arqiteqturuli leqsikoni

კალა – ფეოდალური აღმოსავლური ქალაქის ციხე-სიმაგრე.

კალდარიუმი (ლათ.) – ცხელაბაზანებიანი სადგომი რომის თერმებში.

კამარა – მრუდხაზოვანი, შეზნექილი ზედაპირის მქონე სივრცითი კონსტრუქცია (გადახურვა).

კამარედი – კამარების რიგი.

კამაროვანი გადახურვა – იხ. კამარა.

კამაროვანი სახურავი – კამარის ფორმის სახურავი.

კამარის უბე – კამარით წარმოქმნილი სივრცე.

კანალიზაცია (ლათ.) – სანიტარულ-ტექნიკურ ნაგებობათა სისტემა, რომელიც იღებს, ამუშავებს და აძევებს ჩამდინარე წყლებს.

კანდელაბრი (ფრან.) – კანდელი, საკანდლე; ტოტებიანი შანდალი, რომელშიაც რამდენიმე სანთელია დამაგრებული.

კანელიურა (ფრან.) – 1. კედელღარი; სვეტის ან პილასტრის ტანზე ამოკვეთილი ვერტიკალური ღარები. 2. ჰორიზონტალური ღარები იონური ბაზისის ლილვზე.

კანეფორა (ლათ.) – კარიატიდა კალათით ან ვაზით თავზე.

კანკელი – 1. იკონოსტასი; ზღუდე, რომელიც საკურთხეველს გამოყობს ეკლესიის დანარჩენი ნაწილისგან. 2. გისოსი, ლანძვი, ცხაური; ლითონის, ხის ან სხვა სახის ბადე.

კაპელა (ლათ.) – კათოლიკური საჟამნო, ეკვდერი.

კაპიტალური კედელი – კედელი, რომელიც აღიქვამს და საძირკვლებს გადასცემს კონსტრუქციულ დატვირთვებს.

კაპიტელი (ლათ.) – სვეტისთავი; სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილი.

კარვისებური გუმბათი – მაღალი პირამიდის მქონე ფორმის გუმბათი.

კარიატიდა (ბერძ.) – ქალის ქანდაკება, რომელიც ასრულებს საყრდენი სვეტის როლს.

კარიბჭე – ციხის, ქალაქის, სასახლის და მისთ. გალავანში (საზეიმო) შესასვლელი. 2. პორტიკი, სტოვა; შენობის შესასვლელთან მიშენებული დერეფნისმაგვარი სადგომი.

კარკასი (იტალ.) – ნაგებობის კონსტრუქციული ჩონჩხი – დგარების განბრჯენებისა და ირიბანების სისტემა.

კარკასული კედელი – კედლის მზიდ ელემენტს კარკასი წარმოადგენს, დანარჩენი ნაწილი ასრულებს ტიხარის ფუნქციასა და არ აღიქვამს კონსტრუქციულ დატვირთვას.

კარნიზი (ბერძ.) – ლავგარდანი; ანტაბლემენტის, კედლის ან მისი ნაწილის დამაგვირგვინებელი პროფილირებული ელემენტი.
კარსაკრავი – საპირე; კარ-ფანჯრების პროფილირებული მოჩარჩოება, რომელიც ფარავს კარის ჩარჩოსა და ღიობის პირაპირს.

კარტუში (ფრან.) – კედლის სკულპტურული სამკაული, რომელიც ასახავს ნახევრად გაშლილ გრაგნილს, მის შიგა ზედაპირზე მოთავსებული გერბით, ემბლემებით, წარწერებითა და ა.შ.

კასკადი (ფრან.) – ხელოვნური შეკიბული ჩანჩქერი ან ჩანჩქერების სისტემა.

კასროვანი კამარა – კამარის ფორმა მიიღება მრუდხაზოვანი წარმომქნელის მოძრაობით ასეთევე წარმმართველის გასწვრივ. ასეთ კამარას ზოგჯერ ორმაგი სიმრუდის კამარას უწოდებენ.

კატაკომბები (ლათ.) – 1. მუმიების მიწისქვეშა საკრძალავი ძველ ეგვიპტეში. 2. მიწისქვეშა გალერეების სისტემა, რომელიც ქრისტიანების დევნის პერიოდში წარმოადგენდა რელიგიურ წესჩვეულებათა შესრულებისა და მიცვალებულთა დაკრძალვის ადგილს. ცნობილთა შორის ყველაზე ვრცელია რომის კატაკომბები, რომელთა საერთო სიგრძე 900 კმ-ს აღწევს.

