arqiteqturuli leqsikoni
გაბარიტი (ფრან.) – რაიმე საგნის, შენობის და სხვა ზღვრული, გარე მოხაზულობა.
გაბიონი (ფრან., იტ.) – ბეტონის ბლოკი, რომლის საშუალებითაც ეწყობა დაბალი ჯებირი ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა; 2. ქვით გავსებული მავთულის კალათა ჯებირების ამოსაყვანად, ხიდის ბურჯების დასაცავად, ნაპირების გასამაგრებლად და ა.შ.
გადახურვა – შენობის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც მას სართულებად ყოფს და დატვირთვებს კაპიტალურ კედლებს გადასცემს.
გავალაკი – ბალდახინი, სალხინებელი. ბოძებზე თუ ლატნებზე დამაგრებული უძრავი ან მოძრავი ჩარდახი (მაგ. სამეფო ტახტის, ტრაპეზის თავზე).
გალავანი – ქალაქის, ციხის, ეზოს, ცალკეული არქიტექტურული კომპლექსის (სასახლის, მონასტერის და ა.შ.) გარშემო შემოვლებული, ჩვეულებრივ, ქვის კედელი. ზღუდე.
გალერეა (ფრან.) – 1. შენობის სხვადასხვა ნაწილების დამაკავშირებელი სვეტნარი ან თაღედი. 2. შენობის სხვადასხვა ნაწილების დამაკავშირებელი გრძელი სათავსი. 3. მიწისქვეშა გადასასვლელი ციხე-სიმაგრეებში ან შახტებში. 4. ქანდარა, მაყურებელთა დარბაზის ზედა იარუსი.
გამა (ლათ) – ფერების ერთობლიობის ხასიათი ფერწერაში (მაგ. ნათელი გამა, თბილი გამა და ა.შ.).
განმბრჯენი – დახრილი ან თარაზული ძელი კონსტრუქციაში მისი ნაწილების მდგრადობის და განსაზღვრული მდებარეობის სიხისტის შესანარჩუნებლად.
განმტვირთავი თაღი – თაღი, რომელიც, ჩვეულებრივ, კედლის წყობაშია დაყოლებული და შენობის ზედა ნაწილების დატვირთვას ცალკე მდგომ საყრდენებს გადასცემს ან პირიქით, ცალკეული საყრდენების დატვირთვებს საძირკველს გადასცემს.
განფენა (განშლა) - ქუჩის ან მისი ნაწილის, მოედნის და ა.შ. განაშენების ფრონტალური ხედის გრაფიკული ასახვა.
განჯინა – სურსათ-სანოვაგის ან ნივთების შესანახი კედლის კარადა.
გარესაყრდენი თაღი – იგივეა, რაც არკბუტანი.
გარსშემოსავლელი – შენობის ნაწილი ღია ტერასის ან გალერეას სახით, რომელიც გარს ერტყმის ნაგებობას (მაგ. ეკლესიას).
გეგმა - 1. შენობის სართულის თარაზული ჭრილის გრაფიკული გამოსახულება. 2. დასახლებულ ადგილში შენობების, უბნების, ქუჩებისა და სხვა ნაწილების ურთიერთგანლაგების მაჩვენებელი გრაფიკული გამოსახულება – გენგეგმა.
გემა – ჩაღრმავებული (ინტალიო) ან ამობურცული (კამეა) რელიეფურგამოსახულებიანი ქვა.
გენერალური გეგმა (გენგეგმა) – დასახლებული ადგილის ან მისი ნაწილის დაგეგმარების ამსახველი გამოსახულება.
გეტო (ლათ) – ძველად დიდ ქალაქებში ებრაელთა განსაკუთრებული უბნები, რომლის გარეთ ებრაელებს არ ჰქონდათ დასახლების უფლება.
გვირაბი – მიწის ქვეშ გაყვანილი საქვეითო ან სატრანსპორტო გასასვლელი.
გვირგვინი – 1. `დარბაზის~ ტიპის ქართული საცხოვრებელი სახლის კარვის ფორმის გადახურვა, რომელიც მიიღება ზევითკენ თანმიმდევრობით შემცირებული ოთხკუთხედების ან მრავალკუთხედების წყობით. 2. ჯარგვალი, ჩაჭრით შეუღლებული მორების ან ძელებისაგან შედგენილი სწორკუთხედი ან მრავალკუთხედი.
გირლანდა (ფრან. იტ.) – ყვავილწნული; ყვავილებისა და სხვა მცენარეულობის წნულის გამოსახულებისაგან შედგენილი ლენტური ორნამენტი.
გისონი – პარაპეტი; სახურავის, აივნის, ხიდის, სანაპიროსი და მისთ. შემომზღუდავი დაბალი კედელი, რომელიც მეტნაწილად ყრუ, გაუმჭოლ ზღუდეს წარმოადგენს. “სოფლიოთა ენითა ზღუდე მცირესა ეწოდება, სიმაღლე სამ წყრთეულსა, ესე იგი არ გზისა დამაყენებელი, რომელსა ელლენებრ თრინგოლ ეწოდება” (საბა).
