Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana

bana
(VII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ბანას ტაძრის სამხრეთ–აღმოსავლეთით კლდეებში არის ქვაბულები, ჩაშენებული კედლებით. ერთ–ერთში პატარა დარბაზული ეკლესიაა.
ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია საბაწმინდის ტიბიკონმა, გადაწერილმა მეფის ასულ ქეთევანისათვის 1511 წელს.
ბანა ერთი პერიოდი სამეფო საძვალეც იყო. უკანასკნელად იქ მეფე ვახტანგ IV და მისი მეუღლე დაუკრძალავთ.

3. adgilmdebareoba

ბანას ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, შენკაიას (Şenkaya) რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, სოფელ ფენეკის (Penek) დასავლეთით 2 კმ–ში.

4. ruka

bana

5. istoriuili mimoxilva

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც პროვინცია ფანასკერტის აღწერისას აღნიშნავს „...მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ...ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენივრად ნაგები, კეთილ მშვენიერ ადგილს აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი. იჯდა ეპიზკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარემაკისა და აწ არც ცარიელ“. ამ ნაწყვეტში მთავარი არის ის, რომ მის მიხედვით ბანა იყო აშენებული მეფე ადარნასეს მიერ. ამ ცნობის წყაროთ ითვლება სუმბატ დავითის ძეს ქრონიკა, სადაც წერია: „ადარნასე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ... და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქნა პირველ ეპიზკოპოს მანელ.“ ამ ცნობს მიხედვით ბანას ტაძარი მეცხრე საუკუნეის ბოლოს და მეათე საუკუნის დასაწყისში აშენდა, ვინაიდან ადარნასეს გამეფების წლად ე. თაყაიშვილეს მიხედვით 989 წელი ითვლება, ხოლო ი. ჯავახიშვილის – 888 წელი; მისი სიკვდილის წელი კი ორივე მკვლევარის მიხედვით არის 923წ. თუმცა გიორგი ჩუბინაშვილმა ჯერ კიდევ 1936 წელს ტაძარის სტილისტიკური ანალიზის მიხედვით დაასკვნა, რომ ტაძარი მეშვიდე საუკუნეზე გვიანდელი ვერ იქნებოდა, რადგან მას ტეტრაკონქის ფორმა აქვს, რომელიც მეშვიდე საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება, „ადარნასე ალბათ თაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო“- ვარაუდობს გ.ჩუბინაშვილი. მისი აზრით, ბანას თაძარი აშენებულია VII საუკუნეში, ხოლო რესტავრაცია IX-X საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარა.
ბანა არ ყოფილა მხოლოდ საეკლესიო-სარწმუნოებრივი ცენტრი, ის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცენტრიც იყო და ზოგჯერ მეფეთა სამყოფსაც წარმოადგენდა. მაგალითად სუმბატ დავითის-ძე ბაგრატ მეოთხეზე წერს: „მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თვისსა მამულსა ბანას“. როგორც ისტორიული წყაროები გვაუწყებენ, ბანაში ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეფედ კურთხევაც ყოფილა და მან აქ დაიწერა ჯვარი ბიზანტიის იმპერატორის რომან არგირის დაზე — ელენეზე.
დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის ცნობით, გიორგი მეორე, „წარმოვიდა მამულსა თვისსა ტაოს და მოვიდა ბანას.“ ვახუშტის ცნობით იქ „დაფლულ არიან მეფენი, “ კერძოდ, ვახტანგ IV (1443-1446) და მისი მეუღლე ფანასკერტელის ასული სითიხათუნი.
ბანა ტაოს დედაქალაქი იყო და მას, როგორც უდიდეს პოლიტიკურ ცენტრს, მტერი არასოდეხ მოკლებია. ბანას ტაძარი მტერს ადრევე ჩაუგდია ხელში. ჯერ კიდევ გიორგი III ცდილობდა მის განთავისუფლებას. მემატიანეს ცნობით, გიორგიმ „უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევაი ოლთისისა და ბანისა.“ ბანაში ქართველთა ლაშქრის მოსვლას XII საუკუნის სამოციან წლენბში ქონდა ადგილი, მაგრამ ამით ბანას განთავისუფლება ვერ მოხერხდა. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს ცნობით ბანას განთავისუფლება მხოლოდ თამარის დროს მომხდარა.
XVI საუკუნიდან ტაოში თურქ-ოსმალნი დამკვიდრდნენ, ჭოროხის ხეობასა და მეზობელ ტერიტორიაზე ქრისტიანობის შენარჩუნება საკმაოდ გაძნელდა. ბანამ როგორც კულტურულ-პოლიტიკურმა ცენტრმა დაკარგა თავისი ძველი მნიშვნელობა. მის მიდამოებში ქრისტიანობის მდგომარეობას XVI-XVII საუკუნეებში ერთი ოთხთავის ხელნაწერებიდან შემონახული ცნობა ასახავს, საიდანაც ირკვევა რომ ტაოში ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა სასტიკად იყო აკრძალული და ამ საქმის ინიციატორები მკაცრად ისჯებოდნენ. აქვე მოგვყავს ზემოთ აღნიშნული ცნობა, რომელიც ლ. მენაბდეს აქვს გამოქვეყნებული: „იყო ვინმე კაცი მოშიში უფლისაი, რომელსა სახელი ერქუა აქვსენტი, და ასე იყო ღუაწლსა და სამსახურსა შინა ღმრთისასა... მსწრაფლ იწყო შენებად და მრავლითა ღონისძიებათა აღაშენა წმინდა ეკლესიაი, წმიდისა გიორგისა თემსა მას ბანასა, ქარგლუხი (მუსლიმანთა სოფელი) ეწოდების, და მრავალნი ნაწილნი დასუენნა. ჟამსა მას იჯდა ბატონი უსჯულო სანჯახი, რომლის სახელი ერქუაი თათრულისა ენითა ბაადინ ბეგ. ესმა რა ღსენებაი ტაძრისა მის, მოიყუანეს კაცი იგი ღმრთისაი და დილეგსა შინა შეაგდეს“.
ოსმალეთის იმპერიის დროს ბანას ტაძარი ციხე-სიმაგრედ გადაუქცევიათ და 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ძლიერ დაზიანებულა.
ბანაზე ვრცელი ისტორიული ცნობები მოცემული აქვს ექვთიმე თაყაიშვილს. ბანას არქიტექტურის შესახებ პირველი ჩანაწერები გერმანელ ბოტანიკოსს, კარლ კოხს ეკუთვნის, რომელმაც ბანა 1843 წელს ჯერ კიდევ დაუნგრეველი იხილა. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკლესიის გარშემო რუსის „ოტრიადი“ იდგა. ასევე თავისი ბანაკი ჰქონდათ იქ ოსმალებსაც. ყირიმის ომის დროს ბანა ციხედაც კი გადუქცევიათ. 1881 წელს, როდესაც დ. ბაქრაძემ ნახა ბანას ტაძარი, მას მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩამოქცეული. 1881 წელს ე. ვეიდენბაუმს ბანა უკვე დანგრეული ხვდება. 1881 წელს იქ ჩასული დ. ბაქრაძე, რომელმაც გამოაქვეყნა ტაძრის მოკლე აღწერა, ასევე უკვე გუმბათჩამოქცეულ ტაძარს ნახულობს.
ბანას ხუროთმოძღვრების კვლევა, რეალურად, ექ. თაყაიშვილმა დაიწყო. 1902 წელს, როცა მან ბანა პირველად ინახულა არქიტექტორ ს. კლდიაშვილთან ერთად, ტაძარი უკვე ძალზე დანგრეული იყო. შემდეგ, 1907 წელს ექ. თაყაიშვილმა კვლევა არქიტექტორ ა. კალგინთან ერთად განაგრძო (პუბლიკაცია 1909 წელს გამოქვეყნდა).

