ქართველი კათოლიკენი გურია-სამეგრელო-იმერეთისა XVII საუკუნეში
წინასიტყვობა
ნაწილი პირველი. კათოლიკობა გურიაში
ნაწილი მეორე. კათოლიკობა სამეგრელოში
ნაწილი მესამე. კათოლიკობა იმერეთში
„ამ პროვინციაში მთელი ხალხი თუ მთავარი, თუ წარჩინებულნი და თუ მდაბიო მოციქულებრივის წმიდა ცხოვრების კაცებად გვრაცხენ ისე რომ მათი თქმით ჩვენი მსგავსი არასოდეს მოსულა ამ მხარეს. მაინც კი ბერძნების მოქმედებით ყველას ჰგონიათ, რომ ჩვენ სხვა სარწმუნოება გვაქვს... გარნა არა ნაკლებია, ვინც ჩვენ მოვიმხრეთ ჩვენის ცხოვრებით და განვამტკიცეთ ქადაგებით. იგინი გულრწფელად აღიარებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ჩვენი სარწმუნოება არის ჭეშმარიტი, მართალი და რომ მსოფლიო მწყემსი მთელის ეკკლესიისა არის რომის პაპი და არა სხვა და აგრეთვე მარტო ფრანგებს აქვსთ ორი თვალი, რათა გაარჩიონ ღვთაებრივი და კაცობრივი საგნებიო, სხვა მთელი ქვეყნის კაცებს კი მარტო ერთი თვალი აქვსთ, რაისგამო სიბრმეში არი ანო. განსაკუთრებით ამ წელიწადს ჩვენმა კეთილის მყოფელმა ბარძიმ ვაჩნაძემ, რომელიც არის ბრძენი და უკეთილშობილესი, საჯაროდ აღიარა, რომ დღეს რომის პაპია წმიდა პეტრეს მოსაყდრე და მსოფლიო მთავარი ქრისტიანეთა და სხვებს საქმითაც უჩვენებდა, რომ იგი მას უღრმეს პატივსა სცემდა. დადიანის ცოლის ძმამ სუფრაზედ სთქვა, რომ პატრები აღიარებდენ ჭეშმარიტს ქრისტეს სარწმუნოებას, მე კი ჩემის ქვეყნის მცხოვრებლებითურთ შემცდარი ვარო. ჩვენმა კეთილის მყოფელმა, წარჩინებულვა თავადმა კაკუ შელიამ იმდენად შეითვისა ჩვენი სარწნუნოება, რომ ავად გახდა თუ არა, ერთ ჩვენს პატრს ევედრა, მისთვის ლოცვები წაეკითხა და სახლშივე წმიდა წირვაც ეთქვა... დასასრულ აღარას ვიტყვი მათთვის, რომლებიც მოქცეულნი არიან და რომელნიც საშუალო ოდებას ეკუთვნიან. იმათი რიცხვი მრავლისგან უმრავლესია. ხოლო დავასახელებ უდიდესი თავადის გიორგი მიქელეიას მეუღლეს, რომელიც მამიდა (ანუ დეიდა) არის დადიანისა. იმან ორ ჩვენ მისიონერთან ვრცელი ლაპარაკის შემდგომ ჰსთქვა, ფრანგის მონაზონები არიან ღვთის ჭეშმარიტი მსახურნი და არა ჩვენიო". ერი ასეთის პატივისცემით იმიტომ ეპყრობოდა პატრებს და გულმოდგინედ იმიტომ ისმენდა მათ სწავლა-ქადაგებას, რომ თვით მეფე აძლევდა მაგალითს. რამდენი დრო გადიოდა და უფრო დაახლოვებით ეცნობოდა მეფე მისიონერებს, იმდენი უფრო მისი სიყვარული და პატივიც მატულობდა და ძლიერდებოდა. ფრანგების მიმართ პატივით და სიყვარულით ყველა საქართველოს მეფეებს გადააჭარბა. ამიტომ პატრებიც მას თავიანთ წერილებში მუდამ დიდის ქებით, პატივით და სიყვარულით იხსენიებდენ; ეგრეთვე მის გულითად სიყვარულს, მათზედ სრულს მინდობილობას და პატივს ხშირად ასახელებენ. პ. იოსებ ჯუდიჩი თავის წერილებში (1640 წ.) სხვათა შორის ამ ამბავს მოგვითხრობს: „ხშირად თავისი ამალით (Gorte) მოვიდოდა და ჩვენს ახლოს დასდგამდა თავის კარავს ჩვენის სიყვარულისათვის, რათა უფრო ადვილად ესაუბრნა ჩვენთან და თავისთან მიხმობით არ შევეწუხებინეთ. ხშირად დაწვრილებით ვლაპარაკობთ სხვა და სხვა სასარგებლო საქმისათვის და ყველაფერს გულმოდგინებით ისმენს. როდესაც თავისი სამეფოს ერთი ადგილიდგან მეორეს გადადის, მუდამ, თავის მხლებლებით სტოვებს პირდაპირ ერთ გზას და ჩვენთან გამოივლის ხოლმე ჩვენ სანახავად და ჩვენთან სალაპარაკოდ (14). ხშირად გვესაუბრება საუკუნო ცხოვრებისათვის. ჩვენის ავადმყოფობის დროს განგებ მოვიდა და გვნახა, ეგრეთვე დაგვარწმუნა, რომ მზათ იყო ყველაფერი აესრულებინა, რასაც კი ვინატრებდით. თავისი ერთგულება ბევრ გზის დაგვიმტკიცა, უფროსი ერთად თავისი შვილების და დედოფლის უქეიფობის დროს. რადგან ხშირად მოუხდება სახლიდგან განშორება სხვა და სხვა საქმეების გამო, ამისთვის ბევრგზის პატრებს აყენებს თავის სახლის პატრონად. მათ აბარებს თავის ცოლსა და შვილებს და უბრძანებს ყველას, პატრებს დაემორჩილონ და მათ ბრძანებას არავინ გადავიდეს. როდესაც უქეიფოდ არის, სხვა არაფერს სჭამს, თუ არ პატრების გაკეთებულს და მათი ხელით მირთმეულს. იმ დროს ყველა თავის სიმდიდრეს ოქროს, ვერცხლეულს და სხვა დანარჩენ ნივთებს მათ აბარებს, რადგან მეტისმეტი ნდობა აქვს. მისი პატივისცემა ეგოდენია, რომ ერთხელ დიდი წვეულება გამართა, 1000 კაცამდე ჰყავდა მოპატიჟებული. იმის გამოსაცხადებლად, რომ პატრები შინაურები იყვნენ, იგინი დასხა დედოფალთან და მის მოახლე ქალბატონებთან ერთად. როდესაც რაიმე ეჭვი აქვს ან მთავრობის გამგეობის, ან საქმეების წარმოებისა, ან კიდე სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისა, მუდამ პატრებსა სთხოვს რჩევას. ერი რა ხედავს, მთავარი ასე გვენდობა და მასზე ჩვენ დიდი გავლენა გვაქვს, მუდამ ჩვენ მოგვმართავს გაჭირების დროს, რათა ვუშუამავლოთ მთავართან და იმედიც აქვსთ, ყველაფერი გაურიგოთ"... მისიონერების ესრეთი დაახლოვება და ზედგავლენა დადიანზე და ამისი უზომო პატივი და სიყვარული სარწმუნოებისათვის უმნიშვნელოდ არ დარჩენილა. ვინაიდგან მისიონერების ყველა შრომის უმთავრესი მიზანი იყო კათოლიკობის გავრცელება არა მარტო მდაბალ ხალხში, არამედ თვით მთავრებშიაც, ამისთვის მისიონერები, ცხადია, არაფერს დაზოგავდენ დადიანის გაკათოლიკებისათვის. არც დადიანს უნდა აღმოეჩინა დაბრკოლება, რადგან მათ წმიდა კაცებად სცნობდა. მათთვის რომ არ დაეჯერებინა სასულიერო საქმეებში, მაშინ მისი სიყვარული, ნდობა და პატივი სულ უსაფუძვლო და მოჩვენებული იქმნებოდა. საბუთი არა გვაქვს, დადიანს გულგრილობა დავსწამოთ. რა სცნო მეფემ როგორც ზემოდ ვსთქვით, რომ კანონიერად არ იყო მონათლული, მოინდომა მონათვლა. ამას ზემოდ ხსენებული სილო ასე მოგვითხრობს: „მეტადრე არქანჯელო ლამბერტის მიერ რა სცნო, რომ თავისი ბერძნებისგან (15) კანონიერად არ იყო მონათლული, ლათინის წესისამებრ მოინათლა". ამით გზა გაეხსნათ და მალე განასწავლეს დადიანი კათოლიკე სარწმუნოების სხვა დანარჩენ კითხვებში. ამ გარემოებამ უზომო ზედგავლენა იქონია დადიანის ცხოვრებაზედ, რადგან დადიანი, როგორც ძრიელი და მარჯვე იყო, ისე ბევრ უსამართლობასაც მოქმედებდა, როგორათაც ცხადად სჩანს მისი ისტორიიდგან. ხოლო როდედესაც კათოლიკობა მიიღო, მისგან შემდეგში ესრეთი უსამართლობა სრულებით აღარ გაგონილა. სულ სხვა ნაირ ქრისტიანულს გზას დაადგა, ეგრეთვე დაიწყო მხნედ დაცვა კათოლიკე სარწმუნოებისა და მისი მფარველობა. ამას ხსენებული ისტორიკოსი ასე მოგვითხრობს: „მეფემან ლევან დადიანმა რა მიიღო სრულებით კათოლიკე სარწმუნოება და შეიქმნა ახალი კონსტანტინე, ანუ თეოდოსიო, ხშირად ხმლითაც დაიცვა მიღებული სარწმუნოება. ამ ნათლიღების წყალმა, როგორც სავლეს განუბნია თვალთა სიბნელე, იმასაც ისე გაუწმინდა მხედველობა, რომ სხვას აღარაფერს ხედავს, თუ არ რომის სარწმუნოებას, სხვას არაფერს ნატრობს, თუ არ რომის პაპის ნახვას, რათა მის ფერხთა ემთხვიოს და მის წინაშე აღიაროს კათოლიკე სარწმუნოება, რომელიც უკვე მიიღო. რა შემოვიდა სარწმუნოებაში საიდუმლოების კარით ნათლიღებით, დიდი გულმხურვალება და მომზადება გამოიჩინა სხვა ყველა დანარჩენ საიდუმლოებისათვის, რომლებშიაც ძრიელ გაწვრთნილია".
