Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

omalo
(Zveli omalo)
(XVIII ss)

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. ბოსელი

II. კესელოს ციხე

ა) ზედა კოშკი
ბ) შუა კოშკი
გ) ქვედა კოშკი

III. საცხოვრებელი სახლი 1
IV. საცხოვრებელი სახლი 2
V. საცხოვრებელი სახლი 3
VI. საცხოვრებელი სახლი 4
VII. საცხოვრებელი სახლი 5
VIII. საცხოვრებელი სახლი 6
IX. საცხოვრებელი სახლი 7
X. წისქვილი
XI. სამაროვანი


2. mniSvnelovani da saintereso informacia

დღესდღეობით არსებობს ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალოდან, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში, ხალხმა დაიწყო დაბლა ჩამოსვლა და ვაკე ადგილას დასახელება, რის შედეგდაც, ამ დასახლებას ახალი ომალო ეწოდა.

3. adgilmdebareoba

სოფელი  (ძველი) ომალო მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (ჩაღმა) თემში, ახმეტიდან  90 კმ–ში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარჯვენა ნაპირზე  და წარმოადგენს თუშეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე აშენებულია XVIII საუკუნეში. ადრე ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ კი სოფელი თანდათანობით დაბლა, დღევანდელ ომალოს (ახალ) ვაკეზე ჩასულა. ხალხის გადმოცემის მიხედვით შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა.
ომალო დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს და უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1221 ადამიანი.
სოფელი ომალო (ძველი ომალო) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოებრის N665 ბრძანებულებით შევიდა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში. სოფელში კესელოს ციხეში მუშაობს ომალოს ეთნოგრაფიული მუზეუმი.
თუშეთში მობინადრე გვარები თავის თავს ხიზნებად თვლიან. გადმოსახლების ისტორია ზოგიერთ გვარს დღესაც ახსოვს. მაგალითად სოფელ ომალოს მცხოვრები სისვაურის წინაპარი თიანეთიდან ბატონს გამოჰქცევია და ომალოში დასახლებულა.

საინტერესოა ომალოს „მარიამწმინდის“ ხატთან დაკავშირებული ისტორია. ხატის ნიში 1903 წელს აუშენებია პეტრე მოზაიძეს. იქვე ფიჭვის დიდი ფუღურო ხე იდგა, სადაც თურმე ხატის განძეულობა ინახებოდა. ხატის ამ ხის ხელის ხლება აკრძალული იყო. ხალხური თქმულებით ერთხელ რუსის ჯარს ამ ხის ტოტის შეჭრა განუზრახავს, მაგრამ ხატს იქვე გაუშეშებიაო. ამ ხატის უკან ფიქალი კლდე იყო, რომელიც ხატის საკუთრებად ითვლებოდა და მისი დაშლა-გამოყენება იკრძალებოდა. მოზაიძეს სახლისთვის ქვა დასჭირვებია, საკლავი დაუკლავს და მარიამწმინდის ხატისთვის ნებართვა უთხოვია. მოზაიძეს სახლი აუშენებია და მადლობის ნიშნად აქ ხატის დარბაზი აუგია. ს. მაკალათიას აღწერით ამ ხატში დაცული იყო ლითონის უბრალო თასები და ერთი სპარსული ტიპის ზარი, რომელიც შემკული იყო ვერცხლის ზარნაშიანი წნულებით და ადამიანის ფიგურებით. ომალოშია ასევე ხატის ტყე, სადაც მოთავსებულია მთავარანგელოზის ხატი. ხატის ამ ტყის მოჭრა სასტიკად აკრძალული იყო. გიორგი ბოჭორიძეს შემდეგი ცნობები აქვს მოყვანილი ამ სალოცავების შესახებ:

„წასნეს მთავარანგელოზის ჯვარი (დღეობა) მოდის მკათათვის 23-ში ძველით სამშაბათ დღეს. დილით აქ დღეობენ, საღამოთი სოფელში ამოდიან და აქ „სასახედრე“ ჯვარში ღამეს ათევენ.

