arqiteqturuli leqsikoni

ეგვტერი (ბერძ.) – იგივეა რაც ეკვდერი.

ედიკულა (ლათ.) – ფრონტონით დაგვირგვინებული და სვეტებით ან პილასტრებით შემოსაზღვრული ნიში.

ევსტილი (ლათ) – ანტიკური ტაძარი, რომლის სვეტშორისი სვეტის 2,5 დიამეტრს შეადგენს.

ეკვდერი (ბერძ.) – 1. ეგვტერი, საჟამნო, სამლოცველო; ეკლესიის სიახლოვეს აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა სალოცავად. “მცირე სამწირვალო” (საბა). 2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო აკლდამა.

ეკლესია (ბერძ.) – 1. საყდარი, ტაძარი; საკულტო ნაგებობა, სადაც წარმოებს ღვთისმასხურება და რელიგიური წესჩვეულებათა შესრულება. 2. `თავდაპირველად ამ ტერმინს ძველ ქართულში სარწმუნოებრივი მნიშვნელობა არ ჰქონია. მაგალითად, ყრილობა როდესაც იმართებოდა ხოლმე, იმ ადგილს ეკლესია ეწოდებოდა და თავდაპირველად საერთოდ ეკლესია შესაკრებელი სახლის სახელიც იყო~ (ივ. ჯავახიშვილი); `შესაკრებელი~ (საბა).

ეკლეკტიზმი არქიტექტურაში – ძირითადად მემკვიდრეობიდან ნასესხები მხატვრული ელემენტების და არქიტექტურული მოტივების მექანიკური, არაშემოქმედებითი, აღრევით გამოყენება შენობის იდეურ-სახვითი და კონსტრუქციული საფუძვლის ნაწილობრივ ან მთლიანად უგულეველყოფით (დამახასიათებელია XIX საუკუნის მეორე ნახევრისათვის).

ელევენი – თაღოვანი სარკმელი; “სარკმელი კამაროსანი მაღალი ტაძართა შინა, გინა სახლთა” (საბა).

ელიფსური თაღი – ელიფსის მოხაზულობის თაღი.

ემპორები (გერმ.) – საქცეველი, პატრონიკე; ტაძრის შესასვლელის ან გვერდითი ნავების თავზე მოწყობილი ღია გალერეა.

ენკაუსტიკა (ბერძ.) – ცვილის საღებავით ფერწერის ტექნიკა.

ენტაზისი (ბერძ.) – სვეტის ტანის გამოზნექილობა კლასიკური კოლონის დაახლოებით 1/3-ის ზევით, რაც სვეტის ტანის შეზნექილობის შთაბეჭდილებას აქარწყლებს.

ეპიტაფია (ბერძ.) – წარწერა საფლავის ქვაზე.

ერდო – 1. დოლაბი, სახურავში, შუაცეცხლის თავზე, ამოჭრილი ადგილი, რომელსაც სარკმლისა და საკვამურის დანიშნულება აქვს. 2. რაჭაში – ჭერში ამოჭრილი ღიობი, სართულიდან სართულზე გასასვლელად. ხევში – ასეთივე ოთხკუთხა ღიობი, საიდანაც კიბის მეშვეობით საქონლისთვის განკუთვნილ ქვედა სართულში ჩადიან. 3. ბანი, საჩეხი; ბრტყელი სახურავი.

ერდოიანი სახლი – ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომელიც ერდოიანი სახურავით არის დახურული.

ერკერი (გერმ.) – შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოტანილი სხვადასხვა მოხაზულობის (ნახევარწრიული, სამკუთხა, წახნაგოვანი) შემინული მოცულობა, რომელიც ზრდის ძირითადი სადგომის ფართობს.

ესკიზი (ფრან.) – მომავალი ნაწარმოების – არქიტექტურული პროექტის, ქანდაკებისა და ა.შ. გრაფიკული, ფერწერული ან სკულპტურული ჩანახატი.

ესპლანადე (ფრან.) – ქუჩა, მის ღერძზე მოქცეული ხეივნით. 2. მოედანი დიდი ნაგებობის წინ.

ესტამპი (ფრან.) – ტვიფარი, ანაბეჭდი გრავიურიდან.

ექეონი (ბერძ.) – ანტიკური ნაგებობის კედელში ჩაფლული აკუსტიკური ჭურჭელი.

ექინი (ბერძ.) – დორიული კოლონის კაპიტელის, გეგმაში წრიული მოხაზულობის, მრუდხაზოვანი (ჩვეულებრივ ნაოთხალი ლილვის) პროფილის მქონე ნაწილი.

ექსედრა (ბერძ.) – 1. ნახევარწრიული მოხაზულობის ნიში კედელში ან ასეთივე ფორმის დასვენებისა და საუბრებისათვის განკუთვნილი ღია ანტიკური შენობა. 2. ანტიკური საცხოვრებელი სახლის პერისტილისაკენ გახსნილი პარადული სადგომი.

ექსპლიკაცია (ლათ.) – ნახაზზე დართული ტექსტი, რომელიც განმარტავს პირობით აღნიშვნებს.

 

 

 

 

 

 

 


megobari saitebi

   

23.09.2014