ქართველი კათოლიკენი გურია-სამეგრელო-იმერეთისა XVII საუკუნეში


1 2 3 4 5

წინასიტყვობა
ნაწილი პირველი. კათოლიკობა გურიაში
ნაწილი მეორე. კათოლიკობა სამეგრელოში
ნაწილი მესამე. კათოლიკობა იმერეთში


ნაწილი მეორე. კათოლიკობა სამეგრელოში

ჩვენი მოლოდინის წინააღმდეგ დიდძალი საბუთები შევკრიბეთ სამეგრელოს კათოლიკებისა. ეს საბუთები ერთ კაი მოზდილს წიგნს შეადგენს, ყველა რომ გამოიცეს. რადგან აზრად გვაქვს კერძო წიგნი გამოვსცეთ ამ ქართველი კათოლიკების შესახებ, ამიტომ ყველა ნაპოვნ საბუთებს არ მოვიყვანთ, არამედ დავასახელებთ მათ, რაც უფრო შესანიშნავად მიგვაჩნია. ეგრეთვე, რაც შეიძლება, ცოტას მოვიყვანთ ტექსტებს, რათა მეტად არ გავაგრძელოთ ჩვენი წერილი. ხოლო წყაროებს კი ბლომად დავასახელებთ, რათა მკითხველმა ადვილად იპოვოს დედანი, თუ კი მოისურვებს. სანამ მისიონერების ღვაწლის გამოკვლევას შევუდგებოდეთ, მოვიყვანთ პაპის წიგნს დადიანთან მოწერილს, რომელიც თეათინელებმა პირველშივე თან წამოიღეს თეიმურაზის წერილთან ერთად, შეინახეს იგი ვიდრე 1633 წლამდე და გარდასცეს დადიანს თავიანთი მოსვლისათანავე.

„პაპი ურბანო მერვე.
„ოდიშის ქართველ მთავარს.
„თქვენო კეთილშობილებავ. მშვიდობა და ღვთის მადლის ნათელი. მღვდლებს, რომლებსაც ვგზავნით საქართველოში, იმედი აქვსთ ჰპოვონ კავკასიის მთებზედ კარმელის მთის სიბრწყინვალე და რიონის ნაპირად იორდანის მდინარე, უკეთუ თქვენმა კეთილშობილებამ მფარველობა გაუწია და ანუგეშა. ყველა ნათესავთა სამშობლო რომაც, რომელსაც ძრიელნი მეფენი პატივს სცემენ და თავიანთ სარწმუნოებრივ ვალს უხდიან, როგორც საქრისტიანოს დედა-ქალაქს, გპირდება თავის მხრივაც ტიბრის პირად ვატიკანში პატივი სცეს თქვენ სახელს, უკეთუ ამ სამსახურით ანუგეშეთ ეკკლესია. აწ აზიის მთავარს ვერც ევროპა სთხოვს უკეთეს ნიშანს დიდსულოვნობისას, რომელიც უნდა გამოიჩინოს მღვდლების მიმართ, რომელთაც დაივიწყეს ყველა სიამოვნება, უკუ აგდეს შიში ყოვლის განსაცდელისა და არჩიეს თქვენი სამეფო თავიანთ საკუთარ სამშობლოსა. მანდ იმიტომ კი არ მოდიან, ქონება და სიმდიდრე შეიძინონ, არა, ღვთის მადლით, მათ ესეთი საცთურიანი გზა უარყვეს, რათა დაემორჩილონ ბრძანებას უფლისას.
მოდიან მარტო იმისთვის, რომ ხალხს სულიერი ხსნა მიანიჭონ. ამ სულთა ცხონებაზეა დამყარებული რომის მღვდელმთავრის დიდებაც. არა თუ სარწმუნოება, არამედ თვით კაცობრივი გრძნობაც არ ექმნება, ვინც სიყვარულით არ მიიღებს ამ მღვდლებს, რომელნიც მოდიან ეგრეთ შორეულ სამთავროში, რათა თქვენის ბედნიერებისათვას იშრომონ. ყველგან მიღებულია, რომ სიყვარულისა და სარწმუნოების ნიშნად კაცმა უკუ აგდოს თავისი საკუთარი ინტერესები და იზრუნოს მოყვასის სიკეთისათვის. იქიდგან შეგიძლიათ სცნოთ, თუ რა რიგ უყვარხართ რომის ეკკლესიას, რომ მანდ ამ სიშორიდგან მოდიან და თქვენი სახელგანთქმულობისაც არაფერი გაუგონიათ. ამათი მანდ მოსვლის მიზეზი მხოლოდ ის, არის, რომ ქართველთა ერს და მთავრებს მოუპოვონ წყალობა ღვთისა და შესძინონ საუკუნო სიმდიდრე. მგზავრობის სიძნელე, მტრების მახე, ზღვის ღელვა, თქვენის ცხონებისათვის ყოველივე თავის სარჯელად მიიღეს. ესრეთნი პირნი თხოულობენ თქვენი კეთილშობილებისაგან შემწეობას და ქართველთა ერს დახმარებას. ამის, თხოვნა ვინებეთ თქვენგან ამ მოციქულებრივის წერილით, რათა ჩვენი მღვდელთ-მთავრული სიყვარულის ნიშნად დარჩეს თქვენთან. რა მაგათ პატივით მიიღებთ და მოუსმენთ სახიერებით, მაშინვე თქვენი სახელი საქებურ შეიქმნების აქ, საცა მთელი ქვეყანა მოდის.
მასთანვე თქვენს მთავრობას გააბრწყინებს და გააბედნიერებს მოწყალე დმერთი, რომელიც თქვენგან ასეთს საქმეს თხოულობს. თქვენთვის ამ მადლს ვსთხოვთ მას და ვნატრობთ, სული წმიდის ნათელმა განანათლოს თქვენი კეთილშობილება, რათა დაიმკვიდროთ ზეცას მის უდიდესი მეფობა, ვიდრე ამ ქვეყანაზედ გაქვსთ. რომით. 4 ივლისისა 1626 წ. ჩვენი მღვდელთ-მთავრობის მესამე წელსა”.

ეს წიგნი რამდენსამე წელიწადს თან შეინახეს პატრებმა და დადიანს გადასცეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიწყეს თავიანთი მისიონი სამეგრელოში. როგორც წინა თავში მოვიხსენიეთ, სამეგრელოში თეათინელების მისიონის დაფუძნებას მიზეზი გახდენ იქიდგანვე გამოგზავნილი ელჩები, რომლებსაც უნდა მოელაპარაკნათ მარიამ დედოფლის დაქორწინებისათვის როსტომ ხანთან. ელჩებს შორის მოსული იყო ეგრეთვე ნიკიფორე, ანუ ნიკოლოზ ერბახი, რომელმაც ძლიერ ურჩია მისიონერებს სამეგრელოში წასვლა. წინდაწინვე დაარწმუნს, რომ დადიანი კარგად მიგიღებსთ და მეც ჩემის მხრით დაგეხმარებით იმასთანო. ესრეთ გამხნევებული ორი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი და იოსებ ჯუდიჩი, 23 ოქტემბერს 1633 წ., დაადგნენ სამეგრელოს გზას ელჩებთან ერთად, რომელთა შორის იყო ხსენებული ნიკოლოზ და ეგრეთვე თბილელიც, როსტომის ელჩი დადიანთან გაგზავნილი, რომელმაც გზაში პატრებს უზომო გულკეთილობა და შემწეობა აღმოუჩინა, რადგან ქუთაისის გზები შეკრული იყო თეიმურაზისაგან, ახალციხიდგან მოუარეს (ახალციხე იმ დროს სპარსელების ხელში იყო თურმე), გადმოიარეს მთები და ჯერ მივიდენ გურიაში, სადაც დიდის პატივით მიიღო მისიონერები გურიის მთავარმა მალაქია კათალიკოსმა (ძმა იყო მამია გურიელისა). იმათ ყოველთვის სუფრაზე იწვევდა და თავის კერძიდგან წილს უდებდა. თავისი ეპისკოპოსებითურთ დაესწრო მათ წირვას, რომელიც გულმხურვალებით მოისმინა და ძრიელ აქო მათი წესი. აღარც კი უნდოდა მათი გურიიდგან გაშვება, გარნა დადიანს მოერიდა. ოთხი დღის უკან წავიდენ სამეგრელოსკენ და მივიდენ ილორში (Ilori) 19 ნოემბერს. იმ დროს იქ მისულიყო დადიანი მრავლის მხლებლებით და ეპისკოპოსებით წმ. გიორგის დღეობაზე.
დადიანმა ვერ მიიღო ისინი, რადგან მეორე დდესვე უნდა წასულიყო იქიდგან. გარნა რა შეიტყო მათი მოსვლა, თავისი კერძიდგან გაუგზავნა ვერცხლის ჭურჭლებით საჭმელი და აცნობა, რომ წასულიყვნენ მერკულაში
(Mergullas), რათა იქ მიეღო. დღესასწაულის გათავებისას ნასადილევს დადიანი წავდა ყველა თავისი მხლებლებითურთ, თან გაჰყვნენ მისიონერებიც ელჩებთან ერთად. ვიდრე დადიანი იმათ ინახულებდა, ნიკიფორემ მოახსენა ყოველი მათი გარემოება. სხვათა შორის უთხრა:

„ეს ევროპელი მონაზონები მოსულან აქ მარტო ხალხში ღვთის სიტყვის საქადაგებლად და სარწმუნოების გასავრცელებლად; ყველანაირი სათნოებით შემკული არიან, იციან ხელოვნებაც, მეტადრე სულიერ საგნებში დიდათ გაწვრთნილნი არიან და არც ფულს და არც სხვა რამ დიდებას ეძებენო. სურსთ აქ, დაბინავდენ, რათა ერი გასწვრთნან და განასწავლონ კეთილ ზნე-ჩვეულებასა და ღვთის სამსახურში. უეჭველად დიდს სიკეთეს მოუტანენ ერსა და თვით მთავრისთვისაც მათი აქ ყოფნა მეტად სასიქადულო იქნება".

