თამარ მეფე
(1160–1213)


1 2 3

თამარის გამეფება
დიდგვარიან აზნაურთა გაფიცვა
ყუთლუ-არსლანი კარვის დადგმის მოთხოვნით
თამარისთვის ქმრის შერჩევა და გიორგი რუსი
დამატებითი ცნობები ბასილი ეზოს-მოძღვრის შრომიდან
გიორგი რუსის გაძევება და დავით სოსლანი

 

თამარ მეფის გამეფება

Tamar mefis da giorgi III-is freska varZiis RvTismSoblis eklesiidan

თამარი, წინათაც თავისი მამის თანამოსაყდრე და გვირგვინოსანი, გიორგი III გარდაცვალების შემდგომ, რასაკვირველია, საქართველოს სახელმწიფო ტახტზე უნდა აბრძანებულიყო; სხვა მემკვიდრე და მეტოქე არ არსებობდა და იგი იყო საქართველოს ერთადერთი იმედი და სიამაყე. მაგრამ იგი მაინც მაშინვე არ ასულა სამეფო ტახტზე. მწუხარებასა და გლოვას რომ მორჩნენ, დიდებულნი «შვიდთავე სამეფოთანი» შეიყარნენ და მისის მამიდის დედოფალ რუსუდანის პირით თამარ მეფეს მოახსენებს, რომ მან «âელ-ყოს âელითა მეფობასა და კურთხევითა გვირგვინოსან ყოფად, აღვიდეს, ამაღლდეს და დაჯდეს საყდარსა თჳსთა მამათასა»-ო. რუსუდანმა ეს თხოვნა თავის ძმისწულს გადასცა და თამარი «დამორჩილდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შვიდთავე [სამ]მ[ე]ფოთასა». ამგვარად, ერთხელ უკვე აყვანილი მამის მიერ თამარი ხელმეორედ უნდა ასულიყო სამეფო ტახტზე. არც გასაკვირველია: მაშინ იგი მხოლოდ თანამოსაყდრე იყო, მას მუდამ გვერდით ჰყავდა მამა, გამოცდილი სარდალი და მმართველი; ამიერითგან კი იგი უნდა საქართველოს ერთადერთ უზენაეს გამგედ და წინამძღოლად გამხდარიყო. ადვილი და უმნიშვნელო საქმე ხომ არ იყო გადასაწყვეტი: საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაში და სხვათა ცხოვრებაშიც იშვიათი მოვლენა იყო, იმ დროს სხვაგანაც მაგალითი არ ყოფილა, რომ მეფედ და სახელმწიფოს მმართველად ქალი გამხდარიყო. საქართველო მაშინ უკვე ძლიერ, სახელგანთქმულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მრავალ და ვრცელ ქვეყნების ბატონად, სხვადასხვა მოდგმისა და სარწმუნოების ხალხის მბრძანებლად, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო ცხოვრების ხელმძღვანელთათვის იმ დროს დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა, სიბრძნე და შორს-გამსჭვრეტელობა იყო საჭირო, რომ ქვეყნისათვის ღირსეული მეფე აერჩიათ.
საგანგებოდ შეკრებილმა საქართველოს დიდებულთა ბჭობამ ღირსეულად შეასრულა თავისი მოვალეობა და თამარი—ქალი მამაკაცის თანასწორ უფლების ღირსად სცნო. უეჭველია, ყველა არ იქმნებოდა ამის მომხრე და მომავალში იქნებ უფრო მეტი და საგულისხმიერო ცნობები აღმოჩნდეს ამ საისტორიო თათბირის შესახებ; მაგრამ მაინც ცხადია, რომ უმრავლესობა თამარის გამეფების მომხრე ყოფილა.
დიდის ამბით და ზეიმით იყო თვით დაგვირგვინების წესი მოწყობილი. რაკი საქართველოში მეფე ამასთანავე სახელმწიფო ჯარის უზენაეს ბრძანებელად და სარდლად ბრძანდებოდა, ამ მბრძანებლობის ნიშნად მას დაგვირგვინების დროს სახელმწიფო ხმალს შემოარტყამდნენ ხოლმე. თამარი თუმცა ქალწული იყო, მაგრამ მაინც «ერმა» და ”ლაშქარმა» სამხედრო ძლიერებისა და უფლების სიმბოლო მასაც გადასცა და ამისთვის «დალოცეს კვირიკეს ძე კახაბერი ერისთავი რაჭისა და თაკუერისა და სრულ ყუეს მოâელეთა სუიანთა და დიდებულთა ვარდანის ძეთა, საღირის ძეთა და ამანელის ძეთა მოღებად და დადებად âრმლისა». ამავე დროს «ჰკრეს სპერჭურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა და იყო ზარი და ზეჰიმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება» და მაშინვე ”დალოცეს და ადიდეს სპათა შვიდთავე სამეფოთათა».

 

