Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

kveteras cixe-qalaqi

(XI s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

I. შიდა ციხე
ა) გუმბათოვანი ეკლესია
ბ) დარბაზული ეკლესია
გ) სასახლე
დ) გალავანი
ე) სამეურნეო დანიშნულების სათავსები;

II. ქვედა ციხე

2. mniSvnelovani da saintereso informacia

კვეტერა საკმაოდ განვითარებული და ძლიერი ქალაქი ყოფილა, რასაც შემდეგი ისტორიული ფაქტიც მოწმობს. როდესაც ბაგრატ IV, 1043 წლებში მთელი კახეთ–ჰერეთი დაიმორჩილა, კვეტერის აღება ბევრ შეძლო.

3. adgilmdebareoba

კვეტერას ციხე–ქალაქი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით 10 კმ-ში (პირდაპირი მანძილი), მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

კვეტერას (კვეტარის, კუეტერის) ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.
1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა იაე ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტთან ერთად (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ბურჯის ქვეშ გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნასტი, გაითხარა სასახლე, გაიწმინდა გუმბათოვანი ეკლესია, ციხის წყალსაცავი, მთავარი (დასავლეთის) კარიბჭე, რვაწახნაგა კოშკი, დადგინდა წყალსადენის ტრასა. დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, მინის ჭურჭელი და სამაჯურები, სპილენძის მონეტა და სხვა. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე საწარმოო წუნის, ნახევარფაბრიკატებისა და მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების აღმოჩენა, აგრეთვე ზოგიერთი ჭურჭლის თავისებურება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონდა.
1968-70 წლებში სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (არქიტ. ო. თორთლაძე, კონსულტანტი არქიტ. ლ. რჩეულიშვილი) ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები: აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია. აღდგენილ იქნა სასახლის დანგრეული ნაწილები. 1984 წელს დამუშავდა ძეგლის აღდგენა-გამაგრების და კონსერვაციის პროექტი. 1987-91 წლებში მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენა-კონსერვაცია, რომელიც ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. 1991 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით უხარისხოდ შეკეთდა ქვედა ციხის გალავნის ჩრდილოეთ კედელი.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gegma
fasadi

კვეტარის ციხე–ქალაქის ნანგრევები მაღალ მთაზეა შემორჩენილი. ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი უჭირავს შიდა ციხეს (ციტადელი), რომელიც დანარჩენი ნაწილისგან ზღუდითვეა გამოყოფილი. მეორე ნაწილი (ქვედა ციხე) ბევრად უფრო დიდია. შიდა და ქვედა ციხეებს შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია.
I შიდა ციხე გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული მრავალგვერდაა (ფართ. დაახლოებით 3500 კვ.მ.), რომლის კედლებში ჩადგმულია მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები და გამაგრებულია კონტრფორსებით. შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია: გუმბათოვანი ეკლესია, დარბაზული ეკლესია, სასახლე, დამხმარე ნაგებობათა და წყალსაცავის ნაშთები. შიდა ციხეს ორი შესასვლელი აქვს: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება. შიდა ციხის აღმოსავლეთის ორივე კუთხეში ჩართულია დიდი მრგვალი კოშკები, ორივე კოშკის კედელი ეზოს მხარეს სწორია და მთელი ტანით გალავნის გარეთ არის გასული. შიდა ციხის გალავანში ჩართულია ათი სხვადასხვა გეგმის კოშკი, რომლებმაც ჩვენამდე ძლიერ დაზიანებულებმა მოაღწიეს.
ა) გუმბათოვანი ეკლესია დგას ზედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება X საუკუნეს. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი, ნაწილობრივ დიდი ზომის, ფილებით, რომლებიც სწორ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნიან. ეკლესიის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია ნახევარსფერული გუმბათით დასრულებული ცილინდრული ყელი. მკლავებს შორის, გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში გეგმით წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთ და დასავლეთ აფსიდების ბემები ჩრდილო და სამხრეთ ბემებზე ორჯერ უფრო ღრმაა, რის გამოც ჯვრის აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძი რამდენამდე აღემატება სამხრეთ–ჩრდილოეთის ღერძს. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთ აფსიდებშია გაჭრილი. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან–თაღოვანი. საკურთხეველში თანაბარი სიმაღლის სამი თაღოვანი სარკმელია. დანარჩენ აფისდებში კი – თითო. თითო თაღიანი სარკმელია მკვალებს შორის მოქცეულ ნიშებშიც. ჯვრის ოთხივე მკლავის ბოლოებში სამ–სამი შეჯგუფებული ნახევარსვეტია, რომლებსაც საერთო ოთხწახნაგა კაპიტელი აგვირგვინებს. კაპიტელზე დაყრდნობილია როგორც გუმბათქვეშა ისე მკლავბეშორის მოქცეული ნიშნების თაღები. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია ერთი მეორეზე გადმომჯდარი თაღების სისტემა. გუმბათქვეშა თაღებსა და მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღების თავზე, კონსოლებზე დაყრდნობილი და საფეხურით გამოშვერილი თითო თაღია. ნიშების თაღების ზემოთ (გუმბათქვეშა თაღების წვერის დონეზე) მოწყობილია კიდევ ორ–ორი ასეთი თაღი რომელთა შორის მოქცეული არეები შევსებულია შიგნითკენ ოდნავ გადმოხრილად დაწყობილი ქვის ფილებით, რომლებიც თაღებთან ერთად გუმბათის ყელის წრიულ საფუძველს ქმნის. გუმბათის ყელს მარტივი პროფილის სარტყელი შემოუყვება. გუმბათის ყელში ექვსი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

