arqiteqturuli leqsikoni
ვანი – 1. ძვ. ბინა, სადგომი. 2. `შერჩენილი გვაქვს, როგორც გეოგრაფიული სახელი, სოფლები არის, რომლებსაც ვანი ეწოდება~ (ივ. ჯავახიშვილი).
ვანტი (პოლ.) – ჩვეულებრივ ფოლადის მავთულის წნულისაგან დამზადებული ბაგირი, რომლის ბოლოები მაგრდება საგანგებო დასაჭიმი ხელსაწყოებით (ტალპერებით). გამოიყენება მაღალი ლითონის მილების, ანძების და მისთ. დასამაგრებლად.
ვანტური გადახურვა – გადახურვა, რომლის ძირითადი მზიდი კონსტრუქციაა ვანტები (შუალედ საყრდენებზე გადადებული და ბოლოებში დასაჭიმი ხელსაწყოებით დამაგრებული ბაგირები).
ვარდული – როზეტი; ორნამენტი სტილიზებული ყვავილის სახით.
ვენეციური ფანჯარა – სამმალიანი ფართო ფანჯარა.
ვენზელი (პოლ.) – მონოგრამა; ხვეულწერილით გამოყვანილი ინიციალები.
ვენტილაცია (ლათ.) – განიავება, ჰაერის გაძევება და ახლით შეცვლა ბუნებრივი ან იძულებითი გზით.
ვერანდა (ინგ.) – დერეფანი; ღია ან შემინული (ჩვეულებრივ, გაუმთბარი) მინაშენი, რომელიც წარმოადგენს გადახურულ სვეტნარს მოაჯირით ან შემინულ გალერეას. სახურავიანი აივანი.
ვერტიკალური გამწვანება – დეკუმარია, ხვიარა და მცოცავი მცენარეულობის გამოყენება არქიტექტურაში.
ვერტიკალური დაგეგმარება – განსაზღვრული ტერიტორიის – ქუჩის, მოედნის, კვარტალის და ა.შ. რელიეფის საპროექტო დონეებისა და მათზე შენობების განლაგების სქემა.
ვესტიბიული (ლათ.) – 1. ტალანი რომაულ სახლში. 2. სადგომი საზოგადოებრივ შენობის შესასვლელთან, რომელიც ამ უკანასკნელს ძირითად ოთახებთან ან კიბის უჯრედთან აკავშირებს.
ვეშაპი – მეგალითური ძეგლი, რომელიც წარმოადგენს ქვის დიდ ლოდს – მენჰირს, მათზე ამოკვეთილი ფანტასტიკური თევზის – ვეშაპის რელიეფური გამოსახულებით.
ვიადუკი (ლათ.) – გზახიდი; ხევზე, ხეობაზე, რკინიგზაზე გადადებული თაღოვანი ან კოჭოვანი კონსტრუქციის ხიდი.
ვიგვამი – ჩრდილოამერიკელი ინდიელების გუმბათისებრი საცხოვრებელი სახლი.
ვილა (ლათ.) – ქალაქგარეთა სახლი, აგარაკი.
ვიმპერგი (გერმ.) – გოთიკური შენობის კარების ან სარკმლის ღიობის თავზე მოთავსებული წვეტიანი, მოჩუქურთმებული ფრონტონი.
ვინიეტი (ფრან.) – წიგნის ან ხელნაწერის ბოლოში ან დასაწყისში მოთავსებული სამკაული ორნამენტის ან ნახატის სახით.
ვიტრაჟი (ფრან.) – ღიობის შემინვა ფერადი მინის ცალკეული ნაჭრებით, რომლებიც ქმნის გარკვეულ ორნამენტს ან ნახატს. შემინვის ამგვარი ხერხი განსაკუთრებით გავრცელდა რომანულ და გოთიკურ არქიტექტურაში.
ვოლიუტა (ლათ.) – ხვიარა სპირალის სახით, სკულპტურულად შესრულებული ორნამენტული დეტალი ცენტრში მოთავსებული რგოლით. ვოლიუტა იონური, კორინთული, კომპოზიტური კაპიტელებისა და სხვა არქიტექტურული ფორმების (მაგ. ბაროკულ არქიტექტურაში კარ-ფანჯრების მოჩარჩოების) შემადგენელი ნაწილია.
|