Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ტყობა-ერდის ეკლესია
(თობა-ერდი, თხაბა-ერდი)

(IX-XVI სს)


1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სამეკლესიანი ბაზილიკა, მცირე ეკლესია და ეკვდერი;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

პროფესორ გ. ჩიტაიას ცნობით ანგელოზების რელიეფური გამოსახულებები ხევსურეთში იყო გადატანილი.

ტყობა–ერდის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ქართულ ძეგლებს შორის.

 

3. adgilmdebareoba

ტყობა–ერდის ეკლესია მდებარეობს რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილო–კავკასიის ფედერალურ ოლქში, ინგუშეთის რესპუბლიკაში, ჯეირახის რაიონში, მდინარე ასას ხეობაში მდებარე, ნასოფლარ ხაირახიდან 200–300 მეტრის დაშორებით. 

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ქართველი და ვეინახი ხალხების ურთიერთობანი საკმაოდ ადრიდან იწყება. მჭიდრო კავშირი ჩანს VIII-XII საუკუნეებში, როდესაც საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფალნი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კავკასიონის ჩრდილოეთის კალთებზე მცხოვრებ მთიელთა ქრისტიანიზაციას.
ეკლესიის ქართულ წარმომავლობას ადასტურებს აქ ნაპოვნი XI-XII საუკუნეების ქართული ფსალმუნი. ტყობა-ერდის ტაძრიდან მომდინარეობს მნიშვნელოვანი ძველი ქართული წარწერები. მათში მოხსენიებულნი არიან საქართველოს საეკლესიო მოღვაწენი: ეპისკოპოსი გიორგი (X ს.), კათალიკოსი არსენ II (955-980) და პატრიარქი მელქისედეკ I (XI ს. I ნახ.). მელქისედეკ I წარწერაში `აღმოსავლეთის პატრიარქად” იწოდება. ეჭვგარეშეა, რომ ტყობა-ერდის აშენების ინიციატივა საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფალთ უნდა მიეწეროს. კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I თანამედროვის კახეთის მთავრის კვირიკე III (1010-1037წწ) ადმინისტრაციული რეფორმით, ინგუშეთი შედიოდა კახეთის სამთავროს ერთ-ერთ საერისთაოში. აღნიშნული გარემოება, ტაძრის კრამიტებზე კათალიკოს არსენ II სახელის არსებობის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ X ს–ის II ნახევრის საქართველოს კათალიკოსი არსენ II და ეპისკოპოსი გიორგი, კახეთის ხელისუფლებთან: კვირიკე II (929-976 წწ), დავითთან (976-1010), ანდა მათ ერისთავებთან ერთად იყვნენ ტყობა-ერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატორები. ზემოთქმულის დასტურად შეიძლება გამოვიყენოთ ეკლესიის დასავლეთის კედელზე დატანილი ბარელიეფი. ბარელიეფზე გამოსახულია სამი მამაკაცის ფიგურა, ცენტრალური ფიგურა ტახტზე ზის, ერთ-ერთ ფიგურას რომელიც გვერდში