arqiteqturuli leqsikoni
ხაზინა – საგანძური, სალარო, საუნჯე, საჭურჭლე; განძეულის შესანახი საგანგებო სათავსი.
ხანაგა (სპარს) – 1. ძვ. ობოლტა ქვრივთა თავშესაფარი სახლი. 2. დერვიშების სახლი სპასეთში.
ხანდაკი – გზის ვაკისიდან ზედაპირული წყლის გადასაყვანად მოწყობილი არხი რკინიგზისა და შარაგზის გაყოლებით.
ხანება _ საკულტო და სამოქალაქო ნაგებობათა ჯგუფი აზერბაიჯანში.
ხანძრის საწინააღმდეგო კედელი – ბრანდმაუერი, ცეცხლამრიდი კედელი; ცეცხლგამძლე კედელი, რომელიც გამოყოფს სათავსების გარკვეულ ჯგუფს და გამიზნულია ხანძრის გავრცელების დასაბრკოლებლად.
ხარაჩოები – ფალანგი; ხის ან ანაკრები ლითონის დროებითი სუბსტრუქცია, რომელიც შედგება ვერტიკალური დგარებისა და ფიცარფენილისაგან და რომელიც დიდ სიმაღლეზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა.
ხარგა – ნაბდით დახურული კარავი.
ხარისხედი – მექონოთი; შეკიბული ნაგებობა, ბაქანი.
ხარისხი – 1. ზეძირკველი, ცოკოლი; საძირკველსა და კედელს შორის მოქცეული შეკიბული მიწისზედა ნაწილი. 2. სტილობატი; შენობის საყრდენი შეკიბული ბაქანი. 3. მენაკი, მენიაკი; მღვდელმთავრის, ეპისკოპოზის შემაღლებული საჯდომი ეკლესიაში.
ხარიხა – 1. გარანგი; გადასავარდნ ადგილზე, აივანზე, სახურავზე და მისთ. გადებული ძელი – მოაჯირი. 2. აყარი, კადონი, ჭოგრი, ქანდარა; განივად გადებული ძელი.
ხარო – ძვ. ქვითკირით ამოყვანილი ორმო, სადაც ხორბალი ინახებოდა.
ხატორიული კაპიტელი – ეგვიპტური ქალღმერთის – ხატორის თავის გამოსახულებით შემკული კაპიტელი.
ხელოვნება – საზოგადოებრივი შემეცნების ერთ-ერთი ფორმა. მისი სპეციფიკური თავისებურებაა სინამდვილის მხატვრულ სახეებში ასახვა.
ხელოვნების სინთეზი – არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სახის ნაწარმოებთა ორგანული ურთიერთკავშირი, დაფუძნებული სტილისტური მონაცემების ერთიანობაზე, მასშტაბებისა და პროპორციების თანწყობაზე, მთავარი მიზნის – წამყვანი იდეის გამოვლინებაზე.
ხიდი – მდინარის, ხევის, არხის და მისთ. ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასაყვანი ერთ ან მრავალმალიანი ნაგებობა.
ხიდის ბურჯი – კუთხი; ხიდის საყრდენი კონსტრუქცია.
ხიმინჯი – მიწაში ჩასობილი ბოძი, რომელიც შენობის დატვირთვებს გრუნტს გადასცემს.
ხმის საიზოლაციო შრე – კედლის ან სართულშუა გადახურვის სიზრქეში საგანგებო მასალის შრე, რომელიც აბრკოლებს ხმის გასვლას ერთი სათავსიდან მეორეში.
ხოკერული თაღი – კოლოფა თაღი; სამი (სამცენტრიანი თაღი) ან ხუთი ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორმის თაღი.
ხუროთმოძღვარი – არქიტექტორი; სპეციალისტი ხუროთმოძღვრების (არქიტექტურის) დარგში.
ხუროთმოძღვრება – 1. არქიტექტურა; შენობის, ნაგებობის და მათი კომპლექსების მშენებლობის ხელოვნება, რომელიც გამიზნულია საზოგადოების საყოფაცხოვრებო და იდეურ-მხატვრული მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე დამოკიდებულია საზოგადოების საწარმოო ძალებისა და ურთიერთობის განვითარებაზე. არქიტექტრურის ნაწარმოებში მთავარი ამოცანა – პრაქტიკული და უტილიტარული მოთხოვნის დაკმაყოფილება მჭიდრო კავშირშია მხატვრულ შემოქმედებასთან. 2. არქიტექტურა; არქიტექტურული კომპოზიციის ხასიათი, ნაგებობის მხატვრული სახე.
|