როგორც ჩანს, აშენების შემდეგ მალევე დაინგრა და რვამკლავიანი ეკლესიით შეიცვალა. შესაძლოა, ეს იყო ნაწილობრივი რეკონსტრუქცია, რომელიც მხოლოდ ფასადებს შეეხო და პირველი (ე.ი. X საუკუნის დასაწყისის) ტაძრის სივრცობრივ-მოცულობითი სტრუქტურა არც დაურღვევია, მაგრამ ეს არაფრით მტკიცდება. დღესდღეისობით ტბეთში აშოტ კუხის მშენებლობის რაიმე უეჭველი კვალი არ იძებნება.
მოკლე ხანში, უკვე X საუკუნის ბოლოს ტბეთში მორიგი ფართომასშტაბიანი მშენებლობა ჩატარდა, რის შედეგადაც რვამკლავიანი ტაძრის ადგილას ახალი, განსხვავებული ტიპის ნაგებობა აღიმართა. მისი ზოგადი კომპოზიცია ტაძარმა დღემდე შეინარჩუნა, მომდევნო აღდგენა-გადაკეთებებს ის არსებითად არ შეუცვლია.

მესამე ტაძრის გეგმას საფუძვლად დაედო ჯვარი  ერთი აფსიდიანი (აღმოსავლეთის) და სამი მართკუთხა მკლავით. ვრცელი ცენტრალური კვადრატის კუთხეებში იდგა ოთხი მსხვილი გუმბათქვეშა ბურჯი. მათზე გადადიოდა ოდნავშეისრული თაღები. გუმბათქვეშა გარდამავალ კონსტრუქციას შერეული აფრულ-ტრომპული სახე ჰქონდა (ბურჯები, თაღები და გუმბათი ახლა ჩანგრეულია, მაგრამ კარგად ჩანს ა. პავლინოვის ფოტოსურათზე). სამხრეთის მკლავის სიგრძე მესამე ტაძარში დაახლოებით ახლანდელის ნახევარს შეადგენდა. ჩრდილოეთისა შიგნით იმავე სიგრძისა იყო, რაც დღესაა - ის მთავდრება რვამკლავიანი ეკლესიიდან შემორჩენილი ზემოთაღწერილი კედლით, მაგრამ გარედან ეს მკლავი დაგრძელებულია ზედ მიდგმული ეგვტერით, რომელიც მესამე ტაძარს არა ჰქონია, ის მოგვიანებით აშენდა. შესაბამისად, მესამე ტაძარს არც პატრონიკეები ჰქონდა განივ მკლავებში, იმდროს პატრონიკე მოწყობილი იყო მხოლოდ დასავლეთის მკლავში. შენობის ეს ნაწილი აღარ არსებობს და წარმოდგენა მის შესახებ მხოლოდ ძველ ავტორთა აღწერებით, ნახაზებითა და ერთი ფოტოსუართით შეიძლება შევიქმნათ.
დასავლეთის მკლავი სხვებთან შედარებით უფრო გრძელი იყო. მისი გრძივი კედლები შიგნით პილასტრებით იყოფოდა ორ-ორ მონაკვეთად, რომლებზეც გადაყვანილი იყო კედლის თაღები. აღმოსავლეთის მონაკვეთებში მათ ღრმა თაღოვანი უბეების სახე ჰქონდათ. პილასტრებს ეფუძნებოდა კამარის საბჯენი თაღი.

როგორც გვამცნობენ ძველი ავტორები, დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის პილასტრში ჩადგმული იყო დიდი ფილა ქტიტორის რელიეფური გამოსახულებით. უეჭველია, რომ ეს ფილა თავის ადგილას არ „იჯდა“ და რომ თავიდან ის ფასადზე იქნებოდა მოთავსებული. შემდგომ ის თბილისში გადმოიტანეს და ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. დამკვიდრებული შეხედულებით, რომელიც პირველად ა. ბაქრაძემ გამოთქვა, რელიეფი წარმოგვიდგენს აშოტ კუხს და, შესაბამისად, შექმნილი უნდა იყოს X საუკუნის დასაწყისში. ბოლოხანს ნ. და ჟ. მ. ტÁერიმ გამოთქვეს აზრი, რომ რელიეფი უფრო გვიანდელია, X საუკუნის ბოლოსი ან სულაც XI საუკუკნის დასაწყისისა, და გამოხატავს ტაძრის ერთ-ერთი განახლების ქტიტორს. რელიეფს ჰქონდა წარწერა, რომელიც ნიკო მარის ცნობით, გულმოდგინედ ჩამოუტეხავთ ჩაქუჩით.
