ქართველი კათოლიკენი XIII-XVI საუკუნეში
(ისტორია კათოლიკოსობისა ქართველთა შორის)


1 2 3 4

წინასიტყვობა
ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XIV საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში
ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში

ქართველი კათოლიკენი XIV საუკუნეში

XIV საუკუნის დასაწყისში ბედმან ხელმეორედ დაუბრუნა საქართველოს გავლილი დიდება. მეფემან გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ, რომელმაც განდევნა ყოველი მტერი გვარისა, შემოიერთა კავკასიის სხვა და სხვა ნაწილი და საქართველოს დიდებულ სკიპტრას ქვეშ შემოიკრიბა ყოველი ერი ნიკოფსიით დაწყებული ვიდრე დარუბანდამდე. ევროპაც თვალყურს ადევნებდა საქართველოს და მისი აღორძინება შეუმჩნეველად არ დარჩენია. რომის პაპებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ჩვენს ქვეყანას კლემენტო მეხუთემ, 1307 წ. ბლომათ გამოგზავნა საქართველოში ფრანჩისკიანებისა და დომინიკიანების წესის მონაზონები, რომელნიც ცდილობდენ მთელი საქართველო რომის ეკკლესიისათვის შემოერთებინათ. გიორგი მეფის ძლევამოსილებამ და მისმა დიდებამ უფრო განსაკუთრებითი ყურადღეება მიიქცია პაპის იოვანე XXII. ამან, 1318 წ. ბლომათ გამოგზავნა ხსენებულ ორთავ წესის მონაზონები, რომლებიც დაუცხრომელად ავრცელებდენ კათოლიკობას საქართველოში, იმ ზომამდე, რომ გაკათოლიკებული ქართველები იმ მონაზონების წესის ძმებადაც კი ხდებოდენ.
თუმცა დაწვრილებით ბევრი ცნობა არა გვაქვს იმ დროის ქართველი კათოლიკების შესახებ, მაგრამ, რასაც კი მოუწევია ჩვენამდე, საკმაოდ გვიჩვენებს, რომ იმ დროს კარგა ყოფილა კათოლიკობა გავრცელებული საქართველოში; გაკათოლიკებული და მონაზონად შემდგარი ქართველები, თავიანთ ევროპელ ძმებთან ერთად ინდოეთსაც მიდიოდენ ურწმუნოთა შორის სარწმუნოების გასავრცელებლად. გაკათოლიკებულ ქართველთა შორის ერთი შესანიშნავი და ჩვენთვის დიდათ სასიქადულო არის ტფილელი ქართველი ძმა დიმიტრი, რომელმაც ქრისტეს სარწმუნოებისათვის სისხლიც დაღვარა და წამებულის გვირგვინი დაიდგა. ფრანჩისკიანების ისტორია მისი და მისი ამხანაგების წამებას მოგვითხრობს ესრედ:
„1321 წ. აპრილის 13, ბზობის წინა ხუთშაბათს, დიდებული წამება მიიღეს მინორიტების წესის ოთხთა სარწმუნოების ბრწყინვალე მხედართა, რომელნიც არიან: ძმა თომა თოლეთინელი, ძმა იაკობ პადოელი. ძმა პეტრე სენიელი და მორჩილი ძმა დიმიტრი ტფილელი, ტომით ქართველი. იგი იყო თავისი ძმების მოენე, რადგან ძრიელ კარ-გად იცოდა აღმოსავლეთის ენები. ეწამნენ ინდოეთის ქვეყანაში თაჰანსა. მათი მოდვაწეობა და დიდებული წამება აღწერეს იქვე აღმოსავლეთში და გამოგზავნეს მათისავე გზის ამხანაგებმა დომინიკიანებმა, ძმა იაკობმა, ფრანჩისკე პიზანელმა და ძმა პეტრე თურელმა.”  სამწუხაროდ, აქ დასახელებულ პირთა წერილები დროს შთაუნთქამს და ჩვენამდე აღარ მოუწევია. ამისგამო თუ ამ დიმიტრი ტფილელის და თუ სხვა მისი დროის ამხანაგებისა, რომელთა შორის შეიძლება, სხვა ქართველებიც ბევრნი ყოფილიყვნენ, სხვა აღარაფერი ვიცით.
საქართველოში გაგზავნილ ზემოხსენებულ მონაზონთაგან ზოგნი დაბრუნდენ რომას და პაპს მოახსენეს საქართველოს ყოველი გარემოება, გიორგი მეფის გაძლიერება და ეგრეთვე აუწყეს დიდ ძალი ხალხის გაკათოლიკება. ამ ამბავმა დიდათ გაახარა პაპი, რომელმაც დაუყოვნებლივ ბევრი სხვა ახალი მისიონერი გამოგზავნა საქართველოს და თან გამოატანა ერთი წერილი გიორგი მეფესთან და მის თავადებთან. წერილი საკმაოდ ვრცელია, მისი ორი ნაწილი შეეხება ეკკლესიის ერთობის საჭიროებას; ხოლო მესამე ნაწილში პაპი იწვევს და შეაგულიანებს შემოსაერთებლად მეფესა და მის თავადებს. ჩვენ მოვიყვანთ აქ მარტო ბოლო ნაწილს.

„იოვანე XXII. ეპისკოპოსი, მონა ღვთის მონათა.
„გორგის, ქართველთა ბრწყინვალე მეფეს და მისს თავადებს. ყველა აქიდან ცხადათ სჩანს, რომ ყოველი საჭირო კითხვის განსამარტებლად უნდა მიმართონ ხოლმე პეტრეს საყდარსა, რომელზედაც, არა ჩვენი ღირსების წყალობით, არამედ ღვთიურის მადლის შემწეობით აღვედით. ამიტომ დიდად ვწუხვართ, რა ვხედავთ, რომ ამ დიდებულის გვამის თავისაგან ზოგიერთი ნაწილი ჩამოშორებულია; ესე იგი ვხედავთ, რომ თქვენს ეკკლესიას მონაწილეობა არა აქვს თვისი სულიერი თავის ცხოვრებასთან, რადგან მისგან განშორებულა და არ ემორჩილება. ვინაიდგან ღვთის მონათა მსახურნი ვართ, იმ ღვთისა, რომელსაც წარწყმედა არავისი ჰნებავს, ვნატრობთ მოუპოვოთ ყველას საუკუნო ცხოვრება. ამიტომ თქვენა და თქვენს ქვეშევრდომს ერს წყალობის თვალით გიყურებთ, როგორათაც პავლე მოციქული, რომელმაც რა უწყოდა კარგად, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორი იყო, მიაგო როგორც უძლურთა, ისე ძლიერთა ყოველივე, რათა ყველანი შეეძინა ღვთისათვის. აწ გევედრებით და უფლის იესო ქრისტეს სახელს გაფიცებთ, რათა რომის წმიდა ეკკლესიასთან შემოერთება აღარ დააყოვნოთ; არც ჩასთვალოთ უბრალო რადმე ჩვენი მოწოდება შემოერთებისა, ეს მოწოდება ამ დღეებში ვყავით ღვთის ჩაგონებით და ჩვენის ძმების რჩევით. იგინი დიდათ მონატრულნი არიან და სურსთ თქვენი და თქვენის ერის განათლება. თქვენი მოწვევა არა უსაფუძვლოა, არამედ დამყარებული სამღრთო წერილზედ.
„უწყოდეთ, რომ სრულებით არ ვეძებთ თქვენს ქონებას, არამედ აზრად გვაქვს მხოლოდ თქვენის სულის ცხონება; არც გვინდა თქვენი ძლიერების დამცირება და თქვენი პატივის აყრა. არამედ ვნატრობთ, რაოდნათაც შეგვიძლია ღვთის მიერ, უფრო აღვამაღლოთ და განვაძლიეროთ თქვენი ძლიერება და პატივი. იესო ქრისტეს შეწევნით ჩვენი სიყვარული თქვენდამი უფრო გაძლიერდება, უკეთუ მოთმინებით და გულ მოდგინებით მოუსმინეთ შემოერთების საქმეში ჩვენგან წარმოვლენილ პირებს და შემოუერთდით კათოლიკე ეკკლესიას, თქვენ მთავარნო და წინამძღვარნო ერისანო, რომლებისაგანაც განირჩევით თქვენის სიბრძნითა. მაშინ შეიქმნებით უპირველესი ერი იმ ყველა ტომთა შორის, რომელნიც ქრისტესადმი მოქცევად არიან. უკეთუ თქვენ მოიმიზეზეთ, რომ ეს შემოერთება თვინიერ მსოფლიო კრებისა შეუძლებელიაო, ჩვენც მოგახსენებთ, რომ მზად ვართ მოვახდინოთ ესრეთი კრება, უკეთუ მოითხოვეთ თქვენ და თქვენმა ეპისკოპოსებმა; ამის გამო დიდის სიამოვნებით და პატივით მიგიღებთ თქვენ და ყველა თქვენ მიერ წარმოგზავნილ პირებსა, რათა შევუერთოთ ეკკლესიას თავისი ნაწილი. მაშინ ამ შეერთების შესრულების დროს გამოვიღებთ ახალს სამოსს, დავკლავთ ჭამებულ ზვარაკთა, გავუმართავთ მსოფლიო წვეულებას ყველა მორწმუნებსა; ეგრეთვე სიხარულით ვუმახარობლებთ, რომ, ვითარცა ვაზმა ნაყოფიერმა, თავისი უწინდელი ბრწყინვალება შეიმოსა კათოლიკე ეკკლესიამ, რომლის შვილნი, მსხდომარენი გარეშე ტაბლისა და მომლოდინენი ჟამისა, რომ მიეგებნენ თავიანთ მაცხოვარს უფალს იესო ქრისტესა, ემზგავსებიან აყვავებულის ზეთის ხილის შტოსა.
„ამიტომ შევაგულიანებთ თქვენს გულმოდგინებასა და გთხოვთ ყოვლის მპყრობელის ღვთისა და იესო ქრისტეს სახელით, რათა სახიერებით მიიღოთ და კარგად მოეპყრათ ამ წერილის მომტანთ, ჩვენს საყვარელ შვილებს, მინორიტების წესის მონაზონთა, რომელნიც არიან სათნონი, გაწვრთნილნი ღვთის სჯულში, გამოცდილნი საქმეში, მიმბაძავნი მაცხოვრის სიმდაბლისა და რომელნიც შეიქმნებიან თქვენთვის დიდად სასარგებლონი. მიიღეთ იგინი ღვთისა და ჩვენი პატივისათვის, ისეთის გულმოდგინებით მოუსმინეთ, თითქო თვით ჩვენგან მოგესმინოსთ და მტკიცედ ირწმუნეთ, რასაც მოგახსენებენ ჩვენ მაგივრად, უკეთუ გვცოდნოდა, რომ თქვენთვის უფრო სათნო საყოფელი იქმნებოდა რომელიმე ეპისკოპოსი, ან რომელიმე გავლენიანი უმაღლესი პირი, უეჭველად მას წარმოგივლინებდით. მაშ მოილაპარაკეთ მაგათთან მშვიდობიანის ერთობის შესახებ, ეგრეთვე იზრუნეთ ყველა მათი საჭიროებისა და წასვლა-მოსვლისათვის, რათა ადვილად შეიძლონ თათრებთან და სხვა ტომის ერთან მისვლა ავინიონით.
15 ოქტომბერს, მღვდელთ-მთავრობის მეექვსე წელსა (1321)”.

