გიორგი რუსის დაბრუნება
ლაშა–გიორგის დაბადება და ამის აღსანიშნავად პატარა გალაშქრებები
შამქორის ბრძოლა
1195–1206 წლის ბრძოლები
ბასიანის ბრძოლა და რუქნადირის დამარცხება
დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღი
გიორგი რუსის დაბრუნება
«შემდგომად ამისსა» ალბათ 1190–1191 წელს გიორგი რუსი კონსტანტინეპოლითგან კარნუ-ქალაქში მისულა. იმ დროს კარნუ-ქალაქში «მოციქულად... საქმისა რასათჳსმე» საგანგებო მინდობილობით საქართველოთგან გაგზავნილი იყო «ნაცვალი მეჭურჭლეთა უხუცესისა». გიორგი რუსმა ნახა ეს დიდი მოხელე და მას გაუმხილა თავისი გულის წადილი, რომ კვლავ საქართველოში გამეფებულიყო. როგორც კი მოციქულმა «ამის სამეფოსა კაცთა» შეატყობინა, გიორგი რუსს დახმარება აღუთქვეს. პირველი გუზანი მიემხრო «პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა», მერე სამცხის სპასალარი ბოცო, ივანე-ყვარყვარე ციხისჯუარელი, მსახურთ-უხუცესი ვარდან დადიანი, «პატრონი ორბეთისა და კაენისა, ლიხთ იქით ნიკოფსამდის უცილობელად» მქონებელი. ვარდან დადიანმა ამ საქმისათვის მიიმხრო «ყოველი სვანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგუეთი» და «აფიცა რუსისა გამეფებისა და მისისა მეფე ყოფისა-თჳს დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყნისანი»,. უეჭველია, გიორგი რუსს რაიმე პირობები ექმნებოდა დადებული, ალბათ რაიმე ან პოლიტიკური უფლებების დათმობას იქნებოდა დაპირებული და ან კერძოდ სარგებლობას მოელოდნენ, თორემ ისე ტყუილ-უბრალოდ სოდომური ქცევისათვის განდევნილ გიორგი რუსისათვის თავს რად გამოიდებდნენ?
ვარდან დადიანმა გუზანთან «გაგზავნა ლაშქარნი ქუეყანისანი», რუსიც წამოვიდა და ყველა მეამბოხენი შეერთებულის ძალით სამცხისაკენ გამოემართნენ; აქ მათ «მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო» და აქეთგან გეგუთში გადავიდნენ. როდესაც თამარმა ეს მოულოდნელი ამბავი შეიტყო, ”განკვირვებული” იყო. მაშინვე «მბრძანებელ ექმნა ყოველთა ერისთავთა», რომ საჩქაროდ შეყრილიყვნენ. სწრაფად «შემოკრბეს სპანი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითით და სამცხით». შეგროვილებმა თამარ მეფე დაამშვიდეს და «ჰკადრეს ფიცით არა მათგან ნებადართულობა საქმისა», რომ ისინი ამ განდგომილებას არ თანაუგრძნობდნენ და მისი ერთგული იყვნენ. მომხდარი ამბებით გაოცებული ვერ მიმხვდარიყო, თუ რად გადუდგნენ მას და მიერმხრნენ მის გაძევებულს და გაყრილს ქმარს გიორგი რუსს. ამიტომ იგი «იკითხავდა მიზეზსა მკჳდრთა მისთა-გან», პატრიარქისა და ანტონ ქუთათელისაგან უნდოდა გაეგო ნამდვილი მიზეზი. ჯერ თამარ მეფეს უნდოდა მშვიდობიანად გაეთავებინა ჩამოვარდნილი განხეთქილება; ამისათვის ხან ანტონ ქუთათელსა და «სხვათა ებისკოპოსთა გზავნიდის, ოდესმე შინაურსა ეჯიბსა და მესტუმრესა», მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა, «მათ-გან ვერას პირის მპოვნელი» იქმნა. პირიქით, მეამბოხენი ორად გაიყვნენ: ერთმა ნაწილმა ლიხის მთა გადმოლახა და გზა-გზა ქართლში ნაჭარმაგევამდისა და გორამდის ყველაფერი ააოხრა, მეორე ნახევარმა დადიანის წინამძღოლობით რკინის ჯუარი გადაიარა, ციხის-ჯუარს მივიდა და «დაუწუეს ქალაქი ოძრხე». აქვე მეამბოხეებს სამხედრო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად ბჭობა ჰქონდათ და «გააგეს პირველად აღება ჯავახეთისა, თმოგვისა და ახალქალაქისა, კუალად თრიალეთისა და სომხითისა». მეამბოხეთა ეს სამხედრო გეგმა თამარ მეფის ერთგულ მოყმეებს, როგორც ჩანს, შეუტყვიათ. ამიტომ თამარ მეფემ «უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მჴარგრძელთა და სხუათა თორელთა ზემოთა და ქუემოთა წასულა და მიგებება წინა ქუეყანასა ჯავახეთისასა». იქ უნდა გამორკვეულიყო მეამბოხეთა ნამდვილი ძალაც (იქვე). როდესაც თამარ მეფის მხედრობა ჯავახეთში მივიდა, მას «მიერთნეს მესხნიცა ერთგულად დარჩომილნი». მეამბოხენიც მოსულიყვნენ. ორ მოპირდაპირე ჯარს მტკვარი ჰყოფდა: «აქით ესენი მისრულნი მტკუარსა ზედა და იგინი მუნითა». სწორედ ამავ ალაგას «ჴიდსა ზედა შეიბნეს და შეიქმნა ომი და სროლა». საღამომდის ვერ გამოირკვა გამარჯვება ვის დარჩებოდა: «მას დღესა სიღამემან და წყლის შუა-ყოფამან გაჰყარნა «მტრები. შუაღამებისას მეამბოხეებს და მათ მოპირდაპირეებს ისევ სამხედრო ბჭობა ჰქონდათ და მეამბოხეებმა «სიმაგრისაკენ» დახევა გადასწყვიტეს, ხოლო თამარ მეფის ლაშქარმა — «გულ-უყოვნელ ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა». თავისი გადაწყვეტილების განსახორციელებლად თამარის მხედრობა გაღმა გავიდა. »გამვლელთა âიდისათა» მეამბოხეებმა რასაკვირველია წინააღმდეგობა არ გაუწიეს, არამედ «მიმართეს მთასა ტორნაძიად სახელდებულსა», რომ იქ გამაგრებულიყვნენ («ღონედ სიმაგრისა საძებნელად»). მაგრამ ვერც აქ გაუწიეს მათ თამარის ლაშქარს რაიმე წინააღმდეგობა და ისევ უკან დაიხიეს, «გარიდეს» და მხოლოდ ნიალის ველზე ხინგრის წყალთან შედგნენ. აქ «თმოგუსა და ერუშეთს შუა შეიქმნა ომი», რომელსაც მოპირდაპირეთა ბედი უნდა გადაეწყვიტა. მედგარ და ფიცხელ ბრძოლაში «მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა თამარისათა». ისტორიკოსის სიტყვით მათ ვითომც «არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა», ივანე სარგისის ძის გარდა, რომელიც ამ ომში დაიკოდა. ძლეული მტერი გაიქცა, მაგრამ ბევრიც დაიხოცა და დატყვევებულ იქმნა. თამარის ძლევამოსილმა ჯარმა მახარობელი გამოუგზავნა თავის გვირგვინოსანს და თითონაც მეფეს ეახლნენ.
მოიტანა თუ არა მახარობელმა მეამბოხეთა დამარცხების სასიხარულო ამბავი, მაშინვე თამარ მეფემ და ვაზირებმა «ზრახუა ყუეს». ამ საგანგებო სამხედრო ბჭობაში მონაწილეობა მიიღეს იმათ, «რომელნი მყოფ იყუნეს მის (თამარის) წინაშე: ჭიაბერი მანდატურთ-უხუცესი, ჰერნი და კახნი დიდებულნი და აზნაურნი».
