ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების მოსვლა ქართლსა (1600-1700)


1 2 3 4 5

ამ მოხსენებას თარიდი არა აქვს; ვგონებთ, უნდა იყოს წარდგენილი 1680 წ. პროპაგანდა ამ წერილებით წარდგენილ მოხსენებას არ დასჯერებულა, რადგან 18 აპრილს 1681 წ. პ. ბერარდეს ნეაპოლში სწერს და რომში იბარებს, რათა სიტყვიერად მოახსენოს საქართველოს სრული ამბავი; ეგრეთვე ატყობინებს, თან წამოიღოს თავისი ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო რათა იქვე დაიბეჭდოს. ქართულად ნათარგმნი საქრისტიანო მოძღვრების დაბეჭდვის შესახებ ხშირად იყო მიწერ-მოწერა რომსა და საქართველოში მყოფ კაფუცინების შუა. არა სჩანს, ეს წინად დაბეჭდეს, თუ არა. ხოლო რა მოვიდა ნეაპოლელი პ. ბერნარდე რომს, საქართველოდან თან მოტანილი თავის მიერ ნათარგმნი ქართულად კათეხიზმო დააბეჭდინა 1681 წ. ამ წიგნის სათაური არის ესა: „ქ. საქრისტიანო მოძღვარება სიმოვლებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა კაპუჩინი და მქადაგებელი და მღრთის მეტყველი იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართულის ენითა. ქ. კს. ჩ. ქ. პ. ა. (1681 წ.)". ესევე სათაური პირველად იტალიანურად აწერია. ესევე წიგნი დაბეჭდვის წინად განუხილავს ქართველ კათოლიკეს ენიბეგანთ ზალინას. რის გამო იტალიანურის ენით აწმებს და ქართულად ხელს აწერს ესრედ: „შემოწმება. მე ზალინ ენიბეგი ქართველი პირველი კათოლიკე, მოწაფე ტფილისში მყოფ მისიონერი კაფუცინებისა, სადაც სპარსეთის მეფის მომაგიერე ზის, რომელთანაც ვიყავი და ვარ მოენე და მდივანი ქართულის, სომხურის, სპარსულის, თათრულის და იტალიანურის ენისა. ვამოწმებ, რომ ღვთისმეტყველი პატრების შემოწმებით და წმიდა კრების სეკრეტარ ეპისკოპოსის ჩიბოს ბრძანებით, წავიკითხე და გარდავიკითხე ყველანაირი სიფრთხილით ეს წიგნი, შედგენილი სამოციქულო მისიონარი პატივცემული მამა ბერნარდე მარია ნეაპოლელისაგან, არაფერი ვპოე წინააღმდეგ რომის კათოლიკე სარწმუნოებისა, ანუ კეთილის ზნეობისა, რადგან სიტყვა-სიტყვა ნათარგმნია კარდინალ ბელარმინოს პატარა საქრისტიანო მოძღვარებიდან ქართულს ენაზედ. ეს ამ სამეფოში ძრიელ დიდათ სასარგებლო იქმნება, რადგან საიდუმლოების შესახებ ცნობები სულ არეულ-დარეულია და ვერც ხელთნაწერით დაუკმაყოფილებიათ ეგოდენი პროვინციების საჭიროებისათვის, ამისთვის დიდათ საჭიროდ ვრაცხამ, რომ ეს დაიბეჭდოს. ქ. მე ენიბეგანთ ზალინა, როგორც ზემოთ წერილია, დავამტკიცე".
ეგრეთვე ამოწმებს იტალიანურად საქართველოდან ახლად გაბრუნებული პატრი იოსებ ანტონ რომაელი და ხელს კი ესეც ქართულად აწერს. ეს წინასიტყვაობა ცხადათ გვიჩვენებს იმ დროს კათოლიკობის გავრცელებას მთელს საქართველოში. რადგან ხსენებული ეგოდენი პროვინციების საჭიროებად ჩვენ თავდაპირველა უნდა ვიგულისხმოთ კათოლიკების სულიერი საჭიროება, და არა იმათი, რომლებიც ჯერ არ იყვნენ შეერთებულნი კათოლიკე ეკკლესიასთან.
პატრი ბერნარდეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, რადგან, იმან, რა შეისწავლა ქართული, ბევრი წიგნი სთარგმნა ქართულად; ზოგი თვითვე შეადგინა ამავე ენაზე და ზოგიც ძველი წიგნებიდან გადმოსწერა თუ საკუთრივ კათოლიკებისათვის და თუ საზოგადოდ ქართველების სასარგებლოდ. ამან თავისი მოღვაწეობით დიდი სიყვარული და პატივი დაიმსახურა ქართველთ ერისა, მეტადრე კათოლიკებისა, ნეაპოლში ყოფნის დროს ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთში. თუ მიღებულის და თუ გაგზავნილის რავდენისამე წერილის პირი ჩვენ გვაქვს, იქიდან ზოგი ზემოთ უკვე მოვიყიანეთ და ზოგსაც აქ მოვიყვანთ.
წერილი ასთანდარა გოგინას ქალისა, რომელიც პატრი ბერნარდეს განდოშვილი ყოფილა. ეს ქართულად მიუწერია ნეაპოლში 1682 წ.

„ქ. უღირსი, ცოდვილი უცოდინარე თქუენის ფეხის მიწა-მტუერი შვილი თქვენი ასთანდარ მოგახსენებს ჩემო საიქიოთ დიდო იმედო. ამ წუთს ქვეყანასა დიდ იმედათ მისაჩნეველო, მისახედაო, ყოველსა ჟამთა ტკბილათ სახსენებელო ბატონო ჩემო სულიერო მამავ. მრავალი თქუენისა ღვთიანასა და ღვთის და ყოვლად წმიდისა სიყვარულით სავსეა თავისი შესაფერი მოკითხვა და სამსახურისა დიდათ ნატრა მომიხსენებია. ბატონო ნეტაი ამ წიგნსა რომ შენ გნახამს. ვაი ჩვენ რომ უღირსი ვიყავით მალე გაგვეყარე გაყრა ღმერთმან ნუ ქნას. როგორც სული, ხორციდამ არ განიყრება უსიკვდილოთ იმ გვარად ჩვენი სულიერობას მამაშვილობა არ გაიყრება. უმეტესად ახლა უფრო შენი სიყვარული ყოვლად წმინდა ღვთის მშობელი წმინდა ფრანჩისკე მამა ჩვენი ამოდ და მხიარულად გამყოფოს ბატონო მამაო ჩემო დიაღ მიხარიან მე ცოდვილი უღირსი უცოდინარე რომ მანდიდამ ვომიგონებ, წიგნს მომწერ და მომიკითხვი. ბატონო, აქაური რა მოგახსენო. ვინც სიმართლის გზაზე მართლა დგას, ღვთის ბაღში პეტრეს ბადით ახალ თევზებს იჭერენ. ვინცა და იუდასავით უკუდგნენ, ცოტა საქმისათვის შესწუხდნენ მაგრამ ახლა მართალი კათოლიკე უჯესტესად გამრავლდა რა თქვენ წაბძანებულხართ ალამუაც უკუდგა სიმართლის გზისაგან არაფერი იქმნება შენ კარგად იყავ ბატონო მამაო ჩემო. შენვე იცი, რომ პეტრეს და პავლეს სიყვარული მაქვს დიაღ გულში, შენგან წყალობა იყოს. იმათი სახე და ყოვლად წმიდის სახე ცოტათი მოდიდოთ მიბოძეთ. კრიანოსნისა და ჯუარისა შენ იცი, ბატონო შორისა ვარ უცნობი უმსახურო ვარ, მანდ ქალებთან ჩემ მაგიერ მრავალი მოკითხვა მოახსენე, თუ უკაცრავად არ ვიყო, ბატონო, თქმა არ ვარგა, მაგრამ კიდევ გულია; რაც ჩემის უმცოდინარობით შემიძლია ჩემის ცოდვილის პირით თქვენთვინ ლოცვა არ დამიკლია ბევრს თავს ვეღარ შეგაწყენ, ბატონო, დაიწერა ეს წიგნი თიბათვის დამდეგსა".