დიდგვარიან აზნაურთა გაფიცვა

ქალწულ გვირგვინოსნის მეფობა მეტად ხელსაყრელი დრო იყო, რომ დიდგვარიან აზნაურებს არ ესარგებლათ და არა ცდილიყვნენ ბედის ტრიალი თავიანთკენ მოებრუნებინათ. მართლაც, დიდგვარიანმა მოხელეებმა მალე ისარგებლეს იმით, რომ სამეფო ტახტზე ახალგაზრდა ქალწული იჯდა მეფედ და ეცადნენ უმაღლესი თანამდებობანი ხელში ჩაეგდოთ. ამისათვის »დიდებულთა ვიეთმე ჴელისუფალთა ყვეს ფიცი ესრეთ ვითარმედ «აღარ ვეგებით ძუელთა ჴელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქუეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უპატიოდ გასულნი ვართ და გუარიანნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულვართ უგვაროთა და უჴმართაგან»-ო.
გაფიცულ მოხელეთა მოთხოვნილებას და გულისწადილს თუ ჩავუკვირდებით, ცხადადა ჩანს, რომ მათ სურდათ ძველისძველი წოდებრივი უპირატესობა განეახლებნათ და კვლავინდებურად წოდებრივი და ჩამომავლობითი თვისებები პირად ღირსებაზე მაღლა დაეყენებინათ. ესე იგი მათ უნდოდათ მოესპოთ ის, რაც დიდის ხნისა და მედგარის მუშაობის წყალობით საქართველოს კეთილდღეობისა და წარმატებისათვის თამარის წინაპრებმა შეჰქმნეს. გამოუცდელ ქალწულ-მეფეს და მის მთავრობას ეს გაფიცვა ისე სწრაფად და მოულოდნელად დაატყდათ, რომ თავზარდაცემულებმა ვერაფერი მოახერხეს ურჩ დიდგვარიან მოხელეთა საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რომ გაფიცულ აზნაურებს ნიშანში ამოუღიათ ამირსპასალარი და მანდატურთ-უხუცესი ყუბასარი და მსახურთ უხუცესი აფრიდონი და ორივეს სამსახურითგან გადაყენებას თხოულობდნენ: პირველი მათგანი იყო უგვარო ნაყივჩაყარი «ერთგული და მოყმე და ჭაბუკი», ამასთანავე «გაზრდილი პატრონთაგან», მან ფასდაუდებელი სამსახური გაუწია გიორგი III დემნას განდგომილების დროს; ხოლო მეორეც უაზნო-კაცად ითვლებოდა, წინათ «აზნაურის ყმობაში» ყოფილა, მაგრამ გიორგი მეფისავე წყალობით «კაც-ქმნილი» მსახურთ-უხუცესობამდის მიაღწია ვგონებ იმავ დემნას განდგომილების შემდგომ; მაშასადამე, ორივეს დიდი ღვაწლი მიუძღვოდათ თამარ მეფის მამის წინაშე და მათი ჩამოგდება დიდგვარიან მეამბოხეებს ტყუილ-უბრალოდ არ ექმნებოდათ განზრახული. თამარ მეფისათვის, რასაკვირველია, გაფიცულთა სურვილის მოსმენა არაფერი სასიამოვნო იქმნებოდა; მათ უნდოდათ, რომ ორივეს თანამდებობა ჩამოერთმეოდა და ამასთანავე «აწვიეს მეფესა თამარს მოღებად ყოვლისა დიდებულისა ქონებისა და სიმდიდრისა». ყუბასარის საწინააღმდეგოდ მათ შეეძლოთ კიდევ ეთქვათ, რომ იგი მაშინ ავადმყოფი იყო, ფილენჯის სენი სჭირდა და სიდამბლე მოსდიოდა, «მოეღებოდა ენა, ჴელი და ფერჴი». მაგრამ აფრიდონზე მაგგვარს ვერას იტყოდნენ.
თამარ მეფეს არავითარი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო გაფიცულ დიდგვარიან მოხელეთათვის და იძულებული იყო მათი მოთხოვნილებანი დაეკმაყოფილებინა. თუმცა კი ყუბასარს მაინც ყველაფერი არ ჩამოართვა, როგორც ისინი მოწადინებულები იყვნენ, არამედ «თჳნიერ ჴელისუფლობისა და ლორესაგან კიდევ არა დააკლო და ეგრეცა სიყუარულითა დიდითა და პატივითა დაიჭირა დღემდე მიცვალებისა» მისისა იმიტომ, რომ თამარ მეფეს კარგად ახსოვდა ყუბასარის «სიყუარული და სამსახური», რომელიც მას მისი მამის გიორგი III წინაშე მიუძღოდა. აფრიდონი - კი მთლად «მოიშალა და დაიმჴო» დიდგვარიან გაფიცულთა «ნებითა». როდესაც მათ თავიანთ წადილს მიაღწიეს და უგვარო და უაზნო ვაზირები დაამხეს, «ბრძოლ[ის]ა მყოფთა ჴელისუფლობისა-თჳს და დიდებისა-თჳს ურთი-ერთას დაუწყეს ზიდვა», ერთი მეორეს მოხელეობას ეცილებოდნენ. მაშასადამე, დიდგვარიანმა მოხელეებმა, რომელთაც მხოლოდ კერძო წოდებრივი უპირატესობის მოპოვება ჰსურდათ და მართ-ოდენ თავისთვის ზრუნავდნენ, ამ გაფიცვის წყალობით გაიმარჯვეს. ეს, რასაკვირველია, საქართველოს სახელმწიფოებრივი და სოციალური წარმატებისათვის მეტად საზიანო იყო: შეილახა საქართველოს მოწინავე მოღვაწეებისა და მეფეების თავგამოდებული და მედგარი ჭირნახულობით მოპოებული შეგნება, რომ ადამიანის პირადს ღირსებას შესაფერისი პატივი უნდა ჰქონოდა ცხოვრებაში და ყველაფერი გვარიშვილობით არ განისაზღვრებოდა. ეხლა კი დიდგვარიანობამ და აზნაურობამ კვლავ წამოყო თავი.

 