თმოგვსა და ერუშეთს შუა დამარცხდა მეამბოხეთა მხოლოდ ერთი ნახევარი; ეხლა მეამბოხეთა მეორე ნაწილთან ბრძოლის გეგმა უნდა გადაეწყვიტათ. დაადგინეს მტერს დაუყოვნებლივ შეჰბმოდნენ: ჰერ-კახთა «თანა-დართვითა ყივჩაყთათა და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა დიდებულთა წინაძღუანვითა დავით მეფისათა» გადასწყვიტეს თავ «დასხმა ქართლს მყოფთა» მეამბოხებზე. მეფის შეერთებული ლაშქარი გაემართა კიდეც ქართლში მოთარეშე მეამბოხეებზე, რომელთაც «მიერთნეს ვიეთნიმე ქართლელნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა»,მაგრამ მეამბოხეებს შეეტყოთ თუ არა მათ თანამოაზრეთა დამარცხების ამბავი ჯავახეთში, მაშინვე გაქცეულიყვნენ. დავით მეფე მხედრობითურთ უკან დაბრუნდა და ეს სასიხარულო ამბავი თამარ მეფეს მოახსენა. მეამბოხეებმა გამარჯვების იმედი და სასოება წარიკვეთეს და გონს მოსულთ დამორჩილება ირჩიეს. სრულის მორჩილების ნიშნად «რომელნიმე მოვიდეს ყელ-საბელ მობმით»; მაგრამ ყველა არ მოსულა ასე ქედმოხრილი. ბევრს სასჯელისა ეშინოდა და უშუამავლოდ დანებებას ვერა ბედავდნენ. ლიხთიმერეთის დიდებულთ, რომელთაც უფრო მეტი და მძიმე დანაშაული მიუძღოდათ, «შემნანებელთა შეცოდებისათა და მოაჯეთა შენდობისათა», მაგალითად, «ითხოვნეს ცხოველნი ხატნი და თჳთ დედოფალი მათ შუა საყოფელად, კათოლიკოსი, მანდატურთ-უხუცესი და სხუანი ეპისკოპოზნი». მხოლოდ როდესაც ამ შუამყოფთა მიერ გული დაიმშვიდეს, მაშინ «გარდამოვიდეს სვიანნი დიდებულნი და მოჴელენი და გარდამოიტანეს რუსი მეფე-ყოფილი». დამორჩილებულ მეამბოხეთა თხოვნისაებრ «მისცა დედოფალმან (თამარ) სიმტკიცე პირველად რუსისა უ[ვ]ნებელად გაშუებისა-თჳს და მერმე მის ჟამისა შეცოდებისათჳს» რომ არ დასჯიდა (იქვე). ამ პირობით მეამბოხენი თამარ მეფეს დანებდნენ და «დედოფლისათა [ნა]მოვიდეს ნაჭარმაგევად». თამარ მეფემ გიორგი რუსი გაუშვა, რომელიც «მასვე მისსა სუე-უბედურსა გზასა გაემართა», ალბათ ისევ ბიზანტიაში დაბრუნებულა. დაპირებისამებრ თამარს, როგორც ეტყობა, მეამბოხენი არ დაუსჯია ისე, როგორც კანონით მეამბოხეთათვის იყო დაწესებული; მაგრამ მეამბოხე ვაზირებისა და მოხელეებისათვის თანამდებობა მაინც ჩამოურთმევია, მაგ. ვარდან დადიანისათვის წაურთმევია მსახურთ-უხუცესობა და მის მაგიერ დაუდგენია თავისი ერთგული და თავგამოდებული ყმა სარგისის ძე ივანე, რომლისათვისაც ამასთანავე უწყალობებია «საპატიო კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხუათა მრავალთა სახარჯოთა ქალაქითა და ციხითა». რასაკვირველია სხვა ყველა ერთგული მოყმეებიც იყვნენ უხვად დაჯილდოვებულნი, მაგ. «შეიწყალა ზაქარია ვარდანისძე და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხეებითა და სოფლებითა»; თანაც «შეიწყალეს და დალოცეს სხუანიცა დიდებულნი მრავალნი». «ამას შინა», მაშასადამე, ალბათ 1190–1191 წელს «მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი» და რაკი მას დიდი სამსახური მიუძღოდა სამეფო გვარეულობისა და საქართველოს წინაშე ”თმოგვისა-გან კიდე არა დააკლეს შვილთა მისთა”. გამრეკელის მაგიერ «მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მხარგრძელსა, ძესა სარგის ამირსპალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფეთა ადგილსა, პატრონსა ლორისასა»: მას ამას გარდა «მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი». ეს უნდა იმავ 1191 წელს მომხადრიყო და მართლაც სანაჰინის მონასტრის 1191 წლის წარწერაში ზაქარიას ამირსპასალარობა არის მოხსენებული562
იმავე დროს, როდესაც ზაქარიამ ამირსპასალარობა მიიღო, სხვა ერთგულ ვაზირებსა და მოხელეებს მოჰფინა თამარ მეფემ სხვადასხვა წყალობა: «ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესსა მოუმატეს და უბოძეს ქალაქი ჟინვანი და ციხე მრავლითა მთიულეთითა»; აგრეთვე სარგის ვარდანის ძე «დალოცეს და უბოძეს თმოგვი»; ხოლო წირქუალელნი, ზარტიბის ძენი, გრიგოლის ძენი, ჭიაბერის ძენი, მახატლის ძენი და «თავნი კახეთისანი თორღაოს ძენი შეიწყალნეს თუითოელი თჳსითა წესითა: რომელნიმე ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა». ქართლელნი, სომხითარნი, თორელნი, მესხნი და ტაოელნიც, რასაკვირველია, არ იყვნენ წყალობას მოკლებულნი. ამ დროს გუზანმა ისევ თავისი ორგულობა გამოიჩინა: შაჰარმენთან წავიდა და თანაც საქართველოს ჩამოაშორა ტაოსკარი, ვაშლოვანი და მრავალი სხვა ციხეები. მას ორიოდე სხვა აზნაურიც მიემხრო. მოღალატენი «გავიდეს მთასა კოლისასა». მათ დახვდნენ ზაქარია ფანასკერტელი, ძინიელნი და კალმახელნი. მათ შეიტყეს, რომ განდგომილთა ჯარში იყო გუზანის შვილი, რომელიც შაჰარმენის ლაშქრითურთ მოსულიყო გუზანის ცოლ-შვილის წასაყვანად, ამასთანავე «ციხეთა შინა თურქთა შესაყენებლად». მოღალატეებს მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყოლია. მათ საწინააღმდეგოდ კი იმჟამად მცირედი მხედრობა იყო გამოსული. ამიტომ ზაქარია ფანასკერტელსა და მის მეშველებს ბრძოლა მეტად გაუძნელდათ, «დიდად დაჭირვებული ომი გადაიხადეს», მაგრამ მაინც გაიმარჯვეს და გუზანის ცოლშვილიც ხელთ იგდეს; ამასთანავე უკან «შემოქცეულთა აიხუნეს ციხეები და სიმაგრენი» და ისევ საქართველოს შემოუერთეს. ძლევამოსილი მოყმენი თამარ მეფემ შესაფერისად დააჯილდოვა.
ლაშა–გიორგის დაბადება და ამის აღსანიშნავად პატარა გალაშქრებები
ამ ძლიერებისა და მარჯვების დროს ქართველებს ის აწუხებდა, რომ თამარი ისევ უნაყოფოდ იყო. ამიტომ «ილოცვიდეს მოქენენი ღ՜თისა და წმიდათა ხატთა მომჴსენენი», რომ თამარს საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეს გასჩენოდა. მაგრამ მალე მემკვიდრე დაიბადა. ტაბახმელას «შვა ძე», რომელსაც «უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თჳსისა» გიორგი. თამარ მეფის ისტორიკოსს სამწუხაროდ ლაშა-გიორგის დაბადების წელიწადი აღნიშნული არა აქვს. სამაგიეროდ ორი მატიანისებური ცნობა მოიპოვება. ერთს კჳნკლოსში სახელდობრ ნათქვამია: «ქრონიკონსა: უიბ: (412), დასაბამით-გან: ხღჟვ: (6796), აქა შარვანს შამახაჲ დაიქცა და თამარს ძე მიეცა გიორგი ლაშა»563. ქრონიკონი და დასაბამითგანი წელიწადი თანხმობით 1192 წელს უდრის. თვით თარიღი არ ეწინააღმდეგება წინამავალ და მიმდინარე ისტორიულს ამბებს, ხოლო შამახაჲს დაქცევა არის შემაფერხებელი გარემოება: თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვებითგანა თითქოს ჩანს, რომ შემახა მიწის-ძვრისაგან დაქცეულა შანქორის ომის რამდენიმე ხნის წინათ. ზემომოყვანილს კჳნკლოსის თარიღს უახლოვდება ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანის ქრონოლოგიური ცნობაც. მემატიანეს სახელდობრ ნათქვამი აქვს: «ოდეს (ლაშა-გიორგი) დაიბადა ქრონიკონი იყო ოთხას და ცამეტი»-ო. 413 ქ՜კნი უდრის 1193 წელს. რაკი ორი დამოუკიდებელი ისტორიული წყარო ასე ახლო უდგებიან ერთი-ერთმანეთს, ამიტომ ლაშა-გიორგის დაბადების თარიღად შეიძლება 1192–1193 წლები ვიცნათ.
ტახტის მემკვიდრის დაბადება მეტად სასიხარულო ამბავი იყო საქართველოსთვის და სამეფომ შესაფერისად იდღესასწაულა. ჩველებისაებრ «იქმნა გალაშქრება... ბედსა და სუესა ზედა ლაშასა». ქართველთა მხედრობა გაემგზავრა «ბარდავად დიდად და ძუელად ქალაქად», სადაც დიდად გაიმარჯვეს. მრავალი ტყვითა და ნადავლით დატვირთულნი შინისაკენ გამობრუნდნენ, მაგრამ აქ, ისტორიკოსის სიტყვით, «ათავისუფლეს სამ ბევრობა (ანუ 30000) ტყუეთა დღეგრძელობისათჳს თამარისა და ძისა მისისა». ბარდავითგან მოსულთ «არცა თუ თვისა ერთისა გამომსვენებელთა» ისევ «ილაშქრეს არზრუმს კართა კარნუქალაქისათა». კარნუქალაქელთა «მეშუელად იყუნეს სურმანელი, კარელი და სალდუხის ძე ნასრადდიან და ორნი ძენი მისნი». დიდძალი ქვეითი და ცხენოსანი ლაშქრობა იბრძოდა და ცხარე ბრძოლა იყო გაჩაღებული: «ცისკრისა ბინდსა მის დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად» მებრძოლთ. იმ დღეს გამარჯვება უკვე ქართველებისაკენ იყო გადახრილი და მტრის დიდძალი ქონება და ტყვეები ხელში ჩაუვარდათ. იმ ღამეს კარნუქალაქელებმა და მათმა მოკავშირეებმა გადასწყვიტეს ქართველებისათვის მედგარი წინააღმდეგობა გაეწიათ. მართლაც, »ვითარცა განთენდა ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა და... დამასკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა, გააწყუეს რაზმი ქუეთისა და ცხენოსანისა, წამოდგეს ბანსა ზედა და შუკათა შინა ისრის ამსროლელნი და ქჳს-მსროლელნი». რაკი მეფე დავითმა და ქართველობამ დაინახა რა თავგამოდებით ემზადებოდნენ მათი მოწინააღმდეგენი საბრძოლველად, თითონაც აიღეს «საჭურველი» და «ჰოროლნი» (გრძელი შუბი), ცხარი ომის შემდგომ მტერი საბოლოვოდ დაამარცხეს და გამარჯვებულნი შინ დაბრუნდნენ.