ამ დროებში დადიანსაც მოუვიდა პაპის ბულლა (წიგნი) პროპაგანდის. კოლლეგიის დაარსების შესახებ. ამ ბულლით პაპი იწვევდა ყველა ტომის ხალხსა, გაეგზავნათ ყმაწვილები პროპაგანდის სკოლაში გასაწვრთნელად კათოლიკე სარწმუნოების მოძღვრებაში. რადგან იმ ბულლაში სხვა არაფერია ამის გარდა, საჭიროდ არა ვრაცხთ აქ მოვიყვანოთ. პატრებმაც ურჩიეს დადიანს პასუხი ეგო ამ მიწვევაზედ და ყმაწვილები გაეგზავნა. ეგრეთვე მოახსენეს, ჩვენ ამას წინათ მოგართვით პაპის წერილი და იმისი პასუხი ჯერ არაფერი მიგიწერიათო. დადიანმა ჰკითხა, თუ რა იყო საჭირო და როგორ უნდა მოქცეულიყო პაპისათვის შესაფერი პატივის მისაგებად. მათაც ურჩიეს, რომ წიგნთან ერთად ერთი ვინმე გაეგზავნა, როგორც თვითვე შეპირებოდა წინად. რადგან საამისოდ პატრების უკეთესი არავინ ჰყავდა, გადასწყვიტა თავის ელჩად გაეგზავნა პაპთან პატრი იოსებ ჯუდიჩი და წიგნიც გაეტანებინა. თავისი აზრი განუცხადა იმ პატრს და წასვლის დროს ასე გაისტუმრა: „ღვთის მსახურო მამაო და ამ სამთავროს ანგელოზო, თქვენ კარგად იცით, რომ, ჩვენი სამღვდელოების უმეცრებისა გამო, რა დიდ ხანს ვიმყოფებოდით სამწუხარო სიბნელეში, ვინაიდგან უდიდესი სიბრმე აღარ შეიძლებოდა, რომ ნათლიღებას ვსცნობდით ცხონებისათვის საჭირო საიდუმლოდ და მას კი სინამდვილით არ ვღებულობდით; აღსარების საიდუმლოს ვსთვლიდით საჭიროდ ცოდვების მისატევებლად თქმით კი არ ვამბობდით და გვეგონა, რომ საკმელის კმევა, ანუ მისი მზგავსი უბრალო კეთილი საქმე მის ადგილს დაიჭერდა და ცოდვებს შეგვინდობდა. სარწმუნოების კითხვებში ჩვენი შეცდომა დიდი იყო, თქვენც კარგად უწყით. ახლა ვსტირი უმეცრებით ეგოდენ დაკარგულ სულთათვის. გარნა, მადლობა ღმერთს, თქვენის შემწეობით დავადექით, ჭეშმარიტს ნათელსა, უფროსი ერთად მე, რომელიც ვარ უმწვერვალესი თავი ამ ჩემის სამფლობელოსი.
ამიტომ ჩემს მოვალეობად ვსთვლი, რომ არა მარტო ჩემის, არამედ ყველა ჩემის ქვეშევრდომების სახელითაც თქვენ გაგგზავნოთ რომის პაპთან, რომელიც უმწირვალესი თავია. მსოფლიო ეკკლესიისა და ქრისტესგან მინიჭებული აქვს ძალა შეკვრისა და გახსნისა, დახშვის და გაღების სასუფეველის კარისა. მინდა გაგზავნოთ მასთან მორჩილების ნიშნად, რათა განუცხადოთ ჩემი შვილობრივი ქვეშევრდომობა და მიღება კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელსაც აწ აღვიარებ ღვთის მადლით; ეგრეთვე მოახსენოთ ჩემი სურვილი და ცდა, რომ მთელმა ჩემმა სამთავრომ აღიაროს იგი. კიდევაც ვუბრძანე, მოგცენ ყველაფერი, რაც კი საჭიროა თქვენის შორის მგზავრობისათვის. ამიტომ გაძლევ ჩემს რწმუნებას ესრედ დიდ მთავართან და მასთანვე ამ წერილსაც, რომელიც დაწერილი და მოწერილია ჩვენის ხელით. როდესაც ამას გადასცემთ წმიდა მამას თავის საკუთარ ხელში, სთხოვეთ მამობრივის სიყვარულით მოგვანიჭოს ჩვენ, დედოფალს და ჩვენს შვილებს თავისი კურთხევა და აღგვავსოს იმ ძვირფასის საუნჯით, რომელიც მისი ხელით რიგდება. თქვენი ვალია მას კარგად მოუთხრათ ახლად მიღებულის სარწმუნოების აღსარება ჩვენ მიერ და ეგრეთვე ჩვენი გულმოდგინეობა მის გასავრცელებლად. მასთანვე ევედრეთ წმიდა ეკკლესიის შვილთა შორის შეგვრაცხოს და არ მოგვაკლოს თავისი ძრიელი მფარველობა, რომელსაც სიმდაბლით ვსთხოვ.” პაპთან ეს წერილი დადიანს ბერძნულად დაუწერინებია ტრაპიზონის მიტროპოლიტისათვის, რომელიც, როგორც ზემოდ გავიხსენიეთ, სამეგრელოში იყო და კათოლიკობაც მიეღო. წერილი არა სჩანს, ხოლო ისტორიკოსი სილო თავის აღწერაში მოკლედ იხსენიებს იმას და ამბობს, რომ იმ წერილით დადიანი პაპს დიდ მადლობას უცხადებდა მისიონერების გამოგზავნისათვის; სთხოვდა სხვების გამოგზავნას; აღიარებდა პაპს ყველა ქრისტიანების მწყემსად და აუწყებდა რომის ეკკლესიასთან თავის შეერთების ამბავს. როგორც სჩანს, დადიანს პროპაგანდის კარდინალებისათვისაც მიუწერია წერილი, გარნა არც ის წიგნი გვაქვს ხელში.
წასვლის დროს პატრი იოსებს პაპთან გაატანა ეგრეთვე ორი ყმაწვილი საჩუქრად, რათა პროპაგანდის სკოლაში გაწვრთნილ იყვნენ. იმათ ერქვა ერთს ანტონ და მეორეს ანდრია. ანდრიას ძრიელ შესანიშნავი ნიჭი გამოუჩენია სწავლაში, მეტად დაწინაურებულა ფილოსოფიისა და საღვთისმეტყველო საგნებში, ბევრ გზის დისერტაციაც დაუცავს და კარგად გაუმარჯვნია. სამწუხაროდ, ესრედ ნიჭიერი მეგრელი რომაშივე გარდაცვლილა სწავლის დასრულებამდე. ხოლო მეორეს ანტონსა თუმცა მასავით დიდი ნიჭი არა ჰქონია, მაგრამ საკმაოდ წინ წასულა სწავლაში; არა სჩანს, სწავლის დასრულების შემდეგ სად წასულა. იმ ორის ყმაწვილისა და პატრი იოსების გაგზავნა რომას მოხდა 1643 წ. იქ ჩასულმა პატრი იოსებმა გარდასცა პაპს ინოჩენციო მეათეს და პროპაგანდის კარდინალებს დადიანის წერილები და ეგრეთვე უამბო მათ მიერ გამოღებული ნაყოფი სამეგრელოში. ამ ამბავმა მეტადრე ლევან დადიანის გაკათოლიკებამ და მისმა კეთილმა საქმეებმა რომაში ყველა დიდათ გაახარა. პატრი იოსებს, რაც სჭიროდა თავის მისიონისთვის, ყველაფერი უშოვეს და ეგრეთვე, ლევან დადიანის თხოვნის თანახმად მისცეს ორი ახალი მისიონერიც. ეს ორი ახალი მისიონერი იყვნენ პატრი ივანე მონთი მილანელი და პატრი იაკობ მარსი ქრემონელი. სამგზავროდ რომ მოემზადენ, წამოვიდენ იტალიიდგან კონსტანტინეპოლს 1646 წ. მარტში. პაპის მაგიერათ კარდინალებმა გამოატანეს იმათ წერილი ლევან დადიანთან. ამ წერილის დედანი ჩვენ ვერ ვიპოვეთ არქივებში. ხოლო ისტორიკოს ფერროს მოჰყავს ეს წერილი თავის ისტორიაში ცოტა შემოკლებით ესრედ: „დიდის შვებით ვსცანით, რომ თქვენა და თქვენის სამეფოს მცხოვრებთ უმეტესობას დაგიტოვებიათ ძველი შეცთომილება, გიწამებიათ ლათინის ეკკლესიის დოგმები და მას შემოერთებიხართ. ამიტომ უმაღლესი მწყემსი პაპი, ვითარცა საყოველთაო მამა, თავის საყვარელ შვილად გთვლისთ და განიჭებსთ უხვად თავის წმიდა კურთხევას. ვინაიდგან ეგოდენის სურვილით ხელახლავ მიგიღიათ ნათლიღება, საჭიროა უფრო გამტკიცდეთ კათოლიკე სარწმუნოებაში და ეცადოთ, რათა, კათოლიკებრივის გულმოდგინებით საქვეყნოთ აღიაროთ რომის ეკკლესიის სარწმუნოება. ეგრეთვე უნდა ეცადოთ, რომ პატრი ჯუდიჩის, პატრი ლამბერტის და სხვა სამოციქულო მისიონერების სრული ნდობა იქონიოთ და მათი დარიგებით მოიქცეთ, რადგან არიან დიდათ სათნო და სარწმუნოების ერთგულებით სავსენი და არა მარტო თქვენ, არამედ მთელს სამეფოსაც სიკეთეს მოუტანენ. უკან მობრუნებულის ელჩისაგან, რომელიც გამოგზავნეთ თქვენის მორჩილების გამოსაცხადებლად, ყველას კარგად სცნობთ, თუ რაოდნათ გაიხარა პაპმა და მთელმა რომამ თქვენის ამბით. თავისი გამოუთქმელი სიხარულის დასამტკიცებლად, მაგ უფლის ვენახში ჰგზავნის კვალად ორს სხვა მისიონერსაც, რომლებიც შესანიშნავნი არიან სათნოებით, გულკეთილობით და მოძღვრებით;
შემდეგშიაც კიდევ გამოვგზავნით სხვებსაც, რათა მით სცნოთ, თუ წმიდა რომის საყდარსა რაოდენი სიყვარული აქვს თქვენი და თქვენი სამეფოსი". მისიონერები დარდანელში რომ მოვიდენ, ევროპის ხელმწიფეთა ჯაშუშობა დასწამეს; ამიტომ იქაურმა ფაშამ დაატყვევა და ჯარჩებით გამოგზავნა კოსტანტინეპოლში, სადაც შებორკეს და სამუდამოდ საპყრობილეში ჩასვეს. ოსმალებმა საყრობილეში დიდი შეურაცხება და შეწუხება მიაყენეს მისიონერებს და გამაჰმადიენება არა ერთხელ ურჩიეს, რათა თავი დაეხსნათ ტყვეობისაგან., ლევანდადიანის ელჩი პატრი იოსებ ჯუდიჩი, ბევრის მწუხარების გამოვლის შემდგომ, საპყრობილეში ბორკილებით ხელ-ფეხ შეკრული გარდაიცვალა. რადგან იმ თეათინელებთან ერთად დომინიკიანი პოლონელი მღვდელიც იყო დატყვევებული, მიჰმართა კოსტანტინეპოლში მყოფს პოლონეთის სამეფოის ელჩსა, რომელმაც მისი ამბავი თავის მთავრობას აცნობა. მალე მოვიდა პოლონეთიდგან კოსტანტინეპოლში საგანგებო ელჩი. თუ ამის შემწეობით და თუ საფრანგეთის ელჩის საშუალებით, როგორც იყო, გათავისუფლდენ მისიონერები ტყეობისაგან. იმათ კოსტანტინეპოლში შეუერთდა ერთი თავიანთი თეათინელი პატრი გაეთანო დალესანდრი და მორჩილი ძმა ქლაუდიო. ოთხივე იქიდგან წამოვიდენ სამეგრელოში და, დიდის შეწუხების გამოვლის შემდგომ, მოვიდენ ოდიშში 6 აგვისტოს 1647 წ. დადიანმა რა სცნა ახალმოსული მისიონერებისაგან პატრი იოსებ ჯუდიჩის სიკვდილი, დიდად შეწუხდა და თავის თავს ყვედრება დაუწყო ასეთის საჭირო კაცის მოშორებისა და გაგზავნისათვის, რადგან ძლიერ ენდობოდა და უზომოდ უყვარდა. ახალმოსულმა მისიონერებმა სამეგრელოს ჰაერი ვერ აიტანეს, დასნეულდენ და მალე პატრი გაითანოც გარდაიცვალა. სხვები კი, როგორც იყო, რავდენისამე თვის შემდგომ განიკურნენ და შეუდგნენ ერის სამსახურს თავიანთ წინამოადგილეთა მსგავსად. მისიონერებს სახლთან ერთი თავშესაფარი საგლახაკოც ჰქონდათ, საცა უმწეოდ დარჩენილებს ინახავდენ. იმ ხანად იქ შეხიზვნიათ ერთი დედაკაცი სახელად ვარდია, რომელიც იმერელი ყოფილა და ომის დროს მეგრელებს ტყვედ წამოეყვანათ. როდესაც მოხუცებულა და შრომა აღარ შესძლებია, თავის ბატონს სახლიდგან გაუგდია და უთქვამს: ტყუილად ნუ სტირი, ჩემს სახლში აღარ მინდიხარ, წადი, მიმართე ფრანგებს, ისინი ღვთის კაცები არიან, სამადლო საქმეს შვრებიან. შეგეწევიან, მშიერს არ მოგკვლენ და მგელს არ შეაჭმევინებენ შენს თავსო.”
