ქართველი კათოლიკენი გურია-სამეგრელო-იმერეთისა XVII საუკუნეში
წინასიტყვობა
ნაწილი პირველი. კათოლიკობა გურიაში
ნაწილი მეორე. კათოლიკობა სამეგრელოში
ნაწილი მესამე. კათოლიკობა იმერეთში
ნაწილი პირველი. კათოლიკობა გურიაში
როგორც წინა თავში ვნახეთ, გურიის მისიონი დაიწყო 1634 წ. ქორწინებისა გამო მარიამ დედოფლისა, რომელსაც გორში მოჰყვნენ ეგრეთვე თავადნი და ეპისკოპოსნიც. ამათ ბევრი ხვეწნის შემდგომ, პატრი პეტრე ავიტაბილეს გამოართვეს მისიონერები და თან წაიყვანეს. გურიის პირველი მისიონერები იყვნენ პატრი ქრისტეფორე კასტელი, პატრი ანტონ ჯარდინა და ძმა ქლაუდიო. გორში გურიიდგან მოსულ პირთა შორის იყო თვით გურიის ეპისკოპოსი შემოქმედელი. იმან რა დაახლოვებით ნახა გორში მისიონერების წესი, კეთილი ცხოვრება, ერისათვის მათი თავგანწირულება და იმდენი სიკეთე, რომელიც აქ დაეთესათ, მათი წაყვანის სურვილით გაიმსჭვალა, ამასვე ნატრობდა ეგრეთვე აფხაზეთის კათალიკოსი და გურიის მთავარი მალაქია. ამიტომ, სანამ მისიონერებს გამოართმევდა, პატრი ავიტაბილეს ამ სიტყვებით მიმართა:
„მამაო, იმ დროიდგან, რაც ღმერთმა ინება და მოვედი აქ, ყველაზედ უმეტესად საკვირველად დამრჩა თქვენი ცხოვრება. სულით და გულით მომინდა და იძულებული ვარ, ჩემის ეკკლესიის სასიკეთოდ, გთხოვ, მომცეთ რავდენიმე მღვდელი გურიაში წასაყვანად, რათა შეიმუშავონ ჩემი ვენახი, რომელიც დიდად გაჭირვებულია. სანამ ამას გადავწყვეტდი, ვისურვე თქვენი ცხოვრება კარგად გამომეძია, რათა მეცნო თქვენ სასარგებლო იქმნებოდით, თუ მავნებელი, რა ვსცანი, რომ ესრეთი თქვენი კეთილი ცხოვრება გაასწორებს გახრწნილ ზნე-ჩვეულებას არა მარტო საეკკლესიო პირთა, არამედ თვით ერისასაც, ამიტომ გევედრები მანუგეშოთ და აღმისრულოთ ჩემი თხოვნა. აგრეთვე ვსცანი, თუ რაოდენი კეთილი და მარად სახსენებელი საქმე მოიქმედეთ ამ სამთავროსა და ქალაქში; ამისთვის სხვა მოწმობა აღარ მჭირია, რადგან ყოველივე ჩემის თვალით ვნახე. ჩემი მოვალეობა იქმნება დაგიფაროთ.
ყოველ ეჭვ გარეშეა, რომ პატრიარქ-მთავარს დიდათ სათნო საყოფელი დაურჩება თქვენი მისვლა. იქ სხვა არაფერი გექნებათ საქმნელად, თუ არ ღვთის სამსახური და ერის მოვლა მის საცხონებლად".
სანამ ამათი მოქმედების განხილვას შევუდგებოდეთ, საჭიროდ ვრაცხთ, მოვიყანოთ აქ პაპის წიგნი, რომელიც 1626 წ. თეათინელებს გამოატანა სხვა მეფეებისთვის გადასაცემ წერილებთან ერთად.
„პაპა ურბანო VIII.
„ქართველ გურიელ მთავარს.
„კეთილშობილო მთავარო, მშვიდობა და ღვთიური მადლის ნათელი,
„რომის ეკლესიის მღვდლები საქართველოს მხარეს მოდიან არა მწყურვალნი ოქროსი, რომელმაც უწინ, როგორც მოგვითხრობენ, საბერძნეთის გმირ არგონავთებს დაატოებინა ეგიას ზღვის ნაპირები და მოიყვანა რიონის მდინარესთან საარაკო საშიშარის გზებით. ჩვენი წარმოგზავნილი მღვდლები სტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რომლის პოხიერებას და სახელ განთქმულობას შეუძლიან მგზავრები მიიზიდოს; არც უშინდებიან ეგრეთ შორეულ მგზავრობის დიდ გაჭირვებას; უიარაღოდ და უჯაროდ მოდიან მანდეთ არა იმისთვის, რომ შეიძინონ სიმდიდრე, არამედ ხალხის ცხონებისათვის იზრუნონ. ეს არის მათი ერთად ერთი ნატვრა. ამიტომ ღირსნი არიან, რომ პატივით მიიღოთ თქვენს საბრძანებელში. გადაავლეთ თვალი ძველ დროებს, ნუ თუ შეგიძლიათ ჰპოვოთ მისთანა ბარბაროსი ერი, მის სასიკეთოდ მოსულთ მტრულათ და უღმრთოდ მოპყრობოდეს? თქვენ კარგად უწყით, რომ პატივი თქვენის ღირსებისა დამყარებულია დიდების ნატვრასა, კეთილის ქმნასა და უმანკოთა მფარველობაზედ. ამიტომ ჩვენც ვპირდებით, რომ თქვენმა წარჩინებულებამ მათ ყოველგვარი შემწეობა აღმოუჩინოს, რადგან თქვენის დიდების აღმატებისათვის საშრომელად მოდიან. უკეთუ ეს აღასრულეთ, (იმედი გვაქვს, ჩვენი მოლოდინი ამაო არ შეიქმნეს), სახელ განთქმულობა თქვენის მთავრობისა, მსწრაფლ გარდმოივლის კავკასის მთებს, შავ ზღვას, მოაწევს რომამდე და მიიღებს შესხმას. ამას კი მსოფლიო დედა-ქალაქის ერი უძღვნის მთავართა, რომლებიც ღირსნი გახდებიან სამოციქულო საყდრის მიერ. ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ მაგ თქვენის სიკეთისა და მფარველობისათვის ვითარ სასყიდელს მოგაგებსთ მეფეთა მსაჯული ქრისტე, რომელსაც ჰნებავს, მშვენიერ იყვნენ მშვიდობის მყოფელთა ფერხნი და რომელიც სათავისოდ მიითვლის რასაც უცხოთა მიაგებენ. ქრისტე, რომელსაც რომა ემსახურება, იდიდების ეგრეთვე მთავართა და მეფეთა სამსახურით და პატივით. გარდა ამისა, თავისი მოქალაქობით რომის ეკკლესიას შეუძლია ყველას სთხოვოს თვისთა მორწმუნეთა მფარველობა, ვინაიდგან აქ ყველა უცხოთა სტუმრობა მიღებულია და ყველას შეუძლია ეწიოს იერარხიულ მაღალ ხარისხს. აქ, კაცთა ნათესავის დედაქალაქში, ბევრი უცხო ტომის ხალხი სცხოვრებს, მაგრამ ისე არიან ყველანი, თითქოს თავიანთ სამშობლოში იყვნენ: ამას ერთპირად ყველანი მოწმობენ. თქვენი კეთილშობილება დაავალებს ამ ქალაქს, უკეთუ თქვენის კეთილისმყოფელობით მანდ გამოგზავნილმა რომაელმა მოძღვრებმა საქართველო მიიჩნიეს თავიანთ მამულად და არა უცხო ქვეყნად. აწ შეგიძლიათ მოუსმინოთ მაგათ, ვითარცა ჩვენი თქვენდამი სიყვარულის მოწმეთა. მარადის ვთხოვთ ღმერთსა თქვენს დაცვას და დაფარვას და თქვენის ერის კეთილდღეობას. რომით, 4 ივლისსა 1626, მღვდელთ-მთავარობის მესამე წელსა".
მისიონერების მოხსენებიდგან არა სჩანს, თუ რა დროს გადასცეს ეს წერილი გურიელს, ხოლო, რომ გადასცეს, იმისი ეჭვი არა გვაქვს, რადგან იმ წერილთან ერთად დადიანისთვისაც იყო წერილი, რომელიც თავის დროზე გადასცეს, როგორც ამას შემდეგში ვნახავთ. რაკი ერთს გადასცეს ცხადია, მეორესაც გადასცემდენ. სიმოკლისათვის აწ ტექსტების მოყვანას ბევრს არ გამოვუდგებით. მოკლედ მოვუთხრობთ, რასაც თიათინელები გადმოგვცემენ თავიანთი გურიის მისიონის შესახებ. შემოქმედელი რაკი საწადელს ეწია, დიდათ გახარებული გაბრუნდა, როგორც დიდი ძლევამოსილი და წაიყვანა თან ზემოდ დასახელებული სამი მისიონერი.
