Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ნუკა საყდარი
(IX s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ნუკა-საყდარი, ციხე-გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ორნავიან ეკლესიებში სხვადასხვა ზომის თაღების მოწყობა ნავებს შორის, ნუკა-საყდრის garda გვხვდება მხოლოდ ორ ორნავიან ეკლესიაში - ღართსა (IX საუკუნე) და ქილდაში (X საუკუნის I ნახევარი).
უჩვეულოა თაღების საყრდენად მრგვალი სვეტის გამოყენება - ყველა სხვა ორნავიან ეკლესიაში თაღები წახნაგოვან ბურჯებს ეყრდნობა. მრგვალი სვეტები ეპიზოდურად გვხვდება რამდენიმე სხვადასხვადროინდელ სამნავიან ბაზილიკაში (თიანეთის სიონი, მუკუზნის სვეტიცხოველი, სამშვილდის ბაზილიკა, ჭარები).
ნუკა-საყდარი ერთადერთია ქართულ ორნავიან ეკლესიებს შორის, რომელსაც აქვს ცალკე გამოყოფილი სათავსები საკურთხევლის ორსავე მხარეს.

3. adgilmdebareoba

ნუკა-საყდარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალას ხეობაში, სოფელ ვერანაბაღის პირდაპირ და ხანძთის მონასტრის ზემოთ, კარჩხალის მარჯვენა ნაპირზე აღმართული კლდოვანი მთის კონცხზე. ეკლესიის ზემოთ განლაგებულია სოფელი შუა ფორთა.

4. ruka

არ მოგვეპოვება.

 

5. istoriuli mimoxilva

წერილობით წყაროებში ნუკა-საყდარი არ იხსენიება. სხვადასხვა დროს რამდენიმე მკვლევარი შეეცადა გაეიგივებინა ის წყაროებიდან ცნობილ სხვადასხვა ეკლესიებთან. ნიკო მარმა ნუკა-საყდარი ხანძთად მიიჩნია. პავლე ინგოროყვამ დაასაბუთა ამ მოსაზრების მცდარობა. იგი ფიქრობდა, რომ ნუკა-საყდარი არის VI-VII საუკუნეებში არსებული ფორთის საეპისკოპოსოს (იხსენიება დვინის 506 წლის საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ ეპისკოპოსთა ჩამონათვალში, რომელიც დაცულია აბრაამ სომეხთა კათალიკოსის მესამე ეპისტოლეში კირიონ ქართლის კათალიკოსისადმი) კათედრალი. სამეცნიერო ლიტერატურაში არც ეს აზრია გაზიარებული. ბოლოხანს კიდევ ერთი ვარაუდი გამოთქვა დ. კლდიაშვილმა. მისი აზრით, ნუკა-საყდარი არის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული გუნათლის ვანი.
წერილობით ცნობათაგან ნუკა-საყდარს ყველაზე მეტი ალბათობით შეიძლება დავუკავშიროთ ჟამთააღმწერლის მონათხრობი მონღოლთა ლაშქრობის შესახებ ოპიზის მონასტრის დასარბევად 1280 წლის ახლოს. ოპიზას მიახლოებული მონღოლები „დადგეს მთისა მის ძირსა, რომელსა ზედა შენ არს ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელ არს [შორის] ოპიზას და მიძნაძორსა“. ადგილის ამგვარი განსაზღვრება - მთაზე, ოპიზასა და მიძნაძორს შორის - მიესადაგება მხოლოდ ხანძთის მონასტერსა და ნუკა-საყდარს, ამასთან ხანძთა სწორედ წმ. გიორგის სახელობისაა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ჟამთააღმწერელს სახელგანთქმული სავანე მთის სახელწოდებით მოეხსენიებინა და არა ხანძთად. გარკვეულ მითითებას შეიცავს თვით ტოპონიმიც: სიტყვა „ძეგლი“-ს ერთ-ერთი მნიშვნელობა ძველ ქართულში არის სვეტი (შეადარე ოშკურ ბიბლიაში: „და მიიხილა ცოლმან ლოთისმან მართლუკუნ და იქმნა იგი ძეგლ მარილის“ /შესაქმისა, 19;16/). მართლაც, სტალაგმიტივით აღმართული კლდე, რომელზეც დგას ნუკა-საყდარი, კოლოსალურ ბუნებრივ სვეტს წააგავს და სავსებით ბუნებრივია, რომ მას „ძეგლი“ შერქმეოდა. ამდენად, სავარაუდოა, რომ ძეგლის წმ. გიორგი სწორედ გვიანდელი ნუკა-საყდარი უნდა იყოს.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

