Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

largvisi
 cixe-simagre, wminda Teodores taZari
(ganviT. feod. xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

1. გალავანი და კოშკები (ქვედა ციხე);
2. ციტადელი;
3. ცალკე მდგომი კოშკი;
4. წმინდა თეოდორეს გუმბათოვანი ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ლარგვისის მონასტერი XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ლარგვისის მონასტერში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა, წიგნების მოხატვა. მონასტერში არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა,  აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები, მამაშვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანადაისძეები. XV საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ბანდაისძემ დაწერა ,,ძეგლი ერისთვთა”- ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ლარგვისის მონასტერი იყო ერთგვარი სახიზარიც,  მატიანე გვატყობინებს, რომ 1723 წელს  სვეტიცხოვლის  სამკაული ლარგვის იყო გახიზნული.

3. adgilmdebareoba

ლარგვისის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, შიდა ქართლში, ისტორიულ სამაჩაბლოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნისა და ჭურთის წყლის შესართავთან.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

მდინარე ქსნის ხეობის ზედა ნაწილში, იქ, სადაც ქსანს ჭურთის წყალი ერთვის, დგას ლარგვისის მონასტერი. მდინარეების შესართავთან მდებარე ნაგებობები არაერთხელ გამხდარა წყალდიდობისა და შემოსეული მტრის მსხვერპლი, რის გამოც XVIII საუკუნეში ახალი ნაგებობები მთის ფერდობის უფრო ზედა ნაწილში განულაგებიათ.
ისტორიული ცნობების მიხედვით  ქსნის ერისთავები პირველად თავიანთ თავს „ქუენიფნეველვბს“ უწოდებდნენ და რეზიდენცია ქვენიფნევში ჰქონდათ ქვენიფნევის  ნანგრევები ლარგვისის სამხრეთითაა, ორიოდე კილომეტრზე). ერისთვების რეზიდენცია სხვადასხვა დროს ლარგვისშიც იყო, რის გამოც ისინი ხშირად \ლარგველებადაც~ იწოდებოდნენ. მას შემდეგ რაც საერისთავო გაძლიერდა და მისი ტერიტორია გაფართოვდა, რეზიდენციად მთებში მომწყვდეული ქვენიფნევი აღარ გამოდგებოდა, და ამიტომ ახალ ცენტრად უფრო გაშლილ ადგილას მდებარე ახალგორი აირჩიეს.
ერისთავების  სამარხი პირველ პერიოდში ლარგვისში ყოფილა, ხოლო შემდეგ კი - იკორთაში. მიუხედავად ამისა, ერისთავებს მამა-პაპათა საძვლე უპატრონოდ არ მიუტოვებიათ და მისადმი  განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ, რის გამოც  ლარგვისი ყოველთვის წარმოადგენდა ქსნის ხეობის მთიანი ნაწილის ცენტრს. ამ მიდამოებში თავს იყრიდა ჭურთის, ქარჩოხ-ჟამურის, ცხრაძმის ხეობებიდან და ქსნის ხეობიდან მომავალი გზა. როგორც ეტყობა, ამ ადგილის მნიშვნელობას მაშინდელ საქართველოში მისი ასეთი სტრატეგიული მდებარეობა განსაზღვრავდა. გარდა ამისა, ახალგორის ზემოთ, აღნიშნულ ხეობებში, არსად საცხოვრებლად გამოსადეგი ასეთი გავაკებული ადგილი არ არის. ლარგვისში ყოფილა არა მარტო მონასტერი და ციხე-სიმაგრე, არამედ სასახლეებიც, მაგრამ დროთა ვითარებაში ყველა ეს ნაგებობა დანგრეულა და დღეს მხოლოდ საერისთავოს არსებობის უკანასკნელი პერიოდის ნაგებობებიღაა ნაწილობრივ მოღწეული.