მივიდენ ოზურგეთს თუ არა, ისინი კათალიკოსს მალაქიას წარუდგინა. ანტონ ჯარდინამ ქართული კარგად იცოდა და მალაქიას მოახსენა: მთავარო დიდათ სახიერო, ღმერთმა თქვენის ეპისკოპოსის შემოქმედელის გორში მოსვლა იმდენად სასარგებლო ჰყო ჩვენთვის, რომ მის უკეთესის ნატვრა აღარ შეიძლებოდა. ჩვენთვის უკეთისის ქმნა არ შეეძლო, რადგან გაგვიხსნა გზა, ვეთაყვანოთ ეგრედ დიდ მთავარსა, რომელსაც დიდად უყვარს თავისი ერი და სავსეა სარწმუნოების სიყვარულით. თქვენ მიერ რა მოგვიწვია, დიდის სიხარულით აღვივსენით; სხვა და სხვა საქმეებს, რომ არ შევეყოვნებინეთ, აფრთოვანებულნი მაშინვე მოვიდოდით ამ სამთავროში, სადაც კათოლიკე სარწმუნოებისათვის იმდენი სიკეთეა მოსალოდნელი. თქვენმა საყოველთაოდ განთქმულმა ღირსებამ გაგვაბედვინა თქვენებრ მთავრისათვის მოგვემართნა. ვიცით, რომ მოწადინებული ბრძანდებით ჭეშმარიტების მოსასმენად და ჩვენც სხვა აღარავის ვეძებთ, კათალიკოსზედ მეტად მოწადინებულ პირს ამ სამთავროში ჩვენ სხვას ვერ ვიპოვნით. სამოციქულო საყდრისაგან მიღებული კათოლიკე ჭეშმარიტებაა, რომელიც მოგვაქვს. როდესაც თქვენი სამეფო სახიერებინაგან ნება მოგვეცემა, მზად ვართ განვაცხადოთ იგი, რადგან შევიქმნებით მოძღვარნი და სხვათა მასწავლებელნი. აწ შორიდგანვე ვხედავთ იმ განსაცდელს, რომელშიაც შემდგომ ჩაგვაგდებენ, ვისაც სძულსთ ჭეშმარიტება და არ უნდათ მისი მოსმენა. მაგრამ ამის სრულებით არ გვეშინია, თუნდაც სიკვდილი არ აგვცდეს ჭეშმარიტების ქადაგებისათვის. ჩვენთვის თქვენისთანა პატრიარქ-მთავრის მფარველობაც კმარა, განვაცხადოთ: ვინც ნატრობს ცხოვრებას, მიიღოს ჭეშმარიტება, ხოლო ვისაც სიკვდილი უნდა, უარჰყოს იგი. ჩვენი მიზანი არის სულთა ცხონება. ამას ვეძიებთ მთავრის მფარველობით. ამიტომ უმდაბლესად გევედრებით, გაგვიხსნათ გზა, რათა ვეწიოთ წადილსა”. რადგან კათალიკოსს დადიანისგან შეტყობილი ჰქონდა, რაც უნდოდათ მისიონერებს, ყოველგვარის სიყვარულით და პატივით მიიღო ისინი და დაჰპირდა ყველანაირ შემწეობას. უბრძანა ეპისკოპოსს შემოქმედელს, რათა ეზრუნა მათთვის, ეპოვნა სახლი და ეკლესია და სხვა, რაც კი დასჭირდებოდათ. ახლოს რომ ჰყოლოდა კათალიკოსსა, რაათა, როცა დასჭირდებოდა, თუ რჩევისა და თუ სხვა საჭიროების გამო მათთვის ადვილათ მიემართა, თავის ახლოს ოზურგეთში ერთი შვენიერი სახლი მისცა და იქვე აუშენა ხის ეკკლესია, რომელიც პატრებმა შეამკეს მხატრობით. ახალმა შვენიერმა ეკკლესიამ ბევრი ხალხი მიიზიდა პატრებთან, თვით შორეულ ადგილებიდგანსც კი მოდიოდენ მათთან. რადგან, როგორც ქართლსა და სამეგრელოში, ისე აქ, ნათლისღების აღსრულება აღმოჩნდა ნაკლულოვანი, დაიწყეს ქადაგება ხელმეორედ მონათვლის საჭიროებისათვის. ეს ამბავი მთელს ხალხს მოეფინა. არა თუ მთელის ოზურგეთის მცხოვრებნი, არამედ მთლად სამთავროდგან მოდიოდენ თუ დიდი და თუ პატარა, რათა ხელმეორედ სწორედ მონათლულიყვნენ. პირველშივე ათასობით მიიღეს მათგან ნათლისღება. ამის გამო მათი სახლი მუდამ სავსე იყო ხალხით:
შეუწყვეტლივ მოდიოდენ ზოგი მოძღვრების მოსასმენად და ზოგიც მოსანათლავად. ამ ამბავმა დიდათ გაახარა კათალიკოს-მთავარი, რა კი ხედავდა თავისი ეკკლესიის ერის განახლებას. მისიონერებმა რა ნახეს თუ ხალხის მომზადება და თუ კათალიკოსის კმაყოფილება, უფრო უშიშრად და თამამად დაიწყეს ქადაგება ერის გახრწნილი ზნეობის წინაადმდეგ. კათალიკოსს მკურნალად ჰყავდა ერთი იტალიელი, რომელიც აქ მოსვლამდე, რავდენისამე წლის წინათ ოსმალებს ტყვედ დაეჭირათ და გაემაჰმადიანებინათ. იმას ძრიელ დიდი გავლენა ჰქონდა კათალიკოსზედ, რომელიც თუ თავისი ხნოვანებისა და თუ სნეულების გამო, მთლად მის ხელში იყო. მკურნალმა, სახელათ ფერინდონემ, დაუწყო მტრობა მისიონერებს, მათ ძვირს ლაპარაკობდა ყველგან და მეტადრე ასმენდა კათალიკოსსა და შემოქმედელს და ურჩევდა სამთავროდგან გაედევნათ. მაგრამ მათ სცნეს მისიონერების სათნოებიანი ცხოვრება და ყურადღება არ მიაქციეს მის ლაპარაკს. მაშინ განიზრახა ისე მოეხერხებინა, რომ ხალხს ნაკლებად ევლო მისიონერებთან და მათ ხელთაგან ნათლიღება არ მიეღო. ამიტომ ფერინდონემ ხალხში ხმა გაავრცელა, რომ წყალი, რომლითაც ნათლვენ მისიონერები, მავნებელია და თუ დედაკაცს და თუ მამაკაცს უშვილოდ გახდისო. მაგრამ ამითიც ვერას გახდა. თუმცა კათალიკოსი, შემოქმედელი და სხვა წარჩინებულნი პირნი თანაუგრძნობდენ მისიონერებს, გარნა იქ მყოფი ბერძნები და ზოგიერთი ეპისკოპოსიც წინაადმდეგნი იყვნენ მათი. ამათ შეუერთდა ეგრეთვე კახეთის ეპისკოპოსი ალავერდელი, რომელიც, როსტომ ხანის მოსვლის დროს, სამეგრელოში გადმოიხვეწა. იგი სამეგრელოდგან მოვიდა ოზურგეთში მათ საწინაადმდეგოდ. მისიონერებმა და ალავერდელმა ერთმანერთი გამოიწვიეს საზოგადოებაში საღვთისმეტყველ საგნების შესახებ საბჭოდ. პატრი ანტონ ჯარდინამ ბევრი ილაპარაკ მეტადრე სული წმიდის გამომავლობისათვის და ბოლოს თავის მოკამათეს სძლია, ისე, რომ ალავერდელმა პატრებივით პირჯვრის წერა და მათი გამართლება დაიწყო, მაგრამ მაინც მათი მტერი იყო. შემდეგში ვნახავთ, რომ ამ ეპისკოპოსმა კათოლიკობა მიიღო და პატრების დიდი შემწე შეიქმნა. ალავერდელის შემდგომ, სხვა ეპისკოპოსმა დაუწყო მათ ყვედრება ხელმეორედ მონათვლისათვის. იმასაც დაუწყეს ბჭობა, ცხადად უჩვენეს, რომ ნათლისდებას ისე არ ასრულებდენ, როგორც ბერძნულის ტიბიკონის ძველებურ წიგნსა ევხოლოგიაში იყო: მაგალითისთვის დაუსახელა თვით ალავერდელი, რომელიც ყველაზედ მეცნიერი და ბერძნულ წესში კარგად განსწავლული იყო. ასეთი ბჭობა დიდათ მოეწონათ ყველა იქ დამსწრეთ. ამიტომ უფრო გულმოდგინებით განაგრძეს ხელმეორედ მონათვლა. ამავე დროს მოიყვანეს ერთი თავადიშვილი და დიდის ამბით ყველას