XVII საუკუნი ქართველი კათოლიკენი და საქართველოში მოსვლა თეათინელთ წესის მისიონერებისა (1600-1640)


1 2 3

„მამა ნიკიფორე ერბახს.
„ვინაიდგან პროპაგანდის კრებამ კარგად დაიხსომა თქვენი ბრძნული მოქმედება და განსაკუთრებული გულმოდგინება, რაიცა აქ ყოფნის დროს გამოიჩინეთ საქმეთა წარმოებაში, მანდ მისიონის დასახმარებლად გზავნის რა პატრი იოსებ ჯუდიჩის და არქანჯელო ლამბერტის, ისარგებლა ამ შემთხვევისაგან და ინება გაგახსენოსთ თავისი თქვენდამი პატივისცემა და სიყვარული; მასთანვე გავედრებს ამ მამებს და გთხოვს, თქვენც ხელი შეუწყოთ მათ მოძღვრებას და ერთგულებას, რათა მაგ სამეფოში შეიძინოთ ერი და მიაგოთ სამსახური წმიდა საყდარსა, რომლის პატივისათვისაც თავს იდევით ეგრეთი შორი და განსაცდელიანი მგზავრობა და რომელმაც თქვენი სახელი საქებური გახადა. მათვე ვანდობ, რათა პირადად ყველაფერი მოგახსენონ. რომით, 31 აგვისტოს 1630 წ.". ესეთი თავის გასაცნობელი წიგნები უნაყოფოდ არ დარჩენილა. ახალ მისიონერებს საჭირო მფარველობა არ აკლდათ, ამიტომ ერთგულად შეუდგნენ ხალხის გაკათოლიკებისათვის ცდასა და შრომას.
მისიონერებმა გორში თეიმურაზის მიერ ნაბოძარის ეკკლესიის შეკეთება დაასრულეს და წმიდა პეტრეს ეკკლესია უწოდეს. მერმე სანამ ქართულს შეისწავლიდენ, ქადაგება თათრულის ენით დაიწყეს. ხალხი ისე ბლომად მოდიოდა რომ ეკკლესია ვეღარ იტევდა, ყველანი დიდის გულმოდგინებით უსმენდენ და მოწიწებით მისდევდენ მათ სწავლა-დარიგებას. ამის შესახებ ერთი ყურადსაღები წერილი გაუგზავნიათ რომას. ის წერილი ხელთა გვაქვს, მაგრამ უთარიღო და ხელმოუწერელია. ხოლო ვფიქრობთ, ლამბერტისა იყოს, 1632 წ. გაგზავნილი.
წერილში ეს გარემოებაა აღწერილი: „ქართველები, რომლებსაც ჩვეულებად არა აქვსთ ეკკლესიაში ხშირად სიარული, როდესაც კი მოდიან, ძრიელ უხამსად იქცევიან, ჩვენის მამების ქადაგებით, სულ მთლად გამოიცვალნენ. მისიონერებმა ჩააგონეს, თუ რაოდენის მოკძალებით და პატივით უნდა იყვნენ ხოლმე ღვთის  სახლში. ამიტომ ახლა ხშირად მოდიან ჩვენთან და მოკრძალებით ესწრებიან ყველაფერს; ღვთის სიტყვას სასოებით ისმენენ და გვემორჩილებიან; წირვაზე და სხვა ღვთის მსახურებაზე დიდის მოწიწებით და კრძალვით დადიან. ასე რომ ერთიანად გამოიცვალნენ და ის აღარ არიან, რაც უწინ იყვნენ, რაიცა ცხადად მოწმობს, თუ რაოდნად იმოქმედა მათზე ღვთის ძლიერებამ და მადლმა... ქართველები, რა ხედვენ, მეფე-დედოფალი და პატრიარქი ესდენ დიდ პატივსა, გულკეთილობას და სიყვარულს უცხადებენ ჩვენს მისიონერებს, ამნაირის მაგალითით წაქეზებულნი, ცდილობენ მათ მიჰბაძონ და მათსავით მოეპყრან პატრებს. ეს ხალხი ჩვენდამი პატივისცემისა და მორჩილების გამოცხადებით ცდილობს მეფესა, დედოფალსა და პატრიარქს აამონ და მათი გული მოიგონ. ეგრეთვე როდესაც მეფე მათ ავედრებს მისიონერებსა და ეუბნება ისე მოეპყარით, როგორც წმიდა კაცებსაო, იმათ მეფის ესეთი დავედრება ბრძანებად მიაჩნიათ და მოვალედ სთვლიან თავიანთ თავს, დაემორჩილონ მისიონერებს და დაიცვან მათი დარიგებანი. ამიტომ სასიქადულოდ მიაჩნიათ პატრების მიცემული დარიგების ერთგულად ასრულება”.

პატრი პეტრე ავიტაბილემ რა მიიღო საქართველოში წამოსაღები. საჭირო წერილები და აგრეთვე რაც კი სჭიროდა, დაუტევა რომა და შემოიარა იტალიაში თავისის წესის მონასტრები, რათა საქართველოსთვის ახალი მისიონერები ეშოვნა. მოკლე ხანში წამოსაყვანად შეჰკრიბა ექვსი. მოძღვარი: პატრი იერონიმე კარაფა, პატრი ქრისტეფორე კასტელი, პატრი ჯუსტო პრატო, პატრი ანტონ ჯარდინა, პატრი სერაფინო ფილენჯიერი და პატრი ვინჩენცო კარაფა; იმათთანვე იყვნენ ორნი მორჩილნი ძმანი: ძმა გაითანო ქორლიტო და ძმა მათე ფლორენო. მისიონერები თავიანთ წერილებში ზოგჯერ ამ ექვსის მღვდლის მაგიერად იხსენიებენ მარტო ოთხ მღვდელს. ესენი ყველა ერთად პატრი ავიტაბილესთან მესინიდგან 9 ოკტომბერს, 1631 წ. წამოვიდენ და ჩამოვიდენ გორს 10 ივლისს 1632 წ. როგორც წინა მგზავრობაში, ისე ახლაც ოსმალებმა დიდი შეწუხება მიაყენეს, ისე რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ. რაც ჰქონდათ, ყველაფერი გზაში წაართვეს, გარდა ცოტაოდენი ფულისა, რომელიც შემთხვევით გადარჩა ოსმალების გაუმაძღრობას. აზრუმს რომ მოვიდენ, იქ ცოტა სული მოითქვეს, სომხებისაგან შემწეობა მიიღეს და მათგან სახარჯო ფულიც ისესხეს. იქიდგან ტფილისში მომავალს ქარავანს გამოჰყვნენ. აზრუმიდგან საქართველოში შემოსასვლელად ორი გზა იყო, ერთი ყარსით და მეორე არტაანით. ორსავე ადგილს ოსმალები მგზავრებს ხარჯს ახდევინებდენ. ქარავანი არტაანის გზით წამოვიდა, მაგრამ არტაანს არ შეიარა, სხვა გზით აუხვია, რათა ხარჯი არ გადაეხადა.. ქარავნის წინამძღვრები ტფილისის მცხოვრები სომხები იყვნენ. ეს რა შეიტყო არტაანში მყოფმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა საფარ ფაშამ (ახალციხის ათაბეგია, მაგრამ იმ დროს ახალციხე სპარსელებს სჭერიათ და არა ოსმალებს, ამიტომ ის ფაშა არტაანში ყოფილა), საჩქაროდ გაგზავნა ჯარი და მთელი ქარავანი და მასთან ერთად ის პატრებიც დაატყვევა. იმ დროს ფაშის მკურნალი იყო ერთი ფრანგი, ივანე პორსელი, პატრების ნაცნობი. იმან რა ნახა პატრები, მაშინვე ფაშას გააცნო, თუ რა პატიოსანი პირნი იყვნენ. ფაშამაც დიდად პატივი სცა და უკანვე დაუბრუნა, რაც მის ჯარის კაცებს წაერთმიათ. ეგრეთვე მათი თხოვნით, სომხებსაც, რომლებიც მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაესაჯა, ბევრი აპატივა და მათი საქონელიც უკან დაუბრუნა, მაგრამ, რაც გადასახადი იყო, სრულიად გამოართვა. პატრები დიდის პატივით გაისტუმრა, ქარავანსაც ნება მისცა წასვლისა. სომხები სიკეთის მაგიერ, იმ პატრებს გადაემტერნენ და თავიანთი დატყვევება და ხარჯის გადახდა მათ დააბრალეს.
გზაში ისინი მისცვივდენ პატრებს და, რაც ჰქონდათ თუ ფული და თუ ნივთი, ყველაფერი წაართვეს. ესრედ ცარიელი პატრები მივიდენ გორს. შესვენების შემდგომ წარსდგნენ მეფესთან, მიართვეს ის ცოტა საჩუქრები, რაც გადარჩენოდათ ოსმალების და სომხების წაგლეჯისაგან; მასთანვე გარდასცეს პაპისა და პროპაგანდის შემდეგი წერილები.