gegma

ბ) დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (შიდა ზომები აფსიდის გარეშე: 6,1X3,1 მ, გრძივი კედლების სისქე 1,07 მ, დასავლეთის კედლის სისქე 2,05 მ). განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მდებარეობს შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ამ ადგილას მდგარა ციხის აგებამდე, ციხის აგების დროს მისი აღმოსავლეთ ნაწილი. აქ აგებული მასიური კოშკის ტანში მოუქცევიათ და აფსიდი მთლიანად ქვა-დუღაბის ბეტონით შეუვსიათ. ეკლესია ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლები შიგნით და გარედან ბათქაშითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ორივე კარი ხის ძელებით იყო გადახურული (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). აფსიდი ნალისებრი ფორმისაა, გადახურულია კონქით (აფსიდისა და კონქის ნაწილი შემავსებელ ბეტონში არსებულ ხვრელში მოჩანს). დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ქუსლები გრძივ კედლებზეა შემორჩენილი. ეკლესიას სამხრეთიდან მცირე ზომის, გეგმით სამკუთხა მოხაზულობის სათავსი ეკვრის (შემორჩენილია 1,5 მ სიმაღლის კედლები).

Wrili

გ) სასახლე დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შედგება გეგმით სწორკუთხა ორი ნაწილისგან. მათგან ერთი ორსართულიანია, ხოლო მეორე რომელიც ძირითად ნაწილზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული – ერთსართულიანი. ეს უკანასკნელი ძირითად ნაწილზე ოდნავ გრძელია. ერთსართულიან ნაწილს დასავლეთიდან მთელ სიგანეზე გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი ეკვრის რომელიც მთლიანად ფარავს სასახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს. ამ კუთხეშია მოწყობილი კოშკის ერთადერთი შესასვლელი. სასახლის პირველი სართული დამხმარე დანიშნულების ყოფილა. მის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თითო სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარია. შიგნით ქვედა სართულის კედლები ზედა სართულის კედლებთან შედარებით რამდენადმე სქელია, რაც სართულშუა გადახურვის დონეზე გადახურვის ძელების საყრდენ საფეხურს ქმნის. მეორე სართული მისაღები დარბაზია, შესასვლელი მას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში აქვს. განივ კედლებში ორ–ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომელიც ორივე მხრიდან კედლის საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეშია ჩასმული. სარკმლისა და შეღრმავებების თაღები ოდნავ ოვალურია – მსუბუქი ტეხილით წვერთან. შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი ყოფილა. იგი დაყრდნობილი იყო ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ ოთხ ბურჯზე. ბაქანზე ადიოდა ღია ორმარშიანი კიბე, რომლის კვალი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელზეა შემორჩენილი. დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმული ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას უკავშირდებოდა.
დ) კვეტარის გარს აკრავს რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები.
II ქვედა ციხე მთის დასავლეთის ჩრდილოეთის ფერდის ნაწილი უკავია (ფართობი დაახლოებით 25000 კვ.მ; გალავნის საერთო სიგრძე დაახლოებით 540 მ; სისქე 1,1 მ). გალავნის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილი კედლების საშუალო სიმაღლე 4,5 მეტრია. საბრძოლო ბაქანი ხის ყოფილა. ქვედა ციხეს ორი კარიბჭე აქვს. მათგან მთავარი გალავნის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, ციხის ყველაზე დაბალ ადგილზე. ამ მხრიდან ციხეს ერთადერთი გზა ადგება. კარიბჭის წინ კლდის ქარაფია, მათ შორის კი ვიწრო გასასვლელია დარჩენილი. მთავარი კარიბჭე მოქცეულია ორ მძლავრ ბურჯს შორის. მათგან ერთი, გეგმით წრიული (დიამეტრი გეგმის დონეზე 3 მ, სიმაღლე 7,8 მ) და ზემოთკენ შევიწროებული მასიურია, ხოლო მეორე ნახევარწრიულია, სამსართულიანი (სიმაღლე 9 მ) და ეზოს მხრიდან მთელ სიმაღლეზე ღიაა. მეორე კარიც ბურჯებს შორისაა მოქცეული, რომლებიც მთლიანად გალავნის ხაზს გარეთ არიან გასული. ეზოს მხრიდან ბურჯების სამივე სართული გახსნილია, ხის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია (შემორჩენილია ხის ძელების საყრდენი ბუდეები). ბურჯები და გალავანი ქონგურებით არის დასრულებული, ბურჯებს შორის მოქცეულ სწორ კედელზე ეზოს მხრიდან საბრძოლო ბაქანი ყოფილა მოწყობილი. გალავანი გამაგრებულია კონტრფორსებით. ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას შერჩეული რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი (სიმაღლე 9 მ). გარედან წყობას ბათქაში აქვს გადასმული, ისე რომ ზედაპირი საკმაოდ გლუვია. კოშკი დგას დაბალ სწორკუთხა საფუძველზე, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კოშკი შიგნით მრგვალია და მთელ სიმაღლეზე აქვს ოსტატურად ნაგები ქვის ხვეული კიბე, რომელიც განათებულია ხუთი პატარა სარკმლით. კოშკს თავი მონგრეული აქვს. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის კედელთან ახლოს, შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. კოშკის ირგვლივ საკმაოდ დიდ ფართობზე შემორჩენილია ნაგებობების ნაშთები.
წყალი ციხეს თიხის მილებით მიეწოდებოდა სამხრეთ-დასავლეთიდან.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

კვეტერას გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიები ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და არ არიან მოქმედნი.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://saunje.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016