ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების მოსვლა ქართლსა (1600-1700)
მართალია თეათინელმა მისიონერებმა ქართლი დასტოვეს და სამეგრელოს გადავიდენ, მაგრამ საქართველოს ამ ნაწილიდგან სამუდამოდ არ წასულან, არამედ კიდევ დაბრუნების იმედი ჰქონდათ. იმათ შემდგომ გორში კიდევ იყენენ აგვისტინიანი მონაზონები, ვინაიდგან ნოემბრის 19 დღეს 1640 წ. აქიდგან მისწერა პატრი ამბროზიომ რომას ზემოდ ხსენებული წერილი ქეთევან დედოფლის წამების შესახებ. ხოლო ის კი არ ვიცით, აგვისტინიანები შემდგომ აქ კიდევ რავდენ ხანს დარჩნენ. თეათინელები არამც თუ ქართლს ვეღარ დაბრუნდენ, არამედ, როგორც ზემოდ ვნახეთ, სამეგრელოს მისიონის მართვაც გაუჭირდათ მისიონერების რიცხვის სიცოტავის გამო. რადგან რომა საქართველოდგან დიდ ნაყოფს მოელოდა, უმისიონეროდ აღარ დასტოვა. ამიტომ წმიდა ფრანჩისკეს მონაზონებს, ეგრედ წოდებულ კაფუცინებს, მიანდო საქართველო და მასთან სამეგრელოს მისიონიც იმ შემთხვევაში, თუ თეათინელი პატრები იქ საკმაოდ მისიონერების გაგზავნას ვეღარ შეიძლებდენ.
ახლა შევუდგებით იმის განხილვას, თუ რა შრომა გასწიეს კაპუცინთა ორდენის ბერებმა საქართველოში კათოლიკობას გასავრცელებლად. როგორც სხვა დროებისა, ისე ამათი დროების საბუთები ბევრი დაკარგულია, მაგრამ მაინც ბევრი აღმოვაჩინეთ სხვა და სხვა არხივებში და ყველა რომ გამოიცეს, ცალკე წიგნი დასჭირდება იმ საბუთებს. გარნა ყველას მოყვანას არ გამოვუდგებით. უმთავრესებს და რაც ჩვენს საგანს შეეხება, აქ მოვიყვანთ. ხოლო დანარჩენ წერილებს, თუ საჭიროდ დავინახეთ, შემდეგში ცალკე გამოვსცემთ. ამ საბუთების მოყვანის დროსაც, როგორც აქამდე, ჩვეულებრივ დავიცვავთ ქრონოლოგიურ წესს.
რომამ საქართველოს მისიონი კაფუცინებს მიანდო თუ არა, მალევე შეუდგა მათ გამოგზავნას. პროპაგანდამ 1661 წ. ივნისის ცამეტს, დეკრეტით პირველ გზობის გამოსაგზავნად დანიშნა რვა კაფუცინი: პატრი ბონავენთურა სორენტელი, პ. ბერნარდო, წმიდა ონოფრიო, პ. კიპრიანე ქავალი, პ. იოსებ ბორგოინანო. პ. კარლო სანმარინელი, ძმა ანდრია თევრიკოლელი და ძმა ანჯელო ვიტერბელი. უფროსად დაუნიშნა პატრი ბონავენთურა და ყველანი დაუყოვნებლივ გამოისტუმრა. ოსმალებს რომ კოსტანტინეპოლში ერთად ნახულ იმათთვის რამე არ ევნოთ, ორ ჯგუფად გაიყვნენ; ერთი წინ წავიდა და მეორე რავდენისამე დღის შემდეგ უკან გაჰყვა. იმათგანი ერთი, პატრი კიპრიანე სმირინს მივიდა თუ არა, იქვე გარდაიცვალა. უფროსმა თავის ამხანაგებითურთ სამეგრელოზედ გამოიარა. იქიდგან საქართველოს გზას რომ დაადგა, ერთ მდინარეში ცხენი წაექცა და წყალში დაირჩო. მისმა ამხანაგებმა გზა აღარ განაგრძეს და დროებით სამეგრელოშივე შეჩერდენ. უფროსის სიკვდილმა, გზაში გამოვლილმა შეწუხებამ და თუ სხვა გაჭირვებამ ძრიელ გული გაუტეხა პატრი ბერნარდოს. ვედარ გაბედა მგზავრობის გაგრძობა სამისიონეროდ და რომლითაც მოვიდა, იმავ ხომალდით გაბრუნდა კოსტანტინეპოლს. სამეგრელოში დარჩნენ მარტო პატრი კარლო და ძმა ანდრია. ვეღარც იმათ გაბედეს ქართლს წასვლა. ამიტომ სამეგრელოში თეათინელებთან დარჩნენ დროებით. ხოლო დანარჩენი ამხანაგები წავიდენ აზრუმისკენ, საიდგანაც ქართლში უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ იმ დროს ომების გამო ამ გზით ვეღარ შემოვიდენ, არამედ სპარსეთი მოიარეს და ესრეთ დიდის გაჭირვებით, როგორც იყო, მოვიდენ ტფილისს. მათი აქ შემოსვლის თვე არა სჩანს. უნდა ყოფილიყო ან 1662 წლის დამლევი, ან 1663 წლის დამდეგი. პირველში მიუღია იგინი ქართველ ეპისკოპოსს თბილელს და კაი პატივითაც მოჰპყრობია. კაფუცინებს რა შეუტყვიათ, მეფის მკურნალი რომას ნასწავლი, ქიოს კუნძულის ბერძენი, კათოლიკე არიო, მაშინვე მისთვის უცნობებიათ თავიანთი მოსვლა. ის მკურნალი, სახელად ანდრია ეპიფანე, იმ დროს იქ არ ყოფილა, არამედ თან ხლებია იმერეთს საომრად წასულ მეფესა. ამას თავის იქ მყოფის ძმისათვის შემოუთვლია, რათა თავის მობრუნებამდე კაფუცინები თავის სახლში მიეღო და კარგად მოჰპყრობოდა. როდესაც მობრუნდა, დიდი პატივისცემა დაუწყო კაფუცინებს და ყოველგვარი შემწეობის აღმოჩენა; მერე მეფეს წარუდგინა და გააცნო. ამის შუამდგომლობით მეფემაც ისინი პატივით მიიღო და არა თუ ნება მისცა აქ დარჩენისა, არამედ თვითონვე იყიდა ქალაქის შუა ადგილს ორი სახლი და კაფუცინებს აჩუქა, რათა ერთში დამდგარიყვნენ და მეორეში წირვა-ლოცვა შეესრულებინათ. რადგან მათი უფროსი აქ მოსვლისათანვე სამეგრელოს მდინარეში დაირხრჩო, უფროსობა დარჩა პატრი სერაფინო მელაკოკელს.
ტფილისში დაბინავების ამბავი მალე აცნობა რომის პროპაგანდას და თავის უფროსს. ოთხი წიგნი გვაქვს მიწერილი. მიწერილებია ერთი 1663 წ. 7 მაისს; მეორე, 28 ივნისს; მესამე 2 ივლისს და მეოთხე, 23 ოქტომბერს. შინაარსით თითქმის ერთმანეთსა ჰგვანან, ამიტომ ჩვენც აქ მარტო ერთს მოვიყვანთ.