რა მივიდენ მერკულაში, ჯერ დადიანს მიართვეს შემდეგი საჩუქრები: ერთი უბის საათი, ერთი ღვთის მშობლის ხატი ვერცხლით მოჭედილი, სამი სხვა და სხვა დურბინდი, ერთი ბროლის კრიალოსანი და ერთი პატარა ყუთი დანა მაკრატლებით. ესე ყოველვე დიდათ სასიამოვნოდ დაურჩა დადიანს. შემდგომ ამისა წარდგნენ მის წინაშე და მოახსენეს ესრედ:

„უდიდესო მეფევ, ჩვენ, რომლებსაც თქვენს წინაშე გვხედავთ, გლახაკურის ტანისამოსით მოსილთ, სიღარიბისაგან შეწუხებულთ მგზავრობისაგან დიდათ დაქანცულთ, ევროპელი მონაზონები ვართ, იესო ქრისტეს სახარების მიმდევარნი. არა სხვის ძალდატანებით, არც ჩვენის სურვილის წინააღმდეგ, არამედ ნებით დაგვიტოვებია ქვეყნიური ამაოება. იტალიის შვენიერი ქალაქი, მთელ ქვეყანაზედ განთქმული რომა არის ჩვენი ქვეყანა, საიდგანაც, ვითარცა საეკლესიო საყდრიდგან, რომის მღვდელთ მთავარი მოციქულთა მთავრის პეტრეს მოსაყდრე და იესო ქრისტეს მონაცვლე ამ ქვეყანაზედ, ყოველ ტომს უწესებს ქრისტიანებრივის სარწმუნოების კანონსა. იგივე განაგებს მთელ ქვეყანაზედ მოფენილს ეკკლესიას და მასვე ემორჩილებიან სარწმუნოებრივის ქვეშევრდომობით მეფენი და მთავარნი. იმან აგვირჩია და წარმოგვგზავნა თქვენდა სამსახურად ჩვენ, მოციქულებრივი მღვდლები. თქვენის დიდის სახელის და გულკეთილობის განთქმულობით გათამამებულთა ჩვენის ნებით ვიტვირთეთ ზღვისა და ხმელეთის გაჭირვება. სრულებით არ გვსურს შეძენა სიმდიდრისა, ოქრო-ვერცხლისა და ან სხვისა, რაც კი შეიძლება მიანიჭოს კაცს აქაურის ქვეყნის სიუხვემ, ანუ მცხოვრებთა გულკეთილობამ, რადგან ჩვენს ქვეყანაშივე დიდი ხანია უარ ვყავით ეს ყოველივე.
დიდსულოვანო მთავარო, ჩვენი ერთად ერთი მიზანია, თუ თქვენ და თუ თქვენს ერს ვასწავლოთ კათოლიკე სარწმუნოების ჭეშმარიტება და მოვუპოვოთ საუკუნო ბედნიერება”.
დადიანმა ძრიელ კარგად მიიღო იგინი და დაჰპირდა, რომ დიდის პატივით შეინახავდა თავის სამთავროში და აღმოუჩენდა ყველა ნაირს შემწეობას. რადგან იმ დროს ბერძნის მღვდლებიც იყვნენ იქ, ნიკიფორემ ურჩია, პაპის წერილი მერმე გადაეცით მთავარსო. იმათაც ისე ჰქმნეს.
შემდგომ დედოფალსაც გაუგზავნეს საჩუქრად ერთი ვერცხლით შეჭედილი ხატი, ქარვის კრიალოსანი და პატარა კოლოფი. დედოფალმა დიდის სიამოვნებით მიიდო საჩუქრები და მიიწვია. დიდი პატივი სცა, ბევრი რამ გამოჰკითხა და მერე ერთი ცამეტი წლის ვაჟი აჩუქა და ისე გამოისტუმრა. მეფეცა და დედოფალიც თავიანთი სუფრიდგან უგზავნიდენ საჭმელს, რადგან დიდად მოხარული იყვნენ მათი მოსვლისა. ნაჩუქარი ყმაწვილი მისიონერებმა კარგად გაწვრთნეს სარწმუნოებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, კოსტანტინეპოლიდგან მოვიდა მისი გამაჰმადიანებული ძმა, მათ გამოართვა და თან წაიყვანა. დედოფალმა ანუგეშა პატრები და მესამე დღეს მისცა სხვა უკეთესი ყმაწვილი, რომელიც კარგად გაწვრთნილი სარწმუნოებაში შემდგომ კათოლიკედაც გარდაიცვალა. დადიანმა იგინი დროებითად დააბინავა ერთს თავის პალატში, რომელიც იყო კოზხეთის
(Choz Cheti), ერთ მშვენიერ გორაზედ, რათა დაღალულობისაგან შეესვენათ. ეგრეთვე მისცა მათ გასაკურნებლად თავისი სამი წლის ასული, დამბლა-დაცემული, რომელიც მალე გამოაბრუნეს და გულმოდაგინედ უწამლეს. მრთლადაც გაჰკურნებდენ, დედას რომ მალე არ წაეყვანა ბავში. დადიანმა უბრძანა იმ ადგილის მცხოვრებთ, რათა რიგრიგათ ეზრუნათ პატრებისათვის და მიეცათ მათთვის საჭმელი და ყოველივე, რაც კი დასჭირდებოდათ. დღითი-დღე ემატებოდათ მეფისა და დედოფლის პატივი და სიყვარული მისიონერებსა. დადიანი ხშირად იწვევდა მათ თავისთან და თან მიჰყავდა სანადიროთაც, რათა შეექცია და გაერთო. ხშირადაც თავის სახლში აყენებდა. ამ გარემოებისაგან ისარგებლეს, ამოარჩიეს კაი შემთხვევა და დადიანს გარდასცეს პაპის წერილი. ამას ესე აგვიწერს ლამბერტი: „როდესაც ზუგდიდს მის პალატში ვიდექით და იგიც ძრიელ შინაურად გვეპყრობოდა, მივართვით პაპის წერილი. ძრიელ სასიამოვნოდ დაურჩა და დაგვპირდა, რომ იტალიაში კაცს გავგზავნი და წიგნსაც გავატან, რათა პაპს ჩემი პატივი მივუძღვნაო”.

მისიონერები თუმცა კარგად იყვნენ დაბინავებული და არაფერი აკლდათ, მაგრამ სამუდამო არც ეკკლესია ჰქონდათ და არც სახლი. თავიანთი სადგომის გარეშემო შემოიარეს და ჰპოვეს ჭიპურიაში (Cippurias) ორი შვენიერი თლილი ქვით ნაშენი ეკკლესია, ამათგან ერთი ცარიელი იყო, რადგან მისი გამგებელი ეპისკოპოსი დადიანს თავის დისათვის სულიერ მოძღვრად გაეტანებინა საქართველოში. ის ეკკლესია თავისთვის სთხოვეს დადიანს იმ მხრის მოურავის (Governadore) პირით. დადიანი შეჰპირდა მიცემას. ერთ დღეს ცხენით მიდიოდა იმ ეკკლესიის ახლოს და თან ახლდა ეპისკოპოსები, მათთან ნიკიფორეც; დადიანმა ნიკიფორეს უთხრა:

„კარგად იცოდე, რომ შენის ფრანგებისათვის ვიზრუნე და მოვუპოვე ეკკლესიაც, რადგან გადავსწყვიტე, მივსცე მათ ეს ეკკლესია თავისი ყმებით და მამულებით. ეს რა გაიგონა ალავერდელმა, თითქოს მთავარს ღმერთი ეგმოს, აღაპყრნა თვალნი ზეცას, დაიწყო გულში ცემა და წამოიძახა, ღმერთო შემიწყალე, ღმერთო შემიწყალე, ეს რა ამბავია, რა მესმის? ეს ეკკლესია გინდათ მისცეთ ლათინებს? ნუ თუ ეგენი მწვალებლები და ჩვენის სარწმუნოების მტრები არ არიან? მაგისთანებს განა ეკკლესია უნდა მისცეთ? მე მეგონა, რომ მათ გასდევნიდით სამთავროდგან და ამის მაგივრად კი გინდათ ჩვენი მღვდლების თანასწორ შერაცხოთ და ესრედ პატივი სცეთ?” ეს ალავერდელი, რომელმაც შემდგომ კათოლიკობა მიიღო, თავისი მაღალი სწავლით, მჭერ-მეტყველებით და წმიდა ცხოვრებით ძრიელ განთქმული იყო მთელს საქართველოში. ამიტომ მისმა ამნაირმა სიტყვებმა დიდი ზედგავლენა იქონია დადიანზედ, რომელმაც იმ ხელად აღარ მისცა პატებს ეკკლესია. რავდენისამე დღის შემდგომ დადიანმა ჰსთხოვა პატრებს, რათა ეწამლათ ერთის უპირველესი მთავრის ქალბატონისათვის. პატრებმა უთხრეს და მოახსენეს:

„რადგან ეგრედ ბოროტი ვყოფილვართ, როგორათაც დაგვსახა ალავერდელმა, გვიბოძეთ ნება, თქვენს სამთავროს გავშორდეთო. დადიანმა უთხრა: თავის დღეში არ ვიქ თქვენისთანა გულკეთილი კაცები გაშორდენ ჩემს სამთავროს; რათა კარგად ჰსცნოთ, რომ ალავერდელის სიტყვები დიდად არაფრად მიმაჩნია, ახლავე გაძლევთ ჭიპურიის ადგილს, მამულს და ყმებს, გარდა ეკლესიისა; მარტო იმიტომ, რომ სამდვდელოება არ ავალაპარაკო; ხოლო გპირდებით, აგიშენოთ იქვე ახალი სხვა ეკკლესიაო".