ყუთლუ-არსლანი კარვის დადგმის მოთხოვნით 

ჯერ კიდევ გადაყენებული ვაზირების ყუბასარისა და აფრიდონის მოადგილეები დანიშნული არ იყვნენ, რომ მეჭურჭლეთ-უხუცესმა ყუთლუარსლანმა საერთო პოლიტიკური მოთხოვნილება წამოუყენა თამარ მეფეს; მან სახელდობრ «ითხოვა კარავი დადგმად ველსა ჰისანისასა და სანახებსა საგოდებლისსა და თქუა: «დასხდომილნი მუნ შიგან, გამგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს მეფესა და დედოფალსა [და] მაშინ-ღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩუენი»-ო. ყუთლუ-არსლანი მარტოკა არა ყოფილა; მას მომხრეები და თანამოაზრენი ჰყოლია და, როდესაც ზემო-აღნიშნული გაბედული და საგულისხმიერო მოთხოვნილება წამოუყენებია, მას დახმარების იმედი ჰქონია «ლაშქართა [თანაშე] ფიც [ულ]თა და თანაშემწეთა მისისა მის გზად-გამყუელობისა»-თა ყუთლუ-არსლანსა და მის თანამოაზრეებს საგანგებო ხელშეკრულებაც, «სიმტკიცე»-ც-კი ჰქონიათ დადებული.
გასაოცარი კია, მაგრამ ჩვენის წარსულის ამ საგულისხმიერო ამბის შესახებ ამაზე მეტი ცნობები არც თამარ მეფის ისტორიაში, არც სხვა რომელსამე წყაროში არ მოიპოვება. იქნებ მომავალში ამის თაობაზე ახალი რაიმე მასალა აღმოჩნდეს და მაშინ ყველაფერი დაწვრილებით გამოირკვეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უნებლიედ ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. რაკი სხვა საშუალება არ არსებობს, უნდა ისევ ქართველი ისტორიკოსის ზემომოყვანილ სიტყვებს ჩაუკვირდეთ და ამ გზით ცოტა რამ მაინც გამოვარკვიოთ.
ყუთლუ-არსლანი მეჭურჭლეთ-უხუცესი, ანუ ვაზირი ყოფილა; მაშასადამე, შეუძლებელია იგი გაფიცულ დიდგვარიან აზნაურთა იმ ჯგუფში ყოფილიყო, რომელიც თავის თავს «უპატივოდ და უსახელოდ გასულად» სთვლიდა და გულნატკენი იყო, უმაღლეს მოხელეობას არ გვაღირსესო. მეჭურჭლეთ-უხუცესი ყუთლუარსლანი თავისი შესანიშნავის მოთხოვნილებით მაშინ გამოსულა, როდესაც გაფიცულმა დიდგვარიანმა აზნაურებმა მისი თანამოსამსახურენი ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთ უხუცესი დაამხეს და მათი ადგილის დაჭერის გამო მეამბოხეებს ჯერ კიდევ ცილობა ჰქონიათ. გაფიცულ დიდგვარიანთა ჯგუფს მიემხრო, თუ მარტო თავის პოლიტიკურ თანამოაზრეთა დახმარების იმედით ჰქონდა გული მაგარი — არა ჩანს, მაგრამ ეს კი ცხადია, რომ იგიც თურმე «აწ თავის ამირსპასალარად და სომხითის მეფისა ადგილსა ლორესა დაჯდომად განმზადებული» ყოფილა.
სამწუხაროდ, ყუთლუ-არსლანის წოდებრივ ჩამომავლობაზე გარკვეული ცნობები არ არის შენახული; უძველეს  ხელნაწერში თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულება ამ ალაგას დამახინჯებულია, მაგრამ იქაც ყუთლუარსლანი «ბიჭა»-დ არის წოდებული და ეს გარემოება, მაინც-და-მაინც მის მაღალწოდებრიობას არ ამტკიცებს. „ქართლის ცხოვრების“ შესწორებულს და სრულს ხელნაწერებში ხომ ყუთლუ-არსლანი «გვარითა უაზნოთა» იმ წრის წევრად არის მოხსენებული, რომელსაც «აღამაღლებს სიმდიდრე», მაშასადამე, დაბალი წოდებითგან გამოსული სიმდიდრით განდიდებულად არის ცნობილი. ამას გარდა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყუთლუ-არსლანი გიორგი III გაავეზირა და მეჭურჭლეთ-უხუცესობა მისცა. განსაკუთრებით საგულისხმიეროა, რომ იგი ვაზირად დემნას განდგომის დათრგუნვის შემდგომა ჩანს; ალბათ იმ დიდგვარიან აზნაურთა ჯგუფს არ ეკუთვნოდა, რომელმაც ივანე ორბელის მეთაურობით დემნას განდგომა მოაწყო; პირიქით, იგი გიორგი III პოლიტიკის მომხრე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამასთანავე არც ის უნდა გადაგვავიწყდეს, რომ დიდგვარიან აზნაურ მოხელეთა გაფიცვის დროს ყუთლუ-არსლანი დასამხობ ვაზირთა სიაში მოხსენებული არ არის, მაშასადამე, იგი გაფიცულთათვის იმდენად საძულველი არა ყოფილა და ჭიაბერსავით მასაც თავისი თავი უზრუნველუყვია.
რაც უნდა იყოს ერთი რამ სრულებით ცხადი და უცილობელია: ყუთლუ-არსლანისა და მისი თანამოაზრეების მიერ წამოყენებული მოთხოვნილებანი საქართველოს სახელმწიფო ცხოვრებაში განსაკუთრებულ და მეტად საგულისხმიერო მოვლენად უნდა ჩაითვლოს; რამდენადაც ვიცით, არას დროს არავისგან ასე მკაფიოდ და ნათლად არ ყოფილა წამოყენებული საკითხი საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების შეცვლის საჭიროების შესახებ, რომ მეფეს «თვითმპყრობელობით» და მხოლოდ მას საკუთრივ სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტის უფლება არა ჰქონდა, არამედ ეს უფლება განსაკუთრებულს უზენაესს დაწესებულებას მიჰნიჭებოდა, მეფეს კი მარტო ამ დაწესებულების გადაწყვეტილების «განგებულის» აღსრულების, «სრულქმნის» უფლება შერჩენოდა. მაშასადამე, აქ საუცხოვოდ არის ერთიერთმანერთ შორის განსაზღვრული კანონმდებლობისა და განგების უფლება ერთის მხრით და სრულყოფის უფლება მეორე მხრით. მარტო ეს განსაზღვრა ქართული სახელმწიფო სამართლისა და აზროვნების დიდი განვითარების დამამტკიცებელია. მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ–არსლანისა და მის თანამოაზრეთა წადილი ისა ყოფილა, მაშასადამე, რომ საქართველოს მეფეს მხოლოდ სრულყოფის უფლება შერჩენოდა და კანონმდებლობისა და განგების უფლება ჩამორთმეოდა. მაგრამ თავიდათავი ის არის, თუ ვის ხელში უნდა გადასულიყო კანონმდებლობისა და განგების უფლება? სამწუხაროდ ამის შესახებ თამარ მეფის ისტორიკოსს გარკვევით არაფერი აქვს ნათქვამი. ვახუშტს ამიტომ უფიქრია კიდეც, რომ ამ უფლების მიხვეჭა თითონ ყუთლუ-არსლანს ჰსურდა, მაგრამ ეს თვით ყუთლუ-არსლანის სიტყვებს ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ იგი ამ უფლებით აღჭურვილთათვის განსაკუთრებულ «კარავსა» თხოულობდა, რომელიც ჰისანში სამეფო სასახლის მახლობლად, საგოდებლის სანახებში, უნდა დადგმულიყო; ამ დაწესებულების წევრები უნდა ყოფილიყვნენ «დასხდომილნი მუნ შიგან» და საკანონმდებლო და სახელმწიფო საქმეები გაერჩიათ და განეგოთ. ვის უნდა ჰქონოდა ყუთლუ-არსლანის აზრით ამ «კარავში» სხდომისა და განგების უფლება? უეჭველია, ყუთლუ-არსლანს ან ვაზირები ეყოლებოდა მხედველობაში, ან არა და უფრო რომ «დიდებულნი» და «დარბაზის ერნი», ანუ დარბაზის წევრნი. ვაზირთა საბჭო მეტად მცირერიცხოვანი იყო, რომ ყუთლუარსლანს გაებედა მისთვის ეგოდენ რთული და უზენაესი უფლება, როგორიც