Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი

(X–XII-XIII სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, აბსიდიანი სამლოცველო, მართკუთხა აუზი, ცისტერნა, სამარხები, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან  არსებული კრიპტა, ბერების განსასველებელი, მარტომყოფელი ბერის სენაკი, წისქვილი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ღალიას ღვთისმშობლის (პანაგია ხრისოიალიოტისა) მონასტერი მდებარეობს კვიპროსის რესპუბლიკის პაფოსის ეპარქიაში, კუნძულის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ხრისოხუს ყურის სანაპიროდან აღმოსავლეთით 9 კმ მანძილზე, მთაში, სოფელ იალიას (გიალია) ზემოთ 5 კმ-ში ტყიან გორაკზე.

 

4. ruka

არ მოგვეპოვება.

5. istoriuili mimoxilva

ინტერესი კვიპროსში არსებული ღალიას ქართული მონასტრის მიმართ საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. პირველი ცდა, ღალიის მონასტრის მოძებნისა ჰქონდა ო. გიგინეიშვილს, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.
ღალიას ქართველთა მონასტრის აღმოჩენის პატივი წილად ხვდა ოკეანესგაღმა მცხოვრებ ქართველს, პროფ. ვახტანგ ჯობაძეს (1917-2007), რომლის ღვაწლი უცხოეთში არსებული ქართული სამონასტრო კერების გამომზეურებისა და მათი შესწავლის საქმეში განუზომლად დიდია. 1981 წელს კვიპროსზე საგანგებოდ ჩასულმა ვ. ჯობაძემ მიაკვლია ფიჭვნარის ტყეში ჩაფლულ იმ მონასტრის ნანგრევებს, რომელიც ქართულ წერილობით წყაროებში ღალიას ან ჟალიას სახელწოდებით იყო მოხსენიებული. `მონასტერი ნანგრევებადაა ქცეული, თუმცა ეკლესიის აბსიდის სამი ნაწილი, ისევე როგორც ორივე ნაწილი სამხრეთის კარიბჭისა, ჯერ კიდევ სამი მეტრის სიმაღლეზეა აღმართული~.
1983 წლის დეკემბერში, ღალიას მონასტერი მოინახულეს და კინოფირზე აღბეჭდეს პროფესორმა ალექსანდრე ალექსიძემ, სოსო ცისკარიშვილმა და ლომერ ახვლედიანმა.
მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა დაიბადა 2001 წლის ივნისში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს. ამ ვიზიტით განახლდა საუკუნის წინ შეწყვეტილი კავშირი ორ მართლმადიდებელ ერს შორის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია კვიპროსს გაემგზავრა.
2006-2010 წლებში ექსპედიციამ კვიპროსზე ექვსი საველე კამპანია (2007 წელს – ორი) ჩაატარა, 2006-2007 და 2010 წლებში ი. გაგოშიძის, 2008-2009 წლებში კი დ. მინდორაშვილის ხელმძღვანელობით. ექსპედიციაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ: როლანდ ისაკაძე (არქეოლოგი), გიორგი გაგოშიძე (ხელოვნებათმცოდნე), თენგიზ გაბუნია (არქიტექტორი), დავით გაგოშიძე (მხატვარი-რესტავრატორი), ლია ბითაძე, შორენა ლალიაშვილი (ანთროპოლოგები), არჩილ კონიაშვილი (ტოპოგრაფი), გიორგი გორდელაძე (კონსტრუქტორი), სერგო გოგმაჩიძე (გეოლოგი) და სხვა ექსპედიციის წევრები.

ამჟამად, კვიპროსში უძველესი ქართული სამონასტრო კომპლექსის 6 წლიანი სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი და მასში შემავალი წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნანგრევებისგან სრულად გაიწმინდა. აღდგენილი ღალიას მონასტერი ტურისტულ რუკაზე უკვე დაფიქსირდა. ძეგლის არქეოლოგიური-კვლევითი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება ქართულმა მხარემ, ხოლო ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების დაფინანსება კვიპროსის მხარემ განახორციელა.