დასავლეთის მკლავის ბოლო ეკავა 2,8 მეტრის სიღრმისა და 8,0 მეტრის სიგანის (მკლავის მთელი სიგანე) პატრონიკეს. ის მთლიანად გახსნილი იყო ძირითადი სივრცისაკენ. პატრონიკეს ქვეშ შექმნილ დაბალ კომპარტიმენტს მკლავისაგან ჰყოფდა ორთაღედი, რომელიც შუაში ფართო ბაზისზე დადგმულ მრგვალ სვეტს ეყრდნობოდა, კიდეებში - გრძივ კედლებს აყოლებულ პილასტრებს. წინა კედელს ამ თაღებს ზემოთ აგვირგვინებდა ფოთლოვანი ჩუქურთმით შემკული მაღალი მდიდრული კარნიზი. მესამე თაღი სვეტიდან გადადიოდა დასავლეთისაკენ და პატრონიკეს ქვეშა სივრცეს ორ ნაწილად ჰყოფდა. თითოეულ ნაწილს ჰქონდა თავისი ნახევარცილინდრული კამარა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძით. პატრონიკეს დონეზე დასავლეთის მკლავში გამოყვანილი იყო სამი ბრტყელი თაღი, ამათგან შუა, უფრო მაღალი - სრული, გვერდითები - მეოთხედწრიულები (ნახევართაღები). ა. პავლინოვის შენიშვნით, ეს ნახევართაღები მოგვიანო გადაკეთების შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაც სწორი უნდა იყოს. შესაძლოა, იყო ზოგიერთი სხვა გვიანი ცვლილება თუ დანამატიც, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის მკლავის შიდა არქიტექტურული სახე ძირითადად ამ მშენებლობის დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ა. პავლინოვისა და ნიკო მარის ტბეთში ვიზიტების დროს ტაძარს ჰქონდა ერთი პატარა შესასვლელი დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელში. ფოტოსურათზე ჩანს მისი ყორეთი ამოყვანილი წირთხლები, მაღალი ზღურბლი და ხის ფიცრის არქიტავრი. უეჭველია, რომ თავდაპირველი შესასვლელი დაავიწროვეს და დაადაბლეს გვიან პერიოდში, როცა ტაძარში ჯამე ფუნქციონირებდა. ნიკო მარის ვარაუდით, ამავე კედელში მეორე კარიც უნდა ყოფილიყო, პირველის სამხრეთით. გარდა ამისა, იყო შესასვლელი ჩრდილოეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელში, კერძოდ, მასში ჩართული რვამკლავიანი ტაძრის ნაშთი. სანამ ამ კედელს ეგვტერი მიშენდებოდა, კარი გარეთ გამოდიოდა.
საკურთხევლის აფსიდმა, როგორც ჩანს, მესამე ტაძარშიც შეინარჩუნა მეორე (რვამკლავიანი) ტაძრიდან მომდინარე გარე წახნაგოვანი მოყვანილობა, მიუხედავად იმისა, რომ მას დაემატა პასტოფორიუმები. ეს სათავსები მაშინ უფრო მოკლე იყო, ვიდრე დღესაა (შიდა სიგრძე დაახლოებით 2,2-2,5 მეტრს შეადგენდა, ნაცვლად ახლანდელი 4,1 მეტრისა) და აფსიდი მათი აღმოსავლეთ კედლების ხაზიდან წინ გამოდიოდა. პასტოფორიუმებს რამდენიმე გზის საფუძვლიანი გადაკეთების კვალი ატყვია და აქ ქრონოლოგიური ფენების გარჩევა ძალიან რთულია.