ლარგვისში (ამ ადგილს „მონასტერსაც“ უწოდებდნენ.) ნაგებობათა წარმოშობის თაობაზე ცნობას გვაწვდის „ძეგლი ერისთავთა“-ს ავტორი (ძეგლი დაწერილია თვით ლარგვისის მონასტერში XIV საუკუნეში), რომლის მიხედვითაც VI საუკუნის შუა ხანებში იუსტინიანე კეისარს ვინმე როსტომისათვის საგვარეულო სამარხად მის მიერვე აგებული ლარგვისი მიუჩენია. სამწუხაროდ ცნობის გადამოწმება სხვა ისტორიული წყაროებით ვერ ხერხდება. იმავე ავტორთან  უფრო დაწვრილებითი ცნობები მონასტრის ისტორიის შესახებ მოყვანილია XIV საუკუნიდან. მონასტრისთვის დამღუპველი გამოდგა თემურ-ლენგის შემოსევები. თემურის 1400 წლის შემოსევაზე სასოწარკვეთით ჰყვება ვინმე ლარგველი გრიგოლ შინდას ძე ავგაროზიშვილი. იგი წერს „მოვიდა თემურ-ბეგ სულტანი სამარყანელი... და მოვლეს ყოველი ქვეყანა და წარტყვენეს და დააქცივნეს საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი და აღიხუნეს ყოველნი ციხენი და გამოასხეს, ტყვე ჰყვეს და მოაოხრეს ყოველი ქვეყანაი დასავლეთამდის. მას ჟამსა შინა დამიცვა ღმერთმან ხელთაგან მათთა და შემდგომად, მცირედისა ჟამისაი დავრჩი ობოლი ხუთთა ძმათაგან და ვსტიროდი თავსა ჩემსა“. როდესაც სიმშვიდე ჩამოვარდნილა, ავგაროზიშვილს მრავალი რამ გაუკეთებია: მოუხატავს ეკლესია, აუგია მარანი, სახლი, ბეღელი, სამრეკლო, ბოსელი და სხვა.
ასევე ერთ–ერთი ცნობით შალვა ერისთავს ცოლად მოუყვანია ოსთა მეფის ასული, და მას მონასტრისათვის დიდი შეწირულობა გაუკეთებია. იგივე ავტორის მიხედვით ადიდებულ ქსანს XVI საუკუნეში ორჯერ დაუნგრევია ნაგებობები. ბოლოს ერისთავ იოანემ ეკლესიას ადგილი შეუცვალა და ის უფრო ზევით გადაიტანა. მშენებლობა სამი წელი გრძელდებოდა.
ორნახევარი საუკუნის განმავლობაში ლარგვისში მომხდარი ცვლილებების შესახებ არაფერი ვიცით.
ამჟამად ლარგვისში არის დიდი ციხე-გალავანი კოშკებით და ერთი ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეშია აგებული. კოშკებიან ციხე-გალავანს თარიღი არ გააჩნია, მაგრამ ვახუშტი მასზე ლაკონიურად წერს: „აქ ჰყო შანშემ ციხე, არამედ ურგებად თავისად“. ამრიგად ვიგებთ, რომ ციხე აუგია ქსნის  ერისთავს შანშეს. ეს უნდა მომხდარიყო 1721-1741 წლებში. რაც შეეხება ლარგვისის წმინდა თეოდორეს სახელობის ეკლესიას, ის ამ ტერიტორიაზე ადრიდანვე მდგარა. მაგრამ დროის განმავლობაში იგი რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ ან ხელახლა აუშენებიათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „საძეგურის ჩრდილოთ არს მონასტერი ლარგვისი წმიდის თევდორესი, უგუმბათო, შემკული ყოვლით, აწ ხუცის ამარ“. ამ ცნობაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ XIV-XV საუკუნეებში აქ მდგარი გუმბათოვანი ტაძარი დანგრეულა და მის ადგილას აღნიშნული უგუმბათო ეკლესია აუგიათ. ჩვენამდე მოღწეული ლარგვისის  ეკლესიის აგების შესახებ ცნობას გვაწვდის ამავე ეკლესიის ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წარწერა, სადაც გრძელი შესავლის შემდეგ იკითხებოდა: „ოდეს ეკლესია ესე ლარგვის მონასტრისა აღშენდა კეთილმსახური ერისთავის დავითის და კეთილ მორწმუნის დედისა მისისა ქეთევანის მიერ, ძისა მათის შალვას კეთილად აღსაზღდელად, მას ჟამსა მე უღირსმან არქიმანდრიტმან ამის მონასტრისმან დავახატვინე ხატი ესე ყოვლად წმიდისა მცველად და მფარველად ერისთავსა დავითის საოხად სულისა ჩემისა. ქვს. ჩღდ. მხატვარი იოანე“. წარწერის თანახმად წმიდა თეოდორეს ეკლესია ერისთავ დავითსა და დედამისს - ქეთევანს აუგიათ. ხატის წარწერა 1762 წელსაა შესრულებული, მაგრამ ეკლესიის აგება უფრო ადრე მომხდარა. სხვა ცნობებზე დაყრდნობით 1750-იან წლებში დანგრეული ტაძარი 1759 წელს აუშენებიათ.
