თამარ მეფე
(1160–1213)

1 2 3

ქალაქ ხლათის აღება
არდაველის სულტანის მიერ ანისის აოხრება და ქართველთა შურისძიება
გალაშქრებები სპარსეთში
ამირ-სპასალარის ზაქარიას გარდაცვალება
მთიულთა განდგომა
თამარის გარდაცვალება
თამარ მეფის პიროვნება
სასარგებლო ბმულები


ქალაქ ხლათის აღება

იბნა ალასირის სიტყვით ქართველთა მრავალრიცხოვან ჯარს 1208–1209 წლებში (605 წ. ჰიჯ.), კვლავ ხლათის ქვეყანაში გაულაშქრია და ქ. არჭეში გარემოუცვია, აუღია და რაც კი რამე დახვედრია დავლად წამოუღია; ჯარმა მრავალი ტყვეც წამოასხა, ხოლო თვით ქალაქი თურმე გადასწვა. ისე რომ ეს ძველი, მდიდარი და კარგი ქალაქი გაოხრდა და გაპარტახტდაო. შაჰიარმენი ნეჯმ ადდინ აჲუბ, რომელიც ხლათში იჯდა და დიდი ლაშქარიცა ჰყავდა, თავის ადგილთაგან არ დაძრულა და ქართველების წინააღმდეგ არ გამოულაშქრია, იმიტომ რომ ქართველთა მრავალრიცხოვანი მხედრობისაც ეშინოდა და თავისი ქვეშევრდომებისაც, რომელთაც მეტად ცუდად და სასტიკად ეპყრობოდა. მას ეგონა რომ თუ იგი ქალაქ ხლათითგან გავიდოდა, ხლათში უკან დაბრუნება აღარ ეღირსებოდა და შაჰიარმენის ტახტს დაჰკარგავდა. რაკი ქართველებს მოწინააღმდეგე არავინ უჩანდათ, დავლითა და ტყვეებით დატვირთულნი საღად და უვნებლად შინ დაბრუნდნენ606.
რაკი არჭეში აღებული იყო, ეხლა ხლათს მიადგნენ ქართველები. კირაკოზ განძაკელის სიტყვით მას შემდგომ, რაც ქართველებმა ხლათის მფლობელი შაჰიარმენ სულტანი დაამარცხეს, თვით ქალაქ ხლათის აღებაც მოიწადინეს; ამიტომ ჯარი შეკრიბეს და ხლათს გარშემოერტყნენ. უკვე ქალაქის აღებამდის იყო მიწურული, რომ ივანე მსახურთ-უხუცესის ცხენს ხლათის კედლების დასათვალიერებლად სეირნობის დროს ფეხი თხრილში ჩაუვარდა და ივანე გადმოაგდოო. ხლათელებმა ამას ციხითგან თვალი მოჰკრეს და ფითხლავ გამოცვივდნენ, დაიჭირეს და ქალაქში ტყვედ შეიყვანეს. ხლათელები ამ ამბავმა დიდად გაახარა. ივანეს შეპყრობა დიდს სულტანსაც კი აცნობს. მას, რასაკვირველია, ეს სასიამოვნოდ დარჩა და შემოუთვალა დატყვევებული მომგვარეთო. როდესაც ივანეს ძმამ, ამირსპასალარმა ზაქარიამ, ეს შეიტყო, განრისხებულმა ხლათელებს შეუთვალა: თუ თქვენ გაგიბედიათ და ჩემი ძმა ან ქალაქითგან გაგიყვანიათ, ან მისთვის რამე დაგიშავებიათ, თქვენი ქვეყნის მიწასაც კი საქართველოში წავაღებინებ და თქვენც ყველას გაგწყვიტავთო. ამ მუქარით შეშინებულმა მოქალაქეებმა დატყვევებული ივანე დამასკოსისა და ეგვიპტის სულტნებს აღარ გაუგზავნეს. მოლაპარაკების შემდგომ ხლათელებმა და ქართველებმა დაზავება ირჩიეს და ამგვარად შეთანხმდნენ: ივანე მსახურთ-უხუცესს ხლათელები განათავისუფლებდნენ, თუ რომ მის ასულს თამთას სულტანს ცოლად მისცემდნენ. ივანემ ამ პირობაზე თანხმობა გამოაცხადა და მძევლების ჩამორთმევის შემდგომ ივანე ხლათითგან განათავისუფლეს. შინ დაბრუნებულმა ივანე მჴარგრძელმა თავისი ქალი სულტანს გაუგზავნა.
ამის შემდგომ დამასკოსისა და იერუსალემის მმართველთა და ქართველებს შორის მშვიდობიანობა და სიყვარული დამკვიდრდაო607. ივანე მსახურთ-უხუცესის დატყვევებას და შემდეგ ტყვეობითგან დახსნას ვარდანიც იხსენიებს608.
ამ ამბავის შესახებ არაბულ საისტორიო მწერლობაშიც არის ცნობები შენახული. აბულფედას სიტყვით, ეს მომხდარა 1210–1211 წელს (607 წ ჰიჯრ.) ქართველებმა ხლათისაკენ გაილაშქრეს და გარშემოერტყნენ. ხლათში მელიქ აუჰადი იჯდა. ქართველთა მხედართმთავარმა609 ივანემ ღვინო დალია და შეზარხოშდა. შეხურებული ოცის ცხენოსნით გაემართა ხლათისაკენ. მუსულმანები ხლათითგან გამოცვივდნენ, დაატყვევეს და მელიქ აუჰადს მიჰგვარესო. ივანემ დაუბრუნა რამდენიმე ციხე, 5000 ტყვის განთავისუფლება და 100000 დინარის მიცემა აღუთქვა ფულად. ხელშეკრულობა და ზავი დასდეს 30 წლით ქართველთა და მაჰმადიანთა შორის. ივანე თავის ქალის ცოლად მიცემას შეჰპირდა მელიქ აუჰადს. ამ პირობის დადების შემდგომ იგი განთავისუფლებულ იქმნაო. XIII საუკუნის გეოგრაფი ზაქარია ყაზვინი კი ივანეს დატყვევების მიზეზად იმ სამხედრო ხერხს ასახელბს, რომელიც უხმარიათ ხლათელებს. მათ თურმე იმ მდინარეზე, რომელიც ხლათს ჩამოუდის, იდუმალ ხიდი ჩატეხეს, მაგრამ ზედ თივა მიაფარეს ისე, რომ ზიანი არაფერი არ ეტყობოდა. ცხენოსანს ივანე მსახურთ უხუცესს შეუდგამს თუ არა ფეხი ხიდზე, ჩავარდნილა და მტერს ხელთ ჩავარდნია. მე მგონია ეს მოთხრობა უფრო სწორი უნდა იყოს. როგორც აღნიშნული იყო, ეს უბედური შემთხვევა 1210–1211 წელს მომხდარა.