ოქტომბერში 1634 წ., ჩაიბარეს ჭიპურიის მამულები პატრებმა, მაგრამ ეკკლესიაზედ კი მუდამ თვალი ეჭირათ და მარჯვე დროს ეძებდენ, რომ ხელახლა გამოეთხოვნათ მთავრისაგან. 1635 წ. აპრილში, დადიანი თავისი ჯარით წავიდა იმერეთს საომრად. ერთ დღეს ცხენზე გადავარდა და დასნეულდა. მაშინვე პატრი ლამბერტი მოაყვანინა საწამლებლად და დაჰპირდა დიდ პატივსა და საჩუქრებს, თუ გაჰკურნებდა. ეგრეთვე მისი მინისტრი პაატა წულუკიაც (Pata Zulochia) 300 სკუდის ჩუქებას დაპირდა, თუ თუ მეფეს გაჰკურნებდა. პატრმა უწამლა და რავდენისამე დღის შემდგომ დადიანი განიკურნა. პაატამ მოინდომა თავისისა და მეფის პირობის შესრულება, პატრი დაესაჩუქრებინა. ხოლო ლამბერტიმ უთხრა: თქვენი საუკეთესო საჩუქარი ის იქმნება, რომ ჭიპურიას წმიდა გიორგის ეკკლესიას მოგვცემდეთო. პაატამ მოახსენა მეფეს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა და მისცა მაშინვე ეკკლესია, რავდენიმე ყმა და ეგრეთვე სხვა საჩუქრებიც. ამ ამბავს ლამბერტის გარდა, მისი ამხანაგი იოსებ ჯუდიჩიც რომას ასე სწერს: „ამ დღეებში მთავართან ვიყავი და თავისი პირით მითხრა: შენმა ამხანაგმა განმკურნა; თუ ამისთვის და თუ სხვა მიზეზების გამო, ხსენებული მინისტრები ჩაგაბარებენ ეკკლესიის კლიტეებსა. ახლა ის ეკკლესია გვაქვს, მოვაწყეთ და შიგ ვასრულებთ ყოველ ღვთის მსახურებას რომის ტიბიკონისამებრ, თუმცა კი ბერძნებმა არაფერი დაზოგეს და დიდად ეცადნენ, მთავარს ხელმეორედ წაერთმია ჩვენთვის ის ეკკლესია".

ეკკლესიის მიცემისათვის კოსტანტინეპოლის პატრიარქი ძრიელ გაურისხდა დადიანს და სამეგრელო ერთიან უნდა შეეჩვენებინა თურმე. ხოლო დადიანმა ყურადღება აღარავის მიაქცია.
რა დაბინავდენ მისიონერები ასე შვენიერ და მზა მამულში, შეუდგნენ მეგრულის შესწავლას და მალეც შეისწვლეს. მაშინვე დაიწყეს ქადაგება და ხალხის მოვლა, რაოდნათაც კი შეეძლოთ. უნდა ვსთქვათ, რომ განუსაზდვრელი და გამოუთქმელია ყოველი ის სიკეთე, რაც ამათ მიაგეს ქართველთა ერს მეტადრე სამეგრელოში. რადგან ქრისტეს ბრძანებისამებრ, მათ დასდვეს სული თვისი მოყვასისათვის; ყველაფერი თავს იდეს, თვით სიკვდილსაც არ მოერიდენ, რათა შესწეოდენ როგორმე თავიანთ შორეულ და უცნობ ძმებს, რომლებიც სხვა და სხვა უბედურებაში ჩაფლულნი იყვნენ. ამიტომ საქართველომ არასოდეს უნდა დაივიწყოს მათი სიკეთე და მუდამ ლოცვა-კურთხევით უნდა მოიხსენიოს მათი სახელი.
სამეგრელოში სამი დიდი სენი იყო მოდებული, რაიცა მთელს ერს სულიერად და ხორციელად ღუპავდა. ეს სამი სენი შემდეგი იყო: 1, ნათლიდების წესის ნაკლულევანება; 2, ყმების გაყიდვა მაჰმადიანებზედ; 3, ბავშვების ცოცხლად დამარხვა. ეს რომ ჩვენ სხვა მწერლების ნაწერებში ამოგვეკითხა, სრულებით არ დავიჯერებდით, არამედ ზღაპრად და ცილის წამებად ჩავსთვლიდით, რადგან ესრეთი ბარბაროსული ჩვეულება თვით უკანასკნელ ნადირ ხალხშიაც ძრიელ იშვიათია. ხოლო სამეგრელოო კი ამნაირი ერის კატეგორიას არ ეკუთნოდა, ვინაიდგან იქ ძველი დროიდგანვე ქრისტეს სარწმუნოებასთან ერთად შეტანილი იყო განათლება და ყოველი უმთავრესი კაცობრივი პატიოსნება და გრძნობა. ხოლო ეს სისაძაგლე რა ამოვიკითხეთ და თვით ნაწერი კი ეკუთვნოდა იმნაირ კაცებს, რომლებიც განწირული იყვნენ ამ ერისათვის, რომლებიც ამ ერის ავსა და კარგს თვალით ხედავდენ და ხელით ეხებოდენ და რომლებიც ყველა თავიანთ გაგონილს, ნანახს, ნათქვამს და ნაქმნარს დღითი-დღე სწერდენ ევროპაში და ყველა საშუალებას ხმარობდენ ამ უბედურების მოსასპობლად, არავითარი საბუთი გვაქვს, არ დაუჯეროთ და ჭორად ჩამოვართვათ ნათქვამი. ამის გამო იძულებული ვხდებით, ესეთი მოთხრობა მივიღოთ ნამდვილ ისტორიულ ფაქტად. ხოლო ამასაც დავსძენთ, რომ ეს ბარბაროსული მოქდება არ უნდა ყოფილიყო საზოგადო და არც დიდხანს უნდა გაეტანა, არამედ რომელსამე დროებითს და უბედურს გარემოებას უნდა მიეწეროს. არც იმას დავფარავთ, რომ ამ სამარცხვინო მოვლენაში, ბატონყმობასაც თავისი ნაწილადევი ზედ გავლენა ჰქონდა. ბავშების ცოცხლად დამარხვას, სხვათა შორის, მოგვითხრობს პატრი ლამბერტი თავის „
Colchide sacra"-ში და უჩვენებს ორ შემთხვევას ასეთის ულმობელობისას. ერთი იყო სიღარიბე, რადგან ვისაც რჩენის საშუალება არა ჰქონდა, თავის ქორფა ბავშს მოუნათლავს თვითვე ცოცხალს ბაღშივე მარხავდაო. მაგალითად ასახელებს თავის ახლო მეზობელსა, რომელსაც სამი თავისი ბავში ერთი მეორის შემდგომ ცოცხალი დაემარხა; მეორე გარემოება ეს ყოფილა:
როდესაც ცოლი ფეხმძიმე დაქვრივებული ბავშის დაბადებამდე გათხოვდებოდა და მეორე ქმრისს, სახლში მოილოგინებდა, იმ ბავშს მამინაცვალი თავის შვილად არ სცნობდა, ამიტომ, თავიდგან მოსაშორებლად, მოუნათლავს ცოცხალს მარხავდენ თავიანთ ეზოშივე. ეს ამბავი შეეტყოთ მისიონერებს ერთი თავიანთი მოსამსახურისაგან, რომლის ახლად დასახლებული მეთევზე ძმა ასე მოქცეულიყო. ეგრეთვე ერთ წერილში, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც დამწერის სახელი უჩანს, მაგრამ ვფიქრობთ უნდა იყოს პატრი იოსებ ჯუდიჩისა, საქმე ასეა მოთხრობილი: „თუ ბავში დაიბადა მახინჯი, მიწაში მარხვენ და ისე ბოლოს უღებენ; ამავე ნაირად ექცევიან იმ ბავშებს, რომლებიც დაიბადებიან ორშაბათ დღეს, რადგან იმ დღეს დაბადებულს ბავშს ოჯახის დამარღვეველად რაცხვენ; არც მესამე ქალიშვილს აცოცხლებენ. თუ დედა ახალგაზდა არის, პირველ შვილს მაშინვე ჰკვლენ, რადგან არ უნდათ თავი შეიწუხონ ასე ადრე ბავშების აღზრდით. ამავე ნაირად ექცევიან ზოგიერთ ბავშებსაც, როცა დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შემდეგში იმათი ბატონი ტყვედ დაჰყიდის".