„პაპი ურბანო მერვე ივერიის მეფეს".
„ბრწყინვალე და უძლიერესო მეფევ, მშვიდობა და ღვთის წყალობის ნათელი. „თქვენი სახელ განთქმულობა და თქვენის შესანიშნავის გამარჯვების ხმა თქვენის ქვეყნის საზღვრებს გამოსცდა, გამოიარა ევროპის ქვეყნები, ხმელთა-შუა ზღვის მღელვარე ტალღები და მოაწია რომის მღვდელმთავრამდე, რომელიც დიდად ანუგეშა. თქვენი დიდებულება კარგად ხედავს, რომ თქვენი სამთავრო ახალისა და ზეციური სიმტკიცით შეიჭურვა და აღარც მოაკლდება მას ანგელოზთა გუნდის შემწეობა, ვინაიდგან ვატიკანის მღვდლები სიხარულით მოდიან მანდეთკენ ხალხის საცხონებლად მოღვაწეობისათვის. სარწმუნოება, რომელსაც ისინი ჰქადაგებენ, არის მფარველი მეფეთა და მაცხოვრებელი ერთა. უკეთუ, საბედნიეროდ, ეს სარწმუნოება მოეფინა მთელს თქვენს პროვინციებს, მაშინ ნახავთ, მძვინვარება მოისპოს, მშვიდობა დამყარდეს, არეულობა დასცხრეს და გულისთქმანი დაწყნარდენ. თქვენი წიგნის მომტანმა ჩვენმა საყვარელმა შვილმა პეტრე ავიტაბილემ დაგვარწმუნა, რომ თქვენს ხელმწიფებას მოახსენებს ყოველ რჩევას და დარიგებას, ჩაგონებულს ზეციერის სიბრძნის მიერ. აწ ვთხოვთ მოწყალე ღმერთს, აკურთხოს თქვენი მეფობის სკიპტრა, მისმა ყოვლის მპყრობელმა მკლავმა განაძლიეროს თქვენი ხმალი და თქვენი მხედრობა და გაამარჯვებინოს, როგორც უწინ გაამარჯვებინა დიდს კონსტანტინეს, რომელსაც ივერია თავის სარწმუნოებრივის განათლების მიზეზად სცნობს. რა დაუწყო პატივისცემა სამღვდელოებას, მაშინვე იხილა ცაში თავისი გამარჯვების ნიშანი, წმიდა ჯვარი, რომლის ძალითაც განაბნია მტერნი და რომელსაც ეკკლესია თაყვანსცემს და დაუსვენებია რომის მამამთავრის გვირგვინზედ. როდის გვეღირსება, თქვენ გეამბოროთ, ვითარცა განსწავლულს კონსტანტინე მეორეს? როდის გამობრწყინდება სიხარულისა და ცხოვრების დღე, რომ წარმოგვივლინოთ თქვენი ღვთის მოშიში ელჩები, რათა თქვენ მაგიერ გვემთხვიონ მეფეთა ამბორით გაკეთილშობილებულ მოციქულებრივ ფერხთა? როდის იქმნება, რომ კათოლიკე უძლიერესთა მეფეთა თავიანთი სულიერი ძმა გიწოდონ? მაშ, ნუღარ აყოვნებთ, სძლიეთ ყოველ სიძნელესა. როგორც უწინ ივერიის სამეფო იყო თეატრი თქვენის გამარჯვებისა, ისე ახლა ვატიკანი შეიქმნას ტაძრად თქვენი სარწმუნოებისა. რომა დიდის აღტაცებით მიიღებს თქვენს სანატრელ ელჩებს, როდესაც აქ წმიდა პეტრესადმი მორჩილების გამოსაცხადებლად მოვლენ, იმ პეტრესადმი, რომელსაც შეჰყავს მეფენი საუკუნო ბედნიერებისა და გამარჯვების სასუფეველში. იმედი გვაქვს ჩვენი ცხოველი ნატვრა აღგვისრულოს ყოვლის მპყრობელმა ღმერთმა, რომელსაც ლოცვათა შინა დაუცხრომელად გავედრებთ თქვენა და თქვენს სამეფოსა. ამიტომ გვნებავს, ისევ მობრუნდეს თქვენთან მღვდელი პეტრე ავიტაბილე, რომელიც, როგორათაც სცნობთ, აღვსილია სიყვარულით და სახარებრივის გულმოდგინებით და რომელსაც, იმედია, არ მოაკლოთ თქვენი მფარველობა, რადგან თქვენის დიდებულებისათვის არავითარ შეწუხებას ერიდება და კისრულობს ასეთის განსაცდელით აღსავსე მგზავრობას. თუ ეს და თუ მანდ მყოფნი თეათინელი და აგვისტინიანების პატრები მართლაც რომ ღირსნი არიან თქვენი დიდებულების წყალობისა. მათ დასტოვეს ყოველი სიკეთით სავსე თავიანთი სამშობლო, ნათესავები, საყვარელი მეგობრები და მანდეთ წამოვიდენ არა იმისთვის, რომ შეჰკრიბონ ქვეყნიერი სიმდიდრე და ისიამოვნონ, არამედ იმისთვის, რომ ჯოჯოხეთებრივ მგლებს გამოსტაცონ პირიდგან თქვენის ერის სულნი და შეუერთონ ქრისტეს სარწმუნოებას (9). იგივე პატრი პეტრე თქვენს დიდებულებას უფრო ვრცლად მოახსენებს ყოველ ჩვენს აზრსა. ღმერთსა ვსთხოვთ, მოგმადლოსთ სულის წმიდის ნიჭით სავსე ბედნიერება. რომით. 21 ივნისს, 1631. მღვდელ მთავრობის მერვე წელსა”.

როგორათაც სჩანს ამ წერილიდგან, პაპი არ დათანხმებულა, რომ თეიმურაზს მხოლოდ კერძოდ აღეარებინა კათოლიკობა და ამიტომ სთხოვს კათოლიკე სარწმუნოება საქვეყნოდ და დაურიდებლად აღიაროს. ამას იმიტომ სთხოვს, რომ თეიმურაზმა პაპს სთხოვა, რომ იგი საქვეყნოდ კათოლიკე მეფედ შეერაცხა და სხვა კათოლიკეთა მეფეთა რიცხვში ჩაეთვალა. თეიმურაზმა ვერ შეასრულა პაპის ასეთი მოთხოვნილება, არა იმიტომ, რომ იგი კათოლიკობაზე მიდრეკილი არ ყოფილიყოს, ან არ სდომებოდეს; არა. ამის წინააღმდეგობა ბევრნაირად დაამტკიცა; არამედ უფრო იმიტომ ვერ აღასრულა, რომ, სამწუხაროდ, თავისი სამეფოს მშვიდობიანობით ბევრ ხანს ვერ დასტკბა, რის გამო აღარ დასცალდა, რომ საქვეყნოდ თვითონ სამეფოიანად შეერთებოდა კათოლიკე ეკკლესიას. პროპაგანდამაც თავისი მხრით თეიმურაზ მეფეს ეს წერილი გამოუგზავნა.

„ივერიის მეფეს თეიმურაზს.
„თეათინელმა პატრი პეტრემ პროპაგანდის კრებას მოახსენა, რომ თქვენს ხელმწიფებას კეთილ უნებებია და მისა და მის ამხანაგთათვის დიდი პატივი და სიკეთე მიუგია. ამის შეტყობაზე დიდად განიხარეს ბატონმა კარდინალებმა. ამიტომ ინებეს, ამ წერილით მოგახსენოთ უდიდესი მადლობა. ეგრეთვე იმედი აქვსთ თქვენის პატიოსნებისა, კვალად გამოიჩინოთ გულმოდგინება და არ მოაკლოთ თქვენი წყლაობა მაგ სამოციქულო მისიონს. ამისათვის ევედრებიან ღმერთს, რათა ამ სიკეთისათვის, მოგაგოსთ ფრიად უხვი სასყიდელი, შეგირჩინოსთ ეგ გულკეთილობა და სიყვარული. მაგ თქვენი სიყვარულის გამო ეს მოძღვარნი ჰკისრულობენ ესეთს შორს მგზავრობას, ყველანაირ შეწუხებას და განსაცდელს, რათა სამაგიერო მოგაგონ. ეგრეთვე დარწმუნებული ბძანდებოდეთ, რომ ბატონი კარდინალები მარადის დავალებულ იქმნებიან თქვენგან და ეცდებიან მოგაგონ მაგიერი თქვენის ხელმწიფების შესაფერი სამსახური, თუ სულიერად და თუ ხორციელად. რომით, 17 მაისიისა, 1631”.