იმ დროის ყველა საბუთებს ჩვენამდე არ მოუწევია და მაშასადამე არ შეგვიძლია გამოკვლევა იმისა, თუ იმ წერილის რა პასუხი მიიდო პაპმა და ან რა მოჰყვა იმასა. ხოლო თუ გიორგი მეფემ ვერ აღასრულა პაპის თხოვნა შეერთების შესახებ, ეს საკმაო საბუთი არ არის ვსთქვათ, რომ გიორგი ბრწყინვალე კათოლიკე სარწმუნოების მტერი ანუ წინააღმდეგი ყოფილიყოს და შეერთება არ სდომოდეს. უკეთუ წარმოვიდგინეთ იმ დროის საქართველოს გარემოება, თუ რაოდნათ არეულ-დარეული იყო ყველაფერი შინაურისა და გარეულის მტრებისაგან და რაოდენი შრომა და მოღვაწეობა მოანდომა გიორგი მეფემ ყველაფრის რიგზე მოწყობას, დამშვიდებას, მოღალატების დასჯას და იმერეთის შემოერთებას, მაშინ ცხადათ დავინახავთ, რომ ამ ნათხოვნის შემოერთების სისრულეში მოუყვანელობის მიზეზი სხვა არა იყო რა, თუ არა ისა, რომ გიორგი მეფე განუწყვეტლივ გართული იყო სხვა და სხვა საერო საქმეებში და საიმისოდ არ ეცალა. ის კი ცხადი და უტყუარია რომ გიორგიმ თანაგრძნობა და მფარველობა აღმოუჩინა საქართველოში კათოლიკე სარწმუნოებას, რადგან, როგორც ეხლავ ვნახავთ, მის მეფობის დროს დაარსდა ტფილისში კათოლიკე საეპისკოპოსო და საქართველოს ბევრს პროვინციაში გადავიდენ ქართველები კათოლიკობაზედ. ყველასთვის ცხადია, რომ უკეთუ მეფეს კათოლიკე მისიონერებისათვის მფარველობა და შემწეობა არ აღმოუჩენია, ისინი არამც თუ ეპისკოპოსოს ვერ დაამყარებდენ საქართველოს სამეუფო ქალაქში, მეფის თვალ წინვე და ქართველებს ვერ გააკათოლიკებდენ, არამედ აქ ფეხსაც ვერ მოიკიდებდენ. ამიტომ ეს ამბები საკმაო საბუთს გვაძლევს ვსთქვათ, რომ აქ მოყვანილი პაპის წერილი ერთიან უნაყოფო არ დარჩენილა; თუ თვით გიორგი მეფემ ქვეყნის სხვა და სხვა გარემოების ჯეროვანი პასუხი ვერ მიაგო პაპის მოწოდებას. სამაგიეროდ ბევრმა თავადმა და ერმა ყურადღება მიაქცია და ბევრმაც მიიღო კათოლიკე სარწმუნოება, როგორათაც ცხადათ გვიჩვენებს პაპის შემდეგი წერილი.
დღითი დღე საქართველოს წარმატება და გაძლიელება უფრო იზიდავდა პაპის ყურადღებას, მეტადრე იმის გამო, რომ კათოლიკე სარწმუნოება საქართველოში უფრო თავის უფლად ვრცელდებოდა; აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში კი სუსტდებოდა ოსმალთა გაძლიერების გამო. იგინი ქრისტიანებს სდევნიდენ, უწყალოდ სწყვეტდენ და მათ ქალაქებს ერთიან აოხრებდენ. ამას ცხადათ გვიჩვენებს იმავე პაპის ბულლა (წერილი), რომლითაც მოსპო სმირინის კათოლიკე საეპისკოპოსო კათედრა, რადგან იქ კათოლიკობა ძრიელ შემცირებულ იყო ოსმალებისაგან, რაისგამო საჭირო აღარ იყო იქ საეპისკოპოსო დაეტოვებინა. კათედრა სმირინით ტფილისს გადმოიტანა შემდეგის წერილის ძალით, რომელიც კარგად ვრცელია. აქ მოვიყვანთ მარტო იმ ნაწილს, რომელიც შეეხება ტფილისის საეპისკოპოსოს და საქართველოს კათოლიკებს.

 მეორე წერილი იმ პაპისა საქართველოს შესახებ:
პაპი იოვანე XXII. სამარადისო მოსახსენებლად.
„... შემდგომ ბევრის რჩევისა და გამოძიებისა დავრწმუნდით ჩვენ და ჩვენი ძმები კარდინალები, რომ ტფილისი, ქართველთა სამეფოს შუაგული ადგილი, საუკეთესო, მეტად შესანიშნავი, ერით სავსე, მარჯვე და სიმდიდრით უხვი ქალაქია. გავლილ დროებში უფროსთა ნებით წასულმა დომინიკიანებმა, მოღვაწეობით და დაუცხრომილის შრომით, თუ ამ ქალაქისა და თუ მის გარეშე ადგილების მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი მოაქციეს კათოლიკე სარწმუნოებაზედ; აწ მათ სწამსთ და აღიარებენ ყოველსავე იმას, რაცა სწამს, აღიარებს და ასწავლის რომის ეკკლესია. ამიტომ ღვთის სახელის საქებ-სადიდებლად, სარწმუნოების პატივისათვის და გასავრცელებლად, ჩვენის ხსენებულის ძმების რჩევით და ჩვენის სრულის მოციქულებრივის ხელმწიფების ძალით სმირინის საეპისკოპოსო კათედრა გადაგვაქვს ხსენებულის ტფილისის ქალაქსა. რადგან, უკეთუ სამოციქულო საყდრის მოწყალებით ადგილს დაინიშნა ეპისკოპოსი, რომელმაც უნდა შეუდგინოს და მოუკლებლივ ასწავლოს კათოლიკე მოძღვრება ერსა, დარწმუნებული ვართ და მტკიცედ ვსასოებთ, როგორათაც ზემორე მოხსენებულიდგანაცა სჩანს, უფლის შემწეობით მორწმუნენი გამტკიცდენ სარწმუნოებაში და ბევრი ურწმუნოც ადვილად მოიქცეს ჭეშმარიტების ნათლისადმი, რომელიც არის ქრისტე. თუ ამისა და თუ სხვა დიდათ სასარგებლო მიზეზების გამო, ჩვენ გადავსწყვიტეთ და ჩვენის ხსენებულის სრულის უფლებით ტფილისი გავხადეთ საეპისკოპოსო ქალაქად და გვნებავს შემდეგშიაც დარჩეს ესრედ და ეწოდებოდეს მუდამ ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი; არც მოაკლდეს მას ეს საეკკლესიო ღირსება, არამედ იგი უფრო აღემატოს და გავრცელდეს. ეგრეთვე ძმათა რჩევით და ჩვენის სრულის უფლებით დაგვიდგენია, რომ იმავე ქალაქში აღშენდეს საკათედრო ტაძარი, საეპისკოპოსო ეკკლესია და ეწოდოს ტფილისის საეპისკოპოსო ეკკლესია; ამ კათედრაზედ ღვთის შეწევნით ეპისკოპოსად დავნიშნავთ გამოცდილსა და მოღვაწე პირს. აწ უხაროდეს იქაურ მორწმუნე ერთა სიმრავლეს ეს დიდი და უხვი სამოციქულო საყდრის წყალობა და მარადის წარმართონ თვისნი საქმენი უფლის მცნებათა გზასა. ეგრეთვე სიბნელეში შობილ ურწმუნოთ აღახილონ თვალნი, მიიღონ ნებით ქრისტეს სარწმუნოება, ქადაგების შემწეობით აღმოფხვრან თავიანთ გულიდგან შეცთომილება, დაადგნენ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზასა და აღიძრნენ ღვთის ნების აღსასრულებლად მარადის, რათა მოიპოვონ საუკუნო ცხოვრება. მაშ ჩვენ მიერ გადატანილის კათედრის გადაწყვეტილებას, მოწყალებისა და ნების წინაღმდეგ არავის შეეძლოს მოქცევა. ავინიონით, 9 აგვისტოს, მღვდელთ მთავრობის მეცამეტე წელიწადს (1328)".