უდგას ცალ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში ხმალი, მეორე გვერდში მდგომი ფიგურა საეკლესიო სამოსში არის გამოწყობილი, მას მხრებით ყურძნის ორი მტევანი მოაქვს. ამავე ბარელიეფის ორ ფილაზე ამოკვეთილია ქართული წარწერები, დ. ბაქრაძე ამ წარწერების შინაარსის მიხედვით წერდა: `ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ეკლესია აშენებულია ვინმე მეუფე პატრონის დავითის მიერ, ხოლო ოლქს სადაც აშენდა ეკლესია, განაგებდა ეპისკოპოსი გიორგი”. არ არის გამორიცხული, რომ ტახტზე მჯდომი პიროვნება, რომლის თავს ზემოთ გამოსახულია ეკლესიის მოდელი არის სწორედ `პატრონი დავითი”, ვისი ბრძანებითაც აიგო ეკლესია, ხოლო მის გვერდით დგანან გავლენიანი სასულიერო პირი ალბათ ეპისკოპოსი გიორგი და მთავარსარდალი ვისი ძალისხმევითაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა წარმართებში არა მხოლოდ დარწმუნებით არამედ ხმლითაც. ამრიგად, ტყობა-ერდის ტაძარი არის ქართველთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორც არქიტექტურულად ასევე თავისი აგების ისტორიითაც.
ტაძრის სახელწოდებასთან დაკავშირებით საინტერესოა გ. ღამბაშიძის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ტყობა-ერდის სახელს ასე განმარტავს: `ერდი ითარგმნება, როგორც ღმერთი, სული, წმინდა, ხოლო ტყობა დაკავშირებულია წმინდა თომას სახელთან, ანუ თომაწმინდა, რომელმაც შემდეგ პერიოდებში სახეცვლილება განიცადა, საქართველოში მრავლად არის სახელები გიორგიწმინდა, ელიაწმინდა, ნინოწმინდა და სხვ. გიორგი ღამბაშიძის განმარტებით ტყობა-ერდა უნდა ყოფილიყო ძველი თომა-ერდა, ანუ იგივე წმინდა თომას ეკლესია.” მართლაც საქართველოში მრავლად გვხვდება წმინდანის სახელზე აგებული ეკლესიები.
ტყობა-ერდის ეკლესიის კვლევასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ლიტერატურა არსებობს. 1781 წელს ტყობა-ერდი უნახავს რუსეთის არმიის კვარტირმაისტერს შტედერს, რომელიც თავის ნაშრომში იძლევა ძეგლის მოკლე, ზოგად აღწერილობას. საინტერესოა, რომ ავტორი იმეორებს ძეგლის ხალხურ პერიოდიზაციას, რომლის მიხედვით XIX საუკუნემდე აგებული თითქმის ყველა ნაგებობას თამარ მეფეს მიაწერს.
1811 წელს ტყობა-ერდი მოინახულა გერმანელმა გეოლოგმა მორიც ფონ ენგელჰარდტმა და თავისი დაკვირვებები შტედერის მასალებთან ერთად გამოსცა. ისიც იმეორებს ძეგლის ხალხურ დათარიღებას.