პეტრე ავიტაბილემ როგორათაც ზაქარია კათალიკოსის წიგნი წაიღო პაპთან, ისე მოუტანა პასუხიცა, რომელიც მოთავსებულია ამ ყურადსაღებ წერილში.

„პაპა ურბანო მერვე.
„ზაქარიას, მთელის იბერიის მიტროპოლიტად წოდებულს.
„ბწყინევდეს მაგ ერის გულთა შინა ქრისტე, მზე სიმართლისა. განიხარეთ მართალთა კრებულთან ერთად, ვინაიდგან სააზიო ივერიაში გამოჩნდენ ყვავილნი ღვთის მადლისანი. ვსასოებთ, მანდეთკენ მალე დამწიფდეს ნაყოფი, რომელიც იქნება ტკბილი ბაგეთა ჩვენთათვის და ღირსი ანგელოსთა ტაბლაზე მისართმევად. მაგ შორეული პროვინციიდგან მობრუნებული ჩვენი საყვარელი შვილი პეტრე ავიტაბილე თეათინელი მღვდელი, დიდის სიხარულით და მოციქულებრივის სიყვარულით მივიღეთ და მოვუსმინეთ. გვაუწყა, მანდ, ღვთის შემწეობით მოვლენილ რომის ეკკლესიის მღვდელთათვის მეფესა და მიტროპოლიტს რა დიდი შემწეობა აღმოუჩენიათ. ვევედრებით სახიერ ღმერთს, რომელიც შემოჰკრებს გაბნეულ ისრაელის ერს, რათა, როგორც დაიწყო, ისე თვითვე შეასრულოს და ვატიკანის მთა-წმიდას შემოუერთოს ივერიის მეფე და ერი. ვინაიდგან უფალმა ეს ადგილი აღირჩია სარწმუნოების ტაძრად, რათა მღვდელთ მთავრის კლიტით გაეღოს ზეციერი სასუფეველის კარი მორწმუნე ერთა. ყოველთა ტომთა დედაქალაქი რომა ელოდება ნუგეშისცემა მიღოს თქვენი სამეფოსაგან: თქვენი სახელი კიდეც განითქვა მთელს იტალიაში. დიდათ განიხარეს კარდინალთა კრებამ, გვირგვინოსან მეფეთა და კათოლიკე ეკკლესიის ყველა რჩეულთა, როდესაც შეიტყეს, რომ საქართველოში თქვენის მეთაურობით ეკკლესია დაარსდა ჩვენის მღვდლებისა. ეგ ეკკლესია იქნება სამკვიდრებელი არა მარტო ზეციერთა სათნოებათა, რომელნიც ქვეყანას ბედნიერებას მიანიჭებენ, არამედ მანდედგან მუდამ აღავლენენ ზეცად მეფეთა მფარველ ლოცვას, რათა მოუპოვონ ანგელოსთა გუნდთა შემწეობა და რათა ორკეცად გაიმარჯვოთ: სძლიოთ მტერთა და ეგრეთვე გულის თქმათა. გვნებავს, ესევე პატრი პეტრე თქვენთან მობრძანდეს, რათა  მოგახსენოსთ ჩვენი თქვენდა საკეთილდღეოდ ზრუნვა. ეს პატრი ღირსია, ქართველებმა, რაც შეიძლება, პატივი სცენ, რადგან თქვენის ცხოვნებისათვის სტოვებს თავისს სამშობლოს და ივიწყებს თავისს ნათესაობას. მისგანვე სცნობთ მიზეზსა, თუ რატომ არ მოჰყავს თან ამ საშიშო გზაში თქვენ მიერ ნათხოვნი მკურნალები და მხატვარნი. დიდათ ვნატრობთ, ყველაფერში ენდოთ და, რაც შეგიძლიათ, შეეწიოთ. სიკეთეს ღმერთი გადაგიხდისთ, რადგან თვითვე ბრძანებს, რომ ვინც ჩემს მღვდლებს სიკეთეს მიაგებენ და უცხოთ შეიწყნარებენ, მე თვითონ შემიწყნარებენო. უკეთუ თქვენს მფარველობას არ მოაკლებთ მანდ მყოფ თეათინელ და აგვისტინიან მღვდლებსაც, რომლებიც სათნოებით შემკულნი და სიყვარულით აღჭურვილნი არიან, მაშინ შეიქმნებით ღირსი ღვთის მოწყალებისა. ვსთხოვთ მოწყალე ღმერთს თქვენსა და საქართველოს სამეფოს ბედნიერებას და აგრეთვე კათოლიკე სარწმუნოების გაძლიერებას. რომით, 21 ივნისს 1631 წ. მღვდელთ-მთავრობის მერვე წელსა”.

ამ ორი წიგნიდგან ცხადათ სჩანს, რომ საქართველო უკვე მომზადებული ყოფილა რომის ეკკლესიასთან შესაერთებლად. ამისი ცხადი საბუთი რომ არა ჰქონოდა პაპს, თავის დღეში არ მოიწერებოდა ასეთის შინაარსის წერილებს. პატრი ავიტაბილესთვის თეიმურაზს პირადად დაებარებინა (ისე ჰგავს, კათალიკოსსაც თავის წიგნში მოუხსენებია), რომ იტალიიდგან მკურნალები და მხატვრები მოეყვანა, რათა უკანასკნელთ სპარსელებისგან გაფუჭებულ-დანგრეული ეკკლესიები შეეკეთებინათ და მკურნალთაც ბოლო მოეღოთ იმ სენთათვის, რომელნიც მტრისგან აოხრებულ ქვეყანაში ხშირად ჩნდებოდენ ხოლმე. კაცნი, რომელთაც ითხოვდენ, იტალიაში ბევრი ეძებეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იშოვეს. მიზეზი ის იყო, რომ მოხელე ერის კაცნი მისიონერებსავით მოყვასის სიყვარულით არ იყვნენ გამსჭვალულნი, რათა სამშობლოში ყველაფერზე ხელი აეღოთ და შორეულს განსაცდელიანს მგზავრობას დასდგომოდენ. სხვა და სხვა წერილებიდგანაც ცხადათ სჩანს, რომ ამისთვის ბევრ პირს სთხოვეს, საჩუქარსა და სასყიდელსაც ბევრს დაჰპირდენ, მაგრამ ყველამ უარი უთხრა. ერთიც ვერ ჰპოეს ისეთი, მისიონერებს გაჰყოლოდა. პროპაგანდამ, როგორც მეფეს, ისე კათალიკოსსაც მოსწერა მადლობისა და თავის გასაცნობელი წერილი. წერილში თუმცა მარტო მიტროპოლიტია დასახელებული, მაგრამ ყოველ ეჭვ გარეშე საქართველოს კათალიკოსი ზაქარია უნდა ვიგულისხმოთ, ვგონებთ ალექსი „კათალიკოსი" მიტროპოლიტად მიეღოსთ.

„იბერიის მიტროპოლიტს.
„კარდინალებმა თეათინელი პატრი პეტრე ავიტაბილესაგან მოისმინეს ყოველი პატივისცემა და სიკეთე, რაც თქვენმა მეუფებამ მიაგო მას. ამიტომ ინებეს, პატრი პეტრე თქვენთან უწიგნოთ არ გამოესტუმრებინათ, არამედ გამოუთქმელი მადლობა მოეხსენებინათ თქვენთვის ამ წიგნის მოწერით: ეგრეთვე გევედრებიან, მომავალშიაც არ მოაკლოთ მათ თქვენი გულკეთილობა და აღმოუჩინოთ მას და მის ამხანაგებს ყოველი შემწეობა, რასაც სასარგებლოდ და საჭიროდ დაინახავთ, რათა შეიძლონ მაგ ქვეყანაში ღვთის სამსახურის ადვილად აღსრულება და რათა თქვენს მეუფებასაც ემსახურონ სიყვარულით სულთა ცხონების საქმეში. ამითი დიდად დაავალებთ პროპაგანდის კრებას, რაც მეტადრე დიდათ სათნო საყოფელი იქმნება ღვთისათვის. ამიტომ ევედრებიან სახიერს ღმერთს, რათა მოგანიჭოსთ ყოველივე მადლი და სულიერი შეწევნა, რაც კი საჭიროა მის საცნობლად და სამსახურებლად. რომით, 17 მაისისა, 1631 წ."