 

არდაველის სულტანის მიერ ანისის აოხრება და ქართველთა შურისძიება

ქართველთა სრული ძლევამოსილობის დროს, დიდმარხვაში, როდესაც თამარ მეფე გეგუთში ბრძანდებოდა და «მჴარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყუნეს», არდაველის (არდებილის) სულტანმა ამით ისარგებლა «რამეთუ უწყოდა მჴარგრძელთა შინა-უმყოფლობა» და თავის სპითურთ ჩუმად საქართველოს სამეფოში შემოვიდა. ანისამდის ისე მიაღწია, რომ «გზა-გზა არავის ავნო». არდაველის სულტანი განგებ მოიქცა ასე და არც წააგო იმიტომ, რომ «უგრძნობლად მოვიდა ანისსა». ყველანი დამშვიდებულები და არხეინად იყვნენ. სწორედ «დიდისა შაბათისა მწუხრი» იყო. სულტანმა ქალაქ გარეთ დაიბანაკა. როდესაც ცისკარი მოახლოვდა და დარეკეს, «ჰკრეს ძელსა» და ქალაქის თითქმის ყველა მცხოვრებნი ეკლესიაში ლოცულობდნენ, გააღეს თუ არა ქალაქის კარნი, სულტანი თავის სპითურთ მსწრაფად შეესია ქალაქს და ხალხის ჟლეტა დაიწყო, 12000 კაცი მარტო «ეკლესიათა შინა ვითარ ცხვარი დაკლეს» იმას გარდა, რაც «უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა». ანელთაგან მხოლოდ ის გადარჩა, რომელიც «შეივლტოდა დარბაზოანთა და მუნ გამაგრდა», ან «ქუაბოანსა» და ციხეში შეეფარა. ასე «მძვინვარედ მოაოჴრეს» ანისი. ქალაქის აკლების შემდგომ არდაველის სულტანი უკან გაბრუნდა.
ანისის აოხრების ამბავი «გეგუთს ახალ კჳრიაკეს აცნობეს ამირსპასალარსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს». ამ გარემოებამ ყველანი დიდად შეაძრწუნა. «მეფე და ყოველნი სპანი მისნი, მწუხარებითა და გულისწყრომითა მიერ მოცულ[ნ]ი, სპარსთა მიმართ ბრძოლისა ყოფად აღემზადნეს», მჴარგრძელთ მოაჴსენეს თამარ მეფეს: »შური ვაგოთ[და] ნ[ა]ცვლისა ქმნად განვემზადნეთ»-ო. სამხედრო მოქმედების გეგმა ამასთანავე ამგვარად იყო განზრახული: მეფეს უნდა საიდუმლო ბრძანება გაეცა, რომ საქართველოს ლაშქარი «მზა» ყოფილიყო «არდაველის სულტანსა ზედა», ხოლო მჴარგრძელნი «მცირეთა ლაშქრითა» ანისს წავიდოდნენ და იქ მზადებაში იქმნებოდნენ. დიდი ჯარის ეხლავე წაყვანა იმიტომ არ უნდოდათ, რომ თუ «დიდნი წავალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ»-ო. საერთო სამხედრო მოქმედება მაჰმადიანთა მარხვას რამაზანში უნდა დაეწყოთ ქართველებს. მჴარგრძელთა ეს სამხედრო გეგმა «სთნდა მეფესა», ამიტომ «უბრძანა მეფემან, რათა მზა იყუნეს სპანი მისნი», მჴარგრძელნი ანისში წავიდნენ და «იწყეს კაზმად». როდესაც «მოეახლა... სჯულისა მათისა მარხვა რამაზან», ამერეთის თითქმის მთელი მხედრობა გაემგზვრა ქართველებს გარდა, «ქართველნი არა წარიტანეს» იმიტომ, «რათა არა აგრძნან არდაველს მყოფთა». ქართლელები რომ დაეძრათ, მათი მოძრაობა მტერს ვეღარ გამოეპარებოდა და ციხეებში შეიხიზნებოდა.

როდესაც ომში მიმავალმა ქართველთა ჯარმა თავი მოიყარა, საჩქაროდ «წარემართნეს არდაველს, გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ჴკუაფრიდი ჴკიდსა და მიმართეს არდაველს». ქართველები ისეთ დროს მივიდნენ, როდესაც მაჰმადიანთა უმთავრესი დღესასწაული «აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი» და, როგორც არდაველის სულტანი არ მოიქცა ანისში, ისე ქართველები «მას ღამესა მოადგეს არდაველს და ვითარ ჴმა ყო ქადაგმან... და გახშირდა მუყრთა ყივილი, ყოველგნით ცხენი შემოუტიეს მჴარგრძელთა, შეუჴდეს და უომრად ჴელთ-იგდეს ქალაქი, თჳთ სულტანი, ცოლი და შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა». თვით არდაველითგანაც, «ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა»-განაც, ქართველთა ლაშქარს დიდძალი თვალ-მარგალიტი, ოქრო-ვერცხლი და სხვაგვარი განძეულობა ერგო დავლად (იქვე, ●709–●710, გვ. 513–514). «ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუედ ჰყუეს და წამოასხეს, ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიზგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყუეს ანის[ის]ა ეკლესიათა შინა, სხუა უმრავლესი ერი მოსწყვიტეს და სხვა ტყუე ჰყუეს» (იქვე, ●710, გვ. 514). ასე იძიეს შური ანისში ჩადენილი სიმხეცისათვის და საქართველოში დაბრუნდნენ.

 

