XVII საუკუნი ქართველი კათოლიკენი და საქართველოში მოსვლა თეათინელთ წესის მისიონერებისა (1600-1640)


1 2 3

ამ საუკუნეშიაც, თუმცა საქართველოს უბედურების მეტი არაფერი უნახავს, კათოლიკობას ახალი და საუკეთესო დრო დაუდგა. ამ საუკუნის პირველ წლებშივე ევროპელ მისიონერებს კვალად გაეხსნათ გზა საქართველოში შემოსვლისა. შეუწყვეტლივ მოდიოდენ და ჰფენდენ კათოლიკობასთან ერთად ევროპის სწავლა-განათლებასაც. ჩვენ, თუ სრულიად არა, უმეტესი ნაწილი მაინც შევკრიფეთ იმ საბუთებისა, რომელიც შეეხება იმ დროს საქართველოში მისიონერების მოსვლას, მათ შრომას და კათოლიკობის ხელახლავ გავრცელებას. მეტად შორს წაგვიყვანდა შეკრებილი საბუთები ყველა რომ შემოგვეტანა წერილში; ამიტომ მოვიხსენიებთ მარტო იმათ, რომელიც უფრო ყურადსაღებია. მტერმა საქართველოს მოაშორა ლათინის მისიონერები, მაგრამ ქართველთ მთავრებისა და ერის გულში ვერ ამოხოცა მიდრეკილება და პატივი, რომელიც იმ მისიონერებისათვის ჰქონდათ ძველის დროიდგანვე. ზემოდ მოყვანილ საბუთებს გარდა, ქართველების თანაგრძნობას მისიონერთადმი კვალად გვიმტკაცებს შემდეგი ფაქტებიც. ალექსანდრე კახეთის მეფემ და მანუჩარ სამცხის ათაბაგმა სპარსეთში რა ნახეს ლათინის მისიონერები, თავიანთ სამეფოში გამოიწვიეს. მაგრამ სხვა და სხვა გარემოებისა გამო მისიონერებმა ვერ შეიძლეს მთავრების სურვილის დაკმაყოფილება. 1597 წ. სპარსეთში მოსული პორტუგალელი მისიონერი ანტონიო ამ გარემოებას 1610 წ. ესრედ აღგვიწერს:

„მანუჩარ ხან მთავარმა, რომელიც ქართველების ერთი სამთავროს პატრონია, ესრედ მითხრა ისპაჰანში, დიდათ მოხარული ვიქნები, უკეთუ რავდენიმე თქვენი მღვდელი წამომყვება ჩემს სამეფოში და თუ ერთ მკურნალსაც თან წამოიყვანს უფრო დიდად პატივცემული იქმნებიანო. იმავე დროს პატრი მელიქორი დეზანჟი, მეფის პალატში (სპარსეთში) ყოფნის დროს, დაჰპირდა წაჰყოლოდა ალექსანდრე მეფეს, საქართველოს ერთ მთავართაგანს, მაგრამ ლუდოვიკო პერეირე დელჩერდა, რომელიც (ისპანიიდგან) ელჩად იყო სპარსეთს გაგზავნილი,  არ დათანხმდა მის წასვლას, რადგან არ უნდოდა მოშორება".

ესევე მისიონერი მოგვითხრობს, თუ მანუჩარ როგორ ხშირად დაიარებოდა მათ ეკკლესიაში და როგორ აღტაცებით ისმენდა მათ წირვა-ლოცვას. 1621 წ. ნეაპოლში ერთი პატარა, მაგრამ შესანიშნავი წიგნაკი დაიბეჭდა ამ სათაურით:

 „გულწრფელი მოხსენება საქართველოს სამეფოების შესახებ პატრი პავლე მარია ფაიანცელი დომინიკიანის მიერ”. იმ რამდენიმე ფურცლიან წიგნაკში ჩამოთვლილია საქართველოს ოთხი-სამეფო, სხვა და სხვი გზა ევროპიდგან საქართველოდ შემოსასვლელი, მოკლედ აღწერა მისის შემოსვლისა საქართველოში და ლაპარაკი ქართველებთან. აქ მოვიყვანთ იმ ნაწილს, რომელიც ჩვენს საგანს შეეხება.

„მე ნეტარის რომის პაპის წარმომადგენელი ელჩი აბაზ უძლიერესის სპარსეთის მეფის წინაშე, ვიყავი საქართველოში 1616 წ. ივნისის და ივლისის თვეებში. იქ რაც შევნიშნე შესახებ ქვეყნისა, მცხოვრებთ ბუნებისა, მათი სარწმუნოებისა და მათი კეთილი მომზადებისა მწყემსის (პაპის) უფროსობის აღსაარებლად, აქ მოვიხსენიე ძრიელ მარტივად... „კაცები თეთრი არიან და მშვენიერი სახისა, საკმაოდ პატიოსანი ზნეობა აქვსთ; თათრულად აცვიათ, თითქმის ყველას ტანისამოსი აბრეშუმისა აქვს, რადგან აბრეშუმი ბლომად იშოვება იქ; ძრიელ მკვირცხლი ნიჭი აქვსთ და გულ ფიცხელნი არიან.

„დედაკაცები ტანმაღალნი და შვენიერი მოყვანილობისანი არიან; ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ ხელით და თან დააქვთ შვილდ-ისარი და ისართსაწყობი.
„ქართველები ყველა ქრისტიანენი არიან. ბერძნის ტიბიკონისა, აქვსთ მშვენიერი ეკკლესიები, ჩვენებურის მსგავსი; დიდრონი არ არიან და აქვსთ საშუალო ზომის სამრეკლო და ზარები.

„მარტო მღვდლებმა და განათლებულმა პირებმა იციან ბერძნული წერა-კითხვა და ენა, თათრულს თითქმის ყველანი ლაპარაკობენ, მაგრამ მათი საკუთარი და ბუნებითი ენა ქართულია, რომელიც, ვგონებ, ძრიელ ადვილათ შეისწავლოს კაცმა. რავდენიმე ასო აქვსთ ჩვენებურის ასოების მზგავსი, მათი გამოთქმა, ვგონებ, ცოტათი განსხვავდებოდეს ჩვენებურის გამოთქმისაგან.

„ძლიერ დიდი პატივის ცემა აქვსთ ჩვენი უნეტარესის რომის პაპისა, რომელსაც აღიარებენ ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ. ამ პატივის დასამტკიცებლად მე ვითარცა პაპის სახელით სპარსეთის მეფესთან რომიდგან მოსულ მღვდელს ესრეთი მორჩილება გამომიცხადეს:
1) ხელებსა და ფეხებზე მაკოცეს; 2) გულმოდგინედ მთხოვეს კურთხევა თავიანთვის, თავიანთი შვილებისა, მამულისა და საქონლისათვის; 3) ჩემთან აღსარების თქმას ნატრობდენ, მაგრამ არ დავთანხმდი; 4) დიდ პატივად რაცხვიდენ, როცა წავიდოდი მათ ეკკლესიაში, სადაც იძულებულ ვიყავი მუდამ ხელი გამეშვირა, რომ ეკოცნათ მღვდლებს, კაცებს და დედა კაცებს; 5) ჩემთვის ალერსის გამოცხადებას ერთმანერთს არ აცდიდენ; 6) სარწმუნოების შესახებ ბევრი საეჭო რამე მკითხეს, რასაც ჩვენში დიდ ყურადდებას არ ვაქცევთ, გაკვირვებით და სარწმუნოებით ისმენდენ ჩემს პასუხს; 7) ზოგიერთი თავიანთი ჩადენილი საქმე გამიმჟღავნეს და როდესაც ჩემგან სცნეს, რომ ცუდათ ექმნათ, მაშინვე სიმდაბლით შენდობა მომთხოვეს და უნდოდათ მათთვის შესაფერი საკანონო მიმეცა; 8) ვამხილე რა ზოგიერთი მათი ცრუ-მორწმუნეობა, შეცთომილება, მაშინვე ადვილად მოიშალეს.

