|
dvanis wminda giorgis
eklesia
(wm. giorgis koxijvari)
(VI an VII ss.)
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია, გარშემოსავლელითურთ.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
დვანის წმ. გიორგის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის პირველი ძეგლია საქართველოში.
3. adgilmdebareoba
დვანის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ქარელიდან 20 კილომეტრში, მდ. აღმოსავლეთ ფრონის ნაპირზე მდებარე სოფელ დვანის ჩრდილო-დასავლეთით, მთის წვერზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
სოფელ დვანის ტერიტორია უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული. იგი ცნობილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური აღმოჩენებით. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების არქეოლოგიური მასალით (ნეკროპოლი) აქ სკვითებისა და კიმერიელთა შემოჭრის ფაქტი დასტურდება. მოსახლეობა წინათ მაღლობზე ყოფილა, მაგრამ უწყლობის გამოდმოსახლებულან დაბლობზე. ფეოდალური საქართველოს ერთიანობის ხანაში დვანი ქართლის საერისთავთერისთავოში შედიოდა, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, XVI საუკუნიდან – ქსნის საერისთავოში.
დვანში გორაზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები უწოდებენ წმ. გიორგი კვართისას, ანუ ქრისტეს კვართის მცველ წმ. გიორგის. აქ იმართებოდა ხატობა – „კვართობა“. მოგვიანებით ამ დღესასწაულისთვის დაურქმევიათ „კოხიჯვრობა“. დვანში სეტყვა (კოხი) სცოდნია და რომ არ მოსულიყო, მისი დღეობა დაუწესებიათ. ეკლესიას ამჟამად წმ. გიორგი კოხიჯვრისასაც უწოდებენ.
მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე ნ. ჩუბინაშვილი ძეგლს VI საუკუნით ათარიღებს, ნ. გენგიური კი ეკლესიას – VIII საუკუნით, ხოლო გარშემოსავლელს – IX საუკუნით.
გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიას სათვალთვალო კოშკის ფუნქციაც „შეუთავსეს“, რიყის ქვით დააშენეს კედლები. ამან მისი გარე მასები დაფარა, ინტერიერმა კი ჩვენამდე გადაკეთების გარეშე, თითქმის ხელუხლებლად მოაღწია.
დვანი ქარელის მუნიციპალიტეტის ის სოფელია, რომელსაც გარშემო დღეს რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ახალგორის სოფლები აკრავს. ამიტომ ხალხს არ შეუძლია სასაფლაოზე და იქვე მდებარე კვართის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ასვლა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
დვანის წმ. გიორგის ეკლესია (7,5X5 მ.) კუპელჰალეს ტიპის პირველი ნაგებობაა საქართველოში. იგი წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებულ, გარე სწორკუთხედში მოთავსებულ გუმბათოვან ეკლესიას, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი შემოუყვება. გუმბათი დასავლეთით შვერილთა წყვილს ეფუძნება, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის კუთხეებს; გუმბათქვეშა კონსტრუქცია ამჟამად შელესილია. ჩანს თაღოვანი ტრომპების მხოლოდ ერთი რიგი. სავარაუდოა, ტრომპთა მეორე რიგის ნაცვლად რვაწახნაგას კუთხეებში ჰორიზონტალურად გადებული ქვის ფილები იყოს. გუმბათი უყელოა, ნახევარსფერო სიმაღლეში ოდნავ გაწელილია და ცენტრში – კონუსისებრ შეისრული. ინტერიერის დასავლეთი მონაკვეთი გადახურულია ერთიანი ცილინდრული კამარით. ეკლესიაში ორი სწოკუთხა შესავლელია: ერთი დასავლეთი კედლის ცენტრში გაჭრილი, მეორე – სამხრეთით, შვერილს მიბჯენილი; ერთი, ნალისებრი თაღით დაბოლოვებული დიდი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე – შიგნიდან სწორკუთხა, გარედან კი თაღოვანი – სამხრეთ მკლავში; ორივე სარკმელი პარალელურგვერდებიანია. საკურთხეველში, იატაკიდან დაახლოებით 1 მ-ის სიმაღლეზე მოთავსებულია გეგმაში ნახევარწრიული, შეისრული თაღით მოთავსებული ნიშა. ეკლესია ამჟამად შელესილია, გუმბათში და დასავლეთი შესასვლელის თავზე გვიანი პერიოდის მხატვრობაა შემორჩენილი (ალბათ, XVIII-XIX სს).
|
|
ganakveTi aRmosavleTiT |
ganakveTi samxreTiT |
სამხრეთ-დასავლეთ მხარეს განფენილი გარშემოსავლელი მის კამარაზე ნაკლები სიმაღლის თაღებით რამდენიმე სივრცულ „უჯრედადაა“ დაყოფილი: 1. სიგანით ეკლესიის ტოლი დასავლეთი მონაკვეთი, 2. სამხრეთ-აღმოსავლეთი პატარა, აფსიდიანი სივრცე, 3. შუაში, მაღალი კამარით გადახურული საზეიმო შესასვლელი – კარიბჭე, 4. სამხრეთ-დასავლეთი წაგრძელებული, სწორკუთხა მონაკვეთი. გარშემოსავლელი ეკლესიის კედელს მთელ გაყოლებაზე პილასტრებზე დაყრდნობილი, სხვადასხვა ზომის ნახევარწრიული თაღებით ებჯინება. გარშემოსავლელში ორი, ამჟამად სწორკუთხა, სარკმელია – ერთი აფსიდში, მეორე – კარიბჭის მონაკვეთში; აქვეა გაჭრილი გარშემოსავლელის ერთადერთი კარი. საინტერესოა, რომ მისი ჭრილის „მომფარგლავი“ კედლის სისქეში ჩაყოლებულია სწორკუთხად გათლილი 1 მ. სიმაღლის ქვასვეტი. იმ მხარეს, რომელიც ფასადისკენ გამოდის, სწორკუთხად ამოჭრილი ფოსო აქვს ქვის ჯვრის ჩასამაგრებლად. აქვე მეორე ქვასვეტიცაა ჩაყოლებული, თუმცა, ის გადატეხილია. ნართექსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კამარაში ჩაყოლებულია კვადრატული ფორმის (0,80X0,80 მ.) ღიობი, რომელიც მეორე სართულზე ასასვლელი უნდა ყოფილიყო.