გაჭირვებული დედაკაცი წასულა ტირილით, როგორც ყოფილა, მიუგნია პატრებისათვის, რომელთაც მართლა სიყვარულით მიუღიათ ცოცხალ-მკვდარიდედაკაცი, მოუსულიერებიათ, სარწმუნოებაში გაუწვრთნიათ და, რადგან დიდი ხნისსიცოცხლე აღარ ჰქონია, სასიკვდილოდაც მოუმზადებიათ. მართლაც რავდენისამე დღის შემდგომ დედაკაცი ძლიერ კეთილად გადაცვლილა; პატრებისაგან მიუღია ყველა საიდუმლოები და მათდამი მადლობით და ლოცვა-კურთხევით დაულევია თავისი ცხოვრება.
მოგვითხრობენ აგრეთვე, თუ როგორ მოუნათლავსთ რავდენიმე ახალგაზდა თუ ქალი და თუ ვაჟი და როგორ მიუღებინებია მათთვის კათოლიკე სარწმუნოება. მაგრამ უფრო ყურადსაღებია, რაც პატრი ლამბერტიმ ჩაიდინა. სამეგრელოში თურმე მთავრისაგანაც მკაცრად აკრძალული ყოფილა ორი ცოლის შერთვა. ამ კანონის წინააღმდეგობა მოუწადინებია დადიანის ერთ აზნაურს. ერთი ცოლი კიდეც ჰყოლია, მაგრამ იმავე დროს დედოფლის მხლებელი ქალი შეჰყვარებია და მოუნდომებია იმაზე ჯვრის დაწერა. თავისი სურვილის შესასრულებლად მიუმართავს დედოფლისათვის და სხვათა შორის უთქვამს, ერთცოლობა სამეგრელოში დაწესებულია მოქალაქობრივის მოსაზრებით და ღვთაებრივის სჯულის მიერ აკრძალული არ არისო და მაგალითად დაუსახელებია აბრაჰამ, დავით, იაკობ და სხვა; ბევრი უთხოვნია მთავრის წინაშე მიშუამდგომლეთ, მეორე ცოლის შერთვის ნება მომცესო. კაციც და ქალიც დედოფლის ერთგულნი ყოფილან და ამიტომ იმასაც მთავრისათვის უთხოვნია ნების მიცემა. მთავარს თანხმობა გამოუცხადებია. ეს რომ გაეგო პატრი ლამბერტის, მაშინვე მისულა დადიანთან და უთქვამს: „ერთის უჯერო ნების დასაკმაყოფილებლად სამეფოს ძველის დროის კანონები არ უნდა მოშალოთ, თორემ ასეთი ქცევა დიდ არეულ-დარეულობას გამოიწვევს და შემდეგში კიდევაც რომ გინდოდესთ, გაფუჭებულ საქმეს ვეღარას უშველით. თქვენი სარწმუნოების პირვანდელ დედას, ნინოს არ უსწავლებია ესრეთი სამარცხვინო დოგმა. ადამიანს ნება არა აქვს ჰქმნას ის, რასაც ღმერთი და ბუნება უკრძალავს. რომა წინააღგიდგება, მძიმე შეჩვენებით შეგკრავს და დაგსახავს ეკკლესიის შვილათ კი არა, როგორც აქამდე იყავით, არამედ მის უდიდეს მტრად. სიმდაბლით გევედრები, თქვენი სულის პატივისათვის, ნუ ინებებთ და ნუ დაჰკარგავთ თქვენის მეფობის იმ კეთილსა და ბრძნულს სახელს, რომელიც აქამდე შეგიძენიათ". რადგან დადიანს მისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა, უსმინა თხოვნა და დაჰპირდა, ასეთ საქმეში არაფერს შევსცვლიო; ეგრეთვე სთხოვა მოსულიყო დედოფალთან და კარგად ჩაეგონებინა ისიც. ლამბერტი სიხარულით მივიდა მასთან და დაუწყო ჩაგონება; მალე დაანახა თავისი შეცთომილება. დედოფალი დაჰპირდა, ასეთის უწესოების ნებას არავის მივცემო. დედოფალმა თავისი მხრით კარგად ჩააგონა შეუღლებას მოწადინებული ქალი და კაცი. ამნაირად ესრეთი დიდად მავნებელი უწესოება სამეგრელომ თავიდგან აიცილა ლამბერტის წყალობით. დადიანს ისე მიაჩნდა პატრები, რომ მათ სთვლიდა თავისი სამთავროის ძვირფას სამკაულად. როდესაც მასთან უცხო ვინმე მოვიდოდა, მაშინვე წაიყვანდა მათ სანახავად და ეუბნებოდა, რომ თავის სამეფოში მათზედ უკეთესი სხვა არავინ გააჩნდა.
რადგან პატრი არქანჯელო ლამბერტი დასნეულებული იყო, რომას მოსთხოავა ნება უკან დაბრუნებისა. ამიტომ 18 ოქტომბერს 1649 წ. წავიდა იტალიაში და თან წაიყვანა ერთი ახალგაზდა გურული სახელად ივანე, რომელიც ძლიერ კარგი კათოლიკე ყოფილა და საკმაოდ სცოდნია იტალიურიც. მაგრამ სამწუხაროდ ზღვის დიდის ღელვის გამო ძლიერ შეწუხებულა. რა გავიდენ სინოპში დასასვენებლად, იქვე გარდაიცვალა 5 იანვარს 1650 წ. ხოლო იქიდგან ლამბერტი მარტო გაბრუნდა და მივიდა თავის სამშობლო ქალაქ ნეაპოლში, სადაც დასწერა და გამოსცა თავისი შესანიშნავი „სამეგრელოს აღწერა” (Relatione della Colchide) 1654 წ. და შემდგომ, ესე იგი 1657 წ. „წმიდა კოლხიდა” (Colchide sacra). ლამბერტიმ ქართლსა, თუ სამეგრელოში დაჰყო 20 წელიწადი, დიდი სამსახური მიაგო ქართველთა ერს თუ სულიერად და თუ ხორციელად. თავისი შრომით შეიქმნა იგიც საქართველოსთვის ერთი დიდი და დაუვიწყარი მოღვაწე. ამისი საქართველოდგან რომაში გაგზავნილი შესანიშნავი წერილი ბევრი ჩაგვივარდა ხელში და ბევრი კიდე დაკარგულია. ლამბერტის წასვლის შემდგომ სამეგრელოში არ შემცირებულა კათოლიკობის გავრცელება, არამედ მუდამ ძლიერდვბოდა ისე, როგორც უწინ. მისიონერები თავიანთ შრომას და სარწმუნოების წარმატებას რომაში თავიანთ უფროსებს ხშირად აცნობებდენ. მაგრამ ამ საინტერესო წერილებიდგან ზოგი მაშინვე იკარგებოდა და ზოგიც შემდეგში სხვა-და-სხვა გარემოების მიზეზით აქეთ-იქეთ იფანტებოდა, რისგამო ჩვენამდე უმეტესმა ნაწილმა ვერ მოაწია. შემდგომ წლებისა მხოლოდ ერთი წიგნი გვაქვს ზემოდ ხსენებულის პატრი ქრისტეფორესი, რომელსაც 1652 წ. რომაში მიუწერია ესრეთ:
„თქვენო უმაღლესო ხელმწიფებავ,
„თქვენს უმაღლესობას ჩვენი საყოველთაო უფროსი უკვე აუწყებდა ჩვენი წმიდა მისიონის გარემოებას და წარმატებას. მისიონში დიდი ნაყოფის გამოღების იმედი გვაქვს, თუ გვეყოლა კაი დამტევი მისიონერები, რადგან მეტად მივაჩნივართ და პატივს გვცემენ აქაური ყველა მთავრები, მეტადრე იმის გამო, რომ მოვნათლეთ მთავარი, ერთად-ერთი შვილი და მემკვიდრე ალექსანდრე ქართველთა მეფისა, რომელიც ქუთაისში სცხოვრებს. ამ ქალაქში მონასტერი გვაქვს, მაგრამ ეხლა არავინა გვყავს, რომ იქ დავაყენოთ; აქ სულ სამნი ვართ, ორი ახლად მოსულია, არ იციან აქაური ენა და არც აქაურობის გამოცდილება აქვსთ. ამიტომ სამეგრელოს ვერ მოშორდებიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ერევანშიაც შეგვიძლია შრომა. ჩემს ამხანაგებში ზოგი გარდაიცვალა. ზოგიც უკან დაბრუნდა. ოც წელიწადზე მეტია, რაც წმიდა კრებას ამ ექსორიაში ვემსახურები. უკვე დავდროულდი და თანაც ბევრნაირად დავსნეულდი, ამიტომ უკან დაბრუნების ნება ვითხოვე, ჩემს სამშობლოსა და ჩემს მონასტერში დავასრულო ჩემი ცხოვრება. გარნა თუ ჩემი უფროსნი საჭიროდ დაინახვენ ჩემს კვალად აქ დარჩენას, არ გავექცევი შრომას, ოღონდ მიშოვნონ დამტევი მისიონერები, რაოდნათაც კი შეიძლება მალე. მეც მზათ ვარ სიკვდილამდე განვავრცო აქ ჩემი შრომა ღვთის წმიდა სარწმუნოების სამსახურისთვის. აქ ბევრს შეწუხებას და შრომას ვსწევ და ხანშიაც შევედი, არც მომდის საჭირო შემწეობა თავის დროზე. თუ უფროსთა მიბოძეს ნება, მოვალ მათ ფერხთა წინაშე და ვიქმნები, როგორც ერთი უკანასკნელი.