ქვეყნის კანონმდებლობისა და განგების საქმე არის, მიენიჭებინა. სახელმწიფო «დარბაზი» კი მრავალრიცხოვანი დაწესებულება იყო და ჩვეულებრივ, როდესაც დიდმნიშვნელოვანი და რთული სახელმწიფო ან სამოსამართლო საქმეები იყო, საქართველოს მეფეები წინათაც ”დარბაზს” და «დარბაზის ერს» დაეკითდებოდნენ ხოლმე. მაგრამ მას ყოველთვის სამეფო სასახლეში «დარბაზში» ჰკრებდნენ და «დარბაზის ერის» მოწვევა და მის აზრის დაკითხვა მეფისათვის ვალდებულება კი არ იყო, არამედ ჩვეულებასა, საჭიროებასა და მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული. ყუთლუ-არსლანისა და მის თანამოაზრეთა სურვილით ამიერითგან სამუდამო დაწესებულებად უნდა ქცეულიყო, რომელსაც ბინა სასახლეში კი არ უნდა ჰქონოდა, არამედ ცალკე, სასახლის მახლობლად, სადაც წევრები «თავისუფლად მსხდომარენი» სახელმწიფო საქმეებს გაარჩევდნენ და განაგებდნენ და მეფე თვით ამ დაწესებულების კრებებს არ უნდა დასწრებოდა. მეფეს ამ დაწესებულების გადაწყვეტილებას, «განგებულს» მხოლოდ აცნობებედნენ და მას ეს განგებული უნდა «სრულექმნა». ვახუშტი მართალი იყო, როდესაც ამბობდა, ყუთლუ-არსლანს ჰსურდაო, რომ მეფეს ამ «განგებულის» უარყოფის უფლება არა ჰქონოდა, არამედ «ენებოს თუ არა ენებოს» მაინც მოვალე ყოფილიყო რომ «დაამტკიცოს» და აასრულოსო. ერთი სიტყვით მეფის უფლება მეფის უფლება საქართველოში სრულებით უნდა შეზღუდულიყო და ჩამორთმეოდა, მას მხოლოდ აღმასრულებლობითი უფლება რჩებოდა. უმაღლეს დაწესებულებას, «კარავში დასხდომილთ» კი სრული უფლება ენიჭებოდა: მათ ექმნებოდათ უფლება «მიცემისა და მოღებისა», ალბათ ბრძანებისა, ხარჯებისა და მოხსენებისა, ამასთანავე «წყალობისა და შერისხვისანი», ანუ უზენაესი მართლმსაჯულების უფლებაც.
ვინ იყვნენ «დიდებულნი» და «დარბაზის ერნი», რომელთა ხელშიაც ყუთლე-არსლანისა და მის თანამოაზრეთა ფიქრით საქართველოს სახელმწიფო უზენაესი უფლება უნდა გადასულიყო? დიდებულნი ორგვარნი იყვნენ: დიდებულნი მოხელენი და აზნაურნი; თვით აზნაურთა დიდებულებაც უმაღლეს მოხელეობაზე იყო დამოკიდებული. ხოლო უკვე XI საუკუნით მოყოლებული ამ ორი ჯგუფითგან საქართველოში წარმოიშვა და ცალკე გამოიყო და განსაკუთრებული საზოგადოებრივ ერთეულად იქცა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველი ადგილი დაიჭირა, აზნაურებზე უფრო მაღლა იდგა.
«დარბაზის ერნი» კი იმ პირებს ერქვათ, რომელნიც საქართველოს სახელმწიფოს უზენაეს საბჭოში მონაწილე წევრებად ითვლებოდნენ. დარბაზის ერნი, რომლითგანაც შემდეგ წარმოსდგა სიტყვა «დარბაისელი», ორ ჯგუფად იყოფოდნენ; «დარბაზის ერნი, იყვნენ ”ჴელოსანნი” და «უჴელონი»; «ჴელოსანთა» ჯგუფში ითვლებოდნენ ვაზირები და «საგამგეო» უწყების მოხელენი, მაგ. ერისთავთ-ერისთავნი, ამირები და სხვანი. ”უჴელოთა” ჯგუფი შესდგებოდა მაღალ წოდებათა წარმომადგენელთაგან. სამღვდელოებისა და დიდ-ვაჭართა წარმომადგენელნი ჩვეულებრივ «უჴელოთა» ჯგუფში შედიოდა თუ არა, ამის შესახებ ჯერ ცნობები არ მოიპოვება.
ამგვარად ცხადია, რომ საქართველოში თვითმპყრობელობის აჩრდილიც უნდა გამქრალიყო და მის მაგიერ პარლამენტის მსგავსი დაწესებულება უნდა დაარსებულიყო, რომელშიაც «დიდებულები» იქმნებოდნენ «განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი». რასაკვირველია, ამ დაწესებულებაში უმთავრესი ადგილი დიდ მოხელეობას და მაღალ წრეებს ექმნებოდათ დაპყრობილი, მაგრამ თავიდათავი ამგვარი უფლებოსანი დაწესებულებისა და წესწყობილების შემოღება იყო, მერე რაკი საქართველოში, როგორც დავინახეთ, დემოკრატიულს მოძღვრებას თავისი მქადაგბლები ჰყავდა, საქართველოს ბუნებრივი სახელმწიფოებრივი განვითარება გარეშე ძალას რომ არ შეეფერხებინა, საუკუნეთა განმავლობაში ამ დაწესებულების შემადგენლობაც თანდათან შეიძლებოდა შეცვლილიყო.
ყუთლუ-არსლანისა და მის თანამოაზრეთა მოთხოვნილებანი თამარ მეფეს არაფრად მოეწონა. მან დაინახა, რომ აღარავითარი უფლება არა რჩებოდა და ამ მოთხოვნილების განხორციელება ”დასასრულისა ჴელმწიფობისა პატრონისსა მიმცემელი”, იქმნებოდა, მის სამეფო უფლების გაუქმებას უქადდა. ამიტომ ისტორიკოსის სიტყვით «ესე ვითა საწყინელ იყო ... ესრეთ იწყინა და გაიკჳრვა»-ო; თანაც გადასწყვიტა ამ დასის თვით მოთავე ხელში ჩაეგდო,» მოიღონა-ჴელთ-გდება თავისა მის მოქმედთასა». ამის თაობაზე მოილაპარაკა თავის ერთგულ მოყმეებთან და «თანა-მზრ[ახუ]ელ მყოფელმან ერთგულთა და საკუთართა მისთა-მან, შეიპყრა ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთ უხუცესი». ეს რომ ყუთლუ-არსლანის თანამოაზრეებმა შეიტყეს, «შეიყარნეს და უკუ-ადგეს» თამარ მეფეს, თანაც «და[ა]დგ[ინ]ეს ახალი სიმტკიცე ყუთლუ-არსლანის გაშუებ[უ]ლობისა [და] არა მ[ი]შუებისა (ვნებად)». მათ გადასწყვიტეს, რომ თუ საჭირო იქმნებოდა თვით სასახლის წინააღმდეგაც გაელაშქრათ და ამიტომ «განემზადეს ისნისაცა შემობმად». ამ საშინელი განსაცდელის დროს თამარ მეფემ დიდი დიპლომატიური ნიჭი გამოიჩინა და თავის მოწინააღმდეგეებს ლაშქარი კი არ მიაგება საბრძოლველად, არამედ ეცადა საქმე მშვიდობიანი შეთანხმებით დაებოლოვებინა. ამიტომ თამარ მეფემ ყუთლუ-არსლანის ერთგულ თანამოაზრეებს მოსალაპარაკებლად მიუგზავნა. ორი საპატიო მანდილოსანი «ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი» და «კრავაჲ ჯაყელი, დედა აწ მყოფთა სამძივართა». თავის მოციქულებს დააბარა, რომ აჯანყებულნი მეფის ფიცით მონდობოდნენ და მაშინ მან აღუთქვა ყუთლუ-არსლანის მეტი «სხუისი არა ვისი ბრალობა». საპატიო მანდილოსნებმა თამარ მეფის მონდობილობა ბრწყინვალედ აასრულეს და განდგომილნი მეფის სურვილზე დაიყოლიეს: «მოჰყუეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა და წინაშე-მოსრულთა თაყუანისცეს», ამასთანავე თითონაც პირობისაებრ «აღიღეს ფიცი პატრონისა-გან და მისცეს მათ [პირი] ერთგულობისა და ნებისმყოფლობისა მათისა».
