ქართველი კათოლიკენი XIII-XVI საუკუნეში
(ისტორია კათოლიკოსობისა ქართველთა შორის)


1 2 3 4

წინასიტყვობა
ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XIV saუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში

ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში

რაც აქამდე ვნახეთ, იმის სრულიად წინაადმდეგ სურათს წარმოგვიდგენ XVI საუკუნე. ამ ხანში ვეღარ ვხედავთ, ვეღარც მისიონერებს, ვეღარც პაპების ხშირ საბუთებს საქართველოს შესახებ და ვეღარც იმდენ მგზავრს, როგორც უწინ. ამ საუკუნემ საქართველოს დიდი და მრავალგვარი უბედურება დაატეხა თავსა, იმავე დროს კათოლიკე სარწმუნოებაც შეფერხდა და თუ ერთიან ბოლო ვერ მოეღო საქართველოში, ძრიელ კი დასუსტდა. ყოველი ამის მიზეზი გახდა ოსმალების გაძლიერება, მათი ხშირად საქართველოზე გამოლაშქრება, მისი აკლება და გაოხრება, ბოლოსაც მათი აქ გაბატონება.
რა 1478 წ. მოკვდა ოსმალთა შეუპოვარი და დაუძინებელი მტერი, უზუნ-ჰასან შაჰი სპარსეთისა (ყვარყვარეს და გიორგის წერილებში ხსენებული ჰასანბეგ), მასთანვე ბოლო მოეღო ვენეციელების იმედს ოსმალებზე გამარჯვებისას. სანამ შაჰი ცოცხალი იყო, ვენეციელები კაცს კაცზე უგზავნიდენ და ჰპირდებოდენ ყოველ ნაირ შემწეობას, რათა მუდამ ეომნა ოსმალების წინაადმდეგ. შაჰის სიკვდილის შემდგომ, სპარსეთში ოსმალნი ვედარ ხედვენ მისებრ მამაც მთავარს, რომელიც გამკლავებოდა მათ საშინელ ძალას. თუ ამ გარემოებამ და თუ სხვა ამისმა მსგავსმა მოვლენამ ოსმალოს მთავრობა ძალზე გააძლიერა, გააქედმაღლა და ხელი შეუწყო, რომ ბატონობა ეპყრა არა თუ მარტო აღმოსავლეთში, არამედ თვით ევროპისათვისაც კი ხელი ჩაევლო. სწორეთ XVI საუკუნის განმავლობაში სულთანმან სულეიმან მეორემ და მისმა მერმინდელმა სულთნებმა, თუ ზღვით და თუ ხმელეთით, ხშირად იწყეს გალაშქრება ევროპაზე, მთელის დასავლეთის მთავრობანი შეაძრწუნეს, ევროპას ერთიანად გავერნება, ანუ გამაჰმადიანება დაუპირეს და გადასწყვიტეს რომის წმიდა პეტრეს ეკკლესია ბოსლად გადაექციათ.
სწორედ ამ თავზარ დამცემმა გარემოებამ შეუკრა უწინდელი თავისუფალი გზა საქართველოსი და სპარსეთისა არა მარტო ევროპის მისიონერებს და ელჩებს, არამედ თითქმის ყველა მათ ვაჭრებსაც. ოსმალოს ფაშები თავიანთ საზღვრებზე ძრიელ ფრთხილად იყვნენ, რათა ევროპელები არავინ გამოეშვათ, და თუ ვინმე როგორმე გამოეპარებოდათ, მაშინვე კაცებს გამოადევნებდენ უკან, რათა ან დაეტყვევებინათ, ან მოეკლათ. ამიტომ იმ საუკუნეში ძრიელ ცოტა ევროპელს ვხედავთ აქეთკენ წამოსულს.
იმ საუკუნის კათოლიკების შესახებ მასალა დიდი არაფერი გვაქვს ხელში, რადგან ოსმალებმა იმ დროების პირველ წლებში საქართველოში თავიანთი ხშირი შემოსევით და ბოლოს თავიანთი აქ გაბატონებით ძრიელ დიდად ავნეს კათოლიკობასაც. საქართველოს გზა ერთიან შეუკრეს ევროპის მისიონებს, იმ ზომამდე, რომ მთელის ამ საუკუნის განმავლობაში ვერც ერთ მისიონერს ვეღარ ვხედავთ საქართველოში. ამის შესახებ შესანიშნავი მოწმობა გვაქვს როტიე ბელგიელისა, რომელმაც თავისი მოხსენება წარუდგინა რომის პროპაგანდას საქართველოს ქრისტიანების შესახებ. იგი, სხვათა შორის, ამბობს. „თუ სპარსელები და თუ ოსმალები ხშირ-ხშირად ესეოდენ საქართველოს ჩვენ დრომდე, აოხრებდენ ქვეყანას და ხოცავდენ ხალხს, ბევრ გზის და დიდის ხნობით დასტოვეს ეს ერი (ქართველი კათოლიკები) მოკლებული თავიანთ მწყემსებს და იმ მცირე რიცხვმა კათოლიკეთა, რომელნიც ლათინის ეკკლესიის მორწმუნედ დარჩნენ, სარწმუნოებაში შეურყევლად გასძლეს თავიანთისავე ერის კაცთა წვრთნა-დარიგების მეოხებით; იმათ თავიანთი სარწმუნოება ამნაირი საშუალებით დაიცვეს ზოგჯერ მრთელის ერთი საუკუნის განმავლობაში, ისე, რომ თავიანთ კათოლიკე მოძღვართ ერთსაც ვერ ნახავდენ ხოლმე, რომელთაც შესძლებოდათ მათი განმტკიცება სარწმუნოებაში. ...გორში აქვსთ მეთხუთხმეტე საუკუნის საბუთები სახლების ნასყიდობისა1. სხვათა შორის შესანიშნავია ისიც, რომ ტფილისის ქუჩას უწინ ფრანგების ქუჩა რქმევია. იქ დღესაც ვხედავთ ერთის წისქვილის ახლოს ნანგრევებსა, რომელთა შორის მოიპოება ერთი დიდი ქვა, რაზედაც იქაური მცხოვრებნი სანთლებს ანთებენ და ლოცულობენ, როდესაც მათ აცივ-აცხელებსთ.
ამბობენ, რომ იმ ადგილს აშენებული იყო კათოლიკების ეკკლესიაო, რომელშიაც იყვნენ გენუელი (ჯენველი) პატრები და რომელიც ოსმალებმა მთლათ გაანადგურესო”.
რა შემოვიდენ ოსმალები საქართველოში მართლმადიდებელთ ეკკლესიბთან ერთად კათოლიკების ეკკლესიებსაც ანგრევდენ და ლათინის მღვდლებს უწყალოდ ხოცავდენ, უფროსი ერთად იმიტომ, რომ ევროპაში ოსმალების უწყალო მოქმედების ამბის წამღები აღარავინ ყოფილიყო და ქართველებს ქრისტიანობაში გამძლეობაზე შემაგულიანებელი აღარავინ ჰყოლოდათ. უფრო ადვილად რომ გაემააშადიანებინათ, ამ გვარად კათოლიკენი მთლად უმწყემსოდ დასტოვეს და საქართველოში ფეხი ამოაკვეთინეს ევროპის ყველა მისიონერებს. მისიონების მოსპობას მოწმობს ეგრეთვე პორტუგალელი სპარსეთში მისიონერად ნამყოფი ანტონიო გოვეა.
ოსმალების ამ ნაირმა უწყალო მოქმედებამ მაინც ვერ აღმოფხვრა ქართველთ ერისა და მთავრების გულში ქრისტიანების სიყვარული, კათოლიკობისადმი მიდრეკილებმა და რომის ეკკლესიის მიმართ ერთგულება. ამას საკმაოდ გვიმტკიცებს შემდეგი სამი საბუთი, რომელიც მოგვეპოება ამ საუკუნის შესახებ.
პირველი საბუთი პაპის პავლე მესამის წერილია, გაგზავნილი ლუარსაბ საქართველოს მეფესთან და მეორე მეფეებთან.