naxazi

გუმბათქვეშა ბურჯების შესახებ ძველ ავტორთა მასალებიდან გამომდინარე, ბურჯების აღმოსავლეთ წყვილი თავისუფლად იდგა, თუმცა კი ძალიან ახლოს კედლებთან (დაცილება არაუმეტეს 0,4 მეტრისა). დასავლეთის წყვილი მიდგმული იყო შესაბამისი კუთხეებიდან განივად გამოშვერილ პილონებზე, მაგრამ არ ებმოდა მათ - ახლა, როცა ბურჯები აღარ არის, ჩანს, რომ სამხრეთის პილონს პირითა მხარეს თლილი ქვის პერანგი აქვს. ბურჯები რვაწახნაგა ფორმისა იყო, იდგა მაღალ მრგვალ კვარცხლბეკებზე, რომლებიც სხვადასხვაგვარად იყო გაფორმებული პროფილირებული სარტყლებით. აღმოსავლეთის წყვილი ბურჯის კვარცხლბეკებს მთლიანად ფარავდა ნატიფი ფოთლოვანი ჩუქურთმა. სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის კვარცხლბეკში ნიკო მარის ცნობით, მოწყობილი იყო ადამიანის სიმაღლის ნიშა - ნაწილობრივ გამოღებული ბურჯში, ნაწილობრივ ზედ მიშენებული. ნიკო მარი არ აზუსტებს, რომელი მხრიდან იყო ეს ნიშა, მაგრამ  უეჭველია, რომ ის აღმოსავლეთიდან უნდა ყოფილიყო, ოშკის ტაძრის შესაბამისი ბურჯის მსგავსად. ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯის კვარცხლბეკი  თავის ბაზისიანად იდგა უფრო ვიწრო, დაახლოებით 65 სმ სიმაღლის რვაწახნაგა საყრდენზე. ვ. ჯობაძის აზრით, ეს კვარცხლბეკს ქვედა მონაკვეთი ტბეთში - ისევე, როგორც ანალოგიური დეტალი იშხანში - შეიძლება წარმოადგენდეს ნაშთს ძველი ბურჯისა, რომელსაც ის სავარაუდოდ X საუკუნის შუახანებით ათარიღებს. უფრო სარწმუნოა, რომ აღნიშნული ნაწილი მთელი ბურჯის თანადროული იყოს (მითუმეტეს, რომ იშხანში, რომელსაც ვ. ჯობაძე ასახელებს ტბეთის პარალელად, მას ბურჯის კვარხლბეკთან ერთად მხატვრულად სავსებით გააზრებული სახე აქვს). ყოველ შემთხევევაში, ის ვერ იქნება ნაშთი რვამკლავიანი ეკლესიისა, რომელსაც ბურჯები საერთოდ არ უნდა ჰქონოდა.
ბურჯების რვაწახნაგა ტანს ასრულებდა მაღალი, რთულად პროფილირებული კაპიტელები, რომელთა ზემოთ გუმბათქვეშა საყრდენები ჯვრისებრ ფორმას იღებდა. ჯვრის მკლავებს შორის კუთხეებში მსხვილი ლილვები იყო აყოლებული. ამ მოკლე მონაკვეთების დამაგვირგვინებელ იმპოსტებს ეყდნობოდა გუმბათქვეშა თაღები.
ინტერიერში შემოინახა ზოგიერთი კვეთილი დეტალი, რომლებიც მესამე მშენებლობის დროინდელი, ე.ი. X-XI საუკუნეთა მიჯნისა უნდა იყოს. ასეთია სატრიუმფო თაღის იმპოსტები ხვეული ჩუქურთმით დაფარული ქვედა ნაწილითა და მის თავზე გამოწეული ლილვითა და თაროთი, რომელსაც დისკოების მწკრივი ამკობს. ნატიფი დამუშავებით გამოირჩევა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების წინა თაღების მაღალი, მდიდრული იმპოსტები. მათი ძირითადი სიბრტყე აღმოსავლეთის წყვილზე ენისებრი ორნამენტითაა გაფორმებული, დასავლეთისაზე - წნულით.
ტბეთის ტაძრის ექსტერიერში მესამე მშენებლობის კვალი ნაკლებად ჩანს. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის  მკლავების შესაბამისმა ფასადებმა, რომლებიც დომინირებენ შენობის გარე მხატვრულ იერში, თავიანთი არქიტექტურული სახე მოგვიანებით მიიღეს. მესამე ტაძარს უნდა ეკუთვნოდეს აღმოსავლეთის მკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადთა შიდა (ე.ი. აღმოსავლეთ მკლავის მიმდებარე) ნაწილები მათზე შემორჩენილი დეკორაციული ელემენტებითურთ, როგორიცაა ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთ სარკმლის ხვეული ჩუქურთმით შემკული დიდი თავსართი და სამხრეთის მკლავის აღმოსავლეთ სარკმლის წრიული საპირე, გამოყვანილი ვაზის მტევნებისა და ფოთლების მოტივით (მოგვიანებით მრგვალი სარკმელი ქვემოთკენ ჩამოაგრძელეს, რასაც საპირის ქვედა ნაპირი შეეწირა). ფასადთა აღნიშნულ მონაკვეთებზე დეკორაციული თაღები არ არის. მესამე ტაძრიდან შემოინახა საკურთხევლის აფსიდის დიდი სარკმლის საპირე (აკლია ქვედა ნაწილი) და რელიეფური თავსართი, რომლის გადანაკეცების ბოლოებსაც მოგვიანებით მიდგმული საფასადო თაღნარი ფარავს. საპირეს წნული ორნამენტი ამკობს, თავსართს - ფოთლოვანი. საფიქრელია, რომ ამავდროინდელი უნდა ყოფილიყო დასავლეთის მკლავის ფასადებიც, რომლებზეც, როგორც ა. პავლინოვის ნახაზითა და ნიკო მარის აღწერით ჩანს, თაღნარი ასევე არ ყოფილა. ამ მკლავის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები გლუვი იყო, სრულიად მოურთავი; დასავლეთ ფასადზე ნიკო მარი აღნიშნავს რელიეფურ ჯვარს ფრონტონში, პატრონიკეს დიდი სარკმლის თავსართსა და მცირე წრიული სარკმლების საპირეებს და ქვედა დიდი სარკმლის თავსართს. ყველა შემკული იყო სხვადასხვა სახის წნული ან ხვეული ჩუქურთმით; მარჯვენა მრგვალი სარკმლის საპირეზე ურთიერთგადახლართულ წრეებში ვარსკვლავები იყო ჩაწერილი.