მარიამწმიდა. დღეობან წასნეს წინა დღეს, ე.ი. მკათათვის 22-ს. სადაც ღრეობენ იმ ადგილს ჰქვიან „საღმერთო“.


6. arqiteqturuli aRwera

  • samxreT fasadi, gegma
    I. ბოსელი  დგას სოფლის განაპირას, კლდოვან ფერდობზე. აგებულია XIX საუკუნეში.
    ბოსელი სწორკუთხოვანი გეგმის (9,1X6,3 მ) ორსართულიანი ნაგებობაა, რომელიც აშენებულია ფიქალით და ტალახით. პიველი სართული გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, კარი თაღოვანია. შესასვლელის წინ ფიქალით ნაგები ოთხკუთხა ბაქანია. შესასვლელის გარდა სამხრეთის კედელში ერთი პატარა სწორკუთხა სარკმელია. სართული, ორმხრივ
    შელესილია ტიხრით, ორ ნაწილადაა გაყოფილი. მეორე სართული თივის შესანახად გამოიყენებოდა. პირველი და მეორე სართულები ერმანეთს სართულშუა გადახურვაში მოწყობილი ხვრელით უკავშირდება. მეორე სართულის კედლები, გარდა ჩრდილოეთისა, მთელ სიმაღლეზე გახსნილია. სამხრეთის ღიობის შუაში ხის ბოძია დადგმული, რომელსაც ღიობის გადამხურავი ხის ძელი ეყრდნობა. ამ ძელზე დადგმულია ხის მოკლე ძელებისაგან გამოყვანილი სვეტი, რომელზედაც დაყრდნობილია თავხე.
    პირველი სართულის სამხრეთის ფასადის წყობიდან გამოშვერილია ხის ძელი, რომელიც კიბის მისაყრდნობად გამოიყენებოდა. შენობის სახურავი ორკალთაა, დაბურულია ფიქლის თხელი ფილებით.

    ganakveTi, fasadi, gegma
    II. ციხე კესელო (მაგარი) მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, კლდოვან ბორცვზე, განეკუთვნება XVIII საუკუნეს. კესელო მიუდგომალია, ერთადერთი მისასვლელი გზა აღმოსავლეთის მხარეზეა და ისიც ქვითკირის გალავნით ყოფილა შემოზღუდული. გიორგი ბოჭორიძის ცნობით, რომელმაც 1935 წელს მოიარა თუშეთი, XX საუკუნის 30-იან წლებში კესელოს ციხეში ექვსი კოშკი იყო შემორჩენილი, მეშვიდესი კი მხოლოდ ნაშთი იყო, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევდა., ასევე საინტერესოა სერგი მაკალათიას მოკლე ცნობები ომალოს კესელოს ციხის შესახებ „ ...ნაგებია სიპი კლდის მარალ ბორცვზე. კლდის დასავლეთის ფერდობი ეშვება ალაზნის ღრმა ხევში და დაფარულია ფიჭვნარით. ციხის მოედანი დავაკებულია. მოედნის ფართობი უდრის 20X10 მეტრს და შემოვლებული აქვს აღმოსავლეთის მხარეზე მაღალი გალავანი, ერთი კარით. კედლებში გამოჭრილია სარკმლები და სათოფურები. ციხის ფორმა კვადრატულია (5,4X4,5 მ),  კედლის სისქე უდრის 60 სმ-ს და სიმაღლე 8-10 მეტრამდე აღწევს. დღეს ციხე თავმორღვეულია და ჩაქცეული, დარჩენილია მხოლოდ ცარიელო კედლები. კედლის კუთხეებში ქვის საფეხურებია დატანებული, რომლებზედაც ხეები ყოფილა გადებული და ფიქალი ქვებით დაფენილი.“
    დღეს ციხისაგან შემორჩენილია სამი ოთხკუთხა კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. სამივე კოშკი ნაგებია ფიქალი ქვით. კოშკები დაზიანებულია.
    ა) ზედა კოშკი (4,8X4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 9,3 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მეორე სართულზე - დასავლეთიდან. მეორე სართულზე კედლები შიგნიდან მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთისაში - ორი სათოფური და ერთი სარკმელი. მესამე სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთის კედელში ერთი სარკმელი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთისაში - ორი სათოფური. მეოთხე სართულის ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი. კოშკის ბოლო ორი ნაწილი სათავდაცვო იყო. აღმოსავლეთის ფასადის ზედა ნაწილში, კედლის წყობაში, ერთ ხაზზე, მთის ბროლის ხუთი ქვაა ჩასმული. კოშკი გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.
    ბ) შუა კოშკი (5,1X 5,1 მ) სამსართულიანია, მისი სიმაღლე 7,75 მეტრია. პიველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდან. მეორე სართულზე აღმოსავლეთის კედელში სათოფურია, სამხრეთისაში - სარკმელი. მესამე სართულის ჩრდილოეთის კედელში კარის წირთხლია შემორჩენილი. სამხრეთის კედელში ორი სათოფური და ერთი სარკმელია, დასვლეთისაში - ერთი სათოფური.
    გ) ქვედა კოშკი (5,2X4,2 მ) ოთხსართულიანია (შემორჩენილი სიმაღლე 7,25 მეტრია). პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, ამ კედელში ერთი სათოფურიცაა. მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის კედლებში თითო სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელში - სარკმელი და ორი სათოფური. მეორე და მესამე სართულების კედლები ნაკელნარევი თიხითაა შელესილი. მესამე სართულზე შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა, ამ სართულის ორ-ორი სათოფურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში კი ორი სათოფური და სარკმელი. მეოთხე სართულის ჩრდილო-დასავლეთ კედელში - ერთი სათოფური, სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ერთი სარკმელი და ორი სათოფური, სამხრეთ-დასავლეთისაში - ორი სათოფური. სამივე კოშკში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, შემორჩენილია კოჭების ბუდეები, სართულები ერთმანეთს ხის მისადგმელი კიბით უკავშირდებოდნენ.