nuka-saydari;
gegma da grZivi Wrili

ნუკა-საყდარი აგებულია კლდის მცირე ბუნებრივ შვერილზე, რომელიც მაღალი სუბსტრუქციით არის გადიდებული. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიადნ სუბსტრუქციის სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს. ჩრდილოეთით შენობა კლდის თითქმის შვეულ ფერდს ეკვრის და ნაწილობრივ მასშია ნაკვეთი. ეკლესია მისადგომია - თუმცა კი ძალზე ძნელად - მხოლოდ დასავლეთიდან, სადაც მის წინ მცირე ბაქანია მოწყობილი (ახლა ნაწილობრივ ჩამოშლილია). მიუვალობამ, როგორც ჩანს, დიდად შეუწყო ხელი ნაგებობის გადარჩენას. ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა მთლად დაუზიანებლადაც ვერ გადარჩა - განძის მაძიებელთა საქმიანობის შედეგად ჩაინგრა სუბსტრაქციაში მოწყობილი კრიპტის გადახურვა, რასაც მოჰყვა იატაკის ჩანგრევა ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩაიქცა ნავების გამყოფი თაღები შუა სვეტითურთ. ჩამოშლილია აგრეთვე აფსიდის კონქის დიდი ნაწილი, სატრიუმფო თაღი და კამარათა საბჯენი თაღები. მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ყველა კარი.
შენობის სივრცობრივ-მოცულობითი სტრუქტურა თავისებურია. ძირითად ნაწილს წარმოადგენს ცილინდრული კამარით გადახურული დიდი ნავი. აღმოსავლეთიდან მას აქვს საკურთხევლის აფსიდი. სამხრეთიდან დიდ ნავს მთელ სიგრძეზე ეკვრის ბევრად უფრო ვიწრო მცირე (გვერდითი) ნავი, ხოლო ჩრდილოეთიდან - მოკლე სათავსი, რომელიც მხოლოდ საკურთხევლის ნაწილს სწვდება. ამ სათავსს ირეგულარული ტრაპეციის მოხაზულობის გეგმა აქვს და ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან კედლების ნაცვლად კლდით არის მოფარგლული.
დიდი და მცირე ნავების გამმიჯნავი კონსტრუქცია ამჟამად, როგორც ითქვა, ჩანგრეულია, მაგრამ მის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ნიკო მარის დეტალური აღწერა, გაკეთებული 1904 წელს. ნავებს ურთიერთისაგან ჰყოფდა  დამჯდარი პროპორციის ორი თაღი, რომელთაგან აღმოსავლეთისა უფრო განიერი და მაღალი იყო, ვიდრე დასავლეთისა. შუაში თაღები ეყრდნობოდა მრგვალ სვეტს (სიმაღლე კაპიტელის გარეშე - 170 სმ, დიამეტრი - 60 სმ). ის ამოყვანილი იყო ერთმანეთზე დადებული შვიდი დოლაბისებრი ქვით. ერთი ქვის ნატეხი (ნახევარზე ნაკლები) ახლა ჩრდილოეთის სათავსში გდია.
ნახევარკამარით გადახურული მცირე ნავი ძალიან ვიწროა და კიდევ უფრო ვიწროვდება დასავლეთისაკენ - დასავლეთ კედელთან მისი სიგანე სულ 0,6 მეტრს შეადგენს. მის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია მართკუთხა გეგმის იზოლირებული სათავსი. მცირე ნავთან მას აკავშირებს კარი, რომლის ღიობი სათავსის მთელ სიგანეზეა გახსნილი. სათავსი გადახურულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაფერდებული „ნახევარკამარით“, რომელიც სრულიად სწორხაზოვანია. ის თხელ ფილებად დაპობილი კლდოვანი ქვითაა ნაწყობი.

