arqiteqturuli leqsikoni
ბაგეტი (ფრან.) – პროფილირებული, ჩუქურთმიანი ან მოვარაყებული ხის თამასა ჩარჩოსათვის.
ბაგინი – 1. ბომონი, საკერპო; `ბაგინი საერთოდ წარმართების, არაქრისტიანების სამლოცველოს ნიშნავდა~ (ივ. ჯავახიშვილი). 2. ძვ. ებრაელთა სალოცავი.
ბაზილიკა (ბერძ.) – 1. პორტიკი ათენში, სადაც არქონ-ბაზილევსის ადგილსამყოფელი იყო. 2. წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის გეგმის მქონე შენობა, ბოძების ან სვეტების რიგებით დაყოფილი სამ ან ხუთ გრძივ ნაწილად (ნავად), რომელთაგან შუა, ჩვეულებრივ, გვერდით ნავებზე მაღალია და განიერი. ძველ რომში ბაზილიკაში თავსდებოდა სასამართლო, სავაჭრო დაწესებულებები. შემდგომში ბაზილიკა ქრისტიანული ეკლესიის კომპოზიციის მეტად გავრცელებული სახეობაა (განსაკუთრებით ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში).
ბაზილიკური შენობა – გრძივ ნაწილებად (ნავებად) გაყოფილი შენობა, რომელთაგან შუა შედარებით მაღალია და ნათდება მის ზედა ნაწილში მოქცეული სარკმელებით.
ბაზისი (ფრან.) – სვეტის, კედლის სვეტის, ანტის ქვედა საყრდენი ნაწილი.
ბათქაში – ფარდასტი, შელესვა. განსაკუთრებული ხსნარით (გაჯის ან კირლამის) შელესილი შრე ჭერის და კედლის შიგა ზედაპირზე.
ბალავარი – 1. კედლის საყრდენი გათლილი ლოდი საძირკველში. 2. გამირი; გათლილი ლოდი კარ-ფანჯრის თავზე წირთხლების შესაკრავად. “საძირკვლის ქვანი დიდ-დიდნი” (საბა).
ბალავერი – იგივეა რაც ბალავარი.
ბალდახინი (იტ.) – 1. გავალაკი; უძრავ ან გადასატან ბოძებზე ან ლატნებზე დამაგრებული ქსოვილის ჩარდახი, საჩრდილობელი. 2. ქვაში, ხეში, ლითონში შესრულებული არქიტექტურული ფორმა – ჩარდახი კოლონებზე ან ბოძებზე (მაგ. სამეფო ტახტის თავზე). იხ. სალხინობელი.
ბალიასინა (იტ.) - ბალიუსტრა, რიკული, სურაია; მცირე ფიგურული ბოძი, რომელსაც ეყრდნობა კიბის, აივნის, ტერასის და მისთ. მოაჯირი.
ბალიუსტრადა (იტ) – აივნების, კიბეების და მისთ. გამჭოლი ზღუდე, რომელიც წარმოადგენს საერთო მოაჯირით გაერთიანებულ რიკულების (ბალიუსტრების) მწკრივს.
ბალიში – 1. ძელის ქვეშ საყრდენად ამოდებული ხის საჭერი; 2.მ ოთხკუთხა ფილა – სვეტისთავი ან მისი ნაწილი, იხ. აბაკი.
ბალკონი (ფრან.) – იგივეა, რაც აივანი.
ბანდუში – კუთხ. სვეტისათვის ქართლში გავრცელებული დასახელება. იხ. ბუღაური, დათვი.
ბანი – ერდო; შენობის ბრტყელი სახურავი.
ბანიანი სახლი – ბრტყელი სახურავით, ბანით გადახურული სახლი.
