XVII საუკუნი ქართველი კათოლიკენი და საქართველოში მოსვლა თეათინელთ წესის მისიონერებისა (1600-1640)
1626 წ. დეკემბერში, ორი მისიონერი სიცილიიდგან აღმოსავლეთის გზას გაუდგნენ; მესამე იქვე დარჩა სნეულობის გამო. გზაში ბევრი ტანჯვა გამოიარეს და ბოლოს კოსტანტინეპოლს მივიდენ მარტის თვეში. იქ საფრანგეთის ელჩმა დიდის პატივით მიიღო მისიონერები. იმ დროს იქვე იმყოფებოდა ერთი ქართველი თავადი, თეიმურაზის ელჩი, სახელად მორაო (მოურავი ანუ მავრო), რომელსაც მეფის მინდობილებანი აღესრულებინა და საქართველოს დაბრუნებას აპირებდა. იმავე დროს სპარსეთსა და ოსმალეთს ომი გაემართნათ, ამის გამო საქართველოს გზებიც ბევრს ადგილას შეკრული იყო. მისიოენერებმა, კოსტანტინეპოლში იმ ქართველის ყოფნა რა შეიტყეს, ელჩის რჩევით, დაუახლოვდენ და მასთან ერთად დააპირეს წასვლა საქართველოს. ქართველ ელჩსაც დიდად გაეხარდა მათი ნახვა და დაარწმუნა, თეიმურაზს ძალიან გაეხარდება თქვენი მისვლა და დიდის პატივისცემით მიგიდებსთო. საფრანგეთის ელჩმა ის თავადი რამდენჯერმე მიიწვია თავისთან სადილად, რომ მინიონერები უფრო დაეახლოებინა და დაემეგობრებინა მისთვის. ოსმალეთის მთავრობამ ხელახლა დაუწყო ბარბაროსულად დევნა მისიონერებს. იმ თეათინელ მდვდლებს ევროპის ხელმწიფეების ჯაშუშობა დასწამა, ამიტომ მაშინვე დააპატიმრა ორივე და დიდი ტანჯვა მიაყენა. მოსამართლებმა მალე სიკვდილით დასჯაც გადაუწყვიტეს და მათი თავების მოკვეთის დღეც დანიშნეს. მათ გადარჩენას აღარავინ მოელოდა. საფრანგეთის ელჩი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერას გახდა და თავისი სტუმრები სიკვდილისაგან ვერ იხსნა. ერთიღა საშუალება დარჩათ: მიმართეს ერთ ურიას, რომელიც ერთგული მეგობარი იყო იმ მისიონერების მსაჯულ-ვეზირისა, და დაჰპირდენ ბლომად ფულის მიცემას, თუ დაიხსნიდა როგორმე სასიკვდილოდ გამზადებულებს. მართლაც, ურიამ მალე მოინადირა ვეზირი დიდის საჩუქრებით და სიკვდილით აღარ დაასჯევინა მისიონერები. იმ ორი კაცის სიკვდილისაგან დახსნა სამი ათას ოქროდ დაუჯდა საფრანგეთის ელჩს. ვეზირმა სიკვდილით დასჯა აპატია პირობით, რომ ისევ უკან გაბრუნებულიყვნენ. (7) ამიტომ სექტემბრის 28-ს, იმავე ნავით, რომლითაც მოვიდენ, სამივე ისევ უკან გაგზავნეს იტალიაში. მესინაში მობრუნებულ მისიონერებს იმდენმა განსაცდელმა სრულიათ არ გაუტეხა გული, არამედ საქართველოს შემწეობის სურვილით აღფრთოვანებულთა სხვა საშუალებას მიმართეს დაბრკოლების დასაძლევად. 1628 წ. იანვრის თვეში, დაადგნენ ჰალეპოს გზას, იქიდგან სპარსეთს წავიდენ, რადგან პირდაპირ საქართველოს შემოსვლა არ შეეძლოთ. სპარსეთიდგან ერევანს მოვიდენ. იქ, სხვათა შორის, ერთი გამაჰმადიანებული სომეხი გადაემტერა მისიონერებს, სხვა და სხვა ცილი დასწამა და საქმემ იქამდე მიაწია, რომ მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მისიონერები მისი ხელიდგან გადარჩენას სასწაულად სთვლიან. შემდგომ მრავლის შეწუხებისა და განსაცდელისა, როგორც იყო, მოვიდენ გორს 14 დეკემბერს 1628 წ. ამ მგზავრობისათვის სიტყვა ასე იმიტომ გაგვიგრძელდა, რომ გვინდოდა ვკითხველთათვის გვეჩვენებინა, თუ ამ საუკუნეშიაც რაოდენ შეწუხებას ითმენდენ მასიონერები ოსმალების ხელში. აქიდგან შეგვიძლია საკმაოდ ვიგულისხმოთ, თუ რა დიდი უბედურება უნდა გამოევლოთ XVI საუკუნეში მისიონერებს, რომელთაც საქართველოსთან მისვლა-მოსვლა ერთიანად შესწყვიტეს. ეს ამბავიც ცხადად ამტკიცებს იმას, რაც მეხუთე თავში ვსთქვით ამის შესახებ. იმ დროს გორში მოსულ მისიონერებს საქართველო სპარსელებისგან ერთიან გაოხრებული დახვდათ. იქაურობას ჯერ ისევ ეტყობოდა მტრის ცეცხლისა და მახვილის კვალი: მცხოვრებნი აღარსად სჩანდენ, ზოგი გაეწყვიტათ და ზოგიც შორს გადაესახლებინათ; მრთელი შენობა აღარსად დარჩენილიყო, მტერს ყველგან ნაცრად ექცია თლილის ქვის სახლები. საქართველოს ამნაირმა სამწუხარო სურათმა დიდად დააღონა გულდამწვარი მისიონერები. მისიონერების გორში მოსვლის დროს თეიმურაზ მეფე თავისი ამალით გორის გარედ სოფლად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის ჩვეულებისამებრ, სანამ მეფეს ნახავდენ, გაუგზავნეს საჩუქრები: ხატები, კრიალოსნები და სხვა მსგავსი ევროპული ნივთები. თუმცა ძვირფასი არ იყო მათი ძღვენი, გარნა მეფეს ძრიელ სასიამოვნოდ დაურჩა. შემდგომ წარსდგნენ მეფის წინაშე, რომელმაც მშვენიერ ტახტზე მჯდომარემ, ყველა თავის დიდებულთა თანადასწრებით, მიიღო დიდის პატივით ისინი. რადგან კოსტანტინეპოლსა და ჰალეპოში შეესწავლა თათრული პატრი იაკობს, წარდგომისთანვე თათრულად მოახსენა ესრედ: „დიდ სულოვანო და დაუძლეველო მეფევ, რაოდნათაც დიდათ შევსწუხდით რომის პაპთან ერთად შევიტყეთ რა ყოველი უბედურება, რომელიც დაატყდა თავს თქვენს დიდებულებას და თქვენს ქრისტიანე სამეფოს, ეგოდონათ ახლა უფრო მოხარული ვართ, რომ განვლო იმ საშინელმა დრომ, აღმობრწყინდა სიმშვიდე და ღვთის მოწყალებით კვალად დაეპატრონეთ თქვენს დაკარგულს სამეფოს. მართალია, დიდს განსაცდელში შთავარდით, გარნა გამოიჩინეთ დიდი სიმხნე და ხასიათის სიმტკიცე; ესეთი თქვენი თვისება ღირსია ქებისა და დიდებისა. გარნა ყოველი დიდება უნდა მიეგოს ღვთის ძრიელ მკლავსა, რომელმაც თქვენ მოგცათ ძალა და გაგამხნევათ. ნუნციოდ წარმოგზავნილი ვართ თქვენის დიდებულებისადმი რომის პაპისგან, რომელმაც მოგვანდო მის შვილად გცნოთ და თქვენგან მოვიპოვოთ ეს წყალობა და უფლება, რომ უშიშრად დავრჩეთ თქვენს სამეფოში და ვიქადაგოთ კათოლიკე სარწმუნოება. აქ განძის საძებნელად და გასამდიდრებლად არ გხლებივართ; ჩვენი ფიქრი, ჩვენი საუნჯე და ჩვენი მიზანი არის მხოლოდ ზრუნვა ხალხის ცხონებისათვის. ღვთის შემწეობით იმედი გვაქვს ჩვენს საწადელს ვეწიოთ, თუ თქვენც თქვენის ძრიელი მფარველობით და გულკეთილობით შეგვეწევით".