თავად ლარგვისის მონასტერი და მისი არსებობა დამოკიდებული იყო ქსნის საერისთავოს არსებობაზე. ცენტრალური ხელისუფლების ურჩ ერისთავებს ერეკლე მეორე თანდათანობით თავიდან იცილებდა და მათ შორის ქსნის საერისთავოც მოსპო 1777 წელს. ამას მოჰყოლია ლარგვისის მონასტრის დაქვეითება, შემდეგ ხალხშემოცლილი მონასტერი 1811 წელს ჩვეულებრივ სასოფლო ეკლესიად უქცევიათ.
ლარგვისის მონასტერი XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ლარგვისის მონასტერში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა, წიგნების მოხატვა. მონასტერში არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა,  აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები, მამაშვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანადაისძეები. XV საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ბანდაისძემ დაწერა ,,ძეგლი ერისთვთა”- ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ლარგვისის მონასტერი იყო ერთგვარი სახიზარიც,  მატიანე გვატყობინებს, რომ 1723 წელს  სვეტიცხოვლის  სამკაული ლარგვის იყო გახიზნული.
ამჟამად, აქ მდებარეობს ქსნის ხეობაში ყველაზე ზემოთ მდებარე რუსული საოკუპაციო ნაწილების ბოლო ბაზა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

ციხე-სიმაგრე აშენებულია მთის კალთაზე და შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ეზო, რომელიც სამხრეთით არის განლაგებული, მეორე ეზოზე თითქმის ოთხჯერ დიდია. აქვე განლაგებულია შესასვლელი კოშკი, ეკლესია და საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევები. ციტადელს კოშკით, და საცხოვრებელი შენობით მოკავებული აქვს ტერიტორიის მაღალი, ჩრდილოეთის ნაწილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიას და გალავანს განსხვავებული წყლით მომარაგება ქონია და მიწის ქვეშ გაყვანილი თიხის მილებით მარაგდებოდა. ასევე ქონია მიწისქვეშა საიდუმლო გასასვლელი, სათვალთვალო კოშკები, საიდანაც ცეცხლის ანთებით ატყობინებდნენ მოსახლეობას მტრის შემოსევას.
1. ქვედა ციხეს ორი შესასვლელი ჰქონდა – მთავარი, რომელიც გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო განლაგებული და მეორე, სათადარიგო, რომელიც იყო ეკლესიის პირდაპირ, გალავნის დასავლეთის მხრიდან. მთავარი შესასვლელი წარმოადგენს კარიბჭეს, სათადარიგო კი – ვიწრო კარებს. ლარგვისის ციხე-სიმაგრის გეგმა საკმაოდ რთული არარეგულარული კონფიგურაციის არის, ვინაიდან გათვალისწინებულია მთის რთული რელიეფი. მიუხედავათ იმისა, რომ გალავანმა პირვანდელი სახე ვერ შეინარჩუნა, ჩანს რომ დასავლეთის კედელი იყო ყველაზე მაღალი, სქელი და რთული. გალავნის კვანძები იყო გამაგრებული კოშკებით, თვითონ კედლები კი – კონტრფორსებით. კოშკებიდან ყველაზე დიდი და საინტერესო განლაგებულია გალავნის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში. მის შემდეგ სიმაღლით და სიდიდით მოდის სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი; ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის კოშკები ყველაზე პატარა იყო. ჭიშკრის კოშკის ზედა ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოს ორი სართული. კოშკის გეგმა უახლოვდება კვადრატს, პირველი სართული წარმოადგენს განიერ კამაროვან გასასვლელს, მეორე სართული კი დახურულია, სათოფურებით და სხვა დამატებითი ელემენტებით. კოშკის ქვედა ნაწილი მხატვრულადაა გააზრებული, კამაროვანი გასასვლელი მოთავსებულია სწორკუთხა მოჩარჩოებაში. დასავლეთის შესასვლელი, როგორც სათადარიგო, იყო უფრო შეუმჩნეველი, არქიტრავული გადახურვით, ყოვალგვარი გალამაზების გარეშე. რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკებს, პირველისგან მხოლოდ კვალია დარჩენილი, მეორეს ნანგრევები კი აღწევს 2-3 მ. სიმაღლეს. ორივე გალაგებულია ნახევრადწრიულად კედლების მიმართ და მათი ფართობი არ აღემატება 5-6 კვადრატულ მეტრს. დანგრეულ კედლებში შენარჩუნებულია სხვადასხვა სისტემის სათოფურები, რომლებიც განლაგებული 2-3 მეტრის სიმაღლეზე.