ბანის-ბანი – ქორი, ჩარდახი; შენობის ზედა, დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელიც ცალმხრივ ან ყოველმხრივ ღიაა. ფანჩატურის მსგავსი დროის გასატარებელი ნაგებობაა. “ძველად ქორის მაგიერია ბანის-ბანი, რაც XV საუკუნეში უკვე აღარა გვაქვს. ქორისა და ბანის-ბანის ნაცვლად ეხლა ჩარდახი შემოდის” (ივ. ჯავ.).
ბანური გადახურვა – ბანი, ბრტყელი გადახურვა; შენობის უქანობო სახურავი.
ბაო – კუთხ. მოლი ეზოში (რაჭაში გავრცელებული ტერმინი).
ბარაკი (გერმ.) – გამარტივებული კონსტრუქციის ერთსართულიანი დროებითი ნაგებობა.
ბარელიეფი (ფრან.) – სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე, რომლის ყველა ნაწილი სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად არის გამოყოფილი. შდრ. გორელიეფი.
ბაროკო – XVI საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის ნახევრამდე ევროპის ხელოვნებაში (განსაკუთრებით იტალიაში) გავრცელებული სტილისტური მიმართულება. მისთვის დამახასიათებელია დიდი ანსამბლები, რომელთაც არქიტექტურის პლასტიკური ფორმები, ფერწერა, დინამიური ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები მაღალფარდოვან, ხაზგასმულად საზეიმო ხასიათს უქმნიან. ბაროკო თამამად არღვევს კლასიკური კანონების პირობით საზღვრებს და მხატვრული შინაარსის გამოსავლენად ჰქმნის არქიტექტურის ახალ საშუალებებს, ახალ კომპოზიციურ ხერხებს. რენესანსის ნაწარმოებთა მკაფიო ჰარმონიულობა და დახვეწილობა შეცვალა ფორმების გართულებულმა წყობამ.
ბარტიზანი (გერმ.) – შენობის კუთხეზე ამოყვანილი მცირე კოშკი.
ბარტყი – ნივნივის ნაწილი, რომელიც ხშირად კედლის გარეთ არის გამოწეული და მოჩუქურთმებულია.
ბარჯა – ბარჯგი, ბოძკინტი; მცირე საყრდენი ძელი (სახლის).
ბარჯგი – კუთხ. იმერეთსა და გურიაში გავრცელებული ტერმინი, რომელიც იგივეს ნიშნავს, რაც ბარჯა.
ბასკა – კუთხ. ყავარზე დაჭედილი ლატანი.
ბასტიონი (ფრან.) – 1. მრავალკუთხა მოხაზულობის ფორტიფიკაციული ნაგებობა ციხე-სიმაგრის კუთხეში. 2. ბურჯი, ციხე-სიმაგრის გამონაშვერი.
ბატიყელა – მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილი, რომელიც წარმოადგენს ორი რკალის შეუღლებას და რომელიც ხშირად კარნიზს აგვირგვინებს.
ბაქანი – 1. ოროკო; “კლდეში მცირე ვაკე რამ” (საბა). 2. ეზოში, ბაღ-პარკებში გამოყოფილი მცირე მოედანი სათამაშოდ, საცეკვაოდ და ა.შ. 3. მიწაყრილის ან სუბსტრაქციებით შექმნილი ნიადაგიდან ამაღლებული თარაზული სიბრტყე. 4. კიბის სვლებს შორის მოქცეული მცირე მოედანი. იხ. კიბის ბაქანი.
ბაღდადური კედელი – თხელი ფიცრებითა და ტკეჩით ნაგები და ბათქაშით შელესილი მსუბუქი კედელი.
ბაყი – მესერი, წნული ღობე.
ბაშტე – კუთხ. ბოსელი, გომი, გომური. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საზამთრო სადგომი თუშეთში.
ბელეტაჟი (ფრან.) – 1. შენობის მეორე, მთავარი სართული, რომლის ოთახები უფრო მაღალია და პირადულად არის მოპირკეთებული. 2. მაყურებელთა დარბაზის პარტერისა და ამფითეატრის თავზე მოთავსებული პირველი იარუსი.