ტყობა-ერდის პირველ ვრცელ აღწერილობას  და მეცნიერულ ანალიზს იძლევა ვს. მილერი. მკვლევარის დაკვირვებით ძეგლს რამდენჯერმე განუცდია რეკონსტრუქცია. ძეგლის დათარიღებისათვის ის პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთის ფასადის ბარელიეფზე მოთავსებულ წარწერებს, რომელთა ასლებსაც წასაკითხად ქართული გრაფიკის შესანიშნავად მცოდნე დ. ბაქრაძეს უგზავნის. ამ უკანასკნელს იგივე წარწერები 15 წლით ადრე ჰქონდა უფრო სრულად გადაღებული. წარწერების მიხედვით დ. ბაქარაძე და ვს. მილერი ძეგლის პირვანდელ შრეს IX საუკუნით ათარიღებენ.
ტყობა-ერდის შესახებ ვრცლადაა ლაპარაკი ა. გენკოს ნაშრომში. სამწუხაროდ, მკვლევარი გაურკვევლობას ქმნის, ვინაიდან ერთი ფილა დასავლეთის ბარელეფიდან რატომღაც ანგელოზის გამოსახულებიანი ფილის ქვეშ გააქვს, რითაც ეჭვქვეშ აყენებს ვს. მილერისა და დ. ბაქრაძის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დადასტურებულ ფაქტს იმის შესახებ, რომ წარწერებიანი ორი ფილა ბარელიეფის ზედა ნაწილში იყო ჩასმული.
ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა ძეგლს ე. კრუპნოვმა, რომელიც იძლევა ტყობა-ერდის აღწერილობას. სამწუხაროდ კრუპნოვის ნაშრომში  ბევრი შეუსაბამობაა. მაგალითად სახურავთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ ეკლესია უნდა ყოფილიყო გადახურული ორქანობიანი ფიქალის ქვის სახურავით. სახურავი რომ ორქანობიანი იყო, ამას ნაგებობის ფრონტონებიც ამტკიცებენ, მაგრამ საეჭვოა მისი ფიქალით გადახურვა. ვს. მილერს ხაზგასმული აქვს ის გარემოება, რომ როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ ეყარა კრამიტის ნამტვრევები. ასევე გენკოს ნაშრომზე დაყრდნობით ის ეჭვქვეშ აყენებს ვს. მილერისა და დ. ბაქრაძისეულ დათარიღებას და ასკვნის, რომ ძეგლი XII საუკუნეშია აგებული. შემდეგ ნაშრომში ე. კრუპნოვი აღნიშნავს, რომ ტყობა-ერდი აგებულია არა უადრეს XII-XIII საუკუნეებისა.
ტუობა-ერდის მეცნიერულ კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1941 წელს მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწყობილმა ექსპედიციამ გ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით. იმავე წელს საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების X სესიაზე გ. ჩუბინაშვილმა წაიკითხა მოხსენება `К вопросу о культурных связях Грузии и Ингушетии~, რომელშიც მოცემულია ძეგლის ზუსტი მეცნიერული ანალიზი. მკვლევარის მიერ გამოთქმული მოსაზრებანი მოგვიანებით სავსებით დადასტურდა.
1969 წელს დაიწყო ძეგლის გაწმენდა დანალექი მიწისაგან. 1970-1972 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, აღდგა ჩამონგრეული კედლები და ნაგებობა გადაიხურა,  მაგრამ სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში სახურავი კვლავ ჩაიქცა.
სამწუხაროდ ძეგლის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ცნობილი.

