Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

eruSeTi
(savaraudod V s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

ეკლესია მდებარეობს თურქეთში, არტაანის პროვინციაში, ჰანაკი (Hanak) რაიონში, ისტორიულ ერუშეთში, სოფელ ერუშეთი (ოყუზოლუ) (Oğuzyolu) ახლოს, მდინარე ქანიჩაის, მტკვრის მარჯვენა შენაკადის ბასეინში.

4. ruka

 

5. istoriuli mimoxilva

ერუშეთი ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, სადაც ქრისტეს სამსჭვალი ინახებოდა და ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრი და საეპისკოპოსო კათედრა იყო. ერუშეთში საეპისკოპოსო კათედრის არსებობის შესახებ ძველი მატიანეები გვამცნობენ (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, მოგვინებით – ვახუშტი ბატონიშვილი). ირკვევა ასევე, რომ ერუშნელი ეპისკოპოსი იყო მოძღვარი მტკვრის მარცხენა სანაპიროსი, მთელი ერუშეთისა და არტაანისა კოლას საზღვრამდე. გაერთიანებული საქართველოს ეპოქაში ერუშნელ ეპისკოპოსს მე-15 ადგილი ეკავა წყაროსთაველი ეპისკოპოსის შემდეგ. ერუშეთში ქრისტიანობის კერის გაჩენა, მცხეთასა და მანგლისთან ერთად, პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის სახელს უკავშირდება (IV ს-ის I ნახევარი). მეფის დესპანები – ეპისკოპოსი იოანე და „წარჩინებული ერთი“ – როდესაც ბერძენ ხუროებთან ერთად ბრუნდებოდნენ რომის იმპერატორ კონსტანტინესაგან, თან მოჰქონდათ დიდძალი განძი და წმინდა რელიკვიები, რომლებიც მირიან მეფეს კონსტანტინემ უბოძა ახლად მოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიების ასაშენებლად და სარწმუნოების განსამტკიცებლად. სწორედ მათ მოიტანეს ქრისტეს „სამსჭვალნი ხელთანი“... მირიან მეფე შეწუხებულა, ესოდენ დიდი განძი რომ მცხეთას არ ჩაიტანეს, თუმცა მაშინ წმინდა ნინოს მეფე დაუმშვიდებია: „ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადაცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა“. ქრისტეს სამსჭვალები მოგვიანებით ბიზანტიის კეისარმა ერაკლემ (610-641წწ) ადარნასეს ქართლის ერისმთავრობის დროს უკან წააბრძანა: „მაშინ ერაკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კონსტანტინესგან მირიანისდა“.
ლეონტი მროველი მოგვითხრობს ერუშეთის ეკლესიის შემდგომ შემკობას მირდატ მეფის მიერ, რომელიც იყო ქართლის მეფე IV ს-ის 60-70 წწ-ში: „მირდატ... მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა“. ერუშეთში ეპისკოპოსის დასმის შესახებ გვამცნობს ჯუანშერი: ‘მეფემან ვახტანგ (გორგასალმა) დასვა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტაანს ერუშეთს, ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს’. გიორგი მერჩულეც მოიხსენიებს ერუშნელ ეპისკოპოსს, რომელიც მონაწილეობდა IX ს-ის შუა ხანებში გამართულ ჯავახეთის საეკლესიო კრების მუშაობაში.
ვახუშტის ცნობით, ერუშეთში გუმბათიანი ეკლესია მდგარა, მაგრამ XVIII საუკუნეში ის უკვე მიტოვებული ყოფილა. „აწცა არს ეკლესია დაურღვეველი, არამედ ცალიერი“. ექ. თაყაიშვილმა, რომელმაც 1902 წლის ექსპედიციის დროს მოინახულა ერუშეთი, ტაძრის გეგმა და აღწერილობა 1909 წელს გამოაქვეყნა. სამწუხაროდ უკვე 1902 წელს შენობა ისეთი დანგრეული იყო, რომ არქიტექტორმა ვერ მოახერხა მისი დაზუსტებული აზომვა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

afsidi

დღეს მიწის ზემოთ მხოლოდ ძლიერ შემოძარცვული დიდი საკურთხევლის აფსიდი დგას. დანარჩენი ნაწილები სავარაუდოდ მიწაში უნდა იყოს დარჩენილი, გეგმის დონეზე მაინც. მართალია თაყაიშვილი ერუშეთის ეკლესიას გუმბათიანად თვლიდა და მას აწყურსაც ადარებდა, მაგრამ სხვა მკვლევარების ვარაუდიდ გეგმის შედარება სხვა ქართულ გუმბათიან ტაძრებთან აშკარა სხვაობას იძლევა. სხვაობაა ამ ტაძრის გეგმასა და სხვა ქართულ ბაზილიკური ტაძრის გეგმებს შორის, ხოლო სვეტებს შორის დიდი ინტერვალები, შვერილი აფსიდი პასტოფორიების გარეშე და ზოგადად ტაძრის ზომები, გვაფიქრებინებს, რომ ეს გეგმა სავსებით შესაძლებელია კონსტანტინე დიდის მიერ წარმოგზავნილი არქიტექტორების მიერ აგებული საქართველოს პირველი ეკლესიის გეგმასაც წარმოადგენდეს. ამ მოსაზრებას ამყარებს ვიზუალური მასალა, როდესაც ერუშეთის გეგმას სხვა კონსტანტინისეულ და ადრებაზილიკურ ტაძრებს შევადარებთ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს იყო სამნავიანი ბაზილიკა ხის გადახურვით. ამ მოსაზრების დადასტურება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გახდება შესაძლებელი, რამაც შესაძლებელია საქართველოს პირველ ტაძრამდე და ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშამდეც კი მიგვიყვანოს.
ტაძარი ბაზილიკური სტრუქტურის ყოფილა. მას სამი მოგრძო ნავი ჰქონია, მინაშენით დასავლეთით. სამივე ნავი შვერილი აფსიდებით ბოლოვდებოდა. კედლები კარგად თლილი ქვის კვადრებით იყო ნაგები. ექ. თაყაიშვილის ცნობით, ეკლესია მოხატული იქნებოდა, რადგან მხატვრობის კვალი მან დასავლეთი კედლის სარკმლის წირთხლში დააფიქსირა. შესასვლელები ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით ჰქონდა, დიდი თაღოვანი სარკმლები კი – აღმოსავლეთით, საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში. აღმოსავლეთ სარკმელს შერჩენილი ჰქონდა გადანაკეცებიანი თავსართი, ზედა სართულის გასანათებლად მის თავზე მრგვალი სარკმელიც იყო.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ერუშეთის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1 .პ. ზაქარაია  – "Зодчество Тао-Кларджети", 1990წ.
2. გამოყენებული ბმული –
http://www.virtualtao-klarjeti.com

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.virtualtao-klarjeti.com

 

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016