ნეაპოლიდგან საქართველოში 1682 წ. გამოგზავნილი პასუხი პატრი ბერნარდესი ესტატესთან ქართულად „ქ. სულიერის სიყვარულითა თქვენის ნახვის და ალერსის სამსახურის დიდად და უზომოდ მონატრე პატრი ბერნარდო მარიამ ვიკადრებ, ჩემო სულის შვილო, ნიადაგ ჟამთ სახსენებელო, ბატონო ესტატევ, მრავალი მაგათის ქრისტიანის და მტკიცედ კათოლიკეს და ყოვლის ნათლითა აღვსილს თავის შესაფერი მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა მომიხსენებია. აწ ფრა (21) პოლიკარპომა თქვენი მართალს რჯულზედ სიმტკიცე თქვენის ჯალაბის რჯულება და მამისაც ყველა თითო-თითოდ შემატყობინა. კურთხეულ ღმერთი ყოვლის სიკეთის მომქმედი ღმერთიც და ღვთის მშობელი ყოვლად წმინდა თქვენი თავი, თქვენი სახელი, თქვენი შვილნი ნახოს. ვისგან გეშინოდეს ბატონო შვილო".
ამ პატრთან თვით ტფილისის კაფუცინებსაც ჰქონდათ ხშირი მიმოწერა. აქაური გარემოება მისთვის მიუწერია 1682 წ. პ. იოსებს. წერილი დაკარგულია. ხოლო ამის შემდგომ მიწერილი წიგნი გვაქვს, რომლიდგანაც მოგვყავს შემდეგი.

„.... თქვენს ღირსებას ვაუწყებ, რომ ამ ჟამად მისიონი ძრიელ კარგ მდგომარეობიშია სულიერად. ამ გავლილ ნოემბერში წმიდა იუბილეს გამო ასამდინ აღსარება სთქვეს და ეზიარნენ, ხოლო საშობაოდ კი სამოცმა. ტფილისში 200 კათოლიკეა. მაგრამ ამ დიდ მარხვაში საქადაგებლად ეშმაკმა აქ მოუსია ერთი ვართაფეტი, რომელიც ჯოჯოხეთებრივი სიბრაზით სავსეა წინაადმდეგ მისიონისა და ამ საბრალო კათოლიკებისა. ესენი ჯერჯერობით მტკიცედ არიან. სამი წლის წინეთ ამ გაეშმაკებულმა მღვდელმა აქ იქადაგა და მით ჩვენ ბევრი გვავნო; მაგრამ ახლა უფრო ძრიელ ცდილობს და ჩვენს წინააღმდეგ ყველა ზომას ხმარობს, აგულიანებს ერს, რათა ჩაგვაქვაონ და ან აქედგან განგვდევნონ. ამას კიდევაც შეასრულებდნენ, უკეთუ მეფე ჩვენი მომხრე არ ყოფილიყო. ახლა ვნახოთ, რა მოხვდება ამ დიდ მარხვაში.... ვბედავ მოგახსენო, რომ ძლიერ კარგი იქნება, უკეთუ პროპაგანდის თხოვნით განთქმულმა ვენეციის და ჯენოვის რესპუბლიკამ და ეგრეთვე მათმა უმადლესობამ დიდმა დუკამ უჩვენონ თავიანთი რისხვა მოვაჭრე და მანდ მცხოვრებ სომხებს, ან მოსაჩვენებლად დაამწყვდიონ და საქონელიც გამოართონ, ვიდრემდე დაჰპირდებოდენ თავიანთი ეჩმიაწინის უბოროტესი სამღვდელოების გასწორებას. ამას ბევრი დრო აღარ დასჭირდება, მაშინათვე შესრულდება, რადგან ამის შეტყობაზე პატრიარქს (ელიზბარს) დიდათ შეეშინდება, რომ არ დაჰკარგონ მანდაური ვაჭრობა და მოწყალებანი... ტფილისით 5 მარტსა, 1683 წ. პატრი იოსებ ბოგონანელი".

ესევე პატრი ამავე წლის 22 მარტს რომში სწერს, რომ იმ მოსულ ვართაპეტს ბევრი უქადაგებია მათს წინაადმდეგ და მთელი ქალაქი აუღელვებია; შემდგომ სომხებს ბევრი ფული უძლევიათ მეფისათვის მათს გასაძევებლათ და კათოლიკების დასასჯელად. მაგრამ მეფე სრულებით არ დათანხმებულა; რაის გამო თავიანთი ბოროტი წადილი ვეღარ შეუსრულდებათ. ამიტომ სთხოვს პროპაგანდას, რომ მათის დაფარვისათვის მეფეს მადლობის წიგნი მოსწერონ და რაიმე საჩუქარი გამოუგზავნონ. ეგრეთვე ახლად მოსული პატრი კარლო, ამავე წლის 30 აპრილს, სწერს რომში და აუწყებს, რომ მას ჰყავს სკოლაში ოცდაათზე მეტი მოწაფე და ორმოცი განდოსშვილი; მასთანვე მოუთხრობს სომხების მიერ დევნულობას და მეფის მფარველობას სომხების წინააღმდეგ: ეკკლესიას თავზე დაგვაქცევდენ თუ მეფე არ გამოგვსარჩლებოდაო.
პირველშივე სომხებმა რაკი ვერ მოსპეს ერთიანად პატრების მისიონი ტფილისში, კათოლიკე სარწმუნოების წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება: ყველა ღონისძიება მათ წინააღმდეგ იხმარეს. ამას უფრო ნათლად დაგვანახვებს ქვემოდ მოყვანილი საბუთები. ქართველებმა კი მეფიდგან დაწყობილი თითქმის ყოველთვის გულშემატკივრობა და თანაგრძნობა აღმოუჩინა ლათინის მისიონერებს და ბევრ შემთხვევაში დაიცვა ისინი სომეხთა მიერ უწყალო და უსამართლო დევნულობისაგან. ამასაც უფრო ცხადად დავინახავთ შემდეგი საბუთებით. გიორგი მეფემ თავის მამას შაჰნავაზს ბევრით გადააჭარბა მისიონერების პატივისცემასა და ლათინის ეკკლესიისადმი მიდრეკილობაში. ამას, ქვემოდ მოყვანილ საბუთებს გარდა, გვიმტკიცებს ეს წიგნიც., რომს მიწერილი.
„მეფემ კერძოდ დამავალა, როდესაც თქვენს მაღალს ღირსებას მოვსწერ, ყოველთვის კდემით მოვახსენო მოკითხვა ანუ ხელს კოცნა და გთხოვო თქვენი ამბავი და მისიონერების გამოგზავნა. აწ გულმოდგინეთ ვასრულებ ამ დავალებას ყოვლად ღირსეულის მეფისას, რომელიც ჩვენი დიდად საყვარელი შვილია; იმედი მაქვს თქვენთვისაც სათნო-საყოფელი იქმნეს. თქვენს ღირსებას აზრუმის გზით გამოვუგზავნე ერთი ვრცელი წერილი, მეორეს გწერ შემდგომ ჩვენის უფროსის მოსვლისა, რომელიც მოვიდა მოსკოვით, სადაც ჩვენი მეფე გზავნის კაცსა თავის ძმა არჩილთან... ტფილისი, 7 ნოემბერს, 1684 წ. პატრი იოსები”.

