Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
(მანგლისის სიონი)

(Vს-ის ბოლო – 1020წ.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი, გალავანი, სამრეკლო და სხვადასხვა ნაგებობები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

XI საუკუნეში მანგლისში წიგნები იწერებოდა და ითარგმნებოდა, მაგალითად მათეს და იოანეს სახარების თარგმანები. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ მანგლისში ამ დროს კულტურული ცხოვრება ჩქეფდა.

ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე, ესეიგი IV საუკუნის ოცდაათიან წლებში, ერთ–ერთი პირველი ტაძარი სწორედ მანგლისში აიგო. VI საუკუნეში მანგლისის ტაძარი იმდენად სახელგანთქმული ყოფილა, რომ მის კარზე სალოცავად საქართველოს საზღვრებს გარედან, კერძოდ, სომხეთიდანაც დადიოდნენ.

მანგლისის ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლია. 1953 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დავალებით მანგლისის გუმბათში შემორჩენილი ფრესკების ნაწილის პირები გადაიღო მხატვარმა ტ. შევიაკოვამ, პირები ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 

3. adgilmdebareoba

მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს  საქართველოში,  ქვემო  ქართლის  მხარეში,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისის განაპირას.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ისტორიულ წყაროებში დაცული ცნობები მოწმობს, რომ მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე, ესეიგი IV საუკუნის ოცდაათიან წლებში, ერთ–ერთი პირველი ტაძარი სწორედ მანგლისში აიგო. ლეონტი მროველის ცნობით IV საუკუნის პირველ ნახევარში მანგლისი ქალაქია და თბილისთან, უჯარმასთან, ბოლნისთან და რუსთავთან ერთად ქართლის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. ამ გარმოებამ განაპირობა ის, რომ როდესაც საქართველოს მეფე მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და კონსტანტინე კეისარმა მისი თხოვნის თანახმად მის მოციქულს ეპისკოპოსს იოვანეს წმინდა რელიქვიები გამოატანა და აგრეთვე დიდძალი განძი, მან მცხეთაში მისვლამდე გზაზე ჯერ ერუშეთს და წუნდას დაუტოვა რელიქვიების ნაწილი და განძი ეკლესიების ასაშნებლად, ხოლო იქიდან `წარმოვიედა და მოვიდა მანგლისს და იწყო ეკლესიასა შენება; და დაუტევნა ფიცარი იგი უფლისანი~. იმის შესახებ, რომ მანგლისში ერთ-ერთი პირველი ქვის ეკლესია იქნა აგებული, სადაც ქრისტიანობის უწმინდესი განძი, ქრისტე ჯვრის ნაწილები ყოფილა დაცული, X საუკუნის ისტორიკოსი არსენი კათალიკოსიც მოგვითხრობს თავის შრომაში `ცხოვრება წმინდა ნინოსი~. ამ ცნობას ისიც ადასტურებს, რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის მიერ დაარსებულ 12 საეპისკოპოსოს შორის მანგლისი რიგით მეოთხეა დასახელებული. იმას, რომ მანგლისი საქართველოში ერთ-ერთი პირველი საეპისკოპოსო კათედრა იყო ადასტურებს მრავალი ისტორიული წყარო. VI საუკუნეში მანგლისის ტაძარი იმდენად სახელგანთქმული ყოფილა, რომ მის კარზე სალოცავად საქართველოს საზღვრებს გარედან, კერძოდ, სომხეთიდანაც დადიოდნენ. სწორედ ამიტომ, როცა ქართველ და სომეხთა ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების შემდეგ, სომეხთა კათალიკოსმა აბრაამმა `607-8 წ. ირგვლივმოსავლელი ეპისტოლე გამოსცა~, ბრძანა, - სომხები `მცხეთის და მანგლისის ჯვრების კარზე სალოცავად აღარ გაემგზავრნენ ხოლმეო~. ამ საბითით ირკვევა, რომ მანგლისის ტაძარი თავიდან ჯვრის სახელობაზე იყო აგებული, ვინაიდან მისი აგებისთანავე მასში დაცულ იქნა წმინდა ჯვრის ნაწილები.
VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე (610-641) საქართველოს შეესია და 627 წელს თბილისიც აიღო. ჯუანშერი გოდებით მოგვითხრობს, რომ `მაშინ ერეკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი, რომელნი მოცემუილ იყვნენ კონსტანტინესგან მირიანისდა~-ო. რასაკვირველია, ეს მეტად დიდი დანაკარგი იყო ქართული ქრისტიანობისათვის.
ამის შემდეგ მანგლისის ტაძარზე ისტორიულ წყაროებში XI საუკუნემდე არავითარი ცნობები არ გვხვდება. XI საუკუნის პირველ მესამედში ტაძრის ისტორიაში დიდი გარდატეხა ხდება. შედარებით პატარა ეკლესია რადიკალურად გადააკეთეს, ძველი გუმბათი შეიცვალა ახლით, ძეგლი შეამკეს იმ დროისათვის დამახასიათებელი ქვაზე კვეთილი ჩუქურთმით, მის ფასადებზე ამოკვეთეს სხვადასხვა ხასიათის წარწერები, რომლებიც გვაწვდიან ზოგიერთ ცნობას XI საუკუნეში ტაძრის ისტორიის შესახებ, მოხატეს მთლიანად ტაძრის კედლები შიგნიდან (ამჟამად მხატვრობა მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი).
მანგლისის ტაძარს ისტორიული ხასიათის მრავალი წარწერა ჰქონდა, მაგრამ მათგან უფრო მნიშვნელოვანი XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ჩატარებულმა რემონტმა იმსხვერპლა. ამჟამად ტაძარზე შემორჩენილ წარწერებს შორის ზოგი იმდენადაა დაზიანებული, რომ მხოლოდ ნაწილობრივ იკითხება, ზოგი კი ძეგლის ისტორიისათვის საყურადღებოს არაფერს შეიცავს.

