ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების მოსვლა ქართლსა (1600-1700)
პაპი ეგოდნათ მოხარული იყო გიორგის შეერთებისა რომის ეკკლესიასთან, რომ არ დაჯერდა ამ წერილის გაგზავნას, და მოინდომა, დასაჩუქრება სულიერადაც, რისგამო გამოუგზავნა ძვირფასი ვერცხლით მოჭედილი ღვთის მშობლის ხატი და მოსწერა მეორე წერილი, რომლითაც მას ანიჭებს სულიერ შენდობას.
„ქრისტეს მიერ უსაყვარლესო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა. რა განვიცადეთ გამოუთქმელის სიხარულით, რომ თქვენმა დიდებულებამ, შემკულმა არა მარტო ბუნებრივის უზომო ნიჭითა, არმედ უმეტესად ღვთიური ზეგარდამო მადლით განათლებულმა, დაუტევა ძველი შეცთომის სიბნელე და სცნო ნათელი კათოლიკე ჭეშმარიტების, ვაკურთხებთ და დიდს მადლობას ვსწირავთ უფლის ჩვენი იესო ქრისტეს ზეციერ მამასა, რომელმაც თავის გამოუთქმელის სახიერების წყალობით მოგიყვანათ თქვენ საუკუნო ცხოვრების გზაზე. ამიტომ ჩვენც იძლებული ვართ გამოგიცხადოთ ჩვენი მამობრივი სიყვარული რომლითამე ძღვნითა თქვენდა სულიერ ნუგეშად და სულის ცხონების შესაწევნელად. საჭიროდ ვსცანით მივუძღვნათ თქვენს დიდებულებას საუკეთესო ხელოვნებით შემკობილი და ვერცხლით შემოჭედილი ღვთის მშობლის ხარების ხატი, რომლის ჩარჩოც აბანოზის ხისა არის; გარდავეცით ჩვენს საყვარელს შვილს პატრი ანჯელო ფილინელ წმიდა ფრანჩისკეს ორდენის კაფუცინს, რომელიც ჩვენ წარმოგვიგზავნეთ, რათა მანდ მობრუნებისათანავე გარდმოგცესთ თქვენ. ვინაიდგან გვსურს, რომ მუდამ დღე აღემატოს გულმხურვალება თქვენისავე სულის საცხონებლად, ამიტომ განიჭებთ ამ შემდეგ სულიერ წყალობას: ვიდრემდინ ეს ხსენებული ხატი თქვენთან გექნებათ, როდესაც იტყვით წმიდა ქალწული მარიამის ანუ მიცვალებულთა ჟამ-კანონს, შვიდ სინანულის ფსალმუნთ. „სავარდის" მესამე ნაწილს, ანუ რომელსამე საავადმყოფოში სნეულთა სანახავად წახვალთ, შეეწევით ქრისტეს გლახაკთ; რაოდენ გზისაც შეასრულებთ აქ დასახელებულ რომელსამე ლოცვას და მასთანვე გულით შენანებულ აღსარებას იტყვით უფროსისაგან განწესებულ მღვდელთან და ეზიარებით კვირა ან უქმე დღეს, და ილოცავთ მწვალებლობის და განყრილობის მოსასპობლად, კათოლიკე სარწმუნოების გასაძრიელებლად, ქრისტიანე მთავრებში ერთობის დასაცველად და წმიდა დედა ეკკლესიის საჭიროებისათვის, კვირაში ერთგზის მიიღებთ თქვენი ყველა ცოდვების სრულ შენდობას; გარდა ამისა, არა სრულ შენდობას მიიღებთ, უკეთუ რომელსამე პარასკევს, უფლის ყოვლად წმიდა ვნების პატივისათვის, იმარხულებთ და იმავე დღეს ანუ მომავალ კვირას გაენდობით და ეზიარებით და ზემოდ ხსენებულისამებრ ილოცავთ; რაოდენ გზისაც გულისტანჯვის გამოძიებას იქმთ ცოდვათა შენანებით და პირობის დადებით, ყოველ გზის მიღებით ათი წლის და ორმოცეულს შენდობას;
უკეთუ ამ გამოძიებას განაგრძობთ ყოველ დღივ ერთი თვის განმავლობაში და ბოლოს გაენდობით და ეზიარებით, მსგავსადვე მიიღებთ სრულ შენდობას; გარდა ამისა, უკეთუ ყოვლად წმიდის სამების პიტივისათვის იტყვით სამს „მამაო ჩვენოს" და სამ „გიხაროდენს", ანუ ხუთს, იესო ქრისტეს ხუთი წყლულების პატივისათვის რომელსამე ცოდვის გასწორებისაგან პირობის დადებით, ანუ მოისმენთ წირვას თვით სამუშაო დღეებშიაც, ან თუ შეასრულებთ ზემოთ აღნიშნულთაგან როველსამე საგანს, მიიღებთ ყოველ გზის ათი წლის და ორ-მოცეულის შენდობას. ხოლო სიკვდილის დროს ჭეშმარიტად მონანებული, ვითარცა ზემოდ, აღსარებას იტყვით და ეზიარებით, თუ შეგიძლიათ, თუ არა პირით ანუ გულმხურვალებით და შენანებული გამოსთქვამთ იესოს სახელს, მსგავსადვე მიიღებთ სრულ შენდობას;
დასასრულ, ყველა ეს ხსენებული შენდობანი შეგიძლიათ მიიღოთ მორწმუნე მიცვალებულთა შესაწევნელად. რომით. 22 მაისისა, 1688 წ.”.
პროპაგანდამაც თავის მხრით პატრი ანჯელოს გაატანა ეს შემდეგი წიგნი მეფესთან:
„საქართველოს მეფეს. 3 აპრილს 1688 წ.
