Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

yvarelwyalis svetebiani
kompleqsi

(VIII-XI ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

№1 სათავსო, №2 სათავსო, №3 სათავსო (მარანი).

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

საყურადღებო აღმოჩენა გაკეთდა ჩრდილო-დასავლეთ განაპირა სვეტის სიახლოვეს. მისგან ჩრდოლოეთით სამიოდე მეტრზე, ჩაქცეული ქვა-ღორღის ფენაში აღმოჩნდა ზურგზე გადაქცეული ადამიანის ბიუსტის ფორმის ქვითკირის ფიგურა. მის ფუძესთან აღმოჩნდა სპილენძის დისკო, რომელსაც შიგნიდან შუაგულში ყუნწი აქვს მირჩილული, ხოლო გარედან რელიეფური ჯვრის გამოსახულება. ეს დისკო სრულიად უცხოა შუასაუკუნეების ქართული არქეოლოგიისათვის და აშკარად გამოხატულ არქაულ ელფერს ატარებს. მსგავსი დისკო-ფირფიტები, ოღონდ რელიეფური შემკულობის გარეშე, ცნობილია ყანჩაეთის, ახალგორის  და ალგეთის (წინწყაროს) ადრეანტიკური ხანის სამარხების ინვენტარში და ცხენის აღკაზმულობის ნაწილებადაა მიჩნეული. უფრო მეტ მსგავსებას იჩენს „სვეტების“ დისკო დუშეთის ახლოს, ვარსიმაანთკარის სამაროვნის იმავე პერიოდის სამარხში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფართან, რომელსაც მსგავსი რელიეფური გამოსახულება ამკობს. ამ ეტაპზე ძნელია დაბეჯითებით ითქვას, მართლა ასეთი ძველია ეს დისკო, თუ არქაული ტრადიციის გავლენით შუასაუკუნეებშია დამზადებული. ერთი კი თითქოს ნათელია, რომ ის დაკავშირებულია „ქვაკაცასთან“, რომელიც აქვე სვეტებიან ნაგებობასთან უნდა მდგარიყო და ალბათ წარმართული ეპოქის გადმონაშთ სალოცავ კერპს წარმოადგენდა. ასეთი ვარაუდი დღეისათვის აღარ უნდა იწვევდეს უნდობლობას მას შემდეგ, რაც ჟინვალის ნაქალაქარის განვითარებული და უფლისციხის გვიანდელი შუასაუკუნეების ნაგებობებში დადასტურებულია მოქმედი წარმართული საკურთხევლები. საყურადღებოა, რომ ჟინვალიც და პანკისის ხეობაც მთისწინა ზოლს წარმოადგენს, ხოლო წარმართული გადმონაშთები უფლისციხეში ვახუშტისაც აქვს დადასტურებული გვიან შუასაუკუნეებშიც.

3. adgilmdebareoba

ყვარელწყალის სვეტების კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის  მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 15 კმ–ში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელ ყვარელწყლის ჩრდილოეთ განაპირას, იგივე სახელწოდების ხეობის მარცხენა ტყიან ფერდობზე, ხელოვნურად გაფართოვებულ ბუნებრივ ტერასაზე.