ორიგინალურად გადაწყვეტილია კედლების კონტრფორსებიც. ისინი მიშენებულია კედლებზე გარედან ნახევრადწრიულად (აღმოსავლეთის კედელზე – 4, სამხრეთისასზე კი - 6), სამწუხაროდ კონტრფორსების ზედა ნაწილი არ არის შენარჩუნებული. სავარაუდოდ კონტრფორსებში 3-4 მეტრის სიმაღლეზე იყო გაჭრილი ცილინდრული ფორმის ბაქნები (სიგანე 2-3 მ). ჩრდილოეთის კედელს ორი კონტრფორსი ჰქონდა, დასავლეთისას კი მხოლოდ ერთი. დასავლეთის კედლის სირთულე გამოიხატება იმით, რომ კედელი ორ იარუსიანია. ქვედა იარუსი წარმოადგენს მთლიანად ყრუ კედელს. მეორე იარუსზე განლაგებულია საბრძოლო ბილიკი, რომლის თავზე მოწყობილია სათოფურები. კედლის ორივე მხარეს განლაგებული კოშკები, შუაში კი კონტრფორსი, რომელიც ბილიკის დონეზე იყო გადაწყვეტილი კოშკის მსგავსად, და იყო გაჭრილი სათოფურები.
ლარგვისის ციხე-სიმაგრის ყველაზე რთული და ორიგინალური ნაგებობა იყო ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. ის მიშენებულია გალავანზე გარედან, მაგრამ შესასვლელი აქვს ეზოდან ოთხი მეტრის სიმაღლეზე. სავარაუდოდ კოშკში ხის კიბით ადიოდნენ. კოშკის გეგმას გარედან თითქმის კვადრატული ფორმისაა, შიდა სივრცე კი – ტოლფერდა მკლავებიანი ჯვრის ფორმას იმეორებს. პირველ სართულზე სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში შესასვლელია, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში კი - კიბე; დანარჩენ მკლავების ბოლოში სადგომებია. მეორე სართულის სათავსებიდან აღსანიშნავია სამხრეთ-აღმოსავლეთის ოთახის გადაწყვეტა. ის ყველაზე დიდია (მიუხედავად თავისი ზომებისა: 1,8X2,0 მ.) და აქვს დარბაზული გადახურვა, რომელიც წარმოადგენს `გვირგვინს~, მიღებულს ქვის საფეხუროვანი წყობით. ოთახს აქვს ბუხარი და ნიშები, კედლებში გაჭრილია სარკმელები და სათოფურები. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში ყველა სართულზე განლაგებული იყო ბუხარი. ყველა სართულს ჰქონდა სარკმლები და სათოფურები, განლაგებული გააზრებული სისტემის მიხედვით. რაც შეეხება სართულშუა გადახურვას, ის სავარაუდოდ იყო ხის კოჭებზე. ძნელი დასადგენია კოშკის მეოთხე სართულის არსებობა, მაგრამ არსებობს კიბე, რომელიც სავარაუდოდ მეოთხე სართულზე ადიოდა. კოშკები და კედლები აგებულია ოდნავ დამუშავებული საშუალო ზომის ქვისაგან. დიდი ზომის ქვები გამოყენებულია მხოლოდ კედლების ქვედა ნაწილის ზოგიერთ ადგილას.
