Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

gudarexis monasteri
(XIII s
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, მარანი, სენაკი I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები, შალვას ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის სამრეკლო, ყველაზე ადრინდელი სამრეკლოა საქართველოში. იგი აგებულია 1278 წელს დემეტრე თავდადებულის ხანაში.

3. adgilmdebareoba

გუდარეხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, ტყეში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938—1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI—XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.

samreklo

სამონასტრო კომპლექსში შედის ერთნავიანი ეკლესია და სამრეკლო. ეკლესია რუსუდანის მეფობის დროს — 1222–1245 წლებში აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს. ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წელს დიმიტრი თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში.

 

 

 

 

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

გუდარეხის ნასახლარები ორ მთავარ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ერთია ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს ზღუდის გარეთ ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ და რომელიც უმთავრესად ნასახლარიორმოებითაა წარმოდგენილი; არის აქ დაცული ზოგან კედლის და ზოგან კარის ნაშთებიც, კედლები ნაგლეჯი ქვით და ქვითკირით ყოფილა ნაგები, მხოლოდ კარისთვის უხმარიათ თლილი ქვა; სახლები პატარა იყო, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ერთოთახიანი.
ნასახლარების მეორე ნაწილს შეადგენს საუცხოოდ ნაგები ზღუდით გარშემორტყმული მონასტერი, რომლის არე დაახლოებით 4,5 ჰექტარის ფართობს მოიცავს და ხშირი ნანგრევებითაა დაფარული. ეს სამოსახლო გრძელსა და ვიწრო კლდეზე და მის ფერდობებზე მდებარეობს. კლდე მიმართულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და მას ნეხვრადწრიული მოხაზულობა აქვს. ზემოდ იგი ვიწრო ბაქანს წარმოადგენს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ოდნავ დაქანებულია. მთელი ბაქნის სიგრძე უდრის დაახლოებით 100 მეტრს, თავსა და ბოლოში იგი ფართოვდება: ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იგი დაახლოებით 20 მეტრის სიგანისაა – აქ მოთავსებულია შენობა I, მთავარი ტაძარი და სამრეკლო; სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მისი სიგანე 15 მეტრს არ აღემატება – აქ მოთავსებულია შალვას ეკლესია, ჯვრიანი და ჩუქურთმიანი შენობები. ამ ორ უფრო ფართო ნაწილებს შორის ვიწრო, დაახლოებით 6-7 მეტრის სიგანის და 30 მეტრის სიგრძის ყელია, რომელზედაც შენობები არ ჩანს.
ფერდობები ხშირი ნანგრევებითაა დაფარული. განსაკუთრებით ხშირია ნანგრევები ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, სადაც შენობები ეტყობა, უწყვეტლივ მისდევდა გალავნის კედელს შიგნიდან. კლდის თხემზე მოთავსებულ შენობების გარდა, საინტერესო ნაგებობანი, რომლებიც ზედაპირულად ჩანს, არის სასახლე, საჯინიბო და ზოგიერთი სხვა შენობაც. დიდი უმრავლესობა შენობებისა თლილი ქვითა და ქვითკირით ყოფილა ნაგები.
გარდა საკულტო ნაგებობებისა, რომელთაგან მთავარი ტაძარი და სამრეკლო განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ შედარებით ზუსტადაა დათარიღებული (პირველი რუსუდანის, ხოლო მეორე დემეტრე II-ის მეფობით), იმ შენობათაგან რომლებიც ზედაპირულად მეტნაკლები სისრულით არის შემონახული, აღსანიშნავია ზედა ბაქნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნაგებობა, რომლებიც ერთმანეთზეა მიკრული და რომლებსაც `ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი~ დაერქვა. სამივე შენობა ორიენტირებულია აღმოსავლეთისაკენ. სამხრეთიდან ჯერ მოდის ე.წ. `ჩუქურთმიანი შენობა~, შემდეგ სენაკი, რომელსაც ჩრდილოეთიდან აკრავს ე.წ. `ჯვრიანი შენობა~. ეს შენობები ე. თაყაიშვილს კლესიებად მიუჩნევია, მაგრამ ლ. მუსხელიშვილის აზრით ესე არ არის. ყველაზე ადრე აშენებულია სენაკი. `ჩუქურთმიანი შენობა~, რომელსაც ეს პირობითი სახელი იმიტომ ეწოდა, რომ იგი ჩუქურთმით შემკულ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, და `ჯვრიანი შენობა~ მერეა მიშენებული სენაკზე.

mTavari taZris ubani

ა) გუდარეხის მთავარი ტაძარი აშენებულია რუსუდანის მეფობის დროს, XIII საუკუნის მეორე მეოთხედში. ეს თლილი ქვით ნაგები დიდი ერთნავიანი შენობაა, შიგნით ბათქაშით გალესილი, აქა-იქ ფრესკების ნაშთებით კედლებზე, ძალიან დაშავებული. მას ორი მინაშენი ჰქონია. ჩრდილოეთიდან მიშენებულია ეგვტერი, რომლის მოგვიანებით აშენებას გვიჩვენებს ის გარემოება, რომ დაუფარავს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის თლილი ქვის პერანგი, რომლითაც ამ კედელს არ შემოსავდნენ, აქ რომ ეგვტერის აგება ყოფილიყო ჩაფიქრებული. ეგვტერისათვის ძველი ნათალი ქვებიც გამოუყენებიათ, რომელთაგან ზოგი უთუოდ მთავარ ტაძარზედაც უფრო ძველია, ეგვტერის ჩრდილოეთის კედელში ჩასმულია ორი წარწერიანი ქვა და ეს წარწერები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნეებზე მიგვითითებს. ერთ ქვაზე, რომელიც ტორსზე დგას, ისე რომ წარწერა ვერტიკალურადაა დაყენებული ამოკვეთილია მსხვილი მთავრული ასოებით `ქრისტე შეიწყალე გიორგი~, თვითონ ეს მდგომარეობა კედელში ცხადჰყოფს, რომ იგი სხვა ადგილიდან არის მოტანილი და მეორედ გამოყენებული – წარწერას ვერტიკალურად არავინ მოათავსებდა. მეორე ქვაზე ამოკვეთილია `ქრისტე შეიწყალე ადამ~. ორივე ეს წარწერა მიგვითითებს, რომ ალბათ, მთავარი ტაძრის ადგილსავე, რუსუდანამდე ყოფილა უკვე რაღაც ძველი, ყოველ შემთხვევაში X-XI საუკუნის ნაგებობა.