იმავე წლის პირველ თვეებში საქართველოში ჟამი გაჩენილა, და შვიდ თვეს არ მოსპობილა. ბევრი უმსხვერპლია თუ გორსა და თუ ტფილისში. ამ დროს კაფუცინებს დიდი კაცთმოყვარეობა აღმოუჩენიათ ერისათვის. გორში მყოფ პატრი კარლო პეშელის შესახებ გვაქვს ერთი ვრცელი წერილი, სადაც მოხსენებულია, სხვათა შორის, შემდეგი გარემოება: სენის გაჩენას დროსვე, ვისაც კი მოუსწვრიათ, გორის მცხოვრებნი გახიზნულან მთებში; ამათ უთხოვიათ პატრი კარლოსთვის, რათა ისიც მათთან წასულიყო, რომ სიკვდილისგან თავი გადერჩინა; პატრს არ უქმნია, იქვე დარჩენილა და დაუწყვია უპატრონოდ დარჩენილ ჭირიანთა მოვლა; რაც კი შესძლებია, მათთვის მოუგია ყველანარი სამსახური თუ სულიერი და თუ ხორციელი; თვითონაც დასნეუებულა, მაგრამ მალე გაკურნებულა. ამ დროს უფრო უშიშრად და გულს მოდგინეთ დაუწყვია სნეულების შემწეობა; ახალგაზდა გორელი ფრანჩისკეს, თავის ერთგული მოსამსახურისათვის, რომელიც კათოლიკე ყოფილა, ერთგულ დედის მსგავსად, სამსახური არ დაუკლია, მაგრამ სიკვდილისგან ვეღარ გადურჩენია: მისი სიკვდილის მეორე დღეს ამასაც მეორედ შეჰყრია ეს საშინელი ჭირი და გარდაცვლილა მეორე დღეს სექტემბერში; ასე რომ გორის მისიონი ამ დროს უპატროდ დარჩენილა”.

ტფილისში მყოფმა პატრებმა არა ნაკლები გულშემატკივრობა და შემწეობა აღმოუჩინეს გაჭირვებულ ხალხს იმ საშინელ დროს. კაფუცინების ესრეთმა თავგანწირულებამ და კაცთმოყვარებამ მიიზიდა არა მარტო გიორგი მეფე, არამედ ბევრი ქართველი თავადიც, ვინც კი მოინდომა ერთიანად შეერთება რომის ეკკლესიასთან. ამ ამბის შესახებ გვაქვს პატრი უფროსის შემდეგი წიგნი პროპაგანდაში მიწერილი.

„გავლილ მარტის ხუთს პატრი ჯუსტინო ლივორნელი ისპაჰანს გავგზავნეთ მე და მეფემ, რათა აქ მოეყვანა ეპისკოპოსი ფრანჩისკე პიკეტი22 სასარგებლოდ ამ მისიონისა, რადგან ქართველ ბატონებს მოლაპარაკება აქვსთ და უნდათ შეერთება რომის კათოლიკე ეკკლესიასთან. ეს ხსენებული პატრი ტფილისს მობრუნდა 21 დეკემბერს. ამნაირად მე და პატრი კარლო პეშელი დავრჩით მარტო, ის გორში და მე ტფილისში. გავლილ ზაფხულს საქართველოში და კერძოდ ტფილისსა და გორში გაჩნდა ჟამი, რომლითაც საკმაოდ დაიხოცნენ; უფრო ბევრი გაწყდებოდა, მთებში რომ არ გაქცეულიყვნენ. გორის მცხოვრებთ პ. კარლოც მიიწვიეს, რათა მათთან წასულიყო, მაგრამ თავის სიცოცხლეს არჩია მათი სულების ცხონება და ეს სურვილი საქმით დაამტკიცა; ნამდვილათ შევიტყე, რომ ამან ბევრი იღვაწა ღვთის დიდის დიდებისა და იმ საბრალო სულთა ცხონებისათვის; ბოლოს მოუკვდა სახლის ერთი ახალგაზდა, რომელიც მას ემსახურებოდა, ორის დღის შემდგომ თვითონაც გარდაიცვალა. მე ტფილისში ვარ მორჩილ ძმა ბართლომე გვილანოელთან ერთად. იგი მეფემ მიიწვია, რომ მას ხლებოდა, მაგრამ მოახსენა, რომ ვერც მე დამტოებდა მარტოკას და ვერც სახლს დაანებებდა თავს, რადგან ამ დროს ძლიერ გახშირებული იყო ქურდობა. მე მუდამ ქალაქში დავიარებოდი, და სიკვდილის განსაცდელში ვიყავი, მაგრამ არ ვერიდებოდი, ბევრი ჩვენი კათოლიკეთაგანიც მიიცვალა, მაგრამ არც ერთი მომკვდარა საიდუმლოების მიუღებლად. დაწვრილებით არა გწერ ყველას, რაც ღმერთმა ამ დროს თავის დიდებისათვის იმოქმედა ჩვენის საშუალებით, რადგან ქარვანის წასვლის გამო დრო აღარა მაქვს. ხოლო შემდგომ ეგ ბატონი კარდინალები და თქვენც, რა დაწვრილებით სცნობთ ამ დროის ამბავს, ძრიელ განიხარებთ და დარწმუნდებით კიდეც, რომ ხარჯი და შრომა ამ მისიონზე უბრალოდ არ წასულა. ამიტომ დიდათ გევედრები, მალე უშველოთ, რომ ეს მისიონი არ მოისპოს, რაც საშიშოა, რადგან უკანასკნელ მდგომარეობაში ვართ23 . ეპისკოპოსი პიქეტი არ მოსულა, მაგრამ კი შემოგვპირდა მოსვლას. ტფილისი 2 იანვარს 1685 წ., პატრი იოსები ბოგოინანელი".

ესევე პატრი იოსები ამავე წლის 8 აგვისტოს წერილით რომში აცნობებს, რომ სპარსეთში მყოფის პიქეტი ეპისკოპოსისაგან უარი მიუღია საქართველოს მოსვლისა მგზავრობის სიძნელისა გამო; ეგრეთვე სთხოვს პატრების გამოგზავნას გორისათვის, რომელიც უმღვდლოდ დარჩენილა. ამავე თხოვნას კიდევ უმეორებს და ეგრეთვე პროპაგანდას ავედრებს ერთ ქართველ კათოლიკეს, რომელსაც რომს გზავნის, ამ სიტყვებით: „ეს ახალგაზდა ამ წიგნის მომტანი, სახელად ანჯელო, არის ქართველი კათოლიკე ლათინის ტიპიკონისა, პატარობიდანვე ამ მისიონში აღზრდილი, რომელშიც თექვსმეტ წელიწადზე მეტი მსახურებდა: მუდამ ნატრობდა ევროპაში წასვლას. როგორათაც თქვენვე ნახავთ, კაი ნიჭიერია, ახლა დრო აქვს, მუდამ კარგად იქცეოდა და ყველას კარგს მაგალითს აძლევდა; ამიტომ ღირსეულად შევრაცხე და სიმართლეც მავალებდა, რომ ეს გამომეგზავნა წმიდა კრებისათვის, რომელსაც გამოეყენებინა ისე, როგორათაც საუკეთესოდ შერაცხავდა. ამიტომ რაოდენათაც შემიძლია მას გავედრებ, რადგან კაი ყმაწყილია და ღირსია ყოველის სიკეთისა, უკეთუ მანდაც ისე მოიქცა, როგორც აქ იყო. მაგისგანვე შეგიძლიათ შეიტყოთ იმ მისიონის გარემოება, რადგან იტალიანური კარგად იცის... ტფილისი, 13 მარტსა, 1686 წ., პატრი იოსებ ბოგოინანელი". ამ ქართველის მეორე სახელი მიხელი ყოფილა, მამამისს შერმაზანა და დედამისს თამარი რქმევია. იგი 22 წლისა მიუღიათ პროპაგანდის კოლეგიაში 10 დეკემბერს, 1686 წ. პატრი ჯუსტინო ლივორნელი 8 ოქტომბერს 1686 წ. წერილით რომში აუწყებს უფროს პატრი იოსების სიკვდილს და ახლად სამის მისიონერის მოსვლას; ეგრეთვე ასახელებს გაკათოლიკებულ აბრაჰამ ქართველ მღვდელს და მეფის მწერალს კათოლიკე ესტატეს. ამასთანავე იმედს აძლევს, მეფეც მალე გაკათოლიკდებაო. ზემოთ ვნახეთ, რომ, სომეხთა მიერ დევნულობისაგამო, რომსა სთხოვდნენ, რათა იტალიის მთავრებს გამოეცხადებინათ თავიანთი რისხვა სომხების წინააღმდეგ. ამისგამო ფლორენციის დიდი დუკა კოზიმო მესამე სწერს გიორგი მეფეს ამ შემდეგ წიგნს:

„საქართველოს მეფეს, ტფილისს, 26 ნოემბერს 1686, ფლორენციიდან.
„მათს უგანათლებულესობას, ფრიად საყვარელს ჩვენს მოკეთეს, „უგანათლებულესო ბატონო,
„რაოდნათაც დიდის სიამოვნებით ვსმენულობთ მაგ სამეფოში მოგზაურ პირებისაგან, რომ თქვენი ხელმწიფების უმაღლესობა სიყვარულს უჩვენებს რომის ეკკლესიის მოძღვრებს, რომლებიც მანდ წმიდა სამსახურს ასრულებენ ღვთის პატივის გასაძრიელებლად; ეგოდნათ უფრო დიდათ ვსწუხვართ, რა ვხედავთ, რომ ეგ თქვენი გულმოწყალება არ ეთანახმება სიყვარულს, რომელიც მათ დარგქონდათ. ვინაიდგან უმწეოთა უცველ-უფარულთ სომხები სდევნიან, მეტადრე მაგ ქალაქში საცა ეს ხსენებული მისიონერები რომის ეკკლესიის მორწმუნებთან ერთად გამუდმებით მეტის-მეტ შეურაცხყოფას ითმენენ. ჩვენ კი ასე არავის ვეპყრობით, რადგან ამ ჩემს სამთავროში უცხო ტომის ხალხი სრულის თავისუფლებით დიდის მყუდროებით სცხოვრებენ, მეტადრე სომხები, რომლებიც აქ თავისუფლად და დაუბრკოლებლივ ასრულებენ თავიანთის სარწმუნოების წესებს; ეგრეთვე ჩვენის ბრძანებით ხალხიც მათ დიდ პატივს სცემს და ძრიელ კარგადაც ეპყრობა, დაიმედებულნი თქვენის უმადლესობის ჩვენდამი ერთგულობითა და აღსავსე ღვთის მსახურების ერთგულობის გრძნობითა ჩვენს მოვალებად ვრაცხთ ვაუწყოთ თქვენს ხელმწიფებას ჩვენი უკმაყოფილება, შესახებ იმ ბოროტ მოპყრობისა, რომელსაც მანდ სომხები უყოფენ საბრალო კათოლიკებს და მათს მოძღვრებს. დარწმუნებული ვართ რომ ეს ჩვენი ნათქვამი შეაგულიანებს თქვენის ხელმწიფების უმაღლესობას, რათა ჯეროანი ღონე იღონოთ წინააღმდეგ ესრეთის უსამართლო მოქცევისა, რომელიც ეწინაღმდეგება სიმართლეს და მთელის ქვეყნის აზრსა და იძულებული აღარ გავხდებით, რომ გამოვუცხადოთ ჩვენი განრისხება სომხებს, რომლებიც ჩვენს სამთავროში სცხოვრობენ ყოველგვარის შეღავათით და თავისუფლებით. მაშ იმედი გვექნება თქვენის ხელმწიფებრივის უმაღლესობის კაცთმოყვარეობისა, რომ ჩვენს გამო კეთილ ინებოთ და უბრძანოთ ყველას, რათა მომავალში კათოლიკე მისიონერებმა და რომის ეკკლესიის მორწმუნებმა აღარ გამოსცადონ ეგრეთი შეურაცხოყოფა და დაჩაგვრა, ჩვენც გპირდებით სამაგიერო კეთილი მოგაგოთ. ვისურვი თქვენთვის ყველა საუკეთესო ბედნიერებას.

„თქვენის უმაღლესის ხელმწიფების ყოვლად მხურვალე მონა
„კოზიმო მესამე, თოსკანის დიდი დუკა". 1687 წ. ტფილისში ქართულის ენის მცოდნე პატრთაგანი, მარტო პატრი ჯუსტინო დარჩა. მრევლის მოვლის გარდა იგი იძულებული იყო ქართული ესწავლებინა ახლად მოსულ მისიონერებისათვისაც. იმავე წელს აქაურის მისიონის ამბავს იგი სწერს რომსა და მასთანვე აუწყებს ახლად გაკათოლიკებული ქართველების შემდეგს რიცხვსა და სახელებს: „აქვე გაახლებთ ახალ კათოლიკეთა შესახებ ცნობას...ბატონი თამაზა, სამხედროს გენერალი და ბიძა მეფისა, რომელიც არის უკეთილშობილესი ქართველი ყაფლანიანთი, ამან მიიღო კათოლიკობა 15 ივნისს, 1687 წ., ბატონი სულხან შვილი დიდი მინისტრისა* (*ეუნდა იყოს სულხან საბა ორბელიანი), ბიძაშვილი მეფისა, რომელიც არის უკეთილშობილესი ქართველი ყაფლანიანთი; თუ კეთილ ინებებს თქვენი უმაღლესობა, ნახავს, რა სათნო საქმე ჰქმნა ამან: თვით შეასწორა „საქრისტიანო მოძღვრება", რომელიც მე ვთარგმნე; ამან მიიღო კათოლიკობა 15 აგვიტოს 1687 წ.; ეგრეთვე არიან სხვა სახლები და ოჯახები ლათინის წესისა, რომლებიც მარტო მისიონერებს ექვემდებარებიან; ამ მისიონის სხვა პირველი კათოლიკები არიან ეგრეთვე ბაინდურას შვილები: სტეფანე, იოსები, ფრანჩისკე და ნინო; გარდა ამათი, არიან ესენიც: გიორგი დიდებაშვილი, მისი მეულე ეთერე და დედა მისი მინგული ქართველები; ხუცესი თავისი დედა თამარა და დები ანნა ხანუმი, შანუბანი და მარიამი, ქართველები; გიორგი მადლისშვილი, მისი მეუღლე და მეუღლის და... ტფილისი, ნოემბერს 1687 წ. პატრი იოსები ლივორნელი".