„ტფილისში მიგვიღო ამ ქალაქის ეპისკოპოსმა. ჩვენი მოსვლა ვაცნობეთ ბატონ ანდრია ეპიფანეს, გვარათ ქიოელს, ჭეშმარიტსა და მეტად ერთგულს კათოლიკეს, რომელიც მეფეს ახლდა იმერეთთან ატეხილის ომის დროს. მან გამოგზავნა თავის მამულში მყოფი თავისი ძმა, რომელმაც დიდის სიხარულით მიგვიდო თავის სახლში. დღევანდლამდე მასთან აქ ტფილისში ვართ... ვენახულეთ მეფესა, დედოფალს, კათალიკოსს და სხვა მთავრებსა. დავაარსეთ სახლი და ახალი მისიონი. თუმცა ეს ქართველი მეფე გამაჰმადიანებულია, მაგრამ მაინც ძრიელ კარგად მიგვიდო, ორი სახლი მოგვცა, რათა ერთში ჩვენ დავდგეთ და მეორეში პატარა ეკკლესია მოვათავსოთ. ეკკლესიაში უკვე ვწირავთ და მთელი ქალაქი ესწრება. ღვთის მსახურების შესრულების დროს ეკკლესია ქალაქის საუკეთესო პირებით ივსება: ესწრებიან ქართველები, სომხები, მამაკაცები, დედაკაცები, ეპისკოპოსები და მღვდლები... თვით დედოფალი, რომელიც ქართველი ქრისტიანია, ორჯელ მოვიდა და დაესწრო წირვას თავისი ორი შვილით და ყველა თავისი მხლებლებითურთ. ერთმა ქართველმა მღვდელმა, რომელიც დედოფლის სასახლეში დაიარება, მითხრა, რომ დედოფალმა ძრიელ აქო თქვენი წესი და წირვის შესრულება, ქართველ მღვდლებს საყვედური უთხრა, სასოებით არ სწირავთო და დაუმატა, რომ პატრებს შემწეობას აღმოვუჩენ კათალიკოსის წინაშეო... ეს მთავარი არა თუ არ გვიშლის საღვთო მსახურების აღსრულებას, არამედ კარგადაც ვყევართ მიღებული, რადგან ხედავს, რომ ოქროსა და ვერცხლს არ ვეძებთ. როგორც თვითონ პატივს გვცემს, ეგრეთვე უნდა, რომ სხვებიც პატივით მოგვეპყრან. როდესაც კარგად შევისწავლით ქართულს ენას და ქადაგებას შევიძლებთ, იმედი მაქვს, მეტად დიდი ნაყოფი გამოიღოს ჩვენმა შრომამ, რადგან კაი გულის ხალხია; კაი მაგალითით და მოძღვრებით ადვილათ მიიღებენ კათოლიკე სარწმუნოებას".
ტფილისს მოსული კაფუცინები დიდ დაჭირვებაში იყვნენ ფულის მხრივ, რადგან სახარჯო ფული ჰქონდა იმათ უფროსს, რომელიც ფულთან ერთად სამეგრელოს მდინარეში დაიღუპა. ამ მხრითაც ხსენებულმა მკურნალმა ანდრია ეპიფანემ დიდი შემწეობა აღმოუჩინა იმათ, ყველაფრით დაეხმარა და რომაშიაც მათ შესახებ რავდენისამე გზის წერილები გაგზავნა. აქ მოვიყვანთ შემოკლებით მის ერთ წერილს, რომელიც ზემოდ მოყვანილ პატრი სერაფინოს წერილთან ერთად გაგზავნა რომას 7 ივლის 1663 წ.
„...დასასრულ, რაც შეიძლებოდა, ვეცადე მეფის წინაშე და მოუპოვე მათ ქალაქის შუა ადგილს სახლი და მიწა, საცა მოაწყეს პატარა ეკკლესია და ყოველდღივ ასრულებენ მღვდელთმოქმედებას. მათ წირვას მთელი ხალხი დიდის სიხარულით ესწრება და ყველას უკვირსთ. ღვთის სახიერების იმედი მაქვს, როდესაც შეისწავლიან კითხვას და ქართულ ლაპარაკს, ბევრი რამე გააკეთონ. კითხვას და ქართულ ლაპარაკს მევე ვასწავლი, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს. ღმერთია მოწმე, რომ არაფერს ვზოგავ, მათ შევეწიო, რითაც კი შემიძლიან; გარდა ამისა, პატრები იმდენად რა შეისწავლიან ქართულ ენას, რომ ქართველ მღვდელ-მონაზონებთან შვიდ საიდუმლოთა შესახებ საუბარს შეიძლებენ, მოკლე წიგნს შევუდგენ ამ საიდუმლოთა შესახებ. ამ წიგნში განსაკუთრებით აღვნიშნავ ყოველ შეცთომას, რომელსაც სჩადიან ქართველები ამ საიდუმლოთა აღსრულების დროს, შეცდომებს ვუსწორებ და თანაც ვასწავლი, როგორ უნდა შეასრულონ სისწორით. ვევედრები ღვთის სახიერებას, რათა თავისის მადლით შემასრულებინოს ჩემი სურვილი. უკეთუ თქვენს უმაღლესობას სასიამოვნოდ დაურჩება, გამოვგზანი, რათა დააბეჭდინოთ. უფლის შემწეობით მისიონი კარგად დამყარდა. მისიონერები ყველა თავიანთ ვალდებულობას ასრულებენ; მეტადრე როდესაც სცნობენ ამ ერის რაიმე სათნო საყოფელს, დიდის სიამოვნებით ასრულებენ, რათა მათი გული მოიგონ. აწ საჭიროა, თქვენმა უმაღლესობამ ამ მისიონს მოაწოდოს საჭირო შემწეობა. უამისოდ ჩვენი შრომა უქმი იქნება. პირველად საჭიროა, ამ მისიონს წლიური სარჩო აძლიოთ, ამიტომ, რომ აქ კაფუცინების ჩვეულება არ გამოდგება, ტომარას ვერ აიკიდებენ და კარდაკარ ვერ ივლიან პურისა, ღვინისა და სხვა საჭირო სურსათის ჩამოსათხოვად, გარდა ამისა მთავარმა მათ მარტო ცარიელი სახლი მისცა. უკეთუ თქვენმა უმაღლესობამ მათ სარჩო არ გამოუგზავნა, სხვაგან მისი შოვნა არ შეუძლიათ; აქ უფულოდ წყლის გარდა არაფერი იშოვება, ფულიც ადვილად იხარჯება, რადგან აქ ძრიელ ბევრი ხალხია. აქაური მკვიდრის გარდა, აუარებელი ვაჭრები არიან აღმოსავლეთიდგან მოსული; ამიტომ აქ ცხოვრება იაფი არ არის; აქიდგან სცანით, თუ რა ხარჯი მოუნდებათ. მე კარგად გამოვიანგარიშე ვნახე, რომ, რა გინდ დიდი დამზოგველობა გამოიჩინონ, მაინც დღიურად დასჭირდებათ რომაულ ფულად ნახევარი სკუდი.-მეორედ, გარდა ამ წლიურ სარჩოსი, საჭიროა ამ თავითვე თქვენი უმაღლესობა შეეწიოს მანდედგან ამ მისიონს შენობის საქმეში; შენობა კი მიუცილებლად საჭიროა, ვინაიდგან მეფის მოცემული სახლი ორია, ერთი მეორეს პირდაპირ და შუაში გზა არის; ერთი ეკკლესიად გადააკეთეს, მაგრამ პატარაა და ხალხი ვერ დაუტევია. ამიტომ საჭიროა მეზობლისაგან პატარა ადგილის ყიდვა ეკკლესიის გასადიდებლად, რათა აქაური ჩვეულების თანახმად, შიგ ადგილები გაიყოს მამაკაცებისთვის ცალკე და დედაკაცებისთვის ცალკე. მეორე სახლში პატრების სადგომია. ამ სახლისა და ეკკლესიის შუა საჭიროა პატარა ხიდის გაკეთება, გზით გავლა არ დასჭირდეს კაცს და ოთახიდგან პირდაპირ ეკკლესიაში გადავიდეს. აწ თქვენვე განსაჯეთ, საჭიროა თუ არა გაკეთება,-მესამედ საჭიროა თქვენმა უმაღლესობამ პატრებს ევროპიული წვრილი საჩუქრები გამოუგზავნოს, რათა ხანდისხან აქაურ მოწინავე პირებს უთავაზონ მათი გულის ადვილად მოსაგებად... რაც შეეხება მეფისათვის საჩუქარს, არა ერთგზის მოვილაპარაკეთ პატრებთან, თუ რის მირთმევა იქმნება უფრო უკეთესი; ყველამ ერთპირად ვარჩიეთ, რომ ყველაზედ უფრო მომეტებულად მეფეს სასიამოვნოდ დაურჩება ერთი იტალიური მდიდრული ცხენის იარაღის ან არა და, ამ ცხენის იარაღის ნაცვლად, კარგი იქმნება რავდენიმე ძველებური კარგი ჯაჭვის პერანგი, ისეთი, შუბმა ვერ გაატანოს; ეს უდიდესი საჩუქარი იქმნება ქართველებისათვის, რომლებიც ომის დროს (საუცხოვო მეომარნი და მეტად მარჯვე ცხენოსანნი არიან) ამ პერანგს ქვეშ ჩაიცმენ და გრძელის შუბებით ომობენ... არ ეგონოს თქვენს უმაღლესობას, ეს ხარჯი უბრალოდ წავიდეს, რადგან გარდა იმისა, რომ ამ საჩუქრებით მათ გულს მოვიგებთ, ჩვენის საჩუქრისათვის ორკეცად მოგვაგებენ, ვინაიდგან ქართველებს ჩვეულებად აქვსთ და ვალადაც რაცხვენ, რომ მიღებული საჩუქარი ორ კეცად გადაუხადონ. იმედი მაქვს, ამ ნაირის საჩუქრების წყალობით, მეფე პატრებს ძალიან შეეწიოს. ტფილისი, 7 ივლისს, 1663 წ., დოქტორი ანდრია ეპიფანე”.