„ქართველი და მეგრელი ბავშები და ახალგაზდები გასულ წელს მოვნათლე ოთხასი. წრევანდელი მონათლულებიც იმდენივე იქმნებიან. ეგრეთვე მოვნათლეთ მთავრის ლიპარიტიანის ორი შვილი უფროსი და უმცროსი და მათთან ბატონი აბულია პისკაია, რომელიც ამ ძველის-ძველი ოჯახის თავია და პატრონი კავკასიის მთების ერთი ნაწილისა, სადაც თვით სცხოვრებს. მსგავსადვე თავიანთ ეკკლესიაშივე მოუნათლე თავისი უფროსი შვილი მამუკაი და მისი უმცროსი ძმაც, რომელმაც ინება მასთან ერთად შერაცხულიყო იესო ქრისტეს მხედრად.
„კავკასიის მთებსა და მის გვერდობზედ მცხოვრებ ერს (რომელიც აღურაცხველია) არა აქვსთ არც წიგნი, არც საკუთარი ანბანი და არც ქართულს ანბანს ხმარობენ; სრულებით არ იციან, თუ რა არის არითმეტიკა; დასათვლელად ხმარობენ ხან კრიალოსნის მარცვლებს და ხანაც კენჭებს და თოფის ნასკვებს. ამ უბედურების მოსასპობად ახალი (გამოგონილის) ასოებით დაუწერე წიგნები. ძრიელ მოეწონათ, ამიტომ იმედია მალე შეისწავლონ ეს მეცნიერება. შეიძლება თქვენც გამოგიგზავნოთ ამ წიგნის ერთი ეგზემპლიარი. მათ დავუწერე ახალი ანბანი, რომელიც გამოირჩია მთავარმა, რადგან მხედრული და ხუცური ასოები ბევრნაირი დავუწერე. არითმეტიკასთან იქმნება ამათ ეგზემპლიარებიც როგორმე შევიძლო და მოგაწვდინოთ, თუმცა წერილები ადვილად იკარგება ახლანდელი ომების გამო. ამითი ვასრულებ ამ წერილს. უმდაბლესად მოგესალმები და ვემთხვევი თქვენს ბისონს და მასთანვე გავედრებ ჩემს ცოდვილს თავსა და ამ წმიდა მისიონს. უფლის მიერ თქვენი უმაღლესობის ყოვლად მდაბალი მონა, პატრი ქრისტეფორე კასტელი თეათინელი საქართველოს და სამეგრელოს უღირსი მისიონერი, 1652".
როგორც ჰგავს, პატრი ქრისტეფორე მალე გაბრუნებულა იტალიაში, რადგან იმის შემდგომ მას ვეღარ ვხედავთ სამეგრელოში. 1655 წლისა მარტო ერთი წერილი გვაქვს. ისიც გვიჩვენებს იმ დროებში კათოლიკობის წარმატებას. ვრცელი წერილია და სამეგრელოში მყოფ სამ მღვდელს ერთად მიუწერიათ. რადგანაც შესანიშნავია, ამიტომ თავის ტექსთითვე მოვიყვანთ წერილის იმ ადგილებს, რაიც ჩვენთვის უფრო საინტერესოა. იმაშივე იხსენებენ თავიანთ წინანდელ გაგზავნილ წერილებს, რომელიც დაკარგულა.
„... პირველად სხვათა შორის მოვიწერეთ, რომ ახლანდელი მონათლულების რიცხვი გავლილ წლებში მონათლულებზე ნაკლები არ იყო. მოინათლნენ სამას სულამდე, ამათგანი ბევრნი, დარწმუნებული ვართ, დღეს სასუფეველში საუკუნო დიდებით სტკბებიან. ეგრეთვე იყო მოხსენებული, თუ როგორ მოვნათლეთ ერთი ახალგაზდა მეგრელი სიკვდილის დროს... ამასთანავე გაუწყებთ, რომ ღვთის შემწეობით, დიდი ნაყოფი გამოიღო ჩვენმა მეცადინეობამ, რასაც სიამოვნებით წარმოუდგენთ თქვენს პატივცემულს მამობრივ ღირსებას. ჩვეულებისამებრ, რიგით დავიწყებთ, მოხსენებას. ჯერ ნათლობის ამბავს მოგახსენებთ. გაუწყებთ, რომ წრეულაც ბევრი ბავში მოვნათლეთ, სულ ას ორმოც და ათამდე იქნება. უფრო ბევრი იქნებოდა გამუდმებით უქეიფოდ რომ არ ვყოფილვიყავით. აქაური ჰაერი ძალიან გვნებს და გვჩაგრავს, თითქმის ყველა ჩვენთაგანი საშინლად იტანჯება. ხოლო იმ ბავშებს, რომლებიც ჩვენი სრული უფლების ქვეშ არიან, ვნათლავთ ეკკლესიაში დიდის ამბით; ეხლა ორი მზად გვყავს მოსანათლად; თუ ღმერთმაც ინება, შევასრულებთ პირველ დღესასწაულშივე. წრეულ, ღვთის შემწეობით, მოვნათლეთ ჩვენის სახლის კაცთაგანი ერთი ახალგაზდა, რომელიც სიკვდილის პირს იყო. ჯერ კარგად გამოვიძიეთ მისი სურვილი. და ვსცანით, რომ უნდოდა წმიდა ეკკლესიის წიაღსა ქრისტიანურად. მიცვლილიყო. შემდგომ მონათვლისა განიკურნა.
„მთავარი დადიანი და მთელი ოდიში თავიანთ ჩვეულებრივ სიყვარულს გვიმტკიცებენ. ჩვენც ყველანი ჩვენის მხრით ვცდილობთ შევეწიოთ მათ განუსაზღვრელის სიყვარულით და ვსწამლობთ, რაც კი დასჭირდება და როცა კი მოგვმართვენ. თითქმის ყოველ დღივ ვსწამლობთ და სიამოვნებით მივდივართ მათ სახლებშიაც, როდესაც დაგვიბარებენ, რის გამო დიდი შეწუხება გვადგება... „რა კი მთავარი ნდობითა და სიყვარულით გვეპყრობა, მისნი ქვეშევრდომნიც ამავე გრძნობას გვიცხადებენ. პატრიარქი, აქ კათალიკოსად წოდებული, მუდამ დიდს სიყვარულს გვიცხადებს, ხშირად სახლში გვიგზავნის დიდს მოწყალებას და როდესაც შემთხვევა მოგვეცემა მისის ნახვისა, მუდამ დიდის პატივით გვეპყრობა. კათალიკოსის შემდგომ ყველა სხვა დანარჩენი ეპისკოპოსებიც სიყვარულით გვეპყრობიან. მაგრამ მათ შორის ერთი უმთავრესი, რომელსაც უწოდებენ წალენჯიხელი (Scalingichelli), უმეტეს სიყვარულს გვიცხადებს. ამიტომ საჭიროდ ვსთვლით თქვენს პატიოსან მამობრივს ღირსებას იმისი ამბავი განსაკუთრებით მოვახსენოთ, რათა ჩვენმა ორდენმა მისი სასელი განსაკუთრებით დაიხსომოს. როდესაც დიაკონი და მწირი ბერი იყო, ისე გვემტერებოდა იგი და ისეთ წინააღმდეგობას გვიცხადებდა სარწმუნოების საქმეში, უმეტესი აღარ შეიძლებოდა. სხვათა შორის ერთხელ, მას აქეთ რავდენიმე წელიწადია, უჩვენა ეს მტრობა ერთ ჩვენთაგანს ბჭობაში დადიანის წინაშე; სახელად ერქვა ილარიონ; როდესაც ეპისკოპოსი გახდა, ჩვენს მამებთან ისე მოიქცა, რომ მათ არც სიავე და არც სიკეთე უყო. ერთხელ რაღაც შემთხვევის გამო მოვიდა ჩვენს სახლში და იმ დროს ნახა ცხენით სატრიალებელი წისქვილი, რომელიც ჩვენებს გაეკეთებინათ საჭიროებისათვის (16). წისქვილი ძრიელ მოსწონებია წალენჯიხელ ეპისკოპოსს და უთხოვნია მისი გამკეთებელი წასულიყო მასთან წალენჯიხის საეპისკოპოსოში, რათა იქაც გაემართა. პატრიც წაჰყვა, გაუკეთა წისქვილი, როგორიც უნდოდა. ეპისკოპოსს ძრიელ მოეწონა და კარგადაც დაასაჩუქრა პატრი; მას აქეთ ძრიელ შეგვიყვარა თუ გამკეთებელი პატრი და თუ ჩვენ ყველა ერთიანად; ახლა შეიქმნა უმეტესად საყვარელი, ჩვენი კეთილის მყოფელი და საუკეთესო მეგობარი, რადგან ახლა ყველგან გვაქებს და კარგად გვიხსენიებს. ხშირად გვეწევა დიდის და უხვის წყალობით: მოწყალებად გვიგზავნის ეკკლესიისათვის წმიდა სანთელს, რომელიც მთელ წელიწადს გვყოფნის; გვიგზავნის ხშირად და ბლომად ღვინოს, მეტადრე წრეულს, რომ მოსავალი სრულებით არ იყო; ეგრეთვე საჩუქრად გვიგზავნის ცხვრებს, ძროხებს; ხშირად ჰპატიჟობს წისქვილის გამკეთებელ პატრს თავის საუკეთესო მამულებში ჰაერის გამოსაცვლელად და დიდათ ეალერსები არა მარტო მას, არამედ ყველა ჩვენთაგანს, როდესაც მის სახლში მისვლა მოგვიხდება, რადგან აქაურებში ყველაზე უფრო ნასწავლი, ყველაზე უფრო გულისხმიერი და ადვილ შესათვისებელია. ყოველ ავ ღირსებას მარტო თავისის სათნოებით მიეწია.
სიამოვნებით წარმოგვიდგენს ბევრს საეჭვო კითხვას სარწმუნოებისას; ეგრეთვე გვკითხავს ევროპიელის მთავრების ამბავს, მეტადრე რომის პაპის ამბავს და ყოველსავე, რაც შეეხება რომის სამთავროს. გულმოდგინებით ისმეს ჩვენს პასუხს. ცხადად აღიარებს, რომ მეგრელი მღვდლები ნათლიღებას სწორედ არ ასრულებენ, რადგან მათ წიგნებში ისე არა სწერია, როგორც ბერძნულშია და თავისი წიგნებიც გვაჩვენა. დადიანს ამ პატიოსანის ეპისკოპოსის დიდი პატივისცემა აქვს. აწინდელი კათალიკოსი კარგად ხნიერია. იმის სიკვდილის შემდგომ იმედი გვაქვს ეს გახდეს კათალიკოსი. თუ მართლა ასე მოხდა, როგორათაც ვევედრებით უფალსა, თუ ჩვენთვის და თუ ჩვენი მისიონისათვის ძრიელ კარგი იქმნება. ინებოს უფალმა ღმერთმა ისე, როგორც უფრო სჯობდეს.
„საეკკლესიო პირთა გარდა, ყველა ხარისხის და მდგომარეობის ერის კაცნიც ძრიელ კარგად გვეპყრობიან; ყველასი სათითაოდ ჩამოთვლა მეტად შორს წაგვიყვანს. ამათ შორის უფრო ღირსი პატივისა და ჩვენის განსაკუთრებულის ყურადღებისა აქაური უმთავრესი ბატონი ვამეყ ლიპარტიანი და მისი მეუღლეა. მთავრის სიკვდილის შემდგომ, შეიძლება მისი ტახტი ამას დარჩეს, რადგან უმახლობელესი და ღირსეული ნათესავია. ეს ბატონი და მისი მეუღლე, ასული ერთი გურული თავადისა, დიდსა და განსაკუთრებულს სიყვარულს გვიცხადებენ და პატივს გვცემენ, ისე, რომ ეგოდენი პატივის მიღება გვერცხვინება კიდეც; ამიტომ ჩვენც დაუცხრომელად მადლობას ვწირავთ ღმერთსა. მართალია ჩვენც ჩვენის მხრით არას ვზოგავთ და რაც კი შეგვიძლია ვცდილობთ მათი გული მოვიგოთ და ვაამოთ...