ამავე წერილში გაკათოლიკებულ სომხებსაც ასახელებს, მაგრამ ესენიც მომეტებულად ქართველები ყოფილან, როგორათაც სჩანს მათის სახელებიდან, მაგალითად: თინათინა, ესტატე, ნასყიდა, ზალინა და მამაჯანა. ჰგავს ისინი წინეთ სომხის სარწმუნოებაზე გადასულან და იმიტომ სომხებად იხსენიებს. ამავე წერილით აუწყებს ეგრეთვე კარდინალს, რომ გიორგი მეფესაც მიუღია კათოლიკობა და კიდევაც რომში გაუგზავნია ახლად მოსული პატრი ანჯელო. ამ წიგნს აგზავნის მოსკოვით, სადაც მეფე თავის ძმა არჩილს, კახეთის მეფეს განგებ კაცს უგზავნის. ქართველების ეს მოძრაობა და კათოლიკობაზე გადასვლა მარტო კერძო პირთა შორის არ იყო, არამედ თვით მეფე, საეკლესიო პირნი და ეპისკოპოსებიც შეუერთდენ როგორათაც მოწმობენ მისიონერების წერილები: „პატრი ჯუსტინომ კათოლიკობაზე გადაიყვანა აქართველოს მეფე გიორგი, მისი ძმა ლევანითურთ, რომელიც არის პირველი მინისტრი მთელის სამეფოსი, ეგრეთვე მათი უსამღვდელოება ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსი თავისი რავდენიმე მღვდლითურთ; ყველამ მათ აღსარებითა და წერილით სცნეს მსოფლიო ეკკლესიის თავად და ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ რომის პაპი ინოჩენციო მეთერთმეტე, რომელსაც სრულიად დაექვევრდომნენ. გარნა ის ორი წარჩინებული პირი არ დასჯერდა გაკათოლიკების კერძოდ გამოცხადებას და ხუთი თვის შემდგომ გაგზავნეს რომში თავიანთ მოციქულად პატრი ანჯელო ფილინელი და თან გაატანეს პაპთან წიგნები, რათა მათის სახელით, მის ტახტის წინაშე წამდგარი ფეხზე მთხვევოდა და მათი უმდაესი მორჩილება მიეძღვნა პაპისათვის".

ამ საგანზე დიდად არ გამოვუდგებით მისიონერთა წერილების მოყვანას, მხოლოდ საკმაოდ ვრაცხთ მოვიყვანოთ შესანიშნავი წერილები: ერთი თვით პატრი ჯუსტინოს დაწერილი, რომლითაც ავედრებს პაპს გაკათოლიკებულ პირთა, მეორე - გიორგი მეფისა და მესამე ტფილისელი არქიეპისკოპოსისა, პაპისადმი მიწერილი მის შემდეგ რა გაკათოლიკებულან. ჯერ მოვიყვანთ პატრი ჯუსტინოს წერილს.

„უნეტარესს მამას, ღვთის ეკკლესიის საყოველთაო მწყემს და იესო „ქრისტეს მონაცვლეს” ამ ქვეყანაზე, უმაღლესს მღვდელთ მთავარს, ინოჩენციო მეთერთმეტეს. „თუმცა ჩემი მდგომარეობის გამო უფრო მხნედ უნდა ვყოფილვიყავი, მაგრამ მაინც კი ყველა ჩემს საქმეში, ჩემმა მწუხარებამ გადააჭარბა ყველა საზღვარს, რადგან ვგონებდი, რომ მხოლოდ საქართველო მოაკლდებოდა იმ პატივის მიგებას, რომელ პატივსაც უძღვნიან მეფენი და იმპერატორნი თქვენს ყოვლად დიდებულს მდვდელთ-მთავრობას, და ესრედ ამაო შეიქმნებოდა ეგოდენი წლის ჩემი შრომა. მუდამ მოველოდი თქვენის კურთხევის ფერხთა წინაშე წარმომედგინა თქვენი მორჩილი შვილი ამ ქვეყნის მთავარი, რომელიც ძრიელ მოწადინებულია, ყოველს შემთხვევაში, აქოს თქვენი დიდებულება და უწმიდესობა. ამიტომ უსარგებლოდ და დაკარგულად არა ვრაცხდი დროს, რომ მისი ერთგული ლაპარაკი გამეძრიელებინა. როდესაც გავაცანი კათოლიკე სარწმუნოება, მაშინვე მოინდომა შემოერთება ეპისკოპოსი პიქეს საშუალებით. ეს ეპისკოპოსი ხშირად სწერდა ამას თქვენი გულკეთილობის ამბავს. კორსიკის პროვინციელი უფროსი პატრი იოსებ ბოგოინელი გაგზავნა აბრანელში, სადაც მონასტრების დასათვარიელებლად იყო მათი უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი პიკეი, და მოიწვია აქ. მაგრამ არ მოვიდა. რადგან ძრიელ ნატრობდა შემოერთებულიყო ჩვენთან. შემდგომ მე გამგზავნა ისპაანს იმ დროს, როდესაც იქ მათი უსამღვდელოსობა სპარსეთას მეფის წინაშე თქვენს ელჩობას ასრულებდა. შემომპირდა მოსვლას საქართველოში და კიდეც მოვიდოდა სიკვდილს რომ არ მოესწრო მისთვის ამადანში. ამასა და სხვა მიზეზების გამო მე შერცხვენილად ვრჩებოდი, რომ ეპისკოპოსის ხელით ეს მეფე ვერ შევუერთე ეკკლესიას, და ესე გვიანდებოდა.
გარნა მუდამ დღეს ამის სისრულეში მოყვანას ვცდილობდი და კიდეც შევასრულე: 7 დეკემბერს, 1686 წ. ჩემს წინაშე მეფემ წარმოსთქვა სარწმუნოების აღსარება და თან ფიციც დასდო, რომ თავისი სამეფოც ერთიან დაუმორჩილოს თქვენს უწმიდესობას. დიდ მადლობას ვწირავ ყოვლად მაღალ მოწყალე ღმერთს, რომ ამდენი წელიწადია მყო თქვენი ხელის იარაღად, რათა აღმოსავლეთელი ივერიის ეს მთავარი თქვენდამი მორჩილებაში შემომეყვანა. შეერთების ხუთი დღის შემდგომ ამ მეფეს აღსარებაც ვათქმევინე. ცხრა წელიწადზე ცოტა მეტია, რომ იგი ურჯულო მაჰმადიანთ აღსარებას აღიარებდა, მაგრამ გარეულად, მოჩვენებით ვიდრე გულით; ისიც იმიტომ, რომ მეფობა არ ჩამორთმეოდა, რადგან, მამის სიკვდილის შემდგომ, ერთი თავისიანი ეცილებოდა ტახტს. განვასწავლე სარწმუნოებაში, რაოდნათაც ჩემი უძლურება შემწევდა და მოითხოვდა თქვენი უმაღლესი ბრძანება. სარწმუნოებას აწ ძრიელ ერთგულად იცავს; მეტად სახელ- განთქმულია, ბრძენი და ყველანაირი ნიჭით შემკული, როგორათაც მოგახსენებს ჩემი მონდობილი პატრი ანჯელო, რომელსაც მეფე თავის პირველ ელჩად გიგზავნისთ, რათა ვრცლად გაუწყოსთ ყველა მისი სურვილი და გთხოვოსთ რომ მეფე რომის ეკკლესიის შვილად შერაცხოთ, როგორათაც არიან სხვა ქრისტიანე მთავარნი და მეფენი. ვითარცა მეც ყოვლად უღირსი გთხოვ და გევედრები, რომ, მაგ თქვენი გულმოწყალების პატივისათვის, მიიღოთ ეს მეფე თქვენს შვილად.
ამიტომ მთელის სოფლის მართველ ხელთა თქვენთა შევავედრებ მას. დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ, რომის კათოლიკე ეკკლესიის ნამდვილი საყვარელი შვილი შეიქმნეს. ეს იქიდგანაც ცხადია, რომ ყველასფერში იქცევა რჩევისამებრ ლევან თავის ძმისა, რომელიც ამ სამეფოს პირველი მინისტრია, და ეგრეთვე უკეთილშობილესი რატიშვილის ექვთიმე არქიეპისკოპოსის რჩევით. ამათაც ფიცით ჩემს ხელში აღიარეს კათოლიკე სარწმუნოება: ლევანმა იმავე წლის დეკემბრის ცხრამეტს და მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა დეკემბრის ოცს, მეორე დღეს. ლევანი თავის შეერთების შესახებ არაფერს გზავნის, რადგან, როდესაც მეფემ კაცი და წერილები წარმოგზავნა, მაშინ ლევანი სხვა სამთავროში იყო მეფისათვის მეუღლის და დედოფლის მოსაყვანად: ვინაიდგან მეფე მეორედ ქორწინდება.
ფიცითი შეერთების წერილებზე მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა და მეფემ საკუთარი ხელიც მოაწერეს. თქვენი უწმიდესი დიდებულება დარწმუნებული ბრძაბდებოდეს, რომ ცის ქვეშ პირდაპირ ვსთარგმნე ეს წიგნები ლათინურად, რასაც, ჩემს სულს და გულს შეერთებულს, მოგიძღვნის პატრი ანჯელო. ესეც ცხადად უნდა მოგახსენო, რომ ეს მთავარი თავის სახელს სწერს მთავრად მეფედ სრულიად საქართველოისა, რომელიც ხუთ სამთავროდ გაყოფილია და ყველა თვითეულ პროვინციას ჰყავს თავისი მთავარი. ყველას მეფედ იწოდება ეს იმიტომ, რომ თავისი ძველის-ძველი უფლება დაიცვას. თუმცა ახლა მარტო ერთი სამეფო ქალაქი აქვს, რომელიც უწარჩინებულესი, დიდი და თავია მთელი საქართველოსი: ეგრეთვე სხვა ქართველი მეფეებიც მას პირველ ქალაქად რაცხვენ. თვით მეც რ გზის ვნახე და წავიკითხე სპარსეთის მეფის გამოგზავნილი წერილები, სადაც გიორგის გვირგვინოსან მეფედ უწოდებს. მართლადაც, სხვა ყველა ქართველ მთავრებზე, ეს უფრო ძრიელი და დიდებულია. ემორჩილებიან არა მარტო ამაზონები, არამედ თვით ჩერქეზებიც, რომელთაგანაც ომის დროს შეუძლია გამოიყვანოს დიდ-ძალი მეომარნი. თუ ამისა და თუ თავის დიდ სულოვნობის გამო ძრიელ მოწადინებულია ეომოს ყველა ქრასტიანების მტერ ოსმალებს. ამ ომის შესახებ მოელის თქვენს ბრძანებას; ეს ბრძანება ისეთი იყოს, რომ სპარსეთის მეფეს არაფერი ეწყინოს, რადგან რავდენიმე წელიწადია მასთან კარგად ვერ არის, თქვენი ესეთი ბრძანება ამისთვის, თქვენი უწმიდესობის მიერ, იქმნება უდიდესი მოწყალება. უფრო უკეთესად, ამ საქმისას მოგახსენებთ პატრი ანჯელო, რომელსაც თან მოჰყავს, მრავალ მოწაფეთა შორისრჩეული ერთი ჩემი მოწაფე. პატარობიდგანვე აღვზარდე იგი კათოლიკე სარწმუნოებაში, ამ მისიონის ნამდვილი შვილია და მივუძღვნი თქვენს უწმიდესობას. ეს ჩემი მოწაფე სოლომონ თუმანიანთი თბილელი კეთილშობილია. ამისი მამა დიდ ხანს ქალაქს მმართავდა. მასთან ერთად შემოგავედრებ ჩემს უღირს თავსა და ყველა საჭიროებას ამ მისიონისას, რომელსაც ძრიელ ცოტა მუშაკი ჰყავს, კვალად თქვენის უწმიდესობის მოწყალებას შემოვავედრებ აქაურ ყველა ერთგულ კათოლიკებს და ამ ბატონებს: გიორგი მეფეს თავისი სამეფოთი, მის ძმა ლევანს პირველ მინისტრს და მათ უსამდვდელოესობას არქიეპისკოპოსს და ყველა აქაურ ერს. - საქართველოში ტფილისით, მაისის 28-ს ახალი კალენდარისა და 18 ძველისა, 1687, თქვენი უწმიდესობის ყოვლად მდაბალი და უღირსი მონა. ლივორნელი კაფუჩინი, პ. ჯუსტინო, საქართველოს მისიონერი”.