აი ჩვენის გავლილის დიდების ერთი ცხადი ნიშანიც. ამ პაპს ქვეყნის ყველა მხარეს ჰყავდა მისიონერები დაგზავნილი. მაგრამ არცერთი მხრიდგან მიუღია ისეთი სანუგეშო ამბავი, როგორც საქართველოდგან, და არც ერთი ქალაქის შესახებ უთქვამს ისეთი სიტყვები, რასაც აცხადებს ტფილისის შესახებ: ძრიელ შესანიშნავი, ერით სავსე და სიმდიდრით უხვი ქალაქიო. ეგრეთვე შევნიშნოთ, რომ ტფილისში საეპოსკოპოსოს დანიშვნის პირველი და უმთავრესი მიზეზი ყოფილა ერის მოვლა და მისი სასულიერო საჭიროება, რადგან, როგორც წერილის სიტყვებიდგან სჩანს: „multitudo habitantium, სიმრავლე მცხოვრებთა”, ძრიელ ბევრს მიუღიათ კათოლიკობა არა მარტო ტფილისში, არამედ საქართველოს სხვა ადგილებშიაც. ლათინურს ენაში ლექსი multitudo იხმარების, როდესაც აურიცხველი, ანუ მომეტებული სიმრავლის რიცხვი უნდა აღინიშნოს.
პაპმა ტფილისის საეპისკოპოსოს დასაარსებლად არ იკმარა ეს წერილი, რომელიც საქართველოს გარდა შეეხებოდა სმირინის საეპისკოპოსოს მოსპობასაც. ამიტომ ერთი წლის შემდგომ მისი მზგავსი განსაკუთრებული წერილი (ბულლა) გამოსცა ტფილისის შესახებ, როდესაც თავისი წინანდელის დადგენილების ასრულება მოინდომა. იოვანე პაპის აი მესამე წერილიც, რომლისაგანაც გამოვსტოვებთ შესავალს, რადგან საქართველოს შესახებ იქ განსაკუთრებითი არაფერია.

„პაპი იოვანე XXII. სამარადისო მოსახსენებლად.
„... ბევრი ხანი არ არის, რაც დიდის სიხარულით ვსცანით სარწმუნო მოხსენებიდგან, რომ მრავალნი დომინიკიანნი, სავსენი სარწმუნოებრივის გულმოდგინებითა და ეგრეთვე კაცთა ცხონების სურვილითა . უფროსთა ნება-დართვით წასულან ქართველების სამეფოში, სადაც დიდი ხალხი ცხოვრებს. იმ ქვეყნის უმეტესი ნაწილი დაუვლიათ დიდის შრომით და იქვე უცხოვრიათ რავდენსამე წელიწადს; გულმოდგინებით ღვთის სიტყვა უქადაგებიათ ერისათვის, რომელიც გაუწვრთნიათ სიტკბოებით, რაისგამო ბევრი მათგანი კათოლიკე სარწმუნოებაზედ მოუქცევიათ და ესრეთ შემოუყვანიათ დაუბნელებელს წმიდა სარწმუნოების ნათელში. იმ ადგილის მორწმუნენი დარწმუნებულნი არიან და მტკიცედაც სასოებენ, რომ თუ ზემოხსენებულ მონაზონთა დაუცხრომელად განაგრძეს სახარების ქადაგება იმ ერში, როგორც აქამდე საქებურად იღვწოდენ, უეჭველად უდიდესი რიცხვი იმ ერთა მოიქცეს და მიიღოს კათოლიკე სარწმუნოებაო. თუმცა კი უღირსნი, მაგრამ ნეტარის პეტრეს მოსაყდრე და ამ ქვეყანაზედ ქრისტეს მონაცვლე, დიდად მოხარულ ვიქმენით ამდენის ხალხის მოქცევისა და ღმერთს მადლობის მსხვრეპლი შევსწირეთ. რადგან ესრეთი სასარგებლო საქმე დიდათ სათნო საყოფელია ღვთისა, ჩვენც ვავედრებთ და ვანიჭებთ მას ყოველ ჩვენს მოციქულებრივ მფარველობას, ეგრეთვე გვნებავს მისი წარმატება და აღორძინება. ამიტომ შემდგომ დიდის აწონდაწონისა და ჩვენ ძმებთან ერთად გულმოდგინე მოლაპარაკებისა, ეგრეთვე მათი რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით, იმავე სამეფოში მყოფს, განთქმულს, შესანიშნავს და შესაფერ ქალაქს ტფილისს ვაწესებთ საეპისკოპოსო ქალაქად ღვთის საქებ-სადიდებლად, კათოლიკე სარწმუნოების გასაძრიელებლად, მცხოვრებთა აწ მყო და მომავალის ბედნიერებისათვის და სხვა და სხვა საჩინო მიზეზების გამო, რამაც გადაგვაწყვეტინა, ასე მოვქცეულვიყავით. ეგრეთვე გვნებავს, რომ მომავალშიაც ყოველთვის ეწოდებოდეს ესევე სახელი: ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი მზგავსადვე ზემოთ ხსენებულ ძმათა რჩევით და ჩვენის უფლებით დაგვიდგენია, რომ იმავე ქალაქში აღშენდეს საკათედრო ეკკლესია, რომელსაც ვანიჭებთ საეპისკოპოსო ტიტულსა. ღვთის შეწევნით, მალეც მოვუვლენთ ღირსსა და საკუთარ მწყემსსა. ინებოს ზეციერმა სიძემ, რათა თვით წინუძღოდეს და ჰფარვიდეს იმ ეკკლესიას. მაშ არავის შეეძლოს წინააღმდეგად მოექცეს ჩვენ მიერ განწესებულ, მინიჭებულ დადგენილებასა. ავინიონით, 6 თებერვალს, ჩვენი მღვდელთ-მთავრობის მეთოთხმეტე წელსა (1329).
ამ წერილიდგან საკმაოდა სჩანს, რომ ქართველ კათოლიკეთაც მიუწერიათ პაპისათვის თავიანთი ამბავი და უთხოვნიათ ტფილისში ეპისკოპოსის დანიშვნა. სამწუხაროთ, ესრეთი საბუთები, ესე იგი, ერის მოწერილი წიგნები დაკარგულია და მათი ხსენება არ სად არის. არც ტფილისის ეკკლესიის აშენების შესახებ ცნობას მოუწევია ჩვენამდე. გარნა უნდა ვსთქვათ, რომ ქართველი კათოლიკები საკმაოდ შემწეობას აღმოუჩენდენ იმ საკათედრო ეკკლესიის ასაშენებლად, რადგან მისი დაარსება იმათაც უთხოვნიათ.
იმავე დროს საქართველოდგან წასულა. რომას დომინიკიანების მისიონერი იოვანე ფლორენციელი, რომელსაც პაპი ნიშნავს ტფილისის პირველ ეპისკოპოსად და ხელ ახლავ გზავნის საქართველოს შემდეგის წერილით. მეოთხე წიგნი იმ პაპისა:

„პაპი იოვანე XXII. ჩვენს საყვარელს შვილს, იოვანე ფლორენციელს, ტფილისის ეპისკოპოსს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. „დიდის ღონისძიებით ვცდილობთ, ვშრომობთ და ღვთის შემწეობით ვხმარობთ ყოველ საშუალებას დასაკმაყოფილებლად იმ საჭიროებათა, რომელნიც სათანადოდ ხელს შეუწყობენ კათოლიკე სარწმუნოების გავრცელებას, ღვთის სამსახურის გაძლიერებას და ერის ცხონების წარმატებას. უეჭველად მოსალოდნელი და დასაჯერებელია, რომ ეს ყოველივე ადვილად შესრულდეს, როდესაც ეკკლესიების მწყემსნი და მმართველნი არიან ნიჭიერნი და მზრუნველნი, ძლიერნი საქმითა და სიტყვითა, ერისათვის სამაგალითონი უმანკო ცხოვრებითა და როდესაც დაუცხრომელად ღვთიური სიტყვის ქადაგებით ამზადებენ და ამტკიცებენ მორწმუნებს ღვთიური დიდების ცნობაზედ და ცდილობენ რათა მათდამი მინდობილი ეკკლესიანი მწყსონ, უწინამძღრონ საუკეთესოდ და ჰმართონ საბედნიეროდ. კათოლიკე სარწმუნოების გასაძლიერებლად, ღვთის სახელის მსახურების წარსამატებლად და სხვა საპატიო მიზეზთა გამო, ამ ბოლო დროებში, ჩვენის ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით, ქართველთა სამეფოის შესანიშნავი ქალაქი ტფილისი განვაწესეთ საეპისკოპოსო ქალაქად, თავისივე სახელი შევარჩინეთ და გვნებავს, მომავალშიაც ეწოდებოდეს ესევე სახელი „ტფილისის საეპისკოპოსო ქალაქი”.
ზემოდ ხსენებულის რჩევით და უფლებით დავადგინეთ, იმავე ქალაქში აღშენდეს საკათედრო ეკკლესია, რომელსაც ექმნება საეპისკოპოსო ღირსება და ტიტული. იმავე ეკკლესიამ რომ თავისი საკუთარის მწყემსის პატივით განიხაროს და განსცხრეს თავის სასიძოს სიტკბოებით, გულ-მოდგინებით განვიზრახეთ იმ კათედრაზედ დავნიშნოთ ღირსეული, შესაფერი და პატიოსანი პირი. ამ საგანზედ ჩვენ ძმებთან კარგათ რჩევა-გამოლაპარაკების შემდგომ ჩვენს ყურადღებას მოგაპყრობთ თქვენ, რომელიც ხართ დომინიკიანების წესის მღვდელ-მონაზონი, განსწავლული საღვთო საგნებში და კარგად მცნობი იმ ქვეყნის გარემოებისა, ვინაიდგან იქ ყოფილხართ და ყველაფერი ზედმიწევნით შეგიტყვიათ; როგორც მოგვითხრეს, თქვენის ქადაგებით იქ მრავალნი მორწმუნენი მოგიქცევიათ და იესო ქრისტესთვის შეგიძენიათ; სხვათა შორის ამ ხარისხს ღირს გყოფსთ თქვენივე გულმოდგინება, წმიდა ცხოვრება, ზნეობრივი მოკრძალულება, საქმეში გამოცდილება და სხვა თქვენი სათნოებანი, როგორათაც სხვებმაც დაგვარწმუნეს. ყოველი გარემოების შეტყობის შემდგომ, ჩვენის ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის უფლებით, გირჩევთ და გნიშნავთ ეპისკოპოსად და მწყემსად ხსენებულის ეკკლესიისა და გაძლევთ სიმართლეს განაგოთ იგი თუ სულიერისა და თუ ხორციელის მხრით. დიდად დარწმუნებული ვართ, როგორც აქამდე იმოქმედეთ, ღვთის შემწეობით გააძლიერეთ თქვენდამი მონდობილი ეკკლესია და განავრცელეთ თქვენის მეცადინეობითა და შრომით, ეგრეთვე ღვთიურ მცნებაში გასწვრთნათ, ჰმართოთ თქვენის ერთგულებისა და სიფხიზლისათვის მონდობილი სამწყსო, როგორც აქამომდე აღგისრულებიათ თქვენი მოვალეობა იმ ადგილებში თქვენის ქადაგებით. მიიღეთ მაშ უღელი უფლისა, ესოდენ მსუბუქი და ტკბილი მდაბალთათვის, ღვთისავე სიყვარულისათვის მოსავლელად, შეიწყნარეთ უფლის სამწყსო, იფხიზლეთ მისთვის ყოველის გულმოდგინებით და დაიცევით იგი თქვენის ზრუნვით, რათა მტერმა ვერას მხრით შესძლოს მისი ვნება. უკეთუ ეს ყოველივე ერთგულებით აღასრულეთ და დაიცევით სარწმუნოებაში თქვენზე მონდობილნი ერნი, რა ჟამს მოვალს უფალი და გპოვებს ესრეთ მომქმედს და მცირეზე სარწმუნოს, მაშინ იგი დაგადგენსთ უმრავლესზე და შეგიყვანსთ შვების სანატრელს სამკვიდრებელში. ავინიონით 7 თებერვალს, მღვდელთ მთავრობის მეთოთხმეტე წელსა (1329)".

მეხუთე წიგნი ერთსა და იმავე დროს მისწერა პაპმა მთლად საქართველოს კათოლიკებს ტფილისის საეპისკოპოსოს დაარსების შესახებ, და ეგრეთვე მისწერა, რომ კარგად მიეღოთ იოვანე ეაისკოპოსი. წერილი ბევრი არაფრით განირჩევა ზემოთ მოყვანილის წიგნისგან, თითქმის ერთ ნაირათ არის დაწერილი, გარდა იმისა, რაც შეეხება თვით ეპისკოპოსს. აქ მოვიყვანთ მარტო იმ ნაწილს, რომლითაც პაპი კათოლიკებს ავედრებს ახალს ეპისკოპოსს.
„ყოველთა კათოლიკე ქრისტიანეთა, ტფილისის ქალაქს და მის ეპარქიაში მყოფთა, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„.....ამ ჩვენის თქვენდამო მოციქულებრივის წერილით ყველას გთხოვთ, გულმოდგინებით შეგაგულიანებთ და გიბრძანებთ, რათა არჩეული ეპისკოპოსი მხურვალედ მიიღოთ, როგორც თქვენს მამას და თქვენს სულიერს მწყემსს, მიაგოთ ჯეროვანი პატივი და სიმდაბლით მოუსმინოთ ყველა რჩევა და ბრძანებანი, ასე რომ მან განიხაროს თქვენში, ვითარცა თავის საყვარელ შვილთა შორის, და თქვენც გახარებდესთ იგი, როგორც თქვენი სახიერი მამა. ავინონით, 7 თებერვალს. (1329)".

ეს არ ყოფილა პაპის უკანასკნელი წერილი საქართველოში გამოგზავნილი. განსაკუთრებითი ერთი წერილი საქართველოს კათოლიკე სამღვდელოებასაც მოსწერა. ის წიგნი მსგავსია აქ დასახლებულის მრევლთან გამოგზავნილის წერილისა, მცირედიღა განსხვავება აქვს და ამ განსხვავებასაც აქვე ვაცნობთ მკითხველთა.

იმ პაპის მეექვსე წიგნი.
„ჩვენს საყვარელ შვილთა, ტფილისის ქალაქისა და მისი ეპარქიის სრულიად სამღვდელოებას. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
…...ვუბრძანებთ თქვენს განათლებულებას, სიმდაბლით ყურადღება მიაქციოთ მაგ ღირსეულს ეპისკოპოსს, როგორც თქვენს მამას და თქვენს სულიერს მწყემსსა, შესაფერი პატივი სცეთ, დაემორჩილოთ, მხურვალებით მოუსმინოთ ყველა ბრძანება და დარიგება და ერთგულად აღასრულოთ ყოველივე, რათა მას და თქვენ შორის გაძლიერდეს სულიერი სიხარული და წარმატება. უკეთუ არ დაემორჩილეთ, მაშინ კანონიერად რა სასჯელსაც დაადგენს ურჩების წინაღმდეგ, ჩვენც დავამტკიცებთ და უფლის შემწეობით ავასრულებინებთ შეუცვლელად ვიდრე ჯეროვანს დაკმაყოფილებას მიიღებდეს. იმავე თარიღით. როგორც ზემოთ".