წინაშე ხელმეორედ მონათლეს. თავიანთის კეთილ მოქმედებით მისიონერები დღითი დღე უფრო მეტ სახელს ითქვამდენ და უფრო დიდ ხალხს იზიდავდენ თუ სულიერად და თუ ხორციელად განსაკურნებლად. მათი ესრეთი წარმატება დიდათ ახარებდა მალაქია კათალიკოსს, რომელმაც იგინი ძრიელ შეიყვარა და უნდოდა, მუდამ გვერდში ჰყოლოდა, ამიტომ, ორი წლის შემდგომ, იგინი თავის პალატში გადაიყვანა და თავის ეზოშივე მისცა სახლი და ეკკლესია. მისიონერებმა აუხსნეს, რომ ერის კეთილდღეობისათვის მიუცილებლად საჭიროა ბავშების გაწვრთნა და მათი კარგად აღრზდაო. მალაქიამაც პატრებს იქვე თვითონვე დააარსებინა სკოლა და რავდენიმე ბავში მისცა გასაწვრთნელად. პატრებმაც შემოჰკრიფეს აქა-იქიდგან ბავშები, მეტადრე ისინი, რომელთა თათრებზედ გაყიდვა შეეძლოთ მშობლებსა. დაუწყეს მათ სწავლება თუ სასულიერო და თუ სახორციელო საგნებისა. ამ გარემოებას, სხვების გარდა, თეათინელი კლემენტე გალანოც მოკლედ ასე მოგვითხრობს:
„წარმოიდგინოს მკითხველმა, თუ ამისთანა კეთილის-მყოფელის მთავრის ხელში რაოდენი სიკეთე უნდა მოეტანათ თეათინელ მონაზონებს თავიანთი სწავლა-ქადაგებით. იქვე დააარსეს სკოლა, ბავშები ზოგი თვით მთავარმა აჩუქა, ზოგი ბატონებმა მისცეს და ზოგიც თვით გამოართვეს იმ მშობლებს, რომლებსაც ბავშების აღზრდა არ შეეძლოთ, რათა იგინი თათრებისათვის არ მიეყიდათ. ამათ დაუწყეს სწავლება საქრისტიანო და სამეცნიერო საგნებისა. ძნელად წარმოსადგენია, თუ რაოდენი მამობრივი სიყვარული უჩვენა იმ მთავარმა, რაოდენი მოწყალება უყო პატრებს; ესრეთი მფარველობა მათ შვიდი წელიწადი, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გაუწია; მამების რიცხვი შვიდამდე მიიყვანა, მათ მუდამ პატივს სცემდა, ეწეოდა და მტრების წინააღმდეგ იფარავდა".
პატრი ანტონ ჯარდინამ კარგად იცოდა ქართული ენა, როგორც ლამბერტი მოწმობს; როგორც თავის დედა ენას, ქართულს ისე ლაპარაკობდაო. იმან შეადგინა ქართული გრამატიკა და დააწყებინა ყმაწვილებს მისი შესწავლა. ყმაწვილები ჩქარა დაწინაურდენ სწავლაში და ყველასთვის გასაოცარნი შეიქმნენ. მისიონერები ძრიელ აქებენ გურულების ნიჭიერებას და მათ ყველაფრის ადვილად შეთვისების უნარსა. გურულების საოცარის ნიჭის მიზეზით მისიონერებმა დააპირეს რავდენიმე ყმაწვილი იტალიაში გაეგზავნათ, რათა იქ მაღალი სწავლა მიეღოთ და შემდგომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მამულში საშრომელად. მაგრამ მისიონერები მტრებსა მოერიდენ იქმნება ხალხში ხმა გაავრცელონ და სთქვან, რომ პატრებმა ყმაწვილები თათრებს მიყიდესო. ამის გამო ყმაწვილები ევროპაში აღარ გაგზავნეს.
იმ სკოლის წარმატებამ და პატრიარქის მისიონერთადმი აშკარად გამოჩენილმა პატივმა და სიყვარულმა იქ მყოფი ბერძნის მღვდლები ძრიელ აღაშფოთა. ბევრგზის ამხილეს კათალიკოსს, რომ ლათინების ესრეთი პატივისცემა ბერძნის ეკკლესიის წინააღმდეგი და შეურაცხყოფა არისო და ბევრგზის სთხოვეს, რომ გაედევნა მისიონერები თავისი სამთავროიდგან, მაგრამ მალაქიამ მათ მუდარას ყურადღებაც არ მიაქცია. ამ გზით რომ ვერაფერი გააწყეს ბერძნებმა, კათალიკოსს შეუჩინეს მკურნალი ფერინდონე, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მაზედ და დიდათაც მტრობდა პატრებს უფრო იმიტომ, რომ ქრისტეს სარწმუნოების მოღალატეობას და უზნეო ცხოვრებას აყვედრიდენ. იმანაც რომ ვერაფერი გააწყო კათალიკოსთან, პატრი ანტონს ჩუმათ საწამლავი მისცა, მაგრამ ღვთის განგებულებით საწამლავმა ვერ გასჭრა და ესრეთ გადურჩა განსაცდელსა. ამის მხილველი ფერინდონე დაცხრომის მაგიერ, უფრო გაბრაზდა და კვალად სხვა საშუალებას მიმართა. ერთ დღეს კათალიკოსი სხვაგან წავიდა. ამ გარემოებისაგან ისარგებლა ფერინდონემ და ჩუმად ცეცხლი წაუკიდა მათ სახლს იმ აზრით, იქმნება მისიონერებიც შიგ გამოიწვნენო. მაგრამ აქაც გაუცრუვდა ბოროტი აზრი, რადგან პატრი ანტონ, რომლის სიკვდილსაც უფრო სცილობდა, სხვაგან იყო ძმა ქლაუდიოსთან ერთად და პატრი ქრისტეფორე კასტელიმ კი სარკმლიდგან გადმოხტომა მოასწრო. თვით ეს კასტელი და ლამბერტი სწერენ, რომ ყველამ სასწაულს მიაწერა გადარჩენა ეკკლესიისა, რომოლიც სახლთან ახლოს იყო და რომელსაც ცეცხლმა გარეშემო ნედლი კაკლის ხეები და ყველაფერი სულ გაუნაცრა, მაგრამ ეკკლესიას კი არაფერი ევნოვო. ცეცსლის გაჩენას ყველა ფერინდონეს აბრალებდა, რადგან ყველასათვის ცხადი იყო, რომ პატრებს მტრობდა. ამ უბედურებას გადარჩენილი მისიონერები კათალიკოსმა და შემოქმედელმა ანუგეშეს და აუშენეს ახალი სახლი უფრო დიდი და უფრო მშვენიერი. რადგანაც კათალიკოსს ხანში შესულობის გამო ბევრნაირი სნეულება ჰქონდა და დიდათ ეჭირვებოდა ფერინდონე მკურნალის შემწეობა, სულგრძელობით ითმენდა მისგან მისიონერების წინააღმდეგ ჩადენილს ეგოდენ უღმრთოებას. მტრის მიერ ესრეთ უწყალო დევნულებას სრულებით არ შეუშინდენ მისიონერები; ბოროტის წილ მტერს კეთილი მიაგეს და განაგრძეს გულმოდგინებით თავიანთი შრომა ერის საპატრონებლად და სარწმუნოების გასავრცელებლად. იმასობაში პატრი ანტონ ჯარდინა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად თავისი გულკეთილობა გაუხდა. ერთხელ ეპისკოპოსი შემოქმედელი სამეგრელოში წავიდა და ისიც თან გაჰყვა; გზაში ცხარე მზის სხივებმა ეპისკოპოსი შეაწუხა, რადგან მარტო ვიწრო ბერძნული ქუდი ეხურა. ამიტომ პატრი ანტონმა თავისი ქუდი მოიხადა და მისცა მას, თითონ კი საშინელ სიცხეში თავღია დარჩა, მზემ თავში დაჰკრა. ჩავიდა ოდიშს თუ არა, დასნეულდა და მალეც იქვე გარდაიცვალა. რადგან იგი დიდათ შესანიშნავი პირი იყო და ბევრი სიკეთე დასთესა გურიაში, ამიტომ აქ მოვიყვანთ მოკლედ, რასაც მისთვის ამბობენ მისი ამხანაგები და ცხოვრების აღმწერნი.