ესევე ანდრია, 11 მაისისას 1664 წ. სწერს რომას კარდინალს სხვა ვრცელ წიგნს და აუწყებს, რომ კაფუცინების მისიონის საქმე ძლიერ კარგად მიდის, ყველა მათ მღვდელ მოქმედებას დიდძალი ხალხი ესწრებაო; იმედოვნებს, რომ მისიონი ყველგან მოეფინებაო; ეგრეთვე აუწყებს ბატონიშვილს კახეთის მეფედ დანიშვნას.
თანაც ჰპირდება, რომ, მეფის შემწეობით კაფუცინების მისიონი მალე გავრცელდება კახეთში და იმერეთშიაც, რომლის მთავარი ამ მეფის სიძე არის, მაგრამ საჭიროა, რომიდგან სხვა ახალი მისიონერები მალე გამოგზავნოთო. ხსენებული პატრი სერაფინეს ერთი წერილი კიდევ გვაქვს. ეს წერილი მიუწერია რომას თავის უფროსისთვის 20 მაისისას 1664 წ. ამაში იხსენებს სხვა წერილებს, რომლებიც ამავე წლის პირველ თვებში მიუწერია კარდინალებისათვის. სამწუხაროდ, ის წერილები ვერ ვიპოვეთ. ამ წერილებში ფულის შემწეობის გარდა, სთხოვს სხვა მისიონერებსაც, რომელთაგან ერთს მაინც უნდა სცოდნოდა ინჟენერობა და მეხანიკა, რათა შესძლებოდა მტკვარში იმნაირის წისქვილების გაკეთება, როგორც რომის მდინარეზე ყოფილა; და თან თხოულობს მათ პლანებს, რადგან მეფეს მოუსურვებია ასეთი წისქვილების გამართვინება; მასთანვე სთხოვს მეფისა და დედოფლისათვის საჩუქრების გამოგზავნას: საათებს, დურბინდებს, ძვირფას კრიალოსნებს და კათალიკოსის საჩუქრადაც ერთ ბარძიმს. ამ საჩუქრების წყალობით იმედი მაქვს მეფემ სამუდამო შემწეობა გვაძლიოსო; ეგრეთვე სთხოვს ეკკლესიისთვისაც ერთ ზარს, რადგან ქართველებსა და სომხებსაც ჰქონიათ თავიანთ ეკკლესიებში. რადგან იმ დროებში მეტი მკურნალი არ მოიპოებოდა საქართველოში, ხსენებულ ანდრია ეპიფანეს, მეფის ექიმს, დიდი სახელი ჰქონდა თურმე მოხვეჭილი, მასთანვე შემოსავალიც არ აკლდა პატრებმა თუმცა ამასავით ნამდვილი ექიმობა არ იცოდენ, მაგრამ მკურნალობის საქმისა ცოტად, თუ ბევრად ესმოდათ. რა დაბინავდენ, დაიწყეს ამათაც წამლობა უსასყიდლოდ, მალე იმ ზომამდე განითქვეს სახელი, რომ მდიდარი და გლახაკი, ყველანი ამათთან მოდიოდენ. ამ გარემოებამ დიდად ხელი შეუშალა ეპიფანე ექიმსა, სახელის დამცირების გარდა, მასთან მიმსვლელი აღარავინ დარჩა, რისგამო დიდი ზარალი ეძლეოდა. ეს ექიმი, 2 ოქტომბერს, 1664 წ., კახეთიდგან სწერს დიდს სამდურავს ტფილისში ერთ კაფუცინს და სთხოვს, რომ მკურნალობაზე ხელი აიღონ; თუ რამე გჭირიათ, რომ მოვბრუნდები, ყველაფერს გიშოვიო, მაგრამ, როგორც ვიცით, კაფუცინებს არ დაუშლიათ და განუგრძიათ ხალხის წამლობა. რომამ მაშინვე არ მიაქცია ყურადღება კაფუცინების თხოვნას, და არ მიაშველა არც საჭირო ფული და არც ახალი მისიონერები. წერილით რომ ვერას გახდენ, კაფუცინებმა გადასწყვიტეს, ერთი თავიანთი ამხანაგი გაეგზავნათ რომას, ყველაფერი კარგად აეხსნა პროპაგანდისათვის და რაც კი საჭირო იყო, მიეცათ. იქ გასაგზავნათ დანიშნეს პატრი კარლო სანმარინელი და მალეც გაისტუმრეს. მეფის წერილთან ერთად თავიანთი წერილებიც გაატანეს, რა შიგ აუწერეს თავიანთი გარემოება დაწვრილებით და სხვათა შორის, ესეც მოახსენეს: გარდა ამისა ეს ქართველი მეფე თუმცა კი გამაჰმადიანებული ქართველია, მაინც თავის ქვეყანაში დიდის სიყვარულით მიგვიღო, მოგვცა ორი სახლი, ერთი საეკკლესიოდ და ერთი ჩვენთვის ბინად, კაის თვალით გვიყურებს, ხშირად თავის სახლში გვიწვევს და ქართველ ბერებზედ უკეთესად მივაჩნივართ. ჩვენის უნეტარესის პაპი ალექსანდრესი (VII) დიდი პატივისცემა აქვს. ჩვენ ყველაფერი ვუამბეთ მისი. კიდეც მოსწერა წიგნი, რომელსაც თქვენი უმაღლესობა ნახავს ამ წერილთან ერთად. სხვა რამეც დაგვაბარა და ყველაფერს პატრი კარლო მოგახსენებსთ. გევედრებით აუსრულო მისი სათხოვარი, რადგან მთელს ჩვენს მისიონს დიდს სარგებლობას მოუტანს. ამ მეფეს საქართველოს უდიდესი მთავრებიც ემორჩილებიან. მისი დიდი პატივისცემა აქვსთ და ეშინიათ კიდევაც მისი, თუ მისი სიმდიდრისა და თუ მისი ძლიერების გამო... ტფილისი 5 ოქტომბერს, 1664 წ. პატრი სერაფინო მელიკოკა...
