ქართველი კათოლიკენი XIII-XVI საუკუნეში
(ისტორია კათოლიკოსობისა ქართველთა შორის)
წინასიტყვობა
ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XIV საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში
უნდა აღვიაროთ, რომ იმ საუკუნის საბუთები ისე ბლომად არა ხვდება კაცს, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი ის კი არაა, რომ იმ საუკუნეში კათოლიკობა შესუსტებულ, ან სულ გამქრალიყოს საქართველოში. სრულიადაც არა: ამ ნაკლის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ იმ დროის წერილები არქივებში ბევრი დაკარგულია; რასაკვირველია, საქართველოს შესახებ საბუთებიც მათთან ერთად უნდა იყოს დაღუპული და მათი აღმოჩენის იმედი ჯერჯერობით არარის.
საქართველოში კათოლიკობის ხანგრძლიობას და გამძლეობას საკმაოდ გვიმტკიცებს ის მცირე საბუთები, რომელმაც ჩვენამდე მოაწია და ხელშიაც გვაქვს.
წინა თავში ვნახეთ, რომ 1391 წ. ტფილისის ეპისკოპოსად დაინიშნა ლეონარდო ვილაკოელი, მაგრამ სრულებით არ ვიცით, მისმა ეპისკოპოსობამ რამდენს ხანს გასტანა და ან ვინ დაიჭირა მის შემდეგ საეპისკოპოსო კათედრა. ხოლო ერთი საბუთი შენახულა და ის საბუთი გვიჩვენებს, რომ ტფილისის ეპისკოპოსი, ივანედ წოდებული, გარდაცვლილა 1424-1425 წ. მაგრამ ჩვენ არ უწყით, თუ იმას და ხსენებულ ლეონარდო ეპისკოპოსს შუა სხვა ეპისკოპოსიც იყო, (რომლის ყოფაც ადვილად საფიქრებელია) და ან თუ რომელს წელს დაინიშნა, რადგან ივანე ეპისკოპოსის დანიშვნის შესახებაც გვაკლია საბუთები. ეს მარტო მოხსენებულია შემდეგ წერილში, რომლითა პაპი მარტინე V 1425 წ., ნიშნავს ტფილისის ეპისკოპოსად ივანე სანკტემიქაელელს და სადაც მოხსენებულია მიცვალება ივანე ეპისკოპოსისა. აქვე მოგვყავს წერილის უმთავრესი ნაწილი:
„პაპი მარტინე V, ჩვენს საყვარელს შვილს ივანე სანკტემიქაელელს, სატფილისოდ აღრჩეულს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა...
ხოლო რა შევიტყეთ სარწმუნო მოხსენებიდგან, რომ ხსენებული ტფილისის ეკკლესია თავისი ეპისკოპოსის ივანეს სიკვდილის შემდეგ უწყემსოდ დარჩენილა, მამობრივის მზრუნველობით შუვედექით იმ ეკლესიის სასწრაფოდ და ბედნიერად ყურის გდებას... ჩვენ ძმებთან გულმოდგინე რჩევა ვყავით, მისთვის კარგი და სასარგებლო პირი აგვერჩია. ამიტომ თქვენდამი, რომელიც ხართ დომინიკიანების წესისა... მივაქციეთ ჩვენი ყურადღება, ყველა გარემოების შემდგომ, ძმების რჩევით, თქვენ გამოგირჩიეთ იმ ეკკლესიისათვის, რადგან ყოველ მხრივ ღირსი და სათნო საყოფელი ხართ. ამიტომ მის მწყემსად და ეპისკოპოსად გნიშნავთ. მასთანვე სრულიად გაბარებთ მის მზრუნველობასა და გამგეობას, როგორც სასულიეროს, ისე სახორციელოს მხრით. მტკიცედ ვსასოებთ და იმედი გვაქვს, უფლის შეწევნით, ხსენებული ეკკლესია თქვენის ფრთხილის ყურადღებით და ერთგულის მოვლით წარმართოთ სასარგებლოდ, აღაორძინოთ და წარმატებისაკენ წაიყვანოთ თუ სასულიეროს და თუ სახორციელოს მხრით, რაის გამო ამ სამოციქულო წერილით ვუბრძანებთ თქვენს პატიოსნებას, რათა უფლის მიერ თქვენზე მოვლენილი ტვირთი ხსენებულის ეკკლესიისა მიიღოთ პატივით და ეცადოთ და იმოქმედოთ მის მზრუნველობასა და მართვაში გულ მოდგინედ, მორწმუნედ და სიბრძნით, ისე რომ ხსენებულმა ეკკლესიამ განიხაროს თქვენებრ წინდახედულის ნაყოფიერის მმართველის ხელ ქვეშ ყოფითა. გარდა საუკუნო სასყიდლისა, მიიღებთ ჩვენგან და თვით სამოციქულო საყდრისაგან უხვ კურთხევასა და პატივსა. რომით 19 დეკემბერს, მღვდელ-მთავრობის მეცხრე წელსა. (1424)”.
ამავე თარიღით პაპი ჰსწერს ტფილისისა და მისი ეპარქიის კათოლიკებს, რათა პატივი სცენ და დაემორჩილონ ახალ ეპისკოპოსს ივანეს. ეგრეთვე სწერს სულთანიეს მთავარ ეპისკოპოსს, რათა ტფილისის ეპისკოპოსს თავისი შემწეობა და მფარველობა არ მოაკლოს.
ტფილისის ეპისკოპოსის შესახებ სხვა საბუთებს ვედარ ვპოულობთ მთელი 68 წლის განმავლობაში. იმ დროს წერილებსაც რომ მოეწია ჩვენამდე, უეჭველად საკმაო ყურადსაღები იქმნებოდა. კვალად ეპისკოპოსები რომ ყოფილან ტფილისში ვიდრე 1493 წლამდე, ამას გვიმტკიცებს დაღუპვისგან გადარჩენილი ერთი საბუთი, რომელიც ეკუთვნის პაპს ალეკსანდრე მეექვსეს. პაპი წერილით ნიშნავს მინორიტების წესის ალბერტო ენჯელს ეპისკოპოსად ტფილისის ეკკლესიისა, რომელიც უმწყემსოდ დარჩენილა ივანე ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ. ესღა ვიცით მეოთხე ივანე ტფილისის ეპისკოპოსისა. იმ წერილს გარდა ჩვენამდე სხვა არც ერთ საბუთს არ მოუწევია. წერილი ცხადად გვიჩვენებს, რომ 1425 წ. დანიშნულის მესამე ივანე ეპისკოპოსის შემდგომ ტფილისში არ შეწვეტილა დანიშვნა ლათინის ეპისკოპოსებისა, არამედ განუმწესებიათ ისევე უკლელებლივ, როგორც X1V საუკუნეში იყვნენ ერთი მეორის შემდგომ. მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ ვინ და რავდენი ეპისკოპოსი იყო 1493 წლამდე. რადგან წერილი საკმაოდ ვრცელია და ბევრად ემსგავსება ზემოდ მოყვანილ წერილებს, აქ მოვიყვანთ მარტო იმ სიტყვებს, რაც განსხვავებულია და შეეხება განსაკუთრებით ახალდანიშნულს ეპისკოპოსს.
„პაპი ალექსანდრე VI, საყვარელს შვილს ალბერტო ენჯელს, სატფილისოდ აღრჩეულს მშვიდობა... შემდგომ რა ზემო ხსენებული ტფილისის ეკკლესია იმავე ივანე ეპისკოპოსის მიცვალებით დაშთა მოკლებული მწყემსის ნუგეშის ცემას... შენდამი, რომელიც ხართ მინორიტების წესისა... მივაქციეთ ჩვენი გონების თვალი... ტფილისის კათედრაზე გნიშნავთ ეპისკოპოსად და მწყემსად, იმავე ეკკლესიის მზრუნველობას და მართველობას მთლად თქვენ გაბარებთ, როგორც სასულიეროსა, ისე სახორციელო საქმეებში... 18 აპრილს, მღვდელთ მთავრობის პირველ წელს. (1493)”.
აქ შევნიშნოთ, რომ ყველა ზემო ხსენებული ტფილისის ეპისკოპოსები გარდა ერთისა, დომინიკიანების ორდენისა იყვნენ. ხოლო ბოლოს განწესებული ალბერტო არის ფრანჩისკიანების ორდენისა. ეს უმნიშვნელო როდია; აქვე ვნახავთ, რომ ამ საუკუნის ნახევარს საქართველოში დომინიკიანებზე უფრო მომეტებულად ფრანჩისკიანები გამრავლდენ, იმ ზომამდე, რომ ტფილისის საეპისკოპოსო, რომელიც დომინიკიანების ხელში იყო, ახლა ფრანჩისკიანების მფარველობაში გადასულა.
ჩვენა ვსთქვით, რომ ცხრა ეპისკოპოსის გარდა, სხვა არა ვიცით რა დანარჩენი ტფილისის ეპისკოპოსებისაო. ამიტომ, ვატიკანის არქივებში, რომელიც ამ წერილის უმთავრესი წყაროა, პაპების სხვა საბუთები აღარა ჰსჩანს. გარნა ის აზრი, რომელიც გამოვსთქვით სხვა ეპისკოპოსთა 1425 წლის შემდგომ ვიდრე 1493 წლამდე ყოფისათვის უსაფუძვლო როდია. ამას მოწმობენ ძველი მწერლებიც, და კიდეც აგვიწერენ მოკლედ იმ ეპისკოპოსთა გარემოებას და სახელებს. იმ მწერალთა მოწმობის დაგვარ, პაპს ნიკოლოზ V, 1450 წ., ტფილისის ეპისკოპოსად დაუნიშნავს ალექსანდრე დომინიკიანების წესისა; პაპს პიო მეორეს 1462 წ. დაუნიშნავს ენრიკო (არ ვიცით, თუ რომელი წესის ყოფილა), იმას უწოდებენ ენრიკო პირველსა, მაგრამ ეპისკოპოსი ენრიკო მეორე უნდა იყოს, რადგან ზემოდ ვნახეთ, რომ 1382 წ. დაინიშნა პირველი ენრიკო. ის ენრიკო გარდაიცვალა იმავე წელიწადს; იმავე პიო პაპს მაშინვე, ესე იგი, 1462 წ. დაუნიშნავს ფრანჩისკიანების წესის ენრიკო ვონსტი (Wonst), რომელიც გარდაცვლილა 1469 წ.; პაპს პავლე მეორეს დაუნიშნავს ტფილისის ეპისკოპოსად (1470-1471) ივანე იმაქი (Jmach) აგვისტინიანების წესისა; ეს ეპისკოპოსი 1476 წელსაც ცოცხალი ყოფილა. იმ დროს შემდგომ ვიდრე 1493 წლამდე აღარა ჰსჩანს, თუ ვინ და ან რავდენი ეპისკოპოსი კიდევ ყოფილა ტფილისში.