შემდგომ მიართვეს მეფეს პაპის წიგნი, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ. წიგნი იქ მყოფმა ბერძნის მღვდელ-მონაზონებმა, რომელნიც იმ დროს გორში ბლომად იყვნენ, ბერძნულად სთარგმნეს და შემდგომ მეფეს ქართულად წაუკითხა ერთმა ბერძენმა. ამან წიგნის ზოგიერთი აზრი გადაუსხვაფერა. მისიონერებმა რა შენიშნეს, თარჯიმნის ნებსითი შეცდომა გაასწორეს. მაშინ კრძალვისა და პატივის გამოსაცხადებლად მეფემ პაპის წიგნი თავზე დაიდო. პატრებსაც ყველა ნაირ შემწეობას დაჰპირდა. მაშინვე არ გამოისტუმრა გორსა, არამედ რავდენსამე დღეს თავისთან დაიჭირა, ხშირად თავის სუფრაზედ მიიწვევდა და რაც შეეძლო პატივს სცემდა მათ. ხშირად ემუსაიფებოდა თუ ევროპის საქმეთა შესახებ და თუ სულიერ საგნებზე. მისიონერებმა თავი ძალიან შეაყვარეს მეფეს, განსაკუთრებით პატრმა იაკობმა. იმავე დროს მეფესთან, სხვა დიდებულთა შორის, საქართველოს კათალიკოსი და ალავერდელი მიტროპოლიტიც იყვნენ. კათალიკოსი ძრიელ თანაუგრძნობდა მისიონერებს, მაგრამ ალავერდელი კი იმდენათ არა.
ალავერდელი თუმცა აღიარებდა, რომ პაპი იყო ყველა კათოლიკების თავი, მაგრამ ბერძნები უფრო მიაჩნდა, რადგან მთაწმიდაში მათთან იყო აღზრდილი და ნასწავლი. მაინც წინააღმდეგი არ იყო იმისი, რომ მისიონერები გორში დარჩენილიყვნენ. როდესაც სამეგრელოს შესახებ ვილაპარაკებთ, ვნახავთ, რომ იქ მისული ესევე ალავერდელი შეიქმნება მხურვალე კათოლიკე და დიდად შეეწევა მისიონერებს.
რავდენისამე დღის უკან, თეიმურაზმა მისიონერები გორს გამოისტუმრა, მისცა მათ ერთი სახლი და ერთიც პატარა ეკკლესია სპარსელების ომისგან დიდათ დაზიანებული. მისიონერებმა სახლიც და ეკკლესიაც შეაკეთეს და იქვე დაბინავდენ. მისიონერები თავიანთ პირველ წერილებში თეიმურაზის შესახებ მოგვითხრობენ: თეიმურაზი 50 წლისა იქმნება (1929 წ.), ძრიელ მშვენიერი შეხედულობისა და თეთრ-წითური დიდრონი თვალები და სურათი ცხვირი აქვს;
საშუალოზე უფრო მაღალი ტანისაა; კარგად იცის ქართული, თათრული და სპარსული, რა ენებსაც მჭევრმეტყველად ლაპარაკობს; მეტად ნაზი და ქცევაში თავაზიანია; საუკეთესო პოეტია, რადგან შეადგინა ისტორია იოსებისა (Ziosefo); ყველა საქმეში ძრიელ ნიჭიერია და ომში მარჯვე. მისთვის რომ ბედს არ ეღალატნა, უპირველეს სარდლად უნდა შერაცხულიყოო.
როდესაც შეურიგდა სპარსეთის მეფეს, სთხოვა გაეგზავნა მისთვის ქეთევან დედოფლის გვამი რომელიც დიდის პატივით ინახებოდა ისპაჰანს აგვისტინიანთ მონაზონების მონასტერში. იმ მონაზონებმა რა შეიტყეს თეიმურაზის ესეთი სათხოვარი, 1627 წ. მაშინვე სამნი მონაზონნი წამოვიდენ საქართველოს, რა წამოიღეს თან ნაწილი ქეთევანისა, მაგრამ გზაში დასნეულდენ და ერთი ამხანაგიც მოუკვდათ. ამის გამო ისევ უკან გაბრუნდენ. მეორედ კიდევ სცადეს მგზავრობა, მაგრამ კვალად დასნეულდენ გზაში. ხოლო მესამედ რო დაადგნენ ორნი გზას, დიდის შეწუხების შემდგომ, თეათინელების ჩამოსვლის ცოტა წინეთ, 1628 წლის ივნისის პირველს, გორში მოვიდენ წმიდა აგვისტინეს წესის მონაზონნი პატრი ამბროზიო და ძმა პეტრე, რა თან მოიტანეს ქეთევან დედოფლის ნაწილი.
თეიმურაზმა დიდის პატივით მიიღო პატრი ამბროზიო, თავის სასახლეში დააყენა, თავის დიდებულებით მის წირვას დიდის მოწიწებით დაესწრო. რა შეიტყო, იმ პატრს თან მოეტანა დედი მისის ნაწილი, დიდათ გაეხარდა და თვითვე ახარა დედოფალს ეს ამბავი. პატრი ამბროზიომ მესამე დღეს დასასრულ წირვისა, რომელსაც დაესწრნენ მეფე-დედოფალთან ერთად ყველა დიდებულნი, სპარსულად სიტყვა წარმოსთქვა და ბოლოს ჩააბარა წმიდა ნაწილი თეიმურაზს. მეფემან დიდის პატივით, სასოებით და გულ მხურვალებით მიიღო თავისი დედის ძვირფასი ნაშთი, ჩაასვენა ძვირფას კუბოში და შემდგომ დიდის ამბით წაასვენეს სამიტროპოლიტო ეკკლესიაში, სადაც ასაფლავიან მეფენი და შესაფერს ადგილს დაასვენეს. მეფემა და დედოფალმა დიდი მადლობა გადაუხადეს პატრი ამბროზიოს და უთხრეს, მზად ვართ, რაც გინდა, გვთხოვე და აგისრულებთო. პატრი ამბროზიომ მხოლოდ ესა სთხოვა, გორში ერთი ადგილი გვიბოძეთ, სადაც შეგვეძლოს დადგომა და თქვენთვის და თქვენთა ქვეშევრდომთათვის სამსახურიო. მეფემ დიდის სიამოვნებით შეიწყნარა თხოვნა და უბოძა ის ადგილი, რომელიც თვით პატრმა აირჩია, ეგრეთვე მისცა რავდენიმე სოფელი და ყმა. პატრი ამბროზიომ მაშინვე დროებით პატარა სახლი და ეკკლესია გაიკეთა. შემდგომ ინდოეთს გაგზავნა თავისი ამხანაგი მორჩილი ძმა პეტრე, რომელმაც მალე მოიტანა საჭირო ფული; იმითი მალე ააშენეს ეკკლესია, რომელიც საქართველოში ერთ საუკეთესო ეკკლესიად ითვლებოდა. დიდი ხალხი დაიარებოდა თურმე იმ ეკკლესიაში და კვირა-უქმეეობით თვით მეფეც ხშირად ესწრებოდა წირვას თავისი დიდებულებითურთ. ცალკე წერილში ვაპირებთ, მოვიყვანოთ პატრი ამბროზიოს დანარჩენი მოხსენება ქეთევან დედოფლის წამებისათვის. თეათინელები გორში დაბინავდენ თუ არა, მაშინვე დაიწყეს ქართულის ენის შესწავლა და ხალხში მკურნალობა. იმ დროს ექიმობა საქართველოში უდიდეს საჭიროებას შეადგენდა, თუ იმიტომ, რომ აქ მკურნალები აღარ მოიპოებოდენ, რადგან ყველა სპარსეთს გადაესახლებინათ და თუ კიდევ იმიტომ, რომ შაჰ-აბაზის მიერ მიყენებული ეგოდენი უბედურება საქართველოში ხშირად აჩენდა სხვა და სხვა სნეულებას. ამ გარემოების გამო დიდძალმა ხალხმა