მომდევნო რეკოსნტრუქცია ტბეთის ტაძარმა კვლავ მცირე დროის შემდეგ - XI საუკუნის II მეოთხედში განიცადა. ეს რიგით მეოთხე მშენებლო ტაძრის ნაწილობრივ გაფართოებასა და მის ფასადთათვის უფრო მდიდრული იერის მინიჭებას ისახავდა მიზნად. მისი კვალი ცხადად ატყვია ჩრდილოეთის მკლავს - მასზე მიშენდა ეგვტერი, რომლის თავზე მოეწყო პატრონიკე. შემორჩენილი ფრაგნენტებით ირკვევა, რომ პატრონიკე სამი თაღით იხსნებოდა ძირითადი სივრცისაკენ. ამ ღიობების ქვემოთ ჩრდილოეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელს გაუყვებოდა პროფილირებული კარნიზი, რომელიც მონიშნავდა პატრონიკეს იატაკის დონეს (შემორჩა კარნიზის ორი განაპირა ქვა კუთხეებში). ეგვტერი წარმოადგენს მომცრო დარბაზულ სამლოცველოს აღმოსავლეთის აფსიდით. მასში ერთი სარკმელია. მეორე იყო ჩრდილოეთის კედელში. ერთი კარი - ზემოთნახსენები, ახლა მთლიანად მიწით დაფარული - ეგვტრიდან გადიოდა ჩრდილოეთის მკლავში, მეორე - ეგვტერის დასავლეთით მოგრძო სათავსში, რომლისგანაც აღარაფერი დარჩა (ის დანგრეული იყო უკვე ა. პავლინოვის მოგზაურობის დროს). ჩანგრეულია აგრეთვე ეგვტერის გადახურვა, დასავლეთის კედელი მთლიანად და ჩრდილოეთის კედლის დასავლეთ ნაწილი.
სამხრეთის მკლავში ამ პერიოდში ჩატარებული სამუშაოს შესახებ რისამე თქმა შეუძლებელია - ტაძრის ეს ნაწილი თითქმის მთლიანად განახლდა მომდევნო, რიგით მეხუთე მშენებლობის დროს. ვარაუდით, ჩრდილოეთის მკლავის სიმეტრულად ეს მკლავიც უკვე ამ პერიოდში უნდა დაეგრძელებინათ (შესაძლოა, აქაც დამატებითი სათავსის მიშენებით) და რომ მასშიც მოაწყობდნენ პატრონიკეს.
ცვლილება მოხდა საკურთხევლის ნაწილშიც. პასტოფორიუმები  აღმოსავლეთისაკენ დააგრძელეს აფსიდის გარე კედლის პირამდე, რის შედეგადაც დაიკარგა აფსიდის გარე შვერილობა და გაჩნდა ერთიანი ფართო აღმოსავლეთ ფასადის სიბრტყე, რომელზედაც გაკეთდა ღრმა თაღნარი. სამი საფასადო თაღიდან შუა უფრო ფართოა და მცირეოდენ უფრო მაღალი, ვიდრე გვერდითები. ანალოგიური თაღნარით გაფორმდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების შესაბამისი ფასადებიც. თაღები საფეხუროვანია და ეყრდნობა ასეთსავე პილასტრებს, რომლებზედაც დამატებით მსხვილი შეწყვილებული ლილვებია აყოლებული. თაღნარი ანაწევრებს ფასადებს და მკვეთრად ზრდის მათ პლასტიკურ გამომსახველობას.
