1104 წელს მეფე დავით IV-აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება – “სანახებდა ქართლისათა მახლობლათ ორთა საეპისკოპოთა რუისისათა და ურბნისისათა”;
3. adgilmdebareoba
რუისის რუისის ფერისცვალების სახელობის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით მდებარე სოფელ რუისის ცენტრში.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072-1083 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. 1104 წელს მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება – “სანახებდა ქართლისათა მახლობლათ ორთა საეპისკოპოთა რუისისათა და ურბნისისათა”.
რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა ფეოდალური საქართველოს მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. აქ მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX-X სს.), ლეონტი მროველი (XII-XIII სს.), დიონისე ლარაძე (XVI ს.), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს.), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732 წწ.), იონა გედევანიშვილი (1737-1821 წწ.), და სხვა. აქ იყო დიდი წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა ბევრი ხელნაწერი. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუისის სახარება (XI ს.).
გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს (გარდ. 503 წ.). ამ ხანის ნაგებობას არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII-IX სს. მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI ს-ში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განაუხლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთ კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: “ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ”; წარწერის ბოლოში მიწერილია: “მარიამ დედოფლისა” (ეს უნდა იყოს მეფე ბაგრატ IV-ის დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრას დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხან დედოფალი: “ზრუვა და საურავი ხელყო დედოფალსა ბურდუხანს”. თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთ ფასადის წარწერის თანახმად ეკლესია აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ.). “ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფითა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი – რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს”. ეკლესიის სამხრეთ ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: “კალატოზმა ზედა მომგესა შალვას შეუნდენ ღმერთმან, ამინ”. XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII ს-ში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის (1632-1758 წწ.) მეუღლეს. XVIII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: “ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე. და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს”… რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობებს იძლევა რუისის მღვდელმთავრის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ 1715 წ. შედგენილი “სამწყსოს დავთარი”. 1803 წ. რუისის ეპარქია გაუქმდა.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება;
7. arqiteqturuli aRwera
ა) მთავარი ტაძარი - რუისის ფერისცვალების ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (27,3X19,6; სიმ. გუმბათქვეშ 23,2 მ.). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო-მომწვანო და იასამნის ფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთეობისას გამოყენებული იყო მონაცისფრო-მოშავო ბაზალტის კვადრები, შირიმი და აგური.
dasavleT fasadi
gegma
ganivi ganakveTi aRm-ken
ტაძარში სამი სწორკუთხა შესავლელია: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. X საუკუნეში ეგვტერების აგების დროს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთებში გადაუტანიათ (შემორჩენილია ჩრდილოეთის თავდაპირველი შესასვლელის თაღის ნასტი). დასავლეთით შესასვლელზე XV საუკუნეში მიუშენებიათ სამი მხრივ თაღებით გადახსნილი კარიბჭე, რომელიც იმეორებს ძველ ფორმებს. თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს. გუმბათში 12 სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). 1781 წელს საკურთხევლის წინ აჟურული კანკელი დაუდგიათ. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეღებილია. აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
moxatulobis naSTi
sakurTxeveli
moxatulobis naSTi
მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი, მწვანე ფერები. ფონი ზოგან სამფერია – მწვანე, მოწითალო, იასამნისფერი. XI-ე საუკუნეში სამხრეთით და ჩრდილოეთით მიაშენეს კარიბჭე-ეგვტერები. პირვანდელი სახით შემორჩა ჩრდილოეთის ეგვტერი, რომლის კვადრატული სივრცე გადახურულია რვასხივიანი ორნამენტირებული გუმბათით. კედელზე გაირჩევა მოხატულობის კვალი. ეგვტერს დასავლეთით ეკვროდა ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი – კარიბჭე (შემორჩენილის ნაწილი). კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. კედლები ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. სათავსს ჩრდილოეთით ჰქონდა მოჩუქურთმებულ იმპოსტებზე დაყრდნობილი ფართო თაღოვანი ღიობი – შესასვლელი. მისგან შერმორჩენილია დაბალი ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილი. სამხრეთის კარიბჭისაგან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. იგი XV ს-შია ძირეულად შეკეთებული და გადაკეთებული. ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგლილვებიანი დეკორატიული თაღები და ნახევარსვეტები. გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთარგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე).
ornamenti
ornamenti
ornamenti
მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში. ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნეების ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო რელიეფი. ტაძრის კონუსური გუმბათი ამჟამად გადახურულია თუნუქით, ხოლო დანარჩენი სახურავები – კრამიტით.
koSki-samreklo
ბ) კოშკი-სამრეკლო მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, ჩაშენებულია გალავანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობა სამსართულიანია (7,4X6,8 მ), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი და შირიმის ქვებით, აგურით. I სართულის კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიულიკამარით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრფორსებია მიშენებული. სავარაუდოა აქ ზედა სართულზე ასასვლელი კიბე იყო. II სართული საცხოვრებელია, მის კედელში ბუხარი (ამოშენებულია მოგვიანებით) და თახჩა ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია. III სართული საკუთრივ სამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო თაღი აქვს. გადახურვა დეფორმირებულია. დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია. გ) გალავანი - კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. კედლის ორფერდა თავი გადალესილია ცემენტის ხსნარით. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მ-ს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან დანაწევრებულია საფეხურებად, ზოგან შეტეხილია. შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
რუისის ფერისცვალების სახელობის ტაძარი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebida bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ნინო ნაროზაული, დავით მიქავა.