 


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ტაძრის მშენებლობას ადგილობრივი ტრადიცია თამარ მეფეს მიაწერს, ასევე მეტად საინტერესოა ხალხური თქმულება, რომელშიც მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია. ამ ლეგენდის მიხედვით მუჰამედმა მოისურვა ჩეჩნეთ-ინგუშეთში ისლამის გავრცელება, აქ მცხოვრებმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაეწიათ და ამ მიზნით მოკლეს მუჰამედის ძმა. ამის შემდეგ მუჰამედმა დატოვა ეს ადგილი და წავიდა, მაგრამ წასვლისას აქ მიწაში ყურანი ჩაფლა, როდესაც ქრისტიანებმა გაიგეს სად იყო ჩაფლული ყურანი იმ ადგილას ეკლესია ააგეს, ეს იყო ტყობა-ერდის ეკლესია, ის ააგეს ქრისტიანმა ქართველებმა, მათ ქვებიც კი საქართველოდან ჩამოიტანეს, ამის შემდეგ აქ დასახლდა ქართველი მეფე.

 

7. arqiteqturuli aRwera

 

gengegma

ტყობა–ერდის ეკლესია ჩრდილო-დასავლეთითაა ორიენტირებული. ყამირის დონეზე შეიმჩნევა გეგმაში წაგრძელებული (39,5X25,7 მმ) ოთხკუთხა მოხაზულობის საძირკვლის კვალი. როგორც ჩანს, მთელი ტერიტორია გალავნის კედლებით იყო შემოზღუდული, რომლის სამხრეთი ნაწილი უკავია სამეკლესიან ბაზილიკას მინაშენებით (ეკვდერი, დამხმარე ნაგებობანი).
ა) ცენტრალური ეკლესია გეგმაში სწორკუთხედის (16,6X7,8 მმ) მოხაზულობისაა. აღმოსავლეთის კედლის გარეთა კუთხეები მთელ სიმაღლეზე კარგად გათლილი შირიმის სწორკუთხოვანი ფორმის კვადრებითაა აყვანილი. ამავე კედლის წყობაში ძირითადად ღია ფერის ქვიშაქვის კვადრატული და წაგრძელებული დიდი ზომის ქვებია გამოყენებული. სამხრეთის კედლის სიგრძის დაახლოებით 3 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც აღმოსავლეთის კედელს ესაზღვრება, სტრუქტურული თვალსაზრისით აღწერილის ანალოგიურის, დანარჩენ ნაწილში ჭარბობს შედარებით მცირე ზომის უწესრიგო ფორმის ქვიშაქვის ბლოკები. ფიქალი ნაკლებადაა გამოყენებული ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთის ნაწილი დაახლოებით 2 მეტრამდე აღმოსავლეთის კედლის იდენტურია, დანარჩენ ნაწილში ჭარბობს ფიქალი. დასავლეთის კედლის წყობაში ძირითადად ფიქალია ნახმარი. შირიმის გამოთლილი კვადრები კუთხეებში მცირე რაოდენობითაა გამოყენებული.

შირიმის ქვის სხვადასხვა ზომების ბლოკებზე ამოკვეთილი ადამიანებისა და ცხოველების მრავალრიცხოვანი რელიეფური სკულპტურები თუ სკულპტურული კომპოზიციები არათანაბრადაა განაწილებული ნაგებობის ოთხსავე კედელზე, როგორც საფასადე მხარეს, ისე ინტერიერში.
ცენტრალური ეკლესიის შიდა სივრცე, გრძივი კედლებიდან საკმაოდ გამოწეული ქვითკირის მძლავრი ბურჯების სამი რიგით, ოთხ ნაწილადაა გაყოფილი. ბურჯებზე შენობის კამარების საბჯენი შეისრული თაღებია გადაყვანილი.
კედლებში დიდი რაოდენობის ნიშებია მთელ სიმაღლეზე. მათგან ჩრდილოეთის კედელში მოწყობილი განსაკუთრებული ზომით გამოირჩევა. იგი სამალავად გამოიყენებოდა.

შედარებით ვიწრო, შეღრმავებული, გეგმაში ნალისებური მოხაზულობის აფსიდა დარბაზის იატაკს ორი საფეხურითაა დაცილებული. სატრიუმფო თაღი ნახევარწრიული ფორმისაა, ხოლო კონქი დამრეცი მრუდითაა წარმოდგენილი. დარბაზი ორქანობიანი სახურავით იყო გადახურული. სახურავ მასალად ვს. მილერის თანახმად კრამიტი იყო გამოყენებული.