მიმართა ახლად მოსულ მისიონერებს სნეულებისაგან გასაკურნებლად. მისიონერებმა ისე გაითქვეს სახელი, რომ შორი ადგილებიდგანაც ჩამოჰყავდათ გორს სნეულები საწამლებლად. მათმა თავგანწირულებამ, უანგარობამ და გულკეთილობამ მალე გახადა იგინი ხალხის საყვარელი და რომიდგან მოსულ კი არა, ზეციდბან ჩამოსულ ღვთის კაცებს ეძახდენ. თეიმურაზმა რომ გაიგო, მისიონერები ასეთი სახელ განთქმული მკურნალები არიანო, მიუწოდა თავისთან, რათა განეკურნებინათ მისი მეუღლე, დარეჯან დედოფალი, რომლის მორჩენაზე სპარსეთის გამოჩენილ ექიმებს სულ ხელი აეღოთ. რა მიიწვია, ცრემლის ღვრით შეეხვეწა, თქვენის ცდითა და ლოცვით განკურნეთ ჩემი ძვირფასი მეუღლე, მის უკეთესი ქვეყანაზე არავინ გამაჩნიაო. იმათ ჯერ თვითონ ილოცეს და მერმე დედოფალს ურჩიეს, წამლებზედ უფრო ღვთის იმედი ჰქონოდა. შემდეგ მისცეს მსუბუქი წამლები, რომელიც არც მავნებელი და არც მარგებელი იყო. დედოფალი მალე მთლად განიკურნა. მისი ასე ჩქარა და მთლად განკურნება ყველამ სასწაულად მიიჩნია. რა იხილა თეიმურაზმა მეტის სიხარულთ აღარ იცოდა, რა ექმნა. ერთს თავის მოხსენებაში, პატრი ლამბერტს მოჰყავს თეიმურაზის მიერ იმ შემთხვევაში ნათქვამი სიტყვები. „ახლა დიდ მადლობას ვწირავ ღვთის სახიერებას, რომ მომივლინა ჩემს სამეფოში ორი კაცი, რომლებიც, მსგავსად წმიდა კოზმასა და დამიანესი, ჰკურნებენ ყოველთა სნეულებათა".
დედოფლის განკურნებამ ძალზე გაუთქვა სახელი პატრებსა და მათს ეკკლესიას დიდძალი ხალხი აწყდებოდა. ერს ხორციელად კურნებასთან ერთად სულიერად კურნებაც დაუწყეს. მოსულს ერს ეკკლესიაში უქადაგებდენ, ასწავლიდენ საქრისტიანო მოძღვრებას და ეგრეთვე გულში უნერგავდენ პაპისადმი მორჩილებას. ხალხიც დიდის გულმოდგინებით უსმენდა მათ ყოველ დარიგებასა და მოძღვრებას. სასულიერო საგნებშიაც ხალხს ძრიელ შეაყვარეს თავი, რადგან თავიანთ ნათქვამს თავიანთის საქმით და კეთილის ცხოვრებით უმტკიცებდენ.
ესეთი მათი ქცევა იქ მყოფმა ბერძნის მონაზონებმა ვეღარ აიტანეს და მტრობა დაუწყეს; არა მარტო ხალხში, არამედ თვით მეფის სახლშიაც დაიწყეს მათზე ძვირის ლაპარაკი, ნაირ ნაირი ცილი დასწამეს რომის პაპს და ყველა ლათინებს, რათა თუ მეფისა და თუ ხალხისათვის შეეძულებინათ ისინი და გაედევნინებინათ საქართველოდგან. მათს ამგვარს მტრულს ქცევას მთაწმიდას ბერძნებთან გაზდილი ხსენებული ალავერდელი თანაუგრძნობდა. იმასთანვე იყო ერთი ბერძნის მონაზონი ფილიპე, რომელმაც სხვებზე უფრო მომეტებულად თავი იჩინა პაპისთვის ძვირის ლაპარაკით. მისიონერებმა ესეთი შეურაცხყოფა ვეღარ აიტანეს და რავდენიმე ქართველი ეპისკოპოსის წინაშე ბერძნებს დაუწყეს ბჭობა და ხსენებული ბერძენი ფილიპე ისე გაამტყუნეს, რომ გაბრაზებულმა პასუხი რა ვეღარ მისცა, მივარდა ჯოხით და მით თავ-პირი უნდა დაემტვრია პატრი პეტრე ავიტაბილესთვის. ამან ნაცვლად წინააღმდეგობისა, დაუჩოქა, თავი მოუდრიკა და უთხრა: მაცხოვარი ასე გვიბრძანებსო. მაშინ ბერძენი ძრიელ შერცხვენილი განშორდა იქიდგან. ყველა დამსწრეთ დიდად გაკიცხეს ბერძნის ესეთი საქციელი და მასთანვე მეტად აქეს პატრი პეტრეს მოთმინება და მისი უსაზღვრო სიმდაბლე. ეს ამბავი რა შეიტყო თეიმურაზმა, მაშინვე დაიბარა ბერძენი ფილიპე, დიდად უსაყვედურა და მასთანვე სასტიკად აუკრძალა, ამიერიდგან არასოდეს არც პაპისა და არც ჩემი კეთილის მყოფელის და საყვარელის პატრებისთვის რაიმე ცუდი არ წამოგცდესო. 1629 წ. აგვისტოს 14-ს მობრუნდა ევროპიდგან თეიმურაზის ნიკიფორე და მიართვა მეფეს ზემოდ მოყვანილი პაპის წერილი. მისმა მოსვლამ ძრიელ გაახარა მისიონერები და მათი მისიონის წარმატებასაც დიდად შეუწყო ხელი, რადგან მოვიდა თუ არა, მიუთხრა მეფეს ის პატივისცემა, რომელიც მიეღო ევროპაში თეათინელი წესის მღვდელთაგან. შეიტყო თუ არა თეიმურაზმა, მაშინვე მისიონერებს ბოდიში სთხოვა, ვწუხვარ, რომ თქვენი ვინაობა აქამდე არ ვიცოდი და ვერ მოგეპყარით იმ პატივით, როგორისაც ღირსნი იყავით; მასთანვე ბრძანება გასცა, რომ ამას იქით მათთვის ულუფა ეძლიათ. მასთან ფულითაც კარგად შეეწია. ფული მისიონერებმა ეკკლესიის შემკობას მოახმარეს. რა ნახა ერმა მეფის ესეთი მიდრეკილება კათოლიკობისად მისიონრებისთვის მფარველობა, დაუყოვნებლივ მას მიბაძვა დაუწყო. ხალხმა დაუბრკოლებლად დაიწყო უკლებლივ მათ ეკკლესიაში სიარული. გულმოდგინებით უსმენდა მათ მოძღვრებას და მისდევდა მათ სწავლასა და დარიგებას. ამას არ კმარობდენ, ბევრი მათგანი, რაოდნადაც შეეძლოთ, ნივთიერადაც ეწეოდა მისიონერებს. იმდენი ხალხი ეჩვენებოდა მისიონერებს, რომ, თუმცა იგინი დღე და ღამ შრომობდნენ მათი სულიერისა და ხორციელის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ვერ ასდიოდენ. ამის გამო იძულებული გახდენ, სხვა ახალი მისიონერები დაებარებინათ რომიდგან. ამის თაობაზე რომას პირველი წიგნი გაგზავნა პატრი პეტრე ავიტაბილემა და აუწერა, ხალხი რა სიყვარულით ხვდებოდა მათ, აუწყა ეგრეთვე მისიონის საინტერესო ამბები. სამწუხაროდ თეათინელების ეს პირველი და საინტერესო წიგნი ჯერჯერობით ვერსად ვპოეთ. ხოლო მისი შინაარსი მოკლედ მოყვანილია ჩვენ მიერ ზემოდ დასახელებულ ნილოს ისტორიაში. რა ნახა პატრი ავიტაბილემ რომ მუდამ დღე მატულობდა მორწმუნეთა რიცხვი და სტოვებდენ ბერძნის სარწმუნოებას და უერთდებოდენ რომის