რა სცნეს მისიონერებმა ესრეთი საზიზღარი ჩვეულება, მაშინვე მიმართეს მეფეს, რათა აეკრძალა ესა და დამნაშავე მძიმედ დაესაჯა. ხოლო დადიანმა უთხრა, რომ მარტო აკრძალვით საქმეს არ ეშველებარაო, რადგან იტყვიან ბავში კვდარი დაიბადაო და ესრედ ყველა თავს გაიმართლებსო. ამ შემთხვევაში რა ვერ გაიმარჯვეს მისიონერებმა, თვითვე შეუდგნენ ამ დიდის სენისათვის როგორმე წამალი დაედოთ. აქეთ-იქით მეთვალყურენი დააყენეს, რათა მათთვის ეცნობებინათ, როცა ბავშები დაიბადებოდენ, იქნება, როგორმე სიკვდილისაგან გადაერჩინათ. ეგრევე, საცა კი შემთხვევა მიეცემოდათ, ხალხს დაუწყეს ლაპარაკი, რჩევა და მათ გულში სიბრალულის აღძვრა. მშობლებსაც დაჰპირდენ შემწეობას და მასთანვე ძიძის შოვნასაც, თუ თვითონ არ ინდომებდენ თავიანთი შვილების აღზრდას. ამ საშუალებით ასე თუ ისე გავლენა იქონიეს მშობლებზედ; ზოგი ბავშის მონათვლა მოასწრეს და ბევრიც სიკვდილს გადაარჩინეს. თუმცა კი ეს უწყალო ჩვეულება პირველში ერთიანად ვერ მოსპეს, მაგრამ კარგად შეასუსტეს და ესრედ უმანკო მსხვერპლების რიცხვიც შესანიშნავად შეამცირეს. არა სცხრე-ბოდენ და მუდამ ებრძოდენ ამ სენს, რომ ერთიანად აღმოეფხვრათ. მეორე დიდი უბედურება, საქართველოს გამაოხრებელი დიდი წყლული იყო ყმების და ბავშების გაყიდვა ურწმუნოებზე. ეს სენი ხომ ერთიან მთელს საქართველოში იყო გავრცელებული; მაგრამ სამეგრელოში უფრო მძვინვარებდა, რადგან იქ ზღვა ძრიელ ხელს უწყობდა ამ უსინიდისო ვაჭრობას. პატრი იოსებ ჯუდიჩი თავის სამეგრელოს აღწერაში, რომელიც გაგზავნა რომას 20 სექტემბერს 1640 წ., ამ თვიდგან იწყებს თავის აღწერას და ესრედ ეუბნება: „ამ თვეში მიდიან სამეგრელოდგან კოსტანტინეპოლში თათრების გემები, დატვირთული იმ ქვეყნის საქონლით და განსაკუთრებით ურიცხვი ქრისტიანი ყმაწვილებით, რომლებიც თათარს (სულთანს) მიჰყიდეს მეგრელებმა და ქართველებმა და რომლებსაც ჩვენ მწარედ მივსტირით... ღმერთმა უწყის, თუ რავდენ გზის წავედით, გავამხნევეთ ის ყმაწვილები, რათა არც შიშისა და არც რამე დაპირების გამო არ დაეტოვებინათ ქრისტეს სარწმუნოება, რომელშიაც შობილ იყვნენ".

მთავრები და ბატონები ამით არა მარტო ისაკუთრებდენ თავიანთი ყმების ქონებას, არამედ მათი სიკვდილ-სიცოცხლის უფლებასაც ჩემულობდენ. უწყალობით განძვინებულნი და სიხარბით დაბრმავებულნი არ ზოგავდენ არც ბავშებს, არც დედაკაცებს და არც თვით მამაკაცებს, ოღონდ მათთვის რაიმე ბრალი დაედოთ; შეუბრალებლად და დაუზოგავად ჰყიდდენ ურწმუნოებზე და ამნაირად მამულს, ნათესაობას, თავისუფლებას და თვით სარწმუნოებასაც სამუდამოდ სწირავდენ. ერთი სიტყვით, ყმებს, როგორც პირუტყვებს, ისე ეპყრობოდენ. ეს უღმერთოები მარტო ერის კაცების გაყიდვას არ სჯერდებოდენ, არამედ თავიანთ უწმიდურს ხელს თვით იესო ქრისტეს მსახურებსაც ახებდენ, თვით მღვდლებსაც კი ჰყიდდენ!!! ასეთის საზარელის მოქმედების ერთს საოცარს და ყურით მოუსმენელ მაგალითს მოგვითხრობს თვალით მხილველი ლამბერტი თავის „სამეგრელოს აღწერაში”, ესრედ: „ოდიშის ერთს უმთავრესს თავადს ჭილაძეს (Cilazze) ათი, თუ თორმეტი კაცი დასჭირდა, რათა მით გადაეხადა ფასი ზოგიერთი საქონლის, ანუ ნივთისა, რომლის ყიდვაც უნდოდა. ეს რა გაიგეს მისმა ყმებმა აქეთ-იქეთ გაქცევით თავს უშველეს და დაიმალნენ, ხოლო ჭილაძემ მათ ხელში გასატარებლად ეს ხერხი იხმარა: გამოაცხადა, ამა და ამ დღესასწაულში ერთს ჩემს ეკკლესიაში დიდის დიდებით წირვას შევასრულებინებ მღვდლებს და ვინც კი დაესწრება კარგად დავასაჩუქრებ და შვენიერ სადილსაც გაუმართავო. ამ ცრუ დაპირებამ შეაცდინა და დანიშნულ დღეს მოვიდა თორმეტი მღვდელი და შეუსრულეს დიდებით წირვა, რომელსაც დიდის სასოებით დაესწრო ჭილაძე. წირვის შემდგომ ნაცვლად დასაჩუქრებისა და სადილის მირთმევინა, ბატონმა ჭილაძემ მაშინვე ეკკლესიის კარები დააკეტვინა, მღვდლებისათვის ბორკილები შეაყრევინა, მათთვის წვერები დააპარსვინა და თორმეტივე მისცა თათრებსა, რომლებისგანაც მიეღო ათასი სკუდისაზე მეტი საქონელი!”.ამნაირ უღმრთოებას მარტო თავადები და ბატონები კი არ ჩადიოდენ, არამედ თვით საეკკლესიო პირებიც ასე მოქმედებდენ, რადგან ყველა ეპისკოპოსს ბლომად ჰყავდა თავისი საკუთარი ყმები. ამნაირ სასირცხო მაგალითს იგივე ლამბერტი მოგვითხრობს, ხოლო აქ მოყვანა მისი ჩვენ გვეძნელება.
ესრეთი უღმრთოება უფრო საზარელი ხდება მაშინ, როდესაც მას ადგილი აქვს ახლო ნათესავთა შორის. საუბედუროდ, არა ერთხელ მომხდარა, ნათესავს ნათესავი გაეყიდოს, მამას შვილი, შვილს მშობლები. ასეთ საზიზღარ შემთხვევას მოგვითხრობს იგივე ლამბერტი. 1633 წ. ქართლში შემოსულ სპარსეთის ჯარში ერთ აზნაურს სპარსელის ცხენი მოსწონებია, ფული არა ჰქონია და ფასად თავისი დედა მიუცია სპარსელის მაჰმადიანისათვის და გამოურთმევია ცხენი!!! ამისთანა სატირელ მდგომარეობაში იყო ქართველთა ერი, რომელსაც არც ბატონი და არც ნათესავი ინდობდა. სწორედ ამ დროს მოვიდენ ის მისიონერები. ეს პატრები, მოყვასის სიყვარულით გამსჭვალულნი, მხნედ და თავგამოდებით წინააღუდგნენ ასეთ ბარბაროსობას; დაურიდებლად აყვედრეს დიდს და პატარას ესეთი უწყალობა. რა სცნეს, ასეთი უჯერო მოქმედების ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ერის უმეცრება საღვთო საგნებში და თავისის მსგავსის დაუფასებლობა, დაუწყეს წვრთნა და ქადაგება ერსა: „ღმერთმა კაცი გააჩინა თავისუფალი, მისი ნების წინაადმდეგ როგორ ჰბედავთ მის ტყვედ გაყიდვას? დასაწყისშივე ქვეყანა ბუნების წესით რომ იმართებოდა, ყველანი თანასწორნი იყვნენ და არავის ემართლებოდა თავისი მსგავსი დაეჩაგრა. აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა და სხვა მამათავრების დროს, რომელთაც მარტო ბუნებითი რჯული ჰქონდათ, ყველა თავასუფლად სცხოვრებდა, თავის ადგილებში ყველა თავისუფლად აძოვებდა ცხვარს, არავინ ეხებოდა სხვის სიცოცხლეს; ესეთი მტარვალური საქმე არავის ჩაუდენია. მოსეს რჯულის დროს არც ურიებს უქმნიათ თქვენისთანა ველურობა. ასეთი საქმე ღვთისგან მკაცრად აკრძალული იყო, ყველა წყნარად სცხოვრებდა თავის ვენახში. რადგან აქაბმა თავის ქვეშევრდომს ნაბოტს ძალით წაართვა ვენახი და მას მოუსპო ცხოვრება, ღმერთი ისე განურისხდა, რომ სამეფო ერთიან ჩამოართვა. თქვენ, მეფენო და მთავარნო, ეს ღვთის რისხვა თქვენც მოგელისთ, მაგრამ იცოდეთ კარგათ, თქვენზედ უფრო ფიცხელი იქნება ეს რისხვა, რადგან ჰყიდით ურწმუნოებზედ იმას, რომელიც იესო ქრისტემ დაიხსნა თავისი სისხლით და მათ მიერ სარწმუნოების დატოვების მიზეზი ხდებით. როგორ გადურჩებით მის სასჯელს, რომ მისი სისხლით გამოსყიდულ ეგოდენ სულთ ჰყიდით? ამ ჯვარცმამ, რომელსაც ხედავთ, დაიხსნა ეგენი ეშმაკის ტყვეობისაგან და ყველას მოუპოვა თავისუფლება. ამიტომ მასვე ჰნებავს, მისი მფარველობის ქვეშ თვითეულმა ისარგებლოს ამ თავისუფლებისაგან. რა გგონიათ, ეკკლესია ვნების დღეებში, რად აღებს საპყრობილეს და ათავისუფლებს დატყვევებულთა? იმად, რომ გიჩვენოსთ, რათა, რა კი მის მორწმუნებს ებოძათ თავისუფლება, აღარავინ გაჰყიდოს იგინი ურწმუნოებზედ. ამას ეკლესია თქვენ გიშლისთ, იესო ქრისტეს სჯული თქვენ გიკრძალავსთ, ყველა წმიდა მამანი და კრებანი თქვენ წინააღმდეგ ღაღადებენ, ყველა თქვენ ვალდებულ გყოფსთ, რომ არა მარტო უნდა აღმოფხვრათ თქვენს სამთავროში ეს ბარბაროსული ჩვეულება, არამედ კვალად ეცადოთ და დაიხსნათ ეგოდენი თქვენ მიერ თათრებზედ გაყიდული ქრისტიანები" და ამის მსგავს სხვას კიდე ბევრს ეუბნებოდენ. ყოველთვის, ყველგან და ყველას ამას ჩასძახოდენ. როდესაც მთავრები ავადმყოფობის დროს პატრებს იბარებდენ საწამლებლად, პატრები მათ არ ზოგავდენ, აყვედრიდენ, უჩვენებდენ, რომ სნეულებას ღმერთი მოუვლინებდა ყმების გაყიდვის გამო. იმათი ქადაგება არ დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მალე სანატრელი ნაყოფი მოუტანა ერს. დადიანს ისე ჩააგონეს, რომ მალე ბრძანება გამოსცა და ყველას აუკრძალა ყმების გაყიდვა თათრებზედ. ამ ამბავს 1640 წ. რომას სიხარულით სწერს პატრი იოსებ ჯუდიჩი თავის სამეგრელოს აღწერაში: „დიდი პატივის ნიშანია ჩვენთვის (რადგან ჩვენ უზომოდ გვანუგეშა) მეფის მერ ჩვენდა სასიკეთოდ გამოცემა ბრძანებისა, რომელშიაც ამბობს, ამას ამას იქით თათრებს ტყვედ აღარავან უნდა მიჰყიდოს თავიანთი ქვეშევრდომებიო".

