ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების მოსვლა ქართლსა (1600-1700)


1 2 3 4 5

„... მარტო გორია, რომ ვერც წინეთ და ვერც ახლა შეიძლო თავის გამოჩენა, რადგან ჩვენი ძმები დაიძაბუნეს სომხების მღვდლებმა, რომლებსაც ძალით ჩამოართვეს მათგან მითვისებული ჩვენი სახლი (პატრი კარლო პეშელის სიკვდილის შემდგომ ჩვენი ძმათაგანი აღარავინ მდგარა იქ, ამისთვის შეჩვენებულმა სომხების მღვდლებმა მიითვისეს ყველაფერი), გარნა ამ მისიონს კვალად სჭირია გიორგი მეფის მობრძანება, რადგან დიდი ხარჯია საჭირო, რომ ეკკლესია რიგიანად იქმნეს მოწყობილი... რაოდნათაც ვიცნობ ქვეყანას, შემიძლია ყოვლადის სინამდვილით და ჭეშმარიტებით მოგახსენო, რომ ტფილისის მისიონი აღმოსავლეთის ყველა მისიონებსა სჯობს. ეგევე აზრი გავიგონე ბევრთაგან, რომელთაც ესმისთ და დაუვლიათ აღმოსავლეთი. ეს ისედაც ცხადად სჩანს. ქართველები ძალიან აფასებენ ჩვენს ძმებსა, რადგან მათ ჩვენი რიდი აქვსთ, პატივს გვცემენ და გვიფარვენ კიდევაც. რაც უფრო მადალ ხარისხის პირნი არიან, მით უფრო მეტი პატივისცემა აქვსთ ჩვენი... აქ ჩვენი მონაზონები ყველგან მიღებულნი არიან, თუ პალატში, თუ სახლებში და თუ მათ ეკკლესიებში; ყველგან ჰქადაგებენ დაუბრკოლებლივ და არც შიშია, რომ მოუხდესთ რაიმე შფოთი ან მაჰმადიანებთან, ან ქართველებთან და ან სომხებთან. როდესაც ქალაქში დაიარებიან, ყველა მათ გზას უთმობს. თუ ჩვენთაგანს ვისმე გული უთქმიდეს პატივისათვის, აქ უძებნელად მოიპოებს, რადგან ყველანი კდემით გვეპყრობიან და პატივს გვცემენ. აქაური კათოლიკები კაი გულმოდგინე და გაშინაურებულნი არიან; ხშირადაც ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან. ესენი ჩვენს ეკლესიებში, აღმოსავლეთის წესისამებრ, როდი სდგანან ფეხზე თავდახურულნი* (*ოსმალეთში ქრისტიანები საზოგადოთ ქუდმოხდილნი ლოცულობენ ეკკლესიებში), არამედ დაჩოქილნი, ჩუმად და თავმოხდილნი არიან. ეს რა ნახა იეზუიტმა პატრი კოსკოვსკიმ დადად განუკვირდა და გვითხრა: „ნეტაი თქვენ, რომ ამისთანა ბარბაროსულ ქვეყანაში ყოველ დღივ უფრო დიდს გულმოდგინებას ხედავთ, ვიდრემც თქვენს იტალიაშიო".

 ხოლო იეზუიტი პატრი ლაპოლსკიმ, რომელიც ერთი წლის შემდგომ მოვიდა და ჩვენთან 25 დღე დარჩა, ყველაფერი რა კარგად შენიშნა, ნახა ახლად მოწყობილი ეკკლესიის სიმშვენიერე, მეტადრე ხალხის ხშირი სიარული და მათი აღსარება, ზიარება ღვთის მშობლის მიძინების დღეს, ტირილითა სთქვა: „სად ვარ, იესოვ ჩემო. თვით პოლონეთშიაც არ მინახავს, რომ ჩვენი ქრისტიანები ეგრე ბლომად მოდიოდენ საიდუმლოების მისაღებათ, როგორც ამ ეკკლესიაში ვხედავ". იძახდა: „ოჰ! რა ბევრმა ჰსთქვა აღსარება, ოჰ! რა ბევრნი ეზიარნენო”.

 ჩვენც ვუპასუხეთ, რომ, რაც მას ენახა იმაზე უფრო მომეტებულმა სთქვეს აღსარება და ეზიარნენ. ხოლო მათი რიცხვი ბევრად უფრო მომეტებული იქმნებოდა, მაგრამ, რადგან დევნულება ახლად დამცხრალიყო, ამიტომ, მეტადრე ახლებმა ზიარება ვერ გაბედეს, რათა არ შეენიშნათქო. ეგრეთვე წასვლის დროსაც გვითხრა: დიდის მწუხარებით ვშორდები ამ კურთხეულს ადგილს, გარნა ბევრი მექმნება ამაზედ სალაპარაკო და ბევრ რამესაც დავსწერ ამ საუკეთესო მისიონისასო... ტფილისი, 28 ნოემბერი 1691 წ., პატრი ჯულიო”

სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს შევხვდით ამ იეზუიტის ნაწერების საქართველოს მისიონის შესახებ. პატრი ჯულიოს რომში წინეთ გაუგზავნიათ ამ წერილის გარდა კიდევ სხვა წერილიც, რომელშიც აუწერია სომეხთა მიერ დევნულობა და კათოლიკების წარმატება. ამ წერილს კი ჩვენ ვერ შევხვდით. ხოლო პროპაგანდა 17 მარტს 1691 წ. ამ პატრს სხვათა შორის ესრედ სწერს: „ბატონმა კარდინალებმა დიდად აქეს თქვენი ერთგულობა და დიდის გულმოდგინებით და სიამოვნებით მოისმინეს თქვენი გამოგზავნილი მოხსენება შესახებ მაგ მისიონისა, რომელიც მუდამ წარმატებაში მიდის, მიუხედავად იმ შფოთისა, რომელიც წინეთ აღძრეს კათოლიკე სარწმუნოების მტრებმა..." ამავე წერილით აცნობებს ასი სკუდის გამოგზავნას მისიონის საჭიროებისათვის. ზემოდ ვსთქვით, რომ ბარძიმის წერილების პასუხის გამოგზავნა შეაჩერეს რომში პაპი ალექსანდრე მერვის სიკვდილის გამო. ხოლო აირჩა თუ არა ინოჩენციო მეთორმეტე, ამ გამოსაგზავნ პასუხსაც ყურადღება მიაქციეს. გარნა უწინდელი დაწერილი წიგნი აღარ გამოდგა, მისი შეცვლა საჭირო გახდა, რადგან საქართველოდან 1691 წ. ბარძიმის შესახებ უფრო კარგი ამბავები მისწერეს, რაის გამო საჭირო ხდებოდა, რომ ეს გარემოებაც მოხსენებული ყოფილიყო წერილში. ამიტომ 26 იანვარს 1692 წ. პროპაგანდა სწერს პაპის სეკრეტერს და აცნობებს, რომ ბარძიმს დიდის მხნეობით დაუფარავს კაფუცინები და კათოლიკები ახალ დევნულობისაგან. ამიტომ სთხოვს, რომ პაპმა თავის წერილში ამისთვის კერძო მადლობა მოახსენოს, ეგრეთვე დაასახელოს საჩუქრები, რომლების გაგზავნაც პაპს მოუნდომებია და რომლებიც შემდეგნი ყოფილან: ორი მედალი და ერთი ჯვარი ოქროსი, ერთი კრიალოსანი თავისთვის და ერთიც მის მეუღლისათვის და ერთი კრიალოსანიც მის ძმა დივანისათვის. გარნა წერილში არ არიან მოხსენებული ეს საჩუქრები. აი პაპის წერილიცა:
„ჩვენს საყვარელს შვილს, კეთილშობილ კაცს, საქართველოს თავადს ბარძიმს, პაპი ინოჩენციო მეთორმეტე.