ეკკლესიის წეს-დოგმებს, სიჭიროდ სცნო მიეწერა რომას, რათა გამოეგზავნათ სხვა მისიონერები, რადგან შესამუშავებული ვენახი ძრიელ დიდი და ნაყოფიერი იყო. ეგრეთვე აუწყა მეფის გულუხვობის საქმე, მისი უზომო მფარველობა, რაც იყო უმთავრესი მიზეზი კეთილის ნაყოფისა, რომელიც გამოიღო მათმა ქართველთა შორის მოღვაწეობამ; ეგრეთვე ახსენა, რომ მთელ სამეფოში სრული თავის უფლება ჰქონდათ ქადაგებისა და საცა მიდიოდენ, ყველგან ხალხი აღტაცებით ეგებებოდა მათ. უსმენდა გულმოდგინებით მათ დარიგებას და დიდ სურვილს აცხადებდენ რომის ეკკლესიასთან შეერთებისათვის. ამ ამბავმა დიდად გაახარა პაპიცა და პროპაგანდას კარდინალებიც. ნიკიფორეს თუ წერილით და თუ პირად ბევრი რამ დააბარეს შესახებ კითოლიკე სარწმუნოების გავრცელებისა საქართველოში. ესეც შეჰპირდა ერთგულად ეშრომა ერთობის დასამყარებლად. რა მობრუნდა, მაშინვე შეუდგა თავის დაპირებათა აღსრულებას. გარნა, სამწუხაროდ, ზედ მიწევნით არ ვიცით, თუ რა იმოქმედა დაბრუნებულმა კათოლიკობის სასარგებლოდ, რადგან მისი პირველი რომას მიწერილი წიგნიც დაკარგულია ისე, როგორც მისიონერების პირველი წიგნები. ის კი ცხადია, რომ მისიონერები მუდამ მისი მადრიელნი იყვნენ. ეგრეთვე რომა კმაყოფილებას უცხადებს ყოველის სამსახურისათვის, რაც იმან პირველშივე მიაგო მათ და რაც რომაში აცნობა თავისი წერილით. პროპაგანდაც მას პასუხად სწერს:
„მამა ნიკოლოზ ერბახს.
„თქვენი სეკრეტართან, ოკტომბრის 22-ს, მოწერილი წიგნი განიხილეს კარდინალებმა პროპაგანდის კრებაში, რომელსაც დაესწრო მათი უწმიდესობაც. პაპმა და კარდინალებმა დიდად განიხარეს, რომ მანდ მშვიდობით ჩასულხართ; ეგრეთვე განიხარეს, რა სცნეს თქვენი მოღვაწეობა მაგ მეფისა და მისი მინისტრების წინაშე მათ სულთა ცხონებისათვის, თქვენმა ღვაწლმა სავსებით გაამართლა ის მოლოდონი, რომელიც ამათ ჰქონდათ თქვენ შესახებ. ამიტომ საჭიროა არ დასცხრეთ და იმავე გულმოდგინებით იშრომოთ, ვიდრე შეერთების საქმე დასრულდებოდეს ისე, როგორათაც ნატრობს მათი უწმიდესობა და პროპაგანდა ღვთის სადიდებლად და მთელის იმ ერის საცხონებლად. ამიტომ ღმერთს ევედრებიან თქვენთვის, რათა მოგანიჭოსთ წყალობა თვისი. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენის კეთილის შრომისათვის ზეცას მიიღებთ დიდ სასყიდელსა. რომით, 1 ივნისისა, 1630. პაპი თავისს წერილში, რომელიც ნიკიფორეს გამოატანა, სთხოვდა თეიმურაზს, კათოლიკე სარწმუნოება დიდი ამბით საქვეყნოდ აღეარებინა და მასთანვე ცდილ იყო, რომ მისი სამეფოს ეპისკოპოსები, მღვდლები და ერიც მის მაგალითს შესდგომოდენ. როდესაც ამას სწერდა პაპი, ჯერ დაწვრილებით არ იცოდა საქართველოს ყოველი გარემოება, თორემ ამას იგი ასე ჩქარა არ მოსთხოვდა. პაპის თხოვნამ თეიმურაზ დიდად დააფიქრა და ბოლოს, ვეღარ გაბედა ყველაფრის ცხადათ შესრულება იმიტომ კი არა, ვითომ თვით არა სურდა, არამედ სხვა და სხვა გარემოების გამო, რომელიც იძულებულ ჰყოფდა, ასეთ საქმეში ძრიელ ფრთხილად მოქცეულიყო. ასეთი გარემოება, სხვათა შორის, შემდები იყო: ჯერ იგი თავისს ტახტზე კარგად გამაგრებული არ იყო; თუმცა თავადები მორჩილებდენ, მაგრამ მათ შორის კიდევ მოიპოებოდენ ძრიელნი და გავლენიანი პირნი, რომელნიც მისი კმაყოფილნი არ იყვნენ და ეძებდენ რაიმე მიზეზსა, რათა თავიანთი განდგომილების დროშა აემართათ. იმავე დროს, როგორც ზემოთ ვსთქვით, ბერძნების მღვდელ-მონაზონობა დიდძალი იყო მის სამეფოში, ისინი არ იშლიდენ ღვარძლის დათესვას, რათა ხალხი აეღელვებინათ ლათინების წინააღმდეგ იმათ თანაუგრძნობდა ალავერდელიც, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ყველას წინაშე. თეიმურაზს რომ საქვეყნოდ დაეტოებინა ბერძნის წესი და შესდგომოდა ლათინის წესსა, უეჭველად ბევრს განხეთქილების მიზეზს მისცემდა და არა მარტო სასულიერო საქმეებს შეაფერხებდა, არამედ თვით სამეფო ტახტსაც დიდ განსაცდელში ჩააგდებდაო. თეიმურაზმა ახლა კი სამწუხარო გამოცდილებით იცოდა, თუ რაოდნათ ძვირად დაუჯდებოდა მას რომლისამე თავადის განდგომა და გადამტერება. ამიტომ ძრიელ ფრთხილობდა, რათა ასეთი უბედურების მიზეზი არავისთვის მიეცა. ხოლო იგი ეცადა პაპის მოთხოვნილება სხვა გზით დაეკმაყოფილებინა. ამას პატრი იაკობ იმ დროს რომაში მიწერილის წიგნით ესე აუწერს: „მოიფიქრა ამ ყოვლად ბრძენმა მეფემ, რომ საიდუმლოდ აღასრულოს, რათა თავიდგან აიცილოს ყოველი განხეთქილება და შფოთი. ამის გამო დაადგინა საიდუმლოდ წარმოსთქვას სარწმუნოების სიმბოლო, რათა მით გამოაცხადოს თავისი თავი რომის ეკკლესიის შვილად და ესე მისიონერთათვის მფარველობისა და დახმარების აღმოჩენით ხალხი ნელ-ნელა შეაჩვიოს ლათინურს წესსა, რომ შემდგომ უფრო უშიშრად შეიძლოს საქვეყნოდ კათოლიკე სარწმუნოების აღსარება. ამასთანვე თეიმურაზმა დააპირა თავისი გარდაწყველება რომისათვის ეცნობებინა, რათა იქ ამის ერთგულობაზე ეჭვი არავის შეეტანა. გარნა უძნელდებოდა, თავისი ყოველი აზრი წერილობით გამოეცხადებინა, ამიტომ დააპირა ელჩის გაგზავნა, რათა ყველაფერი კარგად აეხსნა. გასაგზავნ ელჩად პატრი პეტრე ავიტაბილეს უკეთესი კაცი ვერვინ ჰპოვა; იმას განუცხადა თავისი აზრი, მიანდო მის მაგივრად გამოეცხადებინა პატივი, მორიდება, მორჩილება და ერთგულება. ეგრეთვე მისცა პაპთან შემდეგი წერილი და გაისტუმრა რომას.