fasadi da ganivi Wrili

აფსიდი ნუკა-საყდარში თავისებურად არის ამოყვანილი: ჯერ აშენდა აღმოსავლეთის გარე სწორი კედელი და შემდეგ მას შიგნიდან მიედგა ნახევარწრიული კედელი. შედეგად გვერდებში შეიქმნა ღრუ ადგილები, რომლებიც კონქისზედა სივრცით გადაბმულ ერთიან სამალავს ქმნიან (ახლა ეს ყველაფერი კარგად ჩანს კონქის ჩამოქცევის გამო). ის ნათდება აღმოსავლეთის კედელში დატანებული ორი პაწია ღიობით.
საკურთხევლის ჩრდილოეთით მდებარე ნახევრადგამოქვაბული სათავსი დიდ ნავს ორი თაღოვანი კარით უკავშირდება: ერთი გადის უშუალოდ აფსიდში, მეორე - მის წინ. კლდე სათავსის თავზე გადმოწეულია და ნაწილობრივ ფარავს მას (კერძოდ, ჩრდილოეთ ნაწილს). დანარჩენ ნაწილს ხურავს სწორხაზოვანი, დიაგონალური ქანობისებრი კამარა, რომელიც ფორმითა და სამშენებლო ტექნიკით ზუსტად წააგავს სამხრეთის სათავსის კამარას. ეკლესიას აქვს ერთი შესასვლელი დიდი ნავის დასავლეთ კედლის შუაში. სხვა ადგილას კარი მას ვერც ექნებოდა - აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები (ასევე დასავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილიც) მიუდგომელია, ხოლო ჩრდილოეთიდან შენობა მთელ სიგრძეზე კლდეს ეკვრის. ძირითად სივრცეში ოთხი სარკმელია - აფსიდში, დასავლეთის კედელში, დიდი ნავის სამხრეთ კედელში (ნავების გამყოფი ორთაღeდის ზემოთ) და მცირე ნავის სამხრეთ კედელში. თითო სარკმელი ანათებს საკურთხევლის მიმდებარე სათავსებს. სარკმელთაგან ზომითა და არქიტექტურული გაფორმების ხარისხით გამოირჩევა აფსიდისა. ის მაღალია და ფართო, მისი თაღი შირიმის თლილი ქვებითაა ნაწყობი. მკაფიო კონტური აქვს წირთხლებსაც, რომლებიც სწორწიბოებიანი (თუმცა არა სუფთად დამუშავებული) ქვებითაა ამოყვანილი. სარკმლის ქვეშ დიდი ღრმა აფსიდური ნიშაა. ის ზემოთკენ ვიწროვდება და კონქით არის გადახურული.
სხვა სარკმლები  უფრო მცირე ზომისაა და ნაკლები მონდომებით ჩანს გაკეთებული. დასავლეთის სარკმელი ვიწრო და მაღალია. ის დაახლოებით შუაზე ორად იყოფა ჰორიზონტალურად გადებული 15 სმ სიგანის თხელი ქვით. ის ფასადის პირზეა ჩადგმული, ამიტომ გარედან იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქ არის ორი პატარა სარკმელი ერთიმეორის თავზე. შიგნიდან ღიობი გაერთიანებულია საერთო გაფართოებით. სარკმლის თაღი ნატეხი ქვისაა, არასწორი მოხაზულობისა (სიმრუდე, ალბათ, თავის დროზე ნალესობით იყოს გასწორებული).
დიდი ნავის სამხრეთ სარკმელს ზემოდან აბოლოებს ბრტყელი ქვის არქიტავრი ოდნავ მორკალული (შეზნექილი) ქვედა პირით - თითქოს მშვილდა თაღის იმიტაციაა. მის ქვემოთ მდებარე მცირე ნავის სარკმელი მკაფიოდ მართკუთხაა, თაღის ფორმის ყოველგვარი წაბაძვის გარეშე.