იმ პატრსავე გაატანა წერილი კაფუცინების მფარველმა ექიმმა ეპიფანემ, კარდინალთან. გაახსენა თავისი წინანდელი წერილები, აუწყა აწმყო გარემოება და ეგრეთვე მისიონის საჭიროება და სთხოვა აქაურებისათვის ჯეროვანი ყურადდება მოექციათ. წიგნში სხვათა შორის, ამასაც სწერს: „თქვენს უმაღლესობას დიდის სიჩქარით მოვსწერე ეს წერილი სწორეთ იმ დროს, როდესაც მეფესთან ერთად ვიყავი კახეთში, რომელიც მისი პირველის შვილის სამთავროა. აქ ყოფნის დროს ტფილისში მყოფმა ჩვენმა მისიონერმა პატრებმა, მაცნობეს, წასასვლელად ემზადებოდა ქარავანი და პატრი კარლო სანმარინელიც მას უნდა გაჰყოლოდა. ხოლო სხვა და სხვა მიზეზების გამო ეს ქარავანი იძულებული გახდა ჩვენის მეფისათვის დაეცადა, ამიტომ იმ წერილთან ამ წიგნსაც ვუმატებ. თქვენს უმაღლესობას ვაუწყებ, რომ ხსენებულმა მეფემ რა შეიტყო პატრის წასვლა, დაიბარა სხვებთან ერთად და ჩემის პირით ბევრი რამ უთხრა, ყველაფერს თვითვე მოგახსენებს; ეგრეთვე პაპისათვისაც მისცა წერილი ქართულად, რომელიც მე ვთარგმნე ლათინურად. მასთანვე უჩვენა ჯაჭვის პერანგი, რომელსაც აქაურები ტანისამოსის ქვეშ იცმენ, როდესაც საომრად მიდიან, და ბევრის ხვეწნის შემდგომ დაავალა მას, რათა შეეტყო, თუ მას სად აკეთებენ, რომ რამდენიმე ხელი წამოეღო. გასტუმრების დროს უთავაზა მას ერთი ცხენი სამგზავროდ. უკეთუ გნებავსთ, ამ მისიონის საქმე კარგად წავიდეს, კეთილ ინებეთ და ასიამოვნეთ მეფე იტალიური წვრილი საჩუქრებით... ტფილის, 7 ოქტომბერს, 1664 წ., ექიმი ანდრია ეპიფანიო".
მეფე შაჰნავაზ (ვახტანგ V) თუმცა გამაჰმადიანებულა, მაგრამ სულით და გულით ისევ ქრისტიანედ დარჩენილა და თუ კათოლიკობისა და თუ პაპისა დიდი პატივისცემა ჰქონია; რასაც ცხადად გვიჩვენებს შემდეგი წერილი მისი, პაპთან გაგზავნილი, რომლის დედანი ვერ ვიპოვეთ. „მადლითა და წყალობითა ღვთისათა, ჩვენ იესეიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატოანი ძრიელი და მფლობელი საქართველოსი, ღვთივ გვირგვინოსანი მეფე შაჰნავაზ; დიდსა, მარადის დიდებულსა, ღვთისაგან ეგრეთ პატივ მოსილს და გაძრიელებულს, რომლის უძლიერესი არავინ არის, მტერთაგან უძლეველს, ღვთის მოწყალებით უუდიდეს ყოველთა პატრიარქთა ზედა, წმიდა პეტრეს მოსაყდრეს, მთელ ქვეყანაზედ სიმართლის დამცველს, მთელი ქვეყნის ქრასტიანების მთავარს, ყოველთა მაღალ ღირსებათა მქონეთა უფრო ღირსეულს, სამგზის გვირგვინით დაგვირგვინებულს, შემკობილს რომის დიდ პაპთა სახელით, მამათ მთავართა მამას და ბატონს, დამოუკიდებელს და უმაღლეს ბატონს ალექსანდრე მეშვიდეს ჩვენის მსახურების და პატივის ნატვრას სიმდაბლით ვაუწყებთ. დიდება ყოვლად მოწყალე ღმერთსა, რომ თქვენის პატიოსანის სახელის დიდებულებისა და თქვენი კარგად მყოფობის ამბავმა ჩვენს ყურამდე მოაწია, ვინაიდგან თქვენმა უნეტარესმა საყდარმა ქვეყანაზედ მოჰფინა თქვენის უძლიერესობის ნათელი და იცვავს მას უვნებლად.
„გარდა ამისა, თქვენი მდაბალი მღვდლები, რომლებიც მონაზონებრივ ცხოვრებენ, ჩვენს ქვეყანაში მოვიდენ; ჩვენც, თქვენდა მსახურებად და საამებლად, ვუბოძეთ სადგომი და კარგად მოვეპყარით. მათ აღაშენეს ეკკლესია, სადაც ადიდებენ ღმერთსა და ლოცულობენ თქვენი უნეტარესობის სიმრთელისათვის. გარნა დიდმა დრომ განვლო მას შემდეგ, რაც ამათ თქვენი ბრძანება აღარ მიუღიათ, რის გამო ერთი მათგანი, კარლო მარია, მოდის მანდ, თქვენს წმიდა ფერხთ ემთხვიოს და ჩვენი ამბავი მოგახსენოსთ. ჭეშმარიტად ვნატრობთ, თქვენ გაამოთ, ამისათვის დიდათ გევედრებით, გვიბრძანოთ რა სამსახურის მოგება შეგვიძლია. ნუ დაგვივიწყებთ".
ამ წერილს თარიღი არა აქვს. მაგრამ არ უნდა იყოს 1664 წ. ოქტომბერში დაწერილი.
პატრი კარლო რა მივიდა რომას, თუ პირად და თუ წერილით საქართველოს ყოველი გარემოება მოახსენა კარდინალებს, რომელნიც დიდად კმაყოფილნი დარჩნენ. ამისი დაწერილი მოხსენება ხელში ჩაგვივარდა მხოლოდ ერთი, სადაც, სხვათა შორის, ამბობს: „ერთი ქართველი, რომელიც კოსტანტინეპოლში ჩვენს პატრებს ხელმეორედ მოენათლათ და რომის კათოლიკობა მიეღებინებინათ, აგერ ოთხი წელიწადია, საქართველოში უზიარებელი იყო. მივედით თუ არა, მაშინვე მიიღო საიდუმლო; ხოლო რავდენიმე თვის შემდგომ დასნეულდა, წმიდა საიდუმლო კვალად მიიღო დიდის სასოებით, ასე რომ მთელის ქალაქისათვის სამაგალითო გახდა მისი სათნოება და შემდგომ მიიცვალა. იქ თიათინელებისაგან ხელმეორედ მონათლული ერთი მეგრელიცაა, რომელიც ხშირად ამბობს აღსარებას და ღებულობს წმიდა ზიარებას... ეგრეთვე საიდუმლოდ მოვნათლეთ ურიცხვი ბავშვი, რომლის ჯეროვან ნათლიღებაზე ვეჭვიანობდი. დასასრულ საქართველოში დავსტოვე ბერძნისი ანტიოქიის პატრიარქი18, რომელიც იქ დასავლელად მოვიდა, რადგან იქაურობა მის უფლების ქვეშ არის. იმ ზომამდე გვცა პატივი, რომ ბევრმა დიდებულთაგანმა გვითხრა, თუ ეს პატრიარქი თქვენს ეკკლესიაში მოვიდა და იქადაგა, რომ თქვენ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართო, მაშინ ყველანი მიიღებენ თქვენს სარწმუნოებასო. ამ სიკეთეს მისგან მოველით ალეპოს კონსულის საშუალებით. ეგრეთვე თვით პატრიარქიც დაგვპირდა ამას და კიდეც ეთქვა რავდენისამე ეპისკოპოსისათვის. შემდგომ რა იქმნა, არ ვიცით, რადგან მე წამოველი".
