arqiteqturuli leqsikoni
ჩალანგარი – ერთი იმ ორ დახრილ ძელთაგან, რომლებიც ჰქმნიან სახურავის ჩონჩხედს.
ჩანა – კიბის სვლის მზიდი, დახრილი კოჭი.
ჩანახატი – გარემოცვის, ნატურის მოკლე დროში შესრულებული, მიახლოებითი ნახტი, ესკიზი.
ჩარდახი (სპარს) – 1. ქორი, ქორედი; სახურავის მოცულობაში მოქცეული სათავსი. 2. ტრაპეზე დადგმული ოთხსვეტიანი საჩრდილობელი. 3. საწოლზე, ურემზე და მისთ. დადგმული საჩრდილობელი.
ჩარჩო – 1. ხისტად (რკინაბეტონის ჩარჩოში – მონოლითურად) დაკავშირებული დგარებისა და თარაზული ან დახრილი რიგელებისგან შემდგარი ერთი ან მრავალმალიანი მზიდი კონსტრუქცია. 2. ძელაკებისგან შედგენილი მართკუთხედი, მაგ. ფანჯრის ალათების ან კარის შესაკიდად.
ჩოდოლი – ოლარი, ლაჭყორი, ფაცხა; წნულის ქოხი დასავლეთ საქართველოში.
ჩონჩხედი – კარკასი; ნაგებობის კონსტრუქციული ჩონჩხი.
ჩულპა – უძველესი აკლდამა პერუსა და ბოლივიაში.
ჩუმი – ციმბირის ხალხების (ევენკების, კეტებისა დას სხვ.) გადასატანი სადგომი, რომელიც წარმოადგენდა ლატნებით შედგენილ და ირმის ქურქის ნაჭრებით დაფარულ კონუსური ფორმის ნაგებობას.
ჩუქურთმა – ორნამენტი; რიტმული განმეორებული ელემენტებისაგან შემდგარი სამკაული. იგი უმეტესად წარმოადგენს რეალური სამყაროს – მცენარეულობის, ცხოველების და სხვა გამოსახულებათა სტილიზებულ განზოგადებას ან გეომეტრიული ფიგურების შეუღლებას.
ჩქერალი – კასკადი; ხელოვნურად შეკიბული ჩანჩქერი ან ჩანჩქერების სისტემა.
|