“1907 წელს, როდესაც მეორეხელ ვინახულე ბანა, _ წერს ექვთიმე თაყაიშვილი, _ სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო”. 1917 წელს ბანა ნახა ექ. თაყაიშვილის ექსპედიციის წევრმა ი. ზდანევიჩმა, რომლის სიტყვები ბანას შესახებ ზუსტად განსაზღვრავს იმ განწყობას, რომელიც აქ მისვლისას გეუფლება: „არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც ფენეკს აკრავს. ყველა ფერის _ დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე _ სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. და დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი“. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში ბანა რამდენჯერმე მოინახულა და საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ ვ. ჯობაძემ. ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია საბაწმინდის ტიბიკონმა, გადაწერილმა მეფის ასულ ქეთევანისათვის 1511 წელს. ამ ხელნაწერს შემოუნახავს ანდერძიც: „დაიწერა ხელითა ფრიად ცოდვილისა, ყოველთა კაცთა უნარჩვევისათა ჯაყელის სვილის ხუცეს-მონაზონისა იოსებ ყოფილსა იოანეს შვილისა იაკობისათა... მონასტერსა ბანას.“

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

bana
bana

 

bana
gegma

ტაძარი აგებულია ბორცვზე. ბანა მრგვალად აღიქმება, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო . სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან (შემოსავლელისაგან) შედგება. პირველი სართული 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადაუკეთებიათ. სავარაუდოდ, XVI საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული ყოფილა გალავნით. თავის გეგმით და მასზე აგებული სივრცითი შენობით ბანა წარმოადგენს კოლოსალური ზომის ტეტრაკონქს, რომელშიაც შემაერთებელი რგოლები, გადასვლა აფსიდიდან აფსიდამდე განვითარებულია მრავალსართულიან პატრონიკეებად, ხოლო ყოველი აფსიდის ქვევითა ნაწილში ამოყვანილია კამარები, რაც მოითხოვს სპეციალურ მრგვალი კორიდორის მსგავსად აშენებულ შემოსავლელს. ოთხი გუმბათქვეშა ბურჯი გამოიყოფა ამ კომპოზიციაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ბურჯის დაყრდნობა კედლების გარეგან შემოხაზულობაზე (აბრისზე). გეგმიანი კომპოზიციის ეს დასაბამი მოტივი თავის განვითარებას და გარეგან დასაყრდენს იღებს შემოსასვლელში. ტაძრის შინაგან სივრცეს განსაზღვრავდა ცენტრალური კვადრატი გუმბათიანი გადახურვით ყელზე, რომლის დიამეტრი დაახლოებით 8 მეტრი იყო და ჯვრის ოთხი თანასწორი სიგანის მქონე მკლავი, რომლის სიმაღლე 2,5 ჯერ მეტია, ვიდრე მკლავის სიგანე. ეს ქმნის გრანდიოზულობის შთაბეჭდილებას, ამასთან უნდა წარმოვიდგინოთ განათების გრადაცია: ზედა ნაწილი მაქსიმალურად იყო განათებული გუმბათში ამოჭრილი და აფსიდების ზედა ნაწილების ფანჯრებით – აფსიდებში სამ–სამი ფანჯარაა თითოში; ხოლო ქვედა ნაწილი ნაკლებადაა განათებული ორმაგი კედლიდან, ფანჯრებით შესასვლელიში და კამარებით აფსიდებში. რაც შეეხება სამ სართულად გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში გამართულ პატრონიკეებს, მანდ სინათლე, როგორც ეტყობა, შედიოდა ტაძრის შიგნიდან, ესე იგი ესენი არ არღვევდენ ცენტრალური ნაწილის სიწყნარეს. შინაგანი სივრცის გრანდიოზულ ზომებს არბილებდა მრგვალი სვეტები აფსიდების ქვედა კამარებში და ჩუქურთმით მორთული სვეტისთავები პატრონიკეთა მეორე სართულში. საკურთხეველი კამარების (არკატურის) დანაწილების ფორმით გამოყოფილია დანარჩენი აფსიდებისაგან, რომლებთანაც დანარჩენი სრულიად იდენტურია. საკურთხევლის აფსიდის ქვედა არკატურა შედგება 6 სვეტისაგან 2 მეტრზე ცოტა მეტი სიმაღლისა, რომელნიც დაყენებულია თითქმის ასეთივე სიმაღლის სპეციალურ კედელზე. დანარჩენ აფსიდებს კი ჰქონდათ მხოლოდ 4 სვეტი თითოეული ორმაგი სიმაღლის და უფრო მასიურები. ამით მიღწეულია საკურთხევლის მკაფიო გამოყოფა, მისი მიუვალობა შემოსასვლელიდან, განსხვავებით დანარჩენ აფსიდებისა, რომელთაც განიერი შესასვლელები ჰქონდათ კამარებში შემოსასვლელიდან და ღერძების გასწვრივ დატანებული გარეგან კარებიდან.