„არც ჩვენ ბატონ პაპისათვის და არც ამ პროპაგანდის წმიდა კრებისათვის იქმნებოდა იმაზე სასიამოვნო, რაც თქვენის დიდებულების და პატრი ჯუსტინო ლივორნელის წერილებიდან სცნეს, რომ თქვენ გიცნიათ ჭეშმარიტება და თქვენის შვილითურთ აღიარებთ კათოლიკე სარწმუნოებას; ეგრეთვე ისა, რომ, მაგ თქვენის მაგალითით, ვინც თქვენს სამეფოში ჭეშმარიტ გზისაგან დაშორებულნი იყვნენ, ახლა სიადვილით შემოდიან წმიდა დედა ეკკლესიის წიაღში. თქვენის უმაღლესობის სახელით გამოგზავნილი პატრი ანჯელო ფილინელი პაპმა რა დიდის სიყვარულით მიიღო, ამას სცნობთ მისივე წერილიდან. ახლა მათ უმაღლეს მამა კარდინალებს სხვა აღარა სანატრელი აქვსთ, თუ არ ეს, ევედრონ თქვენს დიდებულებას, რათა ყველანაირი თქვენის ერთგულებით შეუდგეთ მაგ თქვენს დაწყობილ საქმეს, რაოდნათაც კი შეგიძლიათ; დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ, ესრეთის მოქცევით მუდამ მოიპოვებთ თუ თქვენთვის და თუ თქვენის სამეფოსთვის ყოველ გვარ ბედნიერებას და შემდგომ ზეცას მიიღებთ საუკუნო სასყიდელსა. ბატონ კარდინლებთან ერთად ყოვლის მპყრობელსა ღმერთსა ვსთხოვ თავისი მადლი არ მოაკლოს თქვენს დიდებულებას”. ამავე რიცხვით პროპაგანდა ტფილისის კაფუცინების უფროსსაც მადლობას სწერს, რომ კათოლიკე ეკკლესიას თავიანთის ცდით შესძინეს ესრეთი წარჩინებულნი პირნი. ეგრეთვე უგზავნის სარწმუნოების სიმბოლოს, რათა გაამეორებინონ აღსარება მეფეს, მისს შვილს და ძმას. ხელი მოაწერინონ და ისევ რომში გაუგზავნონ, იმიტომ ესრეთი შესანიშნავი საქმე სახსოვრად დარჩეს. ეგრეთვე პ. ჯუსტინოს განსაკუთრებულს მადლობასა სწერს და აგულიანებს, რომ კარგად განასწავლოს კათოლიკე სარწმუნოებაში თუ მეფე და თუ სხვანი, რათა გულმხურვალებით დაიცვან იგი.
ვიდრემდე პატრი ანჯელო მობრუნდებოდა საქართველოში, სპარსელებს კიდევაც ომი დაეწყოთ ქართველების წინააღმდეგ. ამისთვის ამ პატრმა მოსვლისას მეფე ჰპოვა ომის ველზე, სადაც თან ახლდა ექვთიმე არქიეპისკოპოსი. ორივეს გადასცა პაპის და პროპაგანდის წერილები, რომლებიც დიდის პატივით მიიღეს.
ხოლო საჩუქრად მოტანილი ხატი მეფემ იქ არ გამოართვა, არამედ ტფილისში პატრს წააღებინა თავიანთ მონასტერში, რათა, როდესაც მობრუნდებოდა, დიდის ამბით მიეღო ეს პაპის საჩუქარი. როდესაც პატრი ანჯელო წასულა რომში, თან წაუყვანია ერთი ახალგაზდა თავადის შვილი პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლებლად. ამას გვიჩეენებს მხოლოდ პროპაგანდის წიგნი კარდინალ ბარბერინისადმი მიწერილი:
„ბატონ კარდინალ ბარბერინის, 3 თებერვალს 1688.
„პატრი ანჯელო ფილინელმა, მისიონერმა კაფუცინმა, თან მოიყვანა საქართველოდან ერთი ახალგაზდა 19 წლის კეთილშობილი ქართველი, სახელად სოლომანი და თხოვნა შემოიტანა, რომ ეს მიღებულ იქმნას პროპაგანდის კოლეგიაში, ვინაიდგან ეს იმ ტომისაა, რომლის მოწოდებაც განსაზღვრა ნეტარ ხსენებულმა წმიდა ონოფრიოს კარდინალმა. ეს საქმე ბატონ კარდინალებმა თქვენ მოგანდეს. ამის უწყებით აწ ვასრულებ ჩემს მოვალეობას და მდაბლად თავს გიკრამ".
პროპაგანდის სკოლაში რავდენსამე წლის სწავლის შემდგომ ეს ქართველი კაფუცინებთან მონაზონად შესულა, მაგრამ მის საქართველოში დაბრუნებისა არავითარი ცნობა არ გვაქვს. ეს მესამე ქართველი კათოლიკეა, რომელიც ევროპიელებთან შემონაზონებულა, რაოდნათაც ჩვენ ვუწყით. წინა თავში მოვიხსენიეთ იეზუიტი ივანე გოსტკოვსკი, რომელმაც ტფილისიდგან 24 აგვისტოს 1690 წ. რომში კარდინალს წერილი მისწერა. ამის წერილის ერთიან მოყვანა გვინდოდა. მაგრამ სიმოკლის გულისათვის ვსტოვებთ; ხოლო მოკლედ გავიხსენიებთ ამ წერილის შინაარსს. ეს იეზუიტი სწერს: მეფე გაშორებია სამეფოს; სპარსელებს მის ადგილს სხვა დაუყენებიათ; მთავრებს ერთმანერთში უთანხმოება ჰქონიათ, რისგამო ყველაფერი ძრიელ არეულ-დარეულა; არჩილიც მოსკოვიდან მობრუნებულა, მაგრამ ვერაფერი ჩაუგდია ხელში, რადგან იმერეთი ოსმალებს დაეპყროთ, თავის ნათესავებს შეხიზვნია; კათოლიკები გამრავლებულან ტფილისს არა მარტო მდაბალ ხალხში, არამედ თვით მთავრებშიაც, რომლების შიშით მისიონერების მტრებს მათთვის ვეღარაფერი უვნიათ. კათოლიკობა მუდავ დღე ვრცელდება და ახლად გაკათოლივებულნი ხშირად ეზიარებიან წმინდა საიდუმლოებს. მასთანვე ღმერთს ევედრება, რომ თავისი ახლად დასაწყობი მისიონი იმერეთში ტფილისის მისიონისავით მხურვალე და ნაყოფიერი შეიქმნას. მეფის მაგალითს ბევრმა მიბაძა და კათოლიკობა მიიღო, მათ შორის უფრო შესანიშნავი ბარძიმ ერისთავია. რაც მეფის განშორებით დააკლდათ კათოლიკებს, ის იმან შეუთავა. ამ ერისთავის შესახებ ბევრი წერილები გვაქვს. რადგან იგი იყო მეფის შემდგომ მეორე პირი და ბევრნაირად შესანიშნავი, ჩვენც მოვიყვანთ მის შესახებ რავდენსამე საბუთს, რათა კარგად ვსცნოთ მისი ამბავი. ამ ბარძიმმა მიიღო კათოლიკობა 1689 წ., ეს ამბავი მაშინვე აცნობეს რომში წერილით. კაფუცინების უფროსი ჯულიო რომში მის შესახებ პირველად ამ წერილს სწერს:
„ყოვლად ტკბილის უფლის სახიერებამ ინება ჩემი და პატრი სილიბისტრეს ნუგეშისცემა სწორედ ამ არეულ-დარეულობის დროს, რომელშიც იპოება საბრალო საქართველო, ვინაიდგან პაპის მორჩილებაში შევიდა ყველაზე უფრო შესანიშნავი პირი ამ სამეფოში. ამისთვის აღტაცებით გაუწყებ ამას და მასთანვე გევედრები, რომ თქვენც თანამონაწილეობა მიიღოთ ამ საქმეში. ამით თქვენს მისიონებსა დიდი პატივი მიენიჭება, რომის ეკკლესია აღმადლდება და ქრისტეს სარწმუნოება იდიდების, რადგან ახლა მთელს ივერიის სამეფოში განეფინება. აწ საჭიროა, უწყოდეთ, რომ ეს პირი სახელად ბარძიმი, რომელიც ეხლა შევუერთე წმიდა რომის ეკკლესიას, არის ერთი უძლიერესი და უწარჩინებულესი საქართველოს მთავართაგანი და აქვს დიდი სამთავრო, სავსე მეომარი ხალხით; ეგრეთვე არის უკეთილშობილესი და ძრიელ დაახლოვებული ნათესავი მეფისა, რომელიც განივლტო. ამჟამად ეს ჰფლობს და მასთანვე არის მდივანბეგი, რისგამო აწინდელ მეფის შემდეგ ეს პირველი პირი არის. ისიც უნდა ვსთქვა, რომ ცოტათი წილი ამასაც უდევს იმაში, რომ საქართველო გიორგი მეფეს აუჯანყდა. გიორგიც მეტად განრისხებულა მასზედ. ეს ბარძიმი რადგან საკმაოდ მსასოებელი და გულისხმიერია, სრა სცნო თუ რა ნაირის უსამართლობით ეპყრობია სპარსელები საქართველოს და თუ რა მოელის მას მომავალში, ამისათვის დიდათ ნატრობს, არა მარტო თავისგან, არამედ თვით მთელი სამეფოსგანაც მოაშოროს ეს მათი სამარცხვინო უღელი, აღმოფხრას ერისგან განხრწნილობა, შეცთომილობა, ცრუმორწმუნება და ურწმენობა, და დანერგოს ყველგან იესო ქრისტეს ნამდვილი და ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისგამო დიდათ შეიყვარა პაპი და ჩვენც გვევედრა, რომ მიგვეღო იგი წმინდა ეკკლესიის მართალის შვილების რიცხვში. კიდევაც შევასრულეთ. მისი მიღებით დიდათ ვინუგეშეთ და მეტის სიხარულით ცრემლებსაც ვღვრიდით, რადგან ვხედავდით ესრეთ ძრიელ მთავარს, რომლისაც ყველას ეშინია, დიდათ თავს იმდაბლებდა და თუ ჩვენ და თუ კათოლიკე ეკკლესიას დიდს სიყვარულს უცხადებდა; ეგრეთვე მეტად მოწადინებულია, რომ ყველგან მთლად აღმოფხრას მაჰმადიანობა და შეცთომილება. როდესაც შევასრულეთ წესი მისი შეერთებისა, გვევედრა, რომ მიგვეწერა პაპისათვის, რათა მასაც ენებებინა და მიედო იგი წმიდა რომის ეკკლესიის შვილად, ვინაიდგან მის ტახტსა, რომელსაც ღვთის ტახტად უწოდებს და წმიდა პეტრესი სრული ქვეშევრდომია ყველანაირის სიმდაბლით, მორჩილობით და სიყვარულით, და ითხოვს მის წმიდა კურთხევას, რათა, მისი და ღვთის კურთხევით გაძლიერებულმა, შეიძლოს და შეასრულოს თავისი წმიდა და გულმხურვალე წადილი, ესე იგი მთელი სამეფო შეუერთოს კათოლიკე ეკკლესიას; ეგრეთვე ევედრება მათ უწმიდესობას, რათა მისცეს საჭირო რჩევა და შეეწიოს თავისი რჩევით და ბრძანებით ვითარცა შვენის ჭეშმარიტს ქრისტეს მონაცვლეს, მამას და კათოლიკე ერის უმადლესს მწყემსს, რათა დაიწყოს ეს შეერთების საქმე, რომელიც პაპის დიდათ სათნო საყოფელი იქმნება, რადგან შეეხება რომის წმიდა ეკკლესიის ამაღლებას. ეგრეთვე უწყოდეს, რომ იგი მზად არის ყველაფერში დაემორჩილოს რასაც კი პაპი უბრძანებს. ღვთის შეწევნით საქმენი ძრიელ კარგად იქმნენ დაწყობილნი და იმედი მაქვს, რომ პასუხის მიღებამდე კარგად წავიდენ. გარნა კარგი იქმნება, სთხოვოთ პაპს, რომ ორი სიტყვა მოსწეროს ჩვენს ლტოლვილ მეფეს, რათა შეერთდეს ამ მთავართან და ერთად დაიწყონ ეს წმიდა საქმე უფრო მეტის ძალით და ეგრეთე იმისათვის, რომ ყველა ჩვენი რჩევა მიიღონ ისე, როგორც მის წარმომადგენელისაგან. ამას ამიტომ კი არა გწერ, რომ საქმეში რაიმე დაუძლეველ სიძნელეს ვხედავდეთ, ანუ ვითომც ჩვენ მას არ ვეხმარებოდეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ორი მთავარი ერთმანერთს არ ენდობა. ორივე ერთ და იმავე წმიდა გზას რომ დაადგებოდეს, მაშინ უფრო
ადვილათ დასძლევენ ყველა სიძნელეს და წინაადმდეგობას, ეგრეთვე თავს დაანებებენ ყველა უბრალო ქიშპობას, თუ კიდევ როგორმე დარჩა მათში ასეთი ქიშპობა: რადგან ორთავ დიდი პატივისცემა აქვსთ პაპისა. ამ საშუალებით წინათვე წამალი დაედება ყველა იმ არა სასიამოვნო საქმეს რაც კი მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ჩვენმა ახალ გაკათოლიკებულმა ძალიან დამაიმედა, თანახმა ვარ ერთგულად შევუერთდე წინანდელ მეფესაო. ეს შეერთება ადვილად მოხდება, ორივე ერთი მეორეს ერთგულობაზე რომ დარწმუნდებოდენ. ამას მოველი საშუალებით ჩვენის ერთი ბერძნის ტიპიკონის კათოლიკე ეპისკოპოსისა, რომელიც ახლა გახდა ბირძიმის სულიერი მამა. ინებოს ღმერთმა და დაგვიცვას სიმშვიდით, როგორათაც ახლა ვართ და შეაერთოს ეს ორი მთავარი ერთმანერთთან. მერმე ნახავთ, რომ საქართველო წმიდა ეკკლესიის სამოთხე გახდება; ვინაიდგან, მიუხედავად ეგოდენის არეულობისა, განსაცდელისა, შიშისა და დევნულობისა, ბევრნი გაკათოლიკდენ და შეიქმნენ მსასოებელნი, კეთილის მაგალითის მიმცემნი, უანგარონი და უყვარსთ ღმერთი.