ამავე დროს «ესე ვითართა ოდესმე ჟამთა» გაილაშქრეს გელაქუნისაკენ. «ჩაიარეს ხაჩიანი და ჩავიდეს ქუეყანად ყარყრისასა და მიუწიეს ბალყუნამდის», მოარბიეს არეზის პირი, შემდეგ «ამოიარეს კარი განძისა» და აქ დიდი შეტაკება მოუხდათ; მერე უკან გამოემგზავრნენ; «ყარყრით შანქორამდის ექუსი დღე იარეს» და ძლევამოსილნი შინ დაბრუნდნენ.
ლაშქრის ერთი რაზმი კიდევ ზაქარია ამირსპასალარისა და ივანე მსახურთ-უხუცესის მეთაურობით ლორიდან წავიდა «მორბევად რაჴსის პირისა». მათ გზაზე შეხვდნენ მტრის ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი, რომელნიც თავის მხრივ «მუნით წამოსრულ იყვნეს... მეკობრობად და მზირად ქარავნისა». შუა გზაზე, »საშუალობასა გზისასა», მოპირდაპირე რაზმები ერთიერთმანერთს ეკვეთნენ. ქართველებმა გაიმარჯვეს და დავლით «ავსებულნი და სახელოვანნი» თამარ მეფესა და დავით მეფეს ეახლნენ.
«შემდგომად ამისა» კაენის პატრონის ივანე მსახურთ-უხუცესის თაოსნობით გაემგზავრნენ «მოსარბეველად დიდისა გელაქუნისა, სპარსი-ბაზარისა და გორალაუქისა». აქაც გამარჯვება ქართველებს დარჩათ ისე, რომ ქართველმა მეომრებმა «სპარსი-ბაზარის სულტნის მოედანს შინა ჴელყუეს სიხარულად და ასპარეზობად, რომელ ესეცა არაოდეს ვისგან ქმნილ იყო».
დასასრულ, დაახლოვებით მაშინვე («ოდესმე») გიორგი რუსმა კვლავ მოიწადინა ბედის ჩარხი თავისკენ მოეტრიალებინა. ამისათვის კონსტანტინეპოლითგან ათაბაგთან მივიდა და იქ ათაბაგისაგან საცხოვრებლად აიღო არანში ერთი ადგილი. აქეთგან იგი ლაშქრითურთ შემოესია «ქუეყანასა კამბეჩ[ან]ისასა და შიგნით მინდორნი მოარბია» და ბევრი ტყვე და ნატყვენავი ჩაიგდო ხელში. მაგრამ ხორნაბუჯის პატრონი საღირ მახატლის ძე მცირედის ლაშქრითურთ საჩქაროდ უკან დაედევნა და თავგანწირული კვეთების შემდგომ გაიმარჯვა, ამის შემდგომ თვით რუსიც გაიქცა და «გარდაიხუეწა».
შამქორის ბრძოლა
მაგრამ ყველა ზემოაღწერილი ლაშქრობანი მხოლოდ ნავარდობა იყო და მეზობელთა ქვეყნის დარბევა. ნამდვილი დიდი და ძლიერი ომი შემდეგ მოხდა. ამ ბრძოლაში საქართველო ჩაერია ვითარცა მფარველი სახელმწიფო შემდეგი მიზეზის გამო: «ამას ჟამსა შინა მოიკლა ყიზ[ილ]არსლან ათაბაგი, და აწ განსვენებული, მუჰლიდთა მიერ». მემკვიდრედ «დარჩეს სამნი შვილნი ფალავანდისანი მპყრობელი ყოვლისა სპარსეთისა», რომელთაც «მამისაგან და ბიძისაგან გაჰყოფოდეს ქუეყანანი ესრეთ: უფროსსა ხუტლუ-ინანჩის ერაყით ხუარასნამდის და ბაბილოვნამდის, და შემდეგსა ამირა [ა]ბუბაქარს ადარბაგანი სომხეთამდის, და უმცროსსა566... გურგანის ზღვით გელაქუნის ზღვამდის». ძმებში მტრობა ჩამოვარდა და ერთმანერთის წინააღმდეგ ამხედრდნენ. ატეხილ ბრძოლაში «სძლია [შუალმან] ამირა აბუბაქრ» და უფროსი ძმა (ესე იგი ხუტლუინანჩი) [აოტა] და თჳთ «დაჯდა ათაბაგად». ამირ-მირანი (მირმანი), რომელიც აგრეთვე მუჰამედ ფალავანის ჩამომავლად ითვლებოდა იმიტომ, რომ «დედა მისი იყო ასული ინანჩისი, ხუარასნის მემამულისა», მაშასადამე ინანჩის ქალიშვილი ყოფილა567, «შეესიძა შარვა[ნ]შას,» მაგრამ ვერც ამან უშველა: აბუბაქრ ათაბაგი «თჳთ შარვა[ნ]შაჰს და მას»-აც დაესხა და გააქცია, ხოლო «თჳთ დარჩა გადიდებული და გალაღებული».
თამარ მეფის ისტორიკოსის მოთხრობა სრულს ჭეშმარიტებას შეიცავს და თვით ამბავის განსაზღვრაც შეიძლება ქრონოლოგიურად. ადარბაგანის ამირთ-ამირამ ყიზილ-არლსან ათაბაგმა, მართლაც, 1191 წელს სულტანად გამოაცხადა თავისი თავი, მაგრამ მალე მოკლულ იქმნა მუჰლიდთა მიერ. ამგვარად, ქართველი ისტორიკოსის სიტყვები ყიზილ-არსლანის შესახებ, რომ იგი «მოიკლა..., აწ გასულტნებული, მუჰლიდთა-მიერ», საქმის ვითარებას საუცხოვოდ გვიხატავს. მოკლული ათაბაგის მემკვიდრედ იყვნენ მისი ძმის მუჰამმედის ალფაჰლავანად წოდებულის569 შვილები აბუ-ბაქრი, ყუთლუღ-ინანჩი და უზბეგი570.
გათამამებულ აბუ-ბაქრს შარვანშამ და მისმა სიძემ ამირმირანმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს «რამეთუ მას ჟამსა შერისხვაცა მოიწია სახლსა ზედა შარვანისასა» — საშინელი მიწის ძვრა, რომელმაც «დასცნა ზღუდენი და ციხენი შამახისანი და უჩინო იქმნეს ყოველნი მას შინა მყოფნი, რომელსა შინა წარწყმდეს შარვაშეს ცოლი და შვილნი». როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ერთს ქართულს კჳნკლოსში შამახიის დაქცევა მოხსენებულია 1192 წელს; ხოლო რაკი ყიზილ-არსლანი 1191 წელს მოჰკლეს, მაშასადამე, მთელი ეს ამბავი 1191–1192 წლებში უნდა მომხდარიყო. შარვანშა უკვე დავით აღმაშენებელის დროითგან საქართველოს მეფის ყმად-ნაფიცი იყო და საქართველოს მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა; ამიტომ მან და მისმა სიძემ დახმარება სთხოვეს აბუ-ბაქრის წინააღმდეგ. თამარ მეფემ და დავით სოსლანმა, როგორც მოსალოდნელიც იყო, «უბრძანეს იმედი შველისა და ჴელის-აპყრობისა». რაკი ასეთი გამამხნევებელი ამბავი შეიტყეს, «მაშინ მოვიდეს» საქართველოში თვით ამირ-მირანი და ახსართან შარვანშა ამალითურთ და საქართველოს მეფეს ეწვივნენ. თამარ მეფე და დავით სოსლანი ბრძანდებოდნენ «ჭალასა აგარათასა» და ყმადნაფიცი სტუმრები და ნათესავები სადარბაზოდ «ეწუივნეს». საქართველოს მბრძანებლებმა და მთავრობამ მოსულნი ბრწყინვალედ და დიადის ზეიმით მიიღეს, თითქოს მთელის სახელმწიფოს ძლიერებისა და სიმდიდრის ჩვენება უნდოდათ მოყმე შარვანშაჰისა და მისი სიძისათვის. «შეიქმნა დარბაზობა და დასხდეს ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თჳთ თამარ, დავით და ძე მათი», ხოლო სტუმრებს «მიაგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი ახალნი და შემდგომად ჰერნი და კახნი, შემდგომად ქართუელნი და შემდგომად მესხნი და თორელნი შავშ-კლარჯ-ტაოელნი, შემდგომად სომხითარნი, შემდგომად აფხაზნი და სუან-მეგრელ-გურულნი თან რაჭა-თაკუერ-მარგუელითურთ და თჳთ კარვის კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი». საქართველოს ხელმწიფის ეგოდენ ბრწყინვალე ამალის გვერდით უნდა გაევლოთ ახსართანსა და ამირ-მირანს, სანამ თვით მეფეს წარუდგებოდნენ. »ვინათგან შინაური და თჳსი იყო შარვანშა, პირველად შემოვიდა იგი და თაყვანისმცემელი მოიკითხეს წესისაებრ და დასვეს თჳსსა ადგილსა», ხოლო «შემდგომად ამისა ამირ-მირან... და მოიყუანეს პატივითა და... მომკითხველთა [და]სუეს... და შეიტკბეს ვითარცა შვილი მოყმე კარგი». ამის შემდგომ ჯერი ამალაზე მიდგა და შემოიყვანეს «დიდებულნი ზოგნი ელდიგოზისნი, ზოგნი შვილთა მისთანი, ათაყუანეს და მოიკითხეს შესაფერითა პატივითა». დარბაზობას ზედ მოჰყვა «პურობა» და «ნადიმი», შემდეგ ყოველგვარი გასართობი. ამგვარს ლხინში ჰყავდათ ქართველებს სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ «დამყოფელთა მსგეფსისა ერთისათა» (იქვე) ამ სიხარულსა და გართობაში, მაინც მთავარი საქმე არ დავიწყებიათ და ლაშქრობისთვის «ეკაზმოდეს და ემზადებოდეს დამასკუნელნი შუღლისანი».