როგორც დადიანზედ, ისე სხვა თავადებზედაც დიდი გავლენა იქონია მისიონერების ქადაგებამ. ისინიც დაფიქრდენ და თავიანთი უსამართლობა და ყმების გაყიდვა მოიშალეს. მისიონერები დიდის სიხარულით ჰსწერენ რომას ამ ქადაგების ნაყოფისთვის. სხვათაშორის იგივე პატრი იოსებ ერთ თავის სხვა წერილში ესე აგვიწერს გარემოებას: „ჩვენმა ქადაგებამ ნაყოფი გამოიღო ბევრ დიდ თავად-აზნაურთა სახლებში, რადგან ვინც არა ჰყიდდა ყმებს, უფრო გამტკიცდა და გადასწყვიტა, არაოდეს გაჰყიდოს, რაგინდ ბევრი ფული დასჭირდესთ; ხოლო ვინც ბევრს ჰყიდდა, ზოგმა სულ დასთმო ზოგმაც ცოტა, ზოგმაც დააპირა გაყიდვისათვის თავი დაენებებინა. ასეთი პირების რიცხვში ღირსია დავასახელოთ ამ პროვინციის ზოგიერთი შესანიშნავი მთავართაგანი, რომლებიც ჩვენი დიდი კეთილისმყოფელები არიან, მაგალითად როსტომ ჩხოტუა (Rostuon Scotua), რომლის დედას შირიმი სჭირდა და ბევრგზის გავკურნეთ; სქირია მიქეია (Scheria Micheia) ავის სენით შვიდი წლის ავადმყოფი, რომელიც ქინაქინით გავკურნეთ ოცდა ათ დღეში; მისი ძმა კაკა (Caca), რომელიც გავკურნეთ სხვა და სხვა სნეულებისაგან. ამან არა მარტო გადასწყვიტა, აღარ გაჰყიდოს თავისი ყმები, არამედ აღსარებაც სთქვას და შეინანოს, რომ აქამდე ყმებს ჰყიდდა; ქორთუაძე (Cortuaze), ნათესავი მიცვალებული დედოფლისა, რომელიც ბევრ გზის ავად იყო, ისე რომ მისი მორჩენის იმედი აღარავისა ჰქონდა და ჩვენგან განიკურნა. უწინ ჩვეულებად ჰქონდა მრავალი ყმაწვილების გაყიდვა, წრეულს კი ეცადა დაეხსნა ზოგიერთი გაყიდულები თავის ცოდვების მისატევებლად. ჩვენი ცხოვრება ძლიერ შეუყვარდა".

ადვილად მისახვედრია, მისიონერების ასეთი კაცთმოყვარეობითი მოქმედება რაოდნად სასიხარულო უნდა ყოფილიყო იმ საბრალო, უმწეო და დაჩაგრულის ერისათვის, რომელიც ხდებოდა მსხვერპლად ამ დიდი უსამართლობისა. ეს ამბავი მალე ყველგან მოეფინა და ყველანი აღავსო ნუგეშით და სიხარულით. ერმა დაუწყო მათ ლოცვა-კურთხევა, იმ ზომამდე, რომ მათ ღვთის კაცები უწოდეს (Goruntis cocci, ღორონთის კოჩი). ეგრეთვე მათი სახლი შეიქმნა თავის სახსნელი და თავ შესაფარი. ამ გარემოებას ხსენებულ წერილში იგივე პატრი იოსებ მოკლედ ასე აგვიწერს: „ჩვენი ქადაგება წინააღმდეგ ამ უსამართლობისა ეგრედ კარგად მიღებული შეიქმნა მთელს სამეგრელოში, რომ წრეულ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა თათართან ყმაწვილების გაგზავნისა, ჩვენი სახლი შეიქმნა თავშესაფარი გამოქცეული ყმაწვილებისათვის, რომლებიც გამოგვიგზავნეს თვით მათმა მშობლებმა, იგინი დაგვეცვა ჩვენის მფარველობით, რაკი იციან, თუ რაოდენი პატივისცემა გვაქვს მეფისა და სხვა აქაურ მთავრების წინაშე. ამიტომ იძულებული ვართ ყველანი მივიღოთ, დავიცვათ და რავდენსამე დღეს ვასვათ-ვაჭამოთ". თავიანთი ქადაგებით მისიონერებმა თითქმის მთლად შეაყენეს ყმაწვილების თათრებზედ გაყიდვა, თუმცა კი ზოგიერთი არ იშლიდა გაყიდვას, მაგრამ არა თათრებზედ, არამედ ქრინტიანებზედ და სომხებზედ ჰყიდდენ. დადიანისა და მისიონერების მოწმობით, ყმების გაყიდვა ძველი დროიდგანვე ჩვეულებად ყოფილა. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დიდად გასაკიცხი ჩვეულება არ უნდა ყოფილიყო საქართველოში უწინარეს მეთექვსმეტე საუკუნისა, რადგან ევროპის ძველი მწერალი არც ერთი იხსენიებს ამ გარემოებას. ეს ერის შემმუსვრელი სენი მაშინ გავრცელდა, როდესაც ოსმალებმა თავიანთი წყეული ფეხი შემოდგეს საქართველოში, თუმცა სპარსეთში ჰგზავნიდენ გაყიდულ ყმებს, მაგრამ იმდენს არა, რაოდენიც ოსმალეთში მიჰყავდათ. საბრალო ტყვეთა რიცხვი ყოველ წლივ ოთხი ათასზედ მეტი იყო, რომელიც მთელს საქართველოდგან გაჰყავდათ. ხოლო მისიონერები, ეგრეთვე მგზავრებიც მოწმობენ, რომ მარტო სამეგრელოდგან ყოველ წლივ ორი ათასზედ მეტი სული გაჰყავდათო. ეგოდენი ქრისტიანები გარდა იმისა, რომ მამულს აკლდებოდენ, სარწმუნოებასაც ერთიანად ჰკარგავდენ. ამ სამწუხარო მოვლენის მოწმე ლამბერტი თავის „სამეგრელოს აღწერაში: ასე მოგვითხრობს: „რაის გამო დიდად სამწუხარო სანახავია, რომ ასობით ქრისტიანი ყმაწვილები ქრისტიან პატრონებს მიჰყავთ და ჰყიდიან თათრებზედ, რომლებიც ყიდულობენ თუ არა, მაშინვე თათრულად აცმევენ, თავიანთი ცრუ რჯულის აღსარების ნიშნად თითს ააშვერინებენ და ამითი ქრისტეს სარწმუნოების უარს ათქმევინებენ; ეგრეთვე აწყებინებენ თავიანთი თათრულის რჯულის და ჩვეულების სწავლას. ამას ყველას ჰყოფენ თვით ქრისტიანების წინ და ქრისტიანების ქვეყანაში უწინარეს კოსტანტინეპოლში წასვლისა. როგორც ყმაწვილებს, ისე ეპყრობიან დედაკაცებს, რომლების ყიდვისათვის თათრები ფასს არ ზოგვენ, რადგან (როგორიც არიან მომეტებულად მეგრელის დედაკაცები) დიდის სიმშვენიერით შემკულნი არიან: რისგამო თათრები თითოში ზოგჯერ სამას, ანუ ოთხასს ძექინს აძლევენ”.