„მათმა მღვდლებმა არა ერთხელ მითხრეს მათში გავრცელებული ერთი წინასწარმეტყველება: რომაელი ქრისტიანები, რომლებსაც დიდ ბედნიერად რაცხვენ, უნდა მოვიდენ ჩვენს ქვეყანაშიო. ეს წინასწარმეტყველება მათ წინაპრებს გაულექსავთ და ჩემს წინაშე რავდენიმე გზის იგალობეს.
„მრავალ გზის მითხრეს, რომ თქვენი მღვდლები ჩვენში რომ მოვიდენ, მაშინვე მივცემთ ეკკლესიებს, სახლებს და სხვა ყველაფერსო. უზომო წყალობად ჩასთვლიან, რომ ჩვენ უქადაგოთ და შვილები გაუწვრთნათ.
„ამ ცოტა გარემოებისაგან შეუძლია კაცმა სცნოს, თუ რა დიდი იმედი უნდა გვქონდეს მათში კათოლიკე სარწმუნოების წარმატებისათვის”.

ეს მოხსენება მოკლეა, მაგრამ ფრიად ყურად საღებია, რადგან ამტკიცებს უძველესი დროიდგან ქართველთა უცვალებელ თანაგრძნობას ლათინთა მოძღვართადმი და ეგრეთვე იმას, რასაც პაპი პავლე მესამე სწერდა ლუარსაბ მეფეს 1545 წ. და რასაც პაპი პიო მეორე 1458 წ. ამბობდა, ესე იგი საქართველოს ერი და მთავარნი პაპას სცნობდენ ყველა ქრისტიანების თავად და აღიარებდენ ქრისტეს მონაცვლედ. ამის მეტი არც კია საჭირო, რომ კაცი ნამდვილ და ერთგულ კათოლიკედ შეირაცხოს. ეგრეთვე ამ მოხსენებიდგან სჩანს, რომ, თუმცა იმ დროს საქართველოში არ ყოფილან ლათინის მისიონერები, მაგრამ ერი სულით და გრძნობით კათოლიკე ყოფილა.
მის წინეთ, ესე იგი 1613 წ., საქართველოში ყოფილან ორი ლათინის მოძღვარი პატრი გვილელმო, წმიდა აგვისტინეს წესისა და პატრი ივანე თადეოზი კარმელიტანი. სამწუხაროდ, იმათი მოსვლის შესახებ განსაკუთრებული ცნობები არა გვაქს. ამას მხოლოდ იხსენიებს დომინიკიანი პატრი გრიგოლ ორსინი თავის მოხსენებაში, რომელიც 1626 წ. წარუდგინა რომაში პროპაგანდას საქართველოსშესახებ. ეს მოხსენებაც საკმაოდ შესანიშნავია და ამიტომ მოგვყავს შემდეგი ნაწილი.

„ქართველთა შორის კათოლიკე სარწმუნოების გავრცელება ძრიელ ადვილ საქმედ მიმაჩნია და აი რატომ: 1) რადგან ადვილად დასაყვავებელი, მორჩილი, უბრალო და კაი მდგომარეობის ხალხი არიან; 2) რადგან სამოციქულო რომის წმინდა საყდარს რავდენიმე გზის მორჩილებისა, გულმხურვალებისა და ერთგულების გრძნობით სავსე წიგნი მოსწერეს; 3) ესევე გულ-მხურვალება სამოციქულო საყდრისადმი გავლილ წლებში, ესე იგი 1613 წ. კახეთის მეფე თეიმურაზმა და სხვა ქართველმა თავადებმა დაუმტკიცეს პორტუგალელს პატივცემულ პატრი გვილელმოს3 წმიდა აგვისტინეს წესისას და კატალანიელს პატრი ივანე თადეოზს კარმელიტანს, რომელიც დღესაც ცოცხალია. ორთავეს იქ ეკლესიები და ადგილები მისცეს საცხოვრებლად. ხსენებულმა თავადებმა იმ პატრებს სთხოვეს საიდუმლოების მიღება, მათთან აღსარება სთქვეს და ეზიარნენ მათისავე ხელით. ესრეთ საქართველოში აღასრულეს ყველა წესი და ტიბიკონი კათოლიკე სარწმუნოებისა, თუმცა ხსენებულმა მონაზონებმა იქ ვერ დაამყარეს თავიანთი სახლი და ეკკლესია აბაზ სპარსეთის მეფის მიერ ატეხილი სამწუხარო ომის მიზეზით, რადგან მათი იქ მოსვლის ცოტა ხნის შემდგომ მოხდა ომი და აბაზმა ბევრი ქართველთაგანი დაატყვევა, გადაასახლა და იქაურობა ერთიან მოაოხრა, რაის გამო თეიმურაზ მეფე თავის თავად-აზნაურებიანათ ივლტოდა; 4) კათოლიკე სარწმუნოების ადვილად გავრცელება მით უფრო დასაჯერებელია, რომ ქართველები მეტად ღვთის მოშიშნი არიან, სარწმუნოების ერთგულნი მსახურნი, მოსავნი ღვთის მშობლისა, მთავარ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და სხვა წმიდათა, მეტადრე წმიდა გიორგისა, რომელსაც განსაკუთრებით თაყვანს სცემენ... მთელ მსოფლიოში, სადაცკი სარწმუნოების გავრცელება საჭიროა, ხსენებული ქართველების ქვეყანა პირველი უნდა იყოს, ამიტომ მე ყველაზედ უმცირეს სამოციქულო მისიონერთაგანი სიმდაბლით და დიდის თხოვნით ვავედრებ მას თქვენს უწმიდეს უფალს პაპს ურბანო მერვეს და პრაპაგანდას, რადგან ქართველი ერი დიდათ ღირსია სამოციქულო საყდრის მადლისა და წყალობისა... ზემოხსენბული მიზეზების გამო, ესე იგი, რომ დიდი პატივი აქვსთ პეტრესი და პავლესი, რომისა და რომის პაპისა".