მონასტერი, ღალიას ან ჟალიას სახელწოდებით, (პ. ინგოროყვა თვლიდა, რომ ტერმინი `ღალია~ ქართული წარმოშობისაა და მომდინარეობს `ღელეს~ მეგრული შესატყვისიდან, `ღალი~) რამდენჯერმეა მოხსენიებული ძველ ქართულ წერილობით წყაროებში, რომელთა შორის უძველესი XI-XII საუკუნების მიჯნით თარიღდება.
ეს არის სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცული #ჰ-18 ქართული ხელნაწერი, რომლის ანდერძი გვამცნობს, რომ ის დაუწერიათ `კვიპრეს ქართველთა მონასტერსა ჟალიას, არა ხოლო შინა, არამედ ორ მილიონ შორ მონასტრისაგან~. XII საუკუნის მეორე ნახევრით – XIII საუკუნის დასაწყისით თარიღდება იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკის #85 ქართული ხელნაწერის ანდერძი, საიდანაც ვიგებთ, რომ გარეჯის დოდოს რქის მონასტრის ბერმა რომანოზმა ეს ხელნაწერი შესწირა `წმიდა ღმრთისმშობელისა საყოფელს ჟალიას ქართველთა მონასტერს~ და ეს მოიმოქმედა მონასტრის წინამძღვრის, იოანე მწიგნობრისა და მონასტრის ძმათა თხოვნით. XIII საუკუნის მეორე დეკადაში დაწერილ საისტორიო თხზულებაში `ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი~ ნათქვამია, რომ თამარ მეფემ `კვიპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერყ და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისა~.
სხვა პირდაპირი ცნობა ღალიას/ჟალიას მონასტრის შესახებ ქართულ წყაროებში არ ჩანს, თუმცა კვიპროსზე არსებული ქართული მონასტერი თუ მონასტრები მოხსენიებულია `ლავრათა, საკრებულოთა და მონასტერთა~ იმ ჩამონათვალში, რომელნიც დავით აღმაშენებელმა (1089-1125) `აღავსნა კეთილითა~. თამარის მეორე ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარიც ახსენებს `კვიპრისა ჭალაკით~ მოსულ ბერებს, რომლებიც მეფემ `აღავსნა ყოვლითა სახმარითა~.
კვიპროსზე ქართული მონასტრის არსებობის შესახებ ირიბ ცნობას გვაწვდის იერუსალიმელი ქართველი მოწამის, ნიკოლოზ დვალის `წამება~, რომელიც XIV საუკუნის პირველ ნახევარშია შექმნილი (ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წელს იერუსალიმში).
`წამების~ ტექსტიდან ვიგებთ, რომ იერუსალიმელ ძმებს ნიკოლოზი კონფლიქტური სიტუაციისაგან გაურიდებიათ და კვიპროსზე გაუგზავნიათ, სადაც მისთვის, როგორც ჩანს, იქ არსებულ ქართულ საკრებულოს უნდა გაეწია მასპინძლობა.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს საკრებულო, შესაძლებელია, ყოფილიყო სწორედ ღალიას მონასტერი, რომლის ერთ-ერთ ბურჯზე ამოკვეთილ წარწერაში იხსენიება ნიკოლოზი. წარწერა თარიღდება XIII-XIV საუკუნეთა მიჯნით, რაც ემთხვევა ნიკოლოზ დვალის კვიპროსზე ყოფნის პერიოდს.
XIV საუკუნის დასაწყისში ღალიას მონასტერში ქართველების ყოფნას ადასტურებს ვატიკანის 1306 წლის 3 დეკემბერს შედგენილი #1298 დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ კვიპროსზე, `ხრისოხუს უბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქების ჱაილია-ს და ინეკლი-ს შორის~ მდებარე ჱაილ-ის მონასტრის იღუმენი ქართველი იყო.
ღალიას მონასტრის უკანასკნელი მოხსენიება წერილობით წყაროში 1460 წლის მოვლენებს უკავშირდება. გეორგიოს ვუსტრონიუსი თავის `ქრონიკებში~ მოგვითხრობს, რომ მეფე იაკობის (1460-1473) ოფიცრებმა დედოფალ შარლოტას (1458-1460) მომხრეების დევნისას დაარბიეს იალიას მონასტერი (monastero de Giaglia): `წავიდნენ ხრისოხუს მხარეს, იალიას მონასტერს და შეამთხვიეს ერთ ბერს ბევრი ბოროტი~. ამ ცნობიდან ჩანს, რომ XV საუკუნეში ღალიას მონასტერი ჯერ კიდევ მოქმედი იყო.
როდის შეწყვიტა ღალიას მონასტერმა არსებობა და როდის დაინგრა იგი, არ არის ცნობილი. ქართველი პილიგრიმები – ტ. გაბაშვილი და გ. ავალიშვილი, რომლებმაც შესაბამისად, 1758 და 1820 წლებში მოილოცეს კვიპროსის სიწმინდეები და თავის მოგზაურობათა აღწერებიც დაგვიტოვეს, არაფერს ამბობენ კვიპროსზე ქართველთა ყოფნის ან იქ ოდესღაც არსებული ქართული მონასტრების შესახებ. როგორც ჩანს, XVIII საუკუნის შუახანებში ეს მონასტრები უკვე კარგა ხნის მიტოვებული, ხოლო კვიპროსზე ქართველთა ოდინდელი მოღვაწეობის ხსოვნა დაკარგული ყოფილა. თუმცა პაფოსის მიტროპოლიტ გენადის ხარჯით 1971 წელს იოანე პ. ციკნოპულოს მიერ ნიქოზიაში გამოცემულ `პაფოსის ეკლესიის ისტორიაში~, 270-ე გვერდზე, #40-ით აღწერილია მონასტერი ხრისოიალიოტისა: `იალიასაგან ერთი მილით დაშორებული ქართული მონასტერი, ძალიან დიდი, მოქმედებდა 1935 წლამდე. ახლა დგას მხოლოდ კედლები ძალიან დაზიანებული ფრესკებით. ამ მონასტერს ჰქონდა შემოსავალი სამასი დუკატი, იმდენივე, რამდენიც კიკოს~. უაღრესად საინტერესო ცნობაა. ცხადია, `ისტორიის~ შემდგენელს ხელთ ჰქონია რომელიღაც სხვებისათვის უცნობი წყარო ღალიას მონასტრის შესახებ, რადგანაც უკლებლივ ყველა სხვა თანამედროვე გამოცემა, რომელიც ახსენებს ღალიას ქართველთა მონასტერს, ეყრდნობა პროფ. ვ. ჯობაძის 1984 წელს გამოქვეყნებულ გამოკვლევას, `პაფოსის ეკლესიის ისტორია~ კი 10 წლით უსწრებს წინ პროფ. ვ. ჯობაძის 1981 წლის ექსპედიციას კვიპროსზე, როცა მან აღმოაჩინა ღალიას მონასტრის ნანგრევები და მოახდინა მისი იდენტიფიცირება.
არქეოლოგიურმა გათხრებმაც ცხადჰყო, რომ ღალიას მონასტერში მისი არსებობის დასასრულამდე ქართველი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობდნენ. ამის დასტურია ღალიის მონასტრის ნანგრევებში აღმოჩენილი XVI საუკუნის მოჭიქული ჯამი, რომლის ძირზე ამოკვეთილია ქართული წარწერა: `შემეწიე~.
ქართველები რომ ოსმალთა შემოსევამდე ისევ ცხოვრობდნენ კვიპროსზე, ირკვევა ეტიენ ლუზინიანის მიერ XVI საუკუნეში შედგენილი `კვიპროსის აღწერიდან~, რომელშიც, მართალია კონკრეტულად ღალია არ იხსენიება, მაგრამ ნათქვამია, რომ ქართველებს კვიპროსზე აქვთ მონასტრები, ძირითადად ალამინის რაიონში. ეს არის ყველაზე გვიანდელი ცნობა ქართული მონასტრების შესახებ კვიპროსზე.
ამრიგად, როგორც წერილობითი წყაროების ცნობები, ისე არქეოლოგიური მონაცემები იძლევიან ვარაუდს, რომ ღალიას მონასტერმა არსებობა შეწყვიტა XVI საუკუნის ბოლოს, ოსმალთა მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ. ხოლო, დაარსდა X საუკუნეში, რასაც ადასტურებს სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში ახლახან აღმოჩენილი ერთ-ერთი ქართული ხელნაწერის  ანდერძ-მინაწერში, რომელიც 980 წელს შეუსრულებია ცნობილ ქართველ სასულიერო მოღვაწესა და ჰიმნოგრაფს იოანე ზოსიმეს. მის მიერ მოხსენიებული ქართული თარგმანები შესრულებული უნდა ყოფილიყო სწორედ ღალიას ქართულ მონასტერში, X საუკუნეში, სადაც სკრიპტორიუმი, შემდგომშიც, XI-XII საუკუნეებშიც მოქმედებდა.
მართლაც, ღალიას მონასტრის შესწავლის ზოგიერთი შედეგი აჩვენებს, რომ მონასტერი X საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული და, რომ ქართული მონასტრის კვიპროსზე დაარსების ინიციატივა მოდიოდა უშუალოდ ტაო-კლარჯეთიდან, რომელიც X საუკუნეში განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას განიცდიდა და, სადაც იმ დროისათვის სამონასტრო ცხოვრებას უკვე ხანგრძლივი და ნაყოფიერი ტრადიცია ჰქონდა. ტრიკონქიც ხომ სატაძრო ნაგებობათა ყველაზე უფრო პოპულარული ტიპი იყო IX-X საუკუნის ტაო-კლარჯეთში, ხოლო ღალიას მონასტრის მთავარი და უძველესი ნაგებობა, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ერთადერთი ტრიკონქია მთელ კვიპროსზე, მაშინ როცა მისი (ღალიას ღვთისმშობლის ტაძრის) მშენებლობის ტექნიკა მთლიანად ადგილობრივი, კვიპროსულია. როგორც ჩანს, მშენებლობის დამკვეთებმა, ტაო-კლარჯეთიდან მოსულმა ქართველმა ბერებმა, თავისთვის ჩვეული და სასურველი გეგმარებითი კონსტრუქციის ტაძარი ააშენებინეს ადგილობრივ, კვიპროსელ მშენებლებს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არქეოლოგიურ მონაცემებს ეხმაურება თქმულება, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემოინახეს: ოსმალების მიერ კვიპროსის დაპყრობის (1571 წ.) შემდეგ თურქების რაზმს დაუკავებია ღალიაც, სადაც მათ 7 ქართველი ბერი დახვედრია; ექვსი მათგანი წამებით დაუხოცავთ, მეშვიდე კი მომხდურებს გაჰქცევია; გაქცეულს მდევარი გამოჰკიდებია, მაგრამ ბერი ფრიალო კლდიდან გადამხტარა და უვნებლად დაშვებულა ძირს. ბერის სასწაულებრივ გადარჩენას მდევრები ისე შეუშინებია, რომ მათ დევნას თავი დაანებეს და უკან დაბრუნდნენ. ბერმა კი ქოხი აიშენა და იქ ღრმა სიბერემდე იცხოვრა. მთხრობელები გვიჩვენებენ ამ სასწაულის კონკრეტულ ადგილს, რომელსაც `ბერის ნახტომი~ ეწოდება.