XI საუკუნის II მეოთხედში ჩატარებული რეკონსტრუქციის დროინდელი კვეთილი საფასადო დეკორის გარჩევა წინა სამშენებლო პერიოდის მორთულობისაგან რთულია. დროითი ინტერვალი ამ სამშენებლო პერიოდებს შორის ძალიან მცირეა და ჩუქურთმებიც პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან არც შესრულების მანერითა და არც ორნამენტულ სახეთა რეპერტუარით. ქრონოლოგიურ ფენათა საერთო განშრევებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უთუოდ მეოთხე მშენებლობის დროინდელია:
1. სამი პატარა მრგვალი სარკმლის (ისინი კონქის ზემოთ მოწყობილ სამალავებს  ანათებენ) მოჩუქურთმებული საპირეები აღმოსავლეთ ფასადის ზედა ნაწილში და განედლებული ჯვრის უკვე გამქრალი რელიეფი იქვე, შუა სარკმლის თავზე, ზედ ფრონტონის კეხში;
2. აღმოსავლეთის მკლავის კარნიზები, რომელთა მოზრდილი ფრაგმენტები მკლავის სამსავე ფასადზე შემოინახა. აღმოსავლეთ ფასადზე კარნიზი შედგება ფოთლოვანი ორნამენტით დაფარული ძირითადი სიბრტყისაგან, მის ზემოთ გრეხილი ლილვისა და სულ ზემოთ პაწია ნახევარდისკოების მწკირივისაგან. სამხრეთ ფასადზე კარნიზს კონცენტრულად დაღარული სამკუთხა ფოთლების რიგი გაუყვება. ჩრდილოეთ ფასადზე კვლავ განსხვავებული ფოთლოვანი ჩუქურთმაა. სამივე ორნამენტი ძალიან დახვეწილია;
3. ჩრდილოეთის ეგვტრის აფსიდის სარკმლის თავსართი, შემკული იმავე პალმეტებით, და 1993 წელს ამოტეხილი განედლებული ჯვრის გამოსახულება თავსართს ზემოთ. ეს ჯვარი - ისევე, როგორც ჯვარი აღმოსავლეთ ფასადის წვერში - გამოყვანილი იყო ღარდაყოლებული ლენტის 8-ისებრი ხლართით, ძალზე ფაქიზად და ნატიფად. მისი ზედა მკლავის აქეთ-იქით იმავე ფილაზე ამოკვეთილი იყო წარწერა:

ქ(რისტ)ჱ                                     ი...
ა(დი)დე                                       თა...
ი(ო)ვ(ან)ე                                    ცხ(ოვრე)ბ(ათ)ა

მესამე და მეოთხე სამშენებლო პერიოდების კვეთილი შემკულობა მაღალი მხატვრული ხარისხითა და ტექნიკური შესრულების ვირტუოზული ოსტატობით X-XI საუკუნეების ქართული ჩუქურთმის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. იგივე ითქმის ზოგადად მშენებლობის ხარისხის შესახებაც. ორსავე პერიოდში კედლების როგორც გარე, ისე შიდა პერანგისათვის ხმარობდნენ მხოლოდ სუფთად თლილ დიდ კვადრებს.
ამის შემდეგ ორი საუკუნის განმავლობაში ტბეთის ტაძარი ხელუხლებლად იდგა. XIII საუკუნის შუა ხანებში აღადგინეს მისი სამხრეთის მკლავი. როგორც ჩანს, ამ რემონტის შემდეგ გაქრა პატრონიკე, რომელიც ჩრდილოეთის მკლავის მსგავსად, ალბათ სამხრეთისაშიც უნდა ყოფილიყო მეოთხე მშენებლობის შემდეგ. აღდგენილი ნაწილი მკვეთრად გამოირჩევა ინტერიერში - ის ძველი წყობის კვადრებთან შედარებით ბევრად უარესად დამუშავებული მუქი მორუხო ქვით არის მოპირკეთებული. სარკმლები შიგნიდან დაბრეცილია, მათ ფორმებს დიდად აკლია გეომეტრიული მკაფიოება. ფასადზე ხარისხობრივი განსხვავება ნაკლებად თვალშისაცემია. მშენებლებმა იზრუნეს ტაძრის ექსტერიერის მხატვრული მთლიანობის შენარჩუნებაზე და აღადგინეს (ჩანს,  ჩრდილოეთ ფასადის ანალოგიურად) ღრმა, პლასტიკური საფასადო თაღები - XIII საუკუნისათვის უკვე უცხო ელემენტი. შუა თაღში მოქცეულ შეწყვილებულ სარკმლებს ლილვური სვეტებითა და დეკორაციული კვადრატებით შედგენილი მართკუთხა საპირეები მოსავს. ჩუქურთმის სახეები გეომეტრიულია (ორღარდაყოლებული ლენტით გამოყვანილი სხვადასხგვარი წნულები და ხლართები). შესრულების ხარისხი მაღალია, მაგრამ მთლიანად მორთულობას არტისტიზმთან და პროფესიონალიზმთან ერთად ერთგვარი დაუდევრობაც ეტყობა (ერთ-ერთი კვადრატი ირიბად ზის, არკატურის აღმოსავლეთ თაღი დაბრეცილია), რაც დამახასიათებელია XIII საუკუნის შუა ხანებისა და შემდგომი დროისათვის. ალაგ-ალაგ სამხრეთ ფასადის წყობაში ჩასმულია უფრო ადრინდელი ჩუქურთმიანი ქვები. ხელმეორედ არის გამოყენებული მარცხენა მრგვალი სარკმლის საპირე პლასტიკური ფოთლოვანი ორნამენტით და შუა თაღს ზემოთ მოთავსებული რელიეფური გამოსახულება წმინდანისა (ახლა დაკარგულია).