ესეც ცხადად და ერთ პირად ამტკიცებს ქართველების კათოლიკობისადმი მიდრეკილებას და იმათი ერთის ნაწილის კათოლიკობასაც, რადგანაც კათოლიკე მღვდლებისაგან საიდუმლო მიუღიათ და იმ მღვდლებსაც ყველა საიდუმლო და კათოლიკე წესები შეუსრულებიათ. ამის ასრულება შეუძლებელი იქმნებოდა, ერი კათოლიკე რომ არ ყოფილიყო. ქართველების ერთგულება და გულმხურვალება კათოლიკე სარწმუნოებისადმი ძლიერი რომ არ ყოფილიყო, ესე სხვა და სხვა დროს მრავალნი პირნი არ მოიხსენიებდენ მათ იმნაირის ქებით და თანაგრძნობით. იმავე დომინიკიანელმა გრიგორ ორსინმა ეგრეთვე აღწერა სპარსელებისგანსაქართველოს აოხრება და ქეთევან დედოფლის წამება, რადგან იმ დროებში, ესე იგი 1624 წ. ორსინი სპარსეთში იყო. (4)
იმ ხანებში, როგორც ცოტა ქვემოდ ვნახავთ პროპაგანდის წერილიდგან, ერთი დომინიკიანი ანჯელო ჩითადინელიც ყოფილა საქართველოში, მაგრამ დაბეჯითებით არ ვიცით, თუ რომელ წელში. ეს კია რომ 1625 წელზედ უწინ უნდა ყოფილიყო. იმისი წარდგენილი მოხსენება ვერ ვიპოეთ. გარნა ქვემო წერილიდგან სჩანს, იმასაც, მსგავსად ზემოდ დასახელებული მისიონერებისა, პროპაგანდისათვის მოუხსენებია, რომ ქართველებს დიდად უყვარსთ რომის ეკკლესიაო. სახელოვანი მგზავრი, რომაელი პატრიციო პეტრე დელლა ვალლე ამბობს, რომ ზემოხსენებული პატრი ივანე თადეოზი კარმელიტანი შაჰ-აბაზმა გაუგზავნა თეიმურაზს, რათა მისი პირველი ცოლის სიკვდილის გამო ნუგეში ეცა და მიესამძიმრებინაო. ესევე მგზავრი დასძენეს, რომ მეფემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა და ქართველმა თავადებმა ის პატრი მიიღეს დიდის პატივით იმიტომ კი არა, რომ შაჰის გამოგზავნილი იყო, არამედ უფრო იმიტომ, რომ კათოლიკე მღვდელი იყოო; რაის გამო თავიანთ ეკკლესიაში აწირვინეს, ეკკლესია და სახლიც მისცეს, რათა მათთან დარჩენილიყოო. ჩვენს მწერლობაში საკმაოდ ცნობილია ქართველების ნამდვილი და ერთგული მეგობარი პეტრე დელლა ვალლე, რომელმაც ესდენი თანაგრძნობა და შემწეობა აღმოუჩინა სპარსეთში ტყვედ წაყვანილ ქართველებს და განსაკუთრებით ანუგეშა დატყვევებული ქეთევან დედოფალი. იმან რაც ნახა და გაიგონასაქართველოსა და მისი გაჭირვებულის ერისა, თითქმის ყველა აღწერა თავისი მგზავრობის წიგნში, მეტადრე თავის მოხსენებაში, რომელიც 1625 წ. წარუდგინა პაპს ურბანო მერვეს საქართველოს შესახებ. იმან თავის წერილებში არაერთგზის აღნიშნა ქართველების მიდრეკილება კათოლიკობისადმი, მათი სიყვარული, პატივისცემა და გულმხურვალება რომის პაპისადმი. იმანვე სთქვა, რომ ცხადად არა სჩანს, ქართველებიც ბერძნებსავით გაშორდნენ თუ არა კათოლიკე სარწმუნოებასაო. სხვა მისიონერებთან ერთად ისიც მოწმობს, რომ ბოლოდროებში ქეთევან დედოფალს კარმელიტანების წესის პატრები ეწეოდნენ სულიერად და მათი ჩაგონებით გამხნევებული კათოლიკედ აღესრულაო. ვრცლად მოგვითხრობს, სპარსეთში ქრისტიანედ დარჩენილი ქართველები როგორ ერთგულად მისდევენ კათოლიკე სარწმუნოებას და რომ იმ ქართველებს ხშირად თვითვე ნათლიად უდგებოდა; მოგვითხრობს ეგრეთვე, როგორ ხშირად დაიარებოდენ პატრების წირვაზე, სხვათაშორის, ბატონი მერაბ, რომელიც სიმონ მეფეს სიკვდილამდე ტყვეობაში ახლდა, მისი ვაჟი ბატონი ვახტანგ და მისი ძმისწულები ბატონი ბეჟან და ავთანდილ და სხ... ერთის სიტყვით, დელლა ვალლემ დიდად შეაბრალა ურბანო პაპს საქართველო და მისი ერი; მათი ერთგულების გარდა, ისიც მოახსენა, რომ ქართველები მუდამ ებრძვიან ქრისტიანობის ყოვლად ძრიელ მტრებს სპარსელებს და ოსმალებს სარწმუნოების დაცვისათვის; მტრებს არა ერთხელ ამოუწყვიტეს ერთიანად მხედრობაო, ამიტომ რომის ეკკლესია დიდად დავალებულია ქართველებისაგან, რომელნიც ღირსნი არიან, სარწმუნოებრივი დახმარების გარდა სხვა შემწეობაც აღმოუჩინოთ და სხ...
ქართველების გულკეთილობამ, უბრალოებამ და მათმა სიყვარულმა კათოლიკობისადმი დელლა ვალლე იმ ზომამდე მიიზიდა, რომ თავისი პირველი ცოლის სიკვდილის შემდგომ, მეორე ცოლად შეირთო ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალი, თინათინ წიბა (
di ziba), სპარსეთში დედასთან ერთად ტყვედ წაყვანილი, იქვე დაობლებული და თავისისავე დახსნილი. დელლა ვალლემ სახელი შეუცვალა და მარიუჩა დაარქვა თინათინს, რომელიც თურმე დიდა უყვარდა ქეთევან დედოფალს. ზემოთ დასახელებული დომინიკიანი პატრების მოხსენებამ და პეტრე დელლა ვალლეს მოთხრობამ ისე იმოქმედა რომის პაპსა და კარდინალებზე, რომ მალე მიაქციეს საქართველოს ყურადღება, შეუდგნენ თათბირს და გადასწყვიტეს დაუყოვნებლივ მისიონერები გაეგზავნათ. პაპის ბრძანებით, პროპაგანდის კარდინალებმა 1626 წ. მაისის ოთხს, გადასწყვიტეს, რომ საქართველოს მისიონი მიენდოთ თეათინის წესის მონაზონებისათვის, რომლებისგანაც ხუთი დანიშნეს აქ წამოსასვლელად. გარნა დელლა ვალლემ კარდინალებს არ ურჩია პირველადვე ხუთის მონაზონის ერთად გაგზავნა შიშის გამო ოსმალებისა, რომლებიც მკაცრად ადევნებდენ თვალ-ყურს მისიონერებს და ადვილად არავის უშვებდენ აქეთ. იმისი რჩევის თანახმად კარდინალებმა დაადგინეს ხუთის მაგიერ სამი მონაზონის გამოგზავნა, პეტრე ავიტაბილეს წინამძღვრობით. ეს გარდაწყვეტილება პრაპაგანდამ აცნობა პეტრე ავიტაბილეს შემდეგის წერილით:

„მათ ღირსებას პეტრე ავიტაბილეს, თეათინელების მონაზონს.
„პროპაგინდის კრებამ, 4 მაისისამ, განიხილა თქვენი წერილი და გამოიძია თქვენი ამხანაგების ვინაობა, აგრეთვე მიიღო თქვენი უფროსი ჯენარლისაგან კაი მოწმობა თქვენის და თქვენის ამხანაგების ნიჭიერებისა და კარგის თვისების შესახებ. ამიტომ ბატონმა კარდინალებმა გარდასწყვიტეს თქვენის ამხანაგებითურთ გაგგზავნონ ქართველებთან, რომელთა შესახებ ბ. პეტრე დელლა ვალლემ ბევრი რამ მოგვითხრო, მეტადრე გვაუწყა, რომ კარგად მომზადებულნი არიან წმიდა სამოციქულო საყდართან შესაერთებლადო. აწ შეგიძლიათ თქვენის ამხანაგებითურთ წასასვლელად მოემზადოთ ლოცვითა და თავგანწირულებით წმიდა მისიონისათვის; შეგიძლიათ მათაც უჩვენოთ ამ წერილის ერთი პირი. როცა აქ მოხვალთ, თანახმად თქვენი უფროსის ბრძანებისა, რომელსაც აქამდე მიიღებდით კიდეც, ხსენებული პეტრეც მოგცემსთ შესაფერს და საჭირო დარიგებას.
ჩვენც მოგცემთ თავის გასაცნობელ წიგნს, ყველა საჭირო უფლებას და ნივთებს და მაშინვე გაგისტუმრებთ ხსენებულის მისიონისათვის. ღმერთსა ვთხოვ, გაკურთხოს და გარდმოგივლინოს თავისი წმიდა მადლი. რომით, 9 მაისისა, 1626 წ.”.

პატრებს პეტრე დელლა ვალლემ ყოველი საჭირო დარიგება ვისცა მომავალის მგზავრობისათვის თუ ოსმალეთსა და თუ საქართველოში. ეგრეთვე პროპაგანდამ, საჭირო ნივთების გარდა, მისცა მათ 11 სხვა და სხვა სასულიერო უფლება და პრივილეგია, რათა დიდის სიადვილით და ნაყოფიერად აღესრულებინათ თავიანთი მისიონი საქართველოში. ესრედ მომზადებულნი იმავე წელს ივლისის 23 დღესა წამოვიდენ რომიდგან საქართველოსკენ და თან წამოიღეს პაპის ოთხი წერილი საქართველოს ოთხ მეფესთან, ესე იგი, გურიელთან, დადიანთან, იმერეთის მეფესთან და თეიმურაზთან, რათა კარგად მიეღოთ ის მონაზონები და ნება მიეცათ საქართველოში კათოლიკე სარწმუნოების ქადაგებისა. პროპაგანდამაც იმათ ერთი წიგნი გაატანა დასავლეთის საქართველოს მიტროპოლიტთან. აქ მოვიყვანთ იმას და თეიმურაზთან მოწერილ წიგნსა. ხოლო დანარჩენებს მოვიყვანთ ყველას თავის შესაფერ ადგილს.

„დასავლეთის (5) ქართველთა მიტროპოლიტს
„თქვენო ყოვლად ბრწყინვალე უსამღვდელოესობავ.
„პროპაგანდის კრების ბატონმა კარდინალებმა სხვა და სხვა მოხსებიდგან და ამ ბოლო დროს წერილიდგან, რაიც წარმოადგინა დომინიკიანე ანჯელო ჩითადინელმა, რომელიც დიდი ხანი არ არის, მანდ იყო, სცნეს დიდი სიყვარული ქართველთ ერისა რომის წმიდა ეკკლესიისა და სამოციქულო საყდრისადმი, რომელზედაც სჯდა მთავარ მოციქული დიდებული პეტრე და განსაკუთრებული ერთგულება, რომელიც აქვსთ რომაში დასვენებულის იმავ წმიდა პეტრესა და პავლეს ნაწილებისადმი. რადგანაც კარდინალებსა სურსთ ამ სიყვარულისათვის ქართველთ ერს მიაგონ სამსახური, როგორათაც იმავე ერს მიაგეს ნეტარ ხსენებულმა რომის მღვდელთ მთავრებმა პიო მეორემ და პავლე მესამემ, ამიტომ გადასწყვიტეს გამოგზავნონ სამი მღვდელი პატრი პეტრე ავიტაბილე, პატრი ფრანჩისკე აპრილი და პატრი იაკობ სტეფანო, რათა მოვიდენ, ნახონ თქვენი მეუფება, ვითარცა სასულიერო მთავარი მაგავე ერისა და გაგიზიარონ სხვა და სხვა განზრახვა მოქმედებისა თქვენის ერის და თქვენის სულის ცხონებისათვის.
ხოლო უკეთუ თქვენთვის სათნო საყოფელი იქმნეს ამ აზრით მათი ნახვა, მოუსმინეთ და ერწმუნეთ ყველაფერში, რაც კი მოგახსენოსთ ბატონი კარდინალების მხრივ. გარდა ამისა თქვენს მფარველობას ავედრებენ ხსენებულ მღვდლებს და დიდათ გთხოვენ, რაოდნათაც შესაძლებელია, ადვილად მოუპოვოთ სადგომი სახლი და ეკკლესია, რათა შეიძლონ წირვა-ლოცვა და ყოველი სულიერის მსახურების ასრულება, რაც კი შეეხება სულის ცხონებას.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რაც სიკეთეს ხსენებულ მღვდლებს მიაგებთ, კარდინალები ისე ჩასთვლიან, ვითომც იმათთვის მიგეგოსთ და მზათ იქმნებიან, როცაკი საჭირო იქმნება, თქვენს მეუფებას სამსახური გაუწიონ. ღმერთს სთხოვენ თქვენთვის ყოველ გვარს ბედნიერებას.
რომით, 20 ივნისს, 1626 წ.".

წერილებიდგან არა სჩანს, ამის პასუხი მიიღეს თუ არა.
მოგვყავს ურბანოს პირველი წერილი თეიმურაზთან.