4. ruka

5. istoriuili mimoxilva

ყვარელწყალის სვეტების  კომპლექსის თავდაპირველი სახელწოდება, ისევე როგორც სოფლის მიდამოების ძველი ტოპონიმიკა, არ შემორჩენილა. როგორც ჩანს, ხეობის ძველი მოსახლეობა გვიანი შუასაუკუნეების განუწყვეტელი ომიანობის (შაჰ-აბასის ლაშქრობები, ლეკიანობა) შედეგად გადაშენდა და მასთან ერთად დაიკარგა ტოპონიმიკაც. სოფელ ყვარელწყლის ამჟამინდელი მცხოვრებნი XIX საუკუნეში ჩამოსახლებულ ფშაველთა შთამომავლები არიან. ახალმოსახლე ფშავლებს მაღალი, კოშკის მსგავსი საცხოვრებლები აუგიათ, რის გამოც თავდაპირველად ამ სოფელს „კოშკებს“ უწოდებდნენ. მეორეს მხრივ საყურადღებოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე დღევანდელი ყვარელწყლის ადგილზე აღნიშნულია სოფელი ყორწყალი. ეს კი იმას მოწმობს, რომ ფშავლების ჩამოსახლებამდე ყოფილა აქ ამ სახელწოდების სოფელი. ისე, რომ ტოპონიმი ყვარელწყალი (ყორწყალი) უძველესი ჩანს და შესაძლოა ივრის ხეობის ზემო წელიდან (ყვარადან) ჩამოსული მიგრანტების მოტანილი იყოს (ისევე, როგორც თანამედროვე ქალაქი ყვარელი). ყვარელწყლად იხსენიება ეს სოფელი 1860 წლის კამერალურ აღწერაშიც. სოფლის თანამედროვე მოსახლეობა „სვეტებს“ სალოცავ „ხატად“ მიიჩნევს. №1 სათავსოს ზურგის კედელში არსებულ ნალისებურთაღიან თახჩებთან ღვთისმშობლობას ლოცულობენ, ხოლო №2 სათავსოს ზურგის კედლის ჩრდილო-დასავლეთ ბოლოში დატანებულ თახჩასთან – გიორგობას. „სვეტები“ პირველად მიკვლეულ იქნა გასული საუკუნის 60-იან წლებში, აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) მიერ და გამოქვეყნებულია იგივე ექსპედიციის შრომების პირველ ტომში. იმავე კრებულში დაბეჭდილ სტატიაში პროფ. დ. მუსხელიშვილის წინასწარი ვარაუდით „სვეტები“ საკულტო-მემორიალური დანიშნულების ძეგლადაა მიჩნეული. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ თანამედროვე კვლევების მიხედვით, ეს ნაგებობები არ ტოვებენ ქრისტიანული სალოცავის (ეკლესიის) შტაბეჭდილებას. „სვეტების“ კომპლექსს აქვს ძეგლის სტატუსი. არსებობს მისი 1980-იანი წლების პასპორტი, შესრულებული ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მიერ (არქიტექტორ-რესტავრატორი თ. უგულავა), სადაც იგი საკულტო ნაგებობების ნაშთად არის მიჩნეული.
„სვეტები“ სტატიის სახით გამოქვეყნებულია „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ მეორე ტომში, სადაც ავტორების (ლ. მოწონელიძე, ბ. ჯორბენაძე) მიერ იგი საკულტო დანიშნულების ნაგებობადაა მიჩნეული.
„სვეტების“ საკულტო დანიშნულების ნაგებობად გააზრებას განაპირობებდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ძეგლის მიმართ („ხატობა“ აქ იმართება აღდგომის მეორე დღეს და გიორგობას), ასევე თავად ქვითკირის სვეტების გაურკვეველი „იდუმალი“ სახეც.
2005 წლის სექტემბერში ძეგლზე ჩატარდა სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები, რის შედეგადაც კომპლექსი მთლიანად გაიწმინდა ტყისაგან და გაიჭრა სადაზვერვო თხრილები. „სვეტების“ არქიტექტურულ კომპლექსზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ იგი ორი ნაწილისაგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აგებული და მშენებლობის მეორე ეტაპზეა შერწყმული ერთმანეთთან. თავდაპირვლად აუგიათ სახლი (№1) და მარანი (№3). ამ ნაგებობათა ხუროთმოძღვრული ანალიზი საშუალებას იძლევა მათი აგების თარიღი VIII-X საუკუნეებით განისაზღვროს. რაც შეეხება მეორე სათავსოს (№2), გათხრების დროს სვეტების ირგვლივ მოპოვებული აღნაგობით მოხატული, ცისფრად მოჭიქული ჯამების ფრაგმენტები საშუალებას გვაძლევს ამ სახლის აგების თარიღი XI საუკუნის ახლო ხანებით განვსაზღვროთ.