„საყვარელო შვილო, კეთილშობილო კაცო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„შევიტყეთ, რომ ღვთის მადლის შემწეობით, დაგიტოვებიათ ის შეცთომილებანი, რაშიაც შობილ და აღზრდილ იყავით და მიგიღიათ კათოლიკე სარწმუნოება, რომლის გარეთ შეუძლებელია ცხონება და სავსე ხართ გულმოდგინებითა, რათა დაიცვათ და განავრცოთ ესევე სარწმუნოება. მასთანვე ვსცანით, რომ სხიზმატიკების მიერ გამართულ ფიცხელის დევნილობისაგან მხნედ დაგიფარავსთ სამოციქულო მისიონერი კაფუცინები და ეგრეთვე ისინი, რომლებსაც თქვენის მიბაძვით მიუღიათ იგივე კათოლიკე სარწმუნოება. სათნოდ ვრაცხთ, რომ ამ წერილით ჩვენი დიდი მადლობა გამოგიცხადოთ, რათა ამნაირად როგორმე ვუპასუხოთ მაგ თქვენს უდიდეს ღირსებას. მასთანვე, როგორც იმედი გვაქვს, უეჭველია, უფრო შეგულიანდეთ და შეეწიოთ დაუცხრომელად ხსენებულ მისიონერებს და კათოლიკებს. რათა ამ მიზანს ეწიოთ, საჭიროდ ვრაცხთ, შეუერთდეთ გიორგი მეფეს. ამითი ჩვენ დიდად გვასიამოვნებთ, მასთანვე ეცადეთ, რომ დაურღვეველად დაიცვათ მეგობრობა. ამისი იმედი გვაქვს და ყოვლის სიკეთის მომნიჭებელ ღმერთს ვსთხოვთ თქვენი კეთილშობილობისათვის უხვად ყველა სულიერს და საწუთრო სიკეთეს. მასთანვე ჩვენის მამებრივის სიყვარულით განიჭებთ მოციქულებრივი კურთხევას”.

არ ვიცით, თუ ვინ მოუტანა ეს წერილი ბარძიმს, რომელსაც დიდად სასიამოვნოდ უნდა დარჩენოდა პაპის ესრეთი მადლობა და ქება. არც ის ვუწყით, თუ რა გაარიგა გიორგი მეფესთან ბარძიმმა. ხოლო ეს კი ცხადია ისტორიიდგან, რომ სხვა და სხვა გარემოებამ გიორგი მეფეს ხელი შეუშალა ბარძიმს შეერთებოდა და ცდილიყო მაჰმადიანების უღლისაგან საქართველო განეთავისუფლებინა. ეგრეთვე ვიცით, რომ შემდგომ გიორგი მეფე დაიბარა ყეენმა და მისცა ყანდაარის მართველობა, რათა აჯანყებული ავღანელები დაემორჩილებინა და მით აეცილებინა სპარსეთისათვის ის დიდი უბედურება, რომელიც მას მოელოდა. გიორგი იმ შორეულ ურწმუნოების ქვეყანაშიც დარჩა ერთგული და მორწმუნე კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელიც სულით და გულით მიიღო საქართველოში. იქ, როგორც ექიმები, მუდამ თან ახლდა სიკვდილამდე ორი კაფუცინის პატრი თავის მოძღვრებად. ამას სხვათა შორის, ცხადათ მოგვითხრობს მისივე თანამედროე პოლონელი მისიონერი კრუზინსკი ესრედ: „ესეც საჭიროა მოვიხსენიოთ ამ მთავრის გალაშკრებისა, რომ... ქრისტიანედ დარჩა და კათოლიკედ მიიცვალა, როგორათაც მოგვითხრობენ. როდესაც მოჰკლეს, მას გულზე უპოვეს ჯვარი, ერთი ოქროს ჯვარიც თავის ჯარის დროშის ბურთში ჩაეტანებინა. ყველამ ვიცით, რომ წინათვე ის სრულიად შეერთებული იყო კათოლიკე ეკკლესიასთან. ომისა და სიკვდილის წინა დღით წმიდა ზიარებაც მიიღო, რადგან მკურნალობის მიზეზით, ომში თან წაეყვანა ორი პატრი კაფუცინი, პატრი რეჯინალდო და პატრი ამბროზიო მილანელი, რომელიც ჩემი დიდი ნაცნობი და მეგობარია".

ზემოდ ხსენებული უფროსი პატრი ჯულიო 1692 წ. რომში სწერს და ანგარიშს აძლევს რომიდგან წამოღებულის და დახარჯულის ფულებისა, რომელთა რიცხვში 505 სკუდი დაუხარჯავს მონასტრისა და ეკკლესიის შეკეთებაზე. ეგრეთვე ამ წერილში იხსენიებს, რომ ბარძიმ დივანბეგს ეკკლესიისათვის შეუწირია ძვირფასი ფარჩა, რომლისაგანაც რავდენიმე ხელი სადღესასწაულო წირვის შესამოსელი გაუკეთებიათ. ამ პატრსვე აუშენებია ეკკლესიის სამრეკლო, რისათვისაც თუ ბარძიმი და თუ სხვა კათოლიკები შესწევიან.
ამ დროდან ვიდრე 1698 წლამდინ აღარა ვიცით თუ რა მომხდარა და მისიონის საქმე როგორ წასულა, რადგან მთლად გვაკლია ამ დროის საბუთები. მხოლოდ ეს შემდეგი წიგნი გვაქვს პროპაგანდისა ტფილისის კაფუცინების უფროსთან მიწერილი, რომლითაც სთხოვს ორ ახალგაზდა ქართველის გაგზავნას რომში სასწავ-ლებლად:

„პატრი სილიბისტრე კაფუცინ პრეფეკტოს, 11 ოქტომბერი 1697.
„ეს წმიდა კრება ნატრობს და მისთანვე ზრუნავს, რომ ამ ჟამად ურბანოს კოლეგიაში დარჩენილი ცარიელი ადგილი შეავსოს ორი ახალგაზდა ქართველით, რათა მათ, სწავლის შემდგომ, თავის დროზე შეიძლონ შეწევნა სულიერად თავიანთი ტომისა, რომელსაც ეგოდნათ სჭირია კარგი მოციქულებრივი მუშაკნი. ამიტომ გთხოვთ მოსძებნოთ ორი ახალგაზდა და რაც შეიძლება მალე გამოგზავნოთ აქ. ამასთანვე გაუწყებ, რომ ის ყმაწვილები უნდა იყვნენ კარგი აგებულობისა, მრთელნი გონებით და სხეულით, გარეგნად უნაკლულონი; ჰქონდეს საკმაო ნიჭი, რათა მათგან შემდეგში სარგებლობის იმედი იყოს; არ იყვნენ უმცირესი თუთხმეტი წლისა და უდიდესნი, ოცისა, ანუ სულ ბევრი 21 წლისა; ეგრეთვე თუ შეიძლება ჰქონდესთ რომელიმე სწავლა დაწყებული..." ვინ და ანუ როდის გაგზავნეს ეს ორი ახალგაზდა ქართველი რომში, ამაზე არც ერთი დოკუმენტი გვაქვს. 1698 წლის პირველს კაფუცინები რომში იმის აღწერას გზავნიან, თუ როგორ ასრულებენ საეკკლესიო წესებს ტფილისში. ეგრეთვე აუწყებენ, რომ სკოლაში ჰყავსთ 40 მოწაფემდე, რომლებსაც, წერა-კითხვის გარდა, ასწავლიან სარწმუნოების უმთავრესს საგნებს და ლოცვებს არა მარტო ქართულად, არამედ ლათინურადაც. მასთანვე ეუბნებიან, რომ სნეულთა წამლობა მათ ძრიელ შველის, რადგან ამის მიზეზით ხშირად დაიარებიან ბინაზე უმაღლეს ქართველ პირებთან და მაჰმადიანებთან, რომლებსაც იმეგობრებენ, რათა დევნილობის დროს შემწეობას მიმართონ, ვინაიდგან მისიონის მოღვაწეობას სულმუდამ სჭირდებოდა მათი მფარველობა.
„იმ დიდმა სიხარულმა, რომელიც მოუპოვა რომს და ტფილისის მისიონერებს თუ ბარძიმის ერისთავისა და თუ სხვა წარჩინებული ქართველების გაკათოლიკებამ, ბევრხანს არ გასტანა. დიდ შვებას, დიდი მწუხარება მოჰყვა და იმდენი შრომა სულების სასარგებლოდ მტერმა თითქმის ერთიან ფეხქვეშ გაქელა და მოსპო. სულ სხვა და სხვა ნაირად ეპყრობიან მისიონერებს ქართველები და სომხები. პატრებმა თავიანთი მიუკერძავი და უზომო კაცთ-მოყვარეობით არა თუ მოიგეს ქართველების გული და მათი სიყვარული და მეგობრობა დაიმსახურეს, არამედ თვით ბარბაროსი და კაცობრიულ გრძნობას მოკლებულ თათრების გულიც მოარბილეს და მიიზიდეს. გარნა სომხების გაქვავებული შურით განძვინებული გული ვერავითარის სიკეთით მოალბეს. სომხების მოქმედება ძრიელ სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს და გვიმტკიცებს არა მარტო მათს დაუცხრომელ მტრობას კათოლიკე სარწმუნოებისადმი, არამედ თვით კაცობრიობის წინააღმდეგადაც, რადგან აქვავებენ და სდევნიან იმათ, რომლებიც
თავიანთ სიცოცხლეს არ ზოგავდენ და ყველა ღონისძიებას ხმარობდენ, რომ აღმოეჩინათ ყოველგვარი შემწეობა საწყალ და გაჭირვებულ ხალხისათვის განურჩევლად სარწმუნოებისა და ერობისა. სომხების ასეთი უმოწყალო მოქმედების შესახებ კაფუცინების ერთი ვრცელი მოხსენება ჩაგვივარდა ხელში, რომელიც დიდათ გვაოცებს. ამ სამარცხვინო ამბის გამოქვეყნებას ჩვენს წერილში სიამოვნებით დავანებებდით თავს, ისტორიის საჭიროებას იგი რომ არ მოეთხოვა. ამიტომ იძულებული ვართ მოვიყვანოთ აქ ესეც. რადგან ეს წერილი საკმაოდ ვრცელია, უსაჭიროესის გარდა დანარჩენს გამოვსტოვებთ.

„... აწ მოგახსენებ ამ საბრალო მისიონის დიდათ სამწუხარო დაჩაგვრის ამბავს. კათოლიკობის მტერმა წრეულს დაგვიწყო ეგრეთი სასტიკი დევნა, რომ მისი მსგავსი ჯერ არასდროს გვსმენია; მასთანვე ისე გაძლიერდა და გამტკიცდა ეს დევნულობა, რომ მარტო ღვთიურ შემწეობას შეუძლია დაგვიხსნას მისგან. მოკლედ გაუწყებ ამ დევნულობის ამბავს. ვინაიდგან კათოლიკები კარგად გამრავლდენ და დაიწყეს ხშირად მოსვლა ჩვენს ეკკლესიაში, კათოლიკე სარწმუნოების მტერმა სომხებმა ვეღარ მოითმინეს... ფულის მოსაკრებად პატრიარქასაგან გამოგზავნილმა ვართაპეტმა ყველა მღვდლებთან და ქალაქის ხუთ-ექვს მოწინავე პირებთან ერთად გადასწყვიტეს ჩვენი ეკკლესიის დანგრევა და ჩვენი ამ ქალაქიდან გადევნა. მეფისაგან ნების ასაღებად ეს ბოროტები მივიდენ ვეზირთან და მისცეს 100 ოქრო (zecchini)... დაიმედებულთა, რომ ნებას გამოიტანდენ ამ დაწყევლილმა ეშმაკის მუშებმა ერთ ეკკლესიაში პირველ გზის შეჰკრიბეს ყველა ისინი, რომლებიც წინააღმდეგნი არიან კათოლიკებისა... შემდგომ ვართაპეტმა უბრძანა ეკკლესია დაეკეტათ და ზარები აღარ დაერეკათ, რათა ყველას მარტო ის ეფიქრათ, რის აღსრულებაც უნდოდათ. ხოლო ჩვენ გული არ გავიტეხეთ და არც ზარების რეკა შევაჩერეთ პარასკევამდე. მეორე დღეს ადრიან დილაზე ყველა მღვდლები შეიკრიბნენ ტერ დავითას ეკკლესიაში, სადაც იდგა ის დაწყევლილი ვართაპეტი და მოელაპარავეს, რაც უნდა ეთქვათ მეფისათვის. შემდგომ დიდძალის ხალხითურთ მივიდენ მეფას სახლში და დაუცადეს ვიდრე მეფე გამოვიდოდა; რა გამოვიდა მეფე საწოლიდგან, ყველა ეს საძაგელი ბრბო შევიდა შიგნით, სადაც დაიწყეს თავიანთი ეშმაკებრივი აზრების წარმოთქმა, ჩვენზე დრტვინვა და თქმა, რომ ნახევარი ქალაქი გაფრანგებულიაო, ამის თანახმი არა ვართ, არც გვინდა სომხები მათს ეკკლესიაში დადიოდნენო, ისინი მატყუვრები არაინო... აღარ გვინდა პატრები ქალაქში დარჩნენ, არამედ ქალაქს გარეთ უნდა გავიდენო; სპარსეთის მეფემ რომ შეიტყოს, ნახევარი ქალაქი გაფრანგებულა, არც თქვენ მოგივათ კარგი საქმეო; ეგრეთვე რადგან იმათ ცოლი არა ჰყავთ, ნება არა აქვსთ ვისმე აღსარება ათქმევინონო და სხვა ამნაირი ბევრი საძაგლობა უთხრეს... სადილობის შემდგომ უფროსი პატრი და პატრი ალექსანდრე წავიდენ ყულარ აღასთან, რომელსაც დაებარებინა ისინი ამ საქმის შესახებ მოსალაპარაკებლად. რა მივიდენ, იქვე დახვდათ მეფე, ვართაპეტი ოთხი სხვა მღვდელითურთ, მამასახლისი და აბედინაშვილი. შესვლისას ისინი მეფემ მიიწვია და თავისთან ახლო დასვა, ხოლო სხვა ყველანი ფეხზე იდგნენ. ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობდენ მეფე და ყულარ აღასი ვართაპეტთან და ეუბნებოდენ, რომ, ჩვენ ვითარცა მოციქულები, გამოგზავნილი ვიყავით პაპისაგან წმიდა სახარების საქადაგებლად, ჩვენ ყველას ვსწამლობდით დიდის სიყვარულით, ჩვენ აქ არ ვიყავით სიმდიდრისა მოსაპოებლად, არამედ მარტო ყველასთვის სიკეთის საქმნელად და იმისთვის რათა გვესწავლებინა ჭეშმარიტი გზა სასუფეველისა. ვართაპეტმა უპასუხა მეფეს: ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ მაგათ ეკკლესიაში რომელიმე სომეხი მივიდეს, ჩვენც ვიცით სწავლება და ჭეშმარიტი სასუფეველის გზის ქადაგება. რადგანაც მეფეს ბლომად მიეღო ფულები, 20 თუმანი, პატრებს უთხრა:

გაიგონეთ რასაც ამბობს ეს ვართაპეტი, მართლადაც ძრიელ კარგი იქმნება, რომ ყველანი თავის ეკკლესიებში იარებოდნენ, მაშინ ერთმანერთში ძმასავით ვიქმნებითო. პატრი ალექსიმ მიუგო: ბატონო ჩვენ ხომ ძალით არავინ მოგვყავს ჩვენს ეკკლესიაში, იგი ყველასათვის ღია არის, ვისაც უნდა მოვა... მეფე წავიდა, პატრები დარჩნენ ყულარ აღასთან და სომხებთან, სადაც ბევრი ილაპარაკეს. ეს მატყუარა ყულარ აღა ლაპარაკში განგებ მუდამ ჩვენ გვესარჩლდებოდა და მათ აყვედრიდა; ვართაპეტმა რა ნახა ესა, თუმცა მოჩვენებით იყო, მაგრამ მაინც კი პატრების წინაშე ეს ყვედრება ვეღარ აიტანა, გაბრაზებული გავიდა თავის მღვდლებთან ერთად და დაიწყო შეჩვენება და წყევლა ყველა იმათი, ვინც არ დაკეტავდა დუქნებს და ჩვენის ეკკლესიის და სახლის დასაქცევად არ მოვიდოდა. ამ შეჩვენებისა და წყევლისაგან შეშინებულმა ვაჭრებმა და მედუქნებმა ყველამ დაკეტეს დუქნები, და ყველანი საშინელის ყვირილით, შეიარაღებულნი კეტებით და ცულებით, წამოვიდენ ჩვენი სახლისკენ. ამ გაბრაზებულ ეშმაკის მონების ყვირილი ისეთი იყო, რომ ქუჩებში ყველა დედაკაცები სახლებიდგან გარედ გამოცვივდენ და ზოგიც თავიანთი სახლების ბანებზედ ავიდნენ, რათა იქიდგან ეცქირათ ამ წარმოდგენისათვას, რომელიც მართლა მეორედ მოსვლის დღესა ჰგავდა, რა მოვიდენ, დიდრონის ქვებით, კეტებით და ცულებით დაიწყეს კარის შემტვრევა, მაგრამ ვერ ჩამოაგდეს კარი, რადგან მაგარი იყო. ხოლო ჩვენ შიგნით სახლში ვიყავით და ამ ყვირილისა, კეტების და ცულების ჯახა-ჯუხისა ვერაფერი გაგვეგო, რისთვის იყო; რადგან უფროსი პატრი და პატრი ალექბი მეფესთან იყვნენ, ჩვენ ვერ შევიტყეთ: ეს ამბავი მეფის ბრძანებით იყო, თუ არა. ამ ხალხმა რა ნახა, რომ კარიდგან ადვილად შემოსვლა არ შეიძლებოდა, უმეტესობა ავიდა ბანებზედ, ჩვენი ბაღის წინ რომ იყო და იქიდგან დაუწყეს სეტყვასავით ქვების სროლა ეკკლესიასა და ყორეს დიდის ხმაურობით. ამ დროს, როცა ეს გაცოფებული ხალხი თავის ჯავრს ქვების სროლით იყრიდა, ჩვენის ბაღის ქვეითა გზით გაიარა ცხენით დივანბეგმა, რომელსაც თან ახლდა მრავალი თავისი კაცები, ამ ბატონმა, რა დაინახა ჩვენის სახლის გარეშე ეგოდენი ხალხი და გაიგონა რახა-რუხი, რომელსაც ჩვენს სახლს უყოფდენ, სასწრაფოდ გამოგზავნა შეიარაღებული კაცები, რომ დაეცვათ ჩვენი ეკკლესია, სახლი და ჩვენ ყველანი. ისინი საჩქაროდ მოვიდენ ჩვენ კარებთან, მაგრამ რა ნახეს, რომ ხალხის სიმრავლის გამო კარებიდგან ვერ შემოვიდოდენ, ავიდენ ბანზედ, რომელიც გადმოსცქეროდა ჩვენს ბაღს და საიდანაც ხალხი სარკმელებს და ეკკლესიას ქვებს უშენდა. მდივანბეგის კაცები ხალხს მისცვივდენ ჯოხებით და შეაჩერეს კიდევაც; ზოგი მათგანი გადმოხტა ბაღში და მოეშველნენ კარებს, რომელიც უკვე ცოტა ჩაენტვრიათ. ხალხმა რა დაინახა, რომ იმ ბატონის კაცები შიგ იყვნენ, კარის მტვრევაზე ხელი აიღო. ჩვენი მოსამსახურე ჩინტეტი ყულარაღის სახლში პატრებთან იყო. რა გაიგო ქალაქში ეს ხმაურობა, საჩქაროდ გამოიქცა. ჩვენის სახლისკენ და ნახა თუ არა, რომ ხალხი კარებს ამტვრევდა, მაშინვე გაბრუნდა და შეატყობინა პატრებს, რომ ხალხი ჩვენს სახლს ანგრევსო. ეს ამბავი რა გაიგონა მოჩვენებულმა ყულარ აღასმა, გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და უთხრა მამასახლისს: დიდი ცეცხლი მოეკიდოს შენს სახლს, წადი ჩქარა შე ძაღლო და მოაშორე იქიდგან ხალხიო. ესეც საჩქაროდ წამოვიდა ჩვენს სახლისკენ და ჯოხით გაფანტა მომეტებული ხალხი რომელიც უკვე დამცხრალიყო მდივანბეგის კაცების შიშით. ყულარ აღასმა შემდგომ პატრებს ჩვენს სახლამდე თავისი მეკარე გამოაყოლა. ამათ რა ნახეს უწყალო სომხების ეგოდენი ნასროლი ქვა მოთმინებიდან გამოვიდენ, ის კი არ აბრაზებდათ უფრო, რომ სომხების ნასროლის ქვებისაგან ასეთი ყორე დამდგარიყო, არამედ ისა, რომ ყულარაღამ ჯერ მოჩვენებით ჩვენს სასარგებლოდ ილაპარაკა და ბოლოს კი ამდენი ხალხი მოგვისია. ეს ხალხი ორ საათამდინ დარჩა ჩვენის სახლის წინ. შაბათს მამასახლისი მივიდა მეფესთან და გამოართვა ერთი წერალი, რომლის ძალითაც, თუ რომელიმე სომეხი მოვიდოდა ჩვენს ეკკლესიაში უნდა გადაეხადა 12 თუმანი მეფისათვის; შემდგომ ასეთის კაცისათვის სომხებს ან თვალები უნდა დაეთხარათ, ან წყალში უნდა გადაეგდოთ. რა მიიღო ეს გასაკიცხი წიგნი, მთელ ქალაქში გამოაცხადებინა, როგორც ერთი ბრძანება რამ. ამის გამოცხადების შემდგომ თუ აქაური და თუ უცხო სომხები აღარ მოდიან ჩვენს ეკკლესიასა და სახლში... ახლა უეჭველად საჭიროა, რომ წმიდა კრებამ სპარსეთის მეფისაგან მოგვიპოვოს რახამი (მეფის ნებართვა), თუ უნდა რომ მისიონი დარჩეს ამ ქალაქში. სხვა გავლილის დევნულობის დროსაც მეფე მუდამ გვეუბნებოდა ესრეთ: „მოიპოვეთ ნება სპარსეთის მეფისგან, მერე უყურეთ თუ რას ვიქმ თქვენთვის: ეხლა არაფერის ქმნა შემიძლია, რადგან სომხები მეუბნებიან: რათ გყავსთ აქ ეს ფრანგები, რომლებსაც არა აქვსთ სპარსეთის მეფის ნებართვაო... ცხადია რომ ამ ნაირად მისიონი აქ ბევრ ხანს ვერ გასტანს, ეს უწმინდური სომხები აქედგან გვერეკებიან, აქ ამბობენ, რომ ამ მეფის შემდგომ, სპარსეთის მბრძანებელს აზრად ჰქონია, აქ ნამდვილი სპარსელი მაჰმადიანი გამოგზავნოს მის მაგიერად, რათა ბაგრატიონთ ჩამომავლობა მთლად ამოაგდოს; თუ ასე ჰქმნა, მაშინ ჩვენ აქ ურახამოდ დადგომა აღარ შეგვეძლება...
საქართველოს ამბავი ისევ ეგრეთია, როგორათაც წინად მოგწერე. გიორგი მეფე ისპაჰანს არის და იმედით სცხოვრობს... ტფილისი 20 ივნისსა, 1698 წ. პატრი ამადიო ბრეშელი”.