ქართველი ერის ამ სულიერსა და ხორციელს უბედურებას მისიონერებმა ბევრად უშველეს; თუმცა სულ ვერ მოსპეს ჩვენი დიდათ მავნებელი სენი, მაგრამ ძრიელ კი შეასუსტეს; არაფერი დაზოგეს იმის აღმოსაფხვრელად. ვალდებული ვართ, ესეთი დიდი და საქვეყნო სიკეთე, მათ მიერ ჩვენის ერის საკეთილდღეოდ გაწეული, არ დავივიწყოთ და მათი უზომო კაცთმოყვარეობა ღირსეულად დავაფასოთ.
სამეგრელოს მესამე უდიდესი წყლული იყო ნათლიღების წესის დაუცველობა პირვანდელის სისრულით. ეს უფრო დიდათ მავნებელი იყო ერისათვის, რადგან ამ ნაკლს არავინ გრძნობდა, ამიტომ არავის მოსდიოდა ფიქრად მისი შველა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მღვდელი თვით არ ნათლავდა ბავშს და არც ტიბიკონის წიგნში ეწერა ის სიტყვები, რომლითაც სრულდებოდა ნათლიღების საიდუმლო. სამეგრელოში ნათლიღების საიდუმლოს ასე უსრულებდენ თურმე: სამის, ანუ ოთხის წლის ბავშს (არა უჩვილესს) წაიყვანდენ სარდაფში, სადაც მღვდელი ერთ ჭურჭელში წყალს აკურთხებდა, შემდგომ წაიკითხავდა ყველა იმ ლოცვებს, რაც წიგნში სწერია ნათლიღებისათვის. რა გაათავებდა, წავიდოდა. მეტს არაფერს შვრებოდა. მერე ნათლია ბავშს ცხებდა მირონს, ხოლო იქ დამსწრენი მღვდლისაგან ნაკურთხს წყალში აბანებდენ ბავშს, თვინიერ რაიმე სიტყვის წარმოთქმისა. ამნაირად ასრულებდენ ნათლიღებას. სამწუხაროდ, არც მათ წიგნებში წერებულა ის საჭირო სიტყვები, ურომლისოდაც არ შეიძლება ნათლიღება შესრულდეს. ამ გარემოებას პატრი იოსებ ჯუდიჩი რომაში 1640 წ. წერილ წერილში ესრე მოგვითხრობს: „წრეულ ინება ღმერთმა და ხელში ჩაგვივარდა ტიბიკონის წიგნები, რომლებსაც ისინი უმეცრებით ნათლიღების დროს კითხულობენ; ცხადად ვნახეთ, რომ მათში არამც თუ ჰსწერია ამ საიდუმლოს შესასრულებლად საჭირო სიტყვები, არამედ ამისა სრულებით არაფერი ჰსცოდნიათ მდვდლებსა. როცა ამ საიდუმლოს სიტყვები მათის ენით დაწერილი მივეცით წასაკითხად, მათ გვითხრეს, რომ ეს სიტყვები არც გაგვიგონია და არც როდესმე წარმოგვითქვამს ნათლიღების დროსო. ზოგიერთმა ეპისკოპოსებმაც, რომლებიც სხვებზედ უფრო მეცნიერნი არიან და იციან ბერძნული ენა, გვაუწყეს ამ პროვინციაში შესრულებულის ნათლიღების უკანონობა იმ სიტყვების უქონლობის გამო. ამიტომ წრეულ გადავსწყვიტეთ, რათა საიდუმლოდ მოვნათლოთ ყველა ბავშები, დაწყებული შვიდის წლიდგან, რომლებიც წინეთ მეგრელებს მოუნათლავსთ". ამგვარი ნათლიღებისა ბევრი ელაპარაკეს დადიანს, რომელმაც აღირჩია სამი ბერძნულში განსწავლული მღვდელი და მიანდო მათ, რათა გადაეთვალიერებინათ სამეგრელოს მღვდლების წიგნები და, რაც კარგი არ იქნებოდა, გამოერთმიათ. რა გადასინჯეს ძველი ხელთ ნაწერი წიგნები, ყველა ნაკლულოვანი გამოდგა, ამიტომ თითქმის ყველას გამოართვეს და თან აუკრძალეს ნათლიღების შესრულება.
მისიონერებმა ეპისკოპოსებს გადასცეს ბერძნულიდგან ნათარგმნი ქართულად ნათლიღების შესასრულებელი სიტყვები და იმათაც მთელს სამეგრელოში განაცხადეს ესა. ამნაირად უშველეს ამ დიდ დანაკლისსაც. გარნა ეს არ კმაროდა, საჭირო იყო იმათთვისაც ეშველნათ, ვინც ამნაირათ იყვნენ მონათლულნი. ამიტომ დაიწყეს ამის ქადაგებაც, ყველას კარგად ჩააგონეს, რომ სულის საცხონებლად, მიუცილებლად საჭირო იყო მიეღოთ ჯეროვანი ნათლიღება ხელმეორედ. მათი წინანდელი მტერი ეპისკოპოსი ალავერდელიც თანახმა იყო ამისა. თუ ამისა და თუ სხვა გარემოების გამო ალავერდელი პატრებს დაუმეგობრდა და მხარი დაუჭირა ერის ხელმეორედ კანონიერად მონათვლის საქმეში. ბავშების დანათვლის გარდა მისიონერებმა, რა წააქეზეს ხალხი, დაიწყეს მონათვლა არა მარტო მდაბიო ხალხისა, არამედ მთავრებისა, მღვდლებისა, ეპისკოპოსებისა და თვით დადიანის მონათვლაც, თუ მხოლოდ, კანონიერად არ იყვნენ მონათლულნი. ამას თეათინელი სილო ესრედ აგვიწერს: „მოწინავე პირებთან არაფერი დაზოგეს, რათა კარგად დაერწმუნებინათ, რომ მათ მიერ მიღებული ნათლიღება, ნამდვილი ნათლიღება არ იყო; მათმა ქადაგებამ გასჭრა, რადგან ბევრმა უსმინა რჩევა და კიდეც მოინათლნენ და მით განიწმინდენ ადამის ცოდვისაგან. ავ მონათლულთა შორის ზოგიერთი ეპისკოპოსებიც იყვნენ და ბევრი წარჩინებულთაგანიც; ეგრეთვე იყო მთავარი მოურავი, რომელსაც ვეზირს უწოდებენ. ამისვე მაგალითს მიჰბაძა თითქმის მთელმა მისმა სახლობამ. არა ნაკლები გულმოდგინება გამოიჩინა თვით მთავარმა დადიანმა, თვითან რა განსპეტაკდა ზეციერის ემბაზისაგან. თავისი მაგალითით ბევრი იძულებულ ჰყო მიეღოთ ნათლიღება".

იმ დროებში დადიანის სანახავად სამეგრელოში მოსულიყო ბერძნის ეპისკოპოსი კირილე, ტრაპიზონის მიტროპოლიტი, რომელიც პატრებმა თავიანთი ბჭობით და ქადაგებით გადაიყვანეს კათოლიკობაზედ. როდესაც ისინი მღვდლებს მონათლავდენ, მაშინ ის მიტროპოლიტიც ხელახლავ აკურთხებდა ამ მღვდლებს. ამავე ნაირად იქცეოდა ალავერდელიც. ესრედ რაც შეეძლოთ თუ დიდს და თუ პატარას, ხელმეორედ ნათლავდენ. ამ საშუალებით ერი საუკუნო დაღუპვისაგან იხსნეს. რადგან ეს ამბავი მეტად ყურადსაღებია, ცოტა ვრცლად მოვიყვანთ აქ პატრი იოსებ ჯუდიჩის სიტყვებს, ვინაიდგან თვით იგივე იყო ერთი მომქმედი პირთაგანი. „ღმერთმა ეგოდნათ ძალა მისცა ჩვენს სიტყვებს, რომ ბევრი კაცი და ბევრი მღვდელი მოინათლა; უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ორი ეპისკოპოსი ჯეროვნად მოინათლნენ და ხელახლავ ეკურთხნენ მღვდელ-ეპისკოპოსად. ეგრეთვე ამ ბოლო დროებში მთავრის ვეზირმა, რომელსაც ჰქვია პაპუა წულიკია (Papua Zulachia), დადიანის შემდგომ მეორე პირმა, ჩვენი ჩაგონებით გადასწყვიტა მონათლულიყო. რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ კიდევ უქმად არ მოენათლათ, ერთი ჩვენთაგანი იხმო, რათა დასწრებოდა და ენახა, ყველაფერს კარგად ასრულებდენ, თუ არა... ვეცადეთ და კიდეც შევიძელით, ზოგიერთნი წევრნი მისის სახლობისა მონათლულიყვნენ... ამ ბოლო დროს... ველაპარაკე მათ კათალიკოსს (მალაქია) ნათლიღების უქმობაზედ, ჩვენდა სასიხარულოდ, დაგვყვა და კიდეც მოინათლა და ხელმეორედ ეკურთხა. ამასაც დავუმატებ: ამ საქმემ იქამდე მიაწია, რომ ერთი უპირველესი მთავარი და გამოჩენილი სამეგრელოს მდიდარი დავიყოლიეთ, რათა მოენათვლინებინა თავის ქვეშევრდომთათვის ბავშები და შეესწავლებინა ყველა თავის ქვეშევრდომ მდვდელთათვის ნათლიღების შესასრულებელი წესები და სიტყვები, როგორათაც საიდუმლოების კანონიერი შესრულება მოითხოვდა".