საცხოვრებელი სათავსოების იატაკებზე დადასტურებული მოჭიქული კერამიკა უეჭველად მოწმობს, რომ ორივე სახლი ფუნქციონირებდა XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ ნახევარში. ძლიერი ხანძრის კვალი მიგვანიშნებს, რომ მთელი კომპლექსი განადგურდა XIII საუკუნის შუახანებში, რაც ბუნებრივია, მონღოლთა პირველ გამანადგურებელ შემოსევებს უნდა დავუკავშიროთ. ამის შემდეგ აქ ცხოვრება აღარ განახლებულა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

გათხრების დაწყებამდე აქ ჩანდა ხშირი ტყით დაფარული ქვითკირის სათავსოთა ნაშთები და ორი სვეტი, რომელთაგან ერთს ცილინდრული, მეორეს კი კონუსური ფორმა აქვს (სწორედ ამ სვეტების გამო უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ ძეგლს სახელს). ტერასის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნახევარი ოდნავ დამრეცი დავაკებაა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნახევარი ორ საფეხურადაა გაყოფილი. პირველი ნახევრის უკანა ნაწილზე, კლდოვან ფერდობში ღრმად ჩაჭრილ ქვაბულში ერთი მოზრდილი სათავსოა (№1) გამართული. ტერასის მეორე ნახევრის ქვედა საფეხურზე ერთი სათავსო (№3) და ზემოთ ნახსენები ქვითკირის სვეტებია მოქცეული, ხოლო სვეტების მოპირდაპირედ, ტერასის ზედა საფეხურზე – სათავსოს (№2) ნაშთი.  
ა) №1 სათავსო გამოვლინდა №1 სათავსოს კონტურები: შემორჩენილია ზურგის და გვერდითი კედლების მოზრდილი ნაწილები. წინა (სამხრეთ-დასავლეთი) კედელი თითქმის მთლიანად წაშლილია. შემორჩენილა დასავლეთი კუთხე და სამხრეთ კუთხის ნაშთი საძირკვლის დონეზე. ამრიგად, გამოიკვეთა №1 სათავსოს მთელი პერიმეტრი. ზურგისა და გვერდითი კედლების გასწვრივ გამოვლინდა ქვითკირის „ტახტები“ და თიხატკეპნილი იატაკი, რაც საერთოდ დამახასიათებელია განვითარებული შუასაუკუნეების საცხოვრებელი სათავსოსათვის. იატაკის დონეზე დადასტურდა ნაცრიან-ნახშირიანი ფენა, რომელშიც აღმოჩნდა სხვადასხვა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