„ღარიბსა და მდაბიო ხალხს რაოდნათაც კი შეგვიძლია, მუდამ სიყვარულით ვემსახურებით. ყველას უსასყიდლოდ ვაძლევთ ყველანაირ წამალს, როდესაც კი მოგვმართვენ, რაც თითქმის ყოველ დღივ ხდება; ეგრეთვე ვეწევით მათ სხვა თავიანთი საჭიროების დროსაც. ამა ყოველასფერს ვყოფთ მარტო იმიტომ, რომ ვეწიოთ ჩვენს მიზანს, ესე იგი, რათა მოვნათლოთ მათი ბავშები და ქორფები, მათ სულთათვის სასარგებლო რამ ველაპარაკოთ, უმღრთოობა ავარიდოთ, გავწვრთნათ სარწმუნოებაში და ვაქმნევინოთ კეთილი საქმე, როგორათაც მოვალე ვართ, ვითარცა მისიონერები...
„ჩვენის სახლის მდგომარეობისას გაუწყებთ, რომ, ღვთის შემწეობით, თუ სახორციელო და თუ სასულიერო მხრით საკმაოდ კარგად მიდის... ჩვენი სასულიერო მდგომარეობაც ძლიერ კარგად არის...
„მესამედ, დიდის გულმოდგინებით ვწვრთნით იმ ბავშებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არიან და ითვისებენ საქრისტიანო მოძღვრებას; მათი ნიჭიერების დაგვარ ვასწავლით ეგრეთვე „მამაო ჩვენოს”, „გიხაროდენს", „მრწამსს" ღვთის მცნებათა და სხვა ლოცვებს, ეგრეთვე წირვის დროს დახმარებასაც. ეხლა გვყავს ერთი ათი წლის ბავში, რომელმაც ჩვენ დიაკვნებსავით ძრიელ კარგად იცის წირვის დროს დახმარება, კითხვა და ზეპირად ბევრი ლოცვა თუ ქართულად და თუ ლათინურად: საუცხოვო საყურებელია, როცა ამბობს. ჩვენი სახლის მოზდილ პირთ ყოველ კვირა და მთავარ უქმე დღეობით წირვას ვასმენინებთ და ნიადაგ ვწვრთნით, რათა სასუფეველის კეთილ გზას დაადგნენ... სამეგრელოდგან 16 სექტემბერს 1655.
პრეფეკტო პატრი ანდრია ბორომე, პატრი ივანე მონთი, პატრი იოსებ ძამპი".
მოყვასისათვის ასე თავდადებით შრომობდენ მისიონერები, მაგრამ ცუდს ჰაერს ვეღარ გაუძლო მათმა აგებულებამ და მათგან ორი პატრი მონთი და მარსი გარდაიცვალნენ; დარჩნენ მხოლოდ პრეფექტო ბორომე და პატრი ძამპი. ერის თუ სულიერს და თუ ხორციელს ეგოდენ საჭიროებას ეს ორი ვეღარ ასდიოდა. არა ერთხელ მისწერეს რომას და მოითხოვეს ახალი მისიონერები, მაგრამ იქიდგან წამოსვლა ადვილად ვეღარავინ გაბედა. სამეგრელოში თეათინელების უდროვო სიკვდილმა ძრიელ დააშინა იტალიაში მყოფნი მათნი თანა მოძმენი. ამიტომ აღარავინ მოდიოდა ამ მისიონში. ბევრის ლოდინის შემდეგ რა ნახეს, ახალი აღარავინ მოდიოდა, პატრი ანდრია ბორომემ რომას წასვლა გადასწყვიტა. მისის წასვლის მიზეზი ერთის მხრით ის იყო, რომ თვითონაც დასნეულდა და მუშაობა აღარ შეეძლო, მეორის მხრით ის, რომ უნდოდა ახალი მისიონერები ეშოვნა სამეგრელოში გამოსაგზავნად. თავისი აზრი დადიანსაც შეატყობინა. მთავარი დათანხმდა იტალიაში გაეშვა იმ პირობით კი, რომ, სხვა მისიონერებს თუ ვერ იშოვიდა, მაშინ თვითონ მაინც მობრუნებულიყო. ეგრეთვე ნება მისცა ერთი თავიანთი ყმათაგანი საჩუქრად წაეყვანა. ამის შემდგომ გამოემშვიდობა დადიანს და წავიდა რომას 1661 წ. მაგრამ იქ ახალი მისიონერების შოვნა გაუჭირდა. პროპაგანდამაც რა ნახა, თეათინელთაგანი სამეგრელოში აღარავინ მიდიოდა, დააპირა გამოგზავნა კაფუცინებისა, რომლებიც იმ დროს ქართლს მოდიოდენ. ამ ამბავმა ძლიელ დააფიქრა თეათინელები და დიდად დანანდათ სხვისთვის დაეთმოთ ეგრეთი ნაყოფიერი მისიონი, სადაც ეგოდენი ნაშრომი ჰქონდათ. ამიტომ აღმოჩნდენ წამომსვლელები და მალე, ესე იგი 1663 წ. დეკემბრის 7, მოვიდენ სამეგრელოში პატრი პეტრე ჯირჯენთი, პატრი ანდრია ნესტა და ძმა კარლო ჯულიანი.. ამათი მოსვლა დიდად სასიხარულო შეიქმნა თუ მეფისა და თუ ყველა ოდიშართათვის. ახალი მისიონერები დიდის გულმოდგინებით შეუდგნენ საქმეს.
მათმა მისიონმა უწინდელებრ აღორძინება და იწყო. პროპაგანდის დასამშვიდებლად პატრი ძამპიმ 1665 წ. ერთი ვრცელი მოხსენება გაუგზავნა და აუწყა ყველა თავიანთი მეცადინეობა და ნაყოფიერი შოომა. სხვათა შორის იმ წერილსში ეუბნება.. მთავარმა ბევრი თავად-აზნაურის შვილი მოგვანდო კათოლიკე სარწმუნოებაში გასაწვრთნელად; ჩვენს ეკკლესიაში მეგრელები მრავლად მოდიან, ქადაგებას, წირვა-ლოცვას გულ მხურვალებით ისმენენ, აღსარებას გვეუბნებიან და ეზაირებიანო.
რომაში რა მოისმინეს მისიონის ესრეთი წარმატება, მალე ახალი სხვა ორი მისიონერი პატრი იაკობ ვიქარიისა და პატრი იოსებ თორაჩელი გამოგზავნეს. მაგრამ ისინი რა მოვიდენ კოსტანტინეპოლს, შეიტყეს სამეგრელოში მომხდარი ომის ამბავი და 13 ივნისს, 1667 წ. რომაში კარდინალს აცნობეს: „ჩვენი მისიონის ამბავი ძრიელ სამწუხაროა, სამეგრელოს მთავარი მტრისაგან ძრიელ შეწუხებულია, ჩვენი სახლი ერთიან გაუოხრებიათ და ჩვენები აქეთ-იქეთ გაბნეულან. ინებოს ღმერთმა, როცა იქ მივალთ, ფეხის მოსაკიდი ერთი ადგილი ვიშოვოთ. ეს ყველა მოგვითხრა პატრი კარლო სან-მარინელმა კაფუჩინმა, რომელიც ეხლა იქიდგან მოვიდა და რომას მოდის. მაინც კი ჩვენს ბედს ვსცდით და უკან არ დავიხევთ გასაჭირის წინაშე. შევიტყეთ, რომ იქაური ეკკლესსიიდგან წაუღიათ თუ წმიდა ჭურჭლები და თუ ეკკლესიის სხვა ნივთები, ამიტომ აქვე ვიშოვეთ ბარძიმი და ლანგარი. დანარჩენებიც, რაც საჭირო იქმნება, იმედი გვაქვს, ვიშოვოთ".