bana
bana

ეს ძირითადი შინაგანი სივრცე შეიცავდა ცალკეული ოთახების სამ სართულს, რომელნიც ტაძრის იატაკის დონეზე მდგარ ქვედა სართულში კარიბჭეს როლს ასრულებდნენ, როგორც ამას მოწმობს აღმოსავლეთისაკენ მიმართული აფსიდები, ხოლო ზედა სართულში – პატრონიკეების. ამ ოთახების შორის არის ჯვარისებურებიც კვადრატში. ამ ძირითად სივრცეს აქვს კიდევ სპეციალური რგოლისებრი შემოსასვლელი. ამ მოტივების განსახიერებაში ჩანს ცალკეული ფორმების სრული დამოკიდებულება ერთმანეთზე: შემოსასვლელი საჭირო იყო, რომ გამძლეობა და მედგრობა მისცემოდა მთელ შენობას მისი კოლოსალური სიმაღლით და გუმბათის გამწეობის ძლიერებით. შემოსავლელის არსებობა მოითხოვდა აფსიდების ქვედა ნაწილში არკატურის გაჭრას, რათა ტაძრის ქვედა ნაწილი საკმაოდ განათებულიყო შიგნიდან. ყველაფერი ეს იძლეოდა დასაბამ წერტილებს მთელი სივრცის განათების გრადაციისათვის, საფეხურების შესაქმნელად და ზოგიერთი ნაწილის გამოსაყოფად და ზოგიერთის დასაჩრდილად.

bana
reliefi

შემოსასვლელს მიცემული ჰქონდა წესიერი რგოლისებური ფორმა, მთელი შინაგანი ტეტრაკონქი კუთხის ოთახებით მოქცეულია კედლის ცილინდრში, რომელშიც ნაწილობრივ კამარებია გაჭრილი, ზედა მისგან განსაზღვრულ ადგილზე აშენებულია მეორე დაბალი კამარა, რომელიც თავის თავზე იღებს დაწოლას. შემოსასვლელში კიდევ მკაფიოდ ჩანს დეკორატიული შესრულება მთავარი სივრცის მისი სვეტებით, ჩუქურთმიანი სვეტისთავებით და ნალისებური კამარებით. რგოლისებურ შემოსასვლელს სავარაუდოდ ჰქონდა მეორე სართული, მაგრამ ის არ იქნებოდა შედარებით მაღალი და გარედან, ალბათ, აღწევდა აფსიდების ფანჯრებამდე. ტაძრის გარე მასები წარმოადგენდნენ სრულიად თავისებურ სანახაობას. მაღლა იქნებოდა დანარჩენ მასებთან შედარებით პატარა გუმბათი, შემდეგ იქნებოდა მასებთან შედარებით საკმაოდ მოძრავი შუა რგოლი. შეფარდებული შინაგან ტეტრაკონქთან და კუთხის ოთახებთან, რომლებიც იწვევდნენ ბანების (სახურავების) თამაშს და კუბიკური ნაწილების შეფარდებას. დასასრულს აქ იქნებოდა ქვემოთ გარშემო მიმავალი მრგვალი შემოსავლელის რგოლი ამოჭრილი არკადით ცილინდრის ქვედა ნაწილში. ბანა შიგნიდანაც და გარედანაც მოპირკეთებული იყო კარგად თლილი ქვით და მდიდრულად დეკორირებული.
ბანის ტაძარი ხუროთმოძრვრულ მთლიანობას წარმოადგენდა, მასში გადაჯაჭვული იყო მხატვრული განსახიერება და კონსტრუქციული პრობლემების გადაწყვეტა.

bana
bana


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ბანას ტაძარი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1) გიორგი ჩუბინაშვილი – "ქართული ხელოვნების ისტორია". 1936წ.
2) П. Закараия – "Зодчество Тао-Кларджети",  1990г.
3) В.Беридзе –  "Архитектура Тао-Кларджети",  1981г.

4) ინტერნეტ ბმულები – ka.wikipedia.org , klarjeti.blogspot,  orthodoxy.ge.
5) ფოტოების ავტორი – დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxy.ge

http://klarjeti.blogspot.com

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016