    samxr. fasadi, gegma, aRm. fasadi
    III საცხოვრებელი სახლი 1. სახლი დგას სოფლის ცენტრალურ ნაწილში, კლდოვან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუუკუნეებს, ეკუთვნის ამირან სისაურს.
    სახლი გეგმით სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია (10,4X5,5 მ), ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. შენობა კაპიტალური კედლით გამიჯნულ თანაბარი ფართობის ორ ოთახს მოიცავს. სამხრეთით მდებარე ოთახის ქვემოთ სამეურნეო დანიშნულების სათავსია, რომელიც შემორჩენილია თავდაპირველი სახით, რის გამოც შენობის სამხრეთის ნაწილი ორსართულიანია, ჩრდილოეთის ნაწილი - ერთსართულიანი. სამეურნეო სათავსის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია, სამხრეთის კედელში კი, სათოფურის მსგავსი ვიწრო სარკმელი. მეორე სართული XIX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ. ამ დროს ოთახის აღმოსავლეთ კედელში მოუწყვიათ ფართო სწორკუთხა შესასვლელი და მის წინ ხის პატარა ბაქანი, სამხრეთის კედელში კი ორი სწორკუთხა სარკმელი. ამავე დროსაა სამხრეთის მხრიდან მოწყობილი აივანი, რომელიც კედლიდან გამოშვერილი ხის (შემორჩენილია ნაწილი) ძელებზე იყო დაყრდნობილი. ჩრდილოეთით მდებარე ოთახს შესასვლელი აღმოსავლეთის კედელში აქვს, ამავე მხარესაა ერთადაერთი სარკმელიც, რომელიც შესასვლელის მსგავსად თარაზულად ყოფილა გადახურული. შენობის სამხრეთის ნაწილი გადახურულია ხის ძელებზე გამართული ფიქლის ორკალთა სახურავით. მოგვიანებით ჩრდილოეთით მდებარე ოთახისათვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ გეგმით თითქმის კვადრატული (5,5 X4,7 მ) სათავსი (შემორჩენილია მხოლოდ კედლები), რომელიც ჩრდილოეთის კედლით კლდეზეა მიბჯენილი. სათავსში შესასვლელი და ერთადერთი სარკმელი აღმოსავლეთიდანაა.