„კარგი იქმნება, რომ ამ წიგნის მომტანთან ერთად წამოვიდენ მონაზონებიც და მას გზის ხარჯიც მისცეთ მობრუნებისათვის. საჭიროა რომ ეგ აქედგან გამოგზავნილი მალე წამოვიდეს; ეს რაც უფრო ადრე წამოვა, მით უფრო კაცი წინათვე აიცილებს იმ უბედურებას, რომელიც შეიძლება მოხდეს მაგის დაგვიანებით.
„ეგრეთვე სათანადო იქმნება, რომ ერთი კარგი რამ სასულიერო ნივთი პაპმა საჩუქრად გამოუგზავნოს ამ წარჩინებულს ბატონს რადგან გიორგი მეფეზე ნაკლები ღირსებისა არ არის, თორემ საწყენოდ დარჩება.
„რადგან ამ გაკათოლიკებულის ქართველის წერილის თარგმანში გამოსახულია ჯვარი და არის ეგრეთვე სიტყვა ერისთავი, უნდა აგიხსნათ ორივე. ამ ქვეყნის ჩვეულება ეგრეთია, რომ ქართულად არაფერს დასწერენ, თუ თავში ეს ასო ქ არ დაუსვეს, რაც ნიშნავს ჯვარსა. მისი სახელი ერისთავი ნიშნავს ერის მთავრობას. ამ ბატონს ეს ღირსება ძველის დროიდგანვე აქვს მეფის პალატში. ნამდვილი მთავარია ერთის უდიდესის და უწარჩინებულესის სამთავროსი.
„ჯვარის ნიშანი კვალად იხმარების ბეჭედის მაგიერად, აღსარების, მოწმობისა და სხვა წერილებში. რაისგამო თავის ქართულად დაწერილ წიგნზე დაუსვა ასეთი ბეჭედი, თუმცა მას თავისი ბეჭედი საცალკეო აქვს, მაგრამ არ იხმარა, ჯერ ერთი იმიტომ რომ არავინ გაუგოს, მეორედ, უდიდესი სასოებისა გამო.
„ჩვენმა გულითადმა კათოლიკე ეპისკოპოსმა, რომელიც ამ ახლად კათოლიკებული ბარძიმის სულიერი მამა გახდა, მთხოვა, ბარძიმი მეშოვნა მისთვის, რადგან ერთი უშნო ბარძიმის მეტი არა აქვს და არც ტფილისში იპოება მისი გამკეთებელი. ამიტომ ვსწერ და ვსთხოვ წმიდა კრებას, რომ გამოუგზავნოს, რადგან იმას ბევრი სიკეთე მიუძღვის წმიდა სარწმუნოების წინაშე. ეგრეთვე როცა გვიჭირდა ყოველთვის გვეწეოდა ხოლმე, ვინაიდგან ძალიან დიდი გავლენა აქვს მათზე, ვისაც კი შეუძლია შემწეობის აღმოჩენა.
„ამ ჩვენის გაკათოლიკებულის ბატონის გულმხურვალებამ იქამდე მიაღწია, რომ არ დაჯერდა მოწერას ერთის წიგნისას, რომელიც მე ვთარგმნე, როგორც ზემოდ ვთქვი და ერთი სხვაც კიდევ დასწერა უფრო გულმხურვალებით აღსავსე. ეს წიგნი ვრცლად შეიცავს ქართულად მისი სარწმუნოების აღსარებას. დროს უქონელობის გამო ეს მეორე ვეღარ ვსთარგმნე იტალიანურად. საჭიროა შეატყობინოთ მის მთარგმნელს, რომ გაჩუმდეს და ამ ბატონის გაკათოლიკებაზე არც წერილითა და არც სიტყვით არავის არა უთხრას. რათა არავითარი წინააღმდეგობა შეემთხვეს იმაში, რის აღსრულებასაც ფიქრობს და არც ამას რაიმე უსიამოვნება ემიზეზოს. ასევე უნდა დააბაროთ იმ მონაზონებს, რომლებიც საქართველოს მოდიან. ტფილისი, პირველი იანვარს, 1690, პატრი ჯულიო ქრემონელი".
ცოტა ხნის შემდგომ ამავე უფროსმა პატრმა გაუგზავნა რომში ეს წიგნიც, რომელიც პირველზედ არა ნაკლებ შესანიშნავია.