პატრი კარლო ამ წერილშივე იხსენიებს საცეცხლურს, რომელიც დაუბარებია მეფის ძმას კათალიკოსს რომელიც ძრიელ კარგი ქრისტიანე ყოფილა. არც ამ წერილს აქვს თარიღი, მაგრამ უნდა იყოს დაწერილი 1664 წ., რადგან ეს პატრი ამავე წლის დამლევს იქიდგან გამოისტუმრეს საქართველოში. პატრი კარლოს რომაში კარდინალებისათვის ბევრი საეჭვო კითხვების განმარტება უთხოვნია. სხვათა შორის უთხოვნია გამოეთქვათ თავიანთი აზრი ფულის სარგებლისა და ყმების გაყიდვის შესახებ. კაფუცინების აზრი ყოფილა, რომ საქართველოში ყმების გაყიდვას თუ მაინც და მაინც არ დაიშლიდენ, მარტო ქრისტიანებისთვის მიეყიდათ. ამის პასუხად ამ პატრს 30 დეკემბერს 1665 წ. პროპაგანდა ფიცხელ ბრძანებას უთვლის: ქრისტიანი ყმები არავინ უნდა მიჰყიდოს არც მაჰმადიანებს და აღარც ქრისტიანებს, რადგან ესრეთი ვაჭრობა დიდად დამამცირებელია კათოლიკე სარწმუნოებისა; ამიტომ ასეთი ვაჭრობა აღკრძალულიაო. საცა კი შემთხვევა მოგეცესთ, საჭიროა ეცადოთ თქვენის ამხანაგებითურთ მოსპოთ ესრეთი მავნე და ბოროტი ჩვეულება და, რა მოსპოთ, უფრთხილდით ხელმეორედ არ განაახლონ ესრეთი ჩვეულება. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ფულის გასესხების დროს, არასდროს უნდა გამოერთვას კაცს ასში ოცის თავი... ეგრეთვე წმიდა კრებას ჰნებავს, ეკკლესიაში მისიონერებმა იხმარონ ახალი კალენდარი და სრულიად დაიცვან, რაც მასშია განწესებული. მასთანვე ეცადეთ, მანდაური ქრისტიანებიც ამის ხმარებას შეეჩვიონ...
პატრი კარლოს ესეც ეკითხა: თუ გაკათოლიკებული ქართველები ისევ წინანდელ სარწმუნოებას მიუბრუნდენ და შემდგომ ხელმეორედ მიიღეს კათოლიკობა, ვალდებულნი არიან თუ არა, ხელმეორედ სთქვან აღსარება, რომელიც ამ დროს ჰყვეს უწინდელ თავიანთ მღდელთანაო. ამის პასუხად მიიღო საჭიროა ხელმეორედ სთქვანო.
საკმაო სახარჯო მისცეს პატრი კარლოს და გამოისტუმრეს რომიდგან საქართველოს, თან გამოაყოლეს ოთხი ახალი მისიონერი: პატრი პავლე ნორჩელი, პატრი იპოლიტე ფლორენციელი, პატრი ევანგელისტა მესინელი და ძმა ივანე-ანტონ ფერმოელი. ამან წამოიღო წერილები უფროს პატრთან, მეფესთან და ეპიფანე ექიმთან. ამ ეპიფანეს პროპაგანდა წერილით დიდ მადლობას უძღვნის მისიონერების შემწეობისათვის და კვალად სთხოვს თავისი შემწეობა არ მოაკლოს მათ. ერთ ძვირფას კრიალოსანსაც უგზავნის თავისი მეუღლისათვის. ტფილისის უფროსს პატრს ერთი პატარა ყუთით უგზავნიან ხატებს, კრიალოსნებს, რათა კათოლიკებში დაარიგონ გასაძრიელებლად. ამას ორ-სამ წიგნს სწერენ კარდინალები სხვა და სხვა საქმის თაობაზე. ჩვენ მოვიყვანთ მარტო იმ წერილს, რომელიც შეეხება რომის კოლლეგიაში ქართველ ბავშების გაგზავნას.
„პატრი სერაფინე მელიკოკელ პრეფექტოს, 30 დეკემბერს, 1666 წ.
„სულიერის შემწეობისათვის ქართველთა, რომელნიც დიდი მოწადინე არიან კათოლიკე სარწმუნოების მისაღებად, როგორც გვაუწყა პატრი კარლო სანმარინელმა და რათა მათ მოსავლელად მზად გვყავდეს რავდენიმე მუშაკი, როგორც ამას ყოველდღიური საჭიროება თხოულობს, ვიფიქრეთ მოვანდოთ თქვენს ერთგულებას, ურბანოს კოლეგიაში გამოსაგზავნათ მათშივე იპოვოთ ორი ახალგაზდა, რომელთაც სურდესთ საეკკლესიო წოდებაში შესვლა, და აქ გამოგზავნოთ სანდო მგზავრთან ერთად; მასთანვე გამოატანოთ თქვენი წერილიც. გარნა საჭიროა განსაკუთრებული ყურადდება მიაქციოთ, რათა რაოდნათაც შეიძლება, კათოლიკე დედ-მამის შვილები იყვნენ, არც 15 წლისაზე ნაკლები და არც 20 წლისაზედ უმეტესი. ნიჭიერნი და გულის ხმიერნი იყვნენ, რათა შეიძლონ მეცნიერების შესწავლა, მეტადრე ჯანმრთელი და კარგი ზნეობისა უნდა იყვნენ, წყნარნი, მორჩილნი, სათნოებისადმი მიდრეკილნი, რათა შემდგომ უნაყოფოდ არ დარჩეს მათი შენახვა და გაწვრთნა. ამას ეცდებით და აღასრულებთ ესრედ. მომიხსენიეთ თქვენთა ლოცვათა შინა".
სამწუხაროდ, არ ვიცით, იმ დროს, რომელი ქართველი ბავშვები გააგზავნეს პროპაგანდის კოლეგიაში.
ამ წიგნთან ერთად მეფესთანაც გამოატანა პროპაგანდამ ეს წიგნი:
„ტფილისის მეფეს. 10 ოკტომბერს 1665 წ.
„მანდაური ერის სულიერი საჭიროებისათვის პროპაგანდის წმიდა კრება გზავნის ახალ მისიონერებს. ამ შემთხვევის გამო კარდინლები მავალებენ, რათა მათის სახელით მივუძღვნა უდიდესი მადლობა თქვენს დიდებულებას ყველა იმ სიკეთისათვის, რაც მანდაურის მისიონისთვის მიგინიჭებიათ და რაცა არა ერთხელ გვაუწყეს მანდ მყოფმა მისიონერებმა. ამნაირმა თქვენმა მოპყრობამ გაამხნევა ეს მონაზონები, რათა შესდგომოდენ დიდს და ძნელ მგზავრობას, მასთანვე დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მათი მისწრაფება თქვენთვის დიდად სათნო საყოფელი იქმნება, მათი ესრეთი შრომა დაგარწმუნებსთ, რომ მათ მარტო ოდენ სიკეთის მიტანა სწადიათ და მხლოდ ერის სულიერად მოვლა-პატრონობისათვის ზრუნვენ. ამის გამო კარდინალები დიდად გავედრებენ მათ, რათა ყოველნაირი შემწეობა აღმოუჩინოთ ყოველთვის, როდესაც კი საჭირო იქმნეს თქვენი გულმოწყალე მფარველობა. დარწმუნებული ბძანდებოდეთ, რომ თქვენი ესრეთი საქციელი ღირსეული და დიდად სათნო-საყოფელი იქმნება ღვთის წინაშე. ეგრეთვე პრიპაგანდის წმიდა კრებაც მეტად დავალებილი იქნება თქვენგან ყოველის სიკეთის გამო, რომელსაც თქვენის უმაღლესობის გულკეთილობით მიაგებთ ხსენებულ მონაზონებს. დასასრულ ხელთ გემთხვევით”.