გალაშქრებები სპარსეთში 

სპარსეთში ლაშქრობამ ამირსპასალარს ზაქარიას, მსახურთ-უხუცესს ივანეს და სხვა სარდლებს სპარსეთის ნამდვილი ვითარება დაანახვა, მისი უძლურება და დაქსაქსულობა. ამიტომ «მოვიდეს მჴარგრძელნი ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი მეფეს წინაშე და მოაჴსენეს»: შენ ძლიერი სახელმწიფოს და ქველი მხედრობის მბრძანებელი ხარ, «მრავალნი ახოვანნი, მჴნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცეს სიმჴნე სპათა შენთა, არამედ აღვამხედროთ ერაყს [და] რომგურსა ზედა რომელ არს ხორასანი და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთით ძალი და სიმჴნე ჩუენი: აწ უბრძანე სპათა საქართველოსათა მზა იყუნენ ლაშქრობად ხვარასანს. დაღაცათუ არავინ ქართუელთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს, არამედ ბრძანე რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნეს და მზა იყუნეს». თამარ მეფემ ვაზირების მოხსენება და მეტად გაბედული წინადადება უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებას გადასცა განსახილველად. ამიტომ მან «მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა იმერთა და ამიერთა [და] აუწყა თქმული მათი». ბჭობის შემდგომ ”სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა”. რაკი საქართველოს უმაღლესმა დაწესებულებამ მჴარგრძელთა სამხედრო გეგმა მოიწონა, ყველანი მზადებას შეუდგნენ.
შემოდგომა იყო, «მოიწია არე სთვლისა», როდესაც სალაშქროდ მოკაზმულნი ქართველთა მეომარნი «მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე». თამარმა, როგორც წესია, გაშინჯა, «განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწონა აბჯარი და ცხენ-კეთილობა მათი». რაკი ჯარი საუცხოვოდ გამოწყობილი და შეიარაღებული აღმოჩნდა, თამარ მეფემ «მოიღო დროშა სვიანად ჴმარებული გორგასლიანი და დავითიანი» და ეს სახელმწიფო დროშა ვარძიის ღ՜თის მშობელს შეავედრა, ომში მიმავალი «ლაშქარი დალოცა», ძლევამოსილობა უსურვა, ხოლო შემდეგ «მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა» და საქართველოს მრავალრიცხოვანი მხედრობაც გაემგზავრა სპარსეთისაკენ. ჯერ «ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღასა და რაჴსსა და შევლეს ვიწრო იგი ჴევი დარადუზისა და აღვიდეს მარანდსა». მარანდელებმა ქართველთა ჯარის მოახლოვების ამბავი შეიტყეს თუ არა კლდეებში მიიმალნენ. რაკი ქართველებს მარანდს არავინ დახვდათ, იფიქრეს მარანდის მთაში იდგება მტრის ჯარიო. ამიტომ «დაარჩიეს ხუთასი მჴედარი რჩეული დიდებული და აზნაური, უჩინეს მჴედართმთავრად თაყაიადინ თმოგველი» და წინამებრძოლად გაგზავნეს, ხოლო თითონ უკან მიჰყვნენ. ზაქარია ამირსპასალარმა წინამებრძოლთა მჴედართ-მთავარს უბრძანა, რომ მან «არავის ბრძოლის მიღმართ, სანამდის არა მივიდეს იგი და სრულიად ლაშქარი მთასა მას ზედა; თუ დიდი ლაშქარი ნახონ» მას აცნობოს «და რაცა (მან) რქუას, ყოს» და აასრულოს. წინამებრძოლთა რაზმი წავიდა და მარანდის აღმართი ავლო, ავიდა ვაკეზე, რომელიც იყო «თავსა მარანდისასა» და როგორც ამირსპასალარისაგან ნაბრძანები ჰქონდა, აქ შედგა. მაღალ კლდეებში შეხიზნულ მარანდელებს არ გამოჰპარვიათ, რომ ქართველებმა მცირერიცხოვანი რაზმი წინ გაგზავნეს და 500 წინამებრძოლს უეცრად თავს დაეცნენ ეგონათ ცოტანი არიან და ადვილად მოვსპობთ მთელ რაზმსაო. მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. წინამებრძოლთ ისეთის ძლიერებით შეუტიეს მარანდელებს, რომ ყველანი გააქციეს; გაქცეულთ უკან დაედევნენ და მარანდელთა მომეტებული ნაწილი დახოცეს. ქართველთა წინამებრძოლი რაზმი მტრის უკან დევნამ ისე გაიტაცა, რომ იმ ვაკეს ძალზე მოშორდა. როდესაც ქართველთა მთელი მხედრობა მარანდის მთის თავზე ავიდა. ყველანი გაშტერებულნი იყვნენ: «იხილნეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე და ქართუელთა კაცი არცა ერთი იპოვებოდა. ესოდენი ძლევა მოეცა ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესვა». რაკი წინამებრძოლთა რაზმი არსადა ჩანდა, ამიტომ «უღონო ქმნილ და მწუხარე ზაქარია» ამირსპასალარს შავი ფიქრი აწვებოდა გულზე. მაგრამ როდესაც «დევნისაგან შემოქცეული ლაშქარი» დაბრუნდა, მაშინ ყველაფერი გამოირკვა. თუმცა ყველანი გახარებულები იყვნენ, რომ წინამებრძოლნი გამარჯვებულნი და უვნებლად ნახეს, მაგრამ ამირსპასალარი წინამებრძოლთა რაზმის მხედართ-მთავარს თაყაიდინს «აბრალობდეს», მკაცრად ამხილებდა და უჯავრდებოდა «ამბის უცნობელად შებმისა-თჳს».
აქეთგან საქართველოს მხედრობა გაემგზავრა «ქალაქსა თავრეჟსა (=თავრიზსა) ზედა, გარდავლეს მთა დევსოფნად წოდებული». ქართველთა ლაშქრის მოახლოვების ამბავმა თავზარი დასცა თავრეჟის მცხოვრებთ. რაკი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ, ”ყოველნი მკუიდრნი თავრეჟისანი, ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟისანი” იმ აზრს დაადგნენ, «რათა ხარკის მიცემითა [და] ძღუენისა, შევრდომისა და ზენარის თხოვნითა დაამშვიდნეს ქართუელნი თავადნი და სპანი». ამიტომ თავრეჟელებმა «წარმოავლინეს მოციქული. [ი]თხოვეს მშვიდობა [და]არა მო[ო]ჴრება ქალაქისა მათისა» თანაც მოციქულებმა «აღუთქუეს ძღუენი, ოქრო და ვეცხლი, სხუა მრავალი თვალი პატიოსანი, მარგალიტ[ნ]ი ძვირფასნი». გაკვირვებულმა ქართველთა მხედართმთავრებმა «აღუთქუეს მშვიდობა და უ[ვ]ნებელ განვლა ქუეყანისა მათისა». თავრეჟელებმა ეს აღთქმა «მო[ი]მტკიცეს ფიცისა მიერ». ამის შემდგომ უშიშრად «მოვიდნენ ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი [და] ყოველნი თავადნი თავრეჟისანი» და დიდძალი ძვირფასი ძღვენი მოართვეს ქართველებს მოიტანეს აგრეთვე სურსათიც, საზრდელი კმა-საყოფელი ლაშქართა-თჳს». ქართველმა მხედართ-მთავრებმა თავრეჟში დასტოვეს «ქალაქისა მცველნი» და თითონ ისევ სალაშქრო გზას გაუდგნენ.
თავრეჟითგან წასული საქართველოს ჯარი მიადგა მიანას (მიანეს) ცნა მელიქმა[ნ] მ[ი]ანისამან მისვლა ქართველთა და ქმნულნი თავრეჟისა» და იმანაც გადასწყვიტა თავრეჟელთათვის მიებაძნა. ამიტომ ”ითხოვა მანცა მშვიდობა და აღუთქუეს მოცემად ურიცხვი საქონელი». ამირსპასალარი, რასაკვირველია, სიამოვნებით დათანხმდა. მიანელებმა თავიანთი სიტყვა პირნათლად აასრულეს და ქართველებმა მშვიდობით მიატოვეს მიანა და ქ. ზანგანისაკენ (=ზენჯანს) გაემგზავრნენ. ზანგანი «მცირე ქალაქი» იყო. ”ალიზის ზღუდითა განმაგრებული”. ქართველთა მოახლოვება რომ შეიტყეს მცხოვრებლებმა «ქალაქი ძლიერად გაამაგრეს». ზანგანი სხვებსავით ნებაყოფლობით დამორჩილებას არ აპირებდა. ბრძოლა დაიწყო. რაკი გარემოცვა «გაგრძელდა, განყუეს (საქართველოს ჯარის) თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შეთხარონ». თითოეულს თემს თავისთვის მიჩნეული ჰქონდა შესათხრელად ადგილი. ”დაიწყეს თხრად ზღუდეთა, უწინარეს მარჯუენესა მხარესა მესხთა შეჴურიტეს ზღუდე” და ქალაქში შევიდნენ დიქ დაიწყეს ფიცხელი ომი. მესხებს, როდესაც შემოჴურიტ[ეს] «ყოველგნით». დანარჩენი ლაშქარიც მიეშველა და ქალაქი აიღეს.
ზანგანში ქართველები «დადგეს და მცირედ განისვენეს». შემდეგ ისევ აიყარნენ და ხორასნისაკენ გასწიეს. იმ დღეს «მწუხრსა მივიდეს მცირესა სოფელქალაქსა... რომელი მოაოჴრეს». როგორც ეტყობა, ჯარი ძალზე მოქანცული ყოფილა, რომ აქაც «განისვენეს». აქეთგან «ყაზმინს მიიწივნეს». ყაზმინელნი ქართველებს «ვერ წინა-აღუდგეს, მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა», მაგრამ მცხოვრებნი არ დაუხოციათ: «კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყუანდეს კაცთა».
ყაზმინითგან საქართველოს ძლევამოსილი მხედრობა წავიდა «უშინაგანესისა რუმ-გურის მიმართ, რომელ არს «ხორასანი» და მიიწივნეს გურგანისად ქალაქად» და «მოაოჴრეს ქუეყანა».
რაკი დიდძალი ალაფისაგან წინსვლა განძნელდა, «ვერ-ღა ძალ-ედვა წიაღსვლად ალაფისა-გან», ქართველებმა უკან დაბრუნება ირჩიეს და «შემოიქცეს გამარჯვებულნი და ძლევაშემოსილნი».
იმ დროს, როდესაც ქართველები ამ სიშორეზე წავიდნენ, ხორასნისაკენ იყვნენ და «ამბავი ქართუელთა უცნაურ ქმნილ იყო ყოველთა»-თვის, ჩრდილოეთს სპარსეთში ხმა გავრცელდა, ქართველებს ერთის მხრით მიადგა «თვით დიდი სულტანი», მეორე მხრით გილანელნი და «ყოველგნით გზა შეუკრეს ქართუელთა» და მთლად ამოხოცეს ისე, რომ «არცა ერთი კაცი განერა ეგოდენისა სიმრავლისაგან»-ო. მიანის მელიქსა და მიანელებს ეგონათ, რომ ეს ხმა მართალი იყო და ძალზე «განიხარნეს». თანაც ისე გათამამდნენ, რომ «ქართუელთაგან დატევებულნი მცველნი მ[ი]ანისანი დაჴოცეს და ძელსა ზედა ჩამოჰკიდეს. მცველთაგან მარტო ერთი მიიმალა და სიკვდილს გადაურჩა. მალე გამოირკვა, რომ ქართველთა გაწყვეტის ამბავი ტყუილი იყო და «მოვიდეს ქართუელნი გამარჯვებულნი მ[ი]ანს». შეშინებული «წინა-მიეგება მ[ი]ანის სულტანი» და ქართველებს კვლავ ძღვენი მიართა, «ძღვენითა ნაქმრისა მათისა დაფარვა ეგონა». მაგრამ ამირსპასალარმა ზაქარიამ «იკითხ[ნ]ა მცველნი მისგან დატევებულნი». მიანელებმა იცრუეს, თავრეჟს წავიდნენო, მაგრამ ამ დროს ერთადერთი გადარჩენილი დამალული მცველი მოვიდა და ქართველებს ყველაფერი აუწყა. როდესაც ამ კაცმა «შესწამა მელიქს პირისპირ», ისინი თავზარდაცემულნი «იდგეს უსიტყუელ». ამ ამბავმა საქართველოს ჯარის მხედართ-მთავარნი საშინლად განარისხა, «ძლიერად გამწარდეს და ბოროტად აღუჩნდა»; მაშინვე «შეიპყრეს მელიქი, თჳსნი მისნი და ყოველნი სიკუდილად დასაჯეს და მოაკუდინეს თჳთ იგი და შვილნი მისნი» და «საყივარსა, რომელსა მენარა612 უწოდ[დ]ეს, ზედა-ჩამოჰკიდეს», თითონ ქალაქი-კი «მოაოჴრეს მოწუეს [და] ტყუე ყუეს».
რაკი ამოწყვეტილ მცველთათვის შურისძიებით გული მოიოხეს, საქართველოს ჯარები ისევ თავიანთ გზას გაუდგნენ და იმავე გზით, რომლითაც მოვიდნენ, უკან დაბრუნდნენ. გზა-გზა მათ «მოეგებნეს პირველად უჟენით (უჩენს) და მერმე თავრეჟელნი» დიდძალის ძღვენით, «გამოვლეს მშვიდობით ქალაქნი ადარბაგანისანი, გამოვლეს რაჴსა და შემოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე».
თავის ძლევამოსილს მხედრობას თვით «მეფეთ-მეფე მმადლობელი ღმრთისა მხიარულითა პირითა გაეგება ზეიმითა და დიდებითა, იყო ჴმა ბუკთა და [დ]უმბულთა». ისნის სასახლეში ამ გამარჯვების გამო დიდი დარბაზობა გაიმართა: «დაჯდა მეფე ტახტსა სამეფოსა, შეუძღვა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ და მოიღეს არმაღანი ურიცხვი და დასდვეს მეფესა წინაშე». საგანგებო ძღვენი საქართველოს მხედრობამ თამარ მეფეს სპარსეთითგანვე მიართვა: «წარმოგზავნეს თვალნი დიდფასისანი, ძვირად საპოვნელნი და საჭურჭლენი უცხონი». ყველანი გაკვირვებულნი იყვნენ იმ დავლით, რომელიც ქართველთა ჯარმა თან მოიტანა. თამარ მეფემ მხედართ-მთავარნი უხვად დაასაჩუქრა და თანაც «მრავალი გასცა ობოლთა და გლახაკთა ზედა და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი».
ამ ლაშქრობამ სპარსეთში და მეზობლებშიც ქართველებს, რასაკვირველია, დიდი სახელი მოუხვეჭა. ქართველები თითონაც ამაყობდნენ იმიტომ, რომ აქამდისინ «ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნულიყო ლაშქრად (ხვარასნამდის) არ[ც]ა მეფე, არ[ც]ა მთავარი და ვერავინ წინააღუდგა სპარსეთს შესულთა ვერ[ცა] ხვარასნის სულტანი, ვერ[ცა] ერაყისა და ვერ[ცა] რომელი თემი». ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანეც ამბობს: ქართველებმა «დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი და მარანდი ამოსწყუიდეს და ერანის ქვეყანა. ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა»-ო.
ზაქარია მჴარგრძელის მეთაურობით საქართველოს ჯარისაგან არდაველის აოხრებას სომეხთა ისტორიკოსი ვარდანიც ადასტურებს; იგიც ამ ლაშქრობას შურისძიებად სთვლის, მხოლოდ ანისისათვის კი არა, არამედ ნახჭავნის აოხრებისათვის. ვარდანის სიტყვით ეს ამბავი 1210 წელს მომხდარა613. კირაკოზ განძაკელს კი ნათქვამი აქვს, რომ საქართველოს მხედრობამ ჯერ ქ. მარანდი აიღო, მერე ქ. არდაველი და სწორედ ამ ლაშქრობასა სთვლის იგი ნახჭავნისათვის შურისძიებად. კირაკოზს სამწუხაროდ თარიღი აღნიშნული არა აქვს614. დასასრულ, საქართველოს ჯარის სპარსეთში ძლევამოსილი ლაშქრობა და ქ. არდაველის მახლობლად ქართველთა გამარჯვება მოხსენებული აქვს იბნ-ხალიკანსაც, რომელიც, ამ ამბავს 602–603 წელს ჰიჯრ. ანუ 1206-1207 წელს მიაწერს, მაგრამ თვით ცნობა ამ ლაშქრობის შესახებ მას მემატიანე იბნ-ბატიშის თხზულებითგან ჰქონია ამოღებული, რომელიც თავის მხრივ თარიღად 606 წელი ჰიჯრ. ანუ 1209–1210 წელს ქ. შ. სთვლის615.