ტბეთის ტაძრის უკანასკნელი მნიშვნელოვანი შეკეთება - რიგით მეექვსე  მშენებლობა - XIV საუკუნეს განეკუთვნება. ამ დროს აღადგინეს გუმბათი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მაგრამ კარგად ჩანს ა. პავლინოვისა და ნიკო მარის ფოტოსურათებზე. აღდგენა შეეხო გუმბათის ყელს, საკუთრივ გუმბათსა და მის გარე სახურავს. X-XI საუკუნეთა მიჯნაზე გაკეთებული გუმბათქვეშა კონსტრუქცია და ყელისძირა სარტყელი ხელუხლებელი დარჩა.
გუმბათის ყელი გარედან თექვსმეტწახნაგას წარმოადგენდა. მასში წახნაგგამოტოვებით რვა ძალიან ვიწრო და მაღალი სარკმელი იყო გაჭრილი. მათ ჰქონდათ მოჩუქურთმებული საპირეები, რომლებსაც გარედან ორმაგი ლილვით გამოყვანილი თაღოვანი ჩარჩოები შემოწერდა. ლილვი შემოუყვებოდა საპირეთა შიდა კონტურსაც. ანალოგიური მოჩარჩოება გაკეთებული იყო უსარკმლო და, შესაბამისად, უსაპირო წახნაგებზეც. ზემოთ, ჩარჩოების ნახევარწრიულ დაბოლოებებს შორის ჰორელიეფური გირჩები თავსდებოდა. გუმბათის ყელს აბოლოებდა მაღალი კარნიზი. სახურავს კონუსის ფორმა ჰქონდა.
ტბეთის გუმბათის არქიტექტურული გადაწყვეტა მოკლებულია გამომხატველობას, დუნეა და მშრალი. საპირეების წნული ჩუქურთმა (ჩანს ნიკო მარის ერთ ფოტოსურათზე) დაწვრილმანებულია. როგორც შენიშნავს პარმენ ზაქარაია, შესრულების ტექნიკით, პროპორციებით, მხატვრული გაფორმების ზოგადი პრინციპითა და ცალკეული დეტალებით ტბეთის ტაძრის გუმბათი ყველაზე ახლოს დგას გერგეტის სამების გუმბათთან და დაახლოებით მისი თანადროული უნდა იყოს. შესაძლოა, ამავე ხანებში ან კიდევ უფრო გვიან იყოს ჩაშენებული დამატებითი სათავსი ტბეთის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. მისგან დღემდე შემორჩა მომცრო აფსიდი აღმოსავლეთ მხარეს. აფსიდის თავზე, კედლის სისქეში ვიწრო და გრძელი საიდუმლო ოთახია მოწყობილი.
როგორც ამ მოკლე მიმოხილვიდან გამოჩნდა, ტბეთის ტაძარმა საუკუნეთა მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი აღდგენა-გადაკეთება განიცადა. სამწუხაროდ, თითქმის არ მოიპოვება წერილობითი ცნობები კათედრის დაარსების შემდეგ, სხვადასხვა დროს აქ ჩატარებულ მშენებლობათა შესახებ. ტაძრის ისტორიის რეკონსტრუქციის დ. ხოშტარიას ცდა არსებითად მთლიანად არქიტექტურულ მონაცემებს ემყარება და ამდენად, ცხადია, უეჭველი ვერ იქნება. ბევრი რამ შეიძლება დაზუსტდეს მომავალში, თუ მოხერხდა შენობის გაწმენდა და არქეოლოგიური შესწავლა.