რომიდგან წამოსვლის დროს თუ ამ კაფუცინს და მას ამხანაგებს დაჰპირდენ შემწეობის გამოგზავნას მისიონერებისათვის, მაგრამ, როგორც სჩანს, ეს დაპირება, ისევ დაპირებად დარჩა: რომიდგან არასფერი მოუვიდათ; საქართველოში, ხალხის სიღარიბის გამო, საჭირო შემწეობა ვერავინ აღმოუჩინა. კაფუცინებს მისიონერთა მომატებით ხარჯიც მოემატათ, მაგრამ შემწეობა კი არსიდგან მოსდიოდათ. აღარც წამლობა შეეძლოთ ამ დროებში ხსენებულის ექიმის ეპიფანეს გამო, რომელმაც რომს შესჩივლა, კაპუცინებმა დიდი ზარალი მომცეს თავიანთი უსასყიდლო ექიმობით, რადგან ჩემთან აღარავინ მოდისო. ამის გამო პროპაგანდამ აუკრძალა მისიონერებს ხალხის წამლობა, კაფუცინებმა რა ნახეს, შემწეობა საკმაო არ მოსდიოდათ და რჩენაც უჭირდათ, რავდენისამე თვის შემდგომ პატრი კარლო ხელმეორედ გაგზავნეს რომას, რათა საკმაო შემწეობა ეშოვნა. რა მივიდა აზრუმს, ავად გახდა, ამიტომ ვეღარ გაბედა წასვლა და ისევ უკან გამობრუნდა, ხოლო მისიონის საჭიროება და თავისი მგზავრობის გარემოება აზრუმიდგანვე 20 დეკემბერს 1666 წ., რომაში აცნობა ერთი იქიდგან წამსვლელი დომინიკიანის საშუალებით. სხვათა შორის, ამ წერილში მოახსენა: „დიდის გულმოდგინებით ვევედრები თქვენს უმაღლესობას, მოგვცეთ რაიმე შემწეობა ამ საბრალო მისიონისათვის, რომელიც აღმოსავლეთის მისიონებში ყველაზე უფრო ნაყოფიერია... პატრი გაბრიელს19 და ყველა პატრებს ამ დროს მოლაპარაკება აქვსთ საქართველოს ეკკლესიის ლათინის ეკკლესიასთან შეერთების შესახებ.
იმედია ცოტა ხანში დიდი სარგებელი მოვიტანოთ. ამიტომ ნუ ინებებთ, ამდენმა შრომამ ფუჭად ჩაგვიაროს. იესო ქრისტეს წყლულების პატივისათვის გევედრები, შეეწიეთ ამ მისიონს, რადგან თუ არ თქვენის შემწეობით, შეუძლებელია აქ ცხოვრება; სიგლახაკის გამო ყმებსა ჰყიდიან და იმითი სცხოვრებენ. უკეთუ ინებებთ და მოიღებთ თქვენს მოწყალებას ქართველ ერზედ, თავსა ვსდებ სამუდამო საცხოვრებლად ამ მხარეს და აქვე სასიკვდილოდ... ვბრუნდები საქართველოში, რადგან მხოლოდ იმას ვნატრობ, აქ ვიმსახურო"...
პატრი კარლოს ამის მსგავსი წერილი, რომელშიც იხსენიებს საქართველოს ეკკლესიის შეერთებისათვის მოლაპარაკებას, მიუწერია თავიანთი უფროსისათვისაც. უფროსსაც მიწერილი წიგნი წარუდგენია პროპაგანდისათვის და ესეც თავის აქტებში იხსენიებს ამ წერილს. წერილი კი ვერ ვიპოვეთ. რაკი რომიდგან არაფერ შემწეობას არ გზავნიდენ, ტფილისს რა მობრუნდა პატრი კარლო, იძულებული გახდა კვალად დასდგომოდა გზას და წასულიყო რომას შემწეობის სათხოვნელად. უფროსმა პატრმა სერაფინომ თვის წერილში ასწერა აქაური გარემოება და საჭიროება; ეგრეთვე ახალ ეკკლესიის აშენებისათვისაც შემწეობა მოსთხოვა; ამ წერილზე სხვა დანარჩენ ექვს მისიონერსაც ხელი მოაწერინა 28 თებერვალს 1667 წ. და გაისტუმრა პატრი რომას. პ. კარლომ ტფილისიდგან სამეგრელოში გაიარა და იქ ცოტა შეჩერდა. იქიდგან თეათინელებმაც გაატანეს წერილი სამეგრელოს მისიონის შესახებ, როგორადაც მოვიხსენიეთ წინა თავში. ვიდრე რომას ჩავიდოდა, რადგან იქ მისი საქართველოდგან გაბრუნება არ იცოდნენ, ტფილისში 17 სექტემბერს 1667 წ. რომით მოსწერეს მისი აზრუმიდგან გაგზავნილი წერილის პასუხი. ამ წერილით პროპაგანდა ჰპირდებოდა შემწეობის მიცემას, მაგრამ არა ეგოდენს, რაოდენიც ამას ეთხოვა წერილით; ეგრეთვე ამ პატრს ნიშნავდა საქართველოში მყოფი კაფუცინების უფროსად, რადგან პატრი სერაფინო უფროსობას თავს ანებებდა. პატრი კარლომ საქართველოს მისიონრის თაობაზე ბევრი ელაპარაკა კარდინალებს და წერილებითაც ერთი ვრცელი მოხსენება წარუდგინა. ამ მოხსენების ზოგიერთ ნაწილს აქ მოვიყვანთ.
„...მთელი საქართველოს უმთავრესი ქალაქი ტფილისია, რომელშიც 70 ანუ 80 ათასი სული სცხოვრებს; ამათგანი მომეტებული სომხები და ქართველები არიან. გარნა, ამ დროებში ბევრი მაჰმადიანობას ღებულობს, თუ სიგლახაკის მიზეზით და თუ ხარისხის შეძენისათვის, და კიდევ იმისთვის, რომ სპარსეთის მეფეს აამონ. ჩვენი და მეტადრე გაბრიელა ფრანგის პატრის შრომის ნაყოფია, რომ ხელი შევუშალოთ გაჰმადიანებაზე და სარწმუნოებაში დავიცვათ: ბევრისგან ბევრს ავაღებინეთ ხელი ასეთს განზრახვაზე... ტფილისში 8 ოჯახამდე კათოლიკე იქმნება; გარდა ამისა ჩვენთან აღსარებას ამბობენ მრავალნი თუ მამაკაცები და თუ დედაკაცები და მეტადრე ძრიელ ბევრი ბავშვი. გორში უმთავრესი ბატონი, რომელსაც ბევრი სოფელი აქვს, თავის ოჯახობით ნამდვილი კათოლიკეა. ქუთაისშიაც ერთი ოჯახია კათოლიკე... ყველა მთავრები თავისუფლებას გვაძლევენ ქრისტიანე სარწმუნოების ყოველგვარი სამსახურის აღსრულებისას. გარნა ბევრნი, რომლებიც ჩვენთან ენდობიან და ეზიარებიან, ფრთხილად არიან, არავითარი დევნულობა დაუწყონ თავიანთმა მონაზონებმა და ეპისკოპოსებმა... იქაურების უმთავრესი ურიგო ჩვეულება ეს არის, რომ თავიანთ ქრისტიანე ქვეშევრდომებს თათრებზე ჰყიდიან: ამის უმთავრესი მიზეზი მათი გლახაკობაა. ამის წამალი ეს არის, ნელ-ნელა შევაგნებინოთ თავიანთი შეცთომილება... იქ ძრიელ ბევრი ეკკლესია, მარტო ტფილისში 15 ეკკლესიამდე იქნება, ზოგი ქართველებისა და ზოგი სომხებისა; კათოლიკებისათვის კი არც ერთია: პატარა სახლში ვასრულებთ წირვას. ეგრეთვე გორშიაც იქმნება 12 ეკკლესიამდე ზოგი ქართველებისა და ზოგი სომხებისა; მათ შორის ერთი მშვენიერი ეკკლესიაა, რომელიც 20 წლის წინეთ ეკუთნოდა აგუსტინიანებს, რომლებსაც ერთი მშვენიერი მონასტერიც ჰქონდათ. ეს ეკკლესია დღეს დედოფალს ეკუთნის და ქართველი მონაზონები ასრულებენ იქ მღვდელ-მოქმედებას. გორში ეგრეთვე არის კიდევ სხვა პატარა ეკკლესია, რომელიც 20 წლის წინეთ ეკუთნოდა თეათინელ პატრებს. თუმცა ბევრი მოწინაადმდეგე იყო, მაგრამ მეფემ მაინც ბრძანება გამოსცა, ის ეკკლესია ჩვენ მოგვეცეს. გარნა ეხლა ისევ მათ ხელშია, რადგან არც მისიონერები გვყავს და არც საკმაო საშუალება გვაქვს, იქ დავდგეთ. ქუთაისშიც ბევრი ეკკლესიაა, იქვეა აგრეთვე თეათენელი პატრების ეკკლესიაც. იქაური მეფე ამ ეკკლესიის მოცემას დაგვპირდა თუ წავედით და იმ ქალაქში დავდექით. თეათინელი პატრების ერთი სხვა ეკკლესიაც გურიელის სამთავროშია. გარდა ამ ქალაქებისა, სოფლებში და მთელს პროვინციაში აღურაცხველი ძველის ძველი ეკკლესიებია, რომლებსაც აქვსთ სამრეკლოები და ზარები, როგორც ჩვენში; მათშივე ინახავენ წმიდა ზიარებას; ჩვეულების თანახმად, მეტად მშვენიერი ნაშენი ეკკლესიებია... ...