ვარდანს, კირაკოზს და იბნ-ხალიკანს როგორც ეტყობა ორი ლაშქრობა უნდა ჰქონდეთ ერთი-ერთმანეთში არეული: პირველი, რომელიც თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობით არდაველის სულტანის დასასჯელად იყო მოწყობილი, და მეორე, რომელიც მოწყობილი იყო მაშინ, როდესაც არავინ იყო «წინააღმდგომი» და იმისთვის, «რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სიმჴნე სპათა» საქართველოსთა პირველად ლაშქრობა, როგორც განზრახულიც იყო, არდაველის აკლებითა და დასჯით დამთავრდა, მეორე ლაშქრობის დროს კი საქართველოს მხედრობამ რომ-გურამდის მიაღწია. შესაძლებელია კიდეც, რომ იბნ-ბატიშის ცნობა, რომელიც ქართველთა ლაშქრობის თარიღად 1209–1210 წელს სდებს, სწორედ ამ მეორე ლაშქრობას ეხებოდეს, ხოლო თვით იბნ-ხალიკანის თარიღი 1206–1207 წელს პირველ ლაშქრობას შეეხებოდეს. დაახლოებით ვგონებ ასეც უნდა ყოფილიყო და პირველი ლაშქრობა 1207–8 წელს, ხოლო მეორე 1210 წელს უნდა მომხდარიყო.