ნუკა-საყდარი შერეული მასალით არის ნაგები. კედლები შიგნით ამოყვანილია უხეშად ნატეხი ადგილობრივი კლდოვანი ქვით, რიგების დაუცველად. ზოგ ქვას ასე თუ ისე მართკუთხედს მიახლოებული ფორმა აქვს, უმეტესობა შემთხვევითი მოყვანილობისაა. მშენებლობისას უცდიათ ეს უფორმო ქვები ერთმანეთზე მოერგოთ, მაგრამ, ცხადია, დარჩა მოზრდილი ღრეჩოები - ისინი წვრილი ქვებითაა შევსებული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ძირში ჩადგმულია დიდი, უფორმო, პირმოსწორებული ლოდები. კედლები შიგნიდან შელესილი იყო. ბათქაშის დიდი ფრაგმენტები შემორჩა აფსიდსა და ჩრდილოეთის კედელზე, აქა-იქ ასევე დასავლეთსა და სამხრეთის კედლებზეც.
კარის ღიობთა დამაბოლოებელი თაღები თლილი შირიმით არის ამოყვანილი. ამავე მასალისა იყო ნავების გამყოფი და კამარის საბჯენი თაღები. სუფთად თლილი თანაბარზომიერი ქვებით იყო მოპირკეთებული (მათი მოხაზულობა მკაფიოდ იკითხება შემორჩენილი ბუდეებით) კონქი მთლიანად და დიდი ნავის კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთი, რომელიც დაუზიანებლად შემოინახა და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მოვარდისფრო ქვიშაქვის უაღრესად აკურატულად დამუშავებული კვადრების უნაკლო წყობით. განსხვავებულია წყობა მხოლოდ კამარის ქვედა ნაწილებზე („კალთებზე“), ქუსლებიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლემდე - ისინი ამოყვანილია საშუალო ზომის ზოგადად დამუშავებული ქვების 5-5 რიგით. ასეთივე წყობა გვხვდება კამარის დასავლეთ მონაკვეთის ქვედა ნაწილებზეც, ოღონდ აქ 10-10 რიგია. კამარის შუა ნაწილი ამ მონაკვეთზე ნაწყობია თხლად ნატეხი კლდოვანი ქვით დუღაბზე. ის გადალესილი იყო (არის ბათქაშის ნაშთებიც).
მცირე ნავის ნახევარკამარა ასევე ქვიშაქვის თლილი კვადრებისაა, მაგრამ აქ, დიდი ნავის კამარისაგან განსხვავებით, ფილები ოკრობოკროა. როგორც ჩანს, კამარის სიგანის დავიწროებამ დასავლეთისაკენ და, შესაბამისად, მისი რკალის (მეოთხედწრის) სიმრუდის შეცვლამ მშენებლებს სიძნელეები შეუქმნა.
კვეთილი საფასადო დეკორი ნუკა-საყდარს არ გააჩნია. კედლების გარე წყობა შიდა წყობის ანალოგიურია, სხვადასხვა ზომის, ხშირად შემთხვევითი ფორმის ნატეხი ქვები რიგების დაუცველად არის ნაწყობი. ამავე მასალით არის ამოყვანილი სუბსტრაქციაც. მასში მოწყობილი, ამჟამად ჩანგრეული კრიპტა წარმოადგენდა კუთხეებმომრგვალებული ტრაპეციის გეგმის დაბალ სათავსს. მას ჰქონდა ცალკე შესასვლელი დასავლეთიდან, ეკლესიის კარის ქვემოთ. ახლა კრიპრის შესასვლელის მეშვეობით შეიძლება შეღწევა ეკლესიაში (თვით ეკლესიის კარი ძალზე ძნელად მისადგომი გახდა მას შემდეგ, რაც ჩაინგრა მის წინ მოწყობილი ბაქანი).
გეგმის კომპოზიციით ნუკა-საყდარი უკავშირდება ორნავიან ეკლესიათა ჯგუფს, რომლის ნიმუშებიც საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება, მაგრამ მას ახასიათებს ცალკეული თავისებურებები, როგორც ჩანს, დიდწილად განსაზღვრული ერთი მხრივ, რელიეფის უნიკალური პირობებით და მეორე მხრივ, კლარჯეთის სამონასტრო არქიტექტურის სპეციფიკით. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ასეთი თავისებურებაა დიდი ნავის მკვეთრად გამოხატული დომინირება - ის საშუალოდ ხუთჯერ (შენობის დასავლეთ ნაწილში კი შვიდჯერ!) განიერია მცირე ნავზე. ასეთი შეფარდება არ გვხვდება არცერთ ქართულ ორნავიან ეკლესიაში, თუმცა, საგულისხმოა, რომ მცირე ნავის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და დიდ ნავთან შერწყმის ტენდენცია მათში IX საუკუნიდან იჩენს თავს. ძალიან ვიწრო გვერდითი ნავები ჩვეულებრივი მოვლენაა შავშეთ-კლარჯეთის სანმავიან ბაზილიკებში (პარეხი, სათლე, სვეტი).