„ჩვენ ბატონს ურბანო მერვეს, უუმაღლესს მწყემსსა.
„თეიმურაზ ხან, ივერიელთა მეფე.
დიდ მადლობას ვუძღვნით თქვენს უწმიდესობას თქვენის ლოცვა-კურთხევისათვის. მივიღეთ თქვენის უწმიდესობის წერილი პატრი პეტრე და პატრი იაკობ თეათინელი მონაზონებისაგან. როგორც იყო ამ ხანებში ესენი მშვიდობით მოვიდენ აქ, ვითარცა სანატრელ იყო. ჩვენც ეს მამები დიდის სიამოვნებით და წმიდა ამბორისყოფით მივიღეთ და მივაგეთ ყოველნაირი პატივი: არ დავზოგეთ არა ვითარი სამსახური რაც კი მათ ეჭირებოდათ. ეგრეთვე ვუბოძეთ საუკეთესო ადგილი თავიანთ სადგომოდ და ერთი ეკკლესიაც, რათა თავის უფლად იყვნენ და ღმერთი ადიდონ დღე და ღამ ღვთის ტაძარში; ყველა ჩვენ ქვეშევრდომთაც ვაცნობეთ ჩვენი სურვილი, რომ გვნებავს ამ მამებმა უშიშრად და თავისუფლად აღასრულონ ღვთის მსახურება თავიანთი სჯულისა და წესისამებრ, რათა არავინ გაბედოს მათი შეურაცხყოფა და რაიმე ვნების მიყენება. მასთანვე ვუბრძანეთ ყველას, რომ მათ მოეპყრან კრძალვით, გულუხვად ემსახურონ და აღმოუჩინონ შემწეობა, რათა უფრო ადვილად ემსახურონ ღმერთსა და ილოცონ ჩვენთვის.
„რაიცა შეეხება, უნეტარესო მამაო, თქვენს წერილსა, რომლითაც გვითვლით ჩვენის ერითურთ გულმოგინედ და მორჩილებით მოუსმინოთ ამ მამებს მოძღვრება, მტკიცედ და შეურყევლად დავრჩეთ ქრისტეს სარწმუნოებისა და უფლის გზაზედ, ამისა უნდა მოგახსენოთ, რომ ყოვლის მპყრობელ ღმერთს მუდამ ჟამ მადლობას ვწირავთ, რადგან, დიდი კოსტანტინეს დროდგან ვიდრე აქამდე, ქრისტეს სარწმუნოება და მისი სიყვარული ისე შეუცვლელად დავიცევით, თითქოს ღვთის მიერ ჩვენს გულში ღრმად აღბეჭდილი ყოფილიყოს ის სიყვარული და ის სარწმუნოება. მართალია, ჩვენი სამეფო 1614 წლიდგან ვიდრე 1628 წლამდე ხელში ჩაუვარდათ უწყალო სპარსელებს რომელთაც ერთიან მოაოხრეს და ყოველგვარი უბედურება შეამთხვიეს, მაგრამ მაინც კი სარწმუნოება შეურყევლად და მტკიცედ დაიცვა. ჩვენც დიდათ ვიმეცადინეთ, რათა არავითარი მწვალებლობის შეცდომილება შემორეოდა ჩვენს სარწმუნოებას ეგრეთვე დიდი სასოება გვაქვს ღვთისა, რომ ამავე სარწმუნოებაში მტკიცედ დავრჩეთ და განუხრწნელად დავიცვათ იგი ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე. ამას ვსასოებთ მეტადრე ახლა, როცა ღვთის წყალობით და თქვენის უწმიდესობის მამობრივის ლოცვა-კურთხევით მშვიდობიანათ ვიმყოფებით ჩვენს სამეფოში. აი, ეს ქრისტიანე სირწმუნოება იყო მიზეზი იმისა, რომ ერთხელ დედა ჩვენი წავიდა სპარსეთის მეფესთან სათხოვნელად, რომ ყველა მის ხელში ჩავარდნილ ქართველებს, რომლებსაც სარწმუნოების უარი ეყოთ, შესძლებოდათ თავისუფლად და უშიშრად დაბრუნებულ იყვენ სამშობლოში და შესდგომოდენ თავიანთ უწინდელ სარწმუნოებას. მაგრამ, საუბედუროდ, სულ სხვა მოხდა; იმ უსჯულო სპარსელების მეფემ, რა ვერ დასძლია მისი სიმტკიცე და სიყვარული ხორცის სიწმიდისა და სარწმუნოებისათვის ჯერ დაატყვევა, შემდგომ თუ ჩემზე და თუ დედაჩემზე გაბრაზებულ-განძვინარებულმა მეფემ და მისმა ულმობელმა ერმა მწარედ დაუწყეს ტანჯვა მას და ასე დატანჯულმა სული განუტევა. ერთი წელიწდია, რაც ისპაჰანიდგან წმიდა აგვისტინეს წესის ყოვლად პატივცემულმა მამა ამბროზიომ მოგვიტანა მისი გვამის ნაწილები. ამ სიკეთისათვის ჩვენც უხვად დავასაჩუქრეთ მამა იგი: მივეცით მამული, რათა საცხოვრებლად საკმაო შემოსავალი ჰქონდეს, ეგრეთვე ვუბოძეთ ადგილი, რათა შესაფერი ეკკლესია აიშენოს და როგორც სასუფეველის სავანეში, მუდამ ილოცოს ჩვენთვის.
„რაც შეეხება ჩვენის სამეფოს აწმყო მდგომარეობას, ძრიელ სამწუხაროა. თვით ეს თიათინელი მამებიც თვალით ხედვენ თუ ხისა და თუ ქვის შენობათა ნანგრევებსა. ამის შესახებ ყველაფერს თვითვე მოახსენებენ თქვენს უწმიდესობას. მაგრამ ყველაზე უფრო სატირელ მდგომარეობაში ჩვენი ეკკლესიებია, რადგან მტრებმა არა მარტო წაიდეს ძვირფასი წმიდა ჭურჭლები, არამედ ყველა შესამოსლები, სამკაულები და თვით ხატებიც კი წაიღეს და ასე ერთიან გაძარცვეს.
ამისგამო დიდად ვევედრებით თქვენს უნეტარესობას, ხსენებულ მამებს უშოვნოთ ყველა ეს, რაც ეჭირებათ თავიანთი ეკკლესიის საჭიროებისათვის და შესამკობლად, რათა უმეტესის სიადვილით გაეხსნასთ გზა სანატრელის შეერთებისათვის. დასასრულ, უკეთუ ჩვენში თქვენი უწმიდესობისათვის რაიმე სამსახურის მიგება შეგვიძლია, გთხოვთ გვიბრძანოთ და, რაც კი შეგვიძლია, ვეცდებით, ყოველივე მაშინვე აღვასრულოთ, რათა სიკეთისათვის მაგიერი მოგაგოთ. საქართველოთი, 5 იანვარს, 1629 წ.".