„ღვთის განსაკუთრებულის შემწეობით ამ ჩვენის მისიონის წარმატება ეგოდნათ დიდია, რომ არავის შეუძლია მასზე რაიმე ეჭვის შეტანა. ამისათვის მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, რომ გაუწყო ესა, რათა თქვენის გონიერებით სასოების განძლიერების საშუალება მოგვცეთ, როგორათაც მოველით და მოგვაწოდოთ საჭირო დახმარება ამ საბრალო ქვეყნისათვის, რომელიც მართლა დიდს გაჭირვებაშია ჩავარდნილი. აწ უწყოდეთ, რომ ამ ჩვენ დიდათ გულმოდგინე ახალ კათოლიკე მდივან ბეგს ჯერ ჩემთან ბევრ გზის ჰქონდა ვრცელი ლაპარაკი კათოლიკე სარწმუნოების და სულიერ საკითხავთა შესახებ, შემდგომ რა კარგად სცნო ყოველივე და გამოიძია ყველა ძალა თავის მიერ ახლად აღსარებულის სარწმუნოებისა, მიიწვია თავისი მღვდლები ბერძნისა ტიბიკონისა (25), იმდენად ჩააგონა და ისე შეაყვარა მათ რომის ეკკლესია, რომ არა თუ აღიარეს იმათაც რომის ეკკლესიის სარწმუროება, არამედ მასთან ერთად საქვეყნოდ გამოაცხადეს მისი გამოსარჩლება და დაცვა სომხების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად უნდა მოგახსენო, რომ ღმერთს დიდად უყვარს ეს თავისი სძალი წმიდა ეკკლესია, ვინაიდგან გაჭირვებაში მოუვლენს მას კეთილ ანგელოზთა მისსავე დასაცველად; ამიტომ შეგვიძლია ვუწოდოთ ამ მთავარს ნამდვილი მშვიდობის ანგელოზი, რადგან ჭეშმარიტი შვილია ეკკლესიისა და დიდათ მოყვარე და მდაბალი მონა პაპისა. ამ შვიდი წლის წინეთ, როდესაც მთელი ქალაქი ჩვენს წინააღმდეგ ამდგარი იყო და უნდოდა ჩვენის ეკკლესიის და სახლის დაქცევა, ამან, რადგან კაფუცინები უყვარდა, ლტოლვილ მეფეზე უკეთესად დაგვიცვა, დიდი სიმხნე გამოიჩინა, ხალხი ძალით განაშორა და მთელი არეულობა დააწყნარა; ახლაც როგორც ერთი მოციქულებრივი კაცი ისე იქცევა ჩვენის პატივის ასამაღლებლად და კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად. ასეთ უბედურ დროებში ჩვენთვის სწორედ ასეთი ძლიერი მფარველი იყო საჭირო. სომხების პეტრიარქმა საქართველოში მყოფ თავის მონაცვლეს, ვიკარიოზს, რომელიც ტფილისში სომხების უფროსია, უბრძანა რათა გამოეძია და დაესაჯა, ვინც კათოლიკები იყვნენ და ჩვენს ეკკლესიაში მოდიოდენ. იგი წინააღმდეგი გაუხდა, და არა მარტო ხელი შეუშალა ასეთი საქმე ექმნათ ჩვენთვის, პირიქით ჩვენი თავიც კი შეაყვარა, შემდგომ მეფით და ყველა თავადებით ერთად მოვიდა ჩვენს ეკკლესიაში, გალობიან წირვას დაესწრო და დიდი სიყვარული გამოგვიცხადა. რა ნახა სომხების პატრიარქმა, რომ ეს თავისი ჯოჯოხეთური მანქანება დარჩა ამაოდ და თავის თავისავე შესარცხვენად, გამოგზავნა ტფილისს იგივე ვართაპეტი, რომელმაც წინად არეულობა მოახდინა. გარნა ამ ვართაპეტის ცდა დღევანდლამდე დარჩა ისევ თავისა და თავისი პატრიარქის სამარცხვინოდ, რადგან ამ ვართაპეტმა დიდ ეკკლესიასთან ახლო მყოფი ეკკლესია დააკეტინა იმის გამო, რომ მის პატრონსა და მღვდელზე კათოლიკობის ეჭვი შეიტანა; ხოლო ბარძიმი თვით მივიდა იქ, გააღებინა ეკკლესია, დაუწყო მას ქადაგება კათოლიკე სარწმუნოებაზე და ისე იმოქმედა, რომ თითქმის დაარწმუნა იმას შეერთებიყო და პაპის მორჩილებაში კათოლიკე სარწმუნოება ეღიარებინა. ამ მთავარმა ეს იმოქმედა ეგოდენის სიმტკიცით, გულმოდგინებით და გონიერებით, რომ ამ შემთხვევაში ვერავინ შეიძლო მისთვის რაიმე წინააღმდეგი ეპასუხებინა. იმ ვართაპეტს ქადაგებაც აუკრძალა. როდესაც ტფილისს ჩავიდა, დაიკვეხა, როგორც წინეთ ისპაჰანსა და თავრეზში ვქმენ, ისე აქაც, კათოლიკებს ჩვენს სარწმუნოებაზე გადმოვიყვანო.
ახლა კი ვგონებ იმას ფიქრობს, თუ როგორ გაიქცეს ტფილისიდგან, რათა ისეთი შრომისათვის კარგად არ სცემონ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ, ღვთის წმიდა მფარველობით, საქმე უფრო კარგა წავიდეს ამას იქით.
„ჩემს გამოგზავნილს ახალგაზდა კაცს თუ მალე გამოგზავნით, ძრიელ კარგი იქმნება, რადგან მისი აქ ჩამოსვლით, თუ კიდევ დარჩება რაიმე დამაბრკოლებელი მიზეზი კათოლიკობის წინააღმდეგ, პაპის კურთხევით სულ მოისპობა. ვინაიდგან თუ ეს მთავარი, როგორც მეც ვურჩევ, ხსენებულ გიორგი მეფეს შეუერთდა, მთელი საქართველო სულ ადვილად მიიღებს კათოლიკობას. ტფილისი 18 მარტს, 1690 წ. პატრი ჯულიო ქრემონელი, კაფუცინი პრეფექტო".
რადგან კაფუცინების რომში მიწერილი წერილები ბარძიმის კათოლიკობისა და მის მოქმედების შესახებ, ერთი მეორეზე უკეთესია, ამიტომ ჩვენც არ გამოვსტოვებთ და მოვიყვანთ პატრი სილიბისტროს ამ წერილსაც:
„არზრუმისკენ ეს არის ქარვანი მოდის. ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რომ დავუმატო ჩემი წერილიც და გაუწყო თუ რაოდნათ კარგ მდგომარეობაში ვართ ღვთის შემწეობით. დიდათ მოხარული ვართ, რომ ქალაქში გვყავს ერთი მფარველი. მართლადაც უზომო და დიდათ გულ-მხურვალე კათოლიკეა, რაც კი შეუძლია მფარველობას არ გვაკლებს. ეს ის ბატონია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს საქართველოს მეფე, რადგან ყველაფერი ამაზედაა დამოკიდებული და ყველას ეს განაგებს თავისუფლად. ჩვენი უფროსი მოგწერდათ ამ ბატონის გულმოდგინებისას, თუ როგორ საჯაროდ ჰქადაგებს კათოლიკე სარწმუნოებას. ეგრეთვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ, თუ საქართველო არ შეუერთდა და არ მიიღო კათოლიკე სარწმუნოება, მინდა, რომ ჩემი ოჯახობა და ჩემის საერისთაოს ქვეშევრდომნი მაინც გახდენ კათოლიკენი. უნდოდა რომში გამოეგზავნა ერთი თავისიანი თავისი სრული მორჩილების გამოსაცხადებლად, მაგრამ უფროსმა პატრმა აცნობა, რომ საჭირო არ იყო. გარნა მგონია, რომ, მიუხედავად უფროსის რჩევისა, მანდ გამოგზავნოს ერთი სხვა ვინმე. რომიდგან მოელის ბრძანებას, რადგან მზად არის აღასრულოს რაც კი ებრძანება. ცოტათი მაჰმადიანებისა რომ არ ერიდებოდეს, უეჭველად დიდს რასმე იმოქმედებს. გარდა ამისა, მის გულ- მხურვალებას ამტკიცებს უფროსი, რომელზედაც ისეა დამოკიდებული, როგორც უმორჩილესი შვილი. მართლაც საუცხოვო საქმე იქმნება, მაჰმადიანები ამ ქვეყნიდგან რომ განიდევნებოდნენ. ტფილისი 27 მარტს, 1690 წ., პატრი სილიბისტრე".