კაშხალი – ქვის, ბეტონის, მიწის ნაგებობა, რომელიც ეღობება წყლის დინებას, ამაღლებს მდინარის დონეს და ჰქმნის წყალსაცავს.

კბილანა – დენტიკული, ქონგური; კარნიზის სამკაულის ელემენტი, რომელსაც პრიზმის ფორმა აქვს.

კბილანა თაღი – თაღის შიგა წარმმართველი შედგება ნახევარწრიული რკალებისაგან, რომლებიც გადაკვეთისას კბილანებს წარმოქმნიან.

კედელღარი – კანელიურა; ვერტიკალური ამონაღარი სვეტის თავზე.

კედლის ბურჯი – გვერდსამაგრი, გოდლედი, კონტრფორსი; კედლის დახრილი ან შვეული შვერილი მასიური პილასტრის სახით, რომელიც ზრდის კედლის მდგრადობას.

კედლის სვეტი – აყრდნობილი სვეტი, პილასტრი, ვერტიკალური გამონაშვერი კედლის სიბრტყიდან, რომელიც წარმოადგენს კედლის კონსტრუქციულ შესქელებას ან დეკორაციულ ელემენტს და ხშირად იმეორებს რომელიმე ორდერის სვეტის მწყობრს.

კედლის წყობა – კედლის შემადგენელი ელემენტების (აგურის, ბლოკის და მისთ.) ურთიერთკავშირის ხასიათი (ჯვარული წყობა, ჯაჭვური წყობა და ა.შ.).

კელაპტარი - `სასანთლე, ხოლო აწ დიდს სანთელსა უხმობენ ტყუ(ვ)ილად~, (საბა).

კენტავრი (ბერძ.) – მითიური არსების – ნახევრად ცხენისა და ნახევრად ადამიანის გამოსახულება.

კერა – 1. მიწის იატაკის ის ადგილი, სადაც ცეცხლს ანთებენ. 2. საცეცხლური; ღუმლის, ბუხრის ის ნაწილი, სადაც ცეცხლს ანთებენ

კესონი (ფრან.) – 1. გადახურვის კოჭებით ან წიბოებით შექმნილი ბადის ელემენტი – კვადრატის ან სხვა გეომეტრიული ფორმისა. 2. ლითონის ან რკინა-ბეტონის გადმოპირქვავებული ყუთი, რომელსაც იყენებენ დიდ სიღრმეზე ნაგებობის (ხიდის, კაშხალის და მისთ.) წყალქვეშა ფუძის მოწყობისას წყლისგან თავისუფალი მოცულობის შესაქმნელად.

კესონური ჭერი – ჭერის სიბრტყიდან გამოწეული კოჭების ან დეკორაციული ზოლურების გადაკვეთით შექმნილი ჭერი.
კეხი – სახურავის კალთების გადაკვეთის ზედა თარაზული ხაზი.

კვადრატული მეტრი – ფართობის საზომი ერთეული, რომელიც უდრის ერთი მეტრი სიგრძის გვერდების მქონე კვადრატის ფართობს.

კვადრი (ლათ.) – მართკუთხა ფორმის თლილი კედლის მოსაპირკეთებელი ქვა.

კვადრიგა (ლათ.) – ორთვალიანი ანტიკური ეტლი, ერთრიგად შებმული ცხენების ოთხეულით. კვადრიგას სკულპტურული გამოსახულება საფუძვლად დაედო შენობების ფრონტონების, სატრიუფმო თაღების და სხვა ნაგებობების სკულპტურულ სამკაულს.

კვარტალი (ლათ.) – ქუჩებით (ჩვეულებრივ ოთხი ქუჩით) შემოსაზღვრული ქალაქის ნაწილი.

კვარცხლბეკი – 1. პედესტალი, პოსტამენტი; ქანდაკების ლარნაკის, ობელისკის ქვესადგამი. 2. ძვ. მეფეთა და მღვდელმთავართა საჯდომის საფეხური, შეკიბული ბაქანი.

კიბის სვლა – აღსავალი, საფეხურების უწყვეტი რიგი (კიბის ბაქნებს შორის). სვლების რაოდენობა სართულზე განსაზღვრავს კიბის ტიპს (ერთსვლიანი კიბე, ორსვლიანი კიბე და ა.შ.).