„პავლე მესამე. ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელს შვილს ლუარსაბს, ქართველთ ქალაქებისა და სამეფოს ბრწყინვალე მეფეს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. ბევრი სარწმუნო მოხსენებიდგან შევიტყეთ, რომ თუმცა ძრიელ შორსა ხართ, მაგრამ რომის ეკკლესიას სიყვარულით პატივს სცემთ და გულმხურვალედ აღიარებთ მას ყველა ეკკლესიების თავად, ეგრეთვე ქრისტეს ნაცვლად და მოციქულთა მთავრის წმიდა პეტრეს მოსაყდრედ გვცნობთ თუ ჩვენ და თუ რომის ეკკლესიის სხვა ჩვენ წინამოსაყდრე მწყემსებს. მსგავსადვე თქვენისა ესევე სწამსთ ქრისტეს მიერ საყვარელ შვილთ თქვენ მეზობლებს პატირაქ ქოქათისას (ბაგრატ ქუთაისის მეფე), ლეონ ძაგამისას (ავ-გიორგისძე ლევან კახეთის მეფე) და გორგორა ხელციხელს (ყვარყვარე ახალციხელი ქართველთა ქალაქთა და სამეფოთ ბრწყინვალე მეფეთა ეს რა ვსცანით დიდათ განვიხარეთ უფლისადმი და მის უზენაესობას მადლობა შევსწირეთ, რომ წმიდა ემბაზში განათლებულის ქრისტეს სარწმუნოების აღსარებაში ეგოდენ ხნიდგან მტკიცედ დაუცევხართ და კვალად გიცავსთ თქვენ ოთხ უდიდეს მეფეთ, ვითარცა ქრისტეს სარწმუნოების უძლიერეს გმირთა ეგოდენ ურწმუნოთა შორის, რომლებისაგანაც ყველა მხრით გარემოცული ხართ. უწყოდეთ, ფრიად საყვარელნო შვილნო, რომ თვით იმავე მეფეთა მეუფემ და უფალთ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელმაც მოგანიჭათ ეგ სამთავრონი, სწორეთ მანვე ჩააწვეთა თქვენს გულში ამ სარწმუნოების ნათელი, რათა გეცნათ წმიდა პეტრესი და რომის ეკკლესიის უპირატესობა. რადგან თვით მან, რომელ არს მღვდელი უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისა, რომელსაც მოსცა მამამან ხელთა მისთა ყოველი და დაუქვევრდომა ფერხთა მისთა ცა და ქვეყანა, თვით მან დაადგინა ნათესავთა და მთავართა ზედა რომის ეკკლესიის და სამოციქულო საყდრის უმწვერვალესი მღვდელთ-მთავარი, რომელიც განაწესა თავის მონაცვლედ წმიდა პეტრეს მიერ, რათა აღმოფხვრას, დაამხოს, განაბნიოს და გაჰფანტოს ყველა, რაც კი იმავე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა სარწმუნოების წინაადმდეგია და ასე, თუ ისე ავნებს მისსავე მორწმუნეთა საუკუნო ცხოვრებას; ეგრეთვე მოსცა მას, რათა აღაშენოს და დანერგოს ყოველი, რაც კი ადამის შვილთა ცხონებას შეეხება და 1 ხსენებული საბუთები დღეს მთლად დაკარგულია უფლისავე ჩაგონებით შეუერთოს მის სამწყსოს თავისის პატიოსანის სისხლით დახსნილი ის ცხოვარნიც, რომელთაც ამ უმწვერვალესის მწყემსის მზრუნველობა მოაკლდათ უფრო ადგილის სიშორის გამო, ვიდრე მათი გულგრილობის მიზეზით. ქრისტეს ამ ერთად ერთ სამწყსოში ვნატრობთ თუ თქვენს და სხვათა ქართველთ მეფეების შემოსვლას თუ თქვენისა და თუ მათისა და მთელის თქვენი ერის სულის საცხონებლად. ამიტომ, რაოდნათაც კი ძალგვიძს, უფლისა მიერ შეგაგულიანებთ, რათა, როგორათაც ერთი ღმერთია და ეთთი ნათლისღება, ესრედვე ჩვენი ყველას სარწმუნოება ერთი იყოს ქრისტეს სამწყსოსა და წმიდა დედა კათოლიკე ეკკლესიის ერთობაში, რათა ჩვენის შემწეობით ადვილათ ეწიოთ ამ ბედნიერებას. როგორც შვენის კეთილ მამასა და მწყემსსა, ღმერთს დიდს მადლობას ვწირავთ ამ შემთხვევის მოცემისათვის, რომ ჩვენის წერილით ყველას გამოგიცხადოთ ჩვენი მამობრივი სიყვარული ჩვენთა საყვარელთა დომინიკესა და ბაპტისტის გულ მხურვალე ქვეშევრდომობის საშუალებით, რომელ არიან წმიდა დომინიკეს წესისა დიდი სომხეთის ქალაქ ნახჩევნიდგან. როგორც შევიტყეთ, ბაპტისტა თქვენი ბრწყინვალების ნაცნობი და საყვარელი მეგობარი ყოფილა, როგორც მისივე წესის სხვა მამებიც, რომლებიც თქვენს სამფლობელო ქალაქში ღვთის მსახურებას ასრულებენ. რა ბრუნდებოდენ თავიანთ სამშობლოში ვუბრძანეთ, მოგართვან ჩვენი წერილი და მასთანვე ჩვენი მოციქულებრივი კურთხევაც, რომელსაც, მინდობილნი ყოვლის მპყრობელ ღმერთსა და წმიდათა მოციქულთა პეტრესა და პავლეს შეძლებაზე, განიჭებთ თქვენ, სხვა ქართველთ მეფეთა და მთელს თქვენს ერს. ამავე წერილით უფლისა მიერ შევაგულიანებთ თქვენს ხელმწიფებას და ვთხოვთ, რათა შვილებრივის გულმოდგინებით მიიღოთ ჩვენი კეთილი სურვილი და ჩვენი სასარგებლო ჩაგონება; ეგრეთვე, რათა გულკეთილად უსმინოთ დომინიკეს და ბიპტისტას და მიიღოთ სარწმუნოდ ყველა მათი სიტყვა თქვენისა და თქვენი ერის საუკუნო ცხოვრებისათვის. დასასრულ, როგორათაც იქცევიან სხვა ქრისტიანე მეფე და მთავრები, ეგრეთვე თქვენც იმავე სულთა ცხონებისა და წმიდა პეტრეს პატივისათვის წარმოგზავნეთ ჩვენთან თქვენი ორატორები (ელჩები), რომლებას საშუალებითაც თუ თქვენი თავი და თუ მთელი თქვენი ერი რომის წმიდა მსოფლიო ეკკლესიას და მის მწყემსს მოუძღვენით გულ მხურვალებით და მის შვილებად გამოცხადდით. ამავე ნაირად შეაგულიანეთ ზემოხსენებული თქვენი მეზობელი, სამი დანარჩენი ქართველთა მეფენიც, რათა მათაც თქვენ ორატორებთან ერთად გამოგზავნონ თავიანთი ორატორებიც, მათი საშუალებით მიუძღვნან თავიანთი მორჩილება რომის მსოფლიო ეკკლესიას და ჩვენ, მის მწყემსსა. უკეთუ თქვენც საჭიროდ დაინახოთ, სხვა მეფეთაც გაუგზავნეთ ამ წერილის თითო პირი. თქვენს ორატორებს მამობრივის გულკეთილობით მივიღებთ ჩვენის მხრითაც. შემდგომ ღვთის შეწევნით წარმოგივლენთ ჩვენს ნუნციებსაც (ელჩებს), რომელთა საშუალებითაც მიიღებთ ყველა საჭირო სწავლას, რათა უშიშრად საუკუნო ცხოვრების გზით მოიპოვოთ ზეციერი სასუფეველი, რაისგამო თქვენის ნატვრისა მებრ, განიჭებთ უფლისამიერ ნიჭთა, განსაკუთრებულ წყალობათა და სულიერ ძღვენთა, რაოდენის შეძენაც კი შეგიძლიათ უფლის შემწეობით, რათა უფრო გაგიადვილდესთ სულის ცხონება და შემდგომ დაიმკვიდროთ ზეციერი სუფევა, რომლის ღირსიც გყოსთ საუკუნოდ კურთხეულმა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან. რომით, 1545 წ. ივნისის 1, მღვდელმთავრობის მეთერთმეტე წელსა.
როგორც სჩანს, დომინიკე და ბაპტისტა ლუარსაბ მეფეს განგებ გაუგზავნია პაპთან, ან თუ განგებ არ გაუგზავნია, წერილი გაუტანებია მათთვის, ანუ პირად დაუბარებია პაპთან, რომელიც პასუხს აძლევს, რადგან პაპი წერილში ამბობს:

„თქვენი სურვილისავებრო".
წერილი, სხვათაშორის, იმითიც არის ყურადსაღები, რომ პირველად გვესმის საქართველოში სომეხ-უნითორის ბერების სახელი. ზემო სამს თავში ვნახეთ, რომ 1230 მოკიდებული ვიდრე 1500 წ. უკლებლივ იყვნენ ევროპელი დომინიკიანების და ფრანჩისკიანების წესის მისიონერები და მათისავე გვარის ეპისკოპოსები. ზემოდ განხილულ სამ საუკუნეთა განმავლობაში ვერც ერთი კვალი, ან ნიშანი ვერ ვპოვეთ საქართველოში სომეხ-უნითორის ბერების ყოფისა ევროპელებთან ერთად, ანუ ცალკე აქაურის ერის გასაკათოლიკებლად. ხოლო აწ თუ ვხედავთ ამათ საქართველოში, ესეც საკმაოდ ამტკიცებს იმას, რაც ამის ზემოდ ვთქვით, ესე იგი იმას, რომ ოსმალების გაძლიერებამ და უღმრთოებამ ისე ერთიან მოუსპო გზა და ყოველგვარი მისვლა-მოსვლა XVI საუკუნეში ევროპელ მისიონერებს საქართველოსთან, რომ მათგან ერთსაც ვეღარ ვხედავთ აქ, რაისგამო შემთხვევა და მიზეზი მისცემიათ სომეხ-უნითორ ბერებს საქართველოში შემოსულიყვნენ და მათი ადგილი დაეჭირათ.
სამწუხაროდ არ ვიცით, თუ ეს უნითორები ნახჩევნიდგან XVI საუკუნის რომელს წელს შემოსულან საქართველოს. ხოლო ადვილად საფიქრებელია, რომ ისინი მოეწვიოთ საქართველოს კათოლიკეებს მაშინვე, როდესაც შემოაკლდათ ევროპელი მისიონერები, ან და, შეიძლება, ისიც იყოს, რომ ევროპელმა დომინიკიანებმა როდესაც საქართველოს შემოსვლა ვეღარ შეიძლეს, მათ მიანდეს თავიანთი ერის, საქართველოს კათოლიკეების, დროებით მოვლა-პატრონობა. გარნა მათ არხივებში ამის შესახებ არა ვითარი საბუთი შეგვხვედრია.
როგორც ჩანს, ლუარსაბ მეფეს პაპთან, თავის თხოვნის მებრ, ორატორი (ელჩი) გაუგზავნია, რადგან წერილის გაგზავნის ერთის წლის შემდგომ, პაპი საქართველოს მეფეებთან თავის ნუნციოს ჰგზავნის. ხსენებულ წერილში პაპი მეფეს უთვლიდა „როდესაც თქვენი ორატორები მოვლენ, მაშინ ჩვენს ნუნციოსაც გამოგიგზავნითო.” თუმცა საქართველოთგან წასულის ორატორებისა არავითარი საბუთი გაქვს, მაგრამ პაპის ნუნციოს გაგზავნა, ვგონებთ, საკმაოდ დამამტკიცებელია მისი, რომ ორატორებიც ყოფილან გაგზავნილი.
პაპის ნუნციო არის ნახჩევნის ეპისკოპოსი სტეფანე. საზოგადოდ ხმარებული წესია, რომ პაპი, როგორც უწინ, ისე ახლა, ყველგან თავის ნუნციოდ ჰგზავნის მუდამ ევროპელს და უფროსი ერთად თავისტომისას, იტალიელს. აი ეს გარემოებაც გვიმტკიცებს, რომ იმ დროს საქართველოში ევროპელის შემოსვლა ძრიელ ძნელი ყოფილა. ამიტომ პაპი თავის ნუნციოდ სომეხს ჰგზავნის და არა იტალიელს. ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ სომხებს ევროპაში მისვლა- მოსვლისათვის, ოსმალების მხრით, არაფერი აბრკოლებდა, ამიტომ ზოგჯერ თვით იტალიელი ვაჭრებიც სომხის სახელით და ტანისამოსით მგზავრობდენ აქეთკენ.
მოგვყავს პაპის წერილი ხსენებული ნუნციოს დანიშვნის შესახებ.