ერთ დროს შეიძლება უკან დავიბრუნოთ აგუსტინიანი პატრების ეკკლესიაც, მონასტერი და ბაღი გორში, უკეთუ იქ დავდექით და დედოფალს წამლობით რამე სამსახურს გავუწიეთ, ანუ რამ საჩუქარი ვუთავაზეთ... ტფილისში ერთი პატარა ეკკლესიის გასაშენებლად თქვენის მოწყალების დახმარება საჭიროა... მისიონერებმა მარტო ქართული ენა შეისწავლეს. თუ აქაურის ზნე-ჩვეულობის უცოდინარების გამო და თუ იმიტომ, რომ აქ ჯერ კარგად დაბინავებული არა ვართ, ტფილისში ჩვენს სკოლაში ძლივს გვყავს 25 მოწაფე; ყველა ეს მოწაფები ჩვენთან აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან, ვითარცა ნამდვილი კათოლიკეთა შვილები. საქართველოს სახლებში ძრიელ ბევრი მონაზონია. ბევრი მათგანი ჩვენს წირვაზე მოდიან. კიდევ ბევრს ახსოვს, რომ 20 ანუ 30 წლის წინეთ გორსა და ქუთაისში აგუსტინიანე და თეათინელ ბერებს დიდი სარგებელი მოჰქონდათ და ბევრი კათოლიკეც ჰყავდათ. ეხლაც ძრიელ ნატრობენ, რომ ამ ქალაქებშიაც დავსდგეთ... 28 ნოემბერს. 1668 წ.".
პატრი კარლოს მეორედ რომაში მიბრუნება უნაყოფოდ არ დარჩენილა, რადგან პროპაგანდამ მისცა საკმაო შემწეობა არა მარტო თავიანთ სარჩოდ, არამედ თვით ახალ ეკკლესიისთვისაც, რომლის აშენებაც მალე დაიწყეს. ვგონებთ ეს პატრი უკან აღარ მობრუნებულიყოს საქართველოს, როგორც თავის წერილებშია მოხსენებული, სნეულობის გამო იტალიაში დარჩენის ნება უთხოვია. გარნა მალე, ესე იგი, 1669 წ. შვიდი სხვა კაფუცინი გამოგზავნეს საქართველოს: პატრი იოსებ ანტონი რომაელი, პ. ფრანჩისკე მონთეკატინელი, პ. სტეფანე ამელიელი, პ. რაფაელ პარმელი, პ. ჯუსტინო ლივორნელი, პ. ფრანჩისკე პიემონთელი და ძმა ბართლომე სანჯულიანელი.
ტფილისს მოვიდენ თუ არა, მესამე დღეს პატრი ჯუსტინო, პატრი ფრანჩისკე და ძმა ანდრია გაგზავნეს გორს მისიონის დასაარსებლად. მისიონმა გორში დიდი სარგებლობა მოიტანა, თუმცა ისიც უნდა ვსთქვათ, რომ ბევრი შეწუხება და დევნულებაც გამოიარა მეტადრე სომხებისგან. როგორც სჩანს კაფუცინების ისტორიიდგან: „პირველში იმათთვის, საჭირო იყო დიდის მოთმინებით აღჭურვილიყვნენ, რათა აეტანათ ის შეურაცხყოფა, რომელსაც მათ აყენებდენ განსაკუთრებით სომხები. სომხები იმ ზომამდე გადაეკიდენ, რომ ჯოხით ცემა დაუპირეს და როცა პატრებს ქუჩაში დაინახავდენ ქვებს უშენდენ. სქიზმატიკი სომხების მძულვარება განსაკუთრებით ცხადდებოდა პატრებთან ბჭობის დროს; ყოველთვის დამარცხებულნი და შერცხვენილნი დგებოდენ, რადგან პასუხის გაცემა არ შეეძლოთ; ბჭობის შემდგომ უფრო უარესად ემტერებოდენ. გულში ჩადებულის ეშმაკეული სიმძულვარისაგან სომხები იქამდე მივიდენ, მეტის სიბრაზის გამო პატრებს პირში ფურთხება დაუწყეს. თავიანთის მტრობით უეჭველად დიდათ ავნებდენ მისიონერებს, რომ ქართველები არ გამოჰქომაგებოდენ; ქართველებისა კი სომხებს ძალიან ეშინიათ. რადგან ქართველები ჭეშმარიტების მოყვარენი არიან, ადვილად შეიყვარეს მისიონერები და სიამოვნებით უსმენდენ მათ საზოგადო და კერძო ქადაგებას და ხშირად ზოგიერთი მათგანი კათოლიკეც ხებოდა. ამის გამო ყოველ დღივ უფრო შორდებოდენ სომხების ეკლესიას და ჩვენს ეკკლესიაში მოდიოდენ; ერთის სიტყვით, იქვე ასრულებდენ ყველა ვალდებულობას რაც კი შეეხება ნამდვილს რომის კათოლიკეს. ხუთი თვის განმავალობაში, მარტო გორს 300 ბავშზე მეტი მონათლეს. ეს გარემოება საკმაო იყო, ხსენებული სქიზმატიკების გულში მუდამ აღგზნებული ყოფილიყო შურის ცეცხლი და უზომო სიძულვილი წინააღმდეგ კათოლიკებისა და უფროსი ერთად მისიონერებისა, რომლებსაც არ აკლებდენ გაუპატიურებას და ყველა ნაირად ცდილობდენ, ერში მათთვის სახელი გაეტეხათ”. არა ვგონებთ, ამ წერილში შეცთომით იყოს თქმული ეს სიტყვები „ქართველები ყოველ დღივ უფრო შორდებოდენ სომხების ეკკლესიასო”, რადგან უწინ ქართველები სხვა-და-სხვა მიზეზების გამო სომხის სარწმუნოებაზედაც გადადიოდენ. უკვე მეხუთე თავში მოვიყვანეთ ნიკიფორე ერბახის სიტყვები. კრებაში გამოთქმული, რომლითაც აცხადებდა ბევრი ქართველების გასომხებას. ამის მსგავსი სხვა საბუთიც ვპოეთ აგუსტინიანი პატრი ამბროზის მოხსენებაში, რომელიც 1640 წ. გორიდგან მისწერა რომას. ამ სამწუხარო გარემოებას ესე ასწერს: „ჩვენი მონაზონები ამ ქრისტიანებში დიდის სიკეთის ქმნას შეიძლებენ რავდენისამე სოფლის ყიდვით, როგორც შვვებიან სომხები. თუმცა ქართველებს დიდი სიმძულვარე აქვსთ სომხებისა სარწმუნოების მხრივ, გარნა, როდესაც მათი ყმები ხდბიან, ბევრი მათგანი გადადის სომხის წესზე. ამაზე უარესიც ვნახეთ:
ზოგიერთმა მდიდარმა ურიებმა, რომლებიც საქართველოში სცხოვრებენ, გააურიავეს რავდენიმე თავიანთი ყმა და მოსამსახურე. ქართველები უეჭველად დიდის სიამოვნებით მიიღებენ ლათინურ წესსა, თუ ჩვენი ყმები გახდენ”. რადგან ქუთაისშიც თხოულობდენ მისიონერებს, ახალ მოსულ კაფუცინთაგან ზოგიერთი იქაც გაგზავნეს. ამათი აქ მოღვაწეობა არა ნაკლებ ნაყოფიერი შეიქმნა; თუმცა ისიც უნდა ვსთქვათ, რომ, ხშირი ომების გამო დიდ ხანს ვერ დარჩნენ. მიუხედავათ ამისა, მისიონის საქმე კარგად მიდიოდა და კათოლიკობა დაუბრკოლებლივ ვრცელდებოდა. ერთი მოკლე მოხსენება გვაქვს კათოლიკობის წარმატების შესახებ: „არა მარტო გორში, არამედ ქუთაისსა და ტფილისშიაც მისიონერები სული წმიდის შემწეობით მეტად ნაყოფიერად მოღვაწეობდენ.