 

ამირ-სპასალარის ზაქარიას გარდაცვალება

სპარსეთითგან დაბრუნების შემდგომ ამირ-სპასალარს ზაქარიას დიდ ხანს აღარ უცოცხლია და ეს გულადი და გამბედავი მეომარი, «კაცი დიდად განდიდებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯვებული, მჴნე და ძლიერად მბრძოლი მჴედართა» გარდაცვლილა. მისმა სიკვდილმა ყველანი შეაწუხა და «იგლოვა მეფემან და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან». კირაკოზ განძაკელი ამბობს, რომ ზაქარია გზაშივე გახდაო ავად, როდესაც სპარსეთითგან უკან ბრუნდებოდა მას ტანზე განუკურნებელს წყლულებს აყრიდა, ერთგან რომ მორჩებოდა, მეორეგან გამოაჩნდებოდა ხოლმე და სტანჯავდა. რამდენისამე დღის შემდგომ ამირსპასალარი გარდაიცვალაო616. ვარდანიც ადასტურებს, რომ ზაქარია სპარსეთითგან დაბრუნების შემდგომ მალე მოკვდა, მაგრამ მაინც კირაკოზსავით რამდენსამე დღეს კი არა სდებს, არამედ თითქმის ორს წელიწადს: ზაქარია ამირსპასალარი მისი სიტყვით 1212 წელს გარდაიცვალა.
სამწუხაროდ, არც სომხური წარწერები გვაძლევენ გარკვეულს ცნობას ზაქარიას სიკვდილის თარიღის შესახებ. როგორც თავის დროზე განსვენებულმა აკადემიკოსმა მ. ბროსემ აღნიშნა, წარწერებითგან ცხადადა ჩანს მხოლოდ რომ 1211 წელს ამირსპასალარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო618; ჰაღბატის 1211 წლის წარწერაში მაგ. ზაქარიასთვის ვისმე ნოშმადინს «მზეგრძელობა» უსურვებია619, ხოლო ხწკონქისა და ფარპის იმავე წლის წარწერებში თვით ზაქარია არის მოქმედ პირად მოხსენებული და ნათქვამია: «მე ზაქარია ამირსპასალარმა» ეს და ეს გავაკეთეო620.
საღმოსავანქის 1215 წლის წარწერაში კი ამირსპასალარის ზაქარიას უკვე «სახსენებელი» არის აღნიშნული. მაშასადამე ამ დროს მაინც-და-მაინც იგი მკვდარი ყოფილა. მაგრამ უკვე 1213 წლის წარწერებში ზაქაია ცოცხლად არა ჩანს, ამიტომ საფიქრებელია, რომ იგი, როგორც ვარდანიც ამბობს, სწორედ 1212 წელს გადაცვლილიყოს. სტეფანოს ორბელიანიც ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალების თარიღად 1212 წელს სთვლის.

თამარ მეფემ ზაქარიას მაგიერ მის ძმას მსახურთ-უხუცესს ივანეს ”უბოძა ამირსპასალარობისა პატივი”, ივანემ მეფესა სთხოვა მისთვის ათაბაგობა ეწყალობებინათ. ათაბაგობა წინათ «არა ყოფილიყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა ვის ჰბოძებოდა». იმიტომ რომ «სულტანთა წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და გამზრდელად მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი» ივანემ კი სთხოვა თამარ მეფეს; «განადიდე წყალობა შენი ჩემზედა, რომე ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძოო»  თამარმა თავის ერთგულს ყმას თხოვნა აუსრულა და მისცა ამირსპასალარობა და ათაბაგობა, ხოლო მის მაგიერ მსახურთ-უხუცესობა უბოძა «ვარამს ზაქარია გაგელისა ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯვებულსა».