ქართველთა მზადება აბუ-ბაქრ ათაბაგს არ გამოჰპარვია, ჯაშუშებმა «აცნობეს ათაბაგს» და იგიც დიდის ომისთვის აეკაზმა და მოკავშირენი და მეშველნი მოიხმო «ნახჭვანიდაღმან ყოვლისა სპარსეთისა შეყრითა». აბუ-ბაქრი მოვიდა არანს. მისთვის «წარმოეგზავნა ხალიფას დროშა მისი და ლაშქარნი», ამასთანავე «ხალიფური ოქროც» მოუშველებია (იქვე).
ეხლა კი საკითხი საბოლოვოდ უნდა გადაწყვეტილიყო და ამიტომ «მაშინ შეკრბეს თამარის წინაშე ყოველნი ვაზირნი და სპანი, თჳთ შარვანშა»-ც. ამ საგანგებო საბჭომ გადასწყვიტა ათაბაგისათვის ომი გამოეცხადებინა და «დამასკუნელთა მიმართებისათა» (იქვე) საქართველოს მთავრობამ «განსცა ბრძანება და წარავლინა შიკრიკნი და მალემსრბოლნი წუევად ლაშქრისა იმერეთად და ამერეთად». ამავე დროს «მას ჟამსა ძმა ყივჩაყთა მეფისა... აქა იყო სამსახურად დიდითა ლაშქრითა». დანიშნული დროისათვის «პაემანს» იმდენად მრავალრიცხოვანი ჯარი შეიყარა, რომ მათის «სიმრავლითა აღივსნეს მტკურის პირი, ალგეთის პირი, [ქციის პირი და ქურდვაჭრის პირი], ესე ოთხნივე მდინარენი ტფილისით ყარალაჯამდის, («ყარჩლამდის») მოფენილი იყვნენ ქართველთა მხედრობით. ქართველები უყოვნებლად საომრად გაემგზავრნენ და «დაიბანაკეს წყალსა ზედა ელეკეცისა და მუნით აყრილნი მოვიდეს სახლსა შანქორისასა».
ქართველებმა საომრად «დააწყუეს რაზმი წესისაებრ» აგრეთვე «შეიჭურვა მეფე და შეჯდა ზერდაგსა». საომრად გამზადებული რაზმითურთ «წარემართნეს და წავიდეს ს[ი]ახლ[ე]სა შანქორისასა». ქალაქს რომ მიუახლოვდნენ რაზმი ორად გაჰყვეს და ომი დაიწყეს. მეფემ დიდი რაზმითურთ შანქორი მხარმარჯვნივ დააგდო და «მოსწრაფე იქმნა განსლუად წყლისა შანქორისასა კერძოსა», ხოლო ქართველთა უმცირესმა რაზმმა დაიწყო ომი «კართა ზედა და âიდთა». ქართველებმა მთელი თავიანთი სამხედრო ძალა-კი არ მოიხმარეს, «არა თუ სრულობითა წარმოღურითა რაზმისათა» მიეტივნენ მტერს, არამედ მარტო «წინამსრბოლთა» მიანდვეს კვეთების დაწყება. ქართველებს ვარაუდი არ გაუმართლდათ და «გაგრძელდა ომი გზისა სიგრძისაგან» იმიტომ, რომ «მეფე და რაზმნი მისნი მიზეზითა ბეღთა571 და კაპანთათა572 დაყოვნებული იყუნეს» და დროზედ ვერ შეასრულეს განზრახული საქმე. ომი შენივთდა და მეტად გახურდა:» მოუკლეს ცხენი ზაქარია ვარამის ძესა და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა». როდესაც ქალაქის კართან მებრძოლ ქართველთა რაზმის გაჭირვება «ცნეს მâარგრძელთა, ძეთა სარგისისათა, ზაქარია ამირსპასალარმან და ივანე მსახურთ-უხუცესმან, წარმოემართნეს» მათ მოსაშუელებლად. იმდენად ფიცხელი ომი იყო, რომ მâარგრძელთ «მოსრულთა წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი”, მაგრამ ათაბაგი თავისი ჯარითურთ მაინც მაგრა იდგა. ამ დროს გამოჩნდა მეფეც თავისი რაზმითა და სახელმწიფო დროშითურთ. მაშინ კი მთელის თავიანთი სამხედრო ძალით ქართველებმა მტერს შეუტიეს და მტერიც შედრკა: «ვიდრე მეფისა მოსულამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა და რაჟამს იხილეს მეფე, დაეცა რისხუა ღმრთისა» და გაიქცა (იქვე). გაქცეულს მტერს ქართველებმა ორ რაზმად მდევარნი მიაყოლეს და «მიუწია მდევარმა ერთკერძომან განძის შუალმთამდი, ერთკერძომან მთამდი გელაქუნისა».
ამ დიდ და ფიცხელ ომში გამარჯვებულ ქართველებს მრავალი ტყვე და ნატყვენავი ერგოთ: სხვათა შორის მათ ხელში ჩაუვარდათ» დროშა ხალიფასაგან ღაზოდ წარმოგზავნილი». სიხარულისაგან აღტაცებულნი «თჳთ შარვანში და ამირ-მირან პირითა მხიარულითა გარდამოâდეს და თაყუანისცეს, დალოცეს და ქება შეასხეს [მეფესა და] ბუმბერაზთა მისთა».
იმ ღამეს კი «დაიბანაკეს სადგომსა მათსა», ხოლო «ვითარცა განთენდა მოვიდეს შანქორელნი და მოართვეს კლიტენი» მცხოვრებლებმა ამ გზით საქართველოს მეფეს თავიანთი მორჩილება გამოუცხადეს და ქალაქ შანქორი გადასცეს. მეფემ აიღო მარტო ქალაქი კი არა, არამედ იგი ამასთანავე «ყოველთა მისთა მიმდგომთა ქალაქთა და ციხეთა» პატრონად გახდა. მაგრამ საქართველოს მეფეს დაპყრობილი ქვეყანა თვით არ დაუჭერია; მან «ითაყუანა ამირ-მირან და უბოძა მას»; თითონ-კი მთელის თავის მხედრობითურთ «გაემართა განძას» და მივიდა თუ არა «სიახლოესა ქალაქისასა» გამოეგებნეს დიდებულნი და დიდ-ვაჭარნი, ყადი» და სხვები და «დავრდომით მიწისა ზედა თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შეავედრნეს თავნი [თჳსნი] და შვილნი». ამგვარად, განძაც უბრძოლველად დამორჩილდა ქართველებს. ქალაქის წარმომადგენლებმა, პირიქით, თითონვე «განუხუნეს კარნი ქალაქისანი» და საქართველოს ძლევამოსილს მეფესა და მხედრობას «მიუფენდეს სტავრას კართა სრამდი სულტნისა და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვერცხლსა, დრამასა და დრაჰკანსა».
ქართველთა ძლევამოსილების აღსანიშნავად მეფე დავით სოსლანმა განძის სულტნის სასახლეში დიდი და ბრწყინვალე დარბაზობის მოწყობა ბრძანა. იგი შებრძანდა სასახლეში, »აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტნისასა. შეიქმნა დარბაზობა და დასხნეს ამირ-მირან და შარვანშა თჳთეული თჳსსა ადგილსა; ეგრეთვე ვაზირ[ნი], მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელთაცა აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისა [და]სუეს». როდესაც დარბაზობას მორჩნენ, «შეიქმნა, პურობა [და]ნადიმობა შესატყვისი ჟამთა» სადღესასწაულო.
იმავე დღეს, რასაკვირველია, საქართველოში «წარგზავნეს მახარობლად მანდატურთ-უხუცესი ჭიაბერი», რომელიც «მოვიდა ტაბაჴმელას და ჰკადრა თამარსა საქმე აღსავსე სიხარულითა გამოუთქმელითა». მახარობელს შემდგომ მალე თვით ძლევამოსილი მეფე დავითი და მთელი მხედრობაც მოვიდა და თამარ მეფეს მოართვეს «ნიჭი არმაღანი და განძი აურაცხელი მრავალი ტყვე ნატყვენავი»573. თამარმა უმთავრესი ნატყვენავი «დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღ՜თის მშობელისასა». და მას შესწირა.