ამ ოთხი ეპისკოპოსის შესახებ არავითარი საბუთები გვაქვს პაპებისა, მაგრამ არა ნაკლებ სარწმუნოა სხვა და სხვა მწერალთა აზრებიც, რადგან აქ დასახელებული ავტორები უბრალო მწერლები და მოზღაპრები არ არიან. ცხადია, იმ დროს პაპებს მათთვისაც მოუწერიათ წერილები, მაგრამ წერილებს ჩვენამდე ვეღარ მოუწევიათ. ბოლონდელი ოთხი ეპისკოპოსიანათ, ტფილისის ეპისკოპოსების რიცხვი ცამეტამდე ადის. ხოლო ვფიქრობთ, რომ ეპისკოპოსთა რიცხვი მეტი უნდა ყოფილ იყო, რადგან, როგორც ზემოდ მოყვანილი საბუთებიდგან ცხადად ჰსჩანს, გარდაიცვლებოდა ტფილისის ეაისკოპოსი თუ არა, მაშინვე და ხშირად იმავე წელს პაპები მის მოადგილეს ნიშნავდენ. რიცხვების გამოძიებას აღარ გამოვუდგებით, რადგან ჩვენ სამოწმებლად და ჭეშმარიტების აღსადგენად ორი, ანუ სამი ტფილისის ეპისკოპოსიც კმარა.
ჩვენის აზრით, XV საუკუნის ქართველთ კათოლიკობის ბევრი საბუთი უნდა იყოს დაკარგული, რადგან ის ცოტა წერილები, რამაც კი, ძველის მწერლების წყალობით, ჩვენამდე მოაწია, საკმაოდ გვიჩვენებს საქართველოში კათოლიკების სიმრავლეს და მათ ევროპასთან დაახლოებულ კავშირსა. წერილთაგან უპირველესი არის პაპის კალიკსტო მესამის წერილი საქართველოს კათოლიკებისადმი მოწერილი, რომელიც აქვე მოგვყავს.
„პაპი კალიკსტო III. ჩვენს საყვარელ შვილთ, ყოველ ქრისტიანე მორწმუნეთ, რომლებიც ფრანგებად იწოდებიან და რომლებიც სპარსეთსა და საქართველოში სცხოვრებენ. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„დაბრუნდა რა ჩვენი საყვარელი შვილი, წმ. ფრანჩისკეს წესისა ბოლონიელი ლუდოვიკე, რომელიც გასულ წელს თქვენთან იყო ჩვენ ნუნციოდ, მოგვახსენა, რომ რიცხვით მრავალი ერი აღიარებთ ქრისტიანე-კათოლიკე სარწმუნოებას. დიდათ ერთგული ხართ სამოციქულო საყდრისა, რომელზედაც უღირსნი დადგენილ ვართ, და იცავთ კათოლიკე ყველა წესებს, როგორათაც გვაუწყეს ზემო ხსენებული წესის მონაზონთა (ფრანჩისკიანთა), ასე, რომ სრულიად მისდევთ (იცავთ) რომის ეკკლესიის დავედრებასა და ჩვეულებას. ამის მოსმენაზედ სიხარულით აღვივსენით და მადლობა შევსწირეთ ღმერთსა, რომლის წყალობითაც ეგოდენ ბარბაროსთა და ურწმუნოთა სიმრავლით გარემოცულთა, სცანით გზა ჭეშმარიტებისა და საუკუნო ცხოვრებისა და მტკიცედ მისდევთ. ჩვენმა ნუნციომ მოგვახსენა კვალად ერთი თქვენი სათხოვარი, სახელდობრ: თხოულობთ, თქვენს უფროსად და წინამძღვრად ვისაც თქვენ აირჩევთ ჩვენთაგანს (ევროპელს) ანუ თქვენთაგანს (მანდაურს), დავამტკიცოთ იგი. სიამოვნებთ თანხმობას გიცხადებთ იმ პირობით კი, არჩეული პირი პატიოსანი, მეცნიერებასა, წესებსა და ქრისტიანურს ზნეობაში კარგად გაწვრთნილი იყოს და არჩევის შემდგომ, რაც შეიძლოს მალე, წამოვიდეს სამოციქულო საყდრის მოსახილავად და წმიდათა პეტრეს და პავლეს საფლავის მოსალოცავად და თან წამოიყვანოს რავდენიმე მანდაური პირიც, რათა უკეთესად გაწვრთნილნი, კეთილი მაგალითებით აღსავსენი და ქრისტიანის სახელსა და სარწმუნოებაზე განმტკიცებულნი, გამობრუნდენ თავიანთ სამშობლოში. გარდა ამისა გავედრებთ ხსენებულ ძმა ლუდოვიკეს, ჩვენს ნუნციოს, რომელიც ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის სხვა და სხვა ადგილებში უნდა წავიდეს, შეეწიოთ თქვენის რჩევით და მფარველობით, რათა შეიძლოს შესრულება ჩვენ მიერ მინდობილის საქმისა. რომით, 19 დეკემბერს, მღვდელთ მთავრობის მესამე წელსა. (1457)".
ამ წერილში ნახსენები „საქართველოს" (Georgiae) სახელით უნდა ვიგულისხმოთ სამცხე. ამას გვიმტკიცებს, მგზავრთა მოთხრობის გარდა, თვით ყვარყვარე ათაბაგის წერილი, რომელსაც ქვემორე მოვიყვანთ. ეს სახელი დაერქვა სამცხეს მარტო ყვარყვარეს დროს მისის გაძლიერების გამო. ხოლო აქ დასახელებული „სპარსეთი" უნდა ვიგულისხმოთ ქართლად და არა სპარსეთად. ამასაც გვიმტკიცებს გიორგი მეფის წერილი, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ.
შევნიშნოთ ისიც, რომ აქ დასახელებულ კათოლიკეთა რიცხვში მარტო ერი არ ყოფილა კათოლიკედ, არამედ თვით საქართველოს კათალიკოსიც, ქართლის მეფე გიორგი, სამცხის მთავარი ყვარყვარე მეორე და სამეგრელოს მთავარი ბენდია. ამასაც გვიმტკიცებს ხსენებულის ბოლონიელს ლუდოვიკესადმი პაპის პიო მეორის შემდეგი წერილი 1458 წ.
„პაპი პიო II. საყვარელ შვილს ლუდოვიკე ბოლონიელს, ჩვენს ნუნციოს.
„სარწმუნო მოხსენებიდგან ვსცანით, რომ ჩვენთა წინა მოსაყდრეთა ნიკოლოზ V და კალიკსტო IIl რომის პაპთა მიერ თქვენ წარიგზავნევით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა და სამოციქულო საყდრის პატივის საქმეთა გამო; მღვდელთ მთავრები, მეფენი და ეგრეთვე ქრისტიანე ერი, რომლებიც სცხოვრებენ ურწმუნოთა შორის, მრავლად ნახეთ იქა, განამტკიცეთ და განაძლიერეთ სარწმუნოებაში, რაოდნათაც კი შეგეძლოთ; ნეტარ სახსენებელ კალიკსტო პაპს მოუტანეთ ზოგიერთი მათგანის სანუგეშო პასუხი, საითგანაც ცხადათ სჩანს, რომ კვალად მრავლად არიან მეფენი და ერნი კათოლივე ქრისტიანენი, რომლებიც რომის ეკკლესიას პატივსცემენ, აღიარებენ, ჰსწამსთ და კიდეც ჰქადაგებენ, რომის პაპი სააქაოს ქრისტეს ნაცვალი და პეტრე მოციქულის მოსაყდრეა; მათ შორის არიან.... ეგრეთვე ქართველთ კათალიკოსი, მეფე სპარსეთისა (გიორგი), მეფე ქართველებისა (სამცხის ათაბაგი), მეფე სამეგრელოსი (ბენდია), იმპერატორი ტრაპეზუნტისა და ეგრეთვე სპარსეთის ერი (ქართლის ერი), რომლებიც ეკკლესიის წესსა და დოგმატებზე შეერთებულნი არიან და რომლებიც დიდ პატივსცემენ წმინდა ფრანჩისკეს მონაზონებს... 1458 წ. 4 ოქტემბერს, მდვდელთ მთავრობის პირველ წელსა".
ეს წერილი საკმაოდ გვიჩვენებს, რომ მეთხუთმეტე საუკუნის ნახევარს საქართველოს კათალიკოსი და მეფენი კათოლიკები ყოფილან. ესეთი გარემოება შემთხვევითი, ანუ მარტო დროებითი არ უნდა ყოფილიყო, არამედ იმ დროის წინადაც და მის შემდგომაც ყოფილან კათოლიკები და ჰქონიათ ერთობა. ამის დასამტკიცებლად აქ მოვიყვანთ ერთს შესანიშნავს წერილს, საქართველოს კათალიკოსის ნიკოლოზ მერვისას, რომელმაც 1742 წ. მისწერა პაპს ბენედიქტე მეთოთხმეტეს, სომხების მიერ დევნულობის გამო:
„უნეტარესო მამაო ყოველთა მეფეთა უმაღლესო და ყოვლად ღირსეულო, მიმნიჭებელო კურთხევათა, მოსამართლევ ყოვლისა სოფლისა, პეტრე მოციქულის მოსაყდრევ და ერთისა წმიდისა კათოლიკე ეკკლესიისა თავმჯდომო, რომელი ეკკლესიაც არის დედა ქვეყნის ყოველთა ერთა, რომელსაც ემორჩილემიან ყოველნი ენანი და ყოველნი ტახტნი ეამბორებიან თქვენს წმიდა ფერხთა და ღებულობენ ყოველთა ცოდვათა შენდობას, სულიერსა და ხორციელ ნათელს. წამდგარნი წინაშე თქვენის უმადლესის ხელმწიფებისა, მდაბლად და სიყვარულით ვემთხვევით ფერხთა თქვენთა და ვითხოვთ თქვენს მწყემსებრივს კურთხევას და მშვიდობას.
„როგორათაც უწინ, ძველი დროდგანვე, ჩვენი ქვეყანა თქვენ გემორჩილებოდათ, მსგავსადვე ჩვენც კვალად თქვენის კურთხევისა და მადლის მქადაგებელნი ვართ. თუმცა, კი ზოგიერთმა ჩვენის საქართველოს პატრიარქმა თქვენდამი ჯეროვნად მისაგებელი მორჩილება დაივიწყა, ხოლო გევედრები, მათ ნუ დამადარებთ, რადგან მორჩილი და მზად ვარ ყველა თქვენი ბრძანება ადვასრულო. კარგა ხანია, რაც თქვენი პატრი კაფუცინები აქ ჩვენს საქართველოში იყვნენ, მეც განსაკუთრებულის სიყვარულით ვეპყრობოდი და მათთვის ყოველი სიკეთის და ბედნიერების მოპოებას ვნატრობდი, მეტადრე, ამ მოკლე დროს, სამი ანუ ოთხი თვის განმავალობაში, რაჟამს მიიცვალა დომენტი პატრიარქი დი მის ადგილს პატრიარქობის ღირსება მე მომეცა;
მაშინვე შევუდექი მათთვის ყველა სიკეთე და ბედნიერება მომეპოვებინა. მაგრამ ჩემი დიდი ხნის წადილის შესრულება სომხებმა არ დამაცალეს, რადგან ისინი ახლა ჩვენ აღარ გვიჯერებენ და ამ ქვეყანაში თავიანთი ნებისამებრ ბატონობენ. თქვენი პატრი კაფუცინები დაამწყვდიეს, ეგოდნად ჰგვემეს და დააწყლულეს, უარესის ქმნა აღარ შეიძლებოდა. გაუპატიურეს წმიდა ხატები და ჯვრები თქვენი ეკკლესიისა, შემდგომ თვით ეკკლესია და სახლიც ჩამოართვეს და თვით მიითვისეს, კაფუცინები ამ პროვინციაში აღარ დააყენეს, არამედ უწყალოდ აქიდგან განდევნეს. ამ უწყალო დევნულობაში უფრო დიდათ სამწუხარო ჩვენთვის ის შეიქმნა, რომ ჩვენის თვალით ვნახეთ, როგორ დაიჭირეს კათოლიკები თუ მამაკაცები და თუ დედაკაცები, თუ რანაირათ შეურაცხყვეს: ქონება სულ წაართვეს და ძალით კათოლიკე სარწმუნოებასა და თავიანთ მშობლებს განაშორეს. აწ ყველა ქართველნი უმდაბლესად გევედრებით, რათა ამ პროვინციას თქვენი ხელი არ ააღოთ და უკაფუცინებოთ არ დაგვტოვოთ. ღვთის სიყვარულისათვის შეგვეწიეთ, ნუ მიუშვებთ, რათა ეგოდენი ხალხი წარწყმდეს, ნურც ჩაუგდებთ თქვენს შეძენილს ერს გაცოფებულ ურწმუნოებს, თქვენის უმაღლესის დიდსულოვნობისათვის ძნელი არ არის, თუ ერსა და თუ ჩვენ შეგვეწიოთ. სხვა დანარჩენ ჩვენს ამბავს მოგახსენებენ თქვენივე პატრები. კათალიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ”.
ამ წერილიდგან ნათლად სჩანს, რომ უწინ საქართველო და ქართველი კათალიკოსები პაპებთან შემოერთებულნი ყოფილან და მათ ემორჩილებოდენ, ხოლო ზოგიერთს (და არა ყველას) კათალიკოსს დაუვიწყებია ის ერთობა და მორჩილება.
ამ კათალიკოსის წერილში მოხსენებულ უწინდელ ერთობას საკმაოდ ეთანხმება პაპის კლემენტე მეცამეტის წერილი, რომელიც 1763 წ. მოსწერა მთელი კავკასიის ერსა და ამბობს, რომ უწინ მათნი წინანაპარნი კათოლივე სარწმუნოებას აღიარებდენო. ქრონოლოგიურის წესის მიუხედავად ამ წერილსაც აქ მოვიყვანთ, რადგან შეეხება ჩვენს საგანს.
„პატივცემულ ერის თავ-კაცთა და კავკასიის ყოველთა მცხოვრებთა.
„პაპი კლემენტე მეცამეტე. პატივცემულნო გვამნო, მშვიდობა და ზეციერი მადლი.
„რომის მღვდელთ მთავრებმა, რომელთა სულიერ მზრუნველობას მინდობილი აქვს მრთლად კაცთა ნათესავის ცხოვრება, დიდი ხანია მას აქეთ, რა კი სცნეს, თქვენნი წინაპარნი უწინ კათოლიკე სარწმუნოებას აღიარებდენ, ცდა არ დაუკლიათ, რათა ამავე სარწმუნოების მოძღვართა მიერ აეხილებინათ თქვენთვის თვალი, გამოეყვანეთ იმ სიბნელისაგან, რომელშიაც ვლით და ნათლოან გზას წარემართეთ, რაის გამო მრავალ გზის მოგივლინესთ მოციქულებრივი კაცები, რომელთაც თქვენში სულიერი მოძღვრების მიფენით უნდა მიეღოთ თავიანთი შრომის უხვი ნაყოფი, ესე იგი, თქვენი სულის ცხონება, ხოლო ღმერთმა თავისი მიუწდომელის სიბრძნის განგებით, რა კი ჯერეთ არ ინება ჩვენთა წინა მოსაყდრეთა ცდის სავსებით სისრულეში მოყვანა, აწ ჩვენ, მისის მოწყალების სასოებით დავადგინეთ თქვენდამი წარმოვგზავნოთ სხვა ახალი მოძვარნი, რომელნიც ქრისტიანებრივის სარწმუნოების განფენისა და თქვენთა სულთა ცხონების კეთილის სურვილით ეგოდნათ გამსჭვალულნი არიან, რომ არ უშინდებიან და უკან არ იხევენ არც გზის სიშორისა და სიძნელის, არც იმ დიდი და მრავალი განსაცდელის გამო, რომელიც მოელისთ ამისთანა შორეული მგზავრობის დროს. ამიტომ კვალად და კვალად შეგაგულიანებთ და გევედრებით, რათა ეს მოძღვრები სახიერებით და სიტკბოებით მიიღოთ, გულმოდგინებით მოუსმინოთ და სიმშვიდით შეიწყნაროთ მათი სიტყა იმავე სარწმუნოებისათვის, რომლითაც შესაძლებელია თქვენი სულის ცხონება და რომლის გარეშე არა არს ცხოვრება. აწ დიდის გულ მხურვალებით ვევედრებით ღმერთსა, რათა თავისის მადლის ნათლით განანათლოს თქვენი გონება, აღძრას თქვენი გული და მოგანიჭოსთ ნათელი ჭეშმარიტების ცნობისა. რომით, 3 თებერვალს, 1763 წ. მღვდელთ-მთავრობის მეხუთე წელსა”.
წერილი თუმცა განსაკუთრებით არ შეეხება საქართველოს. მაგრამ ის კი ჭეშმარიტია, რომ თავდაპირველად ქართველები იგულისხმებიან, რადგან კარგად ვიცით, რომ უწინ კავკასიის ერთა წინამძღვარნი და მათ შორის განთქმულნი ქართველნი იყვნენ. გარდა ამისა კავკასიის მთიულ მცოვრებთა მომეტებულ ნაწილს შეადგენენ ფშავლები, თუშები და ხევსურები, რომლებიც ქართველები არიან.
შევრიშნოთ აქ ესეც, რომ საქართველოს ეკკლესია ისე დაშორებული არ არის რომის ეკკლესიას, როგორც სხვა ტომების ეკკლესიებია, რადგან მტკიცედ აქვს დაცული მსოფლიო კრებათა დადგენილი ყველა დოგმები. ამიტომ რომის ეკკლესია მას არ უწოდებს ერეტიკად-მწვალებლად, როგორც სხვა ტომთა ეკკლესიებს უწოდებს არამედ უხმობს მარტო გაყრილად. წინედ ხომ ლათინის და საქართველოს ეკკლესიის სარწმუნოება ერთმანერთის თანახმა იყო, როგორც ამას მოწმობდა წმიდა გიორგი მთაწმიდელი და როგორც ვნახეთ პირველ თავში; არც შემდგომ საუკუნებში არსებითად განსხვაებულა ამ ორის ეკკლესიის სარწმუნოება. ამის საბუთად, სხვათა შორის ეს გვაქს: როდესაც რომაში თეიმურაზ პირველის ელჩს ნიკიფორეს მოსთხოვეს საქართველოს ეკკლესიის სარწმუნოების სიმბოლო და როდესაც წარუდგინა, პროპაგანდის კრებაში, 20 იანვარს 1628 წ. გაიმეორეს ის სიმბოლო და კრებამ ერთპირად აღიარა, რომ ქართველები ძრიელ ცოტათი განსხვავდებიან ჭეშმარიტი კათოლიკე სარწმუნოებისგანო.
ამიტომ საქართველოს რომასთან შესაერთებლად სხვა არაფერი მოეთხოებოდა, მისგარდა, რომ პაპი ეცნო მსოფლიო ეკკლესიის თავად და მისთვის მორჩილება გამოეცხადებინა. შემდეგ კი ყველა ქართველს შეეძლო კათოლიკე ყოფილ იყო და თავის წესსა და ეკკლესიაშივე დარჩენილ იყო. ესრეთი შეერთება შეიძლება ბევრისგან შეუნივნელად და უცნობელადაც დარჩენილ იყო. ეგრეთვე თუ ზოგჯერ საქართველოს და რომას შუა გაყრა მოხდებოდა, მიზეზი იქმნებოდა მარტო ის, რომ სხვა და სხვა გარემოებისა და სიძნელის გამო შესწყდებოდა ხშირი და მეგობრული კავშირი და არა ისა, რომ მათ შორის შფოთი და მტრობა ჩამოვარდნილიყო, რაიც საქართველოში არას დროს არ მომხდარა. სწორედ ამ დოგმატებრივი ერთგავრობის მიზეზია, რომ დღესაც კოსტანტინეპოლში ქართველთ კათოლიკის ტიბიკონის ბერები ხმარობენ შეუცვლელად ყველა იმ ლიტურღიის ქართულ წიგნებს, რაც დაბეჭდილა რუსეთსა და საქართველოში და რასაც დღეს საქართველოს მთელი სამღვდელოება ხმარობს.
საქართველოს და რომის ეკკლესიის დოგმატების ურთიერთთან თანხმობის გამო შეგვიძლია უტყუვრად ვსთქვათ, რომ ხშირად საქართველოში არა მარტო კერძო პირები იყვნენ კათოლიკებად, არამედ უმრავლესობა, თავადები, მეფეები და თვით კათალიკოსებიც კი შეერთებული იყვნენ რომის ეკკლესიასთან, რასაც არა ნაკლებ გვიმტკიცებს ზემორე მოყვანილი საბუთები. ერთსა და იმავე დროს ქართული ტიბიკონის მქონე კათოლიკებთან ყოფილან ეგრეთვე ლათინის ტიბიკონის მქონე ქართველი კათოლიკენიც შეუწყვეტლივ. ამასაც ცხადათ გვიმტკიცებს ეგოდენი ლათინის ეპისკოპოსების დანიშვნა ტფილისში და ეგრეთვე ზემორე მოყვანილი პაპის კალიკსტო მესამის წერილი საქართველოს კათოლიკებისადმი.
რადგან ზემო ხსენებული ლუდოვიკე ბოლონიელის შესახებ კვალად უნდა ვილაპარაკოთ, საჭიროდ მიგვაჩნია ეს შენიშვნა. ჩვენი ისტორიის გამომამქვეყნებელ ბროსეს ფრანჩისკიანების წესის ლუდოვიკე დომინიკიანების მონაზონი ჰგონია. შეურაცხყოფით იხსენიებს და ქვებუდანა მოშუღლე ფანატიკოსს ეძახის. მაგრამ პატივცემული ისტორიკოსი ჰსცდება. ეტყობა არ გაუცვნია ის წერილნი, რომელნიც სარწმუნო წყარონი არიან ამ პირის ისტორიისათვის. ჩვენ, რაც შეიძლებოდა, ყველა საბუთი გავიცანით ამის შესახებ და დავრწმუნდით, რომ ეს ლუდოვიკე დასახულია დიდ მოღვაწედ, მეცნიერ, დახელოვნებულ და კეთილ კაცად (virum probum et religiosum). პაპს კალიკსტო მესამეს იგი ჰყოლია თანაგამზრახად და ერთგულ მეგობრად. ლუდოვიკეს იერუსალემში ბევრხანს უცხოვრია, ქრისტიანების წინააღმდეგ ოსმალთა საიდუმლოები კარგად შეუტყვია. ამიტომ იყო რომ პაპები ხშირად მას გზავნიდენ სხვა მთავრობათა მიმართ ოსმალების წინაღმდეგ ომის ასატეხად.
1456 წ. პაპმა კალიკსტო მესამემ ლუდოვიკე აღმოსავლეთს გამოგზავნა, რათა აღმოსავლეთის მთავრები ოსმალეთის წინაღმდეგ საომრად მოემზადებინა; თან გამოატანა იქაურ მეფეებთან ერთი წერილი, რომელიც იწყებოდა ესრედ: Qui coelorum coutinet thronum Dei, Rex Dominator. სამწუხაროდ, ის წერილი დაკარგულია. საქართველოში რომ მოვიდა წერილი ჩვენ მეფეებსაც წარუდგინა. რა ნახა აქაური მთავრების და ერის მზად ყოფა, მეტადრე მათი ერთგულება რომის ეკკლესიისა და პაპისადმი, საჩქაროდ საქართველოდგან გაბრუნდა რომას და მოახსენა პაპს ყველაფერი. ამის შემდეგ იყო, რომ პაპმა ზემოდ მოყვანილი წერილი მოსწერა საქართველოს კათოლიკებს და ლუდოვიკე ხელმეორედ გამოგზავნა საქართველოს, ხოლო ლუდოვიკეს წამოსვლის წინ კალიკსტო მესამე გარდაიცვალა. ამიტომ ლუდოვიკემ დააყოვნა თავისი წამოსვლა და მოუცადა ახალი პაპის არჩევას, 1458 წ. არჩეულ იქმნა თუარა პაპი პიო მეორე, მაშინვე ლუდოვიკეს განუახლა ყოველი უფლება და პრივილეგია, ეგრეთვე მისცა ჩვენ მეფეებთან წერილი და გამოისტუმრა საქართველოს. იმ დროს საქართველოს მდგომარეობა, თანახმად ჩვენის ისტორიისა, ფრიად სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს. ერთი და იგივე მამულიშვილები ერთმანერთის გაოხრების მეტს სხვას არაფერს ფიქრობდენ: ყველა თავის პირად დიდებას და ინტერესებს ეძებდა, პატარა დიდს აღარა ჰსცნობდა და მონა ბატონზე ხელს იღებდა; გიორგი მეფე, ყვარყვარე ათაბაგი და იმერეთის მეფე ბაგრატ ერთმანერთის დაღუპვას სცდილობდენ, ერთმანერთის შურით თავიანთ მოძმეთა სისხლსა ღვრიდენ განუწყვეტლად. ამ გლეჯა-წეწვის დროს გიორგი მეფე, 1456 წ. ყვარყვარეს ტყვედ ხელში ჩაუვარდა. სწორეთ იმ სამწუხარო ამბავს მოუსწრო საქართველოში ხსენებულმა პატრი ლუდოვიკემ. პირველი მისი ცდა ის იყო, რომ შეაჩერა ძმებში ერთმანერთის სისხლის ღვრა; მერმე დაანახა იმათ ყველას ის დიდი უბედურება, რომელიც ადრე, თუ გვიან მოელოდა საქართველოს ოსმალების ხელითგან. ამიტომ არა მარტო შეარიგა ერთმანერთს, არამედ ფიცით კავშირიც დაადებინა ყველას, რომ ყოველი თავიანთი ძალა შეერთებინათ, რათა ადვილად წინ აღდგომოდენ თავიანთ საზოგადო მტერს ოსმალებს. რა ნახეს მისი ესრეთი გულმოდგინება და კაცთ მოყვარეობითი მოქმედება, ყველა ქართველებმა იგი აირჩიეს თავიანთ პატრიარქად, თანახმად იმ უფლებისა, რომელიც მიანიჭა კალიკსტო პაპმა ქართველებს თავიანთ სასულიერო წინამძღვრის არჩევის საქმეში, როგორც სჩანს ჩვენ მიერ ზემორე მოყვანილის წერილიდგან. ლუდოვიკე შემდგომ აქიდგან წავიდა სომხეთს და სპარსეთსაც; იქაური მთავრები შემოიერთა ოსმალების წინააღმდეგ; გამობრუნებისას თან წამოიყვანა მათი ელჩებიც და მოვიდა ისევ საქართველოს. აქ კვალად განამტკიცა მეფე და მთავრები ერთობაში ოსმალების წინააღმდეგ საომრად. პაპთან პასუხის წასაღებად გაბრუნდა რომას 1459 წ. წაიღო ყვარყვარესი და გიორგი მეფის წიგნები ბერგუნდიის მეფისათვის გადასაცემათ და თან წაიყვანა მათი ელჩებიც. ეს ორი წერილი კარგად ვრცელია და ძნელათაც საშოვარი, რადგან მარტო ერთ ძველს და იშვიათს წიგნში მოიპოება, ამიტომ სრულიად მოგვყავს აქ, რათა საქართველოს ესეთი შესანიშნავი საბუთები არ დაეკარგოს.
„ყოვლად ბრწყინვალე ბერგუნდიის დუკას, მე, ყვარყვარე საქართველოს მთავარი, სიყვარულით მოგიკითხავ.
„დიდად ვნატრობ თქვენს დამეგობრებას, რადგან შევიტყე რომ, ძრიელ მორწმუნე ქრისტიანე ხართ და მარადის ნატრობთ ჰქმნათ იმისთანა შესანიშნავი საქმე, რომელიც შეეხება ჩვენის წმიდა სარწმუნოების პატივსა და დიდებას, როგორათაც ესა ჰყვეს თქვენთა წინაპართა. მეც ქრისტიანე ვარ და ამ უწმიდესი სარწმუნოების დასაცველად და მისი დიდებისათვის მზად ვარ თავი დავსდვა; ამიტომ ჩემ წინაპართა კვალს მივსდევ და მათ მსგავსად სიამოვნებით ვეომები ურწმუნოთა. მამი ჩემის სიკვდილის შემდგომ ხშირად მომიხდა მათთან ომი და, ღვთის მადლით, ბევრჯერაც გავიმარჯვე მათზე და ბევრი მათი ქალაქიც დავიპყარი. გასულ წლებში მეზობელ მთავრებთან ომი რომ არ მომხდენოდა, უფრო მომეტებულად გავიმარჯვებდი ურწმუნოებზე. ხოლო აწ ბატონი ჩვენი პატრიარქის ლუდოვიკეს ბრძანებით შევურიგდი ყველა ჩემს მეზობელს ქრისტიანე მთავრებსა და გარდავსწყვიტე, მთელი ჩემი ღონე და შეძლება მოვიხმარო ოსმალებას წინააღმდეგ, როგორთაც დავპირდი ჩვენს ბატონ პატრიარქს. თვით მევე უნდა წავუძღვე ჩემს 20,000 ცხენოსანს საომრად ურწმუნოთა წინააღმდეგ. ამის ადვილათ აღსრულებისათვის, არა მარტო შევურიგდი, არამედ პირობაც შევკარი და კავშირი დავადგინე ამ ქვეყნის ყველა ქრისტიანე მთავრებთან, რათა ესეთის ჩვენის შეერთებულის ძალით შევებათ და ვსძლიოთ ოსმალთა, რომელთაც დაიპყრეს კოსტანტინეპოლი, ხოლო კავშირი ვყავით მე, გიორგი სპარსეთის მეფემ, დავით ტრაპეზუნტის იმპერატორმა, ბენდია სამეგრელოს მეფემან, რაბია ანაკოსიის (აფხაზეთის) მთავარმა და ბერდებეგ მცირე სომხეთის ბატონმა. ამათ გარდა ჩვენი მოკავშირენი სხვანიც არიან. ის მოკავშირენი თუმცა ურწმუნონი არიან, მაგრამ ძრიელ მთავრებად ითვლებიან და დიდი მტრები არიან კონსტანტინეპოლელი ოსმალებისა. ისინი არიან შემდეგნი: ყარამან, ძველი მართველის ისმაელ-ბეგის შვილი, და ჰასანბეგ, უწინდელი ყარალუკის შვილი. რადგან ჰასან-ბეგ აქეთ მხარეს კოსტანტინეპოლელი ოსმალების საზღვარზედ არის, დაგვპირდა, რომ გზა მოგვცეს, რათა ანატოლია დავიპყრათ და თვითონაც უნდა მოვიდეს ჩვენთან ყოველი თავისი ჯარით ასაღებად ბერსის ქალაქისა, რომლის დაპყრობაც თვითონ უნდა. ესეთი კავშირი მასთან იმ პირობით დავდევით, რომ მუდამ იქმნეს ქრისტიანების დიდი მეგობარი, ეგრეთვე უკეთუ თქვენ ლათინის მთავრები და ერი წამოხვალთ იერუსალემის წმიდა ადგილების დასაპყრობლად, ის ვალდებულია ყველანაირად შეგეწიოსთ თქვენ, რაოდნათაც კი შეუძლია. აგერ 50 წელიწადია, ესეთი მშვიდობა და ერთობა, რომელიც აწ ვყავით, არ გაგონილა ჩვენს ქვეყანაში. ეს ვყავით ჩვენის ბატონის პატრიარქის ბრძანებით და ჩაგონებით და ეგრეთვე თანახმად წერილისა ბატონის პაპისა, რომელმაც მოგვწერა და გვაუწყა, რომ მან თავის ქალაქში ყველა ლათინის მთავრები უნდა შეკრიბოს და რჩევა ჰქმნას, რათა მოემზადონ ურწმუნოებთან საომრად. ხოლო დიდათ ვნატრობთ, რომ თქვენც შემოგვიერთდეთ ამის აღსასრულებლად. ამიტომ ბატონ პატრიარქთან ერთად ვგზავნით ჩვენს ელჩებს, ყველა ლათინის მთავრებთან და უფროს ერთად თქვენთან, რადგან შევიტყეთ, რომ დიდი ხანია ძრიელ ნატრობთ წმიდა ადგილების დაპყრობას. აწ ჩვენის ელჩებისაგან სცნობთ, თუ ჩვენ ყველანი რაოდნათ მოწადინებულნი ვართ ამ სარწმუნოების საქმეში და თუ მისთვის რა გავაკეთეთ ამ დროებში. კვალად დიდათ ვნატრობთ და გევედრებით, ჩვენს ელჩებს ყველაფერი კარგად შეატყობინოთ, თუ მზად ხართ ჯვაროსანთა ომის დასაწყებად, რათა მათაც გვაცნობონ, თუ რა დროს უნდა შევიჭურნეთ საომრად. ამასაც გპირდებით, რომ ერთის ზაფხულის განმავლობაშივე დავიპყროთ მთლად ანატოლია და ყველა ქვეყნები, რომელიც კოსტანტინეპოლელ ოსმალოს ამ მხარეს უჭირავს, ხოლო იმის მეორე კერძო ადგილები, რომელიც საბერძნეთია და რომელსაც შავი ზღვა ჰყოფს, თქვენ დაგიტოვოთ; მისი აღება ადვილი იქმნება, რადგან, როდესაც ოსმალეთი ესე ორ ჯარს შუა მოექცევა, ვეღარ გაუძალდება, მალე დაიძლევა და ამნაირად მის სახელს ქვეყანაზე მოვსპობთ. ამიტომ სხვა ყველა ლათინის მთავრებზე უმეტესად თქვენ გევედრებით, რათა ამისთვის იფიქროთ და იზრუნოთ და ხელიდგან არ გაუშვათ კაი შემთხვევა, რომელსაც გაძლევთ; არც დამცირებად მიიჩნიოთ ჩვენი მომხრეობა, ვინაიდგან ყველაფერი დაგვიტოებია და სარწმუნოების სასარგებლო საქმეს დავსდგომივართ. უკეთუ აწ დაიზარებთ და ყურადღებას არ მოაქცევთ ამას (რაც ღმერთმა ნუ ინებოს), მაშინ სრულებით აღარაფერს ვიქმთ, რადგან იმ პირობით შევერთდით ურწმუნოებთან საომრად, უკეთუ თქვენც, მთავარნი ლათინნი ჩვენთან შეერთებულ იქმნებით: თვინიერ ამისა ყოველი ჩვენი ხელშეკრულობა უქმია; რადგან ყველა ჩვენი რჩევა და გარდაწყვეტილება დამყარებელია ბატონი პაპის წერილზე, რომელიც ჩვენმა ბატონმა პატრიარქმა მოგვიტანა და რომელიც მის ნამდვილ წერილად მიგვაჩნია. დასასრულ უწყოდეთ კარგად, რომ თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, შემდეგში, კიდევაც რომ გულით მოინდომოთ, ვერაფერს გაარიგებთ, რადგან უსჯულო ოსმალეთი მუდამ დღე ძრიელდება და ვეღარც შევიძლებთ შემდეგში გულმოდგინედ შეერთებას, როგორც ახლა ვართ. თუმცა ბევრი რამ მინდოდა მომეწერა, მაგრამ ეს ვიკმარე, ზოგსაც ჩემი ელჩი მოგახსენებს. უსმინეთ ყველაფერი უეჭველად ეგრეთვე დაგავედრებ მას. ქრისტეს მიერ ბძანდებოდეთ მშვიდობით. დაიწერა ქარციხეს (ახალციხეს), 1459 წ. ნოემბერს".
როგორც პაპს მოუწერია ჩვენი მეფე-მთავრებსათვის, ისე ცხადია ისიც, რომ სამაგიერო პასუხს მისწერდენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა დაკარგულია და არც ერთი სჩანს.
გიორგი მეფის წერილი ამ წერილისგან ბევრად არ განირჩევა, მაგრამ, რადგან ძნელი საშოარია, ამიტომ ისიც მოგვყავს აქ სრულიად.
„ყოვლად ბრწყინვალე ბურგუნდიის დუკას, მე გიორგი სპარსეთის მეფე მრავალს მოკითხვას მოგახსენებ. ამ წიგნს გწერთ, რათა სცნოთ, რაც ვჰყავით ამ ჟამად აღმოსავლეთში. აწ უწყოდეთ, რომ ყველა ამ მხრის ქრისტიანე მთავრებმა ერთმანერთ შორის ჩამოვაგდეთ მშვიდობა და ზავი და შევიფიცენით, რათა ყველა ჩვენის ძალით და ცდით ვეომოთ ოსმალებს, მეტადრე იმათ, რომლებიც არიან კოსტანტინეპოლში, რადგან ქრისტიანებს ძრიელ მტრობენ. ამ კავშირის გამო ყველა ჩვენთაგანმა ჯარი მოამზადა. მე თითონ პირადად 40,000 კაცით უნდა წავიდე დავით ტრაპეზუნტის იმპერატორი შეგვპირდა და მზათ აქვს 30 ხომალდი 20,000 კაცით; სამეგრელოს მეფე ბენდია მზათ არის მთელის თავისი ჯარით; ყვარყვარე საქართველოს მთავარი თვით მოდის 20,000 ცხენოსნით; ანაკოსიის მთავარი რაბა (ფაბია) შემოგვპირდა წამოსვლას თავისი ძმებით, თავადებით და მთელის თავისის მხედრობით; მცირე სომხეთის ბატონი ბერდებეკ ჩვენის ლაშქრობისათვის შემოგვპირდა 20,000 კაცს. ხსენებულ კავშირში არიან კვალად სხვა ერნიც გიტარანები და სხვანი, ეგრეთვე თათრების სამი ძრიელი მთავარი, რომლებიც მზად არიან დაუწყონ ჩხუბი ოსმალებს, ესე იგი კოსტანტინეპოლის მფლობელ ოთმანებს. იმათგანი ერთი არის ყარამან, მეორე ისმაელ ბეგი შვილი უწინდელის მთავრისა, მესამე ჰასანბეგ მესოპოტამიის მეფე, შვილი ყარაილუკისა, რომელიც ძრიელი და დიდი მტერია კოსტანტინეპოლელი ოსმალებისა და მზად არის ყველა თავისი დანაპირები აღასრულოს. აქ ხსენებულთა ამის შესრულება ერთმანეთს შევფიცეთ, მუხანათი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, იმ პირობით კი, თუ თქვენ ლათინებიც ჩვენთან ერთად იქმნებით და თქვენის მხრით ოსმალებს ომს დაუწყებთ. გარნა თუ არ ისურვეთ ეს ომი, მაშინ სრულებით ვალდებულნი აღარ ვიქნებით, შევასრულოთ ის, რასაც ერთმანერთს შევპირდით. ამიტომ გევედრები, ყველაფერს თავი დაანებოთ და ამ ომს მოაქციოთ ყურადღება და ჩემსავით არც უკან დაიხიოთ ასეთი წმიდა საქმისათვის რომლისამე სიძნელის გამო. უკეთუ ყურადღება მიმექცია სხვა და სხვა სიძნელისათვის, თავის დღეში ვერ დავემორჩილებოდი ბატონს ჩვენს პატრიარქს, რომლის შემწეობით და ბრძანებით ჩვენს შორის მშვიდობა დამყარდა და დაიდვა ეს კავშირი. აწ თუმცა ამ მორიგებამ ზოგიერთ საქმეში მაზარალა, მაგრამ მაინც კი მოხარული ვარ, რადგან ამის მაგიერად ღვთისაგან მოველი სულიერ სასყიდელსა. აწ სხვას არაფერს გწერ, რადგან ჩვენს ბატონ პატრიარქთან ერთად ვგზავნი ჩემს ელჩსა, რომლისგან ყველაფერს შეიტყობთ და რომელსაც გავედრებ. მაშ მოუსმინეთ. გთხოვ თქვენი პასუხი წერილით გამოატანოთ, რათა ვსცნოთ თქვენი აზრი და გარდაწყვეტილება. ქრისტეს მიერ მშვიდობით ბძანდებოდეთ. დაიწერა ჩვენს ბანაკში ახლოს კარავისა. 1459 წ. ნოემბრის 5".
ამ წერილებში მოხსენებული ისტორიული ფაქტების კვლევას არ გამოუდგებით. აქ დასახელებული საქართველოს მთავრების ერთმანერთში მტრობა და ჩხუბი საკმაოდ მოთხრობილია ჩვენს ისტორიაში. შევნიშნოთ მხოლოდ, რომ სპარსეთის მეფედ დასახელებული გიორგი, ყოველ ეჭვ გარეშე, საქართველოს (ქართლის) მეფე გიორგი მერვეა, შვილი ალექსანდრე დიდისა. მისის მამის სახელი ცხადათ მოხსენებულია იმ წერილებში, სადაც ლაპარაკია მისი წერილისა და გაგზავნილის ელჩის შესახებ. ეს იქიდგანაც მტკიცდება, რომ იმ დროს სპარსეთის მეფედ იყო განთქმული ჰასანბეგ (უზუნ-ჰასან), გიორგის წერილშივე მესოპოტამიის მეფედ ჰასანბეგად დასახელებული, რომელიც ქრისტიანების მეგობარი იყო, მაგრამ ქრისტიანობა კი არ მიუღია. არც სპარსეთის ისტორიაში მოიპოება, როდისმე ჰყოლოდეს ქრისტიანე მეფე სახელად გიორგი. ხოლო გიორგი ცხადათ აღსარებულია ქრისტიანედ და კიდეც აურჩევია პატრიარქად პატრი ლუდოვიკე ბოლონიელი, რომელსაც ერთგულად ემორჩილება. არ ვიცით კი ნამდვილი მიზეზი, თუ თავისს თავს სპარსეთის მეფედ რად უწოდებს. ხოლო ვფიქრობთ, იმიტომ დაირქვა ეს სახელი, რომ იმ დროებში თუ ქუთაისის მეფემ ბაგრატმა და თუ სხვა მთავრებმა ბევრჯელ ჩამოართვეს საქართველოს ტახტი და არ ასვენებდენ თავის სამეფოში. ეს თვით წერილიდგანაც სჩანს, რადგან დაუწერია (ანუ დაუწერინებია) იგი ომის ველზე, ბანაკში და არა თავის სამეფო ქალაქ ტფილისში. ეგრეთვე ამას ისიც გვიმტკიცებს, რომ იმ დროს ბაგრატ იწოდებოდა ივერიის, ანუ ქართველთა მეფედ.
რა წავიდენ საქართველოდგან ზემო ხსენებული პატრიარქი და ორი ქართველთა ელჩი ნიკოლოზ თბილელი და ქასადან ყარჩეხან (ვგონებთ უნდა იყოს ფარსადან) სხვა ელჩებთან ერთად, გამოიარეს სამეგრელოში და დანუბის მდინარით უნგარეთს მივიდენ, იქიდგან წავიდენ გერმანიას და მიესალმნენ ფრედერიკო იმპერატორს; რა მივიდენ ვენეციას, იქაურმა სენატმა დიდის პატივით მიიღო. ხოლო რომას რა ჩავიდენ, მათ მიეგებნენ სასულიერო დასნი და ეპისკოპოსები და დიდის პატივით მიიღეს, როგორც მეფეთა ელჩნი, დააყენეს სამთავრო სახლებში და მთავრობის ხარჯითვე შეინახეს. ელჩები იყვნენ ხუთნი. ერთი ყვარყვარესი ქასადან, მეორე გიორგი მეფისა ნიკოლოზ თბილელი; მესამე სომხების მთავრისა მორალო; მეოთხე ჰასანბეგისა მაჰმეტ; მეხუთე დავით იმპერატორისა მიხეილ. 1460 წ. პაპის პიო მეორის წინაშე წარდგნენ და მოახსენეს ესრედ. „თქვენ წარმოგზავნეთ ჩვენდამო მინორიტების წესის ბოლონიელი ლუდოვიკე, რომელმაც მოგვახსენა, რომ თქვენ წახვედით მანთოვას ქრისტიანებთან კრების მოსახდენად, რათა მაჰმედს, ოსმალების იმპერატორს, ომი დაუწყოთ და ნატრობთ, ჩვენმა მთავრებმაც ახიაში ომი აუტეხონ, როდესაც ევროპაში შეებმით. ეს ამბავი ძრიელ ესიამოვნათ ჩვენს მთავრებს, რადგან მათ სძულსთ ოსმალები და თქვენ კი უყვარხართ და პატივს გცემენ ისე, როგორც ქრისტეს ნაცვალსა: მზად არიან თქვენი ბრძანების აღსრულებისათვის. ჩვენს მთავრებს ერთმანერთში მძულვარება და ომი ჰქონდათ, მაგრამ თქვენმა ნუნციომ რა უბრძანა, მაშინვე შერიგდენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ. 120,000 მეომარნი მზად არიან ეომონ მაჰმედ იმპერატორს ახიაში, ვიდრე ჰელესპონტამდე, თრაქიამდე და ბოსფორამდე, როდესაც თქვენ ინებებთ და თუ თქვენც დასავლეთელებთან ერთად ეომებით ოსმალებს. ამიტომ წარმოგვგზავნეს და ეგრეთვე მისთვის, რათა ვემთხვიოთ თქვენთა ფერხთა, ვითარცა ამ ქვეყანაზე ღვთის ნაცვლისას. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდია აფხაზეთისა და სამეგრელოს მეფე, ბაგრატ (მეფე) ივერიელებისა, რომლებსაც აწ უწოდებენ გიორგიანებს და მანია (მამია) მარკიო გურიელი.... აწ მხოლოდ ამას გთხოვთ, რომ ლუდოვიკე, რომელმაც აქ მოგვიყვანა, დაადგინოთ პატრიარქად იმათზე, ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ და თქვენ საყდართან შეერთებულნი არიან."
ზემოთ მოვიხსენიეთ, რომ პაპის კალიკსტო მესამის წერილი შეეხებოდა მარტო საქართველოს კათოლიკებს და არა სხვა ტომის ხალხსა. ამას საკმაოდ გვიმტკიცებს ყვარყვარესი და გიორგის წერილები და ეგრეთვე მათი ელჩების ისეთი ლაპარაკი პაპთან. არ დავივიწყოთ, რომ იმ წერილებთან ერთად მიწერილია ბერგუნდიის დუკასთან დავით ტრაპეზუნტის იმპერატორის წერილიც, რომლის აქ მოყვანას საჭიროდ არა ვრაცხთ. წერილში იმპერატორი ბოლონიელ ლუდოვიკეს პატრიარქად სრულიადაც არ უწოდებს, არამედ იხსენიებს მარტო ელჩად (orator); არც ისაა მოხსენებული წერილში, ვისთანმე ომი ჰქონოდეს მის წინეთ, არამედ მარტო ამას ამბობს: „ჩვენ აღმოსავლეთელებმა ერთიან პირობა შევკარით, ვეომოთ ოსმალებსო”. არც ისა სჩანს, რომ მცირე სომხეთის მთავარს ეწოდებინოს, ანუ ესურვებინოს ლუდოვიკეს პატრიარქობა. ეგრეთვე ცხადია, რომ სპარსეთის მეფეს ჰასანბეგს სრულიადაც არ დასჭირდებოდა იმის პატრიარქობა. მაშ გიორგიმ და ყვარყვარემ აირჩიეს იგი თავიანთ პატრიარქად თანახმად იმ უფლებისა, რომელიც ზემოდ მოყვანილი წერილით კალიკსტო პაპმა მიანიჭა საქართველოს კათოლიკებს იმ პირობით, რომ არჩეული პირი რაც შეიძლებოდა მალე წასულიყო რომას და თან წაეყვანა ორი-სამი ადგილობრივი მცხოვრები, რათა პაპს დაემტკიცებინა იგი პატრიარქად. რომას ელჩების გაგზავნაში დადებულის პირობის აღსრულებასაც ვხედავთ, ვინაიდგან პატრიარქთან ერთად საქართველოდგან წასული ორი ქართველი სთხოვს პაპს, რათა არჩეული ლუდოვიკე აღმოსავლეთის (აქ საქართველო იგულისხმება) კათოლიკეთა პატრიარქად დაამტკიცოს. ლექსი აღმოსავლეთი რომ კერძოდ შეეხება საქართველოსა, ამასაც საკმაოდ გვიჩვენებს გიორგისა და ყვარყვარეს წერილები.
ეგრეთვე შევნიშნოთ ესეც, რომ გიორგი მეფის ელჩს ეწოდება ნიკოლოზ თბილელი თუმცა ეს ლექსი თბილელი ნიშნავს ტფილისში დაბადებულს, ანუ მის მცხოვრებს, მაგრამ ესეც ვიცით, რომ ეს ლექსი უფრო განსაკუთრებით ნიშნავს ტფილისის ეპისკოპოსს, რომელიც ძველადვე წოდებულია თბილელად. ვგონებთ სრულიად საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, რომ ელჩად გაგზავნილი ნიკოლოზ, ტფილისის ეპისკოპოსად, თბილელად, მივიჩნიოთ.
რა მოუსმინა პაპმა ელჩებსა, დიდათ აქო მთავრების ესეთი კეთილი სურვილი. ეგრეთვე მათ მიუთხრა, რაც იმოქმედა მონთავაში, მაგრამ ქრისტიანე ხემწიფეებს მისთვის ჯეროვანი ყურადღება არ მიექციათ. ხოლო იმედი ჰქონდა, რომ თუ ისინი შეიტყობდენ აღმოსავლეთელების გარდაწყვეტილებას, უეჭველად ყურადღებას მიაქცევდენ და შემწეობასაც აღმოუჩენდენ. ამიტომ გადაწყვიტა, ის ელჩები საფრანგეთის მეფესთან და ბურგუნდიის დუკასთან გაეგზავნა. „ელჩები განაგრძობს ისტორიკოსი, იქ წასვლას დასთანხმდენ, მაგრამ გზის ხარჯი მოსთხოვეს და ლუდოვიკეს პატრიარქად დანიშვნის თხოვნა კვალად განუმეორეს. პაპიც დათანხმდა ხარჯის მიცემას და აგრეთვე ლუდოვიკეს პატრიარქად დამტკიცებას იმ პირობით, რომ ლუდოვიკე ვიდრე დაბრუნდებოდა საქართველოს, პატრიარქის სახელი არც წერაში და არც ლაპარაკში ეხმარა; არც თან ეტარიბინა თავისი პატრიარქობის დამტკიცების წერილი, არამედ შეენახა იგი წმიდა პეტრეს კარდინალთან, რათა შემდგომ კარგად გამოძიებულ ყოფილიყო იმ საპატრიარქოს საზღვრები".
ელჩები 1461 წ. რა მოვიდენ საფრანგეთს, წარდგნენ მეფის კარლო მეშვიდის წინაშე, მაგრამ იგი ვერ დაიყოლიეს ოსმალების წინააღმდეგ საომრად, რადგან იქაც, ჩვენს მეფეებსავით, უთანხმობა ჰქონდათ ერთმანერთში და ოსმალეთის გაძლიერება ისე არ აფიქრებდათ, როგორც ჩვენი მხრის მთავრებს. საფრანგეთში საქართველოს ელჩთა ყოფის დროს მოკვდა კარლო მეშვიდე და გამეფდა მისი შვილი ლუდოვიკე მეთერთმეტე, რომლის დაგვირგვინებას ესენიც დაესწრნენ. ვერც ამ ახალის მეფისგან მოიპოვეს თანხმობა და ესრედ სულ ცარიელნი და დაღონებულნი უკანვე გამობრუნდენ.
აქ ისიც უნდა დავუმატოთ, რომ, როდესაც საფრანგეთის მეფის წინაშე წარდგნენ ელჩები, ქართველებს ესე უწოდებდენ: „ნიკოლოზ, ორატორი დიდი ალექსანდრეს შვილის გიორგის სპარსეთის მეფისა, ყოვლად გულმოდგინე საქმეების აღსრულებაში; ფრიად განსწავლული ქუსუდამ, უუძლიერესი მეომარის ყვარყვარეს საქართველოს მთავრის ორატორი”.
ხოლო ძველი მწერლები სრულებით არაფერს მოგვითხრობენ, თუ როგორ წარდგნენ ელჩები ბურგუნდიის დუკას წინაშე და ან რა პასუხი მიიღეს ყვარყვარეს და გიორგის წერილებისა.
თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრებმა ევროპაში, როგორც იმედი ჰქონდათ, ვერ იშოვეს მომხრენი ოსმალების წინაადმდეგ, იმედი მაინც სულ არ დაუწყვეტიათ, არც გული აუცრუვებიათ რომის ეკკლესიაზე. პირიქით როგორც იმ დროის მთავრებმა, ისე მათ შემდეგებმა, რომის ეკკლესიის ერთგულებას არ უღალატეს. სამწუხაროდ, იმ დროის საბუთი ბევრი გვაკლია. მაგრამ თანამედროვე მგზავრები ამას საკმაოდ გვიმტკიცებენ. მაგალითად ვენეციელი ამბროზიო ქონთარინი, რომელმაც საქართველოში გამოიარა 1474 წ. ივლისის 5-ს, ამბობს, რომ საქართველოში მრავალნი კათოლიკებიც არიანო. (vi sono anche di molti huomini catholici) ჩვენს ნათქვამს სხვათა შორის გვიმტკიცებს ორი შემდეგი საბუთი, რომელმაც ძლივს მოაწია ჩვენამდე.
როგორც მეფე გიორგი მერვემ გამოიჩინა ერთგულება და ერთობა რომის ეკკლესიისადმი, ისე მისი შვილიც კოსტანტინე მესამეც მამის კვალს გაჰყვა. რომის პაპს ალექსანდრე მეექვსეს (ვგონებთ 1495 წ.) შესანიშნავი წერილი მისწერა და ელჩად გაუგზავნა ნილო მონაზონი რავდენსამე სხვა პირთან ერთად და გაატანა პაპისათვის ძღვენი. არ ვიცით კი, რაში მდგომარეობდა ის ძღვენი. როგორც პაპის წერილიდგან სჩანს, ძღვენი პირადად სახმარი რამ უნდა ყოფილიყო. კონსტანტინეს მიწერილი წიგნი ბევრი ვეძებეთ, მაგრამ აქამდე ვერსად მივაგენით მისი კვალი. ხოლო პაპის პასუხიდგან სჩანს, რომ კოსტანტინე მეფეს წიგნი მიუწერია და ელჩი გაუგზავნია უფროსიერთად ამისთვის: რათა პაპს განუცხადოს თავისი ერთგულება და მორჩილება, სთხოვოს დასავლეთის ხემწიფეთა გალაშქრება ოსმალების წინააღმდეგ აღმოსავლეთის მთავრებთან ერთად და ეგრეთვე სთხოვოს პაპს ფლორენციის კრების გარდაწყვეტილება რომის ეკკლესიასთან ძველი ერთობის განსაახლებელ დასამტკიცებლიდ. ამას მოწმობენ ეგრეთვე ძველი მწერლებიც.
თუ რაოდნათ შესანიშნავი და სათნო საყოფელი ყოფილა კოსტანტინეს წერილი, საკმაოდ გვიჩვენებს პაპის შემდეგი პასუხი.
„პაპი ალექსანდრე VI. ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელს შვილს კოსტანტინეს, ქართველთა ბრწყინვალე მეფეს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„თქვენის ელჩის, საყვარელის შვილის, ნილო მონაზონისაგან მივიღეთ თქვენი წიგნი, რომლითაც სამოციქულო საყდრისა და ჩვენდამი აცხადებთ უდიდეს ერთგულებას და პატივისცემას და აგრეთვე გვილოცავთ და ყოვლისმპყრობელ ღმერთს მადლობას სწირავთ იმ გამარჯვებისათვის, რომელიც დარჩათ ჩვენთა სახელოვან შვილთა ისპანიის მეფეს და დედოფალს ურწმუნოთა წინააღმდეგ (ფერდინანდო v და იზაბელამან არაბნი დაამარცხეს და განდევნეს 1492 წ.), ეგრეთვე დიდის სიამოვნებით ვსცანით თქვენი აზრი და გარდაწყვეტილება ქრისტეს სარწმონოების მტერთა წინააღმდეგ გალაშქრებისათვის, რის გამო მზად ხართ წასასვლელად თქვენის შვილით და თქვენის მხედრობითურთ, რათა დავიხსნათ ეგოდენი დაჩაგრული ქრისტიანე და დავიბრუნოთ გაუპატიურებული ტაძრები. ამიტომ გამოუთქმელის სიხარულით გავიხარენით და ყოვლის მპყრობელ ღმერთს, რაოდნათაც ძალ გვედვა, მადლობა შევსწირეთ, რომ თქვენს ხელმწიფებას გამოუჩენია სარწმუნოების ეგრეთი ერთგულება და სიყვარული, რადგან სავსებით ეთანხმება ჩვენს აზრსა და სურვილსა ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის; მასთანვე გვიხარისთ ქრისტიანეთა გაძლიერება, ვინაიდგან უმეტესად სხვას არას ვნატრობთ, დღე და ღამე სხვას არას ვფიქრობთ მას გარდა, რომ ვპოვოთ რამ საშუალება ჩვენის სარწმუნოების სასარგებლოდ, რაისა გამო მუდამ ვფხიზლობთ და ყველა ღონისძიებას ვხმარობთ. მასთანვე იმედი გვაქვს, კოსტანტინეპოლისა, იერუსალემისა და აგრეთვე სხვა ადგილის საპატრიარქოებიც დავიხსნათ, რადგან აქაური ქრისტიანე მთავრები ამას შემოგვპირდენ. გარნა, სამწუხაროდ, ძველმა სულის მტერმა, ჩვენის ნატვრის და სასარგებლო რჩევის წინააღმდეგ, იმ მთავართა შორის განხეთქილების ღვარძლი დასთესა. მაგრამ, ქრისტეს შემწეობით, იმედი გვაქვს, მალე შევარიგოთ და ესე ყოველივე ჩვენი ცდა მივაქციოთ წინააღმდეგ სარწმუნოების მტერთა, რომლებისაც არ გვეშინია და წმიდა ჯვრის დროშის წინამძღვრობით, იმედი გვაქვს, მათზე სრულიად გავიმარჯვოთ. ამ სურვილით მუდამ გამსჭვალული ვიყავით და მეტადრე ახლა უმეტესად ვართ, რადგან დავრწმუნდით, რომ ქრისტეს სადიდებლად დიდად ერთგული და წადიერი ხართ.
„აწ რაოდენიც შეგვიძლია უფლისადმი შეგაგულიანებთ, რათა მტკიცედ სდგეთ და არ უღალატოთ თქვენს საქებურს წადილს და შეაგულიანოთ ყველა თქვენი ქვეშევრდომნი და აგრეთვე უბრძანოთ მათ, რომ თქვენი წმიდა განძრახვის ასასრულებლად მოგეხმარონ და დაგემორჩილონ.
„რადგან საუკუნო ცხოვრებისათვის საჭიროა, ყველა ქრისტიანნი სარწმუნოების საქმეში შეუერთდენ და დაემორჩილონ ეკკლესიას, რომისას, სადაც ქრისტე უფალმა და მისმა მოადგილემ პეტრე მოციქულმა თავი და საყდარი დაადგინეს ქვეყნის ყველა ქრისტიანებისათვის, ამიტომ უდიდესად მოხარული ვართ, რომ თქვენმა დიდებულებამ მართლმადიდებელ სარწმუნოებას მიაქცია ყურადღება და რაც ამ სარწმუნოების წრფელ დაცვას შეეხება, თხოულობთ ჩვენგან და სამოციქულო საყდრისაგან, რომელიც არის თავი ყოველთა ქრისტიანეთა. რადგან თქვენის ორატორის ნილოსის პირით მევედრებით, თქვენს დიდებულებას გამოვუგზავნო სარწმუნოების შესახებ გარდაწყვეტილება, რომელიც ჩვენის წინამოსაყდრის, ნეტარ ხსენებულის პაპის ევგენიო მეოთხის დროს იქმნა დადგენილი ფლორენციის კრებაზე და რომელსაც მსოფლიო ეკკლესია თუ ლათინისა და თუ ბერძნისა ეთანხმება, რათა თქვენ და თქვენი სამეფო მისი რწმუნებით ღირსი გახდეთ საუკუნო ცხოვრებისა და აქაც გაიმარჯვოთ სარწმუნოების მტრებზე, რადგან უწყით რომ, მოციქულის თქმულისამებრ, თვინიერ სარწმუნოებისა შეუძლებელია კაცი ღმერთს სათნოეყოს, ამიტომ აწ ხსენებულის კრების გარდაწყვეტილებას ჩვენს ტყვიით დაბეჭდილ წერილთან ერთად გიგზავნით. მასთანვე გთხოვთ გამოაცხადოთ იგი ყველა თქვენს პროვინციებში და ბრძანოთ მისი დაცვა – ვინაიდგან, როგორც ჭეშმარიტის ძისა მიერ ღვთისა იესო ქრისტესა ყველა შეერთებული ვართ, ეგრეთვე ვიყვნეთ შეერთებულნი, დავიცვათ რა მისი მცნებანი და მოძღვრება, რომელიც თავისი ნაცვლისა და მის მოსაყდრეთა მიერ გამოგვიცხადა ამიტომ ვსასოებთ, რომ, უკეთუ დაიცავთ ამ ერთობას, მტერთა მანქანებამ ვეღარა გავნოსთ, რადგან გაძლიერებული იქმნებით მის მიერ, რომელიც სძლევს მთავრობათა. ეგრეთვე დიდს მადლობას ვუძღვნით თქვენს ბრწყინვალებას ძღვენთათვის, რომელნიც გამოგვიგზავნეთ და დიდის სიამოვნებით მივიღეთ. მათ ვიხართ, როდესაც შემთხვევა მოგვეცემა, ვითარცა ვრცლად მოვახსენეთ ჩვენს საყვარელს შვილს ნილოსა. ეგრეთვე სხვა რაც მოგვახსენა, ყველაფრის სიტყვით პასუხი მივეცით. რომით. 1496 წ. 10 ივლისსა, ჩვენის მღვდელთმთავრობის მეოთხე წელსა".
ამას გარდა არის, ერთი სხვა მოკლე წერილიცა, რომელსაც პაპი ფლორენციის კრების გარდაწყვეტილებასთან ერთად უგზავნის კოსტანტინე მეფეს წიგნში შესანიშნავი არა არის რა, მხოლოდ ეუბნება მეფეს: რადგან მთხოვეთ ეს გარდაწყვეტილება, ჩვენც სიტყვა-სიტყვად ამოვსწეთეთ და გიგზავნით. ამასაც იგივე ძალა აქვს, როგორც პირველში დადგენილს ჰქონდაო.
თუ რაოდნათ დიდი მნიშვნელობა ჰქონია კონსტანტინე მეფის წერილს და მის ელჩსა, გვიჩვენებს იმავე პაპის შემდეგი წერილი, რომელიც რომიდგან ნილოს წასვლის დროს მისწერა არა მარტო თავის საბძანებლის მთავრებს, არამედ ევროპის სხვა მთავრებსაც, ვის სამთავროებზედაც კი ნილოს უნდა გაევლო საქართველოდ დაბრუნების დროს. იმ წერილით იგი ყველას სთხოვდა, რათა პატივით მიეღოთ ნილო, ვითარცა ელჩი, ყოველგვარი შემწეობა აღმოეჩინათ მისთვის და გზაზე თავისუფლად გაეტარებინათ. ერთიან მოგვყავს ის წერილიც.
„პაპი ალექსანდრე VI, ყველას და თვითეულს და სხ. მშვიდობა და სამოციქულო კურთხევა. ქრისტეს მიერ საყვარელმა ჩვენმა შვილმა კონსტანტინე, ქართველთა სახელოვანმა მეფემ, ვითარცა კათოლიკემ და ყოვლად მორწმუნე ქრისტიანემ, გამოგზავნა თავის ორატორად წმიდა ბასილის წესის მონაზონი საყვარელი შვილი ნილო, რათა მოეძღვნა ჩვენთვის და სამოციქულო საყდრისათვის თავისი თაყვანის-ცემა და ერთგულება. აწ ხსენებული ორატორი ბრუნდება რა უკან თავის მეფესთან, ვნატრობთ ყოველგან თავისუფალი გზა მიეცეს. ამიტომ გთხოვთ თქვენ და საგანგებოთ ვუბრძანებთ ყველა ჩვენს ქვეშევრდომ კაპიტანთ, ჩვენის ჯარის უფროსთ, ეგრეთვე ეპისკოპოსთ და საკათედრო ეკკლესიის კაპიტულოთა და ყველა წესის მონაზონთა, რათა ნება მისცეთ, ზემოხსენებულმა ძმამ ნილომ ყველა თავისი ბარგით და თანამხლებლებით, შეიძლოს უშიშრად და თავისუფლად წასვლა, მობრუნება, დადგომა, გავლა და ღამით დარჩენა ყველა გზებსა, ნავთსადგურებსა, ხიდებსა და ქვეყნებში, როგორც ჩვენს სამფლობელოში, ისე თქვენსაში და ხარჯი არაფერი გადაახდევინოთ. მსგავსადვე გევედრებით, რათა, უფლის პატივისათვის, სიყვარულით მოეპყრათ და თუ საჭიროებამ მოითხოვოს, გაატანოთ გზის-მცველნი და თანამხლებელნი. ეგრეთვე გვნებავს, ყველა ძმათა და მონაზონთა მიიღონ ესენი თავიანთ მონასტერში და იზრუნონ ყოველი მათი საჭიროებისათვის ისე, რომ კმაყოფილი დავრჩეთ და ვაქოთ მათი ამაგი. ვუბრძანებთ ყოველს და თვითეულს ჩვენს და წმიდა რომის ეკკლესიის ქვეშევრდომ ძმათა და მონაზანთა, მიუხედავათ ჩვენის ბრძანებისა და აკრძალვისა, მიიღოთ ხსენებული მონაზონი ნილო ყველა თავისი მხლებლებით ჩვენს ქალაქებსა და ქვეყნებში და მოეპყრათ ყოვლადის გულკეთილობით.
„უფრო ხალისით რომ აღასრულოთ ესე ყოველი და მოიჭირნახულოთ თქვენი სულისათვისაც, ამიტომ ღვთის მოწყალებით და ნეტართა პეტრესა და პავლეს უფლებითა, 200 დღის სასჯელს (საკანონოს) მივუტევებთ მათ, ვინც მიიღებენ ამათ და აღმოუჩენენ გზაში ყველა ნაირს დახმარებას. ამ წერილს ერთი წლის ვადა აქვს. რომით, 5 ივნისისა, 1496 წ."
ძნელად შევხვდებით, რომ ამისთანა თავის გასაცნობელი ქაღალდი პაპებს სხვა ელჩებისათვის მიეცესთ.
ამ საბუთებით ვასრულებთ ამ საუკუნეს, რომელიც წინა საუკუნეზე უკეთესად გვიჩვენებს ქართველი კათოლიკების რიცხვმრავლობას საქართველოში.
ამ საბუთებს მიუმატოთ ჯრუჭის სვინაქსარიც, რომლის XIII-XV საუკუნეთა აღაპებში მრავალი იტალიური სახელია მოხსენებული. მაგ.: გვილიამ პატერა, ჯირარდ ძმა ჩუენი, ასილინა, ჯუან, სირ ჯილ-ბედ, სირ არბერდ, ძმა ტაძრელთა, ჯუან სირ პერკუმანდური ტაძრელთა, ძმა პერ ტაძრელთა და სხ. ეს არა თუ ამტკიცებს ქართველი ბერების და იტალიელების მეგობრობას, არამედ მათ სარწმუნოებრივს ერთობასაც ცხადად გვიჩვენებს. აქიდგან შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ იმ საუკუნებში საქართველო, თუ მუდამ არა, ხშირად შეერთებული ყოფილა დასავლეთის ეკკლესიასთან. ამიტომ მათი ერთმანერთის დაშორება უნდა დავაბრალოთ იმ გარემოებას, რომელიც ხშირად, მათი სურვილის წინაადმდეგ, მათ კავშირს ხელს უშლიდა და აბრკოლებდა.
|