კიბის უჯრედი – კედლებით შემოსაზღვრული შენობის ნაწილი, რომელშიაც კიბეა მოთავსებული.

კივორიუმი (ლათ.) – 1. ქრისტიანული ტაძრის საკურთხეველში მოწყობილი შეწირულობათა საცავი. 2. სალხინებელი, ჩარდახი; საკურთხეველში დადგმული გავალაკი.

კილისებრი თაღი – თაღი, რომლის მოხაზულობა გადმობრუნებული კილიანი გემის განივი ჭრილის კონტურს წააგავს.

კილომეტრი (ფრან.) – სიგრძის საზომი ერთეული მეტრულ სისტემაში, რომელიც 1000 მეტრს უდრის.

კლასიციზმი (ლათ.) – მიმდინარეობა კულტურის ისტორიაში, რომელიც აღმოცენდა საფრანგეთში და გავრცელდა ევროპაში XVII და XVIII სს-ის დასაწყისში. არქიტექტურაში კლასიციზმი თანმიმდევრულად ატარებს ანტიკური და აღორძინების ხანის მემკვიდრეობის მკაცრ სისტემატიზაციას. გაწონასწორებული კომპოზიციები გამოხაზულია მკაფიო ხაზებითა და კლასიკური პროპორციებით.

კლიროსი (ბერძ.) – მხარი; მგალობელთა და მედავითნეთათვის განკუთვნილი შემაღლებული ადგილი ტაძარში.

კლოაკა (ლათ.) – უწმინდურების ჩასარეცხი დახურული არხი ანტიკურ რომში.

კოლერი (ლათ.) – საღებავის ფერი, ტონალობა და სიხშირე.

კოლონა (ლათ.) – სვეტი; ჩვეულებრივ, მრგვალი კვეთის საყრდენი (ბოძის სახით), რომელზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი ან თაღის ქუსლი.

კოლონადა (ლათ.) – სვეტნარი; საერთო არქიტრავის ქვეშ განლაგებული კოლონების რიგი.

კოლოფა თაღი – ხოკერული თაღი; სამ (სამცენტრიანი.) ან ხუთი ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორმის თაღი.

კონსოლი (ფრან.) – ბრჯენი, კორნშტეინი; კედელში ერთი ბოლოთი ჩაჭედილი კოჭი, ფილა ან კედლის წყობიდან გამოშვერილი კოჭის ნაწილი, რომელზედაც, ჩვეულებრივ, დაყრდნობილია კარნიზი, აივანი, ქანდაკება და ა.შ.

კონსოლური აფრა – ოთხკუთხედიდან გუმბათის ფუძის წრეხაზზე გადასასვლელი კონსტრუქცია – აფრა, რომელიც წაწყური წყობით წარმოიქმნება.

კონსტრუქტივიზმი – პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელებული მიმართულება არქიტექტურაში, რომელიც მიისწრაფის თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენების პირობებში ფორმების მიზანშეწონილობისათვის და ფუნქციური შინაარსის მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტისადმი.

კონსტრუქცია (ლათ.) – ნაგებობის სტრუქტურა, მისი ცალკეული ნაწილების ურთიერთგანლაგება.

კონსტრუქციული კვანძი – კონსტრუქციული ელემენტებისა და დეტალების შეუღლება.

კონტრფორსი (ფრან.) – გოდლედი, გვერდსამაგრი, კედლის ბურჯი; კედლის ვერტიკალური ან დახრილი მასიური შვერილი, რომელსაც გადაეცემა გვერდული განმბრჯენა და ზრდის კედლის მდგრადობას. იგი განსაკუთრებით გავრცელებულია გოთიკურ არქიტექტურაში.

კონტური (ლათ.) – აბრისი, მონახაზი, კონფიგურაცია, გაბარიტი; საგნის გარე მოხაზულობა.

კონქა (ბერძ.) – შენობის ნახევარწრიული ნაწილის (აფსიდის) მეოთხედსფეროს მოყვანილობის გადახურვა.

კონქი (ბერძ.) – იგივეა რაც კონქა.

კონცენტრული თაღი – პერსპექტიული თაღი; კედლის სიღრმისაკენ თანმიმდევრულად შემცირებული რადიუსის მქონე თაღების ერთობლიობა.