2. ციტადელი გამოყოფილია ქვედა დიდი ეზოდან გალავნით, რომელშიც განლაგებული იყო შესასვლელი. შესასვლელი იყო საგულდაგულოდ შემკული. შესასვლელი იყო გადახურული ისრული კამარით და ჩასმულია სწორკუთხედში. ეს კომპოზიცია მთლიანად გარშემორტყმულია თაღით, რომლის შუაში გამოყვანილია ჯვარი. თაღის და სწორკუთხედის შორის წყობა თევზისფხურია. სავარაუდოდ ციტადელი იყო განკუთვნილი გარნიზონის უფროსის ან მხარის მფლობელისათვის.
ზედა ეზოს აღმოსავლეთ ნაწილს მთლიანად იკავებს საცხოვრებელი სადგომები. ისინი, სავარაუდოდ, თავიდანვე იყვნენ ერთსართულიანები, ამჟამად სადგომები დანგრეულია. ოთახები სწორკუთხაა, მათგან ცენტრალური – დიდი, დანარჩენი უფრო პატარა ზომის და თითქმის ერთმნაირი. ამ საცხოვრებელ ოთახებს უშუალო კავშირი ჰქონდათ ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მდგარ კოშკთან. ამ კოშკს ცილინდრული ფორმა აქვს. კედლებში მოწყობილია სათოფურები და ერთი ბუხარი. ვინაიდან სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია და კოშკის ზედა ნაწილი დანგრეულია, ვერ ხერხდება კოშკის სართულიანობის დადგენა. კოშკები და სხვა ნაგებობობები აგებულია რიყის ქვით.
ვინაიდან ლარგვისი მონასტერი იყო, მის ტერიტორიაზე კიდევ ბევრი სამონასტრო ნაგებობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნაგებობები არ შემოგვრჩა, მათი ნანგრევებიც კი აღარ არ არის.
3. ცალკე მდგომი კოშკი ემსახურებოდა ციხის მთავარი შესასვლელის დაცვას. მდინარეთა შეერთების ადგილზე აგებული კოშკი სადარაჯოდაც იქნებოდა განკუთვნილი. კოშკის გეგმა კვადრატულია, სავარაუდოდ შესასვლელი მაღლა იყო განლაგებული. კოშკის შემონახულ ნაწილში საბრძოლო ელემენტების არსებობა არ იკითხება. სამწუხაროდ კოშკი ლარგვისის ციხის ყველაზე დაზიანებული ნაგებობაა.
4. წმინდა თეოდორეს ტაძარი (12,1X19,9 მ; სიმაღლე შიგნით 16,9 მ.) ცენტრალურ-გუმბათოვანთა ტიპს მიეკუთვნება. ტაძრის ძირითადი სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებისა და მათ შუაზე აღმართული გუმბათით. ჯვრის მკლავებიდან გვერდის მკლავები მოკლე და ტოლია, ხოლო ორი დანარჩენი გრძელი და სხვადასხვა ზომისა. ამათგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება აფსიდით, დანარჩენი კი სწორკუთხოვანია. დასავლეთის ყველაზე გრძელი მკლავი გვერდის ნავებს უერთდება ორ-ორი თაღით. საშენ მასალად აგურია გამოყენებული. ჯვრის ოთხივე მკლავი მოისრო კამარითაა გადახურული. ნაგებობის შიგნით გამოყენებული ყველა თაღი, გარდა სარკმლების თაღებისა, ისრული ფორმისაა. აქ არსებული თაღები დაბალია და თითქოს გვერდებგამობერილი. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის კარი ცენტრალურ ღერძზე მდებარეობს, ხოლო სამხრეთისა – გვერდის ნავის წინა მონაკვეთში. ეკლესიის შიდა სივრცე კარგადაა განათებული, რაც ხელს უწყობს კარგი პროპორციების მქონე მასათა აღქმას. სინათლის წყაროს წარმოადგენს გუმბათის მაღალ ყელში განლაგებული ათი სარკმელი, ჯვრის მკლავებში (გარდა ჩრდილოეთისა) მდებარე თითო სარკმელი და სამხრეთ ნავში მოთავსებული ორი სარკმელი. გუმბათის ყელის სარკმლებს მოხაზულობა ჩვეულებრივი ფორმისა აქვთ, ზემოთ ნახევარწრიული და ქვემოთ სწორხაზოვანი, მაშინ როდესაც ქვედა რიგის სარკმლების მოხაზულობა ზემოთ და ქვემოთაც ნახევარწრიულია; სარკმლები მთლიანად ნუშისებურია, რაც ლარგველი ოსტატის ორიგინალობას უნდა მიეწეროს.