aboliras warwera

ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან დღემდე მხოლოდ აბოლირას წარწერამ მოაღწია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთი ფასადის სარკმლის თავზეა ამოკვეთილი. სხვა წარწერები, რომელთა წაკითხვაც ხერხდება, სამხრეთ კარიბჭეზეა მოთავსებული. აღსანიშნავია ტაძრის ორი დამათარიღებელი წარწერა, რომლებიც ბროსემ გამოსცა. პირველი წარწერა ასეთია: ქ…(დი) დსა ამას საყდარსა აღაშენა ქრონიკონსა სმ, ესე იგი 240 = 1020 წელს. ეს წარწერა იმ დროსაც ძალიან დაზიანებული ყოფილა, როდესაც მისი პირი ბროსეს კორესპონდენტებს გადაუღიათ. მაგრამ წარწერის ბოლოში ტაძრის აგების თარიღი, ქრონიკონი კარგად იკითხება. მეორე წარწერის ასლი ეროვნებით ფრანგს, მხატვარ ფრიჩს შეუსრულებია ეს ნახატი დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების ხელნაწერთა ფონდში. ეს ნახატი ბართლომეის გაუგზავნია ბროსესათვის 1853 წლის 23 ოქტომბერს. ბართლომეი წერილში წერს, რომ ფრიჩმა ქართული არ იცის, რასაც ხედავდა ის დახატა და ამ მხრივ სრულიად სანდოაო. წარწერის მეოთხე სტრიქონის ბოლოს ნათლად იკითხება ქრონიკონი სმ, ესე იგი 240 = 1020 წელს.
მანგლისის ტაძარზე ცნობები XI საუკუნის ისტორიულ წყაროებშიც გვხვდება. XI საუკუნის ცნობითი წერილობითი დოკუმენტი ძეგლის შესახებ ღირშესანიშნავ ცნობას გვაწვდის, ეს არის `გელათში დაცული სამი ტყავის წიგნი, მათეს და იოანეს სახარების თარგმანი, რომელსაც მრავალი საისტორიო წარწერა აქვს~. მათ შორის პირველ წიგნს ლიპარიტ ერისთავთა ერისთვის - `დაიწერა წ-ი ესე წიგნი მანგლისს: ბრძანებითა ჩემითა: საყოფელსა ძლევა შემოსილისა. ძელსა ცხოვრებისასა… ქრონიკონი იყოპ სიზ (1047 წელი)~. მეორე წიგნს: `დაიწერა წ-ა წიგნი ბრძანებითა ჩემითა დიდებულსა საყდარსა მანგლის საყოფელსა ძლევა შემოსილისა ძელისა ცხოვრებისასა~. (1048 წელი). თვით ის ფაქტი, რომ XI საუკუნეში მანგლისში წიგნები იწერებოდა და ითარგმნებოდა, ნათლად მიუთითებს, რომ მანგლისში ამ დროს კულტურული ცხოვრება ჩქეფდა.
როგორც ჩანს, მანგლისი განსაზღვრულ დროს ბაგრატ IV მეფობაში ბაღუაშებს ეჭირათ. ეს მოხდა ტაძრის აგების შემდეგ, ტაძრის აგების დროს კი გიორგი I და ბაღუაშებს შორის ურთიერთობა გამწვავებული არ იყო. ტაძრის ამშენებელი 1020 წელს მხოლოდ მეფე გიორგი I შეიძლება იყოს, რასაც ადასტურებს სამხრეთ კარიბჭის შესასვლელის თაღზე მოთავსებული წარწერაც. აღსანიშნავია, რომ ძველ საქართველოში ტაძარი ეწოდებოდა ისეთ ეკლესიას, რომელიც ეპისკოპოსის ან ქორეპისკოპოსის საჯდომად ითვლებოდა.
შემდეგ საუკუნეებში, როგორც ჩანს, მანგლისის კათედრალის მყუდრო ცხოვრება დაირღვა.  მანგლისის წარწერებით და ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ მანგლისის ტაძარი, რომელიც თავიდან ჯვრის სახელზე იყო აგებული, შემდგომში ღვთისმშობლის სახელზე უკურთხებიათ. როდის მოხდა ეს და რა მიზეზით იყო გამოწვეული ტაძრის მეორედ კურთხევა და სახელის შეცვლა, არ ვიცით, ვინაიდან XI საუკუნიდან XV საუკუნემდე ისტორიულ საბუთებში მანგლისის ტაძარზე არავითარი ცნობები არ გვხვდება. XV საუკუნიდან კი ის ტაძრისადმი მიძღვნილ ყველა სიგელში, ჯვრის სახელთან ერთად, ღვთისმშობლის სახელითაც მოიხსენიება. ცნობილი პირველი ისტორიული საბუთი, სადაც მანგლისის ტაძარი ახალი სახელით გვხვდება, მეფე ალექსანდრე I მიერ 1441 წელს გაცემული სიგელია. საერთოდ რაიმე მიზეზის გამო დაქცეული ეკლესიის აღდგენისა ან მიტოვებულ ეკლესიაში წირვის განახლების შემდეგ ეკლესიის ახალ სახელზე კურთხევის სხვა მაგალითებიც არის (მაგ. სამწევრისი).
ისტორიული საბუთები, სიგელ-გუჯარები, გვამცნობენ, რომ მანგლისის საეპისკოპოსო, როგორც დამოუკიდებელი სამწყმსო, გაუქმდა და ის თბილისის საეპისკოპოსოს შეუერთდა, რის შემდეგ თბილისის და მანგლისის გაერთიანებული სამწყსოს ეპისკოპოსი მანგლე-თბილელად იწოდება. როდის მოხდა და რა კონკრეტული მიზეზით იყო გამოწვეული ამ ორი საეპისკოპოსოს შეერთება, ამის შესახებ ისტორიული ცნობები არ მოიპოვება. მაგრამ ცნობილია, რომ ჯერ კიდევ XII საუკუნის დასაწყისში თურქმენთა გაერთიანებული ჯარი მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში და 1121 წლის 12 აგვისტოს მოადგა ქალაქ მანგლისს. ცხადია თურქმენები, პირველ ყოვლისა, მანგლისის მდიდარ ტაძარს აიკლებდნენ და გაძარცვავდნენ, მაგრამ ცნობილი არ არის, სწორედ ამ დროს დაკარგა თუ არა მანგლისმა თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან XIII საუკუნეში მანგლელი ეპისკოპოსი კიდევ დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან როგორც გუდარეხის წარწერაშია აღნიშნული, გუდარეხის ტაძარი მანგლელმა ეპისკოპოსმა ევდემონმა აკურთხა. გუდარეხის ტაძარის კი XIII საუკუნის მეორე მეოთხედით თარიღდება. მოსალოდნელია, რომ მანგლისმა დამოუკიდებლობა დაკარგა XIV ბოლოს, თემურლენგის შემოსევების დროს, რომელიც საქართველოს პირველად 1386 წელს შემოესია.
პირველი ეპისკოპოსი, რომელიც ისტორიულ წყაროებში მანგლე-თბილელის სახელით გვხვდება, არის იოანე II, 1434 და 1437 წლების დოკუმენტებში მოხსენებული.
მაგრამ როდესაც ქვეყანა ასე თუ ისე წყნარდება მანგლისის კათედრალი თავის უფლებებს იბრუნებს.
XVII საუკუნის მეორე ნახევრისთვის ძეგლის მდგომარეობის შესახებ საყურადღებო ცნობას გვაწვდის მანგლისის გალავნის აღმოსავლეთ კედელში არსებული შესასვლელის თავზე მოთავსებული მხედრული წარწერა, რომელიც გვატყობუნებს, რომ 1667 წელს მანგლე ეპისკოპოსს არსენს სამშენებლო სამუშაო ჩაუტარებია. ეს წარწერა პირველად ბროსემ გამოსცა. წარწერაში ლაპარაკია გალავნის აგებაზე. სავარაუდოდ არსენს გალავანი აღუდგენია და თვით ძეგლიც შეუკეთებია. არსენის სამშენებლო მოღვაწეობის ნაყოფი უნდა ყოფილიყო ტრანსეპტის წინ აგურით და ქვით ნაგები კანკელი. როგორც წარწერიდან ჩანს ეპისკოპოს არსენს სამუშაოები ჩაუტარებია XVII საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ მეფე ვახტანგ V-ის შაჰნავაზის დროს (1658-1675 წწ.) ამის შემდეგ, XVII საუკუნის დასასრულს და XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მრავალი სიგელ-გუჯარია გაცემული მანგლისის ტაძრისათვის შეწირულებათა მიცემის შესახებ. ამ სიგელ-გუჯარებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში მანგლისის ტაძარი მდიდარი, მრავალი მამულების მფლობელი კათედრალია, ხოლო მისი ეპისკოპოსი მეფის კარზე მიღებული და გავლენიანი პიროვნებაა. მანგლისის ამ დროს მეფეთა სასიქადულო ტაძარია, როგორც მას მეფე იესე 1715 წელს ტაძრისათვის მირთმეულ სიგელში უწოდებს.
როდესაც გიორგი XI ირანის შაჰს აჯანყების შემდეგ დამორჩილდა და `ყანდაარს~ ეახლა, მეფეს ამ მძიმე მისიის შესრულების დროს თან ახლდა `მანგლელი მთავარეპისკოპოსი დოპლენჯიშვილი არსენ~.