eklesiis gegma

მეორე მინაშენი ტაძარს სამხრეთიდან ჰქონდა. ეს ის კარიბჭეა, რომლის შესახებაც ექვთიმე თაყაიშვილი მოგვითხრობს, რომელიც ტაძრის მთავარ წარწერას ფარავდა, რის გამოც თაყაიშვილს ის მოუნგრევია. ტაძარიMნაშენია კარგად გათლილი კვადრებით, მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში; სარკმლის თავზე დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ კი — მოჩუქურთმებული კვადრატები.
გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ბ) ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წელს დემეტრე თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. სამრეკლოს ქვედა სართული ღიაა, ზემოთ რვამალიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა — სადგომი.

saJamnos eklesia

გ) ზღუდის გარეთ იდგა პატარა ერთნავიანი ტაძარი – საჟამნო, რომელიც ძალიან ცუდადაადაცული. მისი კედლები მოპირკეთებული იყო ლეგა-მოყვითალო ქვიშაქვით და მოყავისფრო-ღვინისფერი ფილაქნით. ყვითელი და ღვინისფერი ქვების რიგები ენაცვლება ერთმანეთს. მეექვსე რიგი ჭრელია: ღვინისფერი კვადრი, შემდეგ ყვითელი და ასე შემდეგ. კედელს აგვირგვინებს ყვითელი ქანის ჩუქურთმიანი ლავგარდანი. ორფერდა სახურავი ბეტონის სახითაა დაცული აფსიდის კონქის ნაშთითურთ შიგნით. სახურავი, როგორც ტაძრის გარშემო ნაპოვნი ნაშტი გვიჩვენებს, ლეგა-მომქვანო ქანის ლილვაკიანი ლორფინებით ყოფილა დაფენილი (სამრეკლოსავით). აფსიდის თლილი ქვის პერანგის ზედაპირი შიგნით გალესილი ყოფილა ბათქაშით. ნაშთების მიხედვით ტაძარი ფრესკული მხატვრობით უნდა ყოფილიყო შიგნით, გარედან კი იგი უხვად ყოფილა შემკული ჩუქურთმით. ლავგარდანი სულ ერთიანად მოჩუქურთმებული ყოფილა და თან სხვადასხვავა ფასადზე სხვადასხვანაირად.