ეს თარიღი შეცდომით უნდა იყოს, ამის ნაცვლად უნდა იყოს 1630 წ., რადგან მისიონერები გორს მოვიდენ 14 დეკემბერს 1628 წ. შეუძლებელია, პატრი პეტრე 20 დღის შემდგომ გაბრუნებულიყო იტალიას. ყოველი გარემოება გვიჩვენებს, რომ პ. პეტრე გაბრუნდა იტალიას, არა მაშინვე, არამედ რავდენისამე ხნის შემდგომ. ლამბერტი მის გორიდგან გაბრუნებას სდებს 3 აგვისტოს 1630 წ. ამის მსგავსი წერილი გაატანა აგრეთვე პროპაგანდისათვის. იმ წერილთან ზაქარია კათალიკოსმაც გაგზავნა წერილი პაპთან და პროპაგანდასთან. წერილები არ მოგვყავს, რადგან ბევრი არაფრით განსხვავდება თეიმურაზის წერილებისაგან. მათში მხოლოდ შესანიშნავი ის არის, რომ კათალიკოსი პაპს სთხოვს შესამოსლებს და ბარძიმებს საქართველოს გაღარიბებულის ეკკლესიისათვის. პატრი პეტრე ავიტაბილე რა ჩავიდა რომას, პაპს ვრცელი მოხსენება წარუდგინა საქართველოს მდგომარეობის შესახებ თუ მოქალაქობრივ, თუ სარწმუნოების მხრივ. ერთი მოხსენება მოყვანილია კლემენტე გალანოს წიგნში, რომელიც აღწერილია სომხის ეკკლესიისა და რომის ეკკლესიის შეერთების შესახებ. ხოლო პაპს თეიმურაზ მეფისა, სხვათა შორის, ეს მოახსენა:
„1, თეიმურაზის ერთგულება რომის მამამთავრისადმი, ეგოდენია, რომ, როცა, შეიტყო თავის სამეფოში მოსვლა მის მიერ წარგზავნილ მღვდლებისა ერის სულიერად აღზრდისათვის, გამოუთქმელის სიხარულით აღივსო და მიიღო იგინი დიდის პატივით. კათოლიკე სარწმუნოებისადმი თავისი მიდრეკილება იმითი გამოაცხადა, რომ, როდესაც იქ მყოფმა ბერძნებმა რომაელების სახელი გაიგონეს, დაიწყეს შფოთი და უნდოდათ სწრაფად განეძევებინათ მისიონერები მთელი სამეფოდგან, მხნედ დაიფარა პატრები ბერძნებისაგან, ზოგს მათგანს ძრიელ დაემუქრა და ზოგიც დასაჯა; ერთხელ ისე გაცხარდა, რომ ხელი დაიდო ხმალზედ და ამოძრობას უპირებდა, თანაც დაიძახა: მირჩევნია თქვენ ყველა აქ მყოფი ბერძნები ამოგწყვიტოთ, ვიდრე ერთი ამ მონაზონთაგანი გავდევნო ჩემი სამეფოდგანო. ბოლოს იმ ბერძნებს მწვალებლები უწოდა. „2, მეტად დიდი ნიჭიერი და განსწავლული კაცია; კარგად იცის ძველი და ახალი აღთქმა (საღვთო წერილი), კრებათა და წმიდა მამათა წერილებიც. „3, ბერძნებს თუმცა წინად მისთვის ერჩიათ, რომ ჩვენთან არ ებჭო სული წმიდის გამომავლობის შესახებ და თან ეთქვათ, რომ ისინი, ესე იგი ჩვენ, ფილოსოფიაში ძრიელ გამოცდილი არიანო, ამიტომ ადვილად შეუძლიათ მოატყუონ კაცი თავიანთის ფილოსოფიურის ბჭობითა; მაგრამ დიდის სიამოვნებით ბჭობდა ხან ჩვენთან და ხან ბერძნებთან. ერთხელ სთხოვა ბერძნებს, რათა მისთვის განემარტებინათ, ლათინებს სული წმიდის გამომავლობა როგორ სწამთო; როცა განუმარტეს, მაშინ უთხრა: სწორედ მეც ეგრე მწამს და კარგად რომ სცნობდეთ და გესმოდესთ ის, რასაც ასწავლით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენც ლათინების აზრისა იქნებოდითო. „4, ლათინებზე მეტად მაღალისა და კაი აზრის არის, მათ სახელს დიდის მოწიწებით ახსენებს ხოლმე და მათ უწოდებს სახარების და ღვთის სამსახურის ერთგულ და ჭეშმარიტ დამცველებს. ხალხს ავედრებს წმიდა საიდუმლოთა ხშირად მიღებას და ყოველდღივ წმიდა წირვას ესწრება. ძრიელ უკვირს, რომ კათოლიკები ისე მტკიცე და თავგანწირულნი არიან ქრისტეს სარწმუნოების გავრცელებისათვის და რომ მზად არიან ამისათვის თავი დასდონ და სისხლი დაღვარონ ხოლმე. „5, ვინაიდგან დედა მისი იმდენათ კეთილმორწმუნე იყო, რომ სპარსეთის მეფის ბრძანებით, სარწმუნოების გამო სისხლი დაღვარა საკვირველის მხნეობით, ამიტომ დიდი იმედია, ესეც განათლდეს ზეციერის მადლით, რათა დაუტევოს ძველი შეცდომილების გზა და თავისი ერითურთ შეუერთდეს რომის ეკკლესიას. იმდენათ უფრო მოსალოდნელია, რომ ღვთის განგებულებით რომაელი მისიონერები მოვიდენ ამის სამთავროში იმ დროს, როდესაც იქაურობა მთლად გავერანებული იყო და როდესაც კაცობრივი სიბრძნე ურჩევდა საქართველოს სხვა სამთავროებში მოსულიყვნენ, ვიდრე მის სამეფოში. „6, ამ საერთო შეერთების იმედს ისიც გვაძლევს, რომ მისი ერის უმეტესი ნაწილი ძრიელ მიდრეკილია კათოლიკობისა და რომის წესებისადმი, ასე რომ, როდესაც ჩვენს ქადაგებას ისმენენ და წირვა-ლოცვას ესწრებიან, ცრემლ მორეულნი ყურად იღებენ ამ ეკკლესიის წესებს და მისის სიყვარულით აღტაცებულნი არიან. მისიონერმა კარდინალებიც ნახა, მათაც მოახსენა ყველაფერი და დაარწმუნა, რომ თეიმურაზ მეფე, დედოფალი, საქართველოს კათალიკოსი და მრავალი ქართველობა რომის ერთგული და მორჩილი არიო. შემდგომ აღჭურვილმა მათის წყალობით პატრი პეტრემ ბევრნაირი საჭირო უფლება და ეგრეთვე ნივთიერი შემწეობაც მოიპოვა. სხვა უფლებათა შორის იმის ნებართვაც გამოიტანა, რომ საქართველოში მისიონერებს ლათინური არა მარტო ლოცვები, არამედ თვით ლათინური წირვაც ქართულს ენით ეთქვათ, ისე როგორც ნახჩევნის სომხის კათოლიკებს ჰქონდათ ნება ლათინურის წესის სომხურის ენით აღსულებისა. აქ საჭიროდ ვსთვლით პატრი პეტრეს მგზავრობისათვის სიტყვა ცოტას ხნით შევაჩეროთ და მის ახალ ამხანაგებს ყურადღება მივაქციოთ. როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ მისიონერები მოვიდენ საქართველოში თუ არა, მალე აცნობეს რომაში მშვიდობით ჩამოსვლა, თეიმურაზის მიერ კარგად მიღება და ერის მიდრეკილება კათალიკობისადმი. როგორც შემდეგი დროის წერილებიდგან სჩანს, მეფეს და კათალიკოსსაც მისიონერებთან ერთად წერილი მიუწერიათ რომაში. ეს პირველი წერილები დაკარულია და ჯერაც მათი კვალისათვის არ მიგვიგნია. ამ პირველის ამბავის მიწერისათანვე გამოითხოვეს სხვა ახალი მისიონერები. პროპაგანდამაც