ამგვარად დაბოლოვდა ეს გასაოცარი და საგულისხმიერო პოლიტიკური მოძრაობა: თანამოაზრეებმა თავიანთი მეთაური დასთმეს და თითონ დაწყნარდნენ. ყუთლუ-არსლანი დამარცხდა, მაგრამ რომ მის ცდას მაინც სრულებით უნაყოფოდ არ ჩაუვლია, ეს იქითგანაც ცხადადა ჩანს, თუ როგორ უმოქმედია თამარ მეფეს ახალი ვაზირების დანიშვნის დროს. ყუთლუ-არსლანის დასის დაშოშმინების შემდგომ თამარი გადაყენებული ვაზირების მოადგილეთა არჩევას შეუდგა და ისტორიკოსის სიტყვით «გამოჩენასა შინა ორთა ვაზირთა და სპასპეტთასა თანადგომითა და ერთ-ნებაობითა დიდებულთა შჳდთავე სამეფოთათა545 ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად, მწიგნობართა-უხუცესად [და]ვ[ა]ზ[ი]რ[ა]დ (ანტონ)ი გაზრდილივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთა-თჳს სვიანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა და გა[ნ]აჩინა ამირსპასალარად სარგის მჴარგრძელი, კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა [და] ჭაბუკობათა... განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესობა და მისცა არგანი ოქროსა ჴელთა მისთა და შთააცვეს სკარამანგი ტანსა მათსა [და] დასუეს სელებითა ოქროჭედილ[ებ]ითა რომელ[ნ]იმე მარჯუენით მისსა და რომელნიმე მარცხენით და კუალად უბოძა მეჭურჭლეთ-უხუცესობა დიდსა და გუარიანსა კაცსა ვარდანის ძესა და მსახურთ-უხუცესობა ვარდანს(დადიანსა), ჩუხჩერახობა მარუშიანსა, ძესა ჩუხჩერახისასა... და დასხნა სასთაულითა უბოძა ამირახურობა გამრეკელსა თორელსა, რომელი ამირ-სპასალარიცა იქმნა შემდგომად სარგის მâარგრძელისა». ისტორიკოსის ზემომოყვანილს ცნობაში განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რომ ახალ ვაზირთა და სპასპეტთა არჩევაზე ამბობს: თამარ მეფემ «თანა-დგომითა და ერთ-ნებაობითა დიდებულთა შვიდთავე სამეფოთათა ბრძანა დამტკიცებად»-ო. ერთ-ნებაობა საერთო სურვილსა ნიშნავს, ხოლო თანადგომა—შველას; მაშასადამე, ახალი ვაზირები და სპასპეტნი, მეფის მიერ დამტკიცებულნი, არჩეული ყოფილან ყველა დიდებულთა დახმარებით, სურვილისა და ნებისაებრ, ხოლო მეფემ «ბრძანა დამტკიცებად» ამ «ერთ-ნებაობისა» (იხ. აგრეთვე ქვემოთ ცნობები დიდ ლაშქრობათა გამო დიდებულთა ბჭობისა და განგების შესახებ). ამგვარად, თუმცა ყუთლუ-არსლანისა და მის თანამოაზრეთა მოთხოვნილებასა და მეფის მიერ დიდებულთა ერთ-ნებაობის დამტკიცებას შორის არსებითი განსხვავება არის იმიტომ, რომ ყუთლუ-არსლანის დასის აზრით «ერთ-ნებაობისათვის» მეფის «დამტკიცება» სრულებით საჭირო არ იყო, არამედ მეფისათვის ეს «ერთნებაობა» უნდა მხოლოდ ეცნობებინათ («ვკადრებდეთ და ვაცნობებედეთ»), ხოლო მას უნდა განგებული «სრულ-ექმნა», — თამარ მეფეს კი ახალ ვაზირთა დანიშვნის დროს უბრძანებია «ერთ-ნებაობის» «დამტკიცება» მაშასადამე, მას დამტკიცებისა და უარყოფის უფლება თავისთვის შეუნარჩუნებია; მაინც თუ საქმეს ჩავაკვირდებით, ჩვენთვის ცხადი გახდება, რომ ზემოაღნიშნულს ცნობაში დიდებულთა «თანადგომისა და ერთ-ნებაობის» დამტკიცების საგანგებოდ მოხსენება ყუთლუ-არსლანის დასის წადიერებათა შედეგი უნდა იყოს. იქნებ სწორედ ამ პირობით დაიყოლია და დაითანხმა თამარ მეფემ ყუთლუ-არსლანის თანამოაზრენი. მაინც-და-მაინც ყურადღების ღირსია, რომ თუმცა ამ მოძრაობის ატეხისათვის ბრალი მარტო ყუთლუ-არსლანს დასდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის მაინც არც ერთი იმ სასჯელთაგანი (სიკვდილი, ან თვალთ-დაბნელება), რომელიც კანონით ამგვარი დანაშაულობისათვის (აჯანყება) მოთავისათვის იყო დაწესებული, ყუთლუ-არსლანისათვის არ მიუსჯიათ ; ალბათ მას მსუბუქი რამ სასჯელი, იქნებ ექსორია, აკმარეს.
როდის იყო ან დიდგვარიან აზნაურ-მოხელეთა გაფიცვა, ან ყუთლუ-არსლანისა და მის თანამოაზრეთა პოლიტიკური მოძრაობა, ამის შესახებ თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებაში გარკვევით არაფერია ნათქვამი მაგრამ მაინც-და-მაინც ცხადია, რომ თამარის მეფობის მეთორმეტე ინდიქტიონზე ანუ 1196 წელს ადრე; თარიღის განსაზღვრა უფრო ზედმიწევნითაც შეიძლება: რაკი მოთხრობითგანა ჩანს, რომ მაშინ მას ჯერ ქმარი არა ჰყოლია და ამ ამბებში ქმარი არსადა ჩანს, ამიტომ ცხადია, რომ ეს ამბები უნდა მომხდარიყო თამარის მეფობის პირველსავე წლებში, ჯერ კიდევ პირველი ქმრის შერთვამდე ანუ 1184–1186 წლებში.
როგორც უკვე აღნიშნული იყო, თამარ მეფემ სრულიად საქართველოს დიდებულთა თანადგომითა და ერთნებაობით ახალი ვაზირები და სპასპეტნი დანიშნა. მეტად საგულისხმიერო არის თვით ახალ დადგენილ მოხელეთა თვისებები და დახასიათება. მწიგნობართ-უხუცესად არჩეულ იქმნა ანტონი «გაზრდილი მამისა მათისა» და ”პატრონთა თჳს სვიანი და ერთგული”,—მაშასადამე, გიორგი III პოლიტიკისა და მიმართულების მომხრე. ამირ-სპასალარად დააყენეს სარგის მხარგრძელი, ადამიანი, რომელმაც აგრეთვე გიორგი III დემნას განდგომის დროს დიდი სამსახური გაუწია; მის შესახებ იტორიკოსი თუმცა ამბობს, რომ იგი იყო «კაცი გუარიანი», მაგრამ ვითარცა ახლად გამოსული სახელმწიფო მოღვაწეობის ასპარეზზე გასომხებული ქურთი მაინც-და-მაინც უფრო საქართველოს გვირგვინოსნის ერთგული იქმნებოდა, ვიდრე დიდგვარიან აზნაურებისა. ყურადღების ღირსია, რომ სარგის მჴარგრძელს მის წინამოადგილე ყუბასარსავით კი ერთად არ მისცეს ამირსპასალარობა და მანდატურთ-უხუცესობა, არამედ მარტო ამირსპასალარობა ჩააბარეს, ხოლო მანდატურთ-უხუცესობა ჭიაბერს უწყალობეს. ამ ჭიაბერსაც გიორგი III წინაშე დიდი სამსახური მიუძღვოდა და დემნას განდგომის დროს სამაგალითო ერთგულება გამოუჩენია; ამასთანავე იგი იყო გიორგი მეფის «გაზრდილი», მაშასადამე, ამ შემთხვევაშიაც თამარს და დიდებულებს მანდატურთუხუცესობა მეფის პოლიტიკისა და მიმართულების თავგამოდებული მომხრისთვის მიუნიჭებიათ. ამირახურად დანიშნული გამრეკელი თორელიც ხომ გიორგი III ერთგული კაცი იყო; მან პირველმა მისცა სხვებს მაგალითი, აჯანყებულს დემნას გადუდგა და გიორგი მეფეს მიემხრო მხოლოდ მეჭურჭლეთ-უხუცესის კახაბერ ვარდანისძის და მსახურთ-უხუცეს ვარდან დადიანის წინანდელი მოღვაწეობის შესახებ არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება; ვიცით მხოლოდ, რომ ვარდან დადიანის მამასაც იგივე თანამდებობა ეჭირა და დამსახურებულ კაცად ითვლებოდა. მაინც-და-მაინც ახალ გავაზირებულთაგანთა უმეტესობა გიორგი III ნაცადი და ერთგული მოხელეები იყვნენ, მისი პოლიტიკისა და მიმართულების მომხრენი. ამგვარად ირკვევა, რომ დიდგვარიანმა გაფიცულმა აზნაურ-მოხელეებმა მხოლოდ ყუბასარისა და აფრიდონის დამხობა შესძლეს, მაგრამ თავიანთ გულითადს წადილს, რომ გადაყენებულთა მაგიერ უეჭველად მარტო თითონ დამსხდარიყვნენ, მაინც ვერ მიაღწიეს.