„ანტონ ჯარდინა, 1634 წ. გურიაში ქრისტეფორესთან ერთად მისული ძრიელ კარგად მიიღო მალაქიამ, გურიის პატრიარქშა, რომელმაც ოზურგეთში დააყენა და დიდი მფარველობა აღმოუჩინა... აქ ანტონ დაუცხრომლად სარწმუნოებას ასწავლიდა, საზოგადოებაში ყველგან ქადაგებდა, საიდუმლოებს უსრულებდა და სნეულებს სწამლობდა, რათა სულიერადაც განეკურნა. ამიტომ ძრიელ ბევრი ხალხი გადაიყვანა კათოლიკე სარწმუნოებაზედ... აღმოსავლეთის ენები ძრიელ კარგად იცოდა და მეტადრე თათრულსა და ქართულს ისე ლაპარაკობდა თქო იმ ქვეყანაში ყოფილიყოს დაბადებული. საზოგადო ბჭობაში თავისი მოძღვრებით გურიის მიტროპოლიტი ალავერდელი დასძლია და კათოლიკე სარწმუნოება მიაღებინა. როგორც თავდადებული მზრუნველი ხალხისა, პატრიარქმა ძრიელ შეიყვარა, თავის პალატთან ახლო სახლი მისცა, ეკკლესია აუშენა, და რაც კი საჭირო იყო სარწმუნოების გასავრცელებლად, დახმარება აღმოუჩინა. აქ სკოლა გახსნა თავისი ამხანაგების დახმარებით, გასწვრთნა ყმაწვილები სარწმუნოებასა და წერა-კითხვაში, რაც დიდათ სასარგებლო შეიქმნა ხალხის სულიერის წარმატებისათვის. ძრიელ ეწინააღმდეგა ერს იმ ბარბაროსულის ჩვეულებისათვის, რომ ყმაწვილებს მაჰმადიანებზედ ჰყიდდენ და ბევრს ხელი ააღებინა, ამ სამარცხვინო ვაჭრობაზე... შემოქმედელ ეპისკოპოსთან მგზავრობის დროს, რათა მზეს იმისთვის არ ევნო, თავისი ქუდი მისცა, რაისგამო დასნეულდა და სამეგრელოს ქალაქს ოდიშში ანგელოზებრივი ცხოვრებით სიწმიდის ნიშნით მიიცვალა 1637 წელსა აგვისტოს თვეში . მისის სიკვდილის ამბავმა ყველა დიდად შეაწუხა, რადგან ყველას ეს მოციქულებრივი კაცი სიწმიდის მაგალითად მიაჩნდათ... გურიის მთავარმა, მალაქია პატრიარქმა რა შეიტყო მისი სნეულების ამბავი, საჩქაროდ წავიდა მის სანახავად და მძიმე სნეულს შეეწია და თავისი ხარჯით თუ წამალი თუ სხვა, რაც კი საჭირო იყო, ყველაფერი უშოვა. ერთი სიტყვით ამ დიდათ გულკეთილმა მთავარმა არაფერი დაზოგა, ყოველი საშუალება იხმარა მის გასაკურნებლად. რა მიიცვალა, წესი აუგო, როგორც მღვდელთ- მთავართა ჩვეულება იყო... გურიის მიტროპოლიტმა ალავერდელმა, რომელიც ანტონ ჯარდინამ რომის ეკკლესიას შეუერთა, განსაკუთრებით შეიყვარა და პატივსა სცემდა; უწინდელი მის წინააღმდეგ თავისი სიძულვილი მისდამი სიყვარულში გასცვალა... გურიის პროვინციის ეპისკოპოსი შემოქმედელი განსაკუთრებულს პატივს სცემდა, ყველას წინაშე დაუცხრომლად აქებდა ღვთის დიდებისათვის მის გულმოდგინეობას, უმანკო ცხოვრებას და მის სასოებას".
გურიაში მარტო დარჩენილმა პატრი ქრისტეფორემ განაგრძო ეგრეთი უხვი ნაყოფიანი მისიონი და გააორკეცა თავისი შრომა. ყველა შეწუხება და მტრის მიერ დევნილება მოთმინებით აიტანა და ბოროტის მაგიერ კეთილი მიაგო. თავისი სახარებრივი მოთმინებით მალე გაიმარჯვა მტერზედ და მოაქცია სარწმუნოებაზედ ძალზედ გადამტერებული კათალიკოსის მკურნალი, გამაჰმადიანებული ფერინდონე. იმის მოქცევის ამბავს ვრცლად რომას სწერენ პეტრე ავიტაბილე 1638 წ. და პატრი იოსეფ ჯუდიჩი 1640 წ. რადგან დიდად ყურადსაღები შეიქმნა იმის მოქცევა, ჩვენც აქ მოვიხსენიებთ მოკლედ. პატრი ქრისტეფორე კასტელიმ ფერინდონე, როგორც იყო, დაიახლოვა, ვითარცა თავისი ქვეყნის კაცი, რადგან იტალიის ქალაქ სივნიდგან იყო. ჩაგონება დაუწყო, ტკბილად ამხილა თავისი დიდი დანაშაული, როგორიც იყო ქრისტეს სარწმუნოების დატოება, და ურჩია თავის დედა ეკკლესიას დაბრუნებოდა. პირველში ფერინდონემ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ცოტა არ იყოს დაფიქრდა კი. იმ ხანებში ავადაც გახდა და საჩქაროდ მიიწვია პატრი ქრისტეფორე, აღიარა თავისი შეცთომილება და დანაშაული. სულით და გულით შეუერთდა ეკკლესიას და დაირქვა სახელად ნიკოლა, რომელიც ადრე ნათლიღების დროს მიღებული ჰქონდა. ეს მოხდა მირის ეპისკოპოსის წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულის ძალში. ამიტომ მის მოქცევას მიაწერენ თვით იმ საკვირველ-მოქმედის სასწაულს. ნიკოლა, ანუ ნიკოლოზ კოჯევიჩი ქრისტიანედ მოქცევის შემდგოგ სულ ერთიან გამოიცვალა; მისიონერები მის მოქცევას ადარებენ სავლეს პავლე მოციქულად გადაქცევას. სახლიდგან დაითხოვა თავისი ცოლები, რომლებიც მაჰმადიანების წესისამებრ ჰყავდა, მხოლოდ ერთი დაიტოვა, რომლისაგანაც შესძენოდა ორი ქალიშვილი. ქალი დათანხმდა, მათთან დარჩენილიყო და იმასავით სინანულით წმიდათ გაეტარებინა ცხოვრება, მხოლოდ ერთმანერთს აღარ უნდა შეხებოდენ. რადგან უწინ ნიკოლას გურიაში დიდი გავლენა ჰქონდა, დიდი უღმრთოებაც ჩაუდენია, ბევრისათვის შეურაცხყოფა და უსამაოთლობა ექმნა. ამისგამო დაიარა და ყველა თავის მტრებს ხელფეხზედ მთხვევით შეურიგდა და ზარალიც უზღო. მისი მოქცევის ამბავი ყველგან განითქვა და ყველა დიდის სიხარულით მიეგება. განსაკუთრებით აღნიშვნენ მისიონერები ამ ამბავს: გურიაში ერთმა ქართველმა ბატონმა (თავადმა) ქრისტესთან შერიგებული რა ნახა იგი პირველად, მისი პატივისათვის ქუდი მოიხადა და მას ცრემლით ხელზედ ემთხვია. ესრეთ პატივს მარტო ეპისოპოსებს უყოფენ”.
