|
არმაზისხევი
(Zv.w. IV-a.w. VIII)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ა) სამარხები:
I. ერისთავთა და სხვა მდიდრული სამარხები;
II. II-III საუკუნეების ღარიბულ სამარხები;
III. IV-IX საუკუნეების სამაროვანი.
ბ) ნაგებობები:
I. ზღურბლიანი ნაგებობა (პიტიახშთა სასახლე);
II. დასავლეთის სენაკი;
III. აღმოსავლეთის სენაკი
IV. აბანო;
V. ერთსენაკიანი ნაგებობა;
VI. მარანი;.
VII. საკულტო ნამარხები
2. mniSvnelovani da saintereso informacia
ეპიტაფიებიდან საქვეყნოდ ცნობილია 1940 წელს არმაზისხევის ერისთავთა სამაროვნის გათხრისას აღმოჩენილი ორენოვანი წარწერა, რომელიც "არმაზის ბილინგვის" სახელითაა ცნობილი. არმაზის ბილინგვა ამოკვეთილია ქვიშაქვის დიდ ლოდზე. ზედა ნაწილზე ბერძნული წარწერაა მოთავსებული, ქვედაზე კი - არანეული. ბერძნული ტექსტის თარგმანი ასეთია: "სერაფიტი, ასული პიტიახშ ზევახ მცირია, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა - ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა". ბილინგვის არამეული ნაწილის თარგმანი ასეთია: "მე (ვარ) სერაფიტი, ასული ზევახ მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა - ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომლოვებელი ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა, ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო (მისი) მსგავსი სილამაზით, გარდაიცვალა 21 წლისა".
უკანასკნელ ხანს აღმოაჩინეს ასევე არამეული მონოლინგვა (ერთენოვანი წარწერა), რომელშიც მეფე ამაზასპი იხსენიება და ჩვ. წ. III ს-ით უნდა თარიღდებოდეს.
არმაზის ბილინგვა და ახალ აღმოჩენილი მონოლინგვა უძვირფასეს მასალას იძლევა ქართლის სახელმწიფოებრივი წყობის, პოლიტიკური ისტორიისა და სხვათა შესასწავლად.
3. adgilmdebareoba
ამ ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმე ისტორიული ძეგლი: არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზის ციხე, არმაზისხევი და არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია. ეს ერთნაირი დასახელებები ხშირად იწვევს ხალხში ამ ძეგლების სახელწოდებების ერთმანეთში არევას. ამ მიზეზის გამო აქვე მოვახდენთ ამ ძეგლების გამინჯვას:
მდინარე არმაზისხევის ხეობაში, მდებარეობს ორი ძეგლი: ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე. ისინი ერთმანეთისაგან ერთი კილომეტრით არიან დაშორებული.
არმაზისხევი მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი.
ბაგინეთი იგივე არმაზციხე (არა არმაზის ციხე), მდებარეობს უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლები. ამ ადგილას არმაზის კერპი იყო აღმართული.
არმაზისხევის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკინიგზის სადგურის დასავლეთით, 2 კილომეტრზე, არმაზისხევისა და მდ. მტკვრის შესართავთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ერთ-ერთ ტერასაზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები შემოზღუდულია და აქ საველე მუზეუმია შექმნილი. გათხრილი სხვადასხვა ტიპის სამარხები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები ძირითადად ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდით თარიღდება. არის ენეოლითისა (ობსიდიანის იარაღის სახელოსნოს ნაშთები) და ბრინჯაოს ხანის (ორმოსამარხი) ძეგლებიც. არმაზისხევში ყოფილა ქართლის ერისთავთა (პიტიახშთა) რეზიდენცია. არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1937-41, 1943-46 წლებში. გათხრები ჩაატარა ჯერ ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის არმაზის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე), შემდეგ ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არმაზის ჯგუფმა (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე), და ბოლოს იმავე ექსპედიციის არმაზისხევის რაზმმა (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე).
მოპოვებული მასალის ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი – ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საექსპედიციო ბაზასა და საველე მუზეუმში.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
|
gaTxrebis gegma |
ა) სამარხები. არმაზისხევის მინდორზე გაითხარა გვიანდელი ბრინჯაოს –ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხები, II-IV და IV-IX საუკუნეებში დათარიღებული სამაროვნები.