„პაპი ურბანო მერვე, თეიმურაზს, კახეთის მეფეს.
„კეთილშობილო მეფევ, მშვიდობა და ღვთის წყალობის ნათელი.
საქართველო, ეგრეთ უხვი თვალ უწვდენის ტყეებით და დამშვენებულის ჭირნახულით, მალე მოირწყვის დაუშრეტელი წყაროს წყლით, უკეთუ გამოიღო ნაყოფი, რომელსაც ევროპა და რომა მოელის. ჩვენ გვრწამს მომავალი მისი ბედნიერება. გიგზავნით ღვთიურ მეცნიერებაში განსწავლულ მღვდლებს, რომლებიც სხვას არას ნატრობენ, თუ არ ერის გაბედნიერებას. უკეთუ ესენი თქვენს ქვეყანაში დაადგინეთ, თქვენი მამობრივი მფარველობა არ მოაკელით და თუ თქვენმა ერმაც გულმოდგინებით მოუსმინა მათ სიყვარულით სავსე სიტყვები, მაშინ ჩვენთა მეფეთა საპატიო და ეგოდენთა გვართა სამკვიდრებელი რომის ქალაქი დიდად და უზომოდ დავალებულ იქნება თქვენგან. იტალიისათვის დიდად სასიქადულოა, რომ კახეთის მეფემ მოუსმინოს რჩევა მღვდლებს, რომელთაც უნდათ განამზადონ გზანი უფლისანი და წრფელჰყონ ალაგნი მისნი. როგორა გგონიათ, კეთილშობილო მეფევ? განა ცოტა რამეა ის სიკეთე, რასაც ჩვენი მღვდლები თქვენის დიდებულებისაგან მოელიან, ეგრეთვე რომის ქება და უმაღლესის მწყემსის მომადლიერება? უკეთუ თქვენი უმაღლესი ნიჭი ნატრობს დიდებას, ცხადია, არაფერს დაზოგავთ, რათა თქვენი სახელი იქოს და იდიდოს ქრისტიანების დედა ქალაქსა და ყველა ტომთა საერთო სამშობლოში. რადგან თქვენის სამსახურით, რომელსაც მოგვაგებთ, ღირსი შეიქმნებით ყოოლის მპყრობელის განსაკუთრებულის მფარველობისა, იმ ყოვლის მპყრობელისა, რომელიც თავისად რაცხს ყველა სამსახურს, რასაც კი მიაგებენ უცხოთა და გლახაკთა, ეგრეთვე ჩვენც დაუცხრომელად ვილოცავთ უფლის მიმართ, რათა გაგიღოს ზეცის კარი, გიწინამძღვროს თავისი სჯულის გზით და შემდგომ მოგაგოს უკვდავების და გამარჯვების სუფევა. თქვენი ერიც დიდად კმაყოფილი დარჩება ამ მღვდლებისგან, რადგან ესენი ევროპიდგან აზიას იმიტომ კი არ მოდიან, სიმდიდრე, ანუ შეძლება რამ შეიძინონ, არამედ მათი მიზანი და ნატვრა მარტო ერის ბედნიერება და მეფეთათვის დიდების შეძენაა. ოჰ! რაოდნათ ბედნიერ შეიქმნებით, უკეთუ ეცდებით, რომ თქვენმა ქვეშევრდომმა ერმა მოისმინოს მათი სასარგებლო მოძღვრება, რომელიც ამოღებული აქვსთ ქრისტეს მკერდიდგან, და რომელსაც შეუძლია კაცი ანგელოზად აქციოს და ქვეყანა სასუფევლად შესცვალოს. რომამდე მოაწია ყველა თქვენის უბედურების ამბავმა და მასთანვე მოგვითხრეს საოცარი და შეუდრეკელი სიმხნე, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ. ეგრეთვე ვუწყით, თუ რაოდენი სიმტკიცე სარწმუნოებისა გამოიჩინა დედა თქვენმა, რომელმაც ქრისტიანობაზე ხელის აღებას თავისი სამეფოს დაკარგვა და სიკვდილი არჩია. მაშ, ეგოდნათ განთქმულის დედის შვილო და ეგოდენთა განსაცდელთა მძლეველო, მოუსმინეთ ჩვენს მღვდლებს ყოველი რჩევა, რომელსაც მოგახსენებენ სარწმუნოების სახელით და რომელიც შეიქმნება მშვენიერი სამკაული თქვენის განუდრეკელი მხნეობისა. ხოლო ჩვენის სამოციქულო კრებულით ჩვენც დიდათ აღვამაღლებთ თქვენს სახელს და ვევედრებით ღმერთს, რომ მოსცეს მხნეობა და ძლევა მოსილება თქვენს მხედრობას, რათა გამარჯვებული ქვეყნიერს მტრებზე, გვირგვინოსანი წარსდგეთ საუკუნო ბედნიერების მამულში. რომით, 4 ივლისს, 1626 წ.".

აი ესრეთი თავის გასაცნობელის წიგნით აღჭურვილნი გაუდგნენ გზას ის სამი მისიონერი, მოვიდენ მესინას და იქ თავიანთი ძნელი მგზავრობის სამზადისს შეუდგნენ. მესინაში სამგზავროდ მზადებასა და ხომალდის ცდაში რომ იყვნენ, მოულოდნელად მოვიდა თეიმურაზ მეფის ელჩი, რომელიც გაეგზანა პაპთან, ისპანიის და ევროპის სხვა მთავრებთან, რათა შემწეობა ეთხოვა სპარსეთის წინააღმდეგ. ქართველთა ელჩის მოსვლამ დიდად განახარა სამი მისიონერი და დანარჩენი იქ მყოფნი მათის წესის მღვდლები, რომლებიც დიდის პატივით მოეპყრნენ და მიაგეს ყოველნაირი სამსახური, რაც კი შესაძლებელი იყო. სანამ თეათინელების მგზავრობის ამბავს განვაგრძობდეთ, საჭიროდა ვსთვლით იმ ქართველის ელჩისა ვსთქვათ ცოტა რამ. თეათინელი წესის ისტორიკოსები იმ ქართველთა ელჩისას მოგვითხრობენ შემდეგ ამბავს. იგი იყო წმიდა ბასილის წესის მონაზონი, ნიკიფორე ერბახი, ანუ ერბაჩო (საქართველოში ნიკოლოზ ბერად წოდებული) და ახლდა თან ორი თავისის წესის მონაზონი (ცხადია, ქართველები) და ერთიც მოენე. თუმცა ბევრი თანმხლებელი არა ჰყავდა, მაგრამ მისი ღირსეული ქცევა ცხადყოფდა მის დიდებულობას, განკრძალულებას და პატიოსნებას და თავის მონაზონებრივის ცხოვრებით ყველას თავს აყვარებდა. თავის მამისას ამბობდა, რომ ერთი უპირველესი თავადთაგანი და საქართველოს ჯარის უფროსი იყოო, მრავალ გზის დაუმარცხებია სპარსელები და სხვათა შორის, ერთხელ 20,000 ქართველით ამოუწყვეტია 90,000 კაცი სპარსელების ჯარისა. ევროპაში ამის წასვლის დროს, საქართველოს ჯარის უფროსად ყოფილა მისივე ბიძაშვილი, რომელიც არა ნაკლებ მხნეობას იჩენდა ომში. სამწუხაროდ, იმ პირების საკუთარი სახელი მოხსენებული არ არის. ხოლო ნიკიფორეს ძმის წულს (ანუ დის წულს) ჰრქმევია ზურაბ ერისთავი ყარაყალხანისა (Caracalcan). ელჩს დიდად გაეხარდა, რა სცნო, სამი მისიონერი პაპის წერილითურთ მიდიოდა მეფე თეიმურაზთან.

თეათინელებმა ნიკიფორე გაისტუმრეს ნეაპოლს, საცა მიიღეს იგი დიდის პატივით მათისავე წესის მღვდლებმა. ნეაპოლიდგან ქართველთ ელჩი პირდაპირ მადრიდს წავიდა, რათა ისპანიის მეფე აღეძრა სპარსეთთან საომრად. გარნა მის ელჩობას მადრიდში პირველად დიდი ყურადღება არ მიაქციეს, რაის გამო ნიკიფორე იძულებული გახდა, ქალაქის ერთ საზოგადო სასტუმროში დამდგარიყო. მაგრამ მალე მისმა ნეაპოლში ნაცნობმა თიათინელმა ბერებმა მადრიდს თავიანთი წესის მღვდელს მისწერეს ნიკიფორეს ვინაობა და ამ სახედ, მისი საშუალებით, იგიგააცნეს ისპანიის მთავრობას. უკანასკნელი რა დარწმუნდა, ნიკიფორე მართლა ელჩი იყო, საჩქაროდ დიდის ამბით წააყვანინა საზოგადო სასტუმროდგან და დააბინავა ერთს სახელმწიფო პალატში, სადაც მის ღირსებას შესაფერად მოეპყრო; იქიდგანაც rომას დიდის დიდებით გამოისტუმრა.
თუმცა ნიკიფორე ისპანიის მთავრობისგან კმაყოფილი გამობრუნდა მაგრამ არა სჩანს, თუ რა შემწეობა აღმოუჩინეს. ის კი ცხადია, რომ მისი თხოვნა სპარსეთის მიმართ ომის გამოცხადებისათვის ადვილი ასასრულებელი არ იყო, რადგან იმ დროს ევროპის მთავრები სპარსეთს მეგობრულად ეპყრობოდენ, რათა მასაც ევროპელებთან ერთად ებრძოლა ოსმალეთის წინაღმდეგ. ნიკიფორე, ანუ ნიკოლოზ რომას ჩავიდა თუ არა, დიდის პატივით მიიღეს, რადგან ისპანიაში მყოფის პაპის ნუნციოსგან შეიტყეს, რომ ისპანიის მეფეს იგი მიეღო, როგორც ქართველი მეფის ელჩი. ხოლო პაპმა ის მაშინ მიიღო, როდესაც კათოლიკე სარწმუნოება აღიარა. ნიკოლოზმა პაპს მიართვა თეიმურაზ მეფის წერილი, რომელიც დიდად ყურადსაღებია, რადგან ამ წერილით მეფე აღიარებს თავისს სარწმუნოებას, პაპს ქრისტიანების მამად და მთავრად სცნობს და ჰპირდება ყველა ნაირს მორჩილებას და პატივს.
აი მისი წერილი:

„რომის დიდს მწყემსსა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. აღვიარებთ და თაყვანს ვცემთ იმავე ერთარსებას, ერთს ღვთაებას და ერთს სუფევასა. სიხარულით სავსე მოგმართავთ და ვისწრაფვით თქვენის სიწმინდისადმი, რადგან სარწმუნოება და სწავლა-მოძღვრება, რომელიც მოციქულებმა ასწავეს, განუხრწნელად დავიცევით და ეგრეთვე კვალად აღვედით ჩვენს ივერიის სამეფო ტახტზე. აღმოსავლეთიდგან გწერთ რომას, საიდგანაც, როგორც მზე, დიდად ბრწინავთ და ანათებთ მთელს ქვეყანას და, ვითარცა ქერაბიმი და სერაბიმი, სჭვრეტთ ყოვლად წმიდა სამებასა, ეგრეთვე ჰფენთ სოფლად ნათელს, რომელსაც ღვთის მიერ ღებულობთ: თქვენ ხართ პატივი ქრისტესი და საფუძველი სარწმუნოებისა, რაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ჰგადაგეს, თქვენ ყოველივე უწყით. პეტრემ განასწავლა სოფელი და განაბრწყინა. ესევე ვალდებულება გაძევსთ თქვენ აღჭურვილი ერთისა და იმავე ძალითა თქვენ ხართ ყველაზე უდიდესი და უმეტესად ამაღლებული მწყემსი. ამ წერილით მოკრძალულნი წარვსდგებით თქვენს წინაშე და რიდითა და მისალმებით ვემთხვევით თქვენს მოციქულებრივ ფერხთა, ვინაიდგან ყველას უკვდავების წყალს ასმევთ საუკუნო ცხოვრებისათვის. ვითხოვ თქვენგან კურთხევას და ცოდვების შენდობას, რადგან თქვენ ხართ სვეტი სარწმუნოებისა, მთავარი მთელი ქვეყნისა და უპირველესი საყდარი ყოველთა. დარწმუნებული ვართ, რაც უნდა გთხოვოთ, ყოველსავე სიამოვნებით მოგვანიჭებთ. ღვთის შეწევნით და თქვენის უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით მივიღეთ მეფობა. აწ გთხოვთ, თქვენი ბრძანებით დაგვამტკიცოთ. ჩვენც ჩვენის მხრივ გპირდებით მორჩილებას და პატივისცემას. ოსმალებთან და სპარსელებთან მუდამ უთანხმოება გვაქვს და ხშირადაც ჩხუბი მოგვდის მათთან. მაგრამ ღვთის შეწევნით არცერთ მათგანს დავემორჩილეთ. მხოლოდ თქვენი ქვეშევრდომნი ვართ, რაც გნებავსთ, გვიბრძანეთ და ყველაფერს აღვასრულებთ. როგორათაც ღმერთი მამაა ყველა არსთა, მსგავსათვე თქვენც ხართ მამა ყოველთა მორწმუნეთა. თქვენის შუამდგომლობით მსურს დაკავშირება ისპანიის მეფესთან. ამის შესახებ მას მივწერეთ. ამიტომ გევედრებით და გთხოვთ, თქვენც ეცადოთ, რათა იგი დათანხმდეს. მღვდელი ნიკიფორე მოგართმევსთ ამ წერილს, რომელიც აღვწერეთ ძრიელ მარტივად. აწ ჩვენი უდიდესი ნატვრა ეს არის, რომ შევიქმნეთ სათნო საყოფელი თქვენის უწმიდესობისა. თქვენ ხართ პირველი საყდარი და გაქვსთ უსაზღვრო ხელმწიფება. გვიბრძანეთ და ყველაფერში დაგემორჩილებით. ქართლით, 20 ნოემბერს, 1622".