ასევე საინტერესოა ადგილობრივ მცხოვრებლებში შემორჩენილი ლეგენდა მონასტრის სამეურნეო ერთ–ერთი ნაგებობობის წისქვილის შესახებ: წისქვილი, თურმე, მხოლოდ მონასტრის საფქვავს ფქვავდა და თავისით ჩერდებოდა, როგორც კი სხვისი კუთვნილი მარცვლეული აღმოჩნდებოდა ხვიმირში.

 

7. arqiteqturuli aRwera

მონასტერი მისი არსებობის მანძილზე მრავალჯერ აშენდა და გადაკეთდა. მოხერხდა სამონასტრო ნაგებობების მშენებლობის 6 ეტაპის გამოყოფა და მათი თანამიმდევრობის დადგენა.
I ეტაპი. შენდება ტრიკონქი – ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის დასავლეთი მკლავი თავდაპირველად, შესაძლებელია, უფრო გრძელი იყო.
II ეტაპი. შენდება დარბაზული ტიპის სამლოცველო – წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ჩრდილოეთიდან ეკვრის ტრიკონქის ჩრდილო აფსიდის დასავლეთ ნაწილს და დასავლეთი მკლავის ჩრდილო კედელს. წმ. გიორგის სამლოცველო თავდაპირველად სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა ტრიკონქს.
III ეტაპი. წმ. გიორგის ეკლესიას დასავლეთიდან ადგამენ ორსართულიან ნაგებობას, შესაძლებელია სამრეკლოს, რომლის ჯვრული თაღით დახურული პირველი სართული წმ. გიორგის ეკლესიის პორტიკად იქცევა. ამავე დროს ხელახლა შენდება მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავი და იცვლება წმ. გიორგის ეკლესიის გადახურვის სისტემა: დარბაზის კუთხეებში შენდება ბურჯები, რომლებზე გადაყვანილ თაღებს აყრდნობენ გუმბათს. ამ გადაკეთების შედეგად ამოიქოლა წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთი კარი.
სამივე ამ ეტაპის მშენებლობა ხორციელდება კირის დუღაბში ჩაფლული ტეხილი ქვით.
IV ეტაპი. ტრიკონქს უშენდება პასტოფორიუმები – ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ადგამენ მინაშენებს და მინაშენებისა და ტრიკონქის აღმოსავლეთი აფსიდის შეხვედრის ადგილებზე შენდება კონტრფორსები ტაძრის მორყეული აფსიდის გასამაგრებლად. ხელახლა შენდება მთავარი ტაძრის იმ დროისათვის, ალბათ, დანგრეული დასავლეთი მკლავი და პორტიკი – მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი, ფართო და მაღალი თაღით დასავლეთისკენ გახსნილი საზეიმო კარიბჭე. ღვთისმშობლის ტაძარი დასრულებულ სახეს იღებს. ეს მშენებლობა თლილი ქვით და აგურით ხორციელდება. იმავე დროს გაჰყავთ წყალსადენი და აშენებენ ცისტერნას, მარმარილოს ფილებს აფენენ მთავარი ტაძრის, მისი ნარტექსისა და წმ. გიორგის ეკლესიის იატაკებზე.
V ეტაპი. ტრიკონქის სამხრეთ აფსიდას მიადგეს ჯვრული თაღით დახურული ოთხბურჯიანი პორტიკი, ხოლო მონასტრის დასავლეთ ბოლოში აშენდა რამდენიმე ნაგებობა. ამ მშენებლობაში იყენებენ ზღვის სანაპიროდან ამოზიდულ ქვიშაქვას.
VI ეტაპი. ტრიკონქის დასავლეთ მკლავსა და ნარტექსს სამხრეთიდან მიადგეს ორი სათავსო, რომლებიც დასავლეთიდან ეკვრის სამხრეთის ოთხბურჯიან პორტიკს. დაზიანებული (ალბათ, მიწისძვრისაგან) ცისტერნა ნაწილობრივ ამოავსეს და იქ ორი სათავსო მოაწყვეს. ოთხივე სათავსოს სამეურნეო დანიშნულება უნდა ჰქონოდა.
ამის შემდეგ მონასტერს მისი არსებობის ბოლომდე აღარაფერი შემატებია. მონასტრის მიტოვებისა და დანგრევის შემდეგ, არა უადრეს XVIII საუკუნისა, შესაძლებელია, უფრო გვიანაც, ვიღაცას მონასტრის სამხრეთი პორტიკი და პასტოფორიუმი საცხოვრებლად გამოუყენებია: თიხის ხსნარზე ნაწყობი ყორე ქვის კედლებით ამოუშენებია ღიობები და ყოფილ პასტოფორიუმში ბუხარიც მოუწყია. რაც შეეხება საკუთრივ მონასტრის მშენებლობის ეტაპების ქრონოლოგიას, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობის მეხუთე ეტაპი XIII საუკუნის ბოლოს, ან ცოტა უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, რამდენადაც ამ ეტაპზე აშენებულ ერთ-ერთ ბურჯზე XIII-XIV საუკუნეთა მიჯნის წარწერებია ამოკვეთილი; ხოლო, თუ კი ეს ასეა, მაშინ ღალიას მონასტრის მშენებლობის მეექვსე ეტაპი XIV-XV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს, ხოლო მშენებლობა-გადაკეთების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მდიდრული მეოთხე ეტაპი დარწმუნებით შეიძლება დავუკავშიროთ საქართველოში თამარის (1184-1207) მეფობის ხანას ანუ XII-XIII საუკუნეთა მიჯნას. შესაბამისად, მონასტრის მშენებლობის პირველი სამი ეტაპი XII საუკუნეს და უფრო ადრეულ ხანას უნდა მიეკუთვნოს, პირველი ეტაპი კი X საუკუნის 70-იან წლებს: ზევით უკვე ითქვა, რომ მონასტერი, როგორც ჩანს, 980 წელს უკვე არსებობდა.