კიდევ გვაქვს ერთი ამისთანა ვრცელი მოხსენება, რომელშიც აღწერილია სომხების მიერ ატეხილი, დევნულობა, ბარძიმის გამოსარჩლება კათოლიკების დაფარვა. ამ წერილს არც თარიღი აქვს და არც დამწერის ხელია მოწერილი. როგორც სჩანს, ერთ მესამე პირს გამოუკრეფია ტფილისიდგან პატრი სილიბისტრეს წერილებიდგან და პროპაგანდისთვის გადაუცია. ეს წერილი დაწერილი უნდა იყოს ან 1697, ანუ 1691 წელს, როცა სომხებმა დევნულობა გამართეს. რადგან ამას თარიღი არა ჰქონდა, ვერც ჩვენ შევიძელით მისი დროს
განსაზღვრა; ამიტომ მოვიყვანთ მას აქ ბოლოში და შევამოკლებთ რაოდნათაც კი შეილება.

„ტფილისის მისიონერი კაფუცინი პატრი სილიბისტრე იწერება ვრცელს მოხსენებას შესახებ ერეტიკოს სომეხთა მიერ ჩადენილის დევნისა. იმ ქალაქის კათოლიკების წინაადმდეგ. ამბობს, რომ ეს დევნა გამოწვეულ იქმნა კათოლიკების გულმხურვალების გამო. რადგან საჯაროდ აღიარებდნენ კათოლიკე სარწმუნოებას. ეგრეთვე სომხებმა ისარგებლეს ბარძამის იქ არ ყოფნით, რადგან იგი იქაურობას განშორებოდა შიშის გამო ჟამისა, რომელიც ძრიელ მძვინვარებდა; იქ დარჩენილ იყვნენ მარტო მაჰმადიანები. ამიტომ სომხები წინაღდგომოდენ კათოლიკებს და თავიანთისვე უფლებით გამოეცათ ბრძანება, რომლითაც უკრძალავდენ კათოლიკებს კაფუცინების ეკკლესიაში წასვლას. თუ ვინმე წავიდოდა, მას ჯარიმად გადახდებოდა თორმეტი თუმანი, რომაული 15 სკუდი. ხოლო ეს წამსვლელი თუ დედაკაცი იქმნებოდა ვირზედ უნდა შეესვათ და ისე ქალაქი უნდა შემოეტარებინათ. ეს რა შეიტყო მთავარმა, მაშინვე გაგზავნა რავდენიმე მოხელე და გამოაცხადებინა ამისი წინააღმდეგი ბრძანება. გარნა ეს ბრძანება შეურაცხებად მიიღეს და მაშინვე წავიდენ, ნახეს მაჰმადიანი ნახჩევნის მთავარი, ვეზირი, ციხის უფროსი და სხვა სამსახურის კაცები; ამ პირებს ჩააგონეს რომ მისიონერებს ქალაქის უმეტესი ნაწილი გაუფრანგებიათ, მალე ქალაქს ერთიან გააფრანგებენ და კიდევაც სპარსეთის მეფის წინააღმდეგაც ააჯანყებენო, თუ ისინი არ შეაშინეთ და ნაცვალსაც ნაცვლობა არ ჩამოართვით, რადგან ისიც ფრანგების ერთი წინაპართაგანიაო... სომხები გაამაყდენ ამ შეჩვენებულის გამარჯვებით, მასთანვე დაიყოლიეს ერთი სამსახურის კაცი და გაალახვინეს სამი კათოლიკე რომელთაც სიამოვნებით მოითმინეს ეს გალახვა, იქამდე, რომ თვითონვე აქეზებდენ მოხელებს კიდევ გვცემეთო და ეუბნებოდენ: სრულებით არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენის სიყვარულისათვის ჩვენმა გიორგიმ იტვირთაო, ჩვენც დავითმენთ ჭეშმარიტების სიყვარულისათვისო. ამ კათოლიკეთა შორის იყო ერთი მეტად პატიოსანი კაცი, რომელსაც ჰყავდა კვალად სამი ძმა კათოლიკე. ეს მივიდა იმ ადგილს, საცა სხვა კათოლიკებს სცემდენ და ეს უთხრა მტარვალებს: „ჩემი ძმა გალახეთ ჭეშმარიტების მიღებისათვის, ესევე ჭეშმარიტება მე უფრო იმაზე წინ მივიღე, მაშ მეც შემბოჭეთ და გამლახეთ, რადგან მეც ვნატრობ ვნებას უფლისა ჩემისათვისო". ეს თხოვნა განიმეორა და ამიტომ ესეც გალახეს. ხოლო ამან გალახვის შემდგომ ისეთი კარგი სიტყვა უთხრა, რომ ბევრმა მათგანმა შეინანა. ქალაქში რომ არ სცხრებოდა სომხების თავგასულობა და დევნულობა, დედაკაცები, რომელთაც ერთი წლის წინეთ მიეღოთ კათოლიკობა, იძულებულნი გახდენ სხვაგან უშიშარ ადგილს შეჰფარებოდნენ. ბოლოს უფროსი პატრი წავიდა ნახჩევნის მთავართან და ვეზირთან და უთხრა თავისი აზრი, რომ ისპაჰანს სპარსეთის მეფესთან კაცის გაგზავნას ვაპირობო, რათა მას ვაცნობო ყველა უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში ხდებაო, ამ კაცის გაგზავნაზე თქვენი თანხმობაც მომეცითო. ეს თანხმობა მისცა, მაგრამ დაავალა კი, თავისი სახელი არ გამოეცხადებინა და ესეც უთხრა, რომ მეც მინდა ამ საქმეს ბოლო მოეღოსო. ხოლო ვეზირს ამ ამბავისა მოერიდა და წავიდა ბარძიმ მთავართან და თან მიუტანა ნახჩევნის მთავრის წიგნიც და აუწყა თავისი აზრი. ბარძიმმა რა მოისმინა ეს ამბავი, იწყინა და ორ გზის მისწერა ქალაქის მცხოვრებთ და დაემუქრა, თუ არ დასცხრებით, დაგსჯითო. ამავე