დარბაზის მთავარი შესასვლელი დასავლეთის კედელშია გაკეთებული. იგი გლუვწირთხლიანია და ოდნავ წარზიდული თაღითაა დასრულებული. ერთი კარია დატოვებული სამხრეთის კედელში. კარის წირთხლებს გარეთკენ ნაოთხალები აჰყვება, წირთხლებში საურდულე ხვრელებია მოწყობილი. კარის თავი ლილვებითა და კანელურებით შემკული თაღის ქვითაა გადახურული. ჩრდილოეთის კედელში არსებული კარი ამოქოლილია.
სამხრეთის კედელში 5,6 მ სიმაღლეზე ოთხი სარკმელია, რომელთაც საფასადე მხარეს შეისრული თაღების ფორმა აქვთ. აღმოსავლეთის კედლის ცენტრში შეწყვილებული სარკმელია გაკეთებული. სარკმლის გამყოფი სვეტის კაპიტელზე მცენარეული დეკორი შეიმჩნევა. წირთხლებს თითო ცრუ სვეტი ასდევს, რომელთა კაპიტელები ლილვებს შორის მოქცეული ბურთულებითაა გაფორმებული. სარკმლის ღიობებს ნახევარწრეებით დანაწევრებული არქივოლტი აგვირგვინებს. არქივოლტსა და თავსართს შორის მოქცეულ სიბრტყეზე ამოკვეთილია ორი სიუჟეტისგან შემდგარი სკულპტურული კომპოზიცია. მარჯვენა გამოსახავს მამაკაცის ბრძოლას ლომთან, მარცხენაზე სამი ფიგურაა, რომელთაგან ერთ-ერთი, ალბათ ქტიტორი, ეკლესიის მოდელს მიართმევს ქრისტეს.
დასავლეთის ფასადის ცენტრალურ ნაწილში ორნამენტირებულ კრონშტეინებზე დაყრდნობილ დიდ თაღში მრავალფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციაა განლაგებული. არქივოლტის ქვედა მხარე ნალისებური, ზედა კი შეისრული ფორმისაა. კრონშტეინებთან ერთად კედლიდან გადმოცილებულია ლილვისა და თაროსგან შედგენილი არქივოლტი. ტიმპანის ქვების ნაწილი დაკარგულია. კომპოზიციის ცენტრში ჯვრის მოხაზულობის ქვის ბლოკზე ამოკვეთილია ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურა. მის თავს ზემოთ ძალზე გამოწეული მცენარეული ორნამენტით შემკული სარტყელია, რომელზედაც ენგელჰარდტის მიხედვით, გუმბათიანი ტაძრის მოდელი მდგარა. ქრისტეს მარცხნივ ფეხზე მდგომი ადამიანის გამოსახულებაა, რომელსაც მარჯვენა ხელი ხმლის ვადაზე უდევს, მარცხენაში კი ჯვარი უჭირავს. ქრისტეს მარჯვნივ კიდევ ერთი ადამიანის ფიგურა ყოფილა გამოსახული, რომლის ქვედა ნაწილია დარჩენილი. კომპოზიციის ზედა ნაწილში, იდაყვში ოდნავ მოხრილი ხელია, რომელსაც გონიო უკავია. აღწერილ კომპოზიციაში სხვადასხვა პერიოდში შემთხვევითაა მოხვედრილი ორნამენტირებული დეტალები. ადრე აქვე ყოფილა ჩასმული წარწერებიანი ორი ფილა. ამავე კედელზე, არქივოლტის თავზე და გვერდებზე, მისგან ოდნავ დაცილებით სამი ანგელოზის რელიეფური გამოსახულება ყოფილა მოთავსებული.
მთავარ დარბაზს ჩრდილოეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის დერეფანი მცირე ეკლესიით, რომლის ჩრდილოეთის კედელშია გაკეთებული სწორკუთხა მოხაზულობის გლუვწირთხლებიანი კარი. მცირე ეკლესიის შემაღლებული აფსიდა ნახევარწრიული მოხაზულობისაა. აფსიდის სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება და წირთხლებს ნაოთხალები აჰყვება.