    II sarTulis gegma
    IV. საცხოვრებელი სახლი 2 დგას შუა სოფელში და XVIII-XIX საუკუნეებშია აშენებული, სახლი ეკუთვნის
    სარდიონ სისაურს.
    სახლი სამსართულიანია (სამთვლიანი) და ნაშენია ფიქლით, წყობა მშრალია. მესამე სართულის კედლები შიგნიდან და გარედან თეთრი თიხითაა შელესილი. სახლი დაზიანებულია. პირველ სართულზე (ფართი 32 კვ.მ) საქონლის სადგომი - ბაშტე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ხისაა, ორფრთიანი. დასავლეთის კედელში ერთი სარკმელია, ჩრდილოეთის კედელში ფიქლით ამოყვანილი ორი პილასტრია. იატაკზეც ფიქალია მოგებული. ბაშტეზე სამხრეთიდან მიდგმულია საქონლის საზაფხულო სადგომი - ბეღვა. მეორე სართულზე ორი სათავსია: საცხოვრებელი - შუა და დამხმარე - კარსე. შუას (6 X5,4 მ) აღმოსავლეთის კედელში კარი და სარკმელია, დასავლეთისაში - სათოფური, სამხრეთის კედელში ორი სარკმელია. ჩრდილოეთის კედელში კარსეში გასავლელი კარია გაჭრილი. კარსეს (5,4X4,6 მ) დასავლეთის კედელში ბუხარია. ჩრდილოეთის კედელში ორი ნიში, აღმოსავლეთისაში კი ეზოში გასასვლელი კარი. ეზო ხელოვნური ტერასაა (სიგანე 6 მ) და შენობას ეკვრის აღმოსავლეთის მხრიდან, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში სამზარეულოა. მესამე სართული გადაკეთებულია. ამ სართულზეც ორი სათავსია: საცხოვრებელი - ზედშუა და დამხმარე - კარსე. ზედშუას (5,4X6 მ) სამხრეთის კედელში ორი დარაბებიანი ფანჯარაა. აღმოსავლეთის კედელში უმოაჯირო აივანზე - საჩეხეზე  გასავლელი კარი და ორი ფანჯარაა. საჩეხი (სიგანე 1,8 მ) შუა ეზოში ფიქლით ამოყვანილ ორ სვეტზე (მილიონა) დგას. საცეხის იატაკი მიწატკეპნილია. კარსეში (5,4X4,6 მ) შესვლა ზედშუას ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარით შეიძლება. კარსეს აღმოსავლეთის კედელში სარკმელი და საჩეხეზე გასასვლელი კარია.
    სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე, მეორე სართულის დონეზე, ფიქლის ქვებით დეკორატიული ელემენტებია გამოყვანილი, სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.

    V. საცხოვრებელი სახლი 3. სახლი დგას სოფლის განაპირას და განეკუთვნება XVIII-XIX საუკუნეებს. ეკუთვნის იროდა მელაიძეს.
    სახლი სამსართულიანია (სამთვალიანი). ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია, კედლები შიგნით თეთრი თიხით ყოფილა შელესილი. პირველ სართულზე (ფართი 27 კვ.მ), საქონლის სადგომის - ბაშტეს - აღმოსავლეთის კედელში კარი და ერთი სარკმელია. კარი ურდულით იკეტებოდა. მეორე სართულზე (ფართი 47 კვ. მ) საცხოვრებელი - შუა - იყო. შუას სამხრეთის კედელში ორი სარკმელია, აღმოსავლეთის კედელში - ორი ნიში, დასავლეთის კედელში - ორი სარკმელი და კარი (გაჭრილია მოგვიანებით), ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარი დამხმარე სათავსში - კარსეში - გადის. კარსე მოგვიანებით მიუშენებიათ სახლზე. მას დამოუკიდებელი შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. ჩრდილოეთის კედელზე ერთი პილასტრია. კარსე ფიქლითაა გადახურული, მასზე აღმოსავლეთიდან მიდგმულია სამზარეულო - საცეცხლური. მესამე სართული (ფართი 6 კვ. მ) სამეურნეო სათავსია - ჭერხო. მას აღმოსავლეთის კედელში ორი სარკმელი და კარი აქვს, რომელზეც გარედან ფიქლის კიბე ყოფილა მიდგმული. დასავლეთის კედელში ორი სარკმელია, ჩრდილოეთისაში - სათოფური, სამხრეთის კედელში - სანიავო. სახლს ფიქლის გადახურვა ჰქონია, შემორჩენილია სართულშუა კოჭოვანი გადახურვის ბუდეები.