ნაირად ჰყო მდივანბეგის ძმამაც, რომლისა მთელს საქართველოს ეშინია. გარნა ამითი არაფერი იქმნა და არ დასცხრნენ, რადგან სომხების მღვდლებმა ხალხის დიდ ნაწილთან ერთად დაატანეს ძალა და რავდენიმე კათოლიკეს ჩამოართვეს პირობის წერილი, რათა კათოლიკების ეკკლესიაში აღარ ეარათ. ამ ხელწერილის მიმცემნი იყვნენ თორმეტნი. ეს ყველა რა შეიტყო დივანბეგის დედამ, მაშინვე წერილით თავისთან დაიბარა უფროსი პატრი. ხოლო ამან ბოდიში მოიხადა და შეუთვალა, ასეთის არეულობის დროს მისიონს თავს ვერ დავანებებო. გარნა შვილმა ოთხგზის მოსწერა უფროსს: მოდი ჩემთან, რადგან მინდა ეგ საქმე დავაბოლოვო ისე, როგორც თქვენ გინდათო.
შეგულიანებული პატრი წავიდა მთავართან და შეატყობინა ყველაფერი. მთავარი (ბარძიმი) მაშინვე წამოვიდა ქალაქს, ნახა ნახჩევნის მთავარი და უთხრა: ეს საქმე მე უნდა დავაბოლოვო ისე, როგორც მე მინდა, თქვენ სრულებით ნუღარ გაერევით ამაშიო. ამანაც უპასუხა, რომ მე არაფერ შუაში ვარ და თვით ამ საქმისაგან ხელს ვიბანო, ამან მაშინვე გასცა ბრძანება და აუკრძალა ყველას, რომ არავის შეეძლოს ვისთვისმე დაეშალა პატრების ეკკლესიაში სიარული, რადგან მინდა კაფუცინების მდგომარეობა შეიქმნეს ისეთი, როგორიც უწინ იყოვო. გარდა ამისა დააჭერინა სომხის მღვდლები და მათი უფროსი, რომელიც ორგზის გაალახვინა და ეგრეთვე გამოუცხადა, რომ უკან დაებრუნებინათ კათოლიკებისათვის ჩამორთმეული პირობის წერილები, სომხებმა რა ნახეს მისი ესე ფიცხელი და მკაცრი მოპყრობა, შეშინდენ და შეჰპირდენ, ხვალვე მოგართმევთ ამ წერილებსო. იმ დღესვე მიცემა აღარ შეეძლოთ, რადგან წიგნები უკვე ბევრის ხელში იყო გავლილი. მეორე დღეს სხვა მღვდლები მივიდენ ნახჩევნის მთავართან და შესჩივლეს, რომ სარწმუნოების საქმეში ერისცები ერევიანო. იმანაც უპასუხა: მაგ საქმისგან ხელი დამიბანია და არც ამას მოგისმენთო. ამ გარემოებაში, ერისთავის სასიამოვნებლად ერთმა ქართველმა მუშტები შემოჰკრა მღვდლების უფროსს და ბევრი უშვერი სიტყვაც უთხრა, რისგამო ქალაქის მცხოვრებნი მივიდენ ქართველების პატრიარქთან, რომელიც მთავრის ღვიძლი ძმა არის და სთხოვეს მას, რომ კათოლიკების წერილები მათ არ ჩამორთმევოდათ და დაჰპირდენ საჩუქრად ძექინების (ოქროების) მიცემას. იგიც შეჰპირდა. პატრი სილიბისტრემ ყველაფერი წერილით აცნობა ბარძიმ მთავარს. რომელმაც რა შეიტყო ეს, პატრი დააიმედა, რომ ამ წერილებს გამოურთმევლად არ დავსტოვებ, თვით სიკვდილიც რომ მემიზეზოსო, რადგან დედაჩემს ამისი პირობა მივეციო... რა ნახეს მღვდლებმა რომ არაფერი იმედი იყო, მას ჩააბარეს წერილები. შემდგომ დაუძახა ამათ და კარგად დაარიგა და ეგრეთვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ იგი კაფუცინების მფარველი იყო; რაისგამო მაშინვე წავიდა და უფროსი პატრი ნახა და უთხრა, მე თქვენს ეკკლესიას ვეკუთვნიო, შუა ქალაქში მუდამ მას ხელს ვაუყრის და ისე გაატარებს ხოლმე"... ზემოდ დასახელებულმა, 1698 წელს მომხდარმა სომეხთა მიერ საშინელმა დევნულობამ დიდი ყურადდება მიიქცია რომისა და ეგრეთვე ევროპისაც. ამიტომ რომ მაშესაფერ ღონისძიებასმიმართა, რათა სომხების ესრეთის თავგასულობისათვის ბოლო მოეღო. ამავე დროში, საჭიროების გამო საქართველოდგან რომში გაეგზავნათ პატრი ფილიპე სელანელი, რომელიც რომში თუ წინანდელი და თუ ამ დროს მოხდენილი დევნულობის ამბავი ყველაფერი კარგად შეატყობინა. პაპი იძულებული გახდა სპარსეთის მეფესთან ელჩი გაეგზავნა და წიგნი მიეწერა. იქ გასაგზავნად ამ კაფუცინზე უკეთესი კაცი ვერ ნახა პაპმა; ამისთვის ესევე დანიშნა თავის ელჩად და შაჰს მისწერა წიგნი 26 იანვარს 1699 წ. და სთხოვა, რომ მთელ მის სამეფოში კაფუცინებისა და მისიონისათვას თავისუფლება მიეცა და მფარველობა აღმოეჩინა სომეხთა მიერ დევნულობის წინააღმდეგ. ეს პატრი წავიდა სპარსეთში ამავე წლის 3 თებერვალს და პაპის წერილის გარდა, შაჰთან ეგრეთვე ევროპის მთავრების წერილებიც წაიღო. ზემოდ ხსენებული დევნულობისას ეს კაფუცინი თავის წერილში ამბობს:

„როდესაც მე ამ საქმისათვის რომში ვიყავი, თუ ხსენებული უფროსი პატრისა და თუ სხვა მისიონერების წერილებიც მოვიდა, იუწყებოდენ მკაცრს დევნულობას, რომელიც სქიზმატიკ სომხებს აღეძრათ ორივე მისიონის წინააღმდეგ, საქართველოში ტფილისსა და განჯასა სპარსეთის სამეფოში. ამ დევნულობას იქამდე მიეწია, რომ უნდოდათ თურმე ერთიან გაენადგურებინათ მისიონი. ამ თავიანთ უბოროტეს წადილს კიდევაც შეასრულებდენ, მაღალ ღმერთს სახიერებით და მოწყალებით რომ არ გადმოეხედნა, ქართველებისა და მაჰმადიანების გული სიბრალო მისიონერ კაფუცინების შეწევნის სურვილით რომ არ აღეძრა. თუმცა იმ დროს დევნულობა ცოტა დაწყნარდა, მაგრამ სომხები ეცადნენ და დააკეტინეს ჩვენი ტფილისის ეკკლესია. ეხლა, კათოლიკეთაგანს არავისი შეუძლია იქ შესვლა, რადგან სიკვდილით დასჯიან". ამ პატრმა თუ მიტანილი წერილების საშუალებით და თუ ისპაჰანში მყოფის მისიონერების დახმარებით, მალე გამოიტანა ყეინისაგან, რასაც პაპი სთხოვდა. ყოველი მისი სათხოვარი მთავრობამ წერილებით აღუსრულა. ეს წერილი (ეგრეთ წოდებული რახამი) მაშინვე გამოუგზავნა ტფილისს, რათა ამით როგორმე შეღავათი მისცემოდა კათოლიკებსა და პატრებს. შაჰი ამ ბრძანებით კაფუცინებს ანიჭებდა ასეთ სიმართლეს: მათ შეეძლოთ ახალი ეკკლესიები აეშენებინათ და ძველები შეეკეთებინათ; კაფუცინებს თავისუფლად უნდა ემგზავრათ სპარსეთის მთელ სამეფოში და არავითარი ბაჟი უნდა გამორთმევოდათ; თუ ვინმე შეეხიზნებოდათ სახლში, არავის შეეძლო მისი იქიდან გამოყვანა; ყველანი პატივისცემით უნდა მოჰპყრობოდენ კაფუცინებს, ვითარცა მთავრობის სტუმრებს; მათ ეკკლესიებში მისვლა ქრისტიანებისათვის არავის უნდა დაეშალა და არც რამ ვნება უნდა მიეცა ვისმე გაკათოლიკებისათვის; ის სომხის მღვდლები, ვინც კათოლიკებს როგორმე დააშინებდენ, ფიცხელად უნდა დასჯილიყვნენ; კაფუცინებს სრული თავისუფლება ეძლეოდათ ყველა ნაირი საეკკლესიო სამსახურის აღსრულებისათვის; რაიმე შეურაცხყოფა არავის უნდა მიეყენებინა მათი საჭმელის გამო; ადგილობრივ მთავრობას მათთვის მფარველობა უნდა აღმოეჩინა ყოველთვის და დაესაჯა ვინც ამ ბრძანების წინააღმდეგ მოიქცეოდა. შაჰმა ერთი სიტყვით მიანიჭა რაც სთხოვეს. ამაზედ მეტიც აღარ მოეთხოვებოდა სხვა სარწმუნოების მთავრობას. მთავრობის მიერ ამ უზომო მფარველობის აღმოჩენამ მაინც დიდად არაფრად იმოქმედა სომხებზე. ამათ თავიანთი ბოროტების იარაღი ხელიდან არ გააგდეს; როდესაც და სადაც გაუვიდოდათ, უწყალოდ სდევნიდენ კათოლიკობას, როგორც ამას შემდეგ თავშიაც ვნახავთ. აქ ვაბოლოვებთ XVII საუკუნის განხილვას. ჩვენის აზრით ეს საუკუნე უნდა შეირაცხოს კათოლიკობისათვის ერთ საუკეთესო ხანად, რადგან, როგორც ვნახეთ, პაპის ყურადღების მიქცევა და მისიონერების შრომა უნაყოფოდ არ დარჩა. საქართველოს ყველა კუთხეში კათოლიკობას ქართველებმა მტრობა კი არ დაუწყეს აღმოსავლეთის სხვა ერთა მსგავსად, არამედ დიდი თანაგრძნობა აღმოუჩინეს. თუ საქართველო ერთიანად ვერ შეუერთდა რომის ეკკლესიას, რაზედაც ერთ ორ გზის მოიწადინა, არ აუკრძალავს მაინც, რომ ქართველებს, ვისაც კი უნდოდა, მიეღო მისი სარწმუნოება. ამიტომ ამ გაკათოლიკებულ ქართველების რიცხვში არა მარტო მდაბიო ერის კაცი, არამედ საქართველოს თვით უწარჩინებულესნი პირნიც იყვნენ, როგორც, მაგალითად, ბარძიმ ერისთავი, გიორგი მეფე, ლევან დადიანი, ექვთიმე მთავარ-ეპისკოპოსი, დიდათ განათლებული ალავერდელი და სხვაც ბევრი მათი მსგავსი. ეს საუკუნე არა მარტო, კათოლიკობისათვის იყო შესანიშნავი და საუკეთესო, არამედ, ამა თუ იმ მხრივ, თვით მთელს საქართველოსათვისაც. ამ საუკუნის აღწერა შეადგენს ერთ ვრცელს და ძვირფასს ნაწილს ჩვენის მატიანისას. ჩვენ ამის დაწვრილებით აღწერას არ გამოვუდგებით, რადგან ამ წერილის საგანს არ შეეხება. მხოლოდ აქ მოვიხსენიებთ რავდენიმე სიტყით. ეს საუკუნე ჯერ იმითია ყურადსაღები საქართველოსთვის, რომ მისიონერებმა დაახლოვებით და ზედ მიწევნით გააცნეს ევროპას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი;