„პაპი პავლე მესამე. პატივცემულს ძმას სტეფანეს ნახჩევნის არქიეპისკოპოსს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა... აწ, ვითარცა, თუ თქვენი და თუ სხვა სარწმუნო მოხსენებიდან ვსცანით, რომ ქრისტესმიერ ჩვენი საყვარელი შვილი ლუარსაბ, ბაგრატ ქუთათელი, ლეონ ძანგამელი და ყვარყვარე ახალციხელი2 ქართველთა სამთავროთა ბრწყინვალე მეფენი, სულიწმიდის მადლის ჩაგონებით, აღიარებენ ყველა ეკკლესიების თავად რომის წმიდა ეკკლესიას და ჩვენც და ყველა ჩვენს წინა მოსაყდრეთ რომის მღვდელმთავრებს გულმხურვალებით და პატივისცემით გვრაცხვენ იესო ქრისტეს მონაცვლედ და მოციქულთა მთავრის წმიდა პეტრეს მოსაყდრედ; გულით მოწადინებულნი არიან მრთლად თავისის ერითურთ მიიღონ წმიდა კათოლიკე სარწმუნოება რომის ეკკლესიის დოგმატების თანახმად, როგორათაც თუ თქვენის ქადაგებით და თუ სხვა დომინიკიანების წესის ძმათა ქადაგებით და ღვთის შემწეობით მოგიმზადებიათ ამისათვის. ეგრეთვე თავიანთის გარდაწყვეტილების დასამტკიცებლად, ქრისტეს სარწმუნოების აღსარებისა და მისი ამაღლების ნიშნად, თავიანთ სამეფოებში დაუწყვიათ ეკკლესიების და მონასტრების აშენება ღვთის სახელის საქებ-სადიდებლად. იმ სამთავროებში რომ გაიგზავნებოდენ, იმისთანა პირნი, რომელთაც შეეძლოსთ სიყვარულის და კათოლიკე სარწმუნოების შთანერგვა მეფეთა და ერთა გულში და მოფენა სახარების მოძღვრებისა, უეჭველად და დიდის სიადვილით 2 არ ვუწყით თუ რათ არის აქ ყვარყვარე ხსენებული, რადგან ამ დროს ის ცოცხალი აღარ იყო, მისი შვილი ქაიხოსრო მთავრობდა. ჰგავს პაპს ეს მოხსენება მის სიკვდილამდე მისვლია შეუერთდებოდენ ისინი რომის ეკკლესიას და მოიღებდენ უხვად სულიერს ნაყოფს, რაიცა შეიქმნება დიდათ სანუგეშო სხვა ქრისტიანე მორწმუნეთათვის. ვინაიდგან დიდათ მონატრე ვართ უფლის აგარაკის გამშვენებისა და ყოველ მხრივ მისთა ცხოვართა გამრავლებისა და გვნებავს იმ მეფეთა და ერთა კეთილის წადილის აღსრულება და შეწევნა, ეგრეთვე პატივით და ნიჭით დაჯილდოება თქვენიც, ამიტომ ჩვენის სრულის ნებით და არა თქვენის, ანუ სხვების თხოვნით, ჩვენის გულ მოწყალებით გნიშნავთ თქვენ, იმავე წესის მონაზონს, ჩვენს და სამოციქულო საყდრის ნუნციოდ და ორატორად და გგზავნით ხსენებულ მეფეებთან და მათ თვითეულს სამთავროსა და სამფლობელოში; ეგრეთვე ამ წერილის ძალით განიჭებთ იმ ყველა პრივილეგიათა და სიმართლეთა, რომელნიც კანონის მიერ, ანუ ჩვეულებით აქვთ და ექმნებათ მომავალში ყველა ჩვენსა და სამოციქულო საყდრის ნუნციებს და ორატორებს, ვიდრე ჩვენი და ამ სამოციქულო საყდრის სურვილია.... რომით, 1546 წ. იანისის 30, მღვდელთ-მთავრობის მეთორმეტე წელსა.
რადგან იმ დროის ყველა საბუთები ხელში არა გვაქვს, არ ვიცით, თუ რა მოხდა ხსენებული სტეფანე ნახჩევნელის არქიეპისკოპოსის საქართველოდ დაბრუნების შემდგომ. ხოლო ის კი შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ საუკუნეში სომეხ- უნითორი ბერების მისიონი საქართველოში დიდხანს არ გაგრძელებულა, ისევ მალე, იმავე საუკუნეში დამცხრალა, რადგან მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში და შაჰ-აბაზის მიერ საქართველოს აოხრების წინ მათი აღარაფერი კვალი სჩანს: 1613 წ. და 1616 წ. საქართველოში მოვიდენ ევროპიიდგან ლათინის პატრები პატრი გვილელმო პორტუგალელი, პატრი ივანე თადეოზი კარმელიტანი და პატრი პავლე მარია ფაიანცელი, მაგრამ ვერავითარი კვალი ჰპოეს სომეხ-უნითორების მისიონისა, თუმცა ამ დროს სომხის ბერები საკმაოდ ბლომად იყვნენ ნახჩევანში. თუ ეს და თუ სხვა გარემოებანი გვიჩვენებენ, რომ სომხის ბერების მისიონი საქართველოში შემთხვევითად მარტო იმ დროს ყოფილა, როდესაც ევროპელები ვეღარ მოდიოდენ აქ. ამის გამო ისევ მალე მოსპობილა ევროპელთა მოსვლამდე.
ის კი ცხადია, რომ, როგორც კათოლიკე მისიონი ამ საუკუნის დამლვეს მისუსტდა და ერთიანად შესწყდა, ისე არ მისუსტებულა და არც შეწყვეტილა საქართველოს მეფეების მიდრეკილება და ერთგულება რომის ეკკლესიისადმი, არამედ მუდამ და შეუწყვეტლივ გაგრძელებულა. ამას ნათლად გვიჩვენებს მეფის სიმონ პირველის მიერ პაპთან მიწერილი წიგნი, რომელიც ერთ ძველ მწერალს ისტორიაში ჩაურთავს ლათინურად და ამნაირად საუკუნო დაღუპვისაკან გადურჩენია, რადგან მისი ნამდვილი პირი არხივებში აღარ მოიპოება. ამიტომ ჩვენც სრულიად მოვიყვანთ აქ სიმონის წერილს.
