arqiteqturuli leqsikoni

აბაკი (ბერძნ.) – კაპიტელის ზედა ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, კვადრატული ფილაა, სწორი (დორიული ორდერი) ან ჩაზნექილი (კორინთული ორდერი) ნაპირებით.

აბრისი (გერმ.) – 1. გაბარიტი, კონტური, კონფიგურაცია; საგნის გარე მოხაზულობა. 2. მონახაზი; ტოპოგრაფიულ სამუშაოებში ხელით შესრულებული ნახაზი, რომელზეც დატანილია მიღებული მონაცემები.

აბსიდი (ბერძ.) – იგივეა რაც აფსიდი.

აბსოლუტური ნიშნული – ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან.

აგარა – იგივეა რაც აგარაკი. “საზაფხულო სადგომი” (საბა).

აგეგმვა – განსაზღვრული ტერიტორიის ტოპოგრაფიული აზომვა.

აგორა (ბერძ.) – საბერძნეთის ანტიკური ქალაქის თავდაპირველად სავაჭრო, შემდგომში საზოგადოებრივი და საქმიანი ცენტრი, რომელიც წარმოადგენდა სავაჭრო, საზოგადოებრივი და საკულტო ნაგებობებით განაშენიანებულ მოედანს.

ავანსცენა (ფრან.) – პროსცენიუმი; მაყურებელთათვის მუდმივად თვალმისაწვდენი სცენის ნაწილი ფარდასა და რამპას შორის.

აზარმაცი – ოწინარი; ჭასთან დამაგრებული ბერკეტი წყლის ამოსატანად. საერთოდ სიმძიმის ასაწევი ბერკეტი.

აივანი (სპარ.) – 1. ბალკონი; შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული და, როგორც წესი, შიგა სათავსებთან დაკავშირებული, მოაჯირით შემოსაზღვრული ბაქანი. 2. დერეფანი; საცხოვრებელი სახლის (კერძოდ, ქართული საცხოვრებელი სახლის) ერთ ან სამმხრივ ღია ნაწილი სვეტებზე დაყრდნობილი გადახურვით. ასეთი აივანი ქვედა სართულის კედლებზე ან ამგვარივე აივნის სვეტებზეა დაყრდნობილი, ან შეკიდულია.

აკანთი (ბერძ.) – სკულპტურული ორნამენტი, რომელიც ამავე სახელწოდების მცენარის სტილიზებული გამოსახულებაა და საფუძვლად უდევს კორინთულ კაპიტელის, კარნიზის, ფრიზის და სხვა არქიტექტურული ელემენტების დეკორს.

აკვარელი (ლათ.) – წყალში გასახსნელი საღებავი ან ასეთი საღებავებით დახატული სურათი.

აკვედუკი (ლათ.) – რუსხმული; ხიდისმაგვარი, უმეტესად თაღოვანი სუბსტრუქციები, რომლის მეშვეობით წყალგაყვანილობის მილები, სარწყავი და ჰიდროტექნიკური არხები ხევებზე, გზებზე, მდინარეებზე გადაყავთ.

bana
akvedukis sqematuri naxazi

აკლდამა – სამურავი; ნაგებობა, რომელშიც მიცვალებული ასვენია. იხ. ლუსკუმა, სარკოფაგი, მასტაბა, მავზოლეუმი, პირამიდა.
აკროპოლისი (ბერძ.) – ანტიკური ბერძნული ქალაქის გამაგრებული ნაწილი, რომელშიაც თავსდებოდა საზოგადოებრივი და საკულტო შენობები და რომელიც, ჩვეულებრივ, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობდა.

აკროტერიონი (ბერძ.) – ფრონტონის კუთხეებზე მოთავსებული ქანდაკება ან სკულპტურულად შესრულებული ორნამენტული მოტივი.

ალაგე – საბიჯელი; ღობეზე გადასასვლელი, გადასაბიჯებელი ადგილი.

ალაყაფის კარი – ბჭედი, ბჭის-კარი, ბჭე-კარი; გალავნის მთავარი შესასვლელი.

ალიბჭე – არხი, რომელსაც აირები ღუმელიდან კვამლსადენში გადაჰყავს.