ამავე თარიღით პროპაგანდის კარდინალებსაც სწერს ამის მსგავს წიგნს და ავედრებს ეპისკოპოს ექვთიმეს, ლევანს, მეფეს და მის თექვსმეტი წლის მხოლოდ შობილ ძეს ბაგრატს, რომლის მასწავლებელი ყოფილა პ. ანჯელო იტალიანური ენისთვის. ლევანის შესახებ ამბობს, წიგნს იმიტომ არ გზავნის, რადგან იმერეთს წავიდა მეფისათვის საცოლოს მოსაყვანადო. კარდინალებს აიმედებს, რომ ეს ახლად გაკათოლიკებული პირები ძრიელ მოწადინებული არიან მთელი საქართველო შეუერთონ რომის ეკკლესიასო. ეგრეთვე აუწყებს, საქართველო ყოველ კერძოდ გარე მოცულია ისეთი მაჰმადიან საშინელი მტრებისგან, რომ თვით დედა მიწასაც უმძიმს მათი ყოფნაო, და ამიტომ ეს მეფე ძრიელ მოწადინებულია, თქვენის ლოცვა-კურთხევით, ეომოს ოსმალებს, რათა საქართველო მათგან მთლად განათავისუფლოსო.
ახლა მოვიყვანთ გიორგი XI წერილსა.