„სიმონ, წყალობითა ღვთისათა, ქართველთა მეფე სრულიად ივერიისა და აღმოსავლეთისა. ყოვლად მაღალს, დიდად ბედნიერს, ყოვლად წმიდა და ნეტარს ჩვენს ბატონს, ჩვენს წმიდა მამას პაპსა, რომელიც ხართ ოქროს ნაღარა დიდის რომისა, ღვთის მიერ ჩაგონებულო ორღანო, პეტრეო მსაჯულო და ზეცის სუფევის კლიტეთა მქონებელო, პავლეო ნათესავთა მოძღვარო, რომელიც ამაღლდა მესამე ცამდე და მოისმინა კაცთაგან გამოუთქმელი სიტყვანი; მქადაგო ყოვლისა ქვეყნისა, მნათობო ეკკლესიათა, საცა იპოებიან საფლავნი და წმიდა ნაწილნი მოციქულთანი; მფლობელო კათოლიკე ეკკლესიისა, მმართველო დიდისა და განთქმულის რომისა, მზეო მთელის დასავლეთის მანათობელო, უდიდესო მთავარო, რომის პაპო, ვითარცა სილიბისტრე წინასწარმეტყველო მეფეთა, ბატონო მფლობელო, სულიერო მამაო, უწმიდესო პაპო, დაბლად მუხლ მოდრეკილი ვეამბორებით თქვენს წმიდა მარჯვენასა. კურთხეულ იყოს მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა ყოვლად წმიდა უბიწო ღვთისმშობილისათანა. მივიღეთ თქვენი უწმიდესი და პატიოსანი წერილი, რომელიც მოგვიტანა ეჩმიაწინელმა ტერ იაკობმა, დიდის სკვიტის პროკურატორმა. რადგან მისი წაკითხვა არ შეგვეძლო, მანვე პირად მოგვითხრა, რაიც დიდათ სათნო გვეყო. განუზომელად განვიხარეთ თქვენის უპატიოსნესობისა და წმიდა მეუფების გამო, რომ ხართ მეფეთა სამკაული, გამარჯვება და დიდება; რაის გამო დიდათ გულნებიერი მადლობა შევსწირეთ ყოვლის მპყრობელ ღმერთსა, დედოფალსა ჩვენსა ღვთის მშობელსა ქალწულს შარიამსა და ცხოველმყოფელსა ჯვარსა. ინებოს და მოგვანიჭოს ყოვლად ძლიერმა ღმერთმა ჩვენ და ყოველ ქრისტიანეთა უდიდესი ძლიერება და მრავალი გამარჯვება უსჯულო აგარიანთა ზედა; ეგრეთვე თუ ჩვენ და თუ ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანეთ აღგვიმატოს იმედი, ნუგეშინისცემა და დიდება და არცხვინოს იგინი, რომელნიც არ აღიარებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებასა. ვევედრებით ყოვლად სახიერ ღმერთსა, დაიცვას თქვენი უწმინდესობის დიდი საბრძანებელი და თქვენის წმიდა ლოცვით ჩვენც გვიხსნას მტერთა უსამართლობისაგან.
„ეგრეთვე ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ ნეტარმა მამა ჩემმა, წმიდა მეფე ლუარსაბმა, როგორც შეიტყობდა თქვენი სიწმიდეცა, სარწმუნოებისათვის გვირგვინი მიიღო ღვთისაგან, ვინაიდგან იესო ქრისტეს სიყვარულის გამო მოიკლა ბრძოლაში უსჯულოთა აგარიანთაგან, მან ირჩია თავისი სისხლის დაღვრა და წამება, ვიდრე მათი ბოროტი ნების ასრულება. ამის შემდგომ, ღვთის შეწევნით, ჩვენ მივიღეთ ტახტი ჩვენის მამისა და მას აქეთ დღე და ღამე არ მოგვისვენია არაოდეს ომისაგან თვით ავდრებშიაც კი. რა ბრძოლა, შეწუხება და გაჭირვება არ გამოვიარეთ ქრისტეს სიყვარულისათვის; დავწყლულდით ომში, .ტყვედ დაგვიჭირეს სპარსელებმა და ჩაგვაგდეს საპყრობილეში. გარნა ღვთის ნებით და შემწეობით, ეგრეთვე თქვენის ლოცვითა, გავთავისუფლდით ტყვეობისაგან დ კვალად აღვედით ჩვენს ტახტზე და ხელახლავ დავიწყეთ ომი; მრავალ გზის შევებით ოთმანებს. ვგონებთ, თქვენც შეიტყობდით, რაოდენი შეწუხება და ტანჯვა გამოვიარეთ? მაგრამ მაინც გული არ გავიტეხეთ. ჩემ თავს გავსწირავ ერთიანად და ეგრეთვე ჩემს ქორფა შვილსაც; დავღვრი ჩემს სისხლსა ვიდრე უკანასკნელ წვეთამდე ჯვარცმულის იესო ქრისტეს და ღვთის სიყვარულისათვის; ვიდრე პირში სული მიდგია, ხელს არ ავიღებ ოსმალების წინაღადეგ ომზე და არაოდეს უქმად ვყოფ იმ დაუფასებელ სისხლსა, რომელიც იესო ქრისტემ დაღვარა ჩემთვის. აწ, ყოვლად უწმიდესო ბატონო, რადგან ყველა ქრისტიანების თავი ხართ და ყველაფერი თქვენს ხელშია, მოეცით ძალა და შეწევნა ქრისტიანეთა ერთა და დაიხსენით; ღმერთი სამაგიეროდ მოგაგებსთ ზეციერ სასუფეველსა. ვიდრე ცოცხალ ვართ, ღვთის შეწევნით და თქვენის წმიდა ლოცვის ძალით, არაოდეს აღვასრულებთ აგარიანთ ნებას. მაგრამ არ ვიცით მომავალში რა მოგველის და რა იქმნება. ამიტომ ვშიშობთ, სახიერება სირეგვნედ არ გარდაიქცეს და უსჯულოებაში არ ჩავცვივდეთ. ამიტომ მოვახსენებ თქვენს უწმიდესობას, შეეწიეთ, უყავთ წყალობა ქრისტიანებს და დაიხსენით უსჯულოთა ხელთაგან. გევედრები და გთხოვ, თქვენს წმიდა ლოცვებში ნურასდროს დაგვივიწყებთ. ეგრეთვე ნუ დაივიწყებთ ჩვენთან მოწერას, რათა ვიცოდეთ თქვენი და თქვენის კეთილის ქრისტიანე ერის კარგი ამბავი. ჩვენი გულის ყველა ნატვრას მღვდელი ტერ იაკობ მოახსენებს თქვენს სიწმიდესა. თქვენი წმიდა ლოცვა იყოს მარადის ჩვენთან. სულით და გულით თქვენი მეგობარი. ამინ. წელსა 7104, ქრისტეს აქეთ 1546, 9 ინდიქტიონსა".