gengegma

ა) ღალიას მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ეკლესია (13.5X9.5 მ) დაგრძელებული ტრიკონქია, რომლის აღმოსავლეთის (საკურთხევლის) აფსიდი უფრო ღრმაც არის (ბემის ხარჯზე), ვიდრე სამხრეთი და ჩრდილო აფსიდები და მათზე უფრო განიერიც. ამიტომ ტრიკონქის გუმბათქვეშა სივრცე კვადრატი კი არ არის, არამედ ჩრდილო-სამხრეთის ღერძზე მცირედ წაგრძელებული მართკუთხედია. გუმბათი ეყრდნობოდა ჩრდილო და სამხრეთი აბსიდების პილასტრებად შვერილ ბოლოებზე გადაყვანილ თაღებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან (მართკუთხედიდან) გუმბათის ყელის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორციელდებოდა: ერთი ამ აფრათაგანი აღმოჩნდა ეკლესიის ნანგრევში (აფრაში შერჩენილია კედლის მხატვრობა – ექვსფრთედის გამოსახულება). ტრიკონქის დასავლეთის მკლავი მოკლეა, რაც საერთოდ დამახასიათებელია სამონასტრო ეკლესიებისათვის. მაგრამ ამ მკლავის დასავლეთ ბოლოში, ორივე კუთხეში არსებული პილასტრი, რომლებსაც თაღი ეყრდნობოდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს მკლავი თავდაპირველად, შესაძლებელია, უფრო გრძელი იყო და მას ეს თაღი ორად ჰყოფდა, ხოლო მკლავის დამოკლება ერთ-ერთი ადრეული რემონტის დროს უნდა მომხდარიყო. ტაძრის დასავლეთი კედელი აშკარად გვიან არის ჩაშენებული. ღვთისმშობლის ტაძრის სოლეა დაბალია (25 სმ), ერთსაფეხურიანი. საკურთხევლის ბემაში, ჩრდილოეთით, სამკვეთლოში გასასვლელი კარია. ჩრდილოეთ აფსიდში შერჩენილია სარკმლის დასავლეთი წირთხლი. ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთი კარი ეკლესიის დასავლეთ კედელშია გაჭრილი, მეორე კი სამხრეთ აბსიდში. მძარცველებისგან დათხრილ-დაზიანებული იატაკი თავის დროზე კირხსნარით მოლესილი და თეთრი მარმარილოს ფილებით ყოფილა მოგებული. ნალესობა ნაწილობრივ შერჩენილია სოლეის წინ და საკურთხევლის სამხრეთ ნაწილში, მარმარილოს ფილის ნატეხები კი სამხრეთ აფსიდში.
ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა. ჩრდილო აფსიდში შემორჩენილია გარდამოხსნის სცენა, სამხრეთ აფსიდში – ნათლისღება, საკურთხევლის სამხრეთი ბემის ნიშში კი წმინდა მამათა ნახევარფიგურები სამ რეგისტრად. ეკლესია გარედანაც მოხატული ყოფილა: ტრიკონქის ჩრდილო კედელზე, გარედან შერჩენილია მხატვრობის კვალი; ჩრდილო აფსიდის გარე კედელზე კი ჩანს დახატული ჯვარი. გათხრების დროს ნანგრევში, როგორც ეკლესიის შიგნით, ისე გარეთაც დიდი რაოდენობით გვხვდებოდა კირის ნალესობის ფრაგმენტები კედლის მხატვრობით, რომლებიც ექსპედიციის მოპოვებულ სხვა არქეოლოგიურ მასალასთან ერთად დასაცავად გადაეცა პოლისის მუზეუმს.
ტრიკონქის კანკელიც მოხატული ყოფილა. ნანგრევებში შეგვხვდა კანკელის სვეტების ოთხმხრივ მოხატული ნაწილები და კანკელისავე თაღები, შიგნით მოხატული. კანკელის მხატვრობა ცოტა უფრო მოგვიანო ხანისა ჩანს, ვიდრე ეკლესიის კედლის მხატვრობაა.

kedlis mxatvroba. 1. berZnuli warwera 2. wmindanis portretis fragmenti.