თამარ მეფემ უხვად დაასაჩუქრა გულადი მეომარნი და «მადლისა და წყალობისა გარდამჴდელმან გაჰყარნა ლაშქარნი» და დაითხოვა. სამწუხაროდ, შანქორის სახელოვანი ომის თარიღი სრულად არ არის შენახული. თამარ მეფის ისტორიკოსი ამბობს: «თუესა ივნის՜ა, დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა პარასკევად, რომელსა შინა ქრისტემან ღ՜თნ ჩუენმან შემუსრა ძლიერება მჴდომისა და დათრგუნა ორთავი იგი ვეშაპი». არც ქრონიკონი, არც თვის რიცხვი აღნიშნული არ არის. შესაძლებელია ერთიცა და მეორეც გადამწერთაგან იყოს გამოტოვებული. თარიღის დაახლოვებით გამოსაანგარიშებლად ჩვენ ორიოდე ცნობა მოგვეპოვება. რაკი, როგორც ეტყობა, თამარ მეფის ისტორიკოსი მოთხრობის დროს ქრონოლოგიურ წესს მისდევს და შანქორის ომს ჯერ ამირ-მირანის მოწამვლვა, შემდეგ კი დვინის აღების ამბავი მიჰყვება, ამიტომ საფიქრებელია, რომ შანქორის ომი მაინც-და-მაინც დვინის აღებამდე უნდა მომხდარიყო, ესე იგი, 1202–1203 წლამდე. ამგვარად მ. ბროსეს აზრი, რომ შანქორის ომი 1203 წელს უნდა მომხდარიყოო შემცდარია574. მეორე მხრით შანქორის ომი შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ჯერ ერთი ყიზილ-არსლან ათაბაგის სიკვდილისა და იმ საშინელ მიწის-ძვრის შემდგომ, რომელმაც ქალაქი შამახია დააქცია. ამას გარდა, როდესაც შარვანშა და მისი სიძე საქართველოს ეწვივნენ და თამარ მეფემ მათ დიდი დარბაზობა გაუმართა, ამ დარბაზობას მათი ძე ლაშა-გიორგიც დასწრებია, მაშასადამე, სულ ცოტა ორი წლისა მაინც უნდა ყოფილიყო. რაკი ლაშა-გიორგი 1192–3 წელს დაიბადა, ამგვარად ირკვევა, რომ შანქორის ომი შეუძლებელია 1194 წელს ადრე მომხდარიყო. ამას ისიც ამტკიცებს, რომ აბუ-ბაქრისაგან გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფნი შარვანშა და ამირ-მირანი თამარ მეფეს სთხოვდნენ, სპარსეთი დაიპყარ და «მაშინ დასუით ასული თქუენი... პატრონად ყოვლისა სპარსეთისა» და ჩვენ მოგვათხოვეთო. თამარმა «არა მღირსმან სიძობისამან» ამ პირობაზე უარი შეუთვალა, მაგრამ დახმარება მაინც აღუთქვა. რასაკვირველია, შარვანშას და ამირ-მირანს რუსუდანის «დაწინდვაზე» ექმნებოდათ ლაპარაკი, მაგრამ ესეც ამტკიცებს, რომ მაშინაც, როცა მათ თამარ მეფეს დახმარება სთხოვეს, რუსუდანი დაბადებული ყოფილა. ხოლო რუსუდანი, შესწორებულ ქ՜ცის ცნობით, ლაშა-გიორგის დაბადების ერთი წლის შემდგომ ეყოლა თამარ მეფეს575, ესე იგი 1193—1194 წელს, მაშასადამე, შანქორის ომი შეუძლებელია 1194 წელზე ადრე და 1202 წელზე გვიან მომხდარიყო.
ბ. თ. ჟორდანიას შანქორის ომის თარიღის გამოსარკვევად შემდეგი გონებამახვილი მოსაზრება აქვს მოყვანილი. იგი ამბობს: «თვით მატიანე გვიჩვენებს, რომ შანქორის ომი მოხდაო: »თუესა ივნის՜ა: დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა პარასკევად». რაკი მემატიანეს ესრე დაწვრილებით უჩვენებია თვე, დღე ხუთშაბათი, ძნელი დასაჯერებელია, რომ თვის რიცხვიც არ ეჩვენებინოს. ალბად ეწერებოდა: «ივნისსა :ა:» და გადამწერს ალბად ბოლო ანი გამორჩენია, რადგან ეს ასო ორჯერ გამეორებული ყოფილა... ხოლო პირველი ივნისი 1193–1204 წლებს შუა ხუთშაბათს მოდიოდა მხოლოდ 1195 და 1200». ადვილად შესაძლებელია გადაწერის დროს ამგვარი შეცდომა («ა» გამოტოვება) მომხდარიყო და, თუ მართლაც ასე მოხდა, მაშინ 1195 წელს ვგონებ უფრო მისაღებია შანქორის ომის თარიღად იმიტომ, რომ ყიზილ-არსლანის სიკვდილზედაცა და მიწის ძვრაზეც უფრო ახლოა576.
ქართველთა ჩარევამ შარვანის საქმეებში შარვანშაჰის შელახულ უფლებათა აღსადგენად და შანქორის ომმა ქართველები თანდათან ხანგრძლივს და დიდს ომებში ჩაითრია. მოწინააღმდეგენი ქართველთ ბრძოლას ველზე ხშირად შეერთებულის ძალით უხვდებოდნენ და თვით ხალიფაც ეხმარებოდა მაჰმადიან ამირებსა და სულტნებს, ასე იყო შანქორის ომშიც და ქართველთა გამარჯვებას შანქორთან ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს ეგოდენ მკვიდრი სამხედრო ძლიერება გამოააშკარავა, რომელსაც მაჰმადიანთა შეერთებული ლაშქრისათვის ჯეროვანი პასუხის გაცემა შეეძლო. განსაკუთრებით სასახელო იყო ქართველებისათვის ხალიფას მიერ უძლევლობის ნიშნად (ღაზოდ) წარმოგზავნილ დროშის წართმევა. ამიტომაც იყო, რომ თამარ მეფემ ქართველთა ძლევამოსილების ეს ძვირფასი ნიშანი ხახულის დიდებულს ტაძარს შესწირა.
1195–1206 წლის ბრძოლები
აბუ-ბაქრი «ათაბაგ ყოფილი» დამარცხების შემდგომაც არა სცხრებოდა. «ნახჭავანს გარდახვეწილმან» მაინც თავისი მეტოქე ამირ-მირანი წუთისოფელს გამოსალმა. მისმა მოსყიდულმა კაცებმა «მისცეს წამალი სასიკუდინე», რომლისაგანაც დასნეულდა და მოკვდა. აბუ-ბაქრი მაშინვე მოვიდა და განძა დაიჭირა და «მოიფიცა». მეფე დავითს რომ ამირ-მირანის დასნეულების ამბავი შეატყობინეს, მცირედის ჯარით «გაემართა და მივიდა შანქორამდი», სადაც მას მოეგებნენ ამირ-მირანის დიდებულნი «მტირალნი» და «ჰკადრეს ჟამად აღარა იქმნების»-ო ესე იგი, ამირ-მირანის სიკვდილი გაუმჟღავნეს. მეფე საქართველოში დაბრუნდა და ეს ამბავი თამარს მოახსენა, რომელიც «შავითა შეიმოსა» და «დიდითა ცრემლითა მოიტირნა».
სანამ მეფე დავითი მზადებაში იყო, ივანე მâარგრძელი «გავიდა გელაქუნად მცირედითა ლაშქრითა», სადაც მას შეხვდა მტრის დიდი ლაშქარი მომავალი განძით და მიმავალი ქუეყანასა დვინისა[სა] სურმანს». თუმცა მტერი ათჯერ მეტი იყო, ივანე მჴარგრძელი მაინც შეებრძოლა და გაჰფანტა. ვარდანის სიტყვით 1196 წელს მჴარგრძელთ საქართველოს ამბერდი შემოუერთეს. გელაქუნისა და ამბერდის აღებას ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანეც ადასტურებს. იმავე ვარდანის ცნობით 1201 წელს ბიჯნისი იყო დაპყრობილი578 და ბიჯნისის აღებას იგივე ქართველი მემატიანეც ამტკიცებს.
თავხედი აბუ-ბაქრის დასასჯელად ქართველებმა ორ მხარეს მოაწყეს ლაშქრობა: ჯარის ერთი წილი მეფე დავით სოსლანის მეთაურობით გაემგზავრა «ქუეყანასა განძისასა», მეორე კი თამარ მეფეს გაჰყვა, რომელიც «ჩავიდა დვინადმდი». ქართველებმა დვინი აიღეს. დვინის დაპყრობა ქართველების მიერ დაწვრილებით აღწერილი აქვს იბნ ალასირს. არაბ ისტორიკოსის სიტყვით დვინი ეკუთვნოდა ამირა აბუ-ბაქრს, ალ-ფაჰლავანის შვილს. აბუ-ბაქრი თურმე მეტის-მეტი ლოთი კაცი ყოფილა, დღე-და-ღამ სულ სმაში იყოო. როდესაც ქართველები 599 წელს ჰიჯრ. (1202–1203) ქალაქ დვინს მიადგნენ და გარემოიცვეს, მცხოვრებთ თურმე აბუ-ბაქრს დახმარება სთხოვეს, მაგრამ იმან ყურადღება არ მიაქციაო. დვინის გარემოცვამ დიდ ხანს გასტანა და მოქალაქეთ ქართველებისათვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლოთ, ქართველებმა ქალაქი აიღეს და ბევრი მცხოვრებნი უწყალოდ ამოხოცეს; მაგრამ მერე როდესაც დვინში ფეხი მკვიდრად მოიკიდეს, გადარჩენილ მცხოვრებთ კარგად ეპყრობოდნენო579.
სომეხთა ისტორიკოსებს დვნის დაპყრობა უთარიღოდ აქეთ მოხსენებული, მაგრამ არავითარი აღწერილობა შენახული არა აქვთ580; თარიღი მხოლოდ ვარდანსა აქვს აღნიშნული და ისიც ადასტურებს, რომ დვინი 1204 წელს იყო აღებული581. დვინითგან თამარი და გამარჯვებული ქართველი ჯარი უკან დაბრუნდა; თამარ მეფე «დადგა აგარათა მორჭმითა».
ქართელთა მხედრობის მეორე ნაწილი, რომელიც დავით სოსლანის მეთაურობით გაემგზავრა, განძის კარს მიადგა, სადაც ქართველები აბუ-ბაქრის მომხრეებს სასტიკად ებრძოდნენ. «დაყუეს კარსა ქალაქისასა დღე ოცდახუთი», და ალაფით დატვირთულნი შინ მოვიდნენ.
როდესაც აბუ-ბაქრი საკმაოდ დასაჯეს და სამეფო სახლობა ლიხთიმერეთს იყო გადასული, «ქუეყანა არტანისა, ძაღინის (თუ ძაღლის) ჴევისა, პალაკაციო წაეღო თურქთა». ამიტომ თამარის ბრძანებით ქართველთა ლაშქარი შეესია თურქების სამფლობელოს და «მიუწია მარბიელმან ბასიანადმდის», ქართველთა ჯარის ბასიანამდე ძლევამოსილს ლაშქრობას სომეხთა ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანიც ადასტურებს582.