ვახუშტი ბატონიშვილის აღწერიდანაც ჩანს, რომ XVIII საუკუნეში მანგლისის ეპისკოპოსი საკმაოდ მოზრდილი რაიონის მწყემსი ყოფილა - `მწყემსი ალგეთის ხეობისა და ქციის ზემოთისა თრიალეთამდე~. ამ პერიოდში მანგლისის საეპისკოპოსოს თავისი მამულები სხვა ადგილებშიც ჰქონდა, მაგალითად ზემო და ქვემო ბოლნისში, ჯავახეთში და სხვა. როგორც 1706 საბუთიდან ირკვევა, მანგლელი ამ დროს იმდენადაა გაძლიერებული, რომ თბილელს სამეყსოს დარბაისლის ნიშანზე და საწირავზე ეცილება. მაგრამ მანგლისის ტაძრის და მისი ეპისკოპოსის ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. XVIII საუკუნეში მანგლისი ლეკებმა გაძარცვეს, ეკლესია და თვით მანგლისი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ იქნა. როდის შეწყდა მანგლისში წრვა-ლოცვა, როდის მიატოვა ტაძარი და ძველი სახელგანთქმული ქალაქი მოსახლეობამ სრულიად, ზუსტად არაა ცნობილი, როგორც ჩანს, ეს რამდენიმეჯერ მომხდარა. მტრის შემოსევის შემდეგ მიტოვებულ სოფელსა და ეკლესიაში შემდეგ, როდესაც ქვეყანა ოდნავ დაწყნარდებოდა კვლავ ბრუნდებოდა მოსახლეობა და ახლდებოდა მღვდელთმსახურება. ასეთი შემთხვევა ტაძრის ისტორიაში უკვე აღნიშნულია,  როდეაც ჯვრის სახელობის ტაძარი ღვთისმშობელზე აკურთხეს, შემდეგ არსენ ეპისკოპოსის მოღვაწეობაც ამითვე უნდა ყოფილიყო გამოწვეული. როგორც ისტორიული საბუთებით ირკვევა, არსენის შემდეგ მანგლისში წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილია XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულემდე. 1725 წლიდან 1784 წლამდე მანგლისის ტაძრის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. სწორედ ამ პერიოდში მანგლისის კათედრალი, როგორც ჩანს, მიტოვებული იყო. ამის ნათელი დადასტურებაა 1784 წელს და 1794 წელს მეფე ერეკლეს მიერ გაცემული ბრძანება. პირველში მეფე უბრძანებს სიმონ მაღალაშვილს, რათა მტკვრის ორსავე ნაპირზე დასახლებული მანგლისის ეკლესიის გლეხები გადაასახლოს მანგლისის მახლობლად, სადაც არსდება ახალი სოფელი. ხოლო 1794 წელს დავით ოდბელიანს ბრძანებით ავალებს მოძებნოს ყველგან მანგლისის ეკლესიის გლეხები და გადასახლოს უკანვე, ეგრეთვე, შეიტყოს ვინ დაიკავა მანგლისის ეკლესიის მიწები, ჩამოართვას მათ და დაუბრუნოს ეკლესიას. იმავე წელს ნაიბს დავით აბაშიშვილს უბრძანებს, რომ მან იზრუნოს, რათა მანგლისის გლეხები სათანადოთ ემსახურონ ტაძარს, გადაუხადონ ყოველივე სავალდებულო გადასახადი და არ მისცეს არავის უფლება, რათა უმიზეზოდ შეაწუხონ ეკლესიის გლეხები, მეფე აძლევს უფლებას მანგლისის ეკლესიის გლეხები, რომლებიც სხვაგან არიან დასახლებული, უკან გადაასახლოს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ახლად დასახლებულებს აღმოუჩენს საჭირო დახმარებას.
ისტორიული უკანასკნელი საბუთი, სადაც მანგლისის ეპისკოპოსია მოხსენებული, 1796 წელს ეკუთვნის. მეფე ერეკლეს ენერგიული მოქმედების შემდეგ საუკუნის ბოლო მეოთხედში ტაძარი აღორძინდა. მაგრამ დიდხანს არც ეს გაგრძელდა. 1795 წელს აღა-მაჰმად ჰანის შემოსევას არა მარტო მანგლისის, არამედ მთელი იმ მხარის დაცარიელება მოჰყვა. ამიტომ იყო, რომ როდესაც 1824 წელს რუსეთის ჯარის ნაწილი დადგა მანგლისში, ის სრულიად მიტოვებული და უკაცრიელი იყო. ეკლესიაში უამინდობის დროს თათარი მწყემსები ცხვარს აყენებდნენ და ცეცხლს ანთებდნენ. კედლები, ორმნამენტები და ფრესკები ჭვარტლით იფარებოდა და ნადგურდებოდა. რუსი ჯარის ჩადგომას მანგლისში, უპატრონოდ მიტოვებული ტაძრისთვის პირველ ხანებში ზიანის მეტი არაფერი მოუტანია ამ ჯარის მეთაურის ნიკოლოზ მურავიოვის (შემდეგში მეფის ნაცვალი კავკასიაში და კავკასიის ჯარების მთავარსარდალი) უვიცობის გამო, რის შესახებაც ამავე პოლკის რიგითი ოფიცრები მოგვითხრობენ. იმის მაგივრად, რომ დაეცვა და პოლკის ეკლესიად გამოეყენებინა მანგლისის ტაძარი, მან ორიოდე კილომეტრიც მოშორებით ახალი ეკლესიის  შენება დაიწყო. ამ უკანასკნელის ასაგებად კი მანგლისის ახლო მახლო მდებარე ძველი ეკლესიების ნანგრევებიდან მოჰქონდათ მოპირკეთების ქვები. ასევე, მანგლისის ტაძრიდანაც მრავლად გაზიდეს არა მარტო სუფთად ნათალი მოპირკეთების, არამედ ჩუქურთმიანი და წარწერიანი ქვებიც. მანგლისის ეკლესიას რუსეთის ჯარის იქ მისვლიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ მიექცა სათანადო ყურადღება. როგორც ა. უმანცევი გადმოგვცემს, 1849 წელს მანგლისში დასასვენებლად ყოფილა საქართველოს ექზარხოსი ისიდორე. ექზარქოსს გაუცია განკარგულება ტაძარი გაეწმინდათ და შეებათ მისთვის კარები. 1850 წელს ტაძარი დაუთვალიერებია მეფის ნაცვალს, რომელსაც შეწირელუბა გაუღია და განკარგულება გაუცია ძეგლის შეკეთების შესახებ. ძეგლის შეკეთება 1850-1851 წლებში დაიწყო და ამჟამად (ესე იგი 1852 წელს) საკურთხევლის გარეთა მხარე და გვერდის პატარა ოთახები აღდგენილია. ამრიგად, ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები 1850 წელს დაუწყიათ, მაგრამ ეს სამუშაოაები მალე შეჩერებულა და მხოლოდ აღნიშნული პოლკის ოფიცრების გულმოდგინების შედეგად 1856 წლიდან ძეგლის აღდგენას უფრო გულმოდგინედ მოჰკიდეს ხელი. 1857 წელს ეკლესიის და სამხრეთი კარიბჭის შეკეთება დაამთავრეს და მაშინვე შეაკეთეს მათი სახურავები. 1858 წლის 14 სექტემბერს ეკლესიის გუმბათზე ჯვარი აღმართეს. ამავე წელს პოლკის სადურგლო სახელოსნოში გააკეთეს კაკლის ხის იკონოსტასი, რომელიც მთლიანად მოაოქროვეს და ხატებით შეამკეს. ჩატარებულმა სამუშაომ დიდი ხარჯები მოითხოვა რის გამოც ძეგლის დასავლეთი კარიბჭის და გალავნის აღდგენა, აგრეთვე სამრეკლოს აგება და ეზოს კეთილმოწყობა 1862 წლამდე ვეღარ მოხერხდა. ეზო გაწმინდეს სამონასტრო ნანგრევებისგან და მასში ბაღი გააშენეს. 1862 წლის 9 ივნისს საქართველოს ექზარხოსმა ევსევიმ ტაძარი აკურთხა ღვთისმშობლის სახელზე. ამ ამბის უშუალო მონაწილეს. სლივიცკი აგვიწერს კურთხევის ზეიმს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პოლკის მთლიანმა შემადგენლობამ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და სხვა ადგილებიდან მოსულმა ხალხმა. ძეგლის აღსადგენად საჭირო ფულის ნაწილი ნასესხები იქნა პოლკის ეკლესიის კაპიტალიდან, ნაწილი კი შევიდა შეწირულების სახით, როგორც პოლკის ოფიცრებისგან, ასევე მოსახლეობისაგან. ტაძრის აღდგენის და მასში საეკლესიო მსახურების განახლების შემდეგ, ის 22 წლის განმავლობაში პოლკის გამგებლობაში შედიოდა და თავის შემოსავლიდან ისტუმრებდა პოლკის ეკლესიის ვალს. ეკლესიამ თავის დამოუკიდებელი მართველობა მხოლოდ 1884 წელს მიიღო.
XIX საუკუნეში ტაძარზე ჩატარებულ სამუშაოთა ისტორიას გადმოგვცემს სამი რუსული წარწერა, რომლებიც `რესტავრატორებს~ მოუთავსებიათ ძეგლის აღდგენილ ნაწილებზე. ამრიგად, XIX საუკუნეში ჩატარებული რემონტის შედეგად ტაძარი მღვდელმსახურებისთვის აღდგა, მაგრამ მეცნიერებისათვის ბევრი რამ საბოლოოდ დაიკარგა. აღმდგენელებმა ტაძარს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს და, რაც მთავარია, განადგურდა ბევრი ისტორიული მნიშვნელობის წარწერა. ამის შემდეგ ძეგლის ისტორიაში მნიშვნელოვანი არაფერი არ მომხდარა. 1956 წელს ტაძარი შეაკეთეს, აღდგენილ იქნა სამხრეთ-დასავლეთ კამერის აფსიდის ნაწილი, შეკეთდა სახურავი. მაგრამ ვინაიდან ძეგლზე არსებული კრამიტის ანალოგიური კრამიტი ვერ იშოვეს, დაიშალა საკურთხევლის ჩრდილოეთით მდებარე სამკვეთლოს გადამხურავი კალტა და ის კრამიტი გამოიყენეს ყველგან, სადაც დაზიანებული სახურავი ამას მოითხოვდა, ხოლო სამკვეთლო ხელახლა გადახურეს ახალი ღარისებრი კრამიტით. 1953 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დავალებით მანგლისის გუმბათში შემორჩენილი ფრესკების ნაწილის პირები გადაიღო მხატვარმა ტ. შევიაკოვამ, პირები ხელოვნების მუზეუმში ინახება.
1959 შესრულდა ტაძრის ფრესკების გაწმენდა და გამაგრება, ეს სამუშაო მხატვარ-რესტავრატორ შ. აბრამიშვილის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შესულდა.