ეს წერილიც ცხადათ გვიჩვენებს, რომ არა მარტო ერს, არამედ მის სამღვდელოებასაც მასთან ერთად მიუღია კათოლიკობა და მღვდლების რიცხვიც საკმაოდ ბლომათ ყოფილა და ამ გარემოებას პაპისათვის განსაკუთრებული წერილი მიუწერინებია. ეგრეთვე ყოველ ეჭვ გარეშეა ისა, რომ ის წერილი შეეხება ქართველი კათოლიკების სამღვდელოებას და არა იქ მოსულ ლათინის მისიონერ მღვდლებს, რადგან ის მისიონერები მონაზონები იყვნენ, ხოლო ლათინურად ისინი მეტადრე ასეთ ქაღალდებში იწოდებიან ამ ლექსით: Regulares, ესე იგი მოწესენი, მონაზონები; გარნა ლექსი Clero, რომელსაც პაპი ხმარობს, ნიშნავს არა მონაზონებს. ვერც შეეძლოთ შერიცხულიყვნენ ტფილისისა მისის ეპარქიის მკვიდრ სამღვდელოებად, რადგან ისინი მუდამ თავიანთ წესის უფროსთაგან იყვნენ დამოკიდებულნი, ამიტომ ხშირად იცვლებოდენ და აქეთ იქით სხვა ადგილებში მიდიოდენ.
საქართველოში სამუდამოდ მტკიცე საფუძველზე რომ დაემყარებინა კათოლიკე სარწმუნოება, პაპმა იოვანე XII, არ იკმარა ქართველ კათოლიკებთან, თუ მღვდლებთან და თუ ერთან მოწერა, არამედ კვალად და კვალად მეორე გზის მომართა ჩვენს დიდათ განთქმულს მეფეს გიორგი V, ბრწყინვალეს, ურჩია ერთობა და მოსწერა შემდეგი წიგნი იმავე დროს როდესაც იოვანე ტფილისის პირველი ლათინის ეპისკოპოსი გამოგზავნა საქართველოს.

„იოვანე XXII. საქართველოს დიდებულს მეფეს, მშვიდობა და მადლი თქვენთან, რათა შემდგომ მოგენიჭოსთ საუკუნო ბედნიერება.

„დიდათ ვნატრობთ, ზეციერმა მადლმა თავისის სხივით განანათლოს ყველა სიკვდილის შვილნი, რომლებიც ძე ღვთისამ იესო ქრისტემ გამოისყიდა თავისი სისხლით; ვნატრობთ ერის ცხონებას და ვცდილობთ უკუ ვაქციოთ მანქანება იმ უწინდელი მტრისა, რომელიც არა სცხრება და სცდილობს ადამის ტომს ავნოს; ვსცდილობთ, რათა დაიმკვიდრონ საუკუნო ბედნიერების დიდება, რომელსაც კაცთა გონება ვერ მისწვდების და რომელიც განუმზადა თავის მოსავთა მაცხოვარმან ჩვენმან, წყარომ ყოველის ნიჭისამან. გარნა მარადის ვფიქრობთ და გულ მხურვალებით ვევედრებით ღმერთსა, რათა შეამციროს განწვალება ყველა ქრისტიანეთა შორის და მოსპოს მათგან ყველა ნაირი სიბნელის შეცდომა, რათა სარწმუნოებამ და სიყვარულმა გაიმარჯოს და მორწმუნეთა გონება აღარ დაუბნელდეს; და ეგრეთვე, რათა მსოფლიო წმიდა კათოლიკე ეკკლესია ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაშთეს მხოლოდის მწყემსის მართველობის ქვეშ, რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. და ესრეთ ყოველნი მორწმუნენი ბედნიერად ეწიონ საუკუნო ბედნიერებას. ამიტომ თქვენს დიდებულებას გულმოდგინებით ვაუწყებთ, შევაგულიანებთ და ვევედრებით უფლის იესო ქრისტეს სახელით და მისი დათხეულის სისხლის პატივისათვის, რომ მიაქციოთ ჯეროვანი ყურადდება ამას, რაიცა თქვენს ღირსებას, დიდებას და სახელს მეტად აღამაღლებს, და ეცადოთ თქვენ და თქვენნი ქვეშევრდომნი ერნი შეუერთდეთ იმავე მსოფლიო კათოლიკე ეკკლესიას, რომლის გარეშე არც მადლის მოპოება შეიძლება და არც ცხონება. მაშ ეცადეთ და თქვენის ერითურთ შემოუერთდით წმიდა რომის ეკკლესიას სამარადისოთ და დაურღვეველის ერთობით. მოცემული ავინიონით, 1329." რადგან ამის შესახებ სხვა საბუთები არა გვაქვს, ამიტომ ჩვენ არ უწყით, თუ პაპის წერილმა გიორგი მეფეზედ როგორ იმოქმედა და რა ნაყოფი გამოიღო.
ხსენებულმა იოვანე ფლორენციელმა თუ წინეთ თავდადებით იშრომა საქართველოში და ბევრიც გააკათოლიკა, არა ნაკლების გულმოდგინებით შეუდგა და განავრცო თავისი მოციქულებრივი შრომა, როდესაც აქ ეპისკოპოსად ნაკურთხი მობრუნდა. მის მოღვაწეობას დომინიკიანების ძველი მწერალი შარლი მოკლედ ესე გადმოგვცემს: „ყოვლად განათლებულმა იოვანე პატრმა, საქართველოში ტფილისის ეპისკოპოსმა, თავისი წესის ძმა მონაზონებთან ერთად, დაუღალავად იშრომა ქართველების შემოსაერთებლად (გასაკათოლიკებლად)... ამ ერის გასაწვრთნელად კათოლიკე სარწმუნოებაში ბევრი წიგნი სთარგმნა ქართულ ენაზედ. სამწუხაროდ, ჩვენამდე მისი ბლომათ ნათარგმნი წიგნებიდგან არც ერთის კვალს მოუწევია. რადგან იმ დროს საქართველოში სარწმუნოების კერძოდ სრული თავისუფლება იყო და მისიონერსაც ბევრი საშრომელი ჰქონდა, ის ეპისკოპოსი, მარტო თავისი წესის მონაზონებით ვერ აკმაყოფილებდა მისიონის მოთხოვნილებას. ამიტომ, როგორც ისტორია მოგვითხრობს, „იოვანე ფლორენციელმა, თავისი წესის მონაზონების გარდა მისიონის სამსახურში მოიშველია ეგრეთვე წმიდა ფრანჩისკეს წესის მონაზონები, რათა თუ ქართველები და თუ ურწმუნოები შემოერთებინა კათოლიკე სარწმუნოებისათვის". როგორც ზემოთ ვნახეთ, ფრანჩისკეს მონაზონები, უკვე დიდი ხნიდგანვე იყვნენ დაბინავებულნი საქართველოში და დომინიკიანებთან ერთად შრომობდნენ ქართველების გასაკათოლიკებლად.
იოვანე საქართველოს მოვიდა 1318 წ. და თითქმის 30 წელიწადი დაჰყო აქ. ტფილისის ეპისკოპოსად იყო 18 წელიწადზედ მეტი. როგორც სჩანს ვატიკანის და დომინიკიანების არხივიდგან, იგი 1334 წ. გარდაიცვალა კოსტანტინეპოლში, სადაც საქართველოდგან მოსულიყო ევროპას წასავლელად. მის დიდს შრომას მოწმობენ, არხივების გარდა ძველი მწერლებიც, ვინც კი მის შესახებ რასმე სწერენ: დიდის ქებით იხსენებენ და რიცხვენ საქართველოს დიდ მოდვაწედ და მოციქულად. თავისი მაღალის ნიჭითა და დიდის თავდადებით საქართველოს ერის უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. ამას სხვათაშორის აქვე დასახელებული ავტორიც მოწმობს ესრედ: „იოვანე ფლორენციელმა თავისი 19 წლის ეპისკოპოსობის განმავლობაში, მეტად შეაყვარა თავი როგორც ქართველებს, ისე ურწმუნოებსაც, რომლებიც მათ გარეშე სცხოვრებდენ."
1318 წ. სპარსეთში დაარსდა რავდენიმე საეპისკოპოსო ლათინებისა. იმათში უფრო შესანნიშნავი იყო სპარსეთის დიდი ქალაქის სულთა ნიეს საარქიეპისკოპოსო. იქ ისე გავრცელდა კათოლიკობა, რომ მარტო იმ ქალაქში, კათოლიკე ეკკლესიები 25-მდე იყო. ამიტომ პაპმა თფილისის საეპისკოპოსო დაუმორჩილა სულთანიეს ეპისკოპოსსა.
ტფილისის პირველის ეპისკოპოსის იოვანეს სიკვდილის შემდგომ, საქართველოში კათოლიკობა არ შესუსტებულა, არამედ უფრო წარმატებაში მიდიოდა. პაპმა კლემენტო მეექვსემ, რა შეიტყო იოვანე ეპისკოპოსის გარდაცვალება, მაშინვე 1349 წ. დანიშნა მის მაგიერად ტფილისის მეორე ეპისკოპოსი ბერთრანდო კოლეტი, დომინიკიანი და შემდეგი წერილი გაუგზავნა:
„პაპი კლემენტო VI. ჩვენს საყვარელს შვილს ბერთრანდო კოლეტს, ტფილისის ეპისკოპოსს. მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. თუმცა უღირსნი, მაგრამ დადგენილი ღვთის განგებით მსოფლიო ეკკლესიის მმართველად, ვფიქრობთ ქვეყნის ყველა ეკკლესიების კეთილდღეობისათვის, რაოდნათაც ღმერთი შეგვაძლებინებს. ხოლო უფრო მომეტებულად ვზრუნავთ იმ ეკკლესიებისთვის, რომელთაც საკუთარი მწყემსები დააკლდათ და სამწუხაროდ დაქვრივებულან: ვცდილობთ, მათ მწყემსად დაინიშნონ ღირსეულნი პირნი, რომელთაც სურვილი ჰქონდესთ, იცოდენ და შეეძლოსთ მათი კარგად მართვა და შეიქმნენ მათთვის სასარგებლონი. ამ უკანასკნელ დროებში სარწმუნო მოხსენებიდგან ვსცანით, რომ ტფილისის ეკკლესიას დააკლდა მწყემსი სიკვდილის გამო ნეტარ ხსენებულის იოვანე ტფილელი ეპისკოპოსისა, რომელიც გარდაიცვალა რომას გარეთ. გამსჭვალულნი მამობრივის გრძნობითა, არ ვინებებთ, რათა ის ეკკლესია დიდხანს დარჩეს უმწყემსოდ, არამედ ვნატრობთ დაუდგინოთ ტფილისის ეკკლესიას ეგრეთი მწყემსი, რომელმაც იცოდეს, უნდოდეს და შეიძლოს მისი დაფარვა მტერთაგან და ყველა მისის უფლების დაცვა და წარმატება. ამიტომ, ჩვენ ძმებთან ერთად ჯეროვანის გამოძიების შემდგომ, ჩვენს ყურადდებას მოგაპყრობთ თქვენ, დომინიკიანების წესის მღვდელ-მონაზონს, განსწავლულს, ცხოვრებით და ზნეობით პატიოსანს, სასულიერო საგნებში გამოცდილს და საქვეყნო საქმეებში ბრძენს და ეგრეთვე შემკობილს სხვა სათნოებით, როგორათაც დაგვაწმუნეს სარწმუნო პირებმა. შემდგომ ყველაფრის გამოკითხვისა, ძმათა ჩვენთა რჩევით და ჩვენის მოციქულებრივი სრულის ხელმწიფებით გირჩევთ ტფილისის ეკკლესიისათვის, რადგან სათნოსაყოფელი ხართ. ამიტომ გნიშნავთ იმ ეკკლესიის მწყემსად და ეპისკოპოსად და ერთიან გაბარებთ მის ყველა მმართველობას, როგორც სასულიეროს, ისე სახორციელოს. იმედი გვაქვს, ტფილისის ეკკლესია წარმართოთ სასარგებლოდ და ბედნიერად თქვენის ერთგულის მზრუნველობით და შემწეობითა ღვთისათა, რომლისაგან მომდინარეობს ყოველი ნიჭი. მაშ, მიიღეთ პატივით უფლის უღელი, რომელიც გეძლევათ და სიმდაბლით მოუდრიკეთ ქედი მის ტკბილ ტვირთსა; მოუარეთ გულ მოდგინებით ტფილისის ეკკლესიას, გასწვრთნევით უფლის სამწყსო, თქვენს მზრუნველობაზე დავედრებული, და შეამკეთ იგი თქვენის სიტყვისა და საქმის სწავლებით. იმედია, ტფილისის ეკკლესიამ განიხაროს, რომ ჩაჰბარდა ფრთხილ მწყემსს და ერთგულს მმართველს; თქვენი სახელიც განითქვას ყველგან და გარდა საუკუნო სასყიდლისა, ჩვენგანაც მიიღოთ უხვი კურთხევა და დაიმსახუროთ სამოციქულო საყდრის პატივიც. 9 იანვარს, ავინიონით მოცემული, მღვდელთ მთავრობის მეშვიდე წელსა. (1349)".