კოსაური – კიბის ბაქნებს შორის გადებული სხვადასხვა განივკვეთის (ორტესებრი, შველერი და ა.შ.) ლითონის დახრილი კოჭი, რომელზედაც ლაგდება ქვის საფეხურები.

კოშკი – გოდოლი, მურყვამი, ქავი, საებგურო; შენობის საერთო მოცულობიდან მკვეთრად გამოყოფილი, გეგმაში ჩვეულებრივ მრგვალი, მრავალკუთხა ან კვადრატული მოხაზულობის ნაწილი, რომლის სიმაღლე საგრძნობლად სჭარბობს ფუძის ზომებს, ან ასეთივე პროპორციების ცალკე მდგომი ნაგებობა. ტერმინი ხმარებაში შემოდის IX საუკუნეში და თანდათან სცვლის გოდოლს.

კოშკურა – მცირე კოშკი.

კოშკურა სახლი – ერთსექციური მრავალსართულიანი სახლი, რომლის სიმაღლე საგრძნობლად სჭარბობს მისი ფუძის ზომებს.

კოჭი – ერთ (კონსოლი) ორ ან მეტ წერტილზე დაყრდნობილი სხვადასხვა კვეთის (სწორკუთხა, ტესებრი, კოლოფა და სხვა) მზიდი ძელი.

კოჭოვანი გადახურვა – გადახურვა, რომლის მზიდი კონსტრუქციული ელემენტია კოჭი.

კრემლი – რუსული ფეოდალური ქალაქის გამაგრებული, გალავნით შემოფარგლული ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული.

კრიპტა (ბერძ.) – 1. კატაკომბები; მიწისქვეშა გალერეა, რომელშიაც მოწყობილია სამარხი. 2. კათოლიკური ტაძრის საკურთხევლის ქვეშ განლაგებული მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საპატიო სამარხს ან საჟამნოს. 3. იგივეა, რაც კრიპტოპორტიკი.

კრიპტოპორტიკი – გადახურვაში მოწყობილი ღიობების საშუალებით განათებული მიწისქვეშა გალერეა.

კრომლეხი (ინგლ.) – ჰორიზონტალური ფილებით გადახურული, წრეხაზზე შვეულად დაწენებული ქვები, ნეოლითის და, უმთავრესად, ბრინჯაოს ხანის მეგალითური საკულტო ნაგებობა.

კრონშტეინი (გერმ.) – ბრჯენი, კონსოლი; არქიტექტურულად დამუშავებული კონსოლი, რომელიც შენობის გამოწეული ნაწილების ან ქანდაკების საყრდენს წარმოადგენს.

კსილოგრაფია (ბერძ.) – ხეზე შესრულებული გრავიურა.

კულისები (ფრან.) – რამპის პარალელურად განლაგებული, მოხატული ტილოთი ან მკვრივი ქსოვილით გადაკრული ჩარჩოების რიგი, რომელიც მაყურებლისგან ფარავს სცენის გვერდით ნაწილს.

კულუარები (ფრან.) – სხდომათა დარბაზის გვერდით განლაგებული დასავენებელი ოთახების ჯგუფი.

კუმშვილი თაღი – შეკუმშული თაღი; თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრი მის ქუსლებს ქვევით მდებარეობს.

კუპელჰალე (გერმ.) – გუმბათიანი დარბაზი, გუმბათოვანი დარბაზის ტიპის ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტია.  ეს ტერმინი ი. სტრიგოვსკიმ შემოიღო და გ. ჩუბინაშვილმა  დაამკვიდრა  ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში. ეს არის სვეტებით დაუნაწევრებელი, დარბაზივით ერთიანი სივრცის ტაძარი, რომელსაც გუმბათი აგვირგვინებს. ის (გუმბათი)  აფსიდის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან პერპენდიკულარულად გამოწეულ შვერილებს ეყრდნობა და არა  ცალკე მდგომ ბურჯებს.

კურვატურა (ლათ.) – სწორხაზოვანი არქიტექტურული ელემენტების უმნიშვნელო გამრუდება, რომელსაც მიმართავენ რაკურსით აღქმისას შესაძლებელი დამახინჯების თავიდან ასაცილებლად.

კურია (ლათ.) – ძველი რომის სენატის შენობა.



 

 


megobari saitebi

   

23.09.2014