საჩქაროდ მოამზადა ორი მისიონერი იოსებ ჯუდიჩი და არქანჯელო ლამბერტი, რომლებიც 18 ოქტომბერს 1630 წ. წავიდენ მესინას, რათა იქიდგან დასდგომოდენ აღმოსავლეთის გზას საქართველოში შემოსასვლელად. არც მათი მგზავრობა იცოდა პატრი პეტრემ და არც ამის რომას გაბრუნება იცოდენ იტალიაში, ისე რომ მალთაში შეხვდა პეტრე ავიტაბილე იმ ორ ახალ მისიონერს, რომლებიც ერთმანეთს მალე განშორდენ. რა გამოიარეს არზრუმში, მრავალნი ქართველნი ნახეს, რომლებიც იქ ცხოვრებდენ და რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი ქართველი ეპისკოპოსი აზრუმელად წოდებული. (8) ისინი ჩავიდენ გორს 12 მაისისას 1631 წ. მათი მოსვლა ყველასათვის სასიხარულო შეიქმნა. ორი დღის შესვენების შემდგომ ენახულნენ მეფეს, რომელიც იყო საპორწელში (Saporzeli), გორიდგან ერთი დღის სავალზე, სადაც მოელოდა ქუთაისის მეფეს ალექსანდრეს, რომლისათვისაც უნდა მიეთხოვებინა თავისი დაქვრივებული ქალი, ზურაბ ბეგის ნაცოლარი. იქ მეფესთანვე მოსულ იყვნენ, ქორწილზე დასასწრებლად, დიდძალ თავად-აზნაურობას გარდა, ზაქარია კათალიკოსი, ეპისკოპოსები და მონასტრის წინამძღვარნი. მისიონერებმა, ჩვეულებისამებრ, ჯერ მიუგზავნეს მეფეს საჩუქრები: ერთი შვენიერი სამზილიანი საათი, რომელიც ჩარექებსაც რეკდა, რავდენიმე მწვანე და ოქროცურვილი შუშის ჭურჭელი, ოთხი მშვენირი ხატი, საუცხოვო სარკე, რავდენიმე კრიალოსანი და ორი წყვილი ხელთათმანი. მოგზაურს პეტრე დელლა-ვალლესაც გამოეტანებინა თეიმურაზისათვის სათავაზებლად ერთი მშვენიერი წმიდა გიორგის ხატი, აბრეშუმით და ოქროთი შემკული და ერთიც ძვირფასი კრიალოსანი დედოფლისათვის. ეგრეთვე დედოფალსაც მიართვეს სარკე, მოქარგული ხელთათმანები და ბევრი სხვა და სხვა კრიალოსნები. შემდგომ ამისა წარსდგნენ მეფის წინაშე, რომელმაც, დიდებულთა თანადასწრებით, მიიღო დიდის სინარულით და მადლობა მოახსენა საჩუქრებისათვის; ეგრეთვე დიდათ დაუმადლა, რომ ყოველგვარი შეწუხება გამოიარეს, რათა მის სამეფოში მოსულიყვნენ. მეფემ იგინი მაშინვე სადილად მიიწვია, ყველას თავს დასხა: მარჯვნივ იგინი და მარცხნივ იქ მყოფი ეპისკოპოსები. ეგრეთვე სთხოვა მათ, რომ იქ დარჩენილიყვნენ თავისი ქალის ქორწინებამდე, მაგრამ მათ არ ინებეს და მალე გამობრუნდენ გორს. მეფეს გარდასცეს ორი წერილი ერთი პაპისა და ერთიც პროპაგანდისა. პაპის წიგნი ვერ ვპოვეთ და არც ვიცით, თუ რა იყო მისი შინაარსი. მხოლოდ პროპაგანდის შემდეგი წიგნი გვაქვს ხელში.
„ივერიის, ანუ გიორგიანების მეფეს.
„ჩვენმა წმიდა პაპმა და პროპაგანდის კარდინალებმა, თქვენმიერ გამოცხადებულ გულკეთილ პატივსა და შეწყნარებაში, რომლითაც მიიღეთ მანდ მოსული თეათინელი პატრი პეტრე და მისი ამხანაგნი, სცნეს უწინდელი დიდიხნის სიყვარული, რომელიც ქართველ ერს აქვს წმიდა სამოციქულო საყდრისადმი, და ეგრეთვე ის პატივი, რომელიც აქვს თქვენს ხელმწიფებას ამავე საყდრისა და ხსენებული პროპაგანდის კრებისადმი, ვინაიდგან ასე უფრო იმისთვის მოეპყარით, რათა უმეტესად შესწევნოდით მაგ მოძღვრებს. თქვენი საქციელი უფრო შესანიშნავი იმითია, რომ ეს ჰყავით თქვენის სამეფოს თვით ისეთი არეულ- დარეულობის დროს, როდესაც მოსალოდნელი არც კი იყო, რომ ასეთის გულ კეთილობის თვალი გქონოდათ. პაპმა და პროპაგანდამ რა სცნეს თქვენი მეგობრული საქციელი, დიდათ კმაყოფალი დარჩნენ და პაპმა სამადლობელოდ ინება თქვენთან განსაკუთრებულის წიგნის გამოგზავნა და პროპაგანდამ თქვენი ხელმწიფებისადმი დიდის მადლობის მოხსენება. ალბად ღვთის განგებითაა, რომ ხსენებულ მამათა მისიონს ასე კეთილად დაუხვდენ, რათა იმათაც ანუგეშონ და სულიერი შემწეობა აღმოუჩინონ ერს, რომელიც ეგოდენ შეწუხეაშია. ამიტომ პაპმა და პროპაგანდამ ინებეს ამ მისიონერებს ორიც მიუმატონ პატრი იოსებ ჯუდიჩი და პატრი არქანჯელო ლამბერტი, რომლებიც არიან ცხოვრებით და ზნეობით სამაგალითონი, გაწვრთნილნი სხვა და სხვა საგნებში და უფროსიერთად საღვთის- მეტყველოში მეტად დახელოვნებულნი. ამიტომ ესენი შეიძლებენ მაგ ორი მოძღვრის მაგივრობა გასწიონ და საჭირო სულიერი სამსახური გაუწიონ მაგ ძველ საქრისტიანოსა, თუ ვინიცობაა მათ სიკვდილი, ანუ სხვა რამ დიდი უბედურება ეწიათ, რაც აგრე მოსალოდნელია ამ ჩვენს საწუთრო ცხოვრებაში. აწ ჯერ არს, რომ თქვენმა ხელმწიფებამ მიხედოს სახიერების თვალით არა მარტო მათ დიდის ხნის გზავრობისაგან შეწუხებას, არამედ იმ სიყვარულსაც, რომლითაც სამოციქულო საყდარი ჰგზავნის მათ, მხოლოდ იმ აზრით, რომ მაგ ერის სულთა შეეწივნენ და გაუადვილონ განხორციელება იმ წმიდა მიზნისა, რომლისათვისაც წმიდა კრება მუდამ ფხიზლობს და შრომობს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენის ხელმწიფების ესრედ ქველმოქმედების საქმეს ყოვლის მპყრობელი ღმერთი დააგვირგვინებს დიდებით სააქაოს წინაშე ყოველთა ქრისტიანეთა და შემდგომ საუკუნო ცხოვრებაშიაც; ეგრეთვე სამოციქულო საყდარიც თქვენ მარადის მადლობით მოგიხსენიებსთ. დანარჩენს კრების მაგიერ მოგახსენებენ ხსენებულივე მისიონერები. რომით, 31 აგვისტოს 1630 წ. ამ ორმა მისიონერმა ზაქარია კათალიკოსსაც მოუტანეს საჩუქრად ერთი საეპისკოპოსო ძვირფასი თვალ-მარგალიტით მოჭედილი მიტრა და ერთიც ოქრომკედის ძვირფასი ფილონი, მაგრამ ორივე ლათინურის ფორმისა. რა საკვირველია, არც ერთი გამოადგა კათალიკოსს, ამიტომ ორივე უთავაზა თეიმურაზ მეფეს. ეგრეთვე ამასაც გადასცეს პაპისა და პროპაგანდის წიგნი. პაპის ამასთან მოწერილი წიგნიც დაკარგულია, ხოლო პროპაგანდის წიგნი აი ეს არის:
„საქართველოს პატრიარქს.
