ქართველი კათოლიკენი XIII-XVI საუკუნეში
(ისტორია კათოლიკოსობისა ქართველთა შორის)
წინასიტყვობა
ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XIV saუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში
წინასიტყვაობა
კარგა ხანია ჩვენში აღიძრა კითხვა ქართველ კათოლიკეთა შესახებ. მაგრამ, ამ კითხვის გამოსარკვევად, საჭირო საბუთების უქონლობის გამო, ზოგიერთმა ქართველი კათოლიკების არსებობა უარყო. ასეთმა უსაფუძვლო მსჯელობამ ბევრი გააკვირვა, რადგან ისტორიულ ფაქტებს ცხადათ ეწინააღმდეგებოდა. ამ კითხვის კარგად გამოსარკვევად და ჭეშმარიტების აღსადგენად, საჭირო გახდა დანამდვილებით შეგვეტყო, როდის დაიწყო კათოლიკე სარწმუნოებამ გავრცელება საქართველოში, რა პირობით მოღვაწეობდენ კათოლიკე მოძღვრები, რავდენათ ნაყოფიერი იყო მათი მოღვაწეობა ქართველებში და სხ.
ამ ჩვენის საეკკლესიო ისტორიულის ნაკლის შესავსებლად განვიზრახეთ, შეგვეკრიფა წინა საუკუნეთა საბუთები. მაგრამ სად უნდა გვეძებნა? რა თქმა უნდა, არა საქართველოში, სადაც, ძველის არხივების უქონლობის გამო, მათი კვალიც კი აღარა სჩანს. უნდა მიგვემართა ისევ იტალიისა და ევროპის სხვა და სხვა ქალაქების არხივებისათვის. თუმცა დიდი შრომა მოითხოვა ამ წიგნში მოყვანილის საბუთების შეკრებამ, მაგრამ, რადგან შეეხებოდა სარწმუნოებასა და მამულს, გაჭირვება და შრომა სიამოვნებით თავს ვიდევით და ვეცადეთ, რაოდნათაც კი გარემოება ხელს გვიწყობდა, მეტის საბუთებისათვის მოგვეყარა თავი.
აქვე უნდა მოვახსენოთ პათივცემულ მკითხველთ, რომ აქ მოყვანილი საქართველოს შესახები საბუთები მცირედი ნაწილიღაა იმ საბუთებისა, რაც დაკარგულა და პოვნის იმედი, სამწუხაროდ, აღარა გვაქვს; აგრეთვე შედარებით მცირედი ნაწილია იმ საბუთებისა, რაც ხელახალის გულმოდგინებით, შეიძლება, შემდეგში აღმოჩნდეს, რადგან ევროპის ყველა წიგნთსაცავები და არხივები არ დაგვივლია და, საცა კი გავშინჯეთ, იქაც ყველას ნახვა ვერ შევიძელით. ამიტომ იმედია, რომ მომავალში კიდევ ადმოჩნდეს ბევრი ასეთი საბუთი.
ძებნის დროს შევნიშნეთ, რომ ბევრი საბუთი დაკარგულა თუ საქართველოდგან გაგზავნისა და თუ ევროპიდან გამოგზავნის დროს, რადგან ოსმალები გზაში მათ წამღებ-მომტან მისიონერებს მეტად ულმობელად ეპყრობოდენ ხშირად: ზოგს მათგან ხოცავდენ, ზოგს ატყვევებდენ, ერთიანად აშიშვლებდენ და ისე ისტუმრებდენ. ცხადია ის საბუთები ხშირად მათ უვარდებოდათ ხელში, და რაკი ერთხელ ჩაუვარდებოდათ, მათი ბარბაროსობის მსხვერპლი ხდებოდა და სამუდამოდ იღუპებოდა ისტორიისა და ჩამომავლობისათვის. ეგრეთვე ზოგ ადგილას შევხვდით საძიებლებში სიას საქართველოს შესახებ საბუთებისას, მაგრამ იქ მოხსენებული საბუთები კი ვეღარ ვიპოვეთ, რადგან ზოგი დამწვარა, ზოგი ისე დაძველებულა დრო-ჟამის გავლენით, რომ სრულებით უხმარია, და ზოგიც თუ მტერს და თუ სხვა და სხვა გარემოებას ან სამოუდამოთ გაუოხრებია და ან აქეთ-იქით გაუფანტავს.
რადგან დღეს მეცნიერებას ერთ უმთავრეს საგნად აქვს გასულის დროის საისტორიო საბუთების კვლევა-ძიება, რათა მით ნათელი მოჰფინოს გასულის დროის ავსა და კარგს, ამიტომ ჩვენ წინათვე იმედი გვაქვს, რომ ყველა განათლებული და ერთგული საქართველოს შვილი სიამოვნებით და პატივით მიეგებოს ამ ჩვენს შრომას.
ამ საბუთების დალაგების დროს ჩვენ, რაოდენათაც კი შეიძლება, ვიცავთ ქრონოლოგიურს წესსა, რათა უფრო ცხადი და ნათელი შეიქნეს ეს ჩვენი ნაშრომი.
ეგრეთვე ამ წიგნის თავებს ვყოფთ საუკუნეთა მიხედვით და ყოველ საუკუნეს თითო თავი ვუძღვენით. ხოლო იმ საუკუნეში, რომლის საბუთები ბლომათ არის, მოგვყავს იმდენი თავი, რაოდენსაც მოითხოვს საგნის განსხვავება და ან სხვა გარემობა.
რადგან დიდათ სასურველია, რომ ეს საბუთები გავრცელდეს საზოგადოებაში ისე, რა ენითაც დაწერილა, ამიტომ ნათარგმთან ტექსტებიც მოგვყავს ეგოდნათ სარწმუნოთ, რაოდნათაც კი საჭირო იყო ამ გვარი შრომისათვის.
ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში
სანამ ქართველ კათოლიკეთა შესახებ საბუთებს მოვიყვანდეთ, საჭიროდ ვრაცხთ, რამდენადაც კი შეიძლება, გამოვარკვიოთ შემდეგი კითხვა: საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიას იმავე დროს, ესე იგი 1054 წ. გაეყარა, როდესაც ბერძნისა და ლათინის ეკლესიანი ერთმანერთს დაშორდენ, თუ არა? ამ საგნის შესახებ ჩვენის ეჭვის აღძვრის მიზეზი ერთი მხრივ ის არის, რომ საქართველოს ეკლესია კაი ხნიდგან გათავისუფლებული იყო ანტიოქიისა და კოსტანტინეპოლის პატრიარქების მიმართ დამოკიდებულებისაგან და შეადგენდა ავტოკეფალ თავისთავად, დამოუკიდებელ ეკლესიას; მეორე მხრივ ისა, რომ იმ განცალკევების უმთავრესი მიზეზი იყო სხვა და სხვა საეკლესიო წესები და პირადი უთანახმობა პაპისა და მიქელ კერულერ პატრიარქის შუა და არა დოგმატიური კითხვები. ამიტომ ჩვენ ვერა ვხედავთ საკმაო მიზეზს, რომ უეჭველად და მიუცილებლად ერთსა და იმავე დროს საქართველოს ეკლესიაც გაშორებოდეს რომის ეკლესიას. ამის შესახებ საქართველოს ისტორია ცხადათ არაფერს მოგვითხრობს. არც ევროპის ისტორიაში მოიპოება ამ კითხვის გადაწყვეტილი ახსნა. ზოგიერთი ევროპელი მწერალი უარს ჰყოფს ქართველებიც ბერძნებთან ერთად გაჰყროდენ რომის ეკლესიას, იმ მიზეზების გამო, რომ საქართველო მუდამ და მეტადრე იმ დროებში, გართული იყო სხვა და სხვა ომებში და ძნელად რომ მაშინვე მიექცია ყურადღება იმ დროის საღვთისმეტყველო ბჭობისათვის და შესდგომოდა ბერძნების კვალს, მეტადრე მაშინ, როდესაც ესრეთი ბჭობა და განხეთქილება მას არ შეეხებოდაო. ეს აზრი უსაფუძვლოდ არ გვეჩვენება, უკეთუ კარგად ჩავუკვირდით ჩვენს ზოგიერთ ქართულ ძველს წარწერებსა და გუჯრებს.
მაგალითად, იშხნის ეკლესიის ერთ უთარიღო წარწერაში, რომელიც ბროსემ ფრანგულად სთარგმნა და დაბეჭდა, ეგნატე, იშხნელი ეპისკოპოზი, აწესებს ყველიერის პარასკევს ერთს აღაპს დიმიტრი მეფის და მისის შვილების დავითისა და გიორგის სადღეგრძელოდ, ექვსის წმიდა კრებისა და ხუთის პატრიარქის სახელით სწყევლის იმათ, ვინც ამ აღაპს მოშლის. როგორც ვიცით, დიმიტრი მეფე მეფობდა ასი წლის შემდგომ ბერძნისა და ლათინის ეკლესიის გაყრისა, ესე იგი, 1125-1155 წ. ეს ხუთი პატრიარქი სხვა და სხვა დროის გუჯრებშიაც არის მოხსენებული, მაგალითად იხსენიებენ: გელათის მონასტრის საბუთები, თამარ მეფის მიერ 1189 წ. ხელ-მოწერილი სიგელი ცხირეთ-ცხავერისა; გველდესისა და გავაზკოტმანისა, არსენ კათალიკოზის ბერად შესვლის დროს დაწერილი 1227-1240 წლებში; რკონის მონასტრის სიგელი, 1259 წ. დაწერილი და მეჭურჭლეთუხუცესის კახა თორელი ერისთავისადმი მიცემული, სადაც ორგზის დასახელებულია ხუთი პატრიარქი და სადაც ნიკოლოზ საქართველოს კათალიკოსი თავის თავს უწოდებს მეექვსე პატრიარქად; შიო მღვიმელის სიგელი, I250-1260 წლებში დაწერილი და შიო-მღვიმის მონაზონებისაგან ზოსიმესადმი მიცემული, სადაც მოხსენებულია ექვსი კრება, ხუთი პატრიარქი და მათ შემდგომ საქართველოს კათალიკოზნი. ყველასთვის ცხადია, რომ მსოფლიო კრებათაგან დამტკიცებულ და საქვეყნოდ აღსარებულ იყვნენ ხუთნი პატრიარქნი, ესე იგი, ანტიოქიისა, რომისა, იერუსალიმისა, ალექსანდრიისა და კოსტანტინეპოლისა. ეგრეთვე ცხადია, რომ გუჯრებში დასახელებული პატრიარქები არიან ის ხუთნი პატრიარქნი, რომელთა შორის იგულსხმების რომის პაპიც, როგორც საფუძვლიანად შენიშნავს თავისს ქრონიკებში პატივცემული ბ. თ. ჟორდანია. ამ პატრიარქთა შორის საქართველოს პატრიარქი არ იგულისხმების, რადგან ხშირად ჩვენი კათალიკოსები, ხუთის პატრიარქის მოხსენების შემდგომ იქვე დასახელებულნი არიან. ამისთვის ყოველ ეჭვს გარეშე შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ გუჯრებში მოხსენებულ ხუთ პატრიარქთა შორის რომის პაპიც არის. ამ გუჯრების დაწერამდე (XII და XIII საუკუნემდე) საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიისაგან გაყრილი რომ ყოფილ იყო, მაშინ საქართველოს კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი და ერი საქართველოსი პატრიარქებს ხუთს კი არ დაასახელებდენ, არამედ ოთხს, და მათი რიცხვიდგან გამოსტოვებდენ რომის პაპსა, როგორათაც ჰქმნეს ბერძნებმა, რომელთაც, გაყრის უმალვე 1054 წ. თავიანთ დიპტიკებისა და სხვა წიგნებში პაპისა და მეხუთე პატრიარქის სახელი ამოშალეს და დაიწყეს მის შემდგომ მარტო ოთხი პატრიარქის ხსენება. ამავენაირად მოიქცნენ საქართველოშიაც შემდეგ საუკუნებში და ოთხის პატრიარქის მეტს აღარ იხსენიებდენ.
დაუმატოთ ამას იმ დროის ევროპის მწერლებიც, რომელნიც ქართველთა ჯვაროსნობას იხსენებენ. 1220 წ., ფრანგებისაგან დამიეტის აღების შემდგომ ქართველებმა დასავლეთის ჯვაროსნებს წიგნი მოსწერეს, შეატყობინეს თავიანთი მზადყოფნა საომრად და დაიფიცეს, რომ ომით აეღოთ ერთი დიდი და შესანიშნავი პალესტინის ქალაქი, რათა არ ჩამორჩენილიყვნენ ფრანგებს თურქთა დამარცხებასა და წმიდა ადგილების აღებაში. ამ დროის მწერლები ქართველებს კათოლიკებად უწოდებენ „viri catholici".
ქართველთა და რომაელთ ეკკლესიების ამ ერთობის შესახებ გამოთქმულს აზრს XIII საუკუნის პირველ ნახევრამდე მაინც, არა ნაკლებ ამტკიცებენ შემდეგი შესანიშნავი საბუთები, მეტადრე რუსუდან დედოფლის წერილი და პაპის ონორიო მესამის პასუხი.
ამ მოკლე გამოკვლევის შემდგომ ჩვენ საჭიროდ აღარ დავინახეთ გვეძებნა საქართველოს კათოლიკების შესახებ XIII საუკუნეზედ ადრინდელი საბუთები. რადგან ამ დროებში იწყება უფრო ცხადათ გაყრა და განსხვავება, ამისთვის ჩვენც სწორედ ამ XIII საუკუნიდგან ვიწყებთ საბუთების წარმოდგენას ერთის მეორის შემდგომ მათი ქრონოლოგიის თანახმად. პირველი ამათგანი არის რუსუდანის წერილი პაპის ონორიო მესამისადმი და ესრედ იწყება:
„უწმიდესს პაპს, მამას და ყველა ქრისტიანების მთავარს, წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. ჩვენ მდაბალი რუსუდან აფხაზთა დედოფალი, თქვენი ერთგული მხევალი და ასული უმდაბლესად თავს გიკრავთ და მოგესალმებით".
„როგორც უდიდესი და უმაღლესი ბძანდებით, ისე ღვთისაგან იმედი მაქვს, უფალმა შეგისრულოსთ ყოველი თქვენი გულითადი ნატვრა. უკეთუ თქვენდამი წარმოგზავნილი წერილის გამო ჩვენთვის გულმოწყალე ხართ და იკითხავთ ჩვენს ამბავს, ვაუწყებთ თქვენს სიწმიდეს, რომ ძმა ჩემი ქართველთა მეფე მიიცვალა და მისი სამეფო მე მერგო. აწ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენ ქვეშევრდომ ქრისტიანეთათვის. დამიეტში მყოფის თქვენის ელჩისაგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თქვენც შეიტყეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენს ერსა და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი. ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა; მაგრამ როდესაც ვსცანით, რომ კარგი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ჩვენი ძალა და წინ აღვუდექით, ოცდახუთი ათასი კაცი გავუწყვიტეთ, ბევრიც დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენის ქვეყნიდგან გავდევნეთ: აი ამის გამო აქ დავრჩით და თქვენის ელჩის ბრძანებისა მებრ ვერ წამოვედით.
„ხოლო აწ დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ თქვენის ბრძანებით იმპერატორი სირიაში უნდა წავიდეს წმიდა ადგილების დასახსნელად. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ როდის უნდა გამოიაროს, იმპერატორმა, რათა ჩვენც წმიდა ადგილების დასახსნელად გავგზავნოთ ჩვენი მხედართ მთავარი ივანე მთელის ჯარით იმ ადგილს საცა თქვენ ინებებთ. ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ამ ჩვენმა მხედართ მთავარმა და ჩვენის სამეფოს სხვა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა და წასვლას ელიან. ამისთვის ვევედრებით და ვსთხოვთ თქვენს უწმიდესობას, რათა მოგვწეროთ და გვიბოძოთ თქვენი კურთხევა ჩვენ, აღმოსავლეთში მყოფ ქრისტიანებს. ამ წერილის მომტანს, ჩვენს საყვარელს დავითს, ანის ეპისკოპოზს, ისე ერწმუნეთ ყველაფერში, ვითომც ჩვენის პირისგან გსმენოდესთ. თქვენთა წმიდა ლოცვათა შინა მოგვიხსენიეთ”.
წერილს თარიღი არ აქვს, მაგრამ დაწერილ უნდა იყოს არა უგვიანეს 1223 წლისა, რადგან, როგორც ქვემოდ ვნახავთ, 1224 წ. პაპმა პასუხი მოსწერა.
წერილიდგან ცხადათ სჩანს, რომ რუსუდან პაპს აღიარებს მამად და ყველა ქრისტიანების მთავრად. ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოს ეკკლესიასა და პაპს შორის მჭიდრო კავშირი და ერთობა არსებობდა. ამ დროს საქართველოს ეკლესია რომისაგან გაყრილი რომ ყოფილ იყო, მაშინ რუსუდან სრულიადაც არ მოსწერდა პაპს ასეთის შინაარსის წერილს და არც ისე ერთიანად მოემზადებოდა საქართველოს ერი და მეფე პაპის ელჩის მოწოდებით პალესტინაში საომრად წასასვლელად. ესრეთი წერილი და საქართველოს მომზადება პაპის ბრძანების აღსასრულებლად სხვა არაფრით აიხსნება, თუ არ იმით, რომ იმ დროს კიდევ ყოფილა ერთობა. ხოლო იმ დროს, ვინც რომისაგან გაყრილნი იყვნენ, არათუ პაპს ემორჩილებოდენ, არამედ მის წინაღმდეგ ომობდენ. მაგალითად ბერძნები (ამ დროს გაყრილნი იყვნენ რომისაგან) ქრისტიანების წინაადმდეგ ოსმალებსა შველოდენ.
რუსუდანის ამ წერილთანვე გაგზავნილი იყო ეგრეთვე მხედართ მთავრის ივანე მხარგძელის წიგნიც ერთსა და იმავე დროს დაწერილი. მხარგრძელის წერილი თუმცაკი ბევრად არ განსხვავდება რუსუდან დედოფლის წერილისაგან, მაგრამ რადგან ჩვენს ძველს და დიდებულ დროს ეკუთვნის, იმასაც მოვიყვანთ აქ სრულიად.
„უწმიდესს მამას და წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. მთელს საქრისტიანოს მთავარს. მე ივანე, კაცი მორჩილი, მთელის, საქართველოს და სომხეთის მხედართმთავარი, უმდაბლესად თავს დაგიკრავთ და მოგესალმებით.
„უკეთუ ჩემს ამბავს იკითხავთ, თქვენის წმიდა კურთხევით კარგად გახლავართ. გაუწყებთ, რომ ჩემი ბატონი მეფე მიიცვალა და მის ადგილს თქვენის ლოცვა-კურთხევის მადლითა და ძალით სხვა ავირჩიეთ მეფედ. თქვენმა წმიდა და მართლბრძანებამ, რომელიც დამიეტში მყოფის ელჩის მიერ წარმოგვივლინეთ, მოაწია მეფემდე და ჩემამდე. ხოლო როცა ჩვენ დიდის ძალით მოვამზადეთ რა ჯარი, ცხენოსნები, სურსათი და ვაპირებდით წასვლას ქრისტიანების შესაწევნელად და წმიდა ადგილების დასახსნელად, ამ დროს თათარნი, ჯვართ წარმძღვანებელნი შემოვიდენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუეს და ექვსიათასამდე კაცი გაგვიწყვიტეს. ხოლო შემდგომ რა ვსცანით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იყვნენ, თქვენის ლოცვის ძალით და წმიდა ჯვრის შემწეობით წინაღვუდექით, 25 ათასი ცხენოსანი გავუწყვიტეთ, ზოგნიც დავატყევეთ და დანარჩენიც ჩვენის საზღვრებიდგან გავდევნეთ. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ვერ შევასრულეთ თქვენი ბრძანება თქვენის ელჩის მიერ გამოცხადებული. გარნა დიდათ განვიხარეთ, რა შევიტყეთ, რომ გიბრძანებიათ იმპერატორისა და დასავლეთის სხვა ქრისტიანებისათვის, რათა წამოვიდენ წმიდა ადგილების დასახსნელად. აწ გაუწყებთ, რომ თქვენს ბრძანებას ველით და მზათ გახლავართ მთელის ჩვენის ძალით წავიდეთ ქრისტიანების შესაწევნელად; მე თვით მზადვარ წმიდა ადგილების დასახსნელად წავიდე ორმოცი ათასი მეომრით, სადაც თქვენ ისურვებთ. მზგავსადვე გაუწყებთ რომ, როგორც მე, ეგრეთვე ჩვენის ქვეყნის ყველა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა, სხვაფრივ, ვევედრები თქვენს უწმიდესობას, რომ გვიბოძოთ თქვენი კურთხევა თუ ჩვენ და თუ ჩვენს ქვეყანას, რათა თქვენი კურთხევით და ღვთის მადლით კარგად ვიბრძოლოთ უფლის ბრძოლა. გთხოვთ ამ წიგნის მომტანს, მამა დავითს, ჩვენს ეპისკოპოსს ერწმუნოთ ისე, როგორც ჩვენ, ყველაფერში, რასაც ჩვენის მხრით მოგახსენებსთ. ჩემი ძმისწული შანშე, ბატონი თხუთხმეტის დიდის ქალაქისა, უმდაბლესად თავს გიკრავსთ და ითხოვს თქვენსკურთხევას".
როგორც რუსუდანის წერილი, ეს წერილიც ცხადათ მოწმობს საქართველოს ერთგულებას და ერთობას რომასთან. ჩვენის აზრით მეტი იქნება ამის უკეთესის საბუთის ძებნა იმ დროს საქართველოსა და რომის ეკკლესიის ერთობის დასამტკიცებლად.
არა ნაკლებ შესანიშნავია პაპის პასუხი ამ ორთავ წერილისა. რუსუდან დედოფალს აი რასა სწერს:
„პაპი ონორიო III. - მამობრივის სახიერებით მივიღეთ და გულ მოდგინებით ყურადვიღეთ თქვენი უმაღლესობის წერილი, სავსე მხურვალე მორწმუნეობის სუნელებით. უფლისამიერ დიდათ განვიხარეთ თქვენის ერთგულებით ჩვენდამი და რომის ეკკლესიისადმი, რომელიც არის დედა და მოძღვარი ყოველთა ქრისტიანეთა. გვასიამოვნა აგრეთვე თქვენმა კეთილმა სურვილმა წმიდა ადგილების დახსნისამ, იმ ადგილებისამ, სადაც, გამოუთქმელის სიყვარულით ჯვარზედ სიკვდილი ინება უფალმა იესო ქრისტემ კაცთა ნათესავის სამარადისო სიკვდილისაგან დახსნისა და ცხონებისათვის. ხოლო თქვენის ნეტარ ხსენებულის ძმის, საქართველოს მეფის, სიკვდილის გამო გიბრალებთ მამობრივის გულის წვითა; ამასთანვე გაგვახარა იმ ამბავმა, რომ მისი სამეფო თქვენ მშვიდობიანად ჩაგიბარებიათ, ვითარცა გვაუწყეთ თქვენის წერილით. ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელშია სამეფონი და ძალნი მათნი, რათა თქვენ და თქვენი სამეფო ერთად დაგიცვასთ თავისს სარწმუნოებასა და ერგულებაზედ და ეგრეთვე მოგმადლოსთ ყოველი სიკეთე და დაგიფაროსთ. თუმცაკი ხორციელად შორს ვართ, გარნა თქვენთან ვიმყოფებით სულითა და გონების თვალით გხედავთ თქვენა და თქვენის სამეფოის ქრისტიანებს; მასთანვე გვახარებს თქვენი მორწმუნეობა, რომელიც გაქვსთ უფლის იესო ქრისტეს სარწმუნოებისადმი და რომელიც დიდათ სათნო საყოფელია, რადგან მას იცავთ ურწმუნოთა შორის, რომლებთანაც სცხოვრებთ, და ბრწყინავთ, როგორც ნათელი სიბნელეში და შროშანი ეკლებში; ამიტომ მოელოდეთ თქვენის სარწმუნოების ბედნიერ აღსასრულს, თქვენის სულის ცხონებას. რაისგამო შევაგულიანებთ უფლის მიერ თქვენს ხელმწიფებას, რათა მტკიცედ სდგეთ აღთქმაზედ ქრისტესსა, რომელმაცა სთქვა. „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა." მის აღსარებასა და მისი წმიდა სახელის ქებაში მტკიცედ იყავით, ეგრეთვე თქვენის კეთილის მაგალითით მხნედ დაიცევით თქვენნი ქვეშევრდომნიც, რათა მათთან ერთად ამ წარმავალის ცხოვრების შემდგომ,
მოიპოვოთ საუკუნო სასუფეველი.
„შესახებ იმისა, რომ გსურსთ შეიტყოთ დრო წასვლისა ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელის შვილის ფრედერიკო ბრწყინვალის, რომის იმპერატორისა და სიცილიის მეფისა, რათა თქვენც თქვენის მხედრობით შეეწიოთ წმიდა ადგილების დახსნის დროს, მოხარული ვართ თქვენის კეთილის განზრახვისა და გაუწყებთ ამ წერილით, რომ ეს იმპერატორი დიდის ძალით შეიჭურვა და მომავალის წმიდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულის შემდგომ ერთის წლით მიდის ბევრის სამზადისით და თან მიჰყავს აღურიცხველი მორწმუნე ერი წმიდა ადგილების დასახსნელად. უფლისა მიერ გაგონებთ და გამხნევებთ რომ, თანხმად თქვენის საქებურის დაპირებისა, ეცადოთ და ისე მოამზადოთ თქვენი მხედრობა, რათა თქვენის დიდებულების შესაბამი სამსახური მიაგოთ იესო ქრისტესა. ამ დიდისა და წმიდა საქმისთვის თუ თქვენ და თუ თქვენნი ქვეშევრდომნი რაოდნათაც კარგად, ნებიერად და გულ მოდგინებით მოემზადებით, ეგოდნათ დიდს სასყიდელს მიიღებთ უფლისაგან. ამიტომ ვაუწყებთ თქვენს ერთგულებას, რომ ვინც ამ შრომაში (ჯვაროსნობაში) მიიღებენ მონაწილეობას, ან თვით წავლენ, ან სხვას გაგზავნიან, ან ფულით შეეწევიან და ან სხვისი ხარჯით წავლენ, მათ ყოველთა ვანიჭებთ მოციქულებრივის შენდობით ყველა ცოდვების მოტევებას, უკეთუ ჭეშმარიტად შეინანებენ და აღსარებას იტყვიან.
„აწ თქვენ ეს წიგნი წააკითხეთ ყველა თქვენთა ქვეშევრდომთა, რომელთაც, თქვენის თხოვნისა მებრ, ვანიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას და გპირდებით თქვენა და მათ ჩვენს პატივისცემას და მფარველობას, როდესაც კი საჭირო იქნება და როგორათაც შეჰფერის სამოციქულო საყდარსა. 12 მაისისა, 1224.”
ეს წერილი, ჩვენის აზრით, ერთიან სპობს ყოველს ეჭვსა და ცხადათ ამტკიცებს იმ დროის საქართველოსა და რომის ეკკლესიის ერთობასა და კავშირს. ვინაიდგან პაპი, როგორც მისი სიტყვებიდგანა სჩანს, მოხარულია ქართველების მორწმუნეობისაგამო, მათ სხვას არაფერს ავალებს, თუ არ მხნეობასა და სარწმუნოების დაცვას ისე, როგორც მანამდე ყოფილან. ერთობა საეჭვო რომ ყოფილიყო, მაშინ პაპი მათ შეაგულიანებდა, ჰსთხოვდა შეერთებას და არც შეუთვლიდა მოციქულებრივ შენდობას და ცოდვების მიტევებას ისიც ყურადსადებია, რომ პაპი შენდობის მინიჭებაზედ ხმარობს ერთს და იმავე ლექსებს, რომლის ხმარებაც მხოლოდ კათოლიკე მეფეებისა და ერისათვის მიღებილი იყო ხოლმე. ცხადია პაპი არც ამ ლექსებს იხმარებდა, დედოფლისა და ქართველების ერთობაზედ რაიმე ეჭვი რომ შეეტანა.
აქვე მოგვყავს საქართელოს მხედართმთავართან, ივანე მხარგძელთან მიწერილი წერილიც, რომელიც წინაწერილებზე არა ნაკლებ შესანიშნავია.
„პაპი ონორიო III.
„სახელოვან ივანეს, საქართველოს მხედართმთავარს.
„უფლისა მიერ განვიხარეთ მამობრივის გულკეთილობით, მივიდეთ რა შენი კეთილშობილების წერილი და ვსცანით თუ შენი საუკეთესო ამბავი და თუ მხურვალე და საქებელი წადილი წმიდა ადგილების დახსნისათვის დახმარების ადმოჩენისა. ამიტომ გაუწყებთ, რომ ყველაფერი მართალია, რაცკი შეგიტყვიათ ჩვენის ქრისტეს მიერ საყვარელი შვილის რომის იმპერატორისა და სიჩილიის მეფის, ფრედერიკო ბრწყინვალის განზრახვისა წმიდა ადგილებში წასასვლელად. იგივე იმპერატორი უკვე დიდსულოვნებით და მშვენიერად მომზადებულია იქ წასასვლელად. ამ მოციქულებრივის წერილით ვასმენთ და გულმოდგინებით ვამხნევებთ შენს კეთილშობილებას, რათა, შენის მშვენიერის და საქებელის დაპირებისამებრ, ისე მოემზადო მთელის შენის მხედრობით, როგორც შეშვენის შენს დიდებულებას, რომ შეეწიო ქრისტიანეთა მხედრობას და სათანადო სამსახური მიაგო იესო ქრისტეს. სცანი, რომ თუ შენ და თუ შენნი ქვეშევრდომნი უფლისა მიერ გვიყვარს და დიდად გვიხარის შენი სარწმუნოება და სასოება, ეგრეთვე მზათ ვართ, რომ, რაცკი საჭირო იქნება, სამოციქულო საყდრის შემწეობა და პატივი აღმოგიჩინოთ. გაკურთხებთ მოციქულებრივის კურთხევითა არა მარტო შენ, არამედ ყველა შენთა ქვეშევრდომთაცა, და მეტადრე შენს ძმისწულს შანშესა, რომლისათვისაც კურთხევა მთხოვე. 12 მაისისა, 1224”.
რუსუდანთან და მის შვილთან მეფე დავითთან ორი წიგნი პაპს გრიგოლ IX-საც მიუწერია. ისინიც მოგვყავს აქ, რადგან საკმაოდ შესანიშნავნი არიან როგორც ჩვენის კითხვის გამოსარკვევად, ისე სხვა მხრივადაც.
„პაპი გრიგოლ IX. საქართველოს უბრწყინვალესს მეფეს.
„რადგან ყოველი ძალა გამომდინარეობს ყოვლის მპყრობლის უფლისაგან და ყოველი მისი ნამოქმედარი კეთილია, ამიტომ მეფენი ამაოდ არ ატარებენ მახვილსა, არამედ იგინი სჯიან უღმრთოთა და შურს იძიებენ მათსა, ვინც შეურაცხყოფენ გამჩენსა, იგინივე მორწმუნეთა კეთილ მოქმედებას აქებენ და ზრუნვენ მათი კეთილად დაცვისათვის. ამ წიგნის მომტანმა მინორიტების ორდენის მღვდელ-მონაზონმა, ჩვენმა საყვარელმა შვილმა იაკობ როგსანელმა გვიამბო, რომ თქვენ დიდების ტახტსა, რომელზედაც ახვედით, ღვთის ხელიდგან მიღებულადა სთვლით და პატივისცემით ეპყრობით ამის ძმათა მონაზონებსაც, უფროს ერთად მათი მოღვაწეობის ნიჭს დიდათ აფასებთ, რადგან, როგორათაც მოიმედევართ, კარგად უწყით, რომ იგი, რომელიც მდაბალთა და მცირეთა მოხედავს და იცავს, არცხვენს სიბოროტეს მწვალებელთა ამნაირი მცირე პირებითა, რომ უფალი აბრწყინებს კათოლიკე ეკკლესიას სხვა და სხვა სასწაულებით, რათა ეგოდნათ უფრო მომეტებულად აღამაღლოს პატივით და დიდებით, რაოდენადაც გლახაკნი, მდაბალნი და მარტივნი იქმნებიან. უკეთუ გნებავთ, მეფევ, მიიღოთ მართალთა და წინასწარმეტყველთა სასყიდელი იმ ზეციერის მეუფისაგან, რომელიც ცეცხლით მოსასვლელ არს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, და რომელიც თავისად ითვლის, რასაც ერთ მის მცირეთაგანს უყოფენ, ამიტომ იტვირთეთ მათი ნაკლებულობა და თქვენს შემწეობას ნუ მოაკლებთ. ამაზე გულმოდგინებით ვევედრებით, ვავუწყებთ და შევაგულიანებთ თქვენს ხელმწიფებას; ეგრეთვე თქვენის ცოდვებისათვის შენდობის მისაღებათ ამ მოციქულებრივის წერილით გავალებთ, რათა სახიერებით მიიღოთ და სიყვარულით შეიწყნაროთ თუ ეს ჩვენი ერთგული საყვარელი შვილი და თუ მისნი თანაძმა მონაზონნი, რომელთაც ნებით სიგლახაკე უტვირთიათ, რათა ქრისტეს გულისათვის სამსახური მიაგონ იმათ, ვინც ღმერთს არ სცნობენ, თუმცა კი მის სახელს ამაოდ იხსენიებენ; ეგრეთვე მათში ადიდეთ იგი, რომელმაც ტყვეობისაგან ჩვენ დასახსნელად და თავის მემკვიდრე შვილად შესარიცხად, მოგვანიჭა თავი თვისი. 11 აპრილსა, მღვდელთ-მთავრობის მეშვიდე წელიწადსა (1233 წ.)”.
სხვა და სხვა ისტორიულ წერილებში ბევრი ვეძებეთ, რომ შეგვეტყო, თუ ეს იაკობ როგსანელი და მისი თანა ძმა მინორიტები (წმიდა ფრანჩიკეს წესის მონაზონები) როდის და რა შემთხვევაში მოვიდენ საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ ვერავითარი კვალი ვპოეთ. გარნა ვფიქრობთ, რომ ისინი საქართველოში უნდა მოსულიყვნენ არა უადრეს 1230 წ. ესევე პაპი ამავე დროს კვალად გზავნის საქართველოში სხვა იმავე ორდენის მონაზონებს და სწორედ ამ წლებიდგან იწყება საქართველოში მოსვლა ლათინის მისიონერ-მონაზონებისა და მათ მიერ ტფილისში მონასტრის დაფუძნება. დასახელებული წერილიდგანვე სჩანს, რომ საქართველოში დომინიკიანი მონაზონების უწინარეს, მოვიდენ ფრანჩისკიანების (მინორითები) მონაზონები, რომლებსაც შემდეგში მოემატნენ დომინიკიანებიც.
იმ ხანებში მისიონერების გამოგზავნა ჩვენს ქვეყანაში უეჭველად იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს შეეწყვიტოს ერთთბა რომასთან, რადგან შეიძლება, ამ დროს ეს მისიონერები აქ ყოფილიყვნენ არა ქართველებისათვის, არამედ ურწმუნოებისა და სხვა და სხვა გვარ მწვალებელთა მოსაქცევლად. თვით წერილიც საკმაოდ გვიჩვენებს ამ გარემოებას.
რადგან ხელთ არა გვაქვს უფრო ცხადი საბუთი, რომელსაც შეეძლოს გარდაწყვეტით გვიჩვენოს რომისა და საქართველოს სარწმუნოებრივის ერთობის გამძლეობა თუ ამ დროს და თუ მის შემდეგს წლებში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთობა მტკიცედ დაცულა ვიდრე 1230 წლამდე. ხოლო ამ ხანების შემდგომ მომხდარა განცალკევება, მაგრამ რომელ წელში, ანუ რა შემთხვევაში, ეს ჯერ არა სჩანს.
ამის შემდგომ რუსუდანსაც მიუწერია წიგნი პაპი გრიგოლ მეცხრისათვის (1235-1239 წლებში). სამწუხაროდ ეს წერილი აღარსად სჩანს, ამიტომ კარგად არ ვიცით, თუ რა იყო ამ წერილის შინაარსი. ხოლო პაპის პასუხიდგან ისა სჩანს, რომ რუსუდანსა და მის შვილს დავითს თათრების წინააღმდეგ პაპისათვის შემწეობა უთხოვიათ; უთხოვიათ ეგრეთვე რომის ეკკლესიასთან შეერთება. ეს წერილი უნდა ყოფილიყო ორივეს, დედისა და შვილის სახელით, რადგან პასუხი ორივესთან ერთ წერილშია მოქცეული. პაპის საპასუხო წერილი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ იმ ნაწილს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის, ვსტოებთ და მოვიყვანთ მხოლოდ შემდეგს ნაწილს.
„პაპი გრიგოლ IX. ბრწყინვალე რუსუდანს და მის შვილს დავითს, საქართველოს დედოფალს და მეფეს.
„ყოვლად მაღალის ხელთა ქმმილება საკვირველი მზე, რომელიც ანათებს მთელს ქვეყანას.... რომელმანც მზესა შინა დასდგა კარავი თვისი და ვითარცა სიძე რა გამოვალნ ეზოით თვისით ქალწულისა, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა, მან შთაღვარა გულთა თქვენთა თავისი ნათლის ბრწყინვალება, მოგაშორათ სიბნელის შეცთომილება და უხვად მოგანიჭოთ მადლი თვისი ცნობისა, რათა განკვირვებით სჭვრეტდეთ ყოვლის მპყრობელის მამის ძლიერებასა, ეთაყვანებოდეთ მისის ძის საუკუნო სიბრძნესა და იყვნეთ განმსჭვალულნი ორივე შემაერთებელის სულიწმინდის სიყვარულით; და ესე არს დედოფალი ყოველთა სათნოებათა, რათა ჟამიერის ცხოვრების შემდგომ ღირს იყვნეთ საუკუნო დიდებაში ცხადათ ხილვისა ღვთისა, რომელსაც აწ კათოლიკე სარწმუნოებით, ვითარცა დაფარულს სარკეში ხედავთ. იმ დიდებაში, საცა არავითარი სიბნელეა, მართალნი ღვთის წინაშე ბრწყინვენ, როგორც მზე. იქ არავითარი წინააღმდეგობა, არავითარი ნაკლებულება მოიპოება, არამედ ყოველი სიუხვეა, რასაც კი მართალნი ინატრებენ, რადგან ღმერთმა თავის მოსავთ განუმზადა ყოველი ბედნიერება, რომელიც თვალს არ უნახავს, და რომელსაც კაცის გონება ვერ მისწვდება. ამიტომ საყვარელნო შვილნო, დიდად გვიხარის, რომ ღვთის სიტყვა გიცვნიათ და სარწმუნოება თქვენს ქვეყანაში ეკკლესიის დაფუძნებიდგანვე შეურყეველად დარჩენილა, როგორათაც თქვენვე გვაუწყებთ წერილით. კვალად გვიხარის, რომ ძემან ღმრთისამან, თავისის ზეციერის წყალობით, გაგაცნოთ თავისი წმიდა სახელი, რათა თვისი დიდებულის სახიერების მონაწილე გყოსთ სავსებით. აწ ვინ არ შეიყვარებს და არა თაყვანს სცემს ესრედ სახიერ ღმერთსა, რომელმანც შეჰქმნა კაცი მიწისაგან, რომ თავისის დიდების მონაწილე ჰყოს, რომელმანც ტყვეობიდან გამოსახსნელად ადამის ტომისა მოავლინა ძე თვისი მონისა სახით ქვეყანაზედ ჯვარსაცმელად და სასიკვდილოდ? ვინ არ შეიყვარებს და არა თაყვანსა სცემს ისეთ უფალს, რომელიც კაცს სხვა არაფერს სთხოვს, თვინიერ იმისა, რომ მართალი და მოწყალე იყოს, ჰყოს სხვა კეთილი საქმენი, შეიყვაროს თავისი გამჩენი სულით და გულით, ეშინოდეს მისი და დაიცვას მტკიცედ მისი მცნება? მზგავსადვე თქვენც მოგვილოცეთ ჩვენც და სხვა ქრისტიანეთა, რომ ქრისტეს სარწმუნოებამ ჩვენამდინაც მოაწია, და აწ ვადიდებთ ღმერთსა, როგორათაც ჯერ არს, და ვსასოებთ საუკუნო ცხოვრების მოპოებას, ესრედ თქვენი ჩვენთან მოსული და ჩვენი თქვენთან წარმოგზავნილი წიგნებით ურთიერთად სულიერის შვებით განვიხაროთ, რომ ქრისტეს სარწმუნოება თქვენსა და ჩვენს შორის იდიდების. ხოლო ჩვენი სიამოვნება შეასუსტა და სიხარული გაგვიმწარა იმ ამბავმა, რომელიც გვაუწყეთ თქვენის წერილით, რომ კათოლიკე სარწმუნოების მტერნი თათარნი შემოსულან თქვენს სამეფოში და დიდი ვნება მოუყენებიათ თქვენთვის. გარნა ვინუგეშეთ იმითი, რომ თუმცა პირველში მტრისაგან დაძლეულხართ, მერმე კი დაგიძლევიათ, საბოლოვო გამარჯვება თქვენ დაგრჩენიათ და თქვენის მავნებელის მტრისათვის დიდი ზარალი მიგიციათ. ჯერ არს, რომ თქვენც ჩვენ შეგვიბრალოთ, რადგან სარწმუნოების მტერი ჩვენც ძრიერ გვდევნის. გარდა ამისა, რომ სარკინოზები ისპანიასა და სირიაში სდევნიან კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგიერთნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან განდგომილნი წინ აღგვიდგნენ, რაც კი შეეძლოთ დაუწყეს ღვთის ეკკლესიას დევნა, უნდათ ახალი მწვალებლობის დამყარება და ცდილობენ მოსპონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელმაც უნდა დაიხსნას და აცხოვნოს ადამის ნათესავი. შეიძლება, ღმერთმან განგებ მოავლინა ესრეთი განსაცდელი, რადგან, როგორც ცეცხლი ოქროს გასწმენდს, ესე იგი ზოგჯერ ბოროტთა საშუალებით გამოსცდის კეთილთა, რათა კარგათ გამოცხადდეს მათი მდგნეობა და სიმხნევე და აღმოხოცოს მათი გულიდგან ყოველივე მწიკვლი ცოდვისა; როგორათაც სუფთა პური არ შეიქმნების, თუ ჯერ ხორბალი ლეწვით არ განშორდების ჩალას, ეგრეთვე უფალი თავისი ტაძრის ასაშენებლად არ მიიღებს ქვათა, თუ წინეთ კარგად გაწმედილნი და გათლილნი არ არიან. ამნაირად გამოცდილნი და გაწმედილნი მართალნი მიიღებენ საუკუნო სასყიდელს და მოიპოებენ საუკუნო ცხოვრებას. ვინაიდგან ისრაელის ერმა მაშინვე კი არ დაიმკვიდრა აღთქმის ქვეყანა, არამედ ბევრ ხანს უდაბნოში იარა და მხოლოდ მტერზედ ბევრ გზის გამარჯვების შემდგომ ეღირსა მის დაპატრონებას.
გარნა ვსასოებთ, რომ მაცხოვარმა, ამ ღელვის შემდგომ, მოგვანიჭოს მშვიდობა და დათრგუნოს სამოციქულო საყდრის მტერნი. აწ, საყვარელნო შვილნო, ნუღარ გაგიკვირდებათ, თუ რომის ეკკლესიის მხედრობა არ მოდის თქვენ შესაწევნელად თათრების წინაადმდეგ. სარკინოზნი, რომლებსაც სირიაში ვეომებით, არ გამოუშვებენ მანდეთ ჩვენს მხედრობას. ამ თქვენმა ამბავმა ძლივს მოაწია ჩვენამდე. ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის დაუცხრომელად ვეომებით მტერსა იტალიასა, სირიასა და ისპანიაში. ამიტომ აღარ შეგვიძლია დაგეხმაროთ. რაკი სხვა ფრივ ვერ შევიძელით თქვენი შეწევნა, ამიტომ ვინებეთ ამ წერილის გამოგზავნა, რათა ამითი კარგად სცნოთ ჩვენი თქვენდამი სიყვარული, რომელიც ვერ გამოგიცხადეთ თქვენმიერ, ნათხოვნის შემწეობის მოცემით.
„ხოლო რაიც შეეხება იმას, რომ თხოულობთ ჩვენთან შეერთებას, ამაზედ დიდად ვაქებთ თქვენს დიდებულებას; უკეთუ აქამდე თქვენი ცხონების სისრულეს რამე აკლდა, აწ ეს თქვენი შეერთება სრულ ჰყოფს მას და მასთანვე აგვირგვინებს ჩვენს სიხარულსაც, რომლის მიზეზი თქვენ ხართ. კათოლიკე ეკკლესია, სძალი ქრისტესი, ერთ არს; ქრისტემ მოციქულთა მთავარს პეტრეს მისცა სიმართლე გახსნისა და შეკვრისა; ეგრეთვე მარტო პეტრე უჩვენა, როდესაც სთქვა: „ამა კლდეზედ აღვაშენო ეკკლესია ჩემიო". რადგან მხოლოდ პეტრე უჩვენა და მხოლოდ ერთი ეკკლესია დაასახელა იესო ქრისტემ, ამითი მან ცხადათ აღკრძალა სხვა და სხვა ეკკლესიების დაფუძვნება და ეკკლესიისათვის მრავალ მწყემს- მთავართა დადგენა. ამისთვის იყო, რომ უბრძანა პეტრეს, რათა დამწყსოს სამუდამოდ ცხოვარნი თვისნი და შემოჰკრიბოს ეკკლესიაში თუ ურიანი და თუ წარმართნი, რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ამავე საგანს რა გონების თვალით სჭვრეტდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი, სთქვა ცხადათ, რომ უფალი ყოველთა ძეთა ისრაელთაგან, ესე იგი ღვთისადმი მოქცეულთაგან, შეადგენს ერთს მხოლოდ ერსა და ერთს მხოლოდ სამეფოს, რომლის მმართველი იქნება მარტო ერთი მეფეო. ამითი უფალი ცხადათ უკრძალავს მრავალ ეკკლესიათა დაფუძნებას და მრავალ მწყემსთა დადგენას. არც ბუნების კანონი იგუებს, რომ ერთს სხეულს ებას მრავალი თავი და მრავალ სხეულთ ებას ერთი თავი. თუმცაკი სხვა და სხვა ერნი კათოლიკე სარწმუნოებას აღიარებენ, მაგრამ ყველა ისინი შეადგენენ ერთს მხოლოდ ეკკლესიას, ვინაიდგან ყველანი მდაბლად ემორჩილებიან ერთსა და იმავე თავსა, რომელიც არის ქრისტეს მონაცვლე და წმიდა პეტრეს მოსაყდრე. ხოლო ვინც ამ ერთი თავის ნასხამნი არ არიან, უთუოდ, როგორც ერთი საოცარი არსი, წარემართებიან წარწყმედის გზასა, რადგან, როგორც ქრისტე არ განიყოფების და ღვთაება არ განაწილდების, ეგრეთვე ქრისტემ, ზეცად ამაღლების დროს, მხოლოდ ერთი თავისი მონაცვლე დაუტევა ქვეყანაზედ. ამიტომ საჭიროა ამას დაემორჩილონ ყველა ტომის მთავარნი, თუკი უნდათ ქრისტეს ეკუთვნოდენ. ამითი ჩვენს ძმებს და ეპისკოპოსებს სრულებით არ ავხდით იმ პატივს, რომლის ღირსნიც ისინი არიან, რადგან აღვიარებთ ღვთისა და სამოციქულო საყდრის წარმომადგენლად ყველა იმ ეპისკოპოსთ, რომლებიც ხალხის სულიერად მოვლის შრომაში მონაწილეობის მისაღებად მოწოდებულნი არიან წმიდა პეტრესა და მის მოსაყდრისაგან. ამიტომ საყვარელნო შვილნო, საჭიროა ქრისტეს მონაცვლე და წმიდა პეტრეს მოსაყდრე, რომის პაპი სცნოთ თქვენ და ყველა თქვეთა ქვეშევრდომთა, როგორც მამა და ჩვენი სარწმუნოების მწყემსი. შეუერთდით მას და რომის ეკკლესიას და სწუხდეთ, რომ აქამდე დაგიგვიანდათ. დაემორჩილენით მას ყველაფერში, რაცკი შეეხება თქვენის სულის ცხონებას. ამის მეტს თქვენგან არაფერს ვითხოვთ. კაცს მარტო იმასა ვთხოვთ, ღვთისა ეშინოდეს, იგი შეიყვაროს ყოვლითა გულითა და ვლიდეს მისის სიმართლის თანახმად. ვინც ამ მხრივ ჩვენი ურჩი იქნება, ის სწორედ კეთილი სული არ უნდა იყოს. რაგინდ ძრიელი მეფე იყოს, მორჩილებით არ დაუმცირდება არც ხელმწიფება და არც ღირსება, არამედ ყოველი ძალა და უფლება მოემატება. ვინაიდგან ერს მხოლოდ ისინი მართვენ კარგად, ვინც ღმერთს თავს მოუმდაბლებენ და ერთგულად ემსახურებიან, ამიტომ იესო ქრისტეს დათხეულისა და დაუფასებელი სისხლის პატივისათვის ვაუწყებთ, ვაგონებთ და ვთხოვთ თქვენს დიდებულებასა, რათა შემოუერთდეთ რომის ეკკლესიას, მის მწყემსს დაემორჩილოთ და ამ სამოციქულო საყდრის მორჩილება მიაღებინოთ ყველა თქვენთა ქვეშევრდომთაც. თქვენის შრომით აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთებისათვის ორკეცად დაიმკვიდრებთ სასუფეველის გვირგვინსა. თქვენც კარგად უწყით და ზემოთ ჩვენც მოვიხსენიეთ, რომ უფალმა მარტო პეტრეს ჩააბარა სასუფეველის კლიტენი, ამიტომ სასუფეველის კარი გაეღება მხოლოდ იმათ, ვინც პეტრესი და მისი მოსაყდრის მორჩილნი იქნებიან. ამის გამო ვგზავნით თქვენთან მოქადაგეთა წესის ძმათა უგუიჩინოს, იაკობს, ბენევენტოს, რუბინოს, პეტრეს, ბერნარდეს, ლამბერტის და გვიძარდოს, რომელნიც ძლიერნი არიან სიტყვითა და საქმით, რომელთა შორის ბრწყინავს კეთილი ცხოვრება და მოძღვრება, რადგან რასაც სხვას სიტყვით ასწავლიან, მას ჯერ თვით საქმით ასრულებენ. მაშ მიიღეთ იგინი სახიერებით, როგორც ქრისტეს მიერ მოვლინებულნი და გულმოდგინებით ისმინეთ ყოველი მათი მოძღვრება. იანვრის 13, მღვდელთ მთავრობის 13 წელსა (1240)."
მარტო ამ წერილიდგან სჩანს საქართველოს ეკკლესიის გაყრა, რომელსაც მალე ბოლო მოეღო, რადგან თვით რუსუდან სთხოვს პაპსა რომის ეკკლესიასთან შემოერთებას. ეს შემოერთება უეჭველად უნდა მომხდარიყო იმავე დროს, რადგან არც ერთ მხარეს სიძნელე არავითარი არსებობდა და საბუთიც არაფერი გვაქვს, ამაზედ ეჭვი შევიტანოთ. შემოერთებას ის გარემოებაც გვიჩვენებს, რომ რუსუდანმა პაპის ახალი გაგზავნილი მისიონერები კარგად მიიღო და ტფილისში დააბინავა. წმიდა დომინიკეს ორდენის მონაზონებმა დააფუძნეს ტფილისში თავიანთი მონასტერი 1240 წ. და ეს მონასტერი შემდეგს საუკუნებშიაც არსებობდა, შიგ მუდამ უკლებლივ იყვნენ ევროპიდგან მოსული დომინიკიანების ორდენის მონაზონები და საქართველოს ერის გასანათლებლად შრომობდენ მინორიტების ანუ ფრანჩისკიანთ მონაზონებთან ერთად. ეს უკანასკნელნი დომინიკიანებზედ 10 წლის წინეთ იყვნენ ტფილისში დამკვიდრებელნი.
ეს წერილი იმითიც შესანიშნავია, რომ შიგ ქებაა ქართველებისა, როგორც ქრისტეს სარწმუნოების უხრწნელად დამცველის ერისა. ამას ჩვენი მატიანენიც ცხადათ მოწმობენ.
პაპმა ინოჩენციო IV, 1245 წ. აღმოსავლეთში ბლომათ გამოგზავნა მინორიტების ორდენის მონაზონები, რომელთაგან ზოგნი სათათრეთს წავიდენ, ზოგი სომხეთს, ზოგი ალანებთან, ჯიქებთან, ხაზარებთან და ზოგნიც საქართველოს მოვიდენ. პაპმა იმავე დროს მისწერა აღმოსავლეთის ყველა პატრიარქებს და წინადადება მისცა რომის ეკკლესიას შემოერთებოდენ. იმ წერილში ვრცლად ლაპარაკობს ეკკლესიის ერთობისა და მასთან შეერთების საჭიროების შესახებ; ყველას ავედრებს თავის გაგზავნილ მონაზონებს, რათა კარგად მიიღონ და შეერთებისთვის მოილაპარაკონ მათთან; ეგრეთვე ეუბნება, მე მზათა ვარ მოუწოდო მსოფლიო კრებას, უკეთუ თქვენ მოითხოვთო. ვატიკანის არხივში შენახულ წერილს ბოლოში აწერია, რომ ერთი და იგივე წერილი იბერიელებისა და ქართველების პატრიარქსაც გაეგზავნაო. გარნა აქიდგან დასკვნას ვერ გამოვიყვანთ, რომ იმ დროს საქართველოს ეკკლესია ან არ ყოფილიყოს შეერთებული ან ისევ გაჰყროდეს რომასა, რადგან, როგორც ვნახეთ, ჯერ სწორედ ხუთი წელიწადი არ იყო გასული, რომ თვით რუსუდანმა მოინდომა შეერთება და გრიგოლ პაპმა ამაზედ ვრცელი წერილი მოსწერა. ხოლო თუ ინოჩენციო პაპმა საქართველოს პატრიარქსაც გამოუგზავნა შეერთების შესახებ წერილი, უფრო იმიტომ იქნებოდა, რომ შემოერთებულის ქართველების მაგალითისთვის სხვებსაც ადვილად მიებაძათ.
1258 წ. პაპმა ალექსანდრე მეოთხემ გამოგზავნა საქართველოში ფრანჩისკიანების მონაზონები. იმავე ხანში საქართველოში დომინიკიანებიც წამოვიდენ, მაგრამ მათი წამოსვლის დრო ზედმოწევნით არ ვიცით.
1289 წ. პაპმა ნიკოლოზ მეოთხემ დავით მეფეს და დიმიტრი მეფეს ეს წიგნი მოსწერა:
„პაპი ნიკოლოზ IV. დიმიტრის ქართველთა მეფეს.
„ქრისტეს მიერ საყვარელო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„თუმცა კი უღირსნი ვართ, მაგრამ ამ ქვეყანაზედ მონაცვლედ ვითვლებით იმ უმაღლესის მწყემსისა, რომელმაც თავისის სამწყოსათვის თავი თვისი დასდვა და ნებით იტვირთა მწარე სიკვდილი მტრის ხელიდგან ჩვენ დასახსნელად. ამიტომ ჩვენც ვნატრობთ ყველას ცხონებას, ვზრუნავთ გულმოდგინებით და ყოველის ღონისძიებით ვცდილობთ, რათა მორწმუნეთა სულთა, შემდგომ სააქაოს ცხოვრებისა, დაიმკვიდრონ ზეცას საუკუნო სასუფეველი. რადგან კათოლიკე სარწმუნოება, რომელსაც აღიარებს და ასწავლის რომის ეკლესია, ამზადებს ზეცის გზასა და უღებს ცხოვრების კარსა მორწმუნეთა, ამიტომ იესო ქრისტეს სახელით გულმოდგინედ შევაგულიანებთ და ვიწვევთ თქვენს ხელმწიფებას, რათა მიაქციოთ ყურადღება უფალს, შეუდგეთ ერთგულებით სარწმუნოებისა და საუკუნო ცხოვრების საქმესა; დაიცვათ მორწმუნებით ქრისტეს სჯული, გულმხურვალებით და მართლმკვეთელობით განაგრძოთ ეკკლესიის ერთობა; ეგრეთვე არ შესწყვიტოთ ყოველი კეთილ-მოქმედება, რომელიც სათნო ეყოფის უფალსა, რათა დღითი დღე წარიმატოთ ღვთის მსახურებაში და ამნაირად ღვთის შემწეობით მოიპოვოთ საუკუნო ბედნიერება. რადგანაც თქვენს ხელმწიფებას გულწრფელად პატივსა ვცემთ და გვიყვარს უფლისამიერ, ვნატრობთ თქვენს საუკუნო ცხოვრებას. ამიტომ თქვენ და ყოველ თქვენ ქვეშევრდომთ ვუგზავნით ჩვენს კურთხევას თქვენის ცოდვების მისატევებლად. 11 ივლისს, მღდველთმთავრობის მეორე წელსა (1289)".
ამავე წიგნის ერთი პირიც გამოუგზავნიათ დავით მეფისათვის, ხოლო იმ განსხვავებით, რომ ვატიკანის არხივში წერილის ბოლოს მიწერილი აქვს შემდეგი:
ad Davidem Regem Hiberorum (იბერიელთა მეფეს დავითს). დიმიტრის კი უწოდებენ მეფედ Georgianorum (ქართველთა). უწინ ევროპელნი აფხაზეთს ხან ერთისა და იმავე სახელით იხსენიებდენ, როგორც საქართველოს, ხან ცალკე ასახელებდენ და Lazica, Abasia-ს გარდა Iberia-ს სახელსაც უწოდებდენ და სახელებს ხშირად ერთმანერთში ურევდენ.
იმავე დროს პაპმა საქართველოს პატრიარქსაც მოსწერა წერილი და შემოერთების წინადადებას აძლევდა.
„პაპი ნიკოლოზ მეოთხე. პატიოსან ძმას, საქართველოს პატრიარქს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„რადგან ზეციერმა მეუფემ, რომლის ღვთაებრივი განგება მართავს ზეციერთა და ქვეყნიერთა არსთა, აღგვიყვანა სამოციქულო საყდარსა, ამიტომ დიდად ვნატრობთ, რომ ყველა მომაკვდავთა ვლონ საუკუნო ცხოვრების გზით და იმოქმედონ ისე, როგორც სათნო ეყოფის მაღალსა ღმერთსა, რათა მით ღირსნი გახდენ სულის ცხონებისა.
ვინაიდგან სულზედ უმშვენიერესი, სანატრელი და ძვირ ფასი არა არის რა, თვით მთელი ქვეყნის შეძენაც კაცს არაფრად გამოადგება, უკეთუ იგი წარიწყმედს სულსა, ვითარცა მოწმობს სახარება. ამიტომ დიდის სიფრთხილით ვცდილობთ და ვზრუნავთ, რომ ქვეყნის ყველა ერთა ქრასტე უფალთან ერთად იომონ მისისავე სარწმუნოებისათვის, რომელსაც ასწავლის და მტკიცედ იცავს რომის ეკლესია და რომლითაც უმზადებს გზას და უღებს სამუდამო ბედნიერების კარსა. ეგრეთვე იმედი გვაქვს, თქვენც, რომელსაც, როგორც მოგვითხრეს, დიდძალი ერი გყავსთ, დიდის გულმოდგინებით იზრუნოთ და ეცადოთ, რათა ეგ ერი კეთილის საქმის აღსრულებით სათნო შეიქმნას თავისი გამჩენისა და ღირსი გახდეს საუკუნო ცხოვრებისა; ამას იგი ვერ მოიპოვებს, თუ არ დაიცვა სარწმუნოება, რომელიც გასწმენდს შემცოდეს და წარხოცს ცოდვათა. ამიტომ იესო ქრისტეს მიერ მამობრივის სიყვარულით გიწვევთ და შეგაგულიანებთ დასაცველად კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელსაც, როგორც უკვე ვსთქვით, აღიარებს რომის ეკლესია.
სძლიეთ ყოველ სიძნელესა, რაც კი მასთან შეერთების დროს გამოგიჩნდესთ, გულმოდგინებით მოისწრაფეთ, ნებით და დაუყოვნებლივ მომართეთ მხნედ მოუახლოვდით და ეცადეთ სხვების მოზიდვასაც; უფლისაგან ეგოდნათ უფრო დიდს სასყიდელს მიიღებთ, რაოდნათაც თქვენის მაგალითით ბევრს შემოუერთებთ, ვინაიდგან უწყით, რომ ქვეშევრდომნი ადვილათ მიჰბაძვენ თავიანთი მწყემსების მაგალითსა. იმედი გქვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, ჩვენი სურვილი კარგად დააკმაყოფილოთ და თქვენი ერი წარმართოთ ერთობის გზასა, რადგან ამ წიგნის მომტანმა, ჩვენმა საყვარელმა შვილმა, მინორიტების მონაზონმა ივანე მონთეკორბინელმა მოგვითხრა თქვენი მრავალი შესანიშნავი მოქმედება, რომლის მოსმენით განვიხარეთ. მაშ პატივით მიიღეთ ეს სასარგებლო რჩევა და უსმინეთ ქრისტეს მონაცვლეს; ეცადეთ და იღვაწეთ გამჩენის დიდებისა და პატივისათვის, რათა ღირსებით სავსე უფრო სათნო საყოფელი შეიქმნეთ მის თვალთა წინაშე. გარდა ამისა, გულმოდგინებით გავედრებთ ხსენებულ მონაზონს და მისთა ამხანაგთა და გთხოვთ განსაკუთრებულის ყურადღებით და გულკეთილობით მოეპყრათ, რათა თქვენის შემწეობით ზურგ-გამაგრებულთ ადვილათ და ნაყოფიერად შეიძლონ ღვთის სამსახური ქრისტეს სახელის სადიდებლად. კარგად და სიადვილით რომ შეიძლოთ სხვების გაწვრთნა ხსენებულ ქრისტეს სარწმუნოებაში, ამიტომ სარწმუნოების მუხლებს აქვე აღვნიშნავთ... 7 ივლისს, მდვდელთმთავრობის მეორე წელსა (1289)."
მუხლები რადგან ვრცელია, აქ არ მოგყვავს.
არხივში ამ წერილის ბოლოს ჰსწერია, რომ ერთი პირი მისი, პატრიარქის გარდა, გაეგზავნა იმავე დროს საქართველოს ყველა მთავარეპისქოპოსთ, ეპისკოპოსთ და არხიმანდრიტთაო.
ესრედ განთქმული საქართველოს პატრიარქი, ვგონებთ, უნდა იყოს აბრამ პირველი. სჩანს მისიონერებს საკმაოდ მოუმზადებიათ შემოსაერთებლად მეტადრე ქართველი სამღვდელოება, რადგან პაპი ყველას სწერს ასეთ საიმედო წერილსა. ისიც ცხადია, რომ კერძო პირები იმ დროს ბლომათ უნდა ყოფილიყვნენ კათოლიკე სარწმუნოებისა, რადგან ხსენებული მასიონერი ივანე გაბრუნებულა რომას, რათა მათ მოსავლელად ახალი მისიონერები წამოეყვანა. 1278 წ. პაპს ნიკოლოზ III გამოუგზავნია რავდენიმე ფრანჩისკიანთ მონაზონი საქართველოში. ვფიქრობთ, რომ იმ დროს უნდა მოსულიყოს აქ ზემოდ დასახელებული ივანე ფრანჩისკიანიც. სარკინოზებმა პალესტინაში დაამარცხეს რა ქრისტიანები და წმიდა ადგილები ისევ ხელში იგდეს, იმ დროს, ესე იგი 1291 წ. პაპმა ნიკოლოზ IV მიმართა საქართველოს მეფეებს დავითსა და დიმიტრის, ორთავეს წერილი მისწერა და სთხოვა ქრისტიანებს შეწეოდენ და წმიდა ადგილები სხვებთან ერთად დაეხსნათ მტრების ხელიდგან. წერილში ვრცლად აუწერს ქრისტიანების ყოველ შეწუხებას, რაც ურწმუნოებმა მიაყენეს აქონის ქალაქის აღების დროს, და დასასრულ ასე ეუბნება: „...მუდამ მზრუნველნი ქრისტიანების საკეთილდღეოდ, დიდათ ვნატრობთ და ვცდილობთ ღვთის შემწეობით წმიდა ადგილების ხელმეორედ დახსნას; ამასვე უნდა ნატრობდენ და ცდილობდენ ყველა კათოლიკე ხელმწიფენი და მთელის ქვეყნის მთავრებიც; ეს საღვთო საქმე რომელიც შეეხება მთელს ქრისტიანობას, უნდა იყოს მათი პირველი საზრუნველი, და შეწევნითა ღვთისათა, უნდა ხმარობდენ ყოველ საშუალებას მის კეთილად დასაბოლოებლად. ამიტომ იესო ქრისტეს სახელით და მისის პატივისათვის შევაგულიანებთ, ვთხოვთ და ვევედრებით თქვენს უმაღლეს ხელმწიფებას, ვითარცა ღვთის საყვარელს შვილსა, რათა თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ხსენებულ საქმეში, განემზადოთ მთელის თქვენის სამეფოთი და ქვეშევრდომებით და, ესრეთ თქვენის ცდით და ეგრეთვე სხვა კათოლიკე მეფეების დახმარებით, კეთილად და ბედნიერად დაბოლოვდეს ეს საქმე ღვთის სადიდებლად, ყველა ქრისტიანების სასიქადულოდ და თქვენ საუკუნო გასაბედნიერებლად. იმედი გვაქვს, ამ საქმეში ყველანაირი საშუალება მიიღოთ და გულმოდგინებით ეცადოთ, რათა საუკუნო ბედნიერების ღირსნი შეიქმნეთ; ჩვენც უფლისამიერ მუდამ ვაქებთ თქვენს მოსწრაფებას და მეცადინეობას. წერილის მომტანნი, ჩვენნი საყვარელნი შვილნი გვილელმო ხერიოელი და მათე თიათინელი, მინორიტების წესის მონაზონნი, ამ საქმის შესახებ ყოველ ჩვენს აზრს მოახსენებენ თქვენს ხელმწიფებას; ენდეთ მათ, რადგან მაგ ადგილებში სარწმუნოების საქმე მაგათთვის მიგვინდვია. პირველ სექტემბერს, მღვდელთმთავრობის მეოთხე წელსა (1291)."
ეს წერილი ცალცალვე მისვლიათ ორსავე მეფეს.
შევნიშნოთ მხოლოდ, რომ წერილში პაპი დიმიტრი მეფეს კათოლიკე მეფეების თანასწორად რაცხს, რაიცა საკმაო საბუთს გვაძლევს ვსთქვათ, რომ პაპის წინანდელი წერილები, თუ მეფეებთან და თუ კათალიკოსთან შემოერთების შესახებ გაგზავნილი უნაყოფოდ არ დარჩენილა.
ამ საუკუნის შესახებ ძრიელ ცოტა საბუთმა მოაწია ჩვენამდე; საქართველოდგან გაგზავნილის წერილების უმეტესი ნაწილი დაკარგულ-დაღუპულია. ხოლო ის ცოტა საბუთიც საკმაოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოსა და რომას შუა ერთობას თითქმის 1230 წლამდე მოუწევია; მის შემდგომ ურთიერთობა საკმაოდ ხშირი, ერთგულებით სავსე და მეგობრული ყოფილა; მისიონერები დამყარებულან საქართველოში, ცოტა, თუ ბევრად ყოლიათ მრევლი, რომლის მოსავლელად რომიდგან ხშირად იგზავნებოდენ მისიონერები თუ ფრანჩისკიანებისა და თუ დომინიკიანების წესისა.
ჩვენ მიერ გამოთქულს აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკკლესია არ გაყრია რომის ეკკლესიას ერთსა და იმავე დროს, ესე იგი, 1054 წ., როდესაც გაეყარა საბერძნეთის ეკკლესია, საკმაოდ ამტკიცებს დიდათ განათლებულის ქართველთ ბერის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის პასუხი ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დუკიწისადმი. საქართველოს მეფისაგან (ბაგრატ IV) გაგზავნილი წმიდა გიორგი მივიდა რა იმპერატორის წინაშე, იქ დახვდენ რომიდგან და სომხეთიდგან მოსულნი წარჩინებულნი პირნი. იმპერატორმა რა სცნო გიორგის დიდი სიწმიდე და მაღალი სიბრძნე, სხვათა შორის, ჰკითხა, თუ რა მიზეზია, რომ რომაელნი ხმიადით სწირვენ და ჩვენ კი მფუანის პურითაო? წმიდა გიორგიმ ესრედ უპასუხა. „ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წუალება შემოვიდა პირუელ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთვისაც მსგავსად თქუენსა ღუთის მსახურთა მეფეთა წმინდანი კრებანი შეკრიბნეს და წვლილად გამოიძიეს განგებულებისათვის ქრისტეს ღუთისა ჩუენისა და ხორციელად გამოჩინებისათვის მისისა და საუფლოთა მათთვის ხორცთა გამოძიება იქმნა და დააწესეს, რათა მივიღებდეთ ცომსა სახედ ხორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა წინააღმდგომ წუალებისა უსჯულოსა აპოლონარისა, რომელი იგი ხორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა უგუნერი იგი და უსულო.
ხოლო ღვინოსა თანა წყალს ურევთ, სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდმოხდა გუერდსა მსხნელისასა, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი, ესე არს განმარტება და მიზეზი ამათ საქმეთა. ხოლო რომთა ვინაიდგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წუალება შემოსრულ არს მათგან და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულმან პეტრე შესწირა უსისხლო იგი მსხუერპლი და უმეტეს, ვითარცა თვით უფალმან მისცა მოწაფეთა, ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი და არა რა არს შინა განყოფილება; ოდენ სარწმუნოება მრავალი იყუს. ხოლო მთავართა რომთა დიდად განიხარეს, რამეთუ კუალადცა ყოფილ იყო ამის პირისათვის ძიება მათ შორის და უსწავლელობითა ვერა სიტყვა ეგო მეფისადა და ეტყოდეს წმიდასა, წარგიყვანოთ წინაშე წმიდისა პაპისა".
ესრეთი პასუხი ცხადათ ამტკიცებს, რომ იმდროს, ესე იგი, 1066 წ. ქართველები რომისაგან არ ყოფილან გაყრილნი ბერძნებთან ერთად. რომლებიც განშორდენ 1054 წ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესრეთი პასუხი ისევ თვით წმიდა გიორგის გასამტყუნებელი იქმნებოდა, რაიცა შესაწყნარებელი არ არის. ეს პასუხი კვალად იმითიც არის ყურადსაღები, რომ ლათინებს დიდი ხნის წინეთ დამატებული ქონდათ სარწმუნოების სიმბოლოში „სული წმიდა და ძისაგან გამოვალს”, რაისგამო ბერძნები აბრალებდენ ლათინებს სარწუნოების შეცვლას და რომისაგან ჩამოცლის მიზეზად ერთიც ეს გარემოება ჰქონდათ. ხოლო 12 წლის შემდეგ ბერძნების გაყრისა, წმიდა გიორგის ესრეთი პასუხი ცხადათ ამართლებს ლათინებს და ამტკიცებს მათი სარწმუნოების შეუცვლელობას.
უკეთუ ამას დავუმატებდეთ იმ გარემოებასაც: ა, რომ ქართველი ბერი ეფთვიმე გრძელი რომას წავიდა მოციქულთა თავის წმიდა პეტრეს ტაძარში სალოცავად (საკმაოდ არა სჩანს, ბაგრატ მესამის, თუ მეოთხის დროს იყო?); ბ, რომ მეცამეტე საუკუნეში მთაწმიდას ლათინებსა ჰქონიათ მონასტერი და იქ ქართველებთან ერთგულსა და ძმურ განწყობილებაში ყოფილან, და გ, რომ 1250 წ. ივერიის მონასტრიდგან რომას წაუღიათ წმ. მამათა იოვანესი, ევთიმესი და გიორგის გვამნი, მაშინ ცხადათ დავრწმუნდებით, რომ მეცამეტე საუკუნეში ისევ ყოფილა ერთობა ლათინთა და ქართველთა შორის. ეს გარემოება, ჩვენის აზრით, სხვაფრივ ვერ აიხსნება.
რომას იოანე პეტრიწიც (1080-1128 წ.) წასულა. ვფიქრობთ, რომ ისიც, მსგავსად ევთიმე ბერისა, მოსალოცავად იქმნებოდა წასული წმ. ქალაქსა. რადგან ჩვენი უმთავრესი აზრი ის იყო, რომ გაყრილობის შემდეგის დროის საბუთები წარმოგვედგინა ქართველი კათოლიკების შესახებ ძველ საუკუნეთა გამოძიებას აღარ გამოუდექით. ხოლო ერთის შესანიშნავის წერილის გამოტოვება კი გვენანება. ამიტომ ის წერილი ამ თავის ბოლოში მოგვყავს. წერილი ეკუთვნის რომის პაპს გრიგოლ პირველს, პასუხად მოუწერია მეტად განათლებულის კირიონისათვის, რომელიც საქართველოს კათალიკოსად იყო 578 წელში.
„წიგნი წმ. გრიგოლ პირველისა კვირინო, ანუ კვირიკო ეპისკოპოსს და სხვათა დანაშთთა იბერიის კათოლიკე ეპისკოპოსთა”
„პაპი გრიგოლ I.
„სიყვარულმა სიშორე არ იცის, ვისაც ადგილი აშორებს, მას ეპისტოლე აახლოვებს. ამ წიგნის მომტანმა, რომელიც აქ მოციქულთა მთავრის წმიდა პეტრეს საფლავის სალოცავად მოვიდა, დაგვარწმუნა, რომ ჩვენთვის წიგნი გამოგიგზავნიათ, მაგრამ ამას სხვა ნივთებთან ერთად იერუსალემში დაუკარგავს. ამანვე მოგვითხრა, რომ იმ წერილით გვეკითხებოდით ნუ თუ ყოველთა რჩეულთა კათოლიკე ეკკლესიის წიაღში შესასვლელად, ნესტორის შეცთომათაგან მოქცეულ მღვდელთა და ერთათვის საჭიროა ნათლისღება, ანუ კმარა მარტო აღსარებაო? ამ საგნისა ჩვენ უწყით ჩვენის მამების ძველის დროის ჩვეულება, რომ, როდესაც ვინმე მოიქცევიან მწვალებლობისაგან, რომელშიაც მონათლულან წმიდა სამების სახელით, მათ ვუერთებთ წმინდა ეკლესიას ან ზეთის ცხებით, ან ხელ დასხმით და ან მარტო სარწმუნოების აღსარებით. ამიტომ დასავლეთში არიოსანებისაგან მოქცეულთ ვუერთებთ კათოლიკე ეკკლესიას მარტო ხელ დასხმით, აღმოსავლეთში კი მათ სცხებენ ზეთსა შესარიგებლად. ხოლო მონოფისიტელებს და სხვათა მარტო სარწმუნოებას აღვიარებინებთ, რადგან მწვალებლობაში მონათლულთ სული წმინდა მაშინ სწმენდს, როდესაც ნესტოოიანები ჩვენის ხელ დასხმით და მონოფისიტელები სარწმუნოების აღსარებით უერთდებიან ეკკლესიას. გარნა ის მწვალებლები, რომელნიც წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი, როგორათაც ქრისტეს უარის მყოფელნი ბონოსიანები და კათოფარიგელები, რომელნიც სული წმიდად რაცხვენ მონტანისტელების ბოროტს კაცსა, რომლის მსგავსიც ბევრი არის, უნდა მოინათლონ, რათა ეკკლესიას შეუერთდენ, რადგან ესე ვითარ შეცთომაში მყოფთა მიერ წმიდა სამების სახელით მიღებული ნათლისღება სწორე ნათლის ღება არ არის. არც უნდა შეირიცხოს ნათლისღების განმეორებად, რადგან, როგორც ვთქვით, ნამდვილად წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი. ხოლო ნესტორიანების მწვალებლობას ისევ მათი შეცდომილება აბრმავებს. ისინი წმიდა სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ მსგავსად ურიებისა, დაჟინებით უარს ჰყოფენ მხოლოდ შობილის ძის განხორციელებას. ამიტომ, როდესაც ისინი მოიქცევიან წმიდა კათოლიკე ეკკლესიისადმი, საჭიროა ასწავლოთ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება, რათა ირწმუნონ მტკიცედ, რომ ძე კაცისა, ღმერთი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ღვთაებით არს უწინარეს სოფლისა და იგივე განკაცდა ბოლო დროს, რადგან სიტყვა იგი ხორცშესხმულ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, რადგან, ვამბობთ, სიტყვა იგი რა განხორციელდა, არ შეიცვალა იმისაგან რაც იყო, არამედ მიიღო და გახდა ისიც, რაც არ იყო. საუკუნო მამის მხოლოდ შობილმა ძემ თავისი განხორციელების საიდუმლოით თავისი არსება კი არ დაამცირა, არამედ ჩვენი ბუნება აღამაღლა. ამიტომ სიტყვა და ხორცი ერთი და იგივე პირი არს, როგორც თვითვე სთქვა: „არ ვინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი იგი გარდამოხდა ზეცით, ძე კაცისა, რომელი არს ზეცათა შინა". იგივე ძე ღვთისა ზეცაში, იყო ძე კაცისა, რომელიც ლაპარაკობდა ქვეყანაზედ. რაისაგამო ამბობს იოვანე: „ვიცით რამეთუ ძე ღმრთისა მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ"; იქვე დასძენს, თუ რაბამი გონება მოგვცა: „რათა ვიცოდეთ ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი". ამ ადგილს რომელ ჭეშმარიტს ღმერთს გვაუწყებს იგი? ნუ თუ მარტო ყოვლის მპყრობელ მამას? აი რას უმატებს ძის ყოვლის მპყრობლობის შესახებაც: „და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესო ქრისტესი". ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი მამა, ჭეშმარიტი ძე მისი იესო ქრისტე. თუ ჭეშმარიტი ძე ვითარი არს, ცხადათ გვიჩვენებს თქმით:"ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრება საუკუნო" - ხოლო ნესტორის შეცდომილების მსგავსად, უკეთუ სხვა იყოს კაცი იესო ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტი კაცია, ცხადია, რომ აღარც ჭეშმარიტი ღმერთი და აღარც საუკუნო ცხოვრება იქმნება. მაგრამ მხოლოდ შობილი ძე სიტყვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შეიქმნა კაცი. ამიტომ ეს არს ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო ცხოვრება. ვინაიდგან, როდესაც წმიდა ქალწულს იგი მუცლად უნდა ეღო, თავისთან მოუბარ ანგელოზს უთხრა: „აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე, ვითარცა ამბობ". რა ჟამს მიუდგა და თავის ნათესავ ელისაბეთთან წარვიდა, მსწრაფლ იმავე ელისაბედისაგან გაიგონა: „ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?” ესრედ იგივე ქალწული იწოდების მხევლად და დედად უფლისა. მხევალია უფლისა, რადგან სიტყვა „მხოლოდ შობილი უწინარეს საუკუნეთა” თანასწორი არს მამისა. ხოლო დედა არს, რადგან მის საშოში მისივე ხორცისაგან სული წმიდის მოქმედებით განკაცდა. არც ისეა, რომ სხვისი იყოს მხევალი და სხვისი დედა, რადგან ღმრთის მხოლოდ შობილი, მყოფი უწინარეს სოფლისა, მის მუცლისაგან იშვა კაცი გამოუთქმელის სასწაულით; ამიტომ გახდა მხევალი კაცისა ღვთაების გამო და დედა სიტყვისა ხორცის გამო. ჯერ კი არ ჩაესახა ხორცი ქალწულის საშოში და შემდგომ ღვთაება კი არ მოვიდა ხორცთან, არამედ რა წამს სიტყვა მოვიდა მის საშოში, იმ წამსვე სიტყვა ხორციელ იქმნა, და თანავე დაიცვა თავისი ჭეშმარიტი ბუნების ყოველი თვისება. ესრეთ ძე ღვთისა მხოლოდ შობილი ქალწულის საშოსგან იშვა სრული კაცი, ესე იგი მქონე გონიერი სულისა და ხორცისა. ამიტომ ყოველთა უმეტეს ცხებულად იწოდების, ვითარცა იტყვის მეფსალმუნე: „გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელით", ესე იგი სული წმიდის ნიჭით: მაგრამ უმეტეს ყოველთა იცხო, რადგან ჩვენ კაცნი, ჯერ კაცნი ვართ ცოდვილნი, შემდგომ სული წმიდის ცხებით ვიწმინდებით. ხოლო იგი, რომელიც უწინარეს სოფლისა ღმერთია, ბოლო დროს სული წმიდის მიერ ქალწულის საშოში განკაცდა, მასშივე იცხო იმავე სულისაგან, როდესაც ჩაესახა. არც ისეა, რომ ჯერ ჩასახულ იყოს და მერმე ცხებულ. არამედ სული წმიდის თვით იმავე მოქმედებით, რომ ქალწულისაგან ხორცი შეისხა, იცხო სული წმიდისაგანვე. ამიტომ ვინც ნესტორის შეცდომილებისაგან მოიქცევიან, თქვენი წმიდა კრებულის წინაშე აღიარონ მისი ჭეშმარიტი შობა და შეაჩვენონ ნესტორი, მისნი მიმდევარნი და სხვა დანარჩენნი მწვალებელნი. ეგრეთვე შემოგპირდენ, რომ პატივსცემენ და შეიწყნარებენ იმ ყველა კრებათა, რომელსაც მსოფლიო ეკკლესია აღიარებს. შემდგომ თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესრეთი პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიაც არიან. განუბნიეთ მათ შეცთომილებანი და ასწავლეთ, ყველაფერი, რაც კი საჭიროა; სიტკბოებით მოეპყარით, ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ, რათა იგინი თავიანთი მტრის ხელისაგან დაიხსნათ. ეგოდნათ ყოვლის მპყრობელის უფლისაგან განიმრავლებთ საუკუნო დიდების სასყიდელს, რაოდნათაც უფრო მომეტებულად შემოჰკრებთ მათ, რათა თქვენთან სამარადისოდ ადიდონ უფალი. თქვენთვის ვევედრებით წმიდა სამებას, რათა თავისი მფარველობით დაგიცვასთ და თავისი სიყვარული არ მოგაკლოსთ„.
ამ წერილს თარიღი არა აქვს, როგორც ყველა წერილებს ამ პაპისას. ხოლო სხვა და სხვა გარემოებით ჩვენ საკმაოდ დავრწმუნდით, რომ წერილი უნდა გამოეგზავნა 596 წელში.
ამ წიგნის მომტანი, ცხადია, ქართველი უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოდგან წასულა და საქართველოშივე მობრუნებულა. აქიდგან სჩანს, რომ ძველადვე ჩვეულებად ჰქონიათ საქართველოდგან რომას წასვლა სალოცავად.
ეს წიგნი იმითიც შესანიშნავია, რომ საქართველოს კათალიკოსს სასულიერო კითხვების განსამარტებლად რომის პაპისათვის მიუმართავს და არა აღმოსავლეთის პატრიარქებისათვის. ესეც საკმაო საბუთია იმისი, რომ საქართველოს სარწმუნოების კითხვებში რომასთან უფრო კავშირი ჰქონია, ვიდრე ბერძნებთან. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ საქართველო როგორმე მონაწილეობას მიიღებდა ბერძნების იმ მრავლად შემოღებულ მვწალებლობაშიაც, რომელსაც ასახელებს წმიდა გიორგი მთაწმინდელი. გარნა ქათთველი მამები და მწერლები ერთპირად მოწმობენ, რომ საქართველოს ეკკლესიას არავითარი მწვალებლობა მიუღია და ქრისტეს სარწმუნოება უხრწნელად დაუცავსო. ამავე ნაირად, წმიდა გიორგი მთაწმინდელი მოწმობს, როგორც ზემოთ ვნახეთ, რომ ლათინებს არავითარი მწვალებლობა მიუღიათ და მათაც ქრისტეს სარწმუნოება უხრწნელად შეუნახავთო. ესრეთი სარწმუნოებრივი თანახმობა უნდა მიეწეროს ქართველთა და ლათინთ ხშირს კავშირსა და ურთიერთობას უკეთუ გავიხსენებთ იმასაც, რომ პაპმა სილიბისტრემ წმიდა ნინოს წერილი მოსწერა, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ესრეთი სულიერი ერთობა და კავშირი დაარსებულა საქართველოში ქრისტიანობის შემოღებისათანავე. ამიტომ, ვით რომის ეკკლესიას საქართველოს ეკკლესიასაც მიუღია წოდება წმ. კათოლიკე ეკკლესიისა.
|