მასიონერებს თავიანთ წერილებში ბევრი მაგალითი, მოჰყავთ ზოგიერთი პირების მონათვლისა, რომ პირველად თურმე არ თანხმდებოდენ. ყველას მოყვანას არ გამოვყვებით. მხოლოდ მოვიხსენიებთ, რომ მარტო ზემოდ ხსენებულმა პატრმა ქრისტეფორე კასტელიმ ათიათას კაცზედ მეტი მონათლა. ამას მოწმობს, სხვათა შორის, მისი ცხოვრების დამწერიც. როცა მშობლების წინაადმდეგობის შიში ჰქონდათ, მაშინ მისიონერები ექიმობას მოიმიზეზებდენ და ბავშებს საიდუმლოდ ნათლავდენ. ასე რომ ნათლიღების ნაკურთხ წყალს ბავშების წამალს უწოდებდა ხალხი, რადგან ბევრ გზის მომხდარა, რომ ბავშები ნათლიღებით ზოგიერთის სნეულებისაგანაც განკურნებულან. ხოლო როდესაც რაიმე წინაადმდეგობის შიში არ იყო, მაშინ მათ ცხადად ნათლავდენ ეკკლესიაში დიდის გამოჩვენებით. მეგრელები არა ნაკლებ ცდებოდენ აღსარების საიდუმლოში. თუმცა ეს საიდუმლო ერთიან მოსპობილი არ იყო, მაგრამ ძრიელ ნაკლებად სრულდებოდა. როგორც ნათლიღებისა, ისე არც ამ საიდუმლოს შესრულების წესი იცოდენ სავსებით მდვდლებმა. როგორც ხსენებული პატრი ჯუდიჩი მოგვითხრობს, ამის წესიც დაუწერეს ქართულად ესრეთ: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ეგრეთვე ერშიაც გავრცელებულიყო ეს შეცთომილება, რომ აღსარების ადგილს დაიჭერდა რომელიმე კეთილი საქმე. ამიტომ მარტო დაქორწინებისა და სიკვდილის დროს ამბობდენ აღსარებას ზოგიერთნი. ხოლო ზოგნიც სიკვდილის დროს მარტო წმიდა ზიარებას იღებდენ თვინიერ აღსარებისა. ამიტომ ბევრს ეცადნენ მისიონერები და ჩააგონეს თუ მღვდლებს და თუ ერს საიდუმლოს უმთავრები საჭიროება. ასე რომ მალე დააწყებინეს ბევრს ხშირად აღსარების თქმა. ხოლო, იმათ ვინც გაკათოლიკებულნი და მათი ხელმძდვანელობის ქვეშ იყვნენ, დაიწყეს აღსარების თქმა თხუთხმეტ დღეში ერთხელ და ეგრეთვე ყოველ დიდ დღესასწაულში. როგორც არა ერთხელ გვითქვამს, ეპისკოპოსი ალავერდელი, კათალიკოსის შემდეგ პირველი პირი იყო, რომელიც წინეთ თუ ქართლში, თუ გურიაში და თუ სამეგრელოში, დიდად ემტერებოდა მისიონერებს, რადგან მთაწმინდაში ბერძნებისგან ჩანერგილი ჰქონდა ლათინების მიმართ სიძულილი. იგი ჯერ გურიაში დაიძლია პატრი ანტონ ჯარდინას ბჭობით სული წმიდის გამომავლობისათვის. ერთ დღეს თურმე გზა დაეკარგა ტყეში და თავისი მხლებლებითურთ დაღამებულზედ მიაწყდა მისიონერების სახლს ჭიპურიაში, სადაც დიდის პატივით მიიღეს მასიონერებმა და მოეპყრნენ გამოუთქმელის სიყვარულით. ალავერდელმა რა ნახა მათი ზომიერი, მწირი და კეთილი ცხოვრება, ძრიელ მოეწონა და იმ დღიდგან ძრიელ შეიყვარა პატრები, ასე რომ იგინი ხშირად თავის სუფრაზედ ჰყავდა და აღარ უნდოდა მათი მოშორება. ხშირად ესაუბრებოდა მათ სარწმუნოებასათვის და გაიხადა ისინი თავის ერთგულ მოყვარედ და მრჩევლებად. პირველად ძალიან გააძნელა მათთან შეერთება, მაგ-რამ ბოლოს კი შეუერთდა და მიიღო კათოლიკობა. როდესაც დასნეულდა, დაიბარა პატრები, მათგან მიიღო წმიდა საიდუმლო და ყველას წინაშე აღიარა, რომ მას ნებავდა სიკვდილი იმ სარწმუნოებაში, რომელიც იქადაგეს წმ. პეტრემა და პავლემ. ესრეთ დაასრულა თავისი სიცოცხლე. ამას მოწმობს ხსენებული მისიონერების წერილები და ეგრეთვე ლამბერტიც.
ზემოდ დასახელებულ გაკათოლიკებულ ტრაპიზონის არქიეპისკოპოსსაც დიდი მონაწილეობა მიუღია მისიონერებთან ერთად კათოლიკობის გავრცელებასა და ერის განსწავლაში. ამიტომ უადგილოდ არ მიგვაჩნია, აქ ვრცლად მოვიყვანოთ იმის შესახებ წერილები, რაიც მიუწერია რომაში პატრი ქრისტეფორე კასტელის.

„თქვენო ყოვლად მაღალ ღირსებავ.
„საჭიროდ დავინახე ამ შემთხვევაში თქვენთან გამომეგზავნა თქვენი ყოვლად საყვარელი შვილი მამა კირილე, ტრაპიზონის არქიეპისკოპოსი. აგერ რავდენიმე წელიწადია, ჩვენთან შრომობს ამ ვენახში და კარგადაც გამოვსცადე, რომ ძრიელ გულმოდგინეა რომის წმიდა კათოლიკე სარმუნოების მიმართ. იმედი მაქვს, პაპმა სიამოვნებით ინახულოს. ამ პატიოსან ეპისკოპოსს აზრად ჰქონდა მანდ მოსულიყო, პაპის უწმიდეს ფერხთა მთხვეოდა და მანდვე ჩვენის წმიდა სარწმუნოების აღსარებაში დაესრულებინა თავისი ცხოვრება, თუ ჩვენი უნეტარესი მამა სხვა ნაირად განკარგულებას არ მოახდენდა. მეც ესე ვურჩიე. ამიტომ მას დიდად ვავედრებ თქვენს უმაღლესობას. თუმცა ჩვენს მამა უფროსს მივსწერე, მაგრამ თქვენც მოგახსენებ ამის ერთს შესანიშნავ საქმეს, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენს მხარეში იმოქმედა და აი რას: წმიდა გიორგის დღეობა იყო, რომელსაც დიდის ამბით ასრულებენ და ამ სამეფოს ყველა კუთხიდგან ესწრებიან იქ მოხდენილი ცრუ სასწაულის გამო. რავდენიმე დიდებულ პირთან ერთად წავიდა იქ ეს პატიოსანი არქიეპისკოპოსიც, რათა ეწირა დიდის გამოჩვენებით. როდესაც ტრაპეზის წინ იმოსებოდა, გაიმართა მის წინააღმდეგ ხმაურობა, წინ წამოდგნენ ზოგიერთი ეპისკოპოსნი და კერძოდ ალავერდელი, წალენჯიხელი ეპისკოპოსი და სთქვა: რას შვრებით მორწმუნენო, ეს მწვალებელი და პაპისტია თავის მოძღვრების გამო, რომელსაც ასწავლის; ამიტომ სრულებით არ უნდა მივუშვათ, ჩვენს ეკკლესიებში სწიროსო. მერმე მიუბრუნდა არქიეპისკოპოსს და ძრიელ უშვერი სიტყვებით უთხრა: არაოდეს მივუშვებ, ვინმე ცრუ წინასწარმეტყველმა და მწვალებელმა კათოლიკემ სწიროს ამ ტრაპეზზედ. არქიეპისკოპოსმაც უპასუხა: მე მწვალებელი არა ვარ, არამედ ჭეშმარიტი კათოლიკე, ვქადაგებ და ვასწავლი სწორედ იმ მოძღვრებას, რომელიც ბერძნის და ლათინის ყველა წმიდა მამებმა ასწავეს. ალავერდელმა დაუმატა: თუ მწვალებელი არა ხარ, მაშ შეაჩვენე პაპიო. არქიეპისკოპოსმაც მიუგო: პაპს შეჩვენების ღირსი არაფერი უმოქმედებია. მას პატივი უნდა ვსცეთ, როგორც ქრისტეს მონაცვლეს და წმიდა პეტრეს ჭეშმარიტს მოსაყდრესო. მაშინ ალავერდელმა უფრო ხმა მაღლივ დაიძახა, მე არა ვსთქვი, რომ ეს პაპის მიმდევარია მეთქი. მერმე უთხრა თავის ზოგიერთ მღვდლებს და დიაკვნებს, გააძიეთ ეკკლესიიდგანაო. იგინი ლომებივით მისცვივდენ, დაუწყეს გლეჯა შესამოსლისა, წვერისა და თმებისა და ხელის კვრით და შეურაცხებით გაიყვანეს გარეთ. მასთანვე უთხრეს ხალხს: გაუფრთხილდით ამ გაფრანგებულ მგელს, რომელიც აქ მორწმუნე ბერძნის სახით მოსულა, რათა თქვენ შეგაცდინოსთო. ამ პატიოსანმა ეპისკოპოსმა ყველა ეს შეურაცხება იტვირთა ეგოდენის სიმდაბლით და მოთმინებით, რომ ყველა იქ დამსწრენი განაკვირვა. ხალხი თუმცა კმაყოფილი დარჩა, რომ შეიტყო მისი გაფრანგება, მაგრამ ალავერდელს კი არ მოუწონეს საქციელი, რადგან არ დაზოგა არც ასეთი ღირსეული პირი და არც დაერიდა წმიდა ადგილს და დდესასწაულს.
განსაკუთრებით მთავარი უფრო გაწყრა და გაჰკიცხა ალავერდელის ასეთი საქციელი: არც მიიღო მისგან ბოდიშის მოხდა. რადგან ეს მუდამ ამ არხიეპისკოპოსთან დაიარებოდა და ჰკითხავდა წმიდა სარწმუნოების ძნელი საგნების განმარტებას, ესეც უფრო სიმხნით და უფრო გულახდილად ასწავლიდა ჭეშმარიტებას, როგორათაც შეჰფეროდა ვინმე ნამდვილ მისიონერს. გარდა ამისა, გვირგვინი დაგვადგა ამ ეპისკოპოსმა და თავისი მოძღვრებით და ავტორიტეტით მთელი სამთავრო აღძრა, იქამდე, რომ ხალხი აღიარებს თავის შეცთომილებას სარწმუნოების მხრივ. ამიტომ მას უფრო უსმენენ, ვიდრე ჩვენ. მოინათლნენ მეტად შესანიშნავი პატა ლოკოკია და ორიც ეპისკოპოსი: ერთი სვერელი
(Sverelli) და მეორე დრანდელი (Dandrelli). მეფემაც სურვილი გამოაცხადა მონათვლისათვის. თუ ხსენებული ალავერდელი არ ყოფილიყო, შეიძლება, აქამდე ესეც მოგვენათლა. ალავერდელი მუდამ ჩვენი დიდი მტერი იყო. მე ბევრი მავნო, როდესაც გურიაში ვიყავი. დაანგრევინა ტრაპეზი, საცა მე მეწირა. როგორც ამბობენ, ამის შეგულიანებიათ იყო, რომ მთავარმა ვახტანგ გურიელმა ყველაფერი წამართვა, დამატყვევა და იძულებულ მყო იქაურობას გავშორებოდი. ყველას აქ მოკლედ მოხსენება შეუძლებელია. შემდგომ არქიეპისკოპოსი მოვიდა, მნახა და ყველაფერი მომითხრა. (რაც უკვე წინათვე შეტყობილი მქონდა) და მოხარული იყო, რომ ესრეთი შეურაცხყოფა მიიღო. რომის წმიდა სარწუნოებისთვის წვერი და თმები დაგლეჯილი ჰქოდა და პირისახე დაკაწრული; დაჰკარგოდა, ფილონის ოქროს ღილი და მოსასხამი; მისი წიგნემი სულ დაეგლიჯათ. მეც გადავეხვიე და მიუალერსე, რაოდნათაც კი შემეძლო და წიგნებიც უშოვე. წავიდა ჩემგან და განაგრძო სასუფევლის გზის სწავლება ამ ტყეებში, საცა შხირად არაფერი აქვს საჭმელად და მარტოც სტოვებენ, ვისაც მიჰყავსთ იგი, რისგამო დიდს შეწუხებას ტვირთულობს. რადგან პატრი ჯუდიჩი მანდეთ მოდის, მასვე შეუძლია ყველაფერი მოახსენოს თქვენს უმაღლესობას, თუ სასიამოვნოდ დაურჩა. ამიტომ მეც იმას მივანდობ ამის შესახებ ვრცლადმოხსენებას. უმდაბლესად ვემთხვევი თქვენს მარჯვენას და დავშთები თქვენი უერთგულესი მონა.
„14 ნოემბერს 1642 წ., ქრისტეფორე კასტელი. სამეგრელოდგან".