ეს წიგნი ქართულად დაწერილი მიუტანია ნიკიფორეს რომას და იქ უთარგმნიათ ლათინურად. ჩვენ ბევრი ვეძებეთ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვიპოეთ ქართული დედანი.
თეიმურაზ მეფის მხრივ ამაზე უკეთესი წერილის მიწერა და პაპისადმი უკეთესად გამოცხადება თვისთა კათოლიკე გრძნობათა, რიდისა, პატივისა, მორჩილებისა და სიყვარულისა, აღარ შეიძლებოდა. ეს წერილიც ცხადად ამტკიცებს იმას, რომ, როგორც ზემოდ ვსთქით, ქართველი ერი სულით და გულით კათოლიკე იყო, თვით იმ დროსაც, როდესაც საქართველოში ლათინის მისიონერები აღარ მოიპოებოდენ. აქ ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ ამ წერილის სინამდვილე საეჭვოდ შექმნა ერთმა გარემოებამ: თეიმურაზს შემდეგ უარი უყვია, პაპთან წიგნი არ მიმიწერიაო. ამ ამბავს თეათინელი მისიონერი ლამბერტი ესე აღგვიწერს „შეიძლება კაცმა იჭვი შეიტანოს, რომ ნამდვილი მისი დაწერილი იყოს, რადგან როდესაც ჩვენ მივედით საქართველოში და გადავეცით პაპის წიგნები, მან ცხადად უარჰყო, პაპისათვის არასოდეს მიმიწერია წიგნიო. ცხადია, იმიტომ სთქვა, რომ ვერ გაბედა ამნაირი თავისი საქციელი გაემართლებინა საზოგადოების წინაშე, შეეშინდა შეურაცხყოფისა ბერძნების მხრივ, რომლებიც იმ დროს მასთან იყვნენ, ვინაიდგან ბერძნებს დიდად სძულსთ პაპის მიმართ მორჩილება. ეს აზრი მე მტკიცედ მიმაჩნია და ვერ დავიჯერებ, ნიკიფორეს ის წიგნი გაეყალბებინოს, რადგან მასთან ათი წლის განმავლობაში დაახლოვებული ვიყავ და დავრწმუნდი, რომ იგი იყო გულწირფელი , წყნარი თავის საქმეში და ყოვლად მტკიცე რომის მღვდელთმთავრისადმი პატივისცემაში.
ნიკოლოზ რომაში ერთ წელიწადზე მეტი დარჩა. მიზეზი ხანდაზმულობისა ის იყო, რომ მას თეიმურაზის მეფის წერილის გარდა, სხვა არაფერი მოწმობა ჰქონდა, რომელსაც უეჭველ ეყო მისი ელჩობა. რომაში დიდის პატივისცემით მიიღეს, მაგრამ მის თხოვნას პირველშივე ჯეროანი ყურადღება არ მიაქციეს. ამიტომ ვენეციაში მისწერეს იქ მიმსვლელის მგზავრებისგან რამე შეეტყოთ მისის ვინაობისა. ჯულფელმა (სპარსეთშია) ვაჭრებმა, თეიმურაზის ამბავი, რაც კი შეეტყოთ, მიუთხრეს, მაგრამ ნიკიფორესი კი არაფერი იცოდენ. მისი რომაში დიდხანს დარჩენა უნაყოფო როდი ყოფილა. გარდა იმ საქმისა, რისთვისაც იყო მოსული, დიდად ხელი შეუწყო შედგენას ქართულ-იტალიურის ლექსიკონისას, რომელიც დაიბეჭდა რომაში 1629 წ. საკმაოდ შეისწავლა იტალიური6 და მასთანვე ცოტა ქართულიც ასწავლა სტეფანე პაოლინას რომელმაც ნიკიფორესთან ერთად შრომა მიიღო იმ ლექსიკონის გამოცემისათვის. ნიკიფორემ დიდი მონაწილეობა მიიღო აგრეთვე რომაში ქართულის სტამბის დაარსების საქმეში. პაპს და კარდინალებს კარგად გააცნო საქართველო და მიუთხრა თეიმურაზ მეფის თავგადასავალი. ვაპირებთ ამ საგანზე მისი ნალაპარაკევი თეიმურაზის სხვა ამბებთან ერთად ცალკე წერილში მოვიყვანოთ. რომაში ნიკიფორემ თეიმურაზი გააცნო თეოფილეს სახელით, ეგრეთვე პირადათაც განუმარტა და განუმეორა პაპს ყოველივე, რასაც თეიმურაზ წერილით თხოულობდა, ესე იგი; 1, რომ კანონიერად ეცნო და დაემტკიცებინა თეიმურაზ ივერიის მეფედ; 2, მეფისათვის წერილი მიეწერა, ახსნა ებოძებინა და მიეღო იგი რომის ეკკლესიის შვილად; 3, მიეწერა ისპანიის მეფისათვის და ეცნობებინა, რომ თეიმურაზ შეიქმნა პაპის ერთგულ შვილად და მისი თავი შეევედრებინა მისთვის; 4, ეგრეთვე თავის გასაცნობელი წერილი მიეწერა ნეაპოლისა და პოლონეთის მეფეთათვის. რადგან მათ ქვეყნებზე უნდა გაევლო ნიკიფორეს საქართველოში დაბრუნების დროს. მასთანვე ნიკიფორემ წერილით წარადგინა მოხსენება იმის შესახებ, თუ ქართველთ ერი რა სარწმუნოებას აღიარებდა. 20 ივნისს 1628 წ. გამოიძია პროპაგანდის კრებამ, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, და ერთპირად დაადგინა, ქართველები ძრიელ ცოტათი განსხვავდებიან კათოლიკე სარწმუნოებისგანო. იმავე დროს საჭიროდ დაინახა ნიკიფორემ, ევროპის სხვა სამთავროებიც დაევლო და საქართველო გაეცნო მათთვის. პაპს სთხოვა იქაურ მთავრებთან თავის გასაცნობელი წიგნები. პაპმაც ადვილად მისცა წერილები შემდეგ მთავრებთან: ისპანიის მეფესთან, ნეაპოლის მეფის მაგიერთან, ფლორენციის დუკასთან, უნგარეთის და ბოჰემიის მეფესთან, პოლონეთის და შვეიცის მეფესთან და ეგრეთვე საფრანგეთის მეფესთან. გარდა ამისა, პაპმა მისწერა იმ მთავრებთან მყოფ თავის ნუნციებს, ნიკიფორე წარედგინათ მთავრებთან, ვითარცა საქართველოს მეფის ელჩი. რადგან იმ ექვს მეფესთან ნიკიფორეს შესახებ მიწერილი წერილები პაპისა ბევრად არ განირჩევა ერთმანერთში, ამიტომ მარტო ერთს მოვიყვანთ აქ ნიმუშად.

„ქრისტესმიერ ჩვენს ფრიად საყვარელს შვილს ისპანიის კათოლიკე მეფეს ფილიპეს, პაპი ურბანო VIII.
„ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. ჩვენი საყვარელი შვილი ნიკიფორე ერბახი, წმიდა ბასილის წესის მონაზონი, საქართველოს მეფის ელჩი, როგორც თქვენის წერილიდგან მტკიცდება, ღირსია ქრისტიანე მეფეთა მფარველობისა. როდესაც რომაში იყო საქართველოს მეფისა და სარწმუნოების საქმის გამო, რაოდნათაც შემეძლო, მწყემსებრივი მზრუნველობა და მამობრივი სიყვარული გამოვუცხადეთ. ახლა ბრუნდება თავისს ქვეყანაში და ჩვენ ჩვენის მოციქულებრივის წერილით ვავედრებთ ყველა მთავრებს, რომლების პროვინციებშიაც უნდა გაიაროს. ჩვენ არ ვინებეთ აქიდგან ისე გაგვესტუმრებინა, რომ ჩვენი მღვდელთმთავრული გულკეთილიბა არ გამოგვეცხადებინა ამ პირისათვის, რომელსაც თქვენმა დიდებულებამ მოუწონა და ურჩია ეს კეთილი და დიდი მგზავრობა. რომით. 18 ნოემბერს 1628, მღვდელთ მთავრობის მეექვსე წელსა”.

რომიდგან წასვლის დროს, პროპაგანდამ ნიკიფორეს გადასცა პაპის წიგნი თეიმურაზთან შემდეგი წერილითურთ:

„ნიკოლოზ ერბახს, წმიდა ბასილის მონაზონს.
„ამასთან მიიღებთ პაპის წერილს პასუხად ივერიის მეფის წიგნისა, რომელიც თქვენ მოუტანეთ მის უწმიდესობას. მაშ კეთილ-ინებეთ და წარუდგინეთ მის ხელმწიფებას და შემდგომ მოილაპარაკეთ მასთან, პროპაგანდის შესახებ, როგორათაც მოხსენებულია წერილში და თავის დროზედ პროპაგანდას მოსწერეთ ყველაფერი დაწვრილებით იმის შესახებ, რასაც აღასრულებთ თანახმათ ზემოხსენებული წერილისა. რომით, 9 ოქტომბერს, 1628 წ.".