როგორც ზემოთ ვსთქვით, ნიკიფორე მონაზონი საქართველოში დიდ გავლენიან პირად ითვლებოდა და მისიონერებსაც ბევრს ეწეოდა, რადგან რომაშივე მიეღო კათოლიკობა; ამიტომ პროპაგანდა მას არ ივიწყებს. როგორც თვით ნიკიფორე ხშირად სწერდა რომაში, ისე პროპაგანდაც მას წერილებს არ აკლებდა, როცა კი შემთხვევა მოიტანდა. ახლაც პროპაგანდამ პატრი ავიტაბილეს გამოატანა მასთან ეს წერილი:

„მამა ნიკიფორე ერბახს,
„დიდის სიამოვნებით მოისმინეს კარდინალებმა მოხსენება ყოველი სიკეთისა, რომელიც თქვენის შუამდგომლობით ივერიის მეფემ პეტრე ავიტაბილეს და მის ამხანაგებს მიაგო. მათ განიხარეს წმიდა მამასთან ერთად არა მარტო მინიჭებულის სიკეთის გამო, არამედ თვით თქვენის კათოლიკე გულმოდგინებისათვისაც, რაიც იმავე პატრი პეტრემ ყველაფერი დაწვრილებით გვაუწყა. ამისთვის კარდინალებმა მიბრძანეს დიდი მადლობა მოგახსენოთ, რასაც ვასრულებ ამ წერილით, ამასთანვე გთხოვ, მუდამ ერთგული იყოთ სარწმუნოებისა და ზემოხსენებულ მამებთან ერთად იღვაწოთ მანდაური ერის ცხონებისათვის, ეგრეთვე აღმოუჩინოთ მათ ყველა გვარი შემწეობა, რათა თქვენმა შრომამ, მეტაგრე დიდის მგზავრობის დროს გაწეულმა, გამოიღოს სანატრელი ნაყოფი და ღვთის წინაშე შეიქმნეთ დიდათ ღირსეული. ამიტომაც ღმერთს ვსთხოვთ თქვენთვის ყოველს სიკეთეს. რომით, 17 მაისისა, 1631 წ.".

პატრი პეტრეს და მისი ამხანაგების მოსვლაზე, ხალხში ხმა გავრცელდა, ევროპიდგან დიდძალი ფული ჩამოიტანესო. ხმამ თეიმურაზის ყურამდე მიაწია. იმ დროს თეიმურაზს დიდათ სჭიროდა ფული, ამიტომ პატრი პეტრე რომ ინახულა და გაისტუმრა, მაშინვე ორი თავისი კარის კაცი მიუგზავნა და შეუთვალა 10,000 სკუდი მასესხეო. პატრი პეტრეს დიდათ გაუკვირდა მეფისგან თხოვნა. ფიქრადაც არც კი წარმოიდგენდა ამდენი ფულის მოტანას და თუ ჰქონდა ფული, სწორედ იმოდენი ჰქონდა, რომ დღიურის საჭიროებისათვის ჰყოფნოდა. ამიტომ შეუთვალა, ფული არა მაქვს და საიდგან გასესხოო. მეფემ არ დაუჯერა და ხელმეორედ გამოუგზავნა კაცი ფულის სათხოვნელად. მაგრამ რაც არა ჰქონდა, მისგან აბა რას წაიღებდენ. ამის გამო ცოტა უსიამოვნება ჩამოვარდა მეფესა და პატრებს შუა. შემდგომ პატრი იაკობ, რომელიც მეფეს დიდათ უყვარდა, წარსდგა მის წინაშე და კარგად აუხსნა, რაიმე რომ გვქონდეს არაფერს დავზოგავთ თქვენთვის, რადგან თქვენგან ბევრი სიკეთე გვახსოვს და დიდად დავალებული ვართო. რა დარწმუნდა მეფე, რომ ბერების მიერ დიდის სიმდიდრის მოტანის ამბავი უბრალო ჭორი იყო, ეწყინა და მდაბლად ბოდიში და შენდობა მოსთხოვა პატრებს. ამ შემთხვევამ მაინც კი სამწუხარო გავლენა იქონია თეიმურაზზედ, რადგან ცოტა არ იყოს გული გაუგრილდა და ამის შემდგომ აღარ უცხადებდა იმ ერთგულებას, რომელიც აქამდე ბევრნაირის საქმით დაუმტკიცა. იმ დროებში ზაქარია კათალიკოსსა და მიტროპოლიტს ალავერდელს შუა უთანხმოება ჩამოვარდა. ალავერდელს, როგორც მთა წმიდის ბერძნებში განსწავლულსა და მათის წესების მიმდევარს, გამოეცხადებინა ყველგან, ქართველის მღვდლების მიერ შესრულებულ ნათლიღებას ძალა აღარა აქვსო, რაის გამო ბევრი წარჩინებული ქართველი მისგანვე ხელმეორედ მოინათლა. ზაქარია კათალიკოსი კი ალავერდელის აზრისა და ქცევის წინააღმდეგი იყო.
ამიტომ ხალხის ხელმეორედ მონათვლა აუკრძალა. ამით რომ ვერას გახდა, შეაჩვენა კიდეც ალავერდელი და მწვალებელი უწოდა, რადგან იგი მეორედ ნათლავდა ხალხს. ეს რო შეიტყეს პატრებმა, გულმოდგინებით გამოიძიეს ქართველი მღვდლების მიერ ნათლიღების შესრულება და რავდენიმე გზის კიდეც დაესწრნენ ნათლიღების შესრულებას. ყოველივე კარგად რო ნახეს, დარწმუნდენ, რომ მათი ნათლიღება ბერძნების მიერ შესრულებულ ნათლიღებაში ბევრად გაირჩეოდა, რადგან მღვდელი თურმე მარტო ლოცვებს კითხულობდა წყალზე და ლოცვებს რო გაათავებდა, წავიდოდა; ხოლო იქ დამსწრენი შემდგომ ნათლავდენ ბავშს ლოცვის წარმოუთქმელად და ნათლიაც მირონს სცხებდა. ესე ყველა რო შეიტყეს კარგად, თვითონაც დარწმუნდენ, რომ ნათლიღება მართლა უკანონოდ შეუსრულებიათ მღვდლებს და ალავერდელი გაამართლეს. მერმე ეცადენ და როგორც იყო, ორთავ შორის მშვიდობა დაამყარეს. ამ გარემოების შემდგომ პატრებმაც დაიწყეს ხელმეორედ მონათვლა თუ ახალგაზდებისა და თუ ბავშებისა, რომლებიც მშობლებს სიხარულით მოყავდათ მათთან მოსანათლავად. ზემოდ ვნახეთ, რომ პაპი თავის მესამე წერილში თეიმურაზს უმეორებდა, კათოლიკე სარწმუნოება საქვეყნოდ აღიარე და ეცადე ყველა შენი ქვეშევრდომნიც შენს გზას დაადგნენო. თხოვნა თეიმურაზმა ვერც წინედ შეასრულა და ვერც ახლა იმ მიზეზების გამო, რომლებიც ზემოდ დავასახელეთ, ესე იგი, ეშინოდა, ორგულ თავადებს ხელზე არ დაეხვიათ და ხელმეორედ არ გასდგომოდენ. გარდა ამისა, თეიმურაზს აღარ დასცალდა, შემდეგში შესაფერი დრო შეერჩია და ამნაირად თუ თავისი და თუ პაპის სურვილი აესრულებინა. ჯერ მისმა სიძემ ქართლის ერისთავმა ზურაბ ბეგმა დაუწყო ორგულობა, მიიწვია სიმონ ტფილისის ხანი და თეიმურაზის მაგივრად საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ამ ამბის შეტყობაზე თეიმურაზმა შემოიკრიფა ჯარი და შეება რამდენჯერმე, მაგრამ ვერაფერი გააწყო, რადგან ბევრი მისი თავადი სიმონს მიემხრო. ამისთვის დამარცხდა, საქართველოს მეფობაც ჩამოერთვა და კახეთიღა დარჩა. გარნა სამეგრელოდგან მოსულმა ზებედე მონაზონმა ცხარედ ამხილა ზურაბ ერისთავს, ქრისტიანე მეფის ადგილას გამაჰმადიანებულის სიმონ ხანის დაყენებისათვის. მხილების ზეგავლენით ზურაბმა მალე შეინანა თავისი ცოდვა, სიმონი ღალატით მოაკვლევინა, შეურიგდა თეიმურაზს და დაუბრუნა ჩამორთმეული ადგილები. ეგრეთვე ბერძნებიც, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, მისიონერების მიზეზით არ ასვენებდენ არც მეფეს და არც ერს. მათმა განუწყვეტელმა ჩიჩინმა საკმაოდ დააფიქრა თეიმურაზ და გული ააცრუვებინა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბერძნის პატრიარქნი თავიანთ მოციქულებს ხშირად ჰგზავნიდენ თეიმურაზთან და ხან ემუქრებოდენ და ხანაც აქეზებდენ, მისიონერები შენი სამეფოდგან განდევნეო. ბერძნებს უფრო იმის დარდი აწუხებდათ, არ დაჰკარგოდათ ის დიდი შემოსავალი, რომელიც საქართველოდგან გაჰქონდათ ყოველ წლივ. პატრი არქანჯელო ლამბერტი, 12 თებერვალს 1634 წ. (ეს თარიღი სწორე არ არის, უნდა იყოს 1633 წ.) ბერძნების პატრიარქის მოქმედების შესახებ ასე სწერს რომაში თავის უფროსს:

„მეც თან წავყევი და რო მივედი მეფესთან, თავისი ჩვეულებისამებრ, ალერსიანად მიგვიღო, თუმცა სწორედ იმ დროს იერუსალემის პატრიარქისგან მიეღო ერთი საჩუქარი და წერილი, რომელიც განგებ მოეტანა ერთ ბერძენს. იმ წერილით პატრიარქი თეიმურაზს სთხოვდა, შევიტყე, რომ თქვენს სამეფოში მიგიღიათ ფრანგი კათოლიკები; რაც შეიძლება საჩქაროდ განდევნეთ ეგენი მანდედგან, რადგან ეგენი ისეთი ხალხია, რომ კაცს ადვილად მოატყუებენ, შავს თეთრად დაანახვებენ და თეთრს შავად მოაჩვენებენ, ვინაიდგან ფილოსოფიაში ძრიელ დახელოვნებული არიანო. პატრიარქსაც (საქართველოს კათალიკოსსაც) მოსწერა იმის მაგვარი წერილი. მაგრამ არც ერთზე ჰქონია გავლენა და არც მეორეზე”. იმ დროს საქართველო ბერძნებს ყოველ წლივ თურმე მოწყალებად აძლევდა ექვსიათასს სკუდსა იერუსალემის წმიდა ადგილებისათვის. დასასრულ, თეიმურაზმა ვეღარ შეასრულა პაპის სურვილი იმიტომ, რომ როდესაც როსტომ ხანი 130,000 ჯარით შემოესია საქართველოს, იძულებული გახდა თავისი თავისათვის ეშველა, არა თუ პაპის სურვილის ასრულებისათვის ეზრუნა. რა ნახა თეიმურაზმა, რომ თავისი ერისთავები და ჯარი ვეღარ შეჰკრიბა სპარსელების შიშის გამო, 18 თებერვალს 1633 წ. დაუტევა საქართველო და დედოფლით, კათალიკოს-ეპისკოპოსებით და სამასამდე დედაკაცით შეეხიზნა თავის სიძეს იმერეთის მეფეს. ამ გარემოებამ ბოლო მოუღო როგორც მის მეფობას, ისე მისიონერთა იმედებსაც, საქართველოს ერი რომისათვის შეერთებინათ.
მისიონერები ამასაც დასძენენ: რადგან თეიმურაზმა ამ ბოლო დროს ჩვენზე გული აიცრუა და წინანდელსავით აღარ გვეპყრობოდა ღმერთმა დასაჯა და სახელმწიფოზე ხელცარიელა დასვაო.
როგორც სჩანს, თეიმურაზ მარტო მისიონერებს არ გაორგულებია, არამედ თვით თავის ქვეშევრდომებთანაც სულ სხვანაირად დაუწყია თავის დაჭერა. აი რას მოგვითხრობს მისიონერების ისტორიკოსი თეიმურაზის შესახებ: „ის სულ სხვა კაცად შეიცვალა: ყველას მტრად გადაეკიდა, თავის ქვეშევრდომებს სასტიკად ეპყრობოდა, ახალი ხარჯი გააწერა და ყველაფერს ძალით ართმევდა; მისთვის სამართალი აღარ იყო. თავის კანონად თავისი სიხარბე და ჟინი გაიხადა". როსტომ რა მიუახლოვდა გორს, მისიონერები წინ წარსდგნენ და პატივით მოიკითხეს. იმანაც დიდის პატივით მიიღო, დაუმტკიცა ყოველი პრივილეგია, რაც თეიმურაზისგან ჰქონდათ, გაამხნევა და დაჰპირდა თავის მფარველობასაც. ეგრეთვე ბრძანება გასცა, რათა არავის შეეწუხებინა პატრები. როსტომმა გორის ციხის აშენება დაიწყო და ორმოც დღეში დაასრულა კიდეც. იმდროსვე პატრებს სთხოვა გორის ციხის რუკა გადაეღოთ შაჰთან გასაგზავნად. თხოვნა შეუსრულა ახლად მოსულმა პატრი ქრისტეფორემ, რომელმაც მხატვრობა იცოდა. ციხესთან გადახატა გორის რუკაცა, რომელიც რომას გაგზავნა. მისიონერები მოგვითხრობენ ერთს ყურადსაღებს ამბავსა, რომელიც მომხდარა 1634 წ. ერთი ახალგაზდა ქართველი 15 წლის ვაჟი, გაკათოლიკებული, სახელად ნასყიდა ლოპამონი, გორში პატრებს ემსახურებოდა. იმან რა ნახა მათი შინაური მონაზონური ცხოვრება, ძრიელ მოეწონა და დააპირა თვითონაც მათთან მონაზონად შედგომა, რათა მათსავით სათნოებით ეცხოვრა. რადგანაც ახალგაზდა ქალზედ უკვე დანიშნული იყო, მოინდომა მისი გაშვება. ამაზედ მოილაპარაკა პატრებთან და შეატყობინა თავისი დანიშნულის მამას, ჩემს მაგიერ სხვა სასიძო მონახე შენის ქალისთვის, რადგან საქვეყნო ცხოვრებაზე ხელი უნდა ავიღოო. ეს ამბავი ძრიელ სამწუხაროდ დაურჩა ქალის მამას, ბევრი ურჩია და ეხვეწა ჩემს ქალს თავს ნუ დაანებებო. ამითი რომ ვერაფერი გააწყო, მიმართა სომხებს, რომლებიც პატრებს მტრობდენ და უთხრა: თუ დღეს ქართველებს აფრანგებენ, ხვალ სომხებსაც ამასვე უზმენო. მაშინვე მას ბლომად შეუერთდენ სომხები, ძალით გამოიყვანეს პატრების სახლიდგან ნასყიდა და ცემა-ტყეპით მიიყვანეს გორის ციხის უფროსთან, რომელიც იყო მაჰმადიანი. ამასთან რომ ვერაფერი გააწყეს, წაიყვანეს ტფილისს, დაასმინეს არა მარტო კათალიკოსს, არამედ თვით როსტომ ხანსაც