გუმბათი, ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ სვეტს. გუმბათქვეშა თაღები არ არის გამოყოფილი ჯვრის მკლავების გადამხურავი კამარებისაგან. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრეზე გადამყვან აფრებზე დეკორატიული ტრომპებია გამოყენებული.
საკურთხეველი ღრმაა, მაგრამ ბემა გამოყენებული არ არის და გვერდის სიბრტყეები აფსიდის მომრგვალებასთან ერთნაირია. აფსიდში, თანაბარი ინტერვალით, (ერთი ცენტრში და თითო გვერდებზე), ნახევარწრიული გეგმის მქონე ნიშებია. ეს ნიშები მღვდელმსახურთა ჩამოსაჯდომად იქნებოდა განკუთვნილი, რადგან ამაზე მიგვითითებს მათი მდებარეობა და საერთო ზომები. ამის გარდა ისინი დეკორატიულადაა გადაწყვეტილი: თაღოვანი ნიშები სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული. ნიშების განაპირას პატარა ზომის სწორკუთხა ღრმა თახჩებია. საკურთხევლის შუაში კუბური ტრაპეზი დგას. საკურთხევლის გვერდებზე ორ-ორსართულიანი სადგომებია. ქვემოთ სადიაკვნე (სამხრეთით) და სამკვეთლოა (ჩრდილოეთით), ზემოთ კი – ე.წ. სამალავები. სადიაკვნე და სამკვეთლო თითო კარითაა დაკავშირებული, როგორც საკურთხეველთან, ისე ეკლესიის დარბაზთან. ორივე სადგომი აფსიდით მთავრდება და თითო სარკმლით ნათდება, გვერდის კედლებზე კი სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა ზომის ნიშებია.
ამ სადგომების ზედა ოთახებს, ჩვეულებრივ, სამალავებს ეძახიან. ასეთ სადგომებს იყენებდნენ ეკლესიის განძეულობის შესანახად, სამალავად. ორივე ოთახს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, სამკვეთლოს ჭერში, მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ამ სადგომებს თავდაცვითი დანიშნულებაც აქვთ. ამ ოთხკუთხა გეგმის მქონე სადგომებს ერმანეთთან აერთებს ვიწრო ტალანი, რომელიც მოთავსებულია აღმოსავლეთის სქელ კედელში. ეს ტალანი ისეთი ზომისაა, რომ თავისუფლად შეიძლება არა მარტო გამართულად გავლა, არამედ იქ მყოფი მებრძოლები, თოფით ხელში, შედარებით თავისუფლად იმოქმედებნენ . ამ სადგომების დაპროექტებისას ისიც გაუთვალისწინებიათ, ეკლესიაში მტრის შემოსვლის დროს საჭირო იქნებოდა მისი დაცვა. ამ მიზნით ერთი სათოფეა დატანებული სამხრეთ-აღმოსავლეთის სადგომის დასავლეთის კედელში, რომელიც სათვალთვალოდაც გამოდგებოდა.
ეკლესიის კედლები შიგნიდან ნაგებია ყორექვითა და აგურით, ხოლო კამარები და თაღები მთლიანად აგურისაა (აგურის ზომები 22X22X4 სმ.). კედლები შელესილი კი ყოფილა, მაგრამ მოხატული იყო თუ არა, არ ჩანს; უკანასკნელ პერიოდში იგი კირით შეუთეთრებიათ.
საკურთხეველი დარბაზისგან ხის მოჩუქურთმებული კანკელით ყოფილა გამოყოფილი; მისგან მხოლოდ ზედა კოჭია გადარჩენილი. ეკლესიის ფასადები მარტივია, ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიისთვის ჩვეული მასებით. ოთხივე კედელი ბრტყელია, ყოველგვარი შვერილების გარეშე.