საქართველოში კათოლიკობა რომ წინ მიდიოდა და მუდამ დღე მრავლდებოდა ქართველ კათოლიკეთა რიცხვი, ამას ჯერ გვიმტკიცებს იმავე პაპის მეორე წერილი, რომელიც, ერთსა და იმავე დროს, მოსწერა ტფილისის ეკკლესიის კაპიტულოს. კარგად მოეხსენებათ პატივცემულ მკითხველთ, რომ ლათინის ეკკლესიაში კაპიტულოს შეადგენს რავდენიმე კანონიკოსი, რომელიც შემავალ არის ეპარქიალის იერარქიისა; სხვა დანაშთ მღვდლებზე უპირატესობა აქვსთ და მონაწილეობას ღებულობენ ეპარქიის მმართველობაშიაც. ეს კაპიტულო, როგორც ძველი და ახალი წესდებულება გვიჩვენებს, არსებობს მხოლოდ იმ ეპარქიებში, სადაც ბლომად არის მრევლი და სამღვდელოება და სადაც საკათედრო ეკკლესიას დიდი ნივთიერი შემოსავალი აქვს.
კაპიტულო, როგორც სჩანს, ტფილისში განუწესებია თვით იოვანე პირველ ეპისკოპოსს. იმ კაპიტულოსთან პაპის გამოგზავნილი წიგნი თითქმის ზემო წერილსა ჰგავს მცირედის განსხვავებით. წერილის დასასრულ პაპი ავედრებს და უბრძანებს მათ, რათა კარგად მიიღონ ეპისკოპოსი, ყველა ნაირი პატივი და მორჩილება უჩვენონ, მის დარიგებას და ბრძანებას დაემორჩილონ და ყველაფერი გულ მოდგინებით აღასრულონ.
წიგნი ასე იწყება:
Dilectis filiis capitulo ecclesiae Thefelliacensis, ტფილისის ეკკლესიის კაპიტულოს, ჩვენ საყვარელ შვილთ". რადგან ძრიელ ცოტა განსხვავება არის ამასა და ზემო წერილ შუა, აღარ მოგვყავს.
იმავე პაპის მესამე და მეოთხე წერილი შეეხება ტფილისის ეკკლესიის და მისი ეპარქიის სამღვდლოებას და ეგრეთვე კათოლიკე ერსა. ამათაც ავედრებს და უბრძანებს, რათა კარგათ მიიღონ ახალი ეპისკოპოსი, პატივი სცენ და ყველაფერში დაემორჩილონ.
მეორე საბუთი ქართველებში კათოლიკობის სწრაფის და არა ჩვეულებრივის გავრცელებისა არის იმავე პაპის მეხუთე წერილი ტფილისის ეკკლესიის ყმებისადმი (ვასალებისადმი) წარმოგზავნილი. ძნელად დავიჯერებდით, რომ არ შეგვხვედროდა ვატიკანის უტყუარი საბუთი იმ ყმების შესახებ. საქართველოში რომ, მცხეთის ეკკლესიასავით, კათოლიკების ეკკლესიასაც ჰყოლია თავისი საკუთარი ყმები, ეს უტყუარი ამბავია და ამას გვიმტკიცებს, სხვათა შორის, ერეკლე მეფის ერთი წერილი, რომლითაც, 1781 წ., გორისა და ტფილისის ეკკლესიის ყმებს პატრებისას საზოგადო გადასახადისაგან ათავისუფლებს. ვის არ ახსოვს ქუთაისის კათოლიკების ეკლესიის გეგუთელი (ქუთაისის ახლოს) ყმები, რომლებიც ამ ეკლესიას ექვევრდომებოდენ ვიდრე 1835 წლამდე, როცა რუსის მთავრობამ ჩამოართვა და მათ მაგიერ კათოლიკეთა ეკკლესიას ფული განუწესა.
შევნიშნოთ ესეც, რომ XIV საუკუნეში, ტფილისის ეკლესიის ყმები გაკათოლიკებულნი და მასთანვე ბლომად უნდა ყოფილიყვნენ. უკეთუ ესე არ ყოფილიყო, პაპი ცალკე წერილს არ მოსწერდა. ეს წიგნი ზემოდ დასახელებულ ტფილისის ერისა და სამღვდელოების მიმართ მოწერილ წიგნსა ჰგავს. ხოლო ბოლოში ეს აქვს მიმატებული: „ყველა საყვარელ შვილთა ტფილისის ეკლესიის ყმათა... ამ მოციქულებრივის წერილით ყველას გიბრძანებთ, რათა ახლად არჩეულს ეპისკოპოსს მიაგოთ ყოველი პატივი, შემდეგშიაც არ მოაკლოთ თქვენი ჩვეულებრივი ერთგულება, გაუწიოთ სათანადო სამსახური, ეგრეთვე უკლებლად (ანუ სისრულით) გარდაუხადოთ ყველა თქვენი მისდამი დადებული ვალი; უკეთუ ამის წინაადმდეგ მოიქეცით, მაშინ, იგივე ეპისკოპოსი რა სასჯელსაც კანონიერად გადასწყვეტს ურჩების წინაადმდეგ, ჩვენც დავამტკიცებთ და ღვთის შეწევნით სისრულეში მოვაყვანინებთ, ვიდრე ჯეროან დაკმაყოფილებას მიიღებდეს”.
როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, რადგან ტფილისის საეპისკოპოსო ექვემდებარებოდა სპარსეთში არსებულს სულთანიეს საარქიეპისკოპოსოს, ამიტომ პაპი იმავე დროს სულთანიეს არქიეპისკოპოსსაც სწერს, აუწყებს ტფილისში ახალის ეპისკოპოსის დანიშვნას; სთხოვს, რაოდნათაც თქვენი სამიტროპოლიტო უფლება ნებას მოგცემსთ, ყურადღება მიაპყროთ ტფილისის ეპისკოპოსსა და მის ეპარქიასაო; ეგრეთვე სთხოვს, ყველა ნაირი შემწეობა ადმოუჩინოს, რათა სიადვილით და ნაყოფიერად ჰმართოს ეკლესია და მისი ერი.
ბერთრანდო კოლეტის ეპისკოპოსობამ ტფილისში შვიდი წლის მეტი არ გასტანა. ჩვენთვის სრულად უცნობელი მიზეზების გამო პაპმა ინოჩენციო მეექვსემ იგი გამოსცვალა და გერმანიას ამპურიენის ეკლესიის ეპისკოპოსად გადაიყვანა; ხოლო მის ადგილს ტფილისში 1356 წ. დანიშნა ეპისკოპოსად ბერთრამო დომინიკიანი ამ წერილით:

„პაპი ინოჩენციო VI. პატივცემულ ძმას ბერთრამოს, ტფილისის ეპისკოპოსს, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. მწყემსებრივი მოვალეობა, რომელიც ღვთის განგებით მივიღეთ, გვაიძულებს გულმოდგინებით ვიფიქროთ ქვეყნის ყველა ეკლესიებისათვის, რომელთათვის მსოფლიო ზრუნვა მონდობილი გვაქვს და მეტადრე იმ ეკლესიებისათვის, რომელთაც აღარა ჰყავთ მწყემსი, რათა მათზე მწყემსად დადგენილ იქმნენ ერთგულნი პირნი, რომელთაც შეეძლოსთ და იცოდენ მათი საუკეთესოდ მართვა სასულიეროს, თუ სახორციელოს მხრით. ამ უკანასკნელ დროში ტფილისის ეკკლესიას მოაკლდა მწყემსი, რადგან ჩვენის ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით პატივცებული ჩვენი ძმა ბერთრანდო განვათავისუფლეთ იმ მოვალეობისაგან, რომელიც აკავშირებდა ტფილისის ეკკლესიასთან, როგორც მის ეპისკოპოსს სამოციქულო საყდრის ბრძანებით დაგენილსა; მასთანვე საჭიროთ შევრაცხეთ და გადავიყვანეთ იგი ამპურიენის ეკკლესის ეპისკოპოსად, რადგან იმ ეკლესიას აღარ ჰყავდა საკუთარი ეპისკოპოსი. სანამ ტფილისის ეკკლესიას მოაკლდებოდა მწყემსი, საჭიროდ დავინახეთ და წინათვე დავადგინეთ, როდესაც მოაკლდებოდა, ჩვენს გარდა იქ არავის დაენიშნა მწყემსი; მსგავსათვე ვჰყავით სხვა კათედრალთათვის და განვაწესეთ, რომ უჯერო ყოფილიყო, უკეთუ ვინმე, რაგინდ შეძლების მქონე პირიც ყოფილიყო იგი, ამის შესახებ რასმე დაადგენდა ცნობით, ანუ უმეცრებით. ჩვენი მამობრივი მზრუნველობა იძულებულ გვყოფს, დიდ ხანს არ დავტოვოთ ტფილისის ეკკლესია მწუხარე და მწყემს მოკლებული. შემდგომ ჩვენ ძმებთან კარგად მოლაპარაკებისა და გამოძიებისა ტფილისის ეკკლესიისათვის კარგისა და სასარგებლო პირის დანიშვნის შესახებ, ჩვენი ყურადღება მოგაქციეთ თქვენ, დომინიკიანების წესის მღვდელ-მონაზონს, გამსჭვალულს სარწმუნოების წადიერებით, მეცნიერებაში განსწავლულს, სასულიერო საგნებში ცხოვრებით პატიოსანს სახორციელო საქმეებში შორ მჭევრეტელს და შემკულს სხვა ღირსებათა და სათნოებათა მიერ, როგორათაც დაგვარწმუნეს. შემდგომ ყველაფრის კარგად გამოძიებისა და დაფიქრებისა, აგრეთვე ჩვენი ძმების რჩევით და ჩვენის მოციქულებრივის სრულის უფლებით დაგნიშნეთ და გაგამწესეთ ტფილისის ეკკლესიის ეპისკოპოსად და მწყემსად და გაბარებთ იმავე ეკკლესიის სრულ მართველობის უფლებას, როგორც სასულიერო, ისე სახორციელო საქმეებში. მასთანვე დავადგინეთ, ჩვენმა პატივცემულმა ძმამ გვიდონმა პორტუენსის ეპისკოპოსმა გცხოსთ ეპისკოპოსად რომაში. ვსასოებთ უფლისადმი, რომელიც თავის მოსავთ ანიჭებს ყოველ მადლსა და სასყიდელს, იმავე ტფილისის ეკკლესიას თქვენის ფხიზელის მეცადინეობით, წინამძღვრობით, ეგრეთვე თქვენის კეთილის მართველობით გაუძღვეთ სასარგებლოდ და ნაყოფიერად ღვთის შეწევნით, რაისგამო ამ მოციქულებრივის წერილით გიბრძანებთ, ჩვენის ლოცვა-კურთხევით წახვიდეთ ხსენებულ ტფილისის ეკკლესიაში, იკისროთ მისთვის ზრუნვა, მართოთ გულმოდგინებით, მორწმუნებით და სიბრძნით, რათა ტფილისის ეკკლესიამ განიხაროს, რომ ჩაჰბარდა იგი წინდახედულ მმართველს და ერთგულ მოღვაწეს. ასეთის მოქცევით, გარდა საუკუნო სასყიდლისა, ღირსი გახდებით ჩვენი უხვი პატივისცემისაც. ვილმონით ავინიონის ეპარქიაში 12 აპრილს, ჩვენი მღვდელთ მთავრობის მეოთხე წელსა (1356)".

როგორც ზემოდ ხსენებულმა კლემენტო მეექვსემ, ისე ინოჩენციო მეექვსემ, იმ წერილის გარდა, ერთსა და იმავე დროს ოთხი წიგნი სხვა მისწერა ტფილისის კაპიტულოს, სამღვდელოებას, ერს და სულთანიეს არქიეპისკოპოსს, რომლებსაც დაავედრა და სთხოვა ბერთრამო ტფილისის ეპისკოპოსი კარგად მიეღოთ და ყოველგვარი პატივი და მორჩილება გამოეცხადებინათ. რადგან ის წერილები ბევრად არ განსხვავდება ხსენებული კლემენტო VI წერილებისაგან, არცერთი მათგანი მოგვყავს აქ.
თუმცა ტფილისის ეპარქია ჩაჰბარდა დომინიკიანებსა, რომლებიც ხშირად და ბლომად მოდიოდნენ ევროპიდგან საქართველოს, მაგრამ მათთან ფრანჩისკიანები (მინორიტები) არა ნაკლებ იყვნენ და შრომობდენ ქართველებში კათოლიკობის გასავრცელებლად, ამიტომ ხშირად მათი გუნდიც მოდიოდა ჩვენკენ. მაგალითად: პაპმა ურბანო მეხუთემ 1370 წ. გამოგზავნა ანტონ მილერვიტანელი ეპისკოპოსი 25 სხვა თავისი წესის მონაზონითურთ. ზოგიერთი იმათგანი უნდა წასულიყო საქართველოს ახლო ქვეყნებშიაც, მაგრამ მომეტებული ნაწილი აქ დარჩა. ის წერილი, რომლითაც პაპი უბრძანებს მათ საქართველოში წამოსვლას, იწყება ესე: „უფლის ვენახის შესამუშაკებლად საქართველოში”.