ლაშა-გიორგის დროინდელი ისტორიკოსი ამბობს, რომ თამარ მეფის დროს ქართველებს «ხახული, ოშკი და ბანა წაეღოთ»-ო, მაგრამ სამწუხაროდ დრო აღნიშნული არა აქვს; ეს ამბავი მას კარის, კარნიფორის, ვანანდისა და რაჴსისპირის ციხეების აღების შემდგომ აქვს მოხსენებული, მაგრამ თანაც ნათქვამი აქვს, ეს მოხდა «წინ ამისსაო» (იქვე).
ამ ხანებში მომხდარა ქართველ-სომეხთა პაექრობაც, რომლის შემდგომაც მსახურთ-უხუცესმა ივანე მჴარგრძელმა გრიგორიანობას თავი დაანება და «ნათელ იღო სარწმუნოებასა ზედა [ჩუენსა] იოვანეს მიერ ქართლისა კათალიკოზისა და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად და იქმნა დიდი სიხარული», ამ ამბავს ადასტურებენ სომეხთა ისტორიკოსები კირაკოზი განძაკელი და ვარდანი.
1204 წელს ქართველი მემატიანის სიტყვით თამარ მეფემ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, რაკი მან ბერებს თამარ მეფის ბოძებული ოქრო წაართვა და მიითვისა, ბერძენთა კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ამ მიზნით მან «წარგზავნა მცირედნი ვინმე ლიხთა იქითნი და წარუღეს ლაზი[კ]ა. ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა. ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა ანდრონიკეს შჳლსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარისსა შემოხვეწილიო586. ქართველი მემატიანის ზემომოყვანილს ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს. მას ამასთანავე თარიღიცა აქვს შენახული. იგი ამბობს, რომ დიდმა კომნენოსმა ალექსიმ 1204 წელს თავის მამის ძალუის დახმარებით და ქართველი (იბერიის) ჯარით ტრაპიზონი დაიპყრაო587.
1204–1205 წლებში (601 წ. ჰიჯრ.) ქართველები ჯერ ადარბაგანში შევიდნენ, ააოხრეს და დიდძალი ტყვე წამოასხეს, მერე ხლათის სულტანის ქვეყანას მიადგნენ და მანაზკერტამდის მიაღწიეს. არავის წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, მაჰმადიანთა ლაშქარი ყველგან ქართველთა მხედრობის წინაშე უკან იხევდა. ტყვითა და დავლით აღვსილი ქართველები უკან გაბრუნდნენ588.
ხლათითიგან ქართველები იმავე წელს არჭეშისაკენ გაემგზავრნენ, ქვეყანა დაარბიეს და მცხოვრებნი დაატყვევეს: ხოლო იქითგან მანაზკერტის ციხისაკენ გაემართნენ, რომელიც ხლათის სულტანს ეკუთვნოდა, თუმცა არზრუმის მახლობლად იდო. ხლათის სულტანმა არზრუმის მმართველს დახმარება სთხოვა და შეერთებული ლაშქრითურთ ქართველებს წინააღმდეგობა გაუწია, დაამარცხა და უკუაქციაო, ამბობს იბნ ალასირი .
იმავე ისტორიკოსის სიტყვით ქართველებს 1205—1206 წელსაც (602 წ. ჰიძრ.) ხლათში გაულაშქრიათ და მაჰმადიანთა ჯარს ქართველთა მხედრობა მთებით გარემოზღუდულ მინდორში შეუტყუებია. მერე თავს დასცემიან, გასავალი შეუკრავთ და ქართველები ამოუხოციათ590.
თამარ მეფის ისტორიკოსი არც ხლათის და არც მანასკერტის შესახებ არას ამბობს, არც სომეხ ისტორიკოსებს აქვთ რამე ამის მსგავსი591.
1206 წელს ქალაქი კარიც საქართველოს შემოუერთდა. «აქამდისინ კარი თურქთა ჰქონდა». თამარ მეფემ «წარავლინნა ლაშქარნი გარე[მო]დგომად; ცნეს თურქთა, დააგდეს კარი და ივლტოდეს». მეფემ მტრისაგან დატოვებული კარი დაიპყრო და «დაუტევა კარის მცველად ახალციხელი ივანე», რომელიც მეფემ დანიშნა «მონაპირედ და უბოძა ... ამირთ-ამირობა». ივანე ახალციხელი მხნედ შეუდგა თავისი მოვალეობის ასრულებას და თანაც «წაუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი» და საქართველოს შემოუერთა. ამ გამარჯვების საცნობელად მონაპირემა და ამირთა ამირამ «წარმო[უ]გზავნა მახარობელი მეფეს», რომელმაც ახლადდაპყრობილი ქვეყნებიც მას უწყალობა საგამგეოდ.
კარის გარემოცვის ამბავი უფრო ვრცლად იბნ ალ-ასირსა აქვს მოთხრობილი. იგი ამტკიცებს, რომ ქართველებს ქალაქ კარი დიდის ხნის განმავლობაში ჰქონდათ გარემოცული ისე, რომ რამდენსამე წელიწადს მცხოვრებნი ძალზე შეავიწროვეს და იმ ქვეყნის შემოსავალი მოუჭრეს. რაკი კარი ხლათის მმართველს ეკუთვნოდა, კარელი ამირა ემუდარებოდა მას მოჰშველებოდა ხლათითგან და ქართველთა გარემოცვითგან ეხსნა, მაგრამ ამაოდ, ამიტომ უკიდურესად გაჭირვებულმა კარის ამირამ ქართველებს ზავი სთხოვა და ციხექალაქი ქართველებს გადასცა, რისთვისაც საკმაო ფული მიუღია. იბნ ალასირის სიტყვით ეს მომხდარა 603 წ. ჰიჯრ. ანუ 1206–7 წელს. ვარდანიც კარის აღების თარიღად 1206 წელს სდებს593.
ბასიანის ბრძოლა და რუქნადირის დამარცხება
როდესაც რუმის სულტანმა რუქნადდინმა კარისა და მისი სანახების აღების ამბავი შეიტყო, მან ეს იწყინა, «მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპისა მისსა და შეკრბა კაცი ოთხმეოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი» და თამარ მეფეს საგანგებო მოციქულის ხელით უკმეხად შედგენილი წერილი გამოუგზავნა (წერილში სხვათაშორის ნათქვამი იყო: «შენ გიბრძანებია ქართველთა-თჳს აღებად ჴრმალი მუსულმანთა ჴოცად»; ამიტომ «აწ მე წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი [და] აღვჴოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქუეყანისა და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა-მომეგებოს, თაყუანისცეს ჩათრსა ჩემსა... ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მაჰმადი აღიაროს»-ო. ამ სიბრიყვითა და თავხედობით აღსავსე წერილით რუქნადინის მოციქული საქართველოში მოვიდა და «შეიყუანეს თამარს წინაშე»; მიართვა გამოტანებული წერილი და სიტყვიერადაც «იწყო არა-საკადრებელთა სიტყუათა თქუმა», ბატონსავით უზრდელმა და ბრიყვმა მოციქულმა წამოიძახა: «უკუეთუ მეფემან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა». ამგვარი შემაძრწუნებელი კადნიერებისათვის ზაქარია ამირსპასალარმა მოციქულს «უხეთქა ჴელითა პირსა» ისე ძლიერად, რომ მოციქული «ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა». წაქცეული წამოაყენეს და გონზე მოსულს ამირსპასალარმა გამოუცხადა: »თუ მოციქული არა იყავ. პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმე-ღა თავისა»-ო. ამ უკმეხ წერილზე თამარ მეფემ მოციქულს სიტყვიერად უპასუხა: «ჩუენ მზა ვართ წყობად და წინა-მოგებებად. სამართალი ღმრთისა იყავნ!» და წერილითაც შეუთვალა რუქნადდინს:» ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯვარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი... რუქნადინო და ვცან სიცრუვენი შენნი, რამეთუ ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე! აწ წარმომივლენია ყოველი [მ]ჴ[ე]დ[რ]ობა ჩემი წინა-მოგებებად შენდა»!-ო. როდესაც თამარ მეფის წერილი მზად იყო, ბრიყვი მოციქული მაინც «შემოსეს და ნიჭი უბოძეს [და] წარგზავნეს პასუხითა მწვავითა».