grZivi Wrili eklesiis gegma

ბ) ცენტრალურ დარბაზს სამხრეთიდან ეკვრის სვეტებიანი დერეფანი და მეორე მცირე ეკლესია, რომლის ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდა მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის სიბრტყიდან 2,0 მეტრითაა გაწეული. მცირე ეკლესიის იატაკის ფიქალის ფენილის ქვეშ საძვლეა, რომლის ჩასასვლელი ჩახერგილია.
სამეკლესიანი ბაზილიკის დასავლეთის კედლისგან 2,2 მეტრის დაცილებით კედლის ნაშთია, რომელშიც გლუვწირთხლებიანი სამი შესასვლელი ყოფილა დატოვებული. მათგან ცენტრალურის საფასადე გვერდებზე შეწყვილებული ცრუ სვეტებია, რომელთა ქვედა ნაწილში ბურთულებია ამოკვეთილი, კაპიტელი კი ორი ლილვითა და თაროთია წარმოდგენილი. ვს. მილერის მიხედვით, როგორც აღნიშნული, ისე მისგან მოქცეული კარი თაღით ყოფილა დასრულებული.
გ) სამეკლესიან ბაზილიკას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვრის ძალზე დაზიანებული ეკვდერი (6X3,8 მმ). მისი აფსიდა გეგმაში ღრმად შეწეული, მკვეთრად გამოხატული ნალისებური მოხაზულობისაა. აფსიდის კედელში ორი დიდი ზომის ნიშია. თითო ნიშია ეკვდერის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში. დასავლეთის კედელში გლუვწირთხლიანი კარია გაკეთებული.
ტაძარი შეიცავს მშენებლობის აშკარად სხვადასხვა პერიოდების ნიშნებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ტყობა-ერდის არქიტექტურულ ძეგლს თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე არაერთგზისი ნგრევა, აღდგენა და გადაკეთება განუცდია. ამასვე მოწმობენ XIX საუკუნეში შესრულებული ჩანახატები. ძეგლის შემორჩენილი ნაწილები და ნანგრევებში აღმოჩენილი სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტები ძირითადად IX-XII და XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. კვლევამ დაგვანახა, რომ ამ ადგილას IX საუკუნემდეც ყოფილა ნაგებობა და რომ დღევანდელი ძეგლი აღმართული ყოფილა იმ ძველი ნაგებობის საძირკველზე.
ასე რომ შეიძლება გამოიყოს ტაძრის მშენებლობის შემდეგი ძირითადი პერიოდები:
მშენებლობის პირველ პერიოდს მივაკუთვნებთ ძეგლის არსებული საკურთხევლის იატაკის დონეზე აღმოჩენილ ადრინდელი ტაძრის საკურთხევლის საძირკველს. როგორც ჩანს, პირვანდელი ნაგებობა, IX საუკუნისათვის სავარაუდოდ უკვე ძლიერ დაზიანებული, მშენებლებს საძირკვლამდე დაუნგრევიათ და ძველი საძირკვლების ნაწილი ახალი შენობისათვის, კერძოდ, დარბაზის კედლებისათვის გამოუყენებიათ. მომდევნო დროის საკურთხეველი რამდენადმე გადაწეულია დასავლეთით, რის გამოც ადრინდელი საკურთხევლის საძირკვლები არსებული ძეგლის საკურთხევლის შიგნით მოექცა. მშენებლობის ამავე პერიოდს შეიძლება მივაკუთვნოთ კარნიზები, სამკუთხა ნიშებიანი ფილები და სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტი, რომლებიც მშენებლობის შემდგომ პერიოდში ნაგებობის სხვადასხვა ადგილებში და სხვადასხვა დანიშნულებით ყოფილან გამოყენებული.
ძეგლის მშენებლობის მეორე პერიოდი IX საუკუნით თარიღდება, რასაც ძეგლზე შემონახული წარწერაც ადასტურებს (წარწერა ინახებოდა გროზნოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, წაკითხულია დ. ბაქრაძის მიერ. სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობა უცნობია). ამ ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშნების – კედლების წყობის შესრულების მანერის, ორნამენტაციისა და სხვათა მიხედვით ამ პერიოდს შეიძლება მიეკუთვნოს ძეგლის შემდეგი ნაწილები:
1) მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადი – საკურთხეველი თავისი სფერული სახურავით და მცირე ეკლესიების გადარჩენილი ნაწილები.
2) აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული შეწყვილებული სარკმელი. ანალოგიურ სარკმლებს ვხედავთ ამავე ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის, წირქოლის ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე. საინტერესოა, რომ ორივე ძეგლზე სარკმლის მორთულობის, ორნამენტის ფონად გამოყენებულია წითელი ფერის საღებავი.
აღმოსავლეთის სარკმლის თავსართში მოთავსებული სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც შედგება ორი სიუჟეტისაგან – ორფიგურიანი გამოხატავს სავარაუდოდ სამსონის ბრძოლას ლომთან, ხოლო მარცხენა – სამფიგურიანზე, გამოხატულია ქტიტორი, რომელიც ქრისტეს გუმბათოვანი ტაძრის მოდელს მიართმევს.
3) კარნიზის ქვები – სწორკუთხა ფილები, რომლებზეც ნალისებური თაღებია გამოკვეთილი. ეს ქვები სხვადასხვა ადგილას არის აღმოჩენილი: ზოგი კედლების წყობაში ჩატანებული, ზოგიც ძეგლეს ტერიტირიაზე, ნანგრევებსა და მიწაში ჩაფლული.
4) ანგელოზის გამოსახულებიანი კუთხის კარნიზის ქვა, რომელიც ალბათ დასავლეთის მინაშენს ეკუთვნოდა.
5) რელიეფებიანი ქვები ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებით და მცენარეული ორნამენტით, რომლებიც აგრეთვე მინაშენის კარნიზს უნდა ეკუთვნოდნენ.
6) ლილვებითა და კანელურებით შემკული თაღის ქვები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამხრეთის შესასვლელს მიეკუთვნებოდნენ. შემდგომი პერიოდების რეკონსტრუქციის დროს ზოგი მათგანი სამხრეთის კარის გადასახურავად გამოუყენებიათ, ერთი კი დასავლეთის ფასადზე კარნიზშია ჩატანებული.
7) ორნამენტირებული თაღის ქვები, რომელთა ქვედა სიბრტყეებზე ამოკვეთილია წარწერები. რეკონსტრუქციის დროს ეს ქვები სხვადასხვა ადგილას გამოუყენებიათ. ერთი დასავლეთის ფასადის სკულპტურულ კომპოზიციაში ქვედა ფიგურის მარცხნივ მოუთავსებიათ, მეორე კი სამხრეთის ფასადის მარცხენა სარკმელში ჩაუდგამთ. დანარჩენი ნანგრევებშია ნაპოვნი. საფიქრებელია, რომ ამ ქვებით სამხრეთის კარი უნდა ყოფილიყო გაფორმებული.
8) ორნამენტირებული ქვები, რომლებიც თავდაპირველად, ალბათ, ცენტრალური ეკლესიის გადამხურავი თაღის საბჯენი კამარების კრონშტეინებს წარმოადგენდნენ. ამჟამად ხუთი მათგანი ცენტრალური ეკლესიის გვიანდელი პილასტრების ზედა ნაწილებში არის მოთავსებული, ხოლო დანარჩენი სამი ჩატანებულია ჩრდილოეთის კედელში.
9) სამხრეთის ფასადზე არსებული კარნიზების ქვეშ ჩადგმული ორი რელიეფი, რომლებიც ფიგურების განლაგებისა და კომპოზიციის საერთო გადაწყვეტის ორიგინალური მანერით ხასიათდებიან.
10) დასავლეთის ფასადის კრონშტეინებზე დაყრდნობით დიდ თაღში მოთავსებული მრავალფიგურიანი სკულპტურული კომპოზიცია. ეს კომპოზიცია IX საუკუნეს უნდა მივაკუთვნოთ, მაგრამ დღემდე მას მოუღწევია, როგორც ჩანს, არათავდაპირველი სახით, რადგან ზოგ ადგილებში შემთხგვევითი ელემენტები, მაგალითად, ორნამენტირებული ქვები და კარნიზის ნაწილები გვხვდება. ქრისტეს ფიგურიეს ზემოთ, სრულიად უადგილოთ, წინგამოწეული, წახნაგოვანი, X-XII საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ორნამენტით დამუშავებული ქვაა მოთავსებული. სავარაუდოდ დაზიანებული კომპოზიცია X-XII საუკუნეებში აღუდგენიათ და გარკვეული ცვლილებები შეუტანიათ.
