sruli sia

შაორის ციხე
(ერთდღიანი ლაშქრობა)

1. bilikis maxasiaTeblebi
2. bilikis mokle aRwera
3. bilikSi Semavali istoriuli Zeglebi da maTi geografiuli mdebareoba
4. informacia transportis Sesaxeb
5. GPS monacemebi
6 bilikis detaluri aRwera
7. damatebiTi cnobebi

1. ბილიკის მახასიათებლები

ხანგრძლივობა და ტიპი
ერთ დღიანი; გამჭოლი
სირთულე
საშუალო
დალაშქვრის საუკეთესო პერიოდი
ნებისმიერი ცხელი ამინდის გარდა
გასავლელი მანძილი
15,2 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი
550 მ
დასაგდები ვერტიკალი
300 მ
მაქსიმალური სიმაღლე
1092 მ
მინიმალური სიმაღლე
550 მ - სოფელი წილკანი
ღირსშესანიშნაობები
  • შაორის ქვედა ციხე
  • შაორის ზედა ციხე
დამატებითი ინფორმაცია
  • იქ, სადაც მითითებული მაქვს საბანაო ადგილი, მეთევზეებსაც შეხვდებით. ასე რომ, აქ, გარდა ბანაობისა, შესაძლებელია თევზაობაც.
  • მარშრუტი ძირითადად მოშიშვლებულ ადგილებზე და დაბალი ხეებით დაფარულ მთის ფერდობებზე გადის, ამიტომ ცხელ ამინდში მზად იყავით მცხუნვარე მზისგან თავდასაცავად.
GPS ნავიგატორში ჩაწერილი მარშრუტი
cilkani-bazaletis tba.kml
cilkani-bazaletis tba.gpx

რუკა

მარშრუტის ჩაწერის დრო

IX.2013

2. ბილიკის მოკლე აღწერა
ეს მარშრუტი გაძლევთ შესაძლებლობას, მოინახულოთ საქართველოს ერთ-ერთი მეგალითური ძეგლი, რომელიც ქოროღლის მთის წვერზე მდებარეობს. ამ მთიდან შესაძლებელია სამსარის და ჯავახეთის ქედების დანახვაც, ქოროღლის მთის წვერიდან აგრეთვე მოჩანს საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ფარავანი მის მთელ პერიმეტრზე.

3. ბილიკში შემავალი ისტორიული ძეგლები და მათი გეოგრაფიული მდებარეობა

შაორის ციხე - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან მდებარე სოფელ ტამბოვკის დასავლეთით 4.5 კმ-ში მდგარი ქოროღლის მთის წვერზე.

შაორის ციხე

4. ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ
ვინაიდან ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ძალზედ მწირია, რადგან ავტობუსები დადიან მხოლოდ დღის საათებში (არა დილას და არა საღამოს), ამიტომ ჩემი რჩევაა, გაემგზავროთ საკუთარი ან დაქირავებული ტრანსპორტით.

საკუთარი ან დაქირავებული ტრანსპორტით გამგზავრება
მარშრუტი: თბილისის რკინიგზის ავტოსადგური წყნეთი-მანგლისი-წალკა-ტამბოვკა
ამ მარშრუტით გათვალისწინებული მანძილი ერთი მიმართულებით: 126 კმ
ასფალტის გზა: 121 კმ
გრუნტის გზა: 5 კმ
მანქანის ტიპი, რომლითაც შესაძლებელია გზის გავლა: ყველანაირი


5. GPS მონაცემები

ძეგლების კოორდინატები: 

ძეგლის დასახელება Lat Long Elev
შაორის ქვედა ციხე 41 29  01  N 43 44 56  E 2670 მ
შაორის ზედა ციხე 41 29 6.4  N 43 44 45 E 2757 მ