იშვიათია ორნავიან ეკლესიებში სხვადასხვა ზომის თაღების მოწყობა ნავებს შორის. ასეთი გადაწყვეტა გვაქვს მხოლოდ ორ ორნავიან ეკლესიაში - ღართსა (IX საუკუნე) და ქილდაში (X საუკუნის I ნახევარი). უჩვეულოა თაღების საყრდენად მრგვალი სვეტის გამოყენება - ყველა სხვა ორნავიან ეკლესიაში თაღები წახნაგოვან ბურჯებს ეყრდნობა. მრგვალი სვეტები ეპიზოდურად გვხვდება რამდენიმე სხვადასხვადროინდელ სამნავიან ბაზილიკაში (თიანეთის სიონი, მუკუზნის სვეტიცხოველი, სამშვილდის ბაზილიკა, ჭარები). ნუკა-საყდარი ერთადერთია ქართულ ორნავიან ეკლესიებს შორის, რომელსაც აქვს ცალკე გამოყოფილი სათავსები საკურთხევლის ორსავე მხარეს. ამ სათავსთა დანიშნულების თაობაზე რისამე თქმა ძნელია. საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთის ნახევრადგამოქვაბულ სათავსს ჩრდილოეთ კედელზე გაუყვება საფეხური, რომელიც უთუოდ ჩამოსაჯდომად არის გამიზნული. ეს მოწმობს, სათავსის ფუნქცია აქ ბერების ხანგრძლივ ყოფნას ითვალისწინებდა. ასეთი პატარა სათავსის ორი კარით დაკავშირება დიდ ნავთან თითქოს უნდა გულისხმობდეს ღვთისმსახურების სხვადასხვა მონაწილეთა ერთდროულ მოძრაობას საკურთხევლიდან სათავსისკენ და პირიქით (შეადარეთ წყაროსთავს).
ეკლესიის დასათარიღებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საშენი მასალის გამოყენებისა და დამუშავების ხასიათს და ფასადთა შეუმკობლობას. უხეშად ნატეხი ქვის ხმარება კედლების წყობაში და თლილი ქვისა - კონსტრუქციულად მნიშვნელოვან ადგილებზე დამახასიათებელია IX საუკუნისათვის. ამ დროზე მიგვანიშნებს სრულიად სადა ფასადებიც. საფიქრელია, რომ ნუკა-საყდარი აიგო მალევე კლარჯეთის დიდი მონასტრების დაარსების შემდეგ და ერთ-ერთი მათგანის (უფრო ალბათ ხანძთის ან მიძნაძორის) განშტოებას წარმოადგენდა.
ნ. მარი ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღწერს მონასტრის სხვა ნაგებობებსაც — გალავნის კედელს შესასვლელი კარითურთ, რომელსაც თაღოვანი გადახურვა აქვს, მასშივე ჩაშენებულ კოშკისმაგვარ ნაგებობასა და ნიშებს. ყველა ეს შენობა ნ. მარის დროს უკვე საკმაოდ დანგრეული, მიწით, ხეებითა და ბუჩქნარით დაფარული ყოფილა, თუმცა ეს ნაშთები ჩანს მის მიერ გამოქვეყნებულ ორ ფოტოსურათზე.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ნუკას საყდარი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. დ. ხოშტარია - „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2005 წ.
2. ფოტოები და მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ www.virtualtao-klarjeti.com– დან.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

www.virtualtao-klarjeti.com

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016