ნაგებობა ორსაფეხურიან მარტივი პროფილის მქონე ცოკოლზე არის აღმართული და ფასადებიც სადა კარნიზით მთავრდება. ფასადები დამუშავებულია მყისედ დამუშავებული ყორექვით, ხოლო კედლების კუთხეები, კარნიზი, ცოკოლი და კარ-სარკმლები შემოსილია კარგად თლილი თეთრი ქვით (ყორექვის უსწორო ზედაპირის დასაფარავად კედლები შეულესიათ და შემდეგში მთელი ნაგებობა კირით შეუღებიათ). ფასადები მორთულობით ღარიბია. მთელი მორთულობა კარებისა და ზოგიერთი სარკმლის ირგვლივაა განლაგებული. აღმოსავლეთის ფასადზე სამი სარკმელია და სამივეს მოჩუქურთმებული საპირე არშია გასდევს, ცენტრალური სარკმლის თავზე კი ჯვარია აღმართული.
ცენტრალურ სარკმელს ორმაგი საპირე არშია გასდევს და მათ გლუვზედაპირიანი ლილვი ყოფთ. სარკმლების ხვრელობს აქაც და სხვაგანაც, ნუშისებრი ფორმა აქვთ. ამ შემთხვევაში საპირე არშიები იმავე ფორმას იმეორებენ. სარკმლის ზემოთ აღმართული ჯვარი დიდი არ არის, მისი ბოლოები `სამყურათი~ მთავრდება. ცენტრალურ სარკმელზე და ჯვარზე გამოყენებულია ერთი ორნამენტული მოტივი – ლენტოვანი წრეების ჯაჭვი.
ლარგვისის ტაძრის სამხრეთის ფასადი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე ნაკლებადაა მორთული, რაც არაა დამახასიათებელი. ფასადზე განლაგებული კარ-სარკმლები მხოლოდ თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. შესასვლელის ღიობის ირგვლივ მარტივპროფილიანი, ბაზისებზე აღმართული ლილვია შემოვლებული და მას გარეთ მიჰყვება ორი ლენტის დაწვნით მიღებული არშია, რელიეფი მკრთალია, ჭრა დუნე.
დასავლეთის ფასადზე ერთი კარია და სამი სარკმელი. კარის თაღის ზემოთ, მარჯვნივ, ოსტატს თავისი საქმიანობის უკვდავსაყოფად, საკუთარი მარჯვენა და სამუშაო იარაღები გამოუსახავს. რელიეფზე, ზემოთ, ჩაქუჩის ფონზე, ხელის მტევანია თითებგაშლილი (ალბათ, იგულისხმება, რომ ოსტატს ქვის საკოდი ჩაქუჩი უჭირავს ხელში), ქვემოთ კი გონიოა გამოსახული. შესასვლელის ზემოთ სამყურაბოლოიანი ტოლმკლავა ჯვარია.
ტაძრის გუმბათის ყელი კარგი პროპორციებისაა და კარგადაც ამთავრებს ნაგებობის ქვედა ტანის მასებს. ათწახნაგოვანი გუმბათის ყელი, ფასადებისაგან განსხვავებით, თლილი კვადრებითაა მოპირკეთებული. წახნაგები ერმანეთისაგან წვრილი ლილვებითაა გამოყოფილი, რომლებიც თავისთავად ზემოთ და ქვემოთ ჰორიზონტალურ ლილვებშია მოქცეული. მთლიანად გუმბათის ყელს კი მარტივი ფორმის უჩუქურთმო კარნიზი ამთავრებს. ყოველი წახნაგის ცენტრში მაღალი და წვრილი სარკმელია მოთავსებული, რომელთა გლუვზედაპირიანი მოჩარჩოება მთლიანად ავსებს წახნაგებს. სარკმლების მოჩარჩოებაზე ჩუქურთმა არ არის ამოჭრილი, ზედაპირი კი მომზადებულია.
XIX საუკუნის შეკეთების დროს ქვედა ტანის ლორფინების სახურავი კრამიტით გადაუხურავთ, ხოლო გუმბათი – თუნუქით.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ლარგვისის კომლექსი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ამჟამად, ეს ტერიტორია რუსი ოკუპანტების დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. პარმენ ზაქარაია – "ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII სს." ტ3., 1981წ.
2. პარმენ ზაქარაია – "ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს." 1990წ.
3. პარმენ ზაქარაია  – "Древние крепости Грузии". 1969წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://angel.ge

http://lemill.net

http://www.karavi.caucasus.net

http://dzeglebi.com

http://www.orthodoxy.ge

http://georgian-history.site11.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016