I. ძირითადი უბნის შუაგულში თავმოყრილი ერისთავთა და სხვა მდიდრული სამარხები, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთ-დასავლეთით განლაგებული ღარიბული სამარხები II-III საუკუნეებით თარიღდება. ამ უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში IV საუკუნის მდიდრული სამარხებია. ერისთავთა სამარხებში აღმოჩნდა ორი მთლიანკვეთილი სარკოფაგი, დანარჩენი შვიდი შედგენილი, კარგად გათლილ-გამოკოდილი ფილაქვით ნაგები სამარხებია. IV საუკუნის სამარხების შემადგენელი ფილაქვები იშვიათადაა გათლილი და ნარიბანდებიც ნაკლები გულმოდგინეობითაა ამოჭრილი. ერისთავთა სამარხები ყველა ინდივიდუალურია, მეორე ჯგუფში კი არის კოლექტიური, საოჯახო სამარხები. ერისთავთა სამარხებში მიცვალებულის ვერცხლისფეხებიან სარეცელზე დასვენების სამი შემთხვევაა, IV საუკუნის სამარხებში – არცერთი. მიცვალებულები აქ რკინის ლურსმებით შეკრულ ხის კუბოებში ასვენია. ერისთავთა სამარხებში აღმოჩნდა: ერისთავთა ინსიგნიები (საზეიმო სატევრები, საბეჭდავი, სარტყელი, დიადემა), მონეტები ვერცხლის და მინის ჭურჭელი, სამკაული, თილისმა-ავგაროზები, მხედრისა და ცხენის აღკაზმულობის ნაწილები, რკინის დანისპირები და სხვა. IV საუკუნის სამარხებში აღმოჩნდა მხოლოდ სამკაული.
|
samarxis aqsonometria da zeda sarTulis gegma |
II. II-III საუკუნეების ღარიბულ სამარხებს შეადგენს ორი კრამიტსამარხი და ორი ქვაყუთი. მიცვალებულები ესვენა პირდაპირ მოტკეპნილ იატაკზე, ფეხმოკეცილი. ამ სამარხებში აღმოჩნდა იაფფასიანი მასალისგან, მაგრამ ერისთავთა სამკაულ-ჭურჭლის მიბაძვით დამზადებული ნივთები.
III. IV-IX საუკუნეების სამაროვანი საშუალო და დაბალი ფენების მასობრივი სასაფლაოა. სამარხები ნაგებია დაუდევრად, გაუთლელი ფილებით. გრძივი კედლები ხშირად ნატეხი ქვითა და თიხითაა ამოყვანილი. ქვის სამრხები უმეტესად კოლექტიური, საოჯახო სამარხებია. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია სამკაული, ტანსაცმლის ლითონის ნაწილები და მინის ჭურჭელი.
ბ) ნაგებობები სხვადასხვა დროის და დანიშნულებისაა. აბანო, ზღურბლიანი ნაგებობა (სასახლე), ერთ და ორ-სენაკიანი ნაგებობები, მარანი და საკულტო ნამარხები ადრინდელია.
I. არმაზისხევში მიკვლეულ შენობათა სწორკუთხა ფორმის გეგმა, შენობათა ხარისხი, სვეტისთავი და ძირი, მარმარილოს ქანდაკებათა ფრაგმენტები მოწმობენ, რომ საქმე გვაქვს წარჩინებულთა წრის სასახლის (პიტიახშთა სასახლე) ნანგრევებთან. აქ გამოვლინდა კაპიტალური კედლებით გამოყოფილი სენაკები.
II. დასავლეთის სენაკის (7X6,75 მ) ჩრდილო კედლის ცენტრში გაჭრილია კარი, რომლის ზღურბლი მასიური ქვიშაქვის დიდი ფილაქვაა. ზღურბლში ამოკვეთილია საფეხური, რომლის კუთხეებში ამოჭრილია კარის ღერძის ჩასამაგრებელი ფოსოები. შემორჩენილია აგრეთვე კარის ორივე ამყოლი, არქიტრავის დიდი ფრაგმენტი, ქვიშაქვის სვეტის ბაზისი და კორინთული სტილის სვეტითავი აკანთის ფურცლების მოტივისა.
III. აღმოსავლეთის სენაკი ძლიერ დაზიანებულია, მას კიდევ ებმის სამი კედელი, მაგრამ სასახლის დანგრევის შემდეგ, მისი კედლები გამოუყენებიათ სამარხების ასაგებად. სასახლის ეზო ფილაქნებით ყოფილა მოფენილი, კრამიტის ნატეხების რაოდენობა კი მიგვითითებს სახურავებით შენობათა გადახურვაზე.