რადგან სიმონ მეფის მიწერ-მოწერის შესახებ სხვა ცნობები არა გვაქვს, ამიტომ არ ვიცით, თუ ვინ არის აქ დასახელებული ტერ იაკობ. ჩვენის აზრით, იგი არ უნდა იყოს სომეხ-უნითორების ბერი. რადგან მისი სახელი, ადგილი და ტიტული საკმაოდ ასხვავებს მას უნი-თორებისგან. ტერ იაკობის მიერ სიმონ მეფესთან მიტანილი პაპის წიგნი ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.
ეტყობა ისიც საუკუნოდ დაღუპულა ჩვენთვის. ამ წერილის თარიღი უეჭველია, შეშლილია: ჰგავს გადამთარგმნელ-გადამბეჭდველს სწორედ ვერ გადუღია. თვით წერილიდგანვე მტკიცდება, რომ წერილი გაგზავნილია სიმონის გამეფების და მისი სპარსეთის ტყვეობიდგან დაბრუნების შემდგომ და ოსმალების მიერ მისი დატყვევების წინეთ; ამიტომ, ჩვენის აზრით, უნდა იყოს მიწერილი 1504-1596 წლებში.
ეს წერილი საკმაოდ გვიჩვენებს სიმონ მეფის კათოლიკობას, რადგან ასეთი გრძნობით, პატივით, სიყვარულით და სარწმუნოებით სავსე წერილს, ვგონებთ, თვით დასავლეთის კათოლიკე მეფეებიც ძნელად მისწერდენ პაპს. ეგრეთვე წერილიც ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი ერთგული კავშირი და ხშირი მიწერ- მოწერა ყოფილა გამართული პაპსა და საქართველოს მთავრებს შუა.
ამ თავით ვასრულებთ ქართველი კათოლიკების ძველ დროს, რომელსაც შეადგენს ოთხი საუკუნე, დაწყებული 1224-დან ვიდრე 1600-დე. აზრად გვქონდა წარმოგვედგინა უტყუარი საბუთები წინააღმდეგ იმ აზრისა, რომელიც გავრცელდა საქართველოში და რომელიც უარს ჰყოფს ქართველი კათოლიკების არსებობას. ამნაირი აზრის წინააღმდეგ, ჭეშმარიტების აღსადგენად, არ გამოვუდექით უბრალო, უსაფუძვლო ლაპარაკს და ზღაპრული ისტორიების მოთხრობას, არამედ მოვიყვანეთ არხივებიდგან გამოკრებილი უტყუარი საბუთები, რომელთა გასაცრუებლად ცდა ჭეშმარიტების უარის ყოფა იქმნება.
შემდეგ თავებშიაც ვეცდებით მოვიყვანოთ ეგრეთი საფუძვლიანი საბუთები, როგორც მოითხოვს ესეთის უარყოფილის ჭეშმარიტების აღდგენა.
ვგონებთ, უადგილო არ იყოს, აქ მოვიყვანოთ ის შესანიშნავი სტატია, რომელიც 1899 წ. „პეტერბურგის უწყებაში” დაბეჭდა ჩვენმა ნიჭიერმა და დაუღალავმა პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა. წერილი რადგან ვრცელია, მარტო მის უმთავრეს აზრებს მოკლედ მოიყვანთ აქ.