ტაძრის ინტერიერი მოხატული იყო. საკურთხევლის აფსიდის ზედა რეგისტრში ახლაც განირჩევა აღსაყდრებული მაცხოვრის გამოსახულების ფრაგმენტები. მის ორსავე მხარეს წარმოდგენილნი არიან ანგელოზები და ქერობინები. აფსიდის შუა რეგისტრში, სარკმლის აქეთ-იქით გამოსახულნი იყვნენ წმიდა ღმთისმშობელი და წმიდა იოანე ნათლისმცემელი, მათ გაყოლებაზე - მოციქულები (შემორჩა რამდენიმე ფიგურის თავები). ამჟამად მთლიანად განადგურებული ქვედა რეგისტრი ტრადიციისამებრ ეკავა ეკლესიის მამათა რიგს (ნიკო მარმა გაარჩია ერთ-ერთი მათგანის წარწერა - წმიდა ათანასე). აფრა-ტრომპებზე გამოსახულნი იყვნენ მახარებლები თავიანთი სიმბოლოებით (პრ. უვაროვას აღნიშნული აქვს ანგელოზისა და ხარის ფიგურები). დასავლეთის მკლავში, ნართექსის ქვეშ წარმოდგენილი იყო წმიდა გიორგის ცხოვრების სცენები შესაბამისი წარწერებით („აქა სცემდეს შოლტითა წმიდასა გიორგის“, „აქა განჳღო სიმდიდრე მისი წმიდამან გიორგი“, „აქა ურმის თვალსა გააკრეს წმიდაჲ გიორგი“). ნიკო მარი და ჟ. მ. ტიერი ტბეთის მოხატულობას XII-XIII საუკუნეთა მიჯნით ათარიღებენ. დასავლეთის მკლავის მოხატულობა ალბათ უფრო გვიანდელია. ნიკო მარის მიერ აღნიშნული უწიგნურობანი წარწერებში (კერძოდ, ჲ-ს არასწორი ხმარება) გვიანი თარიღის სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს. საფიქრელია, რომ ეს მხატვრობა უნდა უკავშირდებოდეს ტაძრის ხელახლა კურთხევას წმიდა გიორგი სახელზე XV-XVI საკუნეებში.
ტაძრის სამხრეთით, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ნიკო მარმა ნახა დიდი ზომის ფილა ძლიერ დაზიანებული  ექვსსტრიქონიანი წარწერით.

ყ(ოვლა)დ წ(მიდა)ო ღ(მრთის)მშ(ობელო)
თ(ა)ვნო მ(ო)ც(ი)ქ(ულ)თ(ა)ნო
.მქ~მნ თქ~გ
კე.ი.....
.ჱ..ბჭე ესე
და კუ(ბო)ჲ დედისა ღ(მრთისა)ჲ

ამჟამად წარწერა, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებით შეიძლება დაღარიღდეს, დაკარგულია. დასანანია, რომ ნიკო მარის მონაცემებით მისი სრულად აღდგენა ვერ ხერხდება. შინაარსობრივად წარწერა უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანს. განსაკუთრებით ბევრ საფიქრალს აღძრავს მისი ბოლო სტრიქონი. „კუბო“ შეიძლება გულისხმობდეს ღმრთისმშობლის ხატის ჩასასვენებელს, მაგრამ მაშინ ასახსნელია, თუ რატომ არის ის მოხსენიებული ბჭესთან ერთად. ამ კონტექსტში ის ასევე შეიძლება აღნიშნავდეს საფლავზე მდგარ ნაგებობას - ერთგვარ ჩარდახს თუ ბალდახინს. მაგრამ მაშინ რა იგულისხმება წარწერაში - ღმრთისმშობლის საფლავი იერუსალიმში თუ მისი იმიტაცის თვით ტბეთის ტაძარში? შესაძლოა აქ არსებობდა ცალკე სათავსი ან შენობა, რომელიც „ღმრთისმშობლის საფლავად“ იწოდებოდა - ისე, როგორც სვეტიცხოვლის ტაძარში არსებოდა „უფლის საფლავი“. ასეა თუ ისე, როგორც სამართლიანად აღნიშნავდა ნიკო მარი, წარწერა აშკარად მიუთითებს ღმრთისმშობლის კულტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ტბეთში.
ბ) ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ იდგა ქვის დიდი სტელა. ის კარგ მდგომარეობაში ნახეს პრ. უვაროვამ და ა. პავლინოვმა (ჩანს მის ფოტოსურათზე). ნიკო მარს სტელა უკვე წაქცეული და ორად გატეხილი დახვდა. ორივე ნატეხი დაკარგულია. არ ჩანს არც სტელის კვარცხლბეკი, რომელიც ნიკო მარის მოგზაურობის დროს ჯერ კიდევ ადგილზე იყო.