წირვა-ლოცვა მანგლისში არც რევოლუციის შემდეგ არ შეწყვეტილა.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

გალავანს შიგნით ტაძარს სამი მხრიდან სწორი მოედანი ეკვრის, ჩრდილოეთიდან კი – ფერდობი, რომელიც ჩრდილოეთ ფასადიდან ორიოდე მეტრის დაშორებით წყდება.
ა) მანგლისის ტაძარი დიდი გუმბათიანი ნაგებობაა, რომელიც დღევანდელი სახით არ წარმოადგენს ერთი რომელიმე ეპოქის მხატვრული შემოქმედების ნაყოფს. ამის გამო ის ძლიერ გართულებულია, როგორც გარედან, ისე შიგნით. ტაძარი გარედან მრავალწახნაგაა, წაგრძელებული აღმოსავლეთის მხრიდან, კარიბჭეეებით სამხრეთით და დასავლეთით. გეგმაში ტაძარი ტეტრაკონქს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ იგი არ იმეორებს  ცნობილი ტეტრაკონქის არცერთ სახეს. მისი ნახევარწრიული მკლავებიდან სამი – სამხრეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთი უბემოა და უშუალოდ ერთვის გუმბათქვეშა სივრცეს. აღმოსავლეთ მკლავი კი წინ არის წაწეული და ცენტრალური სივრცისგან საკმაოდ განიერი ტრანსეპტს ჰყოფს. ტრანსეპტი და საკურთხეველი – სამკვეთლოთი და სადიაკვნეთი – ცენტრიდან აღმოსავლეთით არიან განვითარებული, რის გამოც გარედან, ცენტრალური მრავალწახნაგიდან აღმოსავლეთით საკმაოდ დიდ შვერილს ქმნიან. ტაძარს შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით, რომელთა წინ კარიბჭეებია. დასავლეთით შესასვლელი აფსიდის ცენტრშია გაჭრილი, სამხრეთით კი – ასიმეტრიულად, ცენტრიდან დასავლეთით არის გაწეული. ტაძრის ცენტრალური ნაწილი საკმაოდ კარგად არის განათებული. სარკმლები თითო-თითო ყველა აფსიდშია მოთავსებული. მათგან საკურთხეველში გამავალი, სხვებთან შედარებით უფრო დიდია და ცოტა დაბლაა ჩამოწეული. ტრანსეპტი ნათდება ორი სარკმლით, ასევე თითო სარკმლით ნათდება სამკვეთლო და სადიაკვნე. მაგრამ ტაძრის განათების მთავარ წყაროს გუმბათის ყელში მოთავსებული ექვსი დიდი სარკმელი წარმოადგენს, საიდანაც უხვად იღვრება შუქი. სარკმლები გუმბათის ყელის თითქმის შუა ნაწილში არიან მოქცეული. ისინი რამდენადმე უფრო მაღლა იწყებიან გუმბათქვეშა სარტყელიდან, რომელზეც გუმბათის ყელია აღმართული და ვერ აღწევენ იმ სიმაღლეს, სადაც ყელი უშუალოდ ნახევარსფეროდ გადაიზრდება. გუმბათის, მატრივპროფილიანი თაროიანი სარტყელი უშუალოდ აფსიდების კონქის თაღებს და მათ შორის მოთავსებულ აფრებს ეყრდნობა. აფრების ზედა თავები კონქის თაღების სიმაღლეს ვერ აღწევს და სარტყელის ჩაჭრილი დაქანებული პირი ეშვება მათზე. ამრიგად, სარტყელი ფართოა აფრების თავზე. კონქების თაღების თავზე კი ვიწროვდება. ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ ძეგლის მეორე პერიოდის მშენებლობის დროს, გუმბათთან ერთად, მისი დაყრდნობის კონსტრუქციებმაც ცვლილება განიცადა. სამხრეთის და დასავლეთის აფსიდები და საკურთხევლის აფსიდი თითქმის ტოლფერდაა. გეგმაში ისინი ოდნავ სჭარბობენ ნახევარწრეს. აფსიდები შეხვედრის ადგილზე კუთხეებს წარმოქმნიან, ეს კუთხეები იატაკიდან 40 სმ ადიან შვერილის სახით, რომლებსაც კედლების შეხვედრის კუთხეში წარმოქმნილი სწორკუთხიანი კედლის სვეტები ეყრდნობიან. კედლის სვეტები ზემოთ მთავრდება იმპოსტებით, რომლებიც ცოტაზე აფსიდებსაც შეჰყვებიან სიღრმეში, სადაც მათ აფსიდის კონქია თაღები ეყრდნობა.  იმპოსტი ყველა ერთნაირი არ არის, მაგრამ ტაძრის ინტერიერის ერთადერთ მორთულობას სწორე ეს იმპოსტები წარმოადგენენ. ტრანსეპტი და საკურთხეველი ორი საფეხურით არის ამაღლებული. ტრანსეპტი გეგმაში პარალელოგრამს წარმოადგენს. ტრანსეპტი სამ ნაწილად იყოფა. ცენტრალური ნაწილი საკურთხევლის კონქის თავზე ოდნავ უფრო მაღალია, ხოლო მისი მკლავები  სამკვეთლოს და სადიაკვნეს თაღებზე უფრო მაღალი, რაც მჟღავნდება გარედან გადახურვაში. ტრანსეპტის მკლავები ცილინდრული კამარით არიან გადახურული, ხოლო საკურთხეველი მიმდებარე სათავსოებითურთ მისი პრერპენდიკულარი დასავლეთ-აღმოსავლ;ეთის მიმართულების კამარებით. საკურთხევლის სამხრეთით მოთავსებული სადიაკვნე და ჩრდილოეთით მდებარე სამსხვერპლო პატარა სწორკუთხა ოთახებია, ერთი საფეხურით ამაღლებული, ოდნავ ნალისაბრი აფსიდებით აღმოსავლეთ მხარეს. ისინი საკურთხეველს უშუალოდ არ უკავშირდებიან, მათ შესასვლელი ტრანსეპტიდან აქვთ. საკურთხეველს ტრანსეპტისგან კაკლის ხის მაღალი იკონსტასი ჰყოფს, რომელიც XIX საუკუნეში რემონტის დროს (1858 წელს) გაუკეთებიათ, მანმადე არსებული `ქვით და აგურით~ ნაგები კანკელის მაგივრად, რომელიც იმ დროს უკვე ძლიერ ყოფილა დაზიანებული. სავარაუდოდ კანკელი გვიანდელი წარმოშობისა იყო და ის იმ არსენ ეპისკოპოსის შემოქმედების ნაყოფი უნდა იყოს  (XVIII საუკუნეში), რომელიც გალავნის აღმოსავლეთის კარების თავზე მოთავსებულ მხედრულ წარწერაშია მოხსენიებული.
ტაძრის ყველა უბანს თავისი დამოუკიდებელი განათების წყარო აქვს. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს დასავლეთ აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოთავსებული ოთახები. თუმცა, სამხრეთის ოთახში კი არის გაჭრილი სარკმელი, მაგრამ ის ისე მაღლაა განლაგებული და იმდენად პატრაა, რომ ოთახი ნახევრად ბნელია. ჩრდილოეთის სადგომი გარედან საერთოდ არ ნათდება, მასში გაჭრილია მრგვალი ხვრელები დასავლეთ აფსიდიდან. სადგომები მინიატურული ზომებისა არიან, აფსიდებს შორის წარმოქმნილი კედლის სქელ მასივში `ჩაწერილები~. სადგომების გეგმა წარმოადგენს სწორკუთხედებს, სუფთა ნალისებრი აფსიდებით აღმოსავლეთის მხარეს. ეს პატარა სადგომები ძალიან მაღალია, მათი სიმაღლე შვიდ მეტრს აწევს. ისინი დიდი ზომის თლილი ქვის კვადრებისგან შემდგარი ცილინდრული კამარით არიან გადახურული. ეს სადგომები ცენტრალურ სივრცეს დასავლეთის აფსიდში გამავალი პატარა კარებით უკავშირდებიან. სადგომთა იატაკის შესაბამისად კარები ტაძრის იატაკის დონიდან ორმოციოდე სანტიმეტრით მაღლაა აწეული. საინტერესოა, რომ ეს სადგომები თავიდანვე დახშულ კამერებს არ წარმოადგენდნენ, არამედ გარედან გახსნილ დიდ, მაღალ, ღრმა ნიშებს. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ სადგომებს სამ-სამი კედელი თლილი ქვის კვადრებით აქვთ მოპირკეთებული, ისევე, როგორც ტაძარი გარედანაა მოპირკეთებული, ხოლო თითო კედელი უბრალო, ნახევრად დამუშავებული და ქვით არის ამოყვანილი, კედლის ზედაპირი კი ხსნარის სქელი ფენითაა შესწორებული. ეს კედლებია ჩრდილოეთის სადგომში – ჩრდილოეთის კედელი და სამხრეთის სადგომში – სამხრეთის კედელი.