დ) `ჯვრიანი შენობაც~ არაა საკულტო დანიშნულების, თუმცა მის აღმოსავლეთის ფასადს ფანჯრის თავის ქვაზე რელიეფით გამოკვეთილი ჯვარი ამკობს, რის გამოც მას აღნიშნული სახელი ეწოდა. ესეც ოთხკუთხა, ამასთან ორსართულიანი შენობაა, რომელსაც არც აფსიდა და არც რაიმე სხვა საეკლესიო ნიშნები არ აქვს. ძნელი სათქმელია, თუ რა დანიშნულების უნდა ყოფილიყო ეს შენობა, მაგრამ ისიც მოგვიანებით არის მიშენებული სენაკზე. `ჯვრიანი შენობის~ კედლები ნაშენია არეული ქვებით: დიდი, საშუალო ზომისა და პატარა ქვებით, რომლებიც მქისედაა თლილი და სხვადასხვა ქანისაა (მოყვითალო, ლეგა, ღვინისფერი, მომწვანო და სხვა). ეს შენობა, როგორც ნაშთებიდან ჩანს, ორად იყო გაყოფილი გარდიგარდმო ტიხრით: აღმოსავლეთით ერთი უსწორი ოთხუთხედი ოთახი, სიგრძით 5,4 მ. ამ ოთახს დასავლეთიდან აკრავს მეორე, ასევე ოთხკუთხა ოთახი, სიგრძით 5,7-5,8 მ, ხოლო სიგანით 5,40 მ. აღმოსავლეთ ოთახის კედლები სხვადასხვა სისქისაა და სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. ყველაზე კარგად არის შემორჩენილი აღმოსავლეთის კედელი, რომლის სისქე 0,65 მეტრია, და სიმაღლე თითქმის 6,5 მეტრს აღწევს. ამ კედელს აქვს სამი ვიწრო და დაბალი სარკმელი პირველ სართულზე და სამიც ზედა სართულზე, რომელთაგან ორი სარკმელი ასევე ვიწრო და დაბალი ხვრელებია, შუასარკმელი კი შედარებით მაღალი და ფართოა – მისი სიგანე 0,5 მეტრია (გარედან), სიმაღლე კი 0,81 მ. სარკმელი ყველა კუთხოვანია, მაგრამ დიდი სარკმელი გამოირჩევა იმითი, რომ იგი ერთნაირი სიგანისაა გარედანაც და შიგნიდანაც. შიგნიდან შემორჩენილი ფოსოები გვიჩვენებს, რომ ამ სარკმელს დარაბა ჰქონია შებმული. ამავე კედელში, იატაკიდან 1,8-1,9 მეტრის სიმაღლეზე გაკეთებულია 5 საკოჭე ბუდე, ასიმეტრიულად განაწილებული, რომლებსაც მეორე სართული იატაკის კოჭები ეჭირათ. ოთახის სახურავი მთლიანად ჩაქცეულია. დასავლეთის ოთახი გაცილებით უფრო დაშავებულია, სად ჰქონდა ამ ოთახს კარები არ ჩანს, ასევე გაურკვეველია ჰქონდა თუ არა მასაც მეორე სართული. `ჯვრიანი შენობა~ ბაქნის ნაპირას დგას და მისი აღმოსავლეთის კედელი თითქმის ზედ კბოდეზე იყო მიმდგარი. იგი მთლიანად ჩაქცეულია საძირკვლის გარდა, რომელიც გათხრამ აღმოაჩინა. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ჩაშენებულია 1,35 მ-ის სიგანისა და დაახლოებით 1,5 მ-ის სიღრმის თახჩა, რომელსაც ქვითკირის იატაკი ჰქონია. ჩრდილოეთის კედლის დანარჩენი ნაწილი დანგრეულია ძირამდე. სამხრეთის კედელი, რომელიც სენაკის ჩრდილოეთის კედლის გაგრძელებას წარმოადგენს დასავლეთისაკენ და მასზე ცოტათი უფრო სქელია, დაცულია დაახლოებით 3,8 მეტრის სიმაღლეზე. იგი პიტალო კლდეზე დგას. ჩრდილოეთის მხრიდან ამ კედელს თითქმის მთელ სიმაღლეზე აქვს შემორჩენილი საპირე ქვის წყობა. კლდე ხელოვნურად არის დამუშავებული. სამხრეთ-დასავლეთ კუთხიდან მოყოლებით 1,3 მ-ის სიგრძეზე აქ კლდეში გამოკვეთილია დაბალი და ვიწრო ფიტონი, რომელზედაც ჩამოჯდომა შეიძლება. სადაც ფიტონი მთავრდება, დაახლოებით 0,25 მ-ის სიმაღლეზე მისი ზედაპირიდან, დადგმულია საკმაოდ მარტივი პილასტრი, რომელიც ორი ერთმანეთზე დადგმული ფილაქნისაგან შედგება და რომლის სიმაღლე 1,05 მ-ს შეადგენს. ამ პილასტრზე დაყრდნობილია ორი ნახევარფარგლოვანი ბრტყელი თაღი, რომელთაგან ერთი დასავლეთისაკენ გადადის და კედლის ჩამონგრეულ პირთან ერთად წყდება, მეორე კი აღმოსავლეთისაკენ გადადის და აქ კედლის წყობიდან მეტნაკლებად გამოწეულ ერთ ქვას ებჯინება. ამ თაღის სიგანე არ აღემატება 1,5 მეტრს. ასეთივე უნდა ყოფილი მეორე თაღის სიგანეც. ეს თაღები მხოლოდ 11-13 სანტიმეტრითაა გამოწეული კედლის წყობიდან. ორივე საგანგებოდ არჩეული მოთეთრო ქვის თითქმის კვადრატული ფილაქნებითაა გამოყვანილი, რომლებიც სოლისებურადაა წყობილი. ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელის ძირას პატარა თაღია გავლებული, ასევე სოლისებურად წყობილი ქვებით. როგორც ჩანს, აქ კლდის ნაპრალი ყოფილა, და იმის მაგივრად, რომ ის ამოევსოთ, არჩიეს პატარა თაღის გადაგდება, რომელზედაც კედლის უშიშრად დადგმა შეიძლებოდა. აღსანიშნავია, რომ `ჯვრიან შენობასაც~ ჩრდილოეთის ფასადზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხის ახლოს, ჩაშენებული აქვს ნაცხვირიანი ქვა, რომელიც შეიძლება აგრეთვე ცხენის დასაბმელად იყო განკუთვნილი.
დასავლეთიდან სენაკსა და `ჩუქურთმიან შენობაზე~ კიდევ ერთი სადგომი იყო მიშენებული, რომლის ნაშთები თითქმის მთლიანად არის წარხოცილი.


CuqurTmiani Senobis sarkmlis Ziris qvis gegma da ganakveTi
ე) `ჩუქურთმიანი შენობაც~ პატარა, უსწორო ოთხკუთხა სადგომს წარმოადგენა. მისი სიგრძე დაახლოებით 2,79 მეტრია, სიგანე დაახლოებით 2,59 მ. მისგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის კედლები. არავითარი ნიშანი საკურთხევლისა აქაც არ ჩანს, პირიქით, კარი აღმოსავლეთის კედელშია გაჭრილი. ამ შენობის კედელები შემოსილი იყო თლილი ქვის პერანგით, რომელშიც ჩასხმული იყო ჭყორდუღაბი. ლავგარდანი აღარ არსებობს, ამიტომ კედლების სიმაღლე ვერ ირკვევა. გარედან შემორჩენილი აღმოსავლეთის კედელი შემოსილია ლამაზი, კარგად გათლილი ღვინისფერი ფილაქნებით. შიგნით კედლის საპირე ქვა უფრო მქისეა, მაგრამ ბათქაშის კვალი არ ჩანს. ამ კედელში მოთავსებულია შენობის კარი, რომელიც გარედან მოჩუქურთმებული ჩარჩოთია შემკული. კარის სამხრეთით ამავე კედელში პატარა, ვიწრო, აგრეთვე მოჩუქურთმებული სარკმელია გამოჭრილი მთლიან ქვაში. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, გარედან ერთი კუთხის ქვა, რომელიც თითქმის ზედ ნიადაგის ზედაპირის დონეზე მოდის, ნაცხვირიანია: შესაძლებელია, ეს ნაცხვირი ცხენის დასაბმელად იყო განკუთვნილი.
ვ) ყველაზე ღირშესანიშნავი ნაგებობა გუდარეხში არის ზღუდე, რომელიც გარშემო არტყია სამონასტრო სამოსახლოს და რომლის პერიმეტრი დაახლოებით 400 მეტრს შეადგენს. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული. ზღუდეს ორი კარი უნდა ჰქონოდა, რაზედაც ამჟამად დაცული კარის მდებარეობა მეტყველებს – ჩრდილო-დასავლეთისა და დასავლეთის მხრიდან ურმით ასვლა ტაძრის ეზოში შეუძლებელი იყო, ერთადერთი მისავალი აქ სამრეკლოს მხრიდანაა. ასევე ვაჰანის განგებაში, XIII საუკუნის ძეგლში, დაცული გვაქვს პირდაპირი ცნობა იმის შესახებ, რომ მონასტრის ზღუდეში ორი კარის გაკეთება იცოდნენ: ერთი, `დიდნი კარნი ზღუდესანი~, მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში გაიღებოდა, ჩვეულებრიბად კი `ცოტათა კართა~ სარგებლობდნენ ხოლმე.
ზღუდის კედელი თლილი ქვის პერანგითაა შემოსილი, ქვა უმეტეს წილად დიდი ზომისაა (1,55X0,57, 1,38X0,40, 1,20X0,62 მ), მაგრამ არის საშუალო ზომის და წვრილი ქვაც, თუმცა ასეთი ხშირად შენაკეთებ ადგილებშია. ქანი ყველგან ერთია: ეს არის ფოროვანი, მძიმე და მტკიცე, თუმცა მყიფე, მსხვილმარცვლოვანი კირქვა, რომელსაც ამჟამად ლეგა ფერი აქვს, მაგრამ თავის დროზე მოთეთრო ყოფილა. ბეტონი ნაგლეჯი ქვისა და ქვითკირისაგან შედგება. ქვითკირი სუსტია, ადვილად იფხვნება, რადგან მის მოსამზადებლად მიწიანი ქვიშა უხმარიათ, ამიტომ კედლის პერანგის კილოებში ქვითკირი მთლიანად გამოფიტულა და წყობა, ერთი შეხედვით, ყორული ჩანს.