მოწითალო ვულკანური ჯიშის ქვისგან დამზადებულ 4,25 მეტრის სიმაღლის სტელას რვაწახნაგა ფორმა ჰქონდა და ზემოთკენ ვიწროვდებოდა. ქვემოთ გამოყოფილი იყო 67 სმ-ის სიმაღლის მთლიანად მოჩუქურთმებული ოთხწახნაგა ძირი (წახნაგთა სიგანე 70 სმ). სტელა იდგა კვარცხლბეკზე, რომელსაც ფართო (5,0X4,7 მ) და მაღალი (1,25 მ) პლატფორმის სახე ჰქონდა, სტელის თავზე გამოღებულ მრგვალ ფოსოში თავის დროზე, ალბათ, ჯვარი იქნებოდა ჩამაგრებული.
გ) ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა სამრეკლო. ის ჩანს გ. ყაზბეგის სქემატურ ნახატზე და ტექსტშიც არის მოხსენიებული. უფრო სრულია პრ. უვაროვას აღწერა. ა. პავლინოვს სამრეკლოს ადგილას უკვე ნანგრევიღა დახვდა. სამრეკლო დაინგრა (დაანგრიეს?) 1887 წელს, დროის მოკლე პერიოდში პრ. უვაროვასა და ა. პავლინოვის მოგზაურობებს შორის. ეს თარიღი მიაწოდა ნიკო მარს ერთ-ერთმა სოფლელმაც.
ტბეთის სამრეკლო ტრადიციული სტრუქტურის ორიარუსიან ნაგებობას წარმოადგენდა. ქვედა, გეგმით კვადრატული კორპუსი ოთხსავე მხარეს თაღებით იხსნებოდა. მასზე იდგა რვაწახნაგა ფანჩატური, შესაბამისად რვამალიანი თაღნარით. გ. ყაზბეგიცა და პრ. უვაროვაც აღნიშნავენ შენობის სიტლანქეს და მისი ორნამენტული შემკულობის უხარისხობას.
სამრეკლოს ჰქონდა ორი წარწერა: ერთი, როგორც ჩანს, ქვედა კორპუსზე, მეორე - ფანჩატურზე, კარნიზის ქვეშ. გ. ყაზბეგმა და პრ. უვაროვამ ეს წარწერები ნახეს, მაგრამ არ წაუკითხავთ. ნიკო მარმა ერთი ამ წარწერათაგანი აღმოაჩინა ერთ-ერთი სოფლელის სახლში, სადაც ის ღუმელში იყო ჩადგმული სამრეკლოს ნანგრევიდან წამოღებულ სხვა ქვებთან ერთად. შვიდსტრიქონიანი წარწერის ზედა სამი სტრიქონი მთლიანად და მეოთხეზე-მეშვიდე სტრიქონების დასაწყისი გადაშლილი იყო. დანარჩენი (მეოთხე სტრიქონიდან) ასე იკითხებოდა:

...რ მოს(ა)ვსა
...იტოს მტბევ
...ქ(ო)რ(ო)ნიკ(ო)ნსა სიე

ამ ფრაგმენტით დასტურდება, რომ წარწერა ნამდვილად სამრეკლოდანაა და დგინდენა მისი აგების თარიღი - 1527 წელი (215+1312), რაც სავსებით შეესაბამება მისი არქიტექტურის დაბალ მხატვრულ და ტექნიკურ დონეს.
ნიკო მარმა ნახა სხვა, უკეთ შემონახული წარწერაც, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ასევე სამრეკლოს ნანგრევებიდან იყო ამოღებული. მასში იკითხებოდა:

ქ(რისტე) ამ(ი)სა ზედა მდე-
გსა თათუხაძეთა
შ(ა)ხბუზას შ(ეუ)ნ(დო)ს ღ(მერთმა)ნ

ნიკო მარმა ეს წარწერიანი ქვა საფლავის ქვად მიიჩნია. დ. თუმანიშვილის  შენიშვნით, შახბუზა თათუხაძე უნდა იყოს სამრეკლოს სამშენებლო სამუშაოთა „ზედა მდეგი“. ოშკის ცნობილ წარწერაში, რომელიც ტბეთის სამრეკლოს ზემოთმოტანილ წარწერაზე ხუთნახევარი საუკუნით ადრეა ამოკვეთილი, „საქმეთა ზედა მდგომს“ უწოდებს თავის თავს ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი გრიგოლი.
დ) ყველა ავტორი აღნიშნავს დიდ შენობათა ნანგრევებს ტაძრის ირგვლივ. ტაძრის სამხრეთით, ცოტა მოშორებით იყო გრძელი კამაროვანი მიწისქვეშა გალერეა. ამჟამად რაიმე ნაგებობის კვალი არსად ჩანს.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ტბეთის კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

დ. ხოშტარია - „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბ. 2005 წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://burusi.wordpress.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016