აღასანიშნავია რომ არც ზემოჩამოთვლილი მასალები და არც არქივში დაცული მასალები ტყობა-ერდის შესახებ არ არის საკმარისი ძეგლის იმ სახით წარმოსადგენად, როგორიც იყო იგი აღნიშნულ ეპოქაში. მრავალჯერ გადაკეთების შედეგად ძეგლმა ძლიერ იცვალა სახე და ბევრი, თავდაპირველი ტაძრისათვის დამახასიათებელი, ნიშანთვისება საბოლოოდ დაკარგა.
მესამე პერიოდი. X-XII საუკუნეებში ტყობა-ერდის ტაძარზე დიდი სარესტავრაციო სამუშაოები უწარმოებიათ, რასაც ძეგლზე შემონახული წარწერაც ადასტურებს, ძეგლზე საკმაო რაოდენობით შემორჩენილია ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ელემენტები. მაგალითად, ტაძრის ოთხივე ფასადის კარნიზის ქვები ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტაციით. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ფასადის კარნიზის დამუშავებაში გამოყენებულია ორნამენტის განსხვავებული მოტივები. X_XII საუკუნეებში აღდგენილი ტაძრის არქიტექტურული სახის სრულყოფილად წარმოდგენა დღეს შეუძლებელია, რადგან შემდგომი პერიოდის რეკონსტრუქციამ სრულიად შეცვალა ძეგლის იმდროინდელი სახე. შემორჩენილი ელემენტები საფუძველს იძლევიან დასკვნისათვის, რომ X-XII საუკუნეების ძეგლის რეკონსტრუქცია ამ ეპოქის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი პრინციპებით სრულდებოდა.
მეოთხე პერიოდი მიეკუთვნება XV-XVI საუკუნეებს. ამ დროისათვის ძეგლს ჩამონგრეული ჰქონია ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილები. მშენებლებს დაზიანებული ტაძრის მხოლოდ მთავარი ეკლესიის აღდგენა განიზრახავთ, რისთვისაც მთავარი ეკლესიის სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები ხელახლა ამოუყვანიათ მშრალი წყობით და მთავარი დარბაზი ძლიერ გამოწეული პილასტრებით ოთხ ნაწილად დაუყვიათ. ამ დროის მშენებლებიც ძეგლის ტერიტორიაზე შემონახულ უძველეს დეტალებს, სურვილის მიხედვით იყენებდნენ. მშენებლებს რეკონსტრუქციის დროს შეჰქონდათ ნაგებობაში ინგუშეთის ნაციონალური ხუროთმოძღვრების ელემენტები. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მთავარი ეკლესიის ინტერიერში და სამხრეთის ფასადზე.

ტყობა-ერდი მეტად თავისებური და რთული ნაგებობაა, რადგან, როგორც აღინიშნა, ამ ძეგლმა განვლო გადაკეთებათა რამდენიმე ეტაპი. ამ გადაკეთებებს არსებითი ცვლილებები შეჰქონდათ ძეგლის საერთო კომპოზიციაში და რადიკალურად ცვლიდნენ ძეგლის ადრინდელ სახეს. არავითარი ანგარიში არ ეწეოდა ძეგლის მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას. გადაკეთება ხდებოდა იმ დროის პრაქტიკულ მოთხოვნილებათა შესაბამისად, თანამედროვე საზოგადოების გემოვნებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ინფორმაცია არ მოგვეპოვება;

9. gamoyenebuli masalebi

1. ანზორ ქალდანი – „ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში“; ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ #79; 1988წ.
2. ლევან ხიმშიაშვილი, მ. ანთაძე – „ტყობა–ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები“; ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ #26; 1971წ.

 

10. marSruti

დადგინდება

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge


სტატია ამ ძეგლის შესახებ:

tyoba-erdis eklesia (saqarTvelos da CrdiloeT kavkasieli xalxis urTierToba tyoba-erdis eklesiis magaliTze)

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016