arqiteqturuli leqsikoni
რაბათი (თურქ) – ვაჭარ-ხელოსანთა დასახლება შუა საუკუნეების ქალაქის ან მონასტრის კედლებთან.
რაბი – 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელსაც მომიჯნავე ნაკვეთურებში (კამერებში) წყლის დონის თანდათან გათანაბრების გზით გემები წყლის ერთი დონიდან მეორეზე გადაყავს. 2. სათავანი, ჯებირი, კაშხალი, ხერგი; ნაგებობა, რომელიც მდინარის დინების განივად აიგება, კეტავს წყლის დინებას და ქმნის წყალსატევს.
რაველინი (ფრან) – მომიჯნავე ბასტიონებს შორის განლაგებული ფორტიფიკაციური ნაგებობა.
რაზა – 1. ზირზა, კავი, რკინამ რომელიც კარის დასაკეტად კოჭაკს გადაეცმება. 2. ურდული; რკინისტარიანი ზოლი, რომელიც კარის დასაკეტად მარყუჟში გაეყრება; 3. საგდული; წყლის დინების გადასაღობი ფარი.
რაკურსი (ფრან) – საგნის ასახვა განსაზღვრული თვალხედვის წერტილიდან ფერწერაში, ნახატში, ქანდაკებაში მაყურებლისგან დაცილებული ნაწილების შემცირებით.
რამპა (ფრან) – ავანსცენის კიდულის გასწვრივ მოთავსებული სანათი არმატურის სისტემა.
რანდკოჭი – დირე, საძირკვლის კოჭი; წყვეტილ საძირკვლებზე ან კარკასის დგარების შვერილებზე დაყრდნობილი კოჭი, რომელიც ღებულობს კაპიტალური კედლების ნაწილის ან კარკასის შევსების დატვირთვას.
რაპორტი (ფრან) – ორნამენტის, ნახატის განმეორებადი ელემენტი.
რატუშა (ჰოლ) – ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მიღებული დასახელება შენობისა, სადაც თავსდება ქალაქის მმართველი ორგანო.
რაფა – საფანვალი; ფანჯრის ღიობის შიგა მოჩარჩოების ქვედა თარაზული ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კედლის სიბრტყიდან გამოწეულ ფიცარს ან ფილას.
რეგულარული დაგეგმარება – დასახლებული ადგილის, მისი ნაწილის, პარკის და ა.შ. ისეთი დაგეგმარება, სადაც ქუჩების ქსელის სისტემა ძირითადად ემყარება განსაზღვრულ გეომეტრიულობას ან რაიმე ღერძის სიმეტრიულად არის განლაგებული.
რეზინდეცია (ლათ) – სახელმწიფოს ან მთავრობის ხელმძღვანელის, აგრეთვე მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ პოსტზე მყოფი პიროვნების მუდმივი ადგილსამყოფელი.
რეკონსტრუქია (ლათ) – 1. შენობის, არქიტექტურული კომპლექსის, ქალაქის და ა.შ. ძირეული გადაკეთება ახალი პრინციპების შესაბამისად. 2. არქიტექტურული, სკულპტურული ან სხვა ძეგლის გრაფიკული აღდგენა. რეკონსტრუქცია, განსხვავებით რესტავრაციისაგან, მიზნათ არ ისახავს ძეგლის ნატურაში აღდგენას.
რეკრეაცია (ლათ) – სადგომი ან სადგომთა ჯგუფი, სადაც სკოლის მოსწავლენი ატარებენ შესვენებებს გაკვეთილებს შორის.
რელიეფი (იტ.) – 1. მიწის ზედაპირის ხასიათი. 2. ამობურცული სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე.
რენესანსი (ფრან.) – იხ. აღორძინება.
რეპერი (ფრან) – გეოდეზიაში ნიშანი ადგილზე, რომელსაც ეყრდნობიან ნიველირების ჩატარებისას და აგრეთვე სამშენებლო მოედნის დაკვალვისას.
რესტავრაცია (ლათ) – არქიტექტურული, ფერწერული, სკულპტურული და სხვა ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენა.
რეტიკულატი (ლათ) – ბეტონის კედლის ქვით ბადისებრი მოპირკეთება ანტიკურ რომში.
რიგელი (გერმ) – მწეკოჭი; შემკვრელი კოჭი, მზიდი კონსტრუქციის ჰორიზონტალური ელემენტი – სვეტების შემაერთებელი ძელი.
რიზალიტი (იტ) – სამხრე; შენობის გამოწეული ნაწილი.
რიკული – ბალიასინა, სურაია; მცირე ზომის ფიგურული ბოძი, რომელსაც ეყრდნობა კიბის, აივნის და მისტ. მოაჯირი.
როზეტი (ფრან.) – ვარდული; ორნამენტი სტილიზებული ყვავილის სახით.
როკაილი (ფრან) – ორნამენტული მოტივი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნიჟარის გამოსახულება.
როკოკო (ფრან) – სტილისტური მიმართულება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხელოვნებაში, რომელიც გავრცელდა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში და ხასიათდება დანაწევრებული და პრეტენციოზული ფორმების გამოყენებით. ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია ამ პერიოდში გავრცელებული ორნამენტული მოტივის როკაილის (ნიჟარის) სახელწოდებიდან.
როსტვერკი (გერმ.) – ბეტონის ბალიში, რომლის საშუალებითაც შენობის დატვირთვები ხიმინჯებს გადაეცემა.
როსტრა (ლათ) – დეკორატიული მოტივი – გემის წინა ნაწილის სკულპტურული გამოსახულება.
როსტრიანი სვეტი – გემის წინა ნაწილის სკულპტურული გამოსახულებით – როსტრათი შემკული სვეტი.
როტუნდა (იტ) – წრიული გეგმის მქონე, ჩვეულებრივ გუმბათით დაგვირგვინებული ცენტრული ნაგებობა.
რუსტი (ლათ) – კედლის მოსაპირკეთბელი ქვა, რომელსაც წინა პირი გაუთლელი, უხეშად დამუშავებული აქვს.
რუსტიკა (ლათ) – კედლის დამუშავება ჩაღრმავებული ზოლით შემოფარგლული, ამობურცულზედაპირიანი კვადრებით, რუსტებით.
რუსხმული – აკვედუკი; ხიდი, რომლის საშუალებით წყალგაყვანილობის მილები, სარწყავი და ჰიდროტექნიკური არხები ხევებზე, გზებზე და მდინარეებზე გადაყავთ. `მაღლა შეშენებული რუ~ (საბა).
|