arqiteqturuli leqsikoni
ლაბირინთი (ბერძ.) – ლავრინთო; ქუჩების, ხეივნების, კორიდორების და სხვა რთული, დახლართული განლაგება.
ლავგარდანი – კარნიზი; კედლის ან მისი ნაწილის დამაგვირგვინებელი, ჩვეულებრივ, პროფილირებული ელემენტი.
ლავრა (ბერძ.) – ზოგიერთი მამათა მონასტრის სახელწოდება.
ლაკონიუმი (ლათ.) – ოფლის სადენი სადგომი რომის თერმებში.
ლამასუ – მითიური არსების – ადამიანის თავის მქონე ფრთოსანი ხარის ან ლომის სკულპტურული გამოსახულება ასირიულ ხელოვნებაში.
ლამფა – ჭერის თხელი ფიცარი.
ლამპარი – სანათი არმატურა.
ლამპიონი (ფრან.) – ფერადმინიანი სანათი.
ლანდშაფტი - (გერმ.) – ადგილმდებარეობის საერთო ხედი.
ლანდშაფტური პარკი – პეიზაჟური პარკი; არარეგულარული დაგეგმარების მქონე პარკი, რომელიც მეტად წააგავს ბუნებრივ ადგილს და ხშირად მოიცავს ტყეს პატარა მინდვრებით, ხევებს და ა.შ.
ლანძვი – 1. ძვ. ვიწრო და მაღალი სარკმელი; 2. კერა, ყვერბი, საცეცხლური; შუაცეცხლის ადგილი სახლში; 3. გისოსი, კანკელი, ცხაური; ლითონის ან ხის ზოლებით შექმნილი ბადე.
ლართხი – წოლანა; მიწაზე გადებული ხის ძელი, რომელზედაც ლაგდება იატაკის ფიცარფენილი.
ლარი – 1. კუთხ. ფაცხა, ჩოდოლი, ლაჭყორი; წნულის ქოხი იმერეთში; 2. კუთხ. გრძელი და განიერი სკამი, რომელიც საწოლადაც გამოიყენება.
ლარტყა – 1. ლატანი; ოთხკუთხა კვეთის ბრტყელი ძელი. 2. გეოდეზისტების იარაღი – გრძელი და ბრტყელი ძელი დედამიწის ზედაპირის ორი წერტილის შედარებითი სიმაღლის დასადგენად.
ლენტური ორნამენტი – ჩუქურთმის ზოლი, რომელიც განმეორებადი ელემენტებისაგან შედგება.
ლენტური ჩუქურთმა – იგივეა, რაც ლენტური ორნამენტი.
ლენტური საძირკველი – უწყვეტი საძირკველი; კაპიტალური კედლის ქვეშ უწყვეტად ამოყვანილი საძირკველი.
ლილვი – მრუდხაზიანი არქიტექტურული პროფილი, რომელიც განივკვეთში ნახევარწრეს წარმოადგენს.
ლინკრუსტი (ლათ.) – კედლის შესამოსი რელიეფურ-ნახატიანი მუყაო.
ლოგეიონი (ბერძ.) – ანტიკური სცენის წინ გამოწეული ნაწილის – პროსცენიუმის გადახურვა.
ლოჟა (ფრან.) – ტიხრებით ან მოაჯირით გამოყოფილი განცალკევებული ადგილი მაყურებელთა დარბაზში, სადაც რამოდენიმე სავარძელი დგას.
ლორფინი – ლოფინი; ქვის ფილა. `ქვის ფიცარი~ (საბა).
ლოჯია (იტ.) – სამ ან ორ მხრიდან კედლებით შემოზღუდული შენობის ღია ნაწილი – აივანი.
ლუკარნა (ფრან.) – სხვენის გასანათებელი, დეკორატიულად დამუშავებული სარკმელი.
ლუნეტი (ფრან.) – 1. კამარის ან გუმბათის წყობაში დატოვებული სასინათლო ღიობი. 2. აფრებზე ან სხვა ნაწილებზე მოთავსებული ნაძერწი ან ფერწერული სამკაული.
ლუსკუმა – 1. სარკოფაგი; კუბოს ან ლარნაკის ფორმის აკლდამა ან საფლავის ქვა. 2. მოხატვით ან რელიეფით შემკული მონუმენტური კუბო. 3. მაღლად ნაგები საფლავი.
|