galavnis kedeli da detalebi, kldeSi gamokveTili nagebobis gegma da ganakveTebi.

ეს წყობა ძალიან თავისებურია: სწორმწკრივობა დაცულია მხოლოდ ზოგადად, ქვების მწკრივები ერთმანეთს ხშირად კვეთს, კვადრები და ორთოსტატები ენაცვლება არაწესიერად გამოთლილ ქვებს, რომლებიც საუცხოოდაა ერთმანეთზე მორგებული. ყველა ეს ცხოველსახულ იერს აძლევს კედლის ზედაპირს.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ზღუდე საუკეთესოდაა დაცული, მისი სიმაღლე გარედან საშუალოდ 4,0 მეტრს აღწევს მიწის ზედაპირიდან. შეგნიდან კი სულ ნასახლარებია და აქ ნიადაგი გაცილებით უფრო მაღალია, ისე რომ კედლის სიმაღლე ზოგან 1,75ვ მეტრს არ აღემატება. ძირიდან თხემისკენ კედელი თანდათანობით თხელდება, ისე რომ თუ მიწის დონეზე მისი სისქე 0,7 მეტრს შეადგენს, 4,05 მეტრის სიმაღლეზე იგი 0,6 მეტრს არ აღემატება. კედლის ორივე პირი თანაბრადაა აქანებული ზევითკენ და კედელი ორივე მხარეს თანაბრად ვიწროვდება. ჰქონდა თუ არა მას ქონგურები არსად არ ჩანს, რადგან კედელს მთელ სიგრძეზე ერთი-ორი პირი ქვა მაინც აკლია.
გარედან საშუალოდ 8,0 მეტრის მანძილზე ერთიმეორისაგან ჩარიგებულია ლამაზი ბურჯები, რომლებიც ქვემოდან ზემოთ თანდათანობით ვიწროვდება და სულ მაღლა, ეტყობა, მთლად ერწყმოდა კედლის წყობას. ზოგიერთი ბურჯი ისეთ სიმაღლეზეა შემორჩენილი, რომ თითქმის უკვე კედლის სიბრტყეში იკარგება. ბურჯები სამგვარია: 1) ორწახნაგა, განივ განაკვეთში სამკუთხედის მოყვანილობის; 2) მრგვალი, განაკვეთში წრის სეგმენტის მოყვანილობის და 3) სამწახნაგა, განაკვეთში ტრაპეციის მოყვანილობის. სამწახნაგოვანი ბურჯის ქვები სპეციალურადაა გათლილი: ზოგი ორწახნაგაა, ისე რომ ორი მეზობელი ქვის თითო წახნაგი ერთად ბურჯის ერთ წახნაგს ქმნის, ზოგი კი სამწახნაგოვანია, ისე, რომ უკვე ბურჯის ფორმა აქვს მიცემული; ზოგჯერ ბურჯის პირი შექმნილია მრავალი დამატებითი ბრტყელი ქვის გამოყენებით. საერთოდ ბურჯების ქვები საგანგებოდაა დამუშავებული.
ბურჯებს შორის კედელში დატოვებულია თითო დოლაბი; ეს არის ვიწრო და მაღალი ოთხკუთხა ხვრელი, ეს ხვრელი შიგნით უფრო ფართოა, ვიდრე გარეთ და, სავარაუდოდ, საბრძოლველად იყო განკუთვნილი. იმ შენობათათვის, რომლებიც ზღუდეზეა მიშენებული შიგნიდან, იგი ერთგვარი სარკმლის როლს ასრულებდა. აღსანიშნავია კიდევ ორ ქვაში ამოჭრილი საპირფარეშო, რომელიც ჩაშენებულია ზღუდის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ზედ კბოდეზეა გადაკიდებული.
ქვისმთლელობის ის მაღალი კულტურა, რომელიც გუდარეხს ახასიათებს და რომელიც მაშინვე თვალში ეცემა ადამიანს, ჩანს აგრეთვე იმ უცნაურ შენობაში, რომელიც სამოსახლოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმართულ კლდეშია გამოკვეთილი. აქ ზღუდე ორი მხრით – აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან – პიტალო კლდეზეა მიბჯენილი და ამიტომ წყდება, კლდე თავისდავად მიუვალია. აქ გამოკვეთილია საფეხურები, რომლებიც ძალიან დაშავებულია, ხოლო ზედ კლდის თხემზე რაღაც ნაგებობა ყოფილა, რომელიც ნაწილობრივ თვით კლდეშია გამოკვეთილი; შემონახულია ლამაზად მოსუფთავებული პატარა ბაქანი, რომელსაც მხოლოდ ორი, კლდეში გამოკვეთილი კედელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ბაქანში გამოკვეთილია აუზი აბაზანასავით, რომელიც ცალ მხარეზე გახსნილია. აბაზანის ახლოს, იატაკში და აგრეთვე კლდეში გამოკვეთილ კედლებში სხვადასხვა ადგილას პატარა ხვრელები და ფოსოებია. დასავლეთის კედელში აბაზანის ახლოს, თითქოს კარის ჩასადგმელი ნარიმანდია ამოღებული, ხოლო ზემოდან ამ კედელზე რაღაც ღარის კვალი ჩანს. ძნელი სათქმელია, თუ რა დანიშნულებას ასრულებდა ეს ნაგებობა, დროთა განმავლობაში კლდე დახეთქილა და მისი ზედაპირიც ძალიან გადარეცხილია, რაც აძნელებს ვარაუდს.
ზ) მთავარი ჭიშკარი (`დიდნი კარნი~) ზღუდეს ჩრდილოეთიდან უნდა ჰქონოდა. აქ, სასახლის აღმოსავლეთით, ჩანს კვალი ძველი გზისა, რომლითაც სამოსახლოში ადიოდნენ, რათა სამრეკლოზე გავლით, რომლის ქვედა, გახსნილი სართული საზეიმო კარის როლს ასრულებდა, სამრეკლოსა და მთავარ ტაძარს შორის მდებარე პატარა მოედანზე გასულიყვნენ.
ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ჩრდილო-დასავლეთის ჭიშკარი (`ცოტანი კარნი~), რომლის სიგანე 2,75 მეტრს შეადგენს, თაღით ყოფილა გადახურული. ამ თაღის ქვები, რომლებიც 1930-იანი არქეოლოგიური ექსპედიციის დროს იპოვნეს, ორგვარია: 5 ქვა სადაა, 3 კი ცალ კუთხეზე ლილვაკივითაა მომრგვალებული. ეს ორნამენტალური დეტალი შეესატყვისება კარის სვეტების ტანისა და თავის ლილვაკებს. სავარაუდოდ თაღი ორმაგი იყო: წინ ლილვაკიანი, უკან სადა (ასეთივე კონსტრუქცია გვხვდება სამრეკლოს ზედა სართულის დოლაბაბშიც). ეს ხსნის კარის სვეტისთავების დიდ სიგანეს, რადგან მათ ორივე თაღი უნდა დაეჭირათ: სვეტისთავის სიგანე აღწევს 0,95 მეტრს, თაღის ქვის სიგანე 0,54 მეტრია საშუალოდ. ჭიშკარი სვეტებიანი იყო. სვეტის ტანი შვერილიანი ქვის ბოძია, რომლის ერთი კუთხე ლილვაკითაა მომრგვალებული. ამ სვეტის უკან, მეორე, უფრო სადა სვეტი დგას, ეგეთივე მთლიანი ქვისა, რომელიც წიბოჩამოთლილია, მეორე შვერილის მაგივრობას სწევს და აგრეთვე სვეტისთავის საწოლს წარმოადგენს. სვეტისთავი, რომელიც ამ სვეტზე წევს, რომლებიც თავის მხრივ ორივე ერთ ხარისხზე დგანან, სამნაწილედია (თუმცა ერთი მთლიანი ქვაა). სვეტისთავი შემკულია წყვილი ნახევარლილვაკით. აღსანიშნავია, რომ არც ერთი წარმოზიდული ნაწილი სვეტს არა აქვს, რაც იმით აიხსნება, რომ ასეთი ნაწილი კარის მოძრაობას დააბრკოლებდა.