ესევე პატრი, 29 დეკემბერს 1689, სწერს რომში ბარძიმ ერისთავის შესახებ და ამბობს: სარწმუნოების აღსარების წიგნი ექვს-შვიდ გზის წაიკითხა, მერმე წიგნს ემთხვია და კდემით თავზე დაიდო და სთქვა: ამაში სწერია ხალისი და სული წმიდისგან ჩაგონებული ჭეშმარიტება და ყველაც მრწამს სიმტკიცით. ეს დიდათ პატივცემულია ყველასაგან და ეგოდნათ ძრიელია, რომ ყველას ეშინია ამისი: ახლა მრავალნი კათოლიკობას დებულობენო.
იგივე პატრი ჯულიოც სწერს მარტში 1690, რომ ახალი კათოლიკები ბევრნი მოემატნენო; მათ შორის არიან ერთი წარჩინებული ქართველი დედაკაცი, სპარსეთის მეფის დეიდაშვილი (cugina) და ერთი უპირველესი თავადთაგანი თავის შვილებითურთ, რომელიც უწინ მაჰმადიანობაზე ყოფილა გადასულიო. ეგრეთვე ხელახლავ ამბობს ბარძიმ ერისთავის ქებას და მას ემადლიერება, როგორც თავის წინანდელ წერილებში.
ესევე პატრი იმავე წლის 30 აგვისტოს, კვალად სწერს კარდინალს მისიონის წარმატების ამბავს და არწმუნებს, რომ ახალი გაკათოლივებულები თითქმის ყველანი დიდათ შესანიშნავი პირები არიანო; ეგრეთვე აუწყებს, რომ პატრიარქის გამოგზავნილ ვართაპეტს მათთვის დევნა დაუწყვია, 300 სკუდზე მეტი ფული დაუხარჯავს გავლენიან პირთა მოსამხრობლად, მაგრამ ვერ გაუმარჯვნია და მათთვის ვერაფერი უვნია. კაფუცინებისაგან რომში მიწერილი ქება და სიხარული ბარძიმ ერისთავის შესახებ რაოდნად საფუძვლიანი იყო, მის მიერ პაპთან მიწერილი ორი წერილიდანაც სჩანს, მართლადაც ეს წერილები ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ერთგულად შესდგომია იგი კათოლიკობას. სამწუხაროდ, მისი ქართულად გაგზავნილ წერილთაგანი ვერც ერთი ვიპოეთ. იძულებული ვართ ესენიც ლათინურიდგან ვსთარგმნოთ.
„მწყემსთა მწყემსს და მამათა მამას, ინოჩენციო მეთერთმეტეს.
„სახსოვრად იყოს წინაშე ყველა ქრისტიანების ბატონისა და მთავრისა, რომელიც სამწყსოს საუკეთესო მცველია და რომლის წინაშე მტაცებელი მგელი ვერასდროს შეიძლებს მიახლოებას. თქვენ ხართ ქრისტეს სჯულისა და ზნეობის მთავარი, თქვენ ჰმართავთ ერს თანახმად შვიდის კრებისა და უზიარებთ მათ შვიდთა საიდუმლოთა მადლსა. უმაღლესმა მწყემსმა ღმერთმა ღირსეულად აღგირჩიათ ამ მორწმუნების წყაროსათვის, რომელიც თკბილად მომდინარეობს და რომლისათვისაც ამბობს წმიდა სახარება: „მე ვარ წყალი ცხოველი, რომელნიც სუმიდენ ჩემგან, აღარა სწყუროდენ უკუნისამდენ". შენ ხარ ხე კეთილი, რომელიც მოსცემ ნაყოფსა ტკბილსა; შენ ხარ უფალი და მთავარი. ახალი წმიდა მოციქული პეტრე, რომლისადმი მოგიწოდა შეუცდომელმა სიტყვამ: „შენ ხარ კლდე და ამასა კლდესა ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მასო”; შენ ხარ ახალი ივანე ქროპირი, ბასილი კესარიელი და მოადგილე დიდისა კლემენტესა და სილიბისტრესი. შენ ოთხ მახარებელთათანა შესადარებელო და მათო თანამსგავსო; შენი ხმა განისმის ქვეყნის კიდით-კიდემდე და შენის მოწოდებით მოდიან ერნი სარწმუნოებაზე. შენ ხარ დიდი იმედი და მფარველი შენდამი შემოხიზნულთა, ვითარცა გოდოლი დაუძლეველი. შენ იგი, რომლისათვისაც ითქვა: „მე ვარ მწყემსი კეთილი; და ვიცანი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ". შენ ხარ ჩემი უფალი, ჩემი მოძღვარი, ჩემი მამა და ჩემი მთავარი (ჯვარი ზის) ვითარცა სახედ ჰსურინ ირემსა წყაროთა მიმართ. ეგრე ჰსურინ სულსა ჩემსა შენდამი, მე ვარ ცოდვილი და დატვირთული სიბოროტით, ვითარცა მეზვერე ანუ ის მონა, რომელსაც მიეტევნენ ათი დრაკანი, რადგან ვერ შეიძლო მისი გარდახდა. აწ ვისწრაფი შენდამი და გევედრები, ჰოი ყოველთა ქრისტიანეთა სასოებაო, საქებელო, დიდებულო, დიადო და ბრწყინვალეო, ამაღლებულო და გაძრიელებულო; შენ ხარ მთესველი მართლმადიდებელის სარწმუნოების თესლისა და აღმომფხვრელი ღვარძლისა ქრისტიანების გულთაგან; შენ ხარ თავი და მთავარი ქრისტეს სარწმუნოებისა. აჰ! მე ვარ შენ ცხოვარი ვნებული მგელთაგან რომელთაც უნდათ ჩემი შთანთქმა. მტკიცედ მრწამს უმანკო ღვთისმშობელი მარიამი და მისი საყვარელი ძე, მისი ხარება, შობა, ტაძრად მიყვანება, თაბორზე ფერისცვალება, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, იერუსალემში შესვლა, მისი ვნება, ჯვარცმა, დასაფლავება, მკვდრეთით აღდგომა, ზეცას ამაღლება და სულიწმიდის მოფენა მოციქულთა ზედა, რომელთა თავსა განიყვენ ენანი ცეცხლისანი. მე ვარ შენი ერთგული შვილი ჭეშმარიტად შვიდი კრების აღმსარებელი; პირველი