ფაილი: shaori.ptl; shaoris_cixe.kml

6. ბილიკის დეტალური აღწერა

სასურვეია, ამ ბილიკზე საკუთარი მანქანით გაემგზავროთ: ვინაიდან ამ გზაზე ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს, დიდი შანსია, რომ უკან დაბრუნებისას ვერაფერს გამოჰყვეთ. მიჰყვებით წალკა-ახალქალაქის გზატკეცილს, როგორც კი ფარავნის ტბა გამოჩნდება, უშუალოდ მასთან მიახლოვებამდე გზის მარჯვნივ შენიშნავთ ავტობუსის მოსაცდელი ნაგებობას, მის გვერდით არის თქვენთვის საჭირო ჩასახვევი. აქედან გზა გრუნტისაა, თუმცა ძველ გზას პარალელურად გასდევს უფრო ახალი, ისიც გრუნტის გზა - თუ აქ ჯერ კიდევ მანქანით გადაადგილდებით, ჯობია, ეს მეორე გზა აირჩიოთ. გზა ფარავნის ტბის პირას გაშენებულ სოფელ ტამბოვკამდე მიგიყვანთ. სოფელში შესვლამდე მანქანით რამდენიმე ძნელი უბნის დაძლევა მოგიწევთ, თუმცა  გავლას მაინც მოახერხებთ. მანქანა შეიძლება სოფლის ნებისმიერი მოსახლის ეზოსთან გააჩეროთ და დამხვედრს მისთვის ყურადღების მიქცევაც კი სთხოვოთ. სოფელში ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, მათ სომხური ენის გარდა იციან ქართულიც და უფრო უკეთესად – რუსული.
ამ სოფლიდან დასავლეთის მიმართულებით ძალიან კარგად მოჩანს მთა ქოროღლი, მას ორ წვერს დაუნახავთ: ერთს შედარებით დაბალს და მის უკან – მაღალს. მაღალ წვერზე, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ ვერტიკალურად მდგარ სვეტს. ეს ქვებით აგებული 2 მ სიმაღლის სვეტია, რომლებსაც ჩვეულებრივ მთის წვერებზე  ან უღელტეხულებზე აღმართავენ. 
წყალი აიღეთ სოფელშივე.
თქვენ წინ გადაიშლება მინდორი. შეგიძლიათ, პირდაპირ გადაკვეთოთ იგი. მართალია, მინდორი დამრეცია და მთის ძირამდე 300 მეტრი ვერტიკალის აკრეფა მოგიწევთ, მაგრამ ეს აღმართი 4.5 კმ მანძილზეა განაწილებული და პრაქტიკულად არ იგრძნობა. მინდორი ძირითადად ბალახიანია, ალაგ-ალაგ ქვები ყრია.
მთას რომ მიუახლოვდებით, ეცადეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან მიუდგეთ – ამით მთის ძირას მდებარე მწყემსების ქოხს და მათ ძაღლებს მოარიდებთ თავს.
ქოროღლის მთის ძირში, თითქმის სრულ წრეზე ყრია დიდი ქვები, მთის ფერდობზე მოსახვედრად მათზე გადავლა მოგიწევთ. შეიძლება მიაგნოთ საქონლის ნავალ ბილიკებს და ეს დიდი ქვაყრილი იოლად გადაიაროთ. თუ ამ ბილიკებს ვერ იპოვით, ქვაყრილზე გადასვლა უსისტემოდ მოგიხდებათ. ჯობია, სანამ ასვლას დაიწყებდეთ, ქვემოდან კარგად დააკვირდეთ მთის ფერდობს და აირჩიოთ ასასვლელი გეზი. ორიენტირად მთის ორ წვერს შორის  მოქცეული ტერიტორია აიღეთ. ასვლისას ზოგს ურჩევნია ბალახებზე იაროს, ზოგს კი ქვებზე – ვისაც როგორ უფრო მოუხერხდება. თუ ბილიკს მოძებნით  და ქვაყრილს ისე გადაივლით, გზა შეიძლება ცოტა ხანს ისევ გაგიძღვეთ აღმა, მაგრამ შემდეგ ბილიკები ან იკარგებიან  ან ისევ დაბლა, მწყემსების ქოხისკენ ეშვებიან. ასე რომ, მოგიწევთ, ქვებსა და ბალახებში გზა თავად გაიკვლიოთ. ფერდობზე ასვლისას ქვები არ ცვივა, მაგრამ მაინც  ფრთხილად იყავით, რადგან ზოგი ქვა, მათ შორის დიდი ზომისებიც, ყანყალებს და შესაძლოა, წაგაქციოთ ან ფეხი დაგიზიანოთ. 
მთის დაბალი წვერი ბრტყელი და ფართოა. მასზე რომ მოექცევით, იქვე, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს შეამჩნევთ ძლიერ დანგრეულ ციხეს. ამ ციხიდან კარგად მოჩანს ფარავნის ტბა.
აქედან მთის მაღალ წვერზე ასვლა მარტივია (ასასვლელი გზა ჩაწერილი არ გვაქვს), რადგან  ქვაყრილზე არის გაყვანილი საკმაოდ ფართო და დიდი ქვებით მოგებული ზიგზაგისებრი გზა, რომელიც ბოლომდე ადის. ქვემოდან შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ ამ გზის დასაწყისი, მაგრამ თუ პირდაპირ აუყვებით ქვიან ფერდობს, აუცილებლად დადგებით მასზე. ბილიკი პირდაპირ ზედა წვერზე მდებარე შაორის მეორე ციხემდე მიგიყვანთ. ეს ციხე პირველზე ბევრად უკეთ არის შემონახული.
შაორის ზედა ციხე წრიული ფორმისაა, მისი გალავნის საკმაოდ განიერი კედლების სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრია. შიგნით არის რამდენიმე დაბალი გადახურული ნაგებობა, სადაც 2-3 ადამიანი შეეტევა. ამ მეგალითური ძეგლის აშენების თარიღი სამწუხაროდ უცნობია.
უკან დაბრუნებისას, ქვედა ციხიდან ჩასვლისას,  კარგად დაინახავთ მთის ძირას ქვაყრილზე გადასასვლელ ბილიკს და გეზი, რა თქმა უნდა, ჯობია, ამ ბილიკისკენ აიღოთ. სოფლამდე იმავე გზით დაბრუნდებით.

წახემსება: თუ ღია ცისქვეშ გასაჩერებლად შესაფერისი ამინდი დგას, წახემსება შესაძლებელია ზედა ციხეზეც და ქვედა ციხეზეც – რა თქმა უნდა, ყველა ნარჩენი უკანვე მოგვაქვს. საშუალო სიძლიერის  ქარისგან ციხის კედლები შესანიშნავად დაგიცავთ.


7. დამატებითი ცნობები

ა) აუცილებლად იხმარეთ მზისგან დამცავი მალამოები, რადგან ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე იმყოფებით და კანის დაწვის საშიშროება არსებობს; მით უფრო, გრილი ქარი თუ უბერავს, ამას შეიძლება  მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, ანუ საკმაოდ გვიან, მიხვდეთ.
ბ) წყალი გზად არ გექნებათ. მთის ძირში,  მწყემსების ქოხის სიახლოვეს, ერთი წყაროა, მაგრამ მასთან  გავლა არ მოგიწევთ, ამიტომ წყალი სოფელშივე აიღეთ.
გ) მინდვრის გადაკვეთისას შეგხვდებათ სოკოები: ქამა და გუდაფშუტა, აგრეთვე უამრავი სუბ-ალპური ყვავილი, როგორც მინდორში, ასევე მთის ფერდობზეც.

 



megobari saitebi

 

 

   

13.02.2017