ღალიას მონასტრის კედლის მხატვრობის ძირითადი ფენა შესრულებული უნდა იყოს განსწავლული ბიზანტიელი ფერმწერის მიერ, ალბათ, კომნენოსების დროს, XII საუკუნეში და ბიზანტიური მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთნება. ფერწერაში ნახმარია ისეთი ძვირფასი პიგმენტები, როგორიცაა სინგური და ლაზურიტი, ხოლო ფიგურათა ნიმბები ოქროს ფურცლითაა შესრულებული. ფრესკული წარწერები ბერძნულია.
ტრიკონქი აშენებულია კირდუღაბში ჩაფლული ნატეხი ქვით (გარდა დასავლეთ კედლისა, რომელიც თლილი ქვითაა ნაგები) და მას პრაქტიკულად საძირკველი არ გააჩნია, მხოლოდ ჩრდილო აფსიდს აქვს ერთსაფეხურიანი ცოკოლი (რელიეფი დაქანებულია ჩრდილოეთისკენ), რომელიც შეიმჩნევა სამკვეთლოში. ასე რომ, ღალიას მონასტრის მთავარი ტაძრის კედლები საძირკვლის გარეშე უშუალოდ ეყრდნობა მკვრივ თიხნარ გრუნტს. ნაგებობათა, მათ შორის ეკლესიების, უსაძირკვლო მშენებლობა ჩვეულებრივი წესია კვიპროსისათვის, რადგანაც უსაძირკვლო შენობა ნაკლებად ზიანდება მიწისძვრისაგან, რაც ძალიან ხშირია კვიპროსზე, სადაც ძლიერი მიწისძვრა თითქმის ყოველ წლიურად ხდება, ხოლო დამანგრეველი – საუკუნეში ერთხელ მაინც. ღალიას მონასტრის მესვეურებს, ალბათ, ერთ-ერთი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოუხდათ ტაძრის მთავარი, აღმოსავლეთი აფსიდის კედლის გამაგრება სეგმენტის ფორმის ორი ბურჯი-კონტრფორსით, რომელთაგანაც სამხრეთისა გათხრებამდე ჩანდა, ჩრდილო კონტრფორსი კი გათხრის შედეგად გამოჩნდა.
ღვთისმშობლის ტაძარს დასავლეთიდან ეკვრის ვრცელი პორტიკი (6.75X6.5 m), რომელიც, ისევე როგორც ტაძრისა და ამ პორტიკის გამყოფი კედელი, თლილი ქვი- თაა ნაგები. პორტიკიდან ტაძარში შესასვლელი კარი ზუსტად კედლის შუაშია გაჭრილი. კარგადაა შემორჩენილი კარის ამყოლები, სამხრეთი ამყოლის ძირში კი ჩანს კარის ღერძის ჩასასმელი ფოსო. კარიბჭე ორადაა გაყოფილი სამხრეთ და ჩრდილო კედლებზე მიყრდნობილი პილასტრებით, რომლებზეც თაღი გადადიოდა, დასავლეთით კი მთლიანად გახსნილია მძლავრ ოთხკუთხა ბურჯებზე დაყრდნობილი ფართო თაღით, რომელიც ხურავს ასევე ფართო კიბის ხუთ განიერ საფეხურს.

ბ) ტაძარს და კარიბჭეს ჩრდილოეთიდან ეკვრის აბსიდიანი სამლოცველო (7,5X4,5m), რომელიც, წმ. გიორგის სახელობაზე იყო ნაკურთხი. ამის დასტურია სამლოცველოს კედლებზე არსებული ქართული ფრესკული წარწერები, რომლებშიც წმ. გიორგია მოხსენიებული, და ის ფაქტი, რომ ამ სამლოცველოს პორტიკის (კარიბჭის) სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის დასავლეთ სიბრტყეზე, სამლოცველოში შესასვლელი კარის მარჯვნივ, გამოსახულია გველეშაპის მსახვრელი შუბოსანი მხედარი წმ. გიორგი. წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედლად მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის ჩრდილო კედელია გამოყენებული, ხოლო აფსიდს, რომელიც გარედან ეკვრის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილო აფსიდის დასავლეთ კალთას, მთლად სწორი ნახევარი წრის ფორმა არა აქვს. ეკლესია კირდუღაბში ჩაფლული ნატეხი ქვითაა ნაგები, ისევე როგორც მთავარი ტაძარი, მაგრამ, ცხადია, რომ იგი მთავარ ტაძართან ერთად კი არ არის აგებული, არამედ უკვე აშენებულ ტაძარზეა მიდგმული, შეიძლება ძალიან მალეც კი, მშენებლობის დასრულების შემდეგ. მოგვიანებით წმ. გიორგის ეკლესიის გადახურვის კონსტრუქცია შეუცვლიათ: დარბაზის ოთხივე კუთხეში თლილი ქვით ამოუყვანიათ პილასტრები და ეკლესია ამ პილასტრებზე გადაყვანილ თაღებზე დაყრდნობილი გუმბათით გადაუხურავთ. ნანგრევში, რომლითაც მთლიანად იყო დაფარული წმ. გიორგის ეკლესია, გამოირჩა გუმბათქვეშა წრიული კარნიზის პროფილირებული ქვები. ამ რემონტის დროს ამოიქოლა წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთი კედლის დასავლეთ ბოლოში არსებული კარი, რომლითაც ეს ეკლესია უკავშირდებოდა მთავარ ეკლესიას.

wm. giorgis eklesia gaTxrebis Semdeg. 2. afsida. xedi dasavleTidan
wm. giorgis eklesia gaTxrebis Semdeg. 3. kari. xedi aRmosavleTidan