გუმბათქვეშა კვადრატის ირგვლივ განლაგებულ სამ აფსიდს მოწყვეტილია მეოთხე, საკურთხევლის აფსიდი. საკურთხეველს გუმბათქვეშა კვადრატისაგან ჰყოფს ტრანსეპტი, რომელიც გარედან ნაწილობრივ ჰფარავს ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ წახნაგებს. ამ წახნაგებს ტრანსეპტის კედლის ორგანულად არ ებმის, არამედ შემდეგაა მიშენებული. ეს კარგად ჩანს გარედან და გეგმაზეც. ტრანსეპტის მიერ მრავალწახნაგის ნაწილობრივ დაფარული ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლები რომ გავაგრძელოთ თავის მისამართულებით და ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფასადებს ჩამოვაშოროთ გვიან მიშენებული კედლები, მივიღებთ საქართველოში კარგად ცნობილ ეკლესიიის ფორმას – მარტივ ტეტრაკონქს., სადაც გუმბათქვეშა კვადრატს ოთხივე მხრიდან უშუალოდ ერთვის ნახევარწრიული აფსიდები, რის გამოც ტაძრის გეგმის შიდა მონახაზი ტოლმკლავებიანი ჯვრის სახეს ღებულობს, რომელიც გარედან მრავალწახნაგშია მოქცეული.
ტაძრის გარეგნობა გვიჩვენებს, რომ შენობა მთლიანად ერთდროული არაა. თუ დაკვირვებთ დავათვალიერბთ მას გარედან, მასში სხვადასხვა ნაწილთა შეუთანხმებლობას ვამჩნევთ (რაც შიგნიდან არ იგრძნობა). ტაძრის მთლიანი მასიდან გამოიყოფა ცენტრალური ნაწილი, რომელიც რვაწახნაგაა. სწორე ეს რვაწახნაგა ნაგებობა გაუფართოებიათ, შემდეგ, აღმოსავლეთის მხრიდან მიუშენებიათ ტრანსეპტი, ხოლო სამხრეთიდან და დასავლეთიდან – კარიბჭეები, რის შედეგადაც ერთი წახნაგი მთლიანად დაფარულია ტრანსეპტით. დანარჩენი შვიდი წახნაგიდან, მთლიანად მხოლოდ სამი ჩანს: ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთი და სამხრეთი ფასადი მთლიანად იფარება მიშენებული კარიბჭეებით. ყველა წახნაგი გადახურულია დამოუკიდებელი ორკალთიანი სახურავით და თავისივე ფრონტონით გვირგვინდება. ფრონტონები ერთმანეთს ებმიან, რის შედეგადაც იქმნება ხერხისებური გადახურვა. ტრანსეპტის ცენტრალური მაღალი ნაწილი და საკურთხეველი გადახურულია დამოუკიდებლად, ორკალთიანი სახურავებით და ცენტრალური ნაწილის გადახურვიდან აშკარად ითიშება. სადიაკვნე და სამკვეთლო შიგნიდან გარეთ დაქანებული ცალფერდა სახურავებით არიან დაბურულნი, ასევეა გადახურლი ტრანსეპტის გვერდითა ფრთებიც, თუმცა ასეთი გადახურვა მათს შინაგან მიმართულებას არ შეესაბამება. ეს შეუსაბამობანი ორი სხვადასხვა პერიოდის მშენებლობის შერწყმით არის გამოწვეული.
ცენტრალური მრავალწახნაგის შემქმნელი კედლები ტოლი სიდიდის არ არიან, მათში უფრო განიერია ჩრდილოეთის და სამხრეთის წახნაგები. არც წახნაგების სიმაღლეა ზუსტად თანაბარი, რის გამოც ფრონტონის მკლავებიც სხვადასხვა კუთხით არიან დახრილი და მათი სიგრძეც სხვადასხვაა.
ტაძრის ცენტრალური ნაწილის შემომფარგვლელი მრავალწახნაგის ფასადების ერთადერთ მოხაზმულობას კარნიზები წარმოადგენენ. მაშინ როდესაც საკურთხევლის და ტრანსეპტის ფასადები, გუმბათი და ორივე კარიბჭე მდიდრულად არიან შემკობილი ჩუქურთმით.
შვიდი წახნაგისა და ტრანსეპტის სახურავების რადიალურად განლაგებულ კეხებს შორის აღმართულია თორმეტწახნაგა გუმბათი, რომელიც მრგვალ ყელს ეყრდნობა და აფრების გადამხურავი კედლების მიერ შექმნილი კვადრატიდან ოდნავ გაწეულია აღმოსავლეთით. აფრები ორფერდა სახურავებითაა გადახურული. მათი კეხები ძლიერ მაღლაა აწეული და გუმბათის თაღედის საყრდნობ პილასტრთა ბაზისებს ნაწილობრივ ჰფარავს. გუმბათის ყელს სარკმლების ზევით ორლილვიანი თაღედი უვლის. თაღები წახნაგთა შეხვედრის კუთხეებში მაღალი სამლილვიანი პილასტრების მოჩუქურთმებულ კაპიტელებს ეყრდნობა. გუმბათის ყელში თითო წახნაგის გამოშვებით ექვსი მაღალი სარკმელია გაჭრილი. მათგან ორს წახნაგის კედლის სიბრტყიდან ამოწეული, განიერი მოჩუქურთმებული საპირე უვლის, დანარჩენ ოთხ სარკმელს კი ერთმანეთისგან განსხვავებული ჩუქურთმით შემკული საპირე ამკობს. გუმბათი ტაძრის მთლიანი მასის ცენტრიდან დასავლეთით არის გაწეული, რაც ქართულ ძეგლებზე გუმბათის მოთავსების საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებულ და განმტკიცებულ ტრადიციას რადიკალურად ეწინააღმდეგება. ქართულ ტაძრებში გუმბათი თუ ცენტრში არ არის მოთავსებული, მაშინ, პირიქით აღმოსავლეთითაა გაწეული. გუმბათის ყელი მძლავრი, ფართო მოჩუქურთმებული კარნიზით მთავრდება. გუმბათი დაგვირგვინებულია კრამიტის კონუსური სახურავით. კონუსის წვერში ჩამაგრებულ მძლავრ ქვის ბაზისზე აღმართულია დიდ რკინის ჯვარი (ეს ჯვარი XIX საუკუნეში რემონტის დროს გაუკეთეს).
ტაძარი, როგორც გარედან, ისე შიგნიდან კარგად გათლილი ალგეთის რუხი ბაზალტით არის მოპირკეთებული. ერთამნეთზე მჭიდროდ მორგებული საპირის ქვები ქმნიან ჰორიზონტალურ ხაზებს. სამწუხაროდ მოპირკეთების უდიდესი ნაწილი XIX საუკუნის რემონტის დროს გადათლილი, გადაწყობილი იქნა. ამ მხრივ გუმბათი გამონაკლისს წარმოადგენს, რომელმაც თითქმის ხელუხლებელმა მოაღწია ჩვენამდე.
ტაძრის გადახურვა მოწყობილია რამდენიმე სისქის ხსნარზე დაწყობილი მოწითალო ფერის კრამიტით. განსაკუთრებულად აღსანიშნვია გუმბათზე და სამხრეთ კარიბჭის  აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილი ამოზნექილზურგიანი ნაპირა კრამიტები, რომელთა შუბლზე ზუსტად გამოყვანილი ლამაზი ტოლმკლავებიანი რელიეფური ჯვრებია მოთავსებული. გუმბათის ქვვედა კიდეზე კრამიტის გადმოშვერილ `ღარებს~ ორივე მხრიდან ფრინველთა (მტრედთა) ფიგურები უზის, რომელებიც მზის სხივებით განათებულნი ქვევიდანაც კარგად ჩანან. ეს კრამიტი ადრინდელია და შუასაუკუნეებს ეკუთვნის.