მთიულთა განდგომა

«ამათ უკუე ჟამთა» რაღაც მიზეზის გამო «იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა» და «იწყეს რბევად და ხოცად, ტყვენვად ცხადად და ღამით». თამარ მეფემ მათი დამორჩილება ივანე ათაბაგს მიანდო და საგანგებო ჯარი შეჰყარა: «მოუწოდა მეფემან ათაბაგსა [და] ყოველთა მთეულთა — დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა... და წარავლინა მათ ზედა». განდგომილთ მიუვალი ადგილები ეჭირათ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი საქმე არ იყო. მაგრამ «ივანემ გონიერად ყო», ბრძნულად მოიქცა და ჯერ უმთავრეს ქედზე ავიდა, «აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წვერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა». აქეთგან იგი აჯანყებულებს ზევითგან დაჰყურებდა, ერთის მხრით დურძუკეთი იყო, მეორე მხრით დიდოეთი და ფხოეთი, და ამნაირად სამხედრო მოქმედება გაიადვილა. ივანე ათაბაგთან «მოვიდეს ძღუენითა მეფენი დურძუკეთი[სანი], მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერდსა». ათაბაგის მეთაურობით ლაშქარმა დაიწყო «ზეიდაღმან ბრძოლა», რომელმაც სამს თვეს ივნისს, ივლისს და აგვისტოს გასტანა, «მოსწყვიდეს ურიცხვი კაცი დიდოი და ფხოი». აჯანყებულებმა «შეიწრებულთა» ზავი ითხოვეს: «მოსცეს მძევლები და აღუთქვეს მსახურება და ხარაჯა და პირი სიმტკიცისა», ზავი დადებულ იქმნა, წამოასხეს მძევლები და ლაშქარი უკან დაბრუნდა.


თამარის გარდაცვალება

საქართველოში სრული მშვიდობიანობა სუფევდა, «სპანი მისნი განსვენებასა, ნადირობასა და ბურთაობასა» ანდომებდნენ დროს. ხოლო «წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყუნიან, განისვენებდიან და აღივსებოდიან საბოძვრითა მეფისა»-თა. ასეთი საერთო მხიარულების დროს «მოხედა რისხვითა მოწყალემან ღმერთმან სამკვიდრებელსა თჳსსა და მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა, მოიწია მწუხარება [დიდი] და მიუთხრობელი [ყოველთა] მკჳდრთა საქართველოსათა».
შევსებულს „ქართლის ცხოვრებაში“ ამაზე უფრო ვრცელი ცნობები მოიპოვება623. თამარ მეფე დიდებულთა და წარჩინებულთა თანხლებით თურმე ნაჭარმაგევსა მდგარა, როდესაც «გამოაჩნდა სენი გამაოჴრებელი ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა». რომ არავინ შეეწუხებინა, თამარი ითმენდა სანამ სენმა არ სძლია. რა ავადმყოფობა იყო ეს სენი, აღნიშნული არ არის. მემატიანე ამბობს მხოლოდ, რომ «დედობრივმან უძლურებამან განგრძნობილთა შინა მჴედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხვევლად მიშვება აგებულებისა»-ო. ავადმყოფი თამარ მეფე ნაჭარმაგევითგან «წარმოიყვანეს კუბოთა624 ტფილისს», მაგრამ «შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ და ისწრაფდეს ჩვეულებისაებრ, რათა დასოს (მაღნარს) განვიდნენ». არც ამან შეუმსუბუქა ავადმყოფობა, პირიქით «დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო» და იქითგან «წამოიყვანეს აგარათა ციხესა». რაკი ყოველი «გამომეძიებლობა მკურნალთა ჴელოვნებისა» ამაო აღმოჩნდა, მთელ საქართველოში იყო «ლიტანიობანი და ღამის-თევანი მიმდებნი»; მხურვალე გულით შესთხოვდნენ ყველანი ღვთაებას დაავადებული მეფისათვის განკურნება მიენიჭებინა, «გარნა განჩინებანი წინა. დიდებული თამარ მეფე გარდაიცვალა. აღუდგომელი იყო» და «მწოდებელი კართა ზედა დგა»625
მაგრამ როდის?  თეიმურაზისეულ ქ՜ცა-ში თარიღი არ არის, შევსებულს „ქართ;ის ვხოვრებაში“ ნათქვამია «თთუესა იანვარსა იჱ», (18), ბარათაშვილისეულში სეწრია «ქორონიკონსა ულ» (430=1210 წ. ქ. შ.), ხოლო «ქორონიკონსა უია» (411—1191 წ.) სამეგრელოს მთავრისეულსა და საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერებში. როგორც ამ მოყვანილ ცნობებითგანა ჩანს, თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ მტკიცე და ერთხმივი ცნობები არ მოგვეპოვება: ერთი წყარო თარიღად 1210 წელს ამირ-სპასალარს ზაქარიას  სთვლის, მეორე 1191 წელს ამირ-სპასალარს ზაქარიას, სხვა წყაროებში კიდევ 1207 წელს ამირ-სპასალარს ზაქარიას. სიმართლის გამორკვევა წყაროების ასეთი უთანხმოების დროს ადვილი საქმე არ არის. 1191 წელი თავისდა თავად იმდენად შეუსაბამოა, რომ ამ თარიღზე ლაპარაკიც კი არა ღირს. 1207 წელს, როგორც უკვე აღნიშნული იყო, გამოსადეგარი არ არის: თამარ მეფე არდაველისა და სპარსეთის ლაშქრობათა და ზაქარია ამირსპასალარის სიკვდილს შემდგომ გარდაცვლილა, მაშასადამე, არა უადრეს 1212 წლისა. ამავე მოსაზრებით შეუწყნარებელია 1210 წლის თარიღიც თამარ მეფის სიკვდილის წელიწადის დაახლოვებით გამორკვევისათვის ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალებისა და ივანეს ათაბაგად დანიშვნის შემდგომ ქართველი ისტორიკოსის სიტყვით «მეფე თამარ ზამთარს დვინს იყჳს და ზაფხულს კოლას და წელის (ცელის, თუ წედის) ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს, გეგუთს და ცხუმს»-ო; ხოლო მარტო მთეულთა აჯანყების ჩაქრობას, როგორც დავინახეთ, სრული სამი თვე ივნისი, ივლისი და აგვისტო მოანდომა ივანე ათაბაგმა.ზემომოყვანილ პირველ ცნობითგან კი ნათლადა ჩანს, რომ 1212 წელს შემდგომ გაუვლია ზამთარს და ზაფხულს, მაშასადამე, გაზაფხულსაც, ვგონებ არა ერთს; მეორე ცნობითაც ირკვევა, რომ ზაფხულს გაუვლია. ამგვარად ცხადია, რომ 1212 წელს შემდგომ თუ ორს არა, სულ ცოტა ერთს წელიწადს მაინც უნდა გაეარნა თამარ მეფის გარდაცვალებამდე; მაშასადამე, თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად უნდა 1213–1214 წელი ვცნათ. ამ თარიღს თითქოს ჰაღბატის მონასტრის 1210 წლის სომხური წარწერა ეწინააღმდეგება, რომელიც ზაქარია ამირსპასალარის სახელით ამოჭრილია «წელთა ღმრთივ-ცხებულისა მეფეთ მეფისა გიორგისა, დიდისა მეფისა თამარის ძისათა», სადაც ამირსპასალარი ამბობს შესწირა «მეფისა (და არა მეფეთა) დღეგრძელობისათვის»626. მაგრამ როგორც ირკვევა წარწერები ამ მხრივ მეტად სახიფათო წყაროდ უნდა ჩაითვალოს. წარწერებისათვის რომ ყური გვეგდო, მაშინ 1206 წელს უნდა ლაშა-გიორგის მეფობისა და თამარის გარდაცვალების თარიღად გვეცნა: მარმეთის 1206 წლის სომხური წარწერა ამოჭრილია «მეფობასა ლაშაჲსა». როგორც ეტყობა მას შემდგომ, რაც ლაშა-გიორგი თამარის თანამოსაყდრედ გახადეს, იგი მისი დედის თამარის დროსაც მეფედ იწოდებოდა, ისე რომ ზოგჯერ წარწერებში თამარი აღარც კი მოუხსენებიათ.
შევსებულ ქ՜ცისავე სიტყვით გარდაცვლილი თამარ მეფე აგარის ციხითგან «მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკვიდრეს თჳსსა შინა სამარხოსა»627. თამარ მეფის ისტორიკოსი კი მცხეთაში დროებით დასვენებაზე არ ამბობს, არამედ ნათქვამი აქვს მარტო: «წარიყუანეს  სამკჳდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა»-ო.