პაპის მიწერილობის თანახმად ნუნციებმა ყველგან დიდი პატივით მიიღეს ნიკიფორე და წარადგინეს მთავრებთან, რომლებიც არა ვითარ პატივს ზოგავდენ მისთვის. ფლორენციაში ტოსკანიის დუკამან დიდის პატივით მიიღო ნიკიფორე, დიდი ხარჯი გაუწია და წასვლის დროს თავისი შეკაზმული ძვირფასი ცხენიც აჩუქა, რათა უფრო ადვილად ემგზავრა. იქიდგან გერმანიაში წავიდა. ამის შემდგომ აღარ ვუწყით მისი ამბავი, ვიდრე საქართველოში დაბრუნებამდე აგვისტოს თვეში 1623 წ. ევროპაში მგზავრობის დროს თეათინის წესის მღვდლები დიდად ეწეოდენ ნიკიფორეს. სადაც კი სახლი ჰქონდათ, ყველგან დიდის პატივით მიიღეს და აღმოუჩინეს ყოველგვარი შემწეობა. რომაში ხომ სულ თავიანთ მონასტერში ჰყავდათ და დიდის პატივისცემით ეპყრობოდენ. თეიმურაზთან ნიკიფორეს ხელით გაგზავნილი პასუხი შემდეგის შინაარსის არის.

„პაპი ურბანო მერვე. საყვარელს შვილს, საქართველოს მეფეს, თეიმურაზ ხანს.
„უუძლიერესო მეფევ, მშვიდობა და ღვთის წყალობის ნათელი.

„ქვეყნიერ მთავრობათა, რომელნიც საუკუნო მეფის მოხარკენი არიან, სუსტი საფუძველი აქვსთ, უკეთუ არ არიან დამყარებულნი იმ შეურყეველ კლდეზე, რომელსაც ვერ სძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, როგორადაც დაამტკიცა ყოვლად ძრიელმა უფალმან. ამიტომ ქრისტიანე ხელმწიფენი, რომელთაც კარგად იციან საუკუნო ცხოვრების მეცნიერება და ამ ზეციერის მეცნიერებით ჰმართვენ თავიანთ სამეფოს, გამარჯვებით დაგვირგვინებულნი მოდიან რომის მღვდელთ მთავრის მოციქულებრივ ფერხთა სამთხვევლად და უცხადებენ თავიანთ შვილობრივს მორჩილებას. ძალნი ზეცისანი ამხედრებულან ახალის მთავრობის დასაცველად, ვინადგან თქვენს ხელმწიფებას აწ სურს ჩარიცხოს თავი კათოლიკე მეფეთა კრებაში. ჭეშმარიტად ღვთიური სახიერება ევლინება საქართველოს და ამისი ცხადი ნიშანიც ის არის, რომ ამ ბოლო დროს, ვითარცა მფარველნი ანგელოზნი, მოგევლინათ მოძღვარნი და მოგიტანეს საუკუნო სიბრძნის რჩევანი. ღმერთი, რომელიც გაბნეულ ისრაელს შეჰკრებს და გაჰკურნებს ყველა ტომთა, აღარასოდეს მოგაკლებსთ თავისს მოწყალებას. ამიტომ ჩვენც მამობრივის სიყვარულით მივიღეთ საყვარელი შვილი წმიდა ბასილის მონაზონი ნიკიფორე ერბახი, რომელიც თქვენის წერილით მოგვივლინეთ თქვენ მოწმად და თქვენის პირობის თავდებად. ხოლო აწ სიმდაბლით ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელთა არის გული მეფეთა, რათა სანატრელი დასასრული მოსცეს თქვენის უმაღლესობის კეთილს განზრახვას, რაოდნათაც შეიძლება, მალე შეხვიდეთ რომის დედა ეკკლესიის წიაღსა მოვლენილის ანგელოზების წინამძღვრობით. გვნებავს თქვენი ახსნა ყოველის საეკლესიო დაბრკოლებისგან და ეგრეთვე ზიარგყოთ ეკკლესიის ყოველი შენდობისა, ვითარცა მოზიარენი არიან ხოლმე ყველანი შეერთებულნი საიდუმლოებით წმიდა პეტრეს მოსაყდრე პაპებთან. ამ სულიერ წყალობას განიჭებთ ხელითა ჩვენის პატივცემულის ძმის მირის ეპისკოპოსისათა, რომელიც აწ უნდა დამკვიდრდეს ნახჩევანის ეპარქიაში. უკეთუ ვერ მოვიდა, მაშინ მის მაგიერობას გასწევენ თეათინელი წესის მღვდლები, რომლებიც უკვე წარმოვგზავნეთ თქვენს ქვეყანაში სახარების საქადაგებლად. თუ, ვინიცობაა, ამ ღვდლებმაც თქვენამდე ვერ მოაწიეს სხვა და სხვა დაბრკოლებათა გამო, მაშინ განკარგულებას მოვახდენთ, რომ სპარსეთიდგან მოვიდენ აგვისტინიანის წესისა, ანუ კარმელიტანების მონაზონები, რომლების საშუალებითაც ჩაითვლებით ღვთის რჩეულ შვილთა რიცხვში. როდესაც მათ წინაშე, ჩვეულებისამებ, კათოლიკე სარწმუნოებას აღიარებთ და თქვენ მიერ გამოცხადებულის მორჩილების მოწმობას ჩვენდამი წარმოგზავნით, მაშინ, მოციქულებრივის ძალით, რომლითაც ყოვლის შემძლებელი მეფეთა მსაჯული სამეფოთა სცვლის და ამტკიცებს, ჩვენის მღვდელთ მთავრულის კურთხევით და დიდებით დაგამტკიცებთ მეფედ. ეგრეთვე ვეცდებით დაგიმეგობროთ ძმურის სიყვარულით ქრისტიანე ხელმწიფენი და მეტადრე ისპანიის მეფე, რომლის მეგობრობასაც ნატრობთ. პროპაგანდის კარდინალთა კრებამ თვით ნიკიფორეს აუწყა, რაც უმთავრესად თქვენის დიდებულებისაგან მოითხოება და რასაც რომა მოელის თქვენგან. მიუცილებლად საჭიროა იგულმოდგინოთ და იზრუნოთ, რათა ეპისკოპოსთა და მღვდელთა, რომლებიც საქართველოში ერს უვლიან სულიერად, იარონ ერთად უფლის სახლში და თქვენთან ერთად სცნონ პეტრე მოციქულის უპირატესობა და პატივი სცენ ეკკლესიის ხილულ თავს, რომელიც ზის რომის საყდარსა. ჩვენ ამის უკეთეს საშუალებას არას ვხედავთ საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად და არც ამის უსაჭიროესს, რომ მიიღოთ ზეციური მფარველობა. ჩვენის მღვდელთ მთავრულის უფლების დიდებად. ჩვენის სამწყსოს ცხონება მიგვაჩნია, ამიტომ დიდად მოხარული და გამარჯვებული ვიქნებით და ნიადაგ ვაქებ-ვადიდებთ ზეციერ მამას, თუ გვეღირსა შეტკბობა და შეთვისება მოციქულებრივის სიყვარულით თქვენებრ დიდებით და სიმხნით განთქმულის მეფისა; მაშინ შეგამკობთ ყოველის სულიერი სიკეთით, რომელსაც კათოლიკე მეფენი სააქაო მფლობელობის სახელზე უფრო მეტად აფასებენ. რომით, 2 დეკემბერს 1628.". შემდეგში ვნახავთ, რომ თეიმურაზ მეფემ პაპის წერილს საკმაოდ ყურადღება მიაქცია. აწ დავუბრუნდეთ თეათინელების მგზავრობის ამბავს.


1 2 3


megobari saitebi

   

01.11.2016