მანგლისში ორი სახის კარიბჭე არის. პირველი, როდესაც კარიბჭე წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (სამხრეთ კარიბჭე). ასეთი ნაგებობა მარტო კარისბჭე აღარ არის, მას სხვა მოვალეობაც ეკისრებოდა, იგი ხშირად საძვალეს, ეგვტერს წარმოადგენდა, და
მეორე, დასავლეთი კარიბჭე, კარიბჭის მეორე სახეს წარმოადგენს. იგი გეგმაში კვადრატულია და, როგორც ჩანს, მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს, რომ შესასვლელს საზეიმო იერი შეუქმნას. ვინაიდან კარიბჭეებს კარები არ ებმით, ღამის მთევლებს ან ჩვეულებრივ სალოცავად მოსულ ხალხს, ყოველთვის შეეძლოთ საჭიროების დროს იქ თავის შეფარება. დასავლეთის კარიბჭე გამოირჩევა თავის მდიდრული და დანაწევრებული ორნამენტული შემკულობით.
მანგლისის ტაძარზე ჩუქურთმა დიდი თავდაჭერით არის მოხმარებული, ის გამოყენებულია მხოლოდ ამა თუ იმ არქიტექტურული ნაწილის, მაგალითად, პორტალების, სარკმლების, კარნიზების, ბაზისების და იმპოსტების ხაზგასასმელად, და ისიც არა ყველგან. არქიტექტურას მოწყვეტილი, მოჩუქურთმებული ქვა ტაძარზე არ არის. ყველა არქიტექტურულ დეტალს თავისი შესაფერისი  ზომის ჩუქურთმა აქვს შერჩეული, სიმშვიდე და წონასწორობა ყველგანაა დაცული. მანგლისის ტაძარზე ორნამენტის რამდენიმე სახეა მოხმარებული. ყველა ეს ორნამენტი XI საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებზე გვხვდება. მანგლისის ორნამენტში დეკორატიულობისადმი თავდაჭერა შეინიშნება რაც ნაწილობრივ, სხვადასხვა საშენი მასალის გამოყენებით უნდა იყოს გამოწვეული. მანგლისის ტაძარზე გამოყენებული რუხი ბაზალტი მეტად მძიმე დასამუშავებელი ქვა არის, იგი ძნელად ემორჩილება ოსტატის იარაღს. ორნამენტით ყველაზე უფრო მდიდრულად მორთული გუმბათის ყელია. ჩუქურთმით შემკული ოთხი სარკმლის გარდა, მოჩუქურთმებულია თაღედის ბაზისები, იმპოსტები და კარნიზი. გუმბათზე მოთავსებული ორნამენტები გამოირჩევა თავისი ღრმა რელიეფით და მაღალ ოსტატური შესრულებით.