 

თამარისთვის ქმრის შერჩევა და გიორგი რუსი

თამარ მეფემ ფრთხილი და ხერხიანი მოქმედებით აღელვებული სამეფო დააწყნარა და საქართველოში მშვიდობიანობა დამკვიდრდა. ეხლა მმართველი წრეების საზრუნავ საგნად თამარისათვის ქმრის შოვნა იყო. ამიტომ საგანგებო ბჭობაც ყოფილა და «ლაშქართა სპათა მისთა ზედა-შეიყარნეს შემჭირნენი და ზრახვა ყუეს ძებნა[დ]... და მოყუან[ებ]ად ქმრისა» თამარ მეფისათვის. ბევრი უცხოელი უფლისწული იყო სილამაზით განთქმული თამარის შერთვის მონატრული. თამარის მიმზიდველ თვისებებს გარდა მათთვის ისიც იყო სანუკვარი, რომ თამარის ქმრობა მათ ძლიერ საქართველოს მეფის სახელსაც მიანიჭებდა. ერთ იმ კრებათაგანზე, რომელზედაც თამარისათვის ღირსეულ საქმროზე იყო ბჭობა, წამოდგა აბულასანი «მკჳდრთა ტფილისისათაგანი თავადი...და ამირა ქართლისა დატფილისისა» და დამსწრეთ მოახსენა: »მე ვიცი შვილი ჴელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი... იგი მცირე დარჩომილი მამისა-გან, ექსორია ქმნით დევნული გარდამო[ი]ხუეწა ბიძისა სავალათად სახელ-წოდებულისა-გან და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სუნჯისა ქალაქსა», და თამარის საქმროდ ის იქმნება შესაფერისიო. საგანგებოდ შეკრებილს საბჭოს, როგორც ეტყობა, ეს წინადადება მოსწონებია ალბათ იმიტომ, რომ რუსები ქართველებსავით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და თანაც სასიძო თუმც გადმოხვეწილი, მაინც ძლიერ ხელმწიფის შვილად ჰყავდათ წარმოდგენილი, — მაშასადამე, თამარის საკადრისად ეჩვენებოდათ. მაგრამ მაინც სასიძოს გასინჯვა არჩიეს და ამიტომ «უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდ-ვაჭარი [სახელით]ზანქან ზორაბაბელ» და რუს დიდ-მთავრისშვილის ჩამოყვანა მიანდეს. მან «მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰონეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარეს[ს] პაემნისა». სასიძო აღმოჩნდა «მოყმე სახე-კეკლუცი, სრული ანაგებითა და... საჩენი», ამასთანავე «გვარისშვილად»-აც მოიწონეს მისმა გამსინჯველებმა. ამიტომ «ამისთა მნახველთა და გამცდელთა პატრიარქმან, დიდებულთა, ვაზირთა და სპათა მოახსენეს თამარს» საქმროს მოწონების შესახებ. თამარ მეფე ყოყმანობდა და თანხმობას არ აცხადებდა, მაგრამ მახლობელნი და ქვეშევრდომნი არ ეშვებოდნენ. «არა [მო]მშვებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს»; ისე რომ თითქმის ძალად, მაინც-და-მაინც «მათ-გან (თამარისაგან) ნება-დაურთავი განმზადნეს ქორწილ[ნ]ი». საქართველომ თავის სათაყვანებელს გვირგინოსანს დიდებული ქორწილი გადაუხადა; თვით თამარ მეფემაც უხვი საბოძვარი და წყალობა გასცა ისე რომ «იქმნა ქორწილი სახე-დაუდებელი და იგავ-მიუწვდომელი, სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თვალთანი და მარგლიტთანი, ოქროჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერელთანი, მსგეფსამდი სიხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემა».
თამარ მეფის ისტორიკოსს ამ პირველი ქმრის რუსის სახელი აღნიშნული არა აქვს, მაგრამ სტეფანოს ორბელიანის სიტყვით მას გიორგი რქმევია. ქართული ისტორიკოსის ცნობა თამარ მეფისათვის საქმროს ძებნაზე და რუს მთავრისშვილის დაქორწინებაზე მტკიცდება სხვადასხვა მხრივ. აბულასანის პიროვნებისა და თანამდებობის შესახებ მოიპოვება ორი წარწერა,—ერთი თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის კედელზე550, მეორე ერთ ხატის მოჭედილობაზე551, — და იქითგანა ჩანს, რომ აბულასანი მართლაც თბილისისა და ქართლის ამირად ყოფილა.



დამატებითი ცნობები ბასილი ეზოს-მოძღვრის შრომიდან:

1.
რუსუდან დედოფალთან შეკრებილთ «განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისათუის მათ ნათესავთასა»-ო.
2.
ბასილი ეზოს-მოძღვრისა და უეჭველია მისი მიმართულების სიტყვით რუსთა უფლისწულის მოყვანის შესახები გადაწყვეტილება «ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყუნეს, რომელსა იგი მოიყუანებდეს»-ო.
3.
ბასილი ეზოს-მოძღვრის სიტყვით გიორგი რუსი «იხილეს რა ყოველთა კაცთა სთნდა», მაგრამ ისტორიკოსის განმარტებით, მოწონება გარეგნულობის მიხედვით და ზერელე მსჯელობის ნაყოფს წარმოადგენდა «რამეთუ არა რას მეცნიერ იყუნეს ჩუეულებისათვის მისისა”-ო.
4.
თვით თამარიც თურმე ამ არჩევანის წინააღმდეგი ყოფილა და საერთოდ სიფრთხილესა და წინდახედულებას ურჩევდა. როდესაც მას ქორწილს აჩქარებდნენ, მას უთქვამს: ასეთი შეუფერებელი საქმის ჩადენა როგორ შეიძლება «ვითარ ღირს არს შეუტყუებელი ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მâედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა»-ო.
5.
თამარი მოცდასა და რუსთა უფლისწულის გამოცდას ურჩევდა, რომ მისი თვისების გამორკვევა შესაძლებელი ყოფილიყო: «მაცადეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე გინდა სიდრკუე მისი»-ო.
6.
საქართველოს მმართველი წრეები კი ჩქარობდნენ, რათგან სამეფო ტახტის უმემკვიდრეობა აწუხებდათ და თანაც «წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს» და ამის გამო მეტად ასწრაფებდნენ თამარს და, ბასილი ეზოს-მოძღვარის სიტყვით, «ესოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს»-ო.
7.
ისტორიკოსს აღნიშნული აქვს, რომ საქართველოს წარჩინებულნი თამარ მეფეს ამ საქმის გამო მოსვენებას არ აძლევდნენ და მისი დაყოლიება უნდოდათ საჩქაროდ, ისე, რომ «ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა»-ო.
თვით გიორგი რუსის შესახებაც მოიპოვება ცნობები რუსულს მატიანეებში552; ამას გარდა იგი მოხსენებულია აგრეთვე სტ. ორბელიანის ისტორიაშიცა და ვარდანის ისტორიაშიც, თუმცა-კი ვარდანს რუსი მთავრიშვილის სახელი სწორად არა აქვს აღნიშნული.

