კუპელჰალე

გუმბათიანი დარბაზი – ასე ითარგმნება ქართულად ტერმინი „კუპელჰალე“ (გერმ). სახელწოდებაშივე მჟღავნდება ასეთი ტიპის ნაგებობათა ძირითადი მახასიათებელი: კუპელჰალესტიპის ეკლესიაში შესულებს წარმოგიდგებათ სვეტებით დაუნაწევრებელი, დარბაზივით ერთიანი სივრცე, რომელსაც გუმბათი აგვირგვინებს. ის (გუმბათი)  აფსიდისკუთხეებსა და გრძივი კედლებიდან პერპენდიკულარულად გამოწეულ შვერილებს ეყრდნობა და არა  ცალკე მდგომ ბურჯებს.

ამგვარი ტიპის ძეგლების ორი ვარიანტი გვხვდება: რთული და მარტივი. რთული ვარიანტი წარმოადგენს სტრუქტურას, სადაც მკაფიოდაა გამოხატული სიგრძივი ღერძი, გუმბათის საყრდენად კი ორი შვერილი გვაქვს; მარტივი ვარიანტისათვის კი სახასიათოამოკლე გეგმა, სადაც გუმბათი ერთ წყვილ შვერილსა და საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა.

გუმბათოვანი დარბაზის ტიპის ეკლესიების სხვა ტიპებთან შედარებით, კუპელჰალეს ფართო გავრცელება არ მოუპოვებია. მართალია, მსგავსი აგებულების ტაძრები სერბეთში, ბულგარეთში, კვიპროსზედა საქართველოშიც გვხვდება, მაგრამ ყველაზე უფრო სახასიათოეს ტიპი სომხეთის არქიტექტურისთვის გახდა. ალბათ, ამიტომაც მეცნიერმა სტრიგოვსკიმ, რომელმაც ტერმინი „კუპელჰალე“ სომხური ეკლესიების დახასიათებისას შემოიღო, მისი აღმოცენების ადგილადაც სომხეთი დაასახელა. თუმცა, შემდგომი კვლევებიდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ნიმუშები ადასტურებს, რომ  ეკლესიის ამ ტიპისთვის ერთი პირველსაწყისის, წარმოშობისერთი კერის ძიება უსაფუძვლოა.  მართალია, სერბული, ბულგარული და კვიპროს ულიეკლესიები შედარებით გვიანდელ თარიღს გვიჩვენებს, მაგრამ ტიპის გადაწყვეტის თავისებურებანი არ გვაძლევს უფლებას, სხვა ქვეყნიდან იქ კუპელჰალეს შესვლის შესახებ ვისაუბროთ.
ტიპის ორი სახეობა – მარტივი და რთული, როგორც სომხეთში, ისე საქართველოშიც დასტურდება, მაგრამ სომხური ძეგლები აშკარად აჩვენებს საფეხურეობრივ განვითარებას (ევოლუციას) – ჯერ რთული კუპელჰალეებია და მისი გამარტივებით ვიღებთ მარტივ, ერთშვერილიან ვარიანტს. საქართველოში კი აღნიშნული ტიპის ორივე ვარიანტი არსებობის პირველსავე ეტაპზე გვხვდება. მარტივი კუპელჰალე  უსწრებს კიდევაც რთულის შექმნას. ერთდროულად გვხვდება ის შემდგომაც. ხოლო სომხეთში გვიან შუა საუკუნეებში კუპელჰალეს ტიპისადმი ინტერესი საერთოდ ქრება.
ასე რომ, კუპელჰალეს ძირითადი ბირთვი მარტივი სქემაა, მთავარი კი ეროვნული არქიტექტურის თავისებურებებია. სქემამ ყველაზე ტიპური ხასიათი სომხეთში მიიღო, საქართველოში, სერბეთში, ბულგარეთსა და კვიპროსზე იგი ინდივიდუალური გადაწყვეტებით გამორჩეულ არქიტექტურულ ნაწარმოებებად განხორციელდა.