mxatvroba gumbaTis yelSi

ტაძარში მხოლოდ გუმბათშია შემორჩენილი მხატვრობის ნაშთი. ყოველგვარ გარეშეა, თავიდან მთელი ტაძარი მოხატული იქნებოდა, მაგრამ XIX საუკუნის რემონტის დროს ის ხელახლა შეულესიათ და შეუთეთრებიათ, მთლიანდ მხოლოდ გუმბათი დაუტოვებიათ ხელუხლებლად. მხატვარმა გუმბათი თავის შემადგენლობის მიხედვით ორ ნაწილად გაყო. ეს ნაწილებია ყელი და სფერო. მათ შორის მან ფართო ლენტი გაატარა ორ პარალელურ ხაზს შორის მოთავსებული გეომეტრიული წნულით და მის ზევით და ქვევით ერთმანეთზე დამოუკიდებელი მხატვრული კომპოზიციები შექმნა. ქვევითა კომპოზიცია აგებულია გუმბათის ყელის არქიტექტურის გათვალისწინებით. გუმბათის ყელი მასში გამავალი ექვსი სარკმელით ექვს ტოლ ნაწილად არის დაყოფილი. ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელი მთლიანად, ზევით აწეული მარჯვენა ხელით მაკურთხებლის პოზაში, ტახტზე მდგომ ქრისტეს გამოსახულებას უკავია. ფანჯრებს შორის მოთავსებულ დანარჩენ სიბრტყეებზე კი ორ-ორი ფეხზე მდგომი წმინდანების გამოსახულებებია მოთავსებული. ფიგურები უზარმაზარია, ისინი მთლიანად ავსებენ ფანჯრების შორის მოთავსებულ სიბრტყეებს. ქრისტეს მარჯვნივ მისკენ მიმართული ღვთისმშობელი დგას, მარცხნივ – იოანე ნათლისმცემელი. მათ შემდეგ კი სხვა წმინდანები. მხატვარმა ქრისტიანული მხატვრობისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიცია შექმნა. წმინდანებს ხელში გაშლილი გრაგნილები უჭირავთ, რომლებზეც ასომთავრული წარწერებია. წარწერის პირველი სტრიქონი ყველგან, ხოლო ჩრდილოეთის წარწერაში ერთი შუა სტრიქონიც წითელი ფერის საღებავით არის დაწერილლი, დანარჩენი – შავით. წარწერები კარგად გამოყვანილი, დიდი ასოებით არის შესრულებული. ფანჯრის წირთხლებიც მოხატულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფანჯრის თაღებში დახატული ნიღბები. (ყველა თაღში განსხვავებული ნიღაბია).
სფეროში მოთავსებულია ჯვრის ამაღლების გრანდიოზული კომპოზიცია. ცის ფონზე, მფრინავ ოთხ ანგელოზს ხელთ უპყრიათ ტოლმკლავებიანი ჯვარი. ანგელოზთა და ჯვრის გამოსახულება მთლიანად ავსებს სფეროს. ანგელოზებიდან მხოლოდ ერთს მოუღწევის ჩვენამდე თითქმის დაუზიანებლად. ყველა ანგელოზს მრგლოვანი დიდი ასოებით თავ-თავისი სახელი აწერია. მათგან ამჟამად მხოლოდ ერთი ანგელოზის სახელი ირჩევა, მას მარჯვენა ფრთასა და ფეხს შორის და მარცხენა ფრთის ქვეშ აქვს წარწერა - რაფიელი.
ძეგლის მხატვრობა ძირითადად ექვსი ფერით არის შესრულებული: თეთრი, შავი, მოყვითალო, მწვანე, ცისფერი და მოწითალო.
სფეროშივე გუმბათის ყელის და სფეროს გამყოფ ლენტის თავზე, სამხრეთით, სადაც ორი მფრინავი ანგელოზის ფეხები ხვდება, დახატულია ლომზე მჯდომი მამაკაცის გამოსახულება. ექვს ერთი მეორეში ჩახატულ დისკოს ფონზე სტილიზებულ ლომზე ამხედრებული მამაკაცია გამოსახული, რომელსაც ხელში დიდი ავსებული ყანწი უჭირავს. ლომი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართება. სწორე ეს გამოსახულება წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე დავის საგანს, განსაკუთრებით ვახუშტის შემდეგ. ზოგს ის ვახუშტი ბატონიშვილივით მაჰმადის გამოსსახულება ეგონათ, ზოგს კი ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგიდ მიაჩნდათ. ი. სლივიცკის მოჰყავს ვახუშტის სიტყვები და შენიშვნას უკეთებს, ეს გამოსახულება ამჟამად აღარ არისო. ამ ადგილზე გ. ჩუბინაშვილს აქვს მითითებული მედალიონი ცხოველის გამოსახულებით. პროფ შ. ამირანაშვილი შრომაში `საქართველოს მონუმენტუტური მხატვრობის ისტორია~  მის შესახებ აღნიშნავს, რომ არსებული წარწერის თანახმად, ის მზის გამოსახულებას წარმოადგენს. მანგლისის გუმბათის მხატვრობას კომპოზიციურად უახლოესი პარალელები სამხრეთ საქართველოს (ამჟამდ თურქეთის ტერიტორია) გუმბათის მხატვრობასთან მოეძებნება. იშხანის მხატვრობას ე. თაყაიშვილი X საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებს, მანგლისის მხატვრობა კი ალბათ XI საუკუნეშია შესრულებული, მაშინვე ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაზედაც ფრესკული მხატვრობის პარალელები და დამწერლობის პალეოგრაფიული ხასიათიც მიუთითებს. მანგლისის ფრესკების გაწმენდის და გამაგრების დროს აღმოჩნდა, რომ მხატვრობა შემდეგში ნაწილობრივ აღუდგენიათ. ამჟამად მხატვრობის ორი ფენა ზოგ ადგილზე გაირჩევა. მანგლისის ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლია.