საქართველომ დაჰკარგა დიდებული მეფე და მოამაგე. თავისი საუკეთესო მშვენება და სიამაყე. იგი თუმცა ქალი იყო და მეუღლე ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი ქვეყნის გამგე იყო, სახელმწიფო მართვა გამგეობაში აქტიურს მონაწილეობას იღებდა და სახელმწიფოს საჭე მტკიცედ ეპყრა ხელთ. თამარს გვერდს ედგნენ დიდებულნი, რომელთა ერთნებაობითა და თანადგომით იგი ხელმძღვანელობდა ხოლმე. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ქმარი ჰყავდა, დავით სოსლანი, ყველაფერი, რაც ხდებოდა საქართველოს სახელმწიფოში, მისის სახელითა კეთდებოდა ხოლმე: ჯარის შეყრა, ომისათვის მომზადება და ლაშქრობაც-კი ყოველთვის მომხდარა «ბრძანებითა თამარისთა» (ისტ՜რნი და აზ՜მნი, *638, გვ. 380). თამარი, მაშასადამე, ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწედ და ხელმძღვანელად უნდა ჩაითვალოს. დავით სოსლანი კი მხოლოდ ქმარი იყო მეფისა და მხოლოდ ამის გამო მეფეც.

 

თამარ მეფის პიროვნება

თამარ მეფე შესანიშნავი პიროვნება ყოფილა, მაგრამ იმ მხრივ კი არა, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ ხოლმე. საქართველოს სამხედრო ძლევამოსილებამ შთამომავლობის ხსოვნაში თამარის ნამდვილი ღვაწლი და თვისებანი დაჩრდილა. მართალია, თამარის დროსაც საქართველომ ბევრი ახალი მიწები შეიძინა და შემოიერთა, დაიპრყრო სამხრეთით მდებარე ხლათის სულტნისა, რუმის სულტნისა და კარის მფლობელის ქვეყნები, თურქ-სპარსთა შეერთებული ჯარები მრავალგზის დაამარცხა, სპარსეთში რომ-გურამდის გამარჯვებით ილაშქრა, მაგრამ ეს უფრო დავით აღმაშენებლისა და გიორგი III სამხედრო მოღვაწეობის ნაყოფიერი შედეგი იყო, ვიდრე თვით თამარ მეფის პირადი ღვაწლი: მუდმივმა ნაყივჩაყართა ჯარმა და საქართველოს მხედრობის გაწვრთნამ შეაძლებინეს მას და მის მხედართმთავრებს ქართველთა იარაღისათვის უძლევლობის სახელი მოეხვეჭათ.