და სთხოვეს სიკვდილით დაესაჯა, თუ კათოლიკე სარწმუნოებას არ უარს ყოფდა. ვიდრე ნასყიდას საქმე გადასწყდებოდა, მას ბევრი შეურაცხება მიაყენა მოჩივარ- გაბრაზებულმა ხალხმა, რადგან ხელში ჰყავდათ. ეგრეთვე შეამჩნიეს ერთი ბერძნის მღვდელ-მონაზონი, რომელიც აყვედრიდა მას ქვეყნიერობის დატოებას და მონაზონად შედგომას; თავის ნათქვამის საბუთად იმას ეუბნებოდა, რომ თვითონ ძალიან ვნანობ უცოლშვილობასო და გირჩევ შენს ახალგაზდა მშვენიერს დანიშნულს თავს ნუ დაანებებო. ლოპამონმა იმის ლაპარაკს სრულებით ყურადღება არ მიაქცია და ყოველი შეურაცხყოფა დიდის სულგრძელებით აიტანა, შეუწყვეტლივ ლოცულობდა, რათა ღმერთს მისთვის საჭირო მადლი და სიმხნე მიეცა: ყველას პასუხად იმას აძლევდა, რომ ის უარს ვერ ჰყოფდა კათოლიკე სარწმუნოებას და მზათ იყო მისთვის სისხლიც დაეღვარა. ყოველი ეს ამბავი რომას დაწვრილებით მისწერა პატრი პეტრემ, რომელიც, სხვათა შორის, ამბობს ასე. მეორე დღეს ლოპამონის გასასამართლებლად მოხდა კრება, რომელსაცაკათალიკოსთან ერთად ბევრი ქართველი ეპისკოპოსი და თვით როსტომ ხანიც დაესწრო. ბევრის გამოძიების შემდგომ კათალიკოსმა სიტყვის თქმა მიანდო ჩვენ მიერ ხშირად ხსენებულს მონაზონს ნიკიფორე ერბახს. ჯერ მოუბრუნდა და მოახსენა როსტომს, სიკვდილის ღირსი არ არის, რადგან სარწმუნოება არ გამოუცვლია და სპარსელების წინააღმდეგ არაფერი უმოქმედებიაო: ქართველების და კათალიკების სარწმუნეობა ერთი და იგივეაო; მათ შორის სხვა არაფერი განსხვავებაა, თუ არ ის, რომ ფრანგები უფრო ერთგულად და მორწმუნებით იცვენ ქრისტეს სარწმუნოებასო. მერმე მიმართა კათალიკოსს (რადგან თეიმურაზთან ერთად ზაქარია კათალიკოსიც გაიქცა იმერეთში, ამისთვეს როსტომ ხანმა კათალიკოსად დანიშნა ერთი ახალგაზდა ეპისკოპოსი, რომელიც იყო მეგობარი კათოლიკებისა და რომლის შესახებ მისიონერები ამბობდენ: კაი მეომარი და მონადირე არისო), და ბევრი საყვედური უთხრა მას გულფიცხელობისათვის და შემდგომ დასძინა: ყოველდღივ ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი ქართველნი სომხდებიან, და უფრო მომეტებული მათგანი მაჰმადის სარწმუნოებასაც ღებულობს. მაშ, ვისაც კი უნდა გაფრანგება, რაღად უნდა დაეშალოს?" ესეთი პასუხი და მსჯელობა დიდის კმაყოფილებით მოისმინეს ყველა იქ დამსწრე ეპისკოპოსებმა და ქართველ წარჩინებულ პირთა. ასე რომ სომხები და ბერძნები დიდად შერცხვენილნი დარჩნენ. ეს ამბავი თუმცა მალე აცნობეს რომას, გარნა პეტრე ავიტაბილემ დაწვრილებით ჰალეპოდგან აცნობა 10 სექტებერს, 1638 წ. ნასყიდა მაშინვე განათავისუფლეს იქიდგან. იგი პეტრე ავიტაბილესთან ერთად დიდის სიხათულით პატრებთან გაბრუნდა გორს, სადაც უფრო გულმოდგინებით შეუდგა თავის ახალ მონაზონურს ცხოვრებას; მოკლე ხანში ყველასთვის სამაგალითო შეიქმნა. მალე პატრების სამონაზონო ტანისამოსიც ჩაიცვა და შეიქმნა მათი მორჩილი ძმა. სახელად ანდრია უწოდეს. რადგან იგი პ. პეტრე ავიტაბილეს ძრიელ მიაჩნდა, თან წაიყვანა იტალიას, რათა იქ უფრო კარგად განსწავლულ იყო. გარნა პატრე ავიტაბილეს ინდოეთში წასვლა და იქ ახალის მისიონის გახსნა მიანდეს. ამიტომ თავის მეორე ამხანაგად აირჩია ქართველი ძმა ანდრია და 1639 წ. ოქტემბერში ორი მღვდელი და ის ანდრია წავიდენ ინდოეთის გოა ქალაქსა. იქ ანდრიას გულმოდგინებით დაუწყია სხვებთან ერთად შრომა ხალხის მოსარჯულებლად და თავისი მოღვაწეობის მოკლე ხანში ისეთი სახელი მოუხვეჭია, რომ თურმე პატრი წმიდას უწოდებდენ. მაგრამ, სამწუხაროდ ბევრი აღარ უცოცხლია. თუმცა ზედ მიწევნით არ ვიცით, როდის გარდაცვლილა ანდრია, მაგრამ ჩვენის ფიქრით უნდა გარდაცვლილ იყოს ან 1641 წ. ან 1642წ., რადგან იმ დროს გარდაცვლილა, როდესაც ჯერ გოაში თეათინელ პატრებს საკუთარი ეკკლესია არა ჰქონიათ. ანდრიას გარდაცვალების შესახებ პეტრე ავიტაბილე რომაში თავის უფროსს ვრცელ მოხსენებას უგზავნის. თარიღი არ აქვს. რაკი საკმაოდ ყურადსაღებია ის წერილი, მოვიყვანთ აქ მის ერთს ნაწილს.