galavani da samreklo

ბ) ტაძარს მაღალი გალავანი უვლის გარს, რომელიც უწესო ოთხკუთხა მოყვანილობის მოედანს ქმნის. გალავნის ჩრდილოეთი კედელი უფრო მოკლეა, ვიდრე სამხრეთისა, შესაბამისად აღმოსავლეთისა – დასავლეთისაზე. გალავანში ორი შესასვლელია – აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთით განიერი ჭიშკარია, რომელიც სამრეკლოს თაღის ქვეშ გადის, აღმოსავლეთიდან კი – ვიწრო, ვიწრო, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი კარი. ადრე ამ უკანესკნელის ანალოგიური  შესასვლელი ყოფილა გალავნის დასავლეთ კედელშიც, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. გალავანს ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში მრგვალი კოშკები აქვს დატანებული, სულ სამი. ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში დღეს კოშკის არსებობის არავითარი ნიშანი არ შემონახულა, მაგრამ არის ცნობები ოთხი მრგვალი კოშკის არსებობაზე. როგორც ჩანს, ეს კოშკი ისე ძლიერ იყო დანგრეული, რომ 1861 წელს, როდესაც გალავნის კედლებისა და კოშკების შეკეთება ჩაატარეს მისი აღდგენა აღარ სცადეს და სრულიად მოშალეს. გალავანს თავდფაპირველი სახით არ მოუღწევია დღემდე, ის მრავალ შეკეთებათა კვალს ატარებს. სხვაზე უფრო უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი კედელი. მისი სიმაღლე 3 მეტრს აჭარბებს, სისქე კი ზევითა ნაწილში 1 მეტრს აღწევს. კედელი გაწყობილია საბრძოლო ბილიკებით და სათოფურებით. სათოფურები შემდეგნაირად არის განლაგებული: ორ-ორი ვიწრო სათოფურის ხვრელი ისეა კედელში გაჭრილი, რომ გარეთ გასვლისას ერთდებიან. ასე ისინი მეტ ფართობს უწევენ კონტროლს. გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვით, კირის ხსნარზე. შიგადაშიგ კედლის წყობაში დიდი თლილი კვადრებიც ურევია. აქა-იქ დატანებულია ორნამენტიანი ქვებიც, რომლებიც, ეჭვს გარეშეა, ტაძარს ეკუთვნოდნენ, მაგრამ ტაძრისა და გალავნის შეკეთების დროს – ალბათ XIX საუკუნეში – ისინი გალავნის კედლებში დაატანეს. დღეს არსებული გალავანი აუგია არსენ ეპისკოპოსს 1667 წელს, რაც გალავნის აღმოსავლეთ კარებთან მოთავსებულ მხედრულ წარწერაშია აღნიშნული.

samreklo

გ) სამრეკლო გალავანზე უფრო ახალია. ის XIX საუკუნის 50-იან წლებში ტაძრის რემონტის დროს აუგიათ. აგების თარიღზე სამხრეთ ფასადზე თაღის ზევით ქვაზე ამოკვეთილი რუსული წარწერა მიგვითითებს. სამრეკლო გეგმაში სწორკუთხედს წარმოადგენს. იგი ორსართულიანია. ქვედა სართულს თლილი ქვითმოპირკეთებული ორი მასიური კედელი ჰქმნის, რომლებიც მაღალ განიერ თაღს ჰკრავენ. თაღს ქვეშ ალაყაფის კარებია მოთავსებული, მის თავზე კი ექვსკუთხა, აგურით ნაგები, ფანჩატურია მოწყობილი. ძირიდან ზევით ასასვლელი ვიწრო კიბე თაღის მარჯვენა, აღმოსავლეთ კედლის სისქეშია დაყოლებული. ფანჩატურის კონუსური სახურავი თუნუქით არის გადახურული, კონუსის თავზე ჯვარია აღმართული.

დ) გალავანს შიგნით, ეზოში, მრავლად ყოფილა სხვადასხვა დანიშნულების სამონასტრო ნაგებობა, რომლებსაც XIX საუკუნეში, ძეგლის რემონტის დროისათვის, ნენგრევების სახითღა მოუღწევიათ. ძეგლის რემონტის დროს, 1861 წელს, ამ ნაგებობათა ნანგერევებისგან ეზო გაუწმენდიათ და ეზოშიო ბაღი გაუშენებიათ. ამ ნაგებობათა არსებობის კვალი ახლაც შეიმჩნევა, კერძოდ, ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, ფერდობზე, ასევე უმანცევის ცნობით, როდესაც არსენ ეპისკოპოსმა ტაძარს გალავანი შემოავლო, მან კარიბჭეს გარეთა მხრიდან პატარა სამლოცველო ააშენა. ეს სამლოცველო XIX საუკუნეში რემონტის დროს მთლიანად აღუგვიათ პირისაგან მიწისა.
ტაძარის სამხრეთით, კარიბჭიდან რამდენიმე მეტრზე, ერთი მთლიანი მასიური ქვის ბაზისზე აღმართულია ტოლმკლავებიანი ქვის ჯვარი, რომლის სიმაღლე ბაზისიდან 1,25 მეტრია. ჯვარი სქელი და მძლავრია. ბაზისიც და მასზე აღმართული ჯვარიც ალგეთის მუქი რუხი ქვისგანაა გამოკვეთილი.

ეზოში მოთავსებულია სასაფლაო. აქ გვხვდება შედარებით ახალი საფლავები (ძირითადად XIX საუკუნის მეორე ნახევრისა), მატგრამ არის ძველებიც. მათგან აღსანიშნავია აღწერილი ჯვრის აღმოსავლეთით მოთავსებული საფლავის ორი ქვა. ერთზე გამოსახულია სახნისი, მეორეზე კი – ცხენზე ამხედრებული მამაკაცი, რომელსაც ერთ ხელში ფარი, ხოლო მეორეში – რაღაც იარაღი უპყრია. მისი მარჯვენა ხელის ქვეშ ძნელად გასარჩევი ცხოველის გამოსახულებაა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

მ. დვალი – „მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი“. 1974წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://sveticxovelijournal.ge

http://manglisi.geoweb.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016