arqiteqturuli leqsikoni

იარანგა – ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების სადგომი, რომელიც შედგება ქვებითა და კორდის ბელტებით შემოწყობილი ვერტიკალური კარკასული კედლებისა და ირმის ტყავის ნაჭრებით დაფარული, ლატნებით შედგენილი კონუსური გადახურვისაგან.

იარდი (ინგლ.) – ინგლისში და ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც 91,4 სმ-ს შეადგენს და იყოფა სამ ფუტად.

იარუსი (ლათ.) – სართული; შენობის ერთმანეთის თავზე განლაგებული ერთ-ერთი განმეორებადი ნაწილი.

იატაკი – სართულშუა გადახურვაზე ან მიწაზე მოწყობილი სხვადასხვა მასალის ფენილი სადგომში.

იგლუ – ესკიმოსთა გუმბათისებრი, ყინულის საცხოვრებელი.

იზოლაცია (ფრან.) – განცალკევება, გამოყოფა.

იზოჰიპსი (ბერძ.) – ზღვის დონიდან ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული დედამიწის ზედაპირის წერტილების შემაერთებელი ნაგულისხმევი ხაზის გეგმილი რუკაზე ან გეგმაზე.

იმპოსტი (ლათ.) – 1. ბრტყელი ან პროფილირებული თარო, რომელსაც ეყრდნობა თაღის ქუსლი. 2. წახნაგოვანი მოცულობის (ბიზანტიური არქიტექტურა) ან ანტაბლემენტის ფრაგმენტის ფორმის მქონე ბალიში სვეტისთავსა და თაღის ქუსლს შორის. 3. ფანჯრის ან კარის გამყოფი განივი ძელი. 4. ორი ფანჯრის ალათებს შორის მოქცეული ვერტიკალური ძელი, სვეტი.

ინკრუსტაცია (ლათ.) – სიბრტყეში ჩაჭრილი ძვირფასი (ძვალი, სადაფი) ან ფაქტურით განსხვავებული მასალის ნაჭრებისგან შედგენილი მოპირკეთება.

ინსოლაცია (ლათ.) – ზედაპირის განათება მზის სხივებით. ინსოლაციის სიდიდე განისაზღვრება დროის მონაკვეთში ფართობის ერთეულზე მიღებული მზის სხივების რაოდენობით, რაც სპეციალური ხელსაწყოებით იზომება.

ინსულა (ლათ.) – შემოსავლიანი სახლი ანტიკურ რომში.

ინტარსია (იტ.) – სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ხისაგან შესრულებული ინკრუსტაცია.

ინტერიერი (ფრან.) – სადგომის არქიტექტურულად გაფორმებული შიგა სივრცე.

ინცერტი (ლათ.) – ბეტონის კონსტრუქციული მოპირკეთება ქვით.

იონიკები (ბერძ.) – ორნამენტი, რომელიც, ჩვეულებრივ, ამშვენებს ნაოთხალ ლილვს და მიიღება ოვალური ამოზნექილობის, ისრისებრი წიბოებისა და ფოთლოვანი მოტივების შენაცვლებით.

ირეგულარული დაგეგმარება – არარეგულარული დაგეგმარება; დასახლებული ადგილის დაგეგმარების ხასიათი, რომელსაც რეგულარული დაგეგმარებისაგან განსხვავებით საფუძვლად არ უდევს ქუჩების ქსელის რამდენადმე გეომეტრიული ან რაიმე ღერძის მიმართ სიმეტრიულად განლაგების პრინციპი. ასეთი დაგეგმარება გვხვდება რთულ მთაგორიან რელიეფზე განლაგებულ დასახლებებში, შუა საუკუნეების ქალაქების უმრავლესობაში, უეცრად, ქაოტურად წარმოქმნილ დასახლებებში.

ირიბანა – სამშენებლო კონსტრუქციის (ფერმის, კარკასის) ელემენტი, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს კონსტრუქციის ორ შემადგენელ ნაწილს და განსაზღვრული კუთხით არის მიმართული დგარებისა და ჰორიზონტალური სარტყელის მიმართ.

ისრული თაღი – გოთიკური თაღი; კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისგან შედგენილი წარმართველის მქონე თაღი.

ისრული კამარა – ისრული თაღის მოხაზულობის განივკვეთის მქონე კამარა.

ისრული სარკმელი – გოთიკური სარკმელი; ისრული თაღით დაგვირგვინებული სარკმელი.


 

 

 


megobari saitebi

   

23.09.2014