ამავე პატრს, 8 ოქტომბერს 1666 წ. იმერლებისაგან სამეგრელოს მოოხრების ამბავი მიუწერია რომაში მოკლედ დი მასთანვე აუწყებდა, რომ ამ ომისას ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობთ პატრი ჯირჯენთის ვრცელი წერილიდგანო. წერილი ერთსა და იმავე დღეს არაა გაგზავნილი. მისი აქ მოყვანა შორს წაგვიყვანს, რადგან საკმაოდ ვრცელია და ჩვენთვის საჭიროც არ არის. ხოლო მოკლედ მოვიხსენიებთ შემდეგს: 1665 წ. სამეგრელოს მთავარს დადიანს დაუწყია ომი იმერეთის მეფესთან, მაგრამ დამარცხებულა. რადგან ამ დროს მდინარე დაპატარებული იყო, ამისთვის ცხენებით გასულან იმერლები და აუკლიათ ერთიან სამეგრელო, ეგრეთვე მისიონერების სახლი და ეკკლესიაც; ყველა მათი ავეჯეულობა წაუღიათ, ყმები ტყვედ წაუყვანიათ, საქონელი აღარაფერი გაუშვიათ, ყველა წაუსხამთ; პატრებისათვისაც ბევრი შეწუხება მიუყენებიათ. უფროსისათვის ხელები უკან გაუკრავთ და გულზედ შუბი დაუჭირებიათ, რათა რაც ფული ჰქონდა, ყველა მიეცა; გაუშიშვლებიათ და მარტო პერანგის ამარა დაუტოვებიათ; ასე რომ მშიერ-მწყურვალნი დარჩენილან: ვერც ხალხისაგან რამ შემწეობა მიუღიათ, რადგან ყველა ისევე გაშიშვლებული დარჩენლა. ამიტომ პატრი თავისს უფროსს სთხოვს საჩქარო შემწეობას, რათა მშიერი არ დაიხოცონ. იმერლები არ დაჯერებულან ამას და სამეგრელო ხელმეორედ აუკლიათ. როგორც პატრი ანდრია ნესალი სამეგრელოდგან სწერს რომაში 15 სექტემბერს, 1667 წ. ამ წლის იანვარში იმერეთის მეფე უცბად დასცემია თავს მეგრელებს, ერთიან აუკლია კიდევ სამეგრელო, ვისაც გაქცევა და დამალვა ვერ მოუსწვრია, ტყვედ წაუყვანიათ და ეგრეთვე დაუტყვევებიათ თეათინელების ერთი მორჩილი ძმაცა, რომელიც შემდეგში დიდინ შეწუხებით და თავადების შუამდგომლობით ძლივს გათავისუფლებულა. რადგან პატრი იოსებ ძამპიმ ათ წელიწადზედ მეტი დაჰყო სამეგრელოში, რომამ ნება მისცა, უკან დაბრუნებულიყო იტალიაში და კიდეც წავიდა 1665 წ.* (*მისიონერები 10 წლის ვადით მოდიოდნენ საქართველოში.) ხოლო ამ მისიონს რა შემოაკლდა კაცი და შესაფერი პირიც ადვილად ვეღარ იშოვეს გამოსაგზავნათ, პროპაგანდამ სთხოვა პატრი ძამპის, რომ ისევ უკან დაბრუნებულიყო; მასვე მისცა უფროსობაც. სამეგრელოს სიყვარულისათვის თავს იდო ხელმეორე მისიონი და მობრუნდა სამეგრელოში 1669 წ. სექტემბერში. რადგან სამეგრელოს საპატრონებლად იტალიაში ადვილად ვეღარავის პოულობდენ, რომამ, 15 დეკემბერს 1670 წ., პატრი ძამპის ნება მისცა, რათა სამეგრელოდგან ორი ახალგაზდა კათოლიკე გაეგზავნა პროპაგანდის კოლეგიაში, რომ გაწვრთნილნი მღვდლად კურთხვილიყვნენ და უკან დაბრუნებულიყვნენ თავიანთი მოძმეების მოსავლელად. სამწუხაროდ არავითარი წერილი გვაქვს იმის შესახებ, თუ ვინ გაიგზავნა რომაში სამღვდელოდ. პატრი ძამპი სამეგრელოში დაბრუნებისათანავე გულმოდგინედ შეუდგა შრომას. მალე დააყენა ფეხზედ ბევრჯერ განადგურებული მისიონი და ააყვავა უწინდელებრ. მაგრამ საუბედუროდ, ბევრხანს ვეღარ გასტანა. ლევან დადიანის სიკვდილით სამეგრელოს კეთილდღეობასაც ბოლო მოეღო. თითქმის ისე წელიწადი არ გავიდოდა, სამეგრელო რომელსამე მტერს არ აეკლო. რა საკვირველია, ხშირი ომი და გამუდმებით ქვეყნის მოოხრება მისიონსაც დიდს ზარალს და დიდ დაბრკოლებას აძლევდა. თუმცა კი ხელში არა გვაქვს, მაგრამ პროპაგანდის ერთი წერილიდგან ვიცით, რომ პატრი ძამპის რომაში, 30 აგვისტოს 1670 წ. მიუწერია და უცნობებია ახალი ომისა და სამეგრელოს არევ-აკლების ამბავი. პატრი ძამპი 1672 წელსაც სწერს კიდევ ახალის არეულობის ამბავს და ამბობს, მეფის მინისტრმა კაცია ჩიქოვანმა (Cacia Ciquani) მთავრობა ხელში ჩაიგდო და ბევრი უსამართლობა ჩაიდინა, რაის გამო პატრებმა ბევრი გაჭირვება გამოვიარეთო. იმ დროებში საფრანგეთის ახალ მწვალებელ პროტესტანტებს თავიანთი შეცთომების გასამართლებლად განუზრახავთ აღმოსავლეთის ეკკლესიისათვის სხვა და სხვა ცილი დაეწამებინათ. ეს მწვალებლები ამბობდენ თურმე, რომ აღმოსავლეთის ეკკლესიას წმიდა ზიარების პურისა და ღვინის სახით იესო ქრისტეს ნამდვილი მყოფობა არა სწამსო ამიტომ საფრანგეთის მთავრობას მიუმართავს მთელის აღმოსავლეთის ქრისტიანებისათვის და მოუთხოვნია, შემოეთვალათ მათი სარწმუნოება ამ საგნის შესახებ რას აღიარებდა, რათა მით მწვალებლები გაემტყუნებინა. კოსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩმა დე-ნუანტემ (De Nointe) 19 ივლისს 1672 წ. მოსწერა პატრი ძამპის და სთხოვა სამეგრელოს ეპისკოპოსებისათვის გამოერთმია მათივე ხელმოწერილი აღსარება სარწმუნოებისა. პატრი ძამპიმ მიმართა მაშინვე მთავარს, კათალიკოსს და ეპისკოპოსებს და ადვილად გამოართვა ესრეთი საბუთი ქართულად და მეგრულად დაწერილი, ყველასაგან ხელმოწერილი და ბეჭედ დაკრული. ლათინურად სთარგმნა და ორივე გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს იმავე წელს დეკემბერში. ეს სარწმუნოების აღსარება შეიცავს 9 მუხლს და სრულიად თანახმაა კათოლიკე სარწმუნოებისა. რადგან ამისი ქართული დედანი ხელში არა გვაქვს, ამისათვის საჭიროდ არა ვრაცხთ მისი ლათინურის ტექსტის აქ მოყვანას და ქართულად თარგმნას. სამეგრელომ ომისა და მოოხრებისაგან წელში ვერ წამოიწია. გამუდმებით არბევდენ ხან აფხაზები, ხან ჩერქეზები და სხ. ერთიანად აოხრებდენ, აღარც პირუტყვს და აღარც კაცს უშვებდენ და ყოველგვარს უბედურებას აყენებდენ. პატრი ძამპის რომას წერილი მიუწერია ამის გამო. წერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1674 წ. გაგზავნილი, სადაც იგი, სხვათა შორის, ამ ამბავს აგვიწერს: „სამეგრელო, სამეგრელო აღარ არის, რადგან ომების გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია ჩავარდნილი, დაქცეული და აოხრებულია. აღარავის ჰყავს საქონელი და ყველას სარჩო აკლია... ახლა კაცს აღარ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშშია, თვით ხომალდები, რომლებიც სავაჭროდ მოდიოდენ კავროს და მორბილაში, ახლა შიშის გამო ანარგიაში მიდიან. ეგრეთვე ხმელეთზედ ვიდრე ოღასყურამდე აფხაზებისა ეშინიათ, რადგან იქაურობას ხშირად იკლებენ, რისგამო არკამაში ჩვენი ხალხი ღამით ტყეშია გახიზნული და დღისით დარაჯები ჰყავსთ დაყენებული. ისე დაშინებულნი არიან, რომ ჩრდილიც კი აფრთხობს და გაქცევას აწყებინებს. ოჰ! რაოდნად ვსტირი ჩემს უბედურებას! წმიდა კრებამ რა მომანდო ეს მისიონი, დიდი ნაყოფის გამოღების იმედი ჰქონდა, მაგრამ ომებმა უსარგებლო გამხადეს. რავდენისამე ნიჭიერი ახალგაზდის გამოგზავნას ვაპირებდი პროპაგანდის კოლეგიაში, მაგრამ დაუსრულებელმა ომებმა, ურთი ერთ შორის უთანხმოებამ და კაცის მკვლელობამ ნება არ მომცა, ყველა ჩემი კეთილი სურვილი ამესრულებინა. ვცდილობდი გურიაშიაც გამევრცელებინა მისიონი, როგორც წინათ მოგწერეთ, მაგრამ იქ თავისუფლად შესვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენი მთავრის დიდი მტერია გურიელი, რომელიც სამეგრელოდგან გურიაში გაიქცა, რათა უშიშრად ყოფილიყო. ანარგიაში მყოფ საღი ათაბას (Saghi Ataba) ლევან დადიანის უწინდელ ვეზირს, მასთან მეგობრობა და კარგი განწყობილება ჰქონდა; ამისგამო მთავარმა, მასზედ რა ეჭვი შეიტანა, დაატყვევა და ერთ ღამეს წაიყვანა მეჯოლორის (Megiogori) ტყეში და მოაკვლევინა. ამ ნაირად ამ კეთილის საქმისაგანაც ცარიელი დავრჩი. ღმერთმა ესე ინება"... ამ დროს პატრებს აღარც სახლი და აღარც ეკკლესია ჰქონდათ, უბინაოდ აქა-იქ დადიოდენ; საჭმელად ხშირად მხალის მეტი არა ჰქონდათ რა. ამ დიდი გაჭირვების გამო პატრი ძამპიმ სთხოვა, რომას ნება მიეცა უკან დაბრუნებისა და მის მაგიერად სხვები გამოეგზავნა. მისი თხოვნა მაშინვე ვერ შეასრულეს და დააცდევინეს, ვიდრე 1679 წლამდე. ამ წელს 24 აგვისტოს სამი ახალი თეათინელი მღვდელი პატრი ონორათ დრაგო, პატრი გაეთანო ტურქო და პატრი ფრანჩისკე ბეცი მოვიდენ და მოიტანეს თან ბევრი საჭირო ნივთეულობა, მასთანვე საკმაო ფულიც. პატრი ძამპი აქ ბევრ ხანს აღარ გაჩერდა. ამავე წელს სექტემბრის 14 წავიდა იტალიას. სულ 25 წელიწადი დაჰყო სამეგრელოში, საიდგანაც ბევრი წერილი გზავნა რომას სამეგრელოს შესახებ. მისი წერილი ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველა კი ვერ ვიპოვეთ. რა მოვიდა რომას, კარდინალებს წარუდგინა სამეგრელოს შესახებ ვრცელი მოხსენება, სადაც მოკლედ აღწერილია მეგრელების ნაკლულოვანება სასულიერო საგნებში, მათი სარწმუნოება და ამბობს, ეკკლესიის დოგმატები ყველა შეწყნარებული აქვთო; ეგრეთვე მოუთხრობს, რასაც შვრებოდენ თეათინელები სამეგრელოში. ჩვენ მარტო ამ მესამე, ნაწილს მოვიყვანთ.
„...იქ მოსული ჩვენი მღვდლები გულმოდგინე შრომით სპობენ იქაურ შეცთომილებას.
„ახლა ნათლიღებისა მოგახსენოთ. მრევლის მღვდლებს ასწავლიან, რაც კი რამ საჭიროა ამ საიდუმლოების შესრულებისათვის. თუ ამა თუ იმ ახალგაზდაზე ეჭვი შეგვივიდა, იქნებათ სიყრმის დროს სრულად არ იყოს მონათლულიო, მაშინ ისეთს ახალგაზდას ჯერ სარწმუნოებას აღვიარებინებთ, ცოდვებს მოვანანიებინებთ და შემდგომ პირობით ვნათლავთ, რათა ბავშები მოუნათლავად არ დაიხოცნენ. როცა, ხშირად მოხდება, ჩვენი მამები სახლ და სახლ დადიან, რომ მათ გაჭირვების დროს უშველონ და ავათმყოფებს დაეხმარონ და ამ კაცთ-მოყვარეობითი საქმისათვის მათ ხშირად იბარებენ, მკურნალობის მიზეზით ნათვლენ ბევრ ავადმყოფ ბავშსა, რომელთაგან ბევრნი მონათვლის შემდგომ კვდებიან. თუ კერძო და თუ საჯარო ქადაგებით მშობლებს აგონებენ, ცრუმორწმუნებას თავი დაანებონ და თავიანთის შვილების მონათვლა არ დააგვიანონ; თან უხსნიან მოუნათლაობა გავნებსთო.
„ჩვენი მღვდლები ხან მოძღვრებით, ხან კერძო ლაპარაკში ფიცხელად ჰკიცხვენ მრავალ ცოლობას, რაც შვილის შეძენის აზრით შემოუღიათ და ცხადათ უჩვენებენ, რომ ეს წინააღმდეგია ქრისტეს სჯულისა და ქრისტიანებრივის კეთილზნეობისა (17).
„სწყევლიან იმ ყოვლად საზიზდარ სიბოროტეს, რომ, ცოტა სარგებლობისათვის, თათრებზედ ჰყიდიან მაცხოვრის სისხლით დახსნილს მონათლულ მორწმუნეებს, რომლებსაც საუკუნოდ წაწყმედის განსაცდელში აგდებენ.
„მათ ცრუ ფიცს და სხვა ყველა უსჯულოებას ვკიცხავთ. ჩვენი სიტყვა უნაყოფოთ არ რჩება, რადგან, ღვთის მადლით, კარგად გვისმენენ.