აუწერეს ყოველი ჩვენი ავ-კარგი; გააცნეს, თუ რა უსაზღვრო ენერგიით იცავდენ ქართველები თავიანთს მიწა-წყალს; გამოაქვეყნეს ოსმალების და სპარსელების აღურიცხველი უღმრთოება, რომელსაც აყენებდენ ქართველ ერსა სარწმუნოებისა და თავისუფლების მოსასპობლად. მათმა სხვა და სხვა აღწერილობამ მთელი ევროპა განაკვირვა და ქართველ ერისადმი სიმპატია დაუბადა; მანვე ყოველ შეგნებულს ადამიანს ცხადათ უჩვენა ქართველი ერის დიდი ღირსება; რაის გამო ევროპის მთავრები არ თაკილობდენ ჩვენ მეფეებთან დაახლოებას და მათ დამეგობრებას. რაც ამ საუკუნეში დაწერეს ევროპელებმა საქართველოს შესახებ, ვგონებთ, ეგოდენი არც ერთ საუკუნეში დაეწეროსთ. ამას მოწმობენ ვრცლად აღწერილნი ისტორიანი, სხვათა შორის, პეტრე დელავალესი, პეტრე ავიტაბლესი, სილოსი, არქანჯელო ლამბერტისა, კლემენტე გალანოსი, ვერიჩელისა ბევრიც სხვათა. საქართველოსთვის ეს საუკუნე კიდევ იმითი არის დიდათ შესანიშნავი, რომ სწორედ მის პირველ წლებში, ესე იგი 1629 წ., როდესაც საქართეელოს ჯერ სიზმრადაც არ ექნებოთა ნახული სტამბა, რომში პატრებმა დაარსეს პირველად ქართული საბეჭდავი, გამოსცეს წიგნები და მით ევროპას ჩვენს ერთან ერთად გააცნეს ეგრეთვე ჩვენი ენა და ლიტერატურაც; გამოსცეს სხვა და სხვა წიგნები, როგორც ლექსიკონი, გრამატიკა, კატეხიზმო და სხვა. ეს არ იკმარეს. იქვე დაარსეს ქართულის ენის შესასწავლად კათედრაც: პროპაგანდის კოლეგიაში სხვა ტომთა ენებთან ერთად ჩვენს ენასაც საპატიო ადგილი დაუთმეს. მასთან ბევრ ქართველის შვილებს გზა გაუხსნეს ევროპაში, მაღალ სასწავლოში სწავლა მიაღებინეს, რათა ესეთი განათლებულნი ქართველნი პატრებს მხარში ამოსდგომოდენ და ეღვაწნათ გასანათლებლად ქართველთა ერისა, რომლის ნიჭიერება ევროპამ კარგად სცნო და დააფასა. ყოველივე ესე წვრილვანია შედარებით იმ მრავალ გვარ და აღურიცხველ სიკეთესთან, რომელიც ლათინის მოძღვრებამ მიაგეს ქართველ ერს თვით საქართველოში და მის გარეშე. ამ საუკუნეში საქართველომ რაოდენი უბედურება და წამება არ გამოიარა! ამ უბედურების მიზეზნი იყვნენ: ერთის მხრით მისნი დაუძინებელნი და ძლიერნი გარეშე მტერნი, მეორეს მხრით შინაური უთანხმოება, ყოველსავე ამას ზედ დაურთეთ სხვა და სხვა, ბუნებისგან მოვლენილი უბედურება. ესრეთ ბევრნაირად დაწყლულებულ საქართველოს შემოესწრნენ გულმოწყალე პატრები და როგორც ლმობიერათა დედათ, ყოველ ნაირი გულშემატკივრობა და შემწეობა აღმოუჩინეს. ქრისტიანებრივის სიყვარულით გამსჭვალულთ, მაღალის ზნით და გონებით შემკულთ და მოყვასის სიყვარულით გატაცებულთ, რა ნახეს ერთი მშვენიერი ქართველი ერი ეგოდენ მრავალ ნაირი უბედურებით შეჭირვებული, მწუხარესთან შესწუხდენ, მტირალთან ცრემლი ღვარეს, ყველას თავს შემოევლნენ და რაოდნადაც კაცობრივი ძალა შესწევდათ, ყველას ნუგეში ჰსცეს და ცრემლი მოსწმინდეს? ვინ ჩამოსთვლის მათ აუარებელს ამაგს ჩვენის ქვეყნისთვის! რაოდენი ტყვე დაიხსნეს, თუ გაყიდულნი და თუ გასაყიდნი: რაოდენი ქართველი სიკვდილს გადაარჩინეს, რაოდენი სისხლის ღვრა შეაჩერეს, რაოდენი მგელი კრავად აქციეს, რაოდენი შური, მტრობა და ძმის მკვლელობა მოსპეს და აღმოფხრეს, რავდენნი სნეულნი გაჰკურნეს, რავდენ გაჭირვებულს უშველეს და ცრემლი მოსწმინდეს? ვინ განსაზღვრავს მათ მიერ რჩევას, სწავლასა და დარიგებას, რომელსაც აძლევდენ ყველას, მეფითა და ეპისკოპოსებით დაწყებული, ვიდრე უკანასკნელ მონა-გლეხამდე? ვინ გაითვალისწინებს, თუ რა ყოვლადის უანგარობით სცდილობდენ ქართველის გულში ჩაენერგათ გრძნობა მამულის სიყვარულისა, მისის ერთგულებისა, ესწავლებინათ, რომ მისი წმიდა მოვალეობა იყო შეერთებულის ძალით მტრისაგან დაეფარა ქრისტიანე სამეფო!
მათის ამაგის სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ხოლო საკმაოა ვსთქვათ, რომ ლათინის მოძღვრები იყვნენ საქართველოში, როგორც მისნი ერთგული ნამდვილნი შვილნი და ეპყრობოდენ ქართველ ერს, როგორც დიდად გულ დამწვარი მამა და ძმა: ცდილობდენ მისთვის აეცილებინათ ყველა ნაირი უბედურება და მოეპოვებინათ მისთვის ყველა გვარი სიკეთე თუ ნივთიერი და თუ გონებრივი, თუ საწუთრო და თუ სამარადისო. ამ თავიანთი სურვილის განსახორციელებლად იგინი არ ერიდებოდენ არავითარ შეწუხებას, ყველაფერს თავზე ღებულობდენ და ბევრ გზისაც თავიანთ სიცოცხლესაც მსხვერპლად სწირავდენ. პატრების ეს მრავალგვარი სიკეთე და თავის განწირულება ჩვენთა წინაპართა საკმაოდ ჰსცნეს და ჯეროვნადაც დააფასეს: კიდეც იმიტომ გაიხადეს ისინი თავიანთ ერთგულ მეგობრებად და მამებად; გულმოდგინებით უსმენდენ მათ რჩევას, ხშირად მათ სარწმუნოებასაც ღებულობდენ; მათ უწოდდენ ღვთის კაცებს და უსაზღვროდ ენდობოდენ.
აი ამისა და თუ სხვა მიზესების გამო ეს საუკუნე პატრების წყალობით დიდად ყურადსაღები შეიქმნა საქართველოსთვის.


18. ეს გაკათოლიკებული მაკარიოზი პატრიარქია, რომლის შესახებ უკვე წინა თავში ვილაპარაკეთ.
19. თავრეზში მყოფი კაპუცინების უფროსი იყო და საქმეების გამო ტფილისს მოსულიყო.
20. სხვა კაფუცინები კათალიკოსს მეფის ძმად რაცხავენ.
21. მორჩილი ძმა.
22. ეპისკოპოსი ფრანგი და პაპის ელჩად გაგზავნილი შაჰთან.



1 2 3 4 5


megobari saitebi

   

04.01.2017