საკითხის კვლევა გვიჩვენებს, რომ კუპელჰალეს ტიპის შექმნა განისაზღვრება არქიტექტორთა მისწრაფებით, გუმბათოვან ბაზილიკათა სივრცე გააერთიანონ შენობის ცენტრალური ნაწილის – გუმბათქვეშა სივრცისა და მთელი შუა ნავის ირგვლივ (ა. იაკობსონი). საჭირო იყო მხოლოდ სხვადასხვა რეგიონში მსგავსი ამოცანები წარმოშობილიყო. ბუნებრივია, არ გამოირიცხება სხვაგან ნანახისაგან შემოქმედებითი იმპულსების მიღება, მაგრამ მათ მიღებასაც ყოველთვის ადგილობრივი მხატვრული ამოცანები, განვითარების კონკრეტული პირობები ამზადებს.
ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში კუპელჰალესთემას პირველად  გ. ჩუბინაშვილი შეეხო ვაჩნაძიანი სყველაწმინდის ტაძრისა და სომხეთის ხუროთმოძღვრებისადმი მიძღვნილ ნაშრომებში. ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობასა და გამონათქვამებს ვხვდებით ასევე, რ. მეფისაშვილის, ვ. ბერიძის ნაშრომებში. ბოლო დროს კუპელჰალეს თემას მიეძღვნა ნ. ჯაბუას და ნ. გენგიურის გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ნაშრომის მიხედვით, ქართულ ხუროთმოძღვრებაში კუპელჰალეს თემის რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა:
1. ადრეული პერიოდი: კუპელჰალეს ყველაზე ადრეულ მაგალითად დვანის წმ. გიორგის ეკლესიაა მიჩნეული ქარელის მუნიციპალიტეტში (VIII ს). დროით შემდგომია ფარნაკი (VIII-IX ს), სოლომონ-ყალა (X ს-ის I ნახ.) და კლარჯეთის წყაროსთავი (IX ს) – ტაო-კლარჯეთში, ხოლო ვაჩნაძიანის ყველაწმინდა (IX ს) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რომელსაც კუპელჰალეს ქართული ტიპის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ყველა ზემოთ აღნიშნული ნაგებობის თარიღი VIII-IX საუკუნეებში თავსდება და ერთ ჯგუფს ქმნის.
2. შემდგომ ჯგუფში ერთიანდება X საუკუნის ძეგლები. ეს არის ნაჯახოვოსა (დას. საქართველოში, სოფ. ნაჯახოვო) და ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის  (გორის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემონიქოზი) ეკლესიები.
3. ამის შემდგომ კუპელჰალე სთემის გამოჩენა ქართულ ხუროთმოძღვრებაში XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე დასტურდება ყინწვისის ტაძარში (ქარელის მუნიციპალიტეტში). მის სახელგანთქმულ ტრადიციებს გამგრძელებელი არც მის დროში ჰყოლია, არც მომდევნო საუკუნეებში. მას თვალი  XVI საუკუნემ მიაპყრო.
4. XVI-XVII საუკუნეებში კუპელჰალეს თემა კვლავ ამოტივტივდა და ყინწვისის ტაძრის სხვა მოტივებიც იქნა მოშველიებული. შუა საუკუნეების დამამთავრებელ ეტაპზე, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მშენებლობა მაინც წარმოებდა და წარმმართველი  და ისევ საკულტო ხუროთმოძღვრება იყო. ამ ეპოქას ოდნავ უსწრებს მამაწმინდის ეკლესია კლარჯეთში (XV საუკუნის ბოლო), მაგრამ ძირითადი არქიტექტურული მონაცემებით ის ამ ჯგუფში შედის. დროით შემდგომია თბილისის ჯვარის მამა თბილისში (XVI ს), ღოუბნის ორმოცნი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (XVI – XVII სს) და გრემის წმ. ნიკოლოზი სოფ. გრემში (XVI ს). ეს ძეგლები ერთიანდება მსგავსი კომპოზიციით, დეკორატიული გაფორმების პრინციპებით, საშენი მასალით და ა.შ.