Tamar mefis Zegli. axalcixe

თამარი პირადად შესანიშნავი იყო უპირველესად ვითარცა კარგი პოლიტიკოსი. შინაურისა628 თუ გარეულის მტრების წინააღმდეგ იგი გასაოცარ ხასიათის სიმტკიცეს დ სიდინჯეს იჩენდა. თამარ მეფე ყოველთვის მოწინააღმდეგეთა შეთანხმებას და მშვიდობიანის მოლაპარაკებით დაყოლიებას ცდილობდა. ისტორიკოსიც ამბობს, რომ მისი პირადი ხასიათის გასაოცარი თვისება ის იყო, რომ «კაცთა უნებლობასა შინა უნებლად და მშვიდობით დაჭირვა [და] მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონებაურჩებისა» იცოდაო. თამარის მეფობის პირველს ხანაში რამდენიმე მეტად სახიფათო მოძრაობა და განდგომა იყო და ყოველთვის თამარმა თავისი წინდახედულობითა და ფრთხილის მოქმედებით განსაცდელს კეთილად სძლია და საქართველოში მშვიდობიანობა დაამყარა. თავისი ბრძნული განურისხველობითა და ჩაგონებით მან იმდენი შესძლო, რომ გიორგი რუსის პირველი შემოსევის უკუქცევის შემდგომ საქართველოში შინაური მყუდროება აღარ დარღვეულა და ყველანი ერთსულოვნად საქართველოს დიდებისა და ძლიერებისათვის იღვწოდნენ: ჩვეულებრივი უთანხმოება მეფესა და დიდგვარიან აზნაურთა შორის თითქოს მოისპო. აკი ლაშა-გიორგის დროინდელს ქართველს მემატიანეს თამარ მეფის განსაკუთრებულ ღვაწლად აღიარებული აქვს, რომ მან «სამეფო განუხეთქელად დაიცვა, ყოველნივე შეიტკბნა და მშვიდობა ყო ყოველთა-თუის»-ო. დიდებული მეფის ფასდაუდებელი ღვაწლი ამ მხრივ და მისი ნაყოფიერი შედეგი ჩვენთვის სრულებით ცხადი გახდება, თუ მონღოლთა დროინდელ უმეფობის ხანას გავიხსენებთ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ყველა დიდებულნი (ქართველნიც და სომეხნიც) განუხეთქლობისა და ერთობისათვის თანხმობითა და ერთსულოვნობით იღვწოდნენ. განსაკუთრებით საგულისხმიერო ის არის, რომ თამარ მეფე მშვიდობიანობას არას დროს სიმკაცრითა და მარტო ძალით არ ამყარებდა საქართველოში; იგი მეტად ლმობიერი და სათნო პიროვნება იყო, მოწყალე და განურისხებელი, ძალმომრეობისა და მიმძლავრების წინააღმდეგი. თამარ მეფის მამა გიორგი III თუ სასტიკ მმართველადა ჩანს და მის დროს შეკრებილმა სამეფოს წარმომადგენლების კრებამ ერთნებაობით მეკობრებისა და ავაზაკთათვის სასჯელად სიკვდილი დააწესა და ამ საშუალებით ბოროტმოქმედება ამოფხრა, მისი ასული თამარი «მშვიდი და მშვიდობისა მყოფელი» იყო. მას ჭირივით ეჯავრებოდა და ეზიზღებოდა სიკვდილით დასჯა და სხვადასხვა დამასახიჩრებელი სასჯელები. ამიტომაც იყო რომ თამარი «კიდემქონებელი ყოვლისა მესისხლეობისა და მბნელობლობისა და ასოთა-მიღებისა» იმდენად დიადი სულის პატრონი იყო, რომ თავისი ხანგრძლივი მეფობის დროს «არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვისადმე დაკვრად». რაკი კანონით ყოველთვის, როდესაც დამნაშავე სიკვდილით, ან თვალდაბნელებით, ან ასოთ-ამოღებით უნდა დასჯილიყო, განაჩენის აღსრულებისათვის მეფის თანხმობა და დამტკიცება იყო საჭირო, თამარ მეფე ამ თავის უფლებით სარგებლობდა, სასამართლოს განაჩენს «მოწყალებით» არ ამტკიცებდა და ამ გზით ყველა ამგვარი სასჯელები გააუქმა და მოსპო, «შეწყალებულნი» დამნაშავენი კი მსუბუქად ისჯებოდნენ629. რასაკვირველია, ეს მის პირად ღირსებადა და ღვაწლად უნდა ჩაითვალოს.
თუმცა თამარის მეფობის დროინდელი მრავალი ლაშქრობის შემდგომ ადამიანს ცოტა არ იყოს შეიძლება ეუცხოვოს კიდეც, მაგრამ საერთაშორისო საქმეებშიაც იგი მარტო ძალითა და სამხედრო გავლენით არ მოქმედებდა, მიმძლავრების მიმდევარი არ იყო და სამართლიანობის აღსადგენად იღვწოდა ხოლმე; «წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა»-ო, ამბობს მემატიანე, «თუ რაოდენი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუნსცა სამეფოჲ თჳსი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თჳსად კვალად აგნა... ამისი მოწამე არს სახლი შარვაშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყუნეს და მტერთა-გან უზრუნველობასა»-ო630.
თამარ მეფე გულმოდგინე მართლმადიდებელი იყო და «ღამე-ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთდრეკა და ცრემლით ვედრება» ჰყვარებია. თვით სამეფო კარის ეკლესიაში «საეკლესიო ლოცვა და წესი ლოცვისა დაუკლებლად აღესრულებოდის [ვითარ] ტიბიკონი მოასწავებდა განწესება[სა] პალესტინისასა»  და თითონ ხომ ყოველთვის წირვა-ლოცვას ესწრებოდა, მაგრამ დარბაზის კარს მყოფიც «წირვად ვერვინ, დააკლდებოდა» (იქვე).
ყურადღების ღირსია, რომ თამარ მეფე ამგვარი გარეგნული მორწმუნოებით არა კმაყოფილდებოდა და ქველმოქმედებას უმთავრესს ყურადღებას აქცევდა. დავით აღმეშენებელსავით ისიც ქველმოქმედებას საკუთარის შრომით შენაძენი ფულით ეწეოდა თურმე. ამასთანავე მეტად საგულისხმიეროა თამარ მეფის ფაქიზი სინიდისისა და ზნეობის დასახასიათებლად, რომ იგი «ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი და [ა]ფას[ისდა.] რაოდენ დღივ შეჭამის, ჴელით-საქმარი მისი განყიდა და ეგოდენ ფასი გლახაკთა აჴელსაქმრა [და] მისცნა არა სამეფოთა შემოსავალთაგან». როგორც ეტყობა, მას უნდოდა, რომ თავის თავზეცა და ისეთ წმინდა საქმეზეც, როგორც არის ქველმოქმედება, საკუთარის შრომით შეძენილი ფული დაეხარჯა.
თამარის პირადს მიმზიდველ თვისებას ისიც შეადგენდა, რომ იგი თავისი გასაოცარი ძლიერებისა და სიმდიდრისდა მიუხედავად მეტად თავდაბალი და სათნო ადამიანი იყო. ქართველი ისტორიკოსი ამბობს: გასაოცარია, რომ თამარ მეფე «ვერ შეიტყუა საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არც სპათა სიმრავლემან და ესოდენმან სიმხნემან», ვერაფერმა ვერ შესცვალა მისი მარტივი და მიმზიდველი ქცევა. ძლიერება და სიმდიდრე ხშირადა რყვნის ხოლმე ადამიანს, მედიდურად და გულქვადა ხდის, მაგრამ თამარ მეფე «არა მიდრიკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან»-ო.

ვინ არ იცის, რომ ბუნებამ გასაოცარის სილამაზით შეამკო დიდებული თამარ მეფე და ამ მხრივაც იგი ქართული განთქმული სილამაზის საუკეთესო, სწორუპოვარი წარმომადგენელი იყო. ქართველი ერისათვის მაშინაც და შთამომავლობისთვის დიდი თამარის სახელი იმიტომ იყო სათაყვანებელი, რომ ზესთაბუნებრივის ძალით მასში შეერთებული იყო ქალის მომხიბლავი მშვენიერება და ვაჟკაცური მამაცობა, სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლად მოწყალე, განურისხებელი გული. მარტო ის რადა ღირდა, რომ საქართველოს უუმწვერვალეს სამხედრო ძლიერების დროს ისტორიამ ნაზს და სათუთს არსებას, უმშვენიერესს ქალს არგუნა მეფობა, რომელმაც საქართველოსში დამნაშავეთა სიკვდილად დასჯა ამოჰკვეთა და დამასახიჩრებელი სასჯელები მოსპო! ამის შემდგომ ან რა გასაოცარია, თუ რომ საქართელოში «სახლთა ზედა აკროსტიხურად თამარის შესხმათა დასწერდეს» და «ყრმანი... თამარის ქებათა მელექსეობიდან»; ხოლო უცხოეთშიც მისი სახელი განთქმული და საქებური იყო: «ერაყს მყოფნი მეებნენი გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკობდიან, ფრანგნი და ბერძენნი, ზღვასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან»!, თუ რომ რუსეთის მეფეს იოანე მრისხანესაც კიდევ ახსოვდა თამარის დიდებული მოღვაწეობა და ბრძოლის ველზე მისის მაგალითით ამხნევებდა თავის ჯარს. განა გასაკვირველია, რომ დიდებული მეფის სახელი იმდროინდელ ფრანგ და ბერძენ მეზღვაურებს შეექოთ და ერაყის მომღერლებს ედიდებინათ?...


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://ka.wikipedia.org/შამქორის ბრძოლა

http://ka.wikipedia.org/ბასიანის ბრძოლა

http://www.orthodoxy.ge

http://children.dsl.ge

http://qim.ge/




სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983წ.
ფოტოების ავტორი – ნინო ნაროზაული, გოგა ველიჯანაშვილი;
მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;



1 2 3

 


megobari saitebi

   

01.10.2014