არც საქართველო ასცდა ზედგავლენას და სამწუხარო შედეგს დასავლეთის იმ დიდის სქიზმისას (გაყრილობისა), რომელმაც გასტანა 1378 დგან ვიდრე 1449 წლამდე, და რომელიც შეადგენს რომის საეკკლესიო ისტორიის ფრიად სამწუხარო ნაწილს. დასავლეთის გაყრილობაში ხშირად ერთი პაპის ნაცვლად ორი და სამი პაპი ერთსა და იმავე დროს იყვნენ და ყველანი სცდილობდენ ერთმანერთის დამცირებასა და დამხობას, ხოლო თავიანთ მომხრეთა გამრავლებას. ამ აწეწილდაწეწილ დროს ბერთრამო, ტფილისში ეპისკოპოსად დანიშნული 1356 წელს, ემხრობოდა ურბანო მეექვსეს, კანონიერ პაპს. რა ეს სცნო ანტი პაპმა (ტყვილ-პაპმა) კლემენტო მეშვიდედ წოდებულმა, რომელიც, საფრანგეთის მთავრობის შემწეობით, ურბანო პაპზე უფრო ძრიელი იყო, გამოსცვალა ბერთრამო ტფილისის კანონიერი ეპისკოპოსი და მის ადგილს დანიშნა ეპისკოპოსად თავისი მომხრე ჰენრიკო რაცი, ფრანჩისკიანების წესისა. თავისი სურვილის ასრულება მიანდო თავის დელეგატს კარდინალ გვილელმოს შემდეგის წერილით: „ჩვენს საყვარელს შვილს გვილელმოს, ჩელიომონთის წმიდა სტეფანეს ტიტულის მღვდელ-კარდინალს, სამოციქულო საყდრის დელეგატს, მშვიდობა.... ხოლო ამ უკანასკნელ დროს ჩვენ ყურამდე მოაწია, რომ დომინიკიანის წესას მონაზონი ბერთრამო ტფილისის ეპისკოპოსი, მიმხრობია იმ ბოროტს ბართლომეს (ურბანო მეექვსე, კანონიერ პაპს) უწინდელს ბაენის არქიეპისკოპოსს, უკანონოდ ასულსა სამოციქულო საყდარსა; ამასგამო იგი ბერთრამო შეიქმნა უღირსი.... ჩვენის სამოციქულო უფლებით, თქვენს სიბრძნეს ვანდობთ და გიბრძანებთ, უკეთუ ბერთრამოს კვალად შენიშნეთ, ბართლომე უზურპატორის მომხრეობა, ტფილისის ეკკლესიას მოაშოროთ; იმავე მონიჭებული უფლების მართლმსაჯულებით ჩამოართვათ ყოველი სიმართლე, რაც იმ ეკკლესიაში აქვს და სრულებით განაძევოთ იქიდგან, როგორათაც მოითხოვდეს კანონი; გარნა ხსენებული ტფილისის ეკკლესიისათვის... ჩვენის უფლების ძალით იზრუნეთ და ჰენრიკო რაცი, მინორიტების ორდენისა იმავე ეკკლესიას დაუდგინეთ ეპისკოპოსად და მწყემსად; ჩააბარეთ სრულებით იმისივე ზრუნვა, მართვა და მოვლა თუ სასულიერო და თუ სახორციელო საქმეში; მასთანვე ეცადეთ, ყველა ქვეშევრდომნი და ყმანი დაემორჩილონ მას და მიაგონ დირსეული პატივი; განაშორეთ იქიდგან ხსენებული ბერთრამო და სხვა ყველა უკანონოდ ხელის უფლების მქონე; ამ ბრძანების შესრულების დროს თუ ვინმე გაგიჩნდენ მოწინაადმდეგენი დასაჯეთ საეკკლესიო ჩენზურით (შეჩვენების სასჯელით) გაუსაჩივრებლად... მოცემული ავინიონს. 1 აპრილს, მეოთხე წელსა (1382)".
წერილის დანარჩენ ნაწილში მოხსენებულია, რომ თუ ტფილისის კაპიტულოს რამე პრივილეგია აქვს მოპოებული სამოციქულო საყდრისაგან, რომლის ძალითაც მათი შეჩვენება არ შეიძლებოდეს, ყურადღება ნუ მიექცევა, თუ ეს გარემოება ცხადათ არ არის გამოცხადებულიო. ეგრეთვე მოხსენებულია, რომ ჰენრიკო ეკურთხოს ეპისკოპოსად ორი, თუ სამი კათოლიკე ეპისკოპოსისაგან და ერთგულების ფიცი მისცეს სამოციქულო საყდარსაო.
თუ როგორ მოხდა ეპისკოპოსების დაცვლა - გამოცვლა, ანუ რა შედეგი მოჰყვა არ ვიცით, რადგან ამ საბუთს გარდა სხვა არაფერი გვაქვს. ხოლო, როგორც შემდეგი საბუთებისაგან სჩანს, ხსენებული ბერთრამო, ტფილისიგდან გადაყენებული ეპისკოპოსი, ისევ მობრუნებულა და ტფილისის ეპისკოპოსობაში დაუსრულებია თავისი ცხოვრება, საქართველოში 35 წლის ეპისკოპოსობის შემდეგ, რადგან ტფილისის ეპისკოპოსად დაინიშნა 1356 წ. და გარდაიცვალა 1391 წ.
იმის სიკვდილის შემდგომ პაპმა ბონიფაცი მეცხრემ, 1391 წ. ტფილისის ეპისკოპოსად დანიშნა დომნიკიანი ლეონარდო ვილაკოელი. მკითხველს თავი რომ არ მოვაბეზროთ, წერილის შინაარს მოკლედ მოვიყვანთ უტექსტოთ. ის წერილიც ბევრად არ განსგვავდება ზემოთ დასახელებული პაპების წიგნებისაგან. წერილში პაპი, სხვათა შორის, სწერს ლეონარდო ვილაკოელს: ეხლა შევიტყეთ, რომ ტფილისის ეპისკოპოსის, ბერთრამოს გარდაცვალებით ის ეკკლესია დარჩენილა უმწყემსოდ. იმავე ეკკლესიის სანუგეშოდ გადავწყვიტეთ, რომ სასწრაფოთ საუკეთესო ეპისკოპოსი დაედგინოს, რათა არავითარი ვნება მიეცეს დიდხანს უეპისკოპოსოდ დარჩენით. რადგან ვცნობთ თქვენს ღირსებას, ნიჭს, გულმოდგინებას, ცხოვრების სიწმინდეს და ყველაფერში გამოცდილებას, ჩვენი ძმების რჩევით და ჩვენის სრულის უფლებით, აღგირჩიეთ და დაგნიშნეთ ტფილისის ეპისკოპოსად; გვნებავს, ამ წერილს მიიღებთ თუ არა, რაც შეიძლება დაუყონებლივ წახვიდეთ ტფილისს და მართოთ იქაური ეკკლესია. იმედი გვაქვს, თქვენის სიბრძნით, წინდახედულობით და ერთგული მზრუნველობით კარგად და სასარგებლოდ წარმართოთ და აღაორძინოთ თქვენზედ მონდობილი ტფილისის ეკკლესია.
ეს საბუთები ნათლად გვიჩვენებს, რომ გიორგი ბრწყინვალის შემდეგს მეფეებსაც თავისუფლება მიუციათ ლათინის მისიონერებისათვის კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად საქართველოში. იმ მეფეთა წყალობით ყოფილა, რომ XIV საუკუნეში ტფილისის კათოლიკების ეკკლესიას არ მოჰკლებია თავისი საკუთარი ეპისკოპოსები, რომლების ზრუნვითაც კათოლიკე სარწმუნოება საქართველოში ბევრს იძენდა და თავისის იერარქიულის მოწყობილობით ტფილისის ლათინის ეკკლესია ებაძებოდა და უთანასწორდებოდა ევროპის საეპისკოპოსო ეკკლესიებს.
ჩვენამდე მოწევნილის მცირე საბუთებისაგან ნათლად სჩანს, რომ ზემოხსენებულ ხუთს ტფილისის ლათინის ეპისკოპოსს, თავიანთი ევროპელი თანაძმებითურთ, ბევრი უშრომიათ საქართველოში, მათი შრომა უნაყოფო არ დარჩენილა და შრომა უმთავრესად ქართველებისათვის ყოფილა გაწეული. იმ ქართველთაგან მიუღიათ კათოლიკობა არა მარტო ერს, არამედ ბევრ მის მღვდლებსაც ასე, რომ შეუდგენიათ ცალკე ტფილისისა და მის ეპარქიისათვის სამღვდელოება, რომლის რიცხვიც პაპების ყურადღებას იქცევდა და მათგან ცალკე წერილებიც მოსდიოდათ.
თუმცა ჩვენამდე არ მოუწევია დაწვრილებით ცნობებს იმის შესახებ, თუ ლათინის მისიონერებს როგორი განწყობილება. ჰქონდათ საქართველოს მეფეებთან და სამღვდელოებასთან XIV საუკუნეში, გარნა ვფიქრობთ, რომ კავშირი, დაახლოება და გავლენა არა ნაკლები უნდა ჰქონოდათ ვიდრე XVII და XVIII საუკუნეთა მისიონერ კაფუცინებსა ჰქონდათ. ამაზე დარწმუნებულნი უნდა ვიყვნეთ, უკეთუ არ დაგვავიწყდა, რომ დომინიკიანების და ფრანჩისკიანების ორდენები (მონაზონებრივი ძმათა წესები) სწავლა-განათლებით ბევრად მაღლა დგანან კაფუცინების ორდენზე; ამიტომ მათში უფრო ბევრნი იყვნენ მაღალ ნიჭიერნი და დიდათ განათლებულნი, რომელთა ბრძნული რჩევა უნაყოფოდ არ უნდა დარჩენილიყო ჩვენის მეფეებისა და მთავრებისათვის.



1 2 3 4



 


megobari saitebi

   

28.07.2016