იმავე დროს მიუშენებიათ წმ. გიორგის ეკლესიაზე დასავლეთიდან თაღოვანი პორტიკი, რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს და რომელსაც, შესაძლებელია, მეორე სართულად სამრეკლოს ფანჩატური ედგა. პორტიკის იატაკი კერამიკული ფილებით (აგურით) არის მოგებული და თითქმის დაუზიანებლად შემორჩა, მაშინ როცა მარმარილოს ფილებით მოგებული წმ. გიორგის ეკლესიის იატაკი მთლიანად გადათხრილია.
წმ. გიორგის ეკლესიაც და პორტიკიც შიგნიდან მოხატული იყო. კირით შელესილი და მოხატული იყო ეკლესიის ქვის კანკელიც. ეკლესიის შემავსებელ ნანგრევში ნაპოვნ კანკელის სვეტის ერთ-ერთ ფრაგმენტიზე ქართული ასომთავრული გრაფიტოები – ნაკაწრი წარწერებია შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთი კუთხის პილასტრის აღმოსავლეთ წახნაგზე, იატაკის დონიდან 1,58 მ სიმაღლეზე შერჩენილია თეთრი ფერის კირის პრიალა ნალესობაზე შავი ტუშით შესრულებული ულამაზესი ქართული ასოთავრული წარწერა, დიდი ზომის ურთიერთ ჩაწნული ასოებით. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა XIV საუკუნის განეკუთვნება და ეს არის წმ. გიორგის ეკლესიისა და მთავარი ეკლესიის ნარტექსის ხსენებული რემონტის
terminus ante quem.
წმ. გიორგის ეკლესიას აღმოსავლეთიდან და ღვთისმშობლის ტაძარს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს აფსიდით დაბოლოებული გრძელი სათავსო, რომელშიც მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ მთავარი ტაძრის საკურთხევლიდან. ეს სათავსო-ეკვდერი სამკვეთლოს ფუნქციასაც ასრულებდა. იმ მიზნით, რომ სამკვეთლოს იატაკი საკურთხევლის იატაკის დონემდე აემაღლებინათ, მშენებლებს მოუხდათ სუბსტრუქციის ამოშენება, რომელსაც ეყრდნობა სამკვეთლოს სუფთად ნათალი ქვით და აგურით ნაგები ჩრდილო კედელი. კედელი ჩრდილოეთისკენ გადაწვენილი დაგვხვდა ისე, რომ ქვების წყობა არ იყო დარღვეული, განსხვავებით მონასტრის სხვა ნაგებობებისაგან, რომელთა კედლების ნანგრევები სხვადასხვა მხარეს უსისტემოდ იყო გაფანტული. სამკვეთლოს იატაკი ქვის ფილებით არის მოგებული და მონასტრის სხვა სათავსებისაგან განსხვავებით თითქმის დაუზიანებლად შემორჩა.
იატაკზე მნიშვნელოვანი რაოდენობით აღმოჩნდა ნივთიერი არქეოლოგიური მასალა: მინის ლამპრისა და ბოთლის ფრაგმენტები, თიხის ფიალა, ბრინჯაოს ჯვარი და საცეცხლურის ნაწილები, კვიპროსის მეფის ჯეიმს II- ის 1323 წელს მოჭრილი ვერცხლის მონეტა – დენიე და სხვ. ყველაფერი ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს ეკვდერი-სამკვეთლო დანგრეულა მიწისძვრით XIV ან XV საუკუნეში და იგი აღარ აღუდგენიათ. მონასტრის საბოლოო გაძარცვისა და ნგრევის დროს ის ისევ დანგრეული ყოფილა.

RvTismSoblis sax. taZari. qarTuli asomTavruli warwerebi samxreT portikis dasavleT
burjze (foto giorgi gagoSiZisa).

ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ აფსიდაზე მიშენებულია თაღოვანი პორტიკი, რომლის ორი სამხრეთი ბურჯი გათხრებამდეც ჩანდა. ერთ მათგანზე ქართული წარწერებია ამოკვეთილი, ჩრდილო ბურჯები კი, რომლებიც ტაძრის კედელზეა მიშენებული, გათხრის შედეგად გამოჩნდა. პორტიკი ჯვრული კამარით იყო გადახურული. ასომთავრული წარწერები ამ პორტიკის აგებას XIII-XIV საუკუნეებში მიჯნით ან ცოტა უფრო ადრეული ხანით ათარიღებენ. პორტიკის სამხრეთი ბურჯები ზღვის სანაპიროდან ამოტანილი ქვიშაქვის კვადრებით არის აგებული.
პორტიკის აღმოსავლეთით, მთავარი ტაძრის საკურთხევლიანი აფსიდის გარე კედელთან გამოვლინდა სათავსი (შემორჩა კირხსნარით მოლესილი იატაკის ფრაგმენტი), რომელიც თავდაპირველად თითქოს ერთ-ერთი პასტოფორიუმი, სადიაკვნე უნდა ყოფილიყო.
გ) პორტიკის ქვეშ, მის დასავლეთ ნაწილში გაითხარა უფრო ადრეული აფსიდის მაგვარი კონსტრუქცია, რომელიც გახსნილია დასავლეთით და აქ უერთდება კარგად მოლესილ მართკუთხა აუზს. ეს აფსიდიანი აუზი მიდგმულია მთავარი ტაძრის და სავლეთი მკლავის სამხრეთ კედელსა და სამხრეთი აფსიდის დასავლეთ ნახევარზე.
აუზის აფსიდა შუაში გაჭრილია და ამ ღიობში შედის კერამიკული წყალსადენის დასავლეთი ბოლო. აშკარაა, ეს უნდა ყოფილიყო კონქით დახურული წყარო, მიმდებარე წყალშემკრები აუზით. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმართული წყალსადენის კერამიკული მილები კირის დუღაბშია ჩასმული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წყალი მასში წნევით მიდიოდა.

1. wylis cisternaSi mogvianebiT gamarTuli sacxovrebeli nage bo ba sameurneo ormoTi.
2. wylis cisterna gawmendis Semdeg.