    sarTulebis gegmebi
    VI. საცხოვრებელი სახლი 4 დგას შუა სოფელში, თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკუთვნის იჭირაულებს. ადგილობრივი მაცხოვრებლების გადმოცემით სახლი ხუთსართულიანი (ხუთთვალიანი) ყოფილა და გვერდზე ოთხსართულიანი დამხმარე ნაგებობა ჰქონია მიშენებული. ნაშენია ფიქლით, წყობა მშრალია. შემორჩენილია სამი სართული. პირველი სართული (ფართ. 44 კვ. მ) საქონლის სადგომის - ბაშტე, რომელიც ორი სხვადასხვა სიდიდის სათავსისაგან შედგება. ორივე სათავსის სამხრეთის კედელში თითო კარი და სარკმელია. პატარა სათავსის აღმოსავლეთის კედელში სარკმელია. ორივე სათავსში იატაკზე ფიქალია დაგებული. მეორე სართლზეც (ფართი 62 კვ. მ) ორი სათავსი: საცხოვრებელი - ქვეთშუა - და დამხმარე - კარსე. შესასვლელი აღმოსავლეთიდან, კარსედანაა. კარსეში ორი სარკმელია. ქვეთშუას სამხრეთის კედელში ორი სარკმელია. დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმელი კარსეში გადის. ორი სათავსია მესამე სართულზეც (6,7X4,9 მ) - შუა და კარსე. სათავსებს შესასვლელები ცალ-ცალკე აქვთ.

    VII. საცხოვრებელი სახლი 5 დგას სოფლის განაპირას, მაღლობზე. აგებულია XIX საუკუნეში და ეკუთვნის ტირიფონ იჭირაულს. სახლი ორსართულიანია, გეგმით თითქმის კვადრატული (7,7X6,9 მ), ნაგებია ფიქლითა და ტალახით. კონსტრუქციული მდგრადობისთვის კედლების წყობაში სართულშუა გადახურვისა და მეორე სართულის კარსარკმელთა გადახურვის დონეზე, გარედან, ხის ძელებია დატანებული. შენობის თითოეულ სართულზე თითო ოთახია. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე - საცხოვრებელი. შესასვლელი პირველ სართულს სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სათოფურის მსგავსი ერთი პატარა სარკმელია. სართულის დანარჩენი კედლები კი ყრუა. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლების გასწვრივ მოწყობილია ბაგა. მეორე სართული ფიცრული კედლით გაყოფილია ორ არათანატოლ ნაწილად. მომცრო (ჩრდილოეთის) ნაწილს საკუჭნაოდ იყენებენ, მას მიწატკეპნილი იატაკი აქვს. საცხოვრებელი ნაწილის იატაკი ხისაა. მეორე სართულის შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ამ მხრიდან, ფასადის მთელ სიგრძეზე, ხის აივანია მოწყობილი, რომელიც კედლიდან გამოშვერილ ძელებს ეყრდნობოდა (შემორჩენილია მხოლოდ იატაკი). აივნიდან საკუჭნაოში ვხვდებით, რომელიც საცხოვრებელ ოთახს ერთფრთიანი კარით უკავშირდება. საცხოვრებელი ოთახი განათებულია სამი სწორკუთხა სარკმლით. გარედან პირველი სართულის სამხრეთის ფასადი, მეორე სართულის აღმოსავლეთის ფასადი და კარ-სარკმელთა საპირეები შელესილი და შეთეთრებულია. შენობა გადახურულია ხის ძელებზე მოწყობილი ფიქლის ორკალთა სახურავით, რომლის ქვეშ აივანიცაა მოქცეული. მოგვიანებით დასავლეთის მხრიდან სახლისათვის მიუშენებიათ გეგმით კვადრატული (7,2X7,2 მ) საბძელი, რომელსაც ცალფერდა გადახურვა ჰქონია.