ნიკოლამ შეიმოსა ძაძა, თავის ეზოში გაიკეთა პატარა ოთახი და დაიწყო საკანონოების ასრულება და მწირად ცხოვრება. თავისი სახლი, მამულები და ყმები ერთიან პატრებს მისცა; ეგრეთვე ჰსთხოვა, რომ თავიანთ ძმობაში მიეღოთ. მაგრამ პატრებმა ჯერ არ დაინახეს საჭიროდ მონაზონად ჩაერიცხათ. ხოლო მისმა ცოლშვილმა კი შეიმოსა სამონოზნო სქემა და შეუდგა წმიდა ცხოვრებას. გავლილის ცოდვით სავსე ცხოვრების შესანანებლად ნიკოლამ არ იკმარა ლოცვა, მარხულობა და სხვა ამის მზგავსი, არამედ დაიწყო ქადაგება ყველგან და ყველას ურჩევდა ქრისტიანურ კეთილს ცხოვრებას შედგომოდა. ეგრეთვე ბევრჯერ ურჩია კათალიკოს მალაქიას, რათა ცდილიყო და გურია-სამეგრელო ერთიან რომის ეკკლესიისათვის შეერთებინა. ამის გამო ბევრი ეხვეწა, მისიონერები კიდევ მიეწვია გურიაში და მათ მოსაყვანათ ერთი შესანიშნავი პირი გაეგზავნა სამეგრელოში, სადაც მისულიყვნენ საქართვეოდგან მობრძანებული მისიონერებიც. რადგან კათალიკოსი დიდად მოხარული იყო იმის მოქცევისა, სიამოვნებით დააჰპირდა ყველაფერს. მისიონერების მოსაწვევად მის უკეთესი ვერავინ ნახა და იგივე გაგზავნა სამეგრელოში. რა მივიდა ჭიპურიას მისიონერებთან, ნიკოლამ მიუთხრა, თუ რა დიდი ნაყოფი გამოიღო კათოლიკობამ გურიაში, უამბო იქაური სულიერი საჭიროება და მეტადრე კათალიკოსის მზად ყოფნა თავისი სამთავროითურთ რომის ეკკლესიასთან შეერთებისათვის. ამ ამბავმა დიდად გაახარა მისიონერები, რომლებმაც ბევრი აღარ დაიგვიანეს იქ წასასვლელად. თვით უფროსი პატრი პეტრე წაჰყვა და ოთხიც სხვა მისიონერი წაიყვანა, როგორც მოგვითხრობს სილო:
„გურიის ვენახის შესამუშავებლად პეტრემ თავის ამხანაგებად წაიყვანა ორი მღვდელი ფრანჩისკე მარია მაჯო და ვინჩენცო ჯილიბერთი და ეგრეთვე ორი ძმაც, ძმა იაკობ არგოლიოზო და ძმა ანდრია ლიპომანო ქართველი... რა მივიდენ გურიას, წარსდგნენ კათალიკოსის წინაშე, რომელმაც დიდის და გამოუთქმელის სიხარულით მიიღო. სამწუხაროდ, სიტყვა, რომელიც კათალიკოსს წარმოუთქვამს მისიონერების მიღების დროს, ხელთ არა გვაქვს, გარნა როგორც სჩანს სხვა წერილებიდგან, სურვილი და თანხმობა გამოუცხადებია, მზად ვარ რომის ეკკლესიას ჩემის სამეფოთი შეუერთდეო; ეგრეთვე უთხოვნია მისიონერებისათვის, კარგად გაეწვრთნათ თავისი ერი და საეკკლესიო პირები, რათა აღარავის გასჭირებოდა შეერთების საქმე. მისიონერების მოსვლის შემდეგ, ნიკოლა, დამლევი კეთილის ცხოვრებისა, რომლითაც ყველა გააკვირვა, გარდაიცვალა 29 დეკემბერს 1638 წ. მაჰმადიანობაში კი 28 წელიწადი გაეტარებინა. ახლად მოსულმა მისიონერებმა დაიწყეს ერის მოვლა და ქადაგება, ძრიელ ბევრს მიაღებინეს კათოლიკობა, ვინაიდგან თავიანთ წერილებში მისიონერები ასე სწერენ: ბევრისგან ბევრი მოიქცნენო (molti emolti si convertissero). სხვათა შორის იხსენიებენ ერთ დედაკაცს, რომელიც ძრიელ განთქმული ყოფილა თავისი ისტორიით. ის დედაკაცი, სახელად ლელორა (ზოგი ლელოკას უწოდებს), იყო მეუღლე ერთის საშუალო წოდების კაცისა, რომელიც კაცის კვლის გამო გურიის მთავარს, მალაქია კათალიკოსს დაესაჯა, თვალები დაეთხარა და ცოლიც მოეშორებინა. დედაკაცი თურმე მეტის მეტად ლამაზი ყოფილა, ხელი მიუყვია უწესო ცხოვრებისათვის და ხალხი გაურყვნია, ყველგან განთქმულა მისი ბოროტი სახელი და გამხდარა დიდის დაბრკოლების მეზეზი. ამ ბოროტების მოსასპობლად კათალიკოსს გადაეწყვიტა იგი მაჰმადიანებისთვის მიეყიდა. რა შეიტყეს მისიონერებმა, მაშინვე მივიდენ და ურჩიეს მალაქიას, რომ ესრეთი მოქცევა უფრო დიდი ბოროტება იქმნებაო, რადგან დედაკაცი თათრების ხელში უეჭველად სარწმუნოებასაც დაკარგავსო; ეგრეთვე მოახსენეს, მოითმინე და მალე ხელს ავაღებინებთ თავის ბოროტებაზეო. კათალიკოსი დათანხმდა და ლელორა პატრების ეკკლესიასთან ახლოს დააყენებინა. პატრებმა დაუწყეს ქადაგება და ჩააგონეს, რომ თუ თავის ბოროტს გზას არ დასტოვებდა, თათრების სასირცხო ტყვეობაში ჩავარდებოდა. მალე სცნო თავისი სიბოროტე. მალე გაიძრო თავისი ამაოების ტანისამოსი და ჩაიცვა უბრალო ძაძა; მარიამ მაგდანელსავით დაიწყო თავისი ცოდვების შენანება. აღარავის ეჩვენებოდა. აღსარება სთქვა პატრებთან და მიიღო წმიდა ზიარება. თავისი ცხოვრებით ისე გამოიცვალა, რომ მნახველი მას სრულებით ვეღარ იცნობდა. ერთავად ეკვლესიაში იყო და ლოცვით ატარებდა დროს. როგორც უწინ ბევრისათვის საცდური იყო, ისე ახლა ყველასთვის დიდად წასაბაძი შეიქმნა. იმის მოქცევამაც დიდი სახელი განუთქვა მისიონერებს და ძრიელ შეეწია კათოლიკობის გავრცელებას. ყველაზედ უფრო შესანიშნავი შეიქმნა ელენე ათაბეგის ქალის გაკათოლიკება. უადგილოდ არ ვრაცხთ, იმისი ამბავი ცოტა ვრცლად მოვიხსენოთ. მესხების და ჭანების (De’ Meschi e de’ Lazii) მთავარს ათაბეგს, რომელსაც მაჰმადიანობა მიეღო იმისგამო, რომ მთავრობა არ ჩამორთმევოდა, ჰყავდა მხოლოდ ერთი ასული მეტად მშვენიერი. რადგან გრძნობდა თავის დანაშაულსა და გულში ნანობდა სარწმუნოების დატოებას, არ უნდოდა თავისი დიდად საყვარელი ქალიც ამ უბედურებაში ჩავარდნილიყო. უბედურება მალე მოსალოდნელი იყო, რადგან სულთანს, რომ შეეტყო მისის ქალის სილამაზე, მაშინვე სრაში წააყვანინებდა, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა სარწმუნოების გამოცვლაც. ამიტომ იგი ჩააბარა მალაქია კათალიკოსს, რომ შეენახა ვიდრე ქვეყნის გარემოება შეიცვლებოდა, რათა მერვე ქრისტიანე ქართველს მთავარს მისთხოებოდა. კათალიკოსსაც მიეღო ელენე, როგორც თავისი შვილი და ჰყავდა თავის პალატში. რადგან მისიონერებიც მის პალატთან ახლოს იქვე ერთსა და იმავე ეზოში, ანუ ბაღში, იყვნენ, ელენემ დაიწყო სიარული ხშირად მათ ეკლესიაში და დიდის გულ მოდგინებით უსმენდა მათ ქადაგებას და სწავლა-დარიგებას. მალე კათოლიკობაც მიიღო და სარწმუნოების ერთგული შეიქმნა. თავისი კეთილისა და სამაგალითო ცხოვრებით შეიქმნა ყველას წასაბაძი. მთელ გურიაში ლაპარაკობდენ მის სილამაზესა და სათნოებას. მისი გაწვრთვნის საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღოდა პატრი ქრისტეფორე კასტელის. ელენეს მამა ათაბეგი მალე დააატყვევეს ოსმალებმა. ამიტომ თავის ერგულ და სულიერ მამად ელენეს მიაჩნდა პატრი ქრისტეფორე, რომელიც შეიქმნა მისი სულიერი წინამძღვარი და პატრონი. მალაქია კათალიკოსმა თავისი სამთავროს საქმეებისთვის ელჩი გაგზავნა სპარსეთის შაჰთან. ელჩი, საქმეს რომ მორჩა და დასაბრუნებლად ემზადებოდა. ესე შაჰმა უთხრა ჩემს შვილს ვინმე კარგის გვარიშვილის შვენიერი ქალი მინდა შევრთო, ისეთი, დედოფლობის ღირსი იყვეს. იქმნება ვინმე გეგულებაო? ელჩმაც უამბო უზომო სიშვენიერე, გაზრდილობა და ყოველი ღირსება ელენესი. შაჰს ძრიელ გაეხარდა ამის გაგონება და ელჩისვე პირით შემოუთვალა მალაქია კათალიკოსს, რათა ელენე გაეგზავნა მისი შვილის საცოლოდ. მალაქიამ ეს ამბავი განუცხადა ელენეს, რომელმაც შორს დაიჭირა თავი: სრულს უარზედ დადგა, რათა თავისი კათოლიკე სარწმუნოება განსაცდელში არ ჩაეგდო. მისმა სულიერმა მამა ქრისტეფორემაც გაამხნევა, რათა მტკიცედ მდგარიყო და არ შეეწყნარებინა ურწმუნოს მეუღლეობა.