იმავე დროს მთელ საქართველოს სამეფოთაგან «ნიკოფსით დარუბანდამდის» საჩქაროდ ჯარი შეჰყარეს და ჯავახეთში შეკრიბეს. თვით თამარ მეფე მივიდა ვარძიას და «ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი და დროშა» სამეფო. ვარძიითგან საქართველოს მრავალრიცხოვანი მხედრობა ბასიანს გაემგზავრა მტრისაკენ, თუმცა «მანდატურთ-უხუცესი იყო ჭიაბერი», მაგრამ რაკი ძნელი და ფიცხელი ომი იყო მოსალოდნელი, ამიტომ ისიც წავიდა საომრად. საქართველოს ლაშქრის «წინა-მებრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი შალვა და ივანე». თამარ მეფე ოძრჴეს წარბძანდა და დაუცხრომელ ლოცვა-კურთხევაში იყო თითონაც და ”ყოველგან საყდართა; მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა». მეფე დავითს ისეთი საომარი გეგმა ჰქონდა განზრახული, რომ მტერს თავის ბანაკშივე თავს დასხმოდა: »უნდოდა რამეთუ ზედა-მიჰმართა სადა დაბანაკებულ იყო ბასიანისსა ადგილსა ბოლოსტიკედ წოდებულისა». ამიტომ ქართველები «ეახლნეს ბანაკსა სულტანისასა». ქართველმა მზვერავებმა დაინახეს, რომ მტრის აუარებელი ჯარი მრავალის კარვებითა, ცხენებითა, ჯორებითა და აქლემებით უდარდელად, «წყნარად და უკადრად მდგომარე იყო». მტერი ქართველებზე მეტი აღმოჩნდა, »უმეტეს ქართუელთასა» იყვნენ. რუქნადდინი ისე იყო გათამამებული, რომ «დარაჯნი არა უდგეს სულტანსა». ამ ცნობების მიღების შემდგომ ქართველებმა დააწყეს რაზმები და მტრისაკენ გაემართნენ, ჯერ წინამებრძოლად მყოფნი ამირსპასალარი ზაქარია მჴარგრძელი, ახალციხელნი შალვა და ივანე და თორელნი დაიძრნენ. მთავარი ჯარი ორ ჯგუფად იყო გაყოფილი: »ერთ-კერძო აფხაზნი და იმერელნი» იყვნენ, «ერთკერძო ამერელნი». ქართველები ჩუმად, «წყნარად ვიდოდეს». ქართველი მხედრობის მოულოდნელმა მოსვლამ მტერი შეაკრთო. საჩქაროდ უკან დაიხია და შეიარაღდა. როდესაც «ეახლნეს წინა-მებრძოლნი ორთავე» მოპირდაპირე ჯარისა, დაიწყო «ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძველ ოდესმე ქმნილა... ეგევითარი ომი». ორთავე მხრით მრავალი მეომარი დაიხოცა. ქართველთა მხედრობა დიდ განსაცდელში ჩავარდა ისე, რომ «კნინღა სივლტოლად მოიდრიკნეს». ბრძოლის დროს მსახურთ-უხუცესს ივანეს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანეს ახალციხელთ, თაყაიადინ თმოგველს და მრავალ სხვა მხედართ-მთავრებს ცხენები მოუკლეს და «ქუეითად დარჩეს რაზმსა შინა». ამის გამო დანარჩენნი მეომრებიც იმ რაზმში «ჩამოჴდეს ცხენისა-გან და ქვეითად» იბრძოდნენ. სხვა ცხენოსანი რაზმები ქართველებმა ქვეითა რაზმებს მოაშორეს, «რათა არა ცხენითა მათითა დაითრგუნნა ქუეითნი ქართუელნი». ქართველთა ცხენოსანმა ლაშქარმა ორ ნაწილად გაყოფილმა მეფე დავითისა და ზაქარია ამირსპასალარის მეთაურობით მტერს სხვა ადგილას შეუტია. ამ ახალმა შეტევამ მტერი შეაშინა და «პირველსავე მოკიდებასა და ხეთქებასა ჴმალთასა» შედრკა და გაიქცა; «ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი».
როდესაც რუქნადდინის უზარმაზარი ლაშქარი გაიქცა, მაშინ ქართველთა დაქვეითებული რაზმებიც ამხედრდნენ, »აღსხდეს ჰუნეთა და ვიდრე ღამემდე დევნა უყუეს და ჴოცეს». მტრის მლტოლვარე ჯარში ისეთი ვიწროობა იყო და ისეთი უწესობა სუფევდა, რომ «ურთიერთას დასთრგუნვიდეს». ძლევამოსილს საქართველოს სამეფოს ლაშქარს დიდძალი ოქროვერცხლი, ჭურჭელი, სახედარი, საქონელი, კარვები და მრავალი სხვადასხვა ძვირფასი ქსოვილები და შესამოსელი ერგო დავლად. რაკი ქართველები მტერს სწრაფად და მოულოდნელად დაეცნენ, ამიტომ მტერთან შედარებით ქართველებს ნაკლები ზარალი მოსვლიათ და მხედართ-მთავართაგან ისტორიკოსის სიტყვით «არცა ერთი ვარგი მეფისაგან შესწავლილი კაცი მოკუდა».
თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობა ამ სახელოვანი ომისა და რუქნადდინის დამარცხების შესახებ მთლადა მტკიცდება სპარსელ ისტორიკოსთა ცნობებით. ჰამდალლაჰ ყაზვინი, მაგ., ამბობს: რუქნადდინი «გაემგზავრა აფხაზთა და საქართველოს (გურჯისტან) წინააღმდეგ, მაგრამ, რაკი იგი ფრთხილად არ მოიქცა, დამარცხებულ იქმნა, რუმში (თავის სამფლობელოში) დაბრუნდა და უნდოდა (ქართველებისათვის) შური ეგო, მაგრამ არ დასცალდა» და 602 წელს ჰიჯრ. (18 აგვისტ. 1205 წ. აგვ.1206 წ. ქ. შ.). გარდაიცვალაო.
უფრო ვრცელი ცნობებით ჰაუცმას595 მიერ შეგროვილს წყაროებში. რუქნადდინს თურმე მეშველად ჰყოლია მუიზ-ადდინი აბულისტანელი, სულტნის სიძე ფახრადდინ ბაჰრამ-შაჰ ერზინჯანის მფლობელი: არზრუმის მფლობელ ალა ადდინისათვისაც უთხოვნია დახმარება, მაგრამ ის არ მიჰშველებია. პირველ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მეორეში კი საბოლოვოდ რუქნადდინი დამარცხდა. დროშა მიწაზე დაეცა. ფახრადდინი ქართველებმა ტყვედ წაიყვანესო. რუქნადდინი ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა, მაგრამ გარდაიცვალაო. მირხონდს ამ ომის ამბავი ჰამდალლაჰ ყაზვინისავით აქვს მოთხრობილი596.
ამგვარად ირკვევა, რომ რუქნადდინი მარტო კი არა ყოფილა, არამედ მას მოკავშირეთა ჯარიც ჰყოლია. ამიტომაც იყო, რომ რუქნადდინის ლაშქრაში 400.000 მეომარი ყოფილა. ყურადღების ღირსია, რომ როგორც ზემოაღნიშნული მაჰმადიანი მემატიანე რუქნადდინის მეშველად და მოკავშირედ ერზინჯანის მფლობელს ასახელებს, ისე ლაშა-გიორგის დროინდელ ქართველ მემატიანესაც აღნიშნული აქვს, რომ ამ ბრძოლაში ქართველებს ტყვედ ჩაუვარდათ «ე[რ]ზინკიელი» (ერზენჯანის მმართველი) ამირაო. იმავე ქართველს მემატიანეს ტყვედ მოხსენებული ჰყავს «სულტანნი და ამირანი ...შამელი (ასურეთის მფლობელი) და ბირიტელი»597. როგორც მაჰმადიანთ მემატიანე ამბობს, რომ პირველად ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენო, თამარ მეფის ისტორიკოსიც არა მალავს და არ უარჰყოფს, რომ ქართველები ისეთს გასაჭირში იყვნენ, «კნინღა სივლტოლად მოიდრიკნესო»598; მაგრამ ქართველთა საბოლოვო ბრწყინვალე გამარჯვებას მაჰმადიანთა ისტორიკოსებიც ადასტურებენ. ყურადღების ღირსია, რომ ჰამდალლაჰ ყაზვინისა და მირხონდის სიტყვით რუქნადდინის დამარცხების მიზეზად მისი გაუფრთხილებლობა და დაუდევრობა ყოფილა და ქართველი ისტორიკოსიც ხომ ამბობს, რომ უდარდელს სულტანს «დარაჯანი არა უდგეს»-ო. ამიტომაც იყო, რომ ქართველებს მოულოდნელად შეეძლოთ მტერს თავს დასხმოდნენ.
საგულისხმიეროა, რომ ზემოაღნიშნული მაჰმადიანთა მემატიანე ამბობს, მეორე ბრძოლის დროს მაჰმადიანთ შეერთებული ლაშქრის დროშა მიწაზე დაეცაო, და ქართველი ერთი მემატიანეც პირდაპირ ამბობს: როდესაც მშვიდობა დაბრუნდა «შეიღეს დროშა რუქნადდინისა»599 და თამარ მეფეს მიართვესო, ხოლო ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი მემატიანეც ქართველთა სამხედრო დავლაში «დროშათა სასულტანოთა»-ც იხსენიებს. მაშასადამე, ქართველებს ის დროშა მტრისათვის წაურთმევიათ.
როგორც ჰამდალლაჰ ყაზვინის სიტყვებითგანა ჩანს, რუქნადდინის უზარმაზარი ლაშქარი 1205–1206 წელს დაუმარცხებიათ. ხოლო რაკი ქართველი ისტორიკოსისა და იბნ ალასირის, მოწმობით ეს ბრძოლა კარის აღებისა და დაპყრობის შემდგომ მომხდარა, ამიტომ უეჭველი ხდება, რომ რუქნადდინთან ომი ქართველებს 1206 წელს უნდა ჰქონოდათ. თუმცა ლაშა-გიორგის დროინდელს ქართველს მემატიანეს ნათქვამი აქვს: «მოვიდა რუქ[ნ]ადინი600... (ქართველებმა) გააქციეს, ჴოცეს და ამოსწყუიდეს... ქრონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდა თხუთმეტი»-ო, მაგრამ 435 ქ՜კნი უდრის 1215 წელს, რაც შეუწყნარებელია, ამიტომ უეჭველია ქა გადამწერს შეცდომა მოსვლია; დედანში ეწერებოდა «უკვ» (სომხური) ანუ 426 ქ՜კნი, რაც 1206 წელს უდრის. რაკი «ე» და «ვ» ქართულში ერთიერთმანეთს ძალიან წააგავს, ამიტომ ძველ ქართულს მწერლობაში ხშირად მომხდარა, რომ გადამწერებს ერთიერთმანეთის მაგიერ დაეწეროთ.