    samxr. fasadi, II sarTulis gegma
    VIII. საცხოვრებელი სახლი 6 დგას შუა სოფელში, აგებულია XIX საუკუნეში და ეკუთვნის კოტე ბოდოიძეს. სახლი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის (13,8X8,2 მ) ორსართულიანი შენობაა, ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. მთავარი (სამხრეთის) ფასადი ორივე სართულზე შელესილი და შეთეთრებულია. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე - საცხოვრებელი. ორივე სართულზე თანაბარი ფართობის ორ-ორი ოთახია. ყველა ოთახს ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. პირველი სართულის შესასვლელი ისრული თაღითაა გადახურული, მეორე სართულისა კი სწორკუთხაა. პირველი სართულის ორივე ოთახი უსარკმლოა, მეორე სართულის ოთახები კი ორ-ორი სარკმელით ნათდება, რომლებიც შესასვლელების ორივე მხარეს არის გაჭრილი. სართულს მთავარი ფასადის მთელ სიგრძეზე ხის თორმეტსვეტიანი აივანი აქვს მოწყობილი.
    sacxovrebeli saxli 6
    აივანი გამართულია ხის კოჭებზე, რომელთა ერთი ბოლო კედელშია ჩამჯდარი. ხოლო მეორე ფიქლის მშრალი წყობი ნაგებ სამ ოთხკუთხა ბოძზე გადებულ ორ კოჭს ეყრდნობა. აივნის მოაჯირი და თაღები აჟურული ჩუქურთმითაა მორთული. აივანზე ასავლელად შენობის დასავლეთის ფასადზე მიდგმულია ფიქლით ნაშენი ერთმარშიანი კიბე. კიბის გარდა ფასადზე პატარა (4,2X2,5 მ) სამზარეულოცაა მიშენებული, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სამზარეულოს დასავლეთის კედელში ერთი პატარა სწორკუთხა სარკმელია. სახლი გადახურულია ხის ძელებზე მოწყობილი ფიქლის ორკალთა სახურავით.

    IX. საცხოვრებელი სახლი 7 დგას სოფლის სამხრეთით, აშენებულია XX საუკუნეში. სახლი ორსართულიანია, ნაგები ფიქლითა და ტალახით, ტიხრები ხისაა, სახურავი - ფიქლისა. პირველი სართული გეგმით (8X5,3 მ) წაგრძელებული ოთხკუთხედია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სათავსი ხის ტიხრით გაყოფილია ორ ნაწილად, აღმოსავლეთის ნაწილს საცხოვრებლად იყენებენ, დასავლეთისას - საქონლის სადგომად. ორივე ნაწილს მიწური იატაკი აქვს. საქონლის სადგომში, იქ, სადაც საქონელი იდგა, იატაკზე ფიცარია დაგებული. საცხოვრებელ ნაწილში, აღმოსავლეთის კედელთან, გრძელი ზურგიანი სკამი დგას. ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ ტახტია, ცენტრში - ფიქლის ფილებით ნაგები კერა.  სართულშუა გადხურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი. მეორე სართული (10,4X8,15 მ) სამეურნეო დანიშნულებისაა (ინახავდნენ ჭირნახულს, საქონლის საკვებს, სამეურნეო იარაღს). ამ სართულის დასავლეთის ნაწილის იატაკში მოწყობილია საქონლის სადგომში თივის ჩასაყრელი ოთხკუთხა ღიობი. სამხრეთით სახლს ხის კოჭებზე დაყრდნობილი ღია აივანი აქვს (სიგრძე 2 მ), მისი იატაკიც მიწატკეპნილია.