pirveli saTavso

მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა მრავალფრად მოჭიქული ჯამები, რომელიც პარალელური მასალის საფუძველზე კარგად თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგივე თარიღზე მიგვანიშნებს მოჩალისფრო, თხელკედლიანი სასმისების, წითელკეციანი ხელადებისა და ბადიის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა რამდენიმე ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის ფრაგმენტიც. თუმცა საეჭვოა, რომ ეს ნაგებობა კრამიტით ყოფილიყო დახურული. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა №1 სათავსოს ჩრდილოეთ ნაწილში, ნაცრიან-ნახშირიანი ფენის ზემოთ, თიხამიწის სქელი ფენის (0,4-0,5 მ) დადასტურება, რაც მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, ამ ნაგებობას ბანური გადახურვა ჰქონდა. ნაცრიან-ნახშირიანი ფენა მოწმობს, რომ შენობა ხანძრითაა განადგურებული. ჩრდილო-დასავლეთ (გვერდითი) კედლის შუა ნაწილის სიახლოვეს გამოვლინდა წრიული ფორმის დამწვარი თიხატკეპნილი ბაქანი (დიამეტრი 0,4 მ) ნაცრის ფენით. როგორც ჩანს, აქ სისტემატურად ენთო ცეცხლი, თუმცა კერის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ნაცრის ფენაში აღმოჩნდა ფიქალის ორი სალესავი, ოდნავ მოშორებით კი ტახის ეშვი. სამხრეთით ამ თიხნარი ბაქნისგან 0,6 მ-ის მოშორებით ქვის ფილებით მოგებული, გაურკვეველი დანიშნულების პატარა მოედანია. მსგავსი თიხატკეპნილი, დამწვარი ბაქანი დადასტურდა ამავე სათავსოს ზურგის კედლის შუა ნაწილთანაც. საყურადღებოა, რომ ასეთი ბაქნები დადასტურდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ადგილ „პალმეტურზე“ გათხრილი შუასაუკუნეების მარნის გვერდით და წინა კედლებთან. ამ არტეფაქტების დანიშნულება ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. აშკარაა, რომ ეს ბაქნები მასზე ანთებული ცეცხლით რაღაც ჩვენთვის უცნობ რიტუალებთანაა დაკავშირებული. ამაზე მიგვანიშნებს „სვეტების“ №1 სათავსოს თიხის ბაქანზე ნაცრიან ფენაში დადასტურებული სალესავები და ტახის ეშვი.
№1 სათავსოს ჩრდილოეთ კუთხეში გამოვლინდა 0,7 მ სიღრმისა და 0,5 მ დმ-ის ორმო, რომელშიც დადასტურდა შვეულად მდგარი ხის ძელის დანახშირებული ნაშთი. აშკარაა, რომ აქ ხის სვეტი მდგარა, რომელსაც ალბათ ეყრდნობოდა გადახურვის კონსტრუქცია. სამწუხაროდ, სათავსოს დანარჩენ კუთხეებში მსგავსი ორმოები არ დადასტურდა. ჯერ-ჯერობით გაუთხრელია სათავსოს შუა ნაწილი, სადაც სავარაუდოა დედაბოძის საყრდენი ბალიშის არსებობა. №1 სათავსოს კედლები ნაგებია კლდის ნატეხი ქვით მტკიცე დუღაბზე. კედლების შიდაპირი ნაწილობრივ იმავე დუღაბითაა შებათქაშებული. ერთადერთი კარი დატანებულია ჩრდილო-დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. სავარაუდოა, რომ მეორე კარი იქნებოდა წინა კედელში, რომელიც სათავსოს წინა ეზოში გამოვიდოდა.
სათავსოს ზურგის კედელში ორი ნალისებურთაღიანი („კლიტისებრი“) და ორიც მართკუთხა მოყვანილობის თახჩაა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ (გვერდით) კედელში სამი ნალისებურთაღიანი და ერთიც მართკუთხა თახჩა.
№1 სათავსო  საცხოვრებელი ნაგებობაა, რასაც მოწმობს თიხატკეპნილი იატაკი და ქვის ტახტები კედლების გაყოლებით. ნაგებობის მასშტაბურობა (8X14 მ) და მკვიდრი ქვითკირის კედლები გვავარაუდებინებს, რომ შესაძლოა აქ იყო ხის კონსტრუქციის მეორე სართულიც.
ყურადღებას იქცევს სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონე, რაც გამოიხატება ქვის ფაქიზი წყობით, კედლების ზედაპირის უკიდურესი სისწორით, კარის წირთხლებისა და ნალისებურთაღიანი თახჩების დახვეწილი კონტურებით. ეს სათავსო აგებულია მაღალი დონის ოსტატ-კალატოზის მიერ. სათავსოს იატაკზე აღმოჩენილი XII-XIII საუკუნის მეორე ნახევრის კერამიკა განსაზღვრავს მისი ფუნქციონირების ბოლო ეტაპს. რაც შეეხება აგების თარიღს, ხელოვნებათმცოდნე გ. ჭანიშვილისა და არქიტექტორ მ. გელაშვილის აზრით, ნალისებურთაღიანი („კლიტისებრი“) თახჩები და ქვის წყობის ტექნიკა ადრეული შუასაუკუნეების ბოლო ეტაპზე (VIII-X სს) მიგვანიშნებს.
ბ) №2 სათავსო. ჩრდილო-დასავლეთ კედლის გასწვრივ გამოვლინდა ქვითკირის ფართო (0,7 მ სიგანის) ტახტი და თიხატკეპნილი იატაკის ნაშთი, რომელზეც დადასტურდა 20-25 სმ სისქის დამწვარი ფენა დიდი რაოდენობით ფიქალის ფრაგმენტებით. ფიქალის სიმრავლე მოწმობს, რომ სათავსო მისით იყო დახურული. ამ დამწვარ ფენაში, უშუალოდ იატაკის დონეზე, აღმოჩნდა მოჭიქული ჯამების, წითელ და შავკეციანი კერამიკის უამრავი ფრაგმენტი. მათგან მოხერხდა სამი მოჭიქული ჯამისა და ორი ცალყურა ქოთნის ნაწილობრივ აღდგენა. ჯამები მრავალფერადაა მოჭიქული და კარგად თარიღდება XIII საუკუნის პირველი ნახევრით.
№2 სათავსოს ზურგის კედელში დადასტურდა მართკუთხა მოყვანილობის სამი თახჩა. საყურადღებოა, რომ ამ სათავსოს კედლების, განსაკუთრებით გვერდითი კედლისა და მისივე ტახტის, წყობა და მშენებლობის ტექნიკა შესამჩნევად განსხვავდება №1 სათავსოსაგან.  №2 სათავსოში ვერ ვხვდებით ნალისებურთაღიან თახჩებს. ეს ფაქტები კი იმაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ №2 სათავსო არაა №1-ის სინქრონული და რამდენადმე მოგვიანო ხანაშია აგებული. თუმცა, როგორც მათ იატაკებზე დადასტურებული კერამიკული მასალა მოწმობს ისინი XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ ნახევარში ერთად ფუნქციონირებდნენ და ერთდროულად განადგურდნენ XIII საუკუნის შუა ხანებში ხანძრის შედეგად.