დ) ამ წყალსადენთან უნდა ყოფილიყო და კავშირებული დიდი ზომის ცისტერნაც (10X36 m), რომელიც გაითხარა სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, წყაროს აუზის სამხრეთით. მისი ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ იყო მოქცეული. ცისტერნის კედლები საგულდაგულოდ ნაშენია კლდის ქვით კირის ხსნარზე და ჰიდრავლიკური ხსნარით იყო შელესილი. ასევეა მოლესილი ცისტერნის იატაკიც . ცისტერნის აღმოსავლეთი კედლის ზედა ნაწილში, რომელიც თავიდანვე მიწის ზემოთ ყოფილა, გაჭრილია ორი ვიწრო სარკმელი, კედელს კი სარკმლების ძირის დონეზე (ე.ი. მიწის ძველ ზედაპირზე) მიუყვება კირქვის ბლოკებში ამოკვეთილი ღარი-სადინარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ზემოხსენებული სარკმლები, ცისტერნის განიავების გარდა, ტრაპის ფუნქციასაც ასრულებდა და მათში გადმოედინებოდა წყალი, როცა ცისტერნა ივსებოდა. ცისტერნა ღალიას მონასტრის ერთ-ერთი ადრეული ნაგებობაა, აშენებული წყალსადენის გაყვანისთანავე, არა უგვიანეს XII-XIII საუკუნეთა მიჯნისა.
ღალიას მონასტრის არსებობის საწყის ეტაპზე მონაზვნები სახმარ წყალს ინახავდნენ ჰიდრავლიკური ხსნარით კედლებმოლესილ ორმოებში, რომლებიც ზამთრის წვიმების წყლით ივსებოდა. ხუთი ასეთი ორმო გაითხარა ტაძრის სამხრეთით, ერთი – აღმოსავლეთით. წყალსადენის გაყვანისა და ცისტერნის აგების შემდეგ ეს ორმო–წყალსატევები ნანგრევითა და ნაგვით ამოივსო.
ღალიას მონასტრის არსებობის რომელიღაც ბოლო ეტაპზე ცისტერნა, ისევე როგორც წყარო და აუზი (ალბათ, წყალსადენიც), დაზიანებულა და მათ თავდაპირველი ფუნქცია დაუკარგავს, მაგრამ ერთხანს მათ სხვა დანიშნულებით იყენებდნენ: აუზის მოლესილი იატაკი ჩატეხილია და მის სამხრეთ კედელში გაჭრილია კარი, საიდანაც სამსაფეხურიანი კიბით ჩადიოდნენ ტაძრის ნანგრევებით ნახევრად შევსებულ ყოფილ ცისტერნაში. ცისტერნაშივე მოწყობილ მეორე სათავსოში მოხვედრა შეიძლებოდა ცისტერნის დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით. ცისტერნასა და მთავარი ტაძრის ნარტექსს შორის მოქცეული სათავსი მარანი უნდა ყოფილიყო.
ე) ტაძრის სამხრეთით და აღმოსავლეთით მიმდებარე ფართობზე XIV-XV საუკუნეებში სამარხები ჩნდება. გარდაცვლილ მონაზონს, როგორც წესი, ატანდნენ მოჭიქულ ჯამს. მონაზვნების საფლავების გარდა აქ საერო პირების, მათ შორის, ქალისა და ბავშვის სამარხებიც აღმოჩნდა.
ვ) ტაძრის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით მიმდებარე ფართობზე გაითხარა საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. ისინი ამ ტერიტორიაზე გვიან, XVIII-XVX საუკუნეებში ჩნდებიან. მაშინ, როცა მონასტერი უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებდა. აქვე ჩნდება შესაბამისი პერიოდის რამდენიმე სამარხი. აღსანიშნავია, რომ როგორც ნაგებობის კედლებში, ისე სამარხებში ფიქსირდება ტაძრის მშენებლობაში გამოყენებული კირქვის, შირიმისა თუ ზღვის ქვიშაქვის გათლილი ქვები, რომელთაგან ზოგიერთზე კირხსნარის კვალიცაა შემორჩენილი. უდავოა, ეს ქვები ტაძრის უკვე დანგრეული კედლებიდან მომდინარეობენ.
მონასტრის გათხრების პროცესში ნივთიერი არქეოლოგიური მასალაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ამოდიოდა. მასალაში ჭარბობს კერამიკული ჭურჭელი, მათ შორის მოჭიქულიც, მაგრამ გვაქვს ძვლის, ქვისა და ლითონის ნივთებიც (მაგ. ბრინჯაოს საცეცხლური და ჯვარი) და XIII-XIV საუკუნეების ვერცხლის კვიპროსული მონეტები. აღსანიშნავია სეფისკვერის კერამიკული საბეჭდავისა და ქვის სამელნის აღმოჩენა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია XV-XVI საუკუნეების ვენეციური მინის მოოქრული და მინანქრით მოხატული სასმისები და ე.წ. `პილიგრიმის ფლაკონები~ .

ზ) ღალიის მონასტრის ბერ-მონაზონთა საძვალე მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ორასი მეტრის მანძილზე მდებარე წმ. ნიკოლოზის დარბაზული ეკლესიის (11X4 m) ქვეშ არსებული კრიპტაა. ეს სწორკუთხა გეგმარების სათავსი, რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა, მიწისქვეშა ნაგებობაა, იგი კლდეში ამოკაფულ ღრმულშია ჩაშენებული და ცილინდრული კამარით იყო გადახურული. კრიპტის ინტერიერი, 1 მეტრის სიმაღლის კედლებით ექვს სწორკუთხა მონაკვეთადაა დაყოფილი, რომელთაგან დასავლეთით მდებარე ოთხი მონაკვეთი – თანაბარი, კვადრატული გეგმარების სათავსები – საძვალეებია. აღმოსავლეთით, კრიპტის სამხრეთ კედელთან განსასვენებელია (215X55X100 სმ) მოწყობილი. იგი ერთი მიცვალებულისთვისაა განკუთვნილი. აქ მიცვალებული რამდენიმე წლით იკრძალებოდა და გარკვეული დროის შემდეგ ძვლები საძვალეში გადაჰქონდათ.

wm. nikolozis sax. eklesia gaTxrebis Semdeg.
wm. nikolozis sax. eklesia gaTxrebis Semdeg.