„ამ ჩვენის კურთხეულის ძმის განშორება ჩვენთვის დიდად სამწუხაროა, გარნა ღმერთს დიდს მადლობას ვსწირავთ და იმედი გვაქვს მისის მამობრივის განგებისა, რომ ანდრია იქნეს ჩვენი მფარველი ამ დიდს უდაბნოში. მისის სიკვდილის ამბავი მოეფინა არა მარტო მთელს ქალაქში, არამედ შორ ადგილებშიაც. ვინც კი იცნობდა, ყველანი წმიდანად რაცხვიდენ, როგორც თვითვე მოგვითხრეს. რადგან მის გვამს უზომო პატივი მიაგეს, ამიტომ საჭიროდ ვრაცხ ეს მოგახსენო. წმიდა დომინიკეს დიდებული წესის მამებს უნდოდათ თავიანთ ეკკლესიაში დაესაფლავებინათ, მაგრამ თავიანთი სურვილი გვიანღა განაცხადეს. წმიდა თერეზიას(კვრმელიტანების) მამები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ მონასტერში უნდა დასაფლავებულიყო და არა სხვაგან, თუ იმიტომ, რომ ისინი ჩვენს სახლზე ახლო იყვნენ და თუ იმიტომ, რომ ინდოეთში მოსვლის დროს პირველად მათ მიგვიღეს. ხოლო რა სცნეს, ჩვენი აზრი სულ სხვა იყო, მოიწადინეს გვამი მოეპარათ პირველ ღამეს, როდესაც ჯერ არ იყო დასაფლავებული, რისთვისაც გამოგზავნეს ორი თავიანთი მონაზონი და სამიც მარჯვე ერის კაცი, რათა წაესვენებინათ იქ, სადაც უნდოდათ. ღვთის განგებით ადრე შევიტყეთ ესა, ვიფხიზლეთ და ვიღონისძიეთ და ესრედ ავიცილეთ თავიდგან უსიამოვნება, რომელიც ადვილად შესაძლებელია მომხდარიყო, იმათ რომ გვამი მოეპარა. ამიტომ დავასაფლავეთ წმიდა აგვისტინეს მონაზონების მონასტერში, რადგან ერთი თვის წინათვე მათმა უფროსმა დიდის ვედრებით გვთხოვა. თავისს მონაზონებითურთ მოვიდა, კვირა დღეს მხარზე გაიდვეს და წაასვენეს მუსიკით, გალობით და დიდის გამოჩვენებით; წირვა-ლოცვა შეუსრულეს და აუგეს მას ყოველი წესი, რომელიც მათ კანონად აქვსთ შეუსრულონ მარტო თავიანთი პროვინციის უფროს, პროვინციალს. ესეც უნდა მოგახსენო, რომ, როდესაც ჩვენი კურთხეული ძმა ავად იყო, იმ მონაზონებმა დიდის სიყვარულით მოუარეს; ასევე მოიქცნენ კარმელიტანებიც".
ძმა ანდრია მეორე ქართველი მონაზონია, რომელიც კათოლიკე სარწმუნოებისათვის ინდოეთში ასრულებს წმიდად თავის სიცოცხლეს. ყველა საბუთებს რომ მოეწია ჩვენამდე, ვინ იცის, რავდენი ასეთი ქართველი მოემატებოდა ერთგულ კათოლიკეთა რიცხვს!
როგორც ზემოდ ვსთქვით, როსტომ ხანმა, თავისი ურიცხვი ჯარით ქართლ- კახეთი ერთიან დაიჭირა და თეიმურაზ თავისიანებით იმერეთს გადაიხვეწა. გარნა როსტომ მაინც არ იყო უშიშრად და მოსვენებით, რადგან თეიმურაზის სახელის გაგონებაზე ყველა თრთოდა, ეშინოდა თავს არ დამეცესო და ჩემიანებმა არ გამცენო. შიში მით უფრო ჰქონდა, რომ ხალხი მალე შემოსწყრა, რადგან ახალ კანონად შემოიღო 30 კომლზე ერთის შვენიერის ვაჟის გამორთმევა შაჰისათვის გასაგზავნათ. ამის გამო მთელ ღამეს სულ ფხიზლობდა და დროს ატარებდა, დღისით კი დილიდგან საღამომდე ეძინა. თავისი საშიშარი მოწინაადმდეგე რომ ხელში ჩაეგდო, მოინდომა ლევან დადიანთან დამეგრობა, დაკავშირება, რათა თეიმურაზ შუაში მოემწყვდიათ როგორმე. ამისთვის როსტომმა, თავისიანების შეგულიანებით, დადიანს მოსთხოვა ცოლად მისი და მარიამ, სიმონ გურიელის ქვრივი. მოციქულად, სხვათა შორის, თბილელი გაგზავნა. მისი წინადადება დადიანმა სიხარულით მოისმინა, თუმცა მისი და სრულებით არ თანხმდებოდა; მაინც თავის მხრივ გამოუგზავნა მოციქულები; მათ შორის იყო ნიკიფორე ერბახიც, რომელიც თეიმურაზთან ერთად წასულიყო ჯერ იმერეთს და მერმე სამეგრელოს. მოციქულები რო მოვიდენ გორს და ნახეს მისიონერები, ძრიელ მოეწონათ და სთხოვეს, რომ დადიანის სამეფოშიაც მისულიყო ერთი, ანუ ორი კაცი. ნიკიფორემაც ურჩია და დაარწმუნა დადიანი კარგად მიგიღებსთო და დაჰპირდა, მეც შეგეწევითო. ამაზე მისიონერებმა უარი ვეღარ უთხრეს და ელჩებს თან წაჰყვნენ პატრი არქანჯელო ლამბერტი და პატრი იოსებ ჯუდიჩი 23 ოქტემბერს, 1634 წელსა. მართლაც დადიანმა ძრიელ კარგად მიიდო იგინი, როგორათაც ვნახავთ უფრო ვრცლად შემდეგს თავში. დადიანმა თუ ცემით, თუ მუქარით და თუ მოტყვილებით, როგორც იყო, დაიყოლია თავისი და, როსტომ ხანს მისთხოვებოდა. მალე დიდის ამბით გამოისტუმრა მარიამ ქართლსა10. მას თან გამოჰყვნენ სამეგრელოდგან და გურიიდგან წარჩინებულნი და ეგრეთვე ეპისკოპოსნიც. პირველად მოვიდენ გორსა. გურიელის მოწინავე პირთ სამეგრელოში გაეცნოთ ლამბერტი და ჯუდიჩი და აქ რომ პატრები დაინახეს, ბევრი ეხვეწნენ პატრი ავიტაბილეს, ერთი-ორი მათგანი გურიაშიაც წამოვიდენ, იქ ძრიელ კარგად იქნებიან მიღებულნიო. მათ ხვეწნაზედ ავიტაბილემ უარი ვეღარ უთხრა და 1634 წ. გააყოლა თან პატრი ქრისტეფორე კასტელი და პატრი ანტონ ჯარდინა და ძმა ქლაუდიო, რომლებიც დიდის პატივით მიიღო გურიის მთავარმა, მალაქია კათალიკოსმა.
გორში რო შემცირდენ მისიონერები, პატრი ავიტაბილე იძულებული გახდა იტალიიდგან ახალი მისიონერები დაებარებინა, 1637 წ. გორს მოვიდა ორი ახალი მისიონერი ფრანჩისკე მაჯო და კლემენტე გალანო, რომლებმაც საკმაოდ განითქვეს სახელი თავიანთის წერილებით. მაჯო მაშინვე შეუდგა ქართულისა და თათრულის ენის შესწავლას. იმან ქართული ისე მალე და კარგად შეისწავლა, რომ დასწერა თავისი შესანიშნავი სინთაგმათონად წოდებული გრამატიკა ქართულ-ლათინურად. ხოლო კლემენტე გალანომ, რა ნახა, ყველა მისი ამხანაგები მარტო ქართველების სწავლასა და გაკათოლიკებაში იყვნენ გართულნი და სომხებს, რომლებიც საქართველოში იმ დროს ბლომათ იყვნენ, სრულებით ყურადღებას არ აქცევდენ, დაიწყო სომხურის ენის შესწავლა, მიმართა სომხის მღვდლებს გორსა და ტფილისში და მალეც შეისწავლა ის ენა. გარნა ბევრ ხანს აღარ დარჩა აქ, მალე წავიდა ჯერ სამეგრელოს და იქიდგან კოსტანტინეპოლს, სადაც დააარსა სომხებისათვის სკოლა და დასწერა თავისი შესანიშნავი წერილი სომხისა და რომის ეკლესიის შეერთების შესახებ.
ზემოდ ვნახეთ, რომ საქართველოს, ორი-სამი საუკუნის განმავლობაში, თავისი კათოლიკე ლათინის ეპისკოპოსი ჰყავდა; ხოლო როდესაც მოაკლდათ ტფილისის კათოლიკებს თავიანთი საკუთარი მწყემსი, მეტადრე XVI საუკუნის განმავლობაში, არა სჩანს, იმ დროს რომელ ეპისკოპოსზედ იყვნენ დამოკიდებულნი საქართველოს კათოლიკენი. ხოლო XVII საუკუნეში კი ეს კათოლიკენი 1633 წ. ისპაჰანში მყოფ ლათინის ეპისკოპოსს დაუქვემდებარეს. ამ განკარგულებას პროპაგანდა აცნობებს საქართველოს მისიონერებს შემდეგის წერილით:

„საქართველოში მყოფ აგვისტინიანებისა და თეათინლების უფროსს მამებს.
„პროპაგანდის კრების რჩევით პაპმა ისპაჰანში ეპისკოპოსად განაწესა პატრი ივანე თადეოზ და თანაშემწედ და შემდეგში მისვე მოსაყდრედ მისცა პატრი ტიმოთე კარმელიტანი; ეგრეთვე მიანიჭა მას მრავალი უფლება და ძალა, რათა მოიხმაროს თუ სპარსეთის სამთავროსა და თუ საქართველოს სამეფოს ქრისტიანების დასახმარებლად. ბატონმა კარდინალებმა ინებეს, გაუწყოთ თქვენ და თქვენ მამებსაც, რათა მაგ ერის სასიკეთოდ და თქვენის მისიონის საჭიროებისათვის მიმართოთ ხსენებულ ეპისკოპოსს. მას ნაბრძანები აქვს, შეგეწიოსთ მაგ მისიონში და მეტადრე იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა საეპისკოპოსო ღირსების უფლება. რომით, 5 იანვარს, 1633 წ.”.

ივანე თადეოზ კარმელიტანი პატრია, რომელიც 1613 წ. სპარსეთიდგან მოვიდა თეიმურაზის  მისასამძიმრებლად, ცოტა ხანს საქართველოში დარჩა და ისევ მალე წავიდა ამტყდარის ჩხუბის გამო. აქ ყურადსაღებია ის, რომ საქართველოს კათოლიკების ყურისგდება-უფროსობა მიუნდვიათ ისევ შორს მყოფის ლათინის ეპისკოპოსის და არა ნახჩევნის ეპისკოპოსისათვის, რომელიც საქართველოზე გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე ისპაჰანში მყოფი ეპისკოპოსი. ეს გარემოება ნათლად გვიჩვენებს, რომ ნახჩევნის არქიეპისკოპოსს არც ერთ დროს არავითარი გავლენა ჰქონია საქართველოს კათოლიკებზე. ასე რომ არ ყოფილიყო, პროპაგანდა უეჭველად რასმე მოიხსენებდა ამ წერილში.
აქ უნდა მოვიხსენოთ ის შესანიშნავი გარემოებაც, რომ რომაში პროპაგანდის საეკკლესიო კოლეგია, სადაც ყველა გვარ-ტომის სამღვდელოება სწავლობს, საქარველოს მიზეზით დაარსდა. მისიონერებმა საქართველოს მდგომარეობა კარგად რომ გაიცნეს და შეიტყვეს ისიცა, რომ ამ ქვეყანას სამღვდელოება მეტად უვიცი და მოუმზადებელი ჰყვანდა, რომას თხოვნა დაუწყეს თუ სიტყვიერად და თუ წერილობით ამ მხრივ შემწეობა აღმოგვიჩინეთო. უთვლიდენ კარგად განსწავლულ მღვდლებზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის წარმატებაო. ეს გარემოება ყურად იღო პაპმა, ურბანო მერვემ და აღმოსავლეთის ყველა ტომთათვის პროპაგანდის კოლეგია დააარსა. ორის ბულლით დაადგინა, რომ ოროლი მოწაფე მუდამ უნდა იწვრთნებოდეს ამ კოლეგიაში. ამათში, ცხადია, უნდა ყოფილიყვნენ ქართველებიც, რომლებსაც დღევანდლამდე ორი ადგილი აქვსთ. ქვემოდ ვნახავთ, რომ მართლაც ბევრი ქართველი გაწვრთვნილა ამ კოლეგიაში. გურია-სამეგრელოს მისიონი ძალიან გაძლიერდა, რადგან მთავრებმა და ერმა ძრიერ კარგად და დიდის პატივით მიიღეს მისიონერები. ამიტომ პატრების უმეტესი ნაწილიც იქ წავიდა. მათ სამეგრელოში გადასახლებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ქართლში ვეღარ ხედავდენ უწინდელებრ კათოლიკე სარწმუნოების მოსარჩლე მეფეს, მისიონის მფარველს დედოფალს (თეიმურაზის მეუღლეს დარეჯანს მისიონის მფარველს და დედას ეძახდენ) და აღარც თავიანთ ერთგულ კათალიკოსს. მათ ადგილას გამაჰმადიანებული როსტომ იყო, რომელიც თუმცა დაჰპირდა პატრებს თავის მფარველობას და შემწეობას, მაგრამ მალე ბრძანება გამოსცა ვინც გამოიცვლის სარწმუნოებას და მაჰმადიანობის ნაცვლად სხვა სარწმუნოებას მიიღებს, სიკვდილით დაისჯებაო. არც ახალი კათალიკოსისაგან დიდს სიკეთეს მოელოდენ. ამიტომ იმედი აღარ ჰქონდათ საქართველოში მათ მოღვაწეობას ისეთი ნაყოფი გამოეღო, როგორც წინად მოჰქონდა. თეიმურაზიც როსტომ ხანს არ ასვენებდა. გამუდმებული ომი ძრიელ გულს უტეხდა პატრებს. ყოველ ამას დაერთო ისიც, რომ ადვილად ვეღარ შოულობდენ ახალ მისიონერებს, რომელთაც ძველების ადგილის დაჭერა შესძლებოდათ. ამ სხვა და სხვა გარემოებამ თეათინელი პატრები იძულებულ ჰყო, რომ ისე დიდის შრომით და ეგრედ ნაყოფიერად დაწყებული ქართლის მისიონი დაეტოვებინათ და თითო-თითოდ სამეგრელოს გადასულიყვნენ. გორში დარჩნენ მარტო ორი მღვდელი და ერთი მორჩილი ძმა. რაკი ახალი მღვდელი ვეღარ მოუმატეს მისიონს, ადგნენ და სამეგრელოს გადავიდენ. ასე მოლოდნელად და სანანურად დაასრულეს თეათინელებმა თავიანთი მისიონი ქართლში. 1638 წ. გორში მათგანი აღარავინ იყო. სანამ თეათინელები გორს მოშორდებოდენ, იქ მყოფი აგვისტინიანი მონაზონებიც ბევრნი დაიხოცნენ ჟამით. ბოლოს დარჩენილ იყო მარტო ერთი მღვდელი და ისიც ისპაჰანს წავიდა და აღარც კი დაბრუნებულა. წასვლის წინეთ თავისი ეკკლესია თეათინელებს მიანდო. ხოლო თეათინელებმა არა მარტო ის ეკკლესია, არამედ თავიანთიც უპატრონოდ დასტოვეს. გარნა, როგორც სჩანს, შემდეგში აგვისტინიანები ისევ მობრუნებულან, ვინაიდგან ზემოდ დასახელებული მოხსენება აგვისტინიანმა პატრი ამბროზიომ რომას მისწერა 1640 წელს გორიდგან. ხოლო მას შემდგომ აღარ ვუწყით, თუ რამდენ ხანს კიდევ დარჩნენ აგვისტინიანები გორში. სიმაგრე და აქეთ-იქით ბევრი ადგილისათვის ხელი არ ჩაევლოთ, მათი შრომა საქართველოში უეჭველად დიდს ნაყოფს გამოიღებდა და ბევრი მიმდევარიც ეყოლებოდათ, რადგან ძრიელ განათლებული და თავ-განწირულნი პირნი იყვნენ. შემდეგს თავში გავაცნობთ მკითხველთ თეათინელების მოღვაწეობას გურია- სამეგრელოში, საცა მათ გასწიეს დიდი შრომა, რომელიც სასურველათ დაგვირგვინდა.

 

3. პრაპაგანდის ერთი წერილიდან სჩანს, რომ პატრი გვილელმო საქართველოში მოსულა 1608 წ. მეფეს და პატრიარქს დიდის პატივით მიუღიათ. თავის მონასტრის საქმეების გამო შემდგომ გაბრუნებულა ისპაჰანს, გარნა ქართველთ პატრიარქი ბევრს შეხვეწია, აქ ისევ მალე მობრუნდიო. როდესაც გამობრუნებულა კვალად საქართველოში, გზაში თათრებს მოუკლავთ.
4. მისიონერების სიტყვით, შაჰ-აბაზს, რა აუოხრებია საქართველო, სპარსეთს ტყვედ წაუყვანია 60 ათასი კომლი და მათ მაგიერ შემდეგში ბლომად გადმოუსახლებია სპარსელები და სომხები.
5. სიტყვა „დასავლეთი”, ჩვენის აზრით, შეცდომით არის ნახმარი, უნდა იყოს „აღმოსავლეთი”.
6. ნიკიფორეს რომ შეუსწავლია იტალიური, ამას თვით ლამბერტიც მოწმობს, რადგან მასთან, როცა საჭირო იყო, იტალიურად ლაპარაკობდა.
7. ამ წერილში ხშირად მოხსენიებულია ევროპის უწინდელი სხვა და სხვა ფული, მაგ.
Ducato, Zecchino, Scude, Piastra. ამათი ღირებულობის განსაზღვრა, ანუ შედარება ახლანდელ სახმარ ფულთან შეუძლებლად მიგვაჩნია, რადგან ამ სახელის ფულებს არც ყოველთვის და არც ყველა სამთავროში ერთი და იგივე ღირებულება ჰქონდათ. გარნა უალაგო არ იქნება, აქ აღვნიშნოთ ზოგიერთი მათი გასავალია. რომაული ოქროს ფული ძექინი (Zecchino), 1775 წლის შემდგომ, ღირდა 11 ფრანკად და 80 ჩენთეზიმად; ვერცხლის ფული სკუდი (Scudo) 5 ფრანკად 38 ჩენთეზიმად. პიემონტეს პროვინციის ძექინი 1755 წლის შემდგომ ღირდა 11 ფრანკად და 94 ჩენთეზიმად; სკუდი 7 ფრანკად და 5 ჩენთეზიმად. ტოსკანიის პროვინციის ძექინი ფასობდა 11 ფრანკს ად 2 ჩენთეზიმს, სკუდი 5 ფრანკს 54 ჩენთეზიმს. ვენეციის ძექინი ღირდა 12 ფრანკად და სკუდი 6 ფრანკად და 66 ჩენთეზიმად. ოსმალეთის ორმოც ფარიანი პიასტრი, ანუ ყურუში, წინათ ღირდა 2 ფრანკი; 1811 წელს მისი ფასი ჩამოვიდა 83 ჩენთეზიმზე; ხოლო 1818 წ. 79 ჩენთ., ახლა კი ღირს 27 ჩენთ. ჩვენებურად მარჩილი, უწინ უდრიდა სამ აბაზს. სპარსეთის თუმანი ღირდა 29 ფრანკი და 64 ჩენთ. ხოლო აბაზი 97 ჩენთეზიმად.
8. ესევე ლამბერტი ერთ თავისს რომაში მიწერილ წიგნში ამბობს, რომ აზრუმის გარეშე რავდენიმე ქართველების სოფელიაო, რადგან უწინ აზრუმი ქართველთ მეფეებისა ყოფილაო.
9. ასე იმიტომ ამბობს, რომ იმ დროს ქართველები ბლომად გადადიოდნენ მაჰმადიანობაზე.
10. ვახუშტის ქრონიკებში შეცდომით არის ამ ქორწინების წელიწადი 1638 წ. აღნიშნული, იმ დროს როცა ეს იყო 1634 წ.

ავტორი - მღვდელი მიქელ თამარაშვილი;
მასალა აღებულია  წიგნიდან - „ისტორია კათოლიკოსობისა ქართველთა შორის“, ტფილისი, 1902 წ.
ბმულები - ისტორია კათოლიკოსობისა საქართველოში



1 2 3


megobari saitebi

   

20.09.2016