5. XVIII საუკუნეში  ახალი ძალით იფეთქა ამ არქიტექტურული თემით დაინტერესებამ. ამ პერიოდში შექმნილი 7 ძეგლიდან თითოეული ინდივიდუალური კომპოზიციით გამოირჩევა. უადრესია ბოდორნას ღვთისმშობლის ეკლესია  დუშეთის მუნიციპალიტეტში (1717 წ.), შემდეგ მოჰყვება მანავის ღვთისმშობლის ეკლესია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  (1794 წ), მაჩხაანის ეკლესია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (მანავის თანადროული უნდა იყოს), მელაანი სსამება ქ. გურჯაანთან, კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია ცხინვალის მუნიციპალიტეტში და ხელთუბნის სამება გორის მუნიციპალიტეტში(1806 წ.)
ქართულ ხუროთმოძღვრებაში კუპელჰალეს ტიპის არსებობის მთელ მანძილზე – VIII საუკუნიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე – თითოეული ეტაპი ცალკე, ინდივიდუალობით გამორჩეული საინტერესო ფურცელია. ეს ქართული ძეგლები თავისებურად ამრავალფეროვნებს ქრისტიანული ხელოვნების საერთო სურათს.
სერბული ტაძრებიდან კუპელჰალეს ჩამოჰგავს სტუდენიცას ღვთისმშობლის ეკლესია (1183–1193), წმ. ნიკოლოზის ეკლესია კურშუმლისთან (XII ს.), მომდევნო საუკუნეებში აგებული ჟიჩის, სოპოჩის მონასტრის ეკლესიები (XIIIს.), დეჩანის მონასტრის ტაძარი (1327-1335წწ.).
ბულგარეთში კუპელჰალეს ტიპისაა ასენოვგრადთან, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აშენებული ასენი II–ისტაძარი (დაახ.XII-XIIIსს.), ქ. ტირნოვოს ეკლესია, რომელიც წმ. დემეტრეს ეძღვნება, ასევე სლოვენის წმ. სოფიო, მიხეილისა და გაბრიელის ეკლესია მესემვრიაში (XIV ს.).
კვიპრიპროსზეც არსებობს მსგავსი ტიპის ეკლესიები. მათ შორის შედარებით ადრეულია კონიფუს პანაგეას ეკლესია (XII ს). ასეთი სახის მეორე ნაგებობას – ხორტენის ეკლესიას კი XIII საუკუნით ათარიღებენ.
სომხური კუპელჰალეებიდან ყველაზე ადრეულია არუჭის (თალიში) ტაძარი (VII ს.), გამორჩეული ტაძრებია პტღნის ტაძარი (მას ზოგი მკვლევარი VII საუკინით, ხოლო ზოგიერთი – X საუკინის ახლო ხანებით ათარიღებს), შირაკავანის ტაძარი (X ს.).
X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება ორომოსის წმ მინას ტაძარი, ანისის მიჯნაბერდი, ნორატუსის ეკლესია, მარმაშენის, ბაღნაირის ეკლესიები. გვიან შუა საუკუნეებში სომხეთში კუპელჰალეს ტიპისადმი ინტერესი ქრება.
კუპელჰალეს არქიტექტურული ფორმის სხადასხვა ტერიტორიაზე გავრცელების პრეცედენტი მკვლევრებს საშუალებას აძლევს, გამოკვეთონ ეროვნული თავისებურებანი, განვითარების სპეციფიკა, რომელიც ერთგან ამ ტიპის გაბატონებას, მეორეგან – მცირე ხნით გამოჩენას, მესამეგან კი პერიოდულად ამოტივტივებას განაპირობებს. ყოველივე ეს კი ნათლად წარმოგვადგენინებს შუა საუკუნეების ქრისტიანული არქიტექტურის მრავალფეროვან ბუნებას.

 



სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე
გამოყენებული ლიტერატურა: ნ. გენგიური – "კუპელჰალე"

 


megobari saitebi

   

01.10.2014