ამაღლებული თაღი – თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრის ქვევით, ქუსლებამდე სწორხაზოვანი მონაკვეთებით გრძელდება.

ამბარი (სპარ.) – 1. ბეღელი. ხორბლეულის შესანახი, უმთავრესად ხის ნაგებობა. 2. კუთხ. ხორბლის ან ფქვილის შესანახი ყუთის მსგავსი დიდი ტევადობის სათავსის დასახელება ქართლ-კეხეთში.

ამბიონი (ბერძ.) – 1. ადრინდელი ქრისტიანული ტაძრის გუმბათის ქვემოთ ან პატრონიკეს სწვრივად მოთავსებული კეთედრა. 2. სამქადაგებლო, საფსალმუნე; ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი შემაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ.

ამბრაზურა (ფრან.) – 1. სადგომისკენ გაფართოებული ფანჯრის ხვრეტი. 2. სათოფური; ციხე-სიმაგრის კედელში სროლისათვის დატოვებული ხვრეტი.

ამფითეატრი (ბერძ.) – 1. ხარისხებად განლაგებული მაყურებელთა ადგილი თეატრში. 2. ანტიკური მონუმენტური ნაგებობა სარბიელით (რომში) ან სცენით (საბერძნეთში) და კონცენტრულ რიგებად განლაგებულ მაყურებელთა ადგილებით. სიტყვა “ამფი” ძველ ბერძნულად ნიშნავს – “ორთავ მხარეზე”.

ანაკრები კონსტრუქციები – ანაწყობი კონსტრუქციები; შენობის ნაწილები, რომლებიც ქარხნული წესით მზადდება და ადგილზე მონტაჟდება (კედლის ბლოკი, პანელი, გადახურვის ფილა და მისთ.).

ანგობი (ფრან.) – თეთრი ან ფერადი თიხის თხელი ფენა, რომლითაც იფარება კერამიკული ნაკეთობა გამოწვამდე, გლუვი ზედაპირის მისაღებად.

ანთემიონი (ბერძ.) – მცენარეთა (პალმეტა, ყვავილები და ა.შ.) სტილიზებული გამოსახულების წნულისგან შედგენილი ორნამენტი.

ანკერი (გერმ.) – შენობის ცალკეული ელემენტების კედელთან დამაკავშირებელი (კედლის წყობაში ცალი ბოლოთი დატანებული) ლითონის საბმური.

ანტაბლემენტი (ფრან.) – ანტაბლემანი; არქიტექტურული ორდერის სვეტზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ნაწილი. ანტაბლემენტი შედგება არქიტრავის, ფრიზისა და კარნიზისაგან. ყოველ ცალკეულ არქიტექტურულ ორდერში ანტაბლემენტს გააჩნია განსხვავებული პროპორციები და პლასტიკურად სხვადასხვანაირად მუშავდება.

ანტეფიქსი (ლათ.) – სახურავის კიდულის გასწვრივ მოთავსებული მარმარილოს ან კერამიკული სამკაული. ანტეფიქსი ჩვეულებრივ, სკულპტურულად შესრულებული მცენარეული ორნამენტია ან ფანტასტიკური ცხოველის ნიღაბი.

ანტიფემა (ლათ.) – ფრიზის უკანა მხარე.

ანტრესოლი (ფრან.) – 1. სასარგებლო ფართობის გაზრდის მიზნით სართულის მოცულობაში ჩაშენებული ნახევარსართული (ზოგჯერ ღია დერეფნის სახით); 2. დამხმარე სათავსის თავზე მოთავსებული კარადა.

ანფილადა (ფრან.) – ერთ გრძივ ხაზზე განლაგებული, კარებებით დაკავშირებული ოთახების, დარბაზების რიგი.

არაბესკა (ფრან.) – 1. მუსლიმანურ არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ორნამენტი, რომელიც მიიღება გეომეტრიული ფიგურების, ხაზებისა და სტილიზებული მცენარეული მოტივების წნულით. ორნამენტში ჩართულია ზოგჯერ არაბული დამწერლობა. არაბესკა ჩვეულებრივ მკვეთრად არის დაფერილი. 2. კომპოზიციურად რთული ორნამენტი, რომელშიც დაწნულია სხვადასხვა სტილიზებული მოტივი (მათ შორის ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებანი).