ბელვედერი (იტ.) – 1. შემაღლებულ ადგილზე განლაგებული ცალკე მდგომი პარკული ნაგებობა; 2. შენობის დამაგვირგვინებელი ზედნაშენი, კოშკურა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრგვალი ან ოვალური ფორმა და სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათოვანი გადახურვა; 3. ცალკეული სასახლეების დასახელება (სასახლე ვარშავაში, ვენაში, ვატიკანში და ა.შ.)
ბელღარი – “რუსთავის რარის ხიდი” (საბა).
ბელღოჯი – ხვრეტი კედელში.
ბემი – ბემონი, ტვიქი, ტოგუნი; შეკიბული ბაქნები სავარძლებისათვის (ამფითეატრის მსგავსად). “მაღალი ხარისხი” (საბა).
ბენუარი (ფრან.) – სცენის დონეზე ან ოდნავ მაღლა განლაგებული ლოჟების რიგი თეატრში.
ბერა – 1. ორმხრივ მოღობილი საქონლის შესარეკი (ჩვეულებრივ ცხვრის სათვლელად ან საწველად). 2. ძელი ასპარეზზე, რომლის გადაღმა მოჭიდავენი ისვენებენ ან მორბენალნი იწყებენ შეჯიბრს. იხ. ჰელა. 3. შლაგბაუმი; გზის ჩასაკეტი მოწყობილობა.
ბეღელი – 1. ხალამბარი; ნაგებობა, უმთავრესად ხისა, პურეულის (ქერის, ჭვავის, ფეტვის) შესანახად. 2. კუთხ. საკულტო ემბლემისა და სახატე ჭირნახულის შესანახი შენობა ფშავ-ხევსურეთში.
“სამნი წავიდნენ საჯარეს,
შეაღეს ბეღლის კარია,
გამააბრძანეს დროშაი....”
(ვაჟა)
ბეღო – ფარდული, სადაც გალეწვამდე ძნას აწყობდნენ შესანახად. “საძნე სახლი” (საბა).
ბეშთაქი (თურქ.) - მონუმენტური კარიბჭე, რომელსაც, ჩვეულებრივ, ისრული თაღით დაგვირგვინებულ ღრმა ნიშს წარმოადგენს. აღნიშნული არქიტექტურული ფორმა განსაკუთრებით გავრცელდა შუა აზიის ქვეყნების არქიტექტურაში.
ბიეფი (ფრან.) – მდინარის ორ მეზობელ კაშხალს ან არხის ორ რაბს შორის მოქცეული წყლის არე.
ბინა – 1. სამყოფი; საცხოვრებელი სახლი, სადგომი. 2. საცხოვრებელი სახლის შემადგენელი ნაწილი დამოუკიდებელი შესასვლელით, რომელიც ერთ ოჯახზეა გათვალისწინებული და შეიცავს საცხოვრებელ ოთახებსა და დამხმარე სათავსებს (საზარეულოს, სანიტარულ კვანძს და სხვ.).
ბირქი – ბლისკინა; წყლით გავსებული თხრილი ციხე-სიმაგრის გარშემო.
ბიუსტი (ფრან.) – ადამიანის ზედა ნაწილის (გულმკერდის ჩათვლით) სკულპტურული გამოსახულება.
ბიფორი (გერმ.) – სვეტით ორად გაყოფილი გოთიკური ფანჯარა.
ბლინდაჟი (ფრან.) – რკინაბეტონით ან მიწაწაყრილი მორებით გადახურული სანგარი.
ბლოკი (ინგლ.) – 1. ფუნქციური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით გამოყოფილი სადგომების ჯგუფი შენობაში; 2. რაიმე ნიშნით გაერთიანებული შენობათა ჯგუფი; 3. დიდი ზომის ხელოვნური საკედლე ქვა.