კრიპტას შესასვლელი დასავლეთიდან უნდა ჰქონოდა. კრიპტის ზევით მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი სამლოცველოა. ეს დარბაზული ეკლესიის ნანგრევი ნახევარწრიული შვერილი აფსიდით ბოლოვდება, მასში შესასვლელი კარი სამხრეთ კედელში იყო დატანებული. ღალიას წმ. ნიკოლოზის მსგავსი ორსართულიანი ეკვდერები საქართველოში მრავლადაა შემორჩენილი.
ღალიის კრიპტა-სამლოცველოს მშენებლობის ეტაპები ასეთია: თავდაპირველად, X საუკუნის მიწურულს ან XI საუკუნის დასაწყისში კრიპტა გაუმართავთ და იგი სავარაუდოდ ხის ორკალთა სახურავით დაუბურავთ. გარკვეული დროის შემდგომ ამ სათავსს თაღოვან-კამაროვანი გადახურვა გაუკეთეს და ზემოდან წმ. ნიკოლოზის ეკლესია დააშენეს.
თ) კრიპტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ბერების განსასვენებელი. გარკვეული დროის შემდეგ ხდებოდა მათი ძვლების გადასვენება კრიპტის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში გამართულ კვადრატული გეგმის ოთხ საძვალეში, სადაც 90-მდე მიცვალებულის ძვლები დაფიქსირდა. ოთხიდან ორი საძვალე ამოვსების შემდგომ კირხსნარით გადაულესავთ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ საძვალეში გამოვლინდა ძლიერი ხანძრის კვალი.

ი) მარტომყოფელი ბერის სენაკი ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 1 კმ დაშორებული. ორი სათავსოსაგან შედგენილი სენაკი ხევის ჩრდილოეთი ფერდის კლდოვან რელიეფზეა გამართული. სენაკში შესასვლელი სამხრეთით მდებარე სათავსოს სამხრეთ კედელში უნდა ყოფილიყო. კედლის ეს ნაწილი ამჟამად მთლიანად ხევშია ჩაქცეული. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს მთელ სიგრძეზე გაუყვება კლდეში ნაკვეთი საფეხური – ტახტი. ჩრდილოეთ კედელში მოწყობილია თაღოვანი ნიში. სათავსოს სიმაღლე სავარაუდოდ 2-2,1 მ უნდა ყოფილიყო. პირველი სათავსოს ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მეორე სათავსოში – სამლოცველოში გასასვლელი 1 მ სიგანის კარია. სამლოცველო წრიული გეგმის, 3 მ დიამეტრის მქონე ბუნებრივი ეხია, რომელსაც ეტყობა შემდგომი გადაკეთების კვალი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, იატაკიდან 110 სმ სიმაღლეზე გამოკვეთილია 1 მ სიმაღლის, 80 სმ სიგანისა და 15-20 სმ სიღრმის კირხსნარით შელესილი და მოლურჯო-მონაცრისფრო საღებავით შეღებილი თაღოვანი ნიში. სათავსოს დიდ ნაწილს კლდოვანი, შესაძლოა გუმბათისებური გადახურვა ჰქონდა. სამლოცველოს სავარაუდო სიმაღლე 2,2-2,3 მ უნდა ყოფილიყო.

martomyofeli beris senakis pirveli saTavso. senakis samlocvelo.


სენაკის გათხრებისას არქეოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა, გარდა წითლად გამომწვარი უხეშკეციანი მოზრდილი ჭურჭლის რამდენიმე ნატეხისა, რომლის მსგავსი ნიმუშები გამოვლენილია ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გათხრების დროს.
ტაძარში და სენაკში აღმოჩენილი იდენტური არქეოლოგიური მასალა ორივე ნაგებობის თანადროული ფუნქციონირების დამადასტურებელია. სწორედ ამ ნაგებობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი XI საუკუნის მიწურულისა თუ XII საუკუნის დასაწყისის ფსალმუნის მინაწერში, სადაც ღალიას მონასტრის ბერი აღნიშნავდა, რომ მან ეს ფსალმუნი თარგმნა `კვიპრეს ქართველთა მონასტერსა ჟალიას, არა ხოლო შინა, არამედ ორ მილიონ შორ მონასტრისაგან~.
კ) მონასტრის სამეურნეო ნაგებობას წარმოადგენდა წისქვილი, რომელიც მთავარი ტაძრის ქვემოთ, სამხრეთ-დასავლეთით 200–ოდე მ-ით დაშორებულ ღალიას ხევში, მის მარცხენა ფერდზეა გამართული. საინტერესოა ადგილობრივ მცხოვრებლებში შემორჩენილი ლეგენდა ამ წისქვილის შესახებ: წისქვილი, თურმე, მხოლოდ მონასტრის საფქვავს ფქვავდა და თავისით ჩერდებოდა, როგორც კი სხვისი კუთვნილი მარცვლეული აღმოჩნდებოდა ხვიმირში.

monastris wisqvili (a. aRmosavleTis fasadi, b. belRaris zedxedi). 3. martomyofeli beris senaki
(a. gegma, b. Wrili).

ამ გადმოცემის თანახმად, უდავოა, რომ წისქვილი ქართული მონასტრის კუთვნილება იყო. წისქვილისაგან შემორჩენილია ქვითკირის მასიური და მყარად ნაგები ორმხრივ შელესილი 6,5 მ სიგრძის ბელღარი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიემართება. შემდგომ მკვეთრად უხვევს ჩრდილო-დასავლეთისაკენ და მთავრდება ფართო წრიული აუზით, რომლის ცენტრში გამართულია კარგად გათლილი ქვებით ამოშენებული 65 სმ დიამეტრისა და დაახლოებით 7-8 მ სიმაღლის, შიგნიდან გულდასმით ნალესი ცილინდრული ფორმის ვერტიკალური ღარი. ღარის დიდი ნაწილი ამჟამად დანგრეულია. ღარიდან წყალი ვარდებოდა სწორკუთხა მოყვანილობის ასევე ქვითკირით ნაშენ 3,3 მ სიგანისა და 2,5 მ სიმაღლის ნაგებობაში, საიდანაც წყალი უფრო მცირე დიამეტრის მქონე დამრეც ღარში მიედინებოდა და მაღალი წნევით ეცემოდა ვერტიკალურ ბორბალზე, რომელიც დოლაბს ატრიალებდა. ნაგებობა, სადაც თავის დროზე დოლაბები იყო გამართული, დღეისათვის აღარაა შემორჩენილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი კვიპროსის ძეგლთა დაცვის დაქვამდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

იულონ გაგოშიძე, დავით მინდორაშვილი, გიორგი გაგოშიძე – ჟურნალი `ძველი ხელოვნება დღეს~, #1, 2010წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://heritagesites.ge

http://www.orthodoxy.ge

http://ka-ge.facebook.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016