    ganakveTi, gegma,
    X. წისქვილი დგას სოფლის სამხრეთ დასავლეთით 1,5 კმ-ზე მდინარე თუშეთის ალაზნის მარჯვენა ნაპირას,
    ღრმა ხევში, ადგილ ხოშანეში. აგებულია XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე. წისქვილი ერთსართულიანია და რამდენადმე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (8,5 X 5 მ). შედგება ორი, თითქმის თანაბარი ფართობის, სათავსისაგან. დასავლეთის კედელი და ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნაწილი ფიცრისაა, დანარჩენი ფიქალის. დასავლეთის სათავსი მთლიანად ფიცრულია. შესასვლელი ხის გადახურული აივნიდანაა, რომელიც დასავლეთის ფასადს ჩრდილოეთიდან ეკვრის. აივნიდან ერთფრთიანი კარით აღმოსავლეთის სათავსში ვხვდებით. სათავსის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში შემორჩენილია ქუმელის მოსახალი ღუმელის ნაშთი. სათავსის ჩრდილოეთის ფიცრული კედლის ნაწილში ერთი პატარა სწორკუთხა სარკმელია, დასავლეთ ნაწილში - მეორე ნაწილში გასასვლელი კარი. იატაკი მიწატკეპნილია. მეორე სათავსი დგას ხის მორებით ამოყვანილ ჯარგვალურ კონსტრუქციაზე, აქვს ორი სარკმელი. იატაკი ხისაა, შუაში, სქელი ფიცრებით მოწყობილ კონსტრუქციაზე დოლაბებია დაყრდნობილი - ქვედა და ზედა. სათავსის იატაკის ქვეშ ხისფრთებიანი ბორბალია, რომელიც ბრუნვაში მოჰყავს ხის ღარით გამოყვანილ წყალს. ნაგებობა ფიქლის ორფერდა სახურავითაა გადახურული.
    XI. სამაროვანი მდებარეობს სოფელში, მ. გულხაიძის ეზოში. განეკუთვნება ძვ. წ. VII-V საუკუნეებს. სამაროვანი აღმოჩნდა 1989 წელს შემთხვევით, სახლის მშენებლობის დროს. სამარხების რაოდენობა ვერ დადგინდა, დაკრძალვის წესი კრემაციულია. ნივთები დამწვარი და დეფორმირებულია. აღმოჩნდა: მითოლოგიური ცხოველის (დათვი?) ბრინჯაოს ქანდაკება; ბრინჯაოს ორად გაკეცილი ფირფიტასაგან დამზადებული ვერძის სამი ქანდაკება; ბრინჯაოს ორი საკისრე რკალი (ერთ-ერთი რკალი დაბოლოებულია ხელის მტევნით, რომლის დაგრძელებული, მოხრილი ნეკი და ცერი შეერთებულია); დიდი ზომის, მდიდრულად ორნამენტირებული, მრგვალი, სწორკუთხა და კუთხეებმომრგვალებული ბრინჯაოს ბალთები (ერთ-ერთი ბალთა შემკულია ვერძის თავის სტილიზებული სკულპტურული გამოსახულებით); ირმის თავის სტილიზებული გამოსახულებით შემკული ბრინჯაოს ოთხი დიდი და მასიური საკინძი; ბრინჯაოს სამი თავგახსნილი სამაჯური; ბრინჯაოს ჯაჭვის და რკინის დანის ფრაგმენტები; მინის სხვადასხვა ფერის და ზომის მძივები და სხვა.



    7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

    სოფელი ომალო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

     

    8. gamoyenebuli masalebi

    1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2008წ.
    2. გიორგი ბოჭორიძე – “თუშეთი”, 1993წ.
    3. სერგი მაკალათია – “თუშეთი”, 1983წ.

    9. marSruti

    დადგინდება;

    10. bmulebi

    http://ka.wikipedia.org

     

     

  • megobari saitebi

    dz_anotacia
       

    08.05.2016