გლიპტიკა (ბერძ.) – ქვაზე ჭრის ხელოვნება.
გობელენი (ფრან.) – ავეჯის გადასაკრავად, მოფარდაგებისთვის ან სხვა მიზნისათვის განკუთვნილი ქსოვილი, რომელიც თავდაპირველად (XVII, XVIII სს) ხელით ნაკეთობას წარმოადგენდა და გარკვეულ სიუჟეტს ასახავდა.
გოდოლი – 1. ძვ. დონჟონი, კოშკი. შენობის საერთო მოცულობიდან მკვეთრად გამოყოფილი, გეგმაში, ჩვეულებრივ, კვადრატული, მრავალკუთხა ან წრიული მოხაზულობის ნაწილი, რომლის სიმაღლე საგრძნობლად სჭარბობს ფუძის ზომებს. ასეთივე პროპორციების მქონე ცალკე მდგომი ნაგებობა. 2. წრიულგეგმიანი კოშკი.
გოთიკა – ევროპის ხელოვნების განვითარების პერიოდი, რომელსაც გოთიკური ეწოდა. დაკავშირებულია ვაჭრობის, ხელოსნობის განვითარებისა და ზოგიერთ ქვეყანაში მონარქიის დამკვიდრების ხანასთან (XII საუკუნის ბოლო, XIII და XIV საუკუნეები). გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ მისწრაფებული ტაძრები და საზეიმო ხასიათის რატუშები, წაისრული ფორმები, ახალი კონსტრუქციები (არკბუტანი, კონტრფორსი, ნერვიურიანი კამარა და სხვა), ვიტრაჟები, ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა სინთეზი.
გოთიკური თაღი – ისრული თაღი; კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისგან შედგენილი წარმმართველის მქონე თაღი.
გოთიკური კამარა – ისრული კამარა, კამარის განივკვეთს გოთიკური თაღის მოხაზულობა აქვს.
გოთიკური სარკმელი – ისრული სარკმელი, გოთიკური თაღით დაგვირგვინებული სარკმელი.
გოთიკური სახურავი – მკვეთრად დაქანებულკალთებიანი, წვეტურიანი სახურავი.
გოფრი (ფრან.) – სავარცხლისებური ან ტალღისებურზედაპირიანი ლითონის ან ფანერის ფურცელი, რომელიც გამიყენება სახურავის ან კედლის დასაფარავად.
გრავიურა (ფრან.) – 1. ფიცარი ან ფირფიტა, რომელზედაც ამოჭრილია რელიეფური გამოსახულება პოლიგრაფიული ანაბეჭდის მისაღებად. 2. გრავირებული ფიცრის ან ფირფიტის ანაბეჭდი. 3. გრავირებით (რელიეფური ამოჭრით) მხატვრული გამოსახულების შექმნის ხელოვნება.
გრაფიკა (ბერძ.) – ხატვის ხელოვნება, სადაც ჭარბობს ფორმის ხაზოვანი ასახვა.
გრაფიტი (იტ.) – უძველესი ნახატები და წარწერები სახლის კედლებზე, ჭურჭელზე და სხვა.
გრიზაილი (ფრან.) – ერთი ფერით (ძირითადად ნაცრისფერით) შესრულებული ფერწერა რაც, ჩვეულებრივ, ნაძერწის იმიტაციას წარმოადგენს.
გრიფონი (ფრან.) – არწივის ფრთების, ლომის ტანისა და თავის მქონე არსების – გრიფის გამოსახულება.
გროტესკი (ფრან.) – 1. ადამიანთა და ცხოველთა ფიგურების, ნიღბებისა და მცენარეულის გამოსახულებათა წნულისგან შედგენილი ორნამენტი (რომაულ გამოქვაბულებებში – გროტებში – აღმოჩენილი მხატვრობის მიხედვით). 2. ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც საგნებს ან პიროვნებებს წარმოადგენს კომიკური, დამახინჯებული სახით, ცალკეულ თვისებათა გადაჭარბებული ხაზგასმით.
გუაში (ფრან.) – გაუმჭვირვალე წყლის საღებავი ან ასეთი საღებავით შესრულებული ფერწერული ნაწარმოები.
გუმბათი – კამარა, რომლის შიდა ზედაპირის მოყვანილობა უახლოვდება ვერტიკალური ღერძის გარშემო რკალის მოძრაობით მიღებულ ნახევარსფეროს ან ელიფსოიდს; ზემოთ აღწერილი კამარის გარე ზედაპირი.
გუმბათის ყელი – გუმბათის მზიდი ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, სარკმლის ხვრეტებით გაჭრილ ცილინდრულ ან მრავალწახნაგოვან მოცულობას წარმოადგენს.
გუმბათოვანი კამარა – იგივეა, რაც გუმბათი.
გუმბათოვანი სახურავი – გუმბათის ფორმის სახურავი.
გურტი (გერმ.) – კამარის შიდა ზედაპირის დამანაწევრებელი პროფილირებული ზოლი.
გუტები – წვეთები; წაკვეთილი კონუსის, ცილინდრის ან სხვა ფორმის სამკაული დორიულ ანტაბლემენტზე.
|