sasaxles I da II sarTulis gegmebi da ganakveTi

თ) სასახლე, რომელიც მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, 3-ოდე მეტრის დაშორებით, როგორც ძველი ქართული სამოქალაქო ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო შენობას წარმოადგენს გუდარეხში. იგი გაშენებულია ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე ტაძრის ქვემოთ, ისე რომ ტაძარი დაახლოებით 3 მეტრით უფრო მაღლა დგას შედარებით სასახლის ქვედა სართულის დონესთან. ამიტომ ტაძრის მხრიდან სასახლის ქვედა სართული მიწაში ზის და მხოლოდ ზედა სართული იყო ნიადაგის ზედაპირიდან ამაღლებული. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კი, საიდანაც ამ შენობას ფასადი აქვს, ბაქანი გასწორებულია და ქვედა სართული მიწის ზემოთ დგას. სამწუხაროდ ეს შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მეტ-ნაკლებად შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლები (უკანასკნელი დაახლოებით ნახევარ სიმაღლემდე). სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კედლები სულ მონგრეულია, მათ მაგივრად იყო მიშენებული გვიანდელი ყორული წყობის ცალპირი ქვების კედლები. შენობის ძველი კედლები, როგორც გათხრების შედეგად გამოვლინდა, ამ წყობის უკან იმყოფებოდა.
რამდენადაც დღეს-დღეობით ჩანს, სასახლე ერთი ორსართულიანი დარბაზისაგან შედგებოდა, რომელსაც სავარაუდოდ მინაშენები ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. ეს დარბაზი უსწორო მოყვანილობის მოგრძო ოთხკუდხედს წარმოადგენდა (სიგრძე დაახლოებით 17,8 მ., სიგანე – დაახლოებით 7,0 მ), მის ქვედა სართულში მარანი იყო მოწყობილი.
შენობა დაფუძნებულია კლდეზე, რომლის მასივები ალაგ-ალაგ, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე, შიგ შენობაშია შეჭრილი, სამხრეთ-დასავლეთით კლდე იატაკის ზედაპირიდან მაღლა ამოდის და ძველადაც ასევე გაშიშვლებული იქნებოდა მარნის შიგნით. გათხრების დროს გაშიშვლდა ჩრდილო-აღმოსავლეთის კედლის საძირკველი და გამოვლინდა, რომ ის ნაგლეჯი ქვითაა წყობილი და შიგნიდან კონრფორსებით იყო გამაგრებული. ასევე გათხრების დროს ნაპოვნია მარნის ქვევრები და რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა ადრინდელი იატაკის დონე, რომელიც შემორჩენილია ქვითკირის ნაშთების სახით, ნაპოვნია წვრილი ინვენტარი (გიორგი III-ის მონეტა, დამახასიეთებელი კერამიკული ნატეხები დას სხვა), რაც საშუალებას იძლევა ეს შენობა XII საუკუნით დათარიღდეს. კედლის შემორჩენილი ნაწილი გარედან, ნიადაგის თავდაპირველი დონიდან რომ ვიანგარიშოთ, აღწევს 7,8 მეტრ სიმაღლეს. ზევით მას შემონახული აქვს ლავგარდანის ქვა, ლავგარდანი უბრალო ფიტონს წარმოადგენდა, რომელიც მოგრძო ოთხკუთხი ბრტყელი ფილაქნებისაგან შედგებოდა. მხოლოდ კუთხის ქვა აქვს დაქანებული ნაპირები და წარზიდული ნაწილი, რომელიც კუთხეს ამთავრებს. გარედანაც და შიგნიდანაც ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელი თლილი ქვებითაა შემოსილი, ამ პერანგში ჩასხმულია ბეტონი და მისი სისქე 1,0 მეტრს შეადგენს. გარეთა საპირე ქვა კარგადაა გათლილი, პერანგი სხვადასხვა ქანის მოყვითალო და ღვინისფერი დიდი და საშუალო ფილაქნებითაა წყობილი. ქვების მწკრივების თარაზულობა კარგადაა დაცული. ღვინისფერი ფილაქნები ჭარბობს უფრო კედლის ქვედა ნაწილში. ამ კედლის ქვედა სართულის შიდაპერანგი ნაგებია საკმაოდ უხეშად, დიდი საშუალო ზომისა და წვრილი, ასევე სხვადასხვა ფერის, მაგრამ მქისედ დამუშავებული ქვებით, ვინაიდან ეს კედელი მარნის იყო და გარედან არ ჩანდა. მეორე სართულის შიდაპერანგი კი ნაშენებია თარაზულად წყობილი მოყვითალო და ღვინისფერი დიდი და საშუალო ზომის კვადრებით, რომლის ზედაპირი განგებ ჩაფურათაა დატოვებული ბათქაშის დასამაგრებლად. შიგნით მეორე სართული კედლები ბათქაშით გალესილი და ფრესკებით შემკული ყოფილა, რომელთა ნაკვალევი სარკმელების კედლებზე იყო ნაპოვნი. სავარაუდოდ შენობა ჩარდახიანი კამარით იყო გადახურული, რომლის ძირი ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე ზოგან დღემდეა შემორჩენილი. კამარა ქვემოდან ეჭირა პილასტრებზე დაყრდნობილ 6 თაღს. ჩრდილო-აღმოსავლეთის სამი პილასტრი საღადაა დაცული თავისა ხარისხებით და სვეტისთავებით. ხარისხები მარტივ თლილ კვადრებს წარმოადგენს, თვით პილასტრებს კი განაკვეთში ნახევარჯვრის ფორმა აქვს, სამმკლავიანია. პილსტრების ხარისხები ქვედა სართულში დგას დაახლოებით იატაკის დონეზე. კუთხის პილასტრები ორმკლავიანია. ზოგიერთი პილასტრის სამივე მკლავი ერთი ქვიდანაა გამოთლილი, ზოგჯერ კი ერთი ან კიდევაც ორივე განის მკლავი ცალკეა მიდგმული შუამკლავზე. შუამკლავები უფრო მაღალია და უფრო განიერი, მათ ეჭირათ გარდიგარდმო თაღები, რომლებზედაც დაყრდნობილი იყო კამარა. შუამკლავების სვეტისთვები თავკვეთილი პირამიდის ფორმისაა და ოდნვაა პროფილირებული ცალი ღარით ან ფიტონით. განის მკლავებსაც პატარა, სადა, თავკვეთილი პირამიდისებური სვეტისთავებს აგვირგვინებს, რომლებზედაც დაყრდნობილია ნახევაწრიული დეკორატიული თაღები, რომლებიც კედლის სიგრძივაა გადავლებული. ამგვარად, მთელი კედლის სიბრტყე დანაწევრებული იყო არკატურით, რომლის თითოეულ ნაკვეთში კედელს დატანებული ჰქონდა სარკმელი. პილასტრებსშორისი მანძილი მერყეობს 2,7 მეტრიდან 2,9 მეტრამდე. სავარაუდოდ ასეთივე არკატურით შემკული იყო სამხრეთ-დასავლეთის კედელიც. ამგვარად მთელი დარბაზი ხუთ ნაწილად იყო დაყოფილი გარდიგარდმო ოთხი თაღითOდა ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელს, ალბათ, 10 სარკმელი ჰქონდა (5 მაღლა და ხუთი დაბლა). სამხრეთ-დასავლეთის კედელს მხოლოდ ზედა სართულში ექნებოდა სარკმელები ვინაიდან ქვედა სართული ამ მხრიდან მიწაში იჯდა. ჩრდილო-აღმოსავლეთის კედლის ქვედა სართულის სარკმელები იატაკიდან დაახლოებით 0,6 მეტრის სიმაღლეზეა, მათი სიმაღლე არ აღემატება 0,8 მეტრს. შიგნიდან ისინი ბანურადაა გადახურული, ერთი წირთხლის ქვით. შიგნიდან გარეთ სარკმელები ვიწროვდება, შიგნით მათი სიგანე უდრის 0,60 მეტრს, გარედან კი – მხოლოდ 0,12 მეტრს. მეორე სართულის სარკმელები დაახლოებით 0,8 მეტრითაა ამაღლებული, მათი სიმაღლე 1,00 მეტრია. შიგნიდან ეს სარკმელები გადახურულია ორი ქვისაგან შემდგარი ისრული თაღით. გარეთკენ ესენიც ვიწროვდება (შიდა სიგანე 0,9 მ, გარე – 0,16 მ). გარედან როგორც ქვედა ასევე მეორე სართულის სარკმელებს მრგვალად ამოჭრილი ქუდები ახურავს.
გათხრების დროს გამოვლინდა სასახლის დანარჩენი კედლების ნაშთები. სასახლის ტერიტორიაზე ნაპოვნია დიდი რაოდენობით აგურების და კრამიტის ნატეხები. კრამიტის ნატეხებს შორის, რომლებიც სახლის, ან ტაძრის სახურავიდან უნდა იყოს ჩამოცვენილი გვხვდება ბრტყელი, კურტნიანი და ქიმებიანი კრამიტის ნატეხები, მოუჭიქავი და მოჭიქულიც სხვადასხვა ფერად.
სასახლის ქვედა სართული, რომელიც მარანს წარმოადგენდა კიდევ ერთ საინტერესო ნაგებობას შეიცავდა. როგორც 1939 გათხრებით გამოირკვა მარნის სამხრეთ კუთხეში ამოშენებული აუზი იყო. იმას, რომ მთლიანად ეს ნაგებობა წარმოადგენს აუზს და ის ტკბილის დაგროვებისა და დაწრეტისათვის იყო განკუთვნილი ადასტურებს მის გასწვრივ საყრდენ კედელში ამოჭრილი საწნახელი, საიდანაც დაწურული ტკბილი მილით ამ აუზისაკენ მიედინებოდა. საწნახელი საყრდენ კედელშია ჩაშენებული. მილი ჩაშენებულია საწნახელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში და მის შუა ადგილას. მისი ზედა ნაწილი მუხლსა (მოხრილ მილს) წარმოადგენს, ხოლო ქვევით გრძელდება ჩვეულებრივი თიხის მილით, რომელიც გაყვანილია სასახლის სამხრეთ-დასავლეთ კედელში, ჰკვეთს მას და დაქანებულია აუზის ფსკერისაკენ. მილები მეტი სიმაგრისათვის ორმაგად ჩაუწყვიათ და უფრო ვიწრო მილები (დიამეტრით 0,08 მ) უფრო მსხვილ მილებში (დიამეტრით 0,12 მ) ჩაუსვიათ. მუხლი კი ცალმაგია. მთლიანად ეს წვენსადენი, მუხლიც და მილებიც, გარედან დუღაბში იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სამხრეთ-დასავლეთის კედლის ჩანგრევამ და ჩამოზვავებამ ის სულ გააფუჭა. მარანში 16 სხვადასხვა ზომის ქვევრი აღმოჩნდა. სასახლის გათხრის შემდეგ გამოირკვა, რომ ჩვენამდე დაცული ჩრდილო-აღმოსავლეთის კედლის ნაწილი ნახევარზე ნაკლები იყო. აღმოჩნდა, რომ მისი სიგრძე 20 მეტრს უდრის და რომ ის კლდეზეა ამოყვანილი.
სამხრეთ-დასავლეთიდან სასახლეზე მიდგმულია შენობა, რომელიც ორი ოთახისაგან შედგება. სასახლიდან პირველი ოთახი უსწორო ოთხკუდხედს წარმოადგენს და მას გასასვლი მხოლოდ მეორე ოთაში აქვს. შენობის კედლები ნაგები იყო გვერდებჩამოტეხილი და მქისედ ნათალი ქვით ქვითკირზე.