არდაბაგი (არაბ) – 1. შემაღლებული ბაქანიკანკელის წინ. 2. ძვ. სახურავის ან სხვა კიდულის გასწრივ დადგმული მოაჯირი. 3. ზ. სარკმელი. 4. ზ. წყლის გასადინარი მილი.

არკადა (ფრან.) – თაღედი; სვეტებზე დაყრდნობილი თაღების რიგი.

არკატურა (გერმ.) – თაღნარი; კედლის სიბრტყეზე გამოყვანილი ყრუ თაღედი, რომელიც დეკორაციულ ელემენტს წარმოადგენს.

არკბუტანი (ფრან.) – გარესაყრდენი თაღი, ნახევარრკალის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც კამარას გამბჯენ ძაბვებს საგანგებო საყრდენებს – კინტრფორსებს გადასცემს და კედლის ან სვეტის სისქის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.

არმატურა (ფრან.) – რკინაბეტონის კონსტრუქციებში ბეტონის სიზრქეში მოქცეული ფოლადის ღეროების ერთობლიობა; 2. ნაკეთობის ჩონჩხედი.

არქაიკა (ბერძ.) – ხელოვნების განვითარების ადრინდელი პერიოდი. ტერმინი, რომელიც იხმარება ძველი ბერძნული ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდის მიმართ (VII – V სს ჩვენს ერამდე).

არქივოლტი (იტ.) – თავსართი; თაღის მოჩარჩოება, რომელიც წარმოადგენს მთლიან ან დანაწევრებულ ზოლურას.

არქიტექტურული აკუსტიკა – აკუსტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის შენობაში ხმის გავრცელების საკითხებს.

არქიტექტურული ანსამბლი – ერთიან კომპოზიციას, გარკვეულ არქიტექტურულ იდეას დამორჩილებული შენობების და ნაგებობების ერთობლიობა, ჩამოყალიბებული თანდათან – ხანგრძლივი დროის მანძილზე ან ერთდროულად.

არქიტექტურული ორდერი – არქიტექტურული კომპოზიცია, სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი კონსტრუქცია და წყობის განსაზღვრული კანონები. ჩაისახა ანტიკურ საბერძნეთში და გავრცელდა ევროპის მრავალი ქვეყნის კლასიკურ არქიტექტურაში. ორდერი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ფუძე, სვეტი და კოჭოვანი სისტემა – ანტაბლემენტი. ცნობილია ხუთი კლასიკური ორდერი: დორიული, ტოსკანური, იონური, კორინთული, კომპოზიტი. ძირითადი განსხვავება ცალკეულ ორდერებს შორის მდგომარეობს როგორც ცალკეული ელემენტების წყობასა და მხატვრულ დამუშავებაში, ასევე მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტების პროპორციებში.

არქიტექტურული პროფილები – მოლიურები, მულიურები; არქიტექტურული ფორმების შემადგენელი ელემენტები. იყოფა ორ ჯგუფად: სწორხაზოვანი (თარო, პლინტი და სხვა) და მრუდხაზოვანი (ლილვი, ფოსო, ბატიყელა, ქუსლი, სკოცია).

არქიტექტურული სტილი – არქიტექტურულ-კონსტრუქციული და მხატვრული ხერხების ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგრადი ერთიანობა, რომელიც შეპირობებულია საზოგადოებრივ-ისტორიული იდეური შინაარსის ერთობლიობით. ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ხალხის, დროის მონაკვეთის, მიმდინარეობის, მიმართულების, სკოლის ხუროთმოძღვრული ხელოვნების მახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას. ზოგჯერ ეს ტერმინი იხმარება იმ ძეგლთა ჯგუფის გამოსაყოფად, რომელთაც გააჩნიათ მკაფიოდ გამოსახული განმასხვავებელი ნიშნები.

არქიტრავი (ბერძ. ლათ.) – 1. ანტაბლემენტის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ სვეტს ეყრდნობა. 2. სამერხული; მზიდი კოჭი, რომელიც აერთიანებს საყრდენების რიგს და მას გადასცემს ზევით მდებარე კონსტრუქციების დატვირთვას.