„რათა აღსარება ხშირად სთქვან და არაფერი დაფარონ, ორს რასმე ვშვრებით: პირველად არც რასმე ვსთხოვთ და არც რამ საჩუქარს ვღებულობთ იმათგან, ვისაც აღსარებას ვათქმევინებთ, რადგან, როცა სცნობენ, მათი მდვდლებივით პირად ინტერესს კი არ ვეძებთ, არამედ მხოლოდ მათი სიკეთე გვინდა, უფრო ადვილად აღიარებენ თავიანთ ცოდვებს ჩვენს მამებთან. პატრებიც
ერს ურჩევენ აღსარება გულწრფელად აღიარონ ხოლმე და ამისთვის გულზე დასაკიდის ჯვრებისა და ხატების ჩუქებით აქეზებენ. მეორედ, ვპირდებით, მარადის საიდუმლოდ დავიცვათ ყოველივე, რასაც მათგან აღსარებაში მოვისმენთ და კიდეც გულიც რომ ამოგგვლიჯონ, მაინც მათგან გაგონილს მცირე ცოდვასაც კი არავის გაუმჟღავნებთ. ამის გამო, რომ ყველა ცოდვას გვიცხადებენ, აღიარებენ, ჩვენ შეუნდობთ და საჭირო დარიგებასაც ვაძლევთ, შემდეგში ესრეთი ცოდვები აღარ ჩაიდინონ.
„ამათში ის ცრუმორწმუნოებაც არის, რომ მიცვალებულთა საფლავებზე პირუტყვებს ხოცვენ და ჰსჯერათ მიცვალებულთ ცოდვები მიეტევოს და ცხონდენ. ჩვენი პატრები წინააღუდგნენ და დაავალეს, რომ საქონელი მღვდლის უკურთხებლად სხვა ადგილს დაჰკლან და მათი ხორცი გლახაკებს დაურიგონ, თუ უნდათ, რომ მიცვალებულთა სულს მით ულხინონ.
„ჩვენს ეკკლესიაში ვქადაგებთ, საღვთო მსხვერპლს ვსწირავთ და რომის ტიბიკონისამებრ სხვა ყველა წმიდა მსახურებას დაუბრკოლებლივ ვასრულებთ. მღვდელმსახურებას მეგრელები მრავლად ესწრებიან და ეგრეთვე სხვა უცხო ქრისტიანებიც, რომლებიც კოსტანტინეპოლიდგან მოდიან სპარსეთში წასასვლელად, სამეგრელოში სტუმრად რჩებიან, ჩვენთან აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან.
„კოლხიდის მთავარმა ბევრი კეთილშობილთა ყაწვილი მოგვაბარა გასაწვრთნელად და სარწმუნოების პირველ დასაწყისის ცოდნის სასწავლებლად. ასე იმიტომა ჰქნა, რომ ჩვენზეღ კაი აზრისაა, ვინაიდგან რაც მის სამფლობელოში ვართ, არავინ გაუყიდიათ ჩვენის შემწეობით, ანუ რჩევით და არც რამ მცირე საჩივარი მას ჩვენზედ მისვლია. ხალხიც გვემადრიელება, რადგან კარგად იცის, რომ ჩვენ მარტო მის სახორციელო და სასულიერო სარგებლობას ვეძებთ, ამიტომ ღმერთს მუდამ ევედრებიან, დიდხანს დავრჩეთ მათ ქვეყანაში.
„ჩვენი მოციქულებრივი მოღვაწეობა დღითიდღე მომეტებულს ნაყოფს გამოიდებდა, რომ ამ მთავრის მტრები და სამეგრელოს მოსაზღვრე ხალხი, როგორიც არიან ალანები, ჩერქეზები, ჯიქები, აფხაზები და სხვა, ამ ქვეყანას მუდამ არ იკლებდენ და ერსა და პატრებს არ აწუხებდენ. თუ ეს შიშიანობა არ დავივიწყეთ, ზემო დასახელებული ნაყოფიც მცირედ არ ჩაითვლება.
„სამეგრელოში წამოსვლის დროს, დავსტოვე ოთხი მღვდელი და ერთი მორჩილი ძმა, რომლებიც სიბრძნით შესანიშნავნი და სხვათა ცხონების სურვილით გამსჭვალულნი არიან. ამიტომ იმედი გვაქვს, ღვთის კურთხევით, დატოებული უფლის ვენახი უფრო ნაყოფიერი შეიქმნეს ჩვენის მამების ღვაწლით 14 სექტემბერს 1679".
პატრი ძამპის წასვლის შემდგომაც არ შეწყვეტილა ომი. კიდევ შემოსულან აფხაზები და იქაურობა სულ გაუნადგურებიათ. ამ დროს პატრებსაც დიდი შეწუხება გამოუვლიათ, რავდენსამე დღეს აქეთიქეთ, დამალულან და ისე ძლივს გადურჩენიათ სიკვდილისაგან თავი. სხვები უსახლკაროთ აქეთ-იქეთ გაფანტულან.
ვგონებთ იმ დროებშივე უნდა გაქცეულიყოს რავდენიმე პატრი გურიაში, სადაც გიორგი გურიელმა. დიდის სიყვარულით მიიღო, ეკკლესია და რაც კი საჭირო იყო, ყველაფერი მისცა. ამ ხანებში დადიანი ლევან მეორეც გარდაიცვალა. პატრი ტურქო ამ ამბავს რომაში მოკლედ სწერს ესრედ: „... ვაუწყებ თქვენს მაღალს ღირსებას, რომ გასულ თვეებში ამ ქვეყნის მთავარი გარდაიცვალა. ახალი მთვარი ჯერ არ არის არჩეული, რადგან დაატყვევეს მიცვალებულის მთავრის შვილი, რომელსაც სჯულისამებრ ეკუთვნის სამეფო. ახლა ლაპარაკია და მომავალ თვეში აირჩევა ახალი მთავარი ამ ქვეყნის მმართველად. ინებოს ღმერთმა, ის თავადი დაინიშნოს მთავრად, რადგან ძრიელ ვუყვარვართ და დაგვპირდა, თუ წინანდელ ჭიპურიას სახლში ვეღარ დადგებით, ადგილს და ეკკლესიასაც მოგცემთ, რათა შეიძლოთ თქვენი მოციქულებრივის მსახურების ასრულებაო... სამეგრელოდგან, 12 ოქტომბერს 1681 წ. პატრი გაითანო ტურქო".
რომაში რაკი მუდამ სამეგრელოს აკლებისა და მისიონის დარღვევის ამბავი მოდიოდა, პროპაგანდამ პატრებს ნება მისცა, დაეტოვებინათ სამეგრელო და სპარსეთს, ან ტრაპიზონს წასულიყვნენ. ამ დროს პატრებმა უზომო თავგანწირულება და სიყვარული გამოიჩინეს სამეგრელოსთვის. რადგან პროპაგანდა სამეგრელოს დატოვებას არ უბრძანებდა, არამედ მარტო ნებას აძლევდა, ამის გამო მისიონერებმა იქ დარჩენა ირჩიეს და, მრევლის სიყვარულისათვის, თავს იდვეს განეგრძოთ შრომა და ღვაწლი და არავითარს ტანჯვა-შეწუხებას არ დარიდებოდენ.
ლევან დადიანის სიკვდილის შემდგომ აფხაზების მთავრის სუსტარ სარაზიას შვილი სარეკ სარაზია (Sarrech Sarrasia) გამოცხადდა სამეგრელოს მთავრად, რადგან იმას დაეპყრო აქაურობა. იმან რა დაიწყო მმართველობა, მაშინვე ყურადღება მიაქცია პატრებს. რავდენი პატრიც კი იპოებოდა იქ იმ დროს, ყველა გაგზავნა ლარიკუკაში (Lariciuca) მახარებელ ლატარია მღვდელთან, რათა იმდენი შეწუხების შემდეგ იქ დაესვენებინათ. იმ დროს განმავლობაში თავისი ხარჯით პატრებს აუშენა სახლი და შეუკეთა ეკკლესია. რაც კი შეიძლებოდა, მათი ეკკლესიიდგან გაძარცული შესამოსები და ნივთები შემოჰკრიფა; ხოლო რაც ვერ იპოვეს, მაგიერ თავის გულუხვობით შეუვსო დანაკლისი, ასე რომ უწინდელებრ მისიონი ფეხზე დააყენა. ამნაირად ლევან დადიანის არ იყოს, ეს მთავარიც მისიონერების დიდი მოყვარე, მათი კეთილისმყოფელი და მათი მფარველი შეიქმნა.
სამეგრელოში მყოფ ბერძნის მღვდელ-მონაზონებს შეშურდათ, რომ ახალი მთავარი პატრებს დიდის სიყვარულით ეპყრობოდა და შემწეობას აძლევდა. ამიტომ პატრებს მტრობა დაუწყეს: ერში მათზედ სხვა და სხვა ჭორი გაავრცელეს; ბევრს ეცადნენ, პატრებზე მთავრისათვის გული აეცრუებინათ; თავიანთი მოხერხებით და გაიძვერაობით მალეც ეწივნენ. მათი გავლენით მთავარმა პატრებს მტრულად დაუწყო ყურება; ეგრეთვე ერმაც მთავრის მაგალითს მიბაძა, რადგან მართლა ეგონათ, პატრები იყვნენ ყოველის უღმრთოების მომქმედნი: თავი დაანებეს მათთან სიარულს და მათი წირვა-ქადაგების მოსმენას. ასე რომ პატრები, ბერძნების წყალობით, უმწეოდ დარჩნენ, ყველასგან დატოვებული და ყველასგან მოძულებული. მაგრამ ბერძნების მოხერხებულმა ფანდმა ბევრხანს არ გასტანა. ახალი მთავრის ბიძაშვილს ყაფო სარაზიას (Quappo Sarrasia) ჰქონდა წმიდა სტეფანეს ვერცხლის ძეგლი ერთი ადლის სიმადლე, (75 სანტიმეტრი, alta te palmi) შემკული ძვირფასის თვლებით; დიდი შიში და პატივი ჰქონდა იმ ძეგლისა. სიმდიდრის წყურვილით გამსჭვალულმა ბერძნებმა ის ძეგლი, როგორც იყო, მოიპარეს. ბევრი ძებნის შემდგომ, ყაფომ თავისი ძეგლი ჰპოვა იმ ბერძნებთან, რის გამო მათგანი ასზედ მეტი მოაკვლევინა; ხოლო ვინც გადარჩა, გაქცევით თავს უშველა. შვიდი თუ რვა იმათგანი პატრებმა თავიანთ სახლს შეაფარეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ყაფომ ეს არ აკმარა ბერძნებს. ბრძანება გამოსცა, ჩემ ნება დაურთველად ბერძნის მღვდელმა არავინ გაბედოს ჩემ სამთავროში დგომაო. ამ გარემოებამ კარგად აუხილა თვალი სამეგრელოს მთავარს. ცხადად ჰსცნო პატრების უდანაშაულობა და მათი პატიოსნება, მეტადრე როდესაც შეიტყო, რომ თავიანთი მოსისხლე ბერძნებისათვის სიკეთე ექმნათ და სიკვდილისაგან გადაერჩინათ. ამისგამო უფრო შეუყვარდა იგინი და დაუწყო მათ პატივისცემა უწინდელზედ უფრო ერთგულად; შეიქმნა მათი მორწმუნე იმ ზომამდე, რომ ყოველ დღე დაიარებოდა მათ წირვაზედ და თვითვე ეხმარებოდა წირვის დროს, რაც იშვიათი მაგალითია თვით დასავლეთის მთავრებშიაც.