რადგან გურიაში იმ დროს ბლომად იყვნენ ოსმალები, მალე შეიტყეს ელენესი და სპარსეთის ყეინის ამბავი და მაშინვე სულთანს აცნობეს. სულთანმაც დაუყოვნებლივ შემოუთვალა მალაქიას, რადგან ელენე ჩემი ქვეშევრდომია და ჩემთვის მინდა, საჩქაროდ გამოგზავნე. თუ არ გამოგზავნი, ჩემს რისხვას ვერ გადაურჩებიო. კათალიკოსი ორ ცეცხლ შუა ჩავარდა, არ იცოდა, ორ ძლიერ მტერთაგანი რომელი ერთი დაეკმაყოფილებინა. მოილაპარაკა დადიანთან. იმანაც ურჩია, ელენე ჩემთან გამოგზავნე და სულთანს შეუთვალე, რომ შენ არაფერი შეგიძლია. დადიანს უფრო უნდოდა სპარსეთის მეგობრობა, ვიდრე ოსმალეთისა. პატრი ქრისტეფორემ ყველაფერი, რაც მოელოდა ელენეს, კარგად გაითვალისწინა. დაუწყო ქადაგება და რჩევა, ამაო ბედნიერებისა და გვირგვინისათვის არ დაჰკარგო საუკუნო დიდება და გვირგვინიო. ელენემაც, ქალწულებრივის ზეციერი სიყვარულით გამსჭვალულმა უპასუხა: „გამხნევდი, საყვარელო მამაო, და ამიერიდგან ნუღარ შესწუხდები; ჯვარცმულის ფეხქვეშ დამიძს სპარსეთის გვირგვინი ყოველი მისი დიდებით. მინდა შევუდგე საყვარელს ზეციერს სიძესა და სულის ცხონებისათვის უნდა შეურაცხ ვყო ყოველი ხორციელი სიამოვნება. ჩემი კათოლიკე სარწმუნოებისათვის, რომელიც შენ მასწავლე, მზათ ვარ უარ ვყო საამქვეყნიო გვირგვინი და ეგრეთვე სისხლიც დავღვარო".
ელენემ რავდენჯერმე განიმეორა, მტკიცედ ვიქმნები სარწმუნოებაზედ და სიკვდილს უფრო ვირჩევ, ვიდრე სპარსეთის მეფეს მივთხოვდებოდეო. ეგრეთვე პატრი ქრისტეფორეც შეჰპირდა მარტო არ დაგტოებ და თან წაგყვები სამეგრელოშიო. რა მიყვანეს ელენე სამეგრელოში, დადიანმა დაუწყო ბევრი ლაპარაკი და ჩაგონება, სხვათა შორის, უთხრა, რომ ისპაჰანის სამეფო ქალაქი, საქრისტიანო სამეფო ქალაქიაო, რადგან იქ უფრო ბევრი ქართველია, ვიდრე მთელ საქართველოშიო; თქვენ შეიქმნებით დედა და ახალი ესთერი ეგოდენ ერისაო და სხვა ამისთანა. ელენემ მდაბლად უპასუხა, რომ „არ შემიძლია მივთხოვდე ურწმუნოსა, არც ქვეყნიერობაში შესვლა მინდა, ქრისტიანედ შობილი ქრისტიანედ უნდა მოკვდეო; მინდა ჩემი ცხოვრება სარწმუნოებას ვუმსხვერპლო და ყველასაგან დავიწყებული ვიყვეო". დადიანმა რაკი დაყვავებით ვერაფერი გაარიგა, მრისხანედ მოეპყრო და ჰგვემა კიდეც. ეგრეთვე გაიგო, რომ ელენეს ესრედ გამამხნევებელი იყო პატრი ქრისტეფორე, რომელსაც ელენესთან მისვლა და ლაპარაკი აუკრძალა, მაგრამ ამითაც ვერ ააღებინა ხელი ელენეს თავის მტკიცე გარდაწყვეტილებაზედ. ელენეს სიმტკიცეს ასეთის ქებით იხსენიებენ მისიონერები: „ვერაფრით დასძლია ეს უმტკიცესი ქალწული, რომელიც სდგა მტკიცედ, როგორც კლდე და მაგრად შემოზღუდული ციხე. თითქმის ერთი წელიწადი ებრძოდა; გარნა ბოლოს მზაკვრობით მოატყუა და სძლია ქალწულსა”.
სხვა საშუალება რომ აღარ დარჩა დადიანს, მიჰყო, ხელი მზაკვრობას და უთხრა ელენეს: რადგან ვერა სცანი, თუ რა ბედნიერებას გიგზავნის უფალი და სულელობას არ იშლი, გადავსწყვიტე, ისევ დაბრუნდე კათალიკოსთან და გაატარო წყნარი და სულიერი ცხოვრება, როგორც ნატრობო. მეორე დღესვე გაისტუმრა ელენე. იმას ძრიელ გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ რა ნახა მისი წამყვანნი გურიის ნაცვლად, საქართველოს გზას დაადგნენ, მაშინ თავში შემოიკრა, ბევრი იტირა, ბევრი ივიშვიშა, გარნა თავი ვერავის შეაბრალა. რაც ნებით არ უნდოდა ის ძალად მიაღებინეს: ჩაიყვანეს სპარსეთში და მისცეს მეფეს, როგორცმოგვითხრობს მისი ამბის აღმწერი:
„გარნა ელენე მზაკვრობით და ძალით წაიყვანეს სპარსეთსა; თუმცა კი იქ დააქორწინეს სპარსეთის მეფეზედ, მაგრამ ქრისტეს სარწმუნოება სულით და გულით დაიცვა და არაოდეს უღალატა”. სარწმუნოება რომ არ დაევიწყებინა, მეფეს სთხოვა გურიიდგან პატრი ქრისტეფორე მომიყვანინეო. შაჰი დათანხმდა მაშინვე ელჩები გამოგზავნა დადიანთან მის წასაყვანად. ქრისტეფორე დათანხმდა, მაგრამ ჯერ რომას ნება მოსთხოვა იქ წასვლისათვის, რომამ კი უარი უთხრა რის გამო ქრისტეფორე ვეღარ წავიდა სპარსეთსა. ხოლო შეადგინა ერთი წიგნი ქართულად „სიტურფე საღვთო სიყვარულისა" და სანუგეშებლად გაუგზავნა ელენეს.
აქვე ვსთქვათ ისიც, რომ ქრისტეფორემ ერთი სხვა წიგნიც „განზრახვა ქრისტეს ვნებისათვის”
შეადგინა ქართულად და მიუძღვნა მალაქია კათალიკოსს. ეგრეთვე დაუწერია წიგნი საქართველოს და სამეგრელოს შესახებ და რადგან მხატვრობა კარგად ჰსცოდნია, შიგვე ჩაურთავს მეფეებისა და მთავრების სურათები. სამწუხაროდ, აქამდე მისი ნაწერები ვერც ქართული აღმოვაჩინეთ და ვერც იტალიური. პატრი იოსებ ჯუდიჩი, 1640 წ. რომაში გაგზავილ ერთ თავის ვრცელ წერილში გურიის ზოგიერთი კათოლიკების შესახებ შემდეგს ამბავს მოგვითხრობს: „მესხეთის მთავარმა ბავშა ქავთარიძემ (Bavscia Contarizze) და დადიანის ცოლის ძმამ მამუკა ვასკორტოსშვილმა (Vascortosfili), რა გაიგეს და შეისწავლეს კარგად ჩვენებისაგან სული წმიდის გამომავლობა, ესარჩლებოდენ და კიდეც ბჭობდენ მისთვის სხვებთან, როცა საჭიროება მოითხოვდა. უპირველესმა ბარონმა, მამუკა ნაკაშიძემ (Nacasizze), სხვა თავადების წინაშე სიტყვა წარმოსთქვა და აუხსნა, რომ ფრანგები ნამდვილი ქრისტეს სახარების დამცველნი არიანო; მთელ ქვეყანაზედ და ყველას წინაშე ქრისტეს ცხადად აღიარებენ და მისთვის სიკვდილსაც არ ერიდებიანო; დასასრულ (როგორც ისინი ჰგონებენ) ზეციერი სასუფეველისათვის თავიანთი თავი გაუსაჭურისებიათ, რათა კარგად დაიცვან ხორცის სიწმიდეო და დააბოლოვა: ესენი ჭეშმარიტი მოციქულებრივი კიცები არიანო. ბევრ ქალბატონთან ერთად ბარონმა ნიკოდიამ და გურიის მთავრის ქალმა თამარმა, რომელიც იმერეთის დედოფალი იყო და ქმრისგან გაშვებული, ქადაგების დროს რა გაიგონეს ჩვენის მისიონერებისგან, რომ საფრანგეთში იყო მონასტრები, სადაც დედაკაცები ხორცის სიწმიდით ღმერთს ემსახურებოდენ, მწუხარე გულითა სთქვეს, სხვათა შორის, ეს სიტყვებიც: „ახ! როდის გვაღირსებს ღმერთი, გავიპარნეთ აქიდგან და იქ წავიდეთ ღვთის სამსახურებლადო.” ელიზბარ მარაშვილმა (Vezzebari Marasfili), რომელიც დიდათ შესანიშნავი და ბრძენი პირია მთელს ამ მხარეში, მოიყვანა ჯგუფად ბარონები (თავადები, ანუ აზნაურები), რომლებიც თათრებზე ჰყიდდენ შვილებსა და ყმებსა, რათა პატრებს მათთვის ექადაგნათ და ეჩვენებინათ ყმების გაყიდვის დიდი უღმრთოება; ის ფიქრობდა, რომ ამისი წამალი პატრების ქადაგების მეტი სხვა არაფერიაო. ეს თხოვნა პატრებმა სიამოვნებით შეასრულეს და ისიც დიდათ კმაყოფილი დარჩა".