ეხლა ქართველები გულდამშვიდებულები იყვნენ და კვლავინდებურად ლაშქრობას შეუდგნენ. ჯერ კიდევ «ამისგან უწინ[არეს] მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა და თურქმანნი ქუეყანასა პალაკაციოს და ძაღლის ჴევად წოდებულსასა». გათამამებულ «მომრბეველთა ზედა გამრეკელი კახას ძე მიუჴდა», თამარის ბედზე გაიმარჯვა და მტერი გააქცია.
იმავ ხანებში «მასვე ჟამსა მოვიდეს კარნუ-ქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმ[ია]ნისანი ცხენოსანნი, ქუეითნი და აივსო შავშეთისა ქუეყანა». შემოსეულს მტერს სწრაფად მიეგება გუზან აბულასანის ძე ტაოელი და ბოცო ჯაყელი მესხთა ჯარითურთ. «ბედმან... თამარისმან სძლია» აქაც და ძლევამოსილმა ქართველებმა მტერი უკუაქციეს.
ალბათ გათამამებული მეზობლების ასალაგმავად «გავიდა ტფილისით მეფე რუსთავს» და «ილაშქრეს ქუეყანასა კარისა და კარნიფორისასა და მოარბიეს ვიდრე ბასიანადმდის» და იქითგან გამარჯვებულები დაბრუნდნენ და «მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივ განათლებულსა».
მერე ჯერი მჴარგრძელებზე მიდგა: «ამისდა შემდგომად წავიდეს მჴარგრძელნი ძენი საღირისნი და ვარამისნი... უხუცესნი ზაქარია და ზაქარია დალოცუილნი, ივანე და სარგის დაულოცველნი და ილაშქრეს ქუეყანასა დვინისასა» და ალაფით დატვირთულნი, ძლევამოსილები საქართველოში დაბრუნდნენ.
«შემდგომად ამისა გამოსულასა ხანისასა ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ და ზემონი ზემოთ და შუანი შუათ და ყო[ვე]ლგან ძლევამოსით და გამარჯუებით» მოქმედებდნენ ქართველები. მერე «ბრძანებითა თამარისითა» მეფე ჯარითურთ გაემგზავრა და «მოაოჴრა ქუეყანა პართთა», და იქითგან დიდძალი საუნჯე და ტყვე წამოასხა (იქვე).
როდესაც ლაშქრობისაგან ისვენებდნენ მეფე და მეფეთა მეფე თამარი, სამეფო სახლი ხან იმიერ საქართველოში გადავიდოდა ხოლმე, ხან ამიერში იმყოფებოდა, ხან «ჟამსა ოდესმე ჩავიდა შარვანის ზღურამდის და მოვიდის შარვანში დიდითა ნიჭითა და ძღუნითა» და ერთად ნადირობდნენ და შემდეგ უხვად დასაჩუქრებულს შარვანშას, რომელიც საქართველოს გვირგვინოსანს ემსახურებოდა «მონებითა ყმებრივითა», შინ ისტუმრებდნენ ხოლმე.
ამავე ხანებში დიდძალი მხედრობითურთ მეფე გაემგზავრა გელაქუნისაკენ და «თურქმანთა დაესხნეს, ამოსწყჳტეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი». უკან გამობრუნებულს ქართველთა ლაშქარს «ყოველი თურქმანობა» შეეხეჩა «წინაძღომითა შამელთა დიდებულთა როსტომ და იალღუს ალფესითა», რომელნიც ყიზილ-არსლან ათაბაგს დაუქირავებია; მოულოდნელად ცხარე ბრძოლა გაჩაღდა. ამ შეტაკებითგანაც ქართველები გამარჯვებულები გამოვიდნენ.
ამის შემდგომ «წვევითა ასათ გრიგოლის ძისათა» ქართველებმა განძას ილაშქრეს ბელაყონამდის, მერე მოარბიეს «ზემო კერძო რაჴსისა პირი მასისადმდე, სადაც მსახურთ-უხუცესმა ვარდან დადიანმა, «ოთხთავე მჴარგრძელთა და სხუათა დიდებულთა აზნაურთა დიდი დაჭირვებული ომი გარდაიჴადეს» და გააქციეს მტერი.