გიორგი გურიელთან შეხიზნულ პატრებ შორის იყო პატრი გაეთანო ტურქოც, უფროსი თეათინელი მისიონერებისა. გიორგიმ რა უმიზეზოდ დაუწყო ომი იმერეთის მეფეს, დამარცხდა ბრძოლაში და კიდეც მოკლულ იქმნა. რადგან ძრიელ მიღებული ჰყავდა პატრები, პატრი ტურკოც თან ახლდა ომში მთავარსა; დამარცხების დროს იგი ტყვედ ჩაუვარდა ერთ იმერელ აზნაურს ლიპარიცა მიქელაიას (Lipariza Michelaia), რაიცა დიდათ გაუხარდა აზნაურსა. სამეგრელოს მთავარმა ასი პიასტრი გადაიხადა და პატრი ტურქო, როგორც იყო, ტყვეობისაგან იხსნა.
სამეგრელოს მისიონმა აღყვავება დაიწყო, მაგრამ ბევრ ხანს არ გასტანა მათმა კეთილდღეობამ, რადგან 10 აპრილს, 1685 წ. ერთი რაღაცა უსიამოვნების გამო, რომელიც მოუხდა სამეგრელოს მთავარს თავის ნათესავ, აფხაზების მთავართან, აფხაზები შემოესივნენ და სამეგრელო აიკლეს, ეგრეთვე პატრების სახლიც, მაგრამ, როგორც იყო მალე დაწყნარდა იქაურობა. პატრებმა განაგრძეს შრომა, რაშიაც მათ დიდად ხელს უწყობდა სარეკ სარაზია, სამეგრელოს მთავარი. მისმა გულკეთილობამ ძრიელ მიიზიდა პატრები, რომელთაც გადასწყვიტეს არსად წასულიყვნენ და სამეგრელოში დარჩენილიყვნენ. მასთანვე მოინდომეს, რომაც დაეყოლიებინათ, რათა სხვაგან წასვლის წინადადება ხელმეორედ არ გამოეგზავნა და რაც შეიძლება, დახმარება აღმოეჩინა. ამიტომ რომას გაგზავნეს ერთი პატრი, რომლის წასვლისათვის ძლივს გამოსთხოვეს მთავარს ნება და იქაურს კარდინალს ეს წერილი გაუგზავნეს: „გამუდმებულმა ომებმა აქაური ქვეყანა ერთიან მოახრა; შვიდი წლის აქეთ-იქეთ სიარულის შემდგომ, მოვბრუნდით ჭიპურიას მისიონში ჩვენს მამებთან, რადგან ცოტა დაწყნარდა აქაურობა. გარნა ღმერთმა უწყის თუ როგორ მოვბრუნდით, სცნობთ პატრი გაეთანო რასპონის პირით, ანუ წერილით. იგი გავგზავნეთ კოსტანტინეპოლს, რათა თქვენს უმაღლესობას უფრო კარგად აუწყოს, თუ რა ნაყოფი გამოიღო ჩვენმა შრომამ ომს გადარჩენილ მეგრელთა შორის; აუწყოს აგრეთვე ამბავი იმ საბრალო ბავშებისა, რომლებიც, ჩვენ რომ აქ არ ვიყოთ, მოუნათლავად დაიხოცებიან... ამიტომ გადავსწყიტეთ დავრჩეთ ამ მისიონში, თუმცა კი დიდად ძნელია შეუწყეტელის ომების გამო. გარდაწყვეტილი გვქონდა აქაურობის დატოება; მაგრამ რა დავფიქრდით, თუ რა ვნება მოეცემოდა ამ საბრალო სულთ, ვარჩიეთ, რათა განვაგრძოთ აქ ყოფნა და იესო ქრისტეს სიყვარულისათვის, შეწუხების გაწევა... ჩვენი შრომა და შეწუხება ეგოდენია, რომ თუ ყოველივე აღვწერეთ, დიდათ შეაწუხებს თქვენს უმადლესობას. ხოლო გაუწყებთ, რომ ტყვედ და მიჭირეს და ბორკილი გამიყარეს; ჩემს გასათავისუფლებლად თხოულობდენ 700 სკუდს, ანუ რავდენსამე ყმას. არც მე და არც ჩვენი მამები დათანხმდენ. გარნა ჩვენმა გულკეთილმა მთავარმა დამიხსნა და მომცა რავდენიმე მოსახლე ყმაც და დამაფიცა, არ დავტოვო იგი, არამედ ვემსახურო. ამიტომ თქვენს უმაღლესობას გამოვუგზავნეთ ზემოდ ხსენებული პატრი რასპონი; მისი გამოგზავნა დიდად გაგვიჭირდა, რადგან მთავარი არ უშვებდა. ამიტომ ფიცი მასცა, ან თვით დაბრუნდეს და ან სხვა პატრები გამოგზავნოს. მისგან უფრო კარგად სცნობთ ყველა იმ საინტერესო და სასარგებლო საქმეებს, რომელსაც ვყოფთ ჩვენს მისიონში... სამეგრელოდგან, 19 მაისისა, 1686 წ. პატრი გაეთანო ტურქო და პატრი იოსებ ტორიჩელი".
პატრი რასპონის წინათვე უნდოდა იტალიაში წასვლა, მაგრამ მთავარმა არ გაუშვა. გემების წასვლაზე დარაჯები დაუყენა და ერთ სახლში გამოამწყვდევინა, რათა ჩუმათ არ გაპარულიყო. ხოლო როცა გემები წავიდა, მაშინ გამოიყვანა, ჩვეულებრივად პატივი სცა, რათა იტალიაში წასვლის ფიქრზე ხელი აეღო და ქადარძს გაგზავნა (Cadarz) თავად სიმონ დათვისკარიასთან (Datuscaria), რომელმაც რა სცნო მთავრის აზრი, რაც შეეძლო პატივი სცა და გაართო იგი.
პატრი იქიდგან გაგზავნა ალანებთან (Alani) და თან გააყოლა ორი მისი მეგობარი მეგრელი: ჩეზარუყ ჩხოდარია (Cesaruc Scorelia), პაპუნა ქობაკია (Pappuna Cobaccbia), კიოსინო ალბარია (Chiosino Albaria) და ჯუჯანცა ბორქია (Giugianza Borchia), ეგრეთვე ერთი მოსამსახურეც. ოთხი დღის სიარულის შემდგომ მოვიდენ ალანეთს და ჩამოხტენ მთავარ ბუზლაყ სამაზენიასთან (Buslac Samasenia), რომელმაც დიდის პატივით მიიღო პატრი, როგორც სარეკ მთავრის საპატიო კაცი და რაც შეეძლო არაფერი დააკლო მის გართობას. პატრი ორ თვეს დარჩა და შემდგომ მობრუნდა სამეგრელოში და დიდი მადლობა მოახსენა მთავარს ესრეთი პატივისცემისათვის. როცა პატრებმა კარგად გააგებინეს მთავარს, იტალიაში ყველას გვიბარებენ და საჭიროა ეს მაინც გაუშვათო, მაშინ ისიც დათანხმდა გაეშვა მხოლოდ პირობისათვის უთხრა, ან შენ დაბრუნდი, ან სხვები მაინც გამოგზავნე შენს მაგივრადო.
პატრი რასპონი ჯენუას რომ მივიდა, ვიდრე რომას ჩავიდოდა, ეს წერილი გაუგზავნა პროპაგანდას: „ეს არის ფოსტით მივიღე თქვენი მეტად საამური წიგნი, რომლითაც მაუწყებთ, რომ წმიდა კრებას სამეგრელოს მისიონები უკან დაუბრუნებია. ეს მოწოდება იქაც მოვიდა და იქაურმა მთავარმაც შეიტყო. მაგრამ სრულებით არ უნდა ჩვენი გაშვება. მეც, რის გაჭირვებით, ძლივს გამომიშვა, როგორათაც ჩვენ ფრიად პატივცემულ გენერალთან და წმიდა კრებასთან მოწერილი წერილებიდგან სჩანს. გარნა, ამისდა მიუხედავათ, გაუწყებ რომ ....იქაურობა რა დამშვიდდა, ჩვენმა მამებმა საჭიროდ დაინახეს იქაურობას თავი არ დააებონ, მეტადრე ახლა. როდესაც ადვილად შეიძლება მოზდილთა შორისაც დიდი ნიყოფი გამოვიღოთ, ვინაიდგან იქ აღარ არიან ჩვენის ქადაგების მოწინააღმდეგე ბერძნები. ეგრეთვე ჭეშმარიტად გარწმუნებ, რომ ახლანდელ მთავარს ძრიელ ვუყვარვართ; სულმუდამ ჩვენსას მოდის სადილად და ეგრეთვე წირვის დროს მოსახმარებლად; რაც ამ მხარეს მისიონი გვაქვს, ასეთი ამბავი ჯერ არავის სმენია. გარდა ამისა, ჩვენის რჩევით გამოსცა ბრძანება, რომლითაც სიკვდილის სასჯელით უკრძალავს ყველას ყმაწვილების გაყიდვას. აქიდგან შეგიძლიათ სცნოთ, რაოდნად ერთგულია ჩვენას სარწმუნოებასა.... არ ვიცი, სხვა რა მოგწერო, თქვენვე განსაჯეთ, ნუ თუ სასარგებლო იქმნება დატოება ასეთის მისიონისა, რომელშიაც ჩვენმა მამებმა ბევრი ოფლი ჩაღვარეს;... ჯენუადგან, 4 იანვარს 1682 წ., პატრი გაეთანო რასპონი". რასპონიმ შემდგომ, რომას სამეგრელოს შესახებ ვრცელი მოხსენება წარუდგინა. ხოლო ის მოხსენება ხელში არა გვაქვს. ეგრეთვე ეცადა ახალი მისიონერების გამოგზავნას, მაგრამ ერთის მეტი ვერ იშოვა. იგი იყო პატრი გაეთანო ქავაცა, რომელიც მოვიდა სამეგრელოში 1691 წ. და იქვე მიიცვალა 1694 წ. თუ სამეგრელოს ცუდი ჰაერისა და თუ იქაური შეუწყვეტელის ომების გამო, სხვა თეათინელების მისიონერებმა ვეღარ გაბედეს წამოსვლა. დარჩა მარტო ორი მღვდელი პატრი ტურქო და პატრი ტორიჩელი, რომელთაც სამეგრელოს დატოებას იქვე სიკვდილი ირჩიეს. ერთი გარდაიცვალა 1699 წ. და მეორე 1700 წ. აი, ასე სამწუხაროდ დასრულდა თეათინელების მისიონი სამეგრელოში, სადაც სამოც წელიწადზედ მეტი იღვაწეს. ამდენი შრომა და სიკეთე დასდვეს სამეგრელოს ხალხსა. თუ მათის ქადაგების და ღვაწლის ნაყოფმა ჩვენამდ ვერ მოაწია, არც მათი ბრალია და არც ხალხისა, არამედ უნდა მიეწეროს იმ აღურაცხველ ომებს და სხვა და სხვა გარემოებას, რომლის სამწუხარო თეატრად გარდაქცეულიყო სამეგრელო.
|