|
fasadebis pirobiTi rekonstruqcia |
დაკვირვებისას აშკარად ჩანს კედლის ძველი, ნატეხი ქვით ნაგები ნაწილისა და შედარებით ახალი, რიყის ქვის წყობის განსხვავება. აღმოსავლეთ მხარეს ხელუხლებლად არის დარჩენილი დიდი სარკმელი ნალისებური დაბოლოვებით. სარკმლის თავი განსხვავებული ფერის – მოღვინისფრო-მოშინდისფრო ქვაშია ამოკვეთილი და საჭექი ქვით იკვრება. კედლის თავდაპირველი სიმაღლის დადგენა წყობის მიხედვით შეუძლებელია: გარკვეულ დონეზე იწყება სხვა სამშენებლო ფენა. დასავლეთით დღეს ერთიანი კედელია, რომლის ზედა ნაწილი მთლიანად რიყის ქვისაა. ამ კედლის ჩრდილო კუთხეში მოღვინისფრო ტონის ქვაა, რომელზეც სამი ჯვრის რელიეფური გამოსახულება იკითხება.
გარშემოსავლელის სიმაღლე სამხრეთ ფასადზე ერთგვაროვანი არ ყოფილა. შესასვლელის არე გაცილებით მაღალი მოცულობით იყო აღნიშნული: კარის ზემოთ არსებული ნატეხი ქვების წყობა თავად მეტყველებს სიძველეზე. სამხრეთ ფასადის გვერდითა არეების სიმაღლის დადგენაც შესაძლებელია – შემორჩა ძველი, თაროსებრი კარნიზის მონაკვეთი, რომელიც ფასადის აღმოსავლეთ ნაწილშია და წყდება შესასვლელის ამაღლებული მოცულობის კუთხესთან.
გარედან ტაძრის ზედა ნაწილი დამალულია კოშკის სქელ კედლებში. კოშკის კედლები დააშენეს ეკლესიისას, რის შედეგადაც ხელუხლებელი დარჩა ტაძრის გარე მოხაზულობა, ხოლო ნაგებობის გადახურვა კოშკმა დაფარა. ტაძრის სახურავი კოშკის იატაკად „გადაიქცა“. ბუნებრივია, ეკლესიის გადახურვის სხვადასხვა სიმაღლის მოცულობა ამ ფუნქციისათვის არ გამოდგებოდა, ამიტომ კოშკის მაშენებლებმა ნაგებობის სახურავის დაბალი ადგილები ამოავსეს და შეძლებისდაგვარად მოასწორეს.
სახურავზე იკვეთება სიმაღლით განსხვავებული ორი მოცულობა: ერთი თვით ეკლესიის მაღალი კორპუსია, მეორე კი ორი მხრიდან შემოყოლებული გარშემოსავლელი. გარშემოსავლელის სახურავის სამხრეთ მხარეს, დაახლოებით ცენტრალურ არეზე, ეკლესიის კედლის პერპენდიკულარულად გადაჭიმული ორფერდა გადახურვის თხემია „ამოზრდილი“. ეს სამხრეთ კარიბჭის ორქანობა გადახურვის ნაშთია. დასავლეთი გარშემოსავლელის სახურავის ზედაპირი იატაკივით ბრტყელია. მხოლოდ მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია ღიობი-ამოსასვლელი.
თვით ეკლესიის სახურავის ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დარჩენილია ორფერდა გადახურვის თხემი, რომელსაც დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან სასიარულო „ბილიკი“ შემოუყვებოდა 2001 წლამდე, სოფლის მოსახლეობის მიერ სახურავის რემონტამდე.
არსებული მასალის საფუძველზე შესაძლებელია მოვახდინოთ ნაგებობის გარე მასების თავდაპირველი სახის რეკონსტრუქცია. ტაძრის გუმბათი გარე მასებში არ იკითხებოდა. ის ეკლესიის სხვა ნაწილებთან ერთად ორფერდა გადახურვაში იყო მოქცეული, მსგავსად წირქოლისა და არმაზის ცნობილი ტაძრებისა. ეკლესიის ყველა ნაწილი გუმბათის ჩათვლით ერთიანი, ორქანობა გადახურვის ქვეშ იყო მოქცეული.
გარშემოსავლელის სიმაღლე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ეკლესიაზე. მისი სამხრეთი ფასადი აქცენტირდებოდა შესასვლელთან ამაღლებული, ორფერდა გადახურვით დაბოლოვებული არქიტექტურული მოცულობით.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
დვანის წმ. გიორგის ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. ნ. გენგიური – „კუპენჰალე“, 2005წ.
2. ჯ. გვასალია – ფრონის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ7. 1989წ.
3. ს. მაკალათია – „ფრონის ხეობა“1963წ.
4. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
5. ფოტოები აღებულია
ნ. გენგიურის „კუპენჰალე“–ს წიგნიდან.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi
http://www.nplg.gov.ge
|