ამ არქიეპისკოპოსის გამო ქრისტეფორე პაპსაც სწერს ამ წიგნს.

„უნეტარესო მამაო,
„ვნატრობდი, წმიდა მისიონის ზოგერთი საჭიროების გამო, მოვსულვიყავი თქვენი უწმიდესობის ფერხთა წინაშე, მაგრამ სნეულების მიზეზით ვეღარ შევიძელი. ამიტომ ვგზავნი ჩემზედ უდიდეს ერთ თქვენს შვილს, რომელიც არის ტრაპიზონის არქიეპისკოპოსი, თქვენი მეტად ერთგული და რომის წმიდა კათოლიკე სარწმუნოების დიდი მორწმუნე, როგორათაც გამოვსცადე, ვინაიდგან მრავალი წელიწადია, რაც ეს ჩემთან შრომობს ამ ვენახში. „მანდეთ იმ აზრით მოდის ეს ღვთის მონა, რომ აქეთ აღარ დაბრუნდესა. თუ თქვენც ინებეთ ვევედრები თქვენს უწმიდესობას, კეთილ ინებოთ და თქვენი ჩვეულებრივის სახიერებით მიიღოთ და შეეწიოთ მას ყოველ საჭიროებაში. „ათაბაგი ელენა, სპარსეთის დედოფალი, რომელიც შვიდი წელიწადი ჩვენი სულიერი შვილი იყო გურიაში, როდესაც მე იქ ვიყავი, ისპაჰანში მიბარებს თავის სულისა და ეგრეთვე თავისი მხლებელი ქალბატონების სულთა შესაწევნელად, როგორათაც თქვენს უწმიდესობას მოახსენებს ძმა ფრანჩისკე პესტიკა, რომელსაც ჩემს მაგიერ მოჰყავს თქვენ ფერხთა წინაშე ზემოხსენებული არქიეპისკოპოსი. თუ შეიწყნარეთ ჩემი სათხოვარი, უმდაბლესად გთხოვ იქ წასაღები საჩუქრებიც მიბოძოთ, რათა არავითარი დაბრკოლება მომეცეს. დასასრულ ვემთხვევი თქვენ წმიდა ფერხთა და მდაბლად ვითხოვ თქვენს კურთხევას.
„თქვენი უწმიდესობის მდაბალი მონა, ქრისტეფორე კასტელი.
„სამეგრელოდგან, 30 ოქტომბერს 1642."


ამავე რიცხვით კარდინალსაც სწერს ის პატრი და კვალად ავედრებს ამ არქიეპისკოპოსს, ეგრეთვე ბოდიშს ითხოვს, რომ სასწავლელად ვერ გაგზავნა რომაში ქართველი ყმაწვილები, როგორათაც მოეთხოვა კარდინალ ონოფრიოს, თუვცა მზად ჰყავდა ოთხი გურიიდგან მოყვანილი თავისვე მონათლული ყმაწვილი. ვერ გაუგზავნა იმის გამო რომ მათი წამყვანი არავინ ყოფილა. იმავე დროს იგი თავიანთ საერთო უფროსს ინგოლის უგზავნას ერთ მოხსენებას, რომელშიაც სხვათა შორის ამბობს შემდეგს:
„ალავერდელმა ეპისკოპოსმა, რომელმაც ყველაზედ უმეტესი შეურაცხება მიაყენა ჩვენს ტრაპიზონელს არქიეპისკოპოსს, შეინანა თავისი შეცდომილება, შეურიგდა მას და დაუმეგობრდა ისე, რომ ახლა არ იცის, თუ რა ჰქმნას. ჩვენსას მოდის და წირვას ისე მოკრძალვით სმენულობს, რომ ყველას სამაგალითო ხდება. საცა იყო, ყველგან აქებს ლათინის მოძღვრებას, ძრიელის სასოებით და მოკრძალებით სწირვენო. ერთისათვის ეკითხა, თუ ყველა ღვდლები ასე სწირვენო.

„ამ სამეფოს კათოლიკოსი უკვე მობრუნდა იერუსალემიდგან, საცა შარშან წავიდა, იქაური ბერძნების მიერ მონათლულიყო, რადგან გონია იმათ სხვებზედ უფრო კარგათ იციან ნათლიღების შესრულებაო. მოვიდა თუ არა, მაშინვე მიმართა ჩვენს არქიეპისკოპოსს, რომელიც აღარ მოშორებია მას, რომელი, მოიყვანა კიდეც ჭეშმარიტების გზაზე. ინებოს ღმერთმა, ამ ჭეშმარიტებაში გასძლოს.
„ეგრეთვე ლაპარიას
(Laporias) მოძღვარი ვერჩელი, დიდად პატიოსანი 60 წლის მღვდელი, სარწმუნოებით ჩვენი დიდი მტერი იყო. ბოლოს კი ერთმა ჩვენთაგანმა კარგად ჩაახვდინა და დაიყოლია. მთხოვა, მომენათლა. რავდენიმე დდეა მოვნათლე და ვუცდი ტრა-პიზონის არქიეპისკოპოსს, მღვდლობის კურთხვა განუახლოს, რათა გულდასმით განავრცოს თავისი სამსახური. წრეულ ოთხმოცამდე ბავში მოვნათლეთ. ზოგი ამ მონათლულთაგანი უკვე სასუფეველში გაფრინდა.
„ლაპორია, 30 ოქტემბერი, 1642. ქრისტეფორე კასტელი".

თუმცა პატრების მტრობაზე ხელს არ იღებდენ ბერძნები, მათი მისიონის წარმატებას, რაოდნათაც შეეძლოთ, აპრკოლებდენ და მათ მწვალებლებად სახავდენ, პატრები მაინც უფრო პატივცემული იყვნენ ყველასაგან, ყველანი უსმენდენ მოძღვრებას და მისდევდენ მათ გზას. პატრი იოსებ ჯუდიჩი, 1640წ. რომას გაგზავნილ წერილში (ამ თარიღით ორი ვრცელი წერილი გვაქვს ამ პატრისა), სხვათა შორის, მოგვითხრობს:



1 2 3 4 5


megobari saitebi

   

01.11.2016