„თქვენის მეუფების წერილი, სავსე სიყვარულით წმიდა საყდრისადმი და ეგრეთვე პატივისცემით, რომელიც აღმოუჩინეთ თეათინელ მოძღვრებს, პროპაგანდის კრებაზე განიხილეს და მეტად სასიამოვნოდ დაურჩათ პაპსა და კარდინალებს, რომელთაც ქება შეასხეს თქვენს გულმოდგინებასა და გულმხურვალებას. ამიტომ საჭიროდ დაინახეს, პაპმა განსაკუთრებულის წერილით და კარდინალებმა ამ წიგნით პატივი გცენ და გამოუთქმელი მადლობა მოგახსენონ. ვინაიდგან პროპაგანდამ თქვენს მეუფებაში ჰპოვა ეგოდენი გულმოდგინება და სიყვარული მაგ ერის სულის ცხონებისათვის თანა მოღვაწეობის გამო, ამიტომ რათა უფრო ნაყოფიერი ჰყოს ეგ თქვენი ერთგულება, ინება და გზავნის მანდ პატრი იოსებ ჯუდიჩის და პატრი არქანჯელო ლამბერტის თეათინელებს, რომლებიც სამაგალითო არიან მოძღვრებით და ცხოვრებით, რათა თქვენის მფარველობით უფრო ხელი შეუწყონ ერის ცხონების საქმეს და შეიძლონ საჭირო სულიერი სამსახურის გაწევა, მეტადრე მაშინ, თუ ვინიცობაა მანდ მყოფ თეათინელებს სიკვდილი, ან სხვა რამ უბედურება ეწიათ. აწ ინებეთ და აღმოუჩინეთ მათაც თქვენი მოწყალება და მფარველობა და ყოველგვარი შემწეობა, რაც კი საჭირო იქმნეს სულთა ცხონებისათვის. გარდა ამისა, რომ ესეთი თქვენი სიკეთე დიდათ სათნო საყოფელი იქმნება ღვთისათვის, პაპი და კარდინალებიც სამუდამოდ თქვენნი მადლობელნი იქმნებიან, არას დროს დაივიწყებენ თქვენს ამაგს და კიდეც ეცდებიან, სამაგიერო მიაგონ თქვენს მეუფებას. ყოველისფერს უკეთესად მოგახსენებენ თვით ეს მისიონერები. რომით, 31 აგვისტოს, 1630". ამ წიგნთან ერთად გამოუტანებიათ რომიდგან ერთი წიგნი საქართველოს
მიტროპოლიტთანაც, მხოლოდ საქმე ის არის, რომ გამოურკვეველი რჩება, ეს მიტროპოლიტი რომელი უნდა იყოს, საქართველოსი თუ კახეთისა? ამ დროს საქართველოს მიტროპოლიტი სრულებით არ არის მოხსენებული მისიონერების წერილებში და არც ისა სჩანს, მისიონერებს რაიმე მიმართობა ჰქონდათ მასთან თუ არა. ხოლო, ის კი ვიცით, რომ კახეთის მიტროპოლიტთან ალავერდელთან დაახლოვებულნი იყვნენ. მაგრამ, როგორც ზემოდ ვსთქვით, ალავერდელი პირველად კაის თვალით არ უყურებდა მისიონერებს და მათზე გადამტერებულ ბერძნებს თანაუგრძნობდა; ისიც ვიცით, რომ ალავერდელი ფარულად ცდილა ესენი თეიმურაზისათვის მოეშორებინა. არა სჩანს, ამას რაიმე სიკეთე ექნას მისიონერთათვის, მაშასადამე არც პრაპაგანდა მოსწერდა უსაბუთოდ ასეთ სამადლობელ წერილს. ვინაიდგან მისიონერების პირველი წიგნები არა გვაქვს ხელში, ამიტომ, შეიძლები ვსთქვათ, რომ ალავერდელმა პირველად მისიონერებს, თუ ნივთიერად არა, მოქალაქობრივად მაინც რაიმე სიკეთე უყო, რადგან პატივს სცემდა მისიონერებს, რომელნიც განათლებულ-განსწავლულნი პირნი იყვნენ. ამიტომ ჩვენა გვგონია, რომ ეს წერილი ალავერდელ მიტროპოლიტთან უნდა იყოს მოწერილი.
„საქართველოს მიტროპოლიტს.
„პროპაგანდის კრების კარდინალებმა თეათინელ მოძღვართა მანდაური მისიონის წარმატება და საზოგადოდ მათი ყველა კაი ამბავი ჩასთვალეს ცხად ნიშნად იმისა, რომ მაგ მისიონს ყოვლის მპყრობელი ღმერთი განსაკუთრებით სწყალობდა. ამათ იმედი ჰქონდათ, მანდაური ერიც მიიღებდა მისიონერებს პატივით და სიყვარულით, მაგრამ ის კი არ ეგონათ, რომ თქვენი მეუფება ეგოდენ პატივსა და სიყვარულს აღმოუჩენდა. ამიტომ ჩვენმა ბატონმა კარდინალებმა ინებეს, რათა განსაკუთრებითი მადლობა მომეხსენებინა თქვენთვის მათი სახელით, რასაც სიხარულით ვასრულებ ამ წერილის საშუალებით. თქვენმა ქცევამ ისინი დაარწმუნა, რომ სავსებით ზრუნავთ თქვენდამი მონდობილის ერის ცხონებისათვის; ამიტომ ინებეს გამოგზავნა თეათინელთა პატრი იოსებ ჯუდიჩის და არქანჯელო ლამბერტისა, რათა არა მარტო მოუარონ სულიერად მაგ ერსა, არამედ, სიკვდილის, ანუ სხვა რამ უბედურის შემთხვევის დროს, დაიჭირონ მანდ მყოფის მისიონერების ადგილი. მაშ კეთილ ინებეთ, ნახეთ ესენი და სიამოვნებით მოუსმინეთ, ეგრეთვე ხელი შეუწყეთ, რათა შეიძლონ ღვთის სამსახურის მანდ უფრო ადვილად შესრულება. ესეთი თქვენი შემწეობა დიდათ სათნო საყოფელი იქმნება პაპისათვის და ჩვენთა ბატონთა კარდინალთათვის, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად სათნო საყოფელი იქმნება ღვთისათვის. ვავალებ ზემოხსენებულ მამებს, პირადად უფრო ბევრი რამ მოგახსენონ. რომით 31 აგვისტოს, 1630 წ.". ზემოდ ბევრ გზის დასახელებულ მონაზონს ნიკიფორე ერბახს საქართველოში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა თავისი სიტყვითა და საქმით, ამიტომ რომიდგან მასაც სწერენ განსაკუთრებით და იმ ორი მისიონერის თავს მას აბარებენ:.
|