ნიკიისა, მეორე ეფესოსი, მესამე კოსტანტინეპოლისა, მეოთხე ქალკედონიისა და სამნი დანარჩენნი, რომელიც მოხდა ნიკიასა და კოსტანტინეპოლში. მრწამს შვიდი საიდუმლო: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, მღვდლის კურთხევა, გვირგვინის კურთხევა და უკანასკნელი ზეთის ცხება. ქვეშევრდომი შვილი ვარ და მორწმუნე სამოციქულო და კათოლიკე ეკკლესიისა. შეგვაერთე შენს სამწყსოსა და გვიხსენ ჩვენ ამ ისმაელიტელების ნაშობ ბოროტ მგელთაგან. გარდმოავლინეთ ამ ჩვენ ცოდვილთა თავსა თქვენის მარჯვენის კურთხევა. ჩვენ ვსასოებთ თქვენს მოწყალებაზე და ვართ აღმასრულებელნი თქვენის სარწმუნოებისა და წესისა, ამისგამო მუხლ მოყრილნი მიწამდე თავს დაგიკრავთ. ჰოი სვეტო და ქრისტიანების შეურყეველო საფუძველო! შენზე მონდობილობამ დაგვიხსნა. ამიტომ მარადის თქვენი ერთგული ვიქნებით და მომლოდინე თქვენის წყალობისა, ეგრეთვე ვევედრებით ქრისტე უფალს, რომ აღგვისრულოს ყოველი თქვენი ნატვრა და დაცულ იქმნას თქვენი ბრძანება. აწ ჩვენო ბატონო მთავარო, მოველით თქვენს ბრძანებას და თქვენს წყალობას. როდესაც ამ ჩვენს მხარეს და ქვეყანას მოაღწევენ თქვენი წმიდა სიტყვა და პატიოსანი ბრძანებანი, მაშინვე შევუდგებით მათ აღსრულებას და ვიტყვით დავითთან: „წარმართენ ლოცვანი ჩემნი ვითარცა საკმეველი შენს წინაშე". გვიხსენ ჩვენ წარწყმედისაგან, ვითარცა იხსნა მორწმუნე ერი, ანუ ვითარცა მირელმა ნიკოლოზმა სამი უმანკო ყმაწვილი სიკვდილისგან. ჩვენს გულსა და თვალთ შენდამი მოვაქცევთ და ვიმედოვნებთ შენის სახიერებისგან და მოველით შენს პატიოსანს წერილს და ბრძანებას. რასაც გვიბრძანებთ ყველას აღვასრულებთ. ჩვენო ბატონო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უბედურად არ წავსწყმდეთ, ჩვენო მამაო, უფალო ბატონო, ამინ. შეგვიწყნარებია და აღვიარებთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკკლესიის ყველა კრებას; ეგრეთვე აღვიარებთ და შევიწყნარებთ წმიდა სახარების ბრძანებათა. ამიტომ ვართ შენი ერნი და შენი სამწყსოს ცხოვარნი. შევსცდით, აწ გვიპოეთ და შენის ძალით გამოგვიხსენით მგლის პირისაგან, როგორათაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღმოიხსნა ქვესკნელიდგან ადამი, შეიტკბო და მიუყვანა მამა ზეციერს. ეგრეთვე შენც, ბატონო, მოგვიპოე ჩვენ ცოდვილნი, ნუ დაგვივიწყებთ და ნუ დაგვტოვებთ. ბრძენს ერთი სიტყვაც ეყოფა. აწ მოველით შენს სიტყვას და მივიღებთ თუ არა შენს ბრძანებას, მაშინვე აღვასრულებთ. დაიწერა პირველ იანვარს, ქრისტეს აქეთ 1690. (ზის ჯვარი)”
ხოლო მისი მეორე წიგნი არის შემდეგი:
„დიდება ღმერთსა, უნეტარესო მამაო, (26)
„აჰა, შენთა წმიდა ფერხთა წინაშე ერთი დიდი ცოდვილი, სახელად ბარძიმი, საქართველოს ერისთავი. გარნა აქამდინ თვინიერ რჩევისა ვიყავი მოტყუილებული და სიბნელეში გართხმული ჩვენის ეპისკოპოსების სიცრუით და უმეცრებით. უმეცრებით ცთომილ ვიყავ ჭეშმარიტების გზისგან, გარნა აწ ღვთის მადლითა და წყალობით, ეგრეთვე ტფილისში მყოფის შენი პატრების მოძღვრებით და კეთილის მაგალითით ვსცანი ჩემი შეცთომილება და მივიღე კათოლიკე სარწმუნოება, რომელი სარწმუნოებაც სულის წმიდის ჭეშმარიტი სიტყვა არის. აწ დიდად მოხარული სიბნელისაგან გამოსვლითა ყოვლადის კდემით, სიმდაბლით და გულმხურვალებით ვემხობი შენის პატიოსანის საყდრის წინაშე. თუმცა ტფილისის მისიონის უფროსის წინაშე სულით-გულით და ცრემლთა ფრქვევით უარ ვყავი ჩემი უწინდელი შეცთომილება; გარნა აწ თქვენი სიწმიდის წინაშეც მათ კვალად უარ ვყოფ და სამუდამოდ ვშორდები, რადგან ჭეშმარიტად და სიმტკიცით ვსცანი, რომ შენ ხარ ჭეშმარიტი იესო ქრისტეს მონაცვლე და უწმიდესი პეტრეს მოსაყდრე, სასუფევლის კლიტეთა მქონე, ყველა მორწმუნეთა მამა, წინამძღვარი მოძღვარი. ამიტომ გთხოვ მიმიღოთ მე ვითარცა თქვენი მდაბალი მონა. მეც გპირდები, რომ რასაც ინებებთ, ყველა აღვასრულო წმიდა კათოლიკე ეკკლესიის ასამაღლებლად, იესო ქრისტეს პატივისთვის და თქვენს სამსახურებლად; მზათ ვარ ამისათვის სისხლიც დავღვარო. კვალად თქვენს წმიდა და სამოციქულო საყდარს შევსწირავ ჩემს თავს, ჩემს სახლობას და მთელს ჩემს ქვეშევრდომ ერსა. აწ სხვა არასფერს მოველი, თუ არ თქვენს წმიდა კურთხევას და რჩევას, რათა სულით და გულით წმიდა კათოლიკე ეკკლესიის გავრცელებასა და განძლიერებას შევუდგე, რადგან ეხლა შეიქმნა იგი ჩემი უსაყვარლესი დედა.".