meore saTavso

საყურადღებო შედეგები მოგვცა გათხრამ ქვითკირის სვეტების ირგვლივ. ჯერ ერთი, გამოვლინდა მესამე სვეტის ნაშთი კონუსური სვეტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 მ-ზე, მარნის ჩრდილოეთ კუთხის სიახლოვეს. ამრიგად, თავის დროზე აქ სამი სვეტი მდგარა ერთ ხაზზე ერთმანეთისაგან თანაბარი (2 მ) დაშორებით. სვეტებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით (№2 სათავსოს მიმართულებით), 5 მ-ის დაშორებით, ფერდობის ძირში, გამოვლინდა სვეტების განლაგების პარალელური ქვითკირის კედლის ნაშთი, რომელსაც ზუსტად შუალედური ადგილი უკავია ტერასის ზედა საფეხურზე მდებარე №2 სათავსოსა და ქვედა საფეხურზე განლაგებულ სვეტებს შორის. ძნელი არაა წარმოდგენა თავდაპირველი, მთლიანი კონსტრუქციისა, რომლის შემადგენელი ნაწილებიც №2 სათავსოს, ქვითკირის სვეტებისა და შუალედური კედლის ნაშთებითაა შემორჩენილი. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ კონუსური (შუა) სვეტი, რომელიც აშკარად თავდაპირველი სიმაღლითაა შემორჩენილი, წვერით უსწორდება №2 სათავსოს იატაკის დონეს. თუ წარმოვიდგენთ, რომ შუალედი კედელიც ამავე სიმაღლეზე იყო აღმართული, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტერასის ზედა საფეხურზე (№2 სათავსოს წინ) და სვეტებზე გადებულ თავხეზე, გაწყობილი იყო ხის ძელები, რომლებიც შუა ნაწილით შუალედურ კედელს ეყრდნობოდა. ამ ხელოვნურ ბაქანზე აღმართული იქნებოდა ხის სასახლის ტიპის ნაგებობა. ადვილი შესაძლებელია, რომ ამ ნაგებობის წინა ნაწილი სვეტებიან აივანს წარმოადგენდა, რომელიც გადაჰყურებდა ყვარელწყლისა და შორ თვალსაწიერზე განფენილ ალაზნის ხეობებს. ნიშანდობლივია, რომ სვეტებისა და შუალედურ კედელს შორის მოქცეული ფართობის გაწმენდისას ჩაქცეული ქვაღორღის ფენაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით განვითარებული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი ბრტყელი და ღარიანი კრამიტი, რომლითაც დახურული უნდა ყოფილიყო სვეტებზე აღმართული ნაგებობა.
გ) №3 სათავსო (მარანი) გაიწმინდა №3 სათავსოს (მარანი) კონტურები. მისი კედლები ნაგებია კლდის ნატეხი ქვით დუღაბზე. როგორც ქვის წყობა, ასევე დუღაბის ფერი და ხარისხი მსგავსია №1 სათავსოსი. შესაძლოა, ისინი ერთდროულადაა აგებული ადრეული შუასაუკუნეების ბოლო ეტაპზე (VIII-X სს) და ერთი ოჯახის საცხოვრებელ-სამეურნეო კომპლექსს შეადგენდნენ.
მარნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში გავლებულ სადაზვერვო ჭრილში აღმოჩნდა სამი მოზრდილი დაზიანებული ქვევრი და სამიც ნაქვევრალი ორმო. ქვევრები თიხის მასაშია ჩადგმული. როგორც ჩანს, ამისათვის საგანგებოდ ამოუჭრიათ ქვაბული კლდოვან გრუნტში და მასში ჩადგმული ქვევრების ირგვლივ სივრცე თიხით შეუვსიათ. ქვევრების სიმჭიდროვე მოწმობს, რომ ასეთივე სიტუაცია იქნება მარნის მთელ ფართობზე. მარნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის გარეთ, ოდნავ მოშორებით წყვილი ქვითკირის საწნახლის ნაშთებია, რომლებიც თავის დროზე ბუნებრივია ამ მარანს უკავშირდებოდა. საყურადღებოა, რომ საწნახლების კედლის წყობა და დუღაბის ფერი განსხვავდება თავად მარნისა და №1 სათავსოსაგან და მსგავსია №2 სათავსოსა და სვეტებისა. როგორც ჩანს, საწნახლები №1 სათავსოსა და მარნის ფუნქციონირების პირველ ეტაპზე არ არსებობდა და მოგვიანო ხანაშია აგებული. ეს გარემოება არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი საწნახლები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ განვითარებული შუასაუკუნეებით თარიღდება. საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით არ აღმოჩენილა ადრე შუასაუკუნეების არც ერთი ქვითკირის საწნახელი. სავარაუდოა, რომ მანამდე ხის საწნახლები იყო ხმარებაში. ასევე უნდა ყოფილიყო „სვეტების“ მარანშიც. მარნის სადაზვერვო თხრილში აღმოჩნდა განვითარებული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის მცირე ფრაგმენტები.