მისიონერები გურიიდგან ხშირად ახალციხისკენაც მიდიოდენ, საცა ქრისტიანებს ამხნევებდენ და გამაჰმადიანებულებსაც ხელახლავ აქრისტიანებდენ. კათოლიკობა რა ესრედ წარმატებული და გავრცელებული იყო თითქმის მთელს გურიაში, სწორედ იმ დროს, 1639 წ., გარდაიცვალა 62 წლისა გურიის მთავარი, მალაქია კათალიკოსი, რომელიც იყო მამა და მფარველი გურიის კათოლიკობისა და რომელმაც არაფერი დაზოგა მისი გაძლიერებისათვის. რადგან ყველა საბუთებს ჩვენამდე არ მოუწევია, ამიტომ ხელში ისეთი საბუთები არა გვაქვს, რომ მის გაკათოლიკებას კერძოდ შეეხებოდეს. ის კი ეჭვ გარეთ უნდა იყოს, რომ მან კათოლიკობა მიიღო. ამას საზოგადოდ ამტკიცებს ყოველი მისი ქცევა მისიონერების მიმართ და ეგრეთვე ჩვენამდე მოწევნილი თეათინელების წერილები. ეს თუ არ შევიწყნარეთ, მაშ რით უნდა აიხსნას, სხვათა შორის ის, რომ თვითვე სთხოვა და დაავალა პატრებს, კარგად გაეწვრთნათ თუ ერი და თუ საეკკლესიო პირნი, რათა რომის ეკკლესიასთან შესაერთებლად დაბრკოლება არავისგან ყოფილიყო? ეგრეთვე მუდამ დღე ხედავდა, რომ თავისი ქვეშევრდომთაგანი ბევრნი კათოლიკობაზედ გადადიოდენ. პროპაგანდის ერთ საბუთში, რომელშიაც სიძველის გამო ყველა ვერ ამოვიკითხეთ, მოხსენებულია, რომ ის კათალიკოსი გარდაიცვალა თეათინელი მისიონერების მკლავზედ და ზედ ჰქონდა პაპის მედალი. ესევე უნდა ვსთქვათ შემოქმედელი ეპისკოპოსისთვისაც, რომელიც მალაქიას სიკვდილის შემდგომ დაინიშნა კათალიკოსად, და რომელიც შეიქმნა მიზეზი გურიაში კათოლიკობის გავრცელებისა. გარდაიცვალა თუ არა კათალიკოსი, მაშინვე მივიდა ლევან დადიანი თავისი ჯარით გურიაში და დასვა მთავრად მალაქია კათალიკოსის ძმა ვახტანგ (Vattan), რადგან თვითონ ეს უნდოდა და არა ის, ვისაც სჯულისამებრ ეკუთვნოდა გურია. ვახტანგ წინათვე მტერი იყო მისიონერებისა; ბევრ გზის ურჩია კათალიკოსს, რომ ისინი გაედევნა სამთავროდგან, მაგრამ მალაქიამ ყურადღება არ მიაქცია. გახდა მთავარი თუ არა, დაუწყო მათ მტრობა, თითქმის ყველაფერი ჩამოართვა, რაც კი მათთვის მიეცა მალაქია კათალიკოსს: სახლი, მამული და ყმები. ეუბნებოდა მათ, თქვენ ჩემი ყმები ხართ, რადგან ამ სამთავროსთან ერთად თქვენი თავიც ჩამბარდაო. ამიტომ ძალა დაატანა, ფიცი ექმნათ, რათა იქიდგან არას დროს წასულიყნენ. საკვირველი ის იყო, რომ ნებას არ აძლევდა მისიონერებს იქიდგან განშორებისას, თუმცა კი ძრიელ სძულდა. მისიონერებმა თავიანთი სამწუხარო მდგომარეობა აცნობეს სამეგრელოში მყოფ თავიანთ თანაძმებს, რომელთაც საქმის ვითარება დადიანს მოახსენეს. დადიანმა წიგნი მისწერა და კაციც გაუგზავნა ვახტანგს, რათა გამოეშვა პატრები. გურიელმა, თუმცა კი პირობა მისცა, მაგრამ არ გაუშვა. იმავე დროს ჯარი შემოარტყა პატრების სახლს, რათა არ გაპარულიყვნენ.
ესე ერთ თვეს ყარაულობდენ მათ. დადიანმა მეორედ კიდევ მისწერა წიგნი და დაემუქრა. მხოლოდ მაშინ გაუშვა მისიონერები ვახტანგმა. იმათ წასვლაზედ ხალხი ძრიელ შესწუხდა, მაგრამ მთავართან ვერაფერი გააწყეს. მისიონერებმა თუმცა თავიანთი სახლი გადაიტანეს სამეგრელოში, მაგრამ გურია ერთიან არ დაუტევეს, რადგან ბევრი მორწმუნე ჰყავდათ. ამიტომ ხშირად მოდიოდენ და კათოლიკებს სასულიერო სამსახურს უსრულებდენ. ერის საჭიროებისათვის ამ წასვლა-მოსვლამ გასტანა დიდ ხანს, რავდენსამე წელიწადს. როგორც სჩანს მათის სიტყვებიდგან, ასე 34 წელიწადი გაუტარებიათ უბინაოდ. ხოლო როდესაც გურიაში გამეფდა გიორგი, კარგად მიიღო მასიონერები, შვენიერი ეკკლესია მისცა, ეგრეთვე მამული და ყმები. დაუწყო მათ პატივისცემა, ძრიელ კარგად მოეპყრო, დაუბრუნა სარწმუნოების ქადაგების თავისუფლება და სხვა დანარჩენი სიკეთე, როგორათაც მალაქია კათალიკოსმა. გიორგის დროს გურიაში კათოლიკობის გავრცელებისას ვერაფერს ვიტყვით, რადგან, სამწუხაროდ, იმ დროის საბუთებმა ჩვენამდე ვერ მოაწია. ხოლო მარტო ის ვიცით, რომ გიორგიმ ძრიელ დაიახლოვა მისიონერები, მათ გვერდიდგან არ იშორებდა. რა ერთხელ წავიდა აზრუმს ფაშასთან შემწეობის სათხოვნელად, თან წაიყვანა პატრი ტურკო და პატრი რასპონი. ეგრეთვე ომშიაც თან ახლდენ პატრები. ერთხელ გიორგი რა ომში დაძარცხდა, პატრი ტურკო, რომელიც თან ახლდა, ტყვედ დაიჭირეს. ცხადია ასეთის ერთგულისა და მოკეთე მთავრის ხელში კათოლიკობა დიდათ უნდა წარმატებულიყო. ნამდვილად არ ვიცით, თუ რომელ წლამდე გასტანა თეათინელების მასიონმა გურიაში. ხოლო ის კი შეგვიძლია ვსთქვათ, რომ მათი მისიონი უფრო მალე დასრულდა გურიაში, ვიდრე სამეგრელოში. 1677 წ. გიორგი გურიელმა გორში კაფუცინებს გაუგზავნა ერთი აზნაური და ოთხიც სხვა კაცი და სთხოვა, მისულიყვნენ მის სამთავროში, საცა იგი მათ აძლევდა თეათინელების დატოვებულს ეკკლესიას, მამულებს და ეგრეთვე ერთ სოფელს, რომელშიც იყო 20 მოსახლე. რადგან კაფუცინები ცოტანი იყვნენ, ვერ შეიძლეს იმ დროს გურიაში წასვლა. ამ გარემოებას რომაში ჰსწერს იმავე წლის ივნისის პირველს კაფუცინი ანტონ რომაელი. ამავე კაფუცინის ერთ სხვა, იმავე წელს დეკემბრის პირველს გაგზავნილ წერილში იხსენიებს გიორგი გურიელის წერილს მათი მოწვევის შესახებ ესრედ:
„გიორგი გურიის მთავარი, მაქსიმე მიტროპოლიტი და ძმა მთავრისა, ხვარამზე (Cormaze) დედა ამ მთავრებისა, რომის დიდის პაპის ქვეშევრდომ პატრებს, რომელთაც იცით მკურნალობა და ქირურგია, გთხოვთ მობრუნდეთ თავისუფლად ჩვენს სამთავროში და ჩვენც მაშინვე დაგიბრუნებთ ეკკლესიას, (თეათინელების დატოვებულს), სახლსა, მოგცემთ ბაღსა, ერთ სოფელს ოცი მოსახლით, ათ ცხენს, ღორებს, ცხვრებს და სხ".