ბოლქვისებრი გუმბათი – რუსულ არქიტექტურაში გავრცელებული გუმბათის ფორმა, რომელიც გარეგნულად ბოლქვს წააგავს და, ჩვეულებრივ, ამოყვანილია ცილინდრული ფორმის გუმბათის ყელზე.
ბომონი – 1. ბაგინი, საკერპე; წარმართთა სალოცავი. 2. სვეტი, რომელზედაც კერპს აღმართავდნენ. “სუეტია, ხატსა ანუ კერპსზედ აღმართვენ” (საბა).
ბოძი – 1. სვეტად აღმართული ცალკე მდგომი ძელი; 2. ანწალა, ბიგა, ბოსკინტი, დგარი, სადგარი, საკავი, ჭალა – რისამე საყრდენი ძელი.
ბრანდმაუერი (გერმ.) – ცეცხლამრიდი კედელი; ხანძრის საწინააღმდეგო კედელი, რომელიც გამოყოფს შენობის განსაზღვრულ ნაწილს და გამიზნულია ხანძრის გავრცელების დასაბრკოლებლად.
ბრტყელი გადახურვა – ბანი, ბანური გადახურვა, ბანური სახურავი; შენობის თითქმის თარაზული, მცირექანობიანი სახურავი.
ბრტყელი კამარა – კამარის ისრის ფარდობა მალთან ¼1/4-ზე ნაკლებია.
ბრუსტვერი (გერმ.) – მიწაყრილი; დაყრილი მიწით შექმნილი შემაღლებული ადგილი, ზღუდე.
ბრჯენი – კრონშტეინი, კონსოლი; კედლის წყობიდან გამოშვერილი კოჭის ნაწილი, რომელზედაც, ჩვეულებრივ, დაყრდნობილია კარნიზი, ქანდაკება, აივანი და ა.შ.
ბუგელი (გერმ.) – სათავისი, დიბლიგი; რკინის სალტე, რომელიც ჩამოეცმება ხიმინჯის თავს.
ბუდე კოჭისა – კედლის წყობაში საგანგებოთ დატოვებული ადგილი კოჭის თავის დასაყრდნობად.
ბუნგალო (ინგლ.) – მსუბუქი სააგაროკო შენობა ვერანდებით.
ბურჯი – 1. საბჯენი, საყრდენი, მზიდი კონსტრუქცია (მასიური ბოძი და სხვა), რომელიც დატვირთვებს საძირკველს გადასცემს. 2. ბასტიონი: `ბურჯი ციხის ზღუდისგარკვეულ მანძილზე გამოწეულს მომრგვალებულ, ან ოთხკუთხ საბრძოლველ ნაწილს ეწოდებოდა. კოშკი, ჩვეულებრივ, ყოველმხრივ დახურულ ნაგებობას წარმოადგენდა, ბურჯი კი – წინიდან იყო შემოვლებული~ (ივ. ჯავახიშვილი).
ბუღაური – 1. სვეტისთავი ან მისი ზედა ნაწილი. “იგი აბაკის ქართული შესატყვისია” (ივ. ჯავახიშვილ). 2. კუთხ. მთიულური განმარტებით – დედაბოძზე და დათვზე ამოჭრილი სახეა. ფშავსა და კახეთში კი ეს ტერმინი სვეტისთავზე ამოჭრილ ჩუქურთმას ნიშნავს. 3. კუთხ. თუშური გაგებით იგი ტერმინების დღველი და საწელეს სინონიმია, ე.ი. ჭერის წელის სიმაგრისთვის გადადებული დიდი და მსხვილი კოჭია.
ბჭე – 1. ძვ. დიდი კარი, შესასვლელი. ეს არის სახლთა და ტაძართა შესავალი~ (საბა). 2. ძვ. ზღუდე, გალავანი, რომელშიაც განიერი შესასვლელია მოწყობილი. 3. ზღურბლი, კარაპანი, კარნაგელა, გამირი; კარის გადასასვლელზე გადადებული დირე; კარის ჩარჩოს ქვედა ნაწილი.
|