ხელოვნებათმცოდნე გ. ჭანიშვილისა და არქიტექტორ მ. გელაშვილის მიერ მოცემულ თარიღსა და არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით, „სვეტების“ კომპლექსის აგებისა და ფუნქციონირების ქრონოლოგია შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ადრე შუასაუკუნეების ბოლო ეტაპზე (VIII-X სს) იგება №1 (საცხოვრებელი) და №3 (მარანი) სათავსოები. XI ს-ში მას ემატება №2 სათავსო ქვითკირის სვეტებზე გამართული აივნიანი(?) ხის სახლით. მარანთან შენდება ქვის საწნახლები, რომლებიც თიხის მილებით ან დუღაბის ღარებით უკავშირდება მარანს.
XII-XIII ს-ის პირველ ნახევარში მთელი კომპლექსი ერთდროულად ფუნქციონირებს.

„სვეტების“ კომპლექსზე მუშაობისას ყურადღება მიიქცია ნამოსახლარი ტერასის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობში აშკარად ხელოვნურად ამოღებულმა ქვაბულმა (ფართობი დაახლოებით 30X15 მ), რომელშიც თავის დროზე საქონლის სადგომი – გომური უნდა ყოფილიყო მოწყობილი. ბუნებრივია, ეს გომური „სვეტების“ კომპლექსს შეიძლება  დავუკავშიროთ, რაც ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის აქ მცხოვრები ოჯახის მეურნეობის სათანადო დარგის მასშტაბებზე. გომურის ზემოთ, ფერდობზე, შემორჩენილია საურმე გზის ნაშთი, რომელიც თანაბარი დახრით ეშვება ხეობაში გამავალი გზისკენ და აშკარად ხელოვნურადაა გაჭრილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ყვარელწყალის სვეტების კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია..


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

გიორგი რჩეულიშვილი – კრებული `საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები~, სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრი, 2008წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016