ამის დედანი ხელში არა გვაქვს. გადმოგვიღია იტალიურიდგან.
ამ საბუთებს გარდა გურიაში კათოლიკობის გავრცელებისა კიდევ სხვა უტყუარი საბუთები გვაქვს. როგორც ჩვენი ისტორია გვიჩვენებს, საქართველთს კათალიკოსი ძველადგანვე გათავასუფლდა ანტიოქიის პატრიარქის უფლებისაგან და საქართველოს ეკკლესიამ, მიიღო თვით მმართველობ (ავტოკეფალია). ხოლო აფხაზ-იმერთა კათალიკოსთა არ ეღირსათ ესრეთი სრული თავისუფლება და დარჩნენ ანტიოქიის პატრიარქის ზედგავლენის ქვეშ. ბერძნები ხშირად მოდიოდენ აქეთკენ და ცდილობდენ, რომ საქართველოს კათალიკოსზედაც ხელახლავ გაევრცელებინათ თავიანთი უფლება. ანტიოქიის პატრიარქები, გაყრის შემდგომ, ხშირად კათოლიკები და რომის ეკკლესიასთან შეერთებულნი იყვნენ. ამას ცხადად გვიმტკიცებს რომაში სხვა და სხვა დროს გაგზავნილი მათი შეერთების შესახებ წერილები. აქ დავასახელებთ მაკარიოზ პატრიარქს, რომელიც ჩვენს გუჯრებშიაც მოხსენებულია, რადგან, 1664-1665 წ. საქართველოში მოვიდა და დომენტი კათალიკოსთან შეარიგა ქაიხოსრო ბარათაშვილი, სახლთუხუცესის შვილი. ამის საქართველოში მოსვლას კაფუცინებიც სწერენ რომაში 1665 წ. დიდათ აქებენ და ამბობენ, რომ თუ მან ერთ ორ გზის იქადაგა ჩვენს ეკკლესიაში, მაშინ ყველა ქართველები შემოგვიერთდებიანო. პატრიარქმა საქართველოში მოსვლამდე, მიიღო კათოლიკობა და თავის შეერთების წერილი გაგზავნა რომაში 1661 წ. მომეტებულად არ ვრაცხ, მოვიყვანოთ აქ პაპის ერთი წერილი, რომელსაც სწერს მისი წერილის პასუხად.
„ჩვენს პატივცემულ ძმას, ანტიოქიის ბერძნების პატრიარქს მაკარიოზს.
„პაპი ალექსანდრე VII,
„პატივცემულო ძმაო, მშვიდობა. რადგან ჩვენ სხვას არას ვნატრობთ, თუ არ იმას, რომ იესო ქრისტეს სისხლით დახსნილნი ეგოდენნი განშორებულნი სულნი შეუერთდენ თავიანთ უსაყვარლეს დედა ეკკლესიას და სცხონდენ, ამიტომ გამოუთქმელის სიხარულით აღვივსენით, რა შევიტყეთ თქვენის, შარშან 30 სექტემბრის, მოწერილი წერილიდგან და ეგრეთვე ჩვენის საყვარელი შვილის ფრანჩისკეს პიქეთიდგან, რომ თქვენ არა მარტო შეუდეგით მტკიცედ მართლმადიდებელის სარწმუნოების ჭეშმარიტებას და სცანით ეკკლესიების თავად და მოძღვრად რომის ეკკლესია, არამედ ცდილობთ კვალად ყველა თქვენის ღონის ძიებით, რათა ყველა თქვენი ქვეშევრდომი ეკკლესიები და ერიც ღვთის კურთხევით მოიყვანოთ სამოციქულო საყდრის ერთობასა და ზიარებაში, რაისგამო უფლისა მიერ ჩვენის განსაკუთრებულის მწყემსებრივის სიყვარულით გეამბორებით და ვეგებებით თქვენს წარჩინებულს აზრსა. ამიტომ კვალად და კვალად გირჩევთ და გთხოვთ, გულ მოდგინებით და მტკიცედ შეუდგეთ ეგოდენ კეთილს და ორსავ ცხოვრებაში განუზომელის დიდებით სავსე საქმესა. ჭეშმარიტად ჩვენც არ დავსცხრებით და გულ მხურვალედ ვევედრებით ღმერთს, მოწყალების მამასა და შეგეწევით ამ საქმეში ყველა ნაირი სამსახურით, როგორც კი მოითხოვს დროება და გარემოება... 22 ივლის, 1662 წელს. მღვდელთმთავრობის მერვე წელსა”.
დაწვრილებით არ ვიცით, ამ პატრიარქმა საქართველოში რა ჰქმნა. ხოლო ის კი ცხადია, რომ გურიაში განაწესა ეპისკოპოსები, რომლებიც იმასავით კათოლიკები იყვნენ. ამას გვიჩვენებს შემდეგი გარემოება: 1667 წ. რომაში მივიდა სკანითელი (Scanitelli) ეპისკოპოსი, სიმეონ, რომელიც ნაკურთხი იყო გურიაში გედეონ საკეთელი (Sakseti) მთავარ ეპისკოპოსისაგან. ამ ეპისკოპოსზედ რომიდგან საქართველოში მყოფ კაფუცინებს მოსთხოვეს ცნობები. ამათაც აცნობეს:
„ზემოხსენებულ ეკკლესიას ბერძნულად ეწოდების ისკანი. ხოლო მისი საზოგადო სახელი ქართულად არის ისკანეთელი და იპოება გურიას, საქართველოს პროვინციაში. ხსენებულ ეკკლესიაში ეპისკოპოსებს ნიშნავს თვით მთავარი. გურიელის უფრო ერთგული ეს ეპისკოპოსები არიან და ითვლებიან სხვა ყველა იმ ქვეყნის უკეთეს კათოლიკებად და უკლებლივ მიდიან ხოლმე იერუსალემს მოსალოცავად. გედეონ არქიეპისკოპოსია საკსეთისა (აკდისა), რომელიც გურიაშია. ის, როგორც კათოლიკე, განწესებულია ანტიოქელი პატრიარქისაგან. ხსენებული მაკარიოზ ანტიოქიის პატრიარქი დარჩა მორწმუნედ და ძრიელ კარგი კათოლიკეა".
ზემოთ ხსენებული სიმონ ეპისკოპოსი დიდის პატივით მიიღეს რომაში, საიდგანაც იმავე წელს გამობრუნდა. ის უნდა იყოს ბერძენი, (ნუ დავივიწყებთ, რომ იმ დროებში, როგორც საქართველოს, ისე გურია-სამეგრელოში ბლომად იყვნენ ბერძნის მღვდელ-მონაზონები), რადგან კაფუცინები მას ქიოელს (ქიოს კუძულიდგან) უწოდებენ. მისი გვარიც ყოფილა რადოპულო. რა გამობრუნდა რომიდგან, მივიდა ლივორნში, საიდგანაც უნდა წამოსულიყო აღმოსავლეთში. იქიდგან წამოსვლის წინად, რომაში კარდინალს მადლობის წიგნსა სწერს 28 დეკემბერს, 1667 წ. და ბოლოში ხელს ასე აწერს „ისკანის არქიეპისკოპოსი". შეიძლება არქიეპისკოპოსობა იმას რომაში მიეღო, რადგან უწინ მარტო ეპისკოპოსად იყო წოდებული. აქ ვასრულებთ გურიის კათოლიკების შესახებ ლაპარაკს. შეიძლება, ფიქრადაც არავის მოსვლოდა იქ ქართველი კათოლიკების ყოფნა. ჩვენც სრულებით არ გვეგონა, საქართველოს ამ პატარა პროვინციაში ეგოდენი კათოლიკები იქნებოდენ და მათზედ ესოდენი საბუთები შეგვხვდებოდა და დაკარგული ხომ კიდე ბევრია.
|