sajinibos gegma da ganakveTebi

ი) საჯინიბო წარმოადგენს ერთ დიდ სადგომს, რომელიც მიშენებული ზღუდის კედელზე სამოსახლოს დასავლეთის ნაწილში. სადგომის სიგრძე შეადგენს 13,2 მეტრს, ხოლო მისი სიგანე იცვლება 5,3 მ-დან 5,8 მ-მდე. ამგვარად ოთახს სწორი კუთხეები არ აქვს, რაც გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ აღმოსავლეთის კედლის დადგმისას მტკიცე გრუნტის ჩაჭრა მოუხდათ დიდ სიღრმეზე. შენობის კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. სისქე კედლების ყველგან ერთია – 0,8 მ., წყობა არ განსხვავდება ზღუდის კედლის წყობისაგან, აქაც მოზრდილი თლილი საპირე ქვები, ქვითკირით წყობილი, რომელთა შორის ჩასხმულია ჭყორდუღაბი. კედლები ამოყვანილი მომწვანო ფერის ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა მოთავსებული, კარის სიგანე შეადგენს 0,9 მ, სიმაღლე 1,8 მ. შიგნიდან გადახურულია ორი მრგვალად ამოჭრილი ქვისაგან შემდგარი თაღით, რომლის სიმაღლე 0,5 მეტრს უდრის. შესასვლელში ზღურბლის გარდა კიდევ ერთი საფეხურია, სიმაღლით 0,19 სმ. გარედან კარის ღიობი უბრალო ოთხკუთხედს წარმოადგენს, შიგნიდან კი მას ძალიან ალამაზებს თაღოვანი გადახურვა. შესასვლელის ზღურბლში, წირთხლის ქვაში და ამყოლებში ფოსოებია ხის კარის ჩასადგმელად და ურდულის დასამაგრებლად. სარკმლები ამ სადგომს არ ჰქონია. გადახურვა შენობას არ შემოუნახავს, მაგრამ სავარაუდოდ ის კამაროვანი იყო. აღმოსავლეთის კედლის გასწვრივ გათხრების დროს აღმოჩენილი იყო ბაგის ძირი, რომელიც კედლის წინ 0,7 მეტრის დაშორებით მწკრივად ჩარიგებული, 0,5 მ სიმაღლის მქისედ დამუშავებული და ქვითკირით შემტკიცებული ბრტყელი ქვებისაგან შედგება. სივრცე კედელსა და ამ ქვებს შორის ამოვსებულია წვრილი ბუტით და ქვითკირით. ეს რომ ბაგა იყო გვიჩვენებს ნარიმანდი, ამოღებული სამხრეთის კედლის საპირე ქვაში, სწორედ ბაგის წინაკედლის ხაზზე, რომელიც ფიცრის ჩასადგმელად იყო განკუთვნილი. ბაგას აღმოსავლეთის კედლის მთელი სიგრძე არ უჭირავს, არამედ იგი წყდება 1,56 მ-ის დაშორებით ჩრდილოეთ კედლისაგან. ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა პატარა მობაკული ადგილი, რომელიც უსწორო ოთხკუთხედს წარმოადგენს, სიგრძით 3,30 მეტრისას, ხოლო სიგანე 2,05 მ-დან 2, 60 მეტრამდე იცვლება სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ამ მობაკულის ქვები წარმოადგენენ დიდ, ბრტყელ, მქისედ დამუშავებულ ლოდებს, სისქით 0,2-0,3 მეტრისა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, გრუნტზე კი დაყენებული სუსტი ხსნარის საშუალებით, რომელიც თიხის და კირის ნარევს წარმოადგენს. ეს მობაკული შესაძლებელია ე.წ. `საწოლი~ იყოს მწყესებისა თუ მეჯინიბეებისათვის.
ოთახის სხვადასხვა ადგილას გრუნტში ჩაშენებული აღმოჩნდა ერთი ორმო და რამდენიმე თონე.
კ) საჯინიბოს სამხრეთიდან ახლავს მოგვიანებით მიშენებული მარანი, რომელიშიც ზედაპირიდან 0,2-0,25 მ-ის სიღრმეზე 7 სხვადასხვა ზომის ქვევრია ნაპოვნი გათხრების დროს. ერთის გარდა, რომელსაც ზემოდან ქვითკირი ჰქონდა მოსხმული, ყველა მეტ-ნაკლებად სწორე არის მოჭრილი და ზოგიერთი თლილი ქვის სარქველებით იყო გადახურული. მარანი კარებით არ არის დაკავშირებული საჯინიბოსთან და მისი კედლები ყორულად ყოფილა ნაგები და თან უსაძირკვლოდ.
ლ) სენაკი I წარმოადგენს პატარა უსწორო ოთხკუთხედ შენობას, სიგრძით (აღმოსავლეთ-დასავლეთი) დაახლოებით 4 მეტრია, სიგანით დაახლოებით 2 მეტრია და სიმაღლით დაახლოებით 3 მეტრი. ეს შენობა შედარებით კარგადაა დაცული სახურავითურთ. შესასვლელი მას დასავლეთიდან აქვს, მაგრამ კარის ნაშთები დაცული აღარაა. სარკმელი აღმოსავლეთის კედელშია, რომელიც გარედან საუცხოოდ გათლილ გასიპულ ღვინისფერი ფილაქნებით იყო შემოსილი. ღაროვანი ლავგარდანი შემკულია წნული ჩუქურთმით, აღსანიშნავია, რომ იგი მოყვითალო ქანისაა. მოჩუქურთმებულია აგრეთვე სარკმლის ძირის ქვა. შიგნით ყველა კედელი გალესილია ბათქაშით. აქ მრავალი კუთხოვანი წალოა შეშენებული, რომელთგანა ზოგიერთი ხატების დასადგმელად იყო განკუთვნილი. იგი გადახურულია ჩარდახოვანი კამარით, რომელიც ამოყვანილია სოლისებურად ჩამოტეხილი და სოლისებრ ჩაწყობილი პატარა ზომის ქვებით. რა ეფინა სახურავს არ ჩანს, ვინაიდან ზედ მიწაა დაყრილი, მაგრამ სახურავის ზედაპირზე ნაპოვნია რამდენიმე კარგად შენახული კრამიტი – კურტნიანი სადა და მწვანედ მოჭიქული და ქიმებიანი სადა და სოსნად მოჭიქული.
სენაკის სამხრეთ კედელი ნაგებია მქისედ ჩამოთლილი საშუალო ზომის კვადრებით. უფრო ზუსტად, მეტი ნაწილი ამ კედლის ამოყვანილია ერთი პირი ქვით ქვითკირზე, ისე რომ კვადრების სიგანე და კედლის სისქე ერთია (0,65 მ საშუალოდ). მხოლოდ კამარის ძირში იწყება უფრო წვრილი ქვა. რადგან წყობა არაა ლამაზი, კედელი სენაკის მხარეზე ბათქაშითაა გალესილი. იყო თუ არა იგი გალესილი `ჩუქურთმიანი შენობის~ მხარეზეც, არ ჩანს. ეს კედელი საერთოა სენაკისა და `ჩუქურთმიანი შენობისათვის~, ანუ `ჩუქურთმიანი შენობა~ ამ კედელზეა მიდგმული. ეს ნათლად ჩანს იქიდან, რომ იგი და მასთან ერთად სენაკის აღმოსავლეთის კედელი, შედარებით `ჩუქურთმიანი შენობის~ აღმოსავლეთ კედელთან, მთელი 24 სანტიმეტრითაა გამოწეული აღმოსავლეთისაკენ. ამგვარად `ჩუქურთმიანი შენობის~ მოგვიანებით აშენება უეჭველია.
სენაკიდან `ჩუქურთმიან შენობაში~ პატარა, მრგვალი ხვრელი გადის სარკმელივით. ამავე კედელზე ზემოდან შენახულია მთლიანად ქვის საწვიმარი ღარი. ეს ღარი ოთხი ღარისებრ ამოღებული ქვისაგან შედგება, რომლებიც მოთავსებულია სენაკისა და `ჩუქურთმიანი შენობის~ კამარათაგან შექმნილ უბეში, და მას წყალი გადაჰყავდა აღმოსავლეთისაკენ ქუჩაში. ასეთი ღარის ქვები მრავლად აღმოჩნდა სამოსახლოს სხვადასხვა ადგილას. ერთი მათგანი ჩამოტანილია თბილისში და საქართველოს სახ. მუზეუმში ინახება. ისინი სხვადასხვა სიგრძისაა (0,68-დან 1,70 მ-მდე) და სხვადასხვა სიგანის (0,25-დან 0,43-მდე), მძიმე და უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ მქისედ დამუშავებული.

გუდარეხის არქეოლოგიური გათხრების დროს იყო ნაპოვნი კიდევ მრავალი შენობის ნაშთები და ნანგრევები.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

გუდარეხის მონასტერი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ლ. მუსხელიშვილი, შ. ხიდაშელი, ვ. ჯაფარიძე – „გუდარეხი", გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კომპანიის ანგარიში, 1954წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016