ამ წერილების მიმტანი უნდა ყოფილიყო ახალგაზდა კაცი ერთი ქართველი, რომლის მალე დაბრუნებას პატრები ეშურებოდენ. როგორც ამ წერილებმა და ისე კაფუცინების ზედ მოწერილმა ამბებმა დიდი სიხარული გამოიწვია რომში. ამიტომ პროპაგანდამ უწინარეს ბარძიმის პასუხისა, უფროს პატრს გამოუგზავნა შემდეგი მადლობის წერილი:
„საქართველოში პრეფექტოს, პატრი ჯულიოს, 20 ნოემბერს 1690.
„თქვენმა მოწერილმა ამბავმა, რომლითაც გვაუწყეთ, რომ ღვთის შემწეობით, კათოლიკე სარწმუნოებაზე მოგიყვანიათ მთავარი ბარძიმი, დიდად გაახარა კარდინალები, რადგან შემოგიერთებიათ ისეთი, თუ მეომრებით და თუ სიმდიდრით, ძლიერი ბატონი რომლის გულმოდგინების წყალობით კათოლიკე სარწმუნოებას დიდი წარმატება მოელის. ეს ამბავი მაშინვე ვაცნობე ჩვენს ბატონს პაპს. ამანაც დიდად განიხარა ასეთი ამბავის მოსმენით და ამ სიხარულს თვითვე უცხადებს თავის წერილით. არ დასცხრეთ და გონივრად შეუდექით შრომას, რათა მოუპოვოთ საუკუნო ცხოვრება მაგ სულთა, რომელნიც მონდობილნი არიან თქვენს სიფხიზლეზე. თქვენს ლოცვაში მომიხსენიეთ”. სანამ ბარძიმს პასუხს მოსწერდა, კაფუცინების თხოვნის თანახმად, პაპს გიორგი მეფისათვის მოუწერია 1691 წ. რჩევის წიგნი, რათა კვალად დამეგობრებოდა ბარძიმს და მას შეერთებოდა, რომ მისი და თუ სხვა კათოლიკების დახმარებით ერთად ეზრუნათ საქართველოს საკეთილდდეოდ. ეს მტკიცდება პროპაგანდის ერთის წერილით, რომელიც 28 დეკემბერს 1690 წ. დაწერილა. ცოტა ხნის შემდგომ პაპის წერილი ბარძიმისათვისაც მოუმზადებიათ, მაგრამ პაპი ალექსანდრე მერვეს სიკვდილის გამო, ამ წიგნის გაგზავნა შეუჩერებიათ 1692 წლამდინ. თუმცა კი ბარძიმი ერისთავი მუდამ მფარველი იყო კაფუცინებისა და იცავდა მათ სომხების წინაადმდეგ, გარნა ამათ რაღაცა შემთხვევის გამო მოუხერხებიათ და კვალად დაუწყვიათ კათოლიკების დევნა. ამ შემთხვევაშიაც, როგორც წინეთ, ბარძიმი გამოჰქომაგებია კაფუცინებს და კათოლიკე ერთ გაშმაგებულის სომხების უსამართლობისგან უხსნია. სამწუხაროდ, ამ დევნულობის შესახებ რომში გაგზავნილი წიგნი ვერ ვიპოეთ. ბარძიმის ამ დროის გამოსარჩლების ამბავი ვიცით მხოლოდ პროპაგანდის ერთი წერილიდგან. ხოლო ამ დევნას კი მისიონერები იხსენიებენ თავიანთ წერილებშიაც. ამავე დროს გაჩენილა ჭირი, რომელსაც საკმაოდ უმსხვერპლია ხალხი. თუ ამ ამბავს და თუ მისიონის სხვა გარემოების შესახებ უფროსი პატრი სწერს ესრედ რომში:
„შემდგომ ერეტიკოს სომეხთა მიერ დევნისა რომელთაც კარგად გაიმარჯვეს და ამიტომ გაამაყდენ, ღმერთმა შავი ჭირით დასაჯა ეს უბედური ერი. ჭირისგან შეშინებულნი და სინიდისისაგან მხილებულნი იქით-აქეთ დაიფანტნენ, რათა როგორმე გადარჩენილიყვნენ სიკვდილს და პატრონად ამ ქალაქისა, საიდანაც გადევნას გვპირობდენ, ჩვენ დაგვტოვეს... გამოუთქმელია თუ რაოდენი ზარალი ემიზეზათ მათ, წინეთ ხომ გლახაკები იყვნენ, ახლა კი ერთიანად გაუბედურდენ, რადგან სამი თვის განმავლობაში თუ გლახაკებმა და თუ ქურდებმა მთლად გაავერანეს ქალაქი... მაინც კი არ მოაკლდენ და კვალად შემოვიდნენ ეკკლესიის წიაღში ქართველები და მაჰმადიანებიც. მეფე ოთხ გზის მოვიდა ჩვენს ეკკლესიაში მთელის თავის წარჩინებულის თავადებითურთ, ცალცალკეც მოვიდენ საქართველოს უწარჩინებულესნი თავადნი და დიდათ შესანიშნავი ქალბატონებიც; რა ხედვენ ეკკლესიას, ტრაპეზს და სხვა ყველაფერს ეგრედ კარგად შემკობილს და მოწყობილს ყველანი ღმერთს ადიდებდნენ და აღიარებდნენ, რომ კათოლიკე ეკკლესია ქრისტიანების ჭეშმარიტი დედააო... ტფილისი, 22 ოქტომბერს, 1690 წ. პატრი ჯულიო".
სომხები არა მარტო ტფილისში, არამედ გორშიც მტრობდენ კაფუცინებს, მათ მოსვენებას არ აძლევდენ და ხალხში ქადაგებას უშლიდენ. ამას უფრო კარგად დავინახავთ შემდეგ წერილიდგან. ხოლო ეს კი დიდად საკვირველი და შესანიშნავია, რომ კაფუცინების მისიონი, მეტადრე ტფილისში, სომხების გამუდმებულ მტრობით და დევნულობით, არა თუ უძლურდებოდა, არამედ ყველა ნაირად უფრო მატულობდა და ყველას ყურადღებას იზიდავდა; რაის გამო მთელი აღმოსავლეთის საუკეთესო მისიონად მიაჩნდათ ყველა ესა. ამას სხვათა შორის გვიჩვენებს ხსენებული პატრი ჯულიოს წერილი:
|