IV. არმაზისხევის ერისთავთა სასახლიდან ათიოდე მეტრის დაშორებით აღმოჩნდა ანტიკური დროის აბანო. აბანო (სიგრძე 26,12მ, სიგანე – 6,84 მ) ხუთი განყოფილებისაგან შედგება: გასახდელი ოთახის, საცეცხლისა და სამი საბანაო (ცივი, თბილი და ცხელი) სათავსისგან. შენობის განაპირას, დასავლეთით არის გასახდელი (იატაკი ხისა უნდა ყოფილიყო). სამხრეთის კედელში შესასვლელია. აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი კარით (საცეცხლის თავზე) შედიოდნენ ცხელ აბანოში. აქ შემორჩენილია კვადრატული ფილაქვით ნაგები აუზი. ცხელი აბანო კარით უკავშირდება თბილ აბანოს, საიდანაც გადიოდნენ ცივ აბანოში. ცივ აბანოში აუზი იყო მოწყობილი და იქ სამსაფეხურიანი ქვის კიბეებით ჩადიოდნენ. აუზის იატაკი დაქანებულია და კუთხეებში დატანებულია წყლის გასასვლელი კერამიკული მილები, რომლებიც უერთდება მტკვრისაკენ მიმავალ არხს. აბანო მარაგდებოდა ორი წყალსადენით. იატაკვეშა სართულში გამართულია ცხელი ჰაერით გათბობა, რომელიც მიედინებოდა იატაკის ქვეშ და კედლებში მოწყობილი არხებით. ქვედა სართულში რიგებად დაწყობილია მრგვალი ან ოთხკუთხა აგურის 45 სვეტი. სვეტები იყო გადახურული სწორკუთხა ფილებით, რომლებიც ქმნიან ზედა სართულის იატაკს. ამის გარდა აბანო თბებოდა კედლებში დატანებული კერამიკული მილებით. თბილი აბანოს იატაკი, სართულშუა გადახურვა და ცხელი ჰაერის მომწოდებელი მილები აქაც ისეთივეა, როგორც ცხელ აბანოში. აბანო რომაული აბანოების ტიპისაა, იგი მიეკუთვნება ახ. წ. II საუკუნეს.
V. ერთსენაკიანი ნაგებობა ქვითკირისაა, შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის ქვედა ნაწილი (სიმაღლე 1,5 მ, სიგანე 8 მ), აგრეთვე სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების ნაწილები. შენობის სრული გეგმა და დანიშნულება გაურკვეველია. ორსენაკიანი ნაგებობა აღმოჩნდა აბანოს სამხრეთ-დასავლეთით, 40 მეტრზე. აშენებულია ნატეხი ქვით და კირით, შედგება ორი არათანაბარი განყოფილებისაგან. მათი გამყოფი და გარე კედლები ერთნაირი სისქისაა.
VI. მარანი არამაზისხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქვევრების უმეტესობა დამტვრეულია (უდიდესი ქვევრის სიმაღლე 2მ). ყველა ქვევრი შვეულადაა ჩადგმული მიწაში და ყველას დიდი მუცელი აქვს. ქვევრებს შემოვლებული აქვს გარედან საკმაოდ რელიეფური, სადა ან ჭდეული ორი, ოთხი ან მეტი წვრილი სარტყელი. ზოგიერთ ქვევრს შერჩენილი აქვს ქვის სარქველი.
VII. საკულტო ნამარხები წითლად და შავად გამომწვარი თიხის ქილებია. ყველა ძალიან ღრმად იყო ჩაფლული (1,8 – 2,5 მეტრზე). სულ ნაპოვნია 9 ქილა, ზოგიერთ მათგანში აღმოჩნდა ფრინველის ჩონჩხი.
აგრეთვე უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაითხარა ორსენაკიანი ნაგებობა, რომლის საფუძვლად გამოყენებულია ძველი დანგრეული ნაგებობების ღია მონაცრისფრო და ზოგჯერ მოწითალი ქვიშაქვის თლილი ლოდები, რომლებზეც ნატეხი ქვითა და თიხით ამოყვანილია კედლები. თითოეულ სენაკში აღმოჩნდა ორ-ორი ქვაყუთი სამარხი. სამარხთა კედლები კარგად გათლილი ქვებითაა შედგენილი.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
არ მოგვეპოვება.
9. gamoyenebuli masalebi
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990წ.
2. პარმენ ზაქარაია – „ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს“, 1990წ.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://gvtaeba.blogspot.com
http://forum.ge
http://sites.google.com
http://history.ucoz.de
|