გიორგი რუსის გაძევება და დავით სოსლანი

ამ მშვიდობასა და მარჯვებაში რომ იყო ქართველობა, მოულოდნელად ისეთი რამ გამოაშკარავდა, რომ ყველანი აღაშფოთა. თამარის ქმარს გიორგის, »უბედურს რუსს, სოდომური ცოდვა და ქცევა აღმოაჩნდა. თამარ მეფეს იმთავითვე შეუტყვია ეს უკეთურება და «ორ წლამდის გინა უმეტეს იყო განსაცდელსა უცხოსა», სანამ დაფარული ჭირი გამომჟღავნდა და «უგრძნეს ვაზირთა და დიდებულთა».
რაკი ეს სააუგო ამბავი გამოაშკარავდა, გიორგი რუსის ბედიც გადასწყდა და თუმცა «მოწყალისა და გაურისხებელის» გულის პატრონს თამარს ეცოდებოდა «უბედური რუსი», მაგრამ მაინც «ცრემლ-მდინარეობასა შინა თამარისა» იგი მაინც საქართელოთგან გააძევეს და «წარიყვანეს ექსორია ქმნად». თამარ მეფემ «აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა» დატვირთული გაისტუმრა იგი საქართველოთგან, საითგანაც «ჩასმული ნავითა ზღუად მიიწია კონსტანტინეპოლედ».
ეხლა საქმე თარიღების გამორკვევაა, ან როდის შეირთო თამარმა პირველი ქმარი, ან როდის გაეყარა მას? მკვლევართა შორის აქ დიდი უთანხმოება სუფევს. მ.ბროსე ვახუშტს მისდევს იმ მხრივ, რომ მასავით ისიც თამარის გამეფებასა და პირველ ქორწილს შორის სამ წელიწადსა სდებს553, პირველი ქორწინების თარიღად იგი 1187 წელს სთვლის554. დ. ბაქრაძე ბროსეს ანგარიშს ემხრობა და იმეორებს555. თ. ჟორდანია იმ თარიღისდა მიხედვით, რომელიც მოიპოვება ერთს კჳნკლოსში თამარის მეორე ქორწინებისა და დავით სოსლანის გამეფების შესახებ, სრულებით უარყოფს ბროსეს ქრონოლოგიას და იმის აზრით «რუსის შერთვა უნდა ყოფილიყო 1184 წლის დამლევს, ანუ გაზაფხულს 1185 წლისას»556.
მართლაც, მეორე ქორწინების შესახებ ცნობას, რომელიც კჳნკლოსში აღმოჩნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თარიღების გამორკვევისათვის. კჳნკლოსში სწერია «ქრონიკონსა :უთ: (409) დასაბამით-გან ხღჟგ: (6793) აქა მეფედ დაჯდა დავით ოსი»557. ორივე თარიღი თანხმობით 1189 წელს უდრის მაშასადამე, თუ ეს ცნობა სწორია, მაშინ ირკვევა, რომ თამარ მეფეს მეორე ქმარი დავით სოსლანი უკვე 1189 წელს შეურთავს. ამისდა მიხედვით ბროსეს ანგარიში, რომელიც მეორე ქორწინებისათვის თარიღად 1193 წელს სდებდა, სრულებით შემცდარი გამოდის. მაგრამ ამასთანავე შეუძლებელია თ. ჟორდანიას ანგარიშიც მთლად და შეუსწორებლივ მიღებულ იქმნას, თუმცა იგი სინამდვილეს ძალიან უახლოვდება. პირველი ქორწინების თარიღის გამორკვევის დროს უნდა გავიხსენოთ, რომ თამარის მამა მეფე გიორგრი III გარდაიცვალა 1184 წელს «თუესა მარტსა ოცდაშუიდსა»). როგორც ვიცით საქართველოში წესი იყო, რომ ერთი წლის განმავლობაში ჭირისუფალნი მგლოვიარედ ითვლებოდნენ და, სანამ წლის წირვას არ გარდიხდიდნენ, მანამდისინ იმ სახლში ლხინი არ შეიძლებოდა559. მაშასადამე, ფიქრადაც წარმოუდგენელია, რომ 1185 წლის 27 მარტამდის ქმრის შერთვაზე ლაპარაკი ყოფილიყო; ამ ხნის განმავლობაში თამარი მგლოვიარედ იქმნებოდა. ამიტომ საქმროს ძებნა და პირველი ქმრის შერთვა შეიძლება დაახლოვებით 1185 წლის დამლევს მომხდარიყო. როგორც ქართველი ისტორიკოსის სიტყვებითგანა ჩანს, თამარ მეფეს პირველ ქმრის უკეთური ქცევა ორ წლამდის «გინა უმეტეს» უთმენნია. რაკი შესაძლებელია თამარს ეს ზნე ქმრისათვის პირველითგანვე არ შეემჩნია, ამიტომ შეიძლება პირველი ქმრობისათვის დაახლოვებით ორ ნახევრითგან სამ წლამდის ჩავაგდოთ. მაშასადამე, პირველი ქმრის საქართველოთგან განდევნის თარიღად 1187—1188 წლები ვიანგარიშოთ. პირველი ქმრის დროინდელი ზემომოთხრობილი ლაშქრობანი ამგვარად ორის წლის (1186 წ. დამდეგ, — 1187 წ. დამლ.) განმავლობაში უნდა მომხდარიყო. გელაქუნითგან კი თურქმანებზე თავდასხმა და შამელ დიდებულებთან შეტაკება შეუძლებელია 1186 წელზე ადრე ყოფილიყო, იმიტომ რომ ამ ამბავში მოხსენებულია ყიზილ არსლან ათაბაგი, რომელიც მმართველად იყო მხოლოდ 1186 წლითგან560.
როგორც სანაჰინის მონასტრის ჯვარიანქვის წარწერითგანა ჩანს 1187 წელს გარდაიცვალა ამირსპასალარი სარგისი მჴარგრძელი561, თამარ მეფის თქმით სარნისის მაგიერ ამირსპასალარად დაუდგენიათ ამირახური გამრეკელი თორელი, რომელსაც ამირსპასალარობა, მაშასადამე, 1187 წელს მიუღია.
«უბედური რუსი» გააძევეს თუ არა, კვლავ გამოჩდნენ თამარ მეფის ქმრობის მონატრულნი, მახლობელ და შორეულ ხელმწიფეთა შვილები, ქრისტიანე და მაჰადიანი უფლისწულები, მაგრამ ეხლა ფრთხილობდნენ და მაგრე რიგად უცნობს არ ეტანებოდნენ. ბევრმა მიიღო უარი: ზოგმა «უღირსობისა» გამო, ზოგმა კიდევ იმიტომ, რომ დაწუნებულ იქმნა. თამარის ქმრობის ერთმა მონატრულთაგანმა «სალდუხის ძის ძემან სახელით მუტაფრადინმან» თავი ვერ შეიკავა და თითონ მოვიდა საქართველოში, რომ საქმე თავისთვის გაერიგებინა. მას ისე დაუხვდნენ, როგორც მის გვარიშვილობას შეეფერებოდა, ბევრის ასიამოვნეს. როგორც ჩანს, მოტრფიალე უფლისწული შემოდგომის დამლევს მოსულა. ამ დარბაზობასა და ნადიმობა-გართობაში ზამთარიც დამდგარა. თამარ მეფეს «ჟამი ზამთრისა სომხითს» გაუტარებია. ხოლო სტუმარი «სანადიროთა ქვეყანათა» წაუყვანიათ. გაზაფხულზე «ჟამსა ღანუყობისა» უჩვნებიათ კახეთისა და რანის საუცხოვო სანადირო ადგილები. ასე პატივსა სცემდნენ, ასიამოვნებდნენ და ართობდნენ მუტაფრადინს, მაგრამ თამარის ღირსად კი მაინც არა სცნეს და, როცა ისევ «ქალაქად სამეფოდ» ტფილისში მოიყვანეს, «დაამჴუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა» და თამარის მაგიერ შერთეს თამარის ნახევარ-და, გიორგი III უკანონო შვილი, «ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი რეცა სახელდებული შვილად მეფისა». ამასობაში, მაშასადამე, გაუვლია შემოდგომას, ზამთარს და გაზაფხულს.
მუტაფრადინი რომ ცოლითა და დიდის ზითვითურთ სამშობლოში გაისტუმრეს, »შემდგომად ამისა» ვითომც სტუმრად «რეცა დარბაზობისა სახედ» ეხლა შარვანშა ახსართანი მოვიდა, რომელიც «რჯულისა დაგდებად განმზადებელი» იყო, თუ კი რომ მას თამარის ქმრობის შესაფერისად სცნობდნენ. თავის წადილის მისაღწევად მან დიდი საჩუქრებიც კი არ დაიშურა, «მოქენე იქმნა ყოველთა საქმის მოქმედთა», თვით «მოძღუარისა და კათალიკოზისა მიუწდომელისა ქრთამითა მძებნელი», მაგრამ ყოველი მისი ცდა ამაო იყო. ვისაც-კი ქრთამმა სძლია და თამარს ახსართანი ურჩიეს, მათ «ყოველთა მამონისა-გან ძლეულთა და ქმნად მაწვეველთა (ე.ი. ახსართანის შერთვის) მკიცხველი» იყო და უბრძანა, «მისცა მცნება: »კუალად აღარა შესძინოთ ესევითართა თქუმად», ამგვარი რამ აღარ გამაგონოთო. ამ ახსართანის ამაო ცდაშიც ზაფხული გაივლიდა.
საქართველო გიორგი რუსის განდევნის შემდეგაც წინანდებურად ძლიერი და ძლევამოსილი იყო, ამ მხრივ ქვეყანა უზრუნველ-ყოფილი იყო. ქართველ ერს ერთადერთი საზრუნავი აწუხებდა: თამარის უშვილობა და სამეფო ტახტის უმემკვიდრეობა. «შვილისა უსმელობისა» ფიქრმა «მოიცვა შვიდივე ესე სამეფო». შორეულ და უცხო ქვეყნებში უფლისწულების ძებნის მაგიერ, ეხლა აზრად მოუვიდათ საქმროდ აერჩიათ ოსთა უფლისწული დავით სოსლანი, რომელიც იზრდებოდა ვითარცა ნათესავი «სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისასა», თამარის მამიდასთან. იგი სახელოვანი «მოყმე იყო, ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გვართაგან საჴელმწიფოთა» ჩამომავალი, დედით ბაგრატონიანი, მამით ოსთა მეფეთა ძე. რაკი წუნი არაფერი ედო «მოაჴსენეს [დედოფალსა რუსუდანს] მკჳდრთა ამის სამეფოსათა» ამის თავობაზე. თამარის მამიდაც დათანხმდა და «ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე ქმნითა, მომჴსენებელ და მოაჯე ექმნეს თამარს», რომ ქმრად თუ მოეწონებოდა დავით სოსლანი შეერთო. როცა თამარი დაითანხმეს, «წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი და წარმოიყუანეს დედოფალი (რუსუდანი) და გაზრდილი მისი დავით (სოსლანი)... და მოვიდეს სრასა დიდუბისასა სანახებსა ტფილისისასა [და] მუნ ქმნეს ქორწილი შესატყჳსი და შემსგავსებული ჴელმწიფობისა და სახელ-ზეობისა მათისა». ეს დიდებული და სახელოვანი ქორწინება, როგორც აღნიშნული იყო, უნდა 1189 წელს მომხდარიყო. მართლაც, ზემოთ თავ-თავის ადგილას გამოირკვა, რომ პირველი ქმრის განდევნის შემდგომ (1187—1188 წ.) თამარ მეფეს უქმროდ დაახლოვებით დაუყვია შემოდგომას, ზამთარს, გაზაფხულს და ალბათ კიდევ შემოდგომას, სულ დაახლოვებით ერთ წელიწადს, ან წელიწად ნახევარს.
დავით სოსლანი «წელიწადის მოქცევამდე», ანუ უკვე 1190 წელს საქებურ ჭაბუკად გამოდგა და მშვილდოსნობაში, ცხენოსნობაში, ცურვაში და მოასპარეზობაში სახელი გაითქვა, მწიგნობრობასა და მეცნიერებაშიც დიდად დაწინაურებული აღმოჩნდა.


1 2 3

 


megobari saitebi

   

01.10.2014