რუქნადდინ სულტანის საქართველოში შემოსევის ამბავი თამარ მეფის დროს მოკლედ აღწერილია ამირა ნასსირ ედდინ ჲაჰჲას მიერ ნაშრომს «სელჯუყ-ნამე»-ში, რომლის ნაწყვეტი Ch. Schefer-მა გამოაქვეყნა. ამ ავტორის სიტყვით რუქნადდინი საქართველოში შესევას დიდი ხანია აპირებდა და სულტნად გახდა და მისი აზრით მარჯვე შემთხვევამ თავისი გეგმის განხორციელების საშუალება მისცა. მაშინვე მეზობელ მფლობელებსა და თავის ძმებს შიკრიკები მიუგზავნა საქართელოს წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად. ყველაზე უწინარეს აბულუსტანის მბრძანებელი მუღის ედდინ ტოღრულ შაჰი მიემხრო. მის მაგალითს მელიქ ფახრედდინ ბაჰრამ შაჰმაც მიჰბაძა. პირობისამებრ მოკავშირეთა ჯარებმა ყოველ მხრითგან ერზინჯანში მოიყარეს თავი. არზრუმის მბრძანებელმა ალა ედდინ სალიყი-მ სხვადასხვა მიზეზის მომიზეზებით ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება არ მოისურვა. ამით განრისხებულმა რუქნადდინმა ის გადააყენა და მის მაგიერ მუღის ედდინ ტოღრულ შაჰი დასვა. «მთასავით მაღალ» საომარ ცხენზე შემჯდარი რუქნადდინი მოკავშირეთა «ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვან» ლაშქარს გაუძღვა წინ და საქართველოს (ტექსტში «აბხაზთა ქვეყანას») შეესია.
მომხდარ ბრძოლაში მოპირდაპირენი ისეთი გაშმაგებით იბრძოდენ, რომ ყოველგან დახოცილთა გორები იდგა. საგონებელი იყო, რომ მაჰმადიანებს დიდი გამარჯვება უნდა რგებოდათო. მაგრამ სულტანის საჩრდილობელის მჭირავი მსახურის ცხენს ფეხი ერთი (Gerboise) ცხოველის სოროში ჩაუვარდა, მხედარი ჩამოვარდა და საჩრდილობელიც მიწაზე დაეცა. მაჰმადიან ჯარისკაცებს ეგონათ, რომ თვით სულტანს მტრისაგან უბედურება შეემთხვევა და მაშინვე შეშინებულნი გაიქცნენ ბრძოლის ველითგან. საქმე უკუღმა მოტრიალდა და ამირები ტყვედ იქცნენ. მელიქ ფახრ ედდინ ცხენთაგან ჩამოგდებული თავის მონასპათა ერთი მწყობრითურთ დატყვევებულ იქმნა. რუქნადდინმა და მუღისედდინმა მოლაშქრეთა ერთი წილითურთ არზრუმში გაქცევა მოახერხეს. ცოტა დასვენებისა და ჭრილობათა მოვლის შემდგომ, რუმის გზით იკონიაში გაემგზავრა. ის საქართველოში მეორე ლაშქრობის მოწყობას ოცნებობდა, რომ ავად გახდა და 601 წელს (1204 წ. ჩვ. წ. აღ-ით) გარადიცვალაო.
რუქნადდინისა და მის მოკავშირეთა დამარცხებას შანქორის გამარჯვებასავით ქართველთა სახელისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ მტერი თითონ აპირებდა იერიშის მოტანას, თითონ იყო აზვავებული და სრულის გამარჯვების მოიმედემ ქართველთა მეფეთ-მეფისა და ერის შეურაცხყოფაც-კი გაბედა. მაჰმადიანთა შეერთებულს მრავალრიცხოვანს ლაშქარს საქართველოს მხედრობამ ისე სძლია, რომ თვით ზოგიერთი მოკავშირენი ტყვედ ჩაუვარდა ხელში და სამხედრო დროშა წაართვა. ამ ომმაც ქართველთა ძლევამოსილების განთქმულს სახელს კვლავ უძლევლობის შარავანდედი მოჰფინა. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ კავკასიის სამხრეთის საზღვარზე საქართველოს სახელმწიფოს არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით საშიშარი მეტოქე აღარა ჰყავდა.
დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღი
რუქნადდინის დამარცხების შემდგომ მალე მიიცვალა მეფე დავით სოსლანიც, «კაცი აღსავსე ყოვლითა კეთილითა საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განშვენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მჴნე... უჴვი და მდაბალი [და სხვითა ყოვლითა] სიკეთე-აღმატებული». რაკი ისტორიკოსი რუქნადდინზე გამარჯვების აღწერილობას ზედ-ურთავს წინადადებას: »ესრეთ სიხარულსა შეუთქს მწუხარება»-ო და ამ სიტყვებს პირდაპირ დავით სოსლანის სიკვდილის ამბავი მიჰყვება,—აქეთგანა ჩანს, რომ დავით მეფეს ამ გამარჯვების შემდგომ დიდ ხანს აღარ უცოცხლია. ამიტომ საფიქრებელია, რომ იგი 1207 წელს უნდა გადაცვლილიყო.
დავით სოსლანის სიკვდილის თარიღი ცხადად არსად არის აღნიშნული, მაგრამ სხვადასხვა წყაროში მოიპოვება ერთი ქრონოლოგიური ცნობა, რომელიც უეჭველია დავით სოსლანის სიკვდილს უნდა ეხებოდეს. ლაშა-გიორგის დროინდელ მემტიანეს «თამარის ქმარი დავით»-ის სათაურის ქვეშე ნათქვამი აქვს: »მეფობასა შინა დაჰყო ოცდა-სამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა... თუესა იანვარსა თორმეტსა დღესა ოთხშაბათსა აგარათა სომხითისათა ქრონიკონსა ოთხას602 ოცდა-შუიდსა». ქრონიკონი 1207 წელს უდრის. მაგრამ ვის ეხება ეს ცნობა? იგი მოყვანილია ისეთ სათაურს ქვეშე, რომ დავით სოსლანს უნდა ეხებოდეს; მაგრამ იმავე დროს გარდაცვალებულის შესახებ ნათქვამია, მეფობდა 23 წელიწადსაო. როგორც ვიცით, დავით სოსლანი თამარმა შეირთო 1189 წელს. ხოლო თუ ამ თარიღს 23 წელიწადი მივუმატეთ, მაშინ გამოვა 1212 წელი, რაც ძალიან შორს არის ზემოდასახელებულ ქრონიკონსა და 1207 წელიწადზე. მაგრამ, თუ წარმოვიდგენთ, რომ აქ ნაგულისხმევია დავით სოსლანის მეფობის წლები კი არა, არამედ მემატიანეს უნდოდა ეთქვა თამარის მეფობის 23 წელიწადს მოხდა ეს ამბავიო და ამისდა გვარად 1184 წელს 23 წელიწადი მივუმატეთ, მაშინ ქრონიკონისდა თანახმად მართლაც 1207 წელი გამოვა, ეს-კია, რომ მემატიანის სიტყვების ამგვარად ახსნა ნაძალადევი იქმნებოდა და შეუსაბამოც. ამასთანავე, თუ ეს ცნობა დავით სოსლანის სიკვდილს შეეხება, მაშინ ისე გამოდის, რომ ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანეს თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი სრულებით არ აღუნიშნავს, დავით სოსლანისა, ლაშა-გიორგისა, გიორგი III და დემეტრე I კი ვრცლად არის მოყვანილი. ეს ყოვლად დაუჯერებელი რამ იქმნებოდა. ამიტომ უნებლიედ აზრი იბადება, ეს თარიღი თამარ მეფის სიკვდილს ხომ არ ეხება? მაგრამ 1207 წელს თამარის გარდაცვალების თარიღად სრულებით შეუსაბამო რამე არის და სხვა მტკიცე ისტორიულს ცნობებს (თუნდ სპარსეთში ქართველთა ძლევამოსილს ლაშქრობას) ეწინააღმდეგება. ამისდა მიუხედავად არა ერთი და ორი წყარო არსებობს, სადაც 1207 წელს პირდაპირ თამარის გარდაცვალების თარიღად არის დასახელებული, მაგ. ერთს კჳნკლოსში ნათქვამია: »ქრონიკონსა: უკზ: (427) დასაბამით-გან: ხყია: (6811) ამას წელსა კარი აიღ[ეს] და თამარ დედოფალი გარდაიცვალა. მაშინ ძე მისი ლაშა თორმეტის წლისა იყო ლაშქრის პირველსა გალაშქრებასა»603. ამგვარი ცნობა სხვაც არსებობს: «ქრონიკონსა: უკვ: (426) აქა მიიცვალა თამარ და მეორესა წელსა [დაჯდა] მეფედ გიორგი»-ო604. გასაოცარია პირველი კჳნკლოსის ცნობა, რომ «მაშინ (ესე იგი 1207 წ.) ძე მისი ლაშა თორმეტისა წლის იყო». ყურადღების ღირსია, რომ ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეც ამბობს: «ათორმეტისა წლისა [იყო] ოდეს მეფე[დ] დაჯდა» გიორგი ლაშაო და, თუ 1207 წელს 12 წელიწადს გამოვაკლებთ, მართლაც 1193 წელი დაგვრჩება,— ლაშა-გიორგის დაბადების თარიღი. სრული სიმართლეა, რომ 1207 წელს ლაშა-გიორგი 12 წლის ყმაწვილი იყო. ამგვარად, ზემომოყვანილს ცნობებში რასაკვირველია ჭეშმარიტებაც მოიპოვება. მაგრამ მაინც ცხადია, რომ 1207 წელს თამარი არ გარდაცვლილა და ამის შემდგომაც რამდენსამე წელიწადს კიდევ ცოცხალი იყო. ხოლო იგივე 1207 წელს დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღად უნდა იყოს ცნობილი605.
|