„ყველა მეცნიერთა შორის გამოჩენილო, სავსეო სულის წმიდის მადლითა, ღვთიური ტახტის ხმაო მოქადაგეთა შორის, მოციქულთ მსგავსო და თანასწორო დიდებათა და სამღვდელო ღირსებათა, სვეტო აღმართებულო და, მსგავსად ბრწყინვალე ვარსკულავისა, ქვეყნის განმანათლებელო, სიწმიდის რჩეულო ჭურო და მოციქულთა საუნჯეო, ცხოველო ტახტო და სახარების მქადაგთა სათხეველო, მწყემსო უკეთილესო და დიდისა რომის მღვდელთ მთავარო, ღვთის მიერ უნეტარესო მამაო, ინოჩენციო მეთერთმეტე პაპავ. მეორედ აღმოშობილი ყოვლად წმიდა სამებაში, წარვსდგები თქვენს წინაშე მართმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებით მე, თქვენი მონა და სულიერი შვილი, ჩამომავალ ღვთის მიერ კურთხეულ ბაგრატიონთ მეფეთა, საქართველოს სამეფოს მპყრობელი, მეფეთა-მეფე გიორგი, სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს წმიდა სამეფო მარჯვენას, რომელიც აღმადლებული ჰფენს ნათელსა, ჰყოფს სასწაულთ და ჰფანტავს მტერთა, და შიშითა და ძრწოლით თქვენს წინაშე მოვიდრეკ მუხლთა, გამსჭვალული მტკიცე სიყვარულითა. ამ წერილით მნებამს გამოგიცხადო ჩემი გულის სურვილი: გვნებავდა ჩვენი კაცი გამომეგზავნა, მაგრამ, თუ სიშორისა და თუ გზის აღურაცხველი განსაცდელების გამო ვერ გამოვგზავნეთ; ეგრეთვე გვნებავდა წარმოვლენა პატრი ჯუსტინოსი, მაგრამ ამის გამოგზავნით მონასტერი მარტო დარჩებოდა (24). ამისათვის აღვირჩიეთ პატრი ანჯელო რომელსაც გიგზავნით და მოვახსენებთ თქვენს სიწმიდესა, რომ არა თუ ახლა, არამედ დიდის ხნიდან თქვენი სიყვარული ჩვენს გულს ჩანერგილია, ჩვენი კურთხეული მამის დროდანვე თქვენი სიყვარული ჩემში დამყარებულია; ამაზე ჰკითხეთ თქვენს პატრებს. რომლებსაც გიგზავნი. ახლა ამას მოგახსენებ, რომ მიმიღოთ მეც თქვენს შვილად ეგრედ, როგორც გყავსთ სხვა გვირგვინოსანი მეფენი. მასთანვე ამასაც ვაუწყებ თქვენს სიწმიდესა, რომ მხოლოდ ერთი პირმშო შვილი მყავს, სახელად ბაგრატი, რომელიც არის ჩემი უმთავრესი ტახტი და გვირგვინი, ქება და დიდება, ესა და სხვა, რაც კი მაქვს ღვთის მოწყალებით და თქვენის ლოცვაკურთხევით, მინდა რომ ღვთისაგან კურთხეულის თქვენის ტახტის ქვეშევრდომი იყოს; მისთვის გთხოვ რომ ეს ჩემი პირმშოც აიყვანოთ თქვენს შვილად. ათას გზის კურთხეულ იყავნ ღმერთი, რომ იცავს და აძლიერებს ჭეშმარიტ კათოლიკე ქრისტიანებს, ეგრეთვე გვფარვიდეს ჩვენც ყველას ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი მარიამი. ჩვენი ცოდვების გამო ურწმუნოებმა მოგვისპეს ქრისტეს სარწმუნოება და დავშორდით მას... (ამ ალაგას არ ამოიკითხება სიძველის გამო). აწ ღვთის მშობლის მეოხებით დაგვიცვას ღმერთმა თავისის მადლით. ეგრეთვე იმედი მოგვცეს მათგან ახსნისა თქვენის სასწაულთ მომქმედ მარჯვენის შემწეობით და თქვენთა გვირგვინოსან შვილთა მეფეთა საშუალებით, რომლების დიდს და მრავალს გამარჯვებას ვსმენულობთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო დიდ შვებას და სიხარულში ვართ. ჩვენი სამეფო მუდამ ევედრება ღმერთს და ყოვლად წმიდა სამებას, რათა უფრო განაძლიეროს თქვენი კურთხეული მარჯვენა და ჭეშმარიტ კათოლიკებს და ხსენებულ პატიოსან მეფეთ მიანიჭოს მტრებზე გამარჯვება. ამას მოგახსენებთ, გვნებავს ღვთიურ სიმართლესთან თქვენც შეგიყვაროთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო ვემორჩილებით სპარსეთის მეფეს, თვინიერ მისი ბრძანებისა არაფერი შეგვიძლია, გარნა მსგავსად თქვენის საყვარელ შვილებისა, გვირგვინოსან მეფეებისა, რომლებიც მუდამ ჟამს ურწმუნოებას ებრძვიან და მათზე იმარჯვებენ, თქვენის ლოცვა-კურთხევითა ჩვენცა ვძლევთ ამ ურწმუნოთა... ნეტაი ღმერთმა და ღვთის მშობელმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენმა სამეფომაც მიაგოს ზიანი თქვენთა მტერთა, თქვენ გემსახუროთ და თქვენ მორჩილ მეფეებთან ერთად შევიარაღდეთ. ესეც სცანით, რომ ჩვენი სამეფო, ჩვენი ბრძანების ქვეშ მყოფნი და მთელი ჩვენი საქართველოს მხედრობა მზათ ვართ და მოველით თქვენს ბრძანებას; რასაც თქვენის ლოცვა-კურთხევით გვიბრძანებთ, მზათა ვართ შევასრულოთ. ეს არის ჩვენი ნატვრა. ჩვენს თქვენს ერთგულ შვილობაზე ნურასფერს ეჭვს შეიტანთ. თუმცა კი შორს ვართ, მაგრამ დიდათ ვნატრობთ თქვენს ნახვას. ჩვენი სარწმუნოების აღვიარება ვჰყავით პატრი ჯუსტინეს წინაშე, რომელიც ჩვენი სულიერი მამა არის; რასაც ეს ჩვენ გვიბრძანებს, ყველაფერს შევასრულებთ. აპრილის 29, ქრონიკონი იესო ქრისტეს შობიდან 1687, ინდიქტიონი ჩვენის მეფობისა (აკლია)"

ამ წერილს ბოლოში აწერია: „რომის პაპთან გაგზავნილი მეფის წიგნი სთარგმნა პატრი ჯუსტინო ლივორნელმა, საქართველოს მისიონის მოქადაგემ და უფროსმა, რომელმაც მეფეს ფიცი მისცა, რომ სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა". ასეთის შესანიშნავის წერილის შესახებ სხვა რისიმე თქვა მეტი იქმნება. ხოლო ეს უნდა შევნიშნოთ, რომ ეს წერილი მეტად ცუდის იტალიანურის ენით არის ნათარგმნი.
ახლა მოვიყვანთ მესამე წერილს.

„წიგნი ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსისა ინოჩენციო მეთერთმეტე რომის პაპთან, მისივე ბრძანებით ნათარგმნი იტალიანურად პატრი ჯუსტინო ლივორნელის მიერ, რომელმაც ფიცი მისცა რათასიტყვა-სიტყვა ეთარგმნა".
„ღვთის მადლითა და შემწეობით მიაწიოს ამ წიგნმა რომის დიდ ქალაქში უწმიდეს მამისა ინოჩენციო მეთერთმეტე პაპისადმი:
„ბატონო პაპავ, ინოჩენციო მეთერთმეტე, უაღრესო რომის მღვდელთ- მთავარო პაპავ, დიდი ხნიდან სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, ღვთის მსახურთა მბრძანებელო, მრავალ ფეროვან ვარდით შემკობილ.. ღვთისმეტყველო, თაფლის მსგავსად ყველას საბედნიეროთ საუკეთესოდ მომდინარევ, ქვეყნის ყველა მხარეს სიკეთის მომფენო, ღვთის სიყვარულის მოზიარეთა ზედა სიბრძნის ბრწყინვალე ბაგევ და მთელის ღვთისმეტყველო წყაროვ, ორპირიანო მახვილო, რომელიც განჰკვეთ მტერთა და ამხელ მღვდელ-მონაზონთა, ცხონების გზის ყოველ-დღივ სისრულით მასწავლებელო, მწეო დიდთა და პატარათა, დასაწყისიდანვე გამტკიცებულო ეკკლესიის ბრწყინვალე სვეტო, დადგინებულო ჭეშმარიტო მწყემსო და მოძღვარო ყოველთა ქრისტიანეთა, მათი სიკეთის გამაძლიერებელო და მოციქულთა თანასწორო, შეურყეველო ტახტო და დიდის რომის ქალაქის მფლობელო, უნეტარესო მეთერთმეტე ინოჩენციო. თქვენს წინაშე წამდგარი სარწმუნოების აღვიარებით ვეამბორები თქვენს წმიდას, უნეტარესს და სამეფო მარჯვენას მე, თქვენის უწმიდესობის და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მონა, ექვთიმე არქიეპისკოპოსი მთელის საქართველოის ღვთიურის დიდის ეკკლესიისა, რომელიც არს მისი განმანათლებელი და დამცველი წმიდა კვართისა.
სიმდაბლით წარვსდგები თქვენს წინაშე, მიწაზე მთხვევით და სიამოვნებით მივესალმებით თქვენს დიდებულებას. ამას ვყოფთ არა მარტო გარეგნულად ხორციელად, არამედ სულითაც, რომელიც თქვენის სიყვარულით სავსე გვაქვს, თუმცა კი შორს ვიმყოფებით. ჩვენი მაცხოვრის ბრძანებისამებრ, რომელმაც სთქვა:

„დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, ჭეშმარიტად გეტყვი შენ: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და მოგცენ შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო". შენ ხარ მწყემსი საყვარელი! და ეს ჭეშმარიტების სიტყვა თქვენ გეკუნისთ. ჰოი! მწყემსო ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, ცოდვაში ჩავადნილ უძლურთა აღმადგინებელო და მათ მტვირფელო, რომელ უძლურთაგანაც მსგავსად სხვა თქვენ მორჩილ და მდაბალ მორწმუნებისა ჰყოფთ ერთ სამწყსოსა; ესე არს თქვენი ხმა, რომელიც უნდა მოისმინოს მთელვა ქვეყანამ. ხოლო მე თქვენი სულიერი შვილი, თქვენს სიყვარულსა მოწყურებული თქვენ არასდროს გაგშორდებით. ამასაც მოგახსენებ, რომ ღვთისაგან კურთხეული ჩვენი მეფე გიორგი, საქართველოს ყველა ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი და ერისკაცნი მოხარულნი არიან თქვენს გაძლიერებასა და თქვენი მტრების დამარცხებაზე. ამასთვის ვევედრებით ღმერთს, რომ უმეტესად გაგაძლიეროთ და აღამადლოს თქვენი მარჯვენა, ეგრეთვე უყოს თქვენთა შვილთა მთავრებსაც, რომლებიც თქვენი მორჩილნი და ერთგულნი არიან. ჩვენი ამბავი ყველა კარგად იციან თქვენმა გამოგზავნილმა პატრებმა. ამისათვის ჩვენი პატრი ჯუსტინო წიგნით გაუწყებთ და პატრი ანჯელოც პირად მოგანსენებთ, ვითარცა გაუწყათ ჩვენმა მეფემ. ყველა ეს მოხსენება ჭეშმარიტი და დამტკიცებულია. დაიწერა ტფილისსა, 2 მაისისა 375, ქრისტეშობის აქეთ 1687 წ. ინდიქტონს, გიორგის მეფობის მეათე წელს".

ამ ექვთიმე ეპისქოპოსის გვარი ყოფილა რატიშვილი (Ractiscivili). მეფემ თოსკანის გრანდუკასაც მისწერა წიგნი. ჩვენ კი ვერ ვიპოეთ ეს წერილი. ამის გამო პატრი ანჯელო ჯერ მივიდა ფლორენციაში და გარდასცა დუკას წიგნი. ამანაც პატრი ანჯელოს კარგად მიღების შესახებ პაპს წიგნი მისწერა. ამისთვის პაპმაც შემდგომ მადლობა მოახსენა, ეგრეთვე იმისთვისაც რომ ეს დუკა საქართველოს მისიონერებს კარგად ეწევოდა. არც ის წიგნი გვაქვს, პატრი ჯუსტინომ პაპთან რო გამოატანა მეფისა, ექვთიმე ეპისკოპოსისა და სხვა წარჩინებულ გაკათოლიკებულ ქართველთა შესახებ.
პაპმა დიდის სიხარულით მიიღო მეფის გაგზავნილი პატრი ანჯელო, რომელმაც გადასცა წერილები და პირადაც მოახსენა მეფის და ეპისკოპოსის დაბარება და საქართველოს გარემოება, პაპი ამ ამბის მოსმენაზე დიდათ კმაყოფილი და მოხარული დარჩა და ორივეს მისწერა შემდეგ წერილები.

„აზიელ ივერიის სამეფოს არქიეპისკოპოსს, ჩვენს პატივცემულ ძმა ექვთიმეს, პაპი ინოჩენციო XI.
„პატიოსანო ძმაო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„სიტყვით ვერ გამოგვითქვამს ის სიხარული, რომელიც ვიგრძენით, რა ვსცანით ჩვენ საყვარელის შვილის კაფუცინი პატრი ანჯელო ფილინესა და თქვენის წერილისგან, რომ თქვენ სული წმიდის წინამძღვრობით მიგიღიათ, როგორც ჯერ არს, კათოლიკე სარწმუნოება და შემოერთებულხართ სულითა და გულით ამ წმიდა საყდართან, რომელიც არს მოძღვარი და დედა სხვა ყველა ეკკლესიებისა. აწ მადლობას ვწირავთ ღვთის სახიერებას, რომ თქვენზე ესრეთი მოწყალები მოიღო და თქვენც უფლისა მიერ მღვდელ-მთავრულის სიყვარულით გემთხვევით; ეგრეთვე ყოველს შემთხვევით ვისარგებლებთ, რომ გამოვაქვეყნოთ, თუ რაოდენად შესანიშნავი და დიდი ნაყოფი მოიღო კათოლიკე ეკკლესიამ აზიელ ივერიას სამეფოში. აწ ჯერ არს სავსებით გაამართლოთ ყველა ჩვენი მოლოდინი, რომელსაც გვაძლევს თქვენი ერთგულობა; ეცადეთ ყველა თქვენი ღონისძიებით ამავე ეკკლესიის გავრცელების და დიდებისათვის მაგ ერში, რომელიც მუდამ თვალწინ გვყავს. ამ ხსენებულ პატრი ანჯელოს მივანდობთ, რომ ვრცლად ყველა ჩვენი აზრი და სურვილი მოგახსენოთ. იგივე გარდმოგცემსთ ჩვენი სიყვარულის წინდსა, რომელიც შესაფერია თქვენი სამსახურისა. მასთანვე სამარადისოთ განიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას. რომით, 14 მაისისა 1688, მღვდელთ-მთავრობის მეთორმეტე წელს". პაპის გაგზავნილი საჩუქარი იყო ერთი ძვირფასი და დიდნახელავი ბარძიმი.
პაპის პირველი წიგნი მეფისადმი:
„ქრისტეს მიერ ჩვენს დიდათ საყვარელს შვილს გიორგის, აზიელი ივერიის ბრწყინვალე მეფეს, პაპი ინოჩენციო XI.
„ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. გამოუთქმელის აღტაცებით ვსცანით თუ თქვენის დიდებულების წერილიდგან და თუ ჩვენ საყვარელ შვილის პატრი ანჯელო ფილინელის მიერ, რომელიც წარმოგვივლინეთ, რომ ღვთის მადლის შემწეობით დაუტევეთ მაჰმადიანთა რჯული და წრფელი გულით აღიარეთ კათოლივე სარწმუნოება. ვინაიდგან ჩვენი მწყემსობრივის მოვალეობის უმთავრესი ზრუნვა არის იესო ქრისტეს პატიოსანის სისხლით დახსნილთა სულთა ცხონება, ამიტომ ისე არაფერს შეეძლო ჩვენთვის ნუგეში ეცა, როგორც გვანუგეშა თქვენის მოქცევის ამბავმა რადგან ამ თქვენს მოქცევას დიდათ ვაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ მაგ თქვენის მაგალითით დღიდან დღე უფრო განეფინოს ეს ჩვენი სარწმუნოება. ღირსეულ ქებას შევასხამთ რა მაგ თქვენს წარჩინებულ მოქმედებას, თქვენს დიდებულებას კათოლიკე ეკკლესიის წიაღსა შინა შევიწყნარებთ და გრაცხთ თქვენც ჩვენს მორწმუნე და ქვეშევრდომ მეფეთა შორის; ეგრეთვე არ დავსცხრებით და გულით ვევედრებით ყოველთა სიკეთეთა მომნიჭებელ ღმერთსა, რათა თავისი დაუშრეტელ სიყვარულის საუნჯიდგან მოგაგოსთ შესაფერი სასყიდელი მაგ თქვენის წარჩინებულ ღირსებისათვის. თქვენდამი ჩვენს სიყვარულის შესახებ ბევრს რასმე მოგახსენებს ხსენებული პატრი ანჯელო, რომელიც კვალად მანდეთ ბრუნდება და რომელსაც დიდათ გავედრებთ. აწ ქრისტეს მიერ ჩვენო საყვარელო შვილო. თქვენს დიდებულებას მოციქულებრივ კურთხევას ვანიჭებთ. რომით, 14 მაისისა, 1688 წ.".



1 2 3 4 5


megobari saitebi

   

04.01.2017