არქიტრავული გადახურვა – სწორხაზოვანი გადახურვა (თაღურისგან განსხვავებით).

არშინი – ძველი სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც 71 სმ-ს უდრის.

არხი – 1. წყლის სადენი საგანგებო თხრილი (მაგ. სადერივაციო არხი, სარწყავი არხი, წყალსარინი არხი); მილგაყვანილობა შენობაში კვამლის გადასაყვანად, სადგომის სავენტილაციოდ და ა.შ.

ასტრაგალი (ბერძ.) – არქიტექტურული პროფილი, რომელიც ლილვისა და თაროს შეუღლებით მიიღება.

ატიკი (ბერძ.) – შენობის მაგვირგვინებელი ლავგარდანის თავზე განლაგებული კედელი, რომელიც პარაპეტისაგან განსხვავდება მეტი სიმაღლითა და პლასტიკური დანაწევრების ხასიათით. ატიკის სიბრტყე ხშირად გამოიყენება წარწერებისა და რელიეფების მოსათავსებლად (მაგ. სატრიუმფო თაღის ატიკი).

ატლანტი (ბერძ.) – ტელამონი; საყრდენი მამაკაცის ქანდაკების სახით.

ატრიუმი (ლათ.) – 1. რომაული სახლის ცენტრალური ნაწილი, ღიობით გადახურვის ცენტრში, რომლის გარშემო განლაგებულია ძირითადი სადგომები. თავდაპირველად ატრიუმის შუაგულში მოთავსებული იყო კერა. შემდგომში ატრიუმი რომაული სახლის ერთ-ერთ საზეიმო დარბაზად იქცა. 2. სვეტებით გარშემორტყმული ეზო გვიან რომაულ და ბიზანტიურ არქიტექტურაში.

აული (თურქ.) – წარსულში მომთაბარე, დღეს ბინადარი დასახლება შუა აზიაში. ჩრდილო კავკასიაში განლაგებული დასახლება, სოფელი.

აფრა – 1. პანდატივი, ყურე; სფერული სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც იძლევა სწორკუთხა ფუძიდან გუმბათოვანი გადახურვისკენ გადასვლის საშუალებას. 2. ბოყვი; ფიცრული სახლის კედელში ვერტიკალურად დაყენებული, ერთი ან ორ მხრიდან გრძივად ამოღარული სქელი ფიცარი ან დგარი. ნაღარში დატანებულია კედლის ფიცრების თავები.

აფრიანი გუმბათი – აფრებზე ამოყვანილი გუმბათი.

აფროვანი კამარა – სფერული ზედაპირის ვერტიკალური სიბრტყეებით წაკვეთით მიღებული სხეულის ფორმის კამარა.

აფსიდი (ბერძ.) – აბსიდი; წრიული ან მრავალწახნაგოვანი მოხაზულობის, ჩვეულებრივ, შეკრული კამარით გადახურული მოცულობა. ტაძრის აბსიდში მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი.

აღორძინება – რენესანსი, პირობითი ტერმინი, რომელიც გამოიყენება ცენტრალურ XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში. გამონაკლისს წარმოადგენს იტალია, სადაც ადრინდელი აღორძინება იწყება XIV საუკუნეში. ტერმინი `აღორძინება~ შეპირობებულია ბურჟუაზიის აღმოცენების ეპოქის უდიდესი ინტერესით ანტიკური კულტურის მატერიალისტური (ფილოსოფიაში) და რეალისტური (ხელოვნებაში) ელემენტებისადმი.

აღსავალი – 1. საკურთხევლის შემაღლებულ ბაქანზე ასავლელი ხარისხედი; 2. კიბე, კიბის სვლა, საფეხურების რიგი.
აღსავლის კარი – კანკელის სამ კართაგან საშუალო.

აყრდნობილი სვეტი – კედლის სვეტი, პილასტრი; ვერტიკალური გამონაშვერი კედლის სიბრტყიდან, რომელიც იმეორებს რომელიმე ორდერის სვეტის მწყობრს და წარმოადგენს დეკორაციულ ელემენტს ან კედლის კონსტრუქციულ შესქელებას.



megobari saitebi

   

23.09.2014