კათოლიკობას ავრცელებდენ არამარტო მდაბიოთა შორის, არამედ ქალაქის თვით მოწინავეთა შორისაც. გააკათოლიკეს თვით ეპისკოპოსები და ტფილისის მეფის ძმაც. ამათ კიდევაც აღიარეს პაპის მორჩილება, განსაწმედელის არსებობა და წმიდანების დიდება. ეს სამი უმთავრესი მუხლია, რომლითაც ქართველები განსხვავდებიან ჩვენგან".
სამწუხაროდ, აქ დასასელებული ქართველი გაკათოლიკებულთა ეპისკოპოსების სახელები არ ვიცით, რადგან ამ დროის საბუთებიც გვაკლია. ამ ხანებში კაფუცინებისათვის დევნა დაუწყიათ, მაგრამ დაწვრილებით ცნობები არა გვაქვს. ეს კი ცხადია, რომ უმთავრესი მდევნელნი სომხის მღვდლები ყოფილან. ამას იხსენიებენ პროპაგანდის აქტები და სხვა წერილებიც. დევნულობა მალე დაწყნარებულა თუ კაფუცინების ცდით და თუ ახლად გაკათოლიკებული ქართველების შემწეობით. სომხები ხშირად სდევნიდენ კაფუცინებს თუ გორსა და თუ ტფილისში, მაგრამ, ძლეულნი მისიონერთა კაცთმოყვარეობით და მოთმინებით, ზოგჯერ მდევნელნიც, ერის კაცნი, თუ საეკკლესიო პირნი, უსმენდენ მათ და კათოლიკე ხდებოდენ. საქართველოს კათოლიკოსმაც ერთ გზით დაუწყო კაფუცინებს მტრობა, უფრო გამორჩენის აზრით, რადგან კაფუცინებს, ახალი ეკკლესიის აშენების დროს, მისთვის, ვითარცა ჩვეულება იყო, საჩუქარი არ მიეცათ. ამის გამო კათოლიკოსმაც მათი სკოლა დააკეტვინა. გარნა მისმა მტრობამ დიდ ხანს არ გასტანა. ისევ დაუმეგობრდა და სკოლაც გააღებინა. თუ ამის და ამ დროს მომხდარი სხვა ამბის შესახებ ორი წერილი გვაქვს მისიონერებისა. პირველი არის უფროსი პატრის სერაფინოს წერილი, რომას 1671 წ. გაგზავნილი, რომლიდგანაც ეს მოგვყავს:
„...კვალად გავმართე სკოლა, რომელიც წარსულ წელს დაიკეტა საქართველოს კათოლიკოსის ბრძანებით (თურმე ჩვენი ეკკლესიის აშენების გამო დიდი საჩუქარი უნდოდა). შიგ ყმაწვილები ბლომად გვყავს. ყმაწვილებს ვასწავლით ქართულს, იტალიურს და ლათინურს, ეგრეთვე ყოველდღივ ვუხსნით საქრისტიანო მოძღვრებას. გარდა ამისა, მათ ყოველკვირაობით ეკკლესიაში ვამეორებინებთნასწავლ მოძღვრებას, რასაც დიდი ხალხი ესწრება. დღისით, თუ ღამით ჟამ-კანონს ხოროთი ვასრულებთ და წირვასაც ვგალობთ დიდის დიდებით. ვქადაგებთ ეკკლესიაში და ეგრეთვე გარეთაც, როდესაც მარჯვე დრო მოგვეცემა და ხალხის მოქცევის იმედი გვაქვს. გამუდმებით ბაასი გვაქვს მეტადრე სომხების და ქართველების მონაზონებთან და ეპისკოპოსებთან. ბაასი ხშირად უნაყოფოდ არ რჩება. ერთმა ჩვენგანმა ქართულად სთარგმნა რომის კათეხიზმო და მალე დაასრულებს. გვინდა დავაბეჭდინოთ მათ წმინდა კრებას. მრავალნი გაენდვნენ და მრავალნი კიდევ ენდობიან და ეზიარებიან ჩვენთან, მაგრამ ფარულად, რადგან თავიანთი ეპისკოპოსების ეშინიათ. ერთი თავისი ნებით მოვიდა გასულ თვეში. ეგრეთვე სწორეთ ამ დილასაც მოვიდა აღსარებისთვის ორი დედაკაცი, რომელსაც უკვე ვათქმევინე. ჯერ კათეხიზმო ვასწავლე და, რადგან მათი მიღებული ნათლიღების სინამდვილინ ეჭვი მქონდა, შემდგომ თუობით 1 მოვნათლე იმ დროს, როცა ამ განდობილს ერთი ქალიშვილი მოვუნათლე. დღე რო გამოხდა ჩემთან აღსარება სთქვა ფარულად ერთი ქართველი ეპისკოპოსის ძმამ. ყოვლად წმიდა ღვთის მშობლის ხარების დღეს ჩვენთან ერთმა არაბმა აღსარება სთქვა და ეზიარა. აგერ სამი დღეა გორიდგან მომწერა პატრი იოსებ კორსომ, რომ ის მახლობლად ოსეთის მთის გვერდობზე მისულა, რათა შეეტყო იმ ქვეყნებში ქადაგება შეიძლებოდა თუ არა; იქ დარჩენილა ათი დღე ერთი სნეულის ბატონის საწამლებლად, კიდეც მოუნათლავს და აღსარება უთქმევინებია; უიმისოდ უნათლავი მოკვდებოდა, რადგან მოხუცი იყო; შემდგომ სხვა 17 კაციც გაუწვრთნია და მოუნათლავს. მომავალში ჩვენთან აღსარების თქმას შეჰპირებიან. სოფლებში, საცა ხშირად დავიარებით საექიმოდ, დიდი სარგებლობა მოგვაქვს, რადგან ბავშვებს ვნათლავთ, მათ მღვდლებს ვწვრთნით და გლეხ-კაცებსაც აღსარებას ვათქმევინებთ. რავდენიმე ოჯახი ყველა თავიანთი შვილებითურთ გავაკათოლიკეთ. 3 ცხადათ და დანარჩენი ფარულად. იმათ ჩვენს ეკკლესიაში დიდის ამბით მოვუნათლეთ ერთი ქალიშვილი შაბათ დღეს... ტფილისი, 30 მარტს. 1671 წ. პატრი სერაფინო მელიკოველი".
|