„20 წელიწადი იქნება, სწერს პატივცემული პროფესორი, რაც ქართველთ კათოლიკების კითხვას შეეხნენ და ძლიერ აჩქარებულად და უსაფუძვლოდ გადასწყვიტეს, რომ კათოლიკები, რომლებსაც ენა და სახელი ქართული აქვსთ, ეკუთვნიან სომხის გვარს და არა ქართველობის ჩამომავლობასაო. ამნაირმა ბიუროკრატულმა გარდაწყვეტილებამ არავინ დააკმაყოფილა, არამედ უფრო აღაშფოთა ქართველი კათოლიკები და თვით მართლმადიდებელი ქართველებიც, რომლებსაც შორეული ნათესაობით ერთი და იგივე სახელი და გვარი აქვსთ. მართლადაც, შეუძლებელია, რომ სომხად შეირაცხოს, მაგალითად, ახალციხელი კათოლიკე გვარამაძე, როდესაც მისი გვარი ნამდვილი ქართულია და მისი გვარის კაცნი ერთიან მართლმადიდებელ ქართველებს ეკუთვნიან. შეუძლებელია, სარწმუნოების გამოცვლამ კაცს თავისი ერობრივი წამომავლობა დააკარგვინოს. უკეთუ არიან იმისთანა კათოლიკენი, რომლების ჩამომავლობა, ენა, გვარი და სახელი ნამდვილი ქართულია და ეგრეთვე აქვსთ ნათესაობა მართლმადიდებელ ქართველებთან, მაშინ მის გამორკვევას უნდა ვეცადოთ ისტორიული ფაქტებით და არა სხვა რაიმე აზრებით.
„საქართველოში მუდამ თავისუფლება იყო სხვა და სხვა სარწმუნოების აღსარებისა. მთავრობა არა თუ უშლიდა, არამედ განურჩევლად ყველას მფარველობდა და შემწეობას აძლევდა. ეს იყო მიზეზი, რომ სომეხ-გრიგორიანებმა მართლმადიდებელ ქართველებში გაავრცელეს თავიანთი სარწმუნოება, რაოდნათაც კი შეეძლოთ. XIII საუკუნეში პირველად მოვიდენ მისიონერები, სწორედ იმ დროს, როდესაც მუღალთაგან აოხრებული საქართველო ორ სამეფოდ გაიყო. სამცხე-საათაბაგოში მოაქციეს კათოლიკობაზე მართლმადიდებელი ქართველები. ამას ხელი შეუწყო საქართველოს დაუძლურებამ და მისმა ორად გაყოფამ. შემდეგში ფაშემაც აღმოუჩინეს მისიონერებს მფარველობა და შემწეობა ქართველებში კათოლიკობის გასავრცელებლად. პაპმაც ნება მისცა ერს, რომ ქართულად შეესრულებინათ წირვა-ლოცვა. XIII საუკუნიდგან იწყება ქართველი კათოლიკების ეკკლესიის დაფუძნება. ეს ის დრო იყო, როცა პაპის წინადადებით რუსუდან დედოფალმა და ივანე ათაბაგმა მოინდომეს ჯვაროსნობაში მონაწილეობის მიღება. იმავე დროდგან დაიწყეს მისიონერებმა ხშირ-ხშირად მოსვლა საქართვეოში. ახალციხისა და მის გარეშე სოფლების ქართველმა კათოლიკებმა მტკიცედ დაიცვეს თავიანთი სარწმუნოება და დასავლეთის შემწეობით არ მიიღეს მაჰმადიანობა, რომელსაც ოსმალები ავრცელებდენ მართლმადიდებელთა შორის. ჯვაროსნობის შემდგომ გავრცელებული კათოლიკობა სამცხე-საათაბაგოში მისიონერებმა მტკიცედ დააცვევინეს და ოსმალოს მთავრობისაგან მოიპოვეს ის პრივილეგია, რომ არც ერთი გაკათოლიკებულისთვის ძალა არავის დაეტანებინა მაჰმადის სარწმუნოების მისაღებად. პაპის ძრიელის მფარველობით ალმოსავლეთში კათოლიკობა შეიქმნა ქრისტიანების მტკიცე შესახიზნარი; ისინიც თავისუფლად იქცეოდენ კათოლიკედ, რათა დევნულება თავიდგან აეცილებინათ. ქარ-თველმა კათოლიკებმაც თავიანთ თავს ფრანგები უწოდეს და ესრედ გააერთეს სარწმუნოება და ერობა. მისიონერები კონსტანტინეპოლიდგან მოდიოდენ მესხეთს და იქიდგან გადადიოდენ ტფილისს, სადაც XIV საუკ, ივანე XXII პაპმა დანიშნა ივანე მონაზონი ეპისკოპოსად ქართველი  კათოლიკებისათვის. მაშინდელი აშენებული ეკკლესია XVII საუკუნემდე კიდევ არსებობდა.
„XVIII საუკუნიდგან მისიონერები ძრიელ შეეჩვივნენ ერსა და თვით ქართველთ მეფეების ტახტსაც დაუახლოვდენ. დიდი გავლენა იქონიეს საბა- სულხან ორბელიანსა და კათალიკოს ანტონ პირველზე, რის გამო დევნულება აუტეხა თეიმურაზ მეორემ და განდევნა კაფუცინები. ხოლო ხორველობის გამო, 1758 წ. ერეკლე მეორემ ახალციხიდგან მოიწვია ტფილისს მისიონერები საექიმოდ და აღუთქვა ყველანაირი შემწეობა და მფარველობა. იმავე დროს სპარსეთში მყოფი გამაჰმადიანებული თავად-აზნაურები, მაგალითად ბარათაშვილები, ორბელიანები, ერისთავები, ჩხეიძეები, ჯაყელები და სხ. მოიქცნენ კათოლიკობაზე. ამ ნაირად სპარსეთისა და ოსმალეთის ქვეშე მყოფ ქართველებში გავრცელდა კათოლიკობა. მისიონერები შეუდგნენ ქართული ენის შესწავლას თვით რომაშივე, სადაც დააარსეს ქართული სტამბა და ჰბეჭდეს ქართულად ლათინურიდგან ნათარგმნი წიგნები. წიგნების თარგმნით სახელი განითქვა გორელმა ტულუკაანთ დავით ქართველმა.
„ვატიკანის საბუთების თანხმად კოსტანტინეპოლში მყოფმა ქართველმა კათოლიკებმა გამოიტანეს პაპისგან ნება ქართულს ენაზე წირვა-ლოცვის შესრულებისა, ხოლო ახალციხის კათოლიკების შფოთი იმითი დაბოლოვდა, რომ ქართველი კათოლიკები აღიარეს სომხის ერის ჩამომავლობად და მოუსპეს ეკკლესიაში ქართულს ენაზე ქადაგება და ლოცვები. ამ ნაირად ათასობით ქართველ კათოლიკებს წაართვეს საშუალება თავიანთ ენაზედ ღვთის დიდებისა და ვედრებისა. თუმცა ოსმალებმა ქართველი კათოლიკების გასომხება ვერ შეიძლეს ახალციხეში, მაგრამ ადვილათ მოახერხეს ართვინში, რომლის მცხოვრებნი შესდგებიან გრიგორიანი სომხების და კათოლიკე სომხებისგან. ეს კათოლიკები იმ ქალაქის უძველესნი მკვიდრნი და ნამდვილი ქართველთ ჩამომავლნი არიან, რასაც კარგად ამტკიცებს მათი ცოტა სომხურ-შერეული ქართული ენა. თვითონაც აღიარებენ, რომ მათნი წინაპარნი ქართველები ყოფილან და ჰქონიათ კათოლიკე სარწმუნოება. კათოლიკე მისიონერები ძველის დროიდგანვე იყვნენ მიღებულნი ტფილისს, გორსა და ქუთაისში, სადაც სრული თავისუფლება ჰქონდათ და ქართველთა მეფენი მფარველობას უწევდენ. რა საქართველოდგან განაშორეს მისიონერები, მაშინ ვარანცოვის თხოვნით, რუსების ხელმწიფე იმპერატორმა ბრძანებით საქართველოში დანიშნულ იყვნენ პოლონელი პატრები იმ პირობით, ქართული ენა შეესწავლათ, რათა მკვიდრ კათოლიკეთათვის მოევლოთ. ქართველი გვარის კათოლიკები რომ არ ყოფილიყვნენ ცხადია, ეგოდენი ქართველი კათოლიკების საზოგადოება ვერ შესდგებოდა.
„კათოლიკე ქვეყნებთან საქართველოს დაახლოების გამო ევროპამ საქართველო გაიცნო და მისმა კულტურამაც წინ წაიწია. ძველებური ბიზანტიის ხუროთ მოძღვრება მალე შეიცვალა და მის მაგიერ გავრცელდა იტალიური ხუროთმოძღვრება. ამას მოწმობს კახეთში სამების ეკლესია. საქართველოს რუკა პირველად დახატეს მისიონერებმა ამნაირად ყველგან გაავრცელეს. სპარსეთში მყოფი ქართველები დაიცვეს ქრისტიანობაში. ქართველებზედ ამგვარი გავლენა რომ ჰქონოდათ, შაჰ-აბაზმა თეიმურაზ მეფეს თავის ელჩად გამოუგზავნა ფრა ივანე თადეოზი, რათა მისთვის მიესამძიმრებინა დედოფლის სიკვდილი. რადგან ფრა ივანე ყველასგან პატივცემული იყო, ამიტომ მას მიტროპოლიტთან ერთად თანააწირვინეს ალავერდის ეკკლესიაში. იმისივე საშუალებით მაყაშვილმა, ვანჩაძემ, ჯორჯაძემ და სხვებმაც კათოლიკობა მიიღეს. მისიონერების ზეგავლენას ვერც ქეთევან დედოფალი ასცდა თავისს ტყვეობაში და მის წამებას დაესწრნენ მისიონერები. ამის გამო მისი წამების შესახებ ევროპის ხელმწიფეებს მისწერეს მრავალი გულის ამჩუყებელი წერილი, რათა დაჩაგრული საქართველო მათთვის შეებრალებინათ. საზოგადოდ კათოლიკე მღვდლებს ძრიელ სასარგებლო ზედგავლენა ჰქონდათ საქართველოს მოწინავე პირებსა და თვით მეფეებზედაც. გულში უღვიძებდენ მამულის სიყვარულს და სარწმუნოების გრძნობას. ეგრეთვე კათოლიკობაზე გადაიყვანეს ვახტანგ მეექვსე, საბა სულხან ორბელიანი და ანტონ კათალიკოსი. მათვე მოჰფინეს საქართველოში ნათელი, ქართველებს შრომა შეაყვარეს და განავრცელეს დასავლეთის კულტურა. იტალიაში გაწვრთვნილი ქართველები, როგორც ანტონ თუმანიშვილი, მეფისაშვილი, ტულუკაშვილი, მამულაშვილი, ყარანგოზაშვილი, შეუდგნენ სხვა და სხვა წიგნების თარგმნას ქართულ ენაზე; ეგრეთვე დააწესეს სახელმძღვანველო ქართული სკოლებისათვის. იმათში უფრო დიდი სახელი გაითქვა გორელმა ტულუკაანთ დავითმა".

ერთი ყურადსაღები საბუთიცაა ქართველთ მწერლებისა საქართველოში ქართველი კათოლიკების ყოფნის შესახებ. ერთპირად თანხმა არიან თუ ძველი და თუ ახალი ქართველი მწერლები იმ ისტორიულის ფაქტის შესახებ, რომ XIII საუკუნიდგან ვიდრე დღევანდლამდე, ქართველი კათოლიკები ყოფილან და არიან. მაგრამ ესრეთი ცხადი ისტორიული ჭეშმარიტება შებღალეს და უარ ჰყვეს თვით იმ საუკუნეში, რომელიც განთქმულია სწავლა-განათლებით და მეცნიერი კაცებით!!!

ავტორი - მღვდელი მიქელ თამარაშვილი;
მასალა აღებულია  წიგნიდან - „ისტორია კათოლიკოსობისა ქართველთა შორის“, ტფილისი, 1902 წ.
ბმულები - ისტორია